“იცოცხლე, პრუსტო“ - ამონარიდი ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024-ის“ მონაწილის ნაწარმოებიდან, რომელიც მეორე ტურში ჟიურის რჩეული გახდა
“იცოცხლე, პრუსტო“ - ამონარიდი ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024-ის“ მონაწილის ნაწარმოებიდან, რომელიც მეორე ტურში ჟიურის რჩეული გახდა
გამომცემლობა „პალიტრა L” ლიტერატურულ კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ უკვე მეშვიდედ ატარებს. კონკურსის მეორე ტური ახლა მიმდინარეობს. გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი მონაწილის - ვალერი ოთხოზორიას ნამუშევრიდან „იცოცხლე, პრუსტო“, რომელიც მეორე ტურში ჟიურის გადაწყვეტილებით გადავიდა.
ვალერი ოთხოზორია გახლავთ დრამატურგი და მთარგმნელი. რაც შეეხება მის ნაწარმოებს, როგორც თავად ავტორი ამბობს, „იცოცხლე პრუსტო“ არის ასაკობრივ კრიზისზე, იდენტობის კრიზისზე, შემოქმედებით კრიზისსა და სოციალურ კრიზისზე. ერთი სიტყვით, ეს ნაწარმოები კრიზისებზეა. ამასთან, ერთი სახის კრიზისის დაძლევა ნაცადია სხვა სახის კრიზისის მეშვეობით და ეს გარემოება სპეციფიკურ ეგზოტიკურ მოცემულობას (მოვლენებს, სურათებს) ქმნის ნაწარმოებში.„იცოცხლე, პრუსტო“ აგრეთვე არის უცხოსთან ურთიერთობაზე. უცხოსთან, ანდა უცხოებთან. და ასევე, ახლობლებთან ურთიერთობაზეც. ის არის ქალაქზე, სხვებზე - სხვა ადამიანებზე, დროსა და სივრცეზე ერთის - მე-ს გარშემო. ის არის პრუსტზეც, სხვათა შორის; მაგრამ ალბათ, მხოლოდ - სხვათა შორის...
წაიკითხეთ ამონარიდი:
***
33-ის რომ გავხდი, უცნაური რაღაც შემემთხვა. თითქოს გავიჭედე. საათები არ გაჩერებულან, რადგან ბატარეაზე მუშაობდნენ, მაგრამ მივხვდი, რომ ცხოვრების გზაზე გავიჭედე და წინ წასვლა აღარ შემეძლო. ერთი სიტყვით, საკუთარი წლების ნახევარწრეში ჩავემწყვდიე. არასოდეს აქამდე მსგავსი რამ არ დამმართნია. არ ვიცოდი გზა და საშველი, რადგან არც ის ვიცოდი, რა მჭირდა. მწერი რომ სიბლანტეში გაიჭედება და ცურვა აღარ შველის, დაახლოებით ასეთი რაღაც დამემართა. ვიცოდი, ლექსიკონები ვერ დამეხმარებოდნენ და ალბათ, ენციკლოპედიაშიც ბევრი არაფერი ეწერებოდა ამაზე. ყოველივე ეს შუახნის კრიზისს ჰგავდა, უფრო სწორად, გვიანი ახალგაზრდობის კრიზისს, ახალგაზრდობის შემოდგომას, რომელსაც არ ვიცოდი, მოჰყვებოდა თუ არა ზამთარი და თუ მოჰყვებოდა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ის; და თუ არ მოჰყვებოდა, მაშინ რა იქნებოდა შემდეგ, ან იქნებოდა თუ არა საერთოდ ასეთი „შემდეგ“... თუკი მანამდე, ერთი წელი მეორეს მისდევდა და ამგვარად ვიზრდებოდი, მერე კი უბრალოდ ასაკის მატება დამეწყო, ახლა ეს მიმდევრობა არც ასეთი ბუნებრივი და უშუალო აღარ ჩანდა, და თავად მომავალი წრფიდან ბუნდოვან სივრცეს დაემსგავსა, რომლის კოორდინატები და გეოგრაფია ჩემთვის გამოცანად იქცა.
იდენტობის კითხვები - ვინ ვარ, და ა.შ. - ამ დროისთვის სრულიად არარელევანტურის შთაბეჭდილებას მიტოვებდა. არაფერი მსგავსი გულზე არ მეხებოდა, ეს უფრო ადრეული ასაკის კითხვები იყო, კითხვები, რომლებიც წრფივი ცხოვრების პროცესში მოგეწოდება, როგორც სულიერ სავარჯიშოთა სერია. ახლა კი, არ მქონდა არც კითხვები, არც აქტუალური საკითხები, და ეს ერთდროულად დამაბნეველიც და შემზარავიც იყო. რა დასამალია, სრულიად სხვაგან, სხვა მდგომარეობაში გადავვარდი. არ ვიცოდი, ეს პიკი იყო და შეჯამება ყველა განვლილი წლისა თუ გადახრა, პარალელური ტოპოსი, როცა გზას ასცდები და ტყეში იკარგები. თუ ტყეში დავიკარგე, მაშინ უნდა გამეგო, რა ტყე იყო ეს ტყე, რატომ მოვხვდი იქ? არ ვიცოდი არც შესავალი, არც გამოსავალი, არც შუა. მხოლოდ ის მახსოვდა, რომ 33 წელი შემისრულდა და 34-ეში გადავედი, და ეს გადასვლა, წარსულთან შედარებით, სრულიად არანორმალური გამოდგა.
მომავალზე მეტად, პირველად, წარსულზე ორიენტირებული აღმოვჩნდი. როგორც იტყვიან, „მომწყდა წელი“, ამ სიტყვით პირდაპირ გაგებით: ყველა წელი, რაც აქამდე გამევლო და რომლებითაც ვიყავი კონსტრუირებული, როგორც კონკრეტული ასაკის არსება. გამოცარიელებულ სახლს დავემსგავსე, შენობის ჩონჩხს, რომელიც სრულიად უაზროდ აღმოჩნდა დედამიწაზე. ყოველი განვლილი წელი საკუთარ თავში ჩაიკეტა ოთახივით ან შენობასავით, და შევამჩნიე, რომ წლების შიგნით ჩემთვის დიდი ბუნდოვანება სუფევდა. და ის ტროსებიც შევამჩნიე, რომლებიც ამ წლებს ჯაჭვივით ერთმანეთში კრავდა. სწორედ ამ ჯაჭვს უნდა დავეჭირე მე, როგორც გაუგებარი, ჟანგშეპარული ხომალდი, მაგრამ ჯაჭვი აშკარად გაწყდა. და მიუხედავად იმისა, რომ ცხადია, დროიდან ფიზიკურად არ ამოვვარდნილვარ, ფსიქოლოგიურად უეჭველად გავსხლტი, როგორც ზეთიანი ცხელი ვარენიკი, და ბრტყელ იატაკზე დავეცი. გარკვეულწილად მომწონდა კიდეც ეს სპირიტუალური იატაკზე გდება, თითქოს ამოსუნთქვის საშუალებას მაძლევდა. მაგრამ დიდხანს დაგდებულ მდგომარეობაში ყოფნა მტკივნეული და აუტანელია. როცა წამოდგომას ვერ ახერხებ, ეს აუტანლობა მთლიანად გმსჭვალავს, ფსკერზე ჩაძირული ჩანთა წყლით რომ ივსება, ისე.
გადავწყვიტე, დროის საწინააღმდეგოდ, - როგორც ლაკანიანელი ფრანგები იტყოდნენ - contre-temps (კონტღ-ტამ’), - წარსულში შემეცურა და იქ მეპოვა ის, რაც ასე მტანჯავდა. დავიწყე ჩემი ცხოვრების მოვლენათა თვალიერება იმგვარი ტელესკოპით, როგორსაც პრუსტი იყენებდა „დაკარგული დროის ძიებისას“. მხოლოდ ჩემი ძიება, ვეჭვობ, ძალზე უმწეო და ერთობ არაარისტოკრატული იყო. რაც წარსულის თვალიერებისას ვიპოვე, მოვლენათა ორი სერია იყო: „აფექტური კვანძები“, როგორც ფროიდი იტყოდა, და მიჯაჭვულობის ადგილები. ორივე მოვლენათა სერია ჩემს განცდაში წისქვილის მსგავს მექანიზმს წარმოადგენდა, უწყვეტი გამეორებით. აფექტურ კვანძებში ვგულისხმობდი გადამეტებულ გრძნობად მიჯაჭვულობას კონკრეტულ პიროვნებაზე, ან კონკრეტულ მოვლენაზე, მოტივზე; ხოლო მიჯაჭვულობის ადგილებში ვგულისხმობდი კონკრეტულ ურბანულ ლოკაციებს ან საგნებს, რომლებთან მიჯაჭვულობაც მთელი ცხოვრების მანძილზე არ გამნელებია, მაგრამ ამაზე აქამდე არ მიფიქრია, ახლა კი საჭიროდ ჩავთვალე ჩემს მიჯაჭვულობათა გადალახვა და ხსენებულ ობიექტებზე ჩემი დამოკიდებულების ტრანსფორმაცია კონკრეტულ, გრძნობად-ემოციურ მოქმედებათა მეშვეობით. ამგვარ მოქმედებათა კომპლექსები წარმოვისახე პერფორმანსების სახით, და გადავწყვიტე, ჩემი 33 წლის დასასრულს, 33 პერფორმანსი განმეხორციელებინა.
თავიდან, 33 პერფორმანსის მოფიქრება საკმაოდ გამიჭირდა, ვერ ვიპოვე ამდენი კვანძი ან ადგილი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, დავიწყე ჩემს წარსულში იმგვარი სიარული, როგორც რუკაზე, და ბუნების შემსწავლელთა სიზუსტით - ჩემი ცხოვრების რელიეფის, ქანებისა და ზოგადი სტრუქტურის ანალიზი. მაგრამ ხელს მიშლიდა ის, რომ 33 პერფორმანსისთვის მზა სახელოვნებო სივრცე ჩემს სამშობლოში არ მეგულებოდა. თითქმის ყველა იხიბლებოდა ამ იდეით, მაგრამ ორგანიზებისთვის საჭირო დროის გამოძებნას ვერ ვახერხებდი. საბოლოოდ, გადავწყვიტე, ჩემი ასაკობრივი სვლის გაგრძელებისთვის ამდენად საჭირო პროექტი უცხოეთში გამეკეთებინა, როგორც კი აქაურ საქმეებს „დავხურავდი“. და ამგვარად, აქაურ საქმეებში გამომწყვდეული აღმოვჩნდი. პერფორმანსი „დედა“, რომელიც ახალი დრამის ფესტივალზე განვახორციელე, ერთ ამოსუნთქვას გავდა, ჰაერის უკმარისობის განცდა რომ გამიმძაფრა. ამ მდგომარეობაში, როცა ჩემი პრუსტის „წაქეზებით“, პრუსტის თარგმნა გავაგრძელე, პრუსტმა და ბიბლიოთეკამ ერთად მომიცვა. და სანამ პერფორმანსების სერიისთვის შევძლებდი ჩემი თავის სადმე გადაგდებას, ჩემი ცხოვრების უწყვეტი რემინისცენციებით, პრუსტისა და ბიბლიოთეკის ლაბირინთში გამოვემწყვდიე. ალბათ, ამ კრიზისს უნდა დაბრალდეს ის, რომ ჩემ გარშემო ყველაფერი უჩვეულოდ მძაფრად აღვიქვი.
წაიკითხეთ პირველი და მეორე ნაწილი
შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. შეგიძლიათ გაეცნოთ თანამედროვე ახალბედა ავტორების შემოქმედებას და ხმა მისცეთ თქვენს ფავორიტს.
ამ რომანში დრო დგას, გაჩერებულია. მოძრაობენ მხოლოდ პერსონაჟების მოგონებები - ამონარიდი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024-ის“ მონაწილის, ტატო ჩხენკელის რომანიდან
გამომცემლობა „პალიტრა L” ლიტერატურულ კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ უკვე მეშვიდედ ატარებს. კონკურსის მეორე ტური ახლა მიმდინარეობს. გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი მონაწილის - ტატო ჩხენკელის რომანიდან „ყვითელი და ლურჯი“, რომელიც კონკურსის მეორე ტურში ჟიურის გადაწყვეტილების შედეგად გადავიდა.
ტატო ჩხენკელი 37 წლის ქართველი მწერალი, ეკონომისტი, ინჟინერ-გეოდეზისტი და მომღერალია. "ყვითელი და ლურჯი" არის რომანი, რომლის სათაურიც ჰგონიათ სტენდალის წითელი და შავის ალუზია, ლიბერალების და დემოკრატების ფერები, ევროკავშირის დროშის ყვითელი ვარსკვლავები ლურჯ ფონზე, დონ-კიხოტი და სანჩო პანსა, უკრაინის დროშის ფერები, მწვანე ფერის დეკონსტრუქცია. მე თავად ოთხი თაობის მომცველი პერიოდი აღვნიშნე ამ ფერებით. რომანში თხრობას იწყებს რედაქტორი ლიუბა, რომელსაც გადასცემენ აუდიოფაილს იმპერატივით, დაამუშაოს და გამოსცეს, როგორც მხატვრული ნაწარმოები. რედაქტორი ლიუბა დაბადებიდან ყრუა. აუდიოფაილში ისმის ხმა (სქესი დაუდგენელია), რომელიც არის ნარატორი და ჰყვება თავისი გენეალოგიის ამბავს. ამტკიცებს, რომ იეშუა ბარ იეჰოსეფის 38-ე შთამომავალია. არის იმუნოლოგი და რუსების მიერ ალყაშემორტყმულ, აზოვსტალის ქარხანაში, დენის პროკოპენკოსთან ერთად იმყოფება. აუდიოფაილი გრძელდება 8 საათის განმავლობაში უწყვეტად და ჩაწერილია 2022 წლის 17 მარტს. უცნობია ნარატორის სახელი, გვარი, წარმომავლობა, სქესი. რომანის გმირია აგრეთვე ჟან-პონზე ლე ონვილი და ელიანორ ეროვეი. პირველი ნარატორის საგვარეულოს ბანკირია, მეორე – ნარატორის ბებია. პერსონაჟები დამოუკიდებლად ჰყვებიან სიყვარულის შესახებ და ამავე დროს, მუდმივად იკვეთებიან ერთმანეთთან. რომანში დრო დგას, გაჩერებულია. მოძრაობენ მხოლოდ პერსონაჟების მოგონებები, მოჩვენებები, გრძნობები და შთაბეჭდილებები.
***წერილი LXXXI 419 110100011
ძვირფასო ღმერთო და ბაბუა ი.ბ.ი.
უშფოთველ და მშვიდ ცხოვრებას მპირდება ვაჟბატონი, გესმით? არადა, აგერ, ახლახან არ გავიცანი, კვირებია სულ რაღაც? თქვენ იცით, რა არის უშფოთველი და მშვიდი ცხოვრება, ძვირფასო ღმერთო და ბაბუა ი.ბ.ი.? სასოწარკვეთა შემატყო, ხასიათის ხშირ ცვალებადობაში გამომიჭირა და მხსნელად მევლინება. მაგან რა იცის, რა სასტიკი შემიძლია ვიყო, კუთხეში რომ მიმიმწყვდევენ. ყველა თავის დღეში იმას ჩამჩიჩინებდა, გრძნობები დამალე, მიჯნურობაზე სიტყვა არ წამოგცდესო. იმდენი ქნეს, სანამ სიყვარულის გამჟღავნება ცოდვად არ მიმაჩნევინეს. მარტო გაფიქრებაც კმარა, რომ ხმა გამებზაროს, რაც ჩემს უმწიკვლობაშიც ბზარს აჩენს მომენტალურად. ან პირიქით. და რაც უფრო ვმალავდი და ვახშობდი ვნებებს ჩემს არსებაში, მით უფრო მტანჯავდა და მაწვალებდა ნდომა ყველაფრის გამოთქმისა. ასე შესამჩევია ეს ყველაფერი, დავიჯერო? თუ მისტერ თანაგრძნობას აქვს რაღაც განსაკუთრებული ალღო, გადაშლილი წიგნებივით იკითხოს ქალები? რა სურთ ქალებს, მისტერ ჰუმმა იცის, დავიჯერო? მალევე რომ გამოამჟღავნა ნამდვილი სახე, კარგია, აღარ მეშინია მისი. მეტი რაღა უნდა მიქნას, გამაშიშვლა ბოლომდე და გაშიშვლდა ბოლომდე თვითონ. წესით, ამის შემდეგ, მოსახდენი უნდა მოხდეს ხოლმე, მაგრამ ჩემი შემთხვევა რომ უნდა აუცილებლად ამოვარდეს კონტექსტიდან და საგანთა საყოველთაო ლოგიკურობიდან, შევეჩვიე ამას კაი ხანია. მე ხომ ვიცი, რომ დავნებდე, რომ მივეცე ვნების სიამეთა განცდებს, მხოლოდ რამდენიმე დღე უნდა გასტანოს და მერე მობეზრდეს. რაწამს ვიგემებ ტანში ნეტარების მსუბუქ ჟრუანტელს, ფეხის წვერებზე რომ წამომწევს, თმის წვერებამდე რომ გაატანს, წამს, რომელიც წამწამებში ჩაიკარგება და წამწამები − თვალებში და თვალები - სადღაც უკან, სიღმრეში, აი, მანდ უნდა შემიპყროს წინასწარმეტყველურმა ჭვრეტამ მომავლის, რომელიც წარსულიდან გვიმზერს უკვე განშორებულებს, გაორებულებს, დაბრკოლებულებს, იმედგაცრუებულებს.
ამას სიყვარული თამაში ჰგონია და არ იცის, რომ არც თვითონაა დაზღვეული ისეთი გამოსავლისგან, როცა ამ თამაშ-თამაშში, ჩვენს გულებში უცაბედად შემოპარული უნაზესი კავშირი სამისდღემშიოდ შეგვაერთებდა. მას წარმოდგენა არ აქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავკარგოთ სიყვარული, სხვა არაფერი შეგვიძლია. დროსაც ისედაც მოაქვს ცვლილებები, ცვლილებებს, − ეჭვიანობა, ეჭვიანობას − შურისძიების აუტანელი სურვილი, სურვილებს - ყოფის აუტანელი სიმსუბუქე (სქოლიო − ასე იტყოდა მილან კუნდერა, ზუსტად ორსაუკუნე-ნახევრის შემდეგ. ლ.) ასე, ჩვენი დღეების აღსასრულამდე. ეგაა, რომ ეს აღსასრული ზოგჯერ იოლი გზა არის. გავიწყებს, მანამდე რა ტანჯვა-წამებაც გამოგატარა.
დავიწყება კარგი რამ არის, მაგრამ სად არის? არ დამავიწყდება, რომ ვიხრჩობოდი კორსეტისგან, ვეღარ ვსუნთქავდი და გავიხადე ბაღში, იმას კიდევ არაფერი უთქვამს, ერთი საყვედური არ დასცდენია, არც ხელები უსავსავებია ჰაერში ბზიკების მოსაგერიებლად. ეგ იყო, ისე გამომცდელად შემომხედა, თვალები დავხარე და გრძელი ოქროსფერი ჟილეტის ბოლოსა და ამავე ფერის მუხლებამდე შარვლის საქამრის ქვემოთ რაღაც გამობურცულ სილუეტს ჩავაბჟირდი. არ მახსოვს, რამდენ ხანს გასტანა ჩემმა გაშტერებამ. როგორც იქნა, მოვძებნე როგორღაც საკუთარი ტანი და ეგ მახსოვს, პეონიების ვარდისფერ ფურცლებში მქონდა ჩარგული ცხვირი. ხმა რომ გამომეცა, არ გამიკვირდებოდა, ისე ღონივრად ვისუნთქავდი არომატს. ვინ იცის, იფიქრა, თავის ცხოვრებაში პირველად ყნოსავს ყვავილსო. ადრე კიდე არა უშავდა, მაგრამ ახლა, ასე თავშეკავებულს და ასე მგზნებარეს ვერ ვუძლებ. მის ამჟამინდელ თავშეკავებას უფრო ჭკუიდან გადავყავარ, ვიდრე უნდა გადავეყვანე წესით ასეთ მოკლე პერიოდში. რაღაც ჯადოა, წყევლა, რომელსაც ბებიაჩემის ძუძუებიც ვეღარაფერს უშველიან, ვერ დალოცავენ. ნებისმიერი განშორება, იქნება ორი დღით, ორი წუთით თუ ერთი თვით, თანაბრად დამტანჯველი იქნება ჩვენთვის და ეს იმან არ იცის, ვერ ხვდება. მე შემიძლია მათემატიკაზე ზუსტი გავხადო ჩემი ფრაზები და კიდევ უფრო ნათლად დაგანახო, რომ ვგულისხმობ განშორებას, როცა ჩემი მწუხარება პირდაპირპროპორციულია ჩვენი გამთიშავი დროისა და ჩვენ შორის არსებული მანძილისა. რაც უფრო შორს ვართ, მით უფრო ვკვდებით. სიყვარული, ის მოულოდნელი ჩანასახია, რომელიც არსაიდან ჩნდება და შიშველი ხელებით, მარტო ებრძვის ენტროპიას, ჩვენი ნაწილების სამუდამოდ გაფანტვას უსასრულობის გაუგებრობაში. და გაუგებრობა რომ უფრო გასაგები იყოს, ცოტა ხნით მაინც, ესაა სიყვარული. გიყვარდეს, ნიშნავს უძღოდე ხომალდს, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაიძიროს. და უარესიც, გიყვარდეს, ნიშნავს გძულდეს, ოღონდ მოგვიანებით, როგორც დღე ხდება ღამე და სიცოცხლე, სიკვდილი.
ელიანორ ეროვეი
6 დეკემბერი
11011000110
წაიკითხეთ პირველი და მეორე ნაწილები. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. შეგიძლიათ გაეცნოთ თანამედროვე ახალბედა ავტორების შემოქმედებას და ხმა მისცეთ თქვენს ფავორიტს.
“ Love is… - კრებულად ქცეული ჩანახატები”: ამონარიდი ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024-ის“ მონაწილის - ნინო ჟვანიას ნამუშევრიდან
გამომცემლობა „პალიტრა L” ლიტერატურულ კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ უკვე მეშვიდედ ატარებს. კონკურსის მეორე ტური ახლა მიმდინარეობს. გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი მონაწილის - ნინო ჟვანიას ნამუშევრიდან: „მეკომოკონები“, რომელიც გამარჯვებისთვის ბრძოლას უკვე მეორე ტურში აგრძელებს.
თავისი პირველი მოთხრობები ნინო ჟვანიამ 18 წლის ასაკში დაწერა. აქედან ერთი - Kyrie Eleison, თამაზ წივწივაძის რეკომენდაციით 1994 წელს „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა. მას შემდეგ მან მთელი ყურადღება დაუთმო მუსიკოლოგიურ მოღვაწეობას. „მეკომოკონები“ მისი პირველი ლიტერატურული ნამუშევარია თითქმის ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ.
„მეკომოკონები, ანუ ძუიჰიცუ“ წარმოადგენს 123 ჩანახატისგან შემდგარ კრებულს. ჩანახატების წერა 2017 წელს დავიწყე, როდესაც ინდოეთში გავემგზავრე, იქ მოზღვავებული შთაბეჭდილებები გულში ვერ დავიტიე და Facebook-პოსტების წერა დავიწყე. ინდოეთს სხვა ქვეყნები მოჰყვა... გავრცობილი პოსტების წერა იმდენად მომეწონა, ყველაფერზე ვწერ... და არა მარტო მოგზაურობისას. ჩემი პოსტები ფრენდებს მოსწონთ... არაერთმა მირჩია, შემეკრიბა და წიგნად გამომეცა.
პოსტების გაერთიანების (და სათაურის) იდეა მომაწოდა X საუკუნის იაპონელმა მწერალმა ქალმა სეი სიონაგონმა. ამაზე დეტალურად კრებულის პროლოგში წაიკითხავთ.
კრებულის განუყოფელი ნაწილია ჩემ მიერ გადაღებული და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით დამუშავებული (შავ-თეთრ „ნახატებად“ ქცეული) ფოტოები, რომლებიც გამოქვეყნებისას თითქმის ყველა პოსტს თან ერთოდა. ზოგიერთი ჩანახატის სრულად აღქმისათვის აუცილებელიც კი არის ამ „ნახატების“ ნახვა. ვინაიდან ვებ-გვერდზე ამ ფოტოების გამოქვეყნება ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული, პოსტები მათ გარეშეა მოცემული. აუცილებლობის შემთხვევაში, სქოლიოში აღწერილია გარკვეულ პოსტს თანდართული ფოტოს შინაარსი. კრებულის წიგნად გამოცემის შემთხვევაში, სასურველია ტექსტები „ნახატებთან“ ერთად გამოქვეყნდეს.
Facebook-პოსტის ჟანრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მართებულად ჩავთვალე, ტექსტებში დამეტოვებინა „ემოჯები“, რომლებსაც უხვად ვიყენებ ხოლმე პოსტებში.
წაიკითხეთ რამდენიმე ჩანახატი
***
Love is…
ერთი აპლიკაცია-თამაშია - „კატა ბუბუ“. უნდა აჭამო, ასვა, დააძინო, გაართო. ყველაფერში ვირტუალური ფული უნდა გადაიხადო. მერე ეს ფული უნდა იშოვო რაღაც თამაშებით: ხან ვირთხა მოგდევს და უნდა გაიქცე, ხან რაკეტაში უნდა ჩაჯდე და უცხოპლანეტელთა მრგვალი თეფშები ციდან ჩამოაგდო, ხან პედიკიური უნდა გაუკეთო კატებს და რავი...
მოკლედ, ჩემი ოთხწლინახევრის ძმისშვილია ბუბუს ფანი. მარტო ჩემს ტელეფონში გვაქვს აპლიკაცია, ძალიან რომ არ მიეჩვიოს. ჰოდა, იცის, რომ დღეში ორჯერ აქვს უფლება ცოტა ხანი ითამაშოს. სულმოუთმენლად ელოდება ბუბუსთან შეხვედრას! იმდენ ფულს ხარჯავს ბუბუს გართობასა და ტანსაცმელში, მერე საკვების ფული არ რჩება და ბუბუც ტირის და ნიკუც... ძალიან განიცდის... არადა, როგორ აუხსნი ბავშვს, რომ ეკონომია უნდა აკეთოს?
ჰოდა... სიყვარული იცით რა არის? 45 წლის მამიდა, მთელი დღის ნაშრომი ყოველ ღამე რომ წვება და დაძინების წინ აპლიკაციაში შედის, უცხოპლანეტელთა თეფშებს აგდებს, ვირთხას დაჭერობანას ეთამაშება და კატებს პედიკიურს უკეთებს.... ვირტუალური ფული რომ დაუგროვოს ბუბუს და ნიკუს :)
ამას აი სხვა ვისთვის გავაკეთებდი? არავისთვის! :)
Love is... <3
***
როგორ გამოვიგონე ღმერთი
ვოლტერს აქვს ნათქვამი, ღმერთი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ თავად უნდა გამოგვეგონა იგიო... რვა წლის ვიყავი, თავად რომ გამოვიგონე იგი.
საბჭოთა კავშირში დაბადებული ადამიანი ვარ. რვა წლის ასაკში უკვე წაკითხული მქონდა რამდენიმე მოთხრობა, რომლებშიც გამასხარავებული იყო ღმერთის არსებობის იდეა. ჩემი მშობლებიც ათეისტები იყვნენ მაშინ. ვერ ვიხსენებ ზუსტად, როდის გაჩნდა მისი გამოგონების იდეა, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ ვიდექი ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ზუგდიდის ბებიაჩემისეული სახლის კედელზე ჩამოკიდებული ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობის“ წინ და ღმერთს ნატვრისთვლიან ბეჭედს შევთხოვდი. ალბათ ზღაპრებიდან მოვიდა იდეა, ღმერთისთვის მიმემართა. ზღაპრებში ხომ იგი ხშრად უსრულებდა ადამიანებს სურვილებს. ფეხითაც კი ჩამოივლიდა სოფლად ხოლმე და ებაასებოდა ხალხს. ზღაპრებიდან ვერ ამოაგდეს იგი კომუნისტებმა.
ხატს მაშინ ვინ ჩამოკიდებდა სახლში?! ჰოდა, ლეონდარდო და ვინჩის სურათი შემრჩა ხელში, უფრო სწორედ, ამ შედევრის იაფი რეპროდუქცია. რეპროდუქციების თვალიერება საერთოდ ჩემი ჰობი იყო. სახლში უამრავი ალბომი გვქონდა. ეტყობა, ერთ-ერთ ალბომში ამოვიკითხე, რომ სურათის შუაში მჯდომი მამაკაცი იესო ქრისტე იყო - არაერთი ქართული ხალხური ზღაპრის გმირი.
მახსოვს, როგორ გულწრფელად შევთხოვდი, ჩემთვის ნატვრისთვლიანი ბეჭედი ეჩუქებინა. ჩემი ბიძაშვილებიც ავიყოლიე, დავაჯერე, თუ ვითხოვდით, იგი აუცილებლად შეისმენდა ჩვენს თხოვნას. სამი დღის განმავლობაში, დღეში რამდენჯერმე მივიდოდით ხოლმე სურათთან და ერთსა და იმავეს ვთხოვდით და თქვენ წარმოიდგინეთ, მეოთხე დღეს დიდ ოთაში შესულთ სურათის ქვეშ მდგარ სავარძელზე სამი ბეჭედი დაგვხდა. მგონი, ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ, არც მანამდე, და არც მერე...
რა თქმა უნდა, მალევე დავრწმუნდი, რომ ბეჭდები არ ასრულებდნენ ნატვრებს. ორ დღეში ბიცოლამაც გაგვიმხილა, რომ მიაყურადა ჩვენს ლოცვებს და თავად დაგვიდო ბეჭდები. ცოტა გავწბილდი, ალბათ... კარგად არც მახსოვს.... მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია, რომ ამის შემდეგ ჩემ მიერ გამოგონილი ღმერთი ჩემთან დარჩა, სამუდამოდ. ის ჩემს ნატვრისთვლად იქცა - თუ რამე ძალიან, ძალიან მომინდა, დღესაც, რატომღაც, რვა წლის ბავშვივით მჯერა, ვთხოვ და ნატვრა აუცილებლად ამისრულდება...
წაიკითხეთ პირველი და მეორე ნაწილი
შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. შეგიძლიათ გაეცნოთ თანამედროვე ახალბედა ავტორების შემოქმედებას და ხმა მისცეთ თქვენს ფავორიტს.
„მოგონებები ღვთიური სოფლიდან“ - ნაწყვეტები საკონკურსო რომანიდან
გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024-ის“ მეორე ეტაპი გრძელდება. მონაწილეებისთვის ხმის მიცემის პროცესი უკვე მიმდინარეობს და მკითხველებიც, ტრადიციულად, აქტიურად არიან ჩართულნი.
ნამუშევრების შესაფასებლად „პალიტრა L“ გთავაზობთ ამონარიდების სერიას მონაწილეთა ტექსტებიდან. ამჯერად, შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ მონაკვეთს ლიკა ბოჭორიძის „მოგონებები ღვთიური სოფლიდან“, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, სრულად გამოიცემა.
წიგნის მთავარი გმირი თაია ინგლისურის ახალგაზრდა მასწავლებელია, რომელიც თბილისიდან სვანეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, უშგულში გადავა საცხოვრებლად, რათა ინგლისური ენა შეასწავლოს უშგულის სკოლის მოსწავლეებს. ამ სოფელში თაია შეხვდება საინტერესო ადამიანებს. ყველა მათგანს თავისი ისტორია, წარსული და აწმყო გააჩნია. სწორედ მათ შორისაა გოგონაზე რამდენიმე წლით უფროსი ბიჭიც, ლუკა, რომელთან ერთად გატარებული ყოველი დღეც თაიას ცხოვრებაში წარუშლელი კვალის დატოვებას იწყებს. სწორედ ლუკა მიიყვანს მას ერთ-ერთ სვანურ კოშკში, სადაც იქაურები თავიანთი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი მოგონებებით სავსე წერილებს ინახავენ. დაემორჩილება თაია ადგილობრივ წესებს? თუ მას ცნობისმოყვარეობა სძლევს და მაინც თავხედურად შეაბიჯებს იმ უცხო ადამიანების ცხოვრებაში, რომელთაც თავად არ დაუპატიჟებიათ ის? წიგნს პარალელურად გასდევს ის მოგონებებიც, რომლებიც თაიას ,,სიყვარულის ქალაქ“ სიღნაღში პანდემიის დროს გადახდა თავს და ის აღფრთოვანებით სავსე გზა, რაც მან გამოიარა, მკითხველს წარსულში განცდილი ემოციებით აავსებს.
სწორედ ამ კითხვებს გასცემს წიგნი პასუხს და მთავარი პერსონაჟების განვითარებაც ნათელი მაგალითი გახდება იმისა, რომ სიყვარულს არც წესები გააჩნია და არც დროის შეგრძნება, რადგან ჩარჩოებში ვერ მოექცევა ის, რაც უკვდავებას ემსახურება.
ამონარიდები „ღვთიური სოფლიდან“:
ამონარიდი I: ახალგაზრდა მამაკაცი ძველ ნივთებში იქექებოდა, რაღაცას ეძებდა. სიჩქარეში მტვრიანი და გაყვითლებული წიგნები შემთხვევით ძირს გადმოიყარა. ერთ-ერთი სქელყდიანი წიგნის ფურცლებში ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი შეტყობინება იპოვა და მისი ბოლო სიტყვები გულში ნელა ამოიკითხა:
„...როცა ეს მოხდება, ჩემი წერილი დაწვი, მაშინ აღარაფერი გექნება ისეთი, რაც ჩემთან დაბრუნების სურვილს გაგიჩენს. მეც ასე მოვიქცევი. მიყვარხარ, მშვიდობით“.
გულწრფელად გაიღიმა, ,,როგორც შენ მეტყვი“, ხმადაბლა წარმოთქვა და ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ დაწერილი სიტყვები სამუდამოდ ალს გაატანა. შემდეგ კარადას შეხედა, რომელზეც ერთი ცალი ღვინის ბოთლი იდო, აიღო და გახსნა. ჭიქა მაგიდაზე გადმოდო, სისხლისფერი სითხით აავსო და ნელა დალია. სინანული იქამდე არ უგრძვნია, სანამ გახუნებული ფურცლისგან აღარაფერი დარჩა. ცეცხლი ცეკვავდა და გულში იკრავდა იმ ძვირფას მოგონებებს, რომელთაც ორი ადამიანი ოდესღაც დიდი სიყვარულით ქმნიდა.
მივიდა და ცეცხლის წინ ჩაიმუხლა, ღვინის ჭიქა ხის ძველ იატაკზე დადო. შეშის ერთი ცალი ნაჭერი აიღო, გავარვარებულ ბუხარში შეაგდო, შემდეგ კიდევ ერთი ყლუპი მოსვა. მამაკაცმა ოთახს თვალი მოავლო და სარკის დახავისთანავე ფეხზე წამოდგა. მასთან ახლოს მივიდა, საკუთარ გამოსახულებას დააკვირდა. წარბებს შორის და შუბლზე ნაოჭები შენიშნა. აქამდე არ ჰქონდა შემჩნეული. შემდეგ სახეზე ხელი მოისვა, ეკლებივით ბასრი წვერი თითის ბალიშებით შეიგრძნო. წამიერად წლებისწინანდელი საკუთარი თავი მოენატრა და ის დღე გაახსენდა, როცა წერილი, რომელიც იმ წამს ბუხარში იფერფლებოდა, პირველად წაიკითხა.
ამონარიდი II: თაიას დაბადების დღის აღნიშვნა სასიამოვნო და შინაურულ გარემოში მოხდა. სკოლიდან დაბრუნებულმა იფიქრა, ჩანთას დააგდებდა და რამეს მოამზადებდა ლუკა და ნანას მისვლამდე, მაგრამ გეგმები წყალში ჩაეყარა. ეთერი ბებოს ყველაფერი მოემზადებინა. სანამ თვითონ სკოლაში ინგლისურის გაკვეთილებს ატარებდა, ქალს ტორტიც გამოეცხო.
- ეთერ, ჩემი ოქრო ხარ. ეთერ, ეს საიდან? როგორ? - უთხრა და მასთან ახლოს მივიდა, ლოყაზე აკოცა.
- რა გეგონა, გენაცვალე, უტორტოდ დაგტოვებდი? ლუკას ველოდებით?
- ლუკას და ნანას, - უთხრა გოგომ, ხაჭაპურის ერთი ნაჭერი აიღო და ფეხზე მდგარმა ჭამა დაიწყო. თან მაცივარი გამოაღო, ათვალიერებდა, ამოწმებდა, კიდევ რა მოუმზადა მზურველმა მეზობელმა.
- ეგ ნანა მაგარი გყავთ, როგორ გაგვაცინებს ხოლმე.
- ნანა ძაან მიყვარს, სკოლაშიც მაგრად გვართობს.
- რამდენი წლისაა ეგ გოგო?
- ოცდაცამეტის, თუ სწორად მახსოვს.
- გასათხოვარია?
- ეთერ, როგორ გიყვარს ჭორაობა, ქალო. გასათხოვარია, მოდი, ერთი კარგი სვანი ბიჭი გავურიგოთ.
- აბა, ვინა, გახსენდება ვინმე?! - ეთერმა წარბები შეკრა.
- მე ვინ უნდა გამახსენდეს, შენ იცნობ აქ ყველას. მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს.
- აბა?
- სიგარეტს რო ეწევა, მაგას რა ვუშველოთ? არ დაიწუნებენ? - თქვა თაიამ და თან გაეცინა, ეთერის გამომეტყველებას დაელოდა.
- უიმე, მართლა ეწევა? - ისე შეიცხადა ქალმა, გეგონება ომში ღალატის ამბავი ამცნესო.
- ხო, აბა! მერე რა, ისე, კარგი გოგოა.
- არა, აი, ეგ რასა ცვლის, მარა მაინც, რათ უნდა, რათ ეწევა...
- ქალია და გუნებაო.
- ერთი შენა ხარ კიდე, მომაწოდე ეგ თასი, მწვანილი ჩავაჭრა, მიდი, - ეუბნება ეთერი. მიხვდა, რომ გოგონა ელაზღანდარებოდა.
- თაია, გენაცვალე.
- ხო.
- იმან არ მოგილოცა?
- არა, ეთერ, არ მომილოცა.
- ეგ არაფერი, გენაცვალე. შენც არ მიულოცო.
გოგოს ეთერის რჩევაზე გულწრფელად გაეცინა, რა საყვარელიაო, გაიფიქრა, მაგრამ მისთვის აღარაფერი უპასუხია. საღამოს ექვს საათზე სტუმრები მოვიდნენ. ბუხარი გიზგიზებდა, მის წინ მრგვალ მაგიდაზე ნამდვილი ქართული, სვანური სუფრა იყო გაშლილი. ცივი შავი ღვინო, ჭრელი მწვანე თეფშები, ალუმინის დანა-ჩანგალი ამოტვიფრული ორნამენტებით, ყვითელი განათება, ბევრი წიგნი, გარეთ თოვა და დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკა იქაურობას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა. სტუმრები სუფრას შემოუსხდნენ, ლუკამ თამადობა ითავა და სასმისების ღვინით შევსება გადაწყვიტა. ,,კარგი ცივია“, თქვა და ქალებს ჭიქები გამოართვა.
ლუკა ბევრ საკითხში ერკვეოდა, თუმცა ყურადღების ცენტრში, უპირველეს ყოვლისა, თავისი გარეგნობით ექცეოდა ხოლმე. სახე ოვალური ფორმის ჰქონდა, პროპორციული. ოდნავ კეხიანი, მაგრამ პატარა ცხვირი, მრგვალი, სქელი ტუჩები. როცა იცინოდა, წინ გამოწეული და ძალიან ლამაზად ჩამწკრივებული კბილები უჩანდა ხოლმე. მუდმივად ულვაშს ატარებდა და წაბლისფერი ტალღოვანი თმა თვალებზე ჰქონდა ხოლმე ჩამოფარებული. მაღალი იყო, სკოლაში კლასიკურად იცვამდა და პერანგზე გადაცმულ სვიტერში მისი სხეული კარგად გამოიკვეთებოდა ხოლმე. თუ დასცხებოდა, სვიტერს გაიხდიდა და პერანგით ატარებდა დანარჩენ დროს. სახელურების აკეცვა უყვარდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაცას წერდა. ამ დროს მუდმივად სერიოზული იყო და წარბებს კრავდა. როცა ვინმეს ესაუბრებოდა, ხელში მუდამ კალამს ათამაშებდა. ნელა საუბრობდა და ადამიანებს ყოველთვის თვალებში უყურებდა. ხშირად ხუმრობდა, მიმიკები არ ეცვლებოდა ხოლმე, ამიტომ ზოგჯერ გვიან ხვდებოდნენ, რომ იხუმრა. ლუკას ბავშვობა სვანეთში ჰქონდა გატარებული, შემდეგ თბილისში წავიდა სასწავლებლად, მაგისტრატურაზე ბრიტანეთში ჩააბარა, ედინბურგის უნივერსიტეტში და რამდენიმე წლით იქ ცხოვრობდა. სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და გადაწყვიტა, განათლების სამინისტროში დაეწყო მუშაობა, მაგრამ მალე გაიგო, რომ სვანეთისთვის მასწავლებლებს ეძებდნენ და გადაწყვიტა, სამშობლოსთან განშორებით დაღლილს საკუთარი თავისთვის შესვენება მოეწყო და ერთი წლით უშგულში მშვიდად ემუშავა. ეს მხარე მისი იყო, უყვარდა სვანეთის ყოველი კუთხე და კუნჭული. აქ ყველაფერს ისე უფრთხილდებოდა, როგორც ჩვილს ზედმეტად მზრუნველი დედა. ლუკა მთელი საღამო სასიამოვნო და სასაცილო ამბებს ჰყვებოდა. მას ნანაც აჰყვა. ის სკოლაში გამორჩეული იყო თავისი ენერგიით და ენამოსწრებულობით. ზოგჯერ ისეთ რამეს იტყოდა ხოლმე, თვითონაც უკვირდა, ეს აზრი საიდან მომივიდა თავშიო. ყველას ამხიარულებდა, უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ზოგჯერ სხვებსაც ღლიდა თავისი მოჭარბებული ენერგიით, მაგრამ სამაგიეროდ, გულწრფელი იყო. სხვები თუ თავს შეიკავებდნენ, ნანა მუდამ იტყოდა იმას, რაც აწუხებდა, თუნდაც უხეშად და უტაქტოდ გამოსვლოდა, რაც ზოჯერ ასეც ხდებოდა. ლუკა და ნანა ხშირად კამათობდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც რიგდებოდნენ ხოლმე. ეთერი ბედნიერი იყო, სიბერეში ასეთი მხიარული, ენერგიული, საინტერესო მეგობრები რომ შეიძინა. როცა საშუალება ჰქონდა, მთავრობას აქებდა: ,,ეს რა კარგი რამე მოიგონეს, ეს რა გოგო გამომიგზავნესო“. ყველაზე მეტად მადლიერი მაინც თაიასი იყო.
- მანდილოსნებო, ხომ იცით, ეს სადღეგრძელო ყველაზე მეტად რომ მიყვარს, - თქვა ლუკამ თავისი დამაჯერებელი ხმით და ჭიქა მარჯვენა ხელით ოდნავ ზემოთ ასწია. თქვენ ხართ სამყაროს მამოძრავებელი ძალა და თქვენ ხართ მზე, რომელიც დედამიწას ანათებს და ათბობს, უთქვენოდ ვერაფერი იარსებებდა. ეთერს ამ შედარებაზე გაეცინა, ლუკაც იღიმოდა.
- ესე იგი, ახლა ვარსკვლავიც ვარ, - უთხრა ნანამ.
- ვარსვლავი ხარ, მაშ რა ხარ! უშგულის სკოლის ვარსკვლავი ხარ. ყველა შენზე ლაპარაკობს.
- ხო?
- აბა!
- რაო, რას ამბობენ?
- რას აბობენ და ელოდებიან, როდის გათხოვდები. დაისვენოს და დაგვასვენოს ჩვენცაო. ისევ გაიცინეს. ნანა ოცდაცამეტი წლის იყო და გასათხოვარი, სოფელში კი ამ ასაკის გაუთხოვარი ქალი ,,დარჩენილად“ ითვლებოდა. ამას რომ იგებდა, თვითონაც ხალისობდა, სერიოზულად არასდროს მიუღია.
- ჯერ შენ მოიყვანე ცოლი, პატარა ბიჭო. შენი დარდი რომ აღარ მექნება, მეც მეშველება რაღაცა.
ეთერი სტუმრებს უსმენდა და ახალგაზრდების კინკლაობაზე ხალისობდა. სუფრას შეავსებდა ხოლმე, დროდადრო.
სტუმრები წავიდნენ. ,,შენ წადი, ეთერ, დაიძინე, მე მივალაგებ,“ - უთხრა თაიამ ქალს, თუმცა მან გოგო მარტო არ დატოვა. ჭურჭელი გარეცხეს, სუფრა აალაგეს, ჩაი დალიეს, ცოტა ისაუბრეს და დაიძინეს.
ამონარიდი III: შაბათი გათენდა. ეთერი და თაია ტრადიციულად ყავას სვამდნენ და ეთერის გამომცხვარ ნამცხვარს მიირთმევდნენ. შაბათი ქალს განსაკუთრებულად უყვარდა, რადგან შაბათობით მარტო იშვიათად იყო ხოლმე. დილით თაიასთან ერთად დიდი დროის გატარება შეეძლო, რადგან გოგოს სკოლა არ ჰქონდა. ხშირად მისი ახალი მეგობრები აქ იკრიბებოდნენ ხოლმე და ეთერიც ხალისობდა ახალგაზრდების ყურებით. ოცი წლის გოგოსავით ენერგიულად ტრიალებდა და ხან რას უცხობდა ხოლმე სტუმრებს, ხან რას. ფარდები გადაწეული იყო და სახლში სინათლე შემოდიოდა. თოვას გადაეღო და მზე გამოსულიყო, თოვლს მზის სხივები ეცემოდა და მისი მთელი ზედაპირი ბრილიანტივით ბრჭყვიალებდა. თაია ზურგით იჯდა ფანჯარასთან, ეთერი კი თავისი ადგილიდან მთელ თავის კარმიდამოს გაჰყურებდა.
- უი, სტუმარი გვყავს, - თქვა ეთერმა და კარისკენ წავიდა. თაიამ შემოსასვლელს გახედა.
კარი გაიღო და ლუკა გამოჩნდა. ისევ ის გრძელი, შავი მანტო ეცვა, დიდი ბათინკებიდან თოვლს ფერთხავდა.
- ლუკა ბატონი მოსულა. შედი, მიდი, გათბი ცეცხლთან, - თქვა ეთერმა და კარი მიხურა.
ლუკა სახლში შევიდა, მანტო საკიდზე დაკიდა, სამზარეულოში თაია დაინახა და მასთან მივიდა. შარფი მოიხსნა და სკამზე გადაკიდა. მაგიდაზე დიდი ყუთი "რაფაელო" დადო, ,,ეს ეთერი ბებოს“, - თქვა და ქალს გახედა. ერთი კვირის წინ ეთერს უნატრია, რა ხანია "რაფაელო" მინდა და ვეღარ ვიშოვე ვერც ერთ მაღაზიაშიო და ეგ ამბავი ხსომებია ლუკას.
- ეს რა ბიჭი გვყავს, გენაცვალე, - უთხრა მოხუცმა ახალმოსულ სტუმარს.
- მგონი, ყავას იმსახურებს, დაეთანხმა თაია.
- დალევ, ხო?
- კი, დავლევ და გავიდეთ თან, მზად ხარ?
- რისთვის?
- არ მოდიხარ?
- სად?
- სკოლაში.
თაიას ხმამაღლა გაეცინა,
- შაბათია დღეს.
- მერე? გიამ არ დაგვიბარა?
- ხო?
- ხო, ერთ საათში უნდა ვიყოთ.
- მართლა არ გახსოვდა?
- არა, - თაია ჩაფიქრდა.
- და რა უნდა ამ შაბათს?
- რა ვიცი მე, მოდითო. საქმე აქვს ალბათ.
- დავლიოთ ყავა და ავალ, ჩავიცვამ. სერიოზულად, დამცინი, ხო?
- რას დაგცინი, წავიდეთ, ერთი საათის ამბავია სადღაც.
- წადით და აქ მოდით მერე ისევ, - ჩაერია ეთერი. ხინკალი გავაკეთოთ დღეს საღამოს, ნანაც მოიყვანეთ.
თაიამ კიბეები აირბინა, ტანსაცმელი გამოიცვალა და ისევ დაბლა ჩამოვიდა. სახლიდან გავიდნენ და ნელი ნაბიჯით სკოლის გზას გაუყვნენ.
- სკოლაში არ მივდივართ, ხო? - თაიამ იკითხა და მის სახეზე ირონიულმა ღიმილმა გაითამაშა.
- ხო.
- საით? - ჰკითხა და ახედა მასზე კარგად მაღალ კავალერს.
- კინოში.
- სად?
- კინოში!
- სად არის აქ კინო, ან ამ დილაუთენია რა დროს კინოა, - გაეცინა თაიას.
- ღამე ბნელა და არაფერი ჩანს, განათება რომ იქნება, ცოტა გვიანაც წამოვიდეთ.
- იქნება რო?
- იქნება.
ამ საუბარში იმ სვანურ კოშკს მიადგნენ, სადაც კინოთეატრი იყო გახსნილი. კოშკის შესასვლელში წითელი განათებით იყო დაწერილი სიტყვა CINEMA. მასში შესასვლელად ხის კიბეების ავლა იყო საჭირო. კიბეებზე წითელი ხალიჩა გაეფინათ, რომელიც ნაწილობრივ თოვლს ჰქონდა დაფარული. თაია და ლუკა კოშკში შევიდნენ.
- რა მაგარია, კინოთეატრი კოშკში, პირველად ვნახე... - თქვა თაიამ და კოშკს თვალიერება დაუწყო. ტრიალებდა და ყველა კუთხესა და კუნჭულს აკვირდებოდა. ,,რა მაგარია“, თან იმეორებდა და ქვის კედლებს თითებით ეთამაშებოდა.
- ეს კოშკი მეთორმეტე საუკუნეშია აშენებული, - უთხრა ლუკამ, რომელიც თვალს არ აშორებდა თაიას ყველა მოძრაობას.
- მოგწონს?
- კი, ძაან მომწონს.
- წამომყევი, - უთხრა ლუკამ და კიბეებით ავიდა კოშკის მომდევნო სართულზე.
მეორე სართულზე კინოთეატრი იყო მოწყობილი. დიდი ეკრანითა და ლამაზი, წითელი კომფორტული პუფებით სავსე. კოშკი ბნელი იყო და ცივი, ამიტომ ეკრანის გვერდით ლამაზად დაკეცილი პლედები ეწყო. არსაიდან უცებ ლუკამ ორი დიდი სავსე ღრმა თეფში პოპკორნი გამოიტანა და თან მოაყოლა ცივი ატმის კომპოტით სავსე ორი დიდი ჭიქა.
- ეს პოპკორნი და ესეც კოკა-კოლა, - თქვა ლუკამ და წვენი თაიას მიაწოდა. მან კი წვენს შეხედა და გულიანად გადაიკისკისა.
- კოკა-კოლა?
- კი, სვანური კოკა-კოლა.
- კოკა-კოლა ატმის არომატით, მომწონს, - თქვა თაიამ და წვენი მოსვა. - რას უნდა ვუყუროთ?
- დაიწყება და ნახავ, მეც არ ვიცი, - თქვა ლუკამ და გაიღიმა. თაიასთვის არ შეუხედავს.
თაია ბიჭს უყურებდა და ამ გარემოების ფონზე ის უფრო მეტად ლამაზი ეჩვენებოდა, ვიდრე მანამდე. თაია მას პროფილში უყურებდა და თვალს არ აშორებდა, აკვირდებოდა მის პატარა ცხვირს, ლამაზი ფორმის წარბებს. ლუკას ულვაშები ნამდვილი ქართველის იერს აძლევდა, თუმცა მისი ღია წაბლისფერი თმა და თაფლისფერი თვალები კავკასიურ მკაცრ გარეგნობას უფრო მეტად სადას და ლამაზს ხდიდა. ფილმის განმავლობაში ორივე მათგანი უამრავმა ემოციამ მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ის აქამდე ნანახი ჰქონდათ, ამ გარემოებაში გარკვეულმა უხილავმა ძალამ ,,სიამაყე და ცრურწმენას“ ორივე ახალგაზრისთვის დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა შესძინა. თაია და ლუკა ფილმის მსვლელობისას დროდადრო წამიერად ერთმანეთს გახედავდნენ ხოლმე, შემდეგ კი ისევ ვიქტორიანულ ინგლისში ბრუნდებოდნენ. მეთვრამეტე საუკუნის სიუჟეტში შესახლებული ორი ადამიანი მეთორმეტე საუკუნის ისტორიულ ძეგლში იმყოფებოდა და დასამახსოვრებელ მოგონებებს ოცდამეერთეში ქმნიდა."
თუ ლიკა ბოჭორიძის ნამუშევარმა „მოგონებები ღვთიური სოფლიდან“ დაგაინტერესათ, მიჰყევით ბმულს და ბოლომდე წაიკითხეთ ის.
ფავორიტი ავტორისთვის ხმის მიცემა კი შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ.
„ფოლადის ფრთები“ - რომანი, რომელიც ორი უდიდესი ცივილიზაციის წიაღში განვითარებულ ამბავს მოგვითხრობს
გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024-ის“ მეორე ეტაპი გრძელდება. წელსაც კონკურსის მიმართ ინტერესი მაღალია და მონაწილეთა ტექსტებიც ტრადიციულად მრავალფეროვანი.
ნამუშევრების შესაფასებლად „პალიტრა L“ გთავაზობთ ამონარიდების სერიას მონაწილეთა ტექსტებიდან. ამჯერად, შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ მონაკვეთს ელენე კუპრაშვილის „ფოლადის ფრთებიდან“, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, სრულად გამოიცემა.
34 წლის ელენე კუპრაშვილი დამწყები ავტორია. როგორც თავად აღნიშნავს, მისი სამუშაო გამოცდილება სრულად სამედიცინო სფეროს უკავშირდება; ასევე, აქტიურად არის ჩართული აკადემიურ საქმიანობაში. წერა სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ დაიწყო. ნაწარმოები „ფოლადის ფრთები“ კი მისი დებიუტია.
ნამუშევრის სიუჟეტი ორ უდიდეს ცივილიზაციას, კართაგენსა და რომს შორის დატრიალებული ომის გადამწყვეტი ეპოქის პარალელურად მიდის. მკითხველი ერთ-ერთი მთავარი გმირის, პერისტერის თვალებით უცქერს რეალობას. პერისტერი უქონელი ბებიაქალის შვილია, რომელიც უმამოდ იზრდება სიმდიდრის ქალაქში, სანამ ერთ საკრალულ ღამეს დედას თვით გენერალი ჰამილკარ ბარკა არ მოიხმობს, მისი მელოგინე ცოლის გადასარჩენად. სწორედ იმ ღამით პერისტერი პირველად შეხვდება ძმებს, ანიჰალს და ჰარტაგოს - გენერლის ტყუპ ვაჟებს და მათი ცხოვრებაც მჭიდროდ და უცნაურად გადაიხლართება ერთმანეთში, პერისტერის სიცოცხლე (თუ ცხოვრება?) რადიკალურად იცვლება.
წიგნში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს წარმართული რელიგიის კრიზისს, როდესაც ქედმაღალი, უმოწყალო ღმერთები ადამიანების ყოფით სეირობენ. კაცობრიობა კი პირსისხლიანი, ხშირად არაადამიანური რიტუალებით ცდილობს მათი წყალობის დამსახურებას.
ამონარიდები „ფოლადის ფრთებიდან“:
ამონარიდი I: დედა-შვილს ჩირაღდნიანი, ხანშიშესული კაცი მიუახლოვდა. ჭარმაგი მამაკაცის ბამბის ტუნიკა უბრალო იყო, მაგრამ ისეთი სუფთა, რომ გაოცებულ პატარას თვალი მოსჭრა. მისი მზერა ხნიერ მამაკაცს სწავლობდა, რომელსაც ჭაღარა თმაზე კონუსისებრი ქუდი ეხურა, ფერფლისფერი წვერი კი სამ მჭიდრო კულულად დაეგრიხა. მსახურმა ჩირაღდანი მაღლა ასწია, მოსულთა სახეებს ჩააცქერდა და იკითხა:
- ბებიაქალი ხარ? - მისი ჩახლეჩილი, მაგრამ ძლიერი ხმა ღამის ჩურჩულში ზარივით გავარდა.
ისედაც დათრგუნულმა ქალმა პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია და უფრო ღრმად ჩაიძირა თავსაბურავში. კაცმა ანიშნა, მომყევითო და ისინიც აედევნენ.
მთელი სასახლე ფორიაქობდა. დაძაბული მონები ფუსფუსებდნენ, წყალსა და სუფთა ნაჭრებს ეზიდებოდნენ, უცნაურ ქოთნებსა და ჭურჭელს დაატარებდნენ. ახლად შეღებილი კედლების სუნი მკაფიო იყო ცხელი ღამის ისედაც მდორე ჰაერში. ოთახის ცენტრში, ღია ჭერქვეშ, დიდრონი ავზი იყო, წვიმის წყალს რომ აგროვებდა. პრიალა მარმარილოს იატაკი ისე ლაპლაპებდა, რომ ბავშვი მოწიწებით დგამდა ნაბიჯს.
ყველაზე მეტად, რამაც პატარა მოხიბლა, ჭერს ქვემოთ, კედლებს გაყოლებული მოზაიკა იყო. ოსტატის ხელს ფერადი სადაფებით გამოეყვანა გლადიატორები და ცხოველები, საბრძოლო ორთვალები და გაქაფული ბედაურები, მოპაექრე ათლეტები და ტახტზე მჯდომი მამაკაცი, ზემოდან რომ დასცქეროდა სანახაობას. პატარას შეეძლო უსასრულოდ ეცქირა მოზაიკაში ჩაკარგული ჩირაღდნების ოქროს ანარეკლებისათვის, მაგრამ ყურადღება სასოწარკვეთილი ქალის ყვირილმა მოსტაცა.
ბებიაქალი უფრო და უფრო მოუსვენარი ხდებოდა, მთელი ძალით ჩაებღუჯა თან მოტანილი ტვირთი და დაბნეულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. წამიც და, სახეარეული სასახლის ბატონი დედა-შვილისაკენ გამოქანდა. მამაკაცის ტანისამოსი მდიდრულად იყო მორთული, მაგრამ აჯაჯულ-დაჯაჯული, თითქოს პატრონი კარგა ხანია ნერვულად ქაჩავსო.
- ბებიაქალო! - მისმა ხმამ მთელ სასახლეში დაიჭექა და კედლებს დაეძგერა. დედა-შვილი შიშისაგან შეხტა და ნაბიჯი უკან გადადგა - არასდროს მოგცემდი უფლებას, ჩემი ცოლისთვის თითი დაგედო! მაგრამ საუკეთესო მკურნალები შევყარე და მეუბნებიან, თუ მუცელში გაჭედილი შვილის გადარჩენა მინდა, ცოლი უნდა გამიფატრონ!
კაცი გიჟს ჰგავდა. ქალმა ბავშვის ხელი კიდევ უფრო მძლავრად ჩაბღუჯა.
- მონებმა მითხრეს, შენთვის ხმა მომეწვდინა. ცოლ-შვილს თუ გადამირჩენ, დაგასაჩუქრებ, - აღუთქვა მთავარსარდალმა.
კიდევ ერთი სასოწარკვეთილი ხმა დაიძრა სასახლეში და ბებიაქალმა სიმამაცე იპოვა:
- დიდო მთავარსარდალო, რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მკურნალმა უნდა დამაცადოს. ბევრს მელოგინეს დავხმარებივარ. თუ შენი შვილი მუცელში წევს, მე შემიძლია დახმარება. თუ ზის - შემიძლია დახმარება. მაგრამ თუ დედის ძარღვი უკვე ახრჩობს, ვერაფერს გავხდები.
- ყველაფერი გააკეთე! - გააწყვეტინა მთავარსარდალმა.
ბებიაქალმა თავი დააქნია და აჩქარებით დაიძრა ფარდისაკენ, რომლის მიღმაც გაწამებული ქალის ხმა გაისმოდა. გოგონამ გაიგონა, როგორ ითხოვა დედამ ხელის გადაბანა და სანელებლებიანი, წითელი ღვინო ქალისათვის.
ბავშვმა ამ ქაოსში მისი ადგილი კარგად იცოდა. სანამ არ მოაკითხავდნენ, იქ დაელოდებოდა, სადაც დატოვეს. თიხის უბრალო თოჯინა უხილავ სახვევებში გაახვია, გულზე მიიკრა, დაურწია და უმღერა:
„ეკტი ბეკტი ბეს... ეკტი ბეკტი ბეს..."
ამონარიდი II: მარმარილოს იატაკზე მჯდომ პატარას ყურადღებას არავინ აქცევდა. გაწამებული ქალის ყვირილი შემხუთველ ჰაერს ხვრეტდა. მისი ხმა უფრო და უფრო სუსტდებოდა. ნორჩმა პატარამ უკვე კარგად იცოდა, რაოდენ საშიში იყო ეს მიჩუმება, მაგრამ დედისაც სჯეროდა და როგორც უკვე არაერთხელ, ფორტუნას მოწყალე ღიმილსაც იმედოვნებდა.
თოჯინას რომ მიუბრუნდა, დარბაზში მძვინვარე ბრძოლით გადაჯაჭვული ორი სხეული შემოგორდა. ინსტინქტურად გოგონა ფეხზე წამოიჭრა და ხიფათს რამდენიმე ნაბიჯით გაეცალა. ყორნისფერთმიანმა ბიჭმა ძლიერი, კარგად გათვლილი მოძრაობით მოისროლა მეორეს სხეული. მათი ჭიდილი სულაც არ წააგავდა ბავშვურ ძიძგილაობას, რაც თანატოლებში გოგოს მრავლად ენახა. ამ ბიჭებმა მშვენივრად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. მათი ქმედებები კარგად შესწავლილ ცეკვას ჰგავდა, მკვეთრი, ძლიერი და მკვირცხლი მოძრაობებით.
- ნებდები? - ჰკითხა შავთმიანმა.
- არ ვგეგმავ, - მხიარულად უპასუხა მეორემ და ფეხზე წამოდგა. მტვრიანი ხელით ოფლიანი, თეთრი თმა ფერმკრთალი სახიდან გადაიწია და შუბლზე ტალახის ნაკვალევი დატოვა.
ფეხშიშველა ბიჭებს მხოლოდ ყავისფერი ტყავის სავარჯიშო სამოსი ესხათ. ათ წელზე მეტის ვერ იქნებოდნენ. მათი სხეულები ისევ შერკინებაში გადაიჯაჭვნენ, რომელმაც ორიოდ წუთს გასტანა. პირველმა თეთრთმიანი ბიჭი მტკივნეული ბოჭვით შეკრა. მხოლოდ ამის შემდეგ დაძლეულის თვალებმა სტუმარი მონახეს. მან გოგონას გაუღიმა და თქვა:
- ერთი ეს ნახე! გამარჯობა.
შავთმიანი ბიჭის სახე სწრაფად მიბრუნდა მოულოდნელი სტუმრისაკენ. დამარცხებულმა დრო იხელთა, ხელიდან დაუსხლტა, ზემოდან მოექცა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.
როცა წამოდგნენ, პირველი გაურკვევლად და უკმაყოფილოდ ბუტბუტებდა, მეორე კი წარმოუდგენლად კმაყოფილი ჩანდა.
- გამოდის, რომ ცოტა ხნის წინ შენ გვიმღეროდი. ვინ ხარ და აქ რამ მოგიყვანა? - მოღიმარმა ბიჭმა თეთრი წამწამებით შემორტყმული დიდრონი, თითქმის შავი თვალები შეანათა. მისი გამომეტყველება სითბოს და სიკეთეს ასხივებდა. ისე ელაპარაკებოდა, როგორც მეგობარს, რითაც საპასუხო, მორცხვი ღიმილი დაიმსახურა.
- ბებიაქალის შვილი ვარ, - უპასუხა გოგონამ და პატივისცემის ნიშნად თვალები დახარა. სწორედ მაშინ კიდევ ერთი მტკივნეული ყვირილი გაისმა, ამჯერად წინაზე ძლიერი. მას თან ახლდა ბებიაქალის გამამხნევებელი შეძახილი, რომელიც გატანჯული ქალის ძალის ბოლო ნაფლეთებს უხმობდა, მოუწოდებდა, არ მორიდებოდა ტკივილს. პირიქით, მასში გაევლო და გაჭინთულიყო.
- კვდება, - გაისმა შავთმიანი ბიჭის მტკიცე, ძლიერი და ცივი ხმა.
- მე კი მგონია, რომ დედაჩემს შეუძლია დახმარება. მე მგონი, ყველაფერი კარგად იქნება.
თუ ელენე კუპრაშვილის „ფოლადის ფრთებმა“ დაგაინტერესათ, მიჰყევით ბმულს და ბოლომდე გაეცანით მას.
კონკურსანტებისთვის ხმის მიცემის პროცესი კი უკვე დაიწყო და შეგიძლიათ, ხმა მისცეთ ფავორიტ ავტორს.
„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ კონკურსი იწყება.
კონკურსი „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ იწყება.
განაცხადების მიღება 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით.
· კონკურსზე მიიღება როგორც საბავშვო პროზა, ასევე პოეზია და ინოვაციური პროექტები სამ ასაკობრივ კატეგორიაში:
0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.
· ჟანრი და თემატიკა თავისუფალია;
· კონკურსზე მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე, ჯგუფური პროექტები, მაგ.: მხატვარი და მწერალი; რამდენიმე ავტორი და ა.შ.
· კონკურსანტს შეუძლია წარმოადგინოს ერთი ან მეტი განაცხადი;
· კონკურსზე მიიღება მხოლოდ ამ კონკურსისთვის შექმნილი ან ბეჭდური სახით გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები.
*კონკურსის მთავარი მიზანია ქართული საბავშვო მწერლობის პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა
კონკურსში „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ მონაწილეობის მიღების მსურველის განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
1. გვარი, სახელი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, მოკლე ბიოგრაფია. გამოუქვეყნებია თუ არა ნამუშევრები კონკურსამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში, საჭიროა მიუთითოს წყარო: წიგნი, პერიოდული გამოცემა, საიტი და სხვ.). ინფორმაცია უნდა გამოიგზავნოს WORD დოკუმენტით;
2. საკონკურსო ნაწარმოების დეტალური აღწერა/სინოპსისი (WORD დოკუმენტი,);
3. ნაწარმოები წარმოდგენილი უნდა იყოს WORD დოკუმენტით, შრიფტი - Sylfaen, ზომა 11, ხაზებს შორის დაშორება - სტანდარტული (Multiple).
განაცხადების რეგისტრაციის პროცედურა:
1. ყველა მოთხოვნილი ფაილი უნდა გამოგზავნოთ 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელ.ფოსტაზე: konkursi@palitra.ge
2. კონკურსზე არ განიხილება:
· რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ მიღებული განაცხადები
· არასრულყოფილი განაცხადები
· ენობრივად და სტილისტურად გაუმართავი ტექსტები;
· ტექსტები, რომლებშიც გამოიკვეთება უკვე გამოქვეყნებული ნაშრომების გამეორება-გამოყენების მცდელობა.
ნაწარმოებების შერჩევა გამარჯვებულის გამოვლენა:
· ნაწარმოებებს სპეციალურად მოწვეული ჟიურის წევრები გაეცნობიან და 1 ივნისს გამოავლენენ მოკლე სიას.
· ივნისში ასაკობრივი კატეგორიებისა (0-3 წწ., 4-6 წწ., 7-10 წწ.) და მიმართულების (პოეზია, პროზა, ინოვაციური პროექტი) მიხედვით გამოვლინდება მაქსიმუმ 6 (ექვსი) გამარჯვებული.
გახდი ბესტსელერის ავტორი 2023
21 თებერვალს გამომცემლობა „პალიტრა L-ს“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ გამარჯვებულები ესტუმრნენ. ახლად აღმოჩენილმა ავტორებმა გამომცემლობა დაათვალიერეს და წიგნის გამოცემაზე მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. მათ გამომცემლობის დირექტორმა, მთავარმა რედაქტორმა და სხვა თანამშრომლებმა უმასპინძლეს.
გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორის მაია ალუდაურის განმარტებით, აღნიშნული კონკურსი დამწყები ავტორების ძალიან კარგი სტარტია სამწერლო ცხოვრებაში.
„მიმდინარე წელს სამი გამარჯვებული გვყავს. ეს გახლავთ სამი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომლებიც გამომცემლობას ესტუმრნენ, პირადად გავიცანით ერთმანეთი, ჩვენი მუშაობის სპეციფიკის შესახებ მოვუყევით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. მათს სამწერლო ცხოვრებაში ეს ძალიან კარგი სტარტი იქნება.“
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს. ჟიურის რჩეული ანი ბალიაშვილი და რუსუდან ტყემალაძე გახდნენ, ხოლო მკითხველის რჩეული - მათე ბაღაშვილი. მალე მათი ნამუშევრები მკითხველთა ფართო წრისთვის გახდება ცნობილი, რაც გამარჯვებულთათვის მნიშვნელოვანი კარიერული წარმატება და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.
რუსუდან ტყემალაძე: „ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო შეგრძნება იყო, როდესაც გავიგე, რომ კონკურსის გამარჯვებული გავხდი. ლიტერატურულ კონკურსში პირველად გავიმარჯვე და ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. კმაყოფილი ვარ გამომცემლობასთან შეხვედრით. გავიცანით რედაქტორები და ძალიან მომწონს მიმდინარე პროცესი. იმედი მაქვს, ნაყოფიერი თანამშრომლობა გამოგვივა.“
მათე ბაღაშვილი: „მადლობას ვუხდი „პალიტრა L-ის“ მთელ გუნდს ამ კონკურსის შექმნისთვის. „გახდი ბესტსელერის ავტორი“ არის უდიდესი შესაძლებლობა ყველა ადამიანისთვის, რომ საკუთარი ნიჭი და უნარები გამოავლინონ. კონკურსის მონაწილეებისთვის დიდი შანსია, რომ მათი ნაწარმოებები გამოქვეყნდება და დღის სინათლეს იხილავს.“
ანი ბალიაშვილი: „ ეს კონკურსი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი აღმოჩნდა. ბოლო 2-3 თვე ამ კონკურსით ვიცხოვრე. მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რასაც მოულოდნელი და ძალიან სასიხარულო გამარჯვება მოჰყვა. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ მეტად სასიამოვნო შეხვედრა მოაწყო ჩვენთვის. ძალიან დიდი იმედით ვარ სავსე და დარწმუნებული ვარ, ეს იმედი აუცილებლად გამართლდება.“
კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2017 წლიდან იღებს სტარტს და გასული 6 წლის განმავლობაში მასში მონაწილეობა არაერთი ავტორის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. „გახდი ბესტსელერის ავტორის“ მიერ აღმოჩენილ ავტორთა წიგნები დღესაც გამომცემლობის ბესტსელერთა სიაშია.