21 თებერვალს გამომცემლობა „პალიტრა L-ს“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ გამარჯვებულები ესტუმრნენ. ახლად აღმოჩენილმა ავტორებმა გამომცემლობა დაათვალიერეს და წიგნის გამოცემაზე მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. მათ გამომცემლობის დირექტორმა, მთავარმა რედაქტორმა და სხვა თანამშრომლებმა უმასპინძლეს.
გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარი რედაქტორის მაია ალუდაურის განმარტებით, აღნიშნული კონკურსი დამწყები ავტორების ძალიან კარგი სტარტია სამწერლო ცხოვრებაში.
„მიმდინარე წელს სამი გამარჯვებული გვყავს. ეს გახლავთ სამი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომლებიც გამომცემლობას ესტუმრნენ, პირადად გავიცანით ერთმანეთი, ჩვენი მუშაობის სპეციფიკის შესახებ მოვუყევით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ვისაუბრეთ. მათს სამწერლო ცხოვრებაში ეს ძალიან კარგი სტარტი იქნება.“
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წელს კონკურსს სამი გამარჯვებული ჰყავს. ჟიურის რჩეული ანი ბალიაშვილი და რუსუდან ტყემალაძე გახდნენ, ხოლო მკითხველის რჩეული - მათე ბაღაშვილი. მალე მათი ნამუშევრები მკითხველთა ფართო წრისთვის გახდება ცნობილი, რაც გამარჯვებულთათვის მნიშვნელოვანი კარიერული წარმატება და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.
რუსუდან ტყემალაძე: „ძალიან მოულოდნელი და სასიამოვნო შეგრძნება იყო, როდესაც გავიგე, რომ კონკურსის გამარჯვებული გავხდი. ლიტერატურულ კონკურსში პირველად გავიმარჯვე და ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლოა. კმაყოფილი ვარ გამომცემლობასთან შეხვედრით. გავიცანით რედაქტორები და ძალიან მომწონს მიმდინარე პროცესი. იმედი მაქვს, ნაყოფიერი თანამშრომლობა გამოგვივა.“
მათე ბაღაშვილი: „მადლობას ვუხდი „პალიტრა L-ის“ მთელ გუნდს ამ კონკურსის შექმნისთვის. „გახდი ბესტსელერის ავტორი“ არის უდიდესი შესაძლებლობა ყველა ადამიანისთვის, რომ საკუთარი ნიჭი და უნარები გამოავლინონ. კონკურსის მონაწილეებისთვის დიდი შანსია, რომ მათი ნაწარმოებები გამოქვეყნდება და დღის სინათლეს იხილავს.“
ანი ბალიაშვილი: „ ეს კონკურსი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი აღმოჩნდა. ბოლო 2-3 თვე ამ კონკურსით ვიცხოვრე. მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რასაც მოულოდნელი და ძალიან სასიხარულო გამარჯვება მოჰყვა. გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ მეტად სასიამოვნო შეხვედრა მოაწყო ჩვენთვის. ძალიან დიდი იმედით ვარ სავსე და დარწმუნებული ვარ, ეს იმედი აუცილებლად გამართლდება.“
კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2017 წლიდან იღებს სტარტს და გასული 6 წლის განმავლობაში მასში მონაწილეობა არაერთი ავტორის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. „გახდი ბესტსელერის ავტორის“ მიერ აღმოჩენილ ავტორთა წიგნები დღესაც გამომცემლობის ბესტსელერთა სიაშია.