ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

„მოგონებები ღვთიური სოფლიდან“ - ნაწყვეტები საკონკურსო რომანიდან

30 იანვარი 2024 წ.

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024-ის“ მეორე ეტაპი გრძელდება. მონაწილეებისთვის ხმის მიცემის პროცესი უკვე მიმდინარეობს და მკითხველებიც, ტრადიციულად, აქტიურად არიან ჩართულნი. 


ნამუშევრების შესაფასებლად „პალიტრა L“ გთავაზობთ ამონარიდების სერიას მონაწილეთა ტექსტებიდან. ამჯერად, შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ მონაკვეთს ლიკა ბოჭორიძის „მოგონებები ღვთიური სოფლიდან“, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, სრულად გამოიცემა.


წიგნის მთავარი გმირი თაია ინგლისურის ახალგაზრდა მასწავლებელია, რომელიც თბილისიდან სვანეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, უშგულში გადავა საცხოვრებლად, რათა ინგლისური ენა შეასწავლოს უშგულის სკოლის მოსწავლეებს. ამ სოფელში თაია შეხვდება საინტერესო ადამიანებს. ყველა მათგანს თავისი ისტორია, წარსული და აწმყო გააჩნია. სწორედ მათ შორისაა გოგონაზე რამდენიმე წლით უფროსი ბიჭიც, ლუკა, რომელთან ერთად გატარებული ყოველი დღეც თაიას ცხოვრებაში წარუშლელი კვალის დატოვებას იწყებს. სწორედ ლუკა მიიყვანს მას ერთ-ერთ სვანურ კოშკში, სადაც იქაურები თავიანთი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი მოგონებებით სავსე წერილებს ინახავენ. დაემორჩილება თაია ადგილობრივ წესებს? თუ მას ცნობისმოყვარეობა სძლევს და მაინც თავხედურად შეაბიჯებს იმ უცხო ადამიანების ცხოვრებაში, რომელთაც თავად არ დაუპატიჟებიათ ის? წიგნს პარალელურად გასდევს ის მოგონებებიც, რომლებიც თაიას ,,სიყვარულის ქალაქ“ სიღნაღში პანდემიის დროს გადახდა თავს და ის აღფრთოვანებით სავსე გზა, რაც მან გამოიარა, მკითხველს წარსულში განცდილი ემოციებით აავსებს.


სწორედ ამ კითხვებს გასცემს წიგნი პასუხს და მთავარი პერსონაჟების განვითარებაც ნათელი მაგალითი გახდება იმისა, რომ სიყვარულს არც წესები გააჩნია და არც დროის შეგრძნება, რადგან ჩარჩოებში ვერ მოექცევა ის, რაც უკვდავებას ემსახურება.


ამონარიდები „ღვთიური სოფლიდან“:


ამონარიდი I: ახალგაზრდა მამაკაცი ძველ ნივთებში იქექებოდა, რაღაცას ეძებდა. სიჩქარეში მტვრიანი და გაყვითლებული წიგნები შემთხვევით ძირს გადმოიყარა. ერთ-ერთი სქელყდიანი წიგნის ფურცლებში ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი შეტყობინება იპოვა და მისი ბოლო სიტყვები გულში ნელა ამოიკითხა:


„...როცა ეს მოხდება, ჩემი წერილი დაწვი, მაშინ აღარაფერი გექნება ისეთი, რაც ჩემთან დაბრუნების სურვილს გაგიჩენს. მეც ასე მოვიქცევი. მიყვარხარ, მშვიდობით“.


გულწრფელად გაიღიმა, ,,როგორც შენ მეტყვი“, ხმადაბლა წარმოთქვა და ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ დაწერილი სიტყვები სამუდამოდ ალს გაატანა. შემდეგ კარადას შეხედა, რომელზეც ერთი ცალი ღვინის ბოთლი იდო, აიღო და გახსნა. ჭიქა მაგიდაზე გადმოდო, სისხლისფერი სითხით აავსო და ნელა დალია. სინანული იქამდე არ უგრძვნია, სანამ გახუნებული ფურცლისგან აღარაფერი დარჩა. ცეცხლი ცეკვავდა და გულში იკრავდა იმ ძვირფას მოგონებებს, რომელთაც ორი ადამიანი ოდესღაც დიდი სიყვარულით ქმნიდა.


მივიდა და ცეცხლის წინ ჩაიმუხლა, ღვინის ჭიქა ხის ძველ იატაკზე დადო. შეშის ერთი ცალი ნაჭერი აიღო, გავარვარებულ ბუხარში შეაგდო, შემდეგ კიდევ ერთი ყლუპი მოსვა. მამაკაცმა ოთახს თვალი მოავლო და სარკის დახავისთანავე ფეხზე წამოდგა. მასთან ახლოს მივიდა, საკუთარ გამოსახულებას დააკვირდა. წარბებს შორის და შუბლზე ნაოჭები შენიშნა. აქამდე არ ჰქონდა შემჩნეული. შემდეგ სახეზე ხელი მოისვა, ეკლებივით ბასრი წვერი თითის ბალიშებით შეიგრძნო. წამიერად წლებისწინანდელი საკუთარი თავი მოენატრა და ის დღე გაახსენდა, როცა წერილი, რომელიც იმ წამს ბუხარში იფერფლებოდა, პირველად წაიკითხა. 


ამონარიდი II: თაიას დაბადების დღის აღნიშვნა სასიამოვნო და შინაურულ გარემოში მოხდა. სკოლიდან დაბრუნებულმა იფიქრა, ჩანთას დააგდებდა და რამეს მოამზადებდა ლუკა და ნანას მისვლამდე, მაგრამ გეგმები წყალში ჩაეყარა. ეთერი ბებოს ყველაფერი მოემზადებინა. სანამ თვითონ სკოლაში ინგლისურის გაკვეთილებს ატარებდა, ქალს ტორტიც გამოეცხო.


- ეთერ, ჩემი ოქრო ხარ. ეთერ, ეს საიდან? როგორ? - უთხრა და მასთან ახლოს მივიდა, ლოყაზე აკოცა.


- რა გეგონა, გენაცვალე, უტორტოდ დაგტოვებდი? ლუკას ველოდებით?


- ლუკას და ნანას, - უთხრა გოგომ, ხაჭაპურის ერთი ნაჭერი აიღო და ფეხზე მდგარმა ჭამა დაიწყო. თან მაცივარი გამოაღო, ათვალიერებდა, ამოწმებდა, კიდევ რა მოუმზადა მზურველმა მეზობელმა.


- ეგ ნანა მაგარი გყავთ, როგორ გაგვაცინებს ხოლმე.


- ნანა ძაან მიყვარს, სკოლაშიც მაგრად გვართობს.


- რამდენი წლისაა ეგ გოგო?


- ოცდაცამეტის, თუ სწორად მახსოვს.


- გასათხოვარია?


- ეთერ, როგორ გიყვარს ჭორაობა, ქალო. გასათხოვარია, მოდი, ერთი კარგი სვანი ბიჭი გავურიგოთ.


- აბა, ვინა, გახსენდება ვინმე?! - ეთერმა წარბები შეკრა.


- მე ვინ უნდა გამახსენდეს, შენ იცნობ აქ ყველას. მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს.


- აბა?


- სიგარეტს რო ეწევა, მაგას რა ვუშველოთ? არ დაიწუნებენ? - თქვა თაიამ და თან გაეცინა, ეთერის გამომეტყველებას დაელოდა.


- უიმე, მართლა ეწევა? - ისე შეიცხადა ქალმა, გეგონება ომში ღალატის ამბავი ამცნესო.


- ხო, აბა! მერე რა, ისე, კარგი გოგოა.


- არა, აი, ეგ რასა ცვლის, მარა მაინც, რათ უნდა, რათ ეწევა...


- ქალია და გუნებაო.


- ერთი შენა ხარ კიდე, მომაწოდე ეგ თასი, მწვანილი ჩავაჭრა, მიდი, - ეუბნება ეთერი. მიხვდა, რომ გოგონა ელაზღანდარებოდა.


- თაია, გენაცვალე.


- ხო.


- იმან არ მოგილოცა?


- არა, ეთერ, არ მომილოცა.


- ეგ არაფერი, გენაცვალე. შენც არ მიულოცო.


გოგოს ეთერის რჩევაზე გულწრფელად გაეცინა, რა საყვარელიაო, გაიფიქრა, მაგრამ მისთვის აღარაფერი უპასუხია. საღამოს ექვს საათზე სტუმრები მოვიდნენ. ბუხარი გიზგიზებდა, მის წინ მრგვალ მაგიდაზე ნამდვილი ქართული, სვანური სუფრა იყო გაშლილი. ცივი შავი ღვინო, ჭრელი მწვანე თეფშები, ალუმინის დანა-ჩანგალი ამოტვიფრული ორნამენტებით, ყვითელი განათება, ბევრი წიგნი, გარეთ თოვა და დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკა იქაურობას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა. სტუმრები სუფრას შემოუსხდნენ, ლუკამ თამადობა ითავა და სასმისების ღვინით შევსება გადაწყვიტა. ,,კარგი ცივია“, თქვა და ქალებს ჭიქები გამოართვა.


ლუკა ბევრ საკითხში ერკვეოდა, თუმცა ყურადღების ცენტრში, უპირველეს ყოვლისა, თავისი გარეგნობით ექცეოდა ხოლმე. სახე ოვალური ფორმის ჰქონდა, პროპორციული. ოდნავ კეხიანი, მაგრამ პატარა ცხვირი, მრგვალი, სქელი ტუჩები. როცა იცინოდა, წინ გამოწეული და ძალიან ლამაზად ჩამწკრივებული კბილები უჩანდა ხოლმე. მუდმივად ულვაშს ატარებდა და წაბლისფერი ტალღოვანი თმა თვალებზე ჰქონდა ხოლმე ჩამოფარებული. მაღალი იყო, სკოლაში კლასიკურად იცვამდა და პერანგზე გადაცმულ სვიტერში მისი სხეული კარგად გამოიკვეთებოდა ხოლმე. თუ დასცხებოდა, სვიტერს გაიხდიდა და პერანგით ატარებდა დანარჩენ დროს. სახელურების აკეცვა უყვარდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაცას წერდა. ამ დროს მუდმივად სერიოზული იყო და წარბებს კრავდა. როცა ვინმეს ესაუბრებოდა, ხელში მუდამ კალამს ათამაშებდა. ნელა საუბრობდა და ადამიანებს ყოველთვის თვალებში უყურებდა. ხშირად ხუმრობდა, მიმიკები არ ეცვლებოდა ხოლმე, ამიტომ ზოგჯერ გვიან ხვდებოდნენ, რომ იხუმრა. ლუკას ბავშვობა სვანეთში ჰქონდა გატარებული, შემდეგ თბილისში წავიდა სასწავლებლად, მაგისტრატურაზე ბრიტანეთში ჩააბარა, ედინბურგის უნივერსიტეტში და რამდენიმე წლით იქ ცხოვრობდა. სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და გადაწყვიტა, განათლების სამინისტროში დაეწყო მუშაობა, მაგრამ მალე გაიგო, რომ სვანეთისთვის მასწავლებლებს ეძებდნენ და გადაწყვიტა, სამშობლოსთან განშორებით დაღლილს საკუთარი თავისთვის შესვენება მოეწყო და ერთი წლით უშგულში მშვიდად ემუშავა. ეს მხარე მისი იყო, უყვარდა სვანეთის ყოველი კუთხე და კუნჭული. აქ ყველაფერს ისე უფრთხილდებოდა, როგორც ჩვილს ზედმეტად მზრუნველი დედა. ლუკა მთელი საღამო სასიამოვნო და სასაცილო ამბებს ჰყვებოდა. მას ნანაც აჰყვა. ის სკოლაში გამორჩეული იყო თავისი ენერგიით და ენამოსწრებულობით. ზოგჯერ ისეთ რამეს იტყოდა ხოლმე, თვითონაც უკვირდა, ეს აზრი საიდან მომივიდა თავშიო. ყველას ამხიარულებდა, უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ზოგჯერ სხვებსაც ღლიდა თავისი მოჭარბებული ენერგიით, მაგრამ სამაგიეროდ, გულწრფელი იყო. სხვები თუ თავს შეიკავებდნენ, ნანა მუდამ იტყოდა იმას, რაც აწუხებდა, თუნდაც უხეშად და უტაქტოდ გამოსვლოდა, რაც ზოჯერ ასეც ხდებოდა. ლუკა და ნანა ხშირად კამათობდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც რიგდებოდნენ ხოლმე. ეთერი ბედნიერი იყო, სიბერეში ასეთი მხიარული, ენერგიული, საინტერესო მეგობრები რომ შეიძინა. როცა საშუალება ჰქონდა, მთავრობას აქებდა: ,,ეს რა კარგი რამე მოიგონეს, ეს რა გოგო გამომიგზავნესო“. ყველაზე მეტად მადლიერი მაინც თაიასი იყო.


- მანდილოსნებო, ხომ იცით, ეს სადღეგრძელო ყველაზე მეტად რომ მიყვარს, - თქვა ლუკამ თავისი დამაჯერებელი ხმით და ჭიქა მარჯვენა ხელით ოდნავ ზემოთ ასწია. თქვენ ხართ სამყაროს მამოძრავებელი ძალა და თქვენ ხართ მზე, რომელიც დედამიწას ანათებს და ათბობს, უთქვენოდ ვერაფერი იარსებებდა. ეთერს ამ შედარებაზე გაეცინა, ლუკაც იღიმოდა.


- ესე იგი, ახლა ვარსკვლავიც ვარ, - უთხრა ნანამ.


- ვარსვლავი ხარ, მაშ რა ხარ! უშგულის სკოლის ვარსკვლავი ხარ. ყველა შენზე ლაპარაკობს.


- ხო?


- აბა!


- რაო, რას ამბობენ?


- რას აბობენ და ელოდებიან, როდის გათხოვდები. დაისვენოს და დაგვასვენოს ჩვენცაო. ისევ გაიცინეს. ნანა ოცდაცამეტი წლის იყო და გასათხოვარი, სოფელში კი ამ ასაკის გაუთხოვარი ქალი ,,დარჩენილად“ ითვლებოდა. ამას რომ იგებდა, თვითონაც ხალისობდა, სერიოზულად არასდროს მიუღია. 


- ჯერ შენ მოიყვანე ცოლი, პატარა ბიჭო. შენი დარდი რომ აღარ მექნება, მეც მეშველება რაღაცა.


ეთერი სტუმრებს უსმენდა და ახალგაზრდების კინკლაობაზე ხალისობდა. სუფრას შეავსებდა ხოლმე, დროდადრო.


სტუმრები წავიდნენ. ,,შენ წადი, ეთერ, დაიძინე, მე მივალაგებ,“ - უთხრა თაიამ ქალს, თუმცა მან გოგო მარტო არ დატოვა. ჭურჭელი გარეცხეს, სუფრა აალაგეს, ჩაი დალიეს, ცოტა ისაუბრეს და დაიძინეს.


ამონარიდი III: შაბათი გათენდა. ეთერი და თაია ტრადიციულად ყავას სვამდნენ და ეთერის გამომცხვარ ნამცხვარს მიირთმევდნენ. შაბათი ქალს განსაკუთრებულად უყვარდა, რადგან შაბათობით მარტო იშვიათად იყო ხოლმე. დილით თაიასთან ერთად დიდი დროის გატარება შეეძლო, რადგან გოგოს სკოლა არ ჰქონდა. ხშირად მისი ახალი მეგობრები აქ იკრიბებოდნენ ხოლმე და ეთერიც ხალისობდა ახალგაზრდების ყურებით. ოცი წლის გოგოსავით ენერგიულად ტრიალებდა და ხან რას უცხობდა ხოლმე სტუმრებს, ხან რას. ფარდები გადაწეული იყო და სახლში სინათლე შემოდიოდა. თოვას გადაეღო და მზე გამოსულიყო, თოვლს მზის სხივები ეცემოდა და მისი მთელი ზედაპირი ბრილიანტივით ბრჭყვიალებდა. თაია ზურგით იჯდა ფანჯარასთან, ეთერი კი თავისი ადგილიდან მთელ თავის კარმიდამოს გაჰყურებდა.


- უი, სტუმარი გვყავს, - თქვა ეთერმა და კარისკენ წავიდა. თაიამ შემოსასვლელს გახედა.

კარი გაიღო და ლუკა გამოჩნდა. ისევ ის გრძელი, შავი მანტო ეცვა, დიდი ბათინკებიდან თოვლს ფერთხავდა.


- ლუკა ბატონი მოსულა. შედი, მიდი, გათბი ცეცხლთან, - თქვა ეთერმა და კარი მიხურა.

ლუკა სახლში შევიდა, მანტო საკიდზე დაკიდა, სამზარეულოში თაია დაინახა და მასთან მივიდა. შარფი მოიხსნა და სკამზე გადაკიდა. მაგიდაზე დიდი ყუთი "რაფაელო" დადო, ,,ეს ეთერი ბებოს“, - თქვა და ქალს გახედა. ერთი კვირის წინ ეთერს უნატრია, რა ხანია "რაფაელო" მინდა და ვეღარ ვიშოვე ვერც ერთ მაღაზიაშიო და ეგ ამბავი ხსომებია ლუკას. 


- ეს რა ბიჭი გვყავს, გენაცვალე, - უთხრა მოხუცმა ახალმოსულ სტუმარს.


- მგონი, ყავას იმსახურებს, დაეთანხმა თაია.


- დალევ, ხო?


- კი, დავლევ და გავიდეთ თან, მზად ხარ?


- რისთვის?


- არ მოდიხარ?


- სად?


- სკოლაში.


თაიას ხმამაღლა გაეცინა,


- შაბათია დღეს.


- მერე? გიამ არ დაგვიბარა?


- ხო?


- ხო, ერთ საათში უნდა ვიყოთ.


- მართლა არ გახსოვდა?


- არა, - თაია ჩაფიქრდა.


- და რა უნდა ამ შაბათს?


- რა ვიცი მე, მოდითო. საქმე აქვს ალბათ.


- დავლიოთ ყავა და ავალ, ჩავიცვამ. სერიოზულად, დამცინი, ხო?


- რას დაგცინი, წავიდეთ, ერთი საათის ამბავია სადღაც.


- წადით და აქ მოდით მერე ისევ, - ჩაერია ეთერი. ხინკალი გავაკეთოთ დღეს საღამოს, ნანაც მოიყვანეთ.

თაიამ კიბეები აირბინა, ტანსაცმელი გამოიცვალა და ისევ დაბლა ჩამოვიდა. სახლიდან გავიდნენ და ნელი ნაბიჯით სკოლის გზას გაუყვნენ.


- სკოლაში არ მივდივართ, ხო? - თაიამ იკითხა და მის სახეზე ირონიულმა ღიმილმა გაითამაშა.


- ხო.


- საით? - ჰკითხა და ახედა მასზე კარგად მაღალ კავალერს.


- კინოში.


- სად? 


- კინოში!


- სად არის აქ კინო, ან ამ დილაუთენია რა დროს კინოა, - გაეცინა თაიას.


- ღამე ბნელა და არაფერი ჩანს, განათება რომ იქნება, ცოტა გვიანაც წამოვიდეთ.


- იქნება რო?


- იქნება.


ამ საუბარში იმ სვანურ კოშკს მიადგნენ, სადაც კინოთეატრი იყო გახსნილი. კოშკის შესასვლელში წითელი განათებით იყო დაწერილი სიტყვა CINEMA. მასში შესასვლელად ხის კიბეების ავლა იყო საჭირო. კიბეებზე წითელი ხალიჩა გაეფინათ, რომელიც ნაწილობრივ თოვლს ჰქონდა დაფარული. თაია და ლუკა კოშკში შევიდნენ. 


- რა მაგარია, კინოთეატრი კოშკში, პირველად ვნახე... - თქვა თაიამ და კოშკს თვალიერება დაუწყო. ტრიალებდა და ყველა კუთხესა და კუნჭულს აკვირდებოდა. ,,რა მაგარია“, თან იმეორებდა და ქვის კედლებს თითებით ეთამაშებოდა.


- ეს კოშკი მეთორმეტე საუკუნეშია აშენებული, - უთხრა ლუკამ, რომელიც თვალს არ აშორებდა თაიას ყველა მოძრაობას.


- მოგწონს?


- კი, ძაან მომწონს.


- წამომყევი, - უთხრა ლუკამ და კიბეებით ავიდა კოშკის მომდევნო სართულზე.

მეორე სართულზე კინოთეატრი იყო მოწყობილი. დიდი ეკრანითა და ლამაზი, წითელი კომფორტული პუფებით სავსე. კოშკი ბნელი იყო და ცივი, ამიტომ ეკრანის გვერდით ლამაზად დაკეცილი პლედები ეწყო. არსაიდან უცებ ლუკამ ორი დიდი სავსე ღრმა თეფში პოპკორნი გამოიტანა და თან მოაყოლა ცივი ატმის კომპოტით სავსე ორი დიდი ჭიქა. 


- ეს პოპკორნი და ესეც კოკა-კოლა, - თქვა ლუკამ და წვენი თაიას მიაწოდა. მან კი წვენს შეხედა და გულიანად გადაიკისკისა.


- კოკა-კოლა?


- კი, სვანური კოკა-კოლა.


- კოკა-კოლა ატმის არომატით, მომწონს, - თქვა თაიამ და წვენი მოსვა. - რას უნდა ვუყუროთ?


- დაიწყება და ნახავ, მეც არ ვიცი, - თქვა ლუკამ და გაიღიმა. თაიასთვის არ შეუხედავს. 

თაია ბიჭს უყურებდა და ამ გარემოების ფონზე ის უფრო მეტად ლამაზი ეჩვენებოდა, ვიდრე მანამდე. თაია მას პროფილში უყურებდა და თვალს არ აშორებდა, აკვირდებოდა მის პატარა ცხვირს, ლამაზი ფორმის წარბებს. ლუკას ულვაშები ნამდვილი ქართველის იერს აძლევდა, თუმცა მისი ღია წაბლისფერი თმა და თაფლისფერი თვალები კავკასიურ მკაცრ გარეგნობას უფრო მეტად სადას და ლამაზს ხდიდა. ფილმის განმავლობაში ორივე მათგანი უამრავმა ემოციამ მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ის აქამდე ნანახი ჰქონდათ, ამ გარემოებაში გარკვეულმა უხილავმა ძალამ ,,სიამაყე და ცრურწმენას“ ორივე ახალგაზრისთვის დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა შესძინა. თაია და ლუკა ფილმის მსვლელობისას დროდადრო წამიერად ერთმანეთს გახედავდნენ ხოლმე, შემდეგ კი ისევ ვიქტორიანულ ინგლისში ბრუნდებოდნენ. მეთვრამეტე საუკუნის სიუჟეტში შესახლებული ორი ადამიანი მეთორმეტე საუკუნის ისტორიულ ძეგლში იმყოფებოდა და დასამახსოვრებელ მოგონებებს ოცდამეერთეში ქმნიდა."


თუ ლიკა ბოჭორიძის ნამუშევარმა „მოგონებები ღვთიური სოფლიდან“ დაგაინტერესათ, მიჰყევით ბმულს და ბოლომდე წაიკითხეთ ის. 


ფავორიტი ავტორისთვის ხმის მიცემა კი შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ.