29 აგვისტო, 2019 წ.
"ყვავილები სახლთან ახლოს" - ალბათ, ყველას გეცნობათ ცნობილი იმპრესიონისტი მხატვრის კლოდ მონეს შთამბეჭდავი ნამუშევრის ეს სახელწოდება. ბევრისთვის ეს ფრაზა მხოლოდ ლეგენდარულ მხატვართან აღარ ასოცირდება - ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულები გამოავლინა, რომელთაგან ერთ-ერთის ნაწარმოებს სწორედ „ყვავილები სახლთან ახლოს“ ჰქვია.
ეს ხალხის ერთ-ერთი რჩეულის, 38 წლის თამარ გოდერიძის ნამუშევარია, რომელმაც მკითხველზე ემოციური შთაბეჭდილება დატოვა. ნაწარმოები ორ ნაწილადაა გაყოფილი: გოგოს ნაწილი და ბიჭის ნაწილი. ორივეს ისტორია განსხვავებული, ემოციური და შთამბეჭდავია უამრავი პარალელითა და საოცრად „ადამიანური“ თავგადასავლებით.
ავტორს წერის გამოცდილება ბავშვობიდან აქვს, თუმცა ეს მისი პირველი სერიოზული ნაწარმოებია. თამარ გოდერიძე ენდოკრინოლოგია, თუმცა მუსიკალური განათლებაც აქვს მიღებული. მუშაობს ოჯახის ექიმად, სხვადასხვა უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორია და სამედიცინო მიმართულებით ლექციებს კითხულობს. როგორც თავად გვიამბო, კონკურსის მიმდინარეობისას, სტუდენტებისგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას გრძნობდა.
თამარ გოდერიძის „ყვავილები სახლთან ახლოს“ წიგნის მაღაზიების თაროებზე მალე გამოჩნდება, მანამდე კი, შეგვიძლია, ავტორი უკეთ გავიცნოთ:
- რატომ გადაწყვიტეთ, ბედი გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კონკურსში გეცადათ?
- კონკურსს, შემთხვევით, ინტერნეტსივრცეში წავაწყდი. მეუბნებიან, ფეხი რომ ავიდგი, იქიდან პატარა ჩანახატებს და ლექსებს ვწერდი. შემდეგ რაღაც პერიოდის განმავლობაში შევწყვიტე, თუმცა მოგვიანებით განვაგრძე. ალბათ დადგა დრო, როდესაც ეს ყველაფერი უნდა გაერთიანებულიყო და თავისი სახელი დარქმეოდა. ამგვარ, ბიძგად მივიღე „პალიტრა L-ის“ ეს პროექტი და წერა დავიწყე.
პაციენტებთან, სტუდენტებთან ურთიერთობის ძალიან დიდი პროფესიული გამოცდილება დამიგროვდა. მიმაჩნია, რომ მედიცინა და ექიმობა არ არის მხოლოდ წამლის დანიშვნა და რაღაცისთვის თვალყურის დევნება. ხანდახან, ორგანული დაავადებები მიგვიყვანია ბოლომდე, დაგვიძლევია პრობლემა, მაგრამ შემდეგ ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა ფსიქოლოგისა და პაციენტის ურთიერთობად გარდაქმნილა. ხშირ შემთხვევაში, იმდენად ბევრი და საინტერესო შტრიხი გამოკვეთილა... დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დაგროვდა.
მე ჩემს ნაწარმოებს რეალიზმის გამოხატვის ფორმად აღვიქვამდი. მასში თითოეული პერსონაჟი, გარკვეულწილად, თან არსებობს, თან არ არსებობს. მასში არის ძალიან ბევრი პარალელი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ნაწარმოებში ყველა მკითხველი განსხვავებულ პარალელს იჭერს, ქვეტექსტებს ხედავს. როგორც მითხრეს, ყველასთვის ერთხელ წაკითხვა არ იყო საკმარისი. რაღაცებს დაუბრუნდნენ, რაღაცებს ჩაეძივნენ, ზოგმა საკუთარი თავი აღმოაჩინა, ზოგმა -ახლობელი.
ბევრისგან მოვისმინე ორი ფრაზა, რომელიც ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, მნიშვნელოვანია: ზოგმა მითხრა, რომ ცრემლებით დაასრულა ამ ნაწარმოების კითხვა და ზოგმა - რომ ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა.
- თქვენ ხალხის ერთ-ერთი რჩეული გახდით. რამდენად ელოდით ასეთ მხარდაჭერას?
- არ ველოდი, რადგან ამისთვის არანაირი გათვლა არ გამიკეთებია. გმირს ქმნი, შემდეგ კი ის თავისით იწყებს მოძრაობას. თვითონ გკარნახობს და თვითონ გაიძულებს. რაც არ უნდა გინდოდეს, რომ შენი გმირი სხვანაირად მოიქცეს, ვერ მოახერხებ - იქცევა ისე, როგორც მას უნდა.
საკმაოდ მასშტაბური და დატვირთული კონკურსი იყო, ჰყავდა უამრავი მონაწილე. თავდაპირველად, მათი ჩამონათვალი 87-ს აღწევდა. ვერ ვიტყოდი, რომ ასეთ მხარდამჭერას ველოდი. როგორც ჩანს, ჩემი პროფესიული საქმიანობის მანძილზე, ამდენ ადამიანთან ურთიერთობის შედეგად, ბევრი ნაცნობი და მეგობარი დამიგროვდა. თუმცა ასეთ შედეგს მაინც არ ველოდი.
უნივერსიტეტის სტუდენტებისგანაც უდიდესი მხარდაჭერა მივიღე. „ფეისბუქზე“ ძალიან ბევრი აზიარებდა, კითხულობდა. მეკითხებოდნენ, როდის დაიბეჭდებაო. როგორც პაციენტებში, ისე სტუდენტებში, ელვის სისწრაფით გავრცელდა ინფორმაცია.
- შინაარსობრივად რას მოიცავს „ყვავილები სახლთან ახლოს“ და რატომ არის ის ემოციებით დატვირთული ნაწარმოები?
- შინაარსობრივად, შეგვიძლია, ასე ჩამოვაყალიბოთ: რამდენად კარგია ადამიანებისთვის ბევრი ფიქრი და რამდენად გვპარავს ის დროს სწორი გადაწყვეტილების ძიებაში, ანუ კარგია თუ ცუდი, როცა ადამიანი ბევრი ფიქრის შემდეგ კი მივიდა გადაწყვეტილებამდე, მაგრამ, ამასობაში, ცხოვრებაში ბევრი რამ გამოტოვა. ვიტყოდი, რომ აქ ახალგაზრდობაში ერთმანეთგამოტოვებული ადამიანების ცხოვრებაა აღწერილი, რომლებიც, საბოლოოდ, მაინც ერთად აღმოჩნდებიან, მაგრამ ტკივილი ახვედრებთ ერთმანეთს. მერე ყველაფერი ლაგდება, მაგრამ, როგორც წვიმის შემდეგ მზეა, შემდეგ ისევ წვიმს და არასდროს არაფერია ერთფეროვანი, ისე იცვლება მათი ცხოვრება და ისევ მოდის გარკვეული ნეგატივი.
რაც შეეხება სახელს, როგორც კი პირველი ნაწილის წერა დავსრულე, დავარქვი „ლექსებად აკინძული ცრემლები“. იქ არის ერთ-ერთი მომენტი, რომელშიც ნახსენებია კლოდ მონეს ნახატი „ყვავილები სახლთან ახლოს“. გამოგზავნამდე 5 წუთით ადრე „ლექსებად აკინძული ცრემლები“ თვალში ნეგატიურად მომხვდა, სასწრაფოდ მოვხსენი და დავარქვი „ყვავილები სახლთან ახლოს“.
როგორც კი ამ სათაურით რომანი „პალიტრა L-ში“ გავგზავნე, კარზე გაისმა ზარის ხმა. როდესაც გავაღე, დამხვდა გოგო, ხელში ყვავილებით დახუნძლული დიდი თაიგულით, რომელსაც ყიდდა. მითხრა, რომ 7 ლარი ღირდა. რა თქმა უნდა, შევიძინე. იმ ყვავილებმა იცოცხლა კონკურსის დასრულებამდე. კონკურსის პირველი ტური დაიწყო 7 ივნისს და დამთავრდა 7 ივლისს, ჩემ მიერ დაგროვებული ხმების რაოდენობა კი 7 227 აღმოჩნდა. ასეთი „მიზეზ- შედეგობრივი“ დამთხვევა იყო, რომელიც იღბლიანიც აღმოჩნდა.