29 აგვისტო, 2019 წ.
"არჩილ ფირიაშვილის სახით, ჩვენ ჩამოყალიბებული მწერალი შევიძინეთ. ავტორმა იმდენად მაღალი კლასი აჩვენა, რომ, მასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჟიური ერთსულოვანი იყო" - ეს სიტყვები "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" ჟიურის ერთ-ერთ წევრს, ლევან ბერძენიშვილს ეკუთვნის.
არჩილ ფირიაშვილის "ფეხბურთის მოთამაშე" ავტორის ერთადერთი ნაწარმოებია, რომელიც მას განვლილი 37 წლის განმავლობაში დაუწერია. პირველივე მცდელობამ ავტორიტეტული ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
AMBEBI.GE-მ გადაწყვიტა, "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" ჟიურის რჩეული არჩილ ფირიაშვილი, რომლის წიგნსაც მკითხველი მალე იხილავს, უფრო ახლოს გაგაცნოთ.
არჩილი ბიზნესმენია - ცნობილი ფიტნესცენტრების მფლობელია. ამასთან, ჩართულია ტექნოლოგიური სტარტაპების პროექტების შექმნაში. "გახდი ბესტსელერის ავტორის" ერთ-ერთ გამარჯვებულს კითხვა ყოველთვის უყვარდა და „პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსის შესახებაც „ბიბლუსში“, წიგნის საყიდლად შესულმა გაიგო.
- რა გახდა „ფეხბურთის მოთამაშის“ დაწერის ინსპირაცია?
- კონკრეტული ინსპირაცია არ არსებობს, ალბათ, ჯამში ერთად, ბევრმა რაღაცამ მოახდინა გავლენა. ჩემთვის წერა სტრესის მოხსნისა და განტვირთვის საშუალება იყო, დღიურის წარმოების მსგავსი, ბავშვობაში რომ აკეთებ, თუმცა მე უკვე „დიდური“ დღიური გამომივიდა.
- ნაწარმოებში თქვენი პირადი გამოცდილების შესახებ არის მოთხრობილი თუ გამოგონილ ისტორიებსა და გმირებს გვაცნობთ?
ალბათ ორივე - პირადი გამოცდილებაც, რომელიც მხატვრულად არის გაფორმებული, და შეთხზულიც. კონკრეტული ისტორია, რის გამოც „ფეხბურთის მოთამაშე“ დავწერე, არ მაქვს. უბრალოდ, თითქოს კონკრეტული რაღაცისთვის კი არ წერ, იმისთვის წერ, რომ სხვა გზა არ გაქვს, გჭირდება ეს... აუცილებელი იყო, რომ რაღაც ასეთი გამეკეთებინა.
- შინაარსის შესახებაც გვიამბეთ. რას ეხება წიგნი?
- ეს წიგნი ყველაფერზეა, ფეხბურთის მოთამაშის გარდა. წაკითხვის შემდეგ ჩანს, რატომ ჰქვია „ფეხბურთის მოთამაშე“. მისი შინაარსი არის იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ადამიანში ხდება. გარკვეულ მომენტში ალბათ ყველა გადის პერიოდს, როცა ძველი ფასეულობები აზრს კარგავს, რაღაც ახლის ძიებაში ხარ, უამრავი კითხვის ნიშანი გიჩნდება, ეჭვის თვალით უყურებ შენს მანამდე განვლილ ცხოვრებას, არ იცი, მომავალში რა გინდა, და სადღაც შუაში ხარ გაჩხერილი. ალბათ ამაზეა ეს მოთხრობა - შუაში გაჩხერილ მდგომარეობაზე.
მთელი მოთხრობა კითხვის ნიშნებია, რომლებზეც პასუხი განსხვავებული და ინდივიდუალურია. ჩემთვის უამრავი კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოდ არის დარჩენილი.
- რატომ გადაწყვიტეთ, რომ „პალიტრა L”-ის კონკურსში მიგეღოთ მონაწილეობა და რა მოლოდინი გქონდათ ამ კონკურსიდან?
- „ბიბლუსში“ დავდივარ ხოლმე, წიგნებს ვყიდულობ, ახალ ავტორებს სულ ვეცნობი. ერთ-ერთი ავტორი, რომლის წიგნიც მირჩიეს, სწორედ ამ კონკურსის გამარჯვებული იყო. ამ ავტორის ნაწარმოების კითხვისას გავიგე, რომ მსგავსი კონკურსი არსებობს. მოთხრობა ბოლომდე დაწერილი არ მქონდა, როცა გავგზავნე. კონკურსის ფორმატიც ასეთი იყო, რომ ნაწარმოების დასაწყისი უნდა გაგეგზავნა. დასაწყისის გაგზავნის შემდეგ, დავასრულე წიგნზე მუშაობა.
ამ კონკურსში იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ სხვა მსგავსი კონკურსი არ არსებობს.
მოგების გარდა, ყველაფრის მოლოდინი მქონდა. ალბათ, საკუთარ ნაწერს ადამიანი უფრო კრიტიკულად აღიქვამ, როცა გამოცდილება არ გაქვს და არავის არ უთქვამს, შენი ნაწარმოები კარგია ან ცუდი. ჩემთვის ძალიან რთული იყო შეფასება, კარგი მოთხრობა გამომდიოდა თუ ცუდი.
ამ კონკურსში ნამუშევრის გაგზავნისას, ჩემი მიზანი იყო ის, რომ საკუთარ თავთან გამერკვია, რაღაც ღირებული გამომდიოდა თუ არა. თუ ღირებული ნამუშევარი გამოგდის, ჟიურის წევრებმა ეს უნდა შენიშნონ. თავიდანვე ასე გადავწყვიტე, თუ ჟიურიმ ჩემს მოთხრობაში რაღაც ღირებული დაინახა, კარგი იქნება, თუ არადა, არა უშავს, მილიონ ადამიანს დაუწერია რაღაც და წაუშლია ან გადაუგდია-მეთქი.
მოგებაზე დიდად არ მიფიქრია. გულწრფელად რომ ვთქვა, ასეთ შეფასებას არ მოველოდი და ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. ეს იყო ყველაზე დიდი ჯილდო, რაც მივიღე!