ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

„ფოლადის ფრთები“ - რომანი, რომელიც ორი უდიდესი ცივილიზაციის წიაღში განვითარებულ ამბავს მოგვითხრობს

30 იანვარი 2024 წ.

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ლიტერატურული კონკურსის - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024-ის“ მეორე ეტაპი გრძელდება. წელსაც კონკურსის მიმართ ინტერესი მაღალია და მონაწილეთა ტექსტებიც ტრადიციულად მრავალფეროვანი. 


ნამუშევრების შესაფასებლად „პალიტრა L“ გთავაზობთ ამონარიდების სერიას მონაწილეთა ტექსტებიდან. ამჯერად, შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ მონაკვეთს ელენე კუპრაშვილის „ფოლადის ფრთებიდან“, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, სრულად გამოიცემა.


34 წლის ელენე კუპრაშვილი დამწყები ავტორია. როგორც თავად აღნიშნავს, მისი სამუშაო გამოცდილება სრულად სამედიცინო სფეროს უკავშირდება; ასევე, აქტიურად არის ჩართული აკადემიურ საქმიანობაში. წერა სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ დაიწყო. ნაწარმოები „ფოლადის ფრთები“ კი მისი დებიუტია.


ნამუშევრის სიუჟეტი ორ უდიდეს ცივილიზაციას, კართაგენსა და რომს შორის დატრიალებული ომის გადამწყვეტი ეპოქის პარალელურად მიდის. მკითხველი ერთ-ერთი მთავარი გმირის, პერისტერის თვალებით უცქერს რეალობას. პერისტერი უქონელი ბებიაქალის შვილია, რომელიც უმამოდ იზრდება სიმდიდრის ქალაქში, სანამ ერთ საკრალულ ღამეს დედას თვით გენერალი ჰამილკარ ბარკა არ მოიხმობს, მისი მელოგინე ცოლის გადასარჩენად. სწორედ იმ ღამით პერისტერი პირველად შეხვდება ძმებს, ანიჰალს და ჰარტაგოს - გენერლის ტყუპ ვაჟებს და მათი ცხოვრებაც მჭიდროდ და უცნაურად გადაიხლართება ერთმანეთში, პერისტერის სიცოცხლე (თუ ცხოვრება?) რადიკალურად იცვლება. 


წიგნში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს წარმართული რელიგიის კრიზისს, როდესაც ქედმაღალი, უმოწყალო ღმერთები ადამიანების ყოფით სეირობენ. კაცობრიობა კი პირსისხლიანი, ხშირად არაადამიანური რიტუალებით ცდილობს მათი წყალობის დამსახურებას. 


ამონარიდები „ფოლადის ფრთებიდან“:


ამონარიდი I: დედა-შვილს ჩირაღდნიანი, ხანშიშესული კაცი მიუახლოვდა. ჭარმაგი მამაკაცის ბამბის ტუნიკა უბრალო იყო, მაგრამ ისეთი სუფთა, რომ გაოცებულ პატარას თვალი მოსჭრა. მისი მზერა ხნიერ მამაკაცს სწავლობდა, რომელსაც ჭაღარა თმაზე კონუსისებრი ქუდი ეხურა, ფერფლისფერი წვერი კი სამ მჭიდრო კულულად დაეგრიხა. მსახურმა ჩირაღდანი მაღლა ასწია, მოსულთა სახეებს ჩააცქერდა და იკითხა:


- ბებიაქალი ხარ? - მისი ჩახლეჩილი, მაგრამ ძლიერი ხმა ღამის ჩურჩულში ზარივით გავარდა.


ისედაც დათრგუნულმა ქალმა პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია და უფრო ღრმად ჩაიძირა თავსაბურავში. კაცმა ანიშნა, მომყევითო და ისინიც აედევნენ.


მთელი სასახლე ფორიაქობდა. დაძაბული მონები ფუსფუსებდნენ, წყალსა და სუფთა ნაჭრებს ეზიდებოდნენ, უცნაურ ქოთნებსა და ჭურჭელს დაატარებდნენ. ახლად შეღებილი კედლების სუნი მკაფიო იყო ცხელი ღამის ისედაც მდორე ჰაერში. ოთახის ცენტრში, ღია ჭერქვეშ, დიდრონი ავზი იყო, წვიმის წყალს რომ აგროვებდა. პრიალა მარმარილოს იატაკი ისე ლაპლაპებდა, რომ ბავშვი მოწიწებით დგამდა ნაბიჯს.


ყველაზე მეტად, რამაც პატარა მოხიბლა, ჭერს ქვემოთ, კედლებს გაყოლებული მოზაიკა იყო. ოსტატის ხელს ფერადი სადაფებით გამოეყვანა გლადიატორები და ცხოველები, საბრძოლო ორთვალები და გაქაფული ბედაურები, მოპაექრე ათლეტები და ტახტზე მჯდომი მამაკაცი, ზემოდან რომ დასცქეროდა სანახაობას. პატარას შეეძლო უსასრულოდ ეცქირა მოზაიკაში ჩაკარგული ჩირაღდნების ოქროს ანარეკლებისათვის, მაგრამ ყურადღება სასოწარკვეთილი ქალის ყვირილმა მოსტაცა.


ბებიაქალი უფრო და უფრო მოუსვენარი ხდებოდა, მთელი ძალით ჩაებღუჯა თან მოტანილი ტვირთი და დაბნეულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. წამიც და, სახეარეული სასახლის ბატონი დედა-შვილისაკენ გამოქანდა. მამაკაცის ტანისამოსი მდიდრულად იყო მორთული, მაგრამ აჯაჯულ-დაჯაჯული, თითქოს პატრონი კარგა ხანია ნერვულად ქაჩავსო.


- ბებიაქალო! - მისმა ხმამ მთელ სასახლეში დაიჭექა და კედლებს დაეძგერა. დედა-შვილი შიშისაგან შეხტა და ნაბიჯი უკან გადადგა - არასდროს მოგცემდი უფლებას, ჩემი ცოლისთვის თითი დაგედო! მაგრამ საუკეთესო მკურნალები შევყარე და მეუბნებიან, თუ მუცელში გაჭედილი შვილის გადარჩენა მინდა, ცოლი უნდა გამიფატრონ!


კაცი გიჟს ჰგავდა. ქალმა ბავშვის ხელი კიდევ უფრო მძლავრად ჩაბღუჯა. 


- მონებმა მითხრეს, შენთვის ხმა მომეწვდინა. ცოლ-შვილს თუ გადამირჩენ, დაგასაჩუქრებ, - აღუთქვა მთავარსარდალმა.


კიდევ ერთი სასოწარკვეთილი ხმა დაიძრა სასახლეში და ბებიაქალმა სიმამაცე იპოვა:


- დიდო მთავარსარდალო, რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მკურნალმა უნდა დამაცადოს. ბევრს მელოგინეს დავხმარებივარ. თუ შენი შვილი მუცელში წევს, მე შემიძლია დახმარება. თუ ზის - შემიძლია დახმარება. მაგრამ თუ დედის ძარღვი უკვე ახრჩობს, ვერაფერს გავხდები.


- ყველაფერი გააკეთე! - გააწყვეტინა მთავარსარდალმა.


ბებიაქალმა თავი დააქნია და აჩქარებით დაიძრა ფარდისაკენ, რომლის მიღმაც გაწამებული ქალის ხმა გაისმოდა. გოგონამ გაიგონა, როგორ ითხოვა დედამ ხელის გადაბანა და სანელებლებიანი, წითელი ღვინო ქალისათვის. 


ბავშვმა ამ ქაოსში მისი ადგილი კარგად იცოდა. სანამ არ მოაკითხავდნენ, იქ დაელოდებოდა, სადაც დატოვეს. თიხის უბრალო თოჯინა უხილავ სახვევებში გაახვია, გულზე მიიკრა, დაურწია და უმღერა: 


„ეკტი ბეკტი ბეს... ეკტი ბეკტი ბეს..."     

                       

ამონარიდი II: მარმარილოს იატაკზე მჯდომ პატარას ყურადღებას არავინ აქცევდა. გაწამებული ქალის ყვირილი შემხუთველ ჰაერს ხვრეტდა. მისი ხმა უფრო და უფრო სუსტდებოდა. ნორჩმა პატარამ უკვე კარგად იცოდა, რაოდენ საშიში იყო ეს მიჩუმება, მაგრამ დედისაც სჯეროდა და როგორც უკვე არაერთხელ, ფორტუნას მოწყალე ღიმილსაც იმედოვნებდა.


      თოჯინას რომ მიუბრუნდა, დარბაზში მძვინვარე ბრძოლით გადაჯაჭვული ორი სხეული შემოგორდა. ინსტინქტურად გოგონა ფეხზე წამოიჭრა და ხიფათს რამდენიმე ნაბიჯით გაეცალა. ყორნისფერთმიანმა ბიჭმა ძლიერი, კარგად გათვლილი მოძრაობით მოისროლა მეორეს სხეული. მათი ჭიდილი სულაც არ წააგავდა ბავშვურ ძიძგილაობას, რაც თანატოლებში გოგოს მრავლად ენახა. ამ ბიჭებმა მშვენივრად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. მათი ქმედებები კარგად შესწავლილ ცეკვას ჰგავდა, მკვეთრი, ძლიერი და მკვირცხლი მოძრაობებით.


- ნებდები? - ჰკითხა შავთმიანმა.


- არ ვგეგმავ, - მხიარულად უპასუხა მეორემ და ფეხზე წამოდგა. მტვრიანი ხელით ოფლიანი, თეთრი თმა ფერმკრთალი სახიდან გადაიწია და შუბლზე ტალახის ნაკვალევი დატოვა.


      ფეხშიშველა ბიჭებს მხოლოდ ყავისფერი ტყავის სავარჯიშო სამოსი ესხათ. ათ წელზე მეტის ვერ იქნებოდნენ. მათი სხეულები ისევ შერკინებაში გადაიჯაჭვნენ, რომელმაც ორიოდ წუთს გასტანა. პირველმა თეთრთმიანი ბიჭი მტკივნეული ბოჭვით შეკრა. მხოლოდ ამის შემდეგ დაძლეულის თვალებმა სტუმარი მონახეს. მან გოგონას გაუღიმა და თქვა:


- ერთი ეს ნახე! გამარჯობა. 


შავთმიანი ბიჭის სახე სწრაფად მიბრუნდა მოულოდნელი სტუმრისაკენ. დამარცხებულმა დრო იხელთა, ხელიდან დაუსხლტა, ზემოდან მოექცა და თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.


როცა წამოდგნენ, პირველი გაურკვევლად და უკმაყოფილოდ ბუტბუტებდა, მეორე კი წარმოუდგენლად კმაყოფილი ჩანდა.


- გამოდის, რომ ცოტა ხნის წინ შენ გვიმღეროდი. ვინ ხარ და აქ რამ მოგიყვანა? - მოღიმარმა ბიჭმა თეთრი წამწამებით შემორტყმული დიდრონი, თითქმის შავი თვალები შეანათა. მისი გამომეტყველება სითბოს და სიკეთეს ასხივებდა. ისე ელაპარაკებოდა, როგორც მეგობარს, რითაც საპასუხო, მორცხვი ღიმილი დაიმსახურა.


- ბებიაქალის შვილი ვარ, - უპასუხა გოგონამ და პატივისცემის ნიშნად თვალები დახარა. სწორედ მაშინ კიდევ ერთი მტკივნეული ყვირილი გაისმა, ამჯერად წინაზე ძლიერი. მას თან ახლდა ბებიაქალის გამამხნევებელი შეძახილი, რომელიც გატანჯული ქალის ძალის ბოლო ნაფლეთებს უხმობდა, მოუწოდებდა, არ მორიდებოდა ტკივილს. პირიქით, მასში გაევლო და გაჭინთულიყო.


- კვდება, - გაისმა შავთმიანი ბიჭის მტკიცე, ძლიერი და ცივი ხმა.


- მე კი მგონია, რომ დედაჩემს შეუძლია დახმარება. მე მგონი, ყველაფერი კარგად იქნება.


თუ ელენე კუპრაშვილის „ფოლადის ფრთებმა“ დაგაინტერესათ, მიჰყევით ბმულს და ბოლომდე გაეცანით მას.


კონკურსანტებისთვის ხმის მიცემის პროცესი კი უკვე დაიწყო და შეგიძლიათ, ხმა მისცეთ ფავორიტ ავტორს.