ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ამ რომანში დრო დგას, გაჩერებულია. მოძრაობენ მხოლოდ პერსონაჟების მოგონებები - ამონარიდი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024-ის“ მონაწილის, ტატო ჩხენკელის რომანიდან

30 იანვარი 2024 წ.

გამომცემლობა „პალიტრა L” ლიტერატურულ კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ უკვე მეშვიდედ ატარებს. კონკურსის მეორე ტური ახლა მიმდინარეობს. გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი მონაწილის - ტატო ჩხენკელის რომანიდან „ყვითელი და ლურჯი“, რომელიც კონკურსის მეორე ტურში ჟიურის გადაწყვეტილების შედეგად გადავიდა.


ტატო ჩხენკელი 37 წლის ქართველი მწერალი, ეკონომისტი, ინჟინერ-გეოდეზისტი და მომღერალია. "ყვითელი და ლურჯი" არის რომანი, რომლის სათაურიც ჰგონიათ სტენდალის წითელი და შავის ალუზია, ლიბერალების და დემოკრატების ფერები, ევროკავშირის დროშის ყვითელი ვარსკვლავები ლურჯ ფონზე, დონ-კიხოტი და სანჩო პანსა, უკრაინის დროშის ფერები, მწვანე ფერის დეკონსტრუქცია. მე თავად ოთხი თაობის მომცველი პერიოდი აღვნიშნე ამ ფერებით. რომანში თხრობას იწყებს რედაქტორი ლიუბა, რომელსაც გადასცემენ აუდიოფაილს იმპერატივით, დაამუშაოს და გამოსცეს, როგორც მხატვრული ნაწარმოები. რედაქტორი ლიუბა დაბადებიდან ყრუა. აუდიოფაილში ისმის ხმა (სქესი დაუდგენელია), რომელიც არის ნარატორი და ჰყვება თავისი გენეალოგიის ამბავს. ამტკიცებს, რომ იეშუა ბარ იეჰოსეფის 38-ე შთამომავალია. არის იმუნოლოგი და რუსების მიერ ალყაშემორტყმულ, აზოვსტალის ქარხანაში, დენის პროკოპენკოსთან ერთად იმყოფება. აუდიოფაილი გრძელდება 8 საათის განმავლობაში უწყვეტად და ჩაწერილია 2022 წლის 17 მარტს. უცნობია ნარატორის სახელი, გვარი, წარმომავლობა, სქესი. რომანის გმირია აგრეთვე ჟან-პონზე ლე ონვილი და ელიანორ ეროვეი. პირველი ნარატორის საგვარეულოს ბანკირია, მეორე – ნარატორის ბებია. პერსონაჟები დამოუკიდებლად ჰყვებიან სიყვარულის შესახებ და ამავე დროს, მუდმივად იკვეთებიან ერთმანეთთან. რომანში დრო დგას, გაჩერებულია. მოძრაობენ მხოლოდ პერსონაჟების მოგონებები, მოჩვენებები, გრძნობები და შთაბეჭდილებები.


***წერილი LXXXI 419 110100011


ძვირფასო ღმერთო და ბაბუა ი.ბ.ი. 


უშფოთველ და მშვიდ ცხოვრებას მპირდება ვაჟბატონი, გესმით? არადა, აგერ, ახლახან არ გავიცანი, კვირებია სულ რაღაც? თქვენ იცით, რა არის უშფოთველი და მშვიდი ცხოვრება, ძვირფასო ღმერთო და ბაბუა ი.ბ.ი.? სასოწარკვეთა შემატყო, ხასიათის ხშირ ცვალებადობაში გამომიჭირა და მხსნელად მევლინება. მაგან რა იცის, რა სასტიკი შემიძლია ვიყო, კუთხეში რომ მიმიმწყვდევენ. ყველა თავის დღეში იმას ჩამჩიჩინებდა, გრძნობები დამალე, მიჯნურობაზე სიტყვა არ წამოგცდესო. იმდენი ქნეს, სანამ სიყვარულის გამჟღავნება ცოდვად არ მიმაჩნევინეს. მარტო გაფიქრებაც კმარა, რომ ხმა გამებზაროს, რაც ჩემს უმწიკვლობაშიც ბზარს აჩენს მომენტალურად. ან პირიქით. და რაც უფრო ვმალავდი და ვახშობდი ვნებებს ჩემს არსებაში, მით უფრო მტანჯავდა და მაწვალებდა ნდომა ყველაფრის გამოთქმისა. ასე შესამჩევია ეს ყველაფერი, დავიჯერო? თუ მისტერ თანაგრძნობას აქვს რაღაც განსაკუთრებული ალღო, გადაშლილი წიგნებივით იკითხოს ქალები? რა სურთ ქალებს, მისტერ ჰუმმა იცის, დავიჯერო? მალევე რომ გამოამჟღავნა ნამდვილი სახე, კარგია, აღარ მეშინია მისი. მეტი რაღა უნდა მიქნას, გამაშიშვლა ბოლომდე და გაშიშვლდა ბოლომდე თვითონ. წესით, ამის შემდეგ, მოსახდენი უნდა მოხდეს ხოლმე, მაგრამ ჩემი შემთხვევა რომ უნდა აუცილებლად ამოვარდეს კონტექსტიდან და საგანთა საყოველთაო ლოგიკურობიდან, შევეჩვიე ამას კაი ხანია. მე ხომ ვიცი, რომ დავნებდე, რომ მივეცე ვნების სიამეთა განცდებს, მხოლოდ რამდენიმე დღე უნდა გასტანოს და მერე მობეზრდეს. რაწამს ვიგემებ ტანში ნეტარების მსუბუქ ჟრუანტელს, ფეხის წვერებზე რომ წამომწევს, თმის წვერებამდე რომ გაატანს, წამს, რომელიც წამწამებში ჩაიკარგება და წამწამები − თვალებში და თვალები - სადღაც უკან, სიღმრეში, აი, მანდ უნდა შემიპყროს წინასწარმეტყველურმა ჭვრეტამ მომავლის, რომელიც წარსულიდან გვიმზერს უკვე განშორებულებს, გაორებულებს, დაბრკოლებულებს, იმედგაცრუებულებს. 


ამას სიყვარული თამაში ჰგონია და არ იცის, რომ არც თვითონაა დაზღვეული ისეთი გამოსავლისგან, როცა ამ თამაშ-თამაშში, ჩვენს გულებში უცაბედად შემოპარული უნაზესი კავშირი სამისდღემშიოდ შეგვაერთებდა. მას წარმოდგენა არ აქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავკარგოთ სიყვარული, სხვა არაფერი შეგვიძლია. დროსაც ისედაც მოაქვს ცვლილებები, ცვლილებებს, − ეჭვიანობა, ეჭვიანობას − შურისძიების აუტანელი სურვილი, სურვილებს - ყოფის აუტანელი სიმსუბუქე (სქოლიო − ასე იტყოდა მილან კუნდერა, ზუსტად ორსაუკუნე-ნახევრის შემდეგ. ლ.) ასე, ჩვენი დღეების აღსასრულამდე. ეგაა, რომ ეს აღსასრული ზოგჯერ იოლი გზა არის. გავიწყებს, მანამდე რა ტანჯვა-წამებაც გამოგატარა.


დავიწყება კარგი რამ არის, მაგრამ სად არის? არ დამავიწყდება, რომ ვიხრჩობოდი კორსეტისგან, ვეღარ ვსუნთქავდი და გავიხადე ბაღში, იმას კიდევ არაფერი უთქვამს, ერთი საყვედური არ დასცდენია, არც ხელები უსავსავებია ჰაერში ბზიკების მოსაგერიებლად. ეგ იყო, ისე გამომცდელად შემომხედა, თვალები დავხარე და გრძელი ოქროსფერი ჟილეტის ბოლოსა და ამავე ფერის მუხლებამდე შარვლის საქამრის ქვემოთ რაღაც გამობურცულ სილუეტს ჩავაბჟირდი. არ მახსოვს, რამდენ ხანს გასტანა ჩემმა გაშტერებამ. როგორც იქნა, მოვძებნე როგორღაც საკუთარი ტანი და ეგ მახსოვს, პეონიების ვარდისფერ ფურცლებში მქონდა ჩარგული ცხვირი. ხმა რომ გამომეცა, არ გამიკვირდებოდა, ისე ღონივრად ვისუნთქავდი არომატს. ვინ იცის, იფიქრა, თავის ცხოვრებაში პირველად ყნოსავს ყვავილსო. ადრე კიდე არა უშავდა, მაგრამ ახლა, ასე თავშეკავებულს და ასე მგზნებარეს ვერ ვუძლებ. მის ამჟამინდელ თავშეკავებას უფრო ჭკუიდან გადავყავარ, ვიდრე უნდა გადავეყვანე წესით ასეთ მოკლე პერიოდში. რაღაც ჯადოა, წყევლა, რომელსაც ბებიაჩემის ძუძუებიც ვეღარაფერს უშველიან, ვერ დალოცავენ. ნებისმიერი განშორება, იქნება ორი დღით, ორი წუთით თუ ერთი თვით, თანაბრად დამტანჯველი იქნება ჩვენთვის და ეს იმან არ იცის, ვერ ხვდება. მე შემიძლია მათემატიკაზე ზუსტი გავხადო ჩემი ფრაზები და კიდევ უფრო ნათლად დაგანახო, რომ ვგულისხმობ განშორებას, როცა ჩემი მწუხარება პირდაპირპროპორციულია ჩვენი გამთიშავი დროისა და ჩვენ შორის არსებული მანძილისა. რაც უფრო შორს ვართ, მით უფრო ვკვდებით. სიყვარული, ის მოულოდნელი ჩანასახია, რომელიც არსაიდან ჩნდება და შიშველი ხელებით, მარტო ებრძვის ენტროპიას, ჩვენი ნაწილების სამუდამოდ გაფანტვას უსასრულობის გაუგებრობაში. და გაუგებრობა რომ უფრო გასაგები იყოს, ცოტა ხნით მაინც, ესაა სიყვარული. გიყვარდეს, ნიშნავს უძღოდე ხომალდს, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაიძიროს. და უარესიც, გიყვარდეს, ნიშნავს გძულდეს, ოღონდ მოგვიანებით, როგორც დღე ხდება ღამე და სიცოცხლე, სიკვდილი.



ელიანორ ეროვეი

6 დეკემბერი

11011000110



წაიკითხეთ პირველი და მეორე ნაწილები. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. შეგიძლიათ გაეცნოთ თანამედროვე ახალბედა ავტორების შემოქმედებას და ხმა მისცეთ თქვენს ფავორიტს.