ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ყვითელი და ლურჯი

0 ხმა

ტატო ჩხენკელი

ბიოგრაფია

 

ტატო ჩხენკელი (დავიდ მულდერ ჩხენკელი) (დ. 25 აგვისტო, 1985, თბილისი) − ქართველი მწერალი, ეკონომისტი, ინჟინერ-გეოდეზისტი, მომღერალი. არის 37 წლის.

 

 

მოქალაქეობა − საქართველო

ეროვნება − ქართველი

რელიგია − არარელიგიურობა

ალმა-მატერი − თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი (თეუსუ)

ძირითადი იდეები − კოსმოლოგია, ფილოსოფია   

საქმიანობა − მწერალი

გავლენა მოახდინეს − ვაჟა ფშაველა, მარო მაყაშვილი, ლუდვიგ ვიტგენშტაინი, ტიფანი ჰადიში, უმბერტო ეკო, ლევ ტოლსტოი, გია დვალი, კევინ ჰარტი, აკაკი ჩხენკელი, ალან გუთი, ბრიუს ლი, თომას ნაგელი

 

 

 

ბიოგრაფია

 

ტატო ჩხენკელი დაიბადა თბილისში. 2000 წელს დაასრულა №180 საჯარო სკოლა და ჩააბარა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის (თეუსუ) კოლეჯში სადაც სწავლობდა ორი წელი და შემდგომში სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტში 2006 წლამდე და დაეუფლა ბიზნესის მართვის მენეჯერის ბაკალავრის ხარისხს.  

ბავშვობის ასაკში იგი ეუფლებოდა აღმოსავლური ორთაბრძოლების ხელოვნებას, კერძოდ შოტოკან კარატე-დოს და გახდა 3 გზის საქართველოს ჩემპიონი კარატეში 1997-1998 წლებში. ასევე იყო მრავალგზის პრიზიორი 1995-1999 წლებში.

2010 წელს სწავლა განაგრძო გეოდეზიის სპეციალობაზე და დაეუფლა აგეგმვა-გეოდეზიის ტექნიკოსის სპეციალობას. (Has successfully completed intensive pre-apprenticeship course in land survey based on US Army Corps of engineers (IBC) standards)

2001-2005 წლებში ეწეოდა მუსიკალურ საქმიანობას როკ მუსიკის სფეროში და იყო როკ-ბენდ Wind Way-ის სოლისტი, მოგვიანებით კი − ცნობილი ბრიტანული როკ ჯგუფის, Deep Purple-ის ქავერ ბენდ, Perfect Strangers-ის ვოკალისტი.

2006 წლიდან იყო დასაქმებული გეოდეზიის, არქიტექტურული დიზაინისა და იურიდიული მომსახურების სფეროში.

2013 წელს, მან დატოვა საკუთარი არქიტექტურული კომპანია “CAS Group“-ი და მუშაობა განაგრძო Anantara Resorts and Spa კომპანიაში ქალაქ დოჰაში, კატარი.

2017-2020 წლებში მუშაობდა “ნიუ ჰოსპიტალსში” მთავარი ინჟინრის თანაშემწის პოზიციაზე.

ამჟამად დაკავებულია მწერლობით

 

 

შემოქმედება

 

2019 წელს, გამომცემლობა „არტანუჯმა“, გამოსცა ტატო ჩხენკელის სადებიუტო ნაშრომი, (დავით ჩხენკელის სახელით) „The Origin“. წიგნი ეხება სამყაროს წარმოშობის შესახებ სხვადასხვა ვარაუდებს.

2021 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალმანახის, „პირველი სხივის“ მესამე ნომერში, დაიბეჭდა ტატო ჩხნკელის სამი მოთხრობა: „აჰა, ქალი“, „მოძრაობის თეატრი“ და „ლიფტში“.

ამავე წელს, გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში, ტატო ჩხენკელის რეცენზია მოხვდა ფინალისტებს შორის.

ქართული პერიოდიკის კიდევ ერთ ჟურნალში, „აფინაჟი“, 2022 წლის მე-4 ნომერში, დაიბეჭდა, ტატო ჩხენკელის პოემა, „ბოლოტყაოსანი“.

 

 

ჯილდოები

 

·        1997 – I ადგილი, საქართველოს ჩემპიონატი კარატე-დო_ში; საზოგადოება „მაქაბის“ ინიციატივით

·        1997 – I ადგილი, საქართველოს ჩემპიონატი კარატე-დო_ში; საქართველოს შიტო რიუ კარატე-დო ფედერაციის ხელმძღვანელობით

·        1998 – I ადგილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი, საქართველოს ჩემპიონატი კარატე-დო_ში; საქართველოს შოტოკან კარატე-დო ფედერაციის ხელმძღვანელობით.

 

სინოპსისი

 

Ø ნაწარმოების სათაური: ყვითელი და ლურჯი

Ø დახასიათება: მხატვრული ლიტერატურა, დაფუძნებული მსოფლიოში განვითარებული უახლესი მოვლენების მიმართ ავტორის რეფლექსიაზე, პირად განცდებზე და სხვადასხვა დროს, მეგობრებისგან, ნაცნობებისგან, უცნობებისგან და ა.შ. შეგროვებულ ინფორმაციაზე, გრძნობებზე, აზრებზე, რომლიდანაც ზოგი ნამდვილა, ზოგი გამოგონილი, ზოგი შეთხზული, ზოგი ტყუილი და ზოგიც მართალი.

Ø ჟანრი: ფსევდო-დოკუმენტური პროზა. რომანი (ეპისტოლარული, ტრაგიკომედიური და ისტორიოსოფიური ეპიზოდებით). ფსიქოლოგიური დრამა. რეალიზმი. სატირა. შავთეთრი იუმორი

Ø სამიზნე აუდიტორია: დემოგრაფიული კოჰორტის 4 თაობა: თაობა X, ათასწლეულის თაობა (მილენიალები), თაობა Z და თაობა ალფა (თაობა ალფას, ანუ ბავშვებს, ვუწოდე „მიმების თაობა“, ჩემი შემოღებული ტერმინია, თუმცა დამკვიდრებული არ არის).

Ø მოკლე შინაარსი: „ჩვენ შეგვიძლია გაპატიოთ ჩვენი ბავშვების მოკვლა, მაგრამ ვერასდროს გაპატიებთ, რომ გვაიძულეთ თქვენი ბავშვები მოგვეკლა“ გოლდა მეირი, ისრაელის მე-4 პრემიერ-მინისტრი. ამაზე მოკლედ ვერ შევძლებდი.

ალბათ, საინტერესო იქნება სათაურის ანატომიით დავიწყო. რატომ ყვითელი და ლურჯი? ამ კითხვაზე ერთი პასუხი არ მაქვს. პასუხები გაბნეულია წიგნის გვერდებზე. პირდაპირი და ირიბი მინიშნებებით. მე შემიძლია გითხრათ იმ ადამიანების ასოციაციები, ვისაც სათაური გავანდე. ბევრი მეუბნება, რომ ესაა უკრაინის დროშის ფერები; სტენდალის წითელი და შავის ალუზია; ლიბერალების და დემოკრატების ფერები; ევროკავშირის დროშის ყვითელი ვარსკვლავები ლურჯ ფონზე; დედაჩემმა, ნატო ჭიპაშვილმა, მწვანე რომ გიყვარს, მაგიტომ დაარქვი ალბათო. ყვითელი და ლურჯი მწვანეს წარმოქმნისო. არ ვიცოდი. გავვარდი მეზობელთან. ბავშვი ჰყავთ. წავართვი ფლომასტერები და დავუჩხაპნე სახატავზე. ყვითელს გადავუსვი ლურჯი. მართალი აღმოჩნდა. წავედი მერე და სათაური, ლიტერატურაში ღრმად ჩახედულ ქალს გავუმხილე, რომელმაც ცოტა შემაშინა. ცოტა კი არა, კაი გვარიანად. შენ, − მითხრა, − სერვანტესობა მოგნდომებია ბიჭუნა. (37 წლის ბიჭუნა? მაგას ვინ ჩივის, სერვანტესი რა შუაშია?) მეთქი დაასრულა და ამოვისუნთქე. ყვითელი, − კიდევ მითხრა. მე უკვე დამცხა კაი ხანია, − გასტრონომიული ფერია ძმაკაც. ყვითელია ბანანი, ვაშლი, ლიმონი, ბულგარული წიწაკა, ცომეული, (ხაჭაპური, განსაკუთრებით მეგრული; ლობიანი, განსაკუთრებით რაჭული; ღვეზელი, განსაკუთრებით გურული), − მე ნერწყვი, ზოგი მომდის, ზოგს ვყლაპავ პარალელურ რეჟიმში. თან ვფიქრობ, მცხეთურმა რა დააშავა? − ათქვეფილი კვერცხი, − არ ჩერდება, − კვერცხის გული, ანანასის გული, ბევრი საკონდიტრო ნაწარმი, შემწვარი კარტოფილი, − აქ უკვე ვეღარ მოვითმინე. სტოპ! − პრინციპში, მგონი დავუყვირე კიდეც, − მაგით რის თქმა გინდა?

რაღა რის, − მეუბნება, − ბარემ დონ კიხოტე და სანჩო პანსა დაგერქმია. ბავშვმაც იცის, მთავარი გასტრონომიული სიმბოლო ლიტერატურაში. სანჩო, sanchismos, მიწიერი ჭკუა. ჭკუა, როცა ის კუჭზე გადის. ხოლო კუჭი, ფაშვი, სტომაქი, მუცელი, ეგ არის შენი ჩაპუტკუნებული პანსა. Panza ესპანურიდან ითარგმნება, როგორც ფაშვი, მუცელი, სტომაქი. ეგეც შენი გასტრონომიული ენციკლოპედია. ხოლო რაც შეეხება ლურჯ ფერს, ცისა ფერს, სხვა ვინ დაფრინავს ღრუბლებში, თუ არა მწუხარე სახის რაინდი? ვინ ებრძვის ქარის წისქვილებს? ასე მეგონა აღარასდროს გაჩერდებოდა. ტანში მცრიდა თუ მშლიდა ვეღარ ვხვდებოდი. აღარ მინდა-მეთქი, ბოლოს ვუთხარი. მწვანეს ვარქმევ, მწვანეს, მწვანეს. პირდაპირ მწვანეს. დედაჩემმა მითხრა მწვანე გიყვარს, ყვითელი და ლურჯის კომბინაციით კი მწვანე მიიღებაო. მერე ველაპარაკე პარფიუმერიაში ღრმად ჩახედულ კაცს, ანუ სარკის წინ წავისაუბრე. აქ ცოტა დავწყნარდი. ისეთი არაფერი? ლურჯი, აკვატიკური ნოტების აღმნიშვნელია, ყვითელი − ციტრუსის. გურმანული არომატების კატეგორიაშია. ლიმონი, ანანასი, ბერგამოტი, ციტრონი... ისევ საჭმელი. ისევ გურმანი... ისევ გასტრონომია... ის სარკე ჩავლეწე. შემიძლია გაჩვენოთ J)) შენახული მაქვს. ეგზოტიკური დისციპლინებიდანაც გამომეხმაურნენ ნაცნობები სათაურთან დაკავშირებით. ყვითელი ფერით აღნიშნავენ მზის წნულს, ანუ ისევ მუცელი, ფაშვი, ნაწლავები და ამ ჩაკრას სანსკრიტულად ჰქვია მანიპურა. ეს უკვე მეტისმეტი იყო. პური? მანი, მანა, მანანა, ანუ ციური პური? ისევ ჭამა? საერთოდ გადავირიე. მუცელი ამტკივდა. (როცა ვნერვიულობ, მუცელი მიბუყბუყებს. ისევ ეგზოტიკურ დისციპლინებს თუ დავესესხებით, კერძოდ, ასტროლოგიას, მაშინ, მე ქალწული ვარ. ჩემი სუსტი წერტილი ნაწლავებია. ხანდახან მგონია, ურიგო არ იქნებოდა, ზოდიაქოს შეცვლა რომ შეიძლებოდეს. იმის გამო არა კაცი რომ ვარ და ქალწული, უბრალოდ, სხვა ტკივილებს უფრო ავიტანდი, ოღონდ ეს არა. გასტრიტი, ვეგეტონევროზი) არც კი გამივლია თავში არადა, ნახავთ. ნახავთ, არც სანჩოა ამ რომანში, არც პანსა, არც დონ კიხოტი. მსგავსი არავინ. მე თვითონ, ამ სათაურით, აღვნიშნე დასასრული. თუმცა დასასრულის ხსენებაც, ცოტა სარისკოა, მოგეხსენებათ. ამიტომ აქ ვიშველიებ ჩემს მამას, (მე ჩემს მამად ვაღიარებ რუსთაველს. ქართველი არტისტი, რომელიც არ აღიარებს რუსთაველს მამად, ძმად არ მიმაჩნია. შეიძლება სხვა რამ იყოს, მაგრამ არა ძმა) „საქმე ვქმენ საჭოჭმანები“. ესქატოლოგიიდან, დასასრულის აღმნიშვნელად, საშიში სიტყვები გვახსენდება, აპოკალიფსი, არმაგედონი, მეორედ მოსვლა და ა.შ. თუმცა მე თავად ვიგულისხმე 4 თაობის მომცველი პერიოდის დასასრული. მოყოლებული მდუმარე თაობიდან, პირველი მსოფლიო ომის შემდგომი თაობიდან, ათასწლეულის (მილენიალები) თაობამდე. ტრადიციული ინდუსტრიიდან, ციფრულ ეპოქამდე. მდუმარე თაობას ტრადიციულად, ყვითელი ფერით აღნიშნავენ, ხოლო მილენიალებს, ლურჯით. 4 თაობის ასე დაჯგუფება, არსად მსმენია, ეს ჩემი პირადი ინიციატივაა და ამავე დროს პროგნოზი, რომ ამ დასასრულის შემდგომ, დაიწყება ეპოქა, რომელიც ასევე გააერთიანებს ოთხ თაობას, რომელთაგან ორი უკვე ვიცით. ისიც ვიცი, მათ ბევრი საერთო რომ აქვთ. ესენი არიან თაობა Z და თაობა ალფა. ჩემი აზრით, მათ შემდგომ გაჩნდება კიდევ 2 ახალი თაობა, და ჯამში ეს ოთხი, შექმნის ახალ ეპოქას, რომელიც ჩაანაცვლებს ციფრულს. წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება იყოს ეს, თუმცა ვეჭვობ, რომ იქნება.  

„ლურჯები“, ანუ მილენიალები ასრულებენ ოთხეულის ციკლს. მე თავად ვარ ამ თაობის წარმომადგენელი და ვალად მივიჩნიე ჩემი დასასრული, რაღაც რეკვიემივით, მე თვითონ დამეწერა.

რომანის მიზნად ბევრი რამ შეიძლება დასახელდეს. რამდენიმე მათგანი შეიძლება გამოვყოთ კიდეც, მაგალითად, რომ კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს გულწრფელობის მნიშვნელობაზე, მიზეზზე, შეგვახსენოს კარგად დავიწყებული ძველი, თუმცა მთავარი ღერძი რის გარშემოც ბრუნავს ყველაფერი, დაუცველობაა, უმანკოება, მოწყვლადობა, სილამაზე. ასეთები კი, ადამიანები ვართ და გამორჩეულად კი, ჩვენი საუკეთესო შემადგენელი, ბავშვები. ფროიდის მიხედვით ფსიქიკა ბავშვობაში ყალიბდება, როცა მყიფეა, დამყოლი, ახალი. შემდეგ, ეს ჩამოყალიბებული ფსიქიკა, დიდობაში მიგვყვება და იქ ავლენს თავს. ჩვენ უნდა შევძლოთ განვიცადოთ, რა ფსიქიკა გაყვებათ დიდობაში მარიუპოლელ ბავშვებს, კიეველებს, ხერსონელებს, ლვოველებს, ჩერნობილელებს, უკრაინელ ბავშვებს?! რას განიცდიდნენ ქართველი ბავშვები 9 აპრილს? 90-იანებში? სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ჩამონათვალი? სწორედ ეს კითხვა აწუხებს ნარატორს, რომელიც ამავე დროს მთავარი გმირია და ამავე დროს არ აქვს სახელი. არ ვიცი ქალია, თუ კაცი (უფრო ქალი მგონია. მინდა მჯეროდეს). არ ვიცი რა გვარია, რა ჰქვია დედას, მამას, ჰყავს თუ არა დედმამიშვილები. სამაგიეროდ, ვიცი დაახლოებითი ასაკი, ოცდაათს პლუს-მინუს უნდა იყოს. ვიცი სავარაუდო ეროვნება. არ უყვარს დელიკატესები, განსაკუთრებით, მწვანე ბაყაყი. არის იმუნოლოგი და იმყოფება მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის სარდაფში, უვლის დაჭრილებს, უსხამს სისხლს, აკრიტიკებს დოსტოევსკის, მხატვრულ ლიტერატურას და ელაპარაკება ამხანაგ რედისს, რომელიც, სავარაუდოდ, „აზოვის“ პოლკის მეთაური, დენის პროკოპენკოა. ლაპარაკს იწერს Voice recorder-ით მობილურში, რომელსაც დაკარგავს და რომელსაც იპოვიან და გადასცემენ რედაქტორ ლიუბას, იმპერატივით, აუდიო ფაილი ფურცელზე გადაიტანოს და გამოსცეს. რედაქტორი ლიუბა რომ უყოყმანოდ ემორჩილება ბრძანებას, მაფიქრებინებს, რომ რუსია, ან რუსეთუმე, პუტინის რუსეთში საქმიანობს (თუმცა მსუბუქი იმედი დამრჩა ბოლომდე, რომ მთლად უიმედო არ არის). რედაქტორი ლიუბა, მისთვის გადაცემულ მასალას, უსადაგებს ტექსტს, სადაც თხრობა მიმდინარეობს უცვლელად, პირველ პირში, მთავარი გმირის ჩაწერილი აუდიო ფაილის მიხედვით. რედაქტორი ლიუბა ყრუა. დაბადებიდან (მქონდა ცხოვრებაში პერიოდი, საკმაოდ ხანგრძლივი, როცა მინდოდა დავყრუებულიყავი. მიზოფონია მაქვს და ამავე დროს სინესთეზიის ერთერთი ფორმაც, ქრომესთეზია. კონკრეტული ბგერები ჩემში იწვევს ფერების, ფორმების და მოძრაობის ასოციაციას. სათაურიდან მოვიტან მაგალითს. ყვითელი არის რე, ლურჯი ფა დიეზი). რატომ? საერთოდ რატომ უნდა დაწეროს ლიუბამ? რა არის მოტივი? მარტივია. რა მოტივით აქვეყნებენ პირადი ცხოვრების ამსახველ აუდიო (ვიდეო) მასალას? ვინ არის ამის შეუდარებელი, ხელმარჯვე ოსტატი? ‎ФСБ? ‎КГБ? და რა სურთ? რა და ის, რაც სურდათ ადრე, როდესაც ყველას, განურჩევლად პროფესიისა, წარმომავლობისა და ა.შ. ფსიქიატრიულ განყოფილებებში ამწყვდევდნენ. გიჟია! ვარდენი გაგიჟდა! არ ვარ გიჟი ხალხო, დალეული ვარ! მიდი და ამტკიცე, რომ არ ხარ ვარდისფერი სპილო. ან ლურჯი მაიმუნი. ან ბუმბულებიანი ჰიპოპოტამი. ამ ცხოველებსაც ცუდად ვექცევით ისე, ევფემიზმების შესაფუთ მასალადაც რომ ვიყენებთ. ზოოპარკი არ ვაკმარეთ. ყველაფერი ფეესბეს ბრალი არ არის. გახედვნა, მოთვინიერება, მოშინაურება, ჭამა, დაკონსერვება, ტყავის გაძრობა. ჩვენ უბრალოდ ჩვენ სამყაროში შემოვიყვანეთ ისინი და ჩვენი თავები ჩავანაცვლეთ მათით. ზედსართავები, იგივე დარჩა. პირამიდებივით. საუკუნეების მერეც. ჭამას ამოვიღებდი. მადლობა ღმერთს, ერთმანეთს აღარ ვჭამთ პირდაპირი მნიშვნელობით, გადატანით კი, სიის სათავეში ვტოვებ. რა უქნეს ტერენტი გრანელს?  სხვათაშორის, მხოლოდ სსრკ-ში არა. რა უქნეს ალან ტურინგს? მხოლოდ იმის გამო, რომ 19 წლის უმუშევარი ბიჭი შეუყვარდა მანჩესტერში, არნოლ მიურეი? გაჭყიპეს სტილბესტროლით, პრედნიზოლონით, სინთეთიკური ესტროგენებით. იქამდე მიიყვანეს, სანამ ციანიდი არ ჩაყლაპა. ამ რამეებზე არაფერი წერია რომანში ცხადია. მოტივზე, ტერენტის ბედზე, ალან ტურინგისაზე, სინთეთიკურ ესტროგენებზე. ხალხს ჰგონია აზოვსტალის მცველები გმირები არიან. რას იფიქრებენ ამ ჩანაწერს რო მოისმენენ შიგ ეპიცენტრიდან? აზოვსტალის ქარხნის სარდაფიდან? გიჟები ყოფილან? ფაილის გამოქვეყნების მოტივი აქ განვმარტე, იქ კი, მკითხველს ვუტოვებ ამის უფლებას. მთავარი გმირი ეუბნება ამხანაგ რედისს, რომ იეშუა ბარ იეჰოსეფის შთამომავალია, − ოცდამეთვრამეტე თაობა და ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ეს იეშუა ბარ იეჰოსეფი, არამეულად გამოთქმული იესოა, ძე იოსებისა, (ყველგან ახსენებს მხოლოდ არამეულად, ან დიდ დიდ დიდ ბაბუას ეძახის. ბარემ აქვე. ახსენებს, აგრეთვე, მისი ბებიის სახელს, მარიამნე ე მარა. ბერძნულ-არამეული კომპოზიტია. სახელი მარიამნე, ხშირად შეგვხვდება ჰეროდე დიდის დროინდელ იუდეაში, რადგან ჰეროდე, აქტიურ ელინიზაციას ეწეოდა თავისი მეფობის წლებში. ქალაქი სეფორისი მაგან ააშენა. მანდ არის ერთი მოზაიკური მხატვრობა, იატაკზე, „გალილეველ მონა ლიზას“ ეძახიან. მხატვრობაში ვერ ვერკვევი, მაგრამ წარბები რომ არ ჰქონდეს და კამერაში იყურებოდეს, ჩემთვის ჰგავს კიდეც ი მ ა ს. „ე მარა“ ნიშნავს, მიმართვას, წოდებას, ოსტატო! არამეულად. „მარა“, ნიშნავს ოსტატს. ასეთი წოდების მარიამნე, იგივე არამეული მარია, მარიამი, მხოლოდ მარიამ მაგდალელი, (ან მაგდალინელი) შეიძლება იყოს) ანუ იესო ნაზარეველი, იესო ქრისტე, მაცხოვარი, ორი მილიარდი ქრისტიანის თაყვანისცემის წყარო. მონოლოგი, დაახლოებით, 8 საათს გრძელდება აუდიო ფაილში, ერთ დღეს, 2022 წლის 17 მარტს, (არც ამაზე წერია რომანში რამე, ვგულისხმობ 8 საათს) თუმცა, მკითხველი გაიცნობს ჟიჟუს, იმოგზაურებს სამყაროს გაჩენიდან დღემდე პერიოდში, მათ შორის, მე-18 საუკუნეში, განმანათლებლობის ეპოქის მიწურულს, ელიანორ ეროვეისთან ერთად. ესაა რომანი შავზე და თეთრზე, ომზე, სიკვდილზე და ესაა რომანი სიცოცხლეზე. მთავარი გმირი ამბობს, „არ ვიცი ვინ ვარ, თუმცა შეიძლება ვიყო პეონიები ხრწნის არომატით“. არ ამბობს, “შეიძლება ვგავდე“, რაც იგივე იქნებოდა, რომ გვეთქვა, „სიცოცხლე, ცხოვრება, ჰგავს ამას და ამას“. ის ამბობს, „ვიყო“, რაც ნიშნავს, „მე ვარ“, და შეგვიძლია გავიგოთ, როგორც, „მე ვარ სიცოცხლე, სიკვდილის არომატით“, ან კიდევ, „მობრძანდით, დღეს ფასდაკლება გვაქვს. გთავაზობთ სიცოცხლის ფართო არჩევანს. გვაქვს სიცოცხლე, ლიმონის არომატით, მარწყვის არომატით, თაფლის არომატით და გვაქვს ექსკლუზივი სიცოცხლეზე, სიკვდილის არომატით. შავი პარასკევის ფასდაკლება ღამის 12 საათამდე გაგრძელდება, ამიტომ, იჩქარეთ“. ამ რომანის მოკლე შინაარსის მოყოლა შეუძლებელია. ალბათ, ფილოლოგი რომ ვყოფილიყავი გამიადვილდებოდა, მაგრამ ინჟინერი ვარ, მომიტევეთ. სიცოცხლეს ვერ დაინახავ სიცოცხლიდან, ისე, როგორც სინათლემ არ იცის რა არის სინათლე. ის მხოლოდ სიკვდილიდან ჩანს. ამიტომაც მთავარი გმირები დამარხულები არიან მიწაში, როგორც მკვდრები. ეს არსადაა პირდაპირ ნათქვამი, თუმცა მათი მდებარეობა ამაზე მიუთითებს. მთელი რომანის განმავლობაში ისინი უკრაინის ქალაქ მარიუპოლიში, აზოვსტალის ქარხნის სარდაფში არიან დამწყვდეულები, ბუნებრივია ალყაში, ისე როგორც სინამდვილეში იყო. „აზოვის“ პოლკის მებრძოლები ალყაში მოაქციეს რუსებმა, სანამ ტყვედ არ ჩაბარდნენ და შემდეგ არ გათავისუფლდნენ. არც ეს ფაქტია აღნიშნული რომანში. მხოლოდ ერთი დღე, 17 მარტია აღწერილი. მოკლე შინაარს ვერ ვყვები. ერთი ვიცი, რომ კითხვის დროს, მკითხველის ცნობიერება, ფარანს დაემგვანება. მოუწევს ყურადღება, როგორც სინათლის კონუსი, ხან შეკრიბოს და ერთი პერსონაჟის გრძნობების, განცდებისა და ემოციებისთვის დაძაბოს, ხან გაფანტოს, ეცადოს დიდ სურათში დაინახოს საკუთარი თავი, როგორც მთავარი გმირი, რომელიც ამბობს, „თვალებს გაოფლილი ხელისგულებისკენ ვხრი და მზერას თითებშორის სიცარიელეზე თანაბრად ვანაწილებ“.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური