„მომეცა მოტივაცია, რომ უფრო მეტი მონდომებით ვწერო“ - ნიკოლოზ ცისკარაშვილის წიგნი მკითხველთან შესახვედრად მზად არის
„მომეცა მოტივაცია, რომ უფრო მეტი მონდომებით ვწერო“ - ნიკოლოზ ცისკარაშვილის წიგნი მკითხველთან შესახვედრად მზად არის
28 დეკემბერი, 2020 წ.
წელს ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ უკვე მეოთხედ ჩატარდა. ჟიურიმ და ქართველმა მკითხველმა 3 რჩეული რომანი გამოავლინეს, რომლებსაც წიგნის მაღაზიების თაროებზე სულ მალე ვიხილავთ.
პირველი წიგნი, რომლის წარდგენაც უკვე გაიმართა, ნიკოლოზ ცისკარიშვილის „ცეცხლისწამკიდებელია“. იგი ჟიურის რჩეული გახდა და დანარჩენი 2 რომანის მსგავსად, რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა მკითხველთან შესახვედრად. ლიტერატორი და „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის“ ჟიურის ერთ-ერთი წევრი პაატა ჩხეიძე „ცეცხლისწამკიდებლის“ წინასიტყვაობაში წერს: მწერალი თავიდანვე ახერხებს გაურკვევლობასა და ბუნდოვანებაში გამყოფოსო. შესაბამისად, მკითხველს კიდევ ერთი, თავგადასავლებითა და განსხვავებული ემოციებით სავსე რომანი ელოდება. აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდაზე სპეციალურად ამ რომანისთვის გადაღებული ფოტოა გამოყენებული, რომლის ავტორიც ლუიზა ჩალათაშვილია.
ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, წიგნის წარდგენა ონლაინრეჟიმში შედგა. როგორი იყო ახალგაზრდა ავტორისთვის თავის პირველ წიგნთან შეხვედრა და როგორი ლიტერატურული თავგადასავალი ელის მის მკითხველს, ამის შესახებ ნიკოლოზ ცისკარიშვილი თავად გვესაუბრა.
რამდენი ხანი ელოდით წიგნს და რას გრძნობდით ამ მოლოდინის დროს?
კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ რამდენიმე თვის წინ დასრულდა. გამარჯვებულების ვინაობაც უკვე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ მოსამზადებელ პროცესს საკმაო დრო დასჭირდა. ავტორისთვის, რომელიც პირველ წიგნს აქვეყნებს, მოლოდინი კიდევ უფრო მძაფრია. საინტერესოდ მიმდინარეობდა ჩემი ურთიერთობა გამომცემლობის თანამშრომლებთან და წიგნის რედაქტორთან, ბატონ როსტომ ჩხეიძესთან. დავრწმუნდი, რომ წიგნის დაწერის შემდეგ ავტორს კიდევ დიდი სამუშაო ელის, სანამ ის გამოსაცემად მზად იქნება.
როგორი იყო წიგნთან პირველი შეხვედრა?
საკუთარ წიგნთან პირველი შეხვედრა ძალიან ემოციური გამოდგა. სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში ბევრს ვერაფერს ვგრძნობდი სიხარულისა და გაოცების გარდა. ბოლომდე ჯერაც ვერ ვიჯერებ.
ცხადია, ყდის დიზაინი და წიგნის ფორმატი წინასწარ იყო ჩემთვის ცნობილი, მაგრამ მასთან უშუალო შეხვედრამ განსაკუთრებულად იმოქმედა, თითქოს რაღაც ახლის შექმნის უშუალო მომსწრე და მონაწილე გავხდი.
წიგნის წარდგენა ონლაინრეჟიმში გაიმართა... შეზღუდვების გამო, სამწუხაროდ, სხვა გზა არ გვქონდა. უკეთესი იქნებოდა, მომავალ მკითხველს უშუალოდ შევხვედროდი, მათ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მქონოდა, მაგრამ ვფიქრობ, ამ პირობებში გამომცემლობამ მაქსიმალურად ორგანიზებულად იმუშავა და ამისთვის მადლობას ვუხდი ყველას, ვინც პრეზენტაციის დაგეგმვასა და მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.
როგორი იყო ნიკოლოზ ცისკარაშვილი კონკურსამდე და როგორია ახლა, როცა უკვე თავის წიგნს უყურებს?
ხელოვანსა და ხელოვნების ნაწარმოებს შორის მიმართება დიალექტიკურია: ხელოვანი ქმნის ნიმუშს, და ხელოვნების ნიმუში აქცევს შემოქმედს შემოქმედად. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მხარე პირველადი და უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც მჯერა, რომ მწერალს მხოლოდ წიგნი არ ქმნის: არსებობენ ისეთი მწერლები, რომლებსაც არასდროს არაფერი გამოუქვეყნებიათ და ადამიანები, რომლებიც უამრავი წიგნის ავტორები არიან, მაგრამ მათ მწერლებს მაინც ვერ ვუწოდებთ. საკუთარი წიგნის უშუალოდ ხილვამ მომიტანა მეტი თვითრწმენა, თავდაჯერება და მოტივაცია, რომ უფრო მეტი მონდომებით ვწერო.
შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორი იყო წიგნზე მუშაობის პროცესი?
ლიტერატურა არა მხოლოდ მკითხველისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ავტორისთვისაც. ხელოვანი შემოქმედების პროცესში გარდაიქმნება. „ცეცხლისწამკიდებელი“ არის წიგნი, რომელმაც, პირველ რიგში, ავტორზე იმოქმედა. ხელოვნების მნიშვნელობის ან დანიშნულების განსაზღვრა, მით უმეტეს პოსტმოდერნიზმის ეპოქაში, შეუძლებელია, მაგრამ შემოქმედი ალბათ ის არის, ვისაც საკუთარი თავის შეცნობის სურვილი აქვს და საამისოდ სიმამაცეც ჰყოფნის. „ცეცხლისწამკიდებელი“ სწორედ ამის შესახებაა: თუ როგორ ეძებს ადამიანი საკუთარ თავს, როგორ გაურბის წარსულს, შეცდომებს, როგორ გაუუცხოვდება თავის შინაგან სამყაროს.
რა ელოდება მკითხველს, როგორია რომანის მთავარი გმირი?
ეს ნაწარმოები, შეიძლება ითქვას, ერთ დიდ დევნაზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი გაურბის საკუთარი შიშის ობიექტს და ამ დევნაში სხვა, უფრო საზარელ არსებებს წააწყდება. რომანი გაჯერებულია სათავგადასავლო ელემენტებით და შინაგანი მონოლოგებით, მუდამ ერთმანეთს ენაცვლება გარეგანი და შინაგანი სამყაროები. „ცეცხლისწამკიდებელი“ სავსეა ბრძოლით, ძიებით, დევნით, ფიქრით, ტანჯვით, მარტოობით, შიმშილით. ყველაფერი ეს არის კიდეც სიმბოლო და არც არის. სინამდვილეში, ეს ერთი მეტად გრძელი და რთული თავგადასავალია, რომელიც სრულიად მოულოდნელი შედეგით, უცნაური მეტამორფოზით სრულდება.
წიგნის გამოწერა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდიდან Palitral.ge
„დეტექტივობანა“ 90-იანების გზამკვლევი იქნება“ – დებიუტანტი ავტორის დავით ჩომახიძის კრიმინალური თრილერი უკვე გამოიცა
28 დეკემბერი, 2020 წ.
გრძელდება ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული კონკურსის„გახდი ბესტსელერის ავტორი“2020 წლის გამარჯვებულ ავტორთა წიგნების წარდგენა. ამჯერად, ხალხის რჩეულის, დავით ჩომახიძის წიგნის „დეტექტივობანას“ ონლაინწარდგენა გაიმართა. წიგნი დებიუტანტი ავტორის მენტორმა მწერალმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ წარადგინა.
„დეტექტივობანა“ დავით ჩომახიძისთვის პირველი დაბეჭდილი წიგნია. მანამდე მისი მოთხრობები სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალში ქვეყნდებოდა.როგორც მწერალი აღნიშნავს, რომანის წერა 90-იან წლებში დაიწყო და იგი გარკვეულწილად იმ პერიოდის გზამკვლევის როლს შეასრულებს.აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდაზე სპეციალურად ამ რომანისთვის გადაღებული ფოტოა გამოყენებული, რომლის ავტორიც სალომე ლომთაძეა.
როგორი იყო წიგნზე მუშაობის პროცესი და რას ჰპირდება მკითხველს „დეტექტივობანა“, ამის შესახებ მისი ავტორი დავით ჩომახიძე გვესაუბრა.
როგორ ჩაიარა პრეზენტაციამ, რამდენად ამაღელვებელი იყო თქვენთვის საკუთარი წიგნის მკითხველისთვის წარდგენა?
მართალია, პრეზენტაცია ონლაინ ჩატარდა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ნაკლებად საინტერესო იყო. საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ და გავაცანით ხალხს ეს რომანი. რა თქმა უნდა, აღელვებული ვიყავი, ის ხომ ჩემი მრავალწლიანი შრომის ნაყოფია. როგორც ყველა ავტორს, მის მიმართ ისეთი გრძნობა მაქვს, როგორიცმშობელს შვილის მიმართ.
რა შეიცვალა თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ?
კონკურსში გამარჯვებამ სტიმული შემმატა, უფრო თამამად და ნაყოფიერად ვიმუშაო ახალ ნაწარმოებზე.
თქვენი რომანი ხალხის რჩეული გახდა. ალბათ მათს შთაბეჭდილებებს მოუთმენლად ელით...
რა თქმა უნდა. როცა ხალხის რჩეული ხარ, კრიტიკაც არ გაშინებს, რადგან ხალხი არა მარტო კრიტიკული - სამართლიანიცაა, ამიტომ დარწმუნებული ვარ, საინტერესო ნამუშევარს შევთავაზებ ჩემს მომავალ მკითხველს.
დღეს, ინტერნეტის ეპოქაში, წიგნის გარეშეც მარტივად შეიძლება ზღვა ინფორმციის მოპოვება, ამიტომ საჭიროა ბევრი მუშაობა, რათა წიგნის მიმართ ინტერესი არ შემცირდეს. არ მეგულება უფრო სასარგებლო საქმე, ვიდრე წიგნის გამოცემა და პოპულარიზაციაა, რასაც „პალიტრა-L“ აკეთებს. ამისთვი სდაუსრულებლად შემიძლია მადლობა გადავუხადო მთელ სარედაქციო ჯგუფს.
როცა ამ რომანზე მუშაობდით, ფიქრობდით, რომ გარკვეული ხნის შემდეგ იგი წიგნის მაღაზიების თაროებზე გამოჩნდებოდა?
ყველა შემოქმედს სურს თავისი ქმნილება ვინმეს გააცნოს. როგორც მსახიობს - მაყურებელი, ფერმწერს - შემფასებელი, ასევე სჭირდება მწერალს მკითხველი. რა თქმა უნდა, როცა „დეტექტივობანაზე“ ვმუშაობდი, ვოცნებობდი, რომ ოდესმე წიგნად დაიბეჭდებოდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამის დიდი იმედი არ მქონდა, რადგან ნაწარმოების წერა 90-იანების მიწურულს დავიწყე, მაშინ წიგნებს საკმაოდ იშვიათად ბეჭდავდნენ. მას შემდეგ ოცი წელი გავიდა და მხოლოდ „პალიტრა-L“-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის წყალობით მივა მკითხველამდე წიგნის სახით.
რა ელოდება მკითხველს თქვენი წიგნისგან და როგორ შეძლებს მის დაინტერესებას?
„დეტექტივობანა“ მოგვითხრობს ბოროტებასა და სიკეთეს შორის მარადიულ დაპირისპირებაზე, ნაწარმოებში მნიშვნელოვანი ადგილი მეგობრობას, სიყვარულს და სამართლიანობისთვის ბრძოლას უჭირავს. ჩემი აზრით, წიგნი ორი ტიპის მკითხველს დააინტერესებს. პირველი–ვინც 90-იანი წლები გამოიარა, რადგან ნაცნობ გარემოში დაბრუნდება და მეორე – თანამედროვე თაობას, რომელსაც 90-იანების შესახებ მხოლოდ წიგნებიდან და ნაცნობებისგან სმენია, „დეტექტივობანა“ მათთვის 90-იანების გზამკვლევის როლს იკისრებს.
წიგნის გამოწერა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდიდან Palitral.ge
"ჰერმესის დახლიდარები" – "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" ჟიურისა და ხალხის რჩეული რომანი უკვე გამოიცა
28 დეკემბერი, 2020 წ.
„ეს არის წიგნი, რომელიც შეგითრევს; წიგნი, რომელიც უნდა ამოიცნო“ - ასე აფასებს ლიტერატორი პაატა ჩხეიძე „გახდი ბესტსელერის ავტორი2020-ის“ჟიურისა და ხალხის რჩეულ რომანს „ჰერმესის დახლიდარები“. სწორედ ამ წიგნით დასრულდა ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულ ავტორთა წიგნების წარდგენა. რომანი ლიტერატორმა პაატა ჩხეიძემ და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარმა რედაქტორმა მაია ალუდაურმა წარადგინეს.რომანის ავტორი ქარდა ქარდუხი უკვე შემდგარი მწერალია.
წერს მოთხრობებს, რომანებს, წარმატებით ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მისი შემოქმედებითი ცხოვრება არაერთ ჯილდოს ითვლის, მათს რიგს წელს ყველაზე მასშტაბურ ლიტერატურულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ში“ გამარჯვებაც დაემატა.„ჰერმესის დახლიდარები“ პირველივე ფურცლებიდან გადაგიყვანთ შეყვარებული კაცის სამყაროში, რომელიც თავისი სატრფოს მოსაძებნად ხმელთშუაზღვის ნახევარკუნძულ გულანშაროში ჩადის. აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდაზე სპეციალურად ამ რომანისთვის გადაღებული ფოტოა გამოყენებული, რომლის ავტორიც გოგა ჩანადირია.რომანსა და მასზე მუშაობის პროცესზე ქარდა ქარდუხი თავად გვესაუბრა.
როგორ ჩაიარა თქვენი წიგნის ონლაინწარდგენამ და როგორ გამოხმაურებას ელით მკითხველისგან?
ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო ბატონი პაატა ჩხეიძისა და ქალბატონი მაია ალუდაურის მოსმენა, რომლებმაც ჩემთან ერთად წარადგინეს „ჰერმესის დახლიდარები“. როცა ასეთი პროფესიონალები შენზე და შენს ნაწარმოებზე საუბრობენ, ამაზე უკეთესი გრძნობა, მერწმუნეთ, არაფერია. აი, ჩემი ჩართვისას კი ნამდვილად მეკარგებოდა კომფორტის სიამოვნება, საკმაოდ რთული ყოფილა დისტანციურად საუბარი.რაც შეეხება მკითხველის გამოხმაურებას, ახლა ისეა მწერლობის საქმე, რომ მთავარია, იყოს გამოხმაურება... მოუთმენლად ველი.
უკვე შემდგარი მწერალი ხართ. თუ შეიცვალა რამე თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში კონკურსში გამარჯვების შემდეგ?
კი, შეიცვალა: ერთგან ვთქვი კიდეც, რომ უკვე თითქოსდა მზად ვარ იმ რომანის დასაწერად, რომლის გამოცემის დარდი აღარ მექნება.
როგორი იყო რომანზე მუშაობის პროცესი? ფიქრობდით მაშინ, რომ იგი დიდ წარმატებას მოგიტანდათ?
რომანის წერა 2002 წელს დავიწყე. მაშინ ეს ნაწარმოები თითქოსდა ამბოხი იყო იმდროინდელ საქართველოში გამეფებულ სადო-მაზოხისტურ დიქტატურა-ტირანიის წინააღმდეგ, მაგრამ მალე ვითარება ისე შეიცვალა, რომ ამ მიმართულებამ აზრი დაკარგა. კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა, თორემ, მგონია, ძირითად მოტივად ეს ხაზი რომ დარჩენილიყო, რომანი საკმაოდ დაკნინდებოდა. შემდეგ დიდი პაუზა მქონდა, მოგვიანებით კი ერთბაშად ვიგრძენი სათქმელის მოჭარბება. წერის პროცესში მხოლოდ მთავარ გმირზე ვფიქრობდი; შეძლებდა თუ არა იგი საკუთარი თავის, ნავსაყუდელის პოვნას...
შინაარსის მცირე ნაწილიც გავანდოთ მკითხველს. ვინ არის მთავარი გმირი, რა მისია აქვს მას?
რომანი არის სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, იმ მარადიულ თემაზე, რასაც სულისა და ხორცის ჭიდილი ან თითქმის მიუღწეველი ჰარმონია ჰქვია... მთავარი გმირი შეყვარებულის მოსაძებნად ხმელთშუაზღვის ნახევარკუნძულ გულანშაროში ჩადის, სადაც თავგადასავლებით სავსე 14 წელს დაჰყოფს. ეს ნახევარკუნძული თითქოს საქართველოს ალტერეგოა, თავისი მცხოვრებლებითა და ისტორიით. პერსონაჟის თავგადასავალში არის „ვეფხისტყაოსნის“ეპიზოდის ალუზია -გულანშაროს, როგორც ვაჭართა ქალაქის, მცხოვრებთა გაორებული მრწამსი ხორციელსა და სულიერს შორის.
რატომ „ჰერმესის დახლიდარები“?
არის იქ ერთი მთავარი ხაზი - ტირანი, დოჟი, ვაჭართა ქალაქში, ცდილობს მოწინააღმდეგეებს, შემოქმედებითი სულის ადამიანებს, დაავიწყოს ხელოვნება და ვაჭრობა დააწყებინოს. ეს ადამიანის სულიერი გატეხვაა. აქედან წამოვიდა სათაურიც- ჰერმესის დახლიდარები. მოგეხსენებათ, ჰერმესი ვაჭართა ღვთაებაა (სხვა მრავალთა შორის).
ოღონდ აქ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ვაჭრობა - როგორც პროფესია - იყოს დაკნინებული. ერთ-ერთი გამორჩეული გმირი რომანში სწორედ ტრადიციული ვაჭართა გილდიის წარმომადგენელია. აქ საუბარია მატერიალურის გაკერპებაზე, რაც სულიერების განადგურებით ხდება.
წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში , ასევე, შეგიძლიათ გამოიწეროთ ვერბგვერდიდან