28 დეკემბერი, 2020 წ.
წელს ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ უკვე მეოთხედ ჩატარდა. ჟიურიმ და ქართველმა მკითხველმა 3 რჩეული რომანი გამოავლინეს, რომლებსაც წიგნის მაღაზიების თაროებზე სულ მალე ვიხილავთ.
პირველი წიგნი, რომლის წარდგენაც უკვე გაიმართა, ნიკოლოზ ცისკარიშვილის „ცეცხლისწამკიდებელია“. იგი ჟიურის რჩეული გახდა და დანარჩენი 2 რომანის მსგავსად, რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა მკითხველთან შესახვედრად. ლიტერატორი და „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის“ ჟიურის ერთ-ერთი წევრი პაატა ჩხეიძე „ცეცხლისწამკიდებლის“ წინასიტყვაობაში წერს: მწერალი თავიდანვე ახერხებს გაურკვევლობასა და ბუნდოვანებაში გამყოფოსო. შესაბამისად, მკითხველს კიდევ ერთი, თავგადასავლებითა და განსხვავებული ემოციებით სავსე რომანი ელოდება. აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდაზე სპეციალურად ამ რომანისთვის გადაღებული ფოტოა გამოყენებული, რომლის ავტორიც ლუიზა ჩალათაშვილია.
ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, წიგნის წარდგენა ონლაინრეჟიმში შედგა. როგორი იყო ახალგაზრდა ავტორისთვის თავის პირველ წიგნთან შეხვედრა და როგორი ლიტერატურული თავგადასავალი ელის მის მკითხველს, ამის შესახებ ნიკოლოზ ცისკარიშვილი თავად გვესაუბრა.
რამდენი ხანი ელოდით წიგნს და რას გრძნობდით ამ მოლოდინის დროს?
კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ რამდენიმე თვის წინ დასრულდა. გამარჯვებულების ვინაობაც უკვე დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ მოსამზადებელ პროცესს საკმაო დრო დასჭირდა. ავტორისთვის, რომელიც პირველ წიგნს აქვეყნებს, მოლოდინი კიდევ უფრო მძაფრია. საინტერესოდ მიმდინარეობდა ჩემი ურთიერთობა გამომცემლობის თანამშრომლებთან და წიგნის რედაქტორთან, ბატონ როსტომ ჩხეიძესთან. დავრწმუნდი, რომ წიგნის დაწერის შემდეგ ავტორს კიდევ დიდი სამუშაო ელის, სანამ ის გამოსაცემად მზად იქნება.
როგორი იყო წიგნთან პირველი შეხვედრა?
საკუთარ წიგნთან პირველი შეხვედრა ძალიან ემოციური გამოდგა. სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში ბევრს ვერაფერს ვგრძნობდი სიხარულისა და გაოცების გარდა. ბოლომდე ჯერაც ვერ ვიჯერებ.
ცხადია, ყდის დიზაინი და წიგნის ფორმატი წინასწარ იყო ჩემთვის ცნობილი, მაგრამ მასთან უშუალო შეხვედრამ განსაკუთრებულად იმოქმედა, თითქოს რაღაც ახლის შექმნის უშუალო მომსწრე და მონაწილე გავხდი.
წიგნის წარდგენა ონლაინრეჟიმში გაიმართა... შეზღუდვების გამო, სამწუხაროდ, სხვა გზა არ გვქონდა. უკეთესი იქნებოდა, მომავალ მკითხველს უშუალოდ შევხვედროდი, მათ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მქონოდა, მაგრამ ვფიქრობ, ამ პირობებში გამომცემლობამ მაქსიმალურად ორგანიზებულად იმუშავა და ამისთვის მადლობას ვუხდი ყველას, ვინც პრეზენტაციის დაგეგმვასა და მომზადებაში მიიღო მონაწილეობა.
როგორი იყო ნიკოლოზ ცისკარაშვილი კონკურსამდე და როგორია ახლა, როცა უკვე თავის წიგნს უყურებს?
ხელოვანსა და ხელოვნების ნაწარმოებს შორის მიმართება დიალექტიკურია: ხელოვანი ქმნის ნიმუშს, და ხელოვნების ნიმუში აქცევს შემოქმედს შემოქმედად. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე მხარე პირველადი და უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც მჯერა, რომ მწერალს მხოლოდ წიგნი არ ქმნის: არსებობენ ისეთი მწერლები, რომლებსაც არასდროს არაფერი გამოუქვეყნებიათ და ადამიანები, რომლებიც უამრავი წიგნის ავტორები არიან, მაგრამ მათ მწერლებს მაინც ვერ ვუწოდებთ. საკუთარი წიგნის უშუალოდ ხილვამ მომიტანა მეტი თვითრწმენა, თავდაჯერება და მოტივაცია, რომ უფრო მეტი მონდომებით ვწერო.
შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორი იყო წიგნზე მუშაობის პროცესი?
ლიტერატურა არა მხოლოდ მკითხველისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ავტორისთვისაც. ხელოვანი შემოქმედების პროცესში გარდაიქმნება. „ცეცხლისწამკიდებელი“ არის წიგნი, რომელმაც, პირველ რიგში, ავტორზე იმოქმედა. ხელოვნების მნიშვნელობის ან დანიშნულების განსაზღვრა, მით უმეტეს პოსტმოდერნიზმის ეპოქაში, შეუძლებელია, მაგრამ შემოქმედი ალბათ ის არის, ვისაც საკუთარი თავის შეცნობის სურვილი აქვს და საამისოდ სიმამაცეც ჰყოფნის. „ცეცხლისწამკიდებელი“ სწორედ ამის შესახებაა: თუ როგორ ეძებს ადამიანი საკუთარ თავს, როგორ გაურბის წარსულს, შეცდომებს, როგორ გაუუცხოვდება თავის შინაგან სამყაროს.
რა ელოდება მკითხველს, როგორია რომანის მთავარი გმირი?
ეს ნაწარმოები, შეიძლება ითქვას, ერთ დიდ დევნაზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი გაურბის საკუთარი შიშის ობიექტს და ამ დევნაში სხვა, უფრო საზარელ არსებებს წააწყდება. რომანი გაჯერებულია სათავგადასავლო ელემენტებით და შინაგანი მონოლოგებით, მუდამ ერთმანეთს ენაცვლება გარეგანი და შინაგანი სამყაროები. „ცეცხლისწამკიდებელი“ სავსეა ბრძოლით, ძიებით, დევნით, ფიქრით, ტანჯვით, მარტოობით, შიმშილით. ყველაფერი ეს არის კიდეც სიმბოლო და არც არის. სინამდვილეში, ეს ერთი მეტად გრძელი და რთული თავგადასავალია, რომელიც სრულიად მოულოდნელი შედეგით, უცნაური მეტამორფოზით სრულდება.
წიგნის გამოწერა შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდიდან Palitral.ge