ბლოგი

კაზუო იშიგუროს „კლარა და მზე“ - ხელოვნური მეგობრის ერთადერთი თავგადასავალი

სურვილების სია

4 მარტი 2025 წ.


„როცა მე და როზა ახლები ვიყავით, მაღაზიის ცენტრში, ჟურნალების მაგიდის მხარეს მოგვათავსეს. ვიტრინის ერთი ნახევრიდან მშვენიერი ხედი გვეშლებოდა. გარეთ ყველაფერს ვხედავდით.“ - ასე იწყება თხრობა კაზუო იშიგუროს 2021 წელს გამოქვეყნებულ რომანში „კლარა და მზე“. სულ მალე მკითხველი შეიტყობს, რომ მთხრობელი, რომლის თვალებითაც ქუჩას უყურებს, არა ადამიანი, არამედ ხელოვნური მეგობარია (ხმ), კლარა, რომელიც ვიტრინასთან დგას და მზესა და გამვლელებს უთვალთვალებს.

კლარა, ისევე როგორც სხვა მსგავსი მოდელები, მზის ენერგიით იკვებება, თუმცა ის, რაც მას დანარჩენებისგან განასხვავებს, არა მისი ტექნიკური მახასიათებლები, არამედ დაკვირვების შესანიშნავი უნარია, რომლის წყალობითაც იგი სხვებზე უფრო სწრაფად ვითარდება და სამყაროსაც უფრო ზუსტად აღიქვამს და ღრმად აანალიზებს.

კლარა დისტოპიურ მომავალში ცხოვრობს; ისეთ მომავალში, რომელშიც ბავშვები განათლებას სახლში იღებენ, სოციალური ურთიერთობები გაიშვიათებულია და თინეიჯერებს მეგობრობას კლარას მსგავსი „მანქანები“ უწევენ. ვიტრინასთან ყოფნის უპირატესობა, ერთი მხრივ, მზის სხივებთან სიახლოვეა, მაგრამ, მეორე მხრივ, ვიტრინა გამვლელების მოსაზიდად, კლიენტების ყურადღების მისაქცევადაა მოწყობილი. სწორედ ვიტრინაში ყოფნისას ხვდება კლარა თავის მომავალ მეგობარს - 14 წლის ჯოზის, რომელსაც დანახვისთანავე უჩნდება კლარასთან დამეგობრების სურვილი.

საბოლოოდ, ასეც ხდება: ჯოზის დედა სწორედ კლარას ამჯობინებს უახლეს მოდელებს და უცნაურ გამოცდასაც უტარებს ხმ-ს: კლარამ ზუსტად ისე უნდა გაიაროს, როგორც ჯოზი დადის. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კი კლარა საბოლოოდ ტოვებს მაღაზიას, ვიტრინას და ოჯახში, თავის თინეიჯერ მეგობართან საცხოვრებლად გადადის.

კლარასთვის ჯოზისთან ცხოვრება პირველი და ერთადერთი თავგადასავალია, ამიტომაც მისი ფიქრები, ახლად აღმოჩენილი გრძნობები თუ ემოციები - ყველაფერი ჯოზისკენაა მიმართული. იგი ერთდროულად არის ჯოზის მეგობარი, მასწავლებელი, ძიძა, მეთვალყურე და იმ დანაკლისის შევსებას ცდილობს, რომელიც ბუნებრივად ჩნდება, რადგან გოგონას თანატოლებთან ურთიერთობა არა აქვს. სანამ ჯოზი კოლეჯში ჩააბარებს, კლარამ უნდა შეუმსუბუქოს მარტოობა და ახალი ეტაპისთვის მოამზადოს.

მათი ცხოვრება, ერთი შეხედვით, იდილიურად შეიძლება მოეჩვენოს მკითხველს, მაგრამ ამ იდილიას ჯოზის ავადმყოფობა, ამ ავადმყოფობის მიზეზები და შესაძლო შედეგები არღვევს. როგორც აღმოჩნდება, იშიგუროს აღწერილ სამყაროში ბავშვების უმრავლესობა გენმოდიფიცირებულია, ხოლო ვინც არ არის, ისინი გარკვეულ სოციალურ პრივილეგიებს კარგავენ; მაგალითად, ჯოზის საუკეთესო მეგობარი, რიკი, რომელიც მეზობლად ცხოვრობს - უნივერსიტეტში სასწავლებლად ვერ ახერხებს წასვლას მხოლოდ იმის გამო, რომ გენმოდიფიცირებული არ არის. თუმცა გენმოდიფიცირებულობაც შეიცავს დიდ რისკებს და გენმოდიფიცირებული ბავშვები ხშირად და მძიმედ ავადდებიან. ამიტომ მშობლები ისეთი არჩევანის პირისპირ დგანან, რომელიც ორივე შემთხვევაში მეტისმეტად დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს გადაწყვეტილების მიმღებს.

კლარას თვალებით მკითხველი ორ ქალს ხედავს, ორ დედას, რომლებმაც სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო. ორივე მათგანი გრძნობს სინდისის ქენჯნას, ორივეს ცხოვრებაზე დიდი გავლენა აქვს იმ არჩევანს, რომლის გაკეთებაც მოუწიათ და, რაც მთავარია, ორივე მათგანის შვილი უმკლავდება ამ არჩევანის გარდაუვალ შედეგებს.

ასეთი „შედეგია“ ჯოზის ავადმყოფობა, რომლისგანაც მისი განკურნება კლარასთვის მთავარი მიზანია. სწორედ აქ იქცევა მზე რომანის მთავარ პერსონაჟად - კლარა მზეს უნდა შეხვდეს, რათა მზის დახმარებით იხსნას მეგობარი. მაგრამ მოინდომებს მზე მის დახმარებას, როცა ადამიანებმა ასე ძალიან გაანაწყენეს, სამყარო დააბინძურეს და ხელოვნური მანქანებითა და მოწყობილობებით ჩაანაცვლეს მისი სინათლე?

კაზუო იშიგურო ამ რომანით, მზისა და კლარას შეხვედრით, ჯოზის ცხოვრების წესითა და მისი ავადმყოფობით, დედამისისა და უცნაური მხატვრის გეგმით, ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას ეხება. ცხადია, ამ თემებს შორისაა ეკოლოგიური პრობლემები, ადამიანსა და ბუნებას შორის დისტანციის შემაშინებელი ზრდა, რაც ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რაზეც არა მხოლოდ ადამიანები, არამედ კლარაც კი იწყებს ფიქრს რომანის დასასრულს: აქვს კი ადამიანს უნიკალური მახასიათებელი ან თვისება, რომელსაც ვერასოდეს ამოიცნობს ხელოვნური მეგობარი? არის კი რამე ჩვენში ისეთი, რაც რადიკალურად განგვასხვავებს ხელოვნური არსებებისგან? იქნებ ჩვენი გადაწერა, გამეორება, შენახვა და სხვა ფორმით გაგრძელება შესაძლებელია?

რომანში ისეთ პერსონაჟსაც შეხვდებით, რომელიც დარწმუნებულია, რომ ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა ის, რასაც ხმ ხედავს, სწავლობს და იმახსოვრებს; და შეხვდებით მათაც, ვინც დარწმუნებულია, რომ ყოველთვის არის რაღაც, რაც ჩვენს უნიკალურობას განაპირობებს და იმად გვაქცევს, ვინც ვართ; და სწორედ ეს „რაღაც“ რჩება მიუწვდომელი სხვისთვის.

„რაღაც განსაკუთრებული ნამდვილად იყო, მაგრამ ჯოზიში კი არა, იმ ადამიანებში, რომლებსაც ის უყვარდათ“ამბობს კლარა და ეჭვიც არ ეპარება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

კლარას, როგორც მთხრობელს, არასოდეს ავიწყდება, რომ მხოლოდ მანქანაა და არა ხორცშესხმული ადამიანი, მაგრამ ჯოზისთან თანაცხოვრებისას ყველაზე ადამიანურ თვისებებს ავლენს: უყვარს, დარდობს, თანაუგრძნობს, ეშინია, რისკავს საყვარელი ადამიანისთვის, იმედი აქვს და რწმენას არ კარგავს არასოდეს. სწორედ ამ თვისებების დამსახურებით ახერხებს, რომ რომანის სხვა პერსონაჟებისთვის თავად იქცეს მზედ, მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი ხანია დავიწყებიათ მზის მნიშვნელობა და მის არსებობას ვეღარც კი ამჩნევენ.

facebook

გაზიარება

კომენტარი

Rated stars out of 5
0

სხვა სტატიები