ავტორის დეტალური

https://api.palitral.ge/storage/author/rEsiUhDEbfFfF6NUsUli1kZFOLSxt3cnOzvmL8NR.jpg

ვაჟა-ფშაველა

წლები: 14 ივლისი 1861- 27 ივლისი 1915

ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი; დ. 14 (26) ივლისი, 1861 ან 15 (27) მაისი, 1862, ჩარგალი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 27 ივნისი (10 ივლისი), 1915, ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია) — ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი და მწერალი. 8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელი პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-დან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში (დღევანდელი ტოლაანთ სოფელი, თიანეთი) მასწავლებლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.