ავტორის დეტალური

https://api.palitral.ge/storage/author/RMX3HgDQNKLllR1QT5fIl5tKmcsYnl69gZM7r27C.jpg

ოლანი ბიწაძე

წლები: -

დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ჭიათურაში. წერასთან ჩემი ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა დღიურს ცხოვრებისეულ ამბებს ვუყვებოდი და რადგან ხშირად წაკითხვის შემდეგ ეს ამბები არ მომწონდა, გადავწყვიტე, თავად გამომეგონა საინტერესო ისტორიები. გამოგონილ ისტორიებთან ერთად ჩემს ნაწერებში თანდათან ის ამბებიც გაჩნდა, რომლებიც თავს მართლა გადამხდა, რომლებიც მოვისმინე, ან რომლებიც უბრალოდ შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო. ლიტერატურა ხომ უმეტესად სწორედ იმ იდეით საზრდოობს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და არა - იმით, რაც მართლა არის. სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის მიმართულებაზე ჩავაბარე და პროფესიულადაც იმ საქმიანობებს დავუკავშირდი, რაც მანამდე ჩემთვის სამყაროს თუ საკუთარი თავის შეცნობის, თვითგამოხატვის და რაიმე ღირებულის შექმნის მცდელობის საშუალება იყო. დღეს, როცა უკვე მაგისტრატურის სტუდენტი ვარ, ვხვდები, რომ სწორი გზა ავირჩიე და შეუძლებელია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც მეცნიერების, ლიტერატურის სამყაროში შედის, თავგადასავლებით სავსე არ იყოს. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის შეგიძლიათ იფანტაზიოროთ. ხშირად ვმონაწილეობ ხოლმე კონკურსებში, რაც ჩემი შემოქმედების სხვებისთვის გაზიარებაში და განვითარებაში მეხმარება. ლიტერატურულ ჟურნალებსა და გაზეთებში ბეჭდავენ ჩემს მოთხრობებს, თუმცა, ბუნებრივია, ჩემთვის, როგორც წერით გატაცებული ადამიანისთვის, დიდი სურვილია საკუთარი წიგნის ცოცხლად ხილვა. წიგნები კი სიცოცხლეს მაშინ იწყებენ, როცა მკითხველს მათი გადაშლის და წაკითხვის შესაძლებლობა აქვთ.