თათული ღვინიანიძე
წლები: -
ბესტსელერების „აღიარება ხელისგულზე“ და „ერთი კვირა ერთ ოთახში“ ავტორი თათული ღვინიანიძე დაიბადა 1996 წლის 29 ივნისს, თბილისში; თუმცა, ბავშვობის დიდი ნაწილი ქუთაისში გაატარა. მისი დედა, ქეთევან კოხრეიძე, პროფესიით პედაგოგია; მამა, ირაკლი ღვინიანიძე კი ინჟინერი. თათულის ჰყავს 12 წლით უმცროსი და, ბარბარე ღვინიანიძე. დამოუკიდებლად ცხოვრების მიუხედავდ, თათული ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს ოჯახის წევრებთან. თათული ღვინიანიძეს მედიაში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება აქვს (მათ შორის მთავარი რედაქტორის პოზიციაზე), 7 წელი კი მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროებში გაატარა (მათ შორის მარკეტინგის აღმასრულებელი დირექტორის და PR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციებზე). 2018 წლიდან იგი ცოდნას უზიარებს სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მთელი საქართველოს მასშტაბით, საავტორო ტრენინგებით: „შემოქმედებითი წერა“, „წერა მარკეტინგისა და PR-ისთვის“, „წერა ბეჭდური და ონლაინ მედიისთვის“. თათული ღვინიანიძის სამწერლობო კარიერა 2017 წლიდან იწყება, ამავე წელს გადაეცა ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის ჯილდო „ოქროს ფრთა“. თათული თავისი შემოქმედებაში იკვლევს და განიხილავსეგზისტენციალურ კრიზისებს, ადამიანის შინაგან სამყაროს, თვითიდენტიფიკაციის საკითებს, პიროვნების ფორმირებასა და ბავშვობის ტრავმების გავლენებს; მენტალურ ჯანმრთელობას, ურთიერთობათა კომპლექსურ ხასიათს (იქნება ეს რომანტიკული შინაარსის, დედმამიშვილური, მეგობრული თუ მშობელსა და შვილს შორის). ღვინიანიძე საკუთარ შემოქმედებაში ნათლად წარმოაჩენს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობას, ნეპოტიზმსა და კორუფციას. ტექსტების მეშვეობით ავტორი ცდილობს მკითხველებში განავითაროს მოქალაქეობრივი თვითშეგნება და პასუხისმგებლობა. თათული ღვინიანიძე ინტერესდება ემოგრაციისა და სამშობლოსთან მიჯაჭვულობის თემატიკით, საზოგადოებისა და ინდივიდის დაპირისპირებით, პატრიოტიზმითა და ეროვნული მსოფლმხედველობით. განათლება 2014-2018 წლებში თათული ღვინიანიძე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეში, „ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის პროგრამაზე“. 2019-2021 წლებში კი იმავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი „სახელმწიფოს მართვისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის“ დასრულების შედეგად. 2020 წელს თათული ღვინიანიძემ გაიარა ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსი „საჯარო პოლიტიკა: სოციალური, ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკა“. სამწერლობო საქმიანობა 2008 წლიდან თათული ღვინიანიძე წერდა მოთხრობებს, ნოველებსა და მინიატურებს, რომლებსაც აქვეყნებდა სამოყვარულო ლიტერატურულ პორტალებზე და სარგებლობდა დიდი პოპულარულობით. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა ახალგაზრდებისთვის შექმნილ არაერთ მთარგმნელობით კონკურსა და მოკლე მოთხრობების კონკურში. 2017 წელს თათული ღვინიანიძე „პალიტრა ელის“ ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ნომერ პირველი გამარჯვებული გახდა აუდიტორიის ხმათა უმრავლესობით; შედეგად გამოიცა მისი სადებიუტო რომანი „აღიარება ხელისგულზე“, მალევე დამზადდა ბესტსელერის ელექტრონული და აუდიო ვერსიები, რათა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა დაინტერესებული მკითხველისთვის. 2017 წლის მონაცემებით, „აღიარება ხელისგულზე“ გახდა რეკორდსმენი წიგნი პრეზენტაციაზე გაყიდული წიგნების რაოდენობითა და თვენახევარში სრულად ამოწურული ტირაჟით. ასევე, რეკორდული ოდენობით (20 000 ეგზემპლარი) გაიყიდა წლის განმავლობაში. უკვე 7 წელია, რაც „აღიარება ხელისგულზე“ ყველაზე გაყიდვადი წიგნების სიაში ღირსეულ ადგილს იკავებს. 2023 წელს გამოიცა თათული ღვინიანიძის მეორე რომანი „ერთი კვირა ერთ ოთახში“, რომლის ყველა ეგზემპლარი გამოსვლის დღესვე სრულად გაიყიდა წიგნის მაღაზიებში. მოგვიანებით, სრული ანშლაგით წარმართულ პირველ პრეზენტაციაზე წიგნის დეფიციტი შეიქმნა. მიუხედავად ტირაჟის განახლებისა, საზოგადოების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, „ერთი კვირა ერთ ოთახში“ რთულად შესაძენი იყო რამდენიმე თვის განმავლობაში. იგი უპირობო ბესტსელერად იქცა გამოსვლისთანავე და გააუმჯობესა ბესტსელერის „აღიარება ხელისგულზე“ რეკორდი, პირველ თვეში გაყიდული წიგნების მაჩვენებლით. „ერთი კვირა ერთ ოთახში“ წარდგენილი იყო „ჟვანიას ფონდის“ კონკურსზე - „წინანდლის პრემია“ და ნომინანტობა მოიპოვა. უახლესი მონაცემებით, წიგნი ყოველთვიურად იკავებს ადგილს ბესტსელერთა შორის როგორც „პალიტრა L-ის“ საიტზე, ასევე „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში. ამჟამადაც, თათული ღვინიანიძე აქტიურად თანამშრომლობს გამომცემლობა „პალიტრა L-თან“, მონაწილეობას იღებს მის პროექტებში, უერთდება კომპანიის მიერ 2017 წლიდან წამოწყებულ „ლიტერატურულ ტურნეს“ საქართველოს მასშტაბით და მუშაობს მესამე რომანზე.