რობერტ გრინი
წლები: -
ინგლისელი დრამატურგი, პოეტი და პამფლეტიისტი, უილიამ შექსპირის წინამორბედი. რობერტ გრინი თავის კომედიებს ზრდასრულთა დასებისთვის ქმნიდა. მან რამდენიმე ისტორიული პიესა დაწერა, რომანტიკული და პასტორალური ელემენტებით. ესენი იყო, მაგალითად, „ბერი ბეკონი და ბენგეი” (1589) და „იაკობ IV” (1591). განსაკუთრებული ორიგინალობით გამოირჩევა გრინის პიესა „ჯორჯ გრინი, ვეკფილდელი დარაჯი”, სადაც მწერალს ინგლისური ხალხური თქმულებებისა და სიმღერების გმირი და ისტორიული პირი ჯორჯ გრინი შემოჰყავს მოქმედებაში. ჯორჯ გრინმა სახელი სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებულ ძალაუფლებისმოყვარე გრაფ კენდელთან ბრძოლით გაითქვა. მისი მიზანი სახელმწიფოს ერთიანობისა და ძლიერების დაცვა იყო და არა კონკრეტული მეფისა. როდესაც მეფემ გრინს ჯილდოდ აზნაურობა შესთავაზა, მან უარი თქვა, რადგან საკუთარი წოდების ღირსება ეამაყებოდა. „ვეკფილდელი დარაჯი” დემოკრატიზმითა და ხალხურობით განმსჭვალული ნაწარმოებია და ახლოს არის ინგლისურ ფოლკლორულ ბალადებთან.