
იოსებ გრიშაშვილი
წლები: 24 აპრილი 1889- 3 აგვისტო 1965
გრიშაშვილის ლექსთა პირველ კრებულებში („ვარდის კონა“, 1906; „ფანტაზია“, 1907) უმთავრესად ქალაქური ყოფა და პოეტის ინტიმური განწყობილებებია წარმოსახული, თუმცა სოციალური პრობლემებისადმი ცხოველი ინტერესიც შეიმჩნევა („ტუსაღის სიმღერა“, 1906; „ბრძოლა“, 1907; „დაჰბერე ქარო!“, 1907). ლექსთა მომდევნო კრებულებში (1909, 1914, ტ.1) საბოლოოდ გამოიკვეთა პოეტის შემოქმედების პირველი პერიოდის (1905-1920) ძირითადი, ინტიმურ-სატრფიალო მოტივი. გრიშაშვილისთვის სიყვარული ბედნიერების, კეთილშობილებისა და თავდადების უშრეტი წყაროა („მაჯამა“, 1907; „ლერწამი ხარ!...“, 1911; „რა კარგი ხარ, რა კარგი!“, „ხელთათმანის ღილი“, 1914). თხზულებათა II ტომმა (1922) ერთგვარი ზღვარი დაუდო გრიშაშვილის შემოქმედების პირველ პერიოდს.