Lactea Via
0 ხმა
ტატო მოდებაძე
სახელი: ტატო
გვარი: მოდებაძე
ასაკი: 42
მე რომ დავიბადე, ორ დღეში ბრეჟნევი მომკვდარა, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩემი მიზეზით მოხდა. 90-იანების ბავშვი ვიყავი, მაგრამ არ მიძველბიჭია, ძნელი იყო და მაგიტომ, როგორც ამბობენ, არც ახლაა ადვილი. სოფელში რომ ჩავდიოდი, იქ კი ჭკუის საკითხავი კაცი გახლდით, ქალაქელი ხარ, გეცოდინება შენ საქმის გარჩევებიო.
თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგისტრის ხარისხით. წლებს არ მგონია მნიშვნელობა ჰქონდეს. მაგ პროფესიითვე ვმუშაობ, აუდიტორად შემოსავლების სამსახურში.
ცოლი და შვილი არ მყავს, ისეთი პირი უჩანს, არც მეყოლება. სამაგიეროდ, ჰობი მაქვს უამრავი, პოლიტიკა, ისტორია, მუსიკა, ლიტერატურა, ფეხბურთი, რაგბი, სუმო... წერაზე ერთმა მეგობარმა შემაგულიანა, დაახლოებით 6 წლის წინ, გამოგივა შენ რაღაც, ასე მგონიაო. ვინც წაიკითხა, ყველამ კარგი მითხრა, არ ვიცი, შეიძლება გულს მიკეთებენ, მაგრამ მათ შორის ერთი კრიტიკოსიც იყო, ის რაღატომ მომატყუებდა?
მანამდეც, 20 წლის ასაკში რაღაცეებს ვცოდვილობდი, ერთხელ ერთ პერსონაჟს სამი დღე არ ვაჭამე და კარგად რომ გამეგო მისი აზრები, მეც არაფერი ვჭამე. სახლში რომ მკითხეს, ვუპასუხე, რანაირად ვჭამო, როდესაც პერსონაჟი მშიერია თქვა. იმხელა ამბავი ატყდა, რომ ჩემი ფსიქიატრიულში წაყვანაც კი უნდოდათ, ეს მთლად გაგიჟებულაო. თუმცა, ბოლოს აღმოვაჩინე, რომ არცერთი მოთხრობა არაფრად ვარგოდა და ყველაფერი დავწვი.
გამოქვეყნებული არსად არაფერი მაქვს, თუ არ ჩავთვლით, wordpress.com - ზე ატვირთვას, იქაც რამდენიმე ნაცნობმა წაიკითხა მხოლოდ, სხვა არავინ, გარეკლამება არ მეხერხება, თქვენი პლატფორმა ჩემისთანა ხალხისთვისაა, ნაწარმოები თუ რამედ ვარგა, აქ იპოვის თავის გზას.
ეს ნოველა პრაგმატიზმისა და იდეალიზმის შეხვედრაზეა. როგორც წესი, ასეთი შეხვედრები უმეტესად ჩხუბით სრულდება, ეს ორი ფილოსოფია ანტაგონისტურია და ჩვენთან პრაგმატიზმი დასჯადია, მხოლოდ სასჯელი ორიგინალურია და სასაცილო.
ნოველაში ერთმანეთს ხვდება ორი წყვილი, ერთი კარგი და მეორე ძალიან კარგი. ასე ფიქრობს მთავარი გმირი, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ცდება. თავს დატეხილი უბედურება ორ წყვილს ოთხ ადამიანად დაშლის, რომელთაგან ორი გადასარჩენია. საშველის ძიებაში ისინი ერთმანეთს მონახავენ და შემდეგ ძალიან უცნაური ამბები იწყება.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური