ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დემარშ პამპულაშვილი

დემარშ პამპულაშვილი

ქალაქ ფანტაზიის ახლადდანიშნული მერი, დემარშ პამპულაშვილი ამაყად შეიშმუშნა სკამზე და დასაშვებად დინჯი გამომეტყველებით გადადო გვერდზე ცარიელი ფურცელი.

-მე ხომ ვბრძანე, რომ დღეს არავის მიღების ხასიათზე არ ვარ? - მწყრალად შეხედა კარებთან მოკრძალებით მდგომ თანაშემწე გოგონას.

-დიახ, ბატონო დემარშ, მაგრამ ვახტანგ თუშიშვილია მოსული, ამბობს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, რომლის გადადება არ შეიძლებაო.

-ნანი, იცი რას ნიშნავს სიტყვა „არავინ“?

-ვიცი, მაგრამ ვიფიქრე...

-რატომ მეკამათები?

-კარგით, ბატონო დემარშ - ნანი ოთახიდან უხმაუროდ გავიდა და კარი ფრთხილად მიიხურა.

პამპულაშვილმა კომპიუტერს თავი ანება, დივანზე წამოწვა და თვალები მილულა. ვახტანგია, მოსული, თორნიკეა მოსული, გიორგის შეკითხვა აქვს, ირაკლის საქმე აქვს, თანაც მნიშვნელოვანი, ლევანის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ალექსანდრეს - განსაკუთრებით მნიშვნელოვანი! მაგათ რომ ჰკითხო, ამ ქალაქში უმნიშვნელო არაფერი ხდება და რატომღაც ყველაფერი მისი მოსაგვარებელია, ერთ დღეს არ მოასვენებენ პატიოსან კაცს.

წახდა ქვეყანა და ხალხიც გაფუჭდა! გაუტანლობამ, გულქვაობამ და ბიუროკრატიამ დაისადგურა ადამიანთა გაყინულ სულებში. რასაკვირველია, მთელს ამ ამბავში დამნაშავე ევროპა და ამერიკაა, რომელთაც „მასონები მართვენ“.

განა იმისათვის იბრძოლეს მან და მისმა თანამოაზრეებმა, რომ ქანცმილეული და დამაშვრალი სამუშაო კაბინეტში გემოზე ვერ გაიშხლართოს? მერედა, რა დღეები გამოიარეს? მძიმე და ულმობელი, რომლის შესახებაც წარმოდგენაც არ აქვს იმ ხალხს, რომლებიც ახლა მის კაბინეტში შემოსვლას ლამობენ.

გამარჯვების შემდეგ ორდენის მთავარმა ქურუმმა, დიდმა მაგისტრმა, ბორის ბარდაგიონმა დემარშ პამპულაშვილს სიდიდით მესამე ქალაქის, ფანტაზიის მერობა უბოძა, რომლის მმართველობასაც აგერ უკვე სამი თვეა დიდის წარმატებით ართმევს თავს.

საოცნებო ქვეყანაში ორი მძლავრი, ეზოთერულ-პოლიტიკური ორდენი მოქმედებდა, ანალებისა და ონანების. ანალები ცხრა წელი მართავდნენ ქვეყანას და მისი საქმე სწორედ ანუსის მიმდებარე ტერიტორიისაკენ წაიყვანეს, რის შემდეგადაც ონანებმა შესძლეს დაერწმუნებინათ ხალხი, რომ საკუთარი თავით აღტაცება - სულიერი სიმშვიდის უმაღლესი მწვერვალია. არჩევნებში გაიმარჯვა ბორის ბარდაგიონმა და ქვეყნის მთელი პოლიტიკური ელიტა ონანიზმის ერთფეროვანი საქმით დაკავდა.

ანალებიც ჯერ კიდევ ბლომად იყვნენ და მომავლისაკენ იმედიანად იყურებოდნენ, „დაიცა, ჩვენი დროც მოვა, მაშინ ვნახავთ, ვინ ვის...“ - ფიქრობდნენ გულში. მოსახლეობა ორ ბანაკად იყო გაყოფილი.

დემარშ პამპულაშვილი ონანების ორდენის კავალერი გახლდათ.

ეს ორი ბანაკი ერთმანეთს უშვერი სიტყვებით კი ლანძღავდნენ, მაგრამ კაცმა რომ თქვას, მათ შორის იდეური დაპირისპირება არც არსებობდა, განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ანალები თავიანთ საკულტო რიტუალს საღამოს აღასრულებდნენ, ხოლო ონანების შესაშური გულმოდგინება საკითხის მიმართ იმითაც დასტურდებოდა, რომ საქმეს დილასვე ამთავრებდნენ. ეს საშუალებას აძლევდათ მთელი დღის განმავლობაში, მუხლებში შეპარული სიმსუბუქის კვალდაკვალ, გაცილებით უფრო ბრძნული და დემოკრატიული გადაწყვეტილებები მიეღოთ, ვიდრე ეს ანალების დროს ხდებოდა.

ბორიას რეგალიებისა და ტიტულატურის სრული ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: „უმაღლესი ქურუმი, გენერალი, განბრძნობილი და გასხივოსნებული, მძვინვარე ლომი და უწყინარი კრავი, შნოიანი და მამნაგრე, მოვაჭრეთა შორის ყველაზე ადამიანი და ადამიანთა შორის ყველაზე უფრო მოვაჭრე, ბრძენი და კეთილი, მისი უმილიარდერესობა ბორის ბარდაგიონი, ონანთა ორდენის დიდი მაგისტრი“.

ბარდაგიონი მდიდარი კაცი გახლდათ, მრავალ გაჭირვებულს გაუმართა ხელი, კეთილი საქმეებიც მრავლად აკეთა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ხალხი ანალთა უღელქვეშ გმინავდა, ბევრის სიცოცხლე იხსნა, ბევრიც გზაზე გამოიყვანა, მაგრამ ამ პოლიტიკას საშველი ვერა და ვერ დაადგა, სახელმწიფოს მართვას ვერც თავი გაუგო, ვერც ბოლო. თუ ანალებმა ქვეყანა ანუსის მიმდებარე ტერიტორიისაკენ წაიყვანეს, ბორისა ხალხს თავად ხვრელში შეუძღვა და ჯერჯერობით იქიდან გამოსვლას არ ჩქარობს. ანალებმაც ერთი ვაი-უშველებელი ატეხეს, რა გვინდა აქა, გვცხელაო, ამაზე ონანებმა მიუგეს, ცხრა წელი სიცივისგან რომ ვკანკალებდით, ეგ სჯობდაო? სულ გაგიჟდნენ ანალები, ზემოთ, ჩრდილოეთისაკენ გაიხედეთ, არმია მოემართება ჩვენს წასალეკად, ჩქარა სუფთა ჰაერზე გავიდეთო.

ანალები არ აჭარბებდნენ, საფრთხე მართლაც რეალური იყო, ჩრდილოეთიდან მართლაც საეჭვო ხმები ისმოდა.

-დაიცათ, ასე ნუ ღრიალებთ - თქვა ბორიამ - ჩრდილოეთის არმია ზვავივითაა, ხმაურმა შესაძლოა მისი პროვოცირება გამოიწვიოს.

-სამყაროს არსებობა ცოცხალი ორგანიზმის მუშაობის პრინციპზეა აგებული  - სთქვეს ანალმა ფილოსოფოსებმა - აქედან ვასკვნით, რომ ჩრდილოელები ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიძრებიან, რაც უნდა ხმაგაკმედილები ვისხდეთ აქ, ამიტომ დროზე ვუშველოთ თავს.

დაფიქრდა ბორია, გვარიანად დაფიქრდა და გადაწყვიტა:

„გარეთ, სუფთა ჰაერზე გასვლა არის საოცნებო ქვეყნის უპირველესი პრიორიტეტი და ეს უნდა ჩაიწეროს ონანთა ორდენის საიდუმლო წიგნში“.

ანალებმა მაინც ვერ მოისვენეს, გინდა თუ არა, კონსტიტუციაშიც ჩავწეროთო, ონანთაგანაც ბევრი დაეთანხმა, ზოგიერთმა კი განაცხადა, აქ თბილად მაინც ვართ და თუ არმია დაიძრა და წაგვლეკა, პირველი იქნება თუ უკანასკნელიო?

იწვალა ბორიამ, სუფთა ჰაერზე ელჩებიც დააგზავნა, გაგვიღეთ კარები, სული შეგვეხუთა უკვეო, მაგრამ ჩრდილოელებმა ღრიალით ამცნეს კაცობრიობას, ნუ უჩიჩხინებთ მაგ კარებს, თორემ როგორც კი ეგ გაიხსნება, ჩვენც დავიძრებითო, მარტო ბარდაგიონს და მის ხალხს კი არა, გარეთაც გამოვალთ და სუფთა ჰაერსაც წავბილწავთო. შეშინდნენ გარეთ მყოფები და შემოუთვალეს საოცნებო ქვეყანას, იჯექით მანდ წყნარად, სანამ რამეს მოვიფიქრებთ, ადრეა ჯერ თქვენი სამშვიდობოს გასვლაო.

ბორიამ საქმის მოგვარებას თავი ვერ მოაბა, მხოლოდ ნიშნი მოუგო ანალებს, გარეთ გასვლა თქვენზე მეტად მსურსო, ანალებიც ერთის ყოფით ამტკიცებენ, მხოლოდ ჩვენ ძალგვიძს ქვეყნის სუფთა ჰაერზე გაყვანაო.

აი, ასე, ურთიერთბრალდებებში გადიოდა დრო, ანალთა თავკაცები და ბორია ჩუმჩუმად კიდეც იპარებოდნენ ხოლმე გარეთ, ხალხი კი იჯდა სიბნელესა და სიმყრალეში, ნუგეშად კი ის ჰქონდა, რომ თბილად მაინც იყო.

ასეთი იყო სინამდვილე საოცნებო ქვეყნისა, სადაც დემარშ პამპულაშვილის გენია ახლა იწყებდა გაფურჩქნას.

 

                                                                          X        X        X

-ბატონო დემარშ, ვახოა მოსული.

-ხომ ვთქვი, რომ დღეს არ მივიღებო?

-ეგ გუშინ მითხარით და დღესაც ასეა?

-რატომ მეკამათები?

-ბევრი საქმე დაგროვილა, ვახო ამბობს, საჭიროა დროული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში...

-რატომ მეკამათები?

-კარგით, რა გადავცე, როდის მოვიდეს?

-არ ვიცი, დღეს არა, არც ხვალ, ზეგ მოვიდეს.

-ზეგ შაბათია, დასვენების დღე.

-მით უმეტეს, ზეგ მოვიდეს, აქ მაინც არ დავხვდები.

ერთი კვირა იწვალა ფანტაზიის მერიის წამყვანმა სპეციალისტმა, ვახტანგ თუშიშვილმა, მაგრამ ქალაქის ღირსეულ თავკაცთან შეხვედრა მაინც ვერ მოახერხა. ბოლოს, მშველელად ისევ გარემოება მოევლინა, მერიაში ანალების დროინდელი ინვენტარი მთლიანად გამოცვალეს და რასაკვირველია, შეიცვალა კომპიუტერებიც. პამპულაშვილმა ვახო თავისთან იხმო.

-მოგეწონა ახალი ინვენტარი?

-დიახ, ბატონო დემარშ, მართლა კარგია.

-შენ რომ დაგიდგი, ეგ კომპიუტერი ოთხმოცი ათასი დოლარი ღირს.

-რას ბრძანებთ, შეუძლებელია.

-რატომ მეკამათები?

-გასაგებია, ბატონო დემარშ.

-მადლობას რატომ არ მეუბნები?

-უღრმესი მადლობა, ბატონო დემარშ.

-ხელფასიც ხომ დაგისვი? არც მაგაზე გითქვამს მადლობა.

-უკაცრავად, ბატონო დემარშ.

-ეს ავეჯი იტალიურია - განაგრძო პამპულაშვილმა - სავაჭრო სახლი „ტიტი და კონრადის“ ნაწარმია, ეს ფირმა 1970 წელში პაპაჩემმა დააფუძნა, მერე რაღაცეები მოხდა და ეგ საქმე დატოვა.

-პაპათქვენმა?

-ჰო, მთელი საბჭოთა კავშირის ცეკას ავეჯით ეგ ამარაგებდა, ბრეჟნევს პირადად იცნობდა, გორბაჩოვსაც, შევარდნაძესთან ხომ საერთოდ, კაბინეტში წიხლისკვრით შედიოდა, მჟავანაძის ნათლული იყო, ხომ გახსოვს მჟავანაძე?

-რა თქმა უნდა, ახლა სადაა პაპათქვენი?

-გარდაიცვალა, მილანის გალერეაშია დაკრძალული.

-საინტერესოა, ძალიან საინტერესო, ლეგალურ ბიზნესს ეწეოდა?

-ლეგალურს, მაშ!

-კომუნისტების დროს კერძო მეწარმეობა აკრძალული იყო და იტალიიდან საბჭოთა კავშირში პაპათქვენს ავეჯი როგორ შემოჰქონდა?

პამპულაშვილი ფეხზე წამოდგა, ვახოსთან ახლოს მივიდა და სახეში დაჟინებით ჩააცქერდა.

-შენ რა, ჩემი სიტყვების არ გჯერა?

-მჯერა, უბრალოდ მსურდა დამეზუსტებინა...

-მეკამათები კიდეც?

-არა, რას ბრძანებთ.

ერთი დამიხედეთ ამ ლაწირაკს, დედის რძე არ შეშრობია პირზე, ონანთა ორდენშიც არ გაწევრიანებულა და თავს რამდენის უფლებას აძლევს? მართალია, პაპამისი არა მილანის, არამედ აღაიანის სასაფლაოზე განისვენებს და სიცოცხლეში დეზერტირების ბაზარში ხორცს ჰყიდდა, მაგრამ ბოლოსა და ბოლოს, ვინაა ფანტაზიაში პირველი კაცი?

ის იყო დააპირა, ვახო მაგრად გამოელანძღა, რომ გაახსენდა, რისთვის ჰყავდა დაბარებული.