Lactea Via
Lactea Via
Lactea Via თანახმად პროგრესისა, განვითარებისა და თანასწოობისა, მე და ჩემმა საცოლემ, ქორწინების წინ ლიბერალური დემოკრატიის დროშას ვტაცეთ ხელი და გამოკვლევებზე წავედით ექიმთან.-მამაკაცთა 7%-ს აწუხებს უშვილობა - თქვა ექიმმა - ასევე წყვილთა შორის უშვილობის 40-50% მამაკაცის მიზეზითაა, ამიტომაც ყველაფერი საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს.მიხვედრა იმისა, რომ ეს ექიმი ქალი იყო, ადვილი საქმეა, მითუმეტეს რომ თამარი ერქვა და კაბაც ეცვა.ქორწინება გვარიანი საქმეა, გაცემულ რჩევა-დარიგებებში მისკენ მოწოდებაც საპატიო პირველ ადგილს იკავებს ჩვენს ღირსებით სავსე საზოგადოებაში. მაინც, ამ ყველაფერს კაცები ზომიერად მძიმედ ვუყურებთ.გამოკვლევებზე წასვლა კი სულ არ გამოდგა ადვილი საქმე! კიბეებზე ამავალმა ფეხებში სიცივე ვიგრძენი, წუწურაქობისათვის დავწყევლე კლინიკის დირექტორი მამია კალანდაძე, რომელმაც მოაჯირებში ფულის დაზოგვა გადაწყვიტა, რის ვაივაგლახით ავიარე ორი სართული და მოსაცდელში სკამზე დავეთხლიშე. ეკას რომ შევხედე, ისიც ნერვიულობდა.დერეფანში კიდევ ერთი წყვილი იყო. ჩანდა, ისინიც შვილიერების გამოსაკვლვად მოსულიყვნენ, ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, ნათელი და სასიამოვნო ღიმილი ჰქონდათ.ეკა ლამაზი გოგოა, ჩემი კალიბრის კაცისთვის ალბათ ორჯერ ლამაზიც, მაგრამ მოპირდაპირე მხარეს ნამდვილი ვენერა მილოსელი აღმოჩნდა. ბიჭიც ალბათ 7.31-ჯერ მჯობდა.თმებს თუ დავივარცხნიდი, ეს მაჩვენებელი შესაძლოა 6.54-ზე ჩამოსულიყო, ნაკლებზე არაფრით.მხრები ავიჩეჩე და დერეფანს გავხედე, სამყაროში უამრავი ლამაზი ადამიანია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, საერთოდ არაფერს, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში.მინახავს შეუხედავი ხალხი, ძალიან შეუხედავები, უგემოვნო და უპასუხისმგებლოც, მაგრამ ისეთი ბედნიერი, ხალისიანი კისკისით, რომ ალბათ მიაგნეს იმას, რისი პოვნაც არც ისე ადვილია.სამედიცინო პროცედურებმა, ასევე შესანიშნავმა და დიდებულმა სადაზღვევო ბიუროკრატიამ კიდევ რამდენჯერმე შეგვახვედრა ერთმანეთს, რამაც ჩვენს დაახლოებას ხელი შეუწყო. ელენე და ეკა ერთმანეთს „გოგოთი“ მიმართავდნენ. -ხვედელიძე, იორდანიდი! - დაიძახეს ექიმის კაბინეტიდან.-იორდანიდი ვინაა? - წავჩურჩულე ეკას.--ელენე ბერძენია, მხოლოდ არც ბერძნული იცის და არც საბერძნეთი უნახავს ოდესმე.-ხვედელიძე ის ბიჭია?-ასე გამოდის, და რა ნახე საოცარი?-ხვედელიძეები იმერლები არიან.-კი, იმერლები, მეც იმერელი ვარ, მერე რა?-ბერძნებზე შურისძიება კოლხების საქმეა, იმერლები რა შუაში ხართ?-რა კოლხები, რა შურისძიება?-ოქროს საწმისი ბერძნებმა კოლხებს აღლიტეს, მედეაც მათ გაიტაცეს, ამიტომაც, მათზე შურისძიების თვალსაზრისით, ბერძენ ქალებზე მეგრელებმა იქორწინონ, იმერლები ნუ ეცილებით.-სად ცოლ-ქმრობა და სად შურისძიება? მაგრამ მე ვიცი რასაც გულისხმობ და მინდა გითხრა, რომ ნამდვილი კახელი ვირი ხარ!ეკას უნდოდა აღშოთებულიყო, მაგრამ ამ დროს კარი გაიღო და იქიდან ჩვენი ახალი ნაცნობები გამოვიდნენ.მდუმარედ მოაბიჯებდნენ, ჩანდა რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა, ბიჭი შეძრული იყო, ქალი - განადგურებული, სახე გაფითრებოდა და რაღაც ფურცელს ხელში უღონოდ ატრიალებდა, ეკასთან მივიდა და აკანკალებული ხელი გაუწოდა.-ღმერთს ვთხოვ, რომ დედამიწაზე არცერთმა ქალმა გამოსცადოს, რაც აქ წერია - ხმა უთრთოდა - ღმერთო, იქნებ ისე ქნა, რომ ელენე იორდანიდი იყოს ბოლო ქალი, ვისაც ამას ეტყვიან.ეკამ სცადა დაემშვიდებინა.-არა, არა! - გააპროტესტა ელენემ - აი, აქ, ამ ფურცელზე სამედიცინო ენით წერია, რომ მე დედა ვერასოდეს გავხდები - შემდეგ უმწეოდ გაასავსავა ხელები - ეს დასასრულია.ვუყურებდი დერეფანში მიმავალ უბედურ წყვილს, ბიჭს ხელკავით მიჰყავდა ქალი, ისინი კეთილშობილები იყვნენ და ლამაზები, მაგრამ აი ახლა ამას არაფერი ფასი არ ჰქონდა.-ზაკალაშვილი, ბაციკაძე! - გაისმა ექიმის ხმა. XXXსაერთოდ, რომელი სჯობს ნეტავ, მჭმუნვარე უროლოგის დანახვა თუ განრისხებული გენერალ-ფელდმარშლის? ალბათ უფრო გემოვნების ამბავია. როდესაც იულიუს კეისარს ჰკითხეს, როგორი სიკვდილი გირჩევნიაო, მოულოდნელიო, არც კი დაფიქრდა, ისე უპასუხა. მის საპირისპიროდ, მერმეცა იპოოს ხალხი, რომელმან სიცოცხლე შეიმკოს, თუნდაც ეს სიცოცხლე რამდენიმე წლიანი გაძაღლებული ყოფა იყოს.-რეფერალურ საზღვრებთან მნიშვნელოვანი აცილებით, ჰიპოკინეზისი, აკინეზისი, დისკინეზისი და ნორმოკინეზისი - ამბობს ექიმი გიორგი ჭეიშვილი და ისევ იჭმუხნება.-ერთი კითხვა, თუ შეიძლება - ჩავეჩარე უშნოდ.-ბრძანეთ.-აკინეზისი, დისკინეზისი და ნორმოკინეზისი, გასაგებია, რომ ანბანურადაა დალაგებული, მაგრამ ჰიპოკინეზისი მათ წინ რატომაა? არც ლათინურ და არც ქართულ ანბანში „ჰ“ ასო „ა“-ზე წინ არაა.სათვალე ჩამოიწია და დაკვირვებით შემომხედა, მეც თვალი გავუსწორე, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მაგრად ვაფრენდი და მხრები აიჩეჩა.-რიგითობაზე მნიშვნელოვანი მათი თანაფარდობა მგონია, არ მეთანხმებით?ვეცადე, რაც შეიძლება ენერგიულად დამექნია თავი, რომ ამით ჩემი მისადმი პატივისცემა გამომეხატა.ფურცელი აიღო და რაღაცის წერას შეუდგა, მერე ეს ფურცელი გამომიწოდა.-მიმართვა დაგიწერეთ, დამატებითი კვლევებია საჭირო, FSH, LH, ჰორმონალური სპექტრი, ექოსკოპია, ამ ყველაფერს ჩაიტარებთ და მოიტანთ, რაც შეგეხებათ თქვენ, ქალბატონო ეკა, სრულიად ჯანმრთელი ბრძანდებით. XXXდერეფანში გამოვედით, სკამზე ჩამოვჯექი, ერთ ხელში ანალიზები დავიკავე, მეორეთი გუგლი გავხსენი ტელეფონში.აშკარად ემჩნეოდა, რომ საქმე არც ისე კარგად იყო, ჩემი ტესტის შედეგები ნორმას თითქმის ყველგან სცდებოდა. -ეს გასაგებია, მაგრამ ვნახოთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი! - ვთქვი ჩემთვის-მართალია, განაყოფიერებისათვის საჭირო ჰორმონები ზომაზე ბევრჯერ მცირე მაქვს, მაგრამ კვერცხუჯრედს მაინც ერთი სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს და ორასიათასში ერთი იქნება თუ ორას მილიონში, რა მნიშვნელობა აქვს?იქვე, დერეფანშივე დავიწყე რაღაცეების კითხვა, ეკას ვეღარც ვამჩნევდი. აღმოჩნდა, რომ სწორ გზაზე ვიდექი, საერთო რაოდენობაზე გაცილებით დიდი მნიშვნელობა ჰქონია პროგრესულად მოძრავი სპერმატოზოიდების პროცენტულ წილს. ანუ, ეს ის ხალხია, თავქუდმოგლეჯილი რომ გარბიან, გინდა თუ არა, მე უნდა შევაღწიო შიგნითო. ერთი, ყველაზე ძლიერი დანარჩენებს აჯობებს და ბავშვიც ჩაისახება. ეს თავქუდმოგლეჯილი სპერმატოზოიდები საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი უნდა იყოს, რაც მეტი, მით უკეთესი. ჰაჰაჰა, კონკურენცია მუშაობს აქაც - გავმხიარულდი ცოტა - კაპიტალიზმი ჯაბნის სოციალიზმს, ახლა ვნახოთ, მე რამდენი მაქვს ეს „პროგრესულად მოძრავი სპერმატოზოიდები“.სამჯერ მაინც ჩავხედე, ხომ არაფერი მეშლება მეთქი. არა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ცხადი იყო, რეფერალური საზღვრების გრაფა - 50-100%, ხოლო ჩემი შედეგების გასწვივ ნოლიანი ეწერა.ექიმის კონსულტაციის ფურცელი გავშალე, ეგებ იქ რამე სანუგეშო ყოფილიყო, „ოლიგოზოოსპერმია“- მამაკაცის უშვილობა“. ფეხებში სიცივე ვიგრძენი.ვერ დავემსგავსე პაპაჩემს, მირონა ზაკალაშვილს, რკინის კაცი იყო, რკინის, ნამდვილი სტალინი. მხოლოდ ერთხელ აჩვენა სისუსტე, ბიძაჩემი რომ აფხაზეთის ომიდან დაჭრილი ჩამოიყვანეს.თემურა ისე იყო დასახიჩრებული, რომ პაპამ თავიდან ვერც იცნო, ბოლოს მიხვდა რაში იყო საქმე, ვაიმე შვილოო, გულზე ხელი იტაცა და იატაკზე დაეცა.-მე მაპატიეთ, მე მაპატიეთ, კახელი კაცი ვარ, ეს როგორ მომივიდაო - ებოდიშებოდა ექთნებს, რომლებმაც მოასულიერეს.ბიძაჩემი გადარჩა და ეს ამბავი სასაცილოდ გავიხადეთ.-მე მაპატიეთ, კახელი კაცი ვარ, ეს რა მამივიდაო - იტყოდა ხოლმე ბიძაჩემი, წალამზე დადებულ მწვადს თუ ცეცხლი აეკიდებოდა.-მაშ, კახელ კაცს ეგ ეკადრებაო? - ვამატებდი მეც და ნაკვერჩხალზე მარილწყალს ვასხამდი.-არაუშავს შვილო, ქართლსა და კახეთს რა ჭკუა აქვს, ყველას შეიძლება დაემართოს.-ამისმა კახელობამ მომკლა - მომესმა ძალიან ნაცნობი და საყვარელი ხმა - გადაბმულად ერთი კვირა მაინც იყოს იქ ნამყოფი.თვალი გავახილე და რას ვხედავ? თავს ექიმები მახვევიან, ზოგი წყალს მასხავს, ზოგი საფეთქელს მიზელს, ზოგსაც თავი უჭირავს, რომ კისერი არ მომტყდეს.-არ დაიწყო ახლა კახელი კაცი ვარ და ეს რა მომივიდაო - მითხრა ეკამ - უკვე ოცდაცხრაჯერ თქვი.გარეთ გამოვედით.-ხელი მაინც ვერ შემომაშველე? - ვუსაყვედურე.-ვერ მოვასწარი, ანალიზებს ჩაჰყურებდი და უცებ სკამიდან ჩაცურდი, მიშველეთო დავიძახე და ექთნებიც მოვიდნენ. XXXძალიან, ძალიან კარგი ადამიანია ეკა. არც დაფიქრებულა, ისე შემომთავაზა, ახლავე წავიდეთ და ჯვარი დავიწეროთ, მე მიყვარხარ და ყველაფრისთვის მზად ვარო, მაგრამ უკანასკნელი ნაძირალა უნდა ვყოფილიყავი, მისი აღტყინებით რომ მესარგებლა.-ჩემი წინაადება ასეთია! - დავიწყე რიხით - თექვსმეტი დღე ერთმანეთს არ ვხვდებით, დიახ, თექვსმეტი, რომელიც ოთხის კვადრატია! ეს საკმარისი დროა დავიცალოთ იმ შთაბეჭდილებებისაგან, რასაც შეხვედრისას ვუზიარებთ ერთმანეთს. ვადის გასვლის შემდეგ, ასე ვთქვათ, ნამარხულევზე მიღებული გადაწყვეტილება იქნება ოთხივ კუთხივ გამართლებული, ერთდროულად პოეტურიც, რაციონალურიც, ტრანსცენდენტურიც და იმანენტურიც.სადღაც წავიკითხე, განშორებისას ორი კვირის განმავლობაში კაცი მეცხრე ცაზეა, ქალი კი დეპრესიაში, შემდეგ კი ყველაფერი პირიქით ხდებაო. მეც ასე ვიანგარიშე, ორ კვირაში თუ გადაუარა გრძნობებმა, ორ კვირაში...ეჰ, დაე მოხდეს, რაც მოსახდენია. XXXთექვსმეტი დღე სრულ გაურკვევლობაში გავატარე, ერთი მხრივ, ეკას ჩემთან ყოფნა მსურდა, მეორეს მხრივ ვერ დავუშვებდი, რომ ჩემისთანა უნაყოფო კაცისთვის დაეკავშირებინა ცხოვრება, ბოლოს გადავწყვიტე, თუ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მოისურვებს ჩემთან ცხოვრებას, არ შევეწინააღმდეგებოდი.მაგრამ კობამ რომ დამირეკა, უკვე ყველაფერს მივხვდი. მაინც გადავწყვიტე, მენახა. კობა ეკას ძმაა, საუბარს ყოველთვის პოლიტიკით იწყებს, ნახა ტრამპმა რა თქვა? ხედავ, რა ხდება ამერიკაში? ნავთობის ფასებს თუ ადევნებ თვალს? განსაკუთრებით უყვარს გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ციტირება - კობა პრორუსია! საუბარში ხშირად ურთავს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა; „ცოტა იაზროვნეთ“, „ლოგიკა არ გაქვთ“, „ისტორია წაიკითხეთ“. და ა.შ.ახლაც აპირებდა, გუშინდელ გადაცემას თუ უყურეო, რუსეთი მართლმადიდებელიაო თუ რაღაც მსგავსის ბოდიალს, მაგრამ ძალიან უხეშად გავაწყვეტინე.-რუსეთის დედაც მოვტყან, შენ ის მითხარი, რისთვის შემხვდი?რასაკვირველია, ძალიან რთულია რუსეთიდან პირდაპირ ეკაზე გადასვლა, მაგრამ კობა ხომ გენიოსია და მე მისი იმედი მქონდა.ნამდვილი გენიოსობაა, ერთდროულად აფხაზეთიდან დევნილი და თან პრორუსი იყო.-შენი ამბავი გავიგე - დაიწყო ენერგიულად - ძნელია ძმაო, ძნელი, მტერს არ ვუსურვებ, მტერს, და შენ როგორ გისურვო? ან ჩემს დას როგორ ვუსურვო? მითხარი, ჩემს ადგილას შენ რას იზამდი?ასე მარტივად და უპრობლემოდ, ერთ წინადადებაში გადავიდა ძირითად სათქმელზე, თან კითხვა აქეთ დამისვა! ჭეშმარიტად გენიოსია კობა, მაგრამ მე კახელი კაცი ვარ და მაშასადამე, პირდაპირი.-შენს ადგილას აქ საერთოდ არ მოვიდოდი, მე ეკას პასუხი მაინტერესებს, მასზე ვაპირებ დაქორწინებას და არა შენზე.მიხვდა, რომ მართალს ვეუბნებოდი, ცოტა ხანს ადგილზე იწრიალა, ტელეფონს ჩასცქეროდა, მერე მითხრა, დამელოდე, მოვალო, ხუთ წუთს დამპირდა და საათნახევარი დასჭირდა. ბოლოს ეკაც გამოჩნდა, კობამაც დააპირა მოსვლა, მაგრამ კახური დელიკატურობით ავუხსენი, რომ მიუხედავად პრორუსობისა, შეყვარებულების საქმეში ჩარევის უფლება არ ჰქონდა.საცოდავი ეკა ათი წლით მაინც დაბერებულიყო, თუმცა კი ცდილობდა თავი მხნედ დაეჭირა.-მაპატიე კობას გამო, არც ვიცოდი, თუ შეგხვდებოდა.ხელი ვტაცე და ლამის მთელი ხმით ვიბღავლე.-კობას თავი გაანებე, ის მითხარი, ეს გადაწყვეტილება შენია თუ...-გგონია, სხვისი გადაწყვეტილებით მიგატოვებდი? - მკითხა სევდანარევი ღიმილით.ხელი გავუშვი. რამხელა შეღავათია, საკუთარი გადწყვეტილებით თუ გკრავენ პანღურს და არა ოჯახის წევრების დახმარებით.-გრძნობები ჩაქრება, დარჩება მოცემულობები - განაგრძო გაუბედავად - დრო გავა, დავბერდებით, ვერავინ გაუძლებს იმ აზრს, რომ სიყვარულის გამო... - აქ ის ცოტახანს შეჩერდა - სხვისი სიყვარულის გამო საკუთარ მომავალზე თქვა უარი, ერთადერთი შანსი, რომ მე შენ ისევ მიყვარდე, ესაა განშორება.რაც უნდა იყოს, გულზე ლოდი მომეხსნა, სხვის უბედურებაში მაინც არ მივიღებ მონაწილეობას. იქიდან მომავალს ცოტა იმაზე დამწყდა გული, ამდენი ხანი ქალს რომ მიატოვებ, ეგებ რა ზეწოლაში იყო, მე კი მის გვერდით არ ვიყავი, ვინ იცის როგორ სჭირდებოდა გამხნევება? ამაზე ფიქრმა ისე ამაფორიაქა, რომ კინაღამ უკან მივტრიალდი, მაგრამ მერე გამახსენდა გრაფაში არსებული ნოლიანი.ერთი მაინც ყოფილიყო, ან ნული მთელი ერთი.რაც შეეხება ქალებს, ნამდვილად თავიანი ხალხია, ცხოვრების ავანჩავანი იციან, კაცებისაგან განსხვავებით. ბაბუაჩემმა (იმ ლეგენდარულმა პაპამ არა, მეორემ) ბებიაჩემი პირველად პაემანზე რომ დაპატიჟა, პოეზიით აღივსო, თავზე ცილინდრი დაიხურა და ამერიკულ ჯაზზე სასაუბროდ მოემზადა. დრამატურგს, რეჟისორსა და ხელოვანს პაემანიც შესაფერისი ეკადრებოდა, იქვე კაფეში შესვლა შესთავაზა, რაზედაც ბებიამ საკმაოდ გულუბრყვილოდ განაცხადა, იქ რა გვინდაო.-ყავას დავლევთ, ნამცხვარს შევჭამთ ... - იყო პასუხი.-რაკი ჭამაა, აქვე ვჭამოთო - გახსნა ბებიამ ჩანთა და იქიდან ერთი ცალი მრგვალად მოხარშული დედალი და ორი ცალი გრძლად გამომცხვარი შოთი ამოაცოცა.სახტად დარჩენილი ბაბუაჩემი მორიგეობით მისჩერებოდა ხან დედალს და ხან ბებიას, ბოლოს გაიმარჯვა ქართველობამ, სწრაფად გადაწყვიტა, რომ ამ უცნაური მოვლენის შინაარსში ჩაღრმავება ყოველთვის მოესწრებოდა, ქათამი კი შეიძლება გაფუჭებულიყო, ჩვეული კეთილსინდისიერებითა და მადით ძვლებამდე გამოხრა დედალი და სახლშიც დიდად გაოცებული დაბრუნდა. თავის ძმას მოუყვა ეს ამბავი, თან დააყოლა, თუ კაცი ხარ, არ გამთქვაო. იმან, როგორც ჭეშმარიტ მესაიდუმლეს შეეფერებოდა, ბევრი იცინა და მთელს სანათესაოს მოსდო.-ეგ ქალი შენ გაცხოვრებს და დაგასახლებსო - თქვეს სანათესაოს უხუცესმა ქალებმა.ბაბუას ხუმრობა ყველაფერს ერჩივნა, ამიტომ ხშირად იტყოდა, ადამი გველმა დაღუპა და მე კიდევ ქათამმა, თავი არ გამომეყოფა არსადო.რა თქმა უნდა, ეკას ეს გადაწყვეტილება პრაქტიკული თვალსაზრისით შესანიშნავია ყოველმხრივ, ბოლოსა და ბოლოს, ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის დანიშნულება ამ ცოდვილ დედამიწაზე შთამომავლობის გაგრძელებაა. ვინც ამ კანონს ანგარიშს არ გაუწევს, ბუნება თუ ღმერთი სასტიკად იძიებს შურს. რასაკვირველია, ჩემი და ეკას ცოლქმრობა რამდენიმე წელიწადში აუტანელი გახდებოდა.მაგრამ ადამიანი ხომ მაინც სხვაა, ცოტათი სხვა, თუკი მთავარ საქმედ გამრავლებას დავასახელებთ, ჭიანჭველების პოპულაცია ჩვენზე წინ დადგება, ანდაც ლონდონელი ჰულეჰანების დედა უფრო მაგარი ვინმე გამოვა, ვიდრე გოეთეს, ან შექსპირის დედა.ამასთან დაკავშრებით აზრი ვკითხე დეიდაჩემს. არა იმიტომ, რომ დეიდების აზრი ძალიან მაინტერესებს, უბრალოდ, ერთადერთი მათემატიკოსია ჩემს ახლო გარემოცვაში, ეს ამბავი რომ ჩემს თავს ხდებოდა, ეს ცხადია, არ მითქვამს.-რას იტყვიან ამაზე ციფრები, აჰ ეს უტყუარი ციფრები!ცოტას დაფიქრდა, შემდეგ კი მკითხა.-რაჭული ვიჩინა ჩამოიტანა ჯუმბერიკამ, შეგიწვა თუ მოგიხარშო?-ჯერ მოხარშე და შემდეგ შეწვი, ზედაც კვერცხი დაახალე, ღვინო გაქვს?-სადმელის ხვანჭკარა მაჩუქა რაინდუკამ.-მოიტა, მოიტა.კახეთში იტყვიან, შავნაწილდეთო, გაძღომის წინარე სტადიას რომ მიაღწევენ, აი, მეც რომ შავნაწილდი, ჩემი კითხვა გავიმეორე. დალი ისევ დაფიქრდა.-მეეჭვება, აქ რიცხვები რამეში დაგვეხმარონ, რას მოგვცემს თუნდაც ის, რომ ნულის ნულთან შეფარდება იგივეა, რაც ერთისა ნულთან, ასევე ნამრავლიც?თუ ოდესმე კახელობას რამეში გავცვლი, ეს რაჭველობაა, არა იმიტომ, რომ დედა მყავს რაჭველი, უბრალოდ ვიჩინაზე ვგიჟდები.-სადაც ნული გაერევა, იქ თვლადი და სასრული სიდიდეები მთავრდება, იწყება სიცარიელე და...-უსასრულობა - ვთქვი და წითელ ტყემალში ამოვლებული მსუქანი ნაჭერი გავაღლაჭუნე.-განუსაზღვრელობა! - თქვა დალიმ უკმაყოფილოდ - სვი შენ მაგდენი და ცოტა ხანში აბცისა და ორდინატა აგერევა ერთმანეთში.შეიძლება მკითხოთ, რაღა ვიჩინა, როდესაც ხვანჭკარა არსებობსო. კი ბატონო, უგემრიელესია ხვანჭკარა, მაგრამ ცოტათი მოტკბო გემო აქვს და კახელობაში ვერაფრით გავცვლი.იმდენი ვჭამე, რომ ახლა ფილოსოფიაზე დაფიქრება დანაშაული იქნებოდა, მაგრამ მე გამოსავალი მაინც მოვნახე. მიუხედავად უსასრულობასა და განუსაზღვრელობას შორის არსებული იდეურ-შინაარსობრივი სხვაობისა, ნულიდან ერთამდე მაინც იგივე მანძილია, რაც ერთიდან უსასრულობამდე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რამდენი ნოლი დაეტევა ერთში? მართალია, უსასრულოდ ბევრი.ასეა აქაც, დემოგრაფიის დიქტატის პირობებში, უსასრულოდ ბევრი ჩემისთანა კაცი იმის ფეხის ფრჩხილად არ ღირს, ვისაც ერთი პატარა დათუნჩა დაუბაჯბაჯებს სახლში. XXXლუდის ბარში შევედი, ბარმენი ჩემი ძმაკაცია, ადრე ავტოშემკეთებელი იყო, მერე რაღაც შარში გაეხვა, სექსუალური შევიწროების ბრალდებით ცოტა ხანს ციხეშიც ბრძანდებოდა, საიდანაც მონდომებით ამტკიცებდა, ნაკანეჩნიკსა და სტუპიცის პაჩებნიკს წამოვკარი ფეხი, თავი ვერ შევიმაგრე და ასე აღმოჩნდა ჩემი პატიოსანი ხელი მის სიმრგვალით აღსავსე უკანალზეო. მოსამართლემ დაუჯერა, ნაცნობ-მეგობრებმა არა. მხოლოდ მე ვერ წარმოვიდგინე ვერაფრით, რომ მაგისთანა დოყლაპია გოგოს ხელის მოფათურებას გაუბედავდა.მისი სიმამაცის მიმართ ჩემს უნდობლობას ძალიან აფასებს და როდესაც ვამბობ, შეუძლებელია შენისთანა გამოსირებულს ასეთი სითავხედე შეძლებოდაო, სიხარულით თვალები უბრწყინავს, გაუფილტრავ პაულანერს წინ დამიდგამს და ეს ჩემი ხარჯითო, დააყოლებს.ახლაც, ჩემი დანახვა ისე გაუხარდა თითქოს ორი დღის წინ მის თვალწინ არ გავლეშილიყავი.-ლუდი, შტროხი, ვისკი, რის ხასიათზე ბრძანდება დიდი აუდიტორ-ფინანსისტი?-იცოდე, თუ დაგიმტკიცე, რომ ჩემთვის ნაჩუქარ ლუდს მერე მომხმარებლებს უტეხავ, ცუდად წავა შენი საქმე. ვისკი დამისხი, ჯეიმსონი. რაო შენმა უფროსმა, გიპოვა დანაკლისი? თუმცა რას გიპოვიდა ეგ უსაქმური? გარდა მაგისა, შენც კაი ჟულიკი ვინმე ხარ. ჰაი დედასა, აბა მე მომანდოს ეგ საქმე, გაჩვენებდი სეირს, შე უნამუსო... ეს რა ჯეიმსონია, გლენფიდიხს ასხამ?-გლენფიდიხი არ სჯობია?-სად მაქვს მაგდენი ფული?გულგრილად აიქნია ხელი.-დალიე ბოლომდე, კიდევ იქნება, ბარის სპეციფიკას შენ ვერ გაიგებ, მეც გადავკრავ ცოტას, ხომ იცი, არ მიყვარს სამუშაო დროს დალევა, მაგრამ დღეს მკვდარი დღეა, ხუთშაბათი ბარებისთვის არ არსებობს, ყველა პარასკევისთვის ინახავს ფულსაც და ძალებსაც, ბარის მეპატრონეებს რომ ჰკითხო, ამ დღეს საერთოდ ამოიღებდნენ კვირიდან, დღეს არავინ მოვა, აი, ეს ერთი გოგო ზის მარტო მაგიდასთან, მეტი არავინ.-კარგი გოგოა?-კი, ლამაზია ძალიან, უფრო სწორედ, ასეთი ლამაზი გოგო ფილმშიც არ მინახავს.-მერე, რაღას ელოდები?თავი გააქნია.-არა, არ შეიძლება ... ხანდახან კაცები ადამიანებიც უნდა ვიყოთ.-ერთი ამ ფილოსოფოსს დამიხედეთ, ღმერთი დაგსჯის ხომ?მომეჩვენა, რომ ძალიან შეფიქრიანებული იყო.-მესამე დღეა აქ მოდის ერთი და იგივე მაგიდასთან ჯდება. ერთ კათხა კრომბახერს იღებს და სვამს, ადრეც იყო რამდენჯერმე ვიღაც ბიჭთან ერთად, ვინ იცის, ეგებ მოკვდა კიდეც ის საწყალი, რას გაიგებ... ეს გოგო სულ მთლად მომსპარი კია.ვიკადრე და თავი მივატრიალე, კუთხეში, ორადგილიან მაგიდასთან ელენე იორდანიდი იჯდა და უაზროდ ჩასცქეროდა სანახევროდ დაცლილ ლუდის კათხას. XXX-მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით გიხსენებთ - ნაღვლიანად, მაგრამ მაინც კეთილგანწყობით გამიღიმა.-ჩვენ ერთად ვიყავით შვილოსნობის ტესტზე იმ სამწუხარო დღეს, მანამდეც რამდენჯერმე შევხვდით.თავში ხელი შემოირტყა.-ამის დავიწყება შეიძლებოდა? მაგრამ ჯერ ბედნიერების, შემდეგ კი უბედურებისაგან ისე ვიყავი გაბრუებული, ვერ დაგიმახსოვრეთ.-საქმროს დაშორდით?კათხას სტაცა ხელი და ნამდვილი ლოთივით გადაკრა.-ჰო, ასე მოითხოვა გარემოებამ.ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა.-თქვენი საცოლე სადღაა, ეკა, რა კარგი გოგოა.-დავშორდით, ასე მოითხოვა გარემოებამ.კიდევ უფრო დაუნაღვლიანდა თვალები.-საცოდავი გოგო! მასეთები უშვილოები რატომ უნდა იყვნენ?-ეკას არაფერი უშავს, მე აღმომაჩნდა პრობლემა.გაკვირვებით დამაცქერდა.-და ამის გამო დაგშორდათ?-რა თქმა უნდა, თქვენ რა, სხვაგვარად მოიქცეოდით?-დიახ, სხვაგვარად! - თქვა გაცხარებით - უფრო სწორად, არ ვიცი ... მაგრამ ეკასგან მაინც გამიკვირდა.დეპრესიისა არაფერი გამეგება, მაგრამ შევატყვე, რომ საშინელ დღეში იყო.-მომიყევით თქვენი ამბავი - ვთქვი და სავსე კათხა მივუჩოჩე - მართალია, მეგობრები არ ვართ, მაგრამ მსგავსი გასაჭირი გულახდილობას ხელს შეუწყობს.თავიდან ყოყმანობდა, მაგრამ შემდეგ გამხნევდა.-ბექა არაფრის გულისთვის მიმატოვებდა, მაგრამ ოჯახმა ძალა დაატანა, დედამისს ისედაც არ მოვწონდი ... - ცოტა ხანს შეჩერდა, შემდეგ კი აგდებით ჩაიქნია ხელი და განაგრძო - ჩემი უშვილობის მიზეზად ის გამოაცხადა, წარსულში ბევრ კაცთან იქნება ნამყოფიო. მამამისმაც, სიბერეს ნუ გამიმწარებ შვილო, შვილიშვილი ხომ მინდაო? მართალია, შვიდი უკვე მყავს, მაგრამ მერვეც მინდაო.ეს ისეთი მიამიტი სახით თქვა, რომ თავი ვერ შევიკავე და სიცილი წამსკდა, ცუდი ის იყო, რომ ამ დროს ლუდი მქონდა მოყუდებული. თვითონაც გაეცინა.-მე თითქმის ყველაფერზე ვიყავი თანახმა, სუროგატ დედაზე, ხელოვნურ განაყოფიერებაზე, იმაზეც კი, სადმე ბუნებრივად ჩაესახა შვილი, სხვის შვილსაც გავზრდიდი, როგორც საკუთარს... მაგრამ არაფერზე წამოვიდნენ, დედაჩემი ამბობდა ხოლმე, რატომ უნდა დაგვთანხმდნენ, როდესაც შეუძლიათ არ დაგვთანხმდნენო.გადავწყვიტე გამემხნევებინა.-არც ისე ცუდად მოხდა ყველაფერი, აბა წარმოიდგინეთ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც რომ შესულიყავით მაგათ ოჯახში...-არ მიყვარს ეგ ტერმინი, მე ბექას მივყვებოდი ცოლად, ოჯახთან არაფერი მესაქმებოდა - ცივი წყალი გადამასხა.ისევ სიჩუმე.-გაგაცილებთ - ვუთხარი, როცა ბარიდან გამოვდიოდით.-არაა საჭირო - მითხრა ყოყმანით.-საჭირო არა, მაგრამ ხომ არ შეგაწუხებთ?-შეწუხებით არა.მდუმარედ მივდიოდით, ან კი რაზე უნდა გველაპარაკა? ერთადერთი ქალი, რომელთანაც სიტყვები საძებარი არ მიხდებოდა, ეკა იყო. ელენეს დღეს პირველად გამოველაპარაკე. ბექას ოჯახზე ჭორაობაც არ იქნებოდა საინტერესო, ჩემი აზრით.ხიდზე რომ გადავდიოდით, მომეჩვენა, რომ რაღაც უცნაურად იყურებოდა მდინარისკენ, ერთი ხანობა ეჭვიც გამიჩნდა, ნეტავ თავის მოკვლა ხომ არ გადაუწყვეტია მეთქი.-აი, აქ ვცხოვრობ, მადლობა გაცილებისთვის, გამიხარდა თქვენთან შეხვედრა, ამ ერთფეროვან ცხოვრებაში რაღაც განსხვავებული რომ მოხდება, უკვე კარგია.მთელი ცხოვრება ლუდის ბარებში გავატარე, არასოდეს მინახავს მარტო ქალი მაგიდასთან, ლუდის კათხით, ალბათ ქალებს სტრესის გაქარვების სხვა გზები აქვთ. ამიტომაც ელენეს თავს რაღაც ისე ვერაა, როგორც უნდა იყოს.-სახლში ვისთან ერთად ცხოვრობთ? - ვკითხე მოურიდელად.დაიბნა.-მარტო ვარ.-მშობლები?-დედა ახლახანს გარდაიცვალა, მამა... არც მახსოვს, პატარა ვიყავი, რომ წავიდა.-და-ძმა?-დედისერთა ვარ.-ნათესავები?-მამის მხარეს არ ვიცნობ, დედის ნათესავებთანაც რაღაც ისე ვერ აეწყო ... დედას მძიმე ხასიათი ჰქონდა, უფრო სწორედ, მშვენიერი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ უკანონოდ გამაჩინა და ეს არ აპატიეს, ბოლოს ჩავადნილი იყო, მერე გარდაიცვალა. იმ სახლში ვერ გავჩერდი, გავყიდე და თქვენს ქალაქში ჩამოვედი, მერე ბექა გავიცანი, მაგრამ რატომ გიყვებით ამ ყველაფერს?ღმერთო, სულ მარტო ყოფილა. არ ვიცი, თავს მოიკლავდა თუ არა, მაგრამ მე რომ ვერაფრით მივატოვებდი, ამას უკვე მივხვდი.ორიგინალურ, მაგრამ ამავე დროს მარტივ ხერხს მივმართე.-ელენე, შეგიძლიათ ერთი სამსახური გამიწიოთ?შეკრთა.-თუ რამით შევძლებ, რასაკვირველია.რამე უნდა მომეფიქრებინა თანაც მალე.-არ ვიცი როგორ გითხრათ, ასე ვთქვათ, საიდან დავიწყო.დროს ვიგებდი, რომ ამ ჩემს ნაღრძობ ტვინში შესაფერისი იდეა მომსვლოდა.ის კი აშკარად დაინტრიგდა.-ისეთი რა უნდა იყოს, ასე რომ უხერხულობთ?-შეიძლება ასე პირდაპირ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ - მოვიგე კიდევ რამდენიმე წამი - შეგიძლით გურიაში წამყვეთ, მომაკვდავ მამიდასთან?არა, არა, ხანდახან ნამდვილი გენიოსი ვარ, მაინც საიდან მომაფიქრდა ახლა ეს? თანაც ასე უცებ.-მამიდა უკანასკნელ დღეშია - განვარგძე დამაჯერებლად - მითხრა, ისე ნუ მომკლავ შვილო, შენი რჩეული არ მანახოო, ეკას წაყვანას ვაპირებდი, მაგრამ ხომ გესმით, ახლა ეს აღარ გამოვა.ძალიან დაბნეული იყო, გაოცებული მიყურებდა.-სიმართლე ვთქვა, ასეთ რაღაცას არაფრით ველოდი, არც ვიცი რა გიპასუხოთ.-მამიდას ძალიან გაეხარდება, მშვიდად წავა საფლავში, - ხმაში ბზარი შევურიე - სულ მიმეორებდა, საუკეთესო გოგო უნდა მოიყვანო ცოლადო, რა მოხდება თუ სიკვდილის წინ ცოტას მოვატყუებთ, ვითომ ღმერთი ძალიან გაჯავრდება?-პირიქით, მგონი კარგი საქმე გამოვა, ორი უშვილო, მიტოვებული ადამიანი რომ ვიღაცას აქეთ გაუწევს სამსახურს, მაგას რა სჯობია? - მგონი გულწრფელად გაიღიმა.-მაშ, შევთანხმდით?-ასე იყოს.-ხვალ დაგირეკავთ და მოგზაურობა დავგეგმოთ.-მამიდასთან.-მომაკვდავ მამიდასთან. XXXმამიდაჩემი ისეთ ჯანზეა, არსენა მარაბდელს გაუერთიანებს თავ-პირს, თუკი, რასაკვირველია ეს უკანასკნელი ერთ დღეს მკვდრეთით აღდგომას გადაწყვეტს. გურიაში სამ ჰექტარ მიწას მარტო ამუშავებს და ორი მეზობელი თუ არ შეახურა, იმ დღეს დაკარგულად თვლის.ახალგაზრდობაში პინფლოიდებსა და ზეპელინებს უსმენდა, რასაც პაპაჩემი, მირონა ზაკალაშვილი დიდად ეწინააღმდეგებოდა, შემდეგ ეროვნულ მოძრაობაში წავიდა და ამაზე პაპა სულ გადაირია. ძმაკაცებმა ურჩიეს, დროა უკვე მის გათხოვებაზე იფიქრო, უღელს რომ დაიდგამს, მერე მიტინგებზე სასიარულო დრო აღარ ექნებაო. პაპაც დატრიალდა, კაი მშრომელი, ჩუმლაყელი ბიჭი იშოვა სასიძოდ, რომელიც გასვენებებში დოლზე უკრავდა, ეგეც შენი მუსიკაო, დააყოლა კმაყოფილმა. მაგრამ მამიდა სრულიად მოულოდნელად სამტრედიაში გათხოვდა. პაპამ: „აშუღი იყავ და აშუღად დარჩებიო“ შეუთვალა და ქორწილშიც არ წასულა.მაგრამ როდესაც თამარამ ორი ქმარი ისე გაისტუმრა მიწაში, რომ არცერთს შვილი არ გაუჩინა, მირონა მის მიმართ პატივისცემით განიმსჭვალა. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, რამდენადაც სასიკვდილო სარეცელზე მყოფ პაპას მოსანახულებლად მისული მამიდასთვის მკვდარი და ცოცხალი არ უგინებია.მეორე ქმრის დეიდამ გურიაში პატარა სამოსახლო დაუტოვა და მამიდა ახლა იქ ცხოვრობს, რამდენჯერაც უნდა ჩავიდე, სულ იმის გამო მლანძღავს, იშვიათად მნახულობო.-აჰ, როგორ დაბერებულხარ მამიდა, რას იზამ წლებს თავისი მოაქვს - ვცდილობ საუბრის იქითკენ წარმართვას, რისთვისაც ამჯერად ვარ ჩამოსული - ახლა შენ ცოტა თავსაც უნდა მიხედო, წამოწვე ხოლმე რაღა.ჩვეულებრივ მამიდა უაქცენტოდ ლაპარაკობს, კარგ ხასიათზე მყოფი გურულ-იმერულად უქცევს, გაბრაზებული კი კახურად ჩხუბობს.-დედიშენისამ, რახან შენ იტყვი! მირონა ზაკალაშვილის გოგოს წამოწოლილ ვერავინ ნახავს, განა ქალაქში ვარ?-რაღაც ამინდებიც ვერაა კარგად, რომ ჩამოვალ, იცოდე, საწოლში დამხვდი, არ ადგე, მაგნიტური დღეებიაო, ასტროლოგებს უნდა დავუჯეროთ.აი, არსად გაიშვა ჩემი ნაწარმოები დიპლომატია, რომელი ჰენრი კისინჯერი მე ვარ?-მამიდა, საცოლე მინდა გაგაცნო, ხომ მიიღებ?აღტაცებულმა ტაში შემოკრა.-წავალ, ბაზარში ხაშს ვიყიდი და მოგიხარშავ.-დაიცა, არ მინდა ხაში, თუმცა როგორ არ მინდა? მაგრამ გეხვეწები, საწოლში ჩაწექი და ისე დაგვხვდი.-აღარ იტყვი რატომ?-საქმე იმაშია რომ... თავისი მამიდა რომ გამაცნო, საწოლში იწვა ის, ელენეს ძალიან შერცხვა და მე დავამშვიდე, მამიდაჩემიც წევს მეთქი, ახლა ტყუილში გავიხლართე, მოვიდეს და ფეხზე დახვდე? რა ვუთხრა? ერთი ვარიანტი რჩება, საერთოდ არ ჩამოვიყვანო.აკი ვთქვი, რომ ხანდახან გენიალური აზრები მომდის? შეშინებული მამიდა, უჩემოდ არ მოიყვანოს ცოლიო, დამთანხმდა. XXXმე მესმის, რომ ქალები ხანდახან უცნაურად იქცევიან, ჩაცმის ორგანიზებაც რომ რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია, სალონურ საუბრებში კულუარულად ამის შესახებაც მსმენია, მაგრამ სამი საათი განათების ბოძივით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ყურყუტი მაინც გადაჭარბებული მგონია.ბოლოს მოთმინება გამომელია, ჯიქურ მივადექი მის კარს და სამჯერ დავრეკე ზარი.-რომელი ხართ?-იოჰან ერვინ რომელი, შესანიშნავი მეთაური იყო, მაგრამ მე მაინც გუდერიანს ვამჯობინებ, გემოვნების და ფილოსოფიის საკითხია.კარი სანახევროდ გააღო და შეშინებული შემომაცქერდა.-ვინმე გყავს? - არც ვაციე, ისე მივახალე.-არა, არა ღმერთო, ვინ უნდა მყავდეს? შემოდი, შემოდი.-რაღაც არეული სახე გაქვს, ხომ ყველაფერი კარგადაა?-არ ვიცი, უფრო სწორედ, შემოდი და თავად ნახავ.ოთახში შევედი და რას ვხედავ, იატაკი, დივანი, სავარძლები, სავსეა უამრავი ტანსაცმლით, შუაში ელენე ჩამდგარა ბურიდანის ვირივით და ირგვლივ სასოწარკვეთილი იყურება.როგორც ვიცით, ბერძენ ბურიდანს ჰყავდა ვირი, რომელსაც თანაბრად შიოდა და სწყუროდა, ამიტომ ვერ გადაეწყვიტა, ეჭამა ჯერ თუ წყალია დაელია, ამ ორჭოფობაში კი საქმე ისე იყო, რომ არც ჭამდა და არც სვამდა.სხვა ამბავიც აქვთ ბერძნებს, ტანტალოსის ტანჯვა ჰქვია, ეს კაცი წელამდე წყალში დგას და საშინლად სწყურია, მაგრამ როგორც კი დასალევად დაიხრება, წყალი შრება. გადავწყვიტე, ეს ამბავი მისთვის მეთქვა, იქნებ არჩევანი გაიოლებოდა.-ისიც კარგია, რომ ბურიდანის ვირს არ შემადარე - თქვა გაცხარებით - მაგრამ ხომ გესმის, რომ აქ რამის ამორჩევა შეუძლებელია, შენ რა ჰქენი?-მეც ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი - დავიწყე დინჯად - ბოლოს კი ის ტანსაცმელი ჩავიცვი, რომელიც გარეცხილი იყო.-საშინელებაა სწორედ, რა მეშველება? - თავი უმწეოდ ჩაჰკიდა.-ასე და ამგვარად - ვთქვი ენერგიულად - დღევანდელ დღეს ჩაცმულობაში ვარდისა და ზღვის კომბინაციას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, რადგანაც ახლა ვარდობისთვეა და ზოდიაქოც წყლის სტიქიაშია.-კი მაგრმ, ახლა კუროს ზოდიაქოა და სულ არაა წყლის ნიშანი.ყველა ლამაზმა ქალმა ზეპირად რატომ იცის ზოდიაქო?-ეგ სულ ერთია, მაინც წყლისა და ვარდის კომბინაცია გვინდა, აი ეს წითელი კოფთა თუ ფუფაიკა, ჩაიცვი, ჩაიცვი - მივაჩეჩე ხელში - და აი ეს ლურჯი შარვალი.-აჰ, არა, ეს შარვალი ძალიან ადრე მეცვა, ბავშვი რომ ვიყავი, მას მერე ცოტა გავიზარდე. -არაფერია, მშვენივრად გექნება, ენდე ჩემი თვალის სიმახვილეს, ათ მეტრში შემიძლია გავარჩიო მამალი და დედა კოღო.-მართლა?-რასაკვირველია, თურმე მხოლოდ დედალი კოღო წივის.ჩაიცვა და უნდობლად ჩაიხედა სარკეში.-ხომ ვთქვი, პატარა მაქვს.სხეულზე ოდნავ მჭიდროდ ეკვროდა, მაგრამ ისეთი ლამაზი ტანი ჰქონდა, პირიქით, უხდებოდა კიდეც, ეს რომ ვუთხარი, გაეხარდა და თვალები აუციმციმდა.-თუ მოძრაობაში ხელს არ გიშლის...-მაგ მხრივ ყველაფერი რიგზეა.ცოტა ხანს კიდევ იწრიალა სარკის წინ, მაგრამ მე მაგრად დავდექი, ძალიან ლამაზად გაქვს, ჩემს დღეში არ მინახავს ქალს ტანსაცმელი ასე უხდებოდეს მეთქი.სამტრედიის გადასახვევს რომ გავცდით, მითხრა, ტყუილები არ გეხერხება, თორემ რაც ყველაზე ახლოს ელაგა, ზუსტად იმ ტანსაცმელს არ მომაწვდიდი, თავიდანვე მივხვდი, რომ არანაირი ვარდისა და ზღვის კომბინაცია შენ არ გაღელვებდა, წამოსვლა გეჩქარებოდაო.-რა გითხრა ელენე, წითელი ზედა და ლურჯი შარვალი კი არა, ჯვალოს ტომარაც სხვაზე მეტად მოგიხდება, მე ასე მგონია.არის განსაკუთრებული წუთები, როდესაც გულწრფელობა დახვეწილობას ჯობნის. XXXმამიდამ ისეთი სიურპრიზი მომიწყო, კარდინალ რიშელიეს შეშურდებოდა - შესანიშნავი ვახშამი გაგვიწყო, საგანგებოდ მოიკაზმა და ალაყაფის კარებთან გამოგვეგება.ძალიან, ძალიან არ ჰგავდა სულთმობრძავ ადამიანს.ეგღა მაკლია თამარა ზაკალაშვილს, ძმისშვილს ზღურბლზე არ გამოვეგებოო. XXXმაისის წვიმა, ღამე, ლამპიონების ბაცი სინათლე და უკაცრიელი ქუჩა.გვერდიგვერდ მივდიოდით, ხანდახან გავხედავდი, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.-რატომ გააკეთე ეს ყველაფერი? - მკითხა და ისევ გაიღიმა.-მამიდა რაღაც ვერ იყო, თურმე გამოკეთებულა ...-არა არა, სიმართლე მინდა გავიგო - მიწაზე ფეხი დააბაკუნა.უფრო სწორად, ასფალტზე, სადღაა ქალაქში მიწა.სიმართლით შემაშინოს ახლა ვიღაცამ, მაგაზე ადვილი რა არის?-მინდოდა ცოტა გამერთე, მომეჩვენა, რომ დეპრესიაში იყავი.-გგონია, ახლა აღარ ვარ?-ალბათ ხარ, ერთდღიანი ექსკურსია დეპრესიას ვერ განკურნავს... -არანაირი დეპრესია მე არ მაქვს, უშვილობას ვჯავრობ, სრულიად ნორმალური რეაქციია, არ მეთანხმები?-ნამდვილად საშინელებაა, მე რაც შემეხება, სახლში არც მითქვამს, მარტო მამიდას რეაქცია... ხომ ნახე, მამიდა რა ტიპია? თვითონაც უშვილოა.-ძალიან კარი ადამიანია, მიყვარს მასეთი ხალხი, სინდისი სუფთა აქვს და არაფრის ეშინია, ამიტომაც თამამად ჩხუბობს, დარდი არ აქვს, რომ რამეს წამოაძახებენ.ცოტა არ იყოს, უცნაური ახსნა იყო, მაგრამ ვატყობდი, რომ ნელნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა, გამოხედვაც ისეთი ნაღვლიანი აღარ ჰქონდა.ყველა ნახევრად იდიოტი, რომელსაც სამი ფრთიანი ფრაზა წაუკითხავს და ორი ლოთის აღსარება მოუსმენია, თავს დიდ ფსიქოლოგად ასაღებს. მიუხედავად იმისა, ან შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ ფროიდიც, ადლერიცა და იუნგიც წაკითხული მაქვს, ვაღიარებ, რომ ეს სფერო საერთოდ არ გამეგება.მაინც თავს უფლება მივეცი მოქმედებისა. სხვა გზა უბრალოდ არ იყო. მაშ ასე, ზედმეტი გართულებების გარეშე, ვდგებით კარგად გატკეპნილ გზაზე, ექსპერიმენტების დრო ახლა არაა. ელენემ უნდა იგრძნოს, რომ მისი არსებობა ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია.-ხვალ რაღაც საკითხთან დაკავშირებით შენი რჩევა დამჭირდება - განვაგრძე გამხნევებულმა - ერთ ჩემს მეგობარს საცოლე დაშორდა, მისდა საუბედუროდ, ეს გოგო ლამაზია და განშორების ტკივილიც უზარმაზარია, ჰაჰაჰა, ამ ბოთეს გაგონებაც არ უნდა, რომ გოგო სამუდამოდ დაკარგა, იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან, თავის სატრფოს დაიბრუნებს, მას უნდა, რომ რჩევა მისცე, რანაირად მოიქცეს, მაგ სულელს ჰგონია, ყველა ლამაზ ქალს ერთნაირი აზრები აქვთ, გუშინ შენთან ერთად დამინახა და...-მორჩი ახლა სისულელეების მოგონებას - თქვა სიცილით - ხვალ ლუდის ბარში გპატიჟებ.-შენ მპატიჟებ?-ჰო, მე, წამოხვალ?-რასაკვირველია. XXXყორანი მყავს, დიდი, შავი ყორანი, მახვილგონიერი და არამზადა, ნამდვილი უნამუსო.როდესაც კარგ ხასიათზე ვარ, ცდილობს გუნება მომიშხამოს, თუ უხასიათოდ მნახა, გახარებული ფრთებს ატყლაშუნებს და იმედს გამოთქვამს, რომ ჩემი ეს მდგომარეობა უსასრულოდ გაგრძელდება.რაშიც ბრალს ვერ დასდებ, უყურადღებობაა - ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან დროს ჩემს გვერდითაა, არასოდეს აგვიანებს, პირიქით, უმეტესად ადრე მოდის და როგორც თვითონ აცხადებს, კარგ რჩევებსაც მაძლევს, იმას კი არას დაგიდევთ, რომ სანაცვლოდ ჩემგან მხოლოდ ლანძღვა-გინებას იღებს.ალბათ მიხვდით, რომ ეს ყორანი წარმოსახვითია და მხოლოდ ჩემს გონებაში არსებობს.პირველად მაშინ გამომეცხადა, ჩემს კლასელ გოგოს რომ დავადგი თვალი, გულთბილად მივიღე, ბავშვური მიამიტობით.-მაშ, ვაჟბატონს გოგო მოეწონა, ასეა? - მკითხა მკაცრად.-ყველას მოსწონს ვიღაც, მეც გავბედე - ვთქვი ოდნავ დარცხვენილმა.-მერე, შე ოჯახაშენებულო, ყველაზე ლამაზს რომ ეცი, სარკეში არ იყურები?ჩავიხედე სარკეში და იქ საგულისხმო ვერაფერო აღმოვაჩინე, თუმცა თვითონ დამეხმარა, დიდსულოვნად და უანგაროდ, ტერმინიც მასწავლა „კრიტიკული ანალიზი“, მადლობა გადავუხადე და ისე გავისტუმრე.მეორედ უკვე აბიტურიენტობისას, გეოგრაფიის რეპეტიტორთან ერთი ლამაზი გოგო დადიოდა, ორჯერ მივაცილე სახლამდე და მესამედაც იგივე რომ დავაპირე, მაშინ მობრძანდა.-ვაჰ, ვაჰ, რა გოგო უშოვია ჯიგარს - მითხრა შინაურულად და მხარზე ფრთა დამკრა - რაღაც ნამეტანს იმორცხვებს, მგონი რომ მოსწონხარ, ალბათ ის მოეწონა, ერთი მოყოლით რომ იმახსოვრებ ყველაფერს, ის კი აღარ იცის მაგ ჩერჩეტმა, რომ ცარიელი ჭურჭელი უფრო მეტ სითხეს იტევს.-რას იტყვი, ხომ მშვენიერია? - ვკითხე გახარებულმა.-ნამდვილი მზეთუნახავია - მერე ხმას დაუწია - ზუსტად ვიცი, ნაყინი უყვარს ძალიან, დაპატიჟე, გაეხარდება.გაივლის სამი წელი და საჯარო ბიბლიოთეკაში ასეთ დისერტაციას აღმოვაჩენ: „გაუსის მარტინგალით შეშფოთებული ფინანსური ბაზარი და საშუალო კვადრატული აზრით ოპტიმალური სტრატეგია“შეშფოთებული ფინანსური ბაზარიო, გაუსის მარტინგალითო.იმის თქმა მინდა, რომ ნაყინის ფული აბიტურიენტობისას არ მქონდა.ამ ყორანმა კი ნელნელა თავი მომაბეზრა, ერთხელ მთვრალს გამომეცხადა და სულ ფურთხებითა და ლანძღვა-გინებით გავაგდე, აქ აღარ მოეთრე, შენ ნისკარტიანო ნაბიჭვარო მეთქი.მაგრამ მაინც მოდიოდა. მოდიოდა და დამჩხაოდა.უნივერსიტეტში უფასოზე რომ ჩავაბარე, ბუმბული სულ ღერა-ღერა დაიგლიჯა.-რა ეშმაკად გინდა ეს განათლება? ტყუილად უნდა იწანწალო ოთხი წელი, დაიწყება მერე ომი, მამაშენისთანა შერეკილის შვილი წაეთრევი მოხალისედ, იქ ვიღაც რუსი სნაიპერი შუბლში ტყვიას გრეკავს და მორჩება საქმე, ესეც რომ არა, შენისთანა ნირიახას სამუშაოს ვინ მიაშავებს?ეკასთან რომანი რომ გავაჩაღე, ყორანმა ასე მითხრა, იქ, ზევით საქმეებს ვაგვარებ, რომ თქვენს სიყვარულს ხელი შევუშალოო.უკვე აღარ ვბრაზობდი, მეცინებოდა კიდეც, ხანდახან მახვილგონივრულ რაღაცეებსაც იტყოდა.ელენე რომ სახლამდე მივაცილე და ფიქრებში გართული ქუჩას გავუყევი, სწორედ მაშინ მობრძანდა და მარჯვენა მხარზე დამაჯდა.-შენი ადგილი იცოდე - ვუთხარი მკაცრად - გადადი მარცხნივ.-რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ეშმაკთან არაფერი მესაქმება? ყარაჩოხელი კაცი ვარ და ღმერთმა გამომგზავნა შენთან, სწორ გზაზე რომ დაგაყენო.-მადლობა მოახსენე ღმერთს და ასე გადაეცი, ყორანის გამოგზავნას ერთი ათიოდე პროგრესულად მოძრავი სპერმატოზოიდი გაგემეტებინა, შენს ღვთაებრივ დიდებულებას არაფერი მოაკლდებოდა თქო.-რაც თითქმის არავის აქვს, ის მოგცა ღმერთმა, ყველაფრის ფეხზე დაკიდების უნარი, ამიტომ ნუ ხარ უმადური.-რაო, რაო?-რა იყო ძმაკაც, რა მალე დაივიწყე შეყვარებული? ერთი კვირა მაინც გეცლია, მაშინვე შემცვლელი რომ მოუძებნე.ელდა მეცა და ერთხანს ვერაფერი მოვისაზრე.ეკა ახლა მართლა აღარ მახსოვდა, არ ვფიქრობდი მასზე, არა, მხოლოდ ელენეზე ვფიქრობდი.მაგრამ მაინც, ეკა არ დამვიწყნია, ის ჩემთან იყო, სადღაც გულსა და ფილტვებს შორის, ზუსტად არ ვიცი.ზოგი კაცი მთელი ცხოვრება იდეალური ქალის ძებნაშია, მე კი ჩემი წლები იმ საბუთის ძიებაში გავატარე, რომ არცერთი ქალი არ შემეფერებოდა, კარგებს არ მოვწონდი, ცუდები მე არ მინდოდა. მაგრამ ერთგან ეკა გავიცანი, არათუ კარგი, არამედ ძალიან კარგიც. ჩვეულებისამებრ, თავაზიანად ვაქციე ზურგი და წასვლა დავაპირე.უცბად ვიღაცამ მაისურზე უკნიდად მომქაჩა.-ასეთ რაღაცეებს დაჩვეული არ ვარ, სად მიიპარებით?ამას რომ ამბობდა, ისეთი საყვარელი იყო, რომ გაპარვა კიდევ ვცადე.მაგრამ მხოლოდ ვცადე და არაფერი გამომივიდა, ამიტომაც დავრჩი.ერთ დღესაც, ჩემი ორსაათიანი ლაქლაქის პასუხად მკითხა, ფელდმარშალი ფონ ბოხის განკარგულებაში ორი სატანკო არმია რატომ იყო, როდესაც ფონ ლეებსა და ფონ რუნშტედტს თითო ჰყავდათო.ფეხზე წამოვდექი და აღელვებულმა ვთქვი.-იმიტომ, რომ ზუსტად 75 წლის შემდეგ სამყაროს საუკეთესო ქალი ერთ არაფრით გამორჩეულ კაცს შეყვარებოდა! რაც შეეხება ფონ ბოხის არმიათა ჯგუფს, ის პირდაპირ მოსკოვს უტევდა, გუდერიანის სატანკო არმიაც მანდ იყო.ერთ წინდადებაში სიტყვები „მიყვარხარ“ „ფონ ბოხი“ და „გუდერიანი“ მხოლოდ მე, ფონ ბოხისა და გუდერიანის ცოლებს გვქონდა ნათქვამი. თუმცა დაიცათ, ფონ ბოხის ცოლი გუდერიანს არ იტყოდა, და არც პირიქით. ამ საქმეშიც მარტო აღმოვჩნდი, ისევე, როგორც ყველაფერში. ეს იყო სამყაროში ყველაზე ახირებული სიყვარულში გამოტყდომა. თვით ვერმახტის და ვაფენ ესესის ტვინნაღრძობი ჯარისკაციც ვერ მოიფიქრებდა მსგავს სისულელეს. -თუ მასეა, ყველა სატანკო არმია მოსკოვისკენ გადაესროლათ.-შეტევის ტემპი ძალიან არათანაბარი იქნებოდა, სამხრეთისა და ჩრდილოეთი ფრონტი ჩამორჩებოდა და ცენტრის ჯგუფი სტრატეგიულ ალყაში მოყვებოდა.-ჰო, ეგეც მართალია - თქვა და გამიღიმა.-ცოლად გამომყვები?-ალბათ გამოგყვები, მაგრამ ჯერ მოსკოვი გაქვთ ასაღები შენ და ერიხ ფონ მანშტაინს - მითხრა სიცილით.ეჰ, მაშინ ვერაფრით ვიფიქრებდი, თუ ჩვენი სიყვარული ოდესმე დასრულდებოდა. XXXეს ამბავი რამდენიმე წლის წინ შემემთხვა და მოსაყოლად ნამდვილად ღირს.როდესაც 33 წელი შემისრულდა, ეკლესიაში გამოვცხადდი და ღმერთს შთაგონებული სახით მივმართე.-„უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, მაპატიე ის ურიცხვი იდიოტობები, რაც აქამდე ჩამიდენია, რასაკვირველია, აწი უფრო მეტს ჩავიდენ, მხოლოდ ხარისხობრივად გაცილებით აღმატებულთ. ამწამს შემისრულდა ფილოსოფიური ასაკი, ასაკი, რომლის იქითაც კაცობრიობის საუკეთესო ნაწილმა ჩვეული სიბრძნით გადაწყვიტა, რომ ღმერთს კაცთა შორის ყოფნის უფლება აღარ ჰქონდა. ფილოსოფოსი კაცი ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ყურადღების გარეშე ვერ დატოვებს. ამას იქით ჯანმრთელობისა და სიცოცხლის თხოვნა შენთვის უსინდისო საქმე მგონია, მაგიერად კი ვიტოვებ უფლებას, შიგადაშიგ საქართველოს მტრების ჩაძაღლებები გთხოვო, რაზეც იმედი მაქვს, დიდხანს არ მალოდინებ.ეტყობა ძალიან აგზნებული ვიყავი და ხმამაღლა მომივიდა, მოხუცმა მესანთლემ, სახელოზე მომქაჩა და თვალები დამიბრიალა.-რას მკრეხელობ, ერთი ვიცოდე? ბავშვობიდან ეკლესიაში იზრდები, შენი სამასხარაოა უფალი?-არ ვმასხარაობ, მართლა 33 წლის გავხდი.-ცამეტი წლისას მეტი ტვინი გქონდა! - მომიჭრა მოკლედ - შენ დაინახე, თუ ცხვირში ძმრად არ ამოგდინდეს ეს მაიმუნობა, თანაც მალე!რამდენიმე თვე იქნებოდა გასული, ვიგრძენი, რომ ვერ ვიყავი მთლად კარგად, დეტალების მოყოლას არ დავიწყებ, მაგრამ სიმსივნის ეჭვი გამიჩნდა, მითუმეტეს, რომ აღმავალი შტოს ნათესავები, კახელების მხრიდან, თითქმის ყველა ამ დაავადებას შეეწირა, (მამაჩემმა უბრალოდ ვერ მოასწრო, რუსის ტყვიამ იმსხვერპლა ტამიშთან).დიაგნოზის წასაღებად რომ მივედი, ექიმიც ვერ დამხვდა კარგ გუნებაზე.-ძალიან გვიანია, უკვე, მეოთხე სტადიაა... რას ვიზამთ, უფრო ახალგაზრდებიც მიდიან, გეცოდინებათ ალბათ, რომ ამ მხრივ მთლად სახარბიელო მდგომარეობა არაა, უკანასკნელი სურვილები შეუსრულეთ, სამწუხაროდ, უკეთესს ვერაფერს გეტყვით...რაღა აზრი ჰქონდა იმის თქმას, რომ პაციენტი თავად ვიყავი? ცხადია, ჭირისუფალი ვეგონე, ასეთ ადგილებში მხოლოდ ჩემისთანა ჭკუაგადაბრუნებულები დადიან მარტოკა.ანკეტას ჩავხედე იმ იმედით, რომ ეგება სხვისი ყოფილიყო, მაგრამ ამაოდ.ძლივს წამოვლასლასდი იქიდან, გამწარებულმა სიგარეტის კოლოფი ასფალტზე მოვისროლე და ოთხ მანქანას ვაიძულე მუხრუჭი ეხმარათ, ერთი მათგანი საპატრულოს ეკიპაჟი იყო, რომელმაც ჯარიმები ჯარიმებად დამიწერა, დამატებით კი გამოთქვა იმედი, რომ ამრევები ბევრი არ დარჩა ჩვენს კანონის პატივისმცემელ საზოგადოებაში და ჩემისთანები სულ მალე გადავშენდებოდით.სახლში მოვედი და იმაზე დავფიქრდი, როგორ მეთქვა ეს ყველაფერი ნათესავებისთვის, მერე კი გადავწყვიტე, რომ არაფერსაც არ ვიტყვი, რომ მოვკვდები, მერე ხო გაიგებდნენ?სამი დღე და ღამე დანა პირს არ მიხსნიდა, მერე კი დავფიქრდი.-იმდენ უბედურებას გადარჩები, შე გამოსირებულო ერეკლე ზაკალაშვილო! - ვუთხარი ჩემს თავს - მეგობრების, ნათესავების სიკვდილი, იქით რუსეთიც არ დაგვავიწყდეს. ძალიანაც კარგია, თუ წაეთრევი, ბოლოს ხომ მაინც იქ უნდა ამოყო თავი? შვილი შენ არ გყავს, ცოლი არა, სიბერეში მიმხედი არავინ გეყოლება, უნდა ჩაკვდე საწოლში და მეზობლებს სუნი რომ შეაწუხებთ, მერეღა გაიგებენ შენს სიკვდილს. ასე კი პატივით წახვალ.გამახსენდა პაპაჩემი, მირონა ზაკალაშვილი, ეზოში იყო და ვაზს ფურჩქნიდა, ძალიან, ძალიან ცუდად იყო, მაგრამ მაინც იდგა ფეხზე, უცბად წაიქცა და გათავდა, ბოლომდე თავის თავს თვითონ უვლიდა. მეც ასე ვიზამ.ნამეტანი პატივი დამდო ბედისწერამ! გავმხნევდი და რა გავმხნევდი? სასიკვდილო თადარიგის დაჭერაც დავიწყე, რატომაც არა? ხაშლამა ბლომად უნდა იყოს, ჩადგმით და არა ჩამოტარებით, სხვანაირად როგორ შეიძლება? ღვინოც განსაკუთრებული, დანარჩენი წვრილმანია.თამადად ვინ დავაყენო? არავისაც არ დავაყენებ, მე თვითონ დავდგები, აი ასე!ავიღე სმარტფონი, ჩავრთე ვიდეო გადაღება, ჩავწერე სადღეგრძელოები, რიგითობის მიხედვით დავნომრე და შევინახე, დრო რომ მოვა, რომელიმე ძმაკაცს გავუგზავნი, დარბაზში მონიტორი შეიტანონ და ...ძალიან სასეირო იქნება, ძალიან, ჰაჰა.სიგელიც მეკუთვნის, პროგრესისა და ქართული ტრადიციების საუკეთესოდ შეხამებისათვის.ახლა ის უნდა მოვიფიქრო, ეს ორი თვე როგორ გავატარო? სასოებით შევიმოსო და ვილოცო? რა ფასი აქვს სიკვდილის შიშით ნათქვამ ლოცვას, რით გასხვავდება ის სავაჭრო კონტრაქტისაგან? ისა სჯობია, თუ დავტკბები იმ ყოველგვარის სიამით, რაც ღმერთს კაცთა სასარგებლოდ შეუქმნია, ასე უფრო გავახარებ. როგორც ხელოვანს გულწრფელი ტაში, ისე ღმერთსაც უნდა მოსწონდეს მისი ნახელავით აღტაცება, ასე მგონია მე. მაშ ასე, თამამად გავწიოთ წინ! დილით ადრე, გაზაფხულის მაცოცხლებელი ჰაერი, არასოდეს რომ არ ვაფასებთ ახალგაზრდები, განსაკუთრებით ქალაქელები. ღმერთის, უფრო სწორედ, მაშინდელი რაიკომის მდივნის, სოსო ერემეევიჩის წყალობით, ქალაქში ტბაც გვაქვს, ხეებიც გარშემო, ჩიტებიც დილის ხუთ საათზე კარგ ხასიათზე არიან, შვიდ საათზე კი ჯანიკო გაგნიძე საუცხოო ხაშს ამზადებს ძველ ბაზარში.-ურძეო ხაში! - დამინახავს თუ არა, მაშინვე დაიძახებს.-ორასი გრამი არაყიც - დავაყოლებ მეც - დილით ხაში, ზედ ლავაში, საქეიფოდ ძველ ბაზარში, როგორ ხართ ჯანიკო ბაბუა, შქმერში როდის მიდიხართ?-წავალ, როცა იქნება - მპასუხობს და ხაშს ასხამს - შენხელა ვიყო, ქე წევიდოდი, მარა, რა გინდა რო ქნა?„მალენკოვის“ ჭიქით მოაქვთ არაყი, რომელსაც სამად ვანაწილებ.1. ვისაც უყვარდა, აღარ არიან2. ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს, ალთასა და ბალთასა (ანუ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე)3. ცოცხლებსაც გაგვიმარჯოს, იქამდე ვიყოთ, სანამ ვართ.ვერ ვარ დიდი მსმელი, ორასი გრამი არაყი გვარიანად მაზარხოშებს, სამსახურში მისული უკვე კაი გამოწყობილი ვარ, ლექსების ხასიათზე.-საზანდარმა ღამე ააცახცახა, ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა, ცა ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა, და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა - ამ სიტყვებით შევდივარ გოგოებთან, რომელთაც მთვრალი ზაკალაშვილის დანახვა არ უკვირთ, მაგრამ ყოველ დღე ნივრის ოხშივარი ცოტა ეზედმეტათ და გააპროტესტეს.-მოგვშორდი თავიდან, ამ ლოთს უყურე?-მაშ თქვენ ლეონიძის პოეზია არ მოგწონთ? კეთილი, ომარ ხაიამი იყოს:„შეეშვი ლოცვას, დაეხსენი რწმენის მარწუხებს,იყავ კეთილი და შენს მოძმეს ნუ შეაწუხებ,მომეცი ღვინო და იმქვეყნად როცა წარვსდგებით,იქ, სამსჯავროზე შენს მაგივრად მე ვუპასუხებ“მაინც სრულიად უბოდიშოდ გამომაპანღურეს ოთახიდან, ღამისა არ ვიცით და ეგ შენი საზანდარი ჩვენს ცხვირებს აცახცახებს სრულიად აღმაშფოთებლადო.საღამოს გართობებიც მშვენიერია, ლუდის ბარი, როკ-მუსიკა, ფეხბურთი, ღამით კი ვისკი და სპარსული პოეზია.ძალიან, ძალიან უხდება ერთმნეთს, თქვენც გირჩევთ სცადოთ.შენ ცისკარი ხარ, მე - მიმქრალი სანთლის მუდარა,მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა-რა.სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი,შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა. სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმაზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა.ჰ ა ფ ე ზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს,შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა. ამ ყველაფერს ადრეც ვაკეთებდი, მაგრამ ყოველდღე არა, თანაც სიკვდილის სიახლოვემ განსაკუთრებული სანელებელი მისცა ცხოვრების სიამეთა შეჭამანდს.ბოლოს გამახსენდა, რომ იმ დიად სიშლეგეთა მიუხედავად, რომლითაც აღსავსე იყო ჩემი ცხოვრება, ბოზებისათვის რომანსი არასოდეს მემღერა. გიტარით მივადექი ერთ არაოფიციალურ საროსკიპოს და რადგანაც რომანსები საერთოდ არ ვიცი, დილამდე ვმღეროდი ბობ დილანისა და როლინგ სტოუნზის სიმღერებს, დილას კი პოლიცია მოვიდა, მიწოდა ხულიგანი, დაწერა ოქმი და ნივთმტკიცების სახით ამოიღო გიტარა, მერე მე ამ ოქმის ტექსტზე ექსპრომტად ბლუზი შევთხზე და ბექ ვოკალის გაკეთება კაპიტან მაღლაკელიძეს ვთხოვე. ამან ის მოიტანა, რომ ხელი წამავლეს და განყოფილებაში სულ კინწისკვრით წამახუსხუსეს, რომლის უფროსიც ჩემი ბავშვობის ძმაკაცია. დამინახა თუ არა, თქვა, ოქმი ხომ დაუწერეთ, ახლა კი ერთი მაგრად სცემეთ, ეგება ჭკუა ისწავლოსო.ასეთ სასეირო ამბებში ისე გავიდა ორი თვე, ვერც კი მივხვდი. რამდენიმე დღე გადაცდა კიდეც.დავჯექი და მაგრად დავფიქრდი.ფაქტია, ცოცხალი ვიყავი, უნდა ვაღიარო, უფრო ჯანმრთელიც, თუმცა, შესაძლოა ალკოჰოლის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის დამსახურებაც ყოფილიყო ეს ყველაფერი.გადიოდა დღეები, კვირები, თვეებიც... არაფერი ახალი.ერთი დღე იყო და სამსახურში მისულს სილიბისტრო დამხვდა, რაღაც ფურცლები გამომიწოდა.-ჩემს თაროზე დაგიდია, საწყალი კაცი, შენი ნათესავია?დავხედე და პირკატა მეცა, ჩემი დიაგნოზი იყო. მაგრამ ვინ საწყალ კაცზე ლაპარაკობდა ეს ზომიერად მსუქანი?-ნათესავი არა და ... რაზე მეუბნები?-ვასილ ქობლიანიძე, შენი ვინაა?-ვასილ ქობლიანიძე?-ჰო, რა იყო?-არ ვიცი ვინაა, ან რამ გაასაწყლა?-მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს და არ მგონია სხვა მიზეზიც იყოს საჭირო.-რას მიჰქარამ სილიბისტრო? ეს ჩემი ანალიზებია, წერილი მიმაქვს და მგონი გეშველებათ შენცა და ნახევარ სამსახურს.სილიბისტრომ გულიანად გადაიხარხარა.-კაცმა რომ გკითხოს, დიდი პროფესიონალი ხარ და დოკუმენტის წაკითხვა კი არ იცი, დახედე, ეს სხვა ადამიანის ანალიზებია და არა შენი.დასწყევლოს ეშმაკმა, მგონი მართლა ვასილ ქობლიანიძე აწერია ანალიზებს, ზემოდან კი ჩემი ანკეტა ადევს, შეიძლება ასეთი რამე?მაგრამ სილიბისტროს შევეცოდე კიდეც.-აქამდე გეგონა, რომ კვდებოდი?-არც ახლა მგონია სხვაგვარად, შესაძლოა სხვა სახელი აწერია, მაგრამ სიკვდილით მაინც მე ვკვდები, უნდა წავიდე და გავარკვიო. ყოველ შემთხვევაში, უფროსს მაინც ნურაფერს ეტყვი, ტყუილად იმედი მიეცეს და მერე ცოცხალი დავრჩე, ხომ გესმის?-რა თქმა უნდა. XXX-კი მაგრამ, ასეთი რაღაცის არევა როგორ შეიძლება? ეს იგივეა, გუდერიანსა და მანშტაინს პარიზის მაგივრად პრაღა აეღოთ, რომელიც, ალბათ გახსოვთ, უკვე აღებული იყო.-ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ბატონო, როგორც მოგახსენეთ, რეგისტრატურაში აირია თქვენი მონაცემები, გვითხარით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ და გვიმსახურეთ, სრულად გვესმის თქვენი მდგომარეობა, თუ რა ჯოჯოხეთი გამოიარეთ...-არანაირი ჯოჯოხეთი მე არ გამომივლია, მაგრამ რადგან გამოსწორების სურვილი გაქვთ, უარს ვერაფრით გეტყვით.-ბრძანეთ, ბრძანეთ - გამოცოცხლდა შუახანს გადასული, ჭაღარა ექიმი.-ახლა რა საქმეზე მიდიხართ?-სახლში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ თუ თქვენ რაიმე გჭირდებათ...-დიდხანს არ მოგაცდენთ და ბარემ მეორე კითხვაზეც მიპასუხეთ, აი ის ვისკი, იქ რამდენი ხანია დევს?-აჰა, ღმერთო, უარს როგორ გეტყვით, მიიღეთ ჩემგან საჩუქრად...ძალიან მტკიცედ გავაქნიე თავი უარის ნიშნად.-არა, მიპასუხეთ, როდის გაჩუქეს?-ასე ორი წელი იქნება.-პაციენტის იმ ქვეყანას გასტუმრებაში ხელი მოგეცარათ და მაგის სამახსოვროა?-დაახლოებით - გაეღიმა.-მაშინ ჩამოიღეთ და ერთად დავლიოთ, თუ მაინცადამაინც სუვენირად გინდათ გედოთ, ჩამოსასხმელი კონიაკი ჩაასხით დაცარიელებულ ბოთლში, ფერი იგივეა.ასე გავსინჯე ცხოვრებაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად ჯონი ვოქერის ბლუ ლეიბელი, ექიმმა ისიც მითხრა, რომ ჩემი ანალიზებით გახარებული ვასილ ქობლიანიძე ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა. XXXამერიკელები ტორნადოებს და ცუნამებს ძალიან ხშირად არქმევენ ქალის სახელებს, მამიდაჩემის შესახებ რომ სცოდნოდათ, იქნებ ბევრი აღარ ეწვალათ და თამარა-1, თამარა-2 და ა.შ. სახელები დაამშვენებდნენ მსოფლიო მეტეოროლოგიას.გრიგალივით მოიჭრა მამიდა ჩემთან სახლში სწორედ მაშინ, როდესაც იმ ფიქრში ვიყავი, გარდაცვალება თუ ერთი კაი ძილია, ძალიანაც არ უნდა გვეშინოდეს მისი მეთქი.-სად აგდია ის შენი დარდაკი შვილი? - გამარჯობის მაგივრად მიახალა დედაჩემს.-სად უნდა იყოს, წევს და ძინავს, რამე დააშავა? სერიოზულს ეგ არაფერს იზამდა და...-რაღა სერიოზული არა, რძალო, ერთი განახა ვინ მამითრია სახლში, ვინ იყო ის ბოზანდარა...-რას ამბობ თამარა?-გურიაში ჩამამიყვანა ვიღაც ბერძნის ბოზი, ცოლად მამყავსო, ერთი გენახა რეები ეცვა... -მამიდამ მუშტი მოუღერა ცას, მაგრამ შუაში ჭერი ჩაუდგა - აბანოდან ახალ გამოთრეულსაი ჰგავდა, იქნება კიდეც აბანოდან წამაიყვანა, ვინ გაიგებს? ამისგან ვინმეს რამე უკვირს?-ამის საცოლე ეკაა, შენც იცნობ დაუსწრებლად...-მაშ ეკა, გეგონოს! - იყვირა მამიდამ - დაშორდა ეტყობა ვაჟბატონი, ან ის დაშორდა, მიხვდა, რა სარსაღთანაცაი ჰქონდა საქმე.როგორც აღვნიშნე, მამიდა როცა გაცეცხლებულია, კახურად უქცევს.-დაჯექი თამარა, დაჯექი, ადგება და გამოვა, ვნახოთ რას იტყვის, შენ როგორ ხარ, ის თქვი.-ეჰ, რძალო, ჩემი ამბავი რა საკითხავია, ქმარი მე არა მყავ და შვილი, აღარც დედა და მამა, ერთი ძმა მიწაში, მეორე რუსეთში, თქვენ ორის გარდა აღარავინ დამრჩა და ესეც აეგრე მანერვიულებს.მერე ცოტა სული მოითქვა და დინჯად განაგრძო.-მაი, მაგი ღირსი იყო ჩემი ძმა, ავთო ზაკალაშვილი, რო ეგეთი აკარაკი გამოისვლოდა? აჰა, აი მოდის კიდეც...-ვაჰ, მამიდა, როგორ ხარ, ის ხილის არაყი, წამოგიღებო, რომ შემპირდი, ჩამოიტანე? - ისეთი სახე მივიღე, ვითომც მამიდა ჩვეულებივ, დაგეგმილად იყო ჩამოსული და არა ასეთი მნიშვნელოვანი, გადაუდებელი ვიზიტით.-თხილის ჯოხი ჩამოგიტანე, გვერდები რომ აგიჭრელო, აბა, მოჰყევ ეხლა, რა ხდება შენს თავს, სადაა ეკა და ვინაა ეს ბოზის მსგავსი არსება, გურიაში, სახლში რომ მომითრიე?-მართლა ასე ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩა? - ვითომ ძალიან მიამიტი სახით ვიკითხე - უცნაურია, ძალიან უცნაური.-რა არის უცნაური?-ის, რომ... იმას ძალიან მოეწონე, ასე თქვა, მიყვარს მასეთი ნამუსიანი და ალალი ხალხი, სუფთა სინდისი აძლევთ საშუალებას, ყველა დატუქსონ და მაგიერის მოზღვისა არ ეშინოდეთო, რომ იცოდეს, ბერძნის ბოზად იხსენიებ, წამომიდგენია, როგორ ეწყინებოდა...მამიდა გვარიანად შეცბა, მაგრამ მალევე გამოერკვა.-მახეს მიგებ ხომ, გული გინდა ამიჩუყო? მე ვინ მამატყუებს, მირონა ზაკალაშვილის გოგოს...უცბად ამ ყველაფრისგან ძალიან დავიღალე.-მამიდა, არასოდეს მიკითხავს თქვენთვის არაფერი, შვიდი წლისას გაკვეთილების მომზადებაში არ მითხოვია დახმარება, ორმოცი წლისა ცოლის მოყვანის საქმესაც როგორმე უთქვენოდ გადავწყვეტ, თუ არ მიიღებთ და ბერძნის ბოზად მოხსენიებას განაგრძობთ, ცხოვრებაში თვალით ვეღარ მნახავთ, ჩემი რჩეულის ლანძღვის უფლება არავის აქვს, ასე მესმის მე ქალისა და კაცის ამბავი და თქვენი ქმრები თუ სხვანაირად იქცეოდნენ, თავი ყველაყისა უჭამნიათ...ოთახში შევედი და ტანსაცმლის ჩაცმა შევუდექი, მესმოდა, როგორ იმსჯელეს დედაჩემმა და მამიდაჩემმა საკითხზე და ჩვეული სიბრძნით გამოიტანეს დასკვნა, რომ ჩემი ეს ამბავი უზიარებლობის ბრალი იყო, ამიტომაც საჭირო იყო ლოცვა „გაეძლიერებინათ“, ამასთანავე, რამდენადაც საქმე საშური იყო, ისეთი ლოცვა უნდა მოეძებნათ, მყისიერი ეფექტი რომ ჰქონოდა, ამ თვალსაზრისით შეარჩიეს წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელი, მსწრაფლშემსმენელი და ისეთი გატაცებით დაიწყეს ლოცვა, რომ შემეშინდა, ელენე მკვდარი არ დამხვედროდა და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი სახლიდან. XXX-რაღაც წვრილმან საკითხებს ხომ აგვარებ შენ? - ვკითხე ყორანს - მაგალითად, საქეიფოდ წასვლა თუ მაქვს დაგეგმილი ერთი კვირით ადრე, უმეტეს შემთხვევაში ისე ხდება, რომ ვერ ვახერხებ, უპირატესად სამსახურის გამო, ეს ხომ შენი ნახელავია?-ეგეთები ზემოთ წყდება, თქვენსა და ჩვენს ხელმძღვანელობას ინფორმაციის გაცვლაზე მემორანდუმი აქვთ და პროცესებიც იქიდან იმართება, მე არაფერ შუაში ვარ. მაგრამ ქართველებიც კაი ჟულიკები ხართ, უკვე წინასწარ აღარაფერს გეგმავთ.-მაშ, უცხოეთში წარმატებები გაქვთ?-ქვეყნებს გააჩნია, უმეტესად ჩვენთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, აღარ უნდა ხალხს ეს შენი ნიჰილიზმი.-თანამშრომლობა როგორღა ხდება? გამარჯობათ, მე ამა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ, გთხოვთ ჯოჯოხეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დამაკავშიროთო, ასე ხომ არ იქნება?-არა, არა - შეწუხდა ყორანი- ასე ადვილადაც არაა საქმე და ჯოჯოხეთი საერთოდ რა შუაშია? ბევრი შრომაა საჭირო, მრავალწლიანი შრომა, პრინციპი კი მარტივია, კარგსა და ცუდს, იმედსა და სასოწარკვეთას შორის არჩევანი ყოველთვის მეორის სასარგებლოდ უნდა აკეთო, რაც დაგიფასდება, აუცილებლად დაგიფასდება, ნელნელა არხები გაიხსნება და რეალობაც თავად შემოვა შენში.-უმჯობესია ვისკი შემოვიდეს ჩემში! - ვთქვი რიხით და ბოთლს დავწვდი - ეს შენ გაგიმარჯოს ჩემო ყორანო, კისერი გიტეხია და ჯანდაბამდის გზა გქონია.-ოღონდ ვისკი არა, ოღონდ ვისკი არა! - აჩხავლდა საცოდავად - ცოტა ხანს ვიქნები კიდევ, რა დაშავდება?საქმე იმაშია, რომ ვისკისა და ზოგადად, ალკოჰოლზე ცუდად ხდება, როგორც კი ერთ ჭიქას გადავკრავ, იძულებული ხდება წაეთრეს.-აბა, მოუსვი ახლა აქედან და კარგა ხანს აღარ მოხვიდე, თორემ თოკს ავიღებ, ერთ ბოლოს ნისკარტზე მოგაბავ და მეორეს ფეხზე, და კარგად დავჭიმავ, მერე ნახავ შენ სეირს.-რამდენადაც შენ თანამშრომლობა არ გინდა, იყოს დაპირისპირება - თქვა და წასასვლელად მოემზადა - ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს.წიხლი მოვუქნიე, მაგრამ ვერ მოვარტყი, გაფრენა მოასწრო. XXXბაბუაჩემმა რეზო ტომარაძემ ონში თეატრი რომ გახსნა, დრამატურგიც თვითონ იყო, რეჟისორიც, მთავარი როლის შემსრულებელი და სუფლიორიც. დიდად მოინდომა და შრომა დაუფასდა, პირთამდე სავსე დარბაზი ფეხზე წამოუდგა და კარგა ხანი მხურვალედ უკრავდა ტაშს.ჭუჭია აბაიშვილი, კოლმეურნეობის მოედანზე სახინკლის დირექტორი, სხვაზე მეტად რომ გულშემატკივრობდა ბავშვობის მეგობარს, სპექტაკლის დასრულების შემდეგ ბაბუაჩემთან მივიდა და უთხრა:-გეყოფა ახლა რეზიკუნა ტინკიცობა, წამოდი ჩემთან სახინკლეში, საჭმლის გაკეთება შენ არ იცი, მარა ტილოთი მაგიდას გადაწმენდ, სინით ხინკალს დაუდგამ, ჯამაგირი გექნება, კაცი იქნებიო.ტილოთი მაგიდასო, სინით ხინკალსო, აი, დალახვროს ეშმაკმა!გადაწმენდ და დაუდგამო!აქედან ორი დასკვნა შეიძლება გამოიტანო, 1. რაჭველებს ყველაფრის გაუბრალოება უყვართ და 2. რესტორატორები ხელოვანებზე უკეთ ცხოვრობდნენ, კომუნისტების დროსაც.თუმცა მე ეს ყველაფერი სულ სხვა რამის გამო გამახსენდა, კარგია პოეზია, მაინც კუჭის საკითხის უგულებელყოფა არაფრით გამოვა. უნდა გამერკვია, რითი ცხოვრობდა ელენე. არსად მუშაობდა, არავინ ჰყავდა და არც მემკვიდრეობის მქონეს ჩამოჰგავდა, დაზუსტებით ვერა, მაგრამ რატომღაც გუმანით ვგრძნობდი, რომ იმ უამრავი ტანსაცმლიდან ნაწილი დედის ნაქონი, ნაწილი კი ძალიან ძველი იყო.დიდად იუხერხულა ჩემი ეს შეკითხვა, ეს შენ არ გეხება, მე არაფერი მიშავსო, მაგრამ გასაქანი არ მივეცი და მანაც ნელ-ნელა, თუმცა უხალისოდ, მაინც გამიმხილა სიმართლე.-ჯერ მეყოფა რაც მაქვს.. თბილისში კარგ ადგილას გვქონდა სახლი, დედა ძველი და ახალი ბერძნულის სპეციალისტი იყო... თარჯიმნად მუშაობდა... მერე მე ის სახლი გავყიდე და აქ ვიყიდე... რაღაც თანხა მორჩა, რომ აღარ იქნება, სამუშაოს ვიშოვი, თუ ჩემი პროფესიით ვერა, სადმე კონსულტანტად... ლამაზი გოგოები სჭირდებათ მასეთ საქმეზე, ხშირად უთქვამთ ჩემთვის ლამაზი ხარო, ბექა სულ ამას მიმეორებდა, მგონი ერთხელ შენც თქვი...მუშაობაზე უკვე ვიწყებდი ფიქრს, მაგრამ მერე ბექას შევხვდი, იმან გადამაფიქრებინა, არ მეკადრებაო, მამაჩემსაც ეწყინებაო, შემდეგ, შემდეგ აღარ მახსოვს, რა იყო...ეჰ, ღმერთო, ჩემისთანა მათხოვარმა შენ რა უნდა დაგიშავოს? ძალა შენს ხელშია და სულ შენ მაწვალებ, ერთ დღეს კი მაინც შენ უნდა გამასამართლო, მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი შენი მსაჯული, მარტო ამის გამო გაპატიებდი ყველაფერს, ამ კარგი საქმის გამო, ამ საცოდავ გოგოს ასეთ დროს რომ შემახვედრე.იდგა და გულთბილად, საოცარი კეთილგანწყობით მიღიმოდა. ყელში ბურთი მომაწვა.-მეგობრებიც არსებობენ, რომელნიც მზად არიან დაგეხმარონ...-მათ კი ბევრი აქვთ? - მკითხა ღიმილით.-ჩემი ჩაცმულობა ნუ მოგატყუებს, რამდენიც დამჭირდება იმდენი შემიძლია ვიშოვო, ვიცი ფინანსები, მათემატიკა, ბუღალტერია, ცოტა პროგრამირება, ხარჯთაღრიცხვები, საგადასახადო საქმეც... შემკვეთი ბევრი მყავს, უფრო მეტი კი მწყერები თავში... ერთადერთი მტერი სასმელია, მაგრამ შენ რომ გიყურებ, ისედაც მთვრალი ვარ ხოლმე, ესთეტიკის თვალსაზრისით... ასე რომ გვარიანი ფული დამეზოგება, მოგებაშიც კი დავრჩები... ვარდები, ტიტები, გვირილები... სანთლები, სიბნელე, ზღვა, მზის ჩასვლა, რა საჭიროა ამის მოყოლა? ყველაფერი ხომ ისედაც ცხადია?ადამიანი იყო ისიც და ადამიანად ვგრძნობდი მეც თავს, არც სინდისის ქენჯნას გავიკარებ ახლოს და არც იმ ყოვლად აღმაშფოთებელ აზრს მივცემ განვითარების საშუალებას, რომ მე და ელენეს, წარსული სიყვარულით ჯერ კიდევ გაბრუებულთ, ერთმანეთი კი არა, ისევ ჩვენი ძველი სიყვარულები გვიყვარდა. XXXქუჩაში მომავლებს ნიკო შემხვდა, ნიკო ომანაშვილი, „ნაცხოვრები“ კაცი.-როგორ ხარ ნიკო ძიავ, ჯანმრთელობის ამბავი როგორაა?-მაგრად ვარ მაგრად, ბოზების ჯინაზე! - თავისებურად, გულიანად ჩამომართვა ხელი.რა თქმა უნდა, თუ ნაცხოვრები ხარ, ისე ჩვეულებრივად ვერ იქნები კარგად, აუცილებლად ბოზების ჯინაზე უნდა იყო, მერე თავისი თანამოსაუბრე გამაცნო.-როლანდა ფურცხვანიძე, „პრისტუპნიკი“ კაცი, რუსეთები, ევროპები, რამე, ახლა აქაა... უწესიერესი კაცი, ჩვენი ძმა, ერეკლე ზაკალაშვილი.-მე ჩემი ცხოვრებით ყველა წესიერის და პარიადაჩნი კაცის პატივისმცემელი ვარ, ჩემო ძმაო - თქვა როლანდამ.ეს წესიერება, სხვათა შორის იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმემ რამე მოიპარა, „მომპარავს“ ვუწოდებ და არა ქურდს, ასევე, თუ შფოთსა და აყალმაყალში გავეხვიე, პოლიციას არ მივმართავ, აი თუ მივმართე, ჩემზე არასოდეს, არასოდეს იტყვიან, წესიერიაო.-დიდი ხანია გამოხვედით? გავიგე, უკრაინაში იჯექით.-საიდან მიცნობ, ჩემო ძმაო?-ქალაქიდან.უფრო ზუსტი ვიქნებოდი მეთქვა, რომ მისი დეიდაშვილი ჩემი მეზობელია და ყოველ საღამოს თავის შავი გაგების ნათესავზე ლაპარაკით ტვინი წაგვაჭამა. მაინც „ქალაქიდან ცნობა“ უფრო პატივია, როლანდის სახეზე კი ნატანჯი კაცის უბედურება ამოვიკითხე და გადავწყვიტე, მისი ოდნავი გამხნევება ჩემს კახელობას არაფერს დააკლებდა.-ორი თვე იქნება, გაიხარე, მადლობა ძმაო, კაი ხალხის ნახვა ყოველთვის მიხარია.მაგრამ ნიკოს ჩემს შესამკობად გაცილებით მნიშვნელოვანი არგუმენტი აღმოაჩნდა.-ეს იცი ვინაა, როლანდ? აჩიკო მანოშვილის ძმისშვილია! - მერე იქ მყოფ ახალგაზრდობას მიუტრიალდა, რომელნიც მოკრძალებით უყურებდნენ მორიგეობით ხან როლანდას, ხან ნიკოს - იცით ბიჭებო, ვინ იყო აჩიკო მანოშვილი?ახალგაზრდებს ძალიან უნდოდათ რომ სცოდნოდათ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. სახეზე ეტყობოდათ, რომ ოღონდაც გაეგოთ და აწი არასოდეს დაივიწყებდნენ.-ბიძაშვილის შვილი - შევუსწორე ნიკოს - ძმისშვილი არა.-აჩიკო მანოშვილი იყო ის კაცი, რომელმაც ჩვენს ქალაქში „ქურდული ცივილიზაცია“ შემოიტანა - დინჯად თქვა ნიკომ, ისე რომ ყურადღებაც არ მიუქცევია ჩემი შენიშვნისთვის.-აჩიკო იყო ლეგენდა! - დაამატა როლანდა ფურცხვანიძემ - 70-იან წლებში ზეპელინების ყველა კასეტა ჰქონდა, ჰიპურად ეცვა... ეგ რო ლაპარაკს იწყებდა, ქარხნები მუშაობას აჩერებდნენ, მაგარი ბიძა გყავდა ძმაო.ახალგაზრდებმა აღტაცებით შემომხედეს, ალბათ ჩემს ერთ მკვდარ ბიძაში ნახევარ სანათესაოს გამიცვლიდნენ, მაგრამ მე ელენე მელოდებოდა, საჩქაროდ გამოვემშვიდობე ყველას და მასთან დავბრუნდი. XXXმიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხალხია, ქალაქის ტბა ჩემი საყვარელი ადგილია. აქ ვსეირნობდით ხოლმე ხშირად და ათას სისულელეზე ვსაუბრობდით.-ყოველთვის ვვარაუდობდი, რომ დედამიწაზე არსებულ იმ უამრავ შესანიშნავ ნივთთა შორის, რომელიც კაცობრიობას გამოუგონია, ქალის ჩანთა ყველაზე ამაღელვებელი რამაა, თითქოს მთელს ქალურობას აქ მოუყრიაო თავი - ვუთხარი ერთხელ ელენეს, ტბის პირას სეირნობისას - თუ ნებას მომცემ, შიგნით ჩავიხედავ.-არა, ეს არაფრით გამოვა, ჩანთა ძალიან პირადი და ინტიმურია...-პირადი და ინტიმური, განა შიგნით პრეზერვატივებია?-აჰა ღმერთო, ეს საიდანღა მოიტანე, აი ჩაიხედე, მსგავსი არაფერია, ჩახედე, ჩახედე. იცინი, მამასხარავებ, ხომ?ყველაფერთან ერთად, ელენე ძალიან მიამიტი და ბავშვური იყო, არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ ასე იყო.ეკა ნამდვილი საყრდენი იყო, მტკიცე ნებისყოფით, კარგად ჩამოყალიბებული პრინციპებით, რკინისებური ლოგიკით. ყველა საგანს, მოვლენას, ნივთს და ადამიანს მის სამყაროში მკაცრად განსაზღვრული ადგილი ეკავათ. ზუსტად იცოდა, რა უნდოდა, ასევე ისიც, რა ენდომებოდა ხვალ. მას ენდობოდნენ, საიდუმლოს უმხელდნენ და რჩევას ეკითხებოდნენ. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ყველაფერი პირიქით იყო, ეს მე გახლდით.ელენე იორდანიდი კოსმოსს ჰგავდა, ყოველ წუთს სხვადასხვაგვარი. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მე მას ბოლომდე ვერასოდეს გავიცნობდი, თუმცა ეს ამბავი მახალისებდა კიდეც.აღარ იყო უწინდებურად დარდიანი, ჩემს ყველა ხუმრობაზე, მათ შორის უკბილოზეც, გულიანად კისკისებდა, ყოველ დღე სხვადასხვა ტანსაცმლით გამოდიოდა სახლიდან და თუ ჩაცმულობას სულ მცირე ცხრაჯერ არ შევუქებდი, სახლში გარბოდა გამოსაცვლელად.და ერთ დღესაც მე მის თვალებში ის ბედნიერების ცისკარი შევნიშნე, რომელიც მაშინ, ჩვენი პირველი შეხვედრისას ჰქონდა, კლინიკის მოსაცდელში.აღარ ახსენებდა თავის ძველ სიყვარულს, აღარც ის და აღარც მე, თუმცა კი ძალიან ცოტა დრო იყო გასული, სულ რამდენიმე კვირა.ერთად კარგად ვგრძნონდით თავს, მგონი ბედნიერადაც კი. ამის და ალბათ კიდევ სხვა მიზეზების გამოც, ძალიან ხშირად ვიყავით ერთად. ტბის გარშემო, წრეზე, უამრავი წყვილი სეირნობს, ძირითადად, ძაღლი და ადამიანი, მაგრამ ადამიანების წყვილიც გამოერევა ხოლმე. ამაში საოცარი არაფერია, მაგრამ ერთი წყვილი მაინც... სამჯერ მოვიფშვნიტე თვალები, რამე ხომ არ მეჩვენება მეთქი.ჩვენს წინ, ასიოდე მეტრში, ხელიხელგაყრილი მოსეირნობდნენ ეკა ბაციკაძე და ბექა ხვედელიძე.