ყვითელი და ლურჯი
ყვითელი და ლურჯი
ყვითელი და ლურჯი თბილისი2023ღმერთები არას დაგიდევენ ბასილევსობას, ერთნაირად ჩააგდებენ ხოლმეჭირის დღეში ჩინებულსა და უჩინოს ჰომეროსი „ოდისეა“ ერთი ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო მოესხა,მიჰყვებოდა მას და მათ შეიპყრეს იგი.მან კი ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაიქცა. მარკოზის სახარება 14. 51-52 ვინ, ვის? ვლადიმერ ლენინი ა − შავი ფერის, ე − თეთრისა... არტურ რემბო „ხმოვნები“ ჩვენ შეგვიძლია გაპატიოთ ჩვენი ბავშვების მოკვლა, მაგრამ ვერასდროს გაპატიებთ,რომ გვაიძულეთ თქვენი ბავშვები მოგვეკლა გოლდა მეირიჩვენ ვცხოვრობდით ლენინის უკანალში წიგნის ის მოსაწყენი ადგილები მასევდიანებს ყველაზე მეტად სადაც ცალკე თავები და გვერდები ეძღვნება პეიზაჟების, ცხოველების, შენობების, ან რამე უშინაარსო ნივთის აღწერას, რადგან ვიცი ავტორი ასეთნაირად ცდილობს გვიხსნას თავისი სევდიანი ისტორიის მოყოლისაგან. ცოტა ხნით მაინც. ჩემი სიტყვები არაა ეს.როშანჟეატელინავესნინას იტყვიან ჩემზე, მაგრამ თქვენ ლიუბა დამიძახეთ. მეტს, ჩემს შესახებ, ვერაფერს გაიგებთ მაინც.არც სცადოთ. ეცადეთ გამიგოთ.თუ მაინც, გაითვალისწინეთ, არავინ გადმოკვეთოთ ჩემთან მოსასვლელი გზის ისე, რომ კარგად არ გასინჯოთ. ჯერ მარცხნივ არ გაიხედოთ, მერე მარჯვნივ. თორემ ამ გზაზე დიდი სისწრაფით მოძრავი საკუთარი შიშები გაგიტანთ. ყოველი შემთხვევისთვის, რედაქტორიც ვარ. მიხვდებოდით. და როგორც ყველა რედაქტორი, ვდგები ადრე დილით და სამსახურიდან მოვდივარ გვიან ღამით. სწორად ხვდებით. და ასეთ პირობებში, რატომ უნდა გაუკვირდეს ვინმეს, მივიდე და ხელში შავი, გრძელი, ბრტყელი ნივთი შემომაჩეჩონ? მისვლისთანავე. მითუმეტეს თუ სიმართლეა? ან რა შეიძლება იყოს იმაში განსაკუთრებული, ეს ნივთი თუ ფლეშ ბარათი აღმოჩნდება ზედ მიკრული სტიკერით, რომელსაც მოყვითალო, თითქმის მოთეთრო-მორუხო ფერი დაჰკრავს, მკვახე გარგარის, თუ რაღაც მაგდაგვარის? და კინაღამ გამომრჩა. ისე ნაზად, ისე გულწრფელად, ისე ბატიფეხურად შესრულებული წარწერაა ზედ ამ სტიკერზე, რომ მისგან, არწივისებური მზერით, მხოლოდ მედიკოსს შეუძლია შინაარსის ამოყვანა, როგორც გუგულის ბუდიდან ქათმის კვერცხების. ან შეუძლია გამორწყას უმალ, როგორც აკნე, დიდი ოსტატობით. მაგრამ, მთლად ასეც ნუ გავასერიოზულებთ, როცა გაცილებით მარტივად, მედიცინის, მედიკოსის, კალიგრაფიის და ოსტატობის გარეშეც შეიძლება მოხერხდეს იგივე პროცედურის აღსრულება სახლის პირობებში. მთავარია ორი თითი, კარგი მოჭერა და თავშავა აკნე, მთვარის კრატერივით ჩაღრმავებული კანის ფორიდან, ისე ამოყოფს სარკეში თავს, როგორც ახალ ნაწვიმარზე მიწიდან ტოქსიკური სოკო. სახეზე თითების ხშირი შეხება იწვევს აკნეს. ექიმები არა, მაგრამ მე გეუბნებით. გეხებათ მხოლოდ 13 წლის მოზარდ გოგონებს და თქვენს ელასტიკურ თითებს. დაუჯერეთ უფროსებს. ცოტა ხნით მაინც. დამნაცროს ელვამ! მიწისძვრა თუ არ იყო ახლა. წვიმის მერე რომ იცის ხოლმე, ძაღლი ახსენეო. თუმცა შეიძლება ქარხნები აგუგუნდა, ან ადუღდა ეკონომიკა მეზობელ ქვეყანაში სადმე და ამერია. ეგრეც იცის ხოლმე წვიმის მერე. ტოქსინების მერეც. მაგრამ ისე შევეჩვიეთ ამ მსუბუქ ბიძგებს თანამშრომლები, რომ მხოლოდ icebreaker-ებადღა (ყინულის მჭრელი? მლღობი?) შემოგვრჩა სოციალურ ქსელებში. დრაკონი, რომელიც მიწაშია და იწვევს ამ ბიძგებს, უკვე მოშინაურებულია, როგორც ბანკივური ქათამი, იგივე, გალუს გალუს დომესტიკუს (ქათამი მოშინაურებამდე?), მგელი (ძაღლი მოშინაურებამდე?), ველური კატა, ფელის სილვესტრის სტალონე (სტალონე მოშინაურებამდე?) და სხვა კიდევ წვრილფეხობა. სტალონე ჰო, მართლაც არაფერ შუაშია ველურ კატასთან. სილვესტრის ლიბიკა. ასე ჰქვია ველურ კატას სინამდვილეში, მაგრამ ნებისმიერი სილვესტერი, ითხოვს სტალონეს მის გვერდით. ეს აუცილებელია. ამ გვარს ისე იზიდავს ეს სახელი, როგორც ცნობილ ფილოლოგს, ყვითელი ვარდის სურნელი. 3,7 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა რიხტერის სკალით − დრაკონის დაბადება. კაი ფილმია, პოპ-კორნი თუ არ გათავდა. შეეწყვე და მიენდე. 3,9 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა რიხტერის სკალით − დრაკონის გამოსვლა. ლუდზე, ამასაც არაუშავს. თუ არ გათავდა ეგეც. 4,1, ან 5,0 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა − დრაკონის გზა. მეზობელსაც გასთავებია მახათი. ტუალეტის ქაღალდიც. ისე, ეს მეზობლები, რაღაც ძალიან ხშირად ათავებენ ამ მახათებს. ვერ იშოვნი წამლად რომ დაგჭირდეს. წამალსაც, სხვათაშორის. მეზობელსაც. განსაკუთრებით კარისას. 4,5-დან, 2,2 ან 2,4-მდე მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა რიხტერის სკალით − დრაკონი კუდს იქნევს. ეს უკვე ფილმიც აღარაა. თან გააჩნია ეპიცენტრს სად არი. ფილმში რაღაც უნიჭო სცენას ჰგავს, ბევრი დახარჯული ფულით და ბევრი გატეხილი გულით. თავით. ვაზით. ნეკნით. ნავსით. ქორეოგრაფიული კატაკლიზმაა. ან კატაბალახა, ან კატასტროფა. ასეთი ფილმის ცქერის დროს, კითხვა ყოფილა რეკომენდებული, ახლახან გავიგე, ძირითადად ფსევდო-დოკუმენტური პროზის თანაც. (ასეთი ჟანრი მხოლოდ კინემატოგრაფში ვიცოდი და ტუალეტში, შეკრულობისას) და ძირითადად პედოფილებზე, პედოფილ ავტორებზე, ანთროპოფაგებზე, სერიულ მკვლელებზე, ბელგრადის მოჩვენებებზე, ფსიქოპატებზე, შიზოფრენიკებზე, შიზოფრენიკ პოეტებზე, უცხოპლანეტელებზე, შავ კაცზე, ბინძურ ბრუნძვზე, გალილეველ მევენახეზე, ხალიჩა და ბავშვზე, ძიან ძი ტუანკ ტუკზე, გოგრის თესლების გადარჩევისა და შენახვის წესებზე. შურისძიების გზამკვლევი სახელმძღვანელოებისაც, არ გამოგვრჩეს. მხნე და მამაც რაინდად გახდომის სურვილისგან თავის შეკავების 365 დღიანი კურსების ბროშურებისაც, რომელსაც ოთხ წელიწადში ერთხელ ბონუსიც მოყვება, როგორც 366-ე დღე. სწრაფად გახდომის ოცი უმოკლესი გზის ამრევი მემუარებისაც. როგორ ავხტეთ და არ გავიკვანძოთ? (არის ასეთი ქვეყანაც, სადაც კატეგორიულად დაუშვებელია ახტომა სპეციალური ნებართვის გარეშე, თურმე. იქ რიგდება ასეთი სახელწოდების გზამკვლევი ბუკლეტები. ტურისტებისთვის უფასოდ. ფილმის ყურებისას ყოფილა საუკეთესო მათი კითხვა, განსაკუთრებით მხედველობის პრობლემების მქონე პირთა პრობლემების გასაუმჯობესებლად. ჭორად ისიც ეყარა შარშან ზამთრამდე, გზების მორეცხვას სანამ სისტემატურად დაიწყებდნენ, რომ ბრწყინვალე საშუალება იყო აგრეთვე ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გასაღრმავებლად, ანუ აღდგენითი სამუშაოები-სთვის. სახელს ვეღარ ვიხსენებ უბრალოდ. ვეღარ ვიხსენებ იმ ქვეყნის სახელს, ამომივარდა თავიდან. ეს ნებართვა ფასიანია და დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ „ჩ“ ასოს მიწერის ნებართვის ფულსაც წინასწარ გადაიხდი) ბევრი საინტერესო საკითხავია შემოთავაზებული კიდევ, თუმცა... აქ, წინადადების შეწყვეტა მომიწევს, მგონი კიდევ ერთი ბიძგი იყო. მოკლედ, გასაგებია ალბათ ყველაფერი.მაგრამ. ის შავი კაცი მაინც ვინღა იყო?ჰა?!უცნაური პროფესიაა რედაქტორობა, ისე. ყველაფერშიკობისგან მხოლოდ ბერძნული სუფიქსით გვანსხვავებენ. ყველაფრისმცოდნეობა. რომელმაც თავისი არქაული ფორმა, ყოვლისმცოდნეობა, შემთხვევით ჩაანაცვლა. სხვაფრივ, ტყუპებივით ვგავართ. ვერ გვანსხვავებენ. ჩვენი ლოგოა გაჭრილი ვაშლი და ყვითელი ფოთლები. ოღონდ, გვერდით ამ ვაშლს, ალყა-ალყა დაჭრილი ჩერი პომიდორი უდევს კარამელიზირებული ბანანით, ფლამბეთი, მარაკუიასა და ვარდისფერი პილპილის ნაყენით, ცოტა დარიჩინით, კურკუმას ფხვნილით, სიყვითლე რომ არ დაკარგოს და ბევრი სუბლიმირებული მერენგით. და სლოგანის ნაცვლად გვაქვს წინასწარი ეპიტაფია. ასე გადაწყდა ზემოთ, აბა, ჩვენ ვინ გვკითხავს? განგვასხვავე ძნელად, მოგვინელეთ ადვილად. და იქვე მოყვება გაფრთხილება, თუ ვინმეს ალერგია აქვს თხილზე, რძეზე, თაფლზე, ან ინტოლერანტულია მათ მიმართ, მათთვის. მე არ ვარ კმაყოფილი ჩვენი ლოგოთი. ყვითელი ფოთლები ამოსაღებია. უფრო სწორად, ფოთლები. ყვითელი იყოს. წინასწარ ეპიტაფიას უნდა ჰგავდეს ჩვენსას. რომ ჩვენი დრო წინასწარ გავიდა და მხოლოდ ილუზია ავსებს სიცარიელეს, როგორც ცის ფონი დაცლილი ქვიშის საათის ზედა, გამჭვირვალე კოლბას. ასეთი, ერთადერთი რამ შეიძლება იყოს. ეს არის პეპელა, რომელმაც ნახევარი დღე უკვე იცხოვრა. პეპელა ცაში? ცა პეპელაში? მოკლედ, ახალი ლოგო მინდა. ვაშლის და იმ სალათის გვერდით, კოლიას კროკეუს კროკეუსი, ყვითლად მოციმციმე პატარა პეპელა, რომელმაც ნახევარი დღე იცხოვრა. სინამდვილეში კი, ქვიშის საათივით ბოლომდე დაცლილია. მთელი დღე იცხოვრა და მეორე დღეც გათენდა. მიწოლილა ახლა ყვავილზე, გაშლილი ფრთებით. ზედა ფრთებზე ქერცლი დასცვენია, როგორც კრამიტი ძველი სახლის სახურავს. შერჩა მხოლოდ გამჭვირვალე აფკივით რაღაც, რომელიც N აცეტილგლუკოზამინის ნარჩენი, აზოტის შემცველი პოლისაქარიდების ჯგუფის ბიოპოლიმერის, ქიტინისგან შედგება, ოღონდ ეს ნარჩენი პოლისაქარიდები, ერთმანეთს, β-(1→4) გლიკოზიდური ბმებით უკავშირდებიან. ქიმიის ამ ბუზის ფრთასავით გამჭვირვალე ლაბორატორიას, ცის ლურჯი პიგმენტები ავსებს, როგორც მირაჟი უდაბნოს სილას. ეს არის თამაში, არა ჭვავის, ქვიშის ყანაში. უდაბნოს სილაში. ეს ბავშვის თამაშია, სილაში პასკებს რომ აცხობს. პასკა, პასკა გამოდი, თუ არ გამოხვალ, თავში ჩაგარტყამ. ეს იგივეა, რაც ვარდი ქვიშაში. სილაში? გრდემლი სილაში? პენისი სილაში? კომუნალური გადახდის ქვითრები სილაში? ეს იგივე, რაც ყველაფერი სილაში, ცის ამორფულობის და გამჭვირვალობის ფონზე. ვინაიდან, ცის უფორმობის ფონზე, ყველა ფორმა ლამაზია. არ არის უდაბნო მარტივი ადგილი. ვარდნი წავლენ და წამოვლენ, პეპლები დარჩებიანო. ფარფატა პეპლები. რაფაელოს ქოქოს-ნუშის ტრუფელების ყუთივით ქათქათა გვირილის ფურცლებზე, კიდევ უფრო მჩატე ფიტულებად შემხმარები. ამას იტყვის ხმა მღაღადებლისა, რომელმაც მოვლო უდაბნო ლურჯად ნახავერდები. აი, ასეთი ლოგო მინდა. მაგრამ ჩვენ ვინ გვკითხავს? ჩვენ მხოლოდ ყველაფერშიკები ვართ. ცოტა ის, ცოტა ის, ცოტა ის. სიტყვები მოქრიან მკვდარ და მკვდარ.და ზოგჯერ მგონია, რომ მე თვითონ მივქრი, მივაფრენ, როგორც ის კოიოტი, მულტფილმიდან, კლდის პირზე. მივრბივარ, მივრბივარ, მივრბივარ. ქვემოთ კი არაფერია, − ჰაერი. ჰაერი, ჰაერი. და მე არ მინდა ქვემოთ ჩახედვა. მინდა, როგორც ბავშვი ტელევიზორის წინ ვიჯდე და ვუყურო, როგორ მირბის კოიოტი ჰაერზე, როგორც იესო წყალზე. შორს, ამ იდიოტი პეტრეებისგან და პავლეებისგან. მინდა ბავშვივით გულუბრყვილო ვუყურებდე, რომელმაც არ იცის, რომ შეიძლებოდა იესოც ჩაძირულიყო ქვემოთ რომ დაეხედა. რომელმაც არ იცის, რომ წყალზე სიარული არ შეიძლება. სირბილი მითუმეტეს. რომელმაც არ იცის, რომ შეიძლება ფრთები გქონდეს და ვერ დაფრინავდე, როგორც ბანკივური ქათამი. იგივე, გალუს გალუს დომესტიკუს. ან შეიძლება ფრთები არ გქონდეს და დაფრინავდე, როგორც კავკასიური ჰომო პოეტიკუს საპიენსი. იგივე, გალაკტიონი. იგივე, პუშკინი. იგივე, შარლ ბოდლერი. რომელმაც არ იცის, რომ შეიძლება ფრთები არ გქონდეს და მაინც დაფრინავდე, როგორც მფრინავი თეფში, ან ბეისბოლის ბურთი. რომელმაც არ იცის, რომ ამასობაში, იქნებ, ჩავვარდი კიდეც უკვე? მე ცხოვრება ყოველთვის მიყურებდა, როგორც ჟან-პოლ სარტრი. თან მიყურებდა, თან არა. მე თვითონ სულ გავიძახოდი, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ფილოსოფოსის მზერა-მეთქი. ასეთი ნამდვილი. თუმცა გავიძახოდი სულ გულში. არასდროს ეს ხმამაღლა არ მითქვამს.ერთი სიტყვით, სტიკერს აწერია, „ფაილი“. მეც გამიკვირდა. ამ „ფ“-ში ასე კარგად რომ არ ვერკვეოდე, არ დავიჯერებდი და ყვავი წამიღებდა, კარგიც იქნებოდა. მაგრამ ჩემ ბედს რა ვუთხარი, რომელსაც ძაღლიც არ დაჰღრენს, არათუ კოიოტი. დამეჯერებინა დედაჩემისთვის თავის დროზე. ახლა, ჩემთვის ეს ყოველდღიურობაა, როგორც კარაქიანი პური, ერბოიანი კვერცხი, დაბალი ჰემოგლობინი, ყავისფერი ჰემატემეზი, როგორც ის, რომ ზურგს უკან დამაწევენ ხოლმე, სასწრაფოა! და ეს ხმაც ათასჯერ გამიგონია, როგორც დამინახავს ასო „ფ“. მეც ვჯდები კომპიუტერთან და ვხსნი. „ფაილი“ აუდიოა. ანუ Beta? დაკარგულ მობილურ ტელეფონში უპოვიათ. სწორად ხვდებით, ვინ მაძლევს, სად უპოვიათ, რაფაილი. დაივიწყეთ.შემდეგ.მეუბნებიან. და რასაკვირველია მჯერა, ერთი წამით არ გაიფიქრებთ, რომ მთხოვენ, მეხვეწებიან, მემუდარებიან და ა.შ. და მართალიც იქნებით. ზემოდან დაუშვებინებიათ. მიბრძანებენ გამოვაქვეყნო, ჯერ ოღონდ მოვრთო, მოვკაზმო, მოვალამაზო, ხატოვანება შევძინო და ისე. ანუ Meta? (metaნხმებით?) მოდი და пиратская доля ნუ გაგახსენდება ასე რომ მოგიყრიან და მოგაყრიან ფაილებს. თან, გეგონება ძღვენია, ისე. სიტყვადაც ვითომ რომ მჟღერია? რა სიტყვას მაგონებს? რას აღარ მოგიყრიან ფეხქვეშ? ადამიანივით ვუდუს თოჯინებს, თანაბრად გაძეძგილს ჭუჭყით, ნაგვით, პატრონის იმედებითა და შურისძიებებით? (ან თვითონ პატრონით?) უბეში დიდხანს დებისგან გალურჯებულ ყანწივით დაგრეხილ რქას, ვინ იცის რომელი ძუძუმწოვრის, ან რქას რომ საერთოდ? გახვრეტილი შაურიანივით ვადაგასულ ვერცხლის მონეტას? პურის გულის ცომისგან დამრგვალებულ კამათელს, თითქოს ცხვირიდან ბავშვმა ჟღვინტი გამოიღო და კაი ხანს სრისა? მუყაოს მართკუთხა ფურცლებს, რომლებიც ბანქოს ქაღალდებს ისევე ჰგვანან, როგორც წინაპრების საფლავების ქვებს. და ნახატები და წარწერებიც ისე ეტყობათ, როგორც ამ ქვებს ეპიტაფიები და პორტრეტები. ვეღარ გაარჩევ ვალეტია, დამა, ათიანი, თუ ტუზი? ჯვრის, ყვავის, აგურის თუ გულის, წითელი თუ შავი? მეფე თუ ჯამბაზი? (სადმე უძრავად დიდხანს დებისგან? ქაღალდებსა და ქაღალდებს შორის დასტაში? ძუძუებს შორის უბეში? დუნდულებს შორის საცვალში? ლომბარდში?) დაბურულმინებიან სათვალეს, რომელიც შეგიძლია გაიკეთო და დაბრმავდე? ძაფზე ბრელოკივით გამობმულ პოეტის მუმიას, შემცირებულ ეგზემპლარად, რომელსაც სულაც არ უნდოდა შეიძლება, თუმცა მაინც თვალს ადევნებს ამ ამბავს, როგორც პირატი სარჩობელაზედ ბუზებით გამოტენილი პირით? ცალ თვალს, შეიძლება შუშისასაც, ხის ან შეიძლება პატრონის, რომელიც სხვისთვის შეიძლება არაფერი იყო, ბოსელი, მაგრამ პატრონისთვის ბროლის სასახლე? დედალი ვირთაგვის (სქოლიო − ვირთაგვისგან განსხვავებით, ვირთაგვა სხვა ლიგაში მოასპარეზე წარმატებული ძუძუმწოვარი ქვემდებარე შეიძლება იყოს, უფრო მაღალში, (სერია ა? პრემიერთა ლიგა? მწერალთა სახლი?) სხვა შემასმენელი სჭირდება, სხვა ყური, სხვა რომანი. ლ.) ქონით გაპოხილ თავს, რომლის დანახვაზეც, საკუთარი არსებობის ან როგორობის ნამდვილობაში, ეჭვი გეპარება, როგორც ვინმე დიდ მოაზროვნეს, ან პატარა კაცს? რადგან გამოუცდელი თვალიც ადვილად შეცდება ამ თავში. დედაშენი? მაიმუნი შენი? ედვარდ მუნკი? მოკლედ, ასეთ რაღაცებს გულუხვად იმეტებენ. და დააგვირგვინებდა ზედაც ამ ნაგავს, უჩრდილოეთო კომპასი... მაგრამ სად არი? მაგას ვინ მოგცემს? თუ არ წაართვი. ცხადია ამ ყველაფერს ფურცელზე გადავიტან როგორც მიბრძანეს და თქვენამდეც მოვა. უკვე მოვიდა. იმპერატივის მიზანიც ეგ იყო. აბა მე ვინ რას მეკითხება. მე პატარა ქალი ვარ. თუმცა, ჩემს ქვეყანაზე ვერ იტყვი პატარას. ჩემს სამშობლოზედ.ავტორი მშრალად ჰყვება. მეც ყოველთვის უსიტყვებოდ ვწერ. მე ყრუ ვარ. მე არ ვწერ სიტყვებს. მე ვხატავ. იეროგლიფებით. კედლებზე. გეოგლიფებით მე მიწაზე ვწერ. მე ჩემს ცხოვრებაში ერთი სიტყვა არ მითქვამს, არ გამიგონია, არ დამიწერია. დაბადებიდან ყრუ ვარ მე. ამიტომ ჩვენ დუეტს დაერქვა გარე დაჩრდილვა, ფოკუსირება, დიზაინი, წარმოება და აწყობა. ფასი შეთანხმებით. ისწავლე შუქჩრდილები. დაჩრდილე სწორად! ეს კი ხატვის გაკვეთილებიდანაა უკვე, და ვერანაირი კავშირი ბუნებრივია ჩვენთან ვერ ექნება. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ოთხი წუთით მზეზეც გავდივართ ხოლმე და იმ წუთშივე ჩვენ ეს ჩრდილი ერთიანად გვავიწყდება. ეს მზეც სულ არი და არი. არა და არ ჩაქრება.ვის ჯინაზე ანათებს მზე? ელექტრიკისფრად წერია ლიფტზე მიკრულ მდოგვისფერ თაბახზე, სადარბაზოში. ზომა-A4-ლანდშაფტურად. იქვე, შავით თეთრზე, ელექტრიკოსი გვემსახურება 24/7-ზე. იქვე, სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთის, ღირს შეხსენებად, ლაქაცაა კედელზე შემხმარი? ეს ახლაა ასე სადარბაზოებში, თორემ პერესტროიკამდე, ჩვენთან, ყველამ იცოდა ვის ჯინაზეც ანათებდა მზე.ასეთი სათაურით სპექტაკლზე გვეპატიჟებიან. ვიწრო წრეში. ბილეთის ფასი, შეთანხმებით. ოღონდ ეს არ წერია. არც გვეპატიჟებიან შეიძლება. მითუმეტეს სპექტაკლზე. მითუმეტეს სადარბაზოში. შეიძლება, სოციალური ქსელიდან ამყვა ეს სანახაობა საერთოდაც, როგორც მიმი ლეონარდო და კაპრიოზე. თუ დი ვინჩზე? ერთად ხომ არა? სარეკლამო რგოლიდან ხომ არა: „ბოლო და ვინჩი − მსოფლიო უყურებს“, ლეონარდო დი კაპრიო, რომ რაღაცას უყურებს და ჩვენ უნდა მივხვდეთ, ლეონარდო და ვინჩის Salvator Mundi-ს?1 (სქოლიო − ამ სარეკლამო რგოლში, ლეონარდო დი კაპრიო, 3:07 წთ-ზე ჩნდება, მაგრამ მის ეფექტს, ერთი ქალის ეფექტი გადაფარავს. ვინ ქალი? მერლინ მონრო? მკვდრეთით აღდგა? სკარლეტ იოჰანსონი? ხატია ბუნიათიშვილი? ეგ ისეთი ნახატია, ისეთი სამების ძალის, ლეონარდო და ვინჩის, სამყაროს მხსნელის და 450,3 მილიონი დოლარის, რამ უნდა გაგაკვირვოს. და მაინც. დგას ქალი და უყურებს, დაბურულმინებიანი სათვალით. უსინათლო უყურებს Salvator Mundi-ს. ეს ისეთი სამებაა, აგნოსტიკოსებსაც სწამთ. მაგრამ იმ სამების ვის წამს გამაგებინა? ბოლო ჰიპოსტასი იგივეა, ცოტა ნაკლები, 200 მლნ. დოლარი. ტილო ეკუთვნის პოლ ჯექსონ პოლოკს, „ნომერი 17ა“. ზეთი. ხის ბოჭკოვანი დაფა. 112x86.5 სმ. ამ შემთხვევაში, ერთზე მეტი სამება მოქმედებს, ანუ პოლისამება. პირველი: 200 მლნ.$, შიზოფრენია, ფუნქციური მეტეორიზმი. მეორეს, შემოკლებით ჰქვია, მდფ. გრძლად − ბოჭკოვანი ხე, ფორმალდეგიდის რეზინოვანი წებო, პარაფინის ცვილი) ლეონარდო ლეონარდოა ყველგან. ეს ვინ არ იცის. ვინც გინდა იყოს, ეგაა რომ, ეს ლეონარდო დი ვინჩ დაკაპრიო, ერთობ ცბიერი, და დამცინავი გამომეტყველებითაა წარმოდგენილი პოსტერზე (უფრო კი, ფილმიდან ამოჭრილ კადრს ჰგავს. გამოსახულების დაბალი ხარისხი ამაზე მეტყველებს) უფრო კი, უნიჭო მიმზე. და ამ მიმზე ზემოდან პატარა მაიას ტომელი ბავშვია გამოსახული წყნეთიდან, ოღონდ კიდევ უფრო დაპატარავებული. დაახლოებით, ლეონარდოს ქუთუთოებისა და წარბების კუნთის ზომამდე. იხვის ჭუკის ლიმონისფერი ბუმბული უჭირავს ხელში და ერემეევიტის ქვის პატარა ნატეხზე, 2021 წლის მაგივრად, შეცდომით 2012 წელს წერს. ასეთი იუმორი, მხოლოდ პანდემიას შეიძლება ახასიათებდეს, სხვას ვერაფერს, რომლის დროსაც იხოცება მილიონობით ადამიანი, ხოლო სიცილით, მხოლოდ პალენკელი მაიას ტომის ბელადი პაკალი მოკვდებოდა. როგორც ქრისიპოსი, კილიკიის ქალაქ სოლიდან, ოლიმპიადაზე. ოღონდ, ქრისიპოსი არაფერს წერდა. ჩემსავით. არც მონაწილეობდა. ხელში არ ეჭირა ბატის ფრთა ან ბუმბულივით მსუბუქი ბირთვი, და არ სტყორცნიდა. იჯდა და უყურებდა უბრალოდ. უყურებდა, როგორ ჭამდა ვირი ლეღვს. (ხურმას?) და იხუმრა: ამან რა იცის ხურმა რა ხილიაო. მერე იცინა და მოკვდა. სინამდვილეში, ეგ ეგრე არ იტყოდა. ანდაზით გააცინებ შენ ძველ ბერძენს? მოკლავ მითუმეტეს? მიეცით სუფთა ღვინო, ჩამოირეცხოს ლეღვიო. ასე იტყოდა ქრისიპოსი. სინამდვილეში. მერე ბევრი იცინა. ზოგიც დალია. ზოგი იცხოვრა. ბოლოს ადგა. და მოკვდა. 73 წლის ასაკში. ცხოველებს რაღაც განსაკუთრებული ვნებით ეჯაჭვებოდა ადამიანი ოდითგანვე. ზოგი სიცილით კვდებოდა, ჭამას როცა უყურებდა მათსას, ზოგი გიჟდებოდა, ცემას როცა უყურებდა მათსას, ზოგიც, იმარაგებს კრემებს, ლუბრიკანტებს, უცნაური ფორმის სასრიალო სილიკონის სათამაშოებს და მერე სადღაც ქრებიან ეკრანის წინ. სადღაც, ცხოველების რომელიღაც არხზე (არხში)? სასრიალო საგნები? ცხოველები? ბავშვები?რა ტრაგედიაა ასე სიკვდილი. არ ჯობია საკუთარმა ნახატმა მოგკლას? აფროდიტე დახატო და მოდელად თარსი მოხუცებული ბებია დაიყენო? უყურო მერე საკუთარ ნახელავს, იცნო და მოკვდე. რა ჯობია ასე სიკვდილს? რომ შეიძლება ბრძოლაში მოკვდე, საკუთარ თავთან, ქარის წისქვილებთან, ენტროპიასთან, მაგრამ არც მაშინ ტოვებ იუმორის შეგრძნებას? ან დეზი ჰკრა, და გადაერიო ისეთ ზღვაშია, რომლის ზედაპირზეც ფეხით დადიან? (ტივტივებენ?) ყოველ შემთხვევაში თუ არ დადიან, დარბიან მაინც? ხტუნაობენ კიდეც? როგორც ახურებული ტაფის ზედაპირზე წყალში შერეული ზეთის წვეთები?არის ერთი მიმი, როცა ვუყურებ, ავარიას იწვევს ჩემს გონებაში. წერია, Me: I need to go to sleep. Also me:და არაფერი წერია. უბრალოდ ქვემოთ, საწოლში, წევს, იისფერ საბანში გახვეული ფიფქია. ღამის ორი საათია. ხელში უჭირავს ერთერთი ჯუჯის მობილური, ყველაზე უფრო ჯუჯა რომელიც არის, და მიაქროლებს1. (სქოლიო − ინიციატივით გამოვდივარ. საკუთარ ოფისში, ანუ ვიწრო წრეში. მაქვს ამის უფლება. სქროლვას დაერქვას, ქროლვა და არგუმენტად მომაქვს შემდეგი. ჩვენი ცერა თითის სახსარში მოძრაობა, როცა მობილურის ეკრანს ეხება, იმეორებს ცხენის წინა ფეხის სახსარში მოძრაობას. განსაკუთრებით ღამის ორ საათზე, როცა ძალიან გვეჩქარება და მივაჭენ-მივაგელვებთ რაც შეიძლება სწრაფად. სხვა საქმეა ცხენის უკანა ფეხი. ცერა თითი, მაშინ საპირისპირო მხარეს უნდა გვეხრებოდეს. ამიტომ, ვტოვებთ ადგილს ილუზიონისტებისთვის და ჯამბაზებისთვისაც. რამე სიტყვა მათთვისაც მოიძებნება. ლ.) ეს რომ საჭესთან გამახსენდეს, ის დღე, აუცილებლად ავტოსაგზაო შემთხვევით დასრულდება. ბარემ აქვე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, ავტოსაგზაო შემთხვევების უდიდესი უმრავლესობა იმის გამო ხდება, რომ მძღოლს საჭესთან ეძინებაო. თუმცა, იმას კი აღარ აყოლებენ, თუ დაუთვლიათ, რამდენ ვინმეს ეძინება მათი სტატისტიკური მონაცემების მოსმენისას? − ბარნეტ! ნუ ლაპარაკობ ხმამაღლა. მთელი ქუჩის აიქიუს ამცირებ. − სტენსილიც არის ჩვენს ქუჩაზე ასეთი, მაგრამ ბარნეტი? ასეთი სახელით არავინ ცხოვრობს. არც ზედმეტსახელით. რამდენი შევხედავ, სულ მაინტერესებს, ნეტა რა თქვა მანამდე ბარნეტმა? დიალოგების გამომყოფი ტირით რომ არ იწყებოდეს, ეს კითხვა არ გამიჩნდებოდა. მაგრამ, რომ იწყება? დედანში, ესეც სოციალური ქსელის მიმი იქნებოდა? ასე მიშვრება მიმების ქექვა სოციალურ ქსელებში. ვქექავ დინგით, როგორც ღორი ნაგავს და მარგალიტებს ველოდები. ასე იქნება ბოლომდე, სანამ ანგელოზი არ ჩაბერავს უკანასკნელ საყვირს და მაგასაც სოციალური ქსელით არ გავიგებთ. მერე იმ ანგელოზივით ბავშვის გასვენებაში კაი შილასაც ჩამოატარებდნენ. გასვენებასაც თავისი მიმები აქვს. წესები? მუღამები? ეგრე არ არი. დარჩი ჩვენთან. ბ ო ლ ო მ დ ე. ბოლომდე, ამ შემთხვევაში ნიშნავს შენს გასვენებას, სადაც შილას სხვა მიირთმევს, ბოლომდე. ავტორი ძალიან მშრალად ჰყვება. საერთოდ რო ჰყვება, ეგაა გასაკვირი. შემთხვევით სადმე რომც წაიკითხოს, ცნობით ალბათ იცნობს, მაგრამ მოგნებისა, რა მოგახსენოთ. გამორიცხულია. ვერ მომაგნებს. არ ვიცით რას უპირებდა ამ ფაილს. წაშლას? გადაგდებას? შეჭმას? საერთოდ, ვინაა, რატომ იწერდა იმ გაგანია ჯოჯოხეთში?ზოგჯერ ისეთი აფეთქებები ისმის, ტყვიების ზუზუნი, მსხვრევის, ნგრევის, ლეწვის, ზანზარის, ზარბაზნის, ქვემეხის, ჭურვის, ავტომატების კაკანის, ჭრიალის ხმებიც, როცა დადის, მობილური ჯიბეში უდევს, ჩაწერას აგრძელებს, მიკროფონი ნაჭერს ეხახუნება. მგონი არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ რა კოშმარია ეს. არ გინდა მაგ დროს სიტყვები გაარჩიო? განსაკუთრებით ყრუ რომ ვარ, ძალიან მიჭირს. დაბადებიდან. ხანდახან მუნჯ კინოს ვუყურებ ხოლმე. ასე ვიგონებ, რომ მესმის. უნდა დამეჯერებინა როცა დრო იყო და კერვა მესწავლა დედაჩემი რომ მეუბნებოდა. რაც არი, არი. მე თუ მკითხავთ, ჯობია არ მკითხოთ. და მაინც, გუშინ რომ გეკითხათ, დღეს გიპასუხებდით, ალბათ სამყაროს თავისი რაღაც განსაკუთრებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს-მეთქი, როგორც ტელევიზიას, ჩვენ რომ არ გვესმის, და გვესმის მხოლოდ იმ ნაწილში, რაც, პრინციპში საამოდ მოულოდნელიც და მოულოდნელად საავოც თანაბრადაა, როგორც მისი გადაუდებელი აღსასრული და ჩვენი გაქანებული პარანოია. ასეთი გამოსავლით ვერავის გააკვირვებ დღეს. პირიქით, ჩააძინებ მოწყენილობისგან. ამიტომ დავიწყოთ ჩვენც სიზმრით და დავასრულოთ ამაზე ლაპარაკი, როგორც იწყებს ხმა მღაღადებლისა ფლეშ ბარათსა შინა და ასრულებს კიდეც.ხშირად ვხედავ ერთსა და იმავე სიზმარსო. ასე იტყვის ეს ხმა და ხმა დავუძახოთ ჩვენც. კარგი იქნებოდა იგივე ეს ხ.მ.ა. გამორჩეული ყოფილიყო რამე საკრალური ნიშნით. დაეტია ხუცური, მხედრული და ასომთავრული დამწერლობების (სამივევე, მსოფლიოს 14 დამწერლობათაგან ერთერთია) აკრონიმობა, როგორც ნაღველს იტევს გული. და არ სცოდნოდა არავის, თუნდაც. განსაკუთრებით მეგობრებს. მაგრამ, როგორც შევთანხმდით ეს აღმოჩნდა მხოლოდ ხმა, მღაღადებლისა ფლეშ ბარათსა შინა და აღმოჩნდა მხოლოდ ეს.მოკლედ. რას1. (სქოლიო − ამ ნაწილაკის დედანში წერია „раз“, თან რუზულად. ჩვენც ვერიდებით დედნებს. თანაც 90-იანების საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებული, მიკროფონის მუშაობის შესამოწმებელი ბგერების პირიდან ამოშვების ინსტრუქციაც, სწორედ „რას“-ს უფრო წააგავდა, სამჯერ, ან ოთხჯერ თუ ჩასძახებდით მიკროფონში. ლ.)რას.რას!ისმის?ხშირად ვხედავ ერთსა და იმავე სიზმარს, აკომპანირებით, ყოველ ჯერზე. ბახი. ბრენდენბურგის კონცერტი No2. ჯერ იწყებს... არა. მთელი ორკესტრი ერთბაშად იწყებს, როგორც ზედ უკვე ნაპირთან აყვავებული ცუნამი. ვეღარც გაასწრებ. ვეღარც იღვიძებ. წაგლეკა. იწყება როგორც მაორების ჰაკა, ყოველგვარი შესავლის გარეშე.პირველად არის მუსიკა ამხანაგო, გესმის,დო.რე.მი?მე სულ მახსენებ ჟიჟუს ძალიან, ამხანაგო რედის, რომ გიყურებ.და ვხვდები, რომ იწყება. ან, მი. რე. დო. და ვხვდები, რომ მთავრდება. რომ შემოგხედავ ახლა, თვალწინ ჟიჟუ მიდგება. ეს დამთავრება სიგნალს ჰგავს. რომელიც, ამავე დროს ჰგავს ბავშვის ჭყვიტინას, სამ, ან ოთხსაფეხურიან კიბეზე რომ დაგორდება და ხმას გამოსცემს, გზადაგზა. ასეთი სიგნალის მერე, ყოველთვის იცი, წამი-წამზე, დიქტორის ქრონიკულ დაღლილობასავით მილეული ხმა, ახალი შემადგენლობის შემოსვლას აუწყებს მატარებლის სადგურზე შექუჩებულ გამვლელებს. და