ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ყვითელი და ლურჯი

ყვითელი და ლურჯი

 ტატო ჩხენკელი

 

 

 

 

  ყვითელი და ლურჯი

 

 

 

 

 

                                                  თბილისი

                                                      2023

 

ღმერთები არას დაგიდევენ ბასილევსობას, ერთნაირად ჩააგდებენ ხოლმე

ჭირის დღეში ჩინებულსა და უჩინოს

 

ჰომეროსი

„ოდისეა“

 

 

 

 

 

ერთი ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო მოესხა,

მიჰყვებოდა მას და მათ შეიპყრეს იგი.

მან კი ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაიქცა.

 

მარკოზის სახარება 14. 51-52

 

 

 

 

 

ვინ, ვის?

 

ვლადიმერ ლენინი

 

 

 

 

 

ა − შავი ფერის, ე − თეთრისა...

 

არტურ რემბო

„ხმოვნები“

 

 

 

 

ჩვენ შეგვიძლია გაპატიოთ ჩვენი ბავშვების მოკვლა, მაგრამ ვერასდროს გაპატიებთ,

რომ გვაიძულეთ თქვენი ბავშვები მოგვეკლა

 

გოლდა მეირი

ჩვენ ვცხოვრობდით ლენინის უკანალში

წიგნის ის მოსაწყენი ადგილები მასევდიანებს ყველაზე მეტად სადაც ცალკე თავები და გვერდები ეძღვნება პეიზაჟების, ცხოველების, შენობების, ან რამე უშინაარსო ნივთის აღწერას, რადგან ვიცი ავტორი ასეთნაირად ცდილობს გვიხსნას თავისი სევდიანი ისტორიის მოყოლისაგან. ცოტა ხნით მაინც.

ჩემი სიტყვები არაა ეს. არც მილან კუნდერასი. საჭიროა მაინც და მაინც ვინმესი იყოს? და თუკი კი არ ჩნდებიან, არამედ იმალებიან აზრები სიტყვებში? ისევე, როგორც მათი ავტორები? ღირს მერედა ნერვიულობად, საწინააღმდეგო თუ გეგონათ შეცდომით? ვინ იცის რამდენი შეიძლება შევცდეთ სიტყვაში ვაზექტომია? ვაზელინისადმი აუტანელი დამოკიდებულება? შეცდომით აკრეფილი ტრაექტორია? მასტექტომია? ლობექტომია? გასტრექტომია?

იმის გამო კი არ გვრცხვენია, რომ შეცდომებს ვუშვებთ, არამედ იმის გამო, რომ ჩვენს დამცირებას ხედავს ყველა. მილან კუნდერა

როშანჟეატელინავესნინას იტყვიან ჩემზე, მაგრამ თქვენ ლიუბა დამიძახეთ. მეტს, ჩემს შესახებ, ვერაფერს გაიგებთ მაინც.

არც სცადოთ.

ეცადეთ გამიგოთ.

თუ მაინც, გაითვალისწინეთ, არავინ გადმოკვეთოთ ჩემთან მოსასვლელი გზა ისე, რომ კარგად არ გასინჯოთ, ჯერ მარცხნივ არ გაიხედოთ, მერე მარჯვნივ, ვინაიდან, თუ დაეჯერება საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემების განყოფილების ყოველწლიურ საჯარო ანგარიშს, და უფრო ალბათ არ დაეჯერება, მაგრამ სიფრთხილეს მაინც თავი არ სტკივა და სიცოცხლე მაინც ტკბილია და ვინც გაფრთხილებულია, - შეიარაღებულიც, თვალშისაცემად მაღალია ალბათობა იმისა, რომ ამ გზაზე დიდი სისწრაფით მოძრავმა საკუთარმა შიშებმა გაგიტანოთ.

ყოველი შემთხვევისთვის, რედაქტორიც ვარ. მიხვდებოდით. მეც, ვდგები ადრე დილით, როგორც ყველა რედაქტორი და სამსახურიდან მოვდივარ გვიან ღამით, როგორც ყველა. სწორად ხვდებით. და ასეთ პირობებში, რატომ უნდა გაუკვირდეს ვინმეს, მივიდე და ხელში შავი, გრძელი, ბრტყელი ნივთი შემომაჩეჩონ? მისვლისთანავე. მითუმეტეს თუ სიმართლეა? ან რა შეიძლება იყოს იმაში განსაკუთრებული, ეს ნივთი თუ ფლეშ ბარათი აღმოჩნდება ზედ მიკრული სტიკერით, რომელსაც მოყვითალო, თითქმის მოთეთრო-მორუხო ფერი დაჰკრავს, მკვახე გარგარის, თუ რაღაც მაგდაგვარის? და კინაღამ გამომრჩა. ისე ნაზად, ისე გულწრფელად, ისე ბატიფეხურად შესრულებული წარწერაა ზედ ამ სტიკერზე, რომელიც გაუგებარიც ისევეა, როგორც გასაგები, (ასეთი რამ თუ შესაძლებელია საერთოდ არსებობდეს ბუნებაში) რომ მისგან, არწივისებური მზერით, მხოლოდ მედიკოსს შეუძლია შინაარსის ამოყვანა, როგორც გუგულის ბუდიდან ქათმის კვერცხების. ან შეუძლია გამორწყას უმალ, როგორც აკნე, დიდი ოსტატობით. მაგრამ, მთლად ასეც ნუ გავასერიოზულებთ, გაცილებით მარტივად, მედიცინის, მედიკოსის, კალიგრაფიის და ოსტატობის გარეშეც შეიძლება მოხერხდეს იგივე პროცედურის აღსრულება სახლის პირობებში. მთავარია ორი თითი, კარგი მოჭერა და თავშავა აკნე, მთვარის კრატერივით ჩაღრმავებული კანის ფორიდან, ისე გემრიელად ამოგიყოფს სარკეში თავს, როგორც ახალ ნაწვიმარზე მიწიდან ტოქსიკური სოკო. სახეზე თითების ხშირი შეხება იწვევს აკნეს. ექიმები არა, მაგრამ მე გეუბნებით. გეხებათ მხოლოდ 13 წლის მოზარდ გოგონებს და თქვენს ელასტიკურ თითებს. და თუ მაინც და მაინც ჩემი ავტორიტეტი არ კმარა, მაშინ Try again. Fail again. Fail better. სემუელ ბეკეტი. დაუჯერეთ უფროსებს. ცოტა ხნით მაინც. და, ბარემ აქვე, Try not. Do, or do not. იოდა. იოდა VS ბეკეტი. ივარგებდა სტენსილად?

დამნაცროს ელვამ! მიწისძვრა თუ არ იყო ახლა. წვიმის მერე რომ იცის ხოლმე, ძაღლი ახსენეო. თუმცა შეიძლება ქარხნები აგუგუნდა, ან ადუღდა ეკონომიკა მეზობელ ქვეყანაში სადმე და ამერია. ეგრეც იცის ხოლმე წვიმის მერე. ტოქსინების მერეც. მაგრამ ისე შევეჩვიეთ ამ მსუბუქ ბიძგებს თანამშრომლები, რომ მხოლოდ icebreaker-ებადღა (ყინულის მჭრელი? მლღობი?) შემოგვრჩა სოციალურ ქსელებში.

დრაკონი, რომელიც მიწაშია და იწვევს ამ ბიძგებს, უკვე მოშინაურებულია, როგორც ბანკივური ქათამი, იგივე, გალუს გალუს დომესტიკუს (ქათამი მოშინაურებამდე?), მგელი (ძაღლი მოშინაურებამდე?), ველური კატა, ფელის სილვესტრის სტალონე (სტალონე მოშინაურებამდე?) და სხვა კიდევ წვრილფეხობა. სტალონე ჰო, მართლაც არაფერ შუაშია ველურ კატასთან. სილვესტრის ლიბიკა. ასე ჰქვია ველურ კატას სინამდვილეში, მაგრამ ნებისმიერი სილვესტერი, ითხოვს სტალონეს მის გვერდით. ეს აუცილებელია. ამ გვარს ისე იზიდავს ეს სახელი, როგორც ცნობილ ფილოლოგს, ყვითელი ვარდის სურნელი.

3,7 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა რიხტერის სკალით − დრაკონის დაბადება. კაი ფილმია, პოპ-კორნი თუ არ გათავდა. შეეწყვე და მიენდე. 3,9 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა რიხტერის სკალით − დრაკონის გამოსვლა. ლუდზე, ამასაც არაუშავს. თუ არ გათავდა ეგეც. 4,1, ან 5,0 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა − დრაკონის გზა. მეზობელსაც გასთავებია მახათი. ტუალეტის ქაღალდიც. ისე, ეს მეზობლები, რაღაც ძალიან ხშირად ათავებენ ამ მახათებს. ვერ იშოვნი წამლად რომ დაგჭირდეს. წამალსაც, სხვათა შორის. მეზობელსაც. განსაკუთრებით კარისას. 4,5-დან, 2,2 ან 2,4-მდე მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა რიხტერის სკალით − დრაკონი კუდს იქნევს. ეს უკვე ფილმიც აღარაა. თან გააჩნია ეპიცენტრს სად არის. ფილმში რაღაც უნიჭო სცენას ჰგავს, ბევრი დახარჯული ფულით და ბევრი გატეხილი გულით. თავით. ვაზით. ნეკნით. ნავსით. ქორეოგრაფიული კატაკლიზმაა, კატაბალახა, კატასტროფა, კატამარანი. აქ ბევრი კატაზე დაფუძნებული სიტყვის ხმარება შეიძლება, აზრითაც და უაზროთაც, კონტექსტით და უკონტექსტოდაც, ვნებითაც და აპათიის აუტანელი სიმსუბუქითაც, მაგრამ ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი, მანამდე არ გავჩერდები, სანამ მიაუს არ დავაძახებინებ რომელიმეს. საკმარისია ამიტომ. ასეთი ფილმის ცქერის დროს, კითხვა ყოფილა რეკომენდებული, ახლახან გავიგე. მეც, რატომღაც გული მიგრძნობდა, რაღაც ეგეთს გავიგებდი, რადგან მე სულ მახსენდება ხოლმე ბავშვები და ზღაპრები. ზღაპრები იმას კი არ უყვებიან ბავშვებს, რომ დრაკონები არსებობენ, ეგ ისედაც იციან, არამედ უყვებიან იმას, თუ როგორ შეიძლება მათი დამარცხება, თუმცა რეკომენდებული ეს არ არის. რეკომენდებულია, ძირითადად ფსევდო-დოკუმენტური პროზა, (ასეთი ჟანრი მხოლოდ კინემატოგრაფში ვიცოდი და ტუალეტში, შეკრულობისას) და ძირითადად პედოფილებზე, პედოფილ ავტორებზე, ანთროპოფაგებზე, სერიულ მკვლელებზე, ბელგრადის მოჩვენებებზე, ფსიქოპატებზე, შიზოფრენიკებზე, შიზოფრენიკ პოეტებზე, უცხოპლანეტელებზე, შავ კაცზე, ბინძურ ბრუნძვზე, გალილეველ მევენახეზე, ხალიჩა და ბავშვზე, ძიან ძი ტუანკ ტუკზე, გოგრის თესლების გადარჩევისა და შენახვის წესებზე. შურისძიების გზამკვლევი სახელმძღვანელოებისაც, არ გამოგვრჩეს. მხნე და მამაც რაინდად გახდომის სურვილისგან თავის შეკავების 365 დღიანი კურსების ბროშურებისაც, რომელსაც ოთხ წელიწადში ერთხელ ბონუსიც მოყვება, როგორც 366-ე დღე. სწრაფად გახდომის ოცი უმოკლესი გზის ამრევი მემუარებისაც. როგორ ავხტეთ და არ გავიკვანძოთ? (არის ასეთი ქვეყანაც, სადაც კატეგორიულად დაუშვებელია ახტომა სპეციალური ნებართვის გარეშე, თურმე. იქ რიგდება ასეთი სახელწოდების გზამკვლევი ბუკლეტები. ტურისტებისთვის უფასოდ. ფილმის ყურებისას ყოფილა საუკეთესო მათი კითხვა, განსაკუთრებით მხედველობის პრობლემების მქონე პირთა პრობლემების გასაუმჯობესებლად. ჭორად ისიც ეყარა შარშან ზამთრამდე, გზების მორეცხვას სანამ სისტემატურად დაიწყებდნენ, რომ ბრწყინვალე საშუალება იყო აგრეთვე ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გასაღრმავებლად, ანუ აღდგენითი სამუშაოები-სთვის. სახელს ვეღარ ვიხსენებ უბრალოდ. ვეღარ ვიხსენებ იმ ქვეყნის სახელს, ამომივარდა თავიდან. ეს ნებართვა ფასიანია და დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ „ჩ“ ასოს მიწერის ნებართვის ფულსაც წინასწარ გადაიხდი) ბევრი საინტერესო საკითხავია შემოთავაზებული კიდევ, თუმცა... აქ, წინადადების შეწყვეტა მომიწევს, მგონი კიდევ ერთი ბიძგი იყო. მოკლედ, გასაგებია ალბათ ყველაფერი.

მაგრამ. ის შავი კაცი მაინც ვინღა იყო?

ჰა?!

უცნაური პროფესიაა რედაქტორობა, ისე. ყველაფერშიკობისგან მხოლოდ ბერძნული სუფიქსით გვანსხვავებენ. ყველაფრისმცოდნეობა. რომელმაც თავისი არქაული ფორმა, ყოვლისმცოდნეობა, შემთხვევით ჩაანაცვლა. სხვაფრივ, ტყუპებივით ვგავართ. ვერ გვანსხვავებენ. ჩვენი ლოგოა გაჭრილი ვაშლი და ყვითელი ფოთლები. ოღონდ, გვერდით ამ ვაშლს, ალყა-ალყა დაჭრილი ჩერი პომიდორი უდევს კარამელიზირებული ბანანით, ფლამბეთი, მარაკუიასა და ვარდისფერი პილპილის ნაყენით, ცოტა დარიჩინით, კურკუმას ფხვნილით, სიყვითლე რომ არ დაკარგოს და ბევრი სუბლიმირებული მერენგით. და სლოგანის ნაცვლად გვაქვს წინასწარი ეპიტაფია. ასე გადაწყდა ზემოთ, აბა, ჩვენ ვინ გვკითხავს? განგვასხვავე ძნელად, მოგვინელეთ ადვილად. და იქვე მოყვება გაფრთხილება, თუ ვინმეს ალერგია აქვს თხილზე, რძეზე, თაფლზე, ან ინტოლერანტულია მათ მიმართ, მათთვის.

მე არა ვარ კმაყოფილი ჩვენი ლოგოთი. ყვითელი ფოთლები ამოსაღებია. უფრო სწორად, ფოთლები. ყვითელი იყოს. წინასწარ ეპიტაფიას უნდა ჰგავდეს ჩვენსას. რომ ჩვენი დრო წინასწარ გავიდა და მხოლოდ ილუზია ავსებს სიცარიელეს, როგორც ცის ფონი დაცლილი ქვიშის საათის ზედა, გამჭვირვალე კოლბას. ასეთი, ერთადერთი რამ შეიძლება იყოს. ეს არის პეპელა, რომელმაც ნახევარი დღე უკვე იცხოვრა. პეპელა ცაში? ცა პეპელაში? მოკლედ, ახალი ლოგო მინდა. ვაშლის და იმ სალათის გვერდით, კოლიას კროკეუს კროკეუსი, ყვითლად მოციმციმე პატარა პეპელა, რომელმაც ნახევარი დღე იცხოვრა. სინამდვილეში კი, ქვიშის საათივით ბოლომდე დაცლილია. მთელი დღე იცხოვრა და მეორე დღეც გათენდა. მიწოლილა ახლა ყვავილზე, გაშლილი ფრთებით. ზედა ფრთებზე ქერცლი დასცვენია, როგორც კრამიტი ძველი სახლის სახურავს. შერჩა მხოლოდ გამჭვირვალე აფკივით რაღაც, რომელიც N აცეტილგლუკოზამინის ნარჩენი, აზოტის შემცველი პოლისაქარიდების ჯგუფის ბიოპოლიმერის, ქიტინისგან შედგება, ოღონდ ეს ნარჩენი პოლისაქარიდები, ერთმანეთს, β-(1→4) გლიკოზიდური ბმებით უკავშირდებიან. ქიმიის ამ ბუზის ფრთასავით გამჭვირვალე ლაბორატორიას, ცის ლურჯი პიგმენტები ავსებს, როგორც მირაჟი უდაბნოს სილას. ეს არის თამაში, არა ჭვავის, ქვიშის ყანაში. უდაბნოს სილაში. ეს ბავშვის თამაშია, სილაში პასკებს რომ აცხობს. პასკა, პასკა გამოდი, თუ არ გამოხვალ, თავში ჩაგარტყამ. ეს იგივეა, რაც ვარდი ქვიშაში. სილაში? გრდემლი სილაში? პენისი სილაში? კომუნალური გადახდის ქვითრები სილაში? ეს იგივეა, რაც ყველაფერი სილაში, ცის ამორფულობის და გამჭვირვალობის ფონზე. ვინაიდან, ცის უფორმობის ფონზე, ყველა ფორმა ლამაზია. არ არის უდაბნო მარტივი ადგილი. ვარდნი წავლენ და წამოვლენ, პეპლები დარჩებიანო. ფარფატა პეპლები. რაფაელოს ქოქოს-ნუშის ტრუფელების ყუთივით ქათქათა გვირილის ფურცლებზე კიდევ უფრო მჩატე ფიტულებად შემხმარები. ამას იტყვის ხმა მღაღადებლისა, რომელმაც მოვლო უდაბნო ლურჯად ნახავერდები.

აი, ასეთი ლოგო მინდა. მაგრამ ჩვენ ვინ გვკითხავს? ჩვენ მხოლოდ ყველაფერშიკები ვართ. ცოტა ის, ცოტა ის, ცოტა ის. სიტყვები მოქრიან მკვდარ და მკვდარ.

და ზოგჯერ მგონია, რომ მე თვითონ მივქრი, მივაფრენ, როგორც ის კოიოტი, მულტფილმიდან, კლდის პირზე. მივრბივარ, მივრბივარ, მივრბივარ. ქვემოთ კი არაფერია, − ჰაერი. ჰაერი, ჰაერი. და მე არ მინდა ქვემოთ ჩახედვა. მინდა, როგორც ბავშვი ტელევიზორის წინ ვიჯდე და ვუყურო, როგორ მირბის კოიოტი ჰაერზე, როგორც იესო წყალზე. შორს, ამ იდიოტი პეტრეებისგან და პავლეებისგან. მინდა ბავშვივით გულუბრყვილო ვუყურებდე, რომელმაც არ იცის, რომ შეიძლებოდა იესოც ჩაძირულიყო ქვემოთ რომ დაეხედა. რომელმაც არ იცის, რომ წყალზე სიარული არ შეიძლება. სირბილი მითუმეტეს. რომელმაც არ იცის, რომ შეიძლება ფრთები გქონდეს და ვერ დაფრინავდე, როგორც ბანკივური ქათამი. იგივე, გალუს გალუს დომესტიკუს. ან შეიძლება ფრთები არ გქონდეს და დაფრინავდე, როგორც კავკასიური ჰომო პოეტიკუს საპიენსი. იგივე, გალაკტიონი. იგივე, პუშკინი. იგივე, შარლ ბოდლერი. რომელმაც არ იცის, რომ შეიძლება ფრთები არ გქონდეს და მაინც დაფრინავდე, როგორც მფრინავი თეფში, ან ბეისბოლის ბურთი. რომელმაც არ იცის, რომ ამასობაში, იქნებ, ჩავვარდი კიდეც უკვე? მე ცხოვრება ყოველთვის მიყურებდა, როგორც ჟან-პოლ სარტრი. თან მიყურებდა, თან არა. მე თვითონ სულ გავიძახოდი, ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ფილოსოფოსის მზერა-მეთქი. ასეთი ნამდვილი. თუმცა გავიძახოდი სულ გულში. არასდროს ეს ხმამაღლა არ მითქვამს. სიყვარულსა მალა უნდაო, და, მეც ვმალე, ვმალე და ახლა, გაიტონ ანრი ალფრედ ედუარდ ლეონ მარი გატიან დე კლერამბოს სინდრომიანივით გამომეტყველებით ვმოძრაობ. უფრო ხშირად კი, იგივე სინდრომიანის მოისმენთ ვნებებით გატაცებულ ბოდვას. ეროტომანიურ ბოდვას. ეს იმათთვის, ვისაც გრძელი სახელებისა და ფსიქოპათოლოგიური სინდრომების, სიმპტომატოლოგიის, მათი გამომწვევი მიზეზების, (როგორებიც შეიძლება იყოს ანტიდეპრესანტები, ფსიქოსტიმულატორები, ჰალუცინოგენები, კორტიკოსტეროიდები, ინდუცირებული ნარკოტიკები და სხვა წვრილმანი) კითხვა თანაბრად გეზარებათ, კითხვა საერთოდ.

ერთი სიტყვით, სტიკერს აწერია, „ფაილი“. მეც გამიკვირდა. ამ „ფ“-ში ასე კარგად რომ არ ვერკვეოდე, არ დავიჯერებდი და ყვავი წამიღებდა, კარგიც იქნებოდა. მაგრამ ჩემ ბედს რა ვუთხარი, რომელსაც ძაღლიც არ დაჰღრენს, არათუ კოიოტი. დამეჯერებინა დედაჩემისთვის თავის დროზე. ახლა, ჩემთვის ეს ყოველდღიურობაა, როგორც კარაქიანი პური, ერბოიანი კვერცხი, დაბალი ჰემოგლობინი, ყავისფერი ჰემატემეზი, როგორც ის, რომ ზურგს უკან დამაწევენ ხოლმე, სასწრაფოა! და ეს ხმაც ათასჯერ გამიგონია, როგორც დამინახავს ასო „ფ“. მეც ვჯდები კომპიუტერთან და ვხსნი.

„ფაილი“ აუდიოა. ანუ Beta? დაკარგულ მობილურ ტელეფონში უპოვიათ. სწორად ხვდებით, ვინ მაძლევს, სად უპოვიათ, რაფაილი. დაივიწყეთ.

შემდეგ.

მეუბნებიან. და რასაკვირველია მჯერა, ერთი წამით არ გაიფიქრებთ, რომ მთხოვენ, მეხვეწებიან, მემუდარებიან ა.შ., მართალიც იქნებით. ზემოდან დაუშვებინებიათ. მიბრძანებენ გამოვაქვეყნო, ჯერ ოღონდ მოვრთო, მოვკაზმო, მოვალამაზო, ხატოვანება შევძინო და ისე. ანუ Meta? (metaნხმებით?) მოდი და пиратская доля ნუ გაგახსენდება ასე რომ მოგიყრიან და მოგაყრიან ფაილებს. რას აღარ მოგიყრიან ფეხქვეშ? ადამიანივით ვუდუს თოჯინებს, თანაბრად გაძეძგილს ჭუჭყით, ნაგვით, პატრონის იმედებითა და შურისძიებებით? (ან თვითონ პატრონით?) უბეში დიდხანს დებისგან გალურჯებულ ყანწივით დაგრეხილ რქას, ვინ იცის რომელი ძუძუმწოვრის, ან რქას რომ საერთოდ? გახვრეტილი შაურიანივით ვადაგასულ ვერცხლის მონეტას? პურის გულის ცომისგან დამრგვალებულ კამათელს, თითქოს ცხვირიდან ბავშვმა ჟღვინტი გამოიღო და კაი ხანს სრისა? მუყაოს მართკუთხა ფურცლებს, რომლებიც ბანქოს ქაღალდებს ისევე ჰგვანან, როგორც წინაპრების საფლავების ქვებს. და ნახატები და წარწერებიც ისე ეტყობათ, როგორც ამ ქვებს ეპიტაფიები და პორტრეტები. ვეღარ გაარჩევ ვალეტია, დამა, ათიანი, თუ ტუზი? ჯვრის, ყვავის, აგურის თუ გულის, წითელი თუ შავი? მეფე თუ ჯამბაზი? (სადმე უძრავად დიდხანს დებისგან? ქაღალდებსა და ქაღალდებს შორის დასტაში? ძუძუებს შორის უბეში? დუნდულებს შორის საცვალში? ლომბარდში?) დაბურულმინებიან სათვალეს, რომელიც შეგიძლია გაიკეთო და დაბრმავდე? ძაფზე ბრელოკივით გამობმულ პოეტის მუმიას, შემცირებულ ეგზემპლარად, რომელსაც სულაც არ უნდოდა შეიძლება, თუმცა მაინც თვალს ადევნებს ამ ამბავს, როგორც პირატი სარჩობელაზედ, ბუზებით გამოტენილი პირით? ცალ თვალს, შეიძლება შუშისასაც, ხის ან შეიძლება პატრონის, რომელიც სხვისთვის შეიძლება არაფერი იყო, ბოსელი, მაგრამ პატრონისთვის ბროლის სასახლე? დედალი ვირთაგვს (სქოლიო − ვირთაგვსგან განსხვავებით, ვირთაგვ სხვა ლიგაში მოასპარეზე წარმატებული ძუძუმწოვარი ქვემდებარე შეიძლება იყოს, უფრო მაღალში, (სერია ა? პრემიერთა ლიგა? მწერალთა სახლი?) სხვა შემასმენელი სჭირდება, სხვა ყური, სხვა რომანი. ლ.) ქონით გაპოხილ თავს, რომლის დანახვაზეც, საკუთარი არსებობის ან როგორობის ნამდვილობაში, ეჭვი გეპარება, როგორც ვინმე დიდ მოაზროვნეს, ან პატარა კაცს? რადგან გამოუცდელი თვალიც ადვილად შეცდება ამ თავში. დედაშენი? მაიმუნი შენი? ედვარდ მუნკი? მოკლედ, ასეთ რაღაცებს გულუხვად იმეტებენ. და დააგვირგვინებდა ზედაც ამ ნაგავს, უჩრდილოეთო კომპასი... მაგრამ სად არის? მაგას ვინ მოგცემს? თუ არ წაართვი. რასაკვირველია, ამ უცნაურად არაერთგვაროვან საგანთა ერთობლიობას შენახვა სჭირდება ჯერ, დახარისხება. უკეთესი იქნება, თუ გრილ ადგილას შეინახავთ. მე თვითონ, ასეთ დროს, აზრი, სულ კათოლიკური ეკლესიების სარდაფების და კატაკომბებისკენ გამირბის, სადაც გარესამყაროსთვის არაღირებული, სამაგიეროდ ეკლესიისთვის დიდი სულიერი საუნჯეები, უძველესი სასულიერო ლიტერატურა, შუასაუკუნოვანი რელიკვიები, არტეფაქტები, გადაყვითლებული ჩონჩხები ინახება. ასეთ ადგილს მე ღმერთების მაცივარს ვეძახი. ცხადია მერე, ამ ყველაფერს ფურცელზე გადავიტან როგორც მიბრძანეს და თქვენამდეც მოვა. უკვე მოვიდა. იმპერატივის მიზანიც ეგ იყო. აბა, მე ვინ რას მეკითხება. მე პატარა ქალი ვარ. თუმცა, ჩემს ქვეყანაზე ვერ იტყვი პატარას. ჩემს სამშობლოზედ.

ავტორი მშრალად ჰყვება. მეც ყოველთვის უსიტყვებოდ ვწერ. მე ყრუ ვარ. მე არ ვწერ სიტყვებს. მე ვხატავ. იეროგლიფებით. კედლებზე. გეოგლიფებით მე მიწაზე ვწერ. მე ჩემს ცხოვრებაში ერთი სიტყვა არ მითქვამს, არ გამიგონია, არ დამიწერია. დაბადებიდან ყრუ ვარ მე. ამიტომ ჩვენ დუეტს დაერქვა გარე დაჩრდილვა, ფოკუსირება, დიზაინი, წარმოება და აწყობა. ფასი შეთანხმებით. ისწავლე შუქჩრდილები. დაჩრდილე სწორად! ეს კი ხატვის გაკვეთილებიდანაა უკვე, და ვერანაირი კავშირი ბუნებრივია ჩვენთან ვერ ექნება. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ოთხი წუთით მზეზეც გავდივართ ხოლმე და იმ წუთშივე ჩვენ ეს ჩრდილი ერთიანად გვავიწყდება. ეს მზეც სულ არი და არი. არა და არ ჩაქრება.

ვის ჯინაზე ანათებს მზე? ელექტრიკისფრად წერია ლიფტზე მიკრულ მდოგვისფერ თაბახზე, სადარბაზოში. ზომა-A4-ლანდშაფტურად. იქვე, შავით თეთრზე, ელექტრიკოსი გვემსახურება 24/7-ზე. იქვე, სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთის, ღირს შეხსენებად, ლაქაცაა კედელზე შემხმარი? ეს ახლაა ასე სადარბაზოებში, თორემ პერესტროიკამდე, ჩვენთან, ყველამ იცოდა ვის ჯინაზეც ანათებდა მზე.

ასეთი სათაურით სპექტაკლზე გვეპატიჟებიან. ვიწრო წრეში. ბილეთის ფასი, შეთანხმებით. ოღონდ ეს არ წერია. არც გვეპატიჟებიან შეიძლება. მითუმეტეს სპექტაკლზე. მითუმეტეს სადარბაზოში. შეიძლება, სოციალური ქსელიდან ამყვა ეს სანახაობა საერთოდაც, როგორც მიმი ლეონარდო და კაპრიოზე. თუ დი ვინჩზე? ერთად ხომ არა? სარეკლამო რგოლიდან ხომ არა: „The last da vinci: The world is watching“, ლეონარდო დი კაპრიო, რომ რაღაცას უყურებს და ჩვენ უნდა მივხვდეთ, ლეონარდო და ვინჩის Salvator Mundi-ს?1 (სქოლიო − ამ სარეკლამო რგოლში, ლეონარდო დი კაპრიო, 3:07 წთ-ზე ჩნდება, მაგრამ მის ეფექტს, ერთი ქალის ეფექტი გადაფარავს. ვინ ქალი? მერლინ მონრო? მკვდრეთით აღდგა? სკარლეტ იოჰანსონი? ხატია ბუნიათიშვილი? ეგ ისეთი ნახატია, ისეთი სამების ძალის, ლეონარდო და ვინჩის, სამყაროს მხსნელის და 450,3 მილიონი დოლარის, რამ უნდა გაგაკვირვოს. და მაინც. დგას ქალი და უყურებს, დაბურულმინებიანი სათვალით. უსინათლო უყურებს Salvator Mundi-ს. ეს ისეთი სამებაა, აგნოსტიკოსებსაც სწამთ. მაგრამ იმ სამების ვის წამს გამაგებინა? ბოლო ჰიპოსტასი იგივეა, ცოტა ნაკლები, 200 მლნ. დოლარი. ტილო ეკუთვნის პოლ ჯექსონ პოლოკს, „ნომერი 17ა“. ზეთი. ხის ბოჭკოვანი დაფა. 112x86.5 სმ. ამ შემთხვევაში, ერთზე მეტი სამება მოქმედებს, ანუ პოლისამება. პირველი: 200 მლნ.$, შიზოფრენია, ფუნქციური მეტეორიზმი. მეორეს, შემოკლებით ჰქვია, ემდეეფი. გრძლად − ბოჭკოვანი ხე, ფორმალდეგიდის რეზინოვანი წებო, პარაფინის ცვილი) ლეონარდო ლეონარდოა ყველგან. ეს ვინ არ იცის. ვინც გინდა იყოს, ეგაა რომ, ეს ლეონარდო დი ვინჩ დაკაპრიო, ერთობ ცბიერი, და დამცინავი გამომეტყველებითაა წარმოდგენილი პოსტერზე (უფრო კი, ფილმიდან ამოჭრილ კადრს ჰგავს. გამოსახულების დაბალი ხარისხი ამაზე მეტყველებს) უფრო კი, უნიჭო მიმზე. და ამ მიმზე ზემოდან პატარა მაიას ტომელი ბავშვია გამოსახული წყნეთიდან, ოღონდ კიდევ უფრო დაპატარავებული. დაახლოებით, ლეონარდოს ქუთუთოებისა და წარბების კუნთის ზომამდე. იხვის ჭუკის ლიმონისფერი ბუმბული უჭირავს ხელში და ერემეევიტის ქვის პატარა ნატეხზე, 2021 წლის მაგივრად, შეცდომით 2012 წელს წერს. ასეთი იუმორი, მხოლოდ პანდემიას შეიძლება ახასიათებდეს, სხვას ვერაფერს, რომლის დროსაც იხოცება მილიონობით ადამიანი, ხოლო სიცილით, მხოლოდ პალენკელი მაიას ტომის ბელადი პაკალი მოკვდებოდა. როგორც ქრისიპოსი, კილიკიის ქალაქ სოლიდან, ოლიმპიადაზე. ოღონდ, ქრისიპოსი არაფერს წერდა. ჩემსავით. არც მონაწილეობდა. ხელში არ ეჭირა ბატის ფრთა ან ბუმბულივით მსუბუქი ბირთვი, და არ სტყორცნიდა. იჯდა და უყურებდა უბრალოდ. უყურებდა, როგორ ჭამდა ვირი ლეღვს. (ხურმას?) და იხუმრა: ამან რა იცის ხურმა რა ხილიაო. მერე იცინა და მოკვდა. სინამდვილეში, ეგ ეგრე არ იტყოდა. ანდაზით გააცინებ შენ ძველ ბერძენს? მოკლავ მითუმეტეს? მიეცით სუფთა ღვინო, ჩამოირეცხოს ლეღვიო. ასე იტყოდა ქრისიპოსი. სინამდვილეში. მერე ბევრი იცინა. ზოგიც დალია. ზოგი იცხოვრა. ბოლოს ადგა. და მოკვდა. 73 წლის ასაკში. ცხოველებს რაღაც განსაკუთრებული ვნებით ეჯაჭვებოდა ადამიანი ოდითგანვე. ზოგი სიცილით კვდებოდა, ჭამას როცა უყურებდა მათსას, ზოგი გიჟდებოდა, ცემას როცა უყურებდა მათსას, ზოგიც, იმარაგებს კრემებს, ლუბრიკანტებს, უცნაური ფორმის სასრიალო სილიკონის სათამაშოებს და მერე სადღაც ქრებიან ეკრანის წინ. სადღაც, ცხოველების რომელიღაც არხზე (არხში)? სასრიალო საგნები? ცხოველები? ბავშვები?

რა ტრაგედიაა არა ასე სიკვდილი. არ ჯობია საკუთარმა ნახატმა მოგკლას? აფროდიტე დახატო და მოდელად თარსი მოხუცებული ბებია დაიყენო? უყურო მერე საკუთარ ნახელავს, იცნო და მოკვდე. რა ჯობია ასე სიკვდილს? რომ შეიძლება ბრძოლაში მოკვდე, საკუთარ თავთან, ქარის წისქვილებთან, ენტროპიასთან, მაგრამ არც მაშინ ტოვებ იუმორის შეგრძნებას? ანდაც დეზი ჰკრა თუ ლურჯას არა, ჯუჯას მაინც და გადაერიო ისეთ ზღვაშია, რომლის ზედაპირზეც ფეხით დადიან? (ტივტივებენ?) ყოველ შემთხვევაში თუ არ დადიან, დარბიან მაინც? ხტუნაობენ კიდეც? როგორც ახურებული ტაფის ზედაპირზე წყალში შერეული ზეთის წვეთები?

არის ერთი მიმი, როცა ვუყურებ, ავარიას იწვევს ჩემს გონებაში. წერია, Me: I need to go to sleep. Also me:

და არაფერი წერია. უბრალოდ ქვემოთ, საწოლში, წევს, იისფერ საბანში გახვეული ფიფქია. ღამის ორი საათია. ხელში უჭირავს ერთერთი ჯუჯის მობილური, ყველაზე უფრო ჯუჯა რომელიც არის, და მიაქროლებს1. (სქოლიო − ინიციატივით გამოვდივარ. საკუთარ ოფისში, ანუ ვიწრო წრეში. მაქვს ამის უფლება. სქროლვას დაერქვას, ქროლვა და არგუმენტად მომაქვს შემდეგი. ჩვენი ცერა თითის სახსარში მოძრაობა, როცა მობილურის ეკრანს ეხება, იმეორებს ცხენის წინა ფეხის სახსარში მოძრაობას. განსაკუთრებით ღამის ორ საათზე, როცა ძალიან გვეჩქარება და მივაჭენ-მივაგელვებთ რაც შეიძლება სწრაფად. სხვა საქმეა ცხენის უკანა ფეხი. ცერა თითი, მაშინ საპირისპირო მხარეს უნდა გვეხრებოდეს. ამიტომ, ვტოვებთ ადგილს ილუზიონისტებისთვის და ჯამბაზებისთვისაც. რამე სიტყვა მათთვისაც მოიძებნება. ლ.) ეს რომ საჭესთან გამახსენდეს, ის დღე, აუცილებლად ავტოსაგზაო შემთხვევით დასრულდება. ბარემ აქვე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, ავტოსაგზაო შემთხვევების უდიდესი უმრავლესობა იმის გამო ხდება, რომ მძღოლს საჭესთან ეძინებაო. თუმცა, იმას კი აღარ აყოლებენ, თუ დაუთვლიათ, რამდენ ვინმეს ეძინება მათი სტატისტიკური მონაცემების მოსმენისას? მე თვითონ სულ მშურდა ადამიანების, რომელთაც სტიმულს აძლევს ფაქტი, რომ მედუზა 650 მილიონი წელი უტვინოდ გადარჩა. არ არის აუცილებელი იცოდე, რომ, საშუალოდ, სიმინდის ტაროში, 800 მარცვალია და 17 პარალელური რიგი.

           − ბარნეტ! ნუ ლაპარაკობ ხმამაღლა. მთელი ქუჩის აიქიუს ამცირებ. − სტენსილიც არის ჩვენს ქუჩაზე ასეთი, მაგრამ ბარნეტი? ასეთი სახელით არავინ ცხოვრობს. არც ზედმეტსახელით. რამდენი შევხედავ, სულ მაინტერესებს, ნეტა რა თქვა მანამდე ბარნეტმა? დიალოგების გამომყოფი ტირით რომ არ იწყებოდეს, ეს კითხვა არ გამიჩნდებოდა. მაგრამ, რომ იწყება? დედანში, ესეც სოციალური ქსელის მიმი იქნებოდა?

ასე მიშვრება მიმების ქექვა სოციალურ ქსელებში. ვქექავ დინგით, როგორც ღორი ნაგავს და არ ვიცი, მარგალიტებს მანდ რა უნდა. რასაკვირველია, საიდან უნდა ვიცოდე აბა? ასე იქნება ბოლომდე, სანამ ანგელოზი არ ჩაბერავს უკანასკნელ საყვირს და მაგასაც სოციალური ქსელით არ გავიგებთ. მერე იმ ანგელოზივით ბავშვის გასვენებაში კაი შილასაც ჩამოატარებდნენ. გასვენებასაც თავისი მიმები აქვს. წესები? მუღამები? ეგრე არ არი. დარჩი ჩვენთან. ბ ო ლ ო მ დ ე. ბოლომდე, ამ შემთხვევაში ნიშნავს შენს გასვენებას, სადაც შილას სხვა მიირთმევს, ბოლომდე.

ავტორი ძალიან მშრალად ჰყვება. საერთოდ რო ჰყვება, ეგაა გასაკვირი. შემთხვევით სადმე რომც წაიკითხოს, ცნობით ალბათ იცნობს, მაგრამ მოგნებისა, რა მოგახსენოთ. გამორიცხულია. ვერ მომაგნებს. არ ვიცით რას უპირებდა ამ ფაილს. წაშლას? გადაგდებას? შეჭმას? საერთოდ, ვინაა, რატომ იწერდა იმ გაგანია ჯოჯოხეთში?

ზოგჯერ ისეთი აფეთქებები ისმის, ტყვიების ზუზუნი, მსხვრევის, ნგრევის, ლეწვის, ზანზარის, ზარბაზნის, ქვემეხის, ჭურვის, ავტომატების კაკანის, ჭრიალის ხმებიც, როცა დადის, მობილური ჯიბეში უდევს, ჩაწერას აგრძელებს, მიკროფონი ნაჭერს ეხახუნება. მგონი არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ რა კოშმარია ეს. არ გინდა მაგ დროს სიტყვები გაარჩიო? განსაკუთრებით ყრუ რომ ვარ, ძალიან მიჭირს. დაბადებიდან. ხანდახან მუნჯ კინოს ვუყურებ ხოლმე. ასე ვიგონებ, რომ მესმის. უნდა დამეჯერებინა როცა დრო იყო და კერვა მესწავლა დედაჩემი რომ მეუბნებოდა. 

რაც არი, არი. მე თუ მკითხავთ, ჯობია არ მკითხოთ. და მაინც, გუშინ რომ გეკითხათ, დღეს გიპასუხებდით, ალბათ სამყაროს თავისი რაღაც განსაკუთრებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს-მეთქი, როგორც ტელევიზიას, ჩვენ რომ არ გვესმის, და გვესმის მხოლოდ იმ ნაწილში, რაც, პრინციპში საამოდ მოულოდნელიც და მოულოდნელად საავოც თანაბრადაა, როგორც მისი გადაუდებელი აღსასრული და ჩვენი გაქანებული პარანოია. ასეთი გამოსავლით ვერავის გააკვირვებ დღეს. პირიქით, ჩააძინებ მოწყენილობისგან. ამიტომ დავიწყოთ ჩვენც სიზმრით და დავასრულოთ ამაზე ლაპარაკი, როგორც იწყებს ხმა მღაღადებლისა ფლეშ ბარათსა შინა და ასრულებს კიდეც.

ხშირად ვხედავ ერთსა და იმავე სიზმარსო. ასე იტყვის ეს ხმა და ხმა დავუძახოთ ჩვენც. კარგი იქნებოდა იგივე ეს ხ.მ.ა. გამორჩეული ყოფილიყო რამე საკრალური ნიშნით. დაეტია უცური, ხედრული და სომთავრული დამწერლობების (სამივევე, მსოფლიოს 14 დამწერლობათაგან ერთერთია) აკრონიმობა, როგორც ნაღველს იტევს გული. და არ სცოდნოდა არავის, თუნდაც. განსაკუთრებით მეგობრებს. მაგრამ, როგორც შევთანხმდით ეს აღმოჩნდა მხოლოდ ხმა, მღაღადებლისა ფლეშ ბარათსა შინა და აღმოჩნდა მხოლოდ ეს.

მოკლედ.

რას1. (სქოლიო − ამ ნაწილაკის დედანში წერია „раз“, თან რუზულად. ჩვენც ვერიდებით დედნებს. თანაც 90-იანების საბჭოთა კავშირის ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებული, მიკროფონის მუშაობის შესამოწმებელი ბგერების პირიდან ამოშვების ინსტრუქციაც, სწორედ „რას“-ს უფრო წააგავდა, სამჯერ, ან ოთხჯერ თუ ჩასძახებდით მიკროფონში. ლ.)

რას.

რას!

ისმის?

ხშირად ვხედავ ერთსა და იმავე სიზმარს, აკომპანირებით, ყოველ ჯერზე. ბახი. ბრენდენბურგის კონცერტი No2.

ჯერ იწყებს... არა. მთელი ორკესტრი ერთბაშად იწყებს, როგორც ზედ უკვე ნაპირთან აყვავებული ცუნამი. ვეღარც გაასწრებ. ვეღარც იღვიძებ. წაგლეკა.

იწყება როგორც მაორების ჰაკა, ყოველგვარი შესავლის გარეშე.

პირველად არის მუსიკა ამხანაგო, გესმის,

დო.

რე.

მი?

მე სულ მახსენებ ჟიჟუს ძალიან, ამხანაგო რედის, რომ გიყურებ.

და ვხვდები, რომ იწყება.

ან,

მი.

რე.

დო.

და ვხვდები, რომ მთავრდება. რომ შემოგხედავ ახლა, თვალწინ ჟიჟუ მიდგება. ეს დამთავრება სიგნალს ჰგავს. რომელიც, ამავე დროს ჰგავს ბავშვის ჭყვიტინას, სამ, ან ოთხსაფეხურიან კიბეზე რომ დაგორდება და ხმას გამოსცემს, გზადაგზა. ასეთი სიგნალის მერე, ყოველთვის იცი, წამი-წამზე, დიქტორის ქრონიკულ დაღლილობასავით მილეული ხმა, ახალი შემადგენლობის შემოსვლას აუწყებს მატარებლის სადგურზე შექუჩებულ გამვლელებს. და გაგონებისთანავე მთავრდება კოშმარი, რომელშიც მატარებლის მოლოდინში ჩაიძირე. ცოტა ხნით მაინც. შემდეგ მცემს სუნი, ბავშვობაში მცემდა, მას ჰქონდა, და მხოლოდ გვიმრებიან და მაგნოლიებიან ხეივანს რომ ჩაირბენდა პლაჟზე გასაღწევად, მატარებლის რელსებსა და ხის განძელებზე რომ გადაირბენდა, მაშინღა ამყვებოდა ხოლმე ადევნებულს, როგორც ადევნებულს ადევნებული კონდუქტორი, სამგზავრო ბილეთს რომ გიმოწმებს. რომელიც არ გაქვს. არ დამავიწყდება უხილავი ნაკვალევივით ჰაერში გაფანტული ექსცენტრული მოლეკულები ერთ ადგილზე რომ ვერ ეტეოდნენ და რაღაცას, არ ვიცი, დღესაც არ ვიცი, აკეთებდნენ, თუ აფუჭებდნენ, ზუსტად არ ვიცი. ზუსტად, მხოლოდ მეწამულისფერ ცას შეეძლო ეთქვა, ან ეჩვენებინა სულ ცოტა, თუმცა დუმდა, სულ. თქმით არა, მაგრამ, ღვინისფერი ბინდის ყურებით დამთვრალი ჰაერიც, სულ სადღაც შორიახლოს ტრიალებდა და მხოლოდ უხმოდ მგულშემატკივრობდა, მსუბუქი მარაოებით და ამისთვისაც მადლიერი ვარ, ამოსუნთქვის საშუალებას მაძლევდა, რომ შემძლებოდა წარმომედგინა მულაჟი, უზუსტეს წვრილმანებში, ადრესატის გარეშე, საჭიროება აღარ მოითხოვდა, დაგვიანებულზე მითუმეტეს, რომელსაც გონების საკიდზე დავკიდებდი და მისგან უჩუმრად დავუწყებდი თაყვანისცემას, რადგან დავდევდი მხოლოდ მას და ოქროსფერ ქვებს, მხოლოდ მათ ასდიოდათ ამ ნეშოდ ქცეული მაგნოლიების სასაფლაოზე ამოსული გვიმრებიდან გამომკრთალი მზის სუნი, რომელიც მარილიან ქაფად, დილის შფოთიან ტალღებად მაღელვებდა მომდევნო წამამდე. მერე კი, ვეღარც ვხვდებოდი, აღარც მინდოდა, ვიძირებოდი მოლილისფრო სისველის მდუმარებაში, რომელსაც ეძახიან ზღვას? წყალს? სითხეს? ან რა საჭიროა საერთოდ სიტყვები მაგ დროს? სიტყვები დიდი ხანია შეეგუენ თავის ბედს, სუროგაციას, ახლა ჩვენი დროა. ასე მგონია. გრძნობების სუროგატობაც, მადლია, თავისებური. თვითონ აირჩიეს? ეგონათ ასეთები რომ იქნებოდნენ? მადლმა ასე გადაწყვიტა. მე სულ მიკვირს ჩემი თავის. რატომ არ შეიძლება უბრალოდ შევეგუო ფაქტს, რომ ვიღაც ყოველთვის არსებობს? რომელმაც ჩემამდე მოისაქმა ტორტში? ჩემამდე გამოიგონა ველოსიპედი? ჩემამდე მოწოვა ძუძუ? ჩემამდე უყვარდა დედა? ჩემამდე მოკლა მამა? ჩემამდე დაწერა წიგნი? ჩემამდე იმღერა ჰიმნი? ჩემამდე მოზილა ცომი? გამოაცხო? შეჭამა? აჭამა? მოწამლა? ჩემამდე იყო ღმერთი? მაგრამ, საქმე იმაშია, რომ საქმე ყოველთვის რაღაცაშია. ან მიდის რაღაცისკენ? ტრაკისკენ? დასასრულისკენ? უკან-უკან? ჩქარ-ჩქარა? სამაგიეროდ ნელა მაგრამ, ზოგჯერ წინაც მიიწევს, როგორც სამშობლო ბორძიკ-ბორძიკით. ასე იტყოდა ჭროღათვალება ყმაწვილი ერთი. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჯერ არის მუსიკა. არც წინ, არც უკან, არც სამშობლო, არამედ

დო.

რე.

მი.

ან,

დო.

მი.

რე.

ან,

ფა#.

ან,

ფა მაჟორი.

არც სტაკატო. არც დ       ე      კ     რ    ე   შ  ე ნ დო. არც ანდანტე. არც ალეგრო. სულ ხო არ ჩამოვთვლი მთელ პარტიტურას რა არ არი და რა არი? ტემპის გარეშე წარმოიდგინე. უტემპო. ხომ ვთქვი, ერთბაშად იწყებს-მეთქი მთელი ორკესტრი, როგორც ცუნამი. შემდეგ არის სუ ნამი, ოღონდ ეს ნამი, კრისტალებადაა უწონადობაში გაყინული, რასაც იწვევს გიგანტური ნესტოებით ხარბად ქშენა. (ქვედატანის? პაკისტანის?)1 ბახის? (სქოლიო − თუ გგონიათ, ისტორიულ ანალებში, ქვედატანებში და უკანალებში თანაბრად ცუდად ვერკვევი, ძალიან ცდებით. მაგრამ უნდა განვმარტო მაინც. მე ხომ არა ვარ ცნობილი მევენახე, ვთქვა, სიყვარული, სიყვარულია, და თქვენც ეგრევე იხტუნოთ ცისარტყელებზე, ან ქვეშ გაუძვრეთ. ან დაერიოთ ერთმანეთს ბაჭიებივით. ნაბოკოვი ხომ არ ვარ დავწერო, mauve, და თქვენ გაიგოთ. მე პატარა ქალი ვარ. მე უნდა დავჯდე, მოთმინებით აღვიჭურვო, პირბადითაც, სიმყრალემ სული არ შემიხუთოს, და ვუყურო, ვიღაცამ, სატანას, თავი ქვედატანში როგორ გაუკეთა. ნესტოებიც, ბუნებრივია. რომლიდანაც ქშენს და აკუებს პარალელურად, როგორც გრამატიკის პარალელური ფორმები. ქვედატანი, ქვედაწელი. ქვემძრომი, ქვემძრომელი. სამშობლო, სამშობლოვ. ძუძუვ, ძუძუ. დედაო, დედავ. მამავ, მამაო. ჩვენო და ჩვენო. ეს ბოლო, პარალელური ფორმები ვეღარ არი. ეს წმინდა ტავტოლოგიაა. სხვა ამბავია. სხვა რომანი. ვერ დავიჯერებდი ჩემი თვალით რომ არ მენახა, მიხაელ პახერი. „წმინდა ავგუსტინე და ეშმაკი“. დაფა. ზეთი. 103x91. უკანალში ცხოვრების ექსკლუზივი მე მხოლოდ ერთ კონკრეტულ დროსა და სივრცეში მეგონა შესაძლებელი, მიხაელს სანამ ვეზიარებოდი. რაღაც ჩამწყდა გულში მას აქეთაა. ექსკლუზივს რომ წაგართმევენ. პაკისტანს რაც შეეხება, მგონი აღარაა საჭირო იმის ახსნა, თუ რა სახიფათოა ყუმბარა მაიმუნის ხელში. თუ ვინმეს მოუნდება, იგრძნოს სტატიკა, იგრძნოს გაყინულობა დროსა და სივრცეში, ასეთი ვინმე, აუცილებლად უნდა ეწვიოს პაკისტანს, კერძოდ, ქალაქ კარაჩის გარეუბნებს, ქვეყნის სამხრეთში. ჰო. ბახი მართლა არაფერ შუაშია. არც გალილეველი მევენახე) და, როგორც კი მცემს ეს სუნი, იწყება.

მაგრამ ჟიჟუ. ჟიჟუ-მეთქი, ამხანაგო რედის, სანამ დაიწყება, მინდა კიდევ კარგად აგიხსნა, თუ რა ხდება მანამდე. საყველპუროდ მაინც. მატარებლის შემოსვლის მაუწყებელი სიგნალი რომ ვახსენე წეღან, ახლა გამახსენდა. ქართული ფოლკლორული ანსამბლის ვაჟებს წავასწარი სრულიად შემთხვევით კულისებში რეპეტიციაზე. როგორ? სად? როდის? ეგ ცალკე ისტორიაა. კრე-დიუ-ვანის კლდოვანი ცირკი კი იყო დარბაზი ისე, ოღონდ იურის მთებში არა, კავკასიაში. არ დამინახავს, მაგრამ მახსოვს ანსამბლის ხელმძღვანელი მეტყველებდა, თიხა მღერის-მეთქი. ხელოვნება კრე?

შენ.

შენ.

შენ.

დოლ-გარმონ-ტაშ-ფანდურის გარეშე. მარტო პირველი შენ, მეორე შენ და მესამე ხმა შენ, როგორც მატარებლის შემოსვლის მაუწყებელი სიგნალი. და მატარებელივით მოყვებოდა მერე. შენ ხარ ვენახი. ახლად აყვავებული... ცოტა ხნით მაინც. ხოდა, აი, ამის შედეგია სუნი და, როგორც კი ვიგრძნობ ამ სუნს, იწყება.

მიუვალ ხევში, ერთი ჩასავარდნია, ხრამივით, ხრამიც არ ეთქმის, რო გადაიხედო არ შეგეშინდება, ჩახტები, დაქანებაა პატარა, ჩამოშლილი მიწა, ნოყიერი, სუ ახალი ნიადაგი, ნარინჯისფრად აყრია ხასხასა მოლს, როგორც შოკოლადის პუდრი, ავოკადოს პიურეს. აშკარაა, ვიღაც დაგორდა და შორსაც არ უნდა იყოს, ალაგ-ალაგ მიმობნეულ წაბლის ქერქებზე ეტყობა. მიურთმევია ძირნაყარი იქვე და როგორც ყველა ჰომინიდს, თავის ოჯახში, კოჭებში ეტყობა, სადღაც აქვე უნდა ნებივრობდეს ლილიანში, ნასადილევს, გვიმრების დაზოლილ ჩრდილქვეშ წამოგორებული. ვიცი, ზმანება მკარნახობს. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მეორდება და მეც რა მენაღვლება, თითებს ვატკაცუნებ და სხვას რას იზამს ამ დროს ადამიანი? შეიძლება არც ღირდეს ხსენებად, მაგრამ ვუწყებ თამაშს, „ფროიდობანას“.

ზურგიდან ვუყურებ, როგორც ეგოს, სუპერეგო. ისეთი დაუცველია. თანაც, ძაან ვერთობი. მომწონს, „ფსიქოანალიზობანა“, მაგრამ მალე მთავრდება. საკუთარ თავს ვჭრი წრეში, ბურთით, ეგრევე. ეს არც ეგოა, არც Id. ეს კულმინაციაა. პირველივე შანსს ვიყენებ, რადგან მეორის იმედი არ მაქვს.

ბანჯგვლიანი პრიმატი არაფერს გეგმავს. არ ფიქრობს, არ ცდილობს. უშინაარსოდ ზის. ზის კი არა წაკუზულია, ანუ არ დგას, მარა დგას. რა ქვია ამ ჯდგომას? რა სიტყვით უნდა გამოითქვას უშინაარსობა ოთხზე? ან ოთხჯერ? ან ოთხმაგად? ოთხივე კიდურით დგას. ჯდომა სხვა არი. მინახავს როგორ ზიან მაიმუნები ზოოპარკში და გაშმაგებით როგორ უქექავენ ერთმანეთს ბალანს რწყილებით სავსე ტანებზე. სიშმაგის ინტენსივობა ჯდომას აიძულებთ. შმაგი, ზის. ისეთი ორსიტყვიანი წინადადებაა, მაიმუნები იქით იყოს, კი დაამშვენებდა ნებისმიერ დედაენას თავისი ჯდომით შმ ასოზე. თავისი ორაზროვნებით საკუთარ სახელსა და ზედსართავს შორის და მძიმეც, უკვე დიდებისთვის, როგორც მესამე აზრი, რაც აზრადაც არ მოგივა ქალს. კაცს? ადამიანს. და დამაგვირგვინებელ ფაზაში მაგის ავტორის შეტანაზეც შეიძლებოდა ფიქრი, ვთქვათ, წითელ წიგნში, ან ყვითელ ჟურნალში, ბოლოს და ბოლოს მისამართების პწკარის დათმობა მაინც, რეკლამების გვერდზე. „ვასწავლი წერას, კითხვას და ჭრას და ვავიწყებ კერვას, წიგნებს და წარსულის ცუდ მოგონებებს. აღარასდროს გაიხედავთ მათკენ“. ცოტა ნამეტანია, მარა გასავალი ექნებოდა ასე თუ ისე. პურს შეჭამდა ქალი, კაცი? ადამიანი. შ-მაგით. კაცს ქალები აფუჭებენ, სიტყვებს, ეკონომია. ამის დაწერაზე კი სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთის კანონპროექტის შეტანაც შეიძლებოდა საკანონმდებლო ორგანოში ჩვენში რომ დარჩეს ისე.

ერთი სიტყვით, მაიმუნები აქეთ იყოს და, ეს დგას. მეც ვდგავარ. ვერ მამჩნევს. ადამიანი იყოს, გამომხედავდა, ან დამცინებდა, მუაჰაჰაო მაინც, კიდევ ერთი გრაფომანის გრაფორეა? არადა ჰემამანი ვარ. ან იმან კითხვა საიდან იცის? სისხლომანი? სისხლისმსმელი ვამპირი? გრაფი დრაკულა, ან სულაც გრაფინია ბატორი? გრაფორეასი რა მოგახსენოთ, აბა, პირველად მესმის, სამაგიეროდ დიარეა კი ხშირია მართლაც ომში. და საერთოდ, არა მხოლოდ გათხიერებული ფეკალიების, არამედ ისედაცთხიერი სისხლის ღვრაც. როგორც ჩანს გრაფორეაც? ვერბორეაც? როგორ გინდა არ დაეთანხმო. თუნდაც გულში. ცოტა ხნით მაინც. აი, თურმე როგორები ვართ იმუნოლოგები სიზმარში. ეგრეთ წოდებული მეცნიერები. სისხლისმსხმელები. დასცინიან ასე ადმიანები ერთმანეთს? იიიი, ტიპომანი, გრაფომანი?! ეგრეთ წოდებული? ნუთუ ასე ძნელია იმის წარმოდგენა, რომ წარმოუდგენელია დაწერო1 (სქოლიო − ბევრისთვის, დაწერო, ნიშნავს, თქვა. რასაკვირველია აქაც ისმოდა სიტყვა, „თქვა“, მე კი „დაწერო“ დავწერე და საერთოდ, ბევრი რამ დავწერე რაც ისმოდა და რაც არ მესმოდა. ლ.) როგორ დაგცინიან ადამიანები, ისე, რომ არ ეწყინოთ? და ისე, რომ სიზმარს ყვებოდე მაიმუნზე და არ გადაუხვიო? გადახვევაცაა და გადახვევაც, შეიძლება ისეთ უდაბურ ადგილზე წაგიღოს ზოგჯერ, როგორიცაა გუგლის ინტერაქტიული მართკუთხა სიცარიელე, რომელშიც პატარა შავი ხაზი დედის ფეხსაცმლიანი ფეხივით გიცდის შემოღებული კარის ზღურბლზე, ზემოთ ქვემოთ, ზემოთ ქვემოთ, აბა, რას იზამ? რას მიქარავ? ან უკვე მიქარე და წაგასწრო. რით იმართლებ თავს? ასე წასწრებული, რაღა გასაკვირია სწრაფ-სწრაფად კრეფდე, გ. რ. ა. ფ. ო. მ. ა. ნ. ი. ა. როგორც „რატომ აქვს ჩემს განავალს მომწვანო ფერი?“, ან „როგორი მექნებოდა სკამი, მუხლები საპირისპირო მხარეს რომ მეხრებოდეს?“ და ასეთ დროსაც კი მხატვრულ ლიტერატურას კითხულობდე, როგორ განმარტავს მილან კუნდერა, „სიცილისა და დავიწყების წიგნით“ არაპროფესიული წერის გავრცელებას შემდეგნაირად:

Graphomania inevitably takes on epidemic proportions when a society develops to the point of creating three basic conditions:

1.          An elevated level of general well-being, which allows people to devote themselves to useless activities;

2.          A high degree of social atomization and, as a consequence, a general isolation of individuals;

3.          The absence of dramatic social changes in the nation's internal life. (From this point of view, it seems to me symptomatic that in France, where practically nothing happens, the percentage of writers is twenty-one times higher than in Israel).

ქართული გვერდი არ ჰქონდა და მე გადავითარგმნე. ჩემთვის. ძილღვიძილის ბილინგვურ წყვილზე:

მუაჰაჰა. გაგვავსებს ცარიელი მაკულატურით: 

− მამა! მამა! − პასუხი არ არის.

ან კიდევ,

− რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი დასრულდა?

ანდა,

− დამიჯერე, ორივესთვის ახლა ასე აჯობებს.

ანდა,

− ზოგჯერ...

ანდა,

− ამას წინათ გამახსენდა კაცი...

რამდენჯერ მიმიხედია არადა მართლა, როცა მიყურებენ და ხმას არ იღებენ, არც მეძახიან. ეს ცხოველია. ვერ მამჩნევს. თან სიზმარია. ჩემი წესები მოქმედებს. არ მინდა და არ მამჩნევს.

დ.

დ.

დ.

დნ.

უცებ ორ ფეხზე დგება.

როგორ აგიწერო რა მემართება მაგ დროს? ნუთუ ვერ ხვდებით, რა სიგიჟეა გრძნობების აღწერა? სიტყვების წერა საერთოდ, სიტყვების თქმა, სიტყვების ძიება, სიტყვებით თამაში, სიტყვების ღეჭვა, ფურთხებაც, ასოებად ყლაპვა, ასოების ყლაპვა, ასოების გაფორმება კალიგრაფიულად, ასოების დანთება შეყვარებულის აივნის წინ ბენზინის გულის გვერდით. ან ქვეშ. ან ზემოთ. ან ბენზინის გულში. ან ასოების ანთება ნეონის აბრებად, ასოების გაფერადება ბავშვობაში, ხ-ს ძ-დ ჩამუქება, ან პირიქით, ან რვიანის სამიანად, (ბავშვური გულუბრყვილობით?) ასოების გაბერვა ჰელიუმით, ანბანის ასოები, ასო-ნიშნები, ან ისე ასოები, ანბანური დამწერლობა რომ არ აქვთ, ასოების რეგისტრის მიმართ მგრძნობიარობა? ჯობია სუნს შევადარო, ისე მყრალს, რომ გონება დაგაკარგვინოს. არა, სუნი არ აქვს, მყრალი მითუმეტეს, უბრალოდ წარმოდგენა უნდა გაგიჭირდეს ისეთი რამე უნდა გითხრა და ასეთი შეიძლება იყოს მხოლოდ რაღაც, რაც ყარს და შენ გული მიგდის. თოვლის კაცზე იტყვიან მასეთ სუნს. ლეშის ხრწნა კვადრატში. კვადრილიონ ხარისხში. მე ვითოკები მაგ დროს. ამ ბალნიან ბანალურობას როგორც წარსულს, ისე განვიცდი, რომელიც მომავლიდან გვიმზერს და, რომელშიც გაშმაგებით ვიქექებით, როგორც მაიმუნები მაიმუნებში. ჯობია ორგაზმზე იფიქრო, ან ნაყინზე, ცხელ ამინდში რო ლოღნი, ძალიან რო გსურდა და გაქვს კიდეც. ხდება ეგრე რომ? მარა მაინც. ყველაზე ახლოსაა.

თავისუფლება. უზედსართავოდ. როგორც აზრი, რაც აზრადაც არ მოგივა ქალს. კაცს? ადამიანს. რამდენად უფრო სიმპტომატურად გაიჟღერებდა, თავისუფლება − უზედსართავოდ, როგორც ყავა უშაქროდ-მეთქი რომ დამეწერა? მიზეზი − უმიზეზოდ? ვიმგვანებ-მეთქი, აი ეს წამომცდება ხოლმე გულში ამხანაგო ჟიჟუ. რედის. უბრალო შეხედვით ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ყოველ ჯერზე.

მინდა შევეშვა, გამოვბრუნდე და წამოვიდე. იყოს თავისთვის, რაც უნდა ის ქნას, მაგრამ არ გამომდის. ვშეშდები და მივშტერებივარ, როგორც ფრანსუა რაბლე, თავის სიმბოლოს, სინტაქსს, სიტყვას1. (სქოლიო − არ არის რაბლე მარტივი კაცი, აიღო და გაცდე ასე უბრალოდ. პირველივე რადგანაა ნახსენები გამოჩენილებიდან, თუნდაც სიზმარში, უნდა განიმარტოს, რომ ერთ-ერთი პირველი იყო რენესანსის ეპოქაში, ვინც სიტყვას, „სიმბოლო“, ის მნიშვნელობა მიანიჭა, რომელიც დღესდღეობით დომინირებს ფაქტობრივი საგნის და იდეის ანუ არსებულის და არარსებულის გადაჯაჭვულობის სახით. უყურებდა ალბათ რაბლე თავის რომანს, „გარგანტუა − მეოთხე წიგნს“, სადაც წერს Symbole-ს შესახებ და უყურებდა რომანს, როგორც სიმბოლოს და ეშმაკმა იცის რას ხედავდა თვითონ, მაგრამ მე მაინც მგონია, ეს ძველი ფრანგული მასკულინური არსებითი სახელი Symbole, ლათინური, ორივე, მასკულინური symbolus და საშუალო სქესის synbolum-იდან ერთდროულად რადგან მომდინარეობს, ხოლო ეს ლათინური დუეტი − ბერძნული ზმნიდან symbolon, ბარემ ბერძნების წარმოდგენაც უნდა გავიხსენოთ მასზე, კერამიკის ჭურჭლის ორად გატეხვის სახალისო პრაქტიკას რომ უკავშირდება. ერთი ნატეხი გადაეცემა შეტყობინების მიმღებს, მეორე, გამგზავნს. როცა ნატეხები იდეალურად ჯდება ერთმანეთში, მიმღები დარწმუნებულია, რომ კურიერს, რომელსაც მოაქვს ნატეხი, ასევე მოაქვს ზუსტი შეტყობინება სასურველი ამხანაგისგან. საწყალი კურიერი). მერე, მბეზრდება. ვბრუნდები და მივაჩანჩალებ ამ ჩემ შეღონებულ ფეხებს საშოვარზე, უკან. ვაგროვებ სხვა სიმბოლოებს, მიმაქვს, ვაზომებ, მაგრამ ამაოდ. ზოგჯერ რეცხვისგან დაპატარავებული ტანსაცმელივითაა და ვერ ვაცმევ. ზოგჯერ, ლეგოს მილიონი ნაწილიდან იმ თვრამეტი ნაწილივითაა, სტანდარტებს რო არ შეესაბამება. იმ ზომამდე მიმყავს, როცა ყველა სხვა სიმბოლო გამოყენებულია, ყველა ნახმარია, როგორც საშინაო ტანსაცმელი და არცერთი ესადაგება. ხანდახან საშინაო ფლოსტებივით. ტკეპნი და ტკეპნი მთელი ცხოვრება ერთ ადგილზე. სახლში. დიდი-დიდი პურზე გახვიდე ან მარილზე, მეზობელთან, უახლოეს მარკეტში და მაშინაც გაფაციცებით იყურები აქეთ-იქით, ხომ არ გიცნეს ფლოსტებით მორბენალი? ესაა კულმინაცია, ანუ ჩაფლავება. გამოცდაზე რო ჩაიჭრები. კაცობაში რო ჩაიჭრები. ან ქალობაში რო ჩაიჭრები. სიმბოლოს ვერ ვხსნი სხვა სიმბოლოთი. მნებდება, ან ვნებდები. ხელებში მაკვდება, ან ვაკვდები სიმბოლოს, ან სიმბოლო, რომ მნიშვნელობაში გავცოცხლდეთ. სინტაქსი კვდება და სემანტიკაში ცოცხლდება. ორ ფეხზე დგება ეს ბანჯგვლიანი არარაობა. სადღაც ამოვიკითხე, რომელიღაც გახუნებული სამეცნიერო პორტალის გადაყვითლებულ ვებგვერდზე, მგონი, „Science News Magazine“ იყო, (თუ პირიქით. თან ეს ბოტკინივით სიყვითლე რო ძაან არ ეტყობოდეს ლურჯ ფერებშია გაწყობილი კოხტად), გარდა ნიუტონის მექანიკისა, სხვა ძალებიც მოქმედებენ ჩვენს გარშემოო, კვანტური რეალობაო, სუპერპოზიციაო (ჩემნაირი ფიზიკის ჩაიდნისთვის ადვილი წარმოსადგენი რომ იყოს, რაღაც ტრანსცენდენტურ მესამე ძალაზე უნდა ვიფიქრო პოზიციასა და ოპოზიციას შორის რომ არ არის. არც შორის და არც წინ, არც უკან, არც ზემოთ, არც ქვეშ, არც გარდი, არც გარდმო. არ არის ეს მესამე ძალა და იმიტომ) რომელსაც დაკვირვების მომენტში ცვლის თავად დამკვირვებელიო. რაღაც ეგრე. ზუსტად არ მახსოვს, თუმცა გრძნობა იგივეა. აი, თურმე რა. თვალებს გაოფლილი ხელისგულებისკენ ვხრი და მზერას თითებშორის სიცარიელეზე თანაბრად ვანაწილებ. პირველად ვგრძნობ საკუთარ ხელებს, როგორც თავისუფლებას. შეიძლება საკუთარი ასოები იგრძნო როგორც ცნება? და, მერე ძაან სწრაფ-სწრაფად ვგრძნობ, რომ მინდა ლენინი ვიყო, (შეიძლება მოკვდავი იყოს ლენინი?) და, რომ საკუთარი თავი ვაშრომო ჭეშმარიტი პროლეტარისათვის დამახასიათებელი შრომისუნარიანობით. არ ჩამოვრჩე, არ მოვყვე პროგრესის მუხლუხების ქვეშ, როგორც პეპელა, როგორც უკანასკნელი შავი კაბა მატარებლის რკინის ბორბლებში. და მინდა გაგრძელდეს, დიდხანს, სანამ არ გამოვიშრობ, თავს. მერე, ვიმედოვნებ, ამ დარჩენილ მასას, გავცრი. ეს ყველაფერი იმისთვის მინდა, რომ სიტყვა გამოვცრა. ხელის თითებიდან. ან ფეხის თითებიდან. ჩემგან. გულზიდვას ამოყოლილი ნაწლავის ბაქტერიის ბაგეებიდან მაინც, რომლებიც არ აქვს. ის სიტყვა, რომელიც მჭირდება. და ვიცი რაც მჭირდება მე, სჭირდება ყველას. დასწრებაზეა. ვინ მოაჯადოვებს წრეს, რადგან ის, რაც თავდაპირველად იყო, შეუძლებელია დეფიციტში არ იყოს დღეს, რადგან ამდენი ხანი გავიდა, რაც თავდაპირველად იყო. და რადგან ამდენი ხანი გავიდა, შეუძლებელია არ სჭირდებოდეს ყველას. მინდა მივაგნო იმ ერთ სიტყვას, რომელიც აღწერს ჩემ დანახულს, ყველაფერს. როგორ არის ერთი ყველაფერში და ყველაფერი არ არის ერთში. ვიცი მშრალი იქნება, მაგრამ, იყოს. სიტყვის თვისება, სიმშრალეა, როგორც სინათლის თვისებაა სითბო. ჯერ მშრალი ფურცელი, მერე პირი გიშრება ბევრი ლაპარაკით, მერე კალამი - ბევრის წერით. მელანი რო მელანია, მართალია, სველია, თუმცა, ფურცლამდე. მერე ეგეც უნდა სიტყვაზე შეშრეს. გრაფიტი რო გრაფიტია, ეგ, ჩანაფიქრშივე მშრალი იყო. სიტყვაზე მენდე. და, რჩება ეკრანი და კიდევ რჩება… წარმოიდგინე ყური ხარ. სიტყვა შეუკვეთე. კურიერმა მოგიტანა, ბგერამ. აი, ეგ რჩება და ეგეც მშრალია. წარმოგიდგენია? ბგერა მშრალია. შეუძლებელია კურიერი იყო და მშრალზე არ გტოვებდნენ გამუდმებით. რატომღაც ასე მგონია. ფეხით მოსიარულე თუ ხარ განსაკუთრებით. საკუთარი მწარე გამოცდილებიდან რომც არ გამომდინარეობდე. წარმოდგენაც კმარა. წარმოდგენით კურიერის არც ისე ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადების კი არა, პირდაპირ ყველა იმ ვარსკვლავის ერთად წარმოდგენა შეიძლება ყველა უბედური და ყველა ბედნიერი რომ დაიბადა და შენ არა. წარმოდგენა იმ სამყაროსიც შეიძლება, არავინ რო დაიბადა და შენ დაიბადე. და ბერწი ქალის ბავშვის წარმოდგენაც შეიძლება. ამის წარმოდგენაზე ნერვიულობაც შეიძლება. და ამ ბავშვმა რომ მთელი მსოფლიო მხატვრული ლიტერატურა წარმოიდგინოს შემთხვევით, როგორც წარმოდგენების ფაილი Flesh-ბარათზე, რომელიც წარმოდგენილებმა წარმოგვადგენინეს წარმომდგენლებისგან, ამის წარმოდგენაც შეიძლება. მაგრამ, წარმოუდგენელია, რომ ეს ყველაფერი შეიძლება. მოთხოვნა, მიწოდება, პერმანენტულად. მაგრამ, უფლის წყალობით, საშველი არი ხოლმე. რაც არ უნდა გაშრეს ყველაფერი, ერთი ადგილი, უკუნითი უკუნისამდე სველი დარჩება და ყველაფერს დაარეგულირებს. ბაზარი.

ჩემი მეგობარი მწერალი ამბობს, რომ გამომცემლები წიგნებს არ კითხულობენ, აქვეყნებენ. არც კრიტიკოსები კითხულობენ, უბრალოდ სხედან და ფურცლავენ, სანამ გადასაფურცლად საკმარისი ნერწყვი რჩებათ, რომლითაც საჩვენებელ და ცერა თითს ისველებენ. არც მკითხველი კითხულობს, მხოლოდ ყიდულობს წიგნებს წიგნების ფესტივალებზე, ფასდაკლებით. ფესტივალებიდან ფესტივალებამდე. ჩემი მეგობარი მწერალი ამბობს, რომ არავინ კითხულობს წიგნებს მწერლების გარდა. (სქოლიო − მეგობარი მწერლის საქვეყნო განაცხადში საქვეყნოვე ჩასწორებას ვაკეთებ, არც მწერლები კითხულობენ წიგნებს. მწერლები წიგნებს წვავენ. რასაც ვერ წვავენ, ორიგამის ფიგურებს აკეთებენ. ჩვენ, რედაქტორები ვართ ერთადერთი რგოლი ამ წერა-კითხვის აბსურდის საყოველთაო ჯაჭვში, ვინც ვკითხულობთ წიგნებს. ლ.)

ბაზარი. თუმცა, მე ვიყო ბერწი ქალის ბავშვი, ჟიჟუ, თუ სიტყვები მანდაც გამშრალი არ იყოს დიდი ხანია. შენ, როცა კომპიუტერს, მობილურს, ან საბეჭდ მანქანას უყურებ, ხედავ კლავიატურას, და ეს სავსებით ნორმალურია, მაგრამ მე რომ ვაკვირდები, ვხედავ ბაზარს, უფრო სწორად ყასაბს, ბაზარში. მოკლედ. ასე გეტყვი, რომა, ვითომა, თავის დროზედა, ამ ჩვენს ძაან მეტად ენაწყლიან და ენამზიან ყასაბსა, კაი ფასად დაეთრიოს, შენ ხარ ჩემი ბატონი, სიტყვა, როგორცა, რომა ბითუმი საქონელი. მერე, უკვე, ლოგიკა თავისას შვრება, დაუნაწევრებია, დაუხარისხებია კოხტად, შემოულაგებია დახლებზე, ანუ ღილაკებზე, როგორც ხორცის ნაჭრები, ანუ ასოები, და, ჰყიდის. თან ეს საღებავიც რომ გამშრალა, ასოები რითაც წერია ღილაკებზე. ხორცის ნაჭრებში გამშრალი სისხლივით? ფრჩხილზე ლაქივით? და თითქოს დიდი საიდუმლო ამოგეხსნას, თითის ყოველი დაჭერა, რაღაც გიჯდება, მაგრამ არ იცი. მაქსიმუმ იფიქრო, მწერლებს ეცოდინებათო.

რა იციან მწერლებმა? რა შეიძლება იცოდნენ? ვკითხოთ მილან კუნდერას. გრძნობების სიტყვებით გადმოცემა სისულელეა. ასე იტყოდა მილან კუნდერა. მაგრამ სისულელე, ლიმონის არომატით. ცოტა ჯანჯაფილიც შეიძლება, ოდნავ სიმწარე რომ წაკრავდეს. ცოტა პიტნაც, გასაგრილებლად. ცოტა ის, ცოტა ის, ცოტა ის. ჩვენი ტანჯვაც და სიამოვნებაც ამ ერთ ტოქსიკურ ნაყენშია. ასე განაგრძობდა მილან კუნდერა. სოკრატეობა ჩვენი ბედია. რაც უფრო გეზიზღება, შემოთავაზებული შენთვის ნაყენი, მით უფრო ვეღარ ჩერდები, სვამ და სვამ. არჩევანის ქონა, რომ გაჩერდე, მხოლოდ ილუზიაა. რაც უფრო ვერ იტან სინამდვილეს, არჩევანის ქონის ილუზორულობის, მით უფრო წერ. და რაც უფრო ვერ იტან წერას, მით უფრო წერ. და რაც უფრო ვერ იტან ფაქტს, რომ მით უფრო წერ რაც უფრო ვერ იტან წერას, მით უფრო წერ. რადგან მხოლოდ ესღა შემოგრჩა, ცარიელი ვედრო, რომლითაც საკუთარი გვამისგან აგებულ ჭაში ეშვები და ამოგაქვს იქიდან, შლამი? კატის ლეში? დიდი ხნით სიცივეში ყოფნით გალურჯებული თეთრი მთვარე? ცარიელი ვედრო, რაც ჩაუშვი?

ასე იტყოდა მილან კუნდერა. რაც უფრო მეტი გაქვს გასაზიარებელი, მაგრამ არავინ გყავს ვინც გაიზიარებდა, მით უფრო წერ. რაც უფრო მეტი თქვეს ან დაწერეს შენამდე, რაც უფრო კარგად, მით უფრო ძნელია თქვა, ან დაწერო ამაზე კარგად. და რაც უფრო ძნელია, მით უფრო მარტივად აღიარებ ამ ფაქტს. რაც უფრო ბევრი თქვეს, მით უფრო მარტივია ცოტა თქვა. რაც უფრო ცოტას ამბობ, მით უფრო ბევრი გრჩება სათქმელი. რაც უფრო შენზე კარგად წერეს, მით უფრო ადვილია ცუდად წერო. და რაც უფრო ადვილია ცუდად წერა, მით უფრო ძნელია უფრო ცუდად წერა. და რაც უფრო ბევრს ცდილობ, მით უფრო ბევრი გამოგრჩება. და რაც უფრო გძულს, რაც გიყვარს, უფრო და უფრო ატყობ, თვითონ აკეთებ იმას, რასაც აკრიტიკებ. და რაც უფრო იქცევი იმად, რაც გეზიზღება, მით უფრო ხვდები, სხვისი კრიტიკა უფრო ადვილია. და რაც უფრო ნათლად აყალიბებ ყოველივეს, მით უფრო გადაუჭრელი გრჩება პრობლემა. და რაც უფრო ქვემოთ ეშვები ფსკერზე, მით უფრო ხედავ, როგორ ტივტივებენ შენს ზემოთ ღმერთები. საკუთარ განავალში. წყლის ზედაპირზე. რადგან არც ერთი და არც მეორე არ იძირება1. და არ დაგავიწყდეთ, მე ვერ ვხედავ საკუთარ თავს, ჩემი როლი მხოლოდ სარკეში ყურებით შემოიფარგლება. ასე იტყოდა უკვე, არა კუნდერა, არამედ ჟაკ რიგო, თუმცა ეს სხვა რომანის ამბავია, სხვა პოეზიის, სხვა დარიგებაზე, სხვა მაგიდასთან. (სქოლიო − გავიგე, გავიგე, ცოტა გადავაჭარბე და ცუდი შედარებაა, თუმცა ყველაზე ცუდობაზე პრეტენზია არ მაქვს. დაწერილია, სული ღმერთებისა (אֱלֹהִים) იძვროდა წყლის პირზე. მაგისტრატურაზე ვაბარებდი, როცა ჰიუგომ თქვა, „Merde“ (ადამიანის მოსაქმებული, განავალი), უფრო სწორად მე წავიკითხე და ჰიუგომ ბევრი წლის წინ დაწერა, რომ ოფიცერ კამბრონს ეპასუხა ინგლისელი გენერალი კოლვილი, თუ მეტლანდი რო დაუძახებდა: − ყოჩაღები ხართ, ფრანგებო, მოდით დაგვნებდით! მაშინ, ეს „მძღნერი“, ჟღერდა როგორც დიდებული პასუხი თავის დღეში რომ არავის უთქვამს, მაგრამ ფრანგი მკითხველის პატივსაცემად ამ სიტყვის გამეორება არ იყო რეკომენდებული, როგორც ბიბლიაში ღმერთის სახელის ამაოსა ზედა ხსენება. და ეს სიწმინდე აწი არასდროს ამგვარად აღარ ამეტყველდება. უპატივცემულობაში ნუ ჩამომართმევთ, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოთ, ერთხელ მეც რომ გავიმეორე. რა მოხდა სინამდვილეში? ინგლისელების გენერალ კოლვილს, თუ მეტლანდს უპასუხა, ჯოჯოხეთშიც წასულხარო? ის ჰაერი იყნოსა ფრანგებმა რაც გააფუჭეს? დახოცილ გვარდიელებს მოესაქმათ სიკვდილის აგონიის საამო მოდუნების დროს? ჰიუგო ამბობს, „ამ სიტყვის თქმა და სიკვდილი, რა იქნება ამაზე დიდებული? ვინაიდან სიკვდილის წადილი, იგივეა, რაც სიკვდილი და ადამიანი როდია დამნაშავე, თუ ფინდიხით განგმირული ისევ ცოცხლობს“. მახსოვს, ბათუმში, პირველად ვიყავი მაშინ ბათუმში მაგისტრატურის პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ, ზღვაზე ბანაობისას შევნიშნე ეს ღვთაებრივი მოსაქმებულობა ჩემს გვერდით ტივტივებდა. მაშინ ერთი მზისგან მაგრად აწითლებული, თეთრ-წითელ გაბერილ ტივტივასავით ღიპიანი ბიძიაც იქვე ტივტივებდა და რო დაინახა, დიდი ხმით შესძახა, − Holy Shit! და მაშინ დავინახე წმინდა ტავტოლოგია, Holy is shit, that is holy shit, და უფრო ნათლად დავინახე, რადგან არც კი ყარდა. ჩვეულებრივ, განავლისგან რას ველით? საშინლად ყარდეს? სახე დაგვიმანჭოს? თუმცა ეს არა. მართლა განწმენდილიყო, ჰიუგოს ხელიდან და გენერლის პირიდან გამოსულივით. გენერალი მკვდარია, ჰიუგო მკვდარია, მკვდრებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს, ამიტომ გენერალი ღმერთთანაა, რადგან გმირულად დაეცა ვატერლოოს ბრძოლის ველზე, როდესაც იმავე ველიდან გარბოდნენ ჩასვრილი ფრანგები სიცოცხლის გადასარჩენად და არ იცოდნენ, რომ გაივლის წლები და ბრმა ჰარის ეპიკური პოემით შთაგონებული რენდალ უოლესი იმ სცენარის ადაპტაციას მოახდენს სადაც უილიამ უოლესი ცხენზე ამხედრებული გავა შეშინებული შოტლანდიელების წინ ფრანგებივით ჩასვრილები რომ გარბიან ბრძოლის ველიდან და ეტყვის, − ჰო, იბრძოლე და შეიძლება მოკვდე. გაიქეცი და იცოცხლებ. ცოტა ხნით მაინც. და მომაკვდავი მრავალი წლის მერე შენს საწოლში, რას არ მიცემდი ერთადერთი შანსისთვის, რომ დაბრუნებულიყავი აქ ბრძოლის ველზე, რომ გეთქვა... ამის მერეც კაი სიტყვებია, მარა გრძელი სიტყვა მოკლედაც ითქმის, Merde. სიტყვა, რომელიც იყო ღმერთთან თავდაპირველად და რომელიც იყო ღმერთი და ტივტივებდა ბნელით მოცული უფსკრულის წყლის ზედაპირზე. რავი, გამარჯვებულია, ვინც ირონიით ჩადის საფლავშიო და არაა პრობლემა, ჩამდეთ მიწაში. ცოტა ხნით მაინც. ბრძოლის ველიდან გაქცეულ-ჩასვრილ ფრანგ ჯარისკაცებს კი არც ის ეცოდინებოდათ, რომ კიდევ უფრო ბევრი გაივლის წელი და ველური, ველური დასავლეთის მიერ განაჩენგამოტანილი პრეზიდენტი ზელენსკი იმ ავბედით თებერვლის ღამეს გაიხსენებს გაქცევას რომ ურჩევდნენ თავისი ქვეყნიდან და მან კი პირველად თქვა თავისი მინისტრები როცა ედგნენ კიევის ცენტრში გვერდით, − Ми тут, Я тут і зброю ми не складемо. ლ.)

დაბოლოს, ასე შეგიძლია გრაფომანიის ფსკერზე გაატარო მთელი ცხოვრება, როგორც ლოქომ მდინარის შლამში, ან წვერშეთეთრებულმა კირილემ პლატონის გრაფოქვაბულში. იმ წმინდა წყვდიადში. იგი თანაბრად არის დიდი სიწმინდეც და უპატიებლად აბსურდულიც, როგორც მხურვალე ტაში თვითმფრინავის დაშვებისას. ამიტომ შესვლისას ესალმები, როგორც ოკინაველი კარატისტები დოჯოს, ოს! ცოტატი წახრილი წელში. მცირე მეტანიადაც ჩაითვლება? ბარემ მანდედან, კიდევ უფრო წახრაც შეიძლება. თასმების შეხსნაც ფეხსაცმელებზე. გახდაც. იქვე შეგიძლია მიაწყო შესასვლელთან. ახლა, შეგიძლია შეხვიდე. ტანზეც გაგეძრო? ტანსაცმელი მარტო. საკმარისია. გეიშასავით. არაა საჭირო ბართლომესავით ტყავს იძრობდე ყოველ შესვლაზე, ღრმად დარწმუნებული, რომ მეორედ შეხვალ. ასე არ მუშაობს პლატონის გრაფოქვაბული. ბორკილების გაკეთება კი სულ სხვა საქმეა. ნაღდი შეიძლება. მე ვიტყოდი, აუცილებელიც კია. თანაც მარცხენა ბორკილს მოფერებით თუ „რაცუფროს“ დაარქმევ და მარჯვენას, „მითუფროს“, დამიჯერე ასე უფრო აჯობებს შენთვის. დაჯექი მერე და უყურე, როგორ გამოდის შენი ყვითელი შუქიდან ლურჯი ჩრდილები, როგორც მზით დაჩრდილული სევდა, როგორც თეთრი ფურცლიდან შავი ასოები. ვითომ ლურსმნები ერჭობოდნენ თიხის ფირფიტას. ჯერ ისევ თბილს და რბილს. და განა შეიძლება განაღვლებდეს რამე ასეთ მყუდროებაში?

ასე ასრულებს მილან კუნდერა. მიდიხარ ქუჩაში და იცი. ანა გქვია. და, უცებ.... აღარ იცი. სადღაც, ვიღაცები ამბობენ, ლიფტში ვიპოვეთო, მაგრამ შენ უკვე აღარ იცი. სხვას ყველას, არჩევანი აქვს, ფეხით, ან ლიფტით. შენ არა. შენ ლიფტმა აგირჩია. მაგრამ შენ აღარ იცი. ცოდნა სიამოვნებაა, რომელიც ძვირი გიჯდება. მაგრამ შენ უკვე აღარ იცი.

რაღა დარჩა? რაღა რჩება? რა უნდა დარჩეს? რა უნდა დარჩენილიყო? თხევად კრისტალური მონიტორი რასაკვირველია, და მანდაც, სიტყვებში გვატყუებენ.

სიცრუე, სიტყვის მეორე თვისებაა. სინამდვილეში, თხევადიც მშრალია. ელემენტარულია, როცა ელემენტარული ნაწილაკების დონეზე განვიხილავთ. როცა ლენინი ხარ. როცა ომი, მშვიდობაა. უგუნურება − ძალა და, როცა „Каждый день труда, шаг к коммунизму“. და ამ დროს ვაღწევ კულმინაციას. კაკ-კუკ, სამოთხის კარზე! შეიძლება ბენგ-ბენგ! ვინ იცის? ეს ტრიუმფია! ერექტუსი. ჰომო, ან უბრალოდ, ერექტუსი.

ერექცია. შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია.

აჰა, სიტყვა.

და რას განიცდი იცი მაგ დროს?! კივილს. ოღონდ გულში. გული ამ დროს ტუალეტში შენი ტირილის ხმის ჩასახშობად მოშვებული ონკანის როლს ასრულებს. ეს იგივეა, სიზმარში სიზმარს ხედავდე, წიგნში − წიგნს, ან ტირილს რომ მორჩები სარკის წინ ტუალეტში, კბილებს გაიხეხავ ყოველდღე დილით, დედიკოს დაუჯერებ რასაც გეტყვის, დიდი გოგო ან ბიჭი გაიზრდები მერე, კარგად ისწავლი სკოლაში, უნივერსიტეტში, მაგისტრატურაზეც, „დაოჯახებულს“ ჩაწერ მერე რეზიუმეში, ლექციებს წაუკითხავ სტუდენტებს აუდიტორიაში, შვილებს − სახლში, შვილები შევლენ მერე ტუალეტში ონკანის მოსაშვებად, სარკესაც თუ შეიყოლებს რომელიმე, დადგება სარკის წინ, გამოჩნდება სარკეში სარკე, იმ სარკეში − ბავშვი და იმ ბავშვში − ბავშვი, აი, ეგრეა ზუსტად, სწრაფად ოღონდ, და ვერ ვასწრებ ისე უცებ ვღალატობ მიწას, როგორც მოსე თავის ხალხს. როცა ორმოცი წელი ატარა ახლო აღმოსავლეთის უდაბნოში და მაინც და მაინც ისეთ მიწაზე მიიყვანა, სადაც ნავთობი არ არი, არადა ნავთობს მიაქ გარშემო ყველაფერი. ერექცია ღალატის გარეშე, წარმოუდგენელია. ერექცია ღალატია. როგორც ერთია ბოქვენში შემალული პენისი და გამომზეურებულიც. პენისი პენისია, უხილავიც და ხილულიც. წმინდაა ტავტოლოგია, რომელიც წმინდა ტატოლოგიაა. და, აი, მეც, მწერის მსუნაგი სიხარბით, როგორც ნაირჭამია მახრა, ვაგრძელებ სრიალს მწიფე ნაყოფის გულისკენ, ორგანულ ბოჭკოებს შორის მივქრი და ვაღწევ შუაგულს. იქ კი, ღალატია, შიგ ცენტრში. გინდ დაიჯერე, გინდ არა. თავისუფლების გულში ღალატი მხვდება და მეღვიძება.

არ ვიცი ვინ ვარ ხოლმე ახალგაღვიძებულზე, არ გამოვრიცხავ გაზაფხულის პეონიებიც კი ვიყო, ხრწნის არომატით. თავისუფლად შესაძლებელია. ახლად დაკრეფილი, ვაზაში ჩაწყობილი. გააჩნია როგორი ამინდები დაემთხვა თვის დასაწყისს და ისიც შესაძლებელია, რომ სწორი პოზიცია აირჩიე ჯერ რომ არაფერი მითქვამს და უკვე მზად ხარ მეკამათო, დრუჟე რედის, მეც ამავეს ვარჩევ ხოლმე, თუმცა ფაქტია და ვეღარ გავექცევით, რომ ყველაფერი, მართლაცდა სპონტანურად, მილიონი წლის წინ ჩვენს ერამდე, ხელებზე ტოტებივით გამოსხმული თითების გათავისუფლებით დაიწყო, როდესაც მობეზრდათ მიწის ჩიჩქნა და ბედის მოსინჯვა, ამჯერად, ცოტა ზემოთ, ნიადაგიდან მოშორებით, ნამდვილი ხის ტოტების მსგავსად, ცაში გადაწყვიტეს. არავინ იცის რა მოხდებოდა, მომავალი ორატორებივით მანერული თითების ნაცვლად, აიპოდებივით ბრტყელ და ტლანქ ფარფლებს რომ განეზრახათ იგივე, თუმცა ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს. საკმარისია გავიხსენოთ ზვიგენი ჰორიზონტზე, როგორც დაფაზე დახაზული პითაგორას სამკუთხედი. მიმზიდველია, თან საინტერესო, თან სიახლოვეს ვერ ბედავ. საინტერესოა, ოღონდ შორიდან. რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო საინტერესოა. ბოლო მერხიდან? კინოთეატრის ბოლო რიგიდან? ახლო კონტაქტი სარისკოა, ერთთანაც, მეორესთან.

ზვიგენი იქეთ იყოს და, თუ მართლაც ხელის თითების ტყვეობიდან დახსნით დაიწყო ყველაფერი, ხომ დიდი შანსია დასასრულიც მაგათ მიეწეროთ? მისაწერად აუცილებელი ხელები და თითები თუ დარჩება საერთოდ?

სალაზღანდაროა ახლა ეს ამბავი? არა მართლა, რა გვაიძულებს მეტანიისას წელში ღრმად მოხრას და ხელის თითებით მშობლიურ მიწასთან შერთვას? ღმერთთან მომავალი თანაცხოვრების გეგმები? შორეული წარსულისადმი მწარე ნოსტალგია? არც ერთი, არც მეორე? ჟიჟუ! რედის, რედის! ძირს დაცვენილი კომუნალური გადახდის ქვითრები?

დაუჯერებელია? მოდი და ნახე. ნახვას რა უდგას წინ? ამასაც ხომ თითები არ სჭირდება? თათები არ ჯობია ბევრ თითს, განსაკუთრებით, დასასრულს რომ ეჩალიჩება იმას. წითელ ღილაკზე დაჭერით მილიონობით თითების და თათების დაფერფვლა რომ შეუძლია. წარბის შეურხევლად. (თითებს აქვთ წარბები?) მერე, ამ გაფანტული ფერფლის ფანტელების თოვლში ცეკვა, როგორც განდაგანა, მობილურ კრემატორიუმში. შეუძლია კი არა, ერთ სული აქვს.

გაიცანით, ეს თითების კაცუნა, ცეროდენა ჰომუნკულუსია, უთავო მხედარი, რომელსაც მაინ რიდიც კი არ დაწერდა. მას თავიდან, რომელიც არ აქვს, ეწყება თითები, ასეთი, სულ ორი და ერთი გრძელი აქვს მეორეზე. ესენი არიან ღილაკებზე მოხტუნავე კოჭლი თითუნები. შუა თითი, ანუ მარჯვენა ფეხი, მას უფრო გრძელი და გამომწვევი აქვს, ვიდრე მარცხენა. საჩვენებლად ეგ უფრო გამოდგება, ვიდრე საჩვენებელი თითი, ანუ მარცხენა ფეხი. ბავშვებს უყვართ კაცუნობანას თამაში თითებით. როდის იყო, თითები ხელს უშლიდნენ ბავშვებს თამაშში? თუმცა, აღმოჩნდა მაინც ერთი ასეთი ჰომუნკულუსი, რომელიც მეთექვსმეტე საუკუნის ალქიმიკოსის თავში კი არა, მეოცე საუკუნის ზარმაცი ეკონომისტის უკანალში დაიბადა. ვერ ვიტყვით, რომ შემთხვევით. შემთხვევით არაფერი ხდება. ნაწლავის გავლით, შემდეგ, კუჭამდე აცოცდა და ეკონომისტთათვის ჩვეული გულზიდვების ნაკადს, ზევით ამოჰყვა. სულ ზევით, ზევით. ვიმედოვნებ, ერთხელაც, რომელიმე ქვეყანაში, საზღვრის უკანონო კვეთისას, ეგზოტიკურ წყლის კუებზე ამხედრებულს დააკავებენ.

მანამდე კი, ამ თითს, ამ დასასრულისთვის ზე აღმართულ რვა სანტიმეტრიან ხორცის და ძვლის ჯოხს, არ ჯობია პაწაწა ფუმფულა თათუნები? ერთგული მეგობრის? თუ ჰო, მაშინ მოდით და ნახეთ. აქ არც თითებია, არც თათები. დანტეს ჯოჯოხეთის არც გარსები და წრეებია. არც შემოსასვლელში წერია, Lasciate ogni speranza, voi ch'intrate, რადგან აქ მოსვლამდე დატოვე იმედი სადღაც, როდისღაც, სადმე. არც Welcome წერია, არც Open, WC-ც კი. აქ შემოსასვლელი საერთოდ არ არის. ისე, იგულისხმება, რასაკვირველია. იგულისხმება, როგორც ყოველთვის, როგორც ყოველთვის ყველაფერი ისედაც. როგორც წრეები. წარწერები. ყველაფერი, ხოჭოები, მწერები, ობობები. იცოცხლე, სავსეა აქაურობა. მაცოცდებიან ფეხზე ხან, ხან ხელზე, ხან ყურთან ახლოს ულვაშებს მიცმაცუნებენ. მესმის, აფეთქებიდან აფეთქებამდე, როცა ირგვლივ, სამარისებული სიჩუმე დგება. და მხოლოდ ბუზი დაფრინავს სიბნელეში. და მხოლოდ ობობა სრიალებს ქსელზე. როცა მგონია, რომ დასრულდა ყველაფერი. მოვკვდი. და რასაც მერე მოსდევს ხოლმე მეორე პირში ეჭვიანობა, გაუთავებლად.

თუ მოკვდი, რაღას გრძნობ?

თუ, ისეა მოწყობილი, რომ იქაც მიგვყვება სხეულის შეგრძნება?

თუ, იმდენად მიეჩვიე ხორცის და ძვლების გროვას, განშორება გიჭირს, სიკვდილზე ეჭვიანობ?

თუ, ის მოხდა, რისიც ყველაზე მეტად გეშინოდა, ნანგრევებში მოვყევი და პარალიზებული ხარ?

თუ...

თუ...

თუ ბაყაყს ადუღებულ წყალში ჩადებთ, იმწამსვე ამოხტება, მაგრამ თუ ოდნავ, ოთახის ტემპერატურაზე შეათბობთ ჭურჭელში წყალს, ნაზად მოათავსებთ შიგ ონავარ ამფიბიას და დაელოდებით, ცოტა ხანში, შეძლებთ მადიანად შეექცეთ თქვენს დელიკატესს, ყურძნის წიპწის ზეთში თავისი ნებით მოხარშულ უგემრიელეს მწვანე მყვარს ნივრით, ღუმელში გამომცხვარი ტრუფელებით და ზემოდან მოწურული ლიმონით. ნაზი ხორცით ამოვსებული პირით ფანჯრიდან გაჭყეტვაც შესაძლებელია, რომ გაუთავებლად ამეორებინოთ პირველივე შემხვედრს, ბაყაყი წყალში ყიყინებს, ბაკაკი წკალში კიკინებსო. ვინ რა უნდა გითხრათ? მაგრამ რა დროს ბაყაყია ამ გაგანია ომში. მიყვარდეს მაინც. გასინჯული მქონდეს მაინც. მენატრებოდეს მაინც, ეს ბაყაყი ესა. ბაყაყი ტრუფელებით. ჟღერს როგორც ქვემეხი ბაირაქტარებით. განსაკუთრებით მშვიდობიან დროს. აფეთქებიდან აფეთქებამდე.

რამდენჯერაც „თუთი“ ვიწყებ ფიქრს, იმდენჯერ ასე ვასრულებ. „თუსგან“ კაის არაფერს უნდა ელოდო. ქვეწყობილი ფიქრები იცის, მე კიდევ, სად მცალია. ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა მასეთი ფიქრებისთვის. მიიხედ-მოიხედე, ეგრე არ არის, ამხანაგო ჟიჟუ? არ გავაბუქებ თუ ვიტყვი, ჩვენ, არც მეტი, არც ნაკლები, მსოფლიო კოლიზეუმიდან პირდაპირ ეთერში ჩართული გლადიატორები ვართ, დრუჟე რედის. ცნობისწადილით დამშეული მილიონობით თვალი მოგვჩერებია ცისფერი ეკრანებიდან და ჩვენ ვართ სანახაობა მათთვის, სანამ ჩვენი მამულებიდან პურს ეზიდებიან. და, როდესაც ქვეყნიერება, მათი გამორთული ტელევიზორებივით, ოთხკუთხედ შავ ხვრელს ემგვანება ხოლმე ჟამ-ჟამად, მხოლოდ მაშინღა გამოკრთება გამოცხადებად სიმართლის სხივი, როგორც ჰოკინგის რადიაცია შავი ხვრელიდან, რომ ვერ ივსება ტყუილით ეგ ნაპრალი. და როცა საბოლოოდ მიხვდება ამას კაცობრიობა, ისევე გვიანი იქნება, როგორც მანამდე, სიმართლით ვერ ამოვსების გამო, ტყუილით ჩანაცვლების დროს დააგვიანა. ხომ შეიძლება, ნებისმიერ წამს დავაგვიანოთ ჩვენც, ძვირფასო ჟიჟუ? აგე, გესვრიან, თავო ჩემო, ისევ გესვრიან. 73 მილიმეტრიანია, BMP-1, დიდი არაფერი. ადგები და შენც ესვრი, ან დაწვები და ისე. ან ამ ბოძკინტებს შორის ჩაიმუხლავ და ამოიღებ სამიზნეში. ან ის მოგკლავს, ან − შენ. ეგ არი და ეგ. დიდი ამბავი. გადაუწუილებს ჭურვი აგე, იმ გორაკებზე ჯაგრად შეფენილ მუხნარს, უკვე დაღუპულს, ვერასგზით რომ ვეღარ გამწვანდება, აშრიალდება, და დაგღუპავს შენც. ეგაა მთელი შენი ცხოვრების ფილოსოფია და არქე. ომი. შავი და თეთრი. არავითარი მწვანე, ლურჯი, ან სხვა ლამაზ-ლამაზი ფერები. და დაფაა კიდევ. ძირითადად ხის. ძირითადად იქაც შავი და თეთრი უჯრებით, ფიგურებით. და უძველესი ინდური თამაშისგან განსხვავებით, ამ დაფაზე, ყოველთვის შავები იწყებენ. − ომს და თამაშს. ნერვების ომს და სიცოცხლეებით თამაშს.

ომი ადგილია, სადაც სიკვდილი გეძებს. იმიტომ არა, რომ ომია, იმიტომ, რომ შენც ეძებ. ის გეძებს, შენც ეძებ. მაგრამ, შენ ეძებ საპირისპიროს, ანტისიკვდილს, სიცოცხლეს. შენ გადარჩენის რეჟიმში ხარ, ის კიდევ შურის. სხვას რომ ეძებ, შურს. რაც მალე გაითავისებ ამ ფაქტს, მით უკეთესი შენთვის. და მაინც, ჯამი რომ ჭურჭელია მაგაზეც ავტირდები. და თუ მაინც და მაინც კერკეტი ჯონი, ჯონ მაკლეინი აღმოჩნდი, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, გინდაც მეხუთე, თუ ზუსტად ეგ ნაბიჭვარი კერკეტი კაკალი ხარ და გადაურჩი ამ ჯოჯოხეთს, მაშინაც კი, მაშინაც კი, ამხანაგო ჟიჟუ, საკუთარი სინდისის გულაგი არ აგცდება. ჩემი ერთი მეგობარი აღაშფოთებდა ხოლმე მეორეს: ციხე! ციხე სალი! კამერაში შენი კლიჩკა იქნება, დიდი მორჟი და წაიკითხავ წიგნებს გერტრუდ სტაინისას.

⸭⸭⸭

რედის, შენ იმდენჯერ დაგიძახე უკვე ჟიჟუ, რომ მგონი ფერიც მწვანისკენ გეცვალა. ჩემი დიდი ბებიის წერილების ნომრებივით მერევით. ბებიებივითაც. შენ იცი რამდენ ბებიას ასწრებს 38 თაობა? ყველას. და რამდენჯერ შეიძლება შემეშალოს? სულ. ყველას ამბავი დამახსოვრებულია ჩვენს გვარში. თავისი ბაბუებით. საჭიროებს გამეორებას, რომ, ძირითადად მედიკოსები ვართ? ყველას ავადმყოფობის ისტორია გვაქვს შენახული. ვიცნობდი ერთ ქალს, სახელად მედიკოს. გვარად − მედი ჩი ხუა ხუნ ლის. ჩრდილოეთ კორეელი დისიდენტი იყო. მაგრამ მაგ მედიკოსები არ ვართ. ცუდი ქალი არ იყო არადა. რა ვქნა რომ მედიცინა გვაერთიანებს? გვარში ძალიან ღრმად აქვს ჩადგმული ფესვები. ჰოდა, ახლა წარმოიდგინე, რამდენს ერქმეოდა ჯულიეტა, რომეო, რომანი, რუდოლფო, არისტობულოსი, ლინდაო, ლაოცუ ძუნი და ასე შემდგომ. რა სახელები აღარ წერია დავთრებში. მაგრამ არცერთ ჩემ დიდ ბებიას არ ერქვა ჟიჟუ. არც ახლანდელს ჰქვია. ბაბუას მითუმეტეს. სამაგიეროდ ელიანორი ერქვა ჩემს ერთ დიდ ბებიას და მისი წერილები, როდესაც პირველად ვნახე, გულის ჯიბეში ედო ისინი ჟიჟუს. საათთან ახლოს.

მახსოვს კიდევ, საგვარეულო დავთრებს როცა ვათვალიერებდი, ოღონდ ეს ძლიან ადრე იყო, წერილებამდე, იქ შემხვდა ერთი ძალიან უცნაური შენიშვნა. იყო რო შენიშვნა? იქნებ ბრძანება? ჭკუის სწავლება? დარიგება? მაშინ ძახილის ნიშნები არ იყო და ვერ გავიგე. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და რომც ყოფილიყო ვერ გავიგებდი. არც დარიგების და სწავლების ნიშნები იყო. ამითაც დამამახსოვრდა.

საერთოდ, მიჩვეული ვარ უცნაურობებს საგვარეულოს ამბებში, მაგრამ ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მსგავსი სისულელე მას მერეც იშვიათად მხვდება. მერე გადავწყვიტე და ეტალონად ავიღე. ბევრი რომ არ მეწვალა ხოლმე სისულელეების შეფასებისას. ამის გვერდით მივაწერ ხოლმე, ან დავდებ თუ ნივთს ვაფასებ, ან დავსვამ ადამიანი თუა, და მორიგეობით ვკითხულობ, ხმამაღლა. გამოთქმით. ან ჯერ ვკითხულობ და დაჟინებით მერე ვუყურებ. სულიერსაც, უსულოსაც. კომუნალური გადახდის ქვითრებსაც. მერე ისევ ეტალონს ვუბრუნდები და დემონსტრაციულად ვკითხულობ, ბოლოჯერ: გაყიდე ყველაფერი და იყიდე ის მარგალიტი|1 (სქოლიო − ვერავითარი ჯოხი ან კვერთხი სასვენი ნიშნის ნაცვლად, ბუნებრივია ვერ იქნებოდა მარგალიტის ბოლოში. აღარ ავხსნი, რომ ჩემი ამბებია. ლ.) ორიგინალში კიდევ უფრო ჩამუქებულად ეწერა. ისე აწვებოდა დამწერი, თუ გადამწერი, წერის დროს, სანამ ტაქტილური ანბანის ეფექტი არ მიაღებინა ფურცელზე, ამობურცული არა ოღონდ, ლუი არმსტრონგის (ბრაილის?) შუბლივით, პირიქით. ნეტავ ახლა სად არის ეს ეტალონი? მახსოვს, ბოლოს სახლში ვიყავი, პიჯაკის გულის ჯიბეში მედო, პიჯაკი კი სკამზე გადაკიდებული დავტოვე. მერე მახსოვს, სახლი დავტოვე. ბოლოს, ქალაქი დავტოვე. საბოლოოდ კი, არცერთი სახლი არ დატოვეს მრთელი ქალაქში.

შვეიცარია არ არის ბანკი. არც საათი. შვეიცარია არის ქვეყანა, სადაც ბანკი, შვეიცარიული საათივით აწყობილი მუშაობს. ასე მეტყვის ყველა, ვისაც ფრაუმენტეშტრასესა და ბანჰუფშტრასეს შორის, შვეიცარიის ბანკიდან რაც შეიძლება შორს, ბერზენშტრასეს ქუჩის ბოლოდან, შვეიცარიის ბანკისკენ მორბენალი დავუნახვივარ.

უნდა გესმოდეს, ამხანაგო რედის, მე, როდესაც უნდა სინათლე შევიტანო ბოლოს და ბოლოს გაურკვევლობაში, თუ რატომ მეშლები ჟიჟუში ასე ხშირად, ამისათვის, ჯერ უნდა მოვყვე შვეიცარიის შესახებ. უამისოდ არ შეიძლება. მერე უნდა მოვყვე რატომ შვეიცარიის შესახებ. მერე უნდა გითხრა, რომ ჟიჟუ იქ გავიცანი. მერე, − რატომ გავიცანი და, რატომ იქ. დაბოლოს, ეს ყველაფერი რომ მოვყვე, ჯერ უნდა წარმოვიდგინო ყველა მოგონება, თითქოს, ახლა ხდებოდეს, რადგან ჟიჟუს დრო არაფერს შვრება, გარდა იმისა, რომ დგას. სულ აქ არის. მიდის მოდის, იქვე დგას. რა არის? ბავშვმაც იცის, კარია, მაგრამ, სინამდვილეში, ეს ჟიჟუს, ესე იგი, ჟან-პონზე ლე ონვილის დრო არის. ყველა ბავშვმა არა, მაგრამ, ზოგიერთმა ეს იცის.

ჟიჟუ ჩვენი საგვარეულოს პირადი ბანკირების მე-17 თაობაა. მე ჟან-პონზე ლე ონვილი მქვია? − ასე მკითხა თავისი სახელი მეორედ როცა ვნახე, − შენ რა გქვია, პატარა ცუგრუმელა. ეს ბოლო, აღარ უკითხავს. მითხრა. ახლა აღარ მიკვირს, თორემ მაშინ კი გამიკვირდა, თავის სახელს მე მეკითხება-მეთქი, და ჩემ სახელს მეუბნება. თავის სახელს დღემდე ასე წარმოთქვამს, კითხვითი ინტონაციით, ვერაფრით ვრწმუნდები მეკითხება თუ მეუბნება. თუმცა, კაი ხანია აღარაფერს მეუბნება ეგ სახელი. არც მეკითხება. რადგან კაი ხანია მე თვითონ ვეძახი ჟიჟუს. 73-ის იქება ახლა. ხანდახან, ადრე, როცა ასე მეკითხებოდა თავის სახელს, მეგონა ხოლმე, რომ არც არსებობდა, მე ვიგონებდი მას. ახლა კი, ხშირად ვიგონებ მას, როგორც დაღუპულ მამას.

ჟიჟუ ცოცხალია კაცო. ღმერთმა კარგად ამყოფოს. 73-ში შეაბიჯებდა ახლა, როგორც 73 მილიმეტრიანი, BMP-1. 14 წლის ვიყავი მაშინ დედამ რომ დამტოვა ჟიჟუსთან შვეიცარიის ბანკის ჰოლში და თვითონ საპირფარეშოში შევიდა. დიახ, შვეიცარიის ბანკში არის საპირფარეშო. და, დიახ, მასწავლებლებიც დადიან ტუალეტში. ვდგავარ მეც შვეიცარიის ბანკის შესასვლელში, როგორც ბებიაჩემი ელიანორ ეროვეი ლომბარდ ოდიერის პარმაღზე 1796 წლის მარტში. მაგრამ ელიანორი 79 წლისაა და კორსეტით გაკოჭილი, მე კი 14-ის ვარ და შაჰიდის ქამრით გაკოჭილ ავღანელ გოგოს ვგავარ, დიდი და ბრიალა მწვანე თვალებით, სხვაგან ვერსად რომ ვერ ნახავ მსგავს თვალებს. ცხადია, ლიბანი არ ითვლება. ჩემ წინ დგას კაცი, გამნაღმველივით დამიწებული მზერით. ის დგას ისე, როგორც ჰკიდია მსუქანი პირატის ჩონჩხი სარჩობელაზედ. მისი თვალები, სასწორის პინებზე შემოდებულ სეკატორებს ჩამოჰგვანან, ერთმა მწვანე სადენი უნდა გადამიჭრას, მეორემ წითელი. რჩება 7 წამი. 6. ჯონ მაკლეინი ბიდონებს აუზიდან ამოღებული წყლით ავსებს. 5. 5 წამიც და მერე იქნება, ბიგ ბადა ბუმ! 4. ჯონ მაკლეინი, ბრიუს უილისი აღმოჩნდება და შეუყვარდება მილა იოვოვიჩი, უკრაინელი, ბოროტების სავანიდან. 3. ტრრრ. ზარია:

− Yeah, McClane.

− John, you’re out of shape.

− Yeah, well, we all barley make it. What do you want us to do?

− What has four legs and is always ready to travel?

− Hah?

2. საბავშვო გამოცანა სპილოზე. მე ბომბა ვარ. შენ ახლახან გამააქტიურე მე. 1. მწვანე, მწვანე, მწვანე გადაჭერი. ეს უკვე არმაგედონია, თუმცა ბრიუს უილისი იქაც არის. 0. მაშინ კორეა, ჯერ კიდევ არ იყო გაყოფილი ორად, ე.წ. პიესას რომ ვწერდი. ეს უკვე ჟიჟუა, გამნაღმველი. არც გამარჯობა. არც სახელი. პირდაპირ. პიესას, პედოფილ ქალზე ვწერდი. ეს ქალი, ჩრდილოეთ კორეელი დისიდენტი, ხოლო პროფესიით, ყოფილი მეან-გინეკოლოგი და ამჟამად პოლიტიკოსია. მას, შემოკლებით ჰქვია ძუ, ხოლო ძუ კიმ ჩემ იძუ ძუ ლი, სულ მისი სახელი და გვარებია. მოქმედება ხდება ჯიბუტის რესპუბლიკის ქალაქ დამერჯოგის ერთადერთი, შესაბამისად უნომრო საშუალო სკოლის სააქტო დარბაზის ბუფეტში. ძუ იქ შეკრებილ მშობლებს სიტყვით მიმართავს. სულ შვიდი მოქმედი პირია: ძუ. სასწავლო ნაწილი. პირდაპირ დირექტორის მოადგილე (რაც ამ სკოლის ისტორიაში მეცამეტე დირექტორი მეცამეტეჯერ უკვალოდ გაუჩინარდა, მას მერე ვაკანტურია ეს ადგილი. იცვლებიან მხოლოდ მოადგილეები). მზარეული. დამლაგებელი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტატისტიკური განყოფილების სპეციალური წარმომადგენელი კომისარი და იმამი. ამავე დროს, ესაა ერთად აღებული, ვუდუმადიდებელ მშობელთა კავშირი (სხვა ენებზე, პანტერამადიდებელ მშობელთა კავშირი), ხოლო სათითაოდ, იმ სკოლის მოსწავლე ბავშვების მშობლები არიან. არის კიდევ ორი დამხმარე მოქმედი პირი. ერთი არის ზი ზი იფოფ ოს ი, ხოლო მეორე, მისი ჯიმ ბოლი, იგივე პილატეს ფიტნესის სავარჯიშო ბურთი. ბურთი იასამნისფერია და ამით ყველა ხვდება, რომ ლოდს განასახიერებს. მეტად მგზნებარედ, საერთო ემოციურ ფონზე, ძუ, იქ შეკრებილ საზოგადოებას, სიტყვით მიმართავს. ძუს სფიჩი, ტრადიციულად, რელიგიურ-პატრიოტული, ანუ წმინდა ვუდური, ანუ ჰოლივუდურია. სრულდება ლინგვა ფრანკა, ბამბარაზე. ასე იწყება სპექტაკლი. (პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მათი ბავშვები ქრებიან. გადის რამდენიმე დღე და ისევ ჩნდებიან). ძუ მიმართავს კრებას: მედამზ ე მესიუ! ბევრ ჩვენგანს ჰგონია, ჩვენი ბავშვები სადღაც ქრებიან. ქრებიან ბავშვები ზოგადად. ზოგიერთი ჩვენი მწერალი ოპორტუნისტი, ამაში საზრისსაც ჰხედავს, როგორც მკვდრეთით აღმდგარი რომანტიკოსი მუმია. მერე ხელოვნურ სუნთქვაზე აერთებენ, ან ჟანგბადის ბალონს ჰკიდებენ ზურგზე და დააპროწიალებენ გამომცემლობიდან გამომცემლობებში. ამბობენ. გზა და არა გზის ბოლოო. პროცესი და არა შედეგიო. კარპე დიემ. დაიჭირე მომენტი! წვალობენ, წვალობენ, წვალობენ, შრომობენ. ასეთებზე, არაფერს იტყვიან. მათ, უკანა გზაზე მომავალი ზი ზი იფოფ ოს ის დაგორებული ლოდი (ჯიმ ბოლი ამ დროს ჩაახველებს და ბუზებს იგერიებს ხელით) სრესთ, როგორც მომავალი პედოფილი ბავშვი თითით ბუზებს. გროტესკული რომნების წერის და წყალში გახსნილი ზუზუკოკას წვენის წრუპვის პარალელურად. რას არ აბრალებენ ბავშვების გაქრობას. ჯინებს ალადინების და პალადინების ბოთლებიდან, უცხოპლანეტელებს და პატარა მწვანე კაცუნებს მფრინავი სოსისებიდან, ტროლებს, ელფებს, მაჯლაჯუნებს, ჰარპიებს, ბაბა იაგებს, სატირებს, ოჩოპინტრეებს, ქარიბდებს, ცერბერებს, ქიმერებს, დრაკონებს, მაიკლ ჯექსონს და მისი ზოოპარკის ცხოველებსაც კი. ეს იგივეა, იყო პედოფილი და გაკვირვებული რჩებოდე, ნეტა სად ქრებიან ბავშვებიო? ჩვენი უფლის, კუკულ იკაკ ანის წინაშე ვაცხადებ (ამ დროს ყურთან ნიჟარას იდებს), რომელიც არის ცათა შინა და დაფრინავს, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენგან განსხვავებით, კოჭებთან მტრედებივით ფრთები ასხია. ბავშვები ქრებიან. ქრებიან. ქრ...(ამ დროს, რაღაც გაუთვალისწინებელი ხდება, მაგრამ რა, ვერ მოვიფიქრე) ორი კვერცხი რომ დაძმობილდა, მომიწევს შეგახსენოთ ლეგენდა. იოლკი და პოლოკი. და გაუდგნენ ლიანდეგებით გზას. იოლკი! გამოსძახა პალკიმ. მგონი მატარებელი წამოგვეწია. რა ვქნათ? იოლკი პასუხობს: ტრაკში არავის გაერჭ... არ მინდოდა, მაგრამ სხვა ამბავიც უნდა გაგახსენოთ. რა უთხრა ჩვენს პადრეს, უქმე პედრომ, სანამ ჩამოახრჩობდით და ნიანგებს გადაუგდებდით მის ჯერ კიდევ თბილ გვამს? ძალიან მეშინია, პადრე. ვგრძნობ, ღმერთმა მიმატოვა. ღმერთი ყველაშია, შვილო ჩემო. ჰო, − უთხრა პედრომ, − ისევე, როგორც პატარა სტელა. გახსოვთ? ხომ ხსნილი იყო წინა დღეებში, პედრო რომ გვისხამდა ჯამებში ცხელ წვნიანს ცივ ზამთარში გასათბობად? ამიტომ შეიგნეთ, ღმერთი გვიგზავნის ხორცს, ეშმაკი, მზარეულებს. ბავშვები არსადაც არ ქრებიან. ასე მარტივად ვერ დაიძვრენენ თავს. არც ბავშვობა ქრება სადმე. ჩვენ მათ ჯვარს ვაცვამთ ელექტროენერგიის გადამცემ ძელებზე და ისეთივე ვნებით ვეჯაჭვებით მათ, როგორც ჯვარზე ყველასათვის ცნობილ მიჯაჭვულს. ისეთივე ვნებით, როგორც ყველა ცნობილი ადამიანის უკანალს. ერთი, ორი, ჰა, ჰა, სამი და სამ დღეში მაქსიმუმ, ბავშვები კვდებიან. მერე, ერთი, ორი, ჰა, ჰა, სამი და, ბავშვების ზომბები იმავე საფლავებიდან დგებიან. საწოლთან ღამით მათ იავნანას რობოტი თოჯინა უმღერის, სახელად სიო, შიო? (მღვიმელი?) (მეუფე?) იქნებ შივა, ან ოშო? გადაფხეკილია ხშირი ხმარებისგან, ნორმალურად ვერც წაიკითხავ.

I'm bulletproof, nothing to lose

Fire away, fire away

Ricochet, you take your aim

Fire away, fire away

You shoot me down, but I won't fall

I am t i t a n i u m1

(სქოლიო − შიონავტიკაშიო, (კიბერნეტიკა? რობოტიკა?) ასე ღრმად ჩახედულიო? იკითხავენ ჩემზე. დიაღ. ღრმად ვარ. არ დაგავიწყდეთ, ყველა ალისასთის მოიძებნება მამიკო, ვისთვისაც მოუნდება თავისი კურდღლის სოროს სიღრმეების ჩვენება. მე და უილიამ მარკ ფელტ უფროსს „Глубокая глотка“-ს გვეძახდნენ ვიწრო წრეში. ახლა უკვე ფართოშიც გვეძახიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მივცემდი თავს ამდენის უფლებას. შიოს კარგი იავნანები აქვს. დიდებისთვისაც. ერთერთზე, ძილიც შეიძლება, ჰიპნოზის ძმასთან ჩახუტებული:

I may cry ruinin' my makeup

Wash away all the things you've taken

And I don't care if I don't look pretty

Big girls cry when their hearts are breaking. ჟ.)


ჯვარს ვერ გაცვამენ ხელისგულებს თუ მუშტებად შეკრავ. მაგრამ ბავშვებმა ეს არ იციან. ისინი ხომ ბავშვები არიან. ბა-ვშვი. ანუ ბა დავბადე. ბა. ასე აღნიშნავდნენ ეგვიპტელები პიროვნებას, ეგოს. ბა ვშვი, ანუ ეგო ვშვი. სიტყვაშივე დევს კოდი. მაგრამ ბავშვებმა ეს არ იციან. ბავშებმა ეგვიპტური არ იციან. ეგვიპტური ეგვიპტელებმაც არ იციან. ყოველ შემთხვევაში, იეროგლიფები მათთვისაც ისევე თანაბრად ჩინურია, როგორც ჩინელებისთვის, ჩინელი ექიმის გაკრული ხელით გამოწერილი ჩინური სამკურნალო ჩაის ნაყენის რეცეპტი. ჩვენ, ჯვარს მანამდე უნდა ვაცვათ ისინი, სანამ ამას გაიგებენ.

რაღაცები იყო კიდევ, მაგრამ ჰოლივუდური დასასრული ვერ მოვუფიქრე. ანუ ჰეფი ენდი. ძუს პედოფილობაში ვერ ამხელდნენ. ბოლოს რომ წავიკითხე, პიესას კი არა, სცენარს უფრო ჰგავდა, უფრო, სცენას ფილმიდან. მერე მწვავე გასტრიტიც დაემატა ამ ყველაფერს, შევეშვი და დეტექტივების ყურება განვაგრძე. არსებობს ერთადერთი დაწერილი კანონი ლიტერატურაში, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. ყველა დეტექტივი კარგია. ეგაა, რომ ბუკოვსკის მაკულატურის მერე, ყველა დეტექტივს ბილაინი ჰქვია1. (სქოლიო − საჭიროა შევნიშნო. რუსები კარგად თარგმნიან ბუკოვსკის. ფილმებში. ანუ კარგად ახმოვანებენ მხატვრულად. ვაღიარებ, ფილმებს დღემდე, რუსულად დუბლირებულს ვუყურებ. მისი ასოა ხოლმე შეცვლილი ტრადიციულად და ვეღარ გაიგებ ვისი, და მერე ვისშია. სხვა შემთხვევაში, მაგალითად, ფსევდო-რელიგიურ ფილმებს, ლიტერატურას, ზომბების კატეხიზმოს, აუცილებლად დედანში, ჩემს მშობლიურ მანდარინზე და ლინგვა ფრანკა, ბამბარაზე ვეცნობი ხოლმე) გინდა იყოს კერძო, გინდა, შესაბამისი ორგანოების თანამშრომელი. ყველას სათითაოდ აქვს ყვითელი და შავი ზოლები, შხამიანი ნესტარი ტრაკზე და თაფლს ჯვამენ. შერლოკ ბილაინი, ერკიულ ბილაინი, მის ჯეინ ბილაინი, კომისარი ჟიულ ბილაინი, ნენსი ბილაინი, უილიამ ბილაინი, ლორდ პიტერ ბილაინი და ბიომკეშ ბილაინიც კი, მიუხედავად კანის ფერისა. ყოველ შემთხვევაში ჰოლივუდურ ფილმებში ასეა. და რაც ჰოლივუდურ ფილმებში ასეა, პრინციპში, ასეა. ფრენჩაიზში თუ გადაიზარდა ხომ საერთოდ ასეაასეაასეა. ფრენჩაიზინგი ფრანგული სიტყვაა და ჩვენი ცხოვრების გაგრძელებას ნიშნავს სხვის უკანალში. ანუ მიღმიერ სამყაროს, აქ, ახლა. 00. დედაჩემი ტუალეტიდან ბრუნდება.

ჟიჟუს მე კიდევ დავუბრუნდები. მანამდე, მოვყვები სხვას. დავუბრუნდები, როგორც ძაღლი საკუთარ ნარწყევს, ან დიასახლისი, სახლში დარჩენილ ჩართულ უთოს. როგორც მიწას − მიწა, მტვერს − მტვერი და ტალახი − ტალახს. დავუბრუნდები, როგორც პოეტი. როგორც პოეტი − სამშობლოს მთებს, დაბინდულ ქლიავისფერ. როგორც პირატი − გემს, დალანდი, დალანდი, გუგუნში იტრიის ხეობის უღრანის. როგორც ნისლები − ფიქრებს. ფიქრები − მთებს. როგორც კომუნალური გადასახადები − ცარიელ ქვითრებს. დავუბრუნდები მას, ვისაც დახუჭული, ფართოდ, ხოლო, როცა გახელილი, ვიწროდ აქვს თვალები. როგორც შაკიამუნის. როგორც კატას. თვალები ცივი და გახელილი. მაგრამ ამით როდი ამოიწურება მისი თვალების ანატომი. ეს პრელუდიაა. პრელუდიის პრელუდია, უფრო სწორად. ომის წინა დღეებში რომ იცის სიმშვიდემ დასადგურება. 23-ში რომ დაისადგურა? სიკვდილის წინ რომ მოიკეთებს ხოლმე მძიმედ სნეული თავის სარეცელზე? მშვიდად. წყნარად. ისე, სიმშვიდე, მხოლოდ წინ შეიძლება უსწრებდეს რაღაცას? რაღაცის შემდეგ არ შეიძლება იყოს? ვთქვათ, მაიკლ ჯორდანი ჩიკაგო ბულსის შემდეგ?

არასდროს გქონია შეგრძნება, რომ რაღაც ცხვირწინ გიდევს და ვერ ამჩნევ? - ვკითხე ერთხელ. როგორც წესი, − მითხრა, − ეგეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე, როცა მშორდება ქალი.

ვითარცა ვიოლინოს ხემის შეხება ელექტრო გიტარასთან, სიმებზე, ასეთი მოულოდნელი იყო ჩვენი შეხვედრა. თუმცა Led Zeppelin-ის ფანებისთის, არც ისე მოულოდნელი. ვერ მივხვდი, რას მიყვებოდა, და რატომ 14 წლისას? ისევე გაუგებარი იყო მისი მონაყოლი, როგორც სიტყვა ხანუმა, იუსუ ნ’დურის სიმღერაში, „7 წამი“. ისევე გაუგებარი, როგორც Oh Lordy, Lord იყოს მობის Natural Bules-ის ტექსტში და უუ ლარენა ისმოდეს. რაღაც ჯადო, წყევლა, რომელსაც ძუძუებიც ვერ დალოცავენ, ვიდექით, როგორც მხეცი ბიჭები და გაისმოდა ძმების სიმღერა, სუკო დე ტანჯერინა.

მაშინ დავუნახე პიჯაკის გულის ჯიბიდან გამოყოფილი თეთრი კონვერტები და ახლა ამ წერილებზე უნდა მოვყვე.

 

მე თქვენ მიყვარდით ისე ნაზად, ისე გულწრფელად

ელიანორ ეროვეის, ანუ ბებიამისის წერილებზე, ერთი ამბავი ატყდა ჩვენთან. საიდუმლო კოდი ეგონათ. ყველგან. ჩვენს ქვემოთ, ჩენს გვერდით, ჩვენს წინ. უფრო კი ჩვენს ზემოთ. სულ ზევით, ზევით. მე კიდევ, მეთქი წლები იქნება, როგოც ჩვეულებრივ, წერილებზე აწერენ თარიღს. შევვარდი, ჩავწერე, 1111 წელი. პასუხს გთავაზობთ უცვლელად: „ბალდუინ VII ხდება ფლანდრიის გრაფი. ჰენრი V დაგვირგვინდა საღვთო რომის იმპერატორად რომის პაპმა პასქალ II-მ. სანტარემი და სინტრა დაიპყრო გენერალ სერ იბნ აბი ბაქრის ალმორავიდის ჯარებმა. ბერბერების მცდელობამ დაიპყრო დაკარგული მიწა, გამოიწვია კოიმბრას გაძევება“. მეთქი, შანსი არ არის. აქ რაღაც ნიტოა. გუგლ ტრანსლეიტის თარგმანს რომ თავი დავანებოთ, მაგის გარეშეც ვერაა რაღაც რიგზე. მერე ჩავყევი. როგორ არის ისა? ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო?

აი რა აღმოჩნდა სინამდვილეში. წერილებს, ელიანორი, თავიდან ნომრავდა ჩვეულებრივად, როგორც ვნომრავთ ჩვენ, რომაული რიცხვებით. რაღაც პერიოდის შემდეგ, არ ვიცით როდის, დაუბრუნდა ძველ დანომვრას, გადაშალა და დანომრა ნატურალური რიცხვებით, ოღონდ ერთიანის მაგივრად, ორიანით. იგივე წერილი. ისიც გადახაზული. 1=2? ასე მხოლოდ მარტივი რიცხვების შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. მარტივი რიცხვი ეწოდება ისეთ ნატურალურ რიცხვს, რომელსაც მხოლოდ 2 განსხვავებული ნატურალური გამყოფი აქვს: 1 და თავისი თავი. აქ უკვე, ყველაფერი რიგზეა. შემდეგი წერილი, ნომერი 3 უნდა ყოფილიყო ამ ლოგიკით. ასეც აღმოჩნდა. თუმცა, ეს მარტივი რიცხვებიც გადახაზულია და გვერდით მიწერილია 10, 11, ზოგან, 1111. აი, ეს რიცხვები ეგონათ კოდები ზემოთ. თუმცა, ბინარული თვლის უწყინარი სისტემა აღმოჩნდა მხოლოდღა, რომელშიც მხოლოდ 2 ციფრს, 0-ს და 1-ს იყენებენ. ბინარულ სისტემაზე, განსაკუთრებით მის ჩინურ ვერსიაზე, იძინზე, გოდფრიდ ლაიბნიცი მუშაობდა. თავისი ნაშრომი, Explication de l'Arithmétique Binaire, 1703 წელს გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, დღეს, სრულიად ციფრული ინდუსტრია, ამ ბინარულ სისტემას იყენებს.

საგვარეულოში ჰქონიათ ტრადიცია, ბავშვებს, წერილები, ღმერთისთვის და ბაბუა ი.ბ.ი.-სთვის მიეწერათ. ასე იტყვის ხმა, ჩემ დროს ეს ტრადიცია აღარ იყო, არ ვიცი როდის შეწყდა, ჩემ დროს, წერილებს, უკვე სანტა კლაუსს ვწერდითო.

მოდი, ჩვენში დარჩეს კიდევ ერთი რაღაცა. თქვენ, ვინც ჯერ კიდევ კითხულობთ, ვატყობ დიდად, დიდად კი არა, ლოცვა საერთოდ არ გყვარებიათ. წინაამდეგ შემთხვევაში, კურდღლების თავებზე არ წაიკითხავდით ამ ეშმაკის სახარებას. თუ ეშმაკის აღსარებას?

 

წერილი I 2 10

ძვირფასო ღმერთო და ბაბუა ი.ბ.ი.

 

დღეს ლოიტერერი მოკვდა, კატა ჩემი. დელაინმა მაჩვენა სახლში რომ ვბრუნდებოდი. ხელში ეჭირა, არ ინძრეოდა. თორმეტი წლის გავხდი და მაინც და მაინც დღეს. ძალიან მწყინს. თუ შეგიძლია, ნიშანი მომეცი, რომ გავიგო, რა მემართება.

ლოიტერერი ჩემი კატა არ ყოფილა, დელაინის იყო, მაგრამ მე უფრო მიყვარდა. დელაინი ბარტონების ბიჭი შვილია. ბარტონები ჩვენი მეზობლები არიან. დელაინს და არ ჰყავს, არც ძმა. დედისერთაა ჩემსავით. მეუბნება, რომ ერთმანეთს ვგავართ, მაგრამ არ მჯერა. ლოიტერერი მაგან მოკლა, იმიტომ, რომ მე უფრო მიყვარდა. მგონი ჭკუიდან ვიშლები, მაგრამ ხელში რო ეჭირა და თვალებში მიყურებდა, ისეთი თვითკმაყოფილება ეხატა სახეზე, ისე უელავდა თვალები, შიშმა ამიტანა, ავცახცახდი. ის კიდე, თითქოს, ამას უცდიდაო, მოლბა. წარბები შეჭმუხნა და კარგად დაზუთხული თვალთმაქცობით, წაიჩურჩულა, ჩვენი ლოიტერერიო. ცრემლები წამსკდა. ასე მაცოდებს თავს. ეს ხმა, ეს თვალები. აღარ უელავდნენ, ჩაწყლიანებოდა, მაგრამ ცრემლი არ დამინახავს. ვიცი, ძალით ქნა. 

მიმტკიცებდა, ბუხრის ზემოდან გადმომხტარი, ისე ახლოს დახტა ბუხრის წინ, ცალ მხარეს, ულვაშები შეეტრუსაო, ხელით მაჩვენებდა. მე ვტიროდი, მაგრამ მაშინ დავაკვირდი, ლოიტერერის რუხი ფერის ბეწვს, სისხლი არსად ეცხო. ის კი განაგრძობდა, ტყეში წავიდა და სახლს სუნით ვეღარ მოაგნოო. მე ისევ ვტიროდი. ის კი, ბინძური ტყუილების თითხნით ტკბებოდა, ნადირს დაეგლიჯა, სოკოების საკრეფად ვიყავი ტყეში დილით, იქ ვნახეო. მე აღარ შემეძლო მოსმენა, გაქვავებული ვიდექი და მხოლოდ საკუთარი სლუკუნის ხმა მესმოდა. ბუყბუყებდა ტრრრ! მუცელშიც. მერე მითხრა, გეწყინაო. უცებ, გავშრი. წიწილებს რო საკენკს ვუყრი ხოლმე, ეგრე ვიყავი გაფანტული. უცებ შევგროვდი. დელაინს ეს არ გამოპარვია რასაკვირველია. გამომცდელად მიყურებდა თვალებში. ამოწმებდა, შიში, ცოტა ხნის წინ რომ დაინახა ჩემს სახეზე, ხომ არსად წასულა. როგორც კი დარწმუნდა, ისევ მოდუნდა, მანამდე მოჭიმული იყო, როგორც ეტლის ფურცლოვანი ზამბარა, მეეტლე რო დააწვება ტანის სიმძიმით. ხმა ისევ დაიწვრილა, უნდა დავკრძალოთო. აღარ მახსოვს რა ვუპასუხე, ან ვუპასუხე თუ არა, ჩავშტერებოდი ლოიტერერს, დელაინის ხელებში განსაკუთრებულად როგორ განივთებულიყო. ასეთი უძრავი არასდროს მენახა. ნადირის დაგლეჯილს, წვეთი სისხლი არ ეტყობოდა.

გთხოვ, მანიშნე რამე, რომ არ მეჩვენება ეს ყველაფერი. მანიშნე, რომ მართლაც და მხეცი არ იდგა ჩემ წინ და მას არ ეჭირა ხელში ჩემი ლოიტერერი.

ელიანორ ეროვეი

25 თებერვალი

11011000001 წელი

 

წერილი II 3 11

ძვირფასო ღმერთო და ბაბუა ი.ბ.ი.

 

თვეზე მეტი გავიდა ჩემი პირველი წერილიდან და არავითარი ნიშანი არ მიმიღია. ისე მენატრება ჩემი ფისო, ჩემი ფუმფულა ლოიტერერი, მაგრამ ახლა სხვა რამ მაწუხებს. უნდა ვიცოდე, გამოცდაა? გამძლეობაზე ვიცდები? ხელი ახლაც მიკანკალებს, ყველანაირად ვცდილობ ასოების მოხაზულობას არ დაეტყოს.

ცოტახნის წინ დავბრუნდი სახლში. სუ სველი ვარ, გალუმპული. კაბა გამოვიცვალე, მაგრამ თმები ჯერ არ გამშრობია. მე და დელაინი შევრიგდით ბოლო ხანებია, განსაკუთრებით მას მერე, რაც მითხრა, სხვა კატა ლოიტერერს ვერ ჩაგვინაცვლებს ციყვი დავიჭიროთ და მოვიშინაუროთო. რაღაცნაირად გამიხარდა და მეწყინა. ლოიტერერისთის უნდა მეღალატა და მზად არ ვიყავი. პირველად, ვიუარე, თუმცა არ მომეშვა და გადავწყვიტე კატის საპატივცემულოდ, ციყვსაც ლოიტერერს დავარქმევდი.

ღრუბლის ნასახი არ ჩანდა დილიდან, მხოლოდ დელაინი გამოჩნდა ჰორიზონტზე. დღეს მზიანი დღეა. მთელი დღე. ეს ბოლო განსაკუთრებულად ხაზგასმით იყო ნათქვამი. ეს რა, ნოსტრადამუსია? არ მითქვამს, გავიფიქრე. მერე რა რო მზიანი დღეა? ამოვილუღლუღე. ლოიტერერისთვის! თქვა და დემონსტრაციულად მოხდილი სამკუთხა ქუდი გულზე მიიდო. ნეტა არ ყოფილიყო. ახლა რო იქცევა ქვეყნიერება, წარღვნა როა, დილიდან მომსკდარიყო ღვარცოფი, რა მოხდებოდა. ნეტა წაიღებდეს სუ მაგ ტყეს ლელეხი და დელგმა. ლეშტერი და ლოშქარი. ჟგეთა და თოროხაპანი. რეში და სეტყვა. ჩქაფი და ღვართქაფი. ქაშანი, მერეხი და ღვაფიც კი. ერთხელაც გავიხედო და ტბა იყოს, რომ ადამიანის ფეხი აღარ ვნახო იქ. დელაინის ფეხები? როგორ დავიჯერე? მინდა, ყველა ხის ყველა ფუღურო, ყველა ტყეში, წარღვნის წყლებით გაავსო ახლავე, თევზები დაცურავდნენ, მარჯნის პოლიპებით ამოჭედო. ისე წვიმდეს, კაჟების გაშრობას ვერ ასწრებდნენ კაცები, კვესები უჟანდგებოდეთ და ცეცხლი ვეღარ დაანთონ. დატოვე ოთხი. წყალი, ჰაერი, მიწა და ადამიანი. იყოს კვარტესენცია, კვინტესენციის ნაცვლად, რა მოხდა? ცეცხლმცოდნეობა მოსპე. პრომეთე ქალების მუსუსი იყოს, ან სენტიმენტალური ლეპიდოპტეროლოგი, დაღლილი გამოხედვით, ჩამოწელილი ლოყებით, ჩამქრალი თვალებით და სრულებით მოსალოდნელად, ხელში დიდი, გრძელი პეპლების საჭერით. მიეცი ერთი ლუპა კიდე და კარგად დაათვალიეროს მახრებიც, ობობებიც, ბუზებიც. შეუმოწმოს კვერცხსადებები და საწრეტლები. რაც უნდა ის ქნას მოკლედ, თავში ქვა უხლია, თუ გინდა ყველა პეპელა დაუჭერია დედამიწაზე, ოღონდ ჩვენკენ არ გამოახედო. იცი რა ქნა დელაინმა? მზე მაგრად აცხუნებდა რო მივედით. ტყე ყვაოდა. ყველაფრის სუნი იდგა. ჩემი ოფლის სუნიც მეცა იღლიიდან. წამოვწითლდი. ჩქარა დავდიოდით რა მექნა. ბოლოს, ის ხე იყო ფუღუროიანი, იცნო. აგე. მივარდა და ათ წუთში ხაფანგი მზად იყო, კიდობანაკი. თხილით სავსე მუჭებით ყბადაღებული ვუყურებდი. მოდი მზად არი, გატეხე და დაუყარე.

ბევრი ცდა არ დაგვჭირდა. მკვირცხლი ციყვუნიაც გამოჩნდა ნაძვის ტოტების ბაზრობაზე, აბა, რა გვაქვს დახლებზე? სად არის ფასდაკლება? დიდი არჩევანიც არ ჰქონდა. მეორე ნაძვი, იქაც იგივე, ბაზარი, ტოტები, წიწვები, გირჩები, ან ქვემოთ, იმავე ნაძვის ქვეშ, თხილი. გარჩეული გნებავთ, თუ გაურჩეველი? ხმლით, ფარით, თუ კისერზე წურბლებით? ბატონო ციყვო? რა იცი ბატონოა თუ ქალბატონო? ქალებს ძაღლის ყნოსვა გაქვთ, ას იარდზე გრძნობთ საფრთხეს, ეს ნახე თუ ბუდეში არ იყოს. ნაძვის ხე, რომელზეც ვლაპარაკობთ, საკმაოდ ხნიერი უნდა ყოფილიყო და გვარიანად გამოშიგნულიც. ძირიდანვე, სადაც ხავსი ხალიჩასავით სქლად ედო, ეწყებოდა ფუღუროც. ხოდა, მანდ იდო თხილიც, თხილზე − ცოტა წიწვი და ერთი შემხმარი ფოთლის ნაფლეთი, ზედაც − კიდობანაკი, ფუღუროსკენ აწეული და ჯოხშეყუდებული პირით. არ ვიცი ამდენს უნდა ვხსნიდე? ეს დეტალები? სუ მიცახცახებს ხელი ისევ. ეს რაღაა, არ ჯობდა თხილი გამოსაჩენად დაგვეყარა? არა. რო იეჭვოს ასე მზამზარეული საიდანო? ციყვები მაიმუნები არიან. მიყრილ-მოყრილი წიწვები კი, არ დააფრთხობს, ფოთოლიც გასაქექია, ცოტას იშრომებს და საზღაურსაც მიიღებს. ჩვენი ლოიტერერი! დელაინი მოწოდების სიმაღლეზე იყო. ლოიტერერი გამახსენდა. თვეზე მეტია სარკეში არ ჩამიხედავს და ვგრძნობდი, რომ ჩამეხედა იმ წამს, „ლოიტ“ მარცხენა, and „რერი“ მარჯვენა თვალში მეწერებოდა, იმ სისხლისფრით, რომელიც რუხ ბეწვზე არ ეცხო ლოიტერერს, დელაინის ხელებში, სრულებით უძრავს, სრულიად უხმოს, ერთი თვის წინ და კიდე მეტის.

აუ, რა ფერები იყო, ღმერთო! წამით პეიზაჟისკენ გამექცა თვალი, რომელმაც დამავიწყა ლოიტერერის ბეწვი რომ რუხი ფერის იყო, რადგან გადიდდა, გაიშალა, ამსუბიქდა, თვითონ ტყე გახდა და უფრო ხეები კი არა, არამედ ხეებს შორის სივრცე, სიცარიელე, იგივე, რაც თითებს შორისაა, სიტყვებს შორის, ფიქრებს შორის და ეს ახალი ლოიტერერი, როგორც არდაწყებული რომანის პირველი, ცარიელი გვერდი, იტევდა ტყეს, თავის ხეებით, ხეებს თავის ტოტებით, წიწვებით, ახლადგამოსხმული პატარა ფოთლებით, მათში მოფუთფუთე ჭიაღუებით, მწერებით, მღრღნელებით, ქვეწარმავლებით, ზეწარმავლებით, სუნით, ხმებით, სოკოებით, დელაინითაც, მაგრამ არა ჩემით. ჩემი თავი ვერ დავინახე და კიდევ ციყვი, მხოლოდ წრიპინის და ტკაცანის ხმამ გამომაფხიზლა. წრიპინებდა ციყვი, შესაბამისად, ტკაცუნობდა ცეცხლი. გახევებულ მხევალს დავარქმევ დღეიდან ჩემ თავს, რადგან სწორედ მასე იტყოდით იქ რომ გენახეთ. ციყვი გამძვრალიყო კიდობანაკიდან პირდაპირ იქ, სადაც არ იცოდა, რომ გაივლის წამები და წამების მოლოდინში ფუღუროს ხის კედლებში დატყვევებული იმ ცივი ზამთრის საღამოს გაიხსენებს როდესაც დედამ ცხრა და-ძმას ერთი თხილის გული გაუყო, რადგან ზამთარი იყო, ციოდა და თხილი არ იშოვებოდა. პირველი წვეთიც მაშინ დამეცა. წვიმა მოვიდა, მე კი არ მივედი. გვიანი იყო. თავლისაჭრელებამდე მაღალი ცეცხლი უკვე გიზგიზებდა.

გთხოვ, მანიშნე რამე, რომ არ მეჩვენება ეს ყველაფერი.

ახლაც თვალწინ მიდგას. ხის მარცხენა მხარეს სივრცეს ვუყურებ. სივრცეში − დელაინს, დელაინის თვალებში − ცეცხლის ალს, ალში წრიპინი მესმის, რომელიც მხოლოდ დელაინის მომღიმარ სახეზე იძლევა ექოს, როგორც ოთხი ჩ. 

დელაინი უსმენდა. მერე წრიპინი შეწყდა.

დელაინი წავიდა.

ელიანორ ეროვეი

9 აპრილი

11011000001 წელი