ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

მოგონებები ღვთიური სოფლიდან

0 ხმა

ლიკა ბოჭორიძე

ბიოგრაფია

მოგესალმებით, მე ვარ ლილი ბოჭორიძე, დავიბადე 1998 წლის 12 დეკემბერს. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ კი იმავე უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე ჩავირიცხე და ეკონომიკის ფაკულტეტზე, გლობალური ფინანსების მიმართულებით, მაგისტრის ხარისხიც მივიღე. უნივერსიტეტის პარალელურად, მეორე კურსიდან შვედურ საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობდი, საიდანაც 2022 წელს მივიღე რელოკაციის შემოთავაზება, დავთანხმდი მას და ამერიკის ერთ-ერთ ფილიალში, ნიუ ჯერსის შტატში გადმოვედი აქაური თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მათთვის ტრენინგების ჩასატარებლად.

ჩემი საქართველოში ცხოვრების ყოველი დღე სავსე იყო ხალხით, ქაოსითა და სიახლეებით. დრო და დრო ვმოგზაურობდი და ვერთვებოდი სხვა და სხვა გაცვლით პროგრამაში, რომელიც ერთ, ან ორ კვირას გრძელდებოდა ხოლმე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ვხვდებოდი ახალგაზრდებს ევროპისა და აზიის სხვა და სხვა ქვეყნებიდან, მივყვებოდი აქტიური ცხოვრების რიტმს და ჩემი ყოველი დღე ადამიანების შეცნობას, აღმოჩენას, მათთან კომუნიკაციას ეთმობოდა. თავისუფალ დროს ოჯახთან, ან მეგობრებთან ქალაქგარეთ გასვლას ვუთმობდი ხოლმე, მარტო ყოფნისას ყველაზე დიდ სიამოვნებას ფორტეპიანოზე დაკვრა და ლექსების წერა მანიჭებდა. ამერიკაში ჩამოსულმა კი უცხო კონტინენტზე აღმოვაჩინე, რომ სრულიად მარტო დარჩენილს ცხოვრების თითქმის ახლიდან დაწყება მიწევდა, რადგან არც ოჯახი, არც მეგობრები და არც უბრალო ნაცნობები აღარ მიმშვენებდნენ გვერდს.

წიგნის დაწერა სულ მინდოდა, ჩემი ოცნება იყო შემექმნა ისეთი რომანი, რომელიც ადამიანებში უამრავი ემოციის მომტანი იქნებოდა, თუმცა, მიუხედავად უსაზღვროდ დიდი სურვილისა, ვერანაირად მოვაბი თავი ამ საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმეს, დამეთანხმებით, წიგნის წერას შესაფერისი დრო, განწყობა და გარემოებები სჭირდება. ლექსებს კი მუდმვივად ვწერდი ხოლმე, რამდენიმე მათგანი ვიწრო წრეში, მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვისაც გამიზიარებია, ზოგიერთი ,,ფეისბუქზეც“ გამოვაქვეყნე. აქვე აღვნიშნავ, რომ ის ლექსი, რომელიც წიგნშია გამოყენებული, უცნობია ყველასთვის, ჩემ გარდა. ამერიკაში დამდგარ პირველ ზამთარს ჩემი პირველი რომანი მოჰყვა თან. წიგნში სხვა და სხვა პერსონაჟის დახმარებით გადმოცემულია ის ემოციები, განცდები, ნოსტალგია და მონატრება, რომელიც სამშობლოსგან განშორებულმა პირველად განვიცადე ცხოვრებაში. ალბათ სწორედ ნოსტალგიის მოზღვავებას უკავშირდება ის ქვეთავებიც, რომლებიც ისეთ ქართულ ტრადიციებს უსვამს ხაზს როგორებიცაა: კახეთში ღვინის დაწურვის, თონეში პურის ცხობისა თუ სვანური ქორწილის აღწერა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში რეალური ისტორია არ არის გადმოცემული, იქ კარგად ჩანს, რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში, დიდი ადგილი და დატვირთვა აქვს იმ მოგონებებს, რომლთა გახსენებაც ზოგჯერ სინანულს, ზოგჯერ კი აღფრთოვანებას აღვიძებენ ჩვენში. ატლანტიკის ოკეანეში არსებულ ერთ პატარა ნახევარკუნძულზე მცხოვრებმა ქართველმა გოგომ, ჩემი წიგნის საშუალებით თავადვე ვიმოგზაურე საქართველოს ორ უმშვენიერეს მხარეში: სვანეთსა და კახეთში, სწორედ იქ ვითარდება ნაწარმოების სიუჟეტიც, რომელიც გვიყვება ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ, თავგადასავლებით სავსე სასიყვარულო ისტორიას, რომელთა შორის უფრო ღირსეულისა და ნამდვილის გამოვლენა მკითხველისთვის მიმინდია.


სინოპსისი

წიგნის მთავარი გმირი, თაია, ახალგაზრდა ინგლისურის მასწავლებელია, რომელიც თბილისიდან სვანეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, უშგულში გადავა საცხოვრებლად, რათა ინგლისური ენა შეასწავლოს უშგულის სკოლის მოსწავლეებს. ამ სოფელში თაია შეხვდება საინტერესო ადამიანებს, ყველა მათგანს თავისი ისტორია, წარსული და აწმყო გააჩნია. სწორედ მათს შორისაა გოგონაზე რამდენიმე წლით უფროსი ბიჭიც, ლუკა, რომელთან ერთად გატარებული ყოველი დღეც თაიას ცხოვრებაში წაუშლელი კვალის დატოვებას იწყებს. სწორედ ლუკა მიიყვანს მას ერთ-ერთ სვანურ კოშკში, სადაც იქაურები თავიანთი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი მოგონებებით სავსე წერილებს ინახავენ. დაემორჩილება თაია ადგილობრივ წესებს? თუ მას ცნობისმოყვარეობა სძლევს და მაინც თავხედურად შეაბიჯებს იმ უცხო ადამიანების ცხოვრებაში, რომელთაც თავად არ დაუპატიჟებიათ ის. წიგნს პარალელურად გასდევს ის მოგონებებიც, რომლებიც თაიას ,,სიყვარულის ქალაქ“ სიღნაღში პანდემიის დროს გადახდა თავს და ის აღფრთოვანებით სავსე გზა, რაც მან გამოიარა, მკითხველს წარსულში განცდილი ემოციებით აავსებს.

მომავალზე ფიქრი თუ წარსულზე ჯიუტად ჩაბღაუჭება? რა მოხდება მაშინ, როცა წარსულის და მომავლის გზები და ადამიანები ერთმანეთს აწმყოში კვეთენ? რა არჩევანს გააკეთებს წიგნის მთავარი გმირი? შეიყვარებს თუ არა მკითხველი მას, მიუხედავად თავისი უამრავი არასწორი გადაწყვეტილებისა? როგორ უყურებენ ცხოვრებას ისინი, ვინც უყვართ და ისინი, ვინც უპასუხო სიყვარულის მსხვერპლნი ხდებიან? რა შედეგები მოაქვს იმ დანაშაულს, რომელსაც ,,სიყვარულის“ სახელით ვნიღბავთ, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში მოგონებებს ან როგორ შეუძლიათ მათ აწმყოშიც აგვიფორიაქონ სული?!

სწორედ ამ კითხვებს გასცემს წიგნი პასუხს და მთავარი პერსონაჟების განვითარებაც ნათელი მაგალითი გახდება იმისა, რომ სიყვარულს არც წესები გააჩნია და არც დროის შეგრძნება, რადგან ჩარჩოებში ვერ მოექცევა ის, რაც უკვდავებას ემსახურება.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური