მოგონებები ღვთიური სოფლიდან
მოგონებები ღვთიური სოფლიდან
ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთი მოგონება მაინც აქვს ისეთი, რომლის გახსენებაც სიცოცხლის ბოლომდე ღიმილს მოჰგვრის სახეზე... ეძღვნება მათ, ვისაც მოგონებებში ერთხელ მაინც უპოვია თავშესაფარი.
მოგონებები ღვთიური სოფლიდან
***
ახალგაზრდა მამაკაცი ძველ ნივთებში იქექებოდა, რაღაცას ეძებდა, სიჩქარეში მტვრიანი და გაყვითლებული წიგნები შემთხვევით ძირს გადმოიყარა. ერთ-ერთი სქელყდიანი წიგნის ფურცლებში ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი შეტყობინება იპოვა და მისი ბოლო სიტყვები გულში ნელა ამოიკითხა:
„ ... როცა ეს მოხდება ჩემი წერილი დაწვი, მაშინ აღარაფერი გექნება ისეთი, რაც ჩემთან დაბრუნების სურვილს გაგიჩენს. მეც ასე მოვიქცევი.
მიყვარხარ, მშვიდობით“
გულწრფელად გაიღიმა, ,,როგორც შენ მეტყვი“, ხმადაბლა წარმოთქვა და ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ დაწერილი სიტყვები სამუდამოდ ალს გაატანა. შემდეგ კარადას შეხედა, რომელზეც ერთი ცალი ღვინის ბოთლი იდო, აიღო და გახსნა. ჭიქა მაგიდაზე გადმოდო, სისხლისფერი სითხით აავსო და ნელა დალია. სინანული იქამდე არ უგრძვნია, სანამ გახუნებული ფურცლისგან აღარაფერი დარჩა. ცეცხლი ცეკვავდა და გულში იკრავდა იმ ძვირფას მოგონებებს, რომელთაც ორი ადამიანი ოდესღაც დიდი სიყვარულით ქმნიდა.
მივიდა და ცეცხლის წინ ჩაიმუხლა, ღვინის ჭიქა ხის ძველ იატაკზე დადო. შეშის ერთი ცალი ნაჭერი აიღო, გავარვარებულ ბუხარში შეაგდო, შემდეგ კიდევ ერთი ყლუპი მოსვა. მამაკაცმა ოთახს თვალი მოავლო და სარკის დახავისთანავე ფეხზე წამოდგა. მასთან ახლოს მივიდა, საკუთარ გამოსახულებას დააკვირდა. წარბებს შორის და შუბლზე ნაოჭები შენიშნა, აქამდე არ ჰქონდა შემჩნეული, შემდეგ სახეზე ხელი მოისვა, ეკლებივით ბასრი წვერი თითის ბალიშებით შეიგრძნო. წამიერად წლებისწინანდელი საკუთარი თავი მოენატრა და ის დღე გაახსენდა, როცა წერილი, რომელიც იმ წამს ბუხარში იფერფლებოდა, პირველად წაიკითხა.
გაახსენდა, რომ ავტორისგან ერთი რაღაც კიდევ ჰქონდა შენახული და მის საპოვნელად წიგნები ერთმანეთის მიყოლებით გადმოყარა თაროდან, ყველა მათგანი შეამოწმა, მაგრამ ვეღარაფერი ნახა. გული დაწყდა და საკუთარ უყურადღებობაზე გაბრაზდა. კიდევ ერთი ჭიქა ღვინო დაისხა და გადაწყვიტა, როგორმე სამუშაოს დაბრუნებოდა, თუმცა დილამდე ვეღარაფერზე კონცერტრირდა და ერთადერთი, რაც მის გონებაში ტრიალებდა, ის მოგონებები იყო, რომლებიც ათეულობით წლის გასვლის შემდეგაც ისე უფორიქებდნენ სულს, როგორც მაშინ, როცა თავდავიწყებით შეყვრებული ბედნიერებასა და სიმშვიდეს ადამიანებისგან მიტოვებული სახლის დანგრეულ კედლებში პოულობდა ხოლმე.
- სადღაც აქ უნდა იყოს, ხელს არავინ მოჰკიდებდა... წარმოთქვა ხმამაღლა და ისევ იმ კარადასთან მივიდა, ზედა თაროც შეამოწმა, იქაც არაფერი იყო.
წიგნების გადმოლაგების დროს ოთახში მტვერი დადგა, ამიტომ ფანჯრები გამოაღო და ძებნა ისე განაგრძო. სახლს ეტყობოდა, რომ დიდი ხნის დაკეტილი იყო და მუდმივი მაცხოვრებელი კარგა ხანია, რაც აღარ ჰყავდა. მამაკაცმა საწერი მაგიდის უჯრების შემოწმება გადაწყვიტა, ბოლო მათგანის გამოხსნის დროს მოგონებები ამოუტივტივდა... ნელ-ნელა ახსენდებოდა, როგორ საგულდაგულოდ ინახავდა პატარა დაკეცილ ფურცელს საწერი მაგიდის ბოლო, გატეხილ უჯრაში. სასურველი წერილი იპოვა თუ არა, შვება იგრძნო და ღრმად ამოისუნთქა. ოთხად გადაკეცილი, გაყვითლებული ფურცელი ნელა გახსნა, სკამზე დაჯდა და იდაყვები მაგიდას დააყრდნო. კითხვის დროს სახეზე ღიმილმა გადაურბინა... ბოლო ორი სტროფი რამდენჯერმე წაიკითხა:
„...ასი წელი გავიდა,
დრომ რა სწრაფად იარა...
შენ სხეულზე, მე - გულში,
მოგვიშუშდა იარა.
დრო გავიდა, კვლავ შევხვდით,
მენატრები, მინდიხარ...
თითქოს ვერ მცნობ, მიღიმი
და ისევ შორს მიდიხარ...“
მამაკაცმა თვალი კიდევ ერთხელ მოავლო იქაურობას და გონებაში დაძველებული სახლი წამიერად გააცოცხლა, მოეჩვენა, რომ მართლა საუკუნე გასულიყო... წარსულში დაკარგულმა გაუაზრებლად სიგარეტს მოუკიდა. რამდენიმე წამს მტვრიანსა და ჩაბურულ ოთახში ჩაფიქრებული იჯდა. მოგვიანებით კი მისი ეგზოტიკური მოგონებები კვამლთან ერთად უსასრულობას შეუერთდნენ...
***
ოცდაექვსი დეკემბერი იდგა. თაიამ დილით ადრე გაიღვიძა. პირველი, რასაც გაღვიძებისთანავე აკეთებდა ხოლმე, ფანჯრიდან გახედვა იყო. მთელი ღამე თოვდა თურმე. სკოლას გახედა, მისკენ მიმავალი ბილიკი მაინც მოჩანდა, მიხვდა, რომ იქამდე მისვლა არ გაუჭირდებოდა. წამიერად კიდევ ერთხელ გაიაზრა, რომ ეს სამყარო სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, რაც მას ადრე ჰქონდა, საკუთარი არჩევანით კიდევ ერთხელ განიცადა კმაყოფილება. მის გარშემო ბევრს არ ესმოდა, ასე მოულოდნელად რატომ გადაწყვიტა თბილისიდან მაღალმთიან სოფელში გადაბარგება, თუმცა ადამიანებს ზოგჯერ სჭირდებათ ხოლმე რეალობისგან გაქცევა იმისთვის, რომ უფრო კარგად გაეცნონ საკუთარ ფიქრებს, გრძნობებს, სურვილებს და იპოვონ სიმშვიდე იქ, სადაც ქაოსის ადგილი არ არის. სწორედ ეს ადგილი იყო ახალგაზრდა გოგოსთვის ის თავშესაფარი, რომელსაც რამდენიმე თვეა მიჰკედლებოდა.
ჩაიდანი დადგა და დიდ ჭიქაში ყავა და ნახევარი კოვზი შაქარი ჩაიყარა. საწოლი აალაგა, გადასაფარებელი გადააფარა და კარადა გამოაღო, აიღო ტანსაცმელი, რომელიც წინა ღამეს ჰქონდა გამზადებული, ცოტა ფიქრის შემდეგ მაინც სხვა რამის ჩაცმა გადაწყვიტა. სანამ წყალი ადუღდებოდა ,,ფეისბუქი“ ასქროლა, მაგრამ ტელეფონზე ზარი შემოვიდა და სიახლეების ნახვა ბოლომდე არ დასცალდა. ნომერს დახედა, დედამისი ურეკავდა, არ უპასუხა. ამასობაში წყალი ადუღდა და ყავა მოიმზადა, გარეთ გავიდა, თავისი ოთახის აივანზე. ასე უყვარდა თაიას: სიცივეში, სუფთა ჰაერზე სვამდა ხოლმე ცხელ ყავას და თან უშგულის ხედით ტკბებოდა. უკვე ექვსი თვე გასულიყო, რაც ამ სოფელმა ის მიიღო და შეიყვარა. ფინჯანი გამოცალა და სკოლაში წავიდა.
სკოლისკენ მიმავალ გზაზე ფაფუკი თოვლის ხრაშუნს გულაჩქარებული ენგურის ხმა ახშობდა, თაიას შავ მოსაცმელს კი თეთრი ფიფქები დრო და დრო უფრო მონდომებით ფარავდნენ. ციოდა, ყინვა მოძრაობას უფრო მეტად ართულებდა და დასუსხული სახეც ნელ-ნელა ვარდისფრად იღებებოდა. თაიას ცხვირის წვერი გაუწითლდა, მიხვდა, რომ ხელის თითებსაც ვეღარ ამოძრავებდა. შენობასთან მისულმა ქურთუკი თოვლისგან სწრაფად გაფერთხა, ხის კარი გააღო და სკოლაში შევიდა.
- ეს ვინ მოსულა! აი, მე უკვე ყავა დაგახვედრე! მაღალმა, გემოვნებიანად ჩაცმულმა ახალგაზრდამ თაიას ყავა გაუწოდა და ლოყაზე აკოცა. ,,დაბადების დღეს გილოცავ, გაყინულხარ!.“
- ლუკა! მადლობა, დიდი მადლობა. თაიამ თავისებურად გაუღიმა, ყავა გამოართვა, მისი გაქვავებული თითები ცხელ ფინჯანს გარს შემოეკვრნენ, თავად კი ცხრის ნახევარზე უკვე მეორე ჭიქის დალევა დაიწყო.
- აბა, რამდენი წლის გახდი, წამო თან კლასში ავიდეთ.
- ვნახოთ, მათემატიკის მასწავლებელი რიცხვების გამოცნობა-დამახსოვრებაში რამდენად მაგარია და შენ მითხარი, რამდენი წლის გავხდი.
- ოცდარაღაცა, ლუკამ ნიკაპზე ხელი მოისვა.
- რაღაცა.
- ექვსი?
- ექვსიიი? არა, ექვსი არა! ოთხი!
- ესე იგი ოთხი, გამოდის, ხუთ წელში ჩემხელა იქნები.
- კი, მაგრამ შენ დაბერდები იქამდე.
ლუკამ ყავა გამოართვა, წარბები სასაცილოდ შეკრა და უთხრა:
- არა ხარ ღირსი.
თაიამ ხმამაღლა გაიცინა. კლასში შევიდნენ და მიუხედავად იმისა, რომ იქაც ციოდა, გოგომ ფანჯრები მაინც გამოაღო.
- რას აპირებ დღეს? არ აღვნიშნოთ? უთხრა ლუკამ და ფანჯარასთან მდგომს მიუახლოვდა.
- არ ვიცი, არაფერი დამიგეგმავს, აღვნიშნოთ თუ გინდა, ღვინო მაქვს და რაღაცებს მოვამზადებ. ნანა მასწსაც ვუთხრათ, გაგვართობს.
ლუკამ ნანას ხსენებაზე ხმამაღლა გაიცინა. უეჭველი! თქვა და ყავა მოსვა.
- თბილისში როგორ აღნიშნავდი ხოლმე? ჰკითხა თაიას და მერხზე შემოჯდა.
- ძალიან ხმაურიანად, მეგობრებში, ბევრ ხალხში...
- არ გენატრება?
- რა?
- ხმაური, მეგობრები, ბევრი ხალხი.
თაია შეყოვნდა, გულწრფელად დაფიქრდა, მონატრება ვერ იგრძნო ვერც ხმაურის, ვერც ხალხის და ვერც მეგობრების მიმართ.
- არა, არ მენატრება. თქვა და ყავა გამოცალა.
კარი გაიღო და მე-7 კლასელმა ბიჭმა საჩქაროდ მიირბინა ახალგაზრდა მასწავლებელთან.
- დღესაც დამსვით რა ნინისთან მასწ!
- რატომ?
მოსწავლე გაწითლდა, თავი დახარა. ლუკას ჩუმად გაეცინა.
- დამსვამთ მასწ?
- დაგსვავ გიორგი, დაგსვავ.
- მადლობა მასწ.
გიორგი კლასიდან გავიდა. ლუკაც გადიოდა, მაგრამ კარებთან მისული შემობრუნდა და თაიას კითხვა დაუსვა:
- თაია!
- ხო, რა ხდება?
- სამასწავლებლოში შენთან დამსვამთ მასწ?
- თუ კარგად მოიქცევი... თქვა და მხრები აიჩეჩა.
დროებით! მიაძახა ლუკამ და კლასდან გავიდა. თაიამ ფანჯრები დახურა და მე-7 კლასელებმაც ხისგან დამზადებული ძველი მერხები სწრაფად შეავსეს. ისევ თოვდა...
***
თაია უშგულში ექვსი თვის წინ ჩავიდა. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარა და იმ პროგრამაში ჩაერთო, სადაც ახალგაზრდა, ენერგიულ მოხალისეებს მაღალმთიან სოფლებში უშვებდნენ მასწავლებლებად. ბევრი სარგებელი და კარგი ანაზღაურება შესთავაზეს, თუმცა სოფელში ხელფასის გამო არ გადასულა. თაიას თავად არც უშგული აურჩევია, ასე განაწილდა. როცა შედეგები გამოაცხადეს და ყველა დეტალის ოფიციალურად გაფორმება დაიწყეს, კონტრაქტს ზედაპირულად გადახედა და რაღაც ახლის მოლოდინზე ფიქრში გართულმა, უსიცოცხლოდ მოაწერა ხელი.
როცა სოფელში ჩავიდა ღამე იყო, გვიანი, ამიტომ დიდად არაფერი ჩანდა. გარეთ მასპინძელი დახვდა, ანუ იმ სახლის პატრონი, სადაც ის იცხოვრებდა. სახლი დიდი იყო, ორსართულიანი. მასპინძლის გადაწყვეტილებით თაია მეორე სართულს დაიკავებდა. სახლის პატრონი ძალიან თბილი მოხუცი ქალბატონი აღმოჩნდა, მის დანახვაზე, წამიერად თაიას ბებო მოაგონდა. ქალბატონი ეთერი, უფრო სწორად, ეთერი ბებო სტუმარს თავისი ოთახისკენ გაუძღვა. ,,დაალაგე ბარგი ბებო და მერე ჩაი და კუბდარი მივირთვათ”, უთხრა. თაიამ მორცხვად გაუღიმა, მგზავრობით ძალიან იყო დაღლილი და მიხვდა, მართლაც მოშიებოდა. სახლს თვალიერება დაუწყო. საუცხოოდ ლამაზი და დიდი სახლი იყო, ახალაშენებულს არ ჰგავდა, მაგრამ არც დაძველებული და მოუვლელი ჩანდა. მარტივად მიხვდა, რომ ეთერი ბებო პირველ სართულზე ცხოვრობდა. ყველა ოთახში შუქი ენთო, ყვითელი განათება სახლს ცოტა ძველ იერს აძლევდა. მისაღებ ოთახში ტელევიზორი იყო ჩართული და რაღაც თურქული სერიალი გადიოდა, სამზარეულოს კარი - დაკეტილი. ეთერი ბებო კიბეებს აუყვა, თაია უკან გაჰყვა. მეორე სართული უფრო მეტად მოწესრიგებული იყო, ზედმეტი ნივთების გარეშე. ეტყობოდა, მუდმივად იქ არავინ ცხოვრობდა. განათებაც სხვანაირი გაეკეთებინათ, თეთრი. თაიას ოთახს აივანი ჰქონდა, ამან ძალიან გაახარა. ჩემოდანი თავისუფალ ადგილას დადო და ეთერი ბებოს ნაბიჯნაბიჯ გაჰყვა, ქალმა მას სახლის ყველა კუთხე აჩვენა, თავისი ოთახიც დაათვალიერებინა. სწორედ ამ მომენტში გაიაზრა თაიამ, რომ იწყებოდა რაღაც ახალი, ძველისაგან სრულიად განსხვავებული ცხოვრება და წამიერად შიში იგრძნო - არ უნდოდა თავი გარიყულად, მარტოდ ეგრძნო, წამიერად შიშმაც აიტანა. ფიქრებმა მალე გაუარა, გარშემო დადებითი აურა ტრიალებდა, სახლშიც კარგი სუნი იდგა. თაიას უცნაური ჩვევა ჰქონდა, იმახსოვრებდა ყველას და ყველაფრის სურნელს და მუდმივად იმას ამტკიცებდა, რომ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა მის სურნელზე აისახება. ვერ იტანდა, როცა მის გარშემო ვინმეს ზედმეტად მძაფრი სუნამო ესხა, რადგან მიიჩნევდა, რომ ამგვარად ადამიანი საკუთარ სურნელს კარგავდა და თუნდაც ძვირადღირებული საპკურებელი მას სიყალბესა და ხელოვნურობას მატებდა.
- რაო, რა მქვიაო გენაცვალე?
- თაია, ქალბატონო.
- რა კარგი ხარ.
- გოგონამ ხმამაღლა გაიცინა.
- წამო გენაცვალე, ჩაი დავლიოთ, კუბდარიც გამოგიცხე, ხო მოგშივდა.
- მომშივდა ქალბატონო, არ მოგატყუებთ.
- ეთერი.
- ბატონო?
- ეთერი მქვია, აქ უნდა იცხოვრო, ჩემს სახლში, ეთერი ბებო დამიძახე.
- კიბატონო.
ეთერი ბებომ გოგონა სამზარეულოში შეიყვანა. იქ სასიამოვნო სუნი ტრიალებდა, ისეთი, მხოლოდ ქართველ ბებოებს რომ შეუძლიათ დაატრიალონ. ფუსფუსის, უამრავი წლის მანძილზე შეძენილი გამოცდილების, სიყვარულის, ზრუნვისა და იმ სტუმრის მოლოდინის სურნელი, რომელიც მარტოობას დროებით მაინც ჩააბარებს წარსულს. თაიას მისვლამ ეთერი ბებოს მარტოობა გაუქარწყლა. ქალი კმაყოფილი ჩანდა, გოგო პირველივე შეხვედრიდან მოეწონა, მისი კითხვებით შეწუხება არ უნდოდა, რადგან ხვდებოდა, რომ სასაუბროდ ისედაც ბევრი დრო ექნებოდათ. ჩაი დალიეს და ეთერმა ფრთხილად და თავშეკავებულად წარმომავლობა და განათლება გამოჰკითხა. მრგვალი კუბდარი ოთხ დიდ ნაჭრად დაიჭრა, ჩაის ორი დიდი ფინჯანი დაცარიელდა, ორმა სრულიად უცხო ადამიანმა ერთმანეთს ტკბილი საღამო მიუძღვნა და სვანეთის ერთ მშვიდ სოფელში დიდი და პატარა ადამიანების ფასდაუდებელი მეგობრობა დაიწყო.
გათენდა, თაიამ როცა გაიღვიძა მის ოთახში უკვე სინათლე შემოსულიყო. ადგა თუ არა აივანზე გავიდა და უშგულის სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. წამიერად თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ეჭვები გაუქარწყლდა, რადგან ქაოსური ცხოვრებიდან სრულ ჰარმონიაში აღმოჩენილი მიხვდა, რომ წუხელ რეალობაში დაძინებულმა დღეს არარეალურ სამყაროში გაიღვიძა. მის თვალწინ სამოთხის ხედი იშლებოდა: ამაყი მთები ყველა მხრიდან გარს ეკვრნენ ამ პატარა დასახლებას. შხარა, როგორც მთათა მთა ყველას ზემოდან დაჰყურებდა და თითქოს მფარველობას უწევდა ყველაფერს, რასაც ეს მიწა და ცა მოიცავდა. სვანური კოშკები მდუმარედ იდგნენ, ენგური ყრუდ ხმაურობდა, ჩიტები თავხედურად, გაუჩერებლად ჭიკჭიკებდნენ, ახალგაზრდა ბიჭები კი ცხენებს დააჭენებდნენ და ერთმანეთს უცნაური შეძახილებით ამკობდნენ.
- ჩაი დავლიოთ თუ ყავა, გენაცვალე? დაბლიდან ამოსძახა ეთერმა.
- არ მინდა შეგაწუხოთ, ჩამოვალ და მე მოვამზადებ.
- წყალი უკვე დავადგი, შენ მითხარი რომელი გინდა და მალე მზათ იქნება, არ მაწუხებ. ჩამოდი!
- მოვდივარ, უთხრა თაიამ ახალ მეგობარს და სახლში შებრუნდა.
***
თაიას დაბადების დღის აღნიშვნა სასიამოვნო და შინაურულ გარემოში მოხდა. სკოლიდან დაბრუნებულმა იფიქრა, ჩანთას დააგდებდა და რამეს მოამზადებდა ლუკა და ნანას მისვლამდე, მაგრამ გეგმები წყალში ჩაეყარა. ეთერი ბებოს ყველაფერი მოემზადებინა. სანამ თვითონ სკოლაში ინგლისურის გაკვეთილებს ატარებდა, ქალს ტორტიც გამოეცხო.
- ეთერ, ჩემი ოქრო ხარ ეთერ, ეს საიდან? როგორ? უთხრა და მასთან ახლოს მივიდა, ლოყაზე აკოცა.
- რა გეგონა გენაცვალე, უტორტოდ დაგტოვებდი? ლუკას ველოდებით?
- ლუკას და ნანას, უთხრა გოგომ, ხაჭაპურის ერთი ნაჭერი აიღო და ფეხზე მდგომელმა ჭამა დაიწყო. თან მაცივარი გამოაღო, ათვალიერებდა, ამოწმებდა კიდევ რა მოუმზადა მზურველმა მეზობელმა.
- ეგ ნანა მაგარი გყავთ, როგორ გაგვაცინებს ხოლმე.
- ნანა ძაან მიყვარს, სკოლაშიც მაგრად გვართობს.
- რამდენი წლისაა ეგ გოგო?
- ოცდაცამეტის, თუ სწორად მახსოვს.
- გასათხოვარია?
- ეთერ, როგორ გიყვარს ჭორაობა ქალო. გასათხოვარია, მოდი ერთი კარგი სვანი ბიჭი გავურიგოთ.
- აბა ვინა, გახსენდება ვინმე?! ეთერმა წარბები შეკრა.
- მე ვინ უნდა გამახსენდეს, შენ იცნობ აქ ყველას. მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს.
- აბა?
- სიგარეტს რო ეწევა მაგას რა ვუშველოთ? არ დაიწუნებენ? თქვა თაიამ და თან გაეცინა, ეთერის გამომეტყველებას დაელოდა.
- უიმე, მართლა ეწევა? ისე შეიცხადა ქალმა, გეგონება ომში ღალატის ამბავი ამცნესო.
- ხო აბა! მერე რა, ისე კარგი გოგოა.
- არა აი ეგ რასა ცვლის მარა მაინც, რათ უნდა, რათ ეწევა...
- ქალია და გუნებაო.
- ერთი შენა ხარ კიდე, მომაწოდე ეგ თასი, მწვანილი ჩავაჭრა მიდი, ეუბნება ეთერი. მიხვდა, რომ გოგონა ელაზღანდარებოდა.
- თაია, გენაცვალე.
- ხო.
- იმან არ მოგილოცა?
- არა ეთერ, არ მომილოცა.
- ეგ არაფერი გენაცვალე. შენც არ მიულოცო.
გოგოს ეთერის რჩევაზე გულწრფელად გაეცინა, რა საყვარელიაო, გაიფიქრა, მაგრამ მისთვის აღარაფერი უპასუხია. საღამოს ექვს საათზე სტუმრები მოვიდნენ. ბუხარი გიზგიზებდა, მის წინ მრგვალ მაგიდაზე ნამდვილი ქართული, სვანური სუფრა იყო გაშლილი. ცივი შავი ღვინო, ჭრელი მწვანე თეფშები, ალუმინის დანა-ჩანგალი ამოტვიფრული ორნამენტებით, ყვითელი განათება, ბევრი წიგნი, გარეთ თოვა და დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკა იქაურობას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა. სტუმრები სუფრას შემოუსხდნენ, ლუკამ თამადობა ითავა და სასმისების ღვინით შევსება გადაწყვიტა. ,,კარგი ცივია“, თქვა და ქალებს ჭიქები გამოართვა.
ლუკა ბევრ საკითხში ერკვეოდა, თუმცა ყურადღების ცენტრში უპირველესყოვლისა თავისი გარეგნობით ექცეოდა ხოლმე. სახე ოვალური ფორმის ჰქონდა, პროპორციული. ოდნავ კეხიანი, მაგრამ პატარა ცხვირი, მრგვალი, სქელი ტუჩები. როცა იცინოდა წინ გამოწეული და ძალიან ლამაზად ჩამწკრივებული კბილები უჩანდა ხოლმე. მუდმივად ულვაშს ატარებდა და წაბლისფერი ტალღოვანი თმა თვალებზე ქონდა ხოლმე ჩამოფარებული. მაღალი იყო, სკოლაში კლასიკურად იცვამდა და პერანგზე გადაცმულ სვიტრში მისი სხეული კარგად გამოიკვეთებოდა ხოლმე. თუ დასცხებოდა სვიტრს გაიხდიდა და პერანგით ატარებდა დანარჩენ დროს. სახელურების აკეცვა უყვარდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაცას წერდა. ამ დროს მუდმივად სერიოზული იყო და წარბებს კრავდა, როცა ვინმეს ესაუბრებოდა ხელში მუდამ კალამს ათამაშებდა. ნელა საუბრობდა და ადამიანებს ყოველთვის თვალებში უყურებდა. ხშირად ხუმრობდა, მიმიკები არ ეცვლებოდა ხოლმე, ამიტომ ზოგჯერ გვიან ხვდებოდნენ, რომ იხუმრა. ლუკას ბავშვობა სვანეთში ჰქონდა გატარებული, შემდეგ თბილისში წავიდა სასწავლებლად, მაგისტრატურაზე ბრიტანეთში ჩააბარა, ედინბურგის უნივერსიტეტში და რამდენიმე წლით იქ ცხოვრობდა. სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და გადაწყვიტა, განათლების სამინისტროში დაეწყო მუშაობა, მაგრამ მალე გაიგო, რომ სვანეთისთვის მასწავლებლებს ეძებდნენ და გადაწყვიტა, სამშობლოსთან განშორებით დაღლილს საკუთარი თავისთვის შესვენება მოეწყო და ერთი წლით უშგულში მშვიდად ემუშავა. ეს მხარე მისი იყო, უყვარდა სვანეთის ყოველი კუთხე და კუნჭული, აქ ყველაფერს ისე უფრთხილდებოდა, როგორც ჩვილს ზედმეტად მზრუნველი დედა.
ლუკა მთელი საღამო სასიამოვნო და სასაცილო ამბებს ყვებოდა, მას ნანაც აჰყვა. ის სკოლაში გამორჩეული იყო თავისი ენერგიით და ენამოსწრებულობით. ზოგჯერ ისეთ რამეს იტყოდა ხოლმე, თვითონაც უკვირდა, ეს აზრი საიდან მომივიდა თავშიო. ყველას ამხიარულებდა, უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ზოგჯერ სხვებსაც ღლიდა თავისი მოჭარბებული ენერგიით, მაგრამ სამაგიეროდ გულწრფელი იყო, სხვები თუ თავს შეიკავებდნენ, ნანა მუდამ იტყოდა იმას, რაც აწუხებდა, თუნდაც უხეშად და უტაქტოდ გამოსვლოდა, რაც ზოჯერ ასეც ხდებოდა. ლუკა და ნანა ხშირად კამათობდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც რიგდებოდნენ ხოლმე.
ეთერი ბედნიერი იყო, სიბერეში ასეთი მხიარული, ენერგიული, საინტერესო მეგობრები რომ შეიძინა. როცა საშუალება ჰქონდა, მთავრობას აქებდა: ,,ეს რაკარგი რამე მოიგონეს, ეს რა გოგო გამომიგზავნესო“. ყველაზე მეტად მადლიერი მაინც თაიასთვის იყო.
- მანდილოსნებო, ხომ იცით, ეს სადღეგრძელო ყველაზე მეტად რომ მიყვარს. თქვა ლუკამ თავისი დამაჯერებელი ხმით და ჭიქა მარჯვენა ხელით ოდნავ ზემოთ ასწია. თქვენ ხართ სამყაროს მამოძრავებელი ძალა და თქვენ ხართ მზე, რომელიც დედამიწას ანათებს და ათბობს, უთქვენოდ ვერაფერი იარსებებდა. ეთერის ამ შედარებაზე გაეცინა, ლუკაც იღიმოდა.
- ესე იგი ეხლა ვარსკვლავიც ვარ, უთხრა ნანამ.
- ვარსვლავი ხარ მაშ რა ხარ! უშგულის სკოლის ვარსკვლავი ხარ. ყველა შენზე ლაპარაკობს.
- ხო?
- აბა!
- რაო, რას ამბობენ?
- რას აბობენ და ელოდებიან, როდის გათხოვდები. დაისვენოს და დაგვასვენოს ჩვენცაო, ისევ გაიცინეს. ნანა ოცდაცამეტი წლის იყო და გასათხოვარი, სოფელში კი ამ ასაკის გაუთხოვარი ქალი ,,დარჩენილად“ ითვლებოდა. ამას რომ იგებდა, თვითონაც ხალისობდა, სერიოზულად არასდროს მიუღია.
- ჯერ შენ მოიყვანე ცოლი პატარა ბიჭო, შენი დარდი რო აღარ მექნება მეც მეშველება რაღაცა.
ეთერი სტუმრებს უსმენდა და ახალგაზრდების კინკლაობაზე ხალისობდა. სუფრას შეავსებდა ხოლმე, დროდადრო. თაია ცდილობდა ეთერი ფეხზე არ ამდგარიყო და თავად მომსახურებოდა მეგობრებს, მაგრამ ქალი არ ანებებდა: ,,დაჯექი გენაცვალე მე სხვას რას ვაკეთებო“. ლუკას ეთერი ძალიან უყვარდა, ქალიც კარგად იყო განწყობილი მის მიმართ, განსაკუთრებით მისი სიმპატია ლუკას ბრიტანულმა განათლებამ დაიმსახურა. თაიას ეტყოდა ხოლმე ხუმრობით, ხელიდან გასაშვები ბიჭი არ არისო, გოგონა კი ამაზე გულიანად გადაიკისკისებდა ხოლმე, მაჭანკლობას ვერ ეშვები ეთერ, ვერაო.
უკვე ქართულ პოლიტიკას განიხილავენ, კარგად შემთვრალები იყვნენ. თაიას მობილურმა დარეკა, ის კი უკვე არავის ზარს აღარ ელოდა. ტელეფონს დახედა, უცხო ნომერი რეკავდა. სახლში ხმაური იყო, ამიტომ გარეთ გავიდა.
- მადლობა მოლოცვისთვის, ღამემშვიდობის. პასუხს არც დაელოდა და გაუთიშა. კმაყოფილება იგრძნო. ლუკას არაფერი უკითხავს, მაგრამ ძალიან დააინტერესა, ვინ ურეკავდა.
სტუმრები წავიდნენ. ,,შენ წადი ეთერ, დაიძინე, მე მივალაგებ,“ უთხრა თაიამ ქალს, თუმცა მანდ გოგო მარტო არ დატოვა. ჭურჭელი გარეცხეს, სუფრა აალაგეს, ჩაი დალიეს, ცოტა ისაუბრეს და დაიძინეს.
***
ზარი დაირეკა, ოთახში მეშვიდე კლასელები შევიდნენ, გიორგი და ნინი ერთად დასხდნენ. თაიას მათ დანახვაზე გაეღიმა. გადაწყვიტა, იმ დღეს მოსასმენ დავალებებზე ემუშავა მოსწავლეებთან. კლასში ხუთი ბავშვი იყო. ეს კენტი ციფრია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთი მათგანი მაინც ყველა გაკვეთილზე მარტო უნდა მჯდარიყო წესით, მაგრამ ეს ასე არ ხდებოდა. მერხებს ერთმანეთს მიადგამდენ ხოლმე, ისე, რომ თავი მარტოდ არავის ეგრძნო.
გიორგიმ ნინის ჩანთა გახსნა და შიგნით ოთხად გადაკეცილ ფურცელი ისე ჩააგდო, რომ ვერავის შეემჩნია. თაიამ ყველაფერი მაინც დაინახა, მაგრამ სიტყვა არ უთქვამს. მოსწავლეებმა წიგნები გადაშალეს და სავარჯიშოს მოსმენა დაიწყეს. წიგნებს ჩასჩერებოდნენ და ცდილობდნენ, სავარაუდო პასუხებიდან სწორი ეპოვათ. ზოგჯერ ერთმანეთის ნამუშევრებშიც იხედებოდნენ, რომ გადააემოწმებინათ, ვინმეს განსხვავებული პასუხი ხომ არ ჰქონდა შემოხაზული. გაკვეთილის დასრულებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი, ლუკა კლასში შევიდა. ტრადიციულად, ყავით ხელში, ის თაიას მაგიდაზე დადო და ბავშვებს დაუწყო ყურება. შეამჩნია, რომ გიორგი და ნინი ერთად ისხდნენ და თავის მეგობარს ღიმილით შეხედა, მერე ტუჩები ზემოთ ასწია და მათზე მიანიშნა, თაიასაც გაეღიმა. გაკვეთილი დასრულდა და მეშვიდეკლასელები შესვენებაზე გაიქცნენ, თაია და ლუკა კი მარტონი დარჩნენ.
- აი ესენი მთელს სკოლაში ყველა მოსწავლეზე მეტად მიყვარს, თქვა ლუკამ.
- მეც, ძაან კარგები არიან.
- ხო, ეს გიორგი მაგარი ვინმეა, მომწონს, თამამია და გაბედული. პირველი სიყვარული, თქვა ლუკამ და თაიას შეხედა, შემდეგ განაგრძო: მეც მიყვარდა ერთი გოგო სკოლაში, მეხუთე კლასში. ძალიან გრძელი თმები ჰქონდა, ხოდა ერთხელაც გავიგე რო ჩემ კლასელსაც ყვარებია. მივედი და ვკითხე, რატო გიყვარს მეთქი, იმანაც გულწრფელად მიპასუხა, ყველაზე ლამაზი თმები აქვს და მაგიტომო. ხოდა იმავე დღეს, შრომის გაკვეთილზე მაკრატელი ავიღე და თმა მოვაჭერი, ზურიკოს აღარ ეყვარება მეთქი. საწყალმა იმდენი იტირა... მერე დედამისი მოვიდა სკოლაში, მასწავლებელს უთხრა ამ უზრდელის წინ აღარ დასვა ჩემი შვილიო. აი რატო ვიყავი უზრდელი?! დღემდე ვერ ვხვდები.
- რა ქენი? თაიას ხმამაღლა გაეცინა. მეც მყავდა სკოლაში შეყვარებული, სულ ერთად ვისხედით ხოლმე. მგონი მეექვსე კლასი იყო. ერთხელ მათემატიკის გაკვეთილზე თავისი დაწერილი ურითმო ლექსი წამიკითხა, ისე შემრცხვა, არ ვიცოდი რა მეთქვა. ის კიდე პასუხს ელოდებოდა, მერე მივუტრიალდი და ვუთხარი: ,,ბოდიში, მასწავლებელს ვუსმენდი, ვერ გავიგე რა მითხარი მეთქი“. მაგის მერე ორი დღით სხვა გოგოსთან დაჯდა. ძალიან მეწყინა.
ლუკას ჩაეცინა, ხელში ,,კუბიკი-რუბიკი“ ეკავა და თან იმას ათამაშებდა.
- წავედით, იწყება შეკრება, თქვა და ფეხზე წამოდგა. ,,ან რა შეკრება ჩვენ გვინდა ხუთი ცალი ვართ მგონი.“ ლუკამ კარი გამოაღო, ჯერ თაია გაატარა და მერე თავად მიჰყვა მას. სიცილით გავიდნენ კლასიდან.
***
სვანეთში გადასვლამდე სამი წლით ადრე, თაიამ მაგისტრატურაზე ჩააბარა თუ არა, პანდემია დაიწყო, ამიტომ მას მთელი კურსის გავლა ონლაინ მოუხდა. მუშაობაც სახლიდან უწევდა. გადაწყვიტა, ხმაურიან და ქაოტურ ქალაქს გასცლოდა და ბებოსთან გადავიდა, სიღნაღში. თაიას მუდმივად ჰყავდა მეგობრები, მის ცხოვრებაში ჩნდებოდნენ და იკარგებოდნენ ადამიანები, მას კი ეს არ აწუხებდა. ადამიანების გაცნობა არ უჭირდა, მაგრამ მარტივად ვერავის უმეგობრდებოდა, მათი დაკარგვა კი იოლი იყო. რატომღაც, თითქოს სამყარო ცდილობდა მის გარშემო ხალხის რაოდენობა დააბალანსოსო, ყოველ გაცვეთილ და გაფერმკრთალებულ ურთიერთობას ახალი მოსდევდა ხოლმე, ფერადი და თავგადასავლებით სავსე. შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროით მოსულიყო, მაგრამ მაინც მოდიოდა და რჩებოდა მანამ, სანამ ამ სიცარიელეს სხვა არ შეავსებდა. ერთხელ, ბავშვობაში ბებომ უთხრა: ,, ადამიანების მიმართ ან სიყვარული უნდა გაგაჩნდეს, ან არაფერი სხვაო. თუ ვინმე შენს სიყვარულს ვერ დააფასებს, უბრალოდ დაივიწყე ეს ადამიანი და ეცადე, თუ ოდესმე გაგახსენდება, მაშინაც მხოლოდ კარგი გაიხსენო მასზე, ჩვენს გულებში სიძულვილის ადგილი არ არის, ეს გრძნობა იმ დამპალი ხილივითაა, რომელიც ადრე თუ გვიან სხვა, ჯანსაღ ნაყოფსაც გააფუჭებსო.“
თაიას განმარტოებაც უყვარდა, ყველასგან და ყველაფრისგან დასვენება. ერთხელ, მეცხრე კლასში, ოჯახს გამოუცხადა ,,სულიერი დასვენება“ მჭირდებაო და სკოლას ორი კვირით აცდენდა, დეიდასთან იყო წასული მცხეთაში. იმიტომ არა, რომ სკოლის გაცდენა უნდოდა, ან სწავლა ეზარებოდა, არა, უბრალოდ ასე მოისურვა და თავს უფლება მისცა, ორი კვირით ,,სულიერად დაესვენა“. პანდემიის დროს მიღებული შეზღუდვებიც მის წისქვილზე ასხამდა წყალს. სეირნობდა განმარტოებით, უსმენდა მუსიკას, ხალხს იშვიათად ეკონტაქტებოდა და ბევრს კითხულობდა. მუშაობდა დიდ ვერანდაზე, ყავას სვამდა და თან სიყვარულის ქალაქის ხედებით ტკბებოდა ხოლმე.
- ჯანდაბა, ყავა აღარ ყოფილა, აღარც შაქარი.
- ბე, რამე გინდა შენ?
- ჰა? შორიდან დაიძახა ნინია ბებომ.
- რამე გვინდა სახლში? მაღაზიაში უნდა გავიქცე, ყავა აღარ ყოფილა.
- კარაქი, კარაქი წამოიღე. აღარ არის. მოხუცი ქალი ოთახში შემოვიდა.
- დარეკა დედაშენმა? ჰკითხა შვილიშვილს.
- არა, მოკლედ მოუჭრა მან.
- ჩამოსულიყო სანამ სულ ჩაკეტილა თავის გამოყრუებულ თბილისში, რას აკეთებს, იქ რაუნდა. ცხვირს ვერ გაყოფს გარეთ, ეზოა, უბანია, სუფთა ჰაერია, რა იჯობიან აქაურობას. იძახის ნინია ბებო და თან სიამაყით თავის მოვლილ არემარეს გადაჰყურებს.
- რავი ბებო, დაიკიდე რა. არ უნდა და ნუ უნდა. სულ ნუ ჩამოვა.
- დაგკიდებ მე შენა! უზრდელო, რა სიტყვებია რა გამოთმებსაი ხმარობ ან ვინ გასწავლა ან სად გაიგე.
თაიას ხმამაღლა გაეცინა. უყვარდა ხოლმე ნინიას გაბრაზება, გამოჯავრება.
- კარაქი ხო?
- ჰო ჰო კარაქი მეთქი.
ქუჩები ცარიელი იყო. გოგო სუპერმარკეტში შევიდა და კალათა აიღო. ყიდულობდა ყველაფერს, რაც მოსწონდა. საბოლოოდ ბევრი რაღაც მოუგროვდა.
- ჯანდაბა! ისმის ყვირილი და მსხვრევის ხმა. ერთმანეთის მოყოლებით ცვივა ძვირადღირებული ღვინის ბოთლები დახლიდან.
ხმაურზე მოლარეები გამოცვივდნენ, იატაკი სველია, ძირს შუშის ნამსხვრევები ყრია. თაია გაყინული დგას, ხვდება, რომ მისი მოუხერხებლობა საჯაროდ კიდევ ერთხელ დაამტკიცა. დახლისკენ ტრიალდება და ღვინის ბოთლების ფასებს უყურებს. 20, 26,30, 50... ხვდება, რომ ყველაფრის გადახდა თავად მოუწევს.
- რამდენი ბოთლი გატყდა? დაიძახა მენეჯერმა.
- შვიდი. გოგონას ტანში გასცრა. შვიდი ბოთლი ღვინო გატეხა. უცებ მათემატიკურ გამოთვლებს იწყებს გონებაში, ცდილობს დათვალოს რამდენის გადახდა მოუწევს ზარალის ანაზღაურებისთვის. ბევრი გამოდის.
- ბოდიშს ვიხდი, ბოდიში. შემთხვევით, ვერ დავინახე როგორ... სალაროსთან გადავიხდი, დამითვალეთ. თან ფიქრობს, კიდევ კარგი ხელფასი გუშინწინ ჩამერიცხა, როგორ შევრცხვებოდი ფული თან რომ არ მქონოდაო.
სალაროსთან მიდის და საფულეს ხსნის, ეშინია ეკრანს ახედოს, იცის დიდი რიცხვი დახვდება. არადა, თანხა სხვა რამისთვის ჰქონდა გათვლილი. ბარათს იღებს საფულიდან, მაგრამ სანამ გაატარებს ტერმინალი დროზე ადრე ,,წკარუნობს“. უკან იხედება და მაღალ ახალგაზრდას ხედავს. შემდეგ ისევ ეკრანს შეხედა, 220 ლარი.
- არა, არა, ასე არ გამოვა, თავიდან გავატაროთ, ეუბნება მოლარეს. დიდი მადლობა, მაგრამ არ არის საჭირო.
მოლარე იბნევა და თავის კოლეგას ღიმილით გადახედავს, არ იცის რა ქნას.
- გოგონა, გადაიხადეს უკვე... იძახის და მხრებს იჩეჩავს, ახალგაზრდა ბიჭი იღიმის.
- ხალხი გველოდება, არაფერია, ჩათვალე, ღვინოზე დაგპატიჟე. იძახის ჯენტლმენი და თან განცვიფრებას იწვევს რიგში მდგომ შუა ხნის ქალბატონებში, რომლებიც დიდი ხანია იძახიან, რომ ,,მსგავსი ახალგაზრდები აღარ არსებობენ“.
- შვიდი ბოთლი ღვინო ნამეტანი მოუვა, დათვრება ქაა, იძახის რიგში მდგომი მოხუცი კახელი ქალბატონი და ყველას ეცინება მოლარეების ჩათვლით.
- გაიარე გენაცვალე, დაგპატიჟა ყმაწვილმა, წამოიძახა რომელიღაც მამაკაცმა.
თაიას შერცხვა. არ იცოდა რა ექნა. დიდი მადლობაო, ბიჭს შეხედა და გარეთ გამოვიდა. კართან დადგა და დაელოდა, სანამ ისიც გამოვიდოდა.
- მართლა არ იყო საჭირო, მადლობა, მაგრამ არ იყო საჭირო.
- უსასყიდლოდ არ გამიკეთებია.
- ეგ როგორ? იღიმის თაია.
- შვიდი ბოთლი ღვინო გექნება ჩემი ვალი.
- დამელოდე, ვიყიდი და გამოგიტან, უთხრა გოგომ, მაგრამ ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია.
- ახლა არ მინდა, სხვა დროს იყოს.
- იყოს! უნებურად იძახის თაია, თან უკვირს, ასე მარტივად რომ თანხმდება.
ალბათ მასზე ჯენტლმენობამ იმოქმედა. არა, მხოლოდ ჯენტლმენობა არაფერ შუაშია. ეს ბიჭი საკმაოდ კარგი აღნაგობის ახალგაზრდა იყო. მაღალი, სავსე მკლავებითა და განიერი მხრებით. მოკლე, ხვეული თმა ჰქონდა და კულულები შუბლზე ეყრებოდა, მაგრამ სახის ნაკვთები კარგად უჩანდა. სწორი, სქელი ცხვირი ჰქონდა და გამოყვანილი ყვრიმალები. თვალები თაფლისფერი, ხმა საუცხოო. ,,ნაიკის“ სპორტული შარვალი ეცვა, ბოტასები და დიდი ზომის თეთრი ჰუდი, რომელიც ძალიან უხდებოდა. ცოტა რუჯი ჰქონდა.
- სახლამდე მიგატანინებ.
- რას მიმატანინებ?
- რავიცი, რა იყიდე აბა ვნახოთ. ბიჭმა საყიდლებით სავსე ნაჭრის ჩანთა გამოსწია, შიგნით ჩაიხედა და პროდუქტებს ჩამოთვლა დაუწყო.
რა თავხედობაა! გაიფიქრა გოგომ და ჩანთა წაართვა.
- იყოს, ჩემით წავიღებ.
- დროებით.
- ნახვამდის.
ერთმანეთს დაემშვიდობნენ და მათი გზებიც გაიყო, საპირისპირო მიმართულებით წავიდნენ. ოროდე წუთის შემდეგ ჯენტლმენი თაიას დაეწია, ეტყობოდა, მორბოდა. გზა გადაუღობა და გააჩერა.
- რა ხდება?
- დამავიწყდა მეკითხა, რა გქვია?
თაიას თავისებური სიცილი წამოხდა. ძალიან ხმამაღლა, გულიანად გაიცინა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
- თაია.
- ალექსანდრე, უპასუხა ბიჭმა, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
- ღამემშვიდობის, ალექსანდრე.
- ძილინებისა.
- კიდევ თუ რამე კითხვა გაქვს მკითხე, ცოდო ხარ, რო აღარ ირბინო, თაიამ ხუმრობა სცადა.
- არა, დავასრულე, ძალიან სერიოზულად უპასუხა ბიჭმა.
ალქსანდრე უკან გაბრუნდა, თაიამ გზა განაგრძო.
- გოგონა, პირბადე! პატრულის თანამშრომელმა თაიას მანქანიდან გადმოსძახა.
მან თვალები გადაატრიალა და პირბადე გაიკეთა. იმ ღამეს თაია ძალიან ბევრს ფიქრობდა. გონებიდან ვერ იგდებდა სახეს, რომელიც თითქოს ვიღაცას აგონებდა, მაგრამ ვერ იხსენებდა ვის.
- ეს ალექსანდრე, საიდანღაც მეცნობა... ესაუბრებოდა თავის თავს და ძალას ატანდა, ცდილობდა, გაეხსენებინა საიდან.
იხსენებდა ამ ადამიანის ხმას, სიარულის სტილს, წარბებს, თვალებს. ყველაზე მეტად ხმა ეცნობოდა. ცდილობდა გაეანალიზებინა, რამდენი წლის იქნებოდა და სად შეიძლებოდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. სამსახურში-არა, უბანში-არა, მეგობრებთან, საერთო წრეში რომ შეხვედროდა უეჭველად დაამახსოვრდებოდა, ფაქტი იყო, აქაც-არა! ტელეფონი აიღო და ,,ფეისბუქზე“ ალექსანდრე ჩაწერა, იმედი არ ჰქონია, რომ რამე საინტერესოს იპოვიდა, რამდენი ალექსანდრე არსებობს, ალბათ ათასობით, ან უფრო მეტი. უაზროდ სქროლავდა, რამდენიმე პროფაილზე გადავიდა, მაგრამ აქაც ვერაფერი ნახა. შეეშვა სავარაუდო წარსულის ქექვას, მაგრამ ფიქრებმა მაინც მომხდართან მიიყვანა. ,,როგორ შევრცხვი!“ ფიქრობს... ახსენდებოდა, როგორ დაეჯახა დახლს და გადმოყარა ღვინის ბოთლები იქიდან. შემდეგ მსხვრევის ხმა, ხალხის უეცარი ყურადღება, ,,ღმერთო, როგორ შევრვხვი“, ისევ ამას ფიქრობს. ტელეფონი აიღო და თავის დაქალს დაურეკა ახალი ამბების მოსაყოლად. იმან მომხდარზე იხალისა, შემდეგ გამოჰკითხა, ბიჭი როგორ გამოიყურებოდაო და ბოლოს ისევ: ღვინის ბოთლების ამბავზე ბევრი დასცინა.
***
თაია პირველ კურსზე იყო, როცა ერთ სამშაბათ დღეს, ლექციების დამთავრებისთანავე, ჯგუფელებს დაემშვიდობა თუ არა, ავტობუსისკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა, რადგან ბევრი დრო არ ჰქონდა: ტანსაცმელი უნდა გამოეცვალა, მომზადებულიყო და პაემანზე წასულიყო. გაჩერებაზე მდგომს თავისი კურსელი ბიჭი დაეწია. სასწავლო წელი იწურებოდა და ბოლო კვირა პრეზენტაციებსა და კვლევებს ეთმობოდა. მათ, ვინც გუნდურად მუშაობდნენ, საქმე განაწილებული ჰქონდათ, თუმცა იყვნენ ერთეულები, რომლებიც თავიანთი გრაფიკიდან გამომდინარე, მარტო ასრულებდნენ დავალებას და თაიასთან ერთად გაჩერებაზე მდგომი ახალგაზრდაც სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა.
- თაია გამარჯობა! დაიწყო საუბარი ჯერ კიდევ მაშინ, სანამ გოგოს მიუახლოვდებოდა. თაია მისკენ მოტრიალდა.
- გამარჯობა, თქვა და წარბები შეკრა იმ იმედით, რომ მის გამომეტყველებაში უცნობი ბიჭი სიტყვებს: ,,ვერ გიცანი“ ამოიკითხავდა.
- შენი კურსელი ვარ, სხვა ჯგუფში ვსწავლობ, რამდენიმე ლექციას ერთად ვესწრებით. შენი დახმარება მჭირდება, თან ძალიან.
- რაში გჭირდება ჩემი დახმარება?
- ხო იცი, ბოლო კვირაა, პრეზენტაციებს დიდი ქულა ეთმობა, არც სასემინარო ქულები მიწერია ნორმალურად და ვერც შუალედურზე მოვედი. უნდა დამეხმარო, თორემ საგანი ჩამრჩება.
- და მე როგორ დაგეხმარო?
- ვიცი რომ შენც მარტო აკეთებ პრეზენტაციას, იქნება ჩემი გვარიც მიაწერო სადმე. თაიას გაეცინა.
- და მე რა ხეირი მაგით?
- გაჭირვებული ადამიანის დახმარება დიდი მადლია, უპასუხა ალექსანდრემ. თაიას ისევ გაეცინა.
- ის მაინც თუ იცი რა თემაზე ვმუშაობ.
- არ ვიცი, გავარკვევ. თუ გცალია დავსხდეთ სადმე, მომიყევი ორი სიტყვით, პრეზენტაციაც გამომიგზავნე და მასალაც, დედას გეფიცები ვისწავლი.
- ეხლა მეჩქარება, ეგ საკითხი ხვალ გავიაროთ.
- კარგი, უთხრა ბიჭმა და ნომერი ჩააწერინა, ,,დამირეკე როცა გეცლება“.
- რა ნომერს ელოდები? ჰკითხა და განრიგს ახედა.
- 505 ს.
- გაგასწრო, წეღან გაიარა, როცა ვლაპარაკობდით.
- თაიამ მარჯვნივ გაიხედა და ავტობუსი დაინახა, განრიგს ახედა, შემდეგი ნომერი 40 წუთში მოდიოდა. საათს დახედა, დრო ჰქონდა... ,,ჯანდაბა!“, ჩაილაპარაკა.
- ნახევარი საათი გაქვს? ჰკითხა ბიჭმა.
- ზუსტად ნახევარი საათი მაქვს.
- ხოდა კარგს გეტყვი: რაღა ხვალისთვის გადავდოთ, წავიდეთ ეხლა, შენ თემა მაჩვენე, მეილზეც ჩამიგდე, ნახევარ საათში მე თვითონ მიგიყვან მანქანით იქ, სადაც მეტყვი.
ცხელოდა, თაიას ავტობუსით სიარული ეზარებოდა, ბიჭის იდეა მოეწონა, უნივერსიტეტში შევიდნენ და სამუშაო სივრცეში მოკალათდნენ. უცნობმა ცივი სასმელი მოუტანა, ლეპტოპები გახსნეს და საკითხის განხილვა დაიწყეს. თაია ალექსანდრეს აკვირდებოდა და ხვდებოდა, რომ ის მართლა დაინტერესებული იყო საკითხით და თემის წარდგენაშიც მართლა ჩაერთვებოდა, ამიტომ პრეზენტაციაზე მუშაობა ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თაიამ საათს დახედა და შუა მუშაობის დროს ლეპტოპი დახურა, ,,დანარჩენი ხვალ, წავიდეთ უკვე“, უთხრა ალექსანდრეს. უნივერსიტეტიდან გამოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ. მანქანაში გრილი სურნელი ტრიალებდა, სისუფთავე იყო.
- აბა საით? ჰკითხა ალექსანდრემ, თაიამ მისამართი უთხრა.
გზაში თავიდან სიჩუმე იყო, არც ერთი საუბრობდა, მაგრამ მალე ალექსანდრემ კითხვების დასმა დაიწყო და თაია აიყოლია, რამდენიმე საერთო ლექტორის განხილვიდან საკითხი კურსელებზე ჭორაობაში გადაიზარდა და დიალოგშიც ნათელი გახდა, რომ თაია ერთ-ერთ მათგანთან რანდევუზე მიდიოდა ამავე საღამოს. შუა დიალოგში მანქანაში რადიოს ხმა ნელ-ნელა გაწყდა, რასაც თავად მანქანის სიჩქარის შემცირება მოჰყვა. ალექსანდრემ ავარიული განათება ჩართო და მანქანა ნაპირზე გადაიყვანა.
- რა მოხდა? ჰკითხა თაიამ.
ალექსანდრემ წარბები შეკრა, არაფერი უპასუხა.
- რა ხდება? გაიმეორა.
- საწვავი გათავდა.
- დამცინი?
- არა, შეხედე. ჩასხმა დამავიწყდა, თქვა და მანქანიდან გადავიდა.
- თაიამ მაჯაზე დაიხედა, საათი შეამოწმა. ალექსანდრე მანქანაში დაბრუნდა.
- დავრეკავ და მოგვაწვდიან რა, აქ არსად არ არის ახლოს სადგური.
- ჩემი ტელეფონი გათიშულია, დასატენი იყო. ალექსანდრემ ჯიბეები შეამოწმა, მიხვდა, რომ თავისი მობილური უნივერსიტეტში დარჩენოდა.
გოგო მოუსვენრად იჯდა, წუწუნებდა: ,,ვერც ტაქსის გამოვიძახებ, ჯანდაბა!“. ,,გამოივლის ვიღაცა რა, დაგვეხმარება“, დაამშვიდა ალექსანდრემ. თაიამ არაფერი უპასუხა.
- მგონი დარჩი პაემნის გარეშე, მოუტრიალდა ალექსანდრე.
- მგონი ხო, გაეცინა თაიას.
- არაუშავს, ქულას თუ დამიწერენ პრეზენტაციის შემდეგ მე დაგპატიჟებ, ვალში არ დაგრჩები, უთხრა ალექსანდრემ, ისევ ორივეს გაეცინა.
იმ საღამოს დიდხანს მოუწიათ ლოდინი, სახლში გვიან დაბრუნდნენ. თაიას ნომერზე ოცამდე ნარეკი იყო შემოსული, ალექსანდრე კი კმაყოფილი იყო იმით, რომ პრეზენტაციის საკითხი მოაგვარა და ჩარჩენილი საგნის გამო უნივერსიტეტისთვის დამატებითი გადასახადის გადახდა აღარ მოუწევდა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციის თარიღი კარგა ხნით ადრე იყო შეთანხმებული, ალექსანდრე წარდგენაზე მაინც არ მისულა, აღარც უნივერსიტეტში გამოჩენილა მას მერე, რადგან პირველი კურსის შემდეგ მან ეროვნული გამოცდები თეატრალურ ფაკულტეტზე მოსახვედრად თავიდან ჩააბარა.
***
გაკვეთილები დასრულდა და მასწავლებლები სამასწავლებლოში შეიკრიბნენ. სკოლის დირექტორს აგვიანდებოდა. სანამ ის მოვიდოდა, უშგულის სკოლის მასწავლებლები ამინდს განიხილავდნენ, მომავალი კვირა ისევ თოვლი იყო გამოცხადებული. ზოგი წუწუნებდა, ზოგისთვის აზრი არ ჰქონდა. ქიმიის მასწავლებელმა ისიც კი თქვა, კარგია ჰაერი გაიწმინდებაო, რაზეც ზოგს ჩაეცინა, რაღა აქვს უშგულის ჰაერს გასაწმენდიო. ოთახში ლუკა შემოვიდა, ტრადიციულად, ორი ყავით. ერთი თაიას მაგიდაზე დადგა თავადაც გვერდით მიუჯდა. მასწავლებლებმა თვალი გააყოლეს. ლუკა ყველას მოსწონდა, ის მასწავლებლების პატივისცემას მუდმივად გრძნობდა. ბიოლოგიის მასწავლებელს ბიჭი თავისი გოგოსთვისაც კი ემეტებოდა. ერთხელ ხუმრობითაც უთხრა, ჩემი გოგო უნდა გაგაცნოვო. ამის შემდეგ ნანა და თაია ლუკას ხშირად ეხუმრებოდნენ ხოლმე, ლუკაც არ ტყდებოდა, რა გინდათ, იქნება კარგი გოგოაო. ოთახში შვიდი მასწავლებელი იყო. თაია - ინგლისურის, ლუკა - მათემატიკის, ნანა - ისტორიის, ლიანა - ქართულის მასწავლებელი, უაღრესად განათლებელი და უგზოუკვლოდ პრინციპული, თავშეკავებული, წარბებშეკრული, გეგონებოდათ გაბრაზებულიაო, მაგრამ დიალოგში, თუ კი საუბარში აგყვებოდათ რაღათქმაუნდა, იფიქრებდით, ამაზე კეთილშობილი ქალი დედამიწაზე არ დადისო. ლიანა სოფელშიც პატივსაცემი ქალი იყო, ბევრს უყვარდა, ზოგს მისი ეშინოდა, ზოგსაც-ორივე. ფიზიკის მასწავლებელს გივი ერქვა, თეთრი წვერ-ულვაში ჰქონდა და ნამდვილი პროფესიონალი იყო, ცოტა ძველებური მიდგომები ჰქონდა მოსწავლეებთან, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის საბჭოთა კავშირში აღზრდილი დამსახურებული ფიზიკოსისთვის. ბავშვებს მაინც ძალიან უყვარდათ, რადგან გაკვეთილზე ხშირად ხუმრობდა ხოლმე. ქიმიის მასწავლებელი ტანმორჩილი, დაბალი ქალი იყო. ისე სწრაფად დადიოდა, დალაპარაკებას ვერ მოასწრებდით, ყველაზე ყველაფერი იცოდა, ჭორაობაც უყვარდა. ბიოლოგიის მასწავლებელთან, ნუნუსთან დაქალობდა. ნუნუ ნამდვილი ოჯახის ქალი იყო, ყველა შესვენებაზე თავისი სახლის ამბებს ყვებოდა, ორი გასათხოვარი გოგო ჰყავდა და მათზე ძალიან ნერვიულობდა, ,,ისე არ დამრჩნენო.” ბიოლოგიაში ყველაზე მეტად პენეტის ცხრილით გენეტიკური ამოცანების ამოხსნა უყვარდა, ოღონდ მონოჰიბრიდულის. დიჰიბრიდული შეჯვარებისას ხშირად ირეოდა ხოლმე და თავსა და ბოლოს თვითონაც ვეღარ უგებდა ამოცანას, ბოლოს ამას არ იმჩნევდა და მხრებში სწორდებოდა, იტყოდა, ალბათ წიგნშია შეცდომაო და შემდეგ ამოცანაზე გადადიოდა. ჭორაობა ნუნუსაც უყვარდა, ერთხელ შესვენებაზე, ე.წ. ,,ფანჯარაზე“ თაიას პენეტის ცხრილი აუგო, ლუკას რო გაყვე ცოლად თქვენ შვილს სავარაუდოდ შავი თვალები და სწორი თმა ექნებაო. თაია ვითომ სერიოზული სახით უსმენდა, ყველა დეტალს იკვირვებდა და კითხვებს უსვამდა. ნუნუც თავდაჯერებული პასუხობდა, ბოლოს თაიამ ჰკითხა, ლეონარდო დიკაპრიოსთან როგორი შვილები გამომივაო და მერე კი მიხვდა ნუნუ, რომ აშაყირებდნენ.
კარი გაიღო და დირექტორი შემოვიდა. სკოლის დირექტორი 58 წლის კაცი იყო. ჭკვიანი, მაგრამ ზოგჯერ ხისტად იცოდა ხოლმე შეპასუხება. გია ერქვა, ძალიან მაღალი ტანის კაცი იყო. უყვარდა თავისი საქმე, არა, კი არ უყვარდა, გიჟდებოდა უშგულის სკოლაზე. თავად დადიოდა საკლასო ოთახებში და ამოწმებდა, ხომ ყველაფერი რიგზე იყო, ვინმეს რამე ხომ არ სჭირდებოდა. იშვიათად ბრაზდებოდა, მარგამ თუ გაბრაზდებოდა - მტრისას! ალბათ ვინმე იტყოდა, ამ სკოლას რა მართვა უნდა, 35 კინკილა მოსწავლე ჰყავსო, მაგრამ ესეც საქმეა! გიას სკოლისთვის ბევრი ჰქონდა გაკეთებული. ყველა მოსწავლის სახელი და გვარი ზეპირად იცოდა და ისიც, ვინ რაში იყო მაგარი და ვინ სად მოიკოჭლებდა.
- ეხლავე გეტყვით რისთვის შეგკრიბეთ! დაიძახა და რაღაც ფურცლები მაგიდაზე დააწყო. ჩოჩქოლი შეწყდა და ყველას ყურადღება გიასკენ გადავიდა.
- ამ წელს სამი მოსწავლე ამთავრებს სკოლას. სამი აბიტურუენტი გვყავს!
სიტყვა ,,აბიტურუენტზე“ ლუკამ და თაიამ ერთმანეთს გადახედეს, ჩაეღიმათ.
- დავიწყოთ ხალხო მაგათი მზადება ეროვნული გამოცდებისთვის. პროგრამა - იცით, სკოლა თქვენია, გინდა ზედმეტად ამეცადინეთ, გინდა გაკვეთილის დროები გამოიყენეთ. უშგულის სკოლის სამივე აბიტურუენტი გრანტით უნდა მოეწყოს ქალაქში. წინა წელსაც ეგრე იყო, ეხლაც ეგრე უნდა იყოს.
- კი კი, აბა რა უნდა ვქნათ, ერთმანეთს გადახედეს მასწავლებლებმა.
- მე ვიცი რო სამივეს შეუძლია მაგის გაკეთება, არ არიან ცუდი ბალღ, ბავშვები, ჩაასწორა დირექტორმა. იქნება გრანტები, იქნება პრემიები. აბა თქვენ იცით ხალხნო.
- მე მგონია, კაპანაძე განსაკუთრებულად უნდა ამეცადინო ლუკ, ჩასჩურჩულა ნანამ ლუკას. თაიას გაეცინა. ყველამ იცოდა, რომ კაპანაძე, რომელიც ერთ-ერთი მეთორმეტეკლასელი იყო, ლუკას შესამჩნევლად და ყველას დასანახად ეკურკურებოდა ხოლმე. ცოტა თავხედი გოგო იყო, ერთი-ორჯერ ზედმეტიც მოუვიდა.
- პირველი კლასი არ გაიხსნება! ხმამაღლა გამოაცხადა გიამ.
- სამი მოსწავლე გამოგვაკლდა, ნოლი მოგვემატა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სოფელ უშგულში მომავალი ქრებოდა, სკოლაში - ბავშვების ჟრიამული. აქ 35 ის მაგივრად 32 მოსწავლე რჩებოდა.
შეხვედრის შემდეგ ნანა ეგრევე სახლში გაიქცა, ლუკა და თაია ნელი ნაბიჯებით გამოუყვნენ თოვლიან ბილიკს. ლუკამ სიგარეტს გაუკიდა.
- აპირებ კონტრაქტის გაგრძელებას? ჰკითხა ჩუმად მომავალ გოგოს.
- არ ვიცი, მომწონს აქაურობა. მაგრამ იქამდე კიდევ ექვსი თვეა, ვნახოთ. შენ?
- მეც ეგრე ვარ, ვფიქრობ.
- მე და შენ ამ თემაზე გუწრფელად არ გვისაუბრია.
- ეგრეა, არ გვისაუბრია.
- მომიყევი აქ რა გინდა, რატომ ჩამოხვედი.
- რატო არა, უკეთეს ადგილას სად წავიდოდი. იძახის თაია და ხელებს იფშვნეტს, ცივა.
- ლუკა სიგარეტის კვამლისგან რგოლებს უშვებს და დროდადრო თაიას შეხედავს ხოლმე.
- მე დიდი ხნით არ ვარ, ბერლინში ვაპირებ ჩასვლას, იქაური განათლების სისტემასთან მაქვს რაღაც კავშირები.
- ვა, შეხედეთ ბატონ ლუკას, როგორი სერიოზული გეგმები ჰქონია! ორივეს ეცინება.
- შენ? შენი გეგმები?
- მე არ მაქვს გეგმები. აქ დავრჩები მანამ, სანამ არ მომწყინდება.
- აქაც იმიტომ ჩამოხვედი რომ თბილისი მოგწყინდა?
- დაახლოებით ეგრე, ამბობს და ისევ ხელებს იფშვნეტს. დღეს განსაკუთრებულად ცივა, იძახის.
ლუკამ სიგარეტი თოვლში ჩააქრო, თაიას მარჯვენა ხელი გამოართვა და მის ხელებში მოაქცია. ეცადა გაეთბო, უხერხულობა საერთოდ არ შექმნილა. მეტიც, თაიას ცოტა მოეწონა კიდეც მისი ეს ჟესტი. ლუკა ხელს ჩაჰკიდებს, და საკუთარ ჯიბეში ათავსებს მისსა და თავის ხელებს. ლუკას დიდი შავი მანტო ეცვა.
- კარგია რომ ჩამოხვედი, ეუბნება თაიას.
- ხო, კარგია.
- სხვა შემთხვევაში ვერ გაგიცნობდი.
- ეგრეც ვერ იტყვი, შეიძლება შემთხვევით შევხვედროდით სადმე.
- მე ეგეთი შემთხვევითობების არ მჯერა. ყველა შეხვედრა რაღაცისთვისაა გათვლილი. აი მაგალითად, მე და შენ იცი რატომ შევხვდით ერთმანეთს?
- რატომ?
- იმიტომ, რომ ჩვენი შეხვედრა ბედისწერაში იყო ჩაწერილი პასუხობს ლუკა ძალიან სერიოზულად.
- ცანცარა! ეუბნება თაია და იცინის, ძალიან ბევრს.
- ცანცარა ვარ?
- კი, არა?
- კი, ვარ ეუბნება ლუკა და თოვლის გუნდას იღებს და შემდეგ, ორი ზრდასრული ადამიანი, ორი მასწავლებელი, სვანეთში სხვა და სხვა მიზნით ჩამოსული ორი ახალგაზრდა, რომელთა გზები უნებლიედ გადაიკვეთა, გუნდაობას იწყებს. ხმამაღალი სიცილი, სირბილი, სიცივე, გაწითლებული ცხვირები...
შემდეგ ეთერისთან მივიდნენ, ქალმა ისინი სახლში შეიპატიჟა, ცხელი ჩაი დალიეს და მთელი საღამო საუბარში გაატარეს.
***
შაბათი გათენდა. ეთერი და თაია ტრადიციულად ყავას სვამდნენ და ეთერის გამომცხვარ ნამცხვარს მიირთმევდნენ. შაბათი ქალს განსაკუთრებულად უყვარდა, რადგან შაბათობით მარტო იშვიათად იყო ხოლმე. დილით თაიასთან ერთად დიდი დროის გატარება შეეძლო, რადგან გოგოს სკოლა არ ჰქონდა. ხშირად მისი ახალი მეგობრები აქ იკრიბებოდნენ ხოლმე და ეთერიც ხალისობდა ახალგაზრდების ყურებით. ოცი წლის გოგოსავით ენერგიულად ტრიალებდა და ხან რას უცხობდა ხოლმე სტუმრებს, ხან რას. ფარდები გადაწეული იყო და სახლში სინათლე შემოდიოდა. თოვას გადაეღო და მზე გამოსულიყო, თოვლს მზის სხივები ეცემოდა და მისი მთელი ზედაპირი ბრილიანტივით ბრჭყვიალებდა. თაია ზურგით იჯდა ფანჯარასთან, ეთერი კი თავისი ადგილიდან მთელ თავის კარმიდამოს გაჰყურებდა.
- უი, სტუმარი გვყავს. თქვა ეთერმა და კარისკენ წავიდა, თაიამ შემოსასვლელს გახედა.
კარი გაიღო და ლუკა გამოჩნდა. ისევ ის გრძელი, შავი მანტო ეცვა, დიდი ბათინკებიდან თოვლს ფერთხავდა.
- ლუკა ბატონი მოსულა, შედი მიდი გათბი ცეცხლთან. თქვა ეთერმა და კარი მიხურა.
ლუკა სახლში შევიდა, მანტო საკიდზე დაკიდა, სამზარეულოში თაია დაინახა და მასთან მივიდა. შარფი მოიხსნა და სკამზე გადაკიდა. მაგიდაზე დიდი ყუთი რაფაელო დადო, ,,ეს ეთერი ბებოს“, თქვა და ქალს გახედა. ერთი კვირის წინ ეთერის უნატრია, რა ხანია რაფაელო მინდა და ვეღარ ვიშოვე ვერც ერთ მაღაზიაშიო და ეგ ამბავი ხსომებია ლუკას.
- ეს რა ბიჭი გვყავს, გენაცვალე. უთხრა მოხუცმა ახალმოსულ სტუმარს.
- მგონი ყავას იმსახურებს, დაეთანხმა თაია.
- დალევ ხო ?
- კი, დავლევ და გავიდეთ თან, მზად ხარ?
- რისთვის?
- არ მოდიხარ?
- სად?
- სკოლაში.
თაიას ხმამაღლა გაეცინა,
- შაბათია დღეს.
- მერე? გიამ არ დაგვიბარა?
- ხო?
- ხო, ერთ საათში უნდა ვიყოთ.
- მართლა არ გახსოვდა?
- არა, თაია ჩაფიქრდა.
- და რა უნდა ამ შაბათს!?
- რა ვიცი მე, მოდითო. საქმე აქვს ალბათ.
- დავლიოთ ყავა და ავალ, ჩავიცმევ. სერიოზულად, დამცინი ხო?
- რას დაგცინი, წავიდეთ ერთი საათის ამბავია სადღაც.
- წადით და აქ მოდით მერე ისევ, ჩაერია ეთერი. ხინკალი გავაკეთოთ დღეს საღამოს, ნანაც მოიყვანეთ.
თაიამ კიბეები აირბინა, ტანსაცმელი გამოიცვალა და ისევ დაბლა ჩამოვიდა, სახლიდან გავიდნენ და ნელი ნაბიჯით სკოლის გზას გაუყვნენ.
- სკოლაში არ მივდივართ ხო? თაიამ იკითხა და მის სახეზე ირონიულმა ღიმილმა გაითამაშა.
- ხო.
- საით? ჰკითხა და ახედა მასზე კარგად მაღალ კავალერს.
- კინოში.
- სად?
- კინოში!
- სად არის აქ კინო, ან ამ დილაუთენია რა დროს კინოა, გაეცინა თაიას.
- ღამე ბნელა და არაფერი ჩანს, განათება რომ იქნება ცოტა გვიანაც წამოვიდეთ.
- იქნება რო?
- იქნება.
ამ საუბარში იმ სვანურ კოშკს მიადგნენ, სადაც კინოთეატრი იყო გახსნილი. კოშკის შესასვლელში წითელი განათებით იყო დაწერილი სიტყვა CINEMA. მასში შესასვლელად ხის კიბეების ავლა იყო საჭირო. კიბეებზე წითელი ხალიჩა გაეფინათ, რომელიც ნაწილობრივ თოვლს ჰქონდა დაფარული. თაია და ლუკა კოშკში შევიდნენ.
- რა მაგარია, კინოთეატრი კოშკში, პირველად ვნახე... თქვა თაიამ და კოშკს თვალიერება დაუწყო. ტრიალებდა და ყველა კუთხესა და კუნჭულს აკვირდებოდა. ,,რა მაგარია“, თან იმეორებდა და ქვის კედლებს თითებით ეთამაშებოდა.
- ეს კოშკი მეთორმეტე საუკუნეშია აშენებული, უთხრა ლუკამ, რომელიც თვალს არ აშორებდა თაიას ყველა მოძრაობას.
- მოგწონს?
- კი, ძაან მომწონს.
- წამომყევი, უთხრა ლუკამ და კიბეებით ავიდა კოშკის მომდევნო სართულზე.
მეორე სართულზე კინოთეატრი იყო მოწყობილი. დიდი ეკრანითა და ლამაზი, წითელი კომფორტული პუფებით სავსე. კოშკი ბნელი იყო და ცივი, ამიტომ ეკრანის გვერდით ლამაზად დაკეცილი პლედები ეწყო. არსაიდან უცებ ლუკამ ორი დიდი სავსე ღრმა თეფში პოპკორნი გამოიტანა და თან მოაყოლა ცივი ატმის კომპოტით სავსე ორი დიდი ჭიქა.
- ეს პოპკორნი და ესეც კოკა კოლა, თქვა ლუკამ და წვენი თაიას მიაწოდა. მან კი წვენს შეხედა და გულიანად გადაიკისკისა.
- კოკა კოლა?
- კი, სვანური კოკა კოლა.
- კოკა კოლა ატმის არომატით, მომწონს. თქვა თაიამ და წვენი მოსვა. ,,რას უნდა ვუყუროთ?“
- დაიწყება და ნახავ, მეც არ ვიცი. თქვა ლუკამ და გაიღიმა. თაიასთვის არ შეუხედავს.
თაია ბიჭს უყურებდა და ამ გარემოების ფონზე ის უფრო მეტად ლამაზი ეჩვენებოდა, ვიდრე მანამდე. თაია მას პროფილში უყურებდა და თვალს არ აშორებდა, აკვირდებოდა მის პატარა ცხვირს, ლამაზი ფორმის წარბებს. ლუკას ულვაშები ნამდვილი ქართველის იერს აძლევდა, თუმცა მისი ღია წაბლისფერი თმა და თაფლისფერი თვალები კავკასიურ მკაცრ გარეგნობას უფრო მეტად სადას და ლამაზს ხდიდა.
ფილმის განმავლობაში ორივე მათგანი უამრავმა ემოციამ მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ ის აქამდე ნანახი ჰქონდათ, ამ გარემოებაში გარკვეულმა უხილავმა ძალამ ,,სიამაყე და ცრურწმენას“ ორივე ახალგაზრისთვის დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა შესძინა. თაია და ლუკა ფილმის მსვლელობისას დრო და დრო წამიერად ერთმანეთს გახედავდნენ ხოლმე, შემდეგ კი ისევ ვიქტორიანულ ინგლისში ბრუნდებოდნენ. მეთვრამეტე საუკუნის სიუჟეტში შესახლებული ორი ადამიანი, მეთორმეტე საუკუნის ისტორიულ ძეგლში იმყოფებოდა და დასამახსოვრებელ მოგონებებს ოცდამეერთეში ქმნიდა.
***
სიღნაღში თაიას და ალექსანდრეს შეხვედრიდან ორი დღე იყო გასული. თაია ეზოში იჯდა და ლეპტოპს ჩასჩერებოდა, თან ყავას სვამდა და Bedford falls ს უსმენდა. მუშაობდა ასე უყვარდა, თავისთვის, მშვიდად. გადაწყვიტა, ყავისთვის სახლიდან ტკბილეული გამოეტანა და ფეხზე წამოდგა თუ არა, ჭიქას მკლავი გაჰკრა, გადმოაგდო და ცხელ-ცხელი ყავა ფეხებზე გადაისხა.
- ჯანდაბა! დედა ვატირე შენი! დაიყვირა, სკამიდან წამოხტა და კაბას ფერთხვა დაუწყო, ,,კიდევ კარგი შარვალი არ მეცვა!“
საიდანღაც სიცილი გაიგონა. სიცილი არა, ხარხარი უფრო იყო, ძალიან ხმამაღალი სიცილი. ეზოს გალავანზე ალექსანდრე შემომჯდარიყო და მომხდარს ხალისით ადევნებდა თვალს.
როგორც ვხედავ, მარტო ღვინის ბოთლებს არ ერჩი! გარეთ გამოდი, თქვა და გალავნიდან ჩახტა. თაია დაემორჩილა.
- აქ საიდან? მითვალთვალებ?
- მთელი სიღნაღი შემოვიარე, მაინც გიპოვე ხომ ხედავ? საქმეზე მოვედი, მაგრამ აქ და ახლა არა. ალექსანდრემ თაიას ოთხად გადაკეცილი ფურცელი გაუწოდა.
- ხვალ, საღამოს შვიდზე შევხვდეთ. მისამართი აქ წერია.
- სად შევხვდეთ, ყველაფერი დაკეტილია.
- არა, ეს არ არის დაკეტილი, VIP ადგილია, თქვა და თვალი ჩაუკრა. მოხვალ?
- ვნახოთ, არ ვიცი. თუ შევძელი მოვალ.
ალექსანდრეს გაეღიმა. რა თქმა უნდა, თაია მივიდოდა.
- ღვინო შენ წამოიღე, დახლებთან ფრთხილად და კიდევ, ტანსაცმელი გამოიცვალე, უთხრა და ყავით დალაქულ კაბას შეხედა.
ახლაღა გაახსენდა თაიას, როგორ ფეთხუმად იდგა იმ ადამიანის წინ, რომელმაც რამდენიმე დღეა მისი გონება და ყურადღება სრულიად გაფანტა და აურია. ალექსანდრეს წასვლის შემდეგ გადაკეცილი წერილი გახსნა.
,,ბარათაშვილის N9, წითელი კარი, ძაღლი არ იკბინება. 19:00.
დროებით“
მეორე დილა გათენდა თუ არა, თაიამ თავისი ყველა საქმე ადრიანად მოამთავრა. გამოცდაც დაწერა. ღვინის საყიდლად წავიდა და ისევ ის მაღაზია შეარჩია, სადაც ალექსანდრე გაიცნო. დახლთან მივიდა და ღვინის ბოთლებს თვალიერება დაუწყო. ,,უსახელოური“, ,,ხვანჭკარა“, ,,ქისი“, ,,ქინძმარაული“, ,,საფერავი“, ,,ტვიში“, ,,ცოლიკაური“... ერთ-ერთი უნდა აარჩიოს. თაია ღვინოებში კარგად ერკვეოდა, ყველა მათგანზე იცოდა, რომელი სად იკრიფებოდა, როგორ იწურებოდა და ა.შ. მისი ეს ცოდნა პაპამისის დამსახურება იყო, რომელიც დიდი მოყვარული იყო ღვინისა. თავადაც წურავდა, თაიაც ეხმარებოდა ხოლმე. გოგონას პატარაობაში საგანგებოდ უყიდეს ბოტები, იდგა ექვსი წლის გოგო და პაპასთან და მის მეგობრებთან ერთად დიდი ბოტებით ყურძენს წურავდა სხვებისგან იმ განსხვავებით, რომ ფეხსაცმელი მას ლამის მხრებამდე სწვდებოდა. ამ სცენაზე ძალიან იხალისა სოფელმა და წლების შემდეგ, როცა თაია გაიზარდა ხშირად იხსენებდნენ ხოლმე. როცა თბილისიდან დასასვენებლად სოფელში ჩამოვიდოდა, მეზობლის კაცები უკვე წამოზრდილ სტუდენტს ეკითხებოდნენ, ღვინო როდის დავწუროთო, ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ მისი პაპა არ გარდაიცვალა. შემდეგ ხუმრობები შეწყდა, ალბათ არ უნდოდათ თაიას პაპას გახსენებაზე გული დაწყვეტოდა. ანდრო პაპა სოფელში ყველას უყვარდა და მისი და ვაზის დამოკიდებულება კარგად იცოდნენ. ,,ყურძენ იგრე დაიტრიალებს როგორც პატარა ბალღ დედამისიო“ ამბობდნენ კახელები.
- ხომ არ დაგეხმაროთ? ეკითხება ორმოც წლამდე მამაკაცი, რომელიც ფიქრობდა, რომ გოგონას ღვინის შერჩევა უჭირდა.
- არა, მადლობა. ჩემით შევარჩევ.
- თუ ვერ ერკვევი, მოგეხმარები. მამაკაცს მართლა, გულწრფელად უნდოდა დახმარებოდა.
- საქართველოა, ღვინოში ყველა ერკვევა, მეტნაკლებად, პასუხობს თაია.
მამაკაცს გაეცინა. თაია მიხვდა, რომ კაცს მისი არ სჯეროდა და გადაწყვიტა, დაემტკიცებინა, რომ არც ისეთი უცოდინარი იყო, როგორიც შორიდან ჩანდა.
- იცით, ცოტა არჩევანის გაკეთება კი მართლა მიჭირს. ვერ ვხვდები რომელი ღვინო უნდა შევარჩიო დღევანდელი საღამოსთვის. ,,უსახელოური“ ძვირია, რაც გასაკვირი არ არის, უსახელოურის ჯიშის ყურძენი ხომ ძალიან მცირე რაოდენობით მოიპოვება. თუ სწორად მახსოვს, ცაგერში. თან როგორი არომატულია, წითელი, ნახევრად ტკბილი. ნახევრად ტკბილზე თუ ვსაუბრობთ, ,,ხვანჭკარა“ ხომ არ ამეღო? არც ესაა ცუდი, ან რატომ უნდა იყოს ცუდი, ის ხომ ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნებისგან მზადდება. უნდა ვაღიაროთ, რაჭაში ეს საქმე კარგად იციან! რაც მართალია მართალია, რაჭველებს ღირსეულ კონკურენციას ისევ კახელები თუ გაუწევენ! კახეთი ხომ ღვინის სამეფოა! რამე კახური ხომ არ შევარჩიო, იქნებ ,,ქისი“, ახმეტიდან. ქვევრის ღვინოს თავისი სპეციფიკური გემო აქვს, იქ ხომ სრული მასა დუღს! სავარაუდოდ, დაახლოებით დადუღებიდან ექვსი თვით მაინც დაავარგეს ჩამოსხმამდე. მაინც ნახევრად ტკბილისკენ მივდივარ, არც ,,ტვიშია“ ცუდი ვარიანტი. იცოდით, რომ მას ისტორიულად ლეჩხუმში ამზადებენ, ცოლიკოურისგან? ,,ქინძმარაული“ მოგწონთ? ისე, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ღვინოა, ყვარელში დაკრეფილი ყურძნისგან მზადდება. ერთხელ ქარხანაშიც ვიყავი, ძალიან საინტერესო სფეროა.
თაიას მამაკაცისთვის არ შეუხედავს, რომელ ღვინოსაც ახასიათებდა, იმას იღებდა ხელში და ბოთლს ნელა და აუღელვებლად ათვალიერებდა. მამაკაცს აღარ ეცინებოდა, გაკვირვებული იდგა და უსმენდა. შემდეგ ყურადღება მოიკრიბა და გოგოს ჰკითხა.
- თქვენ ახსენეთ, რომ ცოლიკოურის ჯიშის ყურძენი ლეჩხუმში მოდისო, ხომ? იმერეთში არა?
თაია მიხვდა, საით მიჰყავდა საუბარი მას, გაუღიმა და მშვიდად უპასუხა:
- მართალი ხართ, ცოლიკოური იმერეთშიც მოდის. თაიას ამ სიტყვებზე მამაკაცმა თვითკმაყოფილება იგრძნო, მაგრამ გოგომ სიტყვა გააგრძელა:
- მოდის, მაგრამ, ჩემი აზრით, იმერული ცოლიკოური ტვიშის დასამზადებლად არ გამოდგება. ცოლიკოურის ჯიშის ყურძენს ზუსტად ლეჩხუმის ნიადანი და კლიმატი ანიჭებს თავის განსხვავებულ გემოს, ეს არის მისი მთავარი ხიბლი.
მამაკაცს ისევ გაეცინა.
- შენ გენაცვალე! იძახის და სახეზე სიხარული დასთამაშებს. კარგი ხარ! ეუბნება გოგოს, რომელიც მას ისევ უღიმის.
თაიამ ,,ქინძმარაული“ აიღო და დახლთან მივიდა. მოლარემ ღვინო გაატარა, მამაკაცი სალაროსთან მოდის და მოლარეს ეუბნება:
- ეს გოგო დღეს ჩემი სტუმარია, ღვინო გაატანეთ, უთხრა მოლარეს და ქალიც მიხვდა, რომ გოგოს არ უნდა გადაეხადა. მამაკაცი იმ ობიექტის მფლობელი აღმოჩნდა, სადაც მაღაზია იყო გახსნილი. თაიამ იუარა, არ არის საჭიროვო, მაგრამ მან არ დაანება. გოგომ დიდი მადლობა გადაუხადა მასაც და მოლარესაც. გარეთ ღვინის ბოთლით ხელში გამოვიდა, მაღაზიის წინ დადგა, შეხედა და თქვა:
- ღვინოს სხვაგან არსად ვიყიდი.
***
ექვსი საათი იყო, თაია აბაზანიდან გამოვიდა, თმა დაივარცხნა და დიფუზორით გაიშრო, ხვეულები რომ კარგად გამოჩენილიყო ზეთი წაისვა. სახე დაიტენიანა და წარბები აივარცხნა. გარდერობი გამოაღო, ტანსაცმელი უნდა აერჩია. სამოსი საკიდებზე ფერების მიხედვით ჰქონდა განაწილებული. გრილოდა, მაგრამ არჩევანი შავ, ბარხატის კაბაზე შეაჩერა, რომელიც გრძელი სახელოებით იყო, მუხლს ზემოთ სიგრძის, ტანზე გამოყვანილი. გრძელი, ხვეული თმა ერთი ხელის მოსმით ისე აწია ზემოთ, რომ მოკლე ხვეულები მაინც ჩამოშლოდა სახეზე, რადგან სტანდარტული სიგრძის თმა არ ჰქონდა. შავი სამაგრით დაიმაგრა. მრგვალი, ოქროსფერი საყურეები გაიკეთა და მაკიაჟის კეთებას შეუდგა. თაიას ძალიან სწორი და თხელი ცხვირი ჰქონდა, ამიტომ კონტურით არასდროს აძლევდა ფორმას, ერთადერთი, რასაც აკეთებდა ცხვირის წვერის მბზინავი ,,ჰაილაითერით“ შეფერვა იყო, რადგან ოდნავ აწეული გამოჩენილიყო. თავის კანზე ბევრად ღია კონსილერი პატარა წერტილებად დაიტანა თვალებს ქვემოთ და ყვრიმალებზე, თითებით გადაანაწილა და გაშალა. იდეალური და უნაკლო სახის კანი ჰქონდა, ცდილობდა ზედმეტი არაფერი წაესვა ხოლმე, ვარდისფერი ფერუმარილი ყვრიმალებზე გადაინაწილა. წამწამები ძალიან ფრთხილად, ბუნებრივად აიპრეხა მისივე ბუნებრივი ფერის ტუშით და ტუჩებზე უფერული ,,გლოსი“ გადაისვა. ცოტა ხანს თავის თავს ათვალიერებდა. მაკიაჟი მოსწონდა, მაგრამ კაბა აღარ. ზედმეტ მნიშვნელობას ვანიჭებ! გაიფიქრა და შავი კაბა გაიხადა. საათს დახედა, 6:40 შესრულებულიყო. კარადიდან თეთრი , თხელი გრძელსახელოიანი სვიტერი გამოიღო და ფრთხილად ჩაიცვა, რომ მაკიაჟი არ გადასულიყო და ვარცხნილობა არ გაფუჭებოდა, შემდეგ მაღალწელიანი შავი ჯინსის შარვალი ჩაიცვა, და შავსავე ფეხსაცმელს შეუხამა. მანტო მოისხა და სუნამო ,,ჰელოუინი“ მიიპკურა ვარდისფერი ფლაკონიდან. ალექსანდრეს დაწერილი მისამართი ჯიბეში ჩააცურა, ტელეფონი აიღო და შვიდ საათზე სახლიდან გავიდა. არ ჩქარობდა, უნდოდა ცოტა დაეგვიანა. ქალაქის ქუჩები კარგად იცოდა, ამიტომ მარტივად მიაგნო. წითელი ჭიშკარიც გამოჩნდა. შეაღო და შევიდა, მოვლილი ეზო დახვდა. თაია რესტორანს და კაფეს არც ელოდებოდა, ყველაფერი დაკეტილი იყო, მაგრამ ამ ადგილს ეტყობოდა, პანდემიამდე აქტიური და ხალხმრავალი ობიექტი რომ ყოფილა. მანამდე აქ სახლის პატრონებს პატარა კაფე ჰქონიათ, ეზოსა და შენობას ლამაზი განათებებით და ძველებური ნივთებით რთავდნენ და ზაფხულში ბევრ ტურისტსაც მასპინძლობდნენ. თაია ეზოს ათვალიერებდა, როცა დიდი სახლის მეორე სართულიდან ალექსანდრემ გადმოსძახა: ზემოთ ამოდი! ისიც ზემოთ ავიდა. ბიჭი კარგი ნაცნობივით გადაეხვია, მანტო და ღვინის ბოთლი გამოართვა, სახლში შეიპატიჟა. სახლი ძველი იყო, მაგრამ კარგად მოვლილი.
- აბა VIP ზონა იქნებაო?
- არ არის მერე? აქ ჩვენს მეტი არავინაა.
თაიამ თვალიერება და წრეზე ტრიალი დაიწყო, ჭერს ახედა, რომელზეც 3D განზომილებიანი ჩუქურთმები იყო ამოტვიფრული. მასპინძელს რამდენიმენაირი სალათი მოუმზადებია, შესაბამისადაც გაუფორმებია და ძველ, ჭრელ თეფშებზე დაეწყო. ალექსანდრე კულინარიაში კარგი იყო, თბილისში დიდი ხანია, რაც მარტო ცხოვრობდა და სამზარეულოში ექსპერიმენტებს ხშირად ატარებდა.
- მოგეხმარები, რა გავაკეთო?
- არაფერი, ყველაფერი მზად არის, ჭიქები და ღვინო წამოიღე. უთხრა ალექსანდრემ და თავად ორივე ხელში უცხო და განსხვავებული კერძებით სავსე თეფში აიღო, კარგი სერვირებით.
თაია ორი ღვინის ჭიქით და ბოთლით ბიჭს გაჰყვა. უკანა ოთახში გავიდნენ. ოთახი ყვითლად იყო განათებული, მის შუაგულში მრგვალი მაგიდა იყო, წითელი ძველებური სტილის გადასაფარებელი ჰქონდა გადაფარებული. დიდი ზომის ორი თეფშით და ვერცხლის დანა-ჩანგლით გაეწყო ალექსანდრეს. გოგომ თეფშებს მაღალი ღვინის ჭიქები შემოულაგა და ბოთლი მაგიდაზე დადგა. ,,ექვსი ბოთლი დამრჩა ვალად!“
ალექსანდრეს გაეცინა, ბოთლი მისკენ მოატრიალა და ეტიკეტს შეხედა. მასთან ახლოს მივიდა და სკამი გამოწია: ,,გთხოვთ“... შემდეგ თვითონ მოკალათდა სკამზე. თაიას ეღიმება და სწორი, ლამაზად ჩამწკრივებული კბილები უჩანს, განათებაზე ცხვირის წვერი უბზინავს და მის გარშემო კარგი სურნელი ტრიალებს. ალექსანდრემ ღვინის ბოთლი გახსნა და ჭიქები შეავსო.
თაიამ და ალექსანდრემ გვიანობამდე ისაუბრეს, ზოგ საკითხში მათი მოსაზრებები რადიკალურად განსხვავებული იყო, საუბარი თითქმის კამათამდეც მივიდა, თუმცა ყველა განხილულ თემას ჭიქა ღვინო მოჰყვებოდა. ალექსანდრეზე სასმელმა გავლენა ვერ იქონია, თაიაზე - კი. არა, მთვრალი არ იყო, მაგრამ თითქოს მის გარშემო ყველაფერი გაცილებით ნელა ხდებოდა. ბევრს იცინოდა და რაც მეტს სვამდა, მით მეტს საუბრობდა. გადაწყვიტა, აღარ დაელია, იცოდა როდის უნდა გაჩერებულიყო. ალექსანდრეს კი ის უფრო და უფრო ლამაზი ეჩვენებოდა. თაიაც აკვირდებოდა ყველა მის სიტყვას, მოძრაობას, ყველაზე მეტად ბიჭის სიცილი მოსწონდა. ალექსანდრე ხშირად იღიმოდა, მაგრამ მისი გაცინება მარტივი არ იყო. ხათრისთვის არ გაიცინებდა. ცუდ ხუმრობაზე წარბს ასწევდა და თემას შეცვლიდა ხოლმე. ჭკვიანი იყო, ბევრი საკითხის გარშემო შეეძლო საუბარი და საკუთარ აზრს, თუნდაც ყველსგან განსხვავებული და ბევრისთვის მიუღებელი ყოფილიყო, თამამად გამოხატავდა ხოლმე. ისტორიების მოყოლა საინტერესოდ იცოდა. ხმის ტემბრიც საუცხოო ჰქონდა. თეთრი სვიტერი ეცვა, სქელი საყელოთი. თაია აკვირდებოდა მისი სახის გამომეტყველებას და რაც უფრო დიდხანს უყურებდა, მით მეტად მოსწონდა, მით მეტად იკარგებოდა მის თაფლისფერ თვალებში. ალექსანდრესაც სწორი ცხვირი ჰქონდა, მაგრამ არა თაიასნაირი. საშუალო სისქის სწორი წარბები, თუ ბრაზდებოდა ან რამე არ მოსწონდა ერთ წარბს აწევდა ხოლმე. თხელი ტუჩები არ ჰქონდა, მაგრამ არც ძალიან სქელი, მათი ფორმა სრულყოფილი იყო. თაიას ძალიან მოსწონდა ის მომენტი, როცა ალექსანდრე ღვინოს ჭიქაში ასხამდა. მაშინ ბიჭი ვერ ამჩნევდა იმ მზერას, რომელიც მისკენ იყო მიმართული. ჯერ ყოველთვის გოგოს ჭიქას შეავსებდა, შემდეგ თავისას. როცა თაია რამეს ყვებოდა, ალექსანდრე იდაყვს მაგიდაზე დააბჯენდა, საჩვენებელი თითით ნიკაპს ისრესდა ხოლმე. მზრუნველი ჩანდა, გოგოს რამდენჯერმე უთხრა: ,,არაფერი გიჭამია, რამე გასინჯეო“. თაია ხვდებოდა, რომ რაც მეტ ხანს დარჩებოდა, მით მეტად გაიღვიძებდნენ მასში გრძნობები. დრო და დრო საათს დახედავდა ხოლმე, თერთმეტი ხდებოდა, თერთმეტზე კომენდანტის საათი იწყებოდა.
- უნდა წავიდე, უთხრა ალექსანდრეს. ბიჭმაც დახედა საათს და არ უთხოვია დარჩიო.
ვერანდაზე გავიდნენ. თაიას მანტო გამოუტანა, ჰაერზე გოგოს ღვინო უფრო მეტად მოჰკიდებოდა. კიბეები ჩაიარეს და თაიას სახლისკენ გზას გაუყვნენ.
- ზოგჯერ უხეში პასუხები იცი ხოლმე, მაგრამ ისე ჯენტლმენივით ტიპი ხარ, უთხრა გზაზე ალექსანდრეს. შემდეგ განარგძო:
- ისე თითქოს მენცობი, მაგრამ ვერ გავიხსენე, საიდან. შენ არ გეცნობი? ალექსანდრემ პასუხი არ დაუბრუნა.
იმას გაეცინა, ამჩნევდა, რომ თაია ნასვამი იყო და იცოდა, ჩვეულებრივ სიფხიზლეში შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად ეთქვა. გზაზე პოლიციის მანქანა გამოჩნდა, მათ მიუახლოვდა. ოფიცერმა ახალგაზრდებს გადმოსძახა: ,,პირბადეები და დისტანცია!“ თაია პასუხობს:
- იცით, ცოტა ნასვამი ვარ, პირბადე რომ გავიკეთო შეიძლება გულიც ამერიოს. ამ ერთხელ გვაპატიეთ ბატონო პოლიციელო. ალექსანდრეს გაეცინა.
- დისტანცია მეთქი, გავიმეორო?
- გავიგეთ ძმაო გავიგეთ, მიაძახა ალექსანდრემ და ხელი აუწია.
- როდის გახდა შენი ძმა? უთხრა თაიამ და ორი ნაბიჯი გადადგა მარჯვნივ.
- როგორ დაგვაშორეს ერთმანეთს, უთხრა ბიჭს და ხმამაღლა გაიცინა.
- რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, უთხრა ალექანდრემ.
- მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი, პასუხობს გოგო და შემდეგ იცინიან...
პატრულის მანქანა თვალს მოეფარა თუ არა, მათ შორის მანძლი ისევ შემცირდა.
***
- ეთერ, ყავას დალევ?
- დავლევ, შენ არ გაგვიანდება?
- არა, დღეს მესამე გაკვეთილით ვიწყებ.
- დილით ადრე ტელეფონი გირეკავდა.
- ვიცი, ლუკა იყო. დაავიწყდა რო დღეს გვიან ვიწყებ და ეგონა, ჩამეძინა.
- მომწონს ეგ ბიჭი! დღეს წამოიყვანე შენები, გაკვეთილების მერე.
- რატო, რა ხდება? ჰკითხა თაიამ და ეთერის გამომცხვარი ნამხვარი მოკბიჩა.
- დღეს ჩემი ქმრის დაბადების დღეა, რაღაცას გავამზადებ, მოვიგონოთ, ჭიქა წავუქციოთ.
- ხოო, თვალები დახარა თაიამ. მაშინ წამოვიყვან, თუ ეცლებათ. თუ არა და მე მაინც ხო მოვალ.
- მა სად წახვალ, ოღონდ ის წითელი პომადა აღარ გაიდღლაზნო რაა, არ გიხდება არა.
თაიას გაეცინა, დათანხმდა და ყავის ჭიქის გარეცხვა დაიწყო.
- დაანებე, მე მივხედავ, ეუბნება ეთერი.
თაიამ ჭიქა გარეცხა, ჩანთა აიღო და სახლიდან გავიდა. გარეთ აღარ თოვდა, გამაგრებული და ძველი თოვლი ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ხრაშუნობდა. ჰაერი, რა თქმა უნდა, ძალიან სუფთა იყო. მზე ანათებდა და ძირს დაყრილ თეთრ ფიფქებს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს მჭიდროდ ჩახუტებოდნენ, ბრჭყვიალა ელფერს აძლევდა, სვანური კოშკები ჩუმად დაჰყურებდნენ იმ ბილიკს, რომელზეც თაია მიაბიჯებდა.
სკოლაში მისული პირდაპირ სამასწავლებლოში შევიდა. თავისი ნივთები მაგიდაზე დააწყო და მანტო კარადაში შეინახა. თვალებით ლუკას ეძებდა, მაგრამ ის არ ჩანდა.
- ლუკა არ მოსულა? იკითხა მასწავლებლებში
- აქ იყო, სადღაც, ორი ყავა აიღო და გავიდა პასუხობს ნუნუ, ბიოლოგიის მასწავლებელი.
თაიას გაეღიმა, უკვე იცოდა სად იქნებოდა ლუკა. კარადასთან მივიდა, მეშვიდე კლასის ჟურნალი აიღო და კლასისკენ წავიდა. კარი გააღო თუ არა, ლუკას უთხრა:
- დღეს სკოლის მერე ეთერისთან მივდივართ მე, შენ და ნანა. ნანამ უკვე იცის. შეკრების მიზეზიც უთხრა, ლუკას არაფერი უპასუხია.
- კარგი, მაგრამ საღამოს სადღაც უნდა გამომყვე.
- საით?
- გეტყვი მერე.
მეშვიდეკლასელები შემოვიდნენ, გიორგი ნინის გვერდით არ დაჯდა მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ცარიელი იყო. ,,რა ხდება?“ ჰკითხა თაიამ ჩუმად გიორგის და თვალი ჩაუკრა. ,,დასვენებაზე მოგიყვები მასწ“.
გაკვეთილის დასრულების შემდეგ დიდი შესვენება დაიწყო. გიორგი თაიასთან მივიდა და უშნოდ დაკუჭული ფურცელი მაგიდაზე დაუდო. თაიამ ფურცელი გაშალა და წერილის კითხვა დაიწყო:
,,არ მინდა, რომ შორიდან გიყურო ხოლმე. გთხოვ, სულ ერთად დავჯდეთ გაკვეთილზე. სალომეც კარგი გოგოა, მაგრამ შენსავით ლამაზი თმები არ აქვს. გინდა შეყვარებულები ვიყოთ? პასუხი დამიწერე და საკონტროლოს რვეულების ქვემოთ დამიტოვე.
გიორგი.
არ მინდა“
- ეს ნინიმ გიპასუხა?
- კი
თაია კალიგრაფიას დააკვირდა. მიხვდა, რომ ეს ნინის ხელწერა არ იყო. როგორღაც წერილი სალომეს ხელში აღმოჩენილიყო, ,,არ მინდაც“ მას დაუწერია.
- არ გინდა ეს წერილები, გაკვეთილების შემდეგ ნინისთან მიდი და რაც მანდ გიწერია პირისპირ უთხარი, ალბათ რამე სწორად ვერ გაიგო.
შემდეგ გაკვეთილზე ნინი და გიორგი ისევ ერთად ისხდნენ.
***
თაია და ნანა სახლში შევიდნენ. ეთერმა კარი გაუღო თუ არა გარეთ მისი საფირმო კერძების არომატული სურნელი გამოვარდა. ნანა ხელებს იფშვნეტდა, სამზარეულოში შევარდა და მასპინძლის ნამუშევარს თვალიერება დაუწყო.
- რამდენი რამე მოგიმზადებია ეთერ!
- მიდი გათბით ბუხართან გენაცვალე, ამეებს გამოვიტან და გამოვალ.
- ლუკა სადაა? სამზარეულოდან გამოსძახა გოგოებს.
- ვერ ვიპოვეთ, გაკვეთილები მორჩა თუ არა სახლში გავარდა, მოვა ალბათ თუ სცალია. უპასუხა ნანამ.
გოგოები მაგიდას შემოუსხდნენ. ეთერმა ბუხარში შეშა შეყარა და სამზარეულოში გაბრუნდა რომ ჭიქები გამოეტანა. სუფრა ოთხ ადამიანზე იყო გაშლილი, ლუკასაც ელოდებოდნენ. ეთერის სანთელი აენთო და მისი ქმრის სურათი ბუხრის თავზე დაედო.
- ეთერ, რა სიმპატიური ქმარი გყოლია.
- ჰოო? ეთერმა გაიცინა, მერე სურათს დანანებით შეხედა.
კარზე კაკუნი გაისმა. გასაღებად ეთერი წავიდა. ნანას გაეღიმა, თაიას შეხედა და უთხრა: ,,ბიჭი მოგივიდა“. ლუკა ოთახში შემოვიდა, სუფრას შემოუსხდნენ. ბიჭმა ჭიქები სასმელით შეავსო. სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოყვა. ეთერი განვლილ ამბებს იხსენებდა, ახალგაზრდები გულისყურით უსმენდნენ. დრო და დრო ლუკას მზერა თაიასკენ მიიწევდა, რამდენჯერმე თვალიც გასუწორეს ერთმანეთს. თაიას უემოციო გამომეტყველება ჰქონდა, ლუკას ჩაფიქრებული. არავინ იცის ის ორი რას ფიქრობდა იმ მომენტში, როცა წამიერად ერთმანეთს შეხედავდნენ ხოლმე. ეთერი თავის ქმარზე დიდი სიყვარულით საუბრობდა.
- ჰა ეთერ, პირველად როდის გაკოცა? ნანამ ცოტა გამხიარულება გადაწყვიტა და თემა წამოსწია. თაიამ მაგიდის ქვემოთ მას ფეხი მიარტყა. ნანას ჩაეცინა.
- არარი მაგი შენი საქმე. მოკლედ მოუჭრა ქალმა.
ყველას ხმამაღლა გაეცინა, გაისმა ყიჟინი და შეძახილები... ეთერის ლოყები გაუწითლდა და სიცილი წასკდა. პირზე ხელს იფარებდა და ხითხითებდა.
,,თექვსმეტი წლისა ვიყავი, ცოლათ რო მითხოვა. ის ჩემზე ოთხი წლით დიდი იყო, ოცისა. მე სოფელი მურყმელიდან ვიყავი. პირველად იქა მნახა. დღეობაზე ჩამოსულიყო, დამინახა და სოფელში უკითხია რა ოჯახიდან არიო. მეორე დღეს მამაჩემთან მოვიდა და ჩემი ხელი ითხოვა. მე არ ვიცნობდი. მამაჩემს მოეწონა, ვაჟკაცი ბიჭი ჩანსო, მაგრამ ჩემ გარეშე ხოობა არ უთქვია. შენ თუ მოგწონს გაყევიო. მე მხრები ავიჩეჩე, არ ვიცნობდი და როგორ უნდა მომწონდებოდა. თან იმ დროს ჩვენი სოფლელი ბიჭი უფრო მომწონდა, ისიც კაი შესახედავი იყო. მარა ჩემი ქმარი იმასაც სჯობდა. მაღალი იყო, როგორ მახსოვს, ჩოხა ეცვა ჩვენსა რო პირველად მოვიდა. დიდი მხრები ქონდა და მოკლე თმები. წარბები იმნაირი სქელი და შეკრული, გეგონება გაბრაზებულიაო. კარგა რო გავიცანი მერე მივხვდი რო გაბრაზებული არ იყო, ეგეთი იერი ჰქონდა უბრალოდ. სვანური კილო ჰქონდა, ეგ კიდე უფრო მკაცრ გამომეტყველებას აძლევდა, მარა შინაგანათ ბავშვივით იყო. უარით რო გავისტუმრეთ იმის მერე სოფელში ფეხით გადმოდიოდა და თავიდან არა მშორდებოდა ხოლმე. ეზოში თუ გავიდოდი ამხანაგებთან, ეგეც იმ წამშივე ჩვენთან გაჩნდებოდა. ჩემი ხათრით ყველა ჩვენი სოფლელი ბიჭი გაიცნო და დაიმეგობრა. იმათგან იგებდა ხოლმე ხანდახან სად ვიყავი და რასა ვშვებოდი. საჩუქრები ჩამოქონდა ხოლმე უშგულიდან. იმის მერე მარტოც ვნახულობდი, სოფლელების გარეშე. ხან ყვავილების დასაკრეფად გასული, ხან საოჯახო საქმეზე გამოსული. ვიცოდი სადაც დამელოდებოდა ხოლმე. მამაჩემმა შეამჩნია ჩემი ესე მალ-მალე სახლიდან გასვლა და ისიცა მკითხა ჩუმათ ხო არა ნახულობ ვინმესო. არა-მეთქი, ვერ გავუბედე მომეყოლა. იცოდე, თავი არ მომჭრა სოფელშიო, ერთი ეს მითხრა და გავიდა ოთახიდან. ჩვიდმეტი წლისა რო გავხდი კიდე მოვიდა ჩემ სათხოვნელათ. მამაჩემმა ეხუმრა, ყოველწელს ესე წინ და უკან უნდა ირბინოვო? ქალი გამატანე და მეტჯერ აღარ დამჭირდება ჩამოსვლაო, იმანაც ენამოსწრებულად უპასუხა. მერე ორივე უშგულში წავედით. ქორწილიც იქა გვქონდა. კაბა ჩემმა დედამთილმა შემიკერა. ისეთი ლამაზი იყო, თეთრი, გრძელი, გულმკერდი მძივებით ამისხა, თმაში თავისი საგვარეულო სამაგრი ჩამიკერა. ჩემ ქმარს თეთრი ჩოხა-ახალუხი ეცვა. ჯვარი ,,ლამარიაში“ დავიწერეთ. მთელი სოფელი ჩვენთან იყო. ზოგი ამბობდა უშგულში უფრო ლამაზი ქალები გვყავს, ამას სად გადაეყარაო, ზოგს მოვეწონე, თვალწარბი აქ ლამაზიო. ზოგმაც თქვა, დრო გვანახებს რა ოჯახის ქალი დადგებაო. ერთად 58 წელი გავატარეთ და იმას ჩემთვის ხმამაღალი სიტყვა არ უთქვია. არც ერთი დღესასწაული არ ავიწყდებოდა, საჩუქრების ყიდვა უყვარდა ხოლმე ჩემთვის. ერთხელ ზაფხულში გარეთ წყალს ვუსხამდი, ხელები რო დაებანა და თვალში ჩემი კაბა მოხვდა, გაცვეთილი იყო და რამდენიმე ადგილზე გახეული. სხვა კაბებიცა მქონდა, განა არა მქონდა მაგრამ რა ვიცი, ის მეცვა იმ დღეს. მეორე დღეს ფეხით ჩავიდა ქალაქში რო ჩემთვის ახალი კაბა ეყიდა. მეც პატივსა ვცემდი, განა არა ვცემდი. ცხელი კერძი იმას არ ეკლდა და ცივი ღვინო მაგიდაზე ჭამის დროს. ერთად ჭამა გვიყვარდა ის თავის ამბებს მიყვებოდა მე ჩემსას ხოლმე. ეს სახლი ეხლა სადაცა ხართ ეგეთი კი არ იყო თავიდან. ქოხი იყო. თავიდან წვიმის დროს ჯამებსა ვდგამდით ხოლმე ოთახის შუა გულში, წყალი ჩამოდიოდა. მერე ცოტა ფული მოვაგროვეთ. ცხონებულმა ერთი სართული დაადგა ზემოდან. ჩვენი სოფლელი ახალგაზრდა ბიჭები მიეხმარნენ და რემონტი გააკეთეს. ყველას უყვარდა ჩემი ქმარი. სამოცდათხუთმეტი წლისა ვიყავი რო მარტო დამტოვა, თვითონ სამოცდაცხრამეტისა იყო. ცუდად იყო ბოლოს, ლოგინად ჩავარდა. სულ თავთან ვეჯექი. მარტო მე ვყავდი, სხვა არავინ. ბოლოს იმას ამბობდა, მეცოდები ესე რო გაწვალებო. შენ რო გხედავ მიხარია, მაგრამ გული მწყდება ჩემთვის ეგრე რო წვალობ, ცოტაც დამაცადე მალე მოვკვდები და დაგასვენებ შენცაო. ეგრე ნუ ამბობ გენაცვალე, ცოცხალი მჭირდები მკვდარი რაში უნდა გამომადგე მეთქი! წამლები სოფლის ბიჭებს ამოქონდათ, აბა მე სად ვივლიდი იმ სიშორეზე, ფეხით. ბოლოს აღარც წამლები შველოდა, ყველაფერი მტკივაო იტყოდა ხოლმე. ეჰ, ალბათ ძალიან მაგრად სტკიოდა თორე მე არ გამაგებინებდა. ვაჟკაცი იყო და ცხოვრებაში არ დაუწუწუნია. იმის სულს ისე ვყარაულობდი, როგორც ფასდაუდებელ განძს. ვხვდებოდი, რო საშველი აღარ იყო. თვითონაც ხვდებოდა. არაფერს აღარ იძახდა, თვალებში მიყურებდა ხოლმე და ხელზე მეფერებოდა. აქეთ მამშვიდებდა, ნუ გეშინია, უჩემოდაც კარგად იქნებიო. თუ თვალები ამიცრემლიანდებოდა გამიღიმებდა ხოლმე და აღარაფერს მეტყოდა. მერე აღარც ჭამდა, წყალს ითხოვდა მხოლოდ. როგორ ვეხვეწებოდი, ხან რა მოვუმზადე ხან რა. რამდენჯერმე მეზობლებმა უთხრეს, ქალს ნუ ანერვიულებ ცოტა ჭამე რო მშვიდად იყოს ესეცო. აქეთ გამოსულმა გავიგე თავის ამხანაგებს უთხრა: ,,მე რო აღარ ვიქნები ქალს მიპატრონეთო“ გარეთ გავედი და ხმამაღლა ვიტირე“ ეთერის ცრემლები წამოუვიდა, თაიაც ტიროდა, ნანაც და ლუკაც. ქალმა ისტორია გააგრძელა:
,,შობის ღამე დგებოდა, სანთელი ავანთე და ჩემ ქმარს ვუთხარი, თუ გინდა ერთი ჭიქა ღვინო დავლიოთ მეთქი. მიდი გამოიტანეო, მითხრა და მეც გავედი ღვინის შემოსატანად. ოთახში შემოსულს ცოცხალი აღარ დამხვდა“ ეთერის თვალები აუწითლდა, ცრემლები უნებურად, უკონტროლოდ მოდიოდნენ თვალებიდან და გამომშრალ, ნაოჭიან სახეზე გზას იკვალავდნენ. ქალს სახე მოეჭმუჭნა, ცხვირსახოცი თვალებზე მოისვა. ამ ამბიდან ათი წელი გასულიყო, მაგრამ ეთერის გრძნობები და ემოციები მონატრებასთან ერთად ძლიერდებოდნენ. იმის გახსენებაზე უნებურად მუდამ ეტირებოდა ხოლმე. შემდეგ სიჩუმე ჩამოწვა. თაია ეთერის მიეხუტა და თავზე აკოცა. ლუკამ ჭიქები ისევ შეავსო და ,,წასულების“ სადღეგრძელო დალია. ეთერმა ჭიქა ბოლომდე გამოცალა. ამას სიყვარულის სადღეგრძელო მოყვა, შემდეგ თემები შეცვალეს და დაძაბული გარემოებაც ნელნელა განიმუხტა.
სტუმრების წასვლის დრო დადგა. ნანამ თავისი ნივთების მოძებნა დაიწყო, ლუკა მოსაწევად გავიდა. თაია მას გაჰყვა. ამასობაში ნანაც გამოვიდა და სტუმრები სახლის გზას გაუყვნენ.
თაია სახლში დაბრუნდა.
- ეთერ.
- ხო გენაცვალე.
- ძაან მიყვარხარ.
ეთერის გაეღიმა. გოგოსთან მივიდა და წელზე ხელი მოხვია, მეცო უპასუხა და შემდეგ ორივე დასაძინებლად წავიდა.
***
,,ჩამოდი როგორმე, დაბლა გელოდები“ თაიას მობილურზე შეტყობინება მიუვიდა. თავისი ოთახის ვერანდაზე გავიდა და დაბლა ჩაიხედა. ლუკა დაინახა, რომელიც დიდ ქვაზე იჯდა და მას ელოდებოდა. შემობრუნდა, ფარდები ჩამოაფარა და ტანსაცმელი გამოიცვალა. თბილად ჩაცმულმა ფეხაკრეფით ჩაიარა სამსართულიანი სახლის შიდა კიბეები და კართან მივიდა. ურდულს ხელი ისე ფრთხილად მოჰკიდა, გეგონება ქურდია და სახლში შეპარვას ცდილობსო. შემდეგ ასევე ნელა და ჩუმად გადაატრიალა ის, სასწრაფოდ გამოვიდა სახლიდან და კარი მიიხურა. ეზოში გამოვიდა, ლუკა ფეხზე წამომდგარიყო. თაია მას მიუახლოვდა, ერთმანეთს გაუღიმეს, მაგრამ არაფერი უთხრეს. ლუკამ ხელი ჩასჭიდა და ნელი ნაბიჯით სვანეთის მთაგორიან გზას გაუყვნენ.
შუაღამე იყო, მაგრამ სავსე მთვარე ირგვლივ ყველაფერს ნათელს ჰფენდა. ბუნება თავისებურად საუბრობდა და გამეფებულ სიჩუმეს ერთდროულად არღვევდნენ ჭრიჭინები და ენგური. დროდადრო შორეული სახლებიდან იმ ძაღლების ყეფაც ისმოდა, რომელთაც თავადაც ვერ გაეგოთ რა სურდათ და რატომ ყეფდნენ. თაიას მთვარის შუქი სახეზე ლამაზად ეცემოდა, თმები გაშლილი ჰქონდა და ლავანდის სურნელი ასდიოდა მათზე. თავზე დიდი შარფი შემოეხვია, თმა ნესტიანი ჰქონდა, სიცივისგან ცხვირის წვერი გასწითლებოდა. ცოტა სიარულის შემდეგ ლუკა და თაია ძველ სვანურ კოშკს მიადგნენ. ,,აქ უნდა ავიდეთ“, თქვა ლუკამ.
- შენ ყველა კოშკი ზეპირად იცი ხო?
- კი, სულ ყველა.
- ჯერ მე ავალ, თქვა ლუკამ და კოშკის ვიწყო კიბეებს აუყვა, როცა ბოლომდე ავიდა თაიას ხელი გაუწოდა და ამოსვლაში მიეხმარა.
კოშკის თავზე აღმოჩნდნენ, საიდანაც დაუჯერებელი ხედი იშლებოდა. მთელი უშგული ხელის გულივით მოჩანდა. მთვარე წითელი იყო, ისე კაშკაშებდა, თითქოს ცეცხლი ჰქონდა წაკიდებული.
ზემოთ აიხედე - უთხრა ლუკამ. თაიამ ცას ახედა, რომელიც ვარსკვლავებით იყო გადაჭედილი. ,,ღმერთო ჩემო, რა ლამაზია“ გაუაზრებლად წამოიძახა ემოციების ქვეშ მყოფმა თაიამ და ლუკას შეხედა. მან არაფერი უპასუხა, გაუღიმა და თმაზე მოფარებული თავსაბურავი გაუსწორა.
- კოშკის კიდეზე დავსხდეთ, უთხრა თაიამ.
- არა, ძალიან მაღალია, საშიშია.
- წამოდი, მიაძახა თაიამ და კოშკის უმაღლეს წერტილში აძვრა, ლუკას დახედა, რომელიც მალევე მის გვერდით მოკალათდა.
თაია და ლუკა უშგულის უმაღლესი კოშკის მწვერვალზე ისხდნენ და მთვარეს უყურებდნენ. დრო და დრო ერთმანეთს შეხედავდნენ ხოლმე, მაგრამ სიჩუმის დარღვევას ვერც ერთი ბედავდა.
დედამიწის და მთვარის ურთიერთობა ერთგულების და ნამდვილი სიყვარულის სიმბოლოა. ისინი იმ წყვილივით არიან, რომლებიც ერთიმეორეს ვერ უახლოვდებიან, თუმცა განშორებაც უჭირთ, ამიტომ შორიდან ტკბებიან ერთმანეთის საუცხოო შესახედაობით და განსხვავებული ცხოვრების წესით. მაშინ, როცა კოსმოსიდან დედამიწისკენ მზის სხივები მიისწრაფიან, მასზე სიცოცხლე იღვიძებს და ადამიანებიც ფუტკრებივით აფუსფუსდებიან ხოლმე. დედამიწა ბედნიერებაში ისე იძირება, რომ საღამოს მზის ჩასვლით გამოწვეული სევდა მას მარტოობის უფსკრულისკენ მიაქანებს. სწორედ მაშინ გამოჩნდება მთვარე და ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავისგან მიტოვებულს, საკუთარ თავს უანგაროდ სთავაზობს იქამდე, სანამ ჩვენი უმადური პლანეტა გათენებისას მზისგან გამოგზავნილი სხივებით კვლავ არ დაიწყებს გათბობას.
ვინ იცის, რამდენი მოგონების ერთადერთი თვითმხილველია მთვარე. ალბათ სწორედ ესაა ერთგულება: ხედავდე ყველა ნებითა თუ უნებლიედ ჩადენილ დანაშაულს და მაინც მის გვერდით იყო, ემსახურებოდე, თავს სწირავდე და სანაცვლოდ არაფერს ითხოვდე. სიბნელეს ნათელს ჰფენდე და მაშინ, როცა მის თავზე მზე კაშკაშებს, შორიდან ტკბებოდე შენი მიუწვდომელი სიყვარულის ბედნიერებით.
- შემიყვარდა ეს სოფელი. სიჩუმე თაიამ დაარღვია.
- ლუკამ გვერდით მჯდომ თაიას შეხედა, თვალი გაუსწორა მას, შემდეგ მშვიდად უპასუხა: ,,მეც შემიყვარდა“.
- მთელი ბავშვობა აქ გაატარე ხო?
- კი.
- როგორი იყო უშგული მაშინ?
- სავსე იყო ბავშვებით, ახალგაზრდებით, ხალხით... ახლა თითქოს დაცარიელდა, აღარავის უნდა აქ ყოფნა, უშგული მიტოვებული სოფელია.
- მიტოვებულია?
- ხო, მას ყველა ტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი ისეთ ბედნიერებას გვანიჭებს, რომელსაც სხვაგან ვერასდროს შევიგრძნობდით. ეს სოფელი პირველი სიყვარულივით არის - მისი დავიწყება შეუძლებელია, თუმცა მასთან სამუდამოდ დარჩენაც რთულია. ხშირად განშორებით სრულდება, მაგრამ ხომ ხედავ, არიან ერთეულებიც, გამონაკლისები, რომლებმაც თავისი თავი მას მიუძღვნეს.
- შენც ხომ აპირებ სხვაგან წასვლას? აქ შენც ხომ დროებით ხარ? გამოდის, არც შენ იხარჯები ზედმეტად - უთხრა თაიამ.
- მე დავბრუნდები. სადაც არ უნდა წავიდე, ბოლოს მაინც აქ დავბრუნდები.
- მოხუცებული ამ კოშკს რომ შეხედავ ეს ღამე გაგახსენდება ხოლმე?
- გამახსენდება. ეს მთები, ვარსკვლავები და შენ, უთხრა და თვალებში შეხედა. შემდეგ განარგძო: შენც გამახსენდები. შეიძლება შენშიც გაიღვიძოს მოგონებებმა, უბრალოდ მაშინ შორს იქნები ამ რეალობისგან, მე კი ახლოს.
- ვინ იცის, იქნებ ძალიან ბევრი წლის შემდეგ ისევ აქ შევხვდეთ ერთმანეთს, უთხრა თაიამ.
ორი წუთით სიჩუმე იყო, ის ისევ თაიამ დაარღვია.
- მაინც არ მომეწონა რაც თქვი. ეს სოფელი მიტოვებული არ არის.
- არ არის?
- არ არის.
- აბა რა არის.
- ჩემი აზრით?
- ხო, შენი აზრით.
- ჩემი აზრით ღვთიური სოფელია.
ლუკამ ხმამაღლა და გულიანად გაიცინა.
- ღვთიური სოფელი, გაიმეორა და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად.
- შეიძლება გაკოცო? ჰკითხა ლუკამ და მისკენ ნელა მოტრიალდა.
- უარი რომ გითხრა არ მაკოცებ?
- არა.
- შეიძლება.
ლუკამ თაიას თავზე მოფარებული საბურავი მოხადა, მას თმები ისევ ნესტიანი ჰქონდა, ხვეულები მთვარის შუქზე ბზინავდნენ. თანამგზავრის სხივები მის სახესაც ანათებდნენ ნაწილობრივ. მისი თვალები იღიმოდნენ და ლუკას შეკრულ წარბებს აკვირდებოდნენ. ბიჭმა ჯერ თმა გაუსწორა, რომელიც თავსაბურავის მოხსნისას ერთმანეთში აბურდულიყო, შემდეგ ნაზად ნიკაპზე ხელი მოჰკიდა, ნელ-ნელა მიუახლოვდა და ძალიან ფრთხილად აკოცა.
მთვარე ისევ ისეთი წითელი და ცეცხლოვანი იყო იმ განსხვავებით, რომ ღრუბლებს, რომელნიც სოფელს საბანივით ეფინებოდნენ, ისიც დაეფარათ ნაწილობრივ. უშგულის უმაღლესმა კოშკმა, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში უამრავ ისტორიას ინახავდა, იმ ღამეს კიდევ ერთი საიდუმლო შეიძინა.
***
თაია და ალექსანდრე, მიუხედავად საკმაოდ გრილი ამინდისა, ნაყინებით ხელში სიღნაღის ცარიელ ქუჩებში სეირნობდნენ და ბიჭის სახლისკენ მიდიოდნენ. ბოლოს შეხვედრის შემდეგ ორი კვირა იყო გასული, ისინი ერთმანეთს ყოველდღე ნახულობდნენ და ტელეფონზე საათობით საუბრებოდნენ. ერთ-ერთ დიალოგში თაიამ ალექსანდრეს მომზადებული ვახშამი ახსენა და უთხრა, იმდღეს კარგად შევთვერი, არ მახსოვს მაშინ გითხარი თუ არა, ამიტომ ახლა გეტყვი, რომ ყველაფერი ძალიან გემრიელი იყოვო. აქედან საუბარი იქამდე მივიდა, რომ ალექსანდრე თაიას შეპირდა, ტორტის გამოცხობას გასწავლიო. გზაზე მაღაზიაში შეიარეს, საჭირო ინგრედიენტები იყიდეს. ალექსანდრე ინგრედიენტებს გულისყურით არჩევდა. ხელში აიღებდა თითოეულ მათგანს და ყველა მხრიდან ატრიალებდა, კითხულობდა შემადგენლობას, წარბებს კრავდა და ყველა სიტყვის გულში ამოკითხვისას ტუჩებს ამოძრავებდა. თაია ისევ აკვირდებოდა მის ყველა მოძრაობას და დრო და დრო რაღაცებს მიაწვდიდა ხოლმე, ალექსანდრე შეამოწმებდა გოგოს მოწვდილ პროდუქტებს და ზოგს კალათაში დებდა, ზოგსაც უბრუნებდა, ეს არ გადმოდგებაო და თან თვალს ჩაუკრავდა, რომ არ სწყენოდა. როგორც იქნა პროდუქტები შეარჩიეს და მაღაზიიდან გამოვიდნენ. პარკები ალექსანდრეს ეკავა და მიუხედავად თაიას მიხმარების მცდელობისა, არ მისცა საშუალება, მასაც წაეღო რამე. გზაზე ალექსანდრეს ტელეფონმა დაურეკა, მან ნომერს დახედა და გაუთიშა. ტელეფონმა მეორედ დარეკა, იგივე ნომერი იყო.
- უპასუხე, იქნებ რა ხდება, უთხრა თაიამ, რომელსაც ცნობისმოყვარეობა კლავდა, ისე აინტერესებდა ვინ იყო.
- არ მცალია, ახლა ბევრად მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. უპასუხა ბიჭმა.
ალექსანდრემ ტელეფონი უხმო რეჟიმზე გადაიყვანა. სახლში მივიდნენ. კარი თაიამ გააღო, მან უკვე ძალიან კარგად იცოდა მისი ყველა კუთხე და პირველი თავად შევიდა სამზარეულოში. ალექსანდრეც მას მიყვა, პროდუქტები მაგიდაზე დააწყო. სახლში ძალიან ციოდა. თაიამ სთხოვა, ღუმელი აენთო. მისაღებ ოთახს ასე ათბობდნენ. ბიჭი უსიტყვოდ დაემორჩილა. სანამ ის ცეცხლს ეთამაშებოდა თაია ოთახის ფანჯრის კიდეზე შემოჯდა და ხელში იქვე დატოვებული კონსპექტი აიღო, რომელიც ფანქრით რამდენიმე მონაკვეთში გახაზული იყო. მისი ყურადღება ალექსანდრესკენ იყო, უყურებდა როგორ ცდილობდა ის არაფრისგან ცეცხლის გაჩენას და აღტაცებული იყო იმ ფაქტით, რომ მას ყველაფერი გამოსდიოდა. მოხერხებული, მიმზიდველი, თავაზიანი... შემდეგ კრებულს დახედა და პირველ გვერდზე გადაშალა. პირველ გვერდზე საინტერესო არაფერია, ამიტომ შეამოწმა მეორე, მესამე. კრებული დიალოგებით და გარემოს აღწერით იყო სავსე.
- ახლა დათბება, უთხრა ალექსანდრემ, ღუმელის კარი დაკეტა და თაიასთან ძალიან ახლოს მივიდა.
- ეს რა არის?
ალექსანდრემ ფანჯრის რაფაზე მჯდომ გოგოს კრებული გამოართვა და თვითონაც ჩახედა.
- იმ ფილმის სცენარია, რომ გიყვებოდი.
ალექსანდრე დამწყები მსახიობი იყო. ის წელი, როცა თაიას შემთხვევით შეხვდა უნივერსიტეტში, მისი პირველი და ბოლო წელი იყო იმ ფაკულტეტზე, შემდეგ თეატრალურზე ჩააბარა. რუსთაველის თეატრში თამაშობდა და თავის წრეში ძალიან დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა. ეს კრებული ერთ-ერთი ფილმის სცენარი იყო. სანამ პანდემია დაიწყებოდა შვედ რეჟისორებს ფილმი უნდა გადაეღოთ, სადაც მთავარ როლზე სწორედ ალექსანდრე შეარჩიეს. პანდემიამ პროცესი შეაჩერა, თუმცა ისინი ალექსანდრესთან კონტაქტზე რჩებოდნენ და იმედოვნებდნენ, რომ პანდემიის ჩაქრობის შემდეგ გეგმას მიყვებოდნენ.
- აბა შენი ტექსტი?
- აი ეს მე ვარ, ეუბნება და თითით მიანიშნებს.
- ნასწავლი გაქვს უკვე?
- თითქმის, უთხრა ალექსანდრემ და კრებული გამოართვა, ხელი მოხვია და ფანჯრის რაფიდან ჩამოსვა. სამზარეულოში შევიდნენ და ალექსანდრემ რამდენიმე დიდი ჯამი გადმოიღო, მაგიდაზე დადო.
- მთავარ როლში შენთან ერთად ვინ არის?
- შვედი მსახიობია.
- რა ჰქვია?
- არ მახსოვს.
- ლამაზია?
- კი, ძალიან. უთხრა და თაიას გამომეტყველებას დააკვირდა. იმან წარბები ასწია.
- მაგრამ შენ ჯობიხარ.
ორივემ ხმამაღლა გაიცინა. თაიამ თმა აიწია, ტორტის გამოცხობა დაიწყეს. ალექსანდრე ნამდვილი შეფივით იქცეოდა და ყველა ნაბიჯს ხმამაღლა ახმოვანებდა. თაია მის ინსტრუქციებს მიყვებოდა, თან მუსიკას უსმენდნენ. სულ მალე სამზარეულო ნაომარ ოთახს დაემსგავსა. ყველაფერი გასარეცხი, ფქვილიანი და მიყრილი იყო. თაიამ მათი მოწესრიგება გადაწყვიტა. ალექსანდრემ ტორტის კეთება განაგრძო. გუნდურად მუშაობდნენ და ორივე თავს თავისუფლად, ლაღად გრძნობდა. ალექსანდრეს მოსწონდა, რომ თაიაზე შთაბეჯდილებას ახდენდა და მას რაღაც ახალს ასწავლიდა, თაია კი ბედნიერი იყო იმით, რომ ბიჭი მის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა. ბისკვიტი გამოცხვა, კრემიც მზად იყო. ერთადერთი, რაც დარჩა ტორტის აწყობა და მორთვა იყო. ალექსანდრემ ტორტი ააწყო, თაიამ მორთვა დაიწყო. ალექსანდრეს უთხრა, კრემი ოთხ ნაწილად გაეყო და სამი მათგანი წითლად, ყავისფრად და მწვანედ შეეღება. ალექსანდრე დაემორჩილა. თაიამ კრემები სპეციალურ ფორმებში მოათავსა და საქმეს შეუდგა. ალექსანდრე აკვირდებოდა, აინტერესებდა რას დახატავდა მისი მეწყვილე. თაიამ ჯერ მონახაზი გააკეთა და შემდეგ გაფერადებას შეუდგა. ბევრი იწვალა, რომ ნახატი რაღაცას დამსგავსებოდა. ალექსანდრე ბევრს დასცინოდა, ეს კიდევ ეუბნებოდა, ჯერ მზად არ არის, მაცადე და მიხვდები რაც ჩავიფიქრეო. დაასრულა და ნახატი მართლა კარგი გამოვიდა, ფორმაც შესამჩნევი იყო და მარტივად მისახვედრი, თუ რა ეხატა ტორტზე.
- ეს რა არის? ეკითხება ალექსანდრე და ცდილობს, სიცილი შეიკავოს.
ტორტზე წითელი ღვინის ბოთლი ეხატა, წვრილად ,,საფერ“ ეწერა, რადგან დანარჩენი არ დაეტია.
- ვალს გიბრუნებ, ესეც შენი მეორე ღვინის ბოთლი.
- უი ბოთლია ეს? და შემდეგ ტორტი შემოატრიალა, იქნებ სხვა მხრიდან დაემსგავსოს რამესო.
ორივე იცინის, შეთანხმდნენ, რომ ტორტს კრეატიული დიზაინი აქვს. გემოს გასინჯვა დარჩა. თაიამ კარადა გამოაღო და თეფშები მაგიდაზე გადმოაწყო. ამასობაში, კარზე კაკუნი გაისმა. არავის ელოდებოდნენ. ალექსანდრე კართან მივიდა. გააღო თუ არა, სახლში ახალგაზრდა გოგო შემოვიდა გრძელი, სწორი ქერა თმა ჰქონდა. ხელჩანთა ეკავა. შემოსვლის ნებართვა არ უთხოვია, ჩანთა დივანზე დააგდო, ალექსანდრეს შემოუბრუნდა და უთხრა:
- გირეკავდი.
- ვიცი.
- მომენატრე, უთხრა, ახლოს მივიდა და ხელები კისერზე შემოხვია.
ალექსანდრემ ხელები ჩამოაწევინა და უთხრა, მარტო არ ვარო. თაია ამ სცენას თვალს ადევნებდა. ,,უი, ვერ დაგინახე“, უთხრა ახალმოსულმა და გოგოს მიესალმა. ძალიან თავისუფალად იქცეოდა, დაძაბულობა არ იგრძნობოდა. თაიაც მიესალმა, ერთმანეთს გაუღიმეს. ალბათ გულწრფელად არა.
- არ ვიცოდი სტუმრებს თუ ელოდებოდი, თაია ალექსანდრეს მოუტრიალდა
- არ მელოდებოდა, ცოტა სალაპარაკო გვაქვს, მაგრამ ერთი თვეა მემალება. ირონიულად იძახის ახალმოსული.
- ძალიან კარგი, ძალიან კარგი დროა სალაპარაკოდ, მალე კომენდანტის საათი დაიწყება და ხელს არავინ შეგიშლით, მე უკვე მივდიოდი, ნახვამდის!
თაიამ თავის მანტოს ხელი წამოავლო და გარეთ გამოვიდა. კიბეები სწრაფად ჩაიარა, ჭიშკართან მივიდა, უკან მოიხედა. უნდოდა, რომ ალექსანდრე გამოყოლოდა, მაგრამ არავინ ჩანდა. ვერ გააანალიზა რა ხდებოდა გარშემო, არ იცოდა უნდა გაბრაზებულიყო ალექსანდრეზე თუ არა. ისინი ერთმანეთისთვის არავინ იყვნენ, მაგრამ მას ეგონა, რომ ეს ურთიერთობა რაღაცის საწყისი იყო. ამაზე მას და ალექსანდრეს არასდროს უსაუბრიათ, მათი შეხვედრებისთვის სახელი არასდროს დაურქმევიათ. მაინც ბრაზობდა, რაღაც ისე ვერ წავიდა, როგორც უნდა წასულიყო. თავს მოტყუებულად გრძნობდა და ხვდებოდა, ცოტაც და ცრემლები წამოუვიდოდა, თუმცა საკუთარ თავს ამის საშუალება არ მისცა. შემდეგ იხსენებდა იმ გოგოს სახეს, რომელმაც მასსა და ალექსანდრეს შორის არსებული იდილია დაარღვია. იხსენებდა მის გამომეტყველებას, ჩაცმულობას, ქცევებს. სახლში მისული ყოველ წამს ტელეფონს ამოწმებდა, ზარის ან შეტყობინების მოლოდინში, მაგრამ მას არც არავინ სწერდა, არც არავინ ურეკავდა.
***
დაუპატიჟებელი სტუმარი ალექსანდრეს ძველი შეყვარებული იყო, ბავშვობის შეყვარებული. ისინი ერთმანეთს პატარაობიდან იცნობდნენ. მეხუთე კლასიდან პარალელური კლასელები იყვნენ. მათი ისტორია ყველამ იცოდა სკოლაში, ისინი ხომ ალექსანდრე და ანი იყვნენ! სკოლიდან ხშირად იპარებოდნენ ხოლმე, თუ ეს ორი გაკვეთილებს ერთად აცდენდა მასწავლებლებმა უკვე იცოდნენ, რომ უეჭველად ერთად იქნებოდნენ წასული. ხშირადაც ჩხუბობდნენ. ანი ძალიან თამამი იყო, არ აინტერესებდა რა ხდებოდა მის გარშემო და სულ იმას აკეთებდა, რისი გაკეთებაც იმ მომენტში უნდოდა. ალექსანდრე მასზე მეტად თავშეკავებული ჩანდა ხოლმე. ეთხელ, მორიგი კამათის შემდეგ, როცა ალექსანდრე მისგან თავის დახსნას ცდილობდა, ანიმ სკოლის სასადილოდან გამოტანილი ყავა შუა კორიდორში, ხალხის თვალწინ, პირდაპირ სახეში შეასხა. ალექსანდრეს არაფერი მოუმოქმედებია, გიჟი ხარ, სამკურნალო ხარო, ერთი ეს მიაძახა და ტუალეტში შევარდა. მეორე დღეს იმავე კალიდორში ხელიხელჩაკიდებულები დადიოდნენ. თუმცა, ხვდებით ალბათ, რომ მათი ეს ურთიერთობა ჯანსაღი არ იყო. მათი კავშირი ნაზავი იყო პირველი სიყვარულის, მიჩვევის, ვნების, მოგონებებისა. უნივერსიტეტის პერიოდში პერიოდულად ერთმანეთს შორდებოდნენ ხოლმე, მათ ცხოვრებაში ჩნდებოდნენ სხვა ადამიანებიც, თუმცა რაღაც დროის შემდეგ ისინი კვლავ ერთმანეთს უბრუნდებოდნენ. უმეტესად ეს ანის ინიციატივით ხდებოდა ხოლმე. ბოლო წლებში მათ შორის თითქმის ყველა გრძნობა განელდა, მაგრამ მათი გზები კვლავ იკვეთებოდა ხოლმე. ანის მოსწონდა ის ფაქტი, რომ ალექსანდრე მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო და ზოგჯერ თავს უტყდებოდა, რომ ბავშვობის სიყვარულზე მეტად მისი რეპუტაცია და სახელი ხიბლავდა, თუმცა მალევე ერთად გატარებულ წლებს იხსენებდა და ამ ფიქრებს გააქარწყლებდა ხოლმე. ბოლო ერთი წელია, ალექსანდრე მისგან თავს შორს იჭერდა, მაგრამ საერთო მეგობრები, სანაცნობო წრე, ხშირად ხდებოდა მიზეზი მათი ხელახალი გადაკვეთისა. ალექსანდრეს დიდი სიყვარული ჰქონდა მის მიმართ, ოღონდ ისეთი აღარ, როგორც ძველებურად. ეს გრძნობა უფრო მეტად სიყვარული იყო იმ ბედნიერი და ტკბილი დღეებისა, რომლებიც ერთმანეთს აჩუქეს. ბოლო ექვსი თვე იქნებოდა, რაც ერთმანეთს აღარ შეხმიანებიან, მანამ, სანამ ალექსანდრეს ჩამოსვლამდე ერთი თვით ადრე საერთო მეგობართან შემთხვევით ერთმანეთს არ გადაეყარნენ. იქიდან ყველა ერთან ბარში წავიდა დასალევად, ბევრი დალიეს მეორე დილით ანის სახლში აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ ალექსანდრე კონტაქტზე აღარ გამოსულა, ანიმ რამდენჯერმე დაურეკა და პასუხი რომ ვერ მიიღო, მისი ადგილსამყოფელი გაარკვია და ჩამოაკითხა.
ზოგჯერ ისე ხდება ხოლმე, რომ მოგონებები ან ადამიანები წარსულიდან აჩრდილივით დაგვყვებიან აწმყოში. რეალობა ქაოტური და ბობოქარია, როცა თავს აღფრთოვანებულად გრძნობ შენს გარშემო არარსებული ფერები იშლება და სხვებისთვის უბრალოდ ჩვეულებრივი სამყარო შენში განცვიფრებას იწვევს. ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს ჩაკეტილი და უჰაერო სივრციდან თავი დაიხსენი და გარეთ, თოვაში აღმოჩნდი. ცდილობ რაც შეიძლება ღრმად ჩაისუნთქო სიყვარულივით სუფთა და აისბერგივით ცივი ჰაერი. სუნთქავ და ხვდები, რომ აქ ყოფნა ისე გჭირდებოდა, როგორც სული სჭირდება ადამიანს იმისთვის, რომ იცოცხლოს. ცოტა ხანს ტკბები იმ შეგრძნებებით, რომლებსაც სამყარო მხოლოდ შენთვის გაიმეტებს, შემდეგ თვალებს ახელ და ხედავ, რომ ის არარსებული ფერები, რომლებიც გარს გერტყა გაფერმკრთალებული და ჩამქრალია. არაუშავს, შენ მაინც ბედნიერი ხარ იმით, რომ უჰაერობას გამოექეცი და სუფთა ჰაერზე დგახარ, თუმცა მალევე აღმოაჩენ, რომ უსიამოვნო გრძნობა გეუფლება და სიცივეში დარჩენილს კანი გესუსხება. შემდეგ ის უფრო მეტად იჭრება შენში და შენი კიდურები ისე კანკალებენ, როგორც მოხუცი ადამიანის ხელები ძაფზე ნემსის აგების დროს. რა უცნაურია, ირგვლივ იყურები და ყველაფერი შავ-თეთრია. ახალი გარემოება მიწაზე განარცხებს და რაც დრო გადის, მით უფრო მეტად გცივა, შემდეგ იყინები, შემდეგ მოქმედების უნარს კარგავ და ოცნებობ ისევ იმ უჰაერო სივრცეში იყო ჩაკეტილი, საიდანაც აქ გამოიქეცი. ამის შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება და უსიცოცხლოდ დარჩენილი, ტროპიკულ კუნძულზე ამოყოფ თავს, სადაც მზეს ეფიცხები და ცდილობ რაც შეიძლება მეტად გათბე მანამ, სანამ ისიც არ დაგწვავს.
ადამიანები მუდამ რაღაცის ძიებაში ვართ, სიახლეს მეტწილად ბედნიერება მოაქვს, თუმცა რამდენი ხნით, ეს არავინ იცის. სიყვარულშიც ასეა. თუ ხვდები, რომ უკან დაბრუნება გინდა, უჰაერო სივრცეში, ან თუ მზისგან დამწვარს გენატრება ის დრო, როცა აისბერგზე იყინებოდი, უნდა აღიარო, რომ დამარცხდი. გამარჯვებული ადამიანი თავის ბედს შეეგუება და ისწავლის, როგორ გათბეს იქ, სადაც სიცივე მეფობს... როგორ გადარჩეს იქ, სადაც უდიდესი ვარსკვლავისგან დამწვარი ნელა და მტანჯველად იფერფლება... ის გზა, რომელსაც გადასარჩენად გავდივართ რთული და მოულოდნელობებით სავსეა, მაგრამ როცა სამშვიდობოს მივაღწევთ ვხვდებით, რომ ეს ამად ღირდა და ყველაფერი მარტივი რომ ყოფილიყო, დასასრული ასეთი ტკბილი არ იქნებოდა.
ალექსანდრეს ანიზე კარგად არავინ იცნობდა. ბიჭმა ეს კარგად იცოდა. ანის მისი ერთი გამომეტყველებით შეეძლო აზრების წაკითხვა და გარემოებების სწორი შეფასება, ანალიზი. იცოდა როდის რა უნდოდა, რა უყვარდა, რა სძულდა, რა ახარებდა და რა აბრაზებდა. ხშირად ეტყოდა ხოლმე ,,ხომ იცი, ჩემს იქით გზა მაინც არ გაქვს, ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები და ადრე თუ გვიან ამას მიხვდებიო“, ალექსანდრე გაუღიმებდა ხოლმე და ეტყოდა, შექმნილები არა, მაგრამ ერთმანეთისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები ვართო. თუმცა, დრო გავიდოდა, ალექსანდრეს ნოსტალგია მოაწვებოდა და ისევ ძალიან მოენატრებოდა ხოლმე ბავშობის სიყვარული, უფრო მეტად კი ცხოვრების მნიშვნელოვანი მეგობარი. სიღნაღში ანის ჩასვლას მასში სიხარული და ბედნიერება არ გამოუწვევია, უსაყვედურა კიდეც, რატომ არ გამაფრთხილე რომ მოდიოდიო. ანის კიდევ ერთხელ შერიგება უნდოდა. ალექსანდრემ სთხოვა, დღეს თუ გინდა აქ დარჩი, უკან დაბრუნებას ვეღარ მოასწრებ, ხვალ დილით კი წადიო... მის ცხოვრებაში იყო ვიღაც ახალი, ვინც ყველანაირი პირობის გარეშე ის გაახალისა და დააფასა. აღარ უნდოდა ძველ ქაოსში დაბრუნებულიყო, იმ გრძნობიდან, რაც ადრე ანის მიმართ გააჩნდა, პატივისცემისა და მადლიერების მეტი აღარაფერი დარჩენილიყო. ანი დილით ისე წავიდა, მან ვერც კი გაიგო. მეორე დღეს თაიას მისწერა:
- ვილაპარაკოთ?
- კი
***
- დილის რვაზე აქ რამ მოგიყვანა? ჰკითხა ლუკამ თაიას.
- რა ვიცი, ძალიან ადრე გამეღვიძა და გამოვედი რა, თან ეთერის ეძინა და ყავის მარტო დალევა დამეზარა, უპასუხა თაიამ. სამასწავლებლოში იჯდა, იდაყვი მაგიდაზე ჰქონდა დადებული და ნიკაპს ხელის მტევანზე აყრდნობდა, ლუკასთვის არ შეუხედავს, თვალი ჰქონდა გაშტერებული, ფანჯარაში იყურებოდა და ისე უპასუხა.
- ყავა გინდა? ჰკითხა ლუკამ.
- აუ კი რა. შენ რა გინდა ამ დროს აქ? მოუტრიალდა ლუკას, რომელიც ჭიქებში ყავას და შაქარს ყრიდა.
- მეც ეგრე, ვერც დავიძინე ნორმალურად და ადრეც გამეღვიძა. მერე დედაჩემმა დამირეკა და გამოვფხიზლდი ბოლომდე.
- დედაშენს ყოველდღე ელაპარაკები? ჰკითხა თაიამ.
- ხო რავი, ზოგჯერ ორ დღეში ერთხელ, შენ?
- მე არა, ორი კვირაა არ მილაპარაკია. არ მიყვარს დედაჩემთან ლაპარაკი.
- ხო, ეგ ადრეც თქვი, მახსოვს. რატომ? მაგიდაზე ყავა დაუდგა.
- მგონია ხოლმე, რომ დედაჩემს დიდად არ ვუყვარვარ. ზოგჯერ ვფიქრობ, მოვალეობის მოხდის მიზნით მკითხულობს ხოლმე.
- ეგრე არ იქნება, უთხრა ლუკამ და ყავა მოსვა.
- ხო რავიცი, უპასუხა თაიამ.
შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა.
,,დედაჩემი ძალიან კარიერისტი ქალია, არასდროს მიგრძვნია, რომ მის ცხოვრებაში პრიორიტეტი ვიყავი. ახლა რომ მკითხო სად მუშაობსო ვერ გეტყვი, ერთი ის ვიცი, რომ მაღალ თანამდებობაზეა რაღაც კომპანიაში და კარგი ხელფასი აქვს. ხშირად არ ვლაპარაკობთ ხოლმე, სახლში დიდ დროს არ ატარებს. ერთხელ თავის საყვარელზე მითხრა, მინდა რომ გაგაცნოო, მაგრამ იმ დღეს სახლში საერთოდ არ მივედი. ზოგჯერ მგონია, რომ ზედმეტად ცივად ვექცევი, მაგრამ მერე ვფიქრობ და ვხვდები, რომ ჩემი ეს მიდგომა მისი ბრალია. ალბათ მამაჩემიც მაგიტომ გაშორდა“
- მამაშენს ნახულობ ხოლმე?
- კი, როცა ორივეს გვცალია ვნახულობ.
- შენს ძველ შეყვარებულზე მომიყევი, ეკითხება ლუკა.
თაიამ ხმამაღლა გაიცინა და ჰკითხა: ,,რა გაინტერესებს?“
- რასაც მეტყვი.
- არაფერს გეტყვი. ახალი ამბავი გაიგე?
- აბა?
- გია პენსიაში გადისო.
- ვა მართლა?
- კი, გუშინ ჭრაობდნენ გივი და ლიანა. აუ ლუკა, ნეტა ვინ შეცვლის? გივი ვითომ?
- არა, არამგონია. გივისაც მალე მოუწევს პენსია. ალბათ ვინმე ღლაპს მოათრევენ. ორივეს გაეცინა.
ორი დღის თავზე გიამ მასწავლებლები შეკრიბა და თავისი წასვლის ამბავი ოფიციალურად, ფორმალურად ყველას ამცნო. თავისი ცოლის გამომცხვარი ტორტი მოიტანა და ამით გაუმასპინძლდა კოლეგებს. გია სკოლას 20 წლის მანძილზე ერთგულად ემსახურა. მის წასვლას გულწრფელი ცრემლები მოჰყვა. თვალები მასაც აუწყლიანდა. უყურებდა კედლებს და იცოდა, რომ ეს კედლები მის ოცწლიან ისტორიას იქამდე შეინახავდნენ, სანამ ძველი სკოლის ტერიტორია არ აბალახდებოდა და დასამარდებოდა. გიას მოსწავლეებიც გამოემშვიდობნენ, ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ძალიან კარგად ხატავდა, გიას პორტრეტი დაეხატა, სადაც მას ოსკარი ეჭირა ხელში. დაბლა წარწერა ჰქონდა, სადაც ოსკარის ნომინაცია იყო მიწერილი ,,საუკუნის საუკეთესო დირექტორი“. მისთვის ფული აუგროვებიათ და ნაბადი უყიდიათ. გია ბავშვების ყურადღებამ ძალიან გაახარა, ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ რამდენჯერმე ცრემლი ჩამოუგორდა სახეზე. მასწავლებლებმა ფული აუგროვეს და უთხრეს, ჩვენ სახელზე რაც გინდა ის შეიძინეო. ზოგმა თქვა, ალბათ ექიმებში დახარჯავს, კარგად რომ ვეღარ არის სკოლაც მაგიტომ დატოვაო.
შეხვედრაზე გიამ გამოსამშვიდობებელი სიტყვის და ემოციების გაცვლის შემდეგ თანამშრომლებს ახალი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა ამცნო. სანამ წინადადებას დაასრულებდა ლუკა ფეხზე წამოდგა და გვერდში ამოუდგა. მასწავლებლები გაკვირვებულები უსმენდნენ როგორ აბარებდა წასული თაობის წარმომადგენელი მომავალი თაობისას თავისი ოცი წლის ნამუშევარს. მასწავლებლებს გაუხარდათ, თაიას გაუკვირდა, ნანას ყბა ჩამოუვარდა.
შემდეგ ყველა სახლში წავიდა, გიას გარდა. კაცმა სკოლის ყველა ოთახი შემოიარა, შემდეგ დაჯდა თავის კაბინეტში, ჯერ კედლებს უყურა, ფანჯარასთან მივიდა და ერთი საათი მაინც ფანჯრიდან იყურებოდა იმ სიცარიელეში, სადაც არაფერი ჩანდა მთვარის გარდა. სავსე მთვარე იყო, კაშკაშა. თავისი გახუნებული და ძველი ჩანთა აიღო, სკოლის კართან მივიდა, ზღურბლთან შეჩერდა და მოტრიალდა. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი იქაურობას, შემდეგ თავი დახარა, კარი გამოიხურა და თოვლიან ბილიკს გაუყვა.
***
თაია და ალექსანდრე სიღნაღის ერთ-ერთ მშვიდ ქუჩაზე ისხდნენ და ცდილობდნენ, თვალს მოფარებოდნენ, რომ სამართალდამცავისგან შენიშვნა არ მიეღოთ დარღვეული დისტანციისა და პირბადის არ ქონის გამო. თაიას კონსპექტი ეკავა და ალექსანდრეს ნათქვამ ყოველ სიტყვას მისი დახმარებით ამოწმებდა, გადაღებისთვის ტექსტის სწავლაში ეხმარებოდა. ბიჭის შვედი მეწყვილის სიტყვას კი თავად ამბობდა და ცდილობდა მათში ისეთი ემოცია ჩაედო, როგორც ნამდვილ მსახიობს ხალხით სავსე დარბაზში. სიღნაღის ერთი ცარიელი ქუჩა თეატრის სცენად ექციათ და ალექსანდრეს ყველა წარმატებულ გამოსვლას თაიას გულწრფელი ტაში მოჰყვებოდა ხოლმე. სიტყვის წარმოთქმისას ალექსანდრე ზოგჯერ ფეხზე წამოდგებოდა ხოლმე, როლში შეიჭრებოდა და ხელებს შლიდა ემოციური ტექსტის წარმოთქმისას, მას თაიაც აჰყვებოდა და მაშინ, როცა ალექსანდრეს უამრავჯერ გამეორებული ტექსტის გაგრძელება ერთხელ მაინც დაავიწყდებოდა, ორივე სიცილს ატეხდა და თაია ფურცელს იმწამსვე უკან გადაშლიდა ხოლმე, რომ ყველაფერი თავიდან დაეწყოთ.
- შესვენებას ვაცხადებ თხუთმეტი წუთით, შოკოლადი ვჭამოთ, უთხრა თაიამ.
ალექსანდრემ შოკოლადის ბურთებით სავსე შეკვრა გახსნა და თაიამაც კონსპექტი გვერდით გადადო.
- არ მინდოდა ამის თქმა, რადგან არ მინდა ზედმეტად თავდაჯერებული გახდე, მაგრამ ფაქტი სახეზეა - ნიჭიერი ხარ, ნიჭიერი.
ალექსანდრეს გაეცინა.
- რომ შემეძლოს იმ შვედის მაგივრად შენ წაგიყვანდი და კოცნის სცენებს ძალით გავაფუჭებდი, რომ რაც შეიძლება ბევრი დუბლი გადაგვეღო.
- და იმას ბევრჯერ უნდა აკოცო?.
- გააჩნია რამდენი დუბლი დამჭირდება, თქვა ალექსანდრემ.
თაიამ ერთი ცალი შოკოლადის ბურთი ამოიღო და ესროლა, ალექსანდრეს ისევ გაეცინა. მათ პოლიციის თანამშრომელი მიუახლოვდა და წინ დადგა, ხელები გადააჯვარედინა და წყვილმაც, რომელიც სოფლის ხის დაბალ სკამზე იჯდა, ნელა ახედა სამართალდამცავს.
- გამარჯობა, საუბარი წამოიწყო თაიამ და პოლიციელს ისე გაუღიმა, რომ მისი ტუჩები თითქმის ყურებამდე გაწელილიყო.
- პირბადეები სად არის? ჰკითხა პატრულის თანამშრომელმა.
- პირბადეები სახლში დაგვრჩა, მაგრამ შოკოლადი გვაქვს, გინდათ? თაიამ მას შოკოლადის შეკვრა გაუწოდა.
პოლიციელმა ერთი ცალი ამოიღო და საუბარი გააგრძელა:
- რამდენჯერ გაგაფრთხილოთ, ხომ ხედავთ, ყველგან გაგნებთ.
- დისტანციას ხომ ვიცავთ, რა ვუყოთ, დაგვრჩა პირბადე. ვიყიდი მერე, საუბარში ალექსანდრე ჩაერთო.
- გამოვივლი ნახევარ საათში, თქვა პოლიციელმა და ახალგაზრდებს ჩაუარა.
- წავიდეთ? იკითხა თაიამ, როგორც კი მამაკაცი მათ მოშორდა.
- არა, რა წავიდეთ.
- გამოივლის.
- აღარ გამოივლის.
- მოიცა! გესმის? ალექსანდრემ საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა და თაიას გაჩუმება ანიშნა.
- მუსიკაა?
- კი, ალექსანდრე წამოდგა და ღობეზე აძვრა, ეზოში თერთმეტ წლამდე ბიჭი გიტარაზე უკრავდა, ხმაც იქიდან მოდიოდა. ალექსანდრეს დანახვაზე ბიჭი გაჩერდა, თაია მას მიუახლოვდა. ბიჭი უფრო დაიბნა, მაგრამ ახალგაზრებს გაუღიმა და ხელი აუწია
- ბიჭი, გვათხოვებ გიტარას?
ბიჭი ცოტა ხანს ფიქრობდა.., გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ღობესთან მიირბინა და გიტარა ალექსანდრეს მიაწოდა.
- არ გამიტეხო, ახალია.
- არ გაგიტეხავ, რა გქვია?
- ილია.
- კაი დაგიძახებ და მოგაწვდი მალე, ძმა ხარ! უთხრა ალექსანდრემ და ღობიდან ჩამოხტა.
ალექსანდრემ გიტარა წამოიღო და შემდეგ ორივე თავიანთ ადგილს დაუბრუნდა.
- რა გიმღერო? ჰკითხა თაიას და თან გიტარის შემოწმება დაიწყო, მესამე სიმის ჟღერადობა სმენით გაასწორა და შემდეგ დაიწყო სიმღერა ტკბილი, სასიამოვნო ხმით. ხმით, რომელიც სამუდამოდ ჩაიბეჭდა თაიას მეხსიერებაში და ალექსანდრეს მიერ აღებული ყოველი აკორდიც იმ საღამოს ისე გადაეფინა, როგორც სასიამოვნო რომანტიკულ ფილმს სპეციალურად მისთვის შექმნილი ,,საუნდთრექი“.
***
- ეს ვისი გარდერობია?
- მამიდაჩემის ნამუშევრებია, ჩაკეტილია მგონი
- კი, ვერ ვხსნი. რა ნამუშევრებია?
- მამიდაჩემი დიზაინერია, თეატრისთვის ტანსაცმელს კერავს, სხვა და სხვა როლებისთვის
- გავხსნათ რა...
- მოიცადე... ალექსანდრე ოთახიდან გავიდა, თაია ისევ გარდერობის წინ იდგა. ცოტა ხნის შემდეგ ალექსანდრე გამოჩნდა და ხის ძველ გარდერობში გასაღები მოათავსა. კარი გაიღო.
გარდერობი დიდი იყო, არეული და ჭრელი ნაჭრებით გატენილი. ამ პატარა სივრცეში მოთავსებული იყო იმ ეპოქის შემქმნელი სამოსი, რომელმაც ადამიანებს მოუტანა სევდის, სიხარულის, აღელვების, სინანულის, ბედნიერებისა თუ უბედურების განცდა და დროსთან ერთად მიწაში დამარხა ისინი. ტანისამოსი ფერადი იყო, კარგი ხარისხის ტილოებისგან შექმნილი. თაიამ საკიდები ნელა, აუღელვებლად, ერთმანეთის მიყოლებით ჩამოხსნა. სამოსს სიძველის სუნი დაჰკრავდა, მაგრამ ელფერი და იერი არ ჰქონდა დაკარგული. გოგო ყველა ნამუშევარს ნელა და ფრთხილად აკვირდებოდა, ალექსანდრე კი აუღელვებლად უხსნიდა, თუ რომელი რა როლისთვის იყო შექმნილი და ვინ ატარებდა მათ ოდესღაც. თაია მას არ უსმენდა, ის საკუთარ სამყაროში იყო დაკარგული და განცვიფრებას ვერ მალავდა, დაუსრულებელ კომენტარებს აკეთებდა მათი მისამართით. ცოტა ხანში ალექსანდრე სამზარეულოში გავიდა, გადაწყვიტა ყავა მოემზადებინა. უკან დაბრუნებულს ოთახში თაია აღარ დახვდა,
მის წინაშე იდგა გოგონა მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნიდან. ხვეული თმები აწეული ჰქონდა და ერთ გროვად შეკრული, ოღონდ ისე, რომ თმის წინა ნაწილი ჩამოშლოდა და ლავიწებზე ჰქონდა დაყრილი. თაიას ტანსაცმელი ძირს ეყარა, სამაგიეროდ ის გამოწყობილი იყო ძველ კორსეტიან კაბაში, რომელიც სამ ფერში იყო მოქარგული. მისი ზედა ნაწილი სხეულზე მომჯდარი და ვიწრო იყო, ის თეთრი, საშუალო სისქის მატერიისგან შედგებოდა და მკერდთან ნაოჭებად შეკრულს ზემოდან ჭაობისეფრ და წითელ ფერებში გაწყობილი სქელი კორსეტი ამშვენებდა. ის წელში ძალიან ვიწრო იყო და მხრებიდან დაწყებული მთელს სიგრძეზე იმავე ფერის აჭრელებული თოკებით ზემოდან ამშვენებდა თეთრ, საბაზისო ნაჭერს. კაბის მხრებიც თეთრი იყო, მოშიშვლებული გულმკერდი მათ უფრო გამოკვეთილს ხდიდა და მხრებიდან დაშვებული თეთრი ტილო ორ ადგილას სპილოსძვლისფერ ლენტებს ჰქონდა გადაჭერილი, ეს სამოსს კიდევ უფრო ვინტაჟურ ელფერს სძენდა. კორსეტი ზემოდან ჰქონდა გადაფენილი დიდ, გაშლილ სქელ კაბას, რომელიც ვიწრო წელიდან იწყებოდა და საბოლოოდ უზარმაზარ დიამეტრს იძენდა. მისი ფერები საუცხოო იყო, ის იწყებოდა ჭაობისფერით, მალევე კი მასზე ხელით ნაქარგი მუქი წითელი და ოქროსფერი დიდი ყვავილები იყო გამოსახული. კაბის ბოლოს ნაქარგები იცვლებოდა და ჰორიზონტალურად გასდევდა მის დაბოლოებას.
- შენ ეს ჩაიცვი! ხმამაღლა წამოიძახა თაიამ და საკიდზე გადაკიდული ფორმა მიაწოდა ალექსანდრეს, რომელიც არაფერს ამბობდა, ჩუმად იდგა და მხოლოდ მას უყურებდა.
- ძალიან ლამაზი ხარ.
თაიამ გაიღიმა და თავისი კაბის სახელოსავით თეთრი კბილები გამოაჩინა, შემდეგ ალექსანდრეს თავი დაუკრა ისე, როგორც ამას მაშინ აკეთებდნენ, როცა ზუსტად ისეთ კაბებს ატარებდნენ, როგორიც მას იმ წამს ეცვა.
- შენც ჩაიცვი რა, უთხრა ალექსანდრეს და ოთახიდან გავიდა.
თაიამ ალექსანდრეს ნოუთბუქი მოძებნა და ჩართო, ,,იუთუბში“ ვივალდის ,,ოთხი სეზონის“ ,,ზამთარი“ მოძებნა და მისაღებ ოთახში დიდი სარკის წინ დაიწყო ტრიალი, აკვირდებოდა თავის კაბას, ხელით სინჯავდა მის ყველა ორნამენტსა და ნაქარგს. სარკეში ყურებისას ალექსანდრეს ანარეკლი დაინახა. თავი ოდნავ მარცხნივ გადასწია და მას დააკვირდა, არ მობრუნებულა. ალექსანდრე ფორმას ისწორებდა.
სპილოსძვლისფერი პერანგი ეცვა, რომელსაც ზემოდან ყელიდან მკერდამდე ვარდის ფურცლებივით შეკრული ტილო ამშვენებდა. პერანგი ოქროსფერი არშიებით იყო გაფორმებული და უცნაური ორნამენტებით გადაჭედილი. ღილებით შეკრული პერანგი ბოლოში ორ ნაწილად იყოფოდა და შავ შარვალს, რომელიც მუხლამდე სიგრძის იყო, ორივე მხარეს გადაჰფარებოდა. შარვალი პრიალა ნაჭრისგან შეკერილი და ოქროსფერი წერტილებით იყო შემკული. მუხლს ქვემოთ, სადაც მათი სიგრძე სრულდებოდა, ორივე ფეხზე ამავე ფერის რკალი ჰქონდა შემოვლებული. ალექსანდრეს ზემოდან შარვლის სიგრძე გრძელსახელოიანი მოსასხამი ეცვა, რომელიც მთავარი ხიბლი იყო მისი მთლიანი სამოსისა. მას დიდი საყელო ჰქონდა, რომელიც კისერზე მიებჯინა ბიჭს. მთლიანი ზედა ტანი მოსასხამი შარვალივით შავი იყო, ოქროსფერი წერტილებით, მხოლოდ კიდეებზე, იქ, სადაც წესით ღილები ან შესაკრავი უნდა ჰქონოდა, საუცხოო ოქროსფერი და თეთრი ყვავილები ჰქონდა ამოქარგული. ისეთივე, როგორიც გრძელი სახელოების ბოლოში. სახელოდან კი პატარა თეთრი პერანგის დასრულება ჩანდა. შარვალს შიგნით ალექსანდრეს თეთრი ფერის კოლგოტი ეცვა, ხოლო ფეხზე შავი დაბალძირიანი კლასიკური წაგრძელებული ფორმის პრიალა ფეხსაცმელი, რომელსაც ოქროსფერი თვლები ჰქონდა ზემოდან.
თაია შემობრუნდა, ხელები პირზე აიფარა და ხმამაღლა სიცილი დაიწყო, ალექსანდრესაც გაეცინა. ხელები გაშალა, ,,რას ვგავარ“, თქვა და სარკეში თავის თავს შეხედა.
- მომწონს, ძალიან მომწონს. იმეორებდა თაია და თან საყელოს უსწორებდა მეწყვილეს
- ეხლა რა ვქნათ, ესე ვიაროთ?
- ვიცეკვოთ!
ალექსანდრე მასთან ახლოს მივიდა, თავი დაუკრა და ხელი გაუწოდა. თაიამ მარჯვენა მტევნის თითის წვერები შეახო მისი ხელის გულს, მიუახლოვდა და მარცხენა ხელი მხარზე მოხვია, რამდენჯერმე შემოტრიალდნენ. ცეკვის დროს რამდენიმე წამით ერთმანეთს შორდებოდნენ, მაგრამ ყოველი ნაბიჯის შემდეგ ისევ ერთმანეთისკენ მიილტვოდნენ.
თაია გვიანობამდე დარჩა ალექსანდრესთან, კომენდანტის საათი ახლოვდებოდა. ერთად ვახშმობდნენ, ალექსანდრემ ჩანგალი და დანა თეფშზე დადო, ხელებით მაგიდას დაეყრდნო და თაიას დააკვირდა, თვალი არ მოაშორა იქამდე, სანამ გოგომ მისი დაჟინებული მზერა არ შეამჩნია. როცა ერთმანეთს თვალი გაუსწორეს ალექსანდრემ დუმილი დაარღვია:
- აქ დარჩი ამაღამ, ჩემთან.
- დავრჩე? თაიამ წარბები ასწია.
- ხო, დარჩი.
- როგორ, ნინიას რა ვუთხრა?
- მოიფიქრე რამე.
თაიამ ალექსანდრეს გაუღიმა. ეს ღიმილი ორივესთვის თანხმობას ნიშნავდა. როცა გრძნობებში ვიძირებით ფსკერისკენ გასავლელი გზა იმდენად სასიამოვნოა, ყველა გამოწვდილ ხელზე უარს ვიტყვით იმ იმედით, რომ ის, რაც საბოლოოდ გველის ნებისმიერ ეგზოტიკურ სანაპიროზე მეტად მიმზიდველია. საშიში და სარისკოა ისეთი სიყვარული, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს მომავალზე ვიფიქროთ და გვაიძულებს, დღევანდელი დღით დავტკბეთ მხოლოდ. ასეთი გრძნობა ხშირად სასოწარკვეთისთვის გაიწირება ხოლმე. არადა სიყვარულის ხიბლი სწორედ ესაა: ადამიანმა შეიძლება ეს გრძნობა ბევრჯერ განიცადოს, მაგრამ ის სიყვარული, რომელიც ყველაზე დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმით დაგვამახსოვრებს თავს, სხვებისან გამორჩეული და მათზე მეტად სანატრელი გახდება ბოლოს.
***
- ესე ქურდივით რატომ შემოვიპარე, ვის ვემალები?
- ბებიაჩემს, ნინიას.
- და რატომ?
- აუუ, მილიონ კითხვას დამისვამს ჯერ მე, მერე შენ. სანამ ყველაფერს არ გაიგებს, იქამდე არ შეგეშვება.
- ნინიას რა საკაიფო სახლი ჰქონია.
- კი ძაან, ახალგაზრდობაში პაპაჩემი ბლომად ფულს შოულობდა.
- ეტყობა, რო ეგრე იყო.
- აქ დამელოდე, ყავას გავაკეთებ და ამოვიტან, დავლიოთ, უთხრა თაიამ. ალექსანდრეს პირველ სართულზე ჩაყვანა არ უნდოდა, რადგან იქ ბებიამისი ეგულებოდა.
,,თაია, არ გესმის გოგო?“ ისმის ძახილი ნამდვილი კახური კილოთი, და ხმა თანდათან ახლოვდება. ნინია უკვე კიბეებზე ამოდიოდა. თაია გარეთ გამოვიდა და ქალს ვერანდაზე შეხვდა, რა ხდებაო, ჰკითხა. ალექსანდრე სახლში დატოვა, რომ ბებოს არ დაენახა, კარი საგულდაგულოდ მოხურა. ,,ჩამო ქაა გამოვყრუვდი, ხაჭაპურები უნდა დაგიცხო“, ამასობაში კარი გაიღო და ნინიას თავზე მაღალი, ლამაზი ბიჭი დაადგა.
- გამარჯობა ქალბატონო, უთხრა თავისი ბოხი ხმით და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად.
- გაგიმარჯოს გენაცვალე, სტუმარი გვყოლია! გახედა თაიას.
- ვისი ხარ შვილო? ჰკითხა და მაღალ ბიჭს ახედა.
- მე გოგასი ვარ ქალბატონო, მაგრამ არა მგონია იცნობდეთ. თაიას მეგობარი ვარ, უნივერსიტეტიდან. აქვე ვიყავი და მოსაკითხად შემოვუარე. თაიამ მხარი გაჰკრა.
არა, ალექსანდრეს პირველ კურსზე მომხდარი ინციდენტი არ გახსენებია, უბრალოდ ეს პირველი არგუმენტი იყო, რაც თავის გადასარჩენად გაახსენდა.
- უი ქა, ვერც დაგინახე როდის შემოხველ. რა კარგი ბიჭია! თაიას გახედა. ხოდა ჩამოდით ორივე დაბლა, ხაჭაპურები უნდა დავაცხო. ჰა, ჩადით.
- ხაჭაპურები კარგია, თქვენ რომ არა, თქვენი შვილიშვილი ყავაზე გადამატარებდა. ორივეს გაეცინა.
ალექსანდრე კიბეებზე პირველი ჩარბოდა. თაია მისგან მსგავს საქციელს არ მოელოდა, თუმცა ის მოეწონა, გაახარა ფაქტმა, რომ ბიჭმა სითამამე და ნინიას გაცნობის ინიციატივა გამოიჩინა. ნინიამ ხაჭაპურები გამოაცხო და თაიას დაავალა მარნიდან ბოთლი ცივი ღვინო გამიეტანა. ,,ოთხი ბოთლი მაინც დაგრჩა“ გადაუჩურჩულა ალექსანდრემ. ნინიას ხაჭაპურები ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. როგორც თაიამ იწინასწარმეტყველა, ბებომ ბიჭს ყველაფერი გამოკითხა. ისიც იჯდა და გულწრფელად პასუხობდა. ნინია ალექსანდრეს თაიას ბავშობის ამბებს უყვებოდა, ბევრი იცინეს. ბებო ახალგაზრდამ ძალიან მოხიბლა, რაც გასაკვირი არ არის. მასაც მოეწონა ნინია, ძალიან საყვარელი ქალი იყო. ერთადერთი, რაზეც ბრაზდებოდა თაიას ცუდი სიტყვები იყო ხოლმე. ნინია განათლებული და ჭკვიანი იყო. შეიძლება არ ემჩნეოდა, მაგრამ აკვირდებოდა ყველა დეტალს და ყველა წვრილმანს. ინტუიციაც კარგი ჰქონდა. ქალი აკვირდებოდა ალექსანდრეს და თაიას დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ. მოეწონა ის ფრაზები და სიტყვები, რომლითაც ბიჭი მის ერთადერთ შვილიშვილს მიმართავდა. მისი წასვლის შემდეგ, თაიასაც გამოუტყდა, მაგას უეჭველი მოწონხარო. ათის ნახევარი იყო, როცა ალექსანდრემ წასვლა გადაწყვიტა. დამშვიდობებისას ქალს ხელზე აკოცა და ნინიაც გადაეხვია ახალგაცნობილ სტუმარს. თაია თავს ძალიან კარგად გრძნობდა, მისთვის ორი ძვირფასი ადამიანი ერთმანეთს კარგად შეეწყო. ალექსანდრე გააცილა, მას გადაეხვია და თვალი იქამდე არ მოაშორა, სანამ მისი ჩრდილი სიბნელემ არ შთანთქა.
ალექსანდრე სახლში წავიდა. ნინია დაძინებას აპირებდა, თაია მეორე სართულზე ავიდა და დივანზე ალექსანდრეს ტელეფონი შენიშნა. ნინიას გაცნობით დაინტერესებულს, ტელეფონი ზემოთ დარჩენოდა, არც წასვლის დროს გახსენებია. თაიამ შეამოწმა, რომ ნინიას ნამდვილად ეძინა და გადაწყვიტა ალექსანდრესთვის ტელეფონი თავად წაეღო. მან ცდუნებას ვერ გაუძლო და თავის თავს შეუთანხმდა, არაფერი დაშავდება თუ მის მიმოწერებს ავსქროლავო, მაგრამ ტელეფონს ,,ფასვორდი“ ედო. აიღო და სახლიდან გავიდა.
ალექსანდრეს სახლს როცა მიუახლოვდა შეამჩნია, რომ მას სინათლე ანთებული ჰქონდა. თაიას მოეჩვენა, რომ ფარდაზე ერთის მაგივრად ორი ადამიანის ანარეკლი ისახებოდა, ამიტომ პირდაპირ მასთან სახლში მისვლა გადაიფიქრა. გადაწყვიტა, შეემოწმებინა ის მარტო იყო თუ არა. ალექსანდრეს ეზოში შესვლა მარტივი საქმე იყო, მაგრამ მეორე სართულის შესამოწმებლად კიბეებს ვერ გამოიყენებდა. სამაგიეროდ, ეზოში დიდი ატმის ხე იყო დარგული, მისი ტოტები კი მეორე სართულის სიმაღლეს მარტივად წვდებოდნენ. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ თაია ხეზე აძვრა და ერთ-ერთ სქელ ტოტზე საგულდაგულოდ მოკალათდა. თაია ინტერესმა შეიპყრო, აკვირდებოდა ყველა დეტალს, რაც სახლში თუ მის გარშემო ხდებოდა. მომენტალურად შენიშნა, რომ ფარდები გადაიწია და მათ მიღმა ახალგაზრდა გოგოს სილუეტი შენიშნა. შემდეგ თვალში მოხვდა მისი გრძელი თმა, კარგად დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ ეს სახე ადრე ჰყავდა ნანახი, ძალიან ახლოდან.
- ანი... თავის თავს უთხრა...
ძალიან რთულია საკუთარი თავი რამეში დაარწმუნო. ხშირად, სწორედ ჩვენსავე გონებასთან გვიწევს ჭიდილი და თუ ერთხელ მაინც შეგვიპყრო საყვარელი ადამიანის მიმართ ეჭვებმა და უნდობლობამ, ეს ორი მთელ იდილიას ისე გვირღვევს, როგორც საგულდაგულოდ დაგეგმილ წვეულებაზე მოსული დაუპატიჟებელი არასასურველი სუმარი. თაია ხიდან ჩამოძვრა. ტელეფონი ბალახზე შესამჩნევ ადგილას დატოვა და ეზოდან გავიდა. კომენდანტის საათი დაწყებულიყო. სახლთან იყო უკვე მისული, მაგრამ უხილავმა ძალამ უკან მოაბრუნა და გაგდაწყვიტა, ისევ ალექსანდრესთან დაბრუნებულიყო.
***
- ამ დროს აქ რას აკეთებ?
- ჩემთან როცა მოდიხარ მე მაგას გეკითხები?
- შემოდი, ხომ მშვიდობაა?
თაია სახლში შევიდა და თვალებით ოთახს თვალიერება დაუწყო.
- კი, მშვიდობაა... აი! გაიღიმა და ხელები იდაყვებში მოკეცა, განაგრძო: ,,მომენატრე და მოვედი“.
- მოგენატრე?
- ხო, თან ძალიან, უთხრა თაიამ და გაუცინა. ჩანთა გახსნა, ტელეფონი ამოიღო იქიდან, მეორე ხელით ალექსანდრეს ხელისგული გაშალა და ტელეფონი დადო მასზე.
- უი, ეს სულ აღარ მახსოვდა.
- მარტო ხარ? ჰკითხა თაიამ, უკვე აღარ იღიმოდა.
- არა, ანიც აქ არის.
- რატომ?
- საქმე ჰქონდა, ჩემი დახმარება სჭირდება. ხვალ წავა.
- ხვალამდე აქ დარჩება ხო?
- ხო, აბა ამ დროს ხო არ გავაგდებ. რას მახსნევინებ?
- კარგი. ტელეფონის გადმოსაცემად მოვედი. ეხლა წავალ, დროებით. უთხრა და კართან მისული ალექსანდრეს ხმამ შემოატრიალა მისკენ.
- სად მიდიხარ, შუაღამეა. კომენდანტის საათი დაიწყო.
- ვერავინ შემამჩნევს, ჩუმად ვივლი, ხვალამდე! თქვა და სასწრაფოდ გავიდა სახლიდან. ალექსანდრე უკან გაჰყვა.
- მოიცადე, გაგაცილებ.
ქუჩა ცარიელი იყო. გზას ლამპიონები ანათებდნენ. ათასში ერთხელ ,,საშვიანი ადამიანების“ მანქანა თუ გამოჩნდებოდა. ნელა მიდიოდნენ, ნინიას სახლი კიდევ შორს იყო, როცა გზაზე პოლიციის მანქანა გამოჩნდა. თაიამ ეს დაინახა თუ არა, ალექსანდრეს მოუტრიალდა და უთხრა: ,,ჩვენი მეზობელია, დღეს მორიგეობს, მიგვიყვანს, დამალვაც არ მოგვიწევს“, შემდეგ გზაზე დადგა და პატრულის მანქანას ხელი დაუქნია. ,,რას აკეთებ გოგო!“, უთხრა ალექსანდრემ და ხელი ჩამოაწევინა. ,,რა იყო, მეზობელია ჩვენი, ხო გითხარი... ჩვენიანია“. ალექსანდრემ ხელი მოჰკიდა და გზიდან გადმოიყვანა. ამასობაში პოლიციის მანქანა მიუახლოვდა მათ. ,,აი, ხო გითხარი!“ ნიშნისმოგებით გაუღიმა თაიამ. მანქანიდან ორმოცდაათ წლამდე კაცი გადმოვიდა.
- კომენდანტის საათია, რას აკეთებთ ამ დროს ქუჩაში?! ჰკითხა ახალგაზრდებს.
- ესაა შენი მეზობელი? ჩასჩურჩულა ალექსანდრემ.
- შემეშალა, სხვა ყოფილა.
- წარმოადგინეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.
- არ გვაქვს. უპასუხა თაიამ. ალექსანდრე ხან ერთს შეხედავდა, ხან მეორეს.
- განყოფილებაში უნდა წამოგვყვეთ.
- წავყვეთ, აბა რა ვქნათ. უჩურჩულა თაიამ ალექსანდრეს და პატრულის მანქანაში ჩაჯდა.
- დამცინი? ორივეს დაგვაჯარიმებენ. მანქანაში ხმამაღლა ვერ საუბრობდნენ, ალექსანდრე ჩუმად ბრაზობდა.
- ნუ წუწუნებ, რა ვქნა, ნუ გამომაცილებდი თუ დაჯარიმების გეშინოდა. ავუხსნით და გაიგებენ. ვუთხრათ რო დავიკარგეთ. მოიფიქრე რამე, მსახიობი ხარ, ითამაშე. რომელი საათია?
- სამი ხდება.
როცა განყოფილებაში შევიდნენ პოლიციის ოფიცერმა ვინაობა გამოჰკითხა. ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და ,,განაჩენს“ ელოდებოდნენ. ალექსანდრეს წარბები ჰქონდა შეკრული, თაიას არც გაბრაზება ეტყობოდა და არც ნერვიულობა.
- უნდა დაგველოდოთ, უთხრა პოლიციელმა.
- სხვა რა გზა გვაქვს. უპასუხა ალექსანდრემ.
- გაბრაზდი? მოუტრიალდა თაია.
- შენზე?
- ხო. მართლა შემეშალა, ჩემი მეზობელი მეგონა.
- არაუშავს.
- ანუ არ გაბრაზდი?
- ღმერთო ჩემო... ალექსანდრემ ხელები სახეზე აისვა. ,,არ ხარ ნორმალური“.
განყოფილებაში დილამდე მოუწიათ გაჩერება. ექვსი საათი იყო რომ გამოვიდნენ. ხელში სამიათასლარიანი ჯარიმის ქვითრები ეკავათ.
- გეძინება? ჰკითხა თაიამ.
- მაგრად. მივალთ თუ არა გავითიშები.
- ანი რომელზე მიდის?
- ცხრისკენ წავა ალბათ.
- შენთან რატომ რჩება?
- დაღლილი ვარ, არ გვინდა ეხლა მაგაზე რა... მერე მოგიყვები.
- არ მომწონს რომ შენთან რჩება.
- არც მე მომწონს მთელი ჰონორარის ჯარიმებში გადახდა, თქვა ალექსანდრემ და დაამთქნარა.
- მე მომყვები? როგორც კი ბიჭის სახლის შესახვევს გასცდნენ ჰკითხა ალექსანდრეს
- ხო, არ გაგაცილო?
- გამაცილე, გამაცილე. უპასუხა და ლოყაზე აკოცა.
***
- შენი შეწუხება არ მინდა, ხომ იცი.
- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, შემოდი სახლში.
ანი ალექსანდრეს სახლში შევიდა და ხელბარგი კარებში დადო.
- რამდენ ხანსაც გინდა დარჩი.
- დიდ ხანს არ დავრჩები, ვნახავ რამეს და გადავალ ისევ. ეს ჩემი ბინის პატრონიც რა უნამუსო ქალია, ამ შუა ლოქდაუნში რითი უნდა გადავუხადო. ჩემ მეზობელს კი აჩუქა ერთი თვე თავისი ბინის პატრონმა.
- ასწორებს, კარგად მოუფიქრებია. გშია?
- კიი, ძაან მაგრად.
- კარტოფილს შევწვავ.
- კი რა. ტყემალი გაქვს?
- მაქვს.
ანამ ქურთუკი დივანზე მიაგდო და გამათბობელთან მივიდა.
- ფული ხო არ გჭირდება? გამოსძახა სამზარეულოდან ალექსანდრემ.
- არა. მოკლედ უპასუხა ანამ.
- თუ დაგჭირდა მითხარი, მაქვს რაღაც გადანახული.
- ფულით ნუ ცდილობ თავიდან მომიშორო.
- რა შუაშია? ალექსანდრე სამზარეულოდან გამოვიდა.
- მამაშენი როგორაა? შეცვალა საკითხი ანიმ.
- რავი, არის რა... თავის პონტში. მამაშენი?
- ეგეც ეგრე. სანამ წამოვიდოდი შევუარე, სვამდა.
- აღარ გიჩხუბიათ?
- არა, აღარ ველაპარაკები, თავს ვარიდებ.
- მოდი, იმ გოგოზე მომიყევი, აქ რო იყო იმდღეს.
ალექსანდრემ სამზარულოდან ორი ფინჯანი ჩაი გამოიტანა და ერთი ანას მიაწოდა.
- მოსაყოლი არაფერია.
- მიდი რა, მე რას მატყურებ. მოგწონს?
- კი, მომწონს.
- გამაცნობ?
- არა, რა თქმა უნდა.
- გეშინია, რომ მასზე კარგად გიცნობ ხო?
- მე არა, იმდენ კითხვას მისვამ, მგონი შენ უფრო გეშინია მაგისი.
- იმ დღეს სად წაგიყვანა? დილამდე არ მოსულხარ, მეც მარტო მაყურყუტე.
- ვაცილებდი და პატრულმა გამოგვიჭირა, ჯარიმები დაგვიწერეს.
ანამ გადაიხარხარა.
- რას ქვია დაგიჭირათ, რანაირად, როგორ დაგინახეს.
- თაიას თავისი მეზობელი ეგონა და აღარ მოვეფარეთ თვალს.
- ვინ ეგონა? ისევ გადაიხარხარა ანამ. სულელია ეგ გოგო. ალექსანდრემ ალმაცერად შეხედა, არაფერი უპასუხა. ანამ განაგრძო:
- მეზობელი კი არ ეგონა, აქედან მოგაშორა, სულელო.
- რა?
- რა რა, ჩემგან მაინც ვერ ისწავლე რისი გაკეთება შეგვიძლია ხო?
- ატრაკებ ანა.
- ეგრე იყოს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის იკითხე მაინც უბანში, ჰყავს საერთოდ პოლიციელი მეზობელი? სულელი ხარ, ჭკუას ვერ სწავლობ. ყველა შენ გატყუებს.
- ეგ მართალია, ყველა მატყუებს. უპასუხა ალექსანდრემ და თვალი გაუსწორა.
- ისევ ამაზე ვსაუბრობთ? ანამ თავისი ნათქვამი წამიერად ინანა.
- შენ წამოიწყე. გვიანია, დაიძინე. თეთრეული კარადაშია, იმ ოთახში დაიძინებ, თითით მიანიშნა ალექსანდრემ ერთ-ერთ ოთახზე.
- შენც იძინებ?
ალექსანდრემ არაფერი უპასუხა, გარეთ გავიდა და ვერანდაზე რკინის მოაჯირს იდაყვები დააყრდნო. თაიას დაურეკა, გათენებამდე საუბრობდნენ.
***
მეორე დილით ანიმ საუზმე თავად მოამზადა, ალექსანდრე მაგიდასთან ზრდილობის გამო დაჯდა, არ უნდოდა, ანის თავი უხერხულად ეგრძნო. მისთვის არაფერი უთქვამს, რამდენიმე შეკითხვაზე მოკლედ უპასუხა და მალევე სახლიდან გავიდა.
სიღნაღის ქუჩები სწრაფად ჩაიარა და თაიასთან მივიდა. იმას ვერანდაზე ორი ყავა და ნინას გამომცხვარი ნამცხვარი აეტანა და ალექსანდრეს მისვლამდე ყოველ ერთ წუთში საათს ამოწმებდა. როცა მისკენ მიმავალი სტუმარი დაინახა აღტაცება იგრძნო, გაიღიმა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ალექსანდრემ ჭიშკარი გააღო და სახლის კიბეები აირბინა. თაიას წინ დადგა, იმას ხელები წელს უკან შემოეჭდო ერთმანეთისთვის და თითებით უცნაურ ფიგურებს აკეთებდა. ალექსანდრეს გაუღიმა, ისე, როგორც მუდამ სჩვევოდა: ღიმილის დროს მუდამ კბილები უჩანდა და ლოყა ეჩხვლიტებოდა ხოლმე. ალექსანდრეს არ გაუღიმია, მხოლოდ მას აკვირდებოდა. ,,აი, აქ დაჯექი“ უთხრა თაიამ და სკამი გამოსწია. ,,მეც მოვალ ახლავე“ მიაძახა და დაბლა სართულზე ჩავიდა, შაქრის ამოსატანად. ალექსანდრემ თვალი გააყოლა. თაიას ხაკისფერი გრძელი კაბა ეცვა, გრძელი სახელოებით. თმა ნახევრად ჰქონდა აწეული და საყურეები ეკეთა, ზუსტად კაბისფერი ქვებით. როცა დაბრუნდა ალექსანდრე უკეთეს ხასიათზე დამდგარიყო, უკვე ყავას სვამდა. პატარა მაგიდაზე შაქრის მინიმალისტური თასი დადო, რომელშიც პატარა კოვზი იდო.
- თაია
- რა ხდება?
- ანი ჩამოვიდა. ჩემთან დარჩება რაღაც დროით.
თაიამ პასუხის ნაცვლად ყავა მოსვა.
- ხომ გესმის ჩემი? რთული პერიოდი აქვს და თავს ვალდებულად ვთვლი, დავეხმარო. ჩემს გარდა სხვა ისეთი არავინ ჰყავს, ვინც ბოლომდე გვერდში დაუდგება.
- მესმის.
- ხომ მიგებ? არ ბრაზდები?
- არა, არ ვბრაზდები. მესმის, მართლა.
- არ მკითხავ რამდენი ხნით დარჩება?
- არა, ეგ თქვენი საქმეა. უბრალოდ, თუ შენში მის მიმართ გრძნობები გაიღვიძებს არ დამიმალო.
- ეგ არ მოხდება, ერთადერთი, რაც მინდოდა ის იყო, რომ შენ გაგეგო.
- რომ ვერ გამეგო რა მოხდებოდა?
- არ ვიცი, შენ გადაწყვეტდი... ვიკამათებდით ალბათ, და ეს არაფერს შეცვლიდა, რადგან ანის სახლიდან არ გავაგდებ.
- ამას არასდროს გთხოვდი.
ალექსანდრემ არაფერი უპასუხა, გაუღიმა. თაიას გონებაში ფიქრები ირეოდნენ, არ იცოდა რა რეაქცია გამოეხატა, მაგრამ მალე საკუთარ თავში თავდაჯერებულობა იპოვა და სიამაყით აივსო როცა მიხვდა, რომ ამ ვითარებას ასე მშვიდად და გაგებით მოეკიდა. ამ დიალოგმა ალექსანდრეც ააღელვა, თაიას პასუხის შემდეგ კი მასთან თავი იმაზე უფრო მშვიდად იგრძნო, ვიდრე ოდესმე ვინმესთან უგრძვნია. გოგოს აკვირდებოდა, უყურებდა, როგორ ეხეთქებოდა მისი სახის ძვლებს მძიმე ხაკისფერი ქვებით სავსე საყურე ყოველი თავის მოტრიალებაზე, როგორ შემოხვეოდა კაბის ნაჭერი მკლავებზე და რამდენად ვიწრო და გრძელ ხელებს უჩენდა ის... როგორ ეცვლებოდა მიმიკები ყველა ისტორიის მოყოლის დროს და რა სიამოვნებით უსმენდა მის ნათქვამ ყოველ ფრაზას. ალექსანდრე მიხვდა, რომ თაია მასზე შეყვარებული იყო და ის იმასც გრძნობდა, რომ ეს სიყვარული მარტივად ვერ ჩაქრებოდა. მასთან უხილავი კავშირი იგრძნო და სინდისის ქენჯნამ შეიპყო როცა გაიფიქრა, რომ როგორც კი საზღვრები გაიხსნებოდა და ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა მისგან ძალიან შორს მოუწევდა წასვლა. გადაწყვიტა, მომავალზე არ ეფიქრა და იმ რეალობით დამტკბარიყო, რომელიც მსოფლიოსთვის ამ ყველაზე რთულ პერიოდში მას სამოთხედ მოევლინა ერთ პატარა ქალაქში.
- ყავას რომ დალევ მერე სხვაგან მივდივართ. უთხრა თაიამ.
- საით?
- ჯერ არ გეტყვი, რომ მივალთ ნახავ.
ერთ საათში ალექსანდრე და თაია სიღნაღის ქუჩებს გაუყვნენ. ბიჭმა არ იცოდა სად მიდიოდნენ, თვალდახუჭულივით მიყვებოდა თაიას, რომელიც ნელა მიაბიჯებდა და ყოველი ნაბიჯის შემდეგ მას შეხედავდა ხოლმე. ორმოცი წუთი იარეს დაახლოებით. ერთ მიტოვებულ ეზოს მიადგნენ, რომლის ჭიშკარიც ჟანგიანი მავთულებით იყო ჩაკეტილი. თაიამ ისინი მალე მოაცალა კარს და შემდეგ ორივე მათგანი ძველი სახლის ეზოში აღმოჩნდა.
დიდი ეზო ყაყაჩოებით იყო სავსე. მარჯვენა მხარეს, მის ბოლოს ძალიან ძველი, დანგრეული ორსართულიანი სახლი იდგა. დროს თავისი კვალი დაეტყო მისთვის. სახლის ერთ მხარეს სახურავი ჩამონგრეული იყო და ცა ნახევრად მოჩანდა პირველი სართულიდან, რადგან შიდა კიბეები იმ მეორე სართულს უერთდებოდნენ, რომელსაც იატაკი აღარ შერჩენოდა. ხის ფანჯრებისგან მხოლოდ ჩარჩოები გადარჩენილიყო და ისინიც მზეს გაეხუნებინა. ქვისგან აშენებული სახლის კედლები კი, ყველაფრის მიუხედავად, მყარად იდგენ და ცდილობდნენ, ასაკი არ შეემჩნიათ. მხოლოდ ერთი მათგანი გამომდგარიყო სხვებთან შედარებით სუსტი და სახლში შესასვლელი კარის მორყევასთან ერთად, ქვები მინდორზე ცრემლებივით ჩამოეფანტა... ,,წამოდი“, უთხრა თაიამ ალექსანდრეს და ყაყაჩოებით სავსე მინდორში შეიჭრა, სახლისკენ აიღო გეზი და ბიჭიც მას გაჰყვა. თაია სახლში შევიდა, უკან მოიხედა და დარწმუნდა, რომ ალექსანდრე ფეხდაფეხ მიჰყვებოდა.
სახლში ბევრი რამ არ იდგა, ერთი ცალი ხის მორყეული კომოდი და მაღალი ოთახის სარკე, რომლის ჩარჩოც უცხო ჩუქურთმებით იყო გაფორმებული. ,,მოდი, ნახე რა გაჩვენო“ თქვა თაიამ და კომოდის წინ ჩაიმუხლა. გამოაღო და იქიდან ძველი ნივთები გადმოალაგა. გოგოს ეტყობოდა, რომ ამ ადგილზე ბევრჯერ იყო ნამყოფი და მიტოვებული სახლის ყველა კუთხეს კარგად იცნობდა. კომოდიდან გადმოწყობილ ნივთებს შორის იყო: ორი ცალი შტეფან ცვაიგის გახუნებული წიგნი, უცნობი ადამიანების ფოტოებით ავსებული ალბომი, პატარა სარკე და ბეჭედი. ,,შეხედე, ესენი სულ აქ აწყვია. არც პატრონი ჰყავს, არც მომკითხველი. აქ შემთხვევით მოვხვდი ორი წლის წინ, დამაინტერესა, შემოვედი და სახლი დავათვალიერე. იმის მერე დრო და დრო მოვდიოდი ხოლმე, მაინტერესებდა ვინმემ თუ მაინც მოაკითხა აქ დატოვებულ ნივთებს, მაგრამ ისინი სულ თავის ადგილზე მხვდებოდნენ. ჩემი აზრით, აქაურობა თავის დროზე ლამაზი იყო. ამ სარკეს ხომ ხედავ, უთხრა და დიდ სარკეზე მიუთითა, ნახე როგორი ჩუქურთმები აქვს, ძალიან ძვირი ეღირებოდა თავის დროზე. ადრე ფოტოც გადავუღე და თბილისში კოლექციონერს ვაჩვენე. ძვირად დააფასა და მითხრა მომიტანე ჩავიბარებო, მაგრამ მე ვინ ვარ აქ დატოვებულ ნივთებს შევეხო. ესენიც იმიტომ გადმოვალაგე, რომ შენთვის მეჩვენებინა. ეს ალბომი საოჯახოა, მინაწერები აქვს ზედ, თქვა და ალბომი ალექსანდრეს ხელებში მიაჩეჩა. ეს ბეჭედი ალბათ ნიშნობის იყო, ახლა ბეჭედი აიღო ხელში და რამდენჯერმე შემოატრიალა. ეს წიგნები ნახე: ორივე წაკითხული მაქვს. ტყუილს ვერ ვიტყვი, წაღებული მქონდა სახლში, მაგრამ როგორც კი წავიკითხე დავაბრუნე. გინდა შენც წაიღო?“ თაია აღფრთოვანებით საუბრობდა და ყველა მხრიდან ათვალიერებდა მიტოვებულ ნივთებს, შემდეგ ფეხზე წამოდგა და სახლში სიარული დაიწყო. ძველი ნივთები ალექსანდრემაც დაათვალიერა და შემდეგ ფრთხილად ისევ კომოდში ჩააწყო. სახლი დაათვალიერა, თაიას მიუახლოვდა და უთხრა:
- მოგწონს ეს სახლი?
- ძალიან! ნახე, აქ ალბათ დიდი მრგვალი მაგიდა იდგა, თქვა და თითი გაიშვიდა ყველაზე დიდი ოთახის ცენტრისკენ. შემდეგ განაგრძო:
,,აქ როიალი, აქ ბუხარი იყო და აქ წიგნების კარადა. ალბათ ჭერი მოხატული ჰქონდათ, ადრე ხომ ეგრე აკეთებდნენ ხოლმე. შიდა კიბეს მოაჯირიც ექნებოდა, სამზარეულო კი იმხელაა, ჰოლივუდის ფილმებში უზარმაზარი მაგიდები რომ აქვთ ხოლმე, ეგეთი იდგა ალბათ.“ ალექსანდრე უსმენდა და თაიას ნათქვამ ყველა სიტყვას გონებაში აცოცხლებდა.
- რამდენ ისტორიას იტევს ალბათ აქაურობა. უთხრა მას.
- ალბათ ძალიან ბევრს. ალბომი სადაა?
- შევინახე უჯრაში.
თაიამ ალბომი ისევ აიღო და ალექსანდრესთან დაბრუნდა.
- ნახე, ეს სახლი ამ ქალის არის. უთხრა და ჯგუფურ ფოტოში ერთ-ერთ ქალს თითი დაადო.
- საიდან იცი?
- რა მიხვედრა უნდა, ყველა ფოტოში ეს ქალია. სხვის ფოტოებს რატო შეინახავდა. მოიცადე, თქვა და რაღაცის ძებნა დაიწყო. ალბომს შუა გვერდიდან ერთი ფოტო ამოაცალა და ალექსანდრეს ცხვირწინ მიუტანა.
- ვინ არიან?
- შეხედე, ეს კაცი ამ ქალის შეყვარებულია, ან ქმარი. წაიკითხე, რა წერია, თქვა და ფოტო გადმოატრიალა:
,,სიყვარული, რომელიც არასდროს დასრულდება“. ფოტოზე იგივე ქალი იყო გამოსახული, რომელსაც მარჯვნივ მასზე ერთი თავით მაღალი მამაკაცი ედგა. ორივე პროფილში ჩანდა, ერთმანეთს კოცნიდნენ. ხელიხელჩაკიდებულები იდგნენ და ქალს იასამნის ტოტები ეკავა მეორე ხელში, კაცი მეორე ხელით მის მკლავს ჩასჭიდებოდა. ფოტო სახლის წინ იყო გადაღებული, სახლი მთელი იყო და ეზო მოვლილი ჩანდა.
- აუ, რა კარგი ფოტოა. ალექსანდრემ გულწრფელად ამოიძახა.
- ძალიან! ესეთ ფოტოებს არ იღებდნენ ხოლმე იმ დროს.
- ალბათ აქ ცხოვრობდნენ, თქვა ალექსანდრემ და დანგრეულ სახლს კიდევ ახედა.
- მეც მინდა ესეთი ფოტო გვქონდეს.
- ზუსტად ესეთი?
- არა, იასამნების მაგივრად ვარდები მინდა. დანარჩენი იგივე.
ალექსანდრეს გაეცინა, თვალი მოავლო იქაურობას და თაიას სთხოვა მოეცადა. ხუთი წუთი აღარ გამოჩენილა და შემდეგ ვარდებით ხელში დაბრუნდა. ,,გამომართვი“, უთხრა თაიას და მიაწოდა. ტელეფონი სახლის წინ მდგარ ხის ტოტზე ისე დადეს, რომ თითქმის იგივე ხედი გამოჩენილიყო, ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და როცა ტაიმერმა 3 წამი აჩვენა ერთმანეთს აკოცეს. ფოტო შეინახეს და ისევ ძველ სახლში შევიდნენ. ბინდდებოდა, სახლიდან ვარსკვლავები მოჩანდა.
ალექსანდრე და თაია ძირს ისხდნენ, ბიჭი კედელს მიყრდნობოდა, თაია კი მას. ალექსანდრეს მისთვის ხელი ჰქონდა შემოხვეული, მეორეთი კი მის თმებს ათამაშებდა. შებინდებამდე დარჩნენ მიტოვებული შენობის ნანგრევებში, შემდეგ კი სახლებში დაბრუნდნენ.
- სად იყავი? ჰკითხა ანიმ.
- რა?
- სად იყავი მეთქი?! რა რა?
- რა შენი საქმეა მე სად ვიყავი გოგო?
- შენც ხომ იცი, რომ მალე მოგბეზრდება. თქვა ანიმ და სიგარეტს მოუკიდა.
- არ მომბეზრდება, ნუ ღელავ მასზე. მშვიდად უპასუხა ალექსანდრემ და თავის ოთახში შევიდა.
***
- რას მოვესწარი ბიჭო რას მოვესწარი, გაჰყვიროდა ნანა სამასწავლებლოში. სხვები იცინოდნენ.
- ბატონო დირექტორო ჩვენთან ერთად ყავას დალევთ? შეუტრიალდა ლუკას და წყალი დადგა ასადუღებლად.
- დალევს დალევს, მიაძახა ლიანამ, ქართულის მასწავლებლებმა.
ნანამ ყავები მოამზადა და მასწავლებლებს ჩამოურიგა, მერე ისევ ლუკას მიუბრუნდა და უთხრა: ,,შენ ახლა ისეთ თანამდებობაზე ხარ, ზოგჯერ გლეხის ფორმა უნდა გადაიცვა და ხალხში ისე გამოხვიდე ხოლმე“. ყველას გაეცინა, გივისაც, ფიზიკის მასწავლებელს. ,,შეხედეთ რა, არ არის ტარიელივით?“ აგრძელებს ნანა, ლიანამ სათვალეები ცხვირზე ჩამოიწია და ბიჭი აათვალიერა.
,,მე ტარიელი ვარ ნანა, შენ დავარი და თაია ნესტან-დარეჯანი“ პასუხობს ლუკა. თაია ყავას სვამდა, არაფერი უპასუხია.
უშგულში თოვლი დნებოდა, ბუნება გაზაფხულის მოსვლას ზეიმობდა. ამ სეზონს მუდამ მოსდევს ხოლმე სიახლე და ბედნიერება. სკოლაში საკლასო ოთახების ფანჯრები გაიღო და ზამთარში გამოკეტილმა და ეულმა კედლებმაც დაიწყეს სუნთქვა. ჩაბნელებული ოთახები სინათლემ მოიცვა და სკოლის ეზო ნორჩი ბალახის სურნელმა გააბრუა.
გაზაფხულზე ლუკა და თაია კიდევ უფრო დაახლოვდნენ. ფაქტობრივად, მთელ დღეს ერთად ატარებდნენ. ერთ პარასკევს, გაზაფხულმა თავისი ხასიათი გამოავლინა და უშგულს ისეთი თქეში მოუვლინა, წარღვნა გეგონებოდათ. ლუკამ და თაიამ სკოლაში დარჩენა გადაწყვიტეს მანამ, სანამ ყველაფერი ჩაივლიდა, თუმცა ბუნება ძლიერ გაჯიუტდა და გადაუღებელ წვიმას ბოლო არ უჩანდა.
ისეთი მყუდრო გარემო შეიქმნა, როგორიც მხოლოდ სოფელში შეიქმნებოდა. გარეთ ძალიან ცუდი ამინდი იყო, ცარიელ შენობაში - სითბო. სამასწავლებლოში შევიდნენ, ლუკამ წყალი დადგა ასადუღებლად, თაიამ ყავის ფინჯნები მოამზადა, შემდეგ მაგიდაზე შემოჯდა, უყურებდა, როგორ ხსნიდა ყავის ერთჯერად შეკვრებს მისთვის უკვე ძალიან ძვირფასი ადაიმიანი. ბიჭმა მისკენ მომართული მზერა შეამჩია და თაიას თვალი გაუსწორა, იმან სხვაგან გაიხედა. შემდეგ ლუკა მასთან ახლოს მივიდა და გვერდით მიუჯდა, თაიამ ყავა გამოართვა.
- ლუკა, ,,წერილების ყუთი“ მართლა გაქვთ?
- კი, გვაქვს, შენ ვინ გითხრა?
- ბავშვები მიყვებოდნენ გაკვეთილზე. სად არის?
- ერთ-ერთ კოშკშია.
- შენ დაგიწერია წერილი?
- არა, ჯერ არ დამიწერია, მაგრამ უნდა დავწერო, დავწერ ალბათ ოდესღაც.
- მეც დავწერ! სანამ წავალ დიდ წერილს დავტოვებ. ვინმე წაიკითხავს?
- არავინ.
- რა აზრი აქვს იმ წერილის დაწერას, რომელსაც არავინ წაიკითხავს?
- ყველა წერილი საკუთარი თავისთვის იწერება და არა სხვისთვის.
- ეგ როგორ, შენ რომ რამე მომწერო გამოდის ეგ წერილი შენთვისაა დაწერილი?
- კი, წერილს იმიტომ ვწერთ, რომ ჩვენი სურვილი დავიკმაყოფილოთ.
- არასწორია. წერილს ორი ობიექტი ჰყავს და ორივე თანაბრად მნიშვნელოვანია.
- წერილმა შეიძლება სულაც არ მიაღწიოს დანიშნულების ადგილს, მაგრამ მასში მაინც იყოს გაერთიანებული შემქმნელისგან ნაჩუქარი ემოცია, განცდები, გრძნობები და ფიქრები. მთავარი ეგ არის, დანარჩენი მეორეხარისხოვანია.
- მინდა მაგ კოშკში წამიყვანო.
- წერილს დატოვებ?
- არა, მხოლოდ ნახვა მინდა.
,,წერილების ყუთი“ უშგულში დიდი დატვირთვისა და მნიშვნელობის მქონე საცავი იყო. მისი ისტორია 1875 წლის ,,ხალდეს აჯანყებიდან“ იწყება. როცა სვანები რუსებს აუჯანყდნენ მათ წინააღმდემ მტერს სასჯელის გამოცხადების შემდეგ 1876 წელს ხალდელებისთვის თანასოფლელების ჩაბარება მოუთხოვია და მითითების შეუსრულებლობის გამო დასჯითაც დამუქრებია მათ. გმირი სვანები მტერს მტრულად დახვედრიან და რუსეთმაც დასამსჯელო რაზმი გაგზავნა სოფელში. ისტორია გვიყვება, რომ სოფელ ხალდეში 19 მდე ოჯახი ცხოვრობდა და ამ 19 ოჯახიდან ქვეყნისა და სოფლის დასაცავად 32 გმირი სვანი გამოსულა ისეთი, ვისაც თოფის ხელში ჭერა შესძლებია. ხალდელებს სისხლის ბოლო წვეთამდე უბრძოლიათ, თუმცა რას გახდებოდა რამდენიმე ათეული გმირი ათასობით კაცის წინაშე, რუსებს აჯანყებულები შეუპყრიათ, სოფელი მიწასთან გაუსწორებიათ და აჯანყების მონაწილეებისთვის კატორღა ან სამუდამო გაციმბირება მიუჯიათ. აჯანყებულთა რიგებში ერთი ოცდა ორი წლის სვანი ვაჟკაცი ყოფილა, რომელსაც ბრძოლის წინ თავისი შეყვარებულისთვის დიდი წერილი დაუწერია და სანამ სოფელს აიღებდნენ თანასოფლელის ხელით, რომელიც უშგულში მიდიოდა თურმე, გოგოსთვის გაუგზავნია. სანამ წერილი ადრესატამდე ჩააღწევდა აჯანყება დაწყებულა და ხალდელი ახალგაზრდის დაჭერის ამბავი გაუგია მის სიყვარულს. თურმე ბიჭისგან მიღებული წერილი ერთ დიდ რკინის ზარდახშაში ჩაკეტა და ვაჟკაცის გაციმბირების შემდეგ ყოველ წელიწადს თავადაც სწერდა წერილებს იმ იმედით, რომ ოდესმე მაინც მიაღწევდნენ ისინი განშორებულ სიყვარულს. გადაციმბირებული ვაჟისგან მას მერე აღარაფერი სმენია უშგულელ სატრფოს, თავად კი რამდენიმე წელში გარდაცვლილა. იმის შემდეგ მისი ზარდახშა აღარავის უნახავს.
სოფელში ხმა გავარდნილა, მარიხას წერილები იმიტომ ვეღარ იპოვეს, რომ ანგელოზებმა ციმბირში აფრინეს ხალდელ ვაჟთანო. ზოგნი ამბობდნენ, მარიხას ოჯახმა ზარდახშა მასთან ერთად დამარხაო. ასეა თუ ისე, შეყვარებულისადმი მიძღვნილი წერილები გამქრალა ამ ქვეყნიდან და სოფლელებმაც გოგოსთან დასამშვიდობებლად იგივე გზა აირჩიეს, რაც მან - თავის ერთადერთ სიყვარულთან. ყველა უშგულელს თითო წერილი დაუწერია გოგოსთვის და დიდ შავ რკინის ყუთში მოუთავსებია, თავად ყუთი კი ერთ-ერთ კოშკში დაუბინავებიათ. ამის შემდეგ ტრადიციად იქცა, თუ გინდა წერილი ისეთ ადამიანს გაუგზავნო, რომელიც შენგან იმდენად შორს არის რომ გგონია ვერ წაიკითხავს, ამ ყუთში დატოვე და ანგელოზები ზუსტად ისე მიაფრენენ ადრესატთან, როგორც მარიხას წერილები - ძალიან დიდი ხნის წინო. გადიოდა წლები ტრადიციასაც სახე უცვლია ცოტა, ყველა უშგულელი ცხოვრებაში ერთხელ მაინც წერილს წერდა და მოგონებების ყუთში ტოვებდა, რადგან როცა გარშემო არავინ არის და ჩვენი ხმა მხოლოდ დამუნჯებულ კედლებს, ან ცარიელ ფურცლებს ესმით, სწორედ მაშინ ვართ ყველაზე გულწრფელნი ალბათ.
- წაგიყვან, თქვა ლუკამ...
უკვე ცხრა საათი ხდებოდა და წვიმამ მაინც არ გადაიღო, პირიქით, ყოველი განვლილი წამი მას ისე აძლიერებდა, როგორც ქარი აძლიერებს ტყეში გაჩაღებულ ხანძარს. ლუკა ღუმელს უჩხიკინებდა, ცეცხლის ანთებას ცდილობდა, სიცივე იყო შენობაში, თაია კი უყურებდა და ფიქრებში იკარგებოდა. როგორც იქნა, ბიჭმა ცეცხლი დაანთო, იატაკზე დასხდნენ და ზურგით კედელს მიეყრდნენ. ღუმელში ცეცხლი გიზგიზებდა და მოპირდაპირე კედელზე უცნაურ ფიგურებს ხატავდა. სკოლის შენობაში ლუკა და თაია ღამის პირველ საათამდე დარჩნენ. შემდეგ წვიმამ გადაიღო და სახლებისკენ აიღეს გეზი.
***
კვირა დღე იყო, მზე გამოსულიყო, სოფელშიც ხალხი გამოშლილიყო. ბავშვები ცხენებს დააჭენებდნენ და უმისამართოდ წინ და უკან დარბოდნენ, სოფლის ქალები ეზოში გამოშლილიყვნენ, ბოლოდროინდელ სიახლეებს არჩევდნენ, ერთმანეთს თავიანთ ამბებს უყვებოდნენ და ახალ ჭორებს გულისყურით ისმენდნენ. ერთმა დიასახლისმა იქ შეკრებილებს თავისი გამომცხვარი პური გამოუტანა და ხალხის გროვა ერთად, სიცილით და ხალისით შეექცეოდა ცხელ პურსა და სვანეთშივე ამოყვანილ ყველს. სოფელში მამაკაცებიდან ზოგი საქონელს ერეკებოდა, ზოგიც ეზოს ასუფთავებდა, ზოგი მათგანი ქალებს ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში. ყველაზე ლაღები და თავისუფლები მაინც სვანი ბავშვები იყვნენ, თავიანთი განსაკუთრებული და უნიკალური სვანური კილოთი. ჭუჭყიან გზაზე, დამდნარი თოვლისგან შექმნილ ატალახებულ გუბეში ორი წლის ბავშვი იდგა უსუფთაო ტანსაცმლით და მოსვრილი პირით, მას ფეხით ზელდა და დრო და დრო თავიდან ჩახტებოდა ხოლმე წყლის გროვაში, მის ყველა მოძრაობას სოფლელი ქალების აღფრთოვანება და სიცილი მოჰყვებოდა, იდგნენ ბავშვის გარშემო და ხალისობდნენ მისი გაუაზრებელი საქციელით. ბავშვმაც დაიჯერა, რომ რაღაც განსაკუთრებულს და სასიამოვნოს აკეთებდა და გარშემომყოფებს აღფრთოვანება რომ შეატყო ერთსა და იმავეს უფრო ხშირად იმეორებდა. ამასობაში ერთმა ქალმა პატარა მაგიდა გამოიტანა და სახლის წინ, ხალხთან ახლოს დადგა. იმავე სახლიდან მეორე ქალი გამოვიდა, რომელსაც დიდი თასი მოჰქონდა ყავით სავსე ჭიქებით, სოფლელებმაც იმ წამსვე დაინაწილეს და გრილ, მაგრამ მზიან ამინდში ცხელი ყავის დალევას შეუდგნენ. სოფელში ერთი მოხუცი ქალი იყო, ქალებს ყავაზე მკითხაობდა ხოლმე. კაცები ბაზობდნენ, უწმინდური საქმეა, ნუ იხედებით ყავაშიო, მაგრამ მაინც ყველას აინტერესებდა რას დაინახავდა სოფლის უხუცესი შავი ნალექით მოხატული თეთრი ფინჯნის შუაგულში. ბევრი ამტკიცებდა, ქალის ნაამბობი სიტყვასიტყვით ამისრულდაო, ზოგი კიდევ პირჯვარს გადაიწერდა, ცოდვაა, ლამარია ზემოდან დაგვყურებს და ჩვენ კიდე როგორ უსირცხვილოდ ვიქცევითო. ასე იყო თუ ასე, ქალებისთვის ერთ-ერთ გასართობს მოხუცი ქალის, როგორც თვითონ ეძახდნენ ,,ბჟუტურის“, მოსმენა წარმოადგენდა.
თაიამ და ლუკამ ამ ხალხის გროვას ჩაუარეს და სოფლელებიც დიდი ოვაციებით შეხვდნენ მათ თვალწინ გაზრდილ ბიჭს, რომელიც ახალჩამოსულ სტუმართან ერთად ნელა მიაბიჯებდა უსწორმასწორო გზაზე. თაიას შეკრებილთა ნაწილი იცნობდა, ზოგს მასზე მხოლოდ გაგებული ჰქონდა, ზოგმაც კი მაშინ გაიცნო, როცა უკვე კარგად შორს მყოფ ახალგაზრდებზე დიდი განხილვა-გარჩევა დაიწყეს სვანებმა. თაიას და ლუკას მათთან დარჩენა შესთავაზეს და ადგილიც გამოუყვეს, ყავაზე დაპატიჟეს მასპინძლებმა და ერთმა გოგომ მოხუცებულს შესთავაზა, ჩვენზე ყველაფერი იცი და მარტივად გამოგვიცნობ ხოლმე, აი უცხოელ გოგოს უმკითხავე და ვნახოთ რამდენად დაინახავ მაგის მომავალსო. ქალს გაეღიმა, გოგონას კი დანარჩენებიც აყვნენ და ტაში შემოჰკრეს, სტუმარს ყავაში უნდა ჩავუხედოთო. 13 წლის სვანი გოგო სკამიდან წამოფრინდა, ყავას მე მოვამზადებო და სახლში შევარდა.
- დავრჩეთ? ჰკითხა ლუკამ.
- დავრჩეთ. მხრები აიჩეჩა თაიამ.
ცნობისმოყვარე სოფლელებმა გოგოს დაწვრილებით გამოჰკითხეს, თუ როგორ მოსწონდა სვანეთი და როგორი კმაყოფილი იყო დახვედრისა, თაიაც ხმამაღლა აქებდა ამ მხარეს და მათ განსაკუთრებულ სტუმარ-მასპინძლობას, მისი სიტყვები კი მალამოსავით ედებოდა გულზე დიდსა თუ პატარას. შემდეგ ხუმრობა დაიწყეს, სვანი ბიჭი უნდა გაგირიგოთ და დარჩი ბარემ ჩვენთანო, თაიამაც გადაწყვიტა მათთვის არ ეწყენინებინა და რატომაც არა, ამაზე უკეთეს ადგილას სად წავალო, დათანხმდა. ამ ყიჟინში ნალექიანი ყავაც მომზადდა და გოგოს მოართვეს, დალიე, ოღონდ ბოლომდე არა, ნალექი უნდა დარჩეს რო ქალმა კარგად დაინახოს ყველაფერიო. როცა ყავა ბოლომდე დალია, ქალმა ფინჯანი გამოართვა და თეფშზე თავქვე დადო. ვაცადოთ, გაშრესო. თაია ამ სურათით ძალიან ხალისობდა, ლუკას შეხედავდა ხოლმე და ორივეს ეცინებოდა, ყველას აინტერესებდა რას დაინახავდა მოხუცი ქალი სტუმრის იდუმალებით მოცულ ჭიქაში.
მოხუცმა ფინჯანი ხელში აიღო და სათვალე შეისწორა. სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. თაიას გაეცინა და ლუკამ მხარი გაჰკრა, იმის ნიშნად, არ აგრძნობინო რომ ამ ყველაფერს არასერიოზულად უყურებო. მოხუცმა ჭიქაში ჩახედვის შემდეგ წარბები შეკრა და საუბარი დაიწყო:
,,კომეტა ჩანს, შეიძლება შენც ხარ, კომეტა სტუმარია შორიდან. ან შენ ხარ, ან შენ თვითონ უნდა ელოდო სტუმარს შორიდან. ნათელი ჭიქა გაქვს, ეგ კარგია, მაგრამ ერთი დიდი დათვი ზის ამ კომეტის ძირში და რაღაცა არასწორი გადაწყვეტილებები მოსჩანს შენ ცხოვრებაში, რომლებიც ბევრ პრობლემებს გამოიწვევენ. ხალხმა ერთმანეთს გადახედა, მოხუცმა ჭიქა ისევ თეფშზე დადო. ,,მორჩა, მეტი აღარაფერი ჩანს“. ხალხი ახმაურდა, მეტი გვინდაო, ,,ეგ რა არის ქალო, ჩემ ჭიქაში ორი საათი გაქვს ხოლმე ცხვირი ჩაყოფილი“, ,,კიდევ სცადე იქნება რამე სხვაც გამოჩნდეს აბა“, ,,გული არ გაუხსნია, გული“, ისმოდა შეძახილები. თაიას გაეცინა, მოეწონა სოფლელების ასეთი ჩართულობა, მისი ბედისა და მომავლისადმი ინტერესი, მაგრამ ქალს არაფერი უთხრა. მადლობა გადაუხადა და მალევე სოფელმაც სალაპარაკო თემა შეცვალა. ლუკა და თაია ხალხს დაემშივიდობნენ და იმ კოშკისკენ გაეშურნენ, სადაც ,,წერილების ყუთი“ ეგულებოდათ.
- რა მალე მოამთავრე გოგოს მკითხაობა ქალო, მეტი მართლა აღარაფერი ჩანდა?! იკითხა ერთმა სვანმა ქალმა.
- ბევრიც ჩანდა, მაგრამ კარგი არაფერი. უპასუხა მოხუცმა და ახალგაზრდებს გახედა, მათი სილუეტები მკრთალადღა იკვეთებოდა ჰორიზონტზე.
თაიამ თავი დახარა და კოშკში შევიდა, ლუკაც მას მიჰყვა. კოშკი ვიწრო იყო და ჩაბნელებული, შესვლისთანავე თვალში მოსახვედრი იყო კედელზე მიმაგრებული დიდი შავი რკინის ყუთი.
- ეს არის? აღფრთოვანებით იკითხა თაიამ
- ეგაა.
თაია ყუთს მიუახლოვდა, ყველა მხრიდან ათვალიერა ის და თითქოს რაღაცას ეძებსო, კოშკის ქვებსა და მას შორის გადაკვეთის ყველა წერილი თავისი წვრილი თითებით შეამოწმა.
- შენი აზრით ბევრი წერილია შიგნით?
- ბევრი იქნება.
- და შენ არაფერი ჩაგიგდია არასდროს?
- არა.
- გასაღები ვის აქვს?
- არ ვიცით, არავის გაუხსნია.
- ვინმეს ხომ ექნება?
- შეიძლება.
- და რო გავხსნათ?
ლუკამ წარბები შეკრა, აშკარა იყო, ეს აზრი არ მოეწონა.
- რატომ უნდა გავხსნათ?
- რავიცი, არ გაინტერესებს?
- ეს ადგილი ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი და სანდოა. ამ წერილების წაკითხვა არ შეიძლება.
- ხო, ალბათ მართალი ხარ. ალბათ რამდენ ემოციას იტევს ეს ერთი ცალი ყუთი.
- და რამდენ მოგონებას, სათქმელი ლუკამ დაასრულა.
თაია ცარიელ კოშკს დიდ ხანს ათვალიერებდა. შემდეგ ისევ ყუთს მიუბრუნდა და სულ თავიდან დაუწყო შემოწმება. ლუკა თვალს ადევნებდა და ამჩნევდა გოგოს მიერ აშკარა ინტერესს წერილების ყუთის მიმართ, მაგრამ ვერ ხვდებოდა, რა იყო ამ ინტერესის მიზეზი. საბოლოოდ ყველაფერი უბრალო ცნობისმოყვარეობას მიაწერა და კოშკში მასთან ერთად იქამდე გაჩერდა, სანამ გოგომ სახლში წასვლა არ მოინდომა.
გარეთ გამოსულებს სოფელი შებინდებული დახვდათ. ამ დროს ჰაერი კიდევ უფრო სუფთა და სასიამოვნო იყო ხოლმე. ბავშვები ისევ დააჭენებდნენ ჯიშიან ცხენებს, ქალები ისევ საქმობდნენ ეზოებში, დღე იწურებოდა და მზე შხარას მომავალ შეხვედრამდე ემშვიდობებოდა.
- მიყვარს შენთან ერთად სიარული, უთხრა თაიამ ლუკას.
ბიჭმა არაფერი უპასუხა, ჩუმად გაუყვნენ სოფლის უსწორმასწორო გზას.
***
ალექსანდრე და თაია მიტოვებული სახლის ეზოში, ხის ძირას ისხდნენ. იქ მისვლა რატომღაც ტრადიციად ექცათ მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრეც მარტო ცხოვრობდა და თაიასაც მარტივად შეეძლო მასთან ბებიამისის სახლის მეორე სართულზე განმარტოება. ბალახზე კვადრატული ფორმის კუბიკებიანი ნაჭერი გადაეფარებინათ, ზედ ბუტერბროდები დაეწყოთ, დიდი ჭიქები კი ცივი წვენით აევსოთ.
გაზაფხულის თბილი ჰაერი უბერავდა, ხის ფოთლებს ნაზად და კრძალვით არხევდა. ყაყაჩოებით გადავსებულ ეზოში ჭრიჭინის ხმა ისმოდა მხოლოდ, დრო და დრო მიტოვებული სახლის დანგრეულ კედლებს ზოგჯერ მაინც აახმაურებდა ხოლმე. თაია მათ უყურებდა გონებაში კი იმ ისტორიის ამოცნობას ცდილობდა, რომლებსაც ისინი მალავდნენ. ფიქრებში იმდენად დაიკარგა, წამიერად საკუთარი თავიც დაავიწყდა და ალექსანდრეც. ორივე ხელი სამკუთხედი ფორმის პურზე მჭიდროდ მოეკიდა, პირთან მიეტანა, თუმცა მათ არც ჭამდა და არც უკან, ერთჯერად თეფშზე აბრუნებდა.
- რაზე ფიქრობ? ჰკითხა ალექსანდრემ. ბიჭის ხმის გაგონებამ თაია რეალობაში დააბრუნა.
- აქაურობაზე მეფიქრება, მენანება ეს გარემო იმისთვის, რომ მტვრად იქცეს და აღარაფერი დარჩეს მისგან.
ალექსანდრემ ბუტერბროდის ჭამა დაასრულა, ხელები აუღლევებლად გაიწმინდა და მთელი ყურადღება თაიასკენ მიმართა:
- ჩემი საქმით ბევრ ფულს რომ ვიშოვი ამ მიწას ვიყიდი და იმაზე ბევრად დიდ სახლს აგიშენებ, ვიდრე აქ იდგა.
- ეგ ალბათ მაშინ, ,,ოსკარს“ რომ მოიგებ. მანამდე რომ გაიყიდოს? გაეღიმა თაიას.
- გაიყიდოს, ორმაგს შევთავაზებთ და ისევ ჩვენ მოგვყიდიან.
- ესე იგი, არ უარყოფ, რომ ,,ოსკარის“ იმედზე ვართ.
- ეგრეა.
- დავრჩენილვართ სახლის გარეშე.
ალექსანდრეს გაეცინა. თავადაც ხვდებოდა, რომ ზედმეტად შეიჭრა ოცნებებში.
- მე არ მინდა რომ ოსკაროსანი მსახიობი გახდე.
- რატომ?
- მე აღარ გემახსოვრები, ჰოლივუდის ვარსკვლავებთან დაიწყებ შეხვედრებს... შეიძლება ქუჩაშიც ვეღარ მიცნო.
- ხო, შეიძლება. დაეთანხმა ალექსანდრე. თაიამ გვერდულად გახედა, ორივეს გაეღიმა.
- არა და მე სხვანაირად მგონია, ალბათ გადავიცვამ გლეხის ფორმას და ჩუმად ისევ შენ შეგხვდები ხოლმე.
- პირველ საკითხს დავუბრუნდეთ, ანუ პირობას დებ, რომ აქაურობას იყიდი?
- არა, პირობას არასდროს ვდებ.
- რატომ, რა არის ცუდი პირობის დადებაში?
- შენ იცი, რომ შეყვარებული ადამიანების მიერ დადებული პირობების ნახევარზე მეტი არასდროს სრულდება?
თაიამ ჯერ არაფერი უპასუხა, ალექსანდრეს ნათქვამზე ცოტა ხანს ფიქრობდა, შემდეგ კი დანანებით ჩაილაპარაკა: ,,ცუდია“...
- სულ არ არის ცუდი. ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანები ყველა დაპირებას რომ ასრულებდნენ, სიყვარულსა და მონატრებაზე არც ლექსები დაიწერებოდა, არც სიმღერები და აღარც წიგნები, ამიტომ სამყარო ისეთი რომანტიკული აღარ იქნებოდა, როგორიც ახლაა. როცა მომავლის განსაზღვრა მარტივია, ცხოვრება ინტერესს კარგავს.
- შეიძლება, მაგრამ ხომ არსებობს ისეთი რაღაცებიც, რისი ცოდნაც ზუსტად იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებამ უფრო დიდი აზრი შეიძინოს.
- არსებობს, მაგრამ ამისთვის პირობის დადება საჭირო არ არის. იდეალურ სამყაროში ადამიანები იმდენად უნდა ენდობოდნენ ერთმანეთს, რომ ფიცი და დაპირება გარანტიებს არ წარმოადგენდნეს.
- მაშინ რატომ არსებობს ეგ ორი სიტყვა საერთოდ? რატომ ვიცით მათი მნიშვნელობა?
- ზუსტად იმიტომ, რომ ეს სამყარო იდეალური არ არის.
- ესე იგი შენ ამბობ, რომ სამყარო რომანტიკულია, მაგრამ არა იდეალური?
- ხო, ზუსტად მაგას ვამბობ.
- როგორ შეიძლება ის, რაც რომანტიკულია, იდეალური არ იყოს... მე არ გეთანხმები, სხვანაირი შეხედულება მაქვს ამ საკითხზე.
- ვიცი, ვამჩნევ და მომწონს... ისიც მომწონს, რომ ერთმანეთს არ ვგავართ.
- და ძალიან რომ გთხოვო ჩემთვის ერთი პირობა დადე მეთქი ამას მაინც არ გააკეთებ?
- რა გინდა მითხარი, რას გინდა რომ დაგპირდე.
,,ღმერთო ჩემო, რამდენი რამის თქმა მინდა...“ ფიქრობდა თაია. უნდოდა, ბიჭს მისი ყველა აზრი უსიტყვოდ მოესმინა, მაგრამ მათი გაჟღერების ეშინოდა. ეშინოდა, ალექსანდრე მის გულწრფელობას არ შეეშინებინა და ამით ერთმანეთი სამუდამოდ არ დაეკარგათ, ამიტომ თავის თავს დაჰპირდა, რომ როცა მასთან ერთად იყო, მომავალზე არ იფიქრებდა და მხოლოდ აწმყოთი დატკბებოდა.
- არაფერს, მოვიფიქრებ რამეს და სხვა დროს გეტყვი.
- მე შენთვის ადრე ერთი ტყუილი მაქვს ნათქვამი, ამიტომ რამეს რომც შეგპირდე, ჩემი დაჯერება მარტივი არ უნდა იყოს წესით.
- რა ტყუილი?
- თაია, თამაშობ თუ მართლა არ გახსოვარ?
- რას ქვია არ მახსოვხარ, სულ მახსოვხარ, უთხრა და გაუღიმა. შემდეგ განაგრძო: მგონი როცა საჭირო არ არის მაშინაც შენ მახსოვხარ. ალექსანდრეს ამ გულწრფელობაზე ხმამაღლა გაეცინა.
- არა, მაგას არ ვიძახი. ჩვენი პირველი შეხვედრა არ გახსოვს?
- მახსოვს. დღესაც მრცხვენია იმ მაღაზიაში შესვლა. ალექსანდრეს კიდევ გაეცინა. დარწმუნდა, რომ თაიას ის უნივერსიტეტიდან ნამდვილად არ ახსოვდა.
- რა მომატყუე?
- მნიშვნელოვანი არაფერი, სხვა დროს გეტყვი.
- კარგი, მხრები აიჩეჩა თაიამ და წვენი მოსვა.
ალექსანდრე მას კარგა ხანს უყურებდა. როგორ შეიძლება, ისმენდე, რომ მოგატყუეს და არ ბრაზდებოდე, ინტერესი არ გახრჩობდეს, მშვიდად ელოდო, როდის გადაწყვეტენ შენთან გულის გადაშლას. უკვირდა თაიას სიმშვიდე, მისი მოთმინების უნარი... ერთხანს ეჭვიც შეეპარა იმაში, რომ თაიას მათი პირველი შეხვედრა ნამდვილად არ ახსოვდა, მაგრამ ამაზე საუბარი სხვა დროისთვის გადადო.
***
როცა გვეუბნებიან, რომ რაღაც არ შეიძლება, მაინც უფრო დიდი ინტერესი შეგვიპყრობს ხოლმე იმის მიმართ. ხშირად თუ არა, ერთხელ მაინც ყველას გვექნება გაგონილი ფრაზა: ,,აკრძალული ხილი ყველაზე გემრიელიაო“, ის რეალობას ეფუძნება. ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ მას იზიდავს ყველაფერი, რაც რთულად მისაღწევი, სახიფათო, ან აკრძალულია. ზოგი ამას ვნებას ეძახის, ზოგი ადრენალინს, ზოგი რას, ზოგიც - რას! ზოგადად, თუ გინდა ვინმეს რაიმეს მიმართ ინტერესი გაუღვივო, უნდა უთხრა, რომ ის ,,არ შეიძლება“. ფროიდს უთქვამს ერთხელ: ,,ძლიერ ადამიანში შეზღუდვა სურვილს აძლიერებს, სუსტი კი პირველივე აკრძალვას ემორჩილებაო“. თუმცა, არსებობს ზღვარი და არსებობს ეთიკის ნორმები, რომლებიც მაინც გვაქცევენ ჩარჩოებში და გვკარნახობენ, რა შეიძლება და რა არა. არადა, ადამიანები თავისუფალი არსებები ვართ. ზოგადად, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია, უბრალოდ ჩვენი ქმედებები მუდამ გამოიღებენ ხოლმე შედეგებს და ზოგი მათგანის გამოსწორებას შეიძლება მთელი ცხოვრება დასჭირდეს, ამიტომ ხშირად ვიკავებთ ხოლმე თავს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეცდომა არსებობს ისეთი, რომლის დაშვებაც უზომოდ დიდ ბედნიერებას გვგვრის.
როცა არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ზოგჯერ თავის მართლება გვიწევს ხოლმე. ხშირად ყველაზე უსუსური არგუმენტი მოგვყავს და ვამბობთ: ,,არ მინდოდა“, არადა ზუსტად ვიცით, რომ ეს სიტყვებია სხვა არაფერია, თუ არა მტკნარი სიცრუე. ზუსტად ის გვინდოდა, რაც გავაკეთეთ. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით: ,,ამის გაკეთება მინდოდა, უბრალოდ არ მიფიქრია იმაზე, რა შეიძლება მოჰყოლოდა მას“, ან: ,,ამ შეცდომის დაშვება იმდენად სასიამოვნო იყო, რომ უგულებელვყავი ყველა მოსალოდნელი შედეგი“.
თაიას დიდი საწვიმარი ეცვა, ჩქარი ნაბიჯით კოშკისკენ მიდიოდა, გვერდით არავინ მიჰყვებოდა. ტალახიან გზაზე რამდენჯერმე ფეხი მოუსრიალდა, მაგრამ სვლა განაგრძო და ბუმბერაზ შენობას მიუახლოვდა. ხის კარი გააღო და საწვიმარის ჯიბიდან დიდი ფანარი ამოიღო, აანთო და კოშკში შევიდა. ახლა ხელი მეორე ჯიბეში ჩაყო, დიდი რკინის გასაღები შავ ყუთთან ახლოს მიიტანა, მასში მოათავსა და ორჯერ გადაატრიალა. წერილებით გადავსებული ყუთიდან ერთი ცალი ამოიღო და ის ისევ დახურა. ხის პატარა სკამზე მოკალათდა, ეთერის სახლიდან წამოღებული ფანარი წერილს მიანათა და გულში უამრავი ათეული წლის წინ დაწერილი გახუნებული ფურცლიდან კითხვა დაიწყო.
,,არ ვიცი ახლა სად ხარ, ან როგორ ხარ. ან თუ იპოვე სხვა სამყარო ამ სამყაროსგან დაღლილმა. ინტერესი მკლავს და შენი კიდევ ერთხელ ნახვის სურვილი მაძლებინებს. ამ წერილს გწერ იმისთვის, რომ თუ არსებობს რაღაცა, რაც ჩემს სიტყვებს შენამდე მოიტანს გთხოვო, ერთხელ მაინც მომევლინო სიზმარში, რათა ვიყო მშვიდად და მქონდეს პატარა იმედი მაინც, რომ სხვა სამყაროში ცოტა დიდი ხნით შეგვეძლება ერთმანეთთან ახლოს ყოფნა.
აქ ყველას ახსოვხარ, ხშირად გიხსენებენ. შენი მოგონების პირველი წამები ცრემლებისმომგვრელია, მაგრამ როცა შენზე ისტორიებს ყვებიან, მაინც ყველას ეღიმება და ბოლოს კი ისევ ყველაფერი უცაბედად ჩამოვარდნილი შემზარავი სიჩუმით მთავრდება. ნეტა თუ ხედავ, რა ცარიელია აქაურობა უშენოდ. ზოგჯერ მგონია, უდაბნოში დავდივარ და ვოცნებობ, მირაჟი დავინახო, შენი სახით. ისიც მიფიქრია, ამ უდაბნოში არჩევანის საშუალება რომ მქონდეს და სული მეხუთებოდეს, წყალზე უარს ვიტყოდი და ერთი წამით შენს დანახვას ავირჩევდი, უსიტყვოდ. მეტს ვეღარაფერს გეტყვი, წერილს ვწერ და ხელები აღარ მემორჩილება თითქოს. შეხვედრამდე.“
წერილი ისევ გადაკეცა, ცრემლები შეიშრო, ფეხზე წამოდგა და ქვიშისფერი ფურცელი, რომელიც დროს ძალზედ გაეთხელებინა, ისევ შავ ყუთში დააბრუნა. რკინის გასაღები ორჯერ გადაატრიალა, ახლა უკვე საპირისპირო მიმართულებით. კოშკიდან გამოვიდა, ხის კარი გამოიყურა და სახლისკენ ბილიკს გაუყვა.
ლამარიას რომ გასცდებით და მთებში შეიჭრებით, სხვა აღარაფერი მოჩანს, გარდა გადიდგულებული მთებისა, რომლებიც ისე ამაყად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე, როგორც მტრის სისხლმოწყურებული მესაზღვრე დამპყრობლების მოლოდინში. ზამთარი ამ ადგილს კიდევ უფრო უკაცრიელს ხდის, გაზაფხული კი სიცოცხლეს შესძენს და იმედის ნაპერწკალს ჩაუსახავს ხოლმე იმ მოლოდინით, რომ სულ მალე, აქაურობას ტურისტები აავსებენ და გამოყრუებული მთებიც ერთი-ორ სიტყვას გაიგონებენ მშობლიურ, ან სულაც უცხო ენაზე. თავისუფალ მთებში ყველაზე ლაღნი ცხენები არიან, ისინი განუყოფელნი არიან ამ სივრცისგან და ალბათ ადამიანზე დიდ თავისუფლებას გრძნობენ მაშინ, როცა ამ დაგრეხილ და მთაგორიან გზაზე ნელა მიაბიჯებენ. როცა ღამდება აქაურობა მარტო რჩება და მიძინებულ შხარას ციდან თეთრად აციმციმებული ვარსკვლავები დარაჯობენ. ისინი ზოგჯერ ცას მოსწყდებიან და თავიანთ არსებობას იმ სურვილს შესწირავენ ხოლმე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ასრულება არ უწერია, რადგან ადამიანები მეტწილად ასეთ დროს ღრმად ვიჭრებით ფანტაზიებში და სამყაროს წარმოუდგენელ თხოვნებს ვუგზავნით.
თაია და ლუკა მთის ფერდობზე ისხდნენ. სავსე მთვარე იყო და ცაზეც ვარსვკლავები მჭიდროდ მოგროვილიყვნენ. ლუკას თავი თაიას კალთაში ჰქონდა ჩარგული. ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ ბევრს ფიქრობდენ, ცოტას საუბრობდნენ. თაიამ ლუკას თვალებში ჩახედა და მასში ის ნდობა დაინახა, რომელსაც არ იმსახურებდა. სინდისის ქენჯნა იგრძნო, როგორ ვერ შეასრულა იმ ადამიანის ერთადერთი თხოვნა, რომელმაც მას უცხო მხარეში ყოფნის მთელი დრო გაუფერადა და წიგნის სიუჟეტივით რომანტიკულ მოგონებებად უქცია. როცა ადამიანები გვენდობიან ამ გრძნობას ვუთამამდებით ხოლმე. მის მოსაპოვებლად ბრძოლა უფრო მარტივია, ვიდრე შენარჩუნება უკვე მოპოვებულისა. უყურებდა ლუკას თვალებში და მოუთმენლობა იპყრობდა, წამებს ითვლიდა გათენებამდე, რომ კოშკში ისევ მისულიყო და ისევ წაეკითხა უცხო ადამიანის მორიგი გრძნობებით გაჟღენთილი და მოგონებებით სავსე წერილი. როცა რაიმეს მიმართ ლტოლვა გვიპყრობს მის გარშემო ყველა ღირებულება ფასს კარგავს.
- რაზე ფიქრობ? ჰკითხა ლუკამ.
- არ ვიცი, მგონი მეძინება. მოატყუა თაიამ.
ფეხზე წამოდგა, თმა სახეზე გადაიწია და თქვა: ,,წავიდეთ, ძალიან მეძინება. ხვალ ადრე უნდა ავდგე“
- რატო, რა ხდება ხვალ?
- ეთერის უნდა მივეხმარო, დახმარება მთხოვა.
- რაში?
თაია დაფიქრდა.
- არ ვიცი, კარგად კი არ ვუსმენდი. ერთი ის მახსოვს, რომ დილით ადრე უნდა ავდგე
- წავიდეთ მაშინ.
როცა გათენდა თაიამ ჩქარა ჩაიცვა და კიბეები ჩამოირბინა. ეთერის უკვე ეღვიძა.
- ყავა დავლიოთ? ჰკითხა ახალგაღვიძებულს.
- კი რა, დავლიოთ და უნდა გავიდე მე.
- საით?
- ნანასთან მივდივარ ცოტა ხნით, მალე მოვალ.
ნახევარ საათში თაია კოშკისკენ მიაბიჯებდა. ნელა მიდიოდა, არ ეჩქარებოდა, შაბათი იყო და წინ მთელი დღე ჰქონდა. თუმცა, მაინც მისი უკან დაბრუნების დრო დამოკიდებული იყო იმ წერილის შინაარსზე, რომელსაც დღეს აღმოაჩენდა. კოშკს მიუახლოვდა, ხის კარი ისევ გააღო. ჩქარი ნაბიჯით მივიდა წერილებთან, რკინის გასაღები მოათავსა საცავში, ისევ ორჯერ გადაატრიალა. ხელის ერთი მოძრაობით ამოიღო ისევ ძველი და ისევ ქვიშისფერი დიდი ფურცელი. კოშკის კარი გააღო, ზღურბლზე დაჯდა და კითხვა დაიწყო:
,, როცა სოფელი დატოვეთ ოთხი წლის მერე ცოლი მოვიყვანე. საცოლე ოჯახმა ამირჩია და ყველა გზა სცადა, ერთმანეთს დავახლოვებოდით. მეც წინააღმდეგობა არ გამიწევია, არც ერთხელ. ან ჩემთვის რაღა მნიშვნელობა ჰქონდა ვინ იქნებოდა ჩემთან ერთად შენს გარდა. არადა ლამაზი იყო, შენზე ლამაზიც კი, მაგრამ როცა ვუყურებდი მაინც შენ მახსენდებოდი და იმის ყველა ქმედებას შენსას ვადარებდი. არ ვიცი რით დავიმსახურე მისი სიყვარული, რადგან არასდროს ისე არ ვექცეოდი, როგორც მას ეკუთვნოდა. ყველა გზას ნახულობდა, რომ რამით კმაყოფილი ვყოფილიყავ, მაგრამ არა, მაინც ვერ გამოსდიოდა... მისი ყოველი მცდელობა უფრო და უფრო მაღიზიანებდა, ზოგჯერ მაძულებდა კიდეც მის თავს. რა ვქნა, მე კიარ მინდოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ ჩემსავე ქმედებებს ვერ ვეწინააღმდეგებოდი და რაც მეტად ვტკენდი გულს მით უფრო მძულდა ჩემი უსამართლო და შენდამი მოგონებებით შეპყრობილი თავი.
როცა ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა დღესასწაულებზე საჩუქრებს ვჩუქნიდი ხოლმე. ისეთი გრძნობა მიპრყობდა, თითქოს ვღალატობდი შენს სიყვარულს, მაგრამ თავს ვაჯერებდი, რომ ეს ჩემი ვალი იყო და დილით ყველანაირი გრძნობის გარეშე დაკრეფილ ყვავილებს უაზროდ დავაწყობდი ხოლმე მაგიდაზე. იმას კი ისე უხაროდა, როგორც პატარა ბავშვს დამალული შოკოლადების გამოჩენა სტუმრების მოსვლამდე.
დრო გადიოდა და ოჯახური ცხოვრებაც ჩვეული მოვლენა გახდა, იმდენად ხშირად აღარ მახსენდებოდი, როგორც ადრე. როცა შვილი მეყოლა-მითუმეტეს. თუმცა, როცა ის წამოიზარდა და რამეს აშავებდა, ვუყურებდი როგორ ტუქსავდა ჩემი ცოლი ჩადენილი დანაშაულისთვის და ვფიქრობდი ჩემთვის: ნეტა შენ როგორი დედა იქნებოდი და რას გააკეთებდი მის ადგილას.
თუ ღვინოს დავლევდი უფრო მძაფრდებოდა მოგონებები შენზე და მკაფიოდ მახსენდებოდა ყველა ჩვენი ჩუმი შეხვედრა იმ კოშკში, რომელიც ერთადერთი თავშესაფარი ყოფილა ჩვენი სიყვარულისა. რამდენიმე წელია, რაც მისი კედლები ჩამოინგრა და თან წაიღო მოგონებები ორი ახალგაზრდა შეყვარებული გოგო-ბიჭისა, რომლებსაც ბედმა ერთად ყოფნა არ არგუნა და სამუდამოდ გაუყარა ცხოვრების გზები. რომლებიც ერთ დროს სასიამოვნოდ გადაკვეთილან იმ სოფელში, სადაც ორივე ერთსა და იმავე დღეს დაბადებულა.
წუხელ ჩემი ცოლის დაკრძალვა იყო, ამის შემდეგაც წერილს მას კი არა, შენ გიწერ. სინანული მიპყრობს იმის გაფიქრებაზე, რომ ასე უსამართლოდ ვიქცეოდი მთელი ცხოვრება და რამდენჯერაც ეს მტკივნეული მოგონებები შემომაწვება, იმდენჯერ შენზე დავიწყებ ფიქრს და ახალგაზრდობის გახსენება იმ წამსვე გააუფერულებს მოღუშულ და უსიცოცხლო მოგონებებს ზრდასრულობისას.
მე სულ მარტო დავრჩი წუხელის შემდეგ და პირველად განვიცადე ამ გრძნობის ყველაზე საშინელი მხარე. ნეტავ შენ როგორ ხარ, ან ვისთან ერთად ხარ. არ ვიცი და აღარც მინდა ვიფიქრო იმაზე. ყველა ვიხდით თურმე ჩვენი საქციელის საფასურს ადრე თუ გვიან და მე სიცოცხლის ბოლომდე ჩემი დანაშაულის გამოსასწორებლად მტანჯველი მოგონებები ბასრი ხანჯალივით დამისერავენ სულს.
რა ლამაზი ყოფილა სიყვარული და რა ცუდი შედეგების მოტანა სცოდნია მაშინ, თუ სათანადოდ არ მოვექცევით მას. ამბობენ, ამ კოშკში დატოვებული წერილები ადრესატამდე მართლაც მიაღწევენო, მაგრამ, საკმაოდ მოვხუცდი მაგის დასაჯერებლად. მინდა სული გავინთავისუფლო და აქ მაინც დავწერო ის, რის სათქმელადაც გამბედაობა არასდროს მყოფნიდა. ამასობაში სანთელიც ბოლომდე ჩაიწვა და მეტს ვეღარ დავწერ, რადგან შუაღამეა. ხვალ დილით ამ წერილს კოშკში დაგიტოვებ და შენგანაც დაველოდები რამე ნიშანს იმისას, რომ გახსოვარ და ხშირად თუ არა ზოგჯერ მაინც გაგახსენდები ხოლმე. მშვიდობით.“
წერილი ძალიან ლამაზი კალიგრაფიით იყო დაწერილი, ასოები დახატულს ჰგავდა. მისი წაკითხვის დასრულების შემდეგ თაია ერთდროულად სინანულმა და ბრაზმა მოიცვა საკუთარი თავის მიმართ. ,,როგორ უაზროდ ვერევი სხვის საქმეში და როგორ ვაფათურებ მათს სულში ხელებს“ თქვა ხმამაღლა. წერილი ისევ ისე გადაკეცა, როგორც მანამდე იყო, ეს რთული არ ყოფილა. ის ხომ ამ ნაოჭებს წლების განმავლობაში ატარებდა. ამ წერილის გახსნა უფრო რთული იყო, ვიდრე დაკეცვა, რადგან გვერდები ერთმანეთს დროს ისე მიუწებებია, როგორც მისი ავტორის გრძნობა და მოგონებები მის ყოველდღიურ ცხოვრებას.
კარი გამოიხურა და სახლში წამოვიდა. მთელი გზა წერილის ავტორზე ფიქრობდა და მის გონებაში იხატებოდნენ ადამიანები, რომლებიც უსიყვარულოდ ცხოვრობდნენ. ადამიანები, რომლებსაც უყვარდათ, მაგრამ საპასუხოდ ვერაფერს იღებდნენ. ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ დავიწყებას, მაგრამ ვერაფრით ივიწყებდნენ. ადამიანები, რომლებმაც აღარ იცოდნენ ცოცხალი იყო თუ არა მათი ერთადერთი სიყვარული და ადამიანები, რომლებიც მოგონებებით სუნთქავდნენ.
***
ანი, თაია და ალექსანდრე დრო და დრო იკრიბებოდნენ ხოლმე. მას შემდეგ, რაც თაიამ ანის დარჩენის ამბავი შეიტყო, ალექსანდრემ გადაწყვიტა მათ ერთმანეთი უკეთ გაეცნოთ. თაია ანის კონკურენტად არ აღიქვამდა, არც ანი იყო მის მიმართ ცუდად განწყობილი და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ცდილობდა იმის დემონსტრირებას, რომ ალექსანდრეს ის თაიაზე კარგად იცნობდა, მათი დიალოგები მუდმივად მშვიდი და საინტერესო იყო. ანი ზოგჯერ უხეშობდა, მაგრამ მის საქციელს თაია პირად პრობლემებს მიაწერდა ხოლმე და ცდილობდა, მისი სიტყვები გულთან ახლოს არ მიეტანა, რაც გოგოებს შორის ურთიერთობას ამარტივებდა.
ალექსანდრეს თბილისში გამგზავრება მოუწია, თეატრიდან დაურეკეს და ჩასვლა სთხოვეს, ამიტომ ოთხი დღით სიღნაღი დატოვა. ანი და თაია ერთმანეთს ყოველდღე ნახულობდნენ, დროს ერთად ატარებდნენ და ნინიას ხაჭაპურებსაც ერთად მიირთმევდნენ. ალექსანდრეს გამგზავრებიდან მეორე საღამოს თაიამ ანის მისწერა და მასთან ასვლა სთხოვა, ნინია თონეში პურს აცხობს და თონის პურზე და ყველზე გეპატიჟებიო.
კახეთში ვისაც ერთი ზაფხული მაინც გაუტარებია, ბებოს მიერ თონეში ჩაკრული შოთის პურები და მათი გამაგრებული ბოლოები სამუდამოდ დარჩებოდა მეხსიერებაში. თაიას ბავშვობაშიც ეს ტრადიცია აქტიურად გრძელდებოდა, ოღონდ რეალობისგან განსხვავებით, მაშინ ამ დიდი მოვლენის მონაწილე უფრო მეტი ოჯახი ხდებოდა. უბანში თონე მხოლოდ თაიას ბებოს ჰქონდა, ამიტომ თუ ვინმეს პურის გამოცხობა უნდოდა, ყველა აქ მოდიოდა ხოლმე. მაშინ მათ მოჰყვებოდნენ თავიანთი შვილიშვილები, რომლებსაც ეზოში თანატოლი მეგობრები მოსდევდნენ და იწყებოდა ჟრიამული და აღნიშვნა არარსებული დღესასწაულისა. თონისთვის ცალკე გამოყოფილი დიდი ოთახი არსებობდა, რომლის შუაშიც მრგვალი თონე იდგა. მის ერთ მხარეს ხის ფიცრებით აგებული გრძელი მაგიდა იყო, რომელზეც თავდაპირველად ბებოების მიერ მოზელილი და აფუებული ცომის უზარმაზარი თასი იდგმებოდა. მას მუდამ გადაფარებული ჰქონდა ნაჭერი,რათა ცომისთვის ტემპერატურა და სითბო შეენარჩუნებინა. ფიცარზე თავდაპირველად ფქვილი უნდა მოყრილიყო, ამასობაში ოჯახში მყოფი მამაკაცი თონეში წალამს ჩააწყობდა და ცეცხლს მოუკიდებდა მას. როცა წალამი ჩაიწვებოდა და თონეც გახურდებოდა, ნამდვილი პურის ცხობაც მაშინ იწყებოდა. სანამ თონე მზადდებოდა, ქალი თასს გადაფარებულ ნაჭერს მოხსნიდა, რომელსაც ცოტაოდენი ცომი მაინც აყვებოდა, რადგან წებოვანი მასა მას მარტივად ეკრობოდა ხოლმე. ფქვილში ამოვლებული ხელები კი ფუმფულა და ფითქინა ცომს ფქვილით დაფარულ ფიცარზე დაახეთქებდა და თანაბარ ნაწილებად ყოფდა. თავდაპირველად გუნდები მზადდებოდა, რომლებიც ერთმანეთის გვერდით, სრული მათემატიკური სიზუსტით რამდენიმე მწკრივად ეწყობოდა და იმისთვის, რომ ისინი არ გაუხეშებულიყო, ან მწერები არ დახვეოდა, ისევ ის ნაჭერი ეფარებოდა ზემოდან, რომელიც თავდაპირველად თასს ჰქონდა. გამზადებული გუნდებიდან პირველი მათგანი მაგიდის დიდ ნაწილზე ექცეოდა და ხელის სწრაფი მოძრაობით წაგრძელებულ ფორმას იღებდა. ბებოები მათ თავიანთი მოხუცი თითებით აბრტყელებდნენ და შუაგულში წყლით დასველებული თითით ერთ ნაჩვრეტს უკეთებდნენ ხოლმე, მუდამ. ზოგჯერ, დაჟინებული მოთხოვნით და ,,მე რაა, მე რაა“ს ძახილით შეწუხებულები კი რომელიმე ბავშვს აძლევდნენ უფლებას, ხელის საჩვენებელი თითი შოთის პურის შუაში მოეთავსებინათ და ეს ნაჩვრეტი მათ გაეკეთებინათ. გახურებულ თონეში ისე გაბედულად ეყუდებოდნენ, იფიქრებდით, ტემპერატურა სულაც არ იგრძნობაო, მაგრამ მალევე მათი ლოყები ისე აწითლდებოდა, რომ ეს ფიქრები წარსულს ჩაბარდებოდა. პირველი ,,ამოყრილი“ პარტიიდან არაფერი რჩებოდა, რადგან სოფლის ბავშვები ცხელ შოთებს ისე დაიტაცებდნენ ხოლმე, როგორც მშიერი ლომები პატარა ხორცის ნაჭერს. სქლად დაჭრილი ერთი თავი ყველიც მალე თავდებოდა და გამომცხვარი შოთის პურებიდან პატრონს სახლში მხოლოდ ნახევარიღა მიქჰონდა. სამაგიეროდ, ყველა კმაყოფილი იყო და ის ჟრიამული, რაც თონეში პურის ცხობას მოჰქონდა, ფასდაუდებელ მოგონებებად იბეჭდებოდა ყველა ბავშვის გონებაში.
ახლა ყველაფერი სხვაგვარად იყო, ოთახი არც ბავშვებით იყო სავსე და არც ჟრიამულით. ნინია პურს მშვიდად აცხობდა და იქვე მჯდომი ანი და თაია კი მას თავიანთი ლაპარაკით ართობდნენ. როცა შოთები გაცივდა, ნინიამ გოგოებს გადააწოდა და ისინიც გემრიელად შეექცეოდნენ მათ. თაიამ სახლიდან დანა გამოიტანა და ყველი დაჭრა. ნინიასთან დროის გატარება ანისაც მოსწონდა, მან მხოლოდ აქ იგრძნო ის ოჯახური სითბო, რაც თავად არასდროს ჰქონია და თაიასი შეშურდა კიდეც, რადგან თვლიდა, რომ მისი ცხოვრება ბევრად კარგად წავიდოდა, თუ გარშემომყოფები მას უფრო მეტ სიყვარულს აჩუქებდნენ.
- ის სადა გყავთ, ალექსანდრე. რათ არ მოვიდა.
- წასულია ბებო, უპასუხა ანიმ და შოთის პურს წვერი მოატეხა.
- სადა?
- თბილისში, საქმეზე. ისევ ანიმ უპასუხა.
- ჩამოვა, ნუ ღელავ, საუბარში თაია ჩაერთო და ამ პასუხზე მასაც გაეცინა და ანისაც.
- მოგწონს ბებო? კარგი ბიჭია არა? ჰკითხა ანიმ და თაიას თვალი ჩაუკრა.
- კარგი ბალღია, ზრდილობიანი. მაინც რათ წავიდა?
- ეგ სულ ეგრეა, სულ წინ და უკან დადის. ეხლა ცოტა ხნით წავიდა, მალე დიდი ხნითაც გაემგზავრება, ისევ ანიმ უპასუხა.
თაია შეცბა. იცოდა, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ალექსანდრე წავიდოდა, მაგრამ ამაზე არ უსაუბრიათ და თაიამ არც მისი გამგზავრების თარიღი იცოდა.
- ეხლა სადღა მიდის?
- შვედეთში, დღე დღეზე მოწვევას ელოდება.
- მანდ რა უნდა?
თაია უფრო დაიძაბა, მაგრამ სცადა, ემოციები არ გამოეხატა. არც ანისთვის უნდოდა რამის კითხვა. იმ ფაქტმა კი გააბრაზა, რომ ანიმ მასზე მეტი იცოდა და თავად წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, რომ ალექსანდრე უკვე მოწვევას ელოდება. ხასიათი შეეცვალა, მაგრამ სცადა ამის დაფარვა და საკითხი თავადვე შეცვალა.
იმ საღამოს ანი სახლში არ წასულა, თაიასთან დარჩა, რადგან თავადაც მარტო იყო, თან მალე კომენდანტის საათი იწყებოდა. როცა დასაძინებლად მოემზადნენ, თაიამ შუქი არ ჩააქრო, საწოლზე წამოჯდა და ანის ისე გულწრფელად ესაუბრა, როგორც ბავშვობის საუკეთესო მეგობარს.
- ჩემთვის არ უთქვამს, რომ მოწვევას ელოდება.
- არა? ჰკითხა მაგრამ არ გაიკვირვა ანიმ.
- ნწ...
- ალბათ რომ ჩამოვა მაშინ უნდოდა თქმა.
- ხო, ალბათ მეტყოდა.
- ნერვიულობ რომ მიდის?
- როგორ დაგიმალო, ეგრეა. მინდა, რომ დარჩეს. მომიწევს დავივიწყო ის ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში შემოიტანა. ესე, უბრალოდ ადგება და წავა?
- შეგიყვარდა ხო?
- ხო, შემიყვარდა.
- სულელი ხარ, თაია.
- რატომ?
- თუ იმდენად სუსტი იყავი, რომ მის წასვლას ვერ შეეგუებოდი, ამდენი დრო არ უნდა გაგეტარებინა მასთან. თვითონაც ხომ იცოდა რომ წავიდოდა? იცოდა, მაგრამ შეგუებული იყო ამ ფაქტს თავიდანვე და ახლა არც უჭირს შენი დატოვება. შენ რას აკეთებ? მისტირი. მისთვის ეს ყველაფერი დროებითი იყო და წესით შენთვისაც ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ როგორც გითხარი, სულელი ხარ.
თაია გულის სიღრმეში ეთანხმებოდა ანის. არაფერი უპასუხა, შუქი ჩააქრო და დაიძინა.