მოგონებები ღვთიური სოფლიდან
მოგონებები ღვთიური სოფლიდან
ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთი მოგონება მაინც აქვს ისეთი, რომლის გახსენებაც სიცოცხლის ბოლომდე ღიმილს მოჰგვრის სახეზე... ეძღვნება მათ, ვისაც მოგონებებში ერთხელ მაინც უპოვია თავშესაფარი. მოგონებები ღვთიური სოფლიდანახალგაზრდა მამაკაცი ძველ ნივთებში იქექებოდა, რაღაცას ეძებდა, სიჩქარეში მტვრიანი და გაყვითლებული წიგნები შემთხვევით ძირს გადმოიყარა. ერთ-ერთი სქელყდიანი წიგნის ფურცლებში ლამაზი კალიგრაფიით დაწერილი შეტყობინება იპოვა და მისი ბოლო სიტყვები გულში ნელა ამოიკითხა:„ ... როცა ეს მოხდება ჩემი წერილი დაწვი, მაშინ აღარაფერი გექნება ისეთი, რაც ჩემთან დაბრუნების სურვილს გაგიჩენს. მეც ასე მოვიქცევი. მიყვარხარ, მშვიდობით“გულწრფელად გაიღიმა, ,,როგორც შენ მეტყვი“, ხმადაბლა წარმოთქვა და ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ დაწერილი სიტყვები სამუდამოდ ალს გაატანა. შემდეგ კარადას შეხედა, რომელზეც ერთი ცალი ღვინის ბოთლი იდო, აიღო და გახსნა. ჭიქა მაგიდაზე გადმოდო, სისხლისფერი სითხით აავსო და ნელა დალია. სინანული იქამდე არ უგრძვნია, სანამ გახუნებული ფურცლისგან აღარაფერი დარჩა. ცეცხლი ცეკვავდა და გულში იკრავდა იმ ძვირფას მოგონებებს, რომელთაც ორი ადამიანი ოდესღაც დიდი სიყვარულით ქმნიდა.მივიდა და ცეცხლის წინ ჩაიმუხლა, ღვინის ჭიქა ხის ძველ იატაკზე დადო. შეშის ერთი ცალი ნაჭერი აიღო, გავარვარებულ ბუხარში შეაგდო, შემდეგ კიდევ ერთი ყლუპი მოსვა. მამაკაცმა ოთახს თვალი მოავლო და სარკის დახავისთანავე ფეხზე წამოდგა. მასთან ახლოს მივიდა, საკუთარ გამოსახულებას დააკვირდა. წარბებს შორის და შუბლზე ნაოჭები შენიშნა, აქამდე არ ჰქონდა შემჩნეული, შემდეგ სახეზე ხელი მოისვა, ეკლებივით ბასრი წვერი თითის ბალიშებით შეიგრძნო. წამიერად წლებისწინანდელი საკუთარი თავი მოენატრა და ის დღე გაახსენდა, როცა წერილი, რომელიც იმ წამს ბუხარში იფერფლებოდა, პირველად წაიკითხა. გაახსენდა, რომ ავტორისგან ერთი რაღაც კიდევ ჰქონდა შენახული და მის საპოვნელად წიგნები ერთმანეთის მიყოლებით გადმოყარა თაროდან, ყველა მათგანი შეამოწმა, მაგრამ ვეღარაფერი ნახა. გული დაწყდა და საკუთარ უყურადღებობაზე გაბრაზდა. კიდევ ერთი ჭიქა ღვინო დაისხა და გადაწყვიტა, როგორმე სამუშაოს დაბრუნებოდა, თუმცა დილამდე ვეღარაფერზე კონცერტრირდა და ერთადერთი, რაც მის გონებაში ტრიალებდა, ის მოგონებები იყო, რომლებიც ათეულობით წლის გასვლის შემდეგაც ისე უფორიქებდნენ სულს, როგორც მაშინ, როცა თავდავიწყებით შეყვრებული ბედნიერებასა და სიმშვიდეს ადამიანებისგან მიტოვებული სახლის დანგრეულ კედლებში პოულობდა ხოლმე.- სადღაც აქ უნდა იყოს, ხელს არავინ მოჰკიდებდა... წარმოთქვა ხმამაღლა და ისევ იმ კარადასთან მივიდა, ზედა თაროც შეამოწმა, იქაც არაფერი იყო.წიგნების გადმოლაგების დროს ოთახში მტვერი დადგა, ამიტომ ფანჯრები გამოაღო და ძებნა ისე განაგრძო. სახლს ეტყობოდა, რომ დიდი ხნის დაკეტილი იყო და მუდმივი მაცხოვრებელი კარგა ხანია, რაც აღარ ჰყავდა. მამაკაცმა საწერი მაგიდის უჯრების შემოწმება გადაწყვიტა, ბოლო მათგანის გამოხსნის დროს მოგონებები ამოუტივტივდა... ნელ-ნელა ახსენდებოდა, როგორ საგულდაგულოდ ინახავდა პატარა დაკეცილ ფურცელს საწერი მაგიდის ბოლო, გატეხილ უჯრაში. სასურველი წერილი იპოვა თუ არა, შვება იგრძნო და ღრმად ამოისუნთქა. ოთხად გადაკეცილი, გაყვითლებული ფურცელი ნელა გახსნა, სკამზე დაჯდა და იდაყვები მაგიდას დააყრდნო. კითხვის დროს სახეზე ღიმილმა გადაურბინა... ბოლო ორი სტროფი რამდენჯერმე წაიკითხა:„...ასი წელი გავიდა, დრომ რა სწრაფად იარა... შენ სხეულზე, მე - გულში, მოგვიშუშდა იარა.დრო გავიდა, კვლავ შევხვდით, მენატრები, მინდიხარ... თითქოს ვერ მცნობ, მიღიმი და ისევ შორს მიდიხარ...“მამაკაცმა თვალი კიდევ ერთხელ მოავლო იქაურობას და გონებაში დაძველებული სახლი წამიერად გააცოცხლა, მოეჩვენა, რომ მართლა საუკუნე გასულიყო... წარსულში დაკარგულმა გაუაზრებლად სიგარეტს მოუკიდა. რამდენიმე წამს მტვრიანსა და ჩაბურულ ოთახში ჩაფიქრებული იჯდა. მოგვიანებით კი მისი ეგზოტიკური მოგონებები კვამლთან ერთად უსასრულობას შეუერთდნენ...***ოცდაექვსი დეკემბერი იდგა. თაიამ დილით ადრე გაიღვიძა. პირველი, რასაც გაღვიძებისთანავე აკეთებდა ხოლმე, ფანჯრიდან გახედვა იყო. მთელი ღამე თოვდა თურმე. სკოლას გახედა, მისკენ მიმავალი ბილიკი მაინც მოჩანდა, მიხვდა, რომ იქამდე მისვლა არ გაუჭირდებოდა. წამიერად კიდევ ერთხელ გაიაზრა, რომ ეს სამყარო სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, რაც მას ადრე ჰქონდა, საკუთარი არჩევანით კიდევ ერთხელ განიცადა კმაყოფილება. მის გარშემო ბევრს არ ესმოდა, ასე მოულოდნელად რატომ გადაწყვიტა თბილისიდან მაღალმთიან სოფელში გადაბარგება, თუმცა ადამიანებს ზოგჯერ სჭირდებათ ხოლმე რეალობისგან გაქცევა იმისთვის, რომ უფრო კარგად გაეცნონ საკუთარ ფიქრებს, გრძნობებს, სურვილებს და იპოვონ სიმშვიდე იქ, სადაც ქაოსის ადგილი არ არის. სწორედ ეს ადგილი იყო ახალგაზრდა გოგოსთვის ის თავშესაფარი, რომელსაც რამდენიმე თვეა მიჰკედლებოდა.ჩაიდანი დადგა და დიდ ჭიქაში ყავა და ნახევარი კოვზი შაქარი ჩაიყარა. საწოლი აალაგა, გადასაფარებელი გადააფარა და კარადა გამოაღო, აიღო ტანსაცმელი, რომელიც წინა ღამეს ჰქონდა გამზადებული, ცოტა ფიქრის შემდეგ მაინც სხვა რამის ჩაცმა გადაწყვიტა. სანამ წყალი ადუღდებოდა ,,ფეისბუქი“ ასქროლა, მაგრამ ტელეფონზე ზარი შემოვიდა და სიახლეების ნახვა ბოლომდე არ დასცალდა. ნომერს დახედა, დედამისი ურეკავდა, არ უპასუხა. ამასობაში წყალი ადუღდა და ყავა მოიმზადა, გარეთ გავიდა, თავისი ოთახის აივანზე. ასე უყვარდა თაიას: სიცივეში, სუფთა ჰაერზე სვამდა ხოლმე ცხელ ყავას და თან უშგულის ხედით ტკბებოდა. უკვე ექვსი თვე გასულიყო, რაც ამ სოფელმა ის მიიღო და შეიყვარა. ფინჯანი გამოცალა და სკოლაში წავიდა. სკოლისკენ მიმავალ გზაზე ფაფუკი თოვლის ხრაშუნს გულაჩქარებული ენგურის ხმა ახშობდა, თაიას შავ მოსაცმელს კი თეთრი ფიფქები დრო და დრო უფრო მონდომებით ფარავდნენ. ციოდა, ყინვა მოძრაობას უფრო მეტად ართულებდა და დასუსხული სახეც ნელ-ნელა ვარდისფრად იღებებოდა. თაიას ცხვირის წვერი გაუწითლდა, მიხვდა, რომ ხელის თითებსაც ვეღარ ამოძრავებდა. შენობასთან მისულმა ქურთუკი თოვლისგან სწრაფად გაფერთხა, ხის კარი გააღო და სკოლაში შევიდა. - ეს ვინ მოსულა! აი, მე უკვე ყავა დაგახვედრე! მაღალმა, გემოვნებიანად ჩაცმულმა ახალგაზრდამ თაიას ყავა გაუწოდა და ლოყაზე აკოცა. ,,დაბადების დღეს გილოცავ, გაყინულხარ!.“- ლუკა! მადლობა, დიდი მადლობა. თაიამ თავისებურად გაუღიმა, ყავა გამოართვა, მისი გაქვავებული თითები ცხელ ფინჯანს გარს შემოეკვრნენ, თავად კი ცხრის ნახევარზე უკვე მეორე ჭიქის დალევა დაიწყო. - აბა, რამდენი წლის გახდი, წამო თან კლასში ავიდეთ.- ვნახოთ, მათემატიკის მასწავლებელი რიცხვების გამოცნობა-დამახსოვრებაში რამდენად მაგარია და შენ მითხარი, რამდენი წლის გავხდი.- ოცდარაღაცა, ლუკამ ნიკაპზე ხელი მოისვა.- რაღაცა.- ექვსი? - ექვსიიი? არა, ექვსი არა! ოთხი!- ესე იგი ოთხი, გამოდის, ხუთ წელში ჩემხელა იქნები.- კი, მაგრამ შენ დაბერდები იქამდე.ლუკამ ყავა გამოართვა, წარბები სასაცილოდ შეკრა და უთხრა:- არა ხარ ღირსი.თაიამ ხმამაღლა გაიცინა. კლასში შევიდნენ და მიუხედავად იმისა, რომ იქაც ციოდა, გოგომ ფანჯრები მაინც გამოაღო.- რას აპირებ დღეს? არ აღვნიშნოთ? უთხრა ლუკამ და ფანჯარასთან მდგომს მიუახლოვდა.- არ ვიცი, არაფერი დამიგეგმავს, აღვნიშნოთ თუ გინდა, ღვინო მაქვს და რაღაცებს მოვამზადებ. ნანა მასწსაც ვუთხრათ, გაგვართობს.ლუკამ ნანას ხსენებაზე ხმამაღლა გაიცინა. უეჭველი! თქვა და ყავა მოსვა. - თბილისში როგორ აღნიშნავდი ხოლმე? ჰკითხა თაიას და მერხზე შემოჯდა.- ძალიან ხმაურიანად, მეგობრებში, ბევრ ხალხში...- არ გენატრება?- რა? - ხმაური, მეგობრები, ბევრი ხალხი.თაია შეყოვნდა, გულწრფელად დაფიქრდა, მონატრება ვერ იგრძნო ვერც ხმაურის, ვერც ხალხის და ვერც მეგობრების მიმართ.- არა, არ მენატრება. თქვა და ყავა გამოცალა. კარი გაიღო და მე-7 კლასელმა ბიჭმა საჩქაროდ მიირბინა ახალგაზრდა მასწავლებელთან.- დღესაც დამსვით რა ნინისთან მასწ!- რატომ?მოსწავლე გაწითლდა, თავი დახარა. ლუკას ჩუმად გაეცინა.- დამსვამთ მასწ?- დაგსვავ გიორგი, დაგსვავ. - მადლობა მასწ.გიორგი კლასიდან გავიდა. ლუკაც გადიოდა, მაგრამ კარებთან მისული შემობრუნდა და თაიას კითხვა დაუსვა:- თაია!- ხო, რა ხდება?- სამასწავლებლოში შენთან დამსვამთ მასწ?- თუ კარგად მოიქცევი... თქვა და მხრები აიჩეჩა.დროებით! მიაძახა ლუკამ და კლასდან გავიდა. თაიამ ფანჯრები დახურა და მე-7 კლასელებმაც ხისგან დამზადებული ძველი მერხები სწრაფად შეავსეს. ისევ თოვდა...***თაია უშგულში ექვსი თვის წინ ჩავიდა. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარა და იმ პროგრამაში ჩაერთო, სადაც ახალგაზრდა, ენერგიულ მოხალისეებს მაღალმთიან სოფლებში უშვებდნენ მასწავლებლებად. ბევრი სარგებელი და კარგი ანაზღაურება შესთავაზეს, თუმცა სოფელში ხელფასის გამო არ გადასულა. თაიას თავად არც უშგული აურჩევია, ასე განაწილდა. როცა შედეგები გამოაცხადეს და ყველა დეტალის ოფიციალურად გაფორმება დაიწყეს, კონტრაქტს ზედაპირულად გადახედა და რაღაც ახლის მოლოდინზე ფიქრში გართულმა, უსიცოცხლოდ მოაწერა ხელი. როცა სოფელში ჩავიდა ღამე იყო, გვიანი, ამიტომ დიდად არაფერი ჩანდა. გარეთ მასპინძელი დახვდა, ანუ იმ სახლის პატრონი, სადაც ის იცხოვრებდა. სახლი დიდი იყო, ორსართულიანი. მასპინძლის გადაწყვეტილებით თაია მეორე სართულს დაიკავებდა. სახლის პატრონი ძალიან თბილი მოხუცი ქალბატონი აღმოჩნდა, მის დანახვაზე, წამიერად თაიას ბებო მოაგონდა. ქალბატონი ეთერი, უფრო სწორად, ეთერი ბებო სტუმარს თავისი ოთახისკენ გაუძღვა. ,,დაალაგე ბარგი ბებო და მერე ჩაი და კუბდარი მივირთვათ”, უთხრა. თაიამ მორცხვად გაუღიმა, მგზავრობით ძალიან იყო დაღლილი და მიხვდა, მართლაც მოშიებოდა. სახლს თვალიერება დაუწყო. საუცხოოდ ლამაზი და დიდი სახლი იყო, ახალაშენებულს არ ჰგავდა, მაგრამ არც დაძველებული და მოუვლელი ჩანდა. მარტივად მიხვდა, რომ ეთერი ბებო პირველ სართულზე ცხოვრობდა. ყველა ოთახში შუქი ენთო, ყვითელი განათება სახლს ცოტა ძველ იერს აძლევდა. მისაღებ ოთახში ტელევიზორი იყო ჩართული და რაღაც თურქული სერიალი გადიოდა, სამზარეულოს კარი - დაკეტილი. ეთერი ბებო კიბეებს აუყვა, თაია უკან გაჰყვა. მეორე სართული უფრო მეტად მოწესრიგებული იყო, ზედმეტი ნივთების გარეშე. ეტყობოდა, მუდმივად იქ არავინ ცხოვრობდა. განათებაც სხვანაირი გაეკეთებინათ, თეთრი. თაიას ოთახს აივანი ჰქონდა, ამან ძალიან გაახარა. ჩემოდანი თავისუფალ ადგილას დადო და ეთერი ბებოს ნაბიჯნაბიჯ გაჰყვა, ქალმა მას სახლის ყველა კუთხე აჩვენა, თავისი ოთახიც დაათვალიერებინა. სწორედ ამ მომენტში გაიაზრა თაიამ, რომ იწყებოდა რაღაც ახალი, ძველისაგან სრულიად განსხვავებული ცხოვრება და წამიერად შიში იგრძნო - არ უნდოდა თავი გარიყულად, მარტოდ ეგრძნო, წამიერად შიშმაც აიტანა. ფიქრებმა მალე გაუარა, გარშემო დადებითი აურა ტრიალებდა, სახლშიც კარგი სუნი იდგა. თაიას უცნაური ჩვევა ჰქონდა, იმახსოვრებდა ყველას და ყველაფრის სურნელს და მუდმივად იმას ამტკიცებდა, რომ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა მის სურნელზე აისახება. ვერ იტანდა, როცა მის გარშემო ვინმეს ზედმეტად მძაფრი სუნამო ესხა, რადგან მიიჩნევდა, რომ ამგვარად ადამიანი საკუთარ სურნელს კარგავდა და თუნდაც ძვირადღირებული საპკურებელი მას სიყალბესა და ხელოვნურობას მატებდა. - რაო, რა მქვიაო გენაცვალე?- თაია, ქალბატონო.- რა კარგი ხარ.- გოგონამ ხმამაღლა გაიცინა.- წამო გენაცვალე, ჩაი დავლიოთ, კუბდარიც გამოგიცხე, ხო მოგშივდა.- მომშივდა ქალბატონო, არ მოგატყუებთ.- ეთერი.- ბატონო?- ეთერი მქვია, აქ უნდა იცხოვრო, ჩემს სახლში, ეთერი ბებო დამიძახე.- კიბატონო.ეთერი ბებომ გოგონა სამზარეულოში შეიყვანა. იქ სასიამოვნო სუნი ტრიალებდა, ისეთი, მხოლოდ ქართველ ბებოებს რომ შეუძლიათ დაატრიალონ. ფუსფუსის, უამრავი წლის მანძილზე შეძენილი გამოცდილების, სიყვარულის, ზრუნვისა და იმ სტუმრის მოლოდინის სურნელი, რომელიც მარტოობას დროებით მაინც ჩააბარებს წარსულს. თაიას მისვლამ ეთერი ბებოს მარტოობა გაუქარწყლა. ქალი კმაყოფილი ჩანდა, გოგო პირველივე შეხვედრიდან მოეწონა, მისი კითხვებით შეწუხება არ უნდოდა, რადგან ხვდებოდა, რომ სასაუბროდ ისედაც ბევრი დრო ექნებოდათ. ჩაი დალიეს და ეთერმა ფრთხილად და თავშეკავებულად წარმომავლობა და განათლება გამოჰკითხა. მრგვალი კუბდარი ოთხ დიდ ნაჭრად დაიჭრა, ჩაის ორი დიდი ფინჯანი დაცარიელდა, ორმა სრულიად უცხო ადამიანმა ერთმანეთს ტკბილი საღამო მიუძღვნა და სვანეთის ერთ მშვიდ სოფელში დიდი და პატარა ადამიანების ფასდაუდებელი მეგობრობა დაიწყო.გათენდა, თაიამ როცა გაიღვიძა მის ოთახში უკვე სინათლე შემოსულიყო. ადგა თუ არა აივანზე გავიდა და უშგულის სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. წამიერად თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ეჭვები გაუქარწყლდა, რადგან ქაოსური ცხოვრებიდან სრულ ჰარმონიაში აღმოჩენილი მიხვდა, რომ წუხელ რეალობაში დაძინებულმა დღეს არარეალურ სამყაროში გაიღვიძა. მის თვალწინ სამოთხის ხედი იშლებოდა: ამაყი მთები ყველა მხრიდან გარს ეკვრნენ ამ პატარა დასახლებას. შხარა, როგორც მთათა მთა ყველას ზემოდან დაჰყურებდა და თითქოს მფარველობას უწევდა ყველაფერს, რასაც ეს მიწა და ცა მოიცავდა. სვანური კოშკები მდუმარედ იდგნენ, ენგური ყრუდ ხმაურობდა, ჩიტები თავხედურად, გაუჩერებლად ჭიკჭიკებდნენ, ახალგაზრდა ბიჭები კი ცხენებს დააჭენებდნენ და ერთმანეთს უცნაური შეძახილებით ამკობდნენ. - ჩაი დავლიოთ თუ ყავა, გენაცვალე? დაბლიდან ამოსძახა ეთერმა. - არ მინდა შეგაწუხოთ, ჩამოვალ და მე მოვამზადებ.- წყალი უკვე დავადგი, შენ მითხარი რომელი გინდა და მალე მზათ იქნება, არ მაწუხებ. ჩამოდი!- მოვდივარ, უთხრა თაიამ ახალ მეგობარს და სახლში შებრუნდა.***თაიას დაბადების დღის აღნიშვნა სასიამოვნო და შინაურულ გარემოში მოხდა. სკოლიდან დაბრუნებულმა იფიქრა, ჩანთას დააგდებდა და რამეს მოამზადებდა ლუკა და ნანას მისვლამდე, მაგრამ გეგმები წყალში ჩაეყარა. ეთერი ბებოს ყველაფერი მოემზადებინა. სანამ თვითონ სკოლაში ინგლისურის გაკვეთილებს ატარებდა, ქალს ტორტიც გამოეცხო.- ეთერ, ჩემი ოქრო ხარ ეთერ, ეს საიდან? როგორ? უთხრა და მასთან ახლოს მივიდა, ლოყაზე აკოცა.- რა გეგონა გენაცვალე, უტორტოდ დაგტოვებდი? ლუკას ველოდებით?- ლუკას და ნანას, უთხრა გოგომ, ხაჭაპურის ერთი ნაჭერი აიღო და ფეხზე მდგომელმა ჭამა დაიწყო. თან მაცივარი გამოაღო, ათვალიერებდა, ამოწმებდა კიდევ რა მოუმზადა მზურველმა მეზობელმა.- ეგ ნანა მაგარი გყავთ, როგორ გაგვაცინებს ხოლმე.- ნანა ძაან მიყვარს, სკოლაშიც მაგრად გვართობს.- რამდენი წლისაა ეგ გოგო?- ოცდაცამეტის, თუ სწორად მახსოვს.- გასათხოვარია?- ეთერ, როგორ გიყვარს ჭორაობა ქალო. გასათხოვარია, მოდი ერთი კარგი სვანი ბიჭი გავურიგოთ.- აბა ვინა, გახსენდება ვინმე?! ეთერმა წარბები შეკრა.- მე ვინ უნდა გამახსენდეს, შენ იცნობ აქ ყველას. მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს.- აბა?- სიგარეტს რო ეწევა მაგას რა ვუშველოთ? არ დაიწუნებენ? თქვა თაიამ და თან გაეცინა, ეთერის გამომეტყველებას დაელოდა.- უიმე, მართლა ეწევა? ისე შეიცხადა ქალმა, გეგონება ომში ღალატის ამბავი ამცნესო.- ხო აბა! მერე რა, ისე კარგი გოგოა.- არა აი ეგ რასა ცვლის მარა მაინც, რათ უნდა, რათ ეწევა...- ქალია და გუნებაო.- ერთი შენა ხარ კიდე, მომაწოდე ეგ თასი, მწვანილი ჩავაჭრა მიდი, ეუბნება ეთერი. მიხვდა, რომ გოგონა ელაზღანდარებოდა.- თაია, გენაცვალე.- ხო.- იმან არ მოგილოცა?- არა ეთერ, არ მომილოცა.- ეგ არაფერი გენაცვალე. შენც არ მიულოცო.გოგოს ეთერის რჩევაზე გულწრფელად გაეცინა, რა საყვარელიაო, გაიფიქრა, მაგრამ მისთვის აღარაფერი უპასუხია. საღამოს ექვს საათზე სტუმრები მოვიდნენ. ბუხარი გიზგიზებდა, მის წინ მრგვალ მაგიდაზე ნამდვილი ქართული, სვანური სუფრა იყო გაშლილი. ცივი შავი ღვინო, ჭრელი მწვანე თეფშები, ალუმინის დანა-ჩანგალი ამოტვიფრული ორნამენტებით, ყვითელი განათება, ბევრი წიგნი, გარეთ თოვა და დაბალ ხმაზე ჩართული მუსიკა იქაურობას განსაკუთრებულ ელფერს სძენდა. სტუმრები სუფრას შემოუსხდნენ, ლუკამ თამადობა ითავა და სასმისების ღვინით შევსება გადაწყვიტა. ,,კარგი ცივია“, თქვა და ქალებს ჭიქები გამოართვა.ლუკა ბევრ საკითხში ერკვეოდა, თუმცა ყურადღების ცენტრში უპირველესყოვლისა თავისი გარეგნობით ექცეოდა ხოლმე. სახე ოვალური ფორმის ჰქონდა, პროპორციული. ოდნავ კეხიანი, მაგრამ პატარა ცხვირი, მრგვალი, სქელი ტუჩები. როცა იცინოდა წინ გამოწეული და ძალიან ლამაზად ჩამწკრივებული კბილები უჩანდა ხოლმე. მუდმივად ულვაშს ატარებდა და წაბლისფერი ტალღოვანი თმა თვალებზე ქონდა ხოლმე ჩამოფარებული. მაღალი იყო, სკოლაში კლასიკურად იცვამდა და პერანგზე გადაცმულ სვიტრში მისი სხეული კარგად გამოიკვეთებოდა ხოლმე. თუ დასცხებოდა სვიტრს გაიხდიდა და პერანგით ატარებდა დანარჩენ დროს. სახელურების აკეცვა უყვარდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაცას წერდა. ამ დროს მუდმივად სერიოზული იყო და წარბებს კრავდა, როცა ვინმეს ესაუბრებოდა ხელში მუდამ კალამს ათამაშებდა. ნელა საუბრობდა და ადამიანებს ყოველთვის თვალებში უყურებდა. ხშირად ხუმრობდა, მიმიკები არ ეცვლებოდა ხოლმე, ამიტომ ზოგჯერ გვიან ხვდებოდნენ, რომ იხუმრა. ლუკას ბავშვობა სვანეთში ჰქონდა გატარებული, შემდეგ თბილისში წავიდა სასწავლებლად, მაგისტრატურაზე ბრიტანეთში ჩააბარა, ედინბურგის უნივერსიტეტში და რამდენიმე წლით იქ ცხოვრობდა. სწავლის დამთავრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და გადაწყვიტა, განათლების სამინისტროში დაეწყო მუშაობა, მაგრამ მალე გაიგო, რომ სვანეთისთვის მასწავლებლებს ეძებდნენ და გადაწყვიტა, სამშობლოსთან განშორებით დაღლილს საკუთარი თავისთვის შესვენება მოეწყო და ერთი წლით უშგულში მშვიდად ემუშავა. ეს მხარე მისი იყო, უყვარდა სვანეთის ყოველი კუთხე და კუნჭული, აქ ყველაფერს ისე უფრთხილდებოდა, როგორც ჩვილს ზედმეტად მზრუნველი დედა. ლუკა მთელი საღამო სასიამოვნო და სასაცილო ამბებს ყვებოდა, მას ნანაც აჰყვა. ის სკოლაში გამორჩეული იყო თავისი ენერგიით და ენამოსწრებულობით. ზოგჯერ ისეთ რამეს იტყოდა ხოლმე, თვითონაც უკვირდა, ეს აზრი საიდან მომივიდა თავშიო. ყველას ამხიარულებდა, უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ზოგჯერ სხვებსაც ღლიდა თავისი მოჭარბებული ენერგიით, მაგრამ სამაგიეროდ გულწრფელი იყო, სხვები თუ თავს შეიკავებდნენ, ნანა მუდამ იტყოდა იმას, რაც აწუხებდა, თუნდაც უხეშად და უტაქტოდ გამოსვლოდა, რაც ზოჯერ ასეც ხდებოდა. ლუკა და ნანა ხშირად კამათობდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც რიგდებოდნენ ხოლმე. ეთერი ბედნიერი იყო, სიბერეში ასეთი მხიარული, ენერგიული, საინტერესო მეგობრები რომ შეიძინა. როცა საშუალება ჰქონდა, მთავრობას აქებდა: ,,ეს რაკარგი რამე მოიგონეს, ეს რა გოგო გამომიგზავნესო“. ყველაზე მეტად მადლიერი მაინც თაიასთვის იყო.- მანდილოსნებო, ხომ იცით, ეს სადღეგრძელო ყველაზე მეტად რომ მიყვარს. თქვა ლუკამ თავისი დამაჯერებელი ხმით და ჭიქა მარჯვენა ხელით ოდნავ ზემოთ ასწია. თქვენ ხართ სამყაროს მამოძრავებელი ძალა და თქვენ ხართ მზე, რომელიც დედამიწას ანათებს და ათბობს, უთქვენოდ ვერაფერი იარსებებდა. ეთერის ამ შედარებაზე გაეცინა, ლუკაც იღიმოდა.- ესე იგი ეხლა ვარსკვლავიც ვარ, უთხრა ნანამ.- ვარსვლავი ხარ მაშ რა ხარ! უშგულის სკოლის ვარსკვლავი ხარ. ყველა შენზე ლაპარაკობს.- ხო?- აბა!- რაო, რას ამბობენ?- რას აბობენ და ელოდებიან, როდის გათხოვდები. დაისვენოს და დაგვასვენოს ჩვენცაო, ისევ გაიცინეს. ნანა ოცდაცამეტი წლის იყო და გასათხოვარი, სოფელში კი ამ ასაკის გაუთხოვარი ქალი ,,დარჩენილად“ ითვლებოდა. ამას რომ იგებდა, თვითონაც ხალისობდა, სერიოზულად არასდროს მიუღია. - ჯერ შენ მოიყვანე ცოლი პატარა ბიჭო, შენი დარდი რო აღარ მექნება მეც მეშველება რაღაცა.ეთერი სტუმრებს უსმენდა და ახალგაზრდების კინკლაობაზე ხალისობდა. სუფრას შეავსებდა ხოლმე, დროდადრო. თაია ცდილობდა ეთერი ფეხზე არ ამდგარიყო და თავად მომსახურებოდა მეგობრებს, მაგრამ ქალი არ ანებებდა: ,,დაჯექი გენაცვალე მე სხვას რას ვაკეთებო“. ლუკას ეთერი ძალიან უყვარდა, ქალიც კარგად იყო განწყობილი მის მიმართ, განსაკუთრებით მისი სიმპატია ლუკას ბრიტანულმა განათლებამ დაიმსახურა. თაიას ეტყოდა ხოლმე ხუმრობით, ხელიდან გასაშვები ბიჭი არ არისო, გოგონა კი ამაზე გულიანად გადაიკისკისებდა ხოლმე, მაჭანკლობას ვერ ეშვები ეთერ, ვერაო. უკვე ქართულ პოლიტიკას განიხილავენ, კარგად შემთვრალები იყვნენ. თაიას მობილურმა დარეკა, ის კი უკვე არავის ზარს აღარ ელოდა. ტელეფონს დახედა, უცხო ნომერი რეკავდა. სახლში ხმაური იყო, ამიტომ გარეთ გავიდა.- მადლობა მოლოცვისთვის, ღამემშვიდობის. პასუხს არც დაელოდა და გაუთიშა. კმაყოფილება იგრძნო. ლუკას არაფერი უკითხავს, მაგრამ ძალიან დააინტერესა, ვინ ურეკავდა.სტუმრები წავიდნენ. ,,შენ წადი ეთერ, დაიძინე, მე მივალაგებ,“ უთხრა თაიამ ქალს, თუმცა მანდ გოგო მარტო არ დატოვა. ჭურჭელი გარეცხეს, სუფრა აალაგეს, ჩაი დალიეს, ცოტა ისაუბრეს და დაიძინეს.***ზარი დაირეკა, ოთახში მეშვიდე კლასელები შევიდნენ, გიორგი და ნინი ერთად დასხდნენ. თაიას მათ დანახვაზე გაეღიმა. გადაწყვიტა, იმ დღეს მოსასმენ დავალებებზე ემუშავა მოსწავლეებთან. კლასში ხუთი ბავშვი იყო. ეს კენტი ციფრია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთი მათგანი მაინც ყველა გაკვეთილზე მარტო უნდა მჯდარიყო წესით, მაგრამ ეს ასე არ ხდებოდა. მერხებს ერთმანეთს მიადგამდენ ხოლმე, ისე, რომ თავი მარტოდ არავის ეგრძნო. გიორგიმ ნინის ჩანთა გახსნა და შიგნით ოთხად გადაკეცილ ფურცელი ისე ჩააგდო, რომ ვერავის შეემჩნია. თაიამ ყველაფერი მაინც დაინახა, მაგრამ სიტყვა არ უთქვამს. მოსწავლეებმა წიგნები გადაშალეს და სავარჯიშოს მოსმენა დაიწყეს. წიგნებს ჩასჩერებოდნენ და ცდილობდნენ, სავარაუდო პასუხებიდან სწორი ეპოვათ. ზოგჯერ ერთმანეთის ნამუშევრებშიც იხედებოდნენ, რომ გადააემოწმებინათ, ვინმეს განსხვავებული პასუხი ხომ არ ჰქონდა შემოხაზული. გაკვეთილის დასრულებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი, ლუკა კლასში შევიდა. ტრადიციულად, ყავით ხელში, ის თაიას მაგიდაზე დადო და ბავშვებს დაუწყო ყურება. შეამჩნია, რომ გიორგი და ნინი ერთად ისხდნენ და თავის მეგობარს ღიმილით შეხედა, მერე ტუჩები ზემოთ ასწია და მათზე მიანიშნა, თაიასაც გაეღიმა. გაკვეთილი დასრულდა და მეშვიდეკლასელები შესვენებაზე გაიქცნენ, თაია და ლუკა კი მარტონი დარჩნენ.- აი ესენი მთელს სკოლაში ყველა მოსწავლეზე მეტად მიყვარს, თქვა ლუკამ.- მეც, ძაან კარგები არიან.- ხო, ეს გიორგი მაგარი ვინმეა, მომწონს, თამამია და გაბედული. პირველი სიყვარული, თქვა ლუკამ და თაიას შეხედა, შემდეგ განაგრძო: მეც მიყვარდა ერთი გოგო სკოლაში, მეხუთე კლასში. ძალიან გრძელი თმები ჰქონდა, ხოდა ერთხელაც გავიგე რო ჩემ კლასელსაც ყვარებია. მივედი და ვკითხე, რატო გიყვარს მეთქი, იმანაც გულწრფელად მიპასუხა, ყველაზე ლამაზი თმები აქვს და მაგიტომო. ხოდა იმავე დღეს, შრომის გაკვეთილზე მაკრატელი ავიღე და თმა მოვაჭერი, ზურიკოს აღარ ეყვარება მეთქი. საწყალმა იმდენი იტირა... მერე დედამისი მოვიდა სკოლაში, მასწავლებელს უთხრა ამ უზრდელის წინ აღარ დასვა ჩემი შვილიო. აი რატო ვიყავი უზრდელი?! დღემდე ვერ ვხვდები. - რა ქენი? თაიას ხმამაღლა გაეცინა. მეც მყავდა სკოლაში შეყვარებული, სულ ერთად ვისხედით ხოლმე. მგონი მეექვსე კლასი იყო. ერთხელ მათემატიკის გაკვეთილზე თავისი დაწერილი ურითმო ლექსი წამიკითხა, ისე შემრცხვა, არ ვიცოდი რა მეთქვა. ის კიდე პასუხს ელოდებოდა, მერე მივუტრიალდი და ვუთხარი: ,,ბოდიში, მასწავლებელს ვუსმენდი, ვერ გავიგე რა მითხარი მეთქი“. მაგის მერე ორი დღით სხვა გოგოსთან დაჯდა. ძალიან მეწყინა.ლუკას ჩაეცინა, ხელში ,,კუბიკი-რუბიკი“ ეკავა და თან იმას ათამაშებდა. - წავედით, იწყება შეკრება, თქვა და ფეხზე წამოდგა. ,,ან რა შეკრება ჩვენ გვინდა ხუთი ცალი ვართ მგონი.“ ლუკამ კარი გამოაღო, ჯერ თაია გაატარა და მერე თავად მიჰყვა მას. სიცილით გავიდნენ კლასიდან.*** სვანეთში გადასვლამდე სამი წლით ადრე, თაიამ მაგისტრატურაზე ჩააბარა თუ არა, პანდემია დაიწყო, ამიტომ მას მთელი კურსის გავლა ონლაინ მოუხდა. მუშაობაც სახლიდან უწევდა. გადაწყვიტა, ხმაურიან და ქაოტურ ქალაქს გასცლოდა და ბებოსთან გადავიდა, სიღნაღში. თაიას მუდმივად ჰყავდა მეგობრები, მის ცხოვრებაში ჩნდებოდნენ და იკარგებოდნენ ადამიანები, მას კი ეს არ აწუხებდა. ადამიანების გაცნობა არ უჭირდა, მაგრამ მარტივად ვერავის უმეგობრდებოდა, მათი დაკარგვა კი იოლი იყო. რატომღაც, თითქოს სამყარო ცდილობდა მის გარშემო ხალხის რაოდენობა დააბალანსოსო, ყოველ გაცვეთილ და გაფერმკრთალებულ ურთიერთობას ახალი მოსდევდა ხოლმე, ფერადი და თავგადასავლებით სავსე. შეიძლება ეს ყველაფერი ძალიან მცირე დროით მოსულიყო, მაგრამ მაინც მოდიოდა და რჩებოდა მანამ, სანამ ამ სიცარიელეს სხვა არ შეავსებდა. ერთხელ, ბავშვობაში ბებომ უთხრა: ,, ადამიანების მიმართ ან სიყვარული უნდა გაგაჩნდეს, ან არაფერი სხვაო. თუ ვინმე შენს სიყვარულს ვერ დააფასებს, უბრალოდ დაივიწყე ეს ადამიანი და ეცადე, თუ ოდესმე გაგახსენდება, მაშინაც მხოლოდ კარგი გაიხს