ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

აკლდამათა საიდუმლო

0 ხმა

ეკა უკლება

ბიოგრაფია


 მე, ეკა უკლება დავიბადე ქალაქ თბილისში 15/03/1973 წელს. საცხოვრებელი ადგილი - გარდაბანი, სოფ. ნორიო.  დავამთავრე ნორიოს საშუალო სკოლა, შემდეგ ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და საპატრიარქოსთან არსებული თამარ მეფის სამედიცინო ინსტიტუტი (ფსიქოლოგიის ფაკულტეტი). ასევე შევისწავლე სამების სალარვო სკოლაში, პროფესიულ სასწავლებელში და იუნუს ემრეს ინსტიტუტში ხელოვნების სხვადასხვა დარგები ( ქარგვა, ბისერები, ხევსურული, ოქრომკედი, თექის დამუშავება, ებრუ, მოვარაყება, მინიატურა, კერამიკა). პარალელურად ვეუფლებოდი თურქულ ენას, ასევე ვსწავლობდი რუსულს, ფრანგულს და ინგლისურს.

 ვარ ექიმი, კლინიკური ფსიქოლოგი და ხელოვნების პედაგოგი. 

 ბავშვობიდან ვწერ. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვერ შევძელი ჩემი ნაწარმოებების დაბეჭვდა. მხოლოდ ერთი წელია მოვახერხე წიგნების გამოცემა და ისიც ძალიან მცირე ტირაჟით. გამოსულია ჩემი 4 რომანი. როგორც ხელოვანმა წიგნების ყდებზე ჩემივე შესრულებული ნაქარგები გამოვიყენე და შევქმენი 4 ნაქარყდიანი  წიგნი. ახლა სურვილი მაქვს გამოვცე კიდევ ერთი რომანი, რომელიც ჯერ არსად დამიბეჭდავს. სწორედ ამიტომ ვიღებ კონკურსში მონაწილეობას. 

სინოპსისი


 

  სერიიდან „აკლდამათა საიდუმლო“ მოიცავს რამდენიმე წიგნს.

  რომანი მისტიკური, სათავგადასავლო ჟანრისაა და რეალობაში არარსებული მოვლენები სრულიად ჩვეულებრივად ვითარდება. „აკლდამათა საიდუმლოს“ მთავარი გმირები - პეტრე იბერი და ლექსო, სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც სიყვარულის „სიკვდილს“ ეწინააღმდეგებიან და ბოლომდე თავდაუზოგავად იბრძვიან ამისთვის.

 პეტრე იბერი ალეგორია, სიმბოლოა საქართველოსი, რომელიც ობოლი, მარტოსული, მაგრამ მებრძოლი პიროვნებაა. ხშირად ის გამოუვალ მდგომარეობაშია და უცნაურ თავგადასავლებში ვარდება, მაგრამ მაინც დგება და იბრძვის... ლექსო კი გზაა, მომავალია. ის გზა, რომელიც სამართლიანობის, სიკეთისა და სიყვარულის წარმართველია. „გზა მომავლისას“ ლექსო უფლის უჩვეულო მხარდაჭერით ახორციელებს.

 პირველი წიგნი - „ არ მისცე სიყვარულს სიკვდილის უფლება!“ - ბახვასა და კამიას მტკივნეულ და რთულ სიყვარულზე მოგვითხრობს, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელი და არანორმირებულია... თუმცა ვინ აწესებს ნორმებს? ისევ ადამიანები და საზოგადოება, რომელიც ზოგჯერ თავად ეწინააღმდეგება უფლის ნებასა და კანონებს. არავის აქვს უფლება მოკლას სიყვარული! ამას ღმერთი არ დაუშვებს და ყველა, ვინც მის მოსპობას შეეცდება, საკადრის პასუხს მიიღებს.

 ბახვასა და კამიას საოცარ და მარადიული სიყვარულს უფალი მფარველობს და არ დაუშვებს ამ გრძნობის გარდაცვალებას. ლექსო უფლის ხელში სწორედ ის იარაღია, რომელიც სიკეთისა და სიყვარულის სადარაჯოზე დგას. სწორედ ლექსოს მეშვეობით ხდება, ამ ორი განცალკავებული და უიმედო ადამიანის დაკავშირება, ამ ურთიერთობის ხელახალი აღორძინება.

 სასიამოვნო წაკითხვას გისურვებთ ყველას... დაე, არასოდეს ჩამქრალიყოს თქვენი გრძნობა. იცოდეთ, რომ სიყვარულს თუ კლავთ, უფალს კლავთ თქვენში!... დაიცავით სიყვარული და არავის მისცეთ უფლება, რომ ის დაკარგოთ, იბრძოლეთ და გზა ყოველთვის გამოჩნდება!

მიმდინარე ტური არ არის აქტიური