ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

აკლდამათა საიდუმლო

აკლდამათა საიდუმლო

                                  ნაწილი პირველი                                                                      თავი პირველი                                                                                 1 შებინდებისას, როცა დამავალი მზის სხივებისგან გაწითლებული ცა ნაცრისფრად გაფერმკრთალდა და მუქი, მეწამული ღრუბლები მშვიდი ძილისთვის მოემზადა, საიდანღაც ქარი ამოვარდა. ქარიშხალს მარტის სუსხი და ნისლი მოჰყვა. თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ, ისევ უცებ გაუჩინარდა და გულიანად გაწვიმდა. შარაზე ურემი გამოჩნდა. კოფოზე შემომჯდარი კაცი ზარმაცად მოღოღინე ხარებს სახრეს უქნევდა და მათ გამოცოცხლებას ამაოდ ცდილობდა. სოფლამდე ჯერ შორს იყო, გზად ის პირქუში სასაფლაო უნდა გაევლო, რაღაცნაირ რიდსა და მოკრძალებას რომ აღძრავდა გულში. საღამოს რა უჭირს, მაგრამ შეღამებისას აკლდამათა გავლა მაინცდამაინც დიდად არ ეჭაშნიკებოდა, თან ახლა, შექეიფებულს, როცა თითქმის ყოველი ბუჩქიდან ჩასაფრებული  მოჩვენებები ელანდებოდა. წვიმამაც გზაში მოუსწრო და თავისი ხარების ბედაურებად გაქცევის იმედი საერთოდ დაკარგა. მეტი რა გზა ჰქონდა, უილაჯოდ იქნევდა სახრეს და ამაოდ ცდილობდა შეღამებამდე გაევლო სასაფლაოს შემოვლითი გზა. მეორე ბილიკიც იყო, მაგრამ ის ტყისკენ მიდიოდა და ახლა ტყეში, თუნდაც უმოკლესი მიმართულებით წასვლა მაინც ბევრად უფრო საშიში გახლდათ, ვიდრე მოჩვენებებთან შეხვედრა. კაცი იმედოვნებდა,   რომ ავდარი მალე გადაიღებდა და სასაფლაოს შემოვლით გზასაც უშფოთველად გასცდებოდა. წვიმას კი მისი განზრახვისთვის სულაც არ ეცალა, პირიქით, უფრო მოუხშირა. შარა ატალახდა და ურემიც გაჭირვებით მიიწევდა წინ. ირგვლივ კაცი-ადამიანიშვილის ჭაჭანება არ იყო. ხარები თავგამოდებით ეწეოდნენ უღელს და პატრონის ჩხუბსა და ლანძღვას არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ. აღმართი დაიწყო და სვლა უფრო გაჭირდა. კაცი კოფოდან გადმოხტა, ხარებს წინ დაუდგა და პირუტყვს მიეხმარა. დაბრკოლება გადალახეს. ახლა სწორი და ვიწრო სასაფლაოს შემოვლითი შარაგზა დაიწყო. კაცი თავიდან ფეხებამდე სველი იყო. ისევ კოფოზე შემოჯდა და ბრეზენტის გადასაფარებლის ქვეშ მიიყუჟა. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. ხარები მიდიოდნენ, მართალია, სწორ გზაზე სიარული ისე აღარ უჭირდათ, როგორც აღმართში, მაგრამ  ნიაღვრებად მოვარდნილი წყალი მაინც აბრკოლებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ წვიმა შეწყდა და ისევ უეცრად ამოვარდნილმა ქარმა სუსხიანად აუსხიპა მგზავრს სახე. პირქუში სიბნელე ჩამოწვა. ურემი ალალბედზე, მყისიერად მიგორავდა. უცებ ძლიერ შელაყლაყდა და ბორბალი ამოთხრილ ორმოში ჩავარდა. ძლიერმა მოძრაობამ კაცი ძირს გადმოაგდო და თავი მძიმედ დაარტყა გამომძვრალ  ურმის თვალს. იმავე წამს დაკარგა გონება და გაითიშა...                                                                                                                                                           2 ძლიერმა ტკივილმა გამოაფხიზლა. თვალი არ გაუხელია, უბრალოდ, თავზე ხელი მოისვა. ჭრილობიდან თბილი სისხლი წვეთავდა. სად იყო? გონება დაძაბა და მოგონებებში დაიკარგა. ცდილობდა აღედგინა, რა მოხდა? აღარაფერი ახსოვდა, მხოლოდ ის იცოდა, რომ მოსაღამოებულს, ნათლობიდან სოფელში ბრუნდებოდა, მერე წვიმამ მოუსწრო, შემდეგ ეს დაწყევლილი ურემი ორმოში ჩავარდა და კოფოდან გადმოვარდნილმა თავი ძლიერად დაარტყა გამომძვრალ ურმის თვალს... მერე?... მერე... ყველაფერი ნაცრისფერ ნისლში აირია... თითქოს ვიღაცის ძლიერმა მკლავმა აიტაცა და დიდხანს, ძალიან დიდხანს მიჰყავდა სადღაც. თვალები დამძიმებული ჰქონდა და ვერ ახელდა, მაგრამ უცნაური მუსიკის ხმა აჰყოლოდა ამ ფეხის ნაბიჯებს, მუსიკა თავბრუდამხვევი, ნეტარებამდე თავბრუდამხვევი იყო, რომელსაც წვიმა თუ ნაკადულის რაკრაკი ერთვოდა... ხელები კი ისეთი ძლიერი და თბილი, რომ სიამოვნებისგან გაიტრუნა და ბუნდოვანი ნისლის მორევში ჩაიძირა...  სადა ვარ? კითხვას, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, არ აძლევდა მოსვენებას, შეუცნობელ შიშში გადაჰყავდა. იქნებ ავაზაკები დაესხნენ თავს? თუმცა ავაზაკების თავდასხმა ერჩია, ტყეში ნადირებთან ან მკვდარ აჩრდილებთან შეყრას. რაღა მაინცდამაინც საღამოს აიჩემა წამოსვლა? რამდენი ეხვეწნენ, ამინდი ირევა, წინ დიდი გზაა, აქ დარჩი და გამთენიისას წადი სოფელშიო, მაგრამ, რაღაცნაირად, მშიშარა კაცის ახირებად მიიჩნია სტუმრად დარჩენა და სახლში შეღამებულზე წამოსვლა გადაწყვიტა. ახლობლებს გამოემშვიდობა, გადაუდებელი საქმე მაქვს, ამაღამვე უნდა გავემგზავრო, განთიადზე სახლში უნდა ვიყო, საქონელი დაბმული მყავს, ერთი მოჯამაგირეც დღესასწაულზე სახლში გავუშვი და თავად მე უნდა მივხედო პირუტყვს, ძროხები და ცხვრები მოწეულები არიან და, ვაითუ, ამ საღამოსაც მოიგონ და დახმარება დასჭირდება საქონელსო... ასე რომ, მასპინძლებს მისთვის ხვეწნა-მუდარით თავი აღარ შეუწუხებიათ. პატარა ხურჯნით საგზალი გაუმზადეს და გზა დაულოცეს... არა, მართლა, რას აინიჟა? დილამდე მოეცადა და სამშვიდობოსაც წამოვიდოდა. თავი რას მოიკლა და შუაღამეს სასაფლაოს შარაგზისკენ აიღო გეზი, რომელი ზევსი და უშიშარი გოლიათი იყო?... მართალია, ნათქვამი - საკუთარ თავს რომ დაუშავებ, არავინ ისე არაფერს გავნებსო.... სად იყო?  სასიამოვნო სითბო მთელ სხეულზე ელამუნებოდა. მის ყურს ცეცხლის ტკრციალის ხმა მისწვდა. თვალები გაახილა და სუსტ, მოელვარე სინათლისგან განათებულ ჭერს მიაბჯინა მზერა. ქოხში ბნელოდა. მხოლოდ ცეცხლის ენები მოძრაობდნენ და მოფარფატე ლანდებს ჰაერში აზავებდნენ. სადა ვარ? - უკვე მერამდენედ გაუელვა. წამოწევა სცადა. ძლიერმა ტკივილმა თავბრუ დაახვია... ხმელ ტახტზე იწვა, ქვეშ რომელიღაც გარეული ცხოველის გამოყვანილი ბეწვიანი ტყავი ეგო, სხეულზეც ლაბადა ეფარა. პატარა, მაგრამ მყუდრო ხის ქოხი იყო -მაგიდა, რამდენიმე უზურგო სკამი და კერია, სადაც ცეცხლი ენთო. ჩამოკიდებულ ლითონის ჯაჭვზე, მომცრო ზომის ქვაბში წვნიანი თუხთუხებდა... ხელი ისევ თავზე მოისვა. ჭრილობიდან სისხლი კვლავ წვეთავდა. სად ვარ, ან ჩემი ხარები სად არიან? - გაიფიქრა და ისევ წამოწევა სცადა. უცებ კარმა გაიჭრიალა და ზღურბლთან ახმახი გამოჩნდა. ძლიერი მხრები, მუქი, მაგრამ კარგად შევერცხლილი თმა და წვერი ჰქონდა. ტანსაცმელიც უბრალო და სადა ეცვა. კაცს მოხედა და მშვიდი ხმით უთხრა:-        არ ადგე, სუსტად ხარ, რომ გიპოვე, გონება გქონდა დაკარგული... აქ მოგიყვანე. კაცი ისევ გაწვა ტახტზე და ცნობისმოყვარედ შეაცქერდა მასპინძელს. როგორც ახსოვდა, სოფლამდე ჯერ შორი გზა ჰქონდა. ის-ის იყო, სასაფლაოს შემოვლით ბილიკს დაადგა, რომ ურემიც თხრილში ჩაუვარდა. არც არავინ ყოფილა ახლომახლო, რომ მიშველებოდა, არც ეს ქოხი არ ახსოვდა... ნეტა სად იყო? ცნობისმოყვარეობა კლავდა. სასმელი თითქოს სრულად გამონელებოდა. თავის ტკივილს უფრო მკვეთრად და მწვავედ გრძნობდა. ხმის ამოღება ძლივს მოახერხა:-        ვინა ხარ? ახმახი კერიასთან ჩამოჯდა, მოთუხთუხე ქვაბს სახურავი გადახადა და წვნიანს ხის კოვზით ამოურია. კაცს მოხარშული ხორცის მადისამღძვრელი სუნი ეცა. თითქოს შიმშილმა კუჭი აუწვა. ახმახი ახლა მისკენ შემობრუნდა და თვალებში ჩააცქერდა. შეაჟრჟოლა, თითქოს გადმობრუნებულ სკლერებს მიღმა გუგები არ უჩანდა. ღიმილი კი ცივი და არაფრისმთქმელი ჰქონდა.-        მესაფლავე ვარ! - თქვა ჩუმად და ზურგი შეაქცია. სხვა საზრუნავი გამოუჩნდა. მაგიდის ქვეშ, თაროდან ლითონის ჯამები და კოვზები გამოიღო და ქვაბიდან ამოღებული წვნიანი გაანაწილა.კაცს ერთი კი გაუკვირდა, ამ გზით ხშირად დადიოდა, მაგრამ აქ არანაირი ქოხი და, მით უმეტეს, არც მესაფლავე არ უნახავს. ახლა საიდან უნდა გაჩენილიყო ეს ახმახი კაცი და ისიც მესაფლავე?-        სადილზე გეპატიჟებით, სტუმარო... დაღლილი ხართ და ცხელი წვნიანი არ გაწყენდათ, ცოტა გაგაძლიერებდათ და ტკივილიც დაგიამდებოდათ. კაცმა ისევ მოისვა თავზე ხელი. ჭრილობა ამობურცულიყო და გასიებულიყო, თბილი სისხლი კი ისევ წვეთავდა.-        მოგიყვანე თუ არა, ჭრილობა მოგბანე, დაგიმუშავე, მალამოც წაგისვი, მაგრამ რამდენიმე დღეს ისევ იქნება შეშუპებული და მტკივნეული, შეხვევით არ შემიხვევია, ხომ ხედავ, აქ ბინძური ჩვრების გარდა არაფერი მაბადია, ამით შეხვევა კი საშიშია... ასე სჯობს, უფრო მალე მოგიშუშდება! - მესაფლავე გაუთავებლად ლაპარაკობდა - შენი ხარებიც დავაბინავე, დარდი ნუ გექნება, უღლიდან ავხსენი და გომურში დავამწყვდიე, შენი საგზალიც და ნივთებიც შემოვიტანე. ურემს თვალი მოღუნული ჰქონდა, ამ დღეებში მჭედელს წავუღებ და შევაკეთებ, არ იდარდო, რამდენიმე დღე მოშუშდი და თავად გაგაცილებ შენს გზაზე... აქ, ამ ადგილას, მარტო ვცხოვრობ. ქვემოთ სოფელია, იქაც შეგიძლია ჩასვლა, ოღონდ ჯერ უნდა გამოკეთდე... მოიცა, მოგეხმარები და მაგიდასთან დაგსვამ.... ეს ოხერი, რამდენიმე დღეა, გადაუღებლად წვიმს, თითქოს ცამ პირი მოხსნაო, მაგრამ გამოიდარებს, აქ ყოველთვის ასეა, როცა ახალი სული მიწას ებარება, ყოველთვის წვიმს, თითქოს გასაწმენდად ამზადებდნენ სხეულს.... აი ასე, თუ თავს სუსტად იგრძნობ, ან გულისრევა შეგაწუხებს, მითხარი. თავი ისე ძლიერად დაგირტყია, სავარაუდოდ, ტვინის შერყევაც გექნება... ნახე, წვნიანი დაგისხი, აბა მოსვი... ხომ არ მოგეხმარო? კაცმა თავი გააქნია უარის ნიშნად და იმავე წამს ისეთი ძლიერი ტკივილი იგრძნო, რომ ხელებით მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა, ძირს რომ არ გადმოვარდნილიყო. მერე ღრმად ამოისუნთქა და მესაფლავეს შეაცქერდა: -        მადლობელი ვარ ზრუნვისთვის, მაგრამ, ძმობილო, ხომ ვერ მეტყვით, სად ვარ, ან აქ როგორ გავჩნდი?მესაფლავემ უგუგო თვალები გადაატრიალა, კეფა მოიქექა და დაბალი, საიდუმლო ხმით ჩაიჩურჩულა:-          ეს აკლდამათა ქალაქია, თავისი მოუსვენარი და მშფოთვარე ენერგიით, ადამიანები მხოლოდ მაშინ ხვდებიან აქ, როცა იქ, ქვემოთ, სოფელში აპირებენ გადაადგილებას, პირველად ყოველთვის ამ ქოხს სტუმრობენ, ეს ერთგვარი გამოცდაა მათთვის, თუ მერე სად წავლენ და იცხოვრებენ. რამდენი კეთილი და ბოროტი პიროვნება მოსულა, აქ ყველა სიმშვიდეშია, საკუთარ სხეულში ღრმავდება და აზრებში იძირება...-         ანუ იმის თქმა გინდათ, რომ მოვკვდი? - შეშინებულმა წამოიძახა. მესაფლავემ, რამდენადაც შეეძლო, უდარდელად გაიღიმა და ჯამით წვნიანი მიუჩოჩა:-         არა, რას ამბობ, ჯერ სიკვდილამდე დიდი დროა, სიკვდილსაც დამსახურება უნდა, ხომ იცი... - მერე ისე გადაიხარხარა, ქოხის ფიცრები შეზანზარდა და კაცს მოეჩვენა, რომ ცოტაც და თავზე დაემხობოდათ სახურავი. მოიკაკვა და მორჩილი კრავივით ჩააცქერდა მის წინ გამოჩოჩებულ ჯამს. მოზრდილი ხორცის ნაჭერს ბლომად ეყარა ხახვი და მწვანილი, რომლებიც მოტივტივე ნაფოტებივით ეკვროდნენ ჭურჭლის კიდეს. კოვზი აიღო და მოურია. -         ჭამე, ჭამე, არ მოგერიდოს, წვნიანი ახალია და მსუყე, ცოტას მოგაძლიერებს! - მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა და გაყვითლებული კბილები გამოაჩინა. სტუმარს შეზარა, თუმცა არაფერი შეიმჩნია და წვნიანი მოსვა. გემრიელი იყო. თან მისთვის დღემდე უცნობი სუნელის გემო დაჰკრავდა, რომელიც განსხვავებულ არომატს აძლევდა კერძს.-                     გემრიელია! - თქვა თავისთვის. თავი არ აუწევია, ისე შეხვრიპა მეორე კოვზიც.-                     ასეთ წვნიანს ამ არემარეში მარტო მე ვამზადებ. ბოლოს კი დანაკვერცხლებულ შეშას. რამდენიმე წუთით ვათავსებ წვნიანში, ეს ბოლის სასიამოვნო არომატს აძლევს, ხორცი კი შებოლილივითაა... მაგრამ ყველა ხის ნაჭერი არ გამოდგება, სპეციალური ხეა, რომელიც მარტო მე ვიცი და მის ნაკვერჩხალსაც ვიყენებ, ცოტა მომჟავო გემო აქვს და საუცხოო სურნელი... დარწმუნებული ვარ, ასეთი არაფერი გაგისინჯავს და ეს არც მიკვირს.... ჰო, მართლა, მე უბრალო მესაფლავე არ გეგონო, უამრავი წიგნი წამიკითხავს, ცოტა მედიცინაში და სამკურნალო მცენარეებშიც ვერკვევი. მალამოებს ვამზადებ და ყველა კუთხიდან მოდიან მათ წასაღებად ჩემთან... ძვირად არ ვყიდი.. ერთი მალამო ერთი წუთი ღირს... კაცს ეგონა, მომეყურაო და თავი ასწია. გაკვირვებული თვალებით მიაჩერდა.-         ეს როგორ, ერთი წუთი?-         არ გაგიგია, დრო ფულია? ეს უბრალო გამონათქვამი არ გეგონოს, დრო ყველაზე ძვირფასი რამ არის, რომლის ფასიც ადამიანებმა არ იციან... და ისე ადვილად ანიავებენ... მათთვის წუთები რა არის? ვერც კი გრძნობენ, რამხელა საგანძურს ფლობენ... დროის ფუჭად დაკარგული ყოველი წამი დიდი დანაშაულია!... დროს ახალშობილივით მოფერება და მოფრთხილება უნდა. წუთები თუ გაფანტე, დრო იცხრილება, აი, ისე ხელისგულებში ჩაგროვილი წყალივით. ვეღარ დაიბრუნებ, ვეღარ შეაკოწიწებ... შეუქცევადია, ხომ გესმის, ვერ გააჩერებ!...-         მაგაზე არასოდეს მიფიქრია! გამოგიტყდები, დრო ბევრჯერ ფუჭადაც დამიკარგავს და არც არასდროს დამნანებია ფუქსავატურად დაკარგული წუთები.-         საქმეც ეგაა, როცა კარგავ, ფასი მას მერე ეძლევა, რომ მოხუცდები, მხოლოდ მაშინ იგრძნობ, რომ სიცოცხლე თითოეული წამის მუდმივი და მარადიული ნეტარებაა! წამის, რომელიც ახლა და ამწუთას გრძელდება, რომელიც არასოდეს დაბრუნდება და შეიცვლება.... ეს ბევრ ადამიანს არ ესმის და თავიანთ წუთებს მჩუქნიან... არადა, შენი ცხოვრების თითოეული წუთი ძვირფასია, ეს არის ის, რისი გასხვისებაც არ შეიძლება... წუთის წუთობით იკრიბება წუთისოფელი. შენი წუთისოფელი შენი წუთების ნაკრებია, შენი განცდების ჯამია!.. აქ მხოლოდ ერთადერთი პლუსი უნდა იყოს და ეს შეკრებაა ... როცა აკლებ და ასხვისებ არასრულფასოვანი და განახევრებული, გაძარცვული რჩები... გაუფრთხილდი თითოეულ წუთს და წუთები იზრუნებენ შენთვის!... მესაფლავე გაჩუმდა და რამდენიმე ხანს ფიქრებში ჩაიძირა, მერე თავი ასწია და რაღაცნაირი სიხალისით თქვა: ჰო, სულ დამავიწყდა, მეთქვა, მესა მქვია... წლებს გამოკიდებული და მუდმივად სიცოცხლის ძიებით დაკავებული კაცი ვარ. ოჯახი მე არა მყავს და ნათესავი, რადგან ვთვლი, რომ ყველა ჩემი ახლობელი და საჭირო ადამიანია... ვცხოვრობ იმით, რასაც სამყარო მაძლევს და გავცემ იმას, რაც გამაჩნია. წუთებს ვაგროვებ ამ უსაზვრო წუთისოფელში და ამ ნაგროვები წუთებით ისევ იმ ადამიანებს ვეხმარები, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.-                     გამოდის, რომ ეგ წუთები მეც მიწილადეთ?-                     რაღაცნაირად შეიძლება მართალიც იყო, ჩემო პეტრე!-                     და იცით, ვინ ვარ? - გაოგნებულ კაცს თვალები წარბებს მაღლა აუვიდა.-                     მაგის გამოცნობა ძნელი არ არის, ყველა ადამიანს თავისი სახელი შუბლზე აწერია! ისიც, ვინ არის და რა კაცია - ეგეც!-                     ანუ აზრებსაც კითხულობთ? -                     აზრების კითხვა ყველას შეუძლია, ამისთვის დიდი ძალისხმევა სულაც არ არის საჭირო! პეტრემ თავი ისევ ჩაქინდრა. გულისრევა იგრძნო. ფეხზე წამოდგა და შებარბაცდა. მერე ხელები პირზე აიფარა, თითქოს მომდგარი ნაკადის შეკავებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და იქვე, ტახტის კიდეზე ხელებჩაკიდებულმა, არწყია. მესა არ მოშორებია, ხელი დაუჭირა და დოქით წყალი მიაწოდა.-                     არ შეგეშენდეს, ხომ გითხარი, ტვინის შერყევა გაქვს და ასე ცუდად იმიტომ გრძნობ თავს. წყალი გამოივლე და დაწექი. შენს მდგომარეობაში წოლა ყველაზე კარგი მკურნალია...  პირი მოსწმინდა. შუბლზე მომდგარი ოფლის წვეთები ხელსახოცით მოაცილა და დააწვინა. პეტრემ რამდენიმე ყლუპი წყალი ისევ მოსვა და თვალები დახუჭა. მაშინვე ბურანში ჩაიძირა. ქუთუთოები ისე დაუმძიმდა, თითქოს ტონიანი გირები ჩამოეკიდოთ. მერე სხეულში სიმსუბუქე იგრძნო და ძილმა წაართვა თავი. ხილულ სამყაროს მიღმა უხილავი სამყაროც არსებობს, რომლის შერძნება მხოლოდ ნატიფი სულის ადამიანებს შეუძლიათ.                                                                                                                                         3  პეტრემ უმაღლესის დამთავრების შემდეგ, კარგი სამსახური იშოვა, მაგრამ მალევე, რამდენიმე წელში, თბილისში აღარ დარჩენილა, ყველაფერი გაყიდა და მაღალმთიან სოფელში გადმოსახლდა. მესაქონლეობას მიჰყო ხელი. სოფლის თავკაცის როლი მოირგო და ყოველდღიურობაში ჩაიძირა. დამხმარედ ორი მოჯამაგირეც დაიქირავა და ყოველ თვე კარგადაც უხდიდა, წლის ბოლოს კი ნამატსაც ჩუქნიდა. სოფლის განაპირა ფერმა ააშენა. ას სულზე მეტი ცხვარი და თხა, ოციოდე ძროხა-კამეჩი და ფრინველი გაიჩინა. საქმე დასაწყისისთვის კარგად აეწყო, თითქოს  ბუნებაც მის მხარეს იყო, ტყუპი ბატკნები და სამი ტყუპი ციკანი ხშირად იბადებოდა. რამდენჯერმე ფერმის გაფართოებაც მოუწია. საქმე კარგად მიდიოდა... ფული იმდენი ჰქონდა, რომ სოფლის სახლი მოაპირკეთა, ეზო-ყურე მოალამაზა და  შემოღობა. პარალელურად მიწის დამუშავებასაც მიჰყო ხელი. ერთი სიამოვნება იყო, საკუთარი ხელით მოწეული და მოვლილი ბოსტნეულის და ხილის მირთმევა. სოფელში ცუდი სახელი სულაც არ ჰქონდა, არც წუწურაქ მემამულედ თვლიდნენ და არც მფლანგველ, უყაირათო ადამიანად. ჰქონდა იმდენი, რომ სხვათა პატივისცემა და მომჩივანის გაკითხვაც შეეძლო. ერთადერთი, როგორც სოფლელები ფიქრობდნენ, ის იყო, რომ ოჯახს ვერ მოეკიდა და მისი შესაფერი ქალი ჯერაც არ გამოჩენილიყო, რომელიც მის გულამდე მივიდოდა და ცოლად მოიყვანდა. გადიოდა თვეები. საქმიანობაში ჩაფლული არც მეგობარ-ამხანაგებზე ამბობდა უარს და არც სმაზე და მოლხენაზე, მეზობლებსაც ხშირად სტუმრობდა, ყველას ეხმარებოდა, მაგრამ სერიოზული და მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში მაინც არაფერი ხდებოდა. რომ გეკითხათ, კი უნდოდა, როგორ არა, რომ ოჯახს მოჰკიდებოდა, მეუღლე ამოეყენებინა გვერდით და ერთად ეწიათ ცხოვრების ჭაპანი, მაგრამ რაღაც ყოველთვის აბრკოლებდა. ასე ჩანდა სხვებისთვის, უცხო თვალით დანახული პეტრე, სინამდვილეში კი ყველაფერს დიდი და მნიშვნელოვანი სარჩული ედო ქვეშ, რომელიც ზედაპირზე ვერ აღწევდა და კაცს რამდენადმე იდუმალსა და გამოუცნობს ხდიდა.                                                                                        4 რატომ გგონია, რომ სწორედ იქცევი, რომ შენი მომავლისთვის ეს გზაა მხოლოდ მართებული? -                     არ ვიცი, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ასე უფრო მეტ გამოცდილებასა და ცოდნას შევიძენ. სოფლად წასვლა მირჩევნია, იქ სიმშვიდე და სიწყნარეა! -                     პეტრეს არ უთქვამს, რომ ნამდვილი საბაბი სულ სხვა იყო. მიზეზი, რომელიც მას ყველაფრისგან მოწყვეტასა და მოშორებას აიძულებდა, უფრო დიდი და ღრმა გახლდათ. მან მეგობარს მხოლოდ ნაძალადევად გაუღიმა და ფიქრებში ჩაიძირა. ჰო, მიზეზი, რომლის გამოც მან ქალაქიდან მიყრუებულ სოფელში გადასახლება და განმარტოება გადაწყვიტა, სიმდიდრის მოპოვების სურვილით სულაც არ აიხსნებოდა, თუმცა ფერმის საქმე შესანიშნავად მიდიოდა და ფულმაც იწყო დენა, მაგრამ ამ თანხას პეტრე კეთილდღეობისა და თავისი სიამოვნებისთვის არ ხარჯავდა, ფულს ისევ ბრუნვაში უშვებდა და ახალი ჯიშის საქონელს ყიდულობდა. რაღაცნაირი ყისმათი ჰქონდა, რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერი გამოსდიოდა, მაგრამ ისე კი არა, მიფუჩეჩებითა და უგერგილოდ, არამედ პირწმინდად და ბრწყინვალედ. სოფელში პეტრეზე ამბობდნენ, იღბლიანიაო, მაგრამ არავინ იცოდა მასზე უკეთ, თავისი უყისმათობის ამბავი. არავინ უწყოდა მის გულში ჩასაფრებული ქარიშხალი როდის ამოხეთქავდა და მის არსებას გაანადგურებდა... ახლა მხოლოდ მოგონებებიღა აცოცხლებდა, მეტი რა დარჩენოდა გარდა ფიქრისა? ახლაც ტკბილმა, მათრობელმა ფიქრებმა ჩაძირა...   ....როდის ნახა პირველად? როდის ჩაუვარდა გულში? იმ ქალის სიყვარული ეკლიანი მარწუხივით შემოსჯაჭვოდა და განძრევის საშუალებას არ აძლევდა. ის უბრალოდ აღარ იყო, მარტო მისთვის კი არა, აღარავისთვის აღარ არსებობდა! მაგრამ ხანდახან, როცა პირქუში ღამე მიწაზე ფარდასავით ეშვებოდა და მის სხეულს და სულს მრუმე, ბლანტ მოსასხამში ახვევდა, ტკივილს გრძნობდა, გაუმხელელ ტკივილსა და უკიდეგანო სევდას. მისი სულის სიცარიელენი, გამოცარიელებული ჭაბურღილებივით პირდაბჩენილნი, შველას ითხოვდნენ. ამოვსება არავისა და არაფერს შეეძლო. მხოლოდ გონებაში მოფარფატე ლანდები, კინოლენტასავით ტრიალებდა მის ტვინში და განვლილის ხელახლა შეგრძნებას ლამობდა. მარიას არავინ გააცოცხლებდა, ის მუდამ მოუშუშებელ ტკივილად და ღრმა ჭრილობად დარჩებოდა სულში. რა უნდა ექნა? ან თუნდაც თავისი გაქცევის ნამდვილი მიზეზი ვინმესთვის აეხსნა, ეს მოუტანდა შვებას? ან შვება რაში სჭირდებოდა, როდესაც თავადვე სურდა, იმ ტკივილში ჩამხრჩვალიყო, რაც მარიამ იგრძნო, ის განეცადა, რაც მის ერთადერთ და სამუდამო სიყვარულს მაშინ ეგრძნო... არა, ნამდვილი მიზეზი არავისთვის არ იყო ცნობილი და არც საჭირო იყო, რომ ვინმეს სცოდნოდა. არ დაუშვებდა, ვინმეს შებრალებოდა, ამას არავისგან არ მოითხოვდა... არავის სიბრალული არ სჭირდებოდა. ეს მისი გზა იყო, მისი ჯვარი, მისი გოლგოთა...  იცოდა, განა არ იცოდა, რომ ბევრი სულელადაც ჩათვლიდა. კაცმა, რომელმაც თავისი ცოდნითა და კარგი სამსახურით შესანიშნავი კარიერა მოიწყო - მაღალი ხელფასი, თანამშრომელთა პატივისცემა, ახლად შეძენილი ბინა და ბევრისთვის შესაშური მანქანა - ყველაფერი ერთი ხელის მოსმით „გაანადგურა“, როგორც ამას სხვები ფიქრობდნენ, გაყიდა და აღებული თანხით სოფელში გადაიხვეწა, მესაქონლეობას მიჰყო ხელი. მოგვიანებით, სოფლის განაპირას, ფერდობზე დანგრეული ეკლესიაც თითქმის აღადგინა და სოფლის ცხოვრების ყოველდღიურობაში ჩაიძირა. მაშინ ამაზე არ ფიქრობდა, რამდენად წარმატებული გახდებოდა ეს საქმიანობა, უბრალოდ, იმ დროს უნდოდა, ყველაფერს გასცლოდა და გამქრალიყო... ჰო, აღარ სურდა, იმ სამსახურში ევლო, სადაც მარია დადიოდა, ის მომცრო და ლამაზი ოთახი დაენახა, სადაც მარია თავაუღებლად კომპიუტერთან მუშაობდა, არც ის სარკმელი, საიდანაც მარია, დაბლა ჩასულს, ღიმილით აცილებდა... მათზე ხომ ვერავინ ვერაფერს წარმოიდგენდა. ეჭვისთვალითაც არავის უფიქრია, რომ პეტრესა და მარიას შორის შეიძლებოდა რამე არსებულიყო, არავინ არაფერი იცოდა. მერე, როცა მარია იმ ავბედით დღეს ავარიის მსხვერპლი გახდა და მთელმა ოფისმა გამოიტირა, მაშინ პეტრეც მოკვდა, მარიასთან ერთად მოკვდა. მოკვდა იმიტომ, რომ მის გარეშე სამყაროც გარდაიცვალა, პეტრეს გულმაც არსებობა შეწყვიტა. მარიასთან ერთად მისი ყველა ოცნებაც დაასაფლავეს. პეტრემ სიცოცხლის აზრი და სურვილი დაკარგა...  ...ახსოვს, როგორ დაიხარა უკვე მიტოვებული საფლავის წინ და დიდხანს, ძალიან დიდხანს უხმოდ, მხოლოდ ცრემლებით, ტიროდა. მიწა, რომელიც ბარიერად აღმართულიყო მათ შორის, ცივი და ნამიანი იყო, ხოლო კონებად შეკრული ყვავილები, შავი ლენტებითა და ოქროსფერი წარწერებით, ეკლიანი მავთულებივით სუსხავდა კაცის თითებს. რამდენმა საათმა განვლო, არ ახსოვდა, უბრალოდ, მიწაყრილთან ჩაჩოქილი, მხოლოდ ხელებით ბღოჯნიდა გაყვითლებულ მიწას და პირში მწკლარტე გემო, შხამივით მსუსხავი და გულისამრევი, ყელში ბურთივით ეჩხირებოდა. მერე შავი ღრუბლები ჩამოწვა, თითქოს კუნაპენტ კუპრში გაახვია სასაფლაო და ბლანტმა, მძიმე ჰაერმა სუნთქვა შეუკრა. სადღაც ძალიან შორს ტეხილად გაიკნავლა ელვამ და გრუხუნმა კაცის ყურამდეც მოაღწია. -                     მალე მეც მოვალ შენთან, გპირდები, შენ მარტო, ჩემო სიფრიფანა გოგო, მარტო ვერ შეძლებ გაუმკლავდე სულების პირქუშ სამყაროს... ჩვენ ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებსო, ხომ მითხარი და ასეც იქნება, მე მოვკლავ იმ სიკვდილს, რომელმაც შენი თავი წამართვა, ჩვენ ან ერთად ვიქნებით, ან აღარ ვიარსებებთ...           თავის ჩურჩული თავადაც ეუცხოვა, თითქოს მისი სხეულიდან სული გამოსრიალდა და იგრძნო, როგორ შეუერთდა უხილავ ლანდებს.-                     შენ უჩემოდ ვერ გაძლებ, მარიააა... მთელი ხმით იყვირა და იგრძნო როგორ დაცარიელდა, უწონო და მსუბუქი გახდა. ხელებში გასრესილი მიწა თითებშუა თიხის პატარა ფიგურებად დაიშალა. კიდევ უფრო ჩამობნელდა და სულ ახლოს ისევ გაიელვა ელვამ. ჭექა-ქუხილმა მის ყურებთან დაიჭექა. კაცი არ განძრეულა, კვლავ აგრძელებდა ჩურჩულსა და მოთქმას. ბუნებამ ვეღარ მოითმინა და პეტრეს ცრემლებს საკუთარი ცრემლებიც შეაზილა. კოკისპირულად გაწვიმდა. მთელი ცა ჩამოიქცა და სასაფლაოს მიწაყრილი ჩამოასწორა. ყვავილები აამოძრავა. ერთი მოტეხილი ვარდის ტოტი მიწაყრილიდან ჩამოცურდა და პეტრეს პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა. თითქოს ზეციური ნიშანი ყოფილიყოს, პეტრე მოულოდნელად შეკრთა, ვარდის კოკორს დასწვდა და ტუჩებთან მიიტანა. წვიმის წვეთებს გამოეცოცხლებინა, ყვავილი საოცარ სურნელებას აფრქვევდა. ხელი მოუჭირა და ხარბად შეისუნთქა. მერე წამოდგა, თავიდან ფეხებამდე სველი იყო. ნელი ნაბიჯით დაიხია უკან და თავჩაქინდრულმა სასაფლაოს ტერიტორია დატოვა.   მანქანაში რომ ჩაჯდა, ვარდი საჭის წინ, საფარ მინასთან დადო და ძრავა ჩართო... უკვე ვეღარაფერს გრძნობდა, თითქოს მის კიდურებს შეხების რეცეპტორები ერთიანად აესხიპა და უგრძნობ კანს სამყაროსთან კავშირი გაეწყვიტა. ვარდი აღარ მოუშორებია, დაჭკნა, მაგრამ მაინც თან ატარებდა ყველგან, როგორც საყვარელი ადამიანის უკანასკნელ სახსოვარს...