ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

აკლდამათა საიდუმლო

აკლდამათა საიდუმლო

ეკა უკლება

 

 

აკლდამათა საიდუმლო

 

 

წიგნი პირველი

 

 

არ მისცე სიყვარულს სიკვდილის უფლება!

( კამიასა და ბახვას ისტორია)

 

 

 

 

ნაწილი პირველი

 

თავი პირველი

1

შებინდებისას, როცა დამავალი მზის სხივებისგან გაწითლებული ცა ნაცრისფრად გაფერმკრთალდა და მუქი, მეწამული ღრუბლები მშვიდი ძილისთვის მოემზადა, საიდანღაც ქარი ამოვარდა. ქარიშხალს მარტის სუსხი და ნისლი მოჰყვა. თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ, ისევ უცებ გაუჩინარდა და გულიანად გაწვიმდა.

შარაზე ურემი გამოჩნდა. კოფოზე შემომჯდარი კაცი ზარმაცად მოღოღინე ხარებს სახრეს უქნევდა და მათ გამოცოცხლებას ამაოდ ცდილობდა. სოფლამდე ჯერ შორს იყო, გზად ის პირქუში სასაფლაო უნდა გაევლო, რაღაცნაირ რიდსა და  მოკრძალებას რომ აღძრავდა გულში. საღამოს რა უჭირს, მაგრამ შეღამებისას აკლდამათა გავლა მაინცდამაინც დიდად არ ეჭაშნიკებოდა, თან ახლა, შექეიფებულს, როცა თითქმის ყოველი ბუჩქიდან ჩასაფრებული  მოჩვენებები ელანდებოდა. წვიმამაც გზაში მოუსწრო და თავისი ხარების ბედაურებად  გადაქცევის იმედი საერთოდ დაკარგა. მეტი რა გზა ჰქონდა, უილაჯოდ იქნევდა სახრეს და ამაოდ ცდილობდა შეღამებამდე გაევლო სასაფლაოს შემოვლითი გზა. მეორე ბილიკიც იყო, მაგრამ ის ტყისკენ მიდიოდა და ახლა ტყეში, თუნდაც უმოკლესი მიმართულებით წასვლა მაინც ბევრად უფრო საშიში გახლდათ, ვიდრე მოჩვენებებთან შეხვედრა. კაცი იმედოვნებდა,   რომ ავდარი მალე გადაიღებდა და სასაფლაოს შემოვლით გზასაც უშფოთველად გასცდებოდა. წვიმას კი მისი განზრახვისთვის სულაც არ ეცალა, პირიქით, უფრო მოუხშირა. შარა ატალახდა და ურემიც გაჭირვებით მიიწევდა წინ. ირგვლივ კაცი-ადამიანიშვილის ჭაჭანება არ იყო. ხარები თავგამოდებით ეწეოდნენ უღელს და პატრონის ჩხუბსა და ლანძღვას არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ.

აღმართი დაიწყო და სვლა უფრო გაჭირდა. კაცი კოფოდან გადმოხტა, ხარებს წინ დაუდგა და პირუტყვს  მიეხმარა. დაბრკოლება გადალახეს. ახლა სწორი და  ვიწრო სასაფლაოს შემოვლითი შარაგზა დაიწყო. კაცი თავიდან ფეხებამდე სველი იყო. ისევ კოფოზე შემოჯდა და ბრეზენტის გადასაფარებლის ქვეშ მიიყუჟა. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. ხარები მიდიოდნენ, მართალია, სწორ გზაზე სიარული ისე აღარ უჭირდათ, როგორც აღმართში, მაგრამ  ნიაღვრებად მოვარდნილი წყალი მაინც აბრკოლებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ  წვიმა შეწყდა და ისევ უეცრად ამოვარდნილმა ქარმა სუსხიანად აუსხიპა მგზავრს სახე. პირქუში სიბნელე ჩამოწვა. ურემი ალალბედზე, მყისიერად მიგორავდა. უცებ ძლიერ შელაყლაყდა და ბორბალი ამოთხრილ ორმოში ჩავარდა. ძლიერმა მოძრაობამ  კაცი ძირს გადმოაგდო და თავი მძიმედ დაარტყა გამომძვრალ  ურმის თვალს. იმავე წამს დაკარგა გონება და გაითიშა...

 

 

 

2

ძლიერმა ტკივილმა გამოაფხიზლა.  თვალი არ გაუხელია, უბრალოდ, თავზე ხელი მოისვა. ჭრილობიდან თბილი სისხლი წვეთავდა. სად იყო? გონება დაძაბა და მოგონებებში დაიკარგა. ცდილობდა აღედგინა, რა მოხდა? აღარაფერი ახსოვდა, მხოლოდ ის იცოდა, რომ მოსაღამოებულს, ნათლობიდან სოფელში ბრუნდებოდა, მერე წვიმამ მოუსწრო, შემდეგ ეს დაწყევლილი ურემი ორმოში ჩავარდა და კოფოდან გადმოვარდნილმა თავი ძლიერად დაარტყა გამომძვრალ ურმის თვალს... მერე?... მერე... ყველაფერი ნაცრისფერ ნისლში აირია... თითქოს ვიღაცის ძლიერმა მკლავმა აიტაცა და დიდხანს, ძალიან დიდხანს მიჰყავდა სადღაც. თვალები დამძიმებული ჰქონდა და ვერ ახელდა, მაგრამ უცნაური მუსიკის ხმა აჰყოლოდა ამ ფეხის ნაბიჯებს, მუსიკა თავბრუდამხვევი, ნეტარებამდე თავბრუდამხვევი იყო, რომელსაც წვიმა თუ ნაკადულის რაკრაკი ერთვოდა... ხელები კი ისეთი ძლიერი და თბილი, რომ სიამოვნებისგან გაიტრუნა და  ბუნდოვანი ნისლის მორევში ჩაიძირა...

სადა ვარ? კითხვას, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, არ აძლევდა მოსვენებას, შეუცნობელ შიშში გადაჰყავდა. იქნებ ავაზაკები დაესხნენ თავს? თუმცა ავაზაკების თავდასხმა ერჩია, ტყეში ნადირებთან ან მკვდარ აჩრდილებთან შეყრას.

რაღა მაინცდამაინც საღამოს აიჩემა წამოსვლა? რამდენი ეხვეწნენ, ამინდი ირევა, წინ დიდი გზაა, აქ დარჩი და გამთენიისას წადი სოფელშიო, მაგრამ, რაღაცნაირად, მშიშარა კაცის ახირებად მიიჩნია სტუმრად დარჩენა და სახლში შეღამებულზე წამოსვლა გადაწყვიტა. ახლობლებს გამოემშვიდობა, გადაუდებელი საქმე მაქვს, ამაღამვე უნდა გავემგზავრო, განთიადზე სახლში უნდა ვიყო, საქონელი დაბმული მყავს, ერთი მოჯამაგირეც დღესასწაულზე სახლში გავუშვი და თავად მე უნდა მივხედო პირუტყვს, ძროხები და ცხვრები მოწეულები არიან და, ვაითუ, ამ საღამოსაც მოიგონ და დახმარება დასჭირდება საქონელსო... ასე რომ, მასპინძლებს მისთვის ხვეწნა-მუდარით თავი აღარ შეუწუხებიათ. პატარა ხურჯინით საგზალი გაუმზადეს და გზა დაულოცეს... არა, მართლა, რას აინიჟა? დილამდე მოეცადა და სამშვიდობოსაც წამოვიდოდა. თავი რას მოიკლა და შუაღამეს სასაფლაოს შარაგზისკენ აიღო გეზი, რომელი ზევსი და  უშიშარი გოლიათი იყო?... მართალია, ნათქვამი -  საკუთარ თავს რომ დაუშავებ, არავინ ისე არაფერს გავნებსო....

სად იყო?  სასიამოვნო სითბო მთელ სხეულზე ელამუნებოდა. მის ყურს ცეცხლის ტკრციალის ხმა მისწვდა. თვალები გაახილა და სუსტ, მოელვარე სინათლისგან განათებულ ჭერს მიაბჯინა მზერა.

ქოხში ბნელოდა. მხოლოდ ცეცხლის ენები მოძრაობდნენ და მოფარფატე ლანდებს ჰაერში აზავებდნენ. სადა ვარ? - უკვე მერამდენედ გაუელვა. წამოწევა სცადა. ძლიერმა ტკივილმა თავბრუ დაახვია... ხმელ ტახტზე იწვა, ქვეშ რომელიღაც გარეული ცხოველის გამოყვანილი  ბეწვიანი ტყავი ეგო, სხეულზეც ლაბადა ეფარა. პატარა, მაგრამ მყუდრო ხის ქოხი იყო - მაგიდა, რამდენიმე უზურგო სკამი და კერია, სადაც ცეცხლი ენთო. ჩამოკიდებულ ლითონის ჯაჭვზე, მომცრო ზომის ქვაბში წვნიანი თუხთუხებდა... ხელი ისევ თავზე მოისვა. ჭრილობიდან სისხლი კვლავ წვეთავდა. სად ვარ, ან ჩემი ხარები სად არიან? - გაიფიქრა  და ისევ წამოწევა სცადა.

უცებ კარმა გაიჭრიალა და ზღურბლთან ახმახი გამოჩნდა. ძლიერი მხრები, მუქი, მაგრამ კარგად შევერცხლილი თმა და წვერი ჰქონდა. ტანსაცმელიც უბრალო და სადა ეცვა. კაცს მოხედა და მშვიდი ხმით უთხრა:

-  არ ადგე, სუსტად ხარ, რომ გიპოვე, გონება გქონდა დაკარგული... აქ მოგიყვანე.

კაცი ისევ გაწვა ტახტზე და ცნობისმოყვარედ შეაცქერდა მასპინძელს. როგორც ახსოვდა, სოფლამდე ჯერ შორი გზა ჰქონდა. ის-ის იყო, სასაფლაოს შემოვლით ბილიკს დაადგა, რომ ურემიც თხრილში ჩაუვარდა. არც არავინ ყოფილა ახლომახლო, რომ მიშველებოდა, არც ეს ქოხი არ ახსოვდა... ნეტა სად იყო? ცნობისმოყვარეობა კლავდა. სასმელი თითქოს სრულად გამონელებოდა.  თავის ტკივილს უფრო მკვეთრად და მწვავედ გრძნობდა. ხმის ამოღება ძლივს მოახერხა:

-  ვინა ხარ?

ახმახი კერიასთან ჩამოჯდა, მოთუხთუხე ქვაბს სახურავი გადახადა და წვნიანს ხის კოვზით ამოურია. კაცს მოხარშული ხორცის მადისაღმძვრელი სუნი ეცა. შიმშილმა კუჭი აუწვა. ახმახი ახლა მისკენ შემობრუნდა და თვალებში ჩააცქერდა. შეაჟრჟოლა, თითქოს გადმობრუნებულ სკლერებს მიღმა გუგები არ უჩანდა. ღიმილი კი ცივი და არაფრისმთქმელი ჰქონდა.

-  მესაფლავე ვარ! - თქვა ჩუმად და ზურგი შეაქცია.  სხვა საზრუნავი გამოუჩნდა. მაგიდის ქვეშ, თაროდან ლითონის ჯამები და კოვზები გამოიღო და ქვაბიდან ამოღებული წვნიანი გაანაწილა.

კაცს ერთი კი გაუკვირდა, ამ გზით ხშირად დადიოდა, მაგრამ აქ არანაირი ქოხი და, მით უმეტეს, არც მესაფლავე არ უნახავს. ახლა საიდან უნდა გაჩენილიყო ეს ახმახი კაცი და ისიც მესაფლავე?

-  სადილზე გეპატიჟები, სტუმარო... დაღლილი ხარ და ცხელი წვნიანი არ გაწყენდა, ცოტა გაგაძლიერებდა და ტკივილიც დაგიამდებოდა.

კაცმა ისევ მოისვა თავზე ხელი.  ჭრილობა ამობურცულიყო და გასიებულიყო, თბილი სისხლი კი ისევ წვეთავდა.

-  მოგიყვანე თუ არა, ჭრილობა მოგბანე, დაგიმუშავე, მალამოც წაგისვი, მაგრამ რამდენიმე დღეს ისევ იქნება შეშუპებული და მტკივნეული, შეხვევით არ შემიხვევია, ხომ ხედავ, აქ ბინძური ჩვრების გარდა არაფერი მაბადია, ამით შეხვევა კი საშიშია... ასე სჯობს, უფრო მალე მოგიშუშდება! - მესაფლავე გაუთავებლად ლაპარაკობდა - შენი ხარებიც დავაბინავე, დარდი ნუ გექნება, უღლიდან ავხსენი და გომურში დავამწყვდიე, შენი საგზალიც და ნივთებიც შემოვიტანე. ურემს თვალი მოღუნული ჰქონდა, ამ დღეებში მჭედელს წავუღებ და შევაკეთებ, არ იდარდო, რამდენიმე დღე მოშუშდი და თავად გაგაცილებ შენს გზაზე... აქ, ამ ადგილას, მარტო ვცხოვრობ. ქვემოთ სოფელია, იქაც  შეგიძლია ჩასვლა, ოღონდ ჯერ უნდა გამოკეთდე... მოიცა, მოგეხმარები და მაგიდასთან დაგსვამ....  ეს ოხერი, რამდენიმე დღეა, გადაუღებლად წვიმს, თითქოს ცამ პირი მოხსნაო, მაგრამ გამოიდარებს, აქ ყოველთვის ასეა, როცა ახალი სული მიწას ებარება, ყოველთვის წვიმს, თითქოს გასაწმენდად ამზადებდნენ სხეულს....  აი ასე, თუ თავს სუსტად იგრძნობ, ან გულისრევა შეგაწუხებს, მითხარი. თავი ისე ძლიერად დაგირტყია, სავარაუდოდ, ტვინის შერყევაც გექნება... ნახე, წვნიანი დაგისხი, აბა მოსვი... ხომ არ მოგეხმარო?

კაცმა თავი გააქნია უარის ნიშნად და იმავე წამს ისეთი ძლიერი ტკივილი იგრძნო, რომ ხელებით მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა, ძირს რომ არ გადმოვარდნილიყო. მერე ღრმად ამოისუნთქა და მესაფლავეს შეაცქერდა:

-  მადლობელი ვარ ზრუნვისთვის, მაგრამ, ძმობილო, ხომ ვერ მეტყვი, სად ვარ, ან აქ როგორ გავჩნდი?

მესაფლავემ უგუგო თვალები გადაატრიალა, კეფა მოიქექა და დაბალი, საიდუმლო ხმით ჩაიჩურჩულა:

-  ეს აკლდამათა ქალაქია, თავისი მოუსვენარი და მშფოთვარე ენერგიით, ადამიანები მხოლოდ მაშინ ხვდებიან აქ, როცა იქ, ქვემოთ, სოფელში აპირებენ გადაადგილებას, პირველად ყოველთვის ამ ქოხს სტუმრობენ, ეს ერთგვარი გამოცდაა მათთვის, თუ მერე სად წავლენ და იცხოვრებენ. რამდენი კეთილი და ბოროტი პიროვნება მოსულა, აქ ყველა სიმშვიდეშია, საკუთარ სხეულში ღრმავდება და აზრებში იძირება...

-  ანუ იმის თქმა გინდა, რომ მოვკვდი? - შეშინებულმა წამოიძახა.

მესაფლავემ, რამდენადაც შეეძლო, უდარდელად გაიღიმა და ჯამით წვნიანი მიუჩოჩა:

-  არა, რას ამბობ, ჯერ სიკვდილამდე დიდი დროა, სიკვდილსაც დამსახურება უნდა, ხომ იცი...  - მერე ისე გადაიხარხარა, ქოხის ფიცრები შეზანზარდა და კაცს მოეჩვენა, რომ ცოტაც და თავზე დაემხობოდათ სახურავი. მოიკაკვა და მორჩილი კრავივით ჩააცქერდა მის წინ გამოჩოჩებულ ჯამს. მოზრდილი ხორცის ნაჭერს ბლომად ეყარა ხახვი და მწვანილი, რომლებიც მოტივტივე ნაფოტებივით ეკვროდნენ ჭურჭლის კიდეს. კოვზი აიღო და მოურია.

-  ჭამე, ჭამე, არ მოგერიდოს, წვნიანი ახალია და მსუყე, ცოტას მოგაძლიერებს! - მხარზე ხელი მსუბუქად დაჰკრა და გაყვითლებული კბილები გამოაჩინა. სტუმარს შეზარა, თუმცა არაფერი შეიმჩნია და წვნიანი მოსვა. გემრიელი იყო. თან მისთვის დღემდე უცნობი სუნელის გემო დაჰკრავდა, რომელიც განსხვავებულ არომატს აძლევდა კერძს.

-  გემრიელია! - თქვა თავისთვის. თავი არ აუწევია, ისე შეხვრიპა მეორე კოვზიც.

-  ასეთ წვნიანს ამ არემარეში მარტო მე ვამზადებ. ბოლოს კი დანაკვერცხლებულ შეშას რამდენიმე წუთით ვათავსებ წვნიანში, ეს ბოლის სასიამოვნო არომატს აძლევს, ხორცი კი შებოლილივითაა... მაგრამ ყველა ხის ნაჭერი არ გამოდგება, სპეციალური ხეა, რომელიც მარტო მე ვიცი და მის ნაკვერჩხალსაც ვიყენებ, ცოტა მომჟავო გემო აქვს და საუცხოო სურნელი... დარწმუნებული ვარ, ასეთი არაფერი გაგისინჯავს და ეს არც მიკვირს.... ჰო, მართლა, მე უბრალო მესაფლავე არ გეგონო, უამრავი წიგნი წამიკითხავს, ცოტა მედიცინაში და სამკურნალო მცენარეებშიც ვერკვევი. მალამოებს ვამზადებ და ყველა კუთხიდან მოდიან მათ წასაღებად ჩემთან... ძვირად არ ვყიდი.. ერთი მალამო ერთი წუთი ღირს...

კაცს ეგონა, მომეყურაო და თავი ასწია. გაკვირვებული თვალებით მიაჩერდა.

-  ეს როგორ, ერთი წუთი?

-  არ გაგიგია, დრო ფულია? ეს უბრალო გამონათქვამი არ გეგონოს, დრო ყველაზე ძვირფასი რამ არის, რომლის ფასიც ადამიანებმა არ იციან... და ისე ადვილად ანიავებენ... მათთვის წუთები რა არის? ვერც კი გრძნობენ, რამხელა საგანძურს ფლობენ... დროის ფუჭად დაკარგული ყოველი წამი დიდი დანაშაულია!... დროს ახალშობილივით მოფერება და მოფრთხილება უნდა. წუთები თუ გაფანტე, დრო იცხრილება, აი, ისე ხელისგულებში ჩაგროვილი წყალივით. ვეღარ დაიბრუნებ, ვეღარ შეაკოწიწებ... შეუქცევადია, ხომ გესმის, ვერ გააჩერებ!...

-  მაგაზე არასოდეს მიფიქრია!  გამოგიტყდები, დრო ბევრჯერ ფუჭადაც დამიკარგავს და არც არასდროს დამნანებია ფუქსავატურად დაკარგული წუთები.

-  საქმეც ეგაა, როცა კარგავ, ფასი მას მერე ეძლევა, რომ მოხუცდები, მხოლოდ მაშინ იგრძნობ, რომ სიცოცხლე თითოეული წამის მუდმივი და მარადიული ნეტარებაა! წამის, რომელიც ახლა და ამწუთას გრძელდება, რომელიც არასოდეს დაბრუნდება და შეიცვლება.... ეს ბევრ ადამიანს არ ესმის და თავიანთ წუთებს მჩუქნიან... არადა, შენი ცხოვრების თითოეული წუთი ძვირფასია, ეს არის ის, რისი გასხვისებაც არ შეიძლება... წუთის წუთობით იკრიბება წუთისოფელი. შენი წუთისოფელი შენი წუთების ნაკრებია, შენი განცდების ჯამია!.. აქ მხოლოდ ერთადერთი პლუსი უნდა იყოს და ეს შეკრებაა ... როცა აკლებ და ასხვისებ არასრულფასოვანი და განახევრებული, გაძარცვული რჩები...  გაუფრთხილდი თითოეულ წუთს და წუთები იზრუნებენ შენთვის!...

მესაფლავე გაჩუმდა და რამდენიმე ხანს ფიქრებში ჩაიძირა, მერე თავი ასწია და რაღაცნაირი სიხალისით თქვა:

-  ჰო, სულ დამავიწყდა, მეთქვა, მესა მქვია... წლებს გამოკიდებული და მუდმივად სიცოცხლის ძიებით დაკავებული კაცი ვარ. ოჯახი მე არა მყავს და ნათესავი, რადგან ვთვლი, რომ ყველა ჩემი ახლობელი და საჭირო ადამიანია... ვცხოვრობ იმით, რასაც სამყარო მაძლევს და გავცემ იმას, რაც გამაჩნია. წუთებს ვაგროვებ ამ უსაზვრო წუთისოფელში და ამ ნაგროვები წუთებით ისევ იმ ადამიანებს ვეხმარები, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება.

-  გამოდის, რომ ეგ წუთები მეც მიწილადე?

-  რაღაცნაირად შეიძლება მართალიც იყო, ჩემო პეტრე!

-  და იცი, ვინ ვარ? - გაოგნებულ კაცს თვალები წარბებს მაღლა აუვიდა.

-  მაგის გამოცნობა ძნელი არ არის, ყველა ადამიანს თავისი სახელი შუბლზე აწერია! ისიც, ვინ არის და რა კაცია - ეგეც!

-  აზრებსაც კითხულობ?

-  აზრების კითხვა ყველას შეუძლია, ამისთვის დიდი ძალისხმევა სულაც არ არის საჭირო!

პეტრემ თავი ისევ ჩაქინდრა. გულისრევა იგრძნო. ფეხზე წამოდგა და შებარბაცდა. მერე ხელები პირზე აიფარა, თითქოს მომდგარი ნაკადის შეკავებას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და იქვე, ტახტის კიდეზე ხელებჩაკიდებულმა, არწყია. მესა არ მოშორებია, ხელი დაუჭირა და დოქით წყალი მიაწოდა.

-  არ შეგეშენდეს, ხომ გითხარი, ტვინის შერყევა გაქვს და ასე ცუდად იმიტომ გრძნობ თავს. წყალი გამოივლე და დაწექი. შენს მდგომარეობაში წოლა ყველაზე კარგი მკურნალია...

პირი მოსწმინდა. შუბლზე მომდგარი ოფლის წვეთები ხელსახოცით მოაცილა და დააწვინა.  პეტრემ რამდენიმე ყლუპი წყალი ისევ მოსვა და თვალები დახუჭა. მაშინვე ბურანში ჩაიძირა. ქუთუთოები ისე დაუმძიმდა, თითქოს ტონიანი გირები ჩამოეკიდოთ. მერე სხეულში სიმსუბუქე იგრძნო და ძილმა წაართვა თავი.

ხილულ სამყაროს მიღმა უხილავი სამყაროც არსებობს, რომლის შეგრძნება მხოლოდ ნატიფი სულის ადამიანებს შეუძლიათ.

 

 

3

 

პეტრემ უმაღლესის დამთავრების შემდეგ, კარგი სამსახური იშოვა, მაგრამ მალევე, რამდენიმე წელში, თბილისში აღარ დარჩენილა, ყველაფერი გაყიდა და მაღალმთიან სოფელში გადმოსახლდა. მესაქონლეობას მიჰყო ხელი. სოფლის თავკაცის როლი მოირგო და ყოველდღიურობაში ჩაიძირა. დამხმარედ ორი მოჯამაგირეც დაიქირავა და ყოველ თვე კარგადაც უხდიდა, წლის ბოლოს კი ნამატსაც ჩუქნიდა. სოფლის განაპირა ფერმა ააშენა. ას სულზე მეტი ცხვარი და თხა, ოციოდე ძროხა-კამეჩი და ფრინველი გაიჩინა. საქმე დასაწყისისთვის კარგად აეწყო, თითქოს  ბუნებაც მის მხარეს იყო, ტყუპი ბატკნები და სამი ტყუპი ციკანი ხშირად იბადებოდა. რამდენჯერმე ფერმის გაფართოებაც მოუწია. საქმე კარგად მიდიოდა... ფული იმდენი ჰქონდა, რომ სოფლის სახლი მოაპირკეთა, ეზო-ყურე მოალამაზა და  შემოღობა. პარალელურად მიწის დამუშავებასაც მიჰყო ხელი. ერთი სიამოვნება იყო, საკუთარი ხელით მოწეული და მოვლილი ბოსტნეულის და ხილის მირთმევა. სოფელში ცუდი სახელი სულაც არ ჰქონდა, არც წუწურაქ მემამულედ თვლიდნენ და არც მფლანგველ, უყაირათო ადამიანად. ჰქონდა იმდენი, რომ სხვათა პატივისცემა და მომჩივანის გაკითხვაც შეეძლო. ერთადერთი, როგორც სოფლელები ფიქრობდნენ, ის იყო, რომ ოჯახს ვერ მოეკიდა და მისი შესაფერი ქალი ჯერაც არ გამოჩენილიყო, რომელიც მის გულამდე მივიდოდა და ცოლად მოიყვანდა. გადიოდა თვეები. საქმიანობაში ჩაფლული არც მეგობარ-ამხანაგებზე  ამბობდა უარს და არც სმაზე და მოლხენაზე, მეზობლებსაც ხშირად სტუმრობდა, ყველას ეხმარებოდა, მაგრამ სერიოზული და მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში  მაინც არაფერი ხდებოდა. რომ გეკითხათ, კი უნდოდა, როგორ არა, რომ ოჯახს მოჰკიდებოდა, მეუღლე ამოეყენებინა გვერდით და ერთად ეწიათ ცხოვრების ჭაპანი, მაგრამ რაღაც ყოველთვის აბრკოლებდა. ასე ჩანდა სხვებისთვის,  უცხო თვალით დანახული პეტრე, სინამდვილეში კი ყველაფერს დიდი და მნიშვნელოვანი სარჩული ედო ქვეშ, რომელიც ზედაპირზე ვერ აღწევდა და კაცს რამდენადმე იდუმალსა და გამოუცნობს ხდიდა.

 

 

4

 

-  რატომ გგონია, რომ სწორედ იქცევი, რომ შენი მომავლისთვის ეს გზაა მხოლოდ მართებული?

-  არ ვიცი, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ასე უფრო მეტ გამოცდილებასა და ცოდნას შევიძენ. სოფლად წასვლა მირჩევნია, იქ სიმშვიდე და სიწყნარეა!

პეტრეს არ უთქვამს, რომ ნამდვილი საბაბი სულ სხვა იყო. მიზეზი, რომელიც მას ყველაფრისგან მოწყვეტასა და მოშორებას აიძულებდა, უფრო დიდი და ღრმა გახლდათ. მან მეგობარს მხოლოდ ნაძალადევად გაუღიმა და ფიქრებში ჩაიძირა. ჰო, მიზეზი, რომლის გამოც მან ქალაქიდან მიყრუებულ სოფელში გადასახლება და განმარტოება გადაწყვიტა, სიმდიდრის მოპოვების სურვილით  სულაც არ აიხსნებოდა, თუმცა ფერმის საქმე შესანიშნავად მიდიოდა და ფულმაც იწყო დენა, მაგრამ ამ თანხას პეტრე კეთილდღეობისა და თავისი სიამოვნებისთვის არ ხარჯავდა, ფულს ისევ ბრუნვაში უშვებდა და ახალი ჯიშის საქონელს ყიდულობდა. რაღაცნაირი ყისმათი ჰქონდა, რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერი გამოსდიოდა, მაგრამ ისე კი არა, მიფუჩეჩებითა და უგერგილოდ, არამედ პირწმინდად და ბრწყინვალედ.  სოფელში პეტრეზე ამბობდნენ,  იღბლიანიაო,  მაგრამ არავინ იცოდა მასზე უკეთ, თავისი უყისმათობის ამბავი. არავინ უწყოდა მის გულში ჩასაფრებული ქარიშხალი როდის ამოხეთქავდა და მის არსებას გაანადგურებდა... ახლა მხოლოდ მოგონებებიღა აცოცხლებდა, მეტი რა დარჩენოდა გარდა ფიქრისა? ახლაც ტკბილმა, მათრობელმა ფიქრებმა ჩაძირა...

....როდის ნახა პირველად? როდის ჩაუვარდა გულში? იმ ქალის სიყვარული ეკლიანი მარწუხივით შემოსჯაჭვოდა და განძრევის საშუალებას არ აძლევდა. ის უბრალოდ აღარ იყო, მარტო  მისთვის კი არა, აღარავისთვის აღარ არსებობდა! მაგრამ ხანდახან, როცა პირქუში ღამე მიწაზე ფარდასავით ეშვებოდა და მის სხეულს და სულს მრუმე, ბლანტ მოსასხამში ახვევდა, ტკივილს გრძნობდა, გაუმხელელ ტკივილსა და უკიდეგანო სევდას. მისი სულის სიცარიელენი, გამოცარიელებული ჭაბურღილებივით პირდაბჩენილნი, შველას ითხოვდნენ. ამოვსება არავისა და არაფერს შეეძლო. მხოლოდ გონებაში მოფარფატე ლანდები, კინოლენტასავით ტრიალებდა მის ტვინში და განვლილის ხელახლა შეგრძნებას ლამობდა. მარიას არავინ გააცოცხლებდა, ის მუდამ მოუშუშებელ ტკივილად და ღრმა ჭრილობად დარჩებოდა სულში.  რა უნდა ექნა? ან თუნდაც თავისი გაქცევის ნამდვილი მიზეზი ვინმესთვის აეხსნა, ეს მოუტანდა შვებას? ან შვება რაში სჭირდებოდა, როდესაც თავადვე სურდა, იმ ტკივილში ჩამხრჩვალიყო, რაც მარიამ იგრძნო, ის განეცადა, რაც მის ერთადერთ და სამუდამო სიყვარულს მაშინ ეგრძნო...  არა, ნამდვილი მიზეზი არავისთვის არ იყო ცნობილი და არც საჭირო იყო, რომ ვინმეს სცოდნოდა. არ დაუშვებდა, ვინმეს შებრალებოდა, ამას არავისგან არ მოითხოვდა... არავის სიბრალული არ სჭირდებოდა. ეს მისი გზა იყო, მისი ჯვარი, მისი გოლგოთა...  იცოდა, განა არ იცოდა, რომ ბევრი სულელადაც ჩათვლიდა. კაცმა, რომელმაც თავისი ცოდნითა და კარგი სამსახურით შესანიშნავი კარიერა მოიწყო - მაღალი ხელფასი, თანამშრომელთა პატივისცემა, ახლად შეძენილი ბინა და ბევრისთვის შესაშური მანქანა - ყველაფერი ერთი ხელის მოსმით „გაანადგურა“, როგორც ამას სხვები ფიქრობდნენ, გაყიდა და აღებული თანხით სოფელში გადაიხვეწა, მესაქონლეობას მიჰყო ხელი. მოგვიანებით, სოფლის განაპირას, ფერდობზე დანგრეული ეკლესიაც თითქმის  აღადგინა და სოფლის ცხოვრების ყოველდღიურობაში ჩაიძირა. მაშინ ამაზე არ ფიქრობდა, რამდენად წარმატებული გახდებოდა ეს საქმიანობა, უბრალოდ, იმ დროს უნდოდა, ყველაფერს გასცლოდა და გამქრალიყო... ჰო, აღარ სურდა, იმ სამსახურში ევლო, სადაც მარია დადიოდა, ის მომცრო და ლამაზი ოთახი დაენახა, სადაც მარია თავაუღებლად კომპიუტერთან მუშაობდა, არც ის სარკმელი, საიდანაც მარია, დაბლა ჩასულს, ღიმილით აცილებდა... მათზე ხომ ვერავინ ვერაფერს წარმოიდგენდა. ეჭვისთვალითაც არავის უფიქრია, რომ პეტრესა და მარიას შორის შეიძლებოდა რამე არსებულიყო, არავინ არაფერი იცოდა. მერე, როცა მარია იმ ავბედით დღეს ავარიის მსხვერპლი გახდა და მთელმა ოფისმა გამოიტირა, მაშინ პეტრეც მოკვდა, მარიასთან ერთად მოკვდა. მოკვდა იმიტომ, რომ მის გარეშე სამყაროც გარდაიცვალა, პეტრეს გულმაც არსებობა შეწყვიტა. მარიასთან ერთად მისი ყველა ოცნებაც დაასაფლავეს. პეტრემ სიცოცხლის აზრი და სურვილი დაკარგა...

...ახსოვს, როგორ დაიხარა უკვე მიტოვებული საფლავის წინ და დიდხანს, ძალიან დიდხანს უხმოდ, მხოლოდ ცრემლებით, ტიროდა. მიწა, რომელიც ბარიერად აღმართულიყო მათ შორის, ცივი და ნამიანი იყო, ხოლო კონებად შეკრული ყვავილები, შავი ლენტებითა და ოქროსფერი წარწერებით, ეკლიანი მავთულებივით სუსხავდა კაცის თითებს. რამდენმა საათმა განვლო, არ ახსოვდა, უბრალოდ, მიწაყრილთან ჩაჩოქილი, მხოლოდ ხელებით ბღოჯნიდა გაყვითლებულ მიწას და პირში მწკლარტე გემო, შხამივით მსუსხავი და გულისამრევი, ყელში ბურთივით ეჩხირებოდა. მერე შავი ღრუბლები ჩამოწვა, თითქოს კუნაპენტ კუპრში გაახვია სასაფლაო და ბლანტმა, მძიმე ჰაერმა სუნთქვა შეუკრა. სადღაც ძალიან შორს ტეხილად გაიკნავლა ელვამ და გრუხუნმა კაცის ყურამდეც მოაღწია.

-  მალე მეც მოვალ შენთან, გპირდები, შენ მარტო, ჩემო სიფრიფანა გოგო, მარტო ვერ შეძლებ გაუმკლავდე სულების პირქუშ სამყაროს... ჩვენ ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებსო, ხომ მითხარი და ასეც იქნება, მე მოვკლავ იმ სიკვდილს, რომელმაც შენი თავი წამართვა, ჩვენ ან ერთად ვიქნებით, ან აღარ ვიარსებებთ...

თავის ჩურჩული თავადაც ეუცხოვა, თითქოს მისი სხეულიდან სული გამოსრიალდა და იგრძნო, როგორ შეუერთდა უხილავ ლანდებს.

-  შენ უჩემოდ ვერ გაძლებ, მარიააა...

მთელი ხმით იყვირა და იგრძნო როგორ დაცარიელდა, უწონო და მსუბუქი გახდა. ხელებში გასრესილი მიწა თითებშუა თიხის პატარა ფიგურებად დაიშალა. კიდევ უფრო ჩამობნელდა და სულ ახლოს ისევ გაიელვა ელვამ. ჭექა-ქუხილმა მის ყურებთან დაიჭექა. კაცი არ განძრეულა, კვლავ აგრძელებდა ჩურჩულსა და მოთქმას. ბუნებამ ვეღარ მოითმინა და პეტრეს ცრემლებს საკუთარი ცრემლებიც შეაზილა. კოკისპირულად გაწვიმდა. მთელი ცა ჩამოიქცა და სასაფლაოს მიწაყრილი ჩამოასწორა. ყვავილები აამოძრავა. ერთი მოტეხილი ვარდის ტოტი მიწაყრილიდან ჩამოცურდა და პეტრეს პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა. თითქოს ზეციური ნიშანი ყოფილიყოს, პეტრე მოულოდნელად შეკრთა, ვარდის კოკორს დასწვდა და ტუჩებთან მიიტანა. წვიმის წვეთებს  გამოეცოცხლებინა, ყვავილი საოცარ სურნელებას აფრქვევდა. ხელი მოუჭირა და ხარბად შეისუნთქა. მერე წამოდგა, თავიდან ფეხებამდე სველი იყო. ნელი ნაბიჯით დაიხია უკან და  თავჩაქინდრულმა სასაფლაოს ტერიტორია დატოვა.

მანქანაში რომ ჩაჯდა, ვარდი საჭის წინ, საფარ მინასთან დადო და ძრავა ჩართო... უკვე ვეღარაფერს გრძნობდა, თითქოს მის კიდურებს შეხების რეცეპტორები ერთიანად აესხიპა და უგრძნობ კანს სამყაროსთან კავშირი გაეწყვიტა. ვარდი აღარ მოუშორებია, დაჭკნა, მაგრამ მაინც თან ატარებდა ყველგან, როგორც საყვარელი ადამიანის უკანასკნელ სახსოვარს...

5

თავის ყრუ ტკივილმა ისევ გააღვიძა. ქოხში მარტო იყო  და ისევ თბილოდა. ცეცხლის ხმა ყურთასმენას უჩვეულო სიმშვიდით ავსებდა.  უცებ თითქოს თავის სხეულიდან გამოსრიალდა და საკუთარ თავს ზემოდან დაუწყო ყურება. იყო ასე დიდხანს, სიჩუმეში ჩაძირული და არ იძვროდა. მერე  მობრეცილი სარკმლიდან მთვარის შუქი შემოიჭრა და პეტრემ დაინახა მაგიდასთან დადგმული დოქი. ახლაღა იგრძნო, ხახა როგორ უშრებოდა, თითქოს უხილავი ხავსები დამშრალი ჭასავით ყელზე შემოსალტვოდა, ნელ-ნელა იფიტებოდა და გაუმტარი ხდებოდა. წამოიწია. გულისრევის შეგრძნებამ ისევ შეაწუხა. ხელი თავზე მოისვა და ტახტის კიდეს დაეყრდნო. შიშველი ფეხები მიწაყრილზე დააწყო და საკუთარი სიძლიერე მოსინჯა. ფეხზე დგომა შეძლო... ხელის ცეცებით მიუახლოვდა მაგიდას და დოქს მისწვდა. დაჭრილი ირემივით დაეწაფა წყალს, სულმოუთქმელად შეისრუტა. ის ყელში მობჯენილი ხავსი თითქოს  წყალმა დაალბო, თოვლივით გაადნო და გაზაფხულის მდინარესავით თავის წიაღში გაიტაცა. სააოცარი შვება იგრძნო. წყალსაც უცნაური გემო ჰქონდა, რომელიღაცა ბალახის თუ მცენარის სუნიც ასდიოდა, თუმცა ვერაფრით მიამსგავსა, რა შეიძლება ეს ყოფილიყო?

კარმა გაიჭრიალა და მესა გამოჩნდა. ამჯერად, უფრო დიდი და ღონიერი მოეჩვენა პეტრეს. მოსული ცეცხლთან ჩამოჯდა და ამოტრიალებული, უგუგო თვალები ცეცხლს მიაბჯინა. პეტრემ ვეღარ მოითმინა და ჰკითხა:

-  გათენდა, მესა?

კაცი შეკრთა, უხეში ტორები შეანძრია და მუხლებზე შემოიწყო, დაიზილა, თითქოს სხეულის დამასაჟებას ცდილობდა. პეტრესკენ არც მოუხედავს, ისე ჩაილაპარაკა:

-  მუხლები მაწუხებს, რა ხანია, გადაადგილებაც მიჭირს, ალბათ, ასაკის ბრალია...

ცეცხლი ხის ჯოხით გადაქექა და ისევ დაჟინებული მზერა მიმართა ნაკვერჩხლებისკენ.  გავარვარებულ ნაკვერჩხალს დასწვდა, ხელში შეათამაშა. თითქოს ბურთის აკენწვლას აპირებსო, ერთი ხელისგულიდან მეორეში გადაიღო, ქოხში ტრუსის სუნი დატრიალდა.

-  როცა მუხლები მაღონებს და ეს ყოველთვის სავსემთვარეობას ხდება, ხელებს ვიწვავ, ტკივილი მუხლებიდან ხელებზე გადადის და ასე შვებას ვგრძნობ. თან ეს ნაკვერჩხლები მაგნიტივით მოქმედებენ, ხელებს წვავენ და ახალი ქსოვილი ამოჰყავთ, ცეცხლის ენერგია შემოდის მთელ სხეულში და ტკივილს განდევნის... ეს ერთგვარი განახლებაა, რეგენერაციაა, აი, ხომ გინახავს, როგორ სძვრება ხვლიკს კუდი, ან გველს - კანი, ან მღრნელები როგორ იცვლიან კბილებს? ცეცხლი წვავს ძველს და განაახლებს ახალს. ეს ენერგია რომ არა, აქამდე რა გამაძლებინებდა...

დადუმდა, ისევ სიჩუმეში ჩაიძირა, უპეებგადმობრუნებული თვალები სისხლისფერი და შემზარავი გაუხდა. პეტრეს გააჟრჟოლა, მაგრამ არ შეიმჩნია და ტახტისკენ გალასლასდა. მიმავალს მესას სიტყვები დაეწია, თითქოს მხოლოდ ახლა გაიაზრა, წეღან პეტრემ რაც ჰკითხა:

-  აქ არასოდეს თენდება, ყოველთვის ბინდია... მზე არასოდეს ამოდის ცაზე და ამიტომ ვიცლებით ენერგიის გარეშე, ეს მთვარის სამფლობელოა, მხოლოდ მთვარის შუქი გვასაზრდოებს. მთვარის მიმქრალი სინათლე აქ მზის სხივებზე ძვირფასია.

-  სულ არასოდეს? - გაიკვირვა კაცმა - ანუ დღის სინათლე აქ მცხოვრებლებს არ უნახავთ?

-  მზე არა, ხომ გითხარი, აქ მთვარის სამფლობელოა და იდუმალებაც უფრო შესამჩნევია. მზე რა ხანია, არ მინახავს, ერთხელ მოხდა სასწაული და მაშინვე მუქი ღრუბლებით დაიფარა. უმზეო სამყარო სიცილსა და სიხარულს მოკლებულია. მხოლოდ იდუმალება და ნოსტალგიაა. სავსემთვარეობას, მთის მწვერვალზე მგელიც უფრო შემაძრწუნებლად ყმუის... თითქოს ყველა ჩვენგანის სატკივარს ის იძახის აქ. დაბლა სოფელში რომ ჩახვალ, იქაც მდუმარება და სიჩუმე დაგხვდება, ადამიანები თავჩაღუნულები აკეთებენ თავის საქმეს და არავის ყურადღებას არ აქცევენ. ძირითადად მიწას თხრიან...

-  და რას საქმიანობენ?

-  ძვირფას ქვებს ეძებენ და ოქროს. მაღაროები ოქროსმაძიებელთა მოლასლასე დაღლილი სხეულებით არის სავსე.

-  ოქროს?

-  ჰო, ამბობენ, რომ მიწის წიაღში უამრავი ოქროა დამარხული, ეს ყველას სჯერა და ამიტომ თავაუღებლად შრომობენ.

-  ოქრო რაღად უნდათ?

-  ოქრო მზის ფასია აქ. ბევრი ოქრო მზის ტოლ ენერგიას ასხივებს, ეს კი ერთ გათენებულ დღეს უდრის. დღეს იცი, რა ფასი აქვს? ამას მხოლოდ ის მიხვდება, ვინც ხანგრძლივი მიწისქვეშა სამუშაოს შემდეგ გვირაბის ბოლოს ხედავს. დღე მზეა, მზე კი ოქრო...

-  მერე მიაგნეს ოქროს?

-  ყველაფერი ძებნის პროცესშია. ერთხელ კიდეც გაუმართლათ, ოქროც იპოვეს, მაშინ დღეც მოვიდა და მზეც, მაგრამ ვიღაცას შეშურდა ჩვენი ბედნიერება და ოქრო მოიპარა, მას შემდეგ სოფლის მოსახლეობა ისევ მუშაობას შეუდგა. მძიმე სამუშაოა, მაგრამ ამ ხალხს იმედი აცოცხლებს, რომ საგანძურს იპოვიან და მზეც ისევ გამოჩნდება ცაზე...

          მესამ ახლა დამწვარი ხელისგულები მოიფშვნიტა და ისევ მუხლების ზელვას მოჰყვა.

-  უმზეობა რაქიტს იწვევს და პირველად ძვლები იფიტება, მყიფე და ადვილად მტვრევადი ხდება, მოზელილი თიხასავით იმსხვრევა. აქაურები, წელში მოკაკვულები და მუხლებში მოხრილები დადიან, განსაკუთრებით მოხუცები, თუმცა ახალგაზრდებიც არ არიან კარგ დღეში, ეს ოხერი მაღარო ხომ მათი ძირითადი სამუშაოა...

-  სოფელი რითი ცხოვრობს, რა არის მათი არსებობის წყარო?

-  არაფერი, მეთევზეობას მისდევენ. მთვარის შუქზე ბევრი თევზი იყრის თავს მდინარის შესართავთან. იქაც უამრავი ბადე და მახეა დაგებული. გაზაფხულობით მიწათმოქმედებას მისდევენ, მაგრამ აქაური მცენარეები, ისეთი არ არის შენ რომ გინახავს, ხილიც და ბოსტნეულიც სიმჟავით გამოირჩევა, მზე ვერ ატკბობს მათ და ამიტომ სხვა არომატი და სევდის გემო აქვს... სათბურებს ხან ცეცხლით ათბობენ, ეს ერთადერთი ნათელია, რაც მთვარის შუქზე მეტად ფასობს და ცეცხლს ცეცხლის ფასი აქვს..

გაეღიმა. მერე ჩამოყრილი ხელები ერთმანეთში გადააჯვარებინა და კერიასთან დაიჩოქა... უცნაურ სიმღერასა და ღიღინს მოჰყვა. პეტრეს მოეჩვენა, რომ კაცი მისთვის გაუგებარ სალოცავ სიტყვებს ბუტბუტებდა... მერე რამდენჯერმე დაიხარა და ცეცხლის წინ თავი მიწაზე დადო, ეს ერთგვარი მეტანია იყო, უჩვეულო და უცნაურ გარემოში შესრულებული, რაც კი ოდესმე საკუთარი თვალით ენახა პეტრეს. ლოცვასა და მეტანიებს რომ მორჩა, ხელში უზარმაზარი დოლი აიღო, რომელიც ფორმით საცერს ჰგავდა. მასზე პირუტყვის სლიკინა და პრიალა ტყავი გადაეკრათ. მესამ თავისი დიდი ტორები შემოჰკრა, აახმიანა.  წამომართული, უცნაურად იკლაკნებოდა და ყოველ ხმამაღლა წამოძახილ სიტყვაზე ძლიერად ურტყამდა დოლს. პეტრე თვალს არ აცილებდა ამ სანახაობას და ფიქრებში წასული, გაოგნებული  ფიქრობდა, რომ ძალიან უცხო და შეშლილი კაცის ხელში აღმოჩნდა. არ იცოდა, რა უნდა მოემოქმედა, რომ აქედან ისევ უკან დაბრუნებულიყო. დოლის ბაგუნმა ისევ ბურანში ჩაითრია და დაგიპნოზებულს გონება ისე მიებნიდა, როგორც სარკმლის მინაზე მბჟუტავი სანთელი... ჩაეძინა.

 

6

და ყველაფერი რომც წარმოედგინა, მაინც ვერ მიხვდებოდა, როგორ და საიდან დაიწყო მისი უცნაური ისტორია.  მერე ბავშვობაში, არდადეგებზე ერთი დღე გაახსენდა. მაშინ სოფლის სახლში მარტო დატოვეს, მშობლები კი თბილისში ბრუნდებოდნენ. არც ის ახსოვს, როდის შემოვიდა დედა და მძინარეს შუბლზე აკოცა, რადგან ჯერ ისევ ეძინა და უცნაურ სიზმარს ხედავდა. მერე ამ სიზმარში დედის სითბო შემოიჭრა და პეტრემ გაიღიმა, არა, კი არ გაიღიმა, უბრალოდ, სითბოს გაუყუჩდა... დედის ხელებმა შუბლზე ჩამოშლილი თმა გადაუსწორეს და ის ნეტარება დააფრქვიეს, რომელიც ენით აუხნელ შეგრძნებებში ძირავდა. თუმცა სიზმრიდან გამოძვრომა არც უცდია. სუნთქვა უფრო მშვიდი გაუხდა და ახლა, მართლა უღიმოდა მოჩვენებითი სამყაროს წარმოსახვით ფიგურებს. მერე დედა დაიხარა და ისევ შუბლზე აკოცა. სიტყვები თითქოს მყისიერად გაჩნდა:

-  არ იცელქო, პეტრე, ბებია არ გადაღალო, მე და მამა მალე დავბრუნდებით!

ჰო, გაიგონა ეს სიტყვები, მაგრამ ისევ ძილმა წაართვა თავი. დედა დაჰპირდა, ჰო, დაჰპირდა, რომ მამა და ის მალე დაბრუნდებოდნენ, მაგრამ აღარ დაბრუნებულან. ეს იყო ერთადრთი პირობა, დედამ რომ არ შეასრულა... მერე ისიც გაახსენდა, ახლად გამოღვიძებული, როგორ გრძნობდა დედის ხელებს შუბლზე, მისი ამბორი კანს უწვავდა... არასოდეს დავიწყებია... და ხანდახან, როცა ძალიან ცუდად იყო, დედა ისევ შემოდიოდა მის ოთახში და მძინარეს შუბლზე კოცნიდა. ზღვარი, რომელიც, რაღაც მიზეზის გამო, ისევ გაუმიჯნავი დარჩა, სიზმრების სამყაროში საზღვრებს შლიდა...  დედა აღარ დაბრუნებულა, მაგრამ მისი ლანდი მფარველი ანგელოზივით რომ დაჰყვებოდა, ყოველთვის საოცარ ძალასა და ენერგიას აძლევდა... ისიც ბუნდოვნად ახსოვს, იმავე საღამოს, როგორ წაიყვანეს ისევ თბილისში და მათ ბინაში უამრავი ადამიანი დახვდა. პეტრე ვერ მიხვდა, რა მოხდა, ან ყველა ასე დანანებით რად უყურებდა?... მხოლოდ ჩურჩული ესმოდა, მანქანა მოსრიალდა და ავარია მოხდა, ერთ-ერთი მაინც გადარჩენილიყო, ამ მოხუცი ქალის ანაბარა ეს საცოდავი ბავშვი როგორ დარჩა? ცოდვა არაა?... მერე ხალხი წავიდა და ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, პეტრეს ეშინოდა თვალის დახუჭვისა, რადგან მაშინვე კედელზე მცოცავი უხილავი ლანდები მოძრაობას იწყებდნენ და მის გონებაში ძვრებოდნენ. ეშინოდა, რომ ეს უფსკერო და უკიდეგანო სიჩუმე მასაც ჩაყლაპავდა და პატარა მწერივით გასრესდა. ჰო, იმ მწერივით ბავშვობაში რომ იჭერდა და სრესდა.

ერთ დღეს მეზობლის გოგომ,  ნიაკომ უთხრა: - ობობებს ნუ კლავ, დედა მოგიკვდებაო, მას კი ამ სისულეელეების არ სჯეროდა და განაგრძობდა მწერების ხოცვას, მერე დედა მართლა მოუკვდა და სულ ნიაკოს სიტყვები აგონდებოდა. გოგო მის წარმოსახვაში ხშირად მოდიოდა, ცრემლიანი თვალებით კრებდა დახოცილ მწერებს და ისე სათუთად დასცქეროდა, თითქოს ისინი კი არა, ნიაკო მოეკლათ. მერე, დიდ სევდიან თვალებს გამწყრალი შეანათებდა  პეტრეს და ეუბნებოდა: - ხომ გაფრთხილებდი, რატომ არ დამიჯერე, ხომ ნახე, რომ დედა მართლა მოგიკვდა. პეტრე თავს ჩაჰკიდებდა და გული ეწურებოდა, დანაშაულის საშინელი გრძნობა არ ასვენებდა: - დედა მე მოვკალი, ეს მე ჩავიდინე... მწერები რომ არ გამესრისა, დედა ახლაც ცოცხალი იქნებოდა, ეს მე გავაკეთე, მე...  მერე უამრავი მწერი ამოძრავდებოდა, იწყებდნენ კედელზე ხოხვას და ფორთხვას, თითქოს ყველა მისკენ მოიწევდა, რათა დაეგესლათ, სისხლი ამოეწოვათ და დაესახიჩრებინათ... ბორგავდა და სიჩუმეში ჩაყურსული, საკუთარი თავიდან გაქცევას ლამობდა... ყვირილსა და სალანძღავ სიტყვებს, სხეულისა და კიდურების მოძრაობაც სინქრონულად ერწყმოდა და მთლად ოფლშიგაწურული, ძალაგამოლეული ყუჩდებოდა... მერე მოდიოდა დედა, თავისი თბილი ხელებით, სველ თმებს უწმენდდა და ჩუმად კოცნიდა. პეტრე გრძნობდა ამ თითებს, უნდოდა, დედისთვის ხელი ჩაეჭიდა და აღარსად, სულ აღარსად აღარ გაეშვა, ამიტომ ჩქარობდა, თვალებს უცაბედად ახელდა, რომ დედა შეეჩერებინა, თავადაც გულში ჩაჰკვროდა და მასთან დარჩენილიყო, მისი გულის ფეთქვა ცხადად მოესმინა.... იღვიძებდა და საწოლთან დახრილ ბებიას ხედავდა, ბებიას, რომელიც დედის მაგივრად უწმენდდა ოფლსა და სახეს უკოცნიდა...

-  დედა? - კითხვით სავსე თვალებით უსვამდა ბებიას შეკითხვას - სად წავიდა, ის ხომ აქ იყო ახლა?

ჰო, ბებიასაც დედასავით თბილი ხელები ჰქონდა, დედასავით ალერსიანი მზერა, მაგრამ ის ხომ დედა არ იყო? პეტრეს კი დედა უნდოდა, თავისი დედა. ბებია იხრებოდა და ბიჭის თავს საკუთარ მკერდში მალავდა. მერე გრძნობდა, როგორ უხმოდ ტიროდა ბებო და მისი უსუსური ცრემლები როგორ უსველებდა  თმებს... პეტრეს კი მხოლოდ დედასთან შეხება უნდოდა, მისი თბილი ამბორი ენატრებოდა...

განთიადი სარკმელში ნაცრისფერ ბინდს აფერმკთალებდა, პეტრეს კი მონატრება სტანჯავდა... ეს გრძნობა და უსაზღვრო მონატრება წამება იყო პატარა ბიჭისთვის. ტირილში თავადაც იძირებოდა და მონატრებას ცრემლებში ახშობდა...

 

7

რომ გაეღვიძა, ქოხიდან გასვლა მოუნდა. ცნობისმოყვარეობა კლავდა, რა იყო გარეთ, სარკმელს მიღმა? მასპინძელი იქ არ დაუხვდა. ჭრილობაც ისე აღარ სტკიოდა, მესას ბალახების მალამოს სასწაული მოეხდინა. წამოიწია, მძაფრი სუნი იგრძნო, თითქოს გოგირდს ახრჩოლებდა ვიღაც, სუნმა გულისრევის შეგრძნება ისევ მოჰგვარა, მაგრამ უკან აღარ დაუხევია, კარამდე ფრთხილად მივიდა და ხელის კანკალით გამოაღო. მის წინ სასაფლაოს აკლდამები წამომართულიყო. მთვარის მოვერცხლისფრო სხივები დამრეცად ეცემოდნენ მარმარილოს შავ ქვებს და ბინდში საოცრად ბრწყინავდნენ. მდუმარება დასწოლოდა აკლდამებს, ეს მდუმარება რაღაცნაირ შიშსა და მოკრძალებას აღძრავდა მნახველში. ხეები, წელში მოხრილები, უფოთლო სხეულებით ერთმანეთის მიყოლებით ბილიკის გასწვრივ იდგნენ. გზა სასაფლაოდან ქვემოთ გრძელდებოდა. ბილიკი მიხვეულ-მოხვეული, დამრეცი იყო და მთვარის შუქზე უზარმაზარი თოკივით ეშვებოდა ქვემოთ, სოფლისკენ. სოფელი პატარა გუნდად შეკრებილი სახლებისა და ქოხმახების ნაკრები გახლდათ. ჩაშავებული სახურავებითა და დამრეცი ქონგურებით.

უცებ უკან ნაბიჯის ხმა მოესმა:

-  სასაფლაოდან წყარო გამოდის. ამბობენ, ეს ნაჟური წყალი მიცვალებულთა ცრემლებიაო, წყარო სოფელში მიედინება და მის მაცხოვრებლებს ასაზრდოებს. სხვანაირი გემო აქვს, ცრემლებისა და ტკივილის გემო, მაგრამ ვინც ერთხელ მაინც დალევს, ვერ დაივიწყებს, სულ გინდა, რომ სვა და სვა... ეს ჭირივით არის, როდესაც ადამიანი წუწუნებს და ბედს ემდურის, თითქოს, მის ცხოვრებაში მხოლოდ ეს წუწუნი და უბედურება მოდის. რასაც აკეთებ, რასაც ამბობ, შემდეგშიც იგივე ხდება, მოჯადოებული წრეა, შესვი უბედურება და ისევ უბედურება მიგიზიდავს, თითქოს ეჩვევი იმას, რაც ხდება და ეს შენს ყოველდღიურობად იქცევა. შეჩვეულის გადაჩვევა ძალიან ძნელია...

მესა პეტრეს გვერდით იდგა და ჩაფიქრებული განაგრძობდა საუბარს. მთვარის შუქზე მისი მოვერცხლისფრო თმა კიდევ უფრო თეთრი და ხშირი ჩანდა. სხეული კი უფრო მოკაკვული და ჯმუხი. გადმობრუნებული უპეებით თითქოს მთვარეს შეჰღიმოდა და სახეზე არეკლილი ნათელი იდუმალებას სძენდა:

-  ვიცი, ცნობისმოყვარეობა გკლავს და ერთი სული გაქვს, დაბლა ჩახვიდე, არც გაბრკოლებ, ჩემი მასპინძლობისგან გათავისუფლებ, მაგრამ რჩევას მოგცემ, არასოდეს არ იგემო სასაფლაოდან გამონაჟური წყაროს წყალი და არასოდეს გაეკარო მათ პურს, თორემ შენც ერთ-ერთ მათგანად იქცევი და იქიდან ვეღარ გამოაღწევ...

-  თუ შიმშილმა და წყურვილმა შემაწუხა?

-  როცა სული მაძღარია, შიმშილი და წყურვილი არ აწუხებს, სულს აზრები კვებავს. გაიფიქრე, რომ მაძღარი ხარ და დაკმაყოფილდები...

-  მარტო აზრებით კვება რომ შეიძლებოდეს, მაშინ შიმშილიც არ იარსებებდა. -შეეპასუხა პეტრე და მის გადმობრუნებულ უპეებს ჩააცქერდა. კაცი თითქოს შეკრთა და პეტრესკენ მოტრიალდა. კიდევ უფრო დაიხარა, ლამის ყურთან მიუტანა მსხვილი ტუჩები და ნელა, ძალიან დაბალი ხმით უთხრა:

-  ყველა საკვებზე მეტად ადამიანს ღმერთის სიტყვა აპურებს, ეს ერთადერთი საზრდოა, რომლის მიღებაც არ გბეზრდება და რაც მეტს დაეწაფები, რაც მეტს დააგემოვნებ, მით უფრო და უფრო მეტი გინდა, გაუმაძღარი და თავსებადი ხდები. ღვთის სიტყვები გკვებავს და გასაზრდოებს, ასეთი მადლით სავსე კაცი  ყოველდღიურ, პირობით ნაკლოვანებებსაც ადვილად იტანს...

მესა წელში გაიმართა, პეტრეს მოსცილდა და ქოხში შევიდა. მარტო დარჩენილი კაცი მთვარის სინათლით განათებულ გზას გასცქეროდა და მის წინ გადაშლილ, მდუმარედ გადაწოლილ სოფელს ხედავდა, შავ ნისლებში ჩაძირულსა და რუხი საკვამურებიდან ამომავალი კვამლის ფარდაში გახვეულს. „ნეტა იქაც ასეთი უცნაური ადამიანები თუ ცხოვრობენ, როგორც ჩემი მასპინძელიაო?“ - გაუელვა თავში, რომ მესაც გამოჩნდა. ხელში მომცრო ბოთლი ეჭირა და შიგ მდგარ სითხეს ხელის კანკალით ამოძრავებდა.

-  აი, გამომართვი, თუ მაინცდამაინც შიმშილმა და წყურვილმა შეგაწუხოს, ერთი წვეთი მოსვი და შენი ადამიანური ბუნება სრულიად დაკმაყოფილდება. აქ არის ყველა ის საუცხოო ნივთიერება, რაც შენს ორგანიზმს სიცოცხლისთვის სჭირდება. მესმის, ადამიანური ბუნება მაინც ყოველდღიურ წვრილმანებამდე დადის,  შიმშილსა და წყურვილზე ფიქრი უფრო დიდი მაცდუნებელია, ვიდრე საშიშროება, ამიტომ ხელთ სწორედ ის გაქვს, რაც ამგვარ ფიქრებზე კონცენტრაციის საშუალებას არ მოგცემს. უბრალოდ, მეტზე იფიქრე, უფრო მნიშვნელოვანი დაინახე, შეისწავლე და ნუ დაწვრილმანდები!... წინ დიდი გზაა გასავლელი, შეიძლება ხიფათითა და მოულოდნელობებით სავსეც, წინასწარ ვერავინ გეტყვის, მაგრამ მძიმე წუთებშიც კი არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე რთული სიტუაციიდანაც არის გამოსავალი. ყველაზე ჩახლართულ ლაბირინთსაც აქვს კარი, რომელი კარითაც ამ ლაბირინთში მოხვდი. რომ ყველა გვირაბის ბოლოს მზე ანათებს და ყველა ღამე ოდესმე გათენდება, უბრალოდ, უნდა გჯეროდეს ამის და კარიც გამოჩნდება, დღეც და მზეც.

პეტრემ ბოთლი გამოართვა. შეაჯანჯღარა. გამჭვირვალე, მოვარდისფრო სითხის გარდა სხვა არაფერი დაუნახავს. მერე ბოთლს სახურავი მოხადა და დაყნოსა. სასიამოვნო არომატმა შეუთრთოლა ნესტოები, თითქოს ეს სურნელება ენერგიის საოცარი ძალით შეიჭრა მის სხეულში და ყველა ნერვსა და უჯრედს დაეპატრონა. მოინუსხა, გაბრუვდა.

-  რამე ნარკოტიკული ნივთიერება ხომ არ არის? - ღიმილით ჰკითხა.

კაცმა თავი გააქნია:

-  არა, უბრალოდ, სწორედ შერჩეული მცენარეები და ნივთიერებებია, რომელიც ორგანიზმს კვებავს და ენერგიით ავსებს. ყოველთვის თან იქონიე, მეტად გამოგადგება. ერთ წვეთზე მეტი ხსნარი არ მიიღო, თუ ვინიცობაა, ბევრი მოგივიდა, შეიძლება ხანგრძლივი ძილი მოგგვაროს და სამყაროს სრულად გაეთიშები. ეს ერთი წვეთი დღეში საკმარისია... არავის უწილადო, არავის აჩვენო, ამით პრობლემებს აირიდებ თავიდან.

-  გასაგებია! - ბოთლს სახურავი დააფარა პეტრემ.

-  ეს კი პატარა ჩანთაა, მხარზე გადაიკიდე, მალამოები მოგიმზადე, თუ ტკივილმა შეგაწუხა, დაგჭირდება. მცირე საგზალიც გავახვიე ქაღალდის პარკში და დანა. ბოთლიც აქ შეინახე მხარზე გადაიკიდე, არასოდეს მოიხსნა ეს ჩანთა, იცოდე, რომ აქ ყველაფერია, რაც უცხო სიტუაციაში გამოგადგება.

პეტრემ ჩანთა გამოართვა, ბოთლიც ჩადო და მხარზეც გადაიკიდა. ღრმად ამოისუნთქა და მასპინძელს მოკრძალებით შეაცქერდა:

-  მესა, ასე რატომ ზრუნავ ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, არასოდეს შეგხვედრივარ და არც ჩემი დახმარება არასოდეს დაგჭირდება.

მესამ უგუგო,  გაფართოებული თვალებით მთვარეს შეჰღიმა და  გაცინება სცადა:

-  გგონია, რომ როცა სიკეთეს აკეთებ, ყოველთვის სანაცვლოს უნდა ელოდე? მაშინ რაღა სიკეთეა? სიკეთე თავისთავადია, უპირობო და აუცილებელი, რომელიც შენს სულს კვებავს და ასაზრდოებს. არასოდეს გაუკეთო ვინმეს რამე, თუ სანაცვლოს ითხოვ... ეს სიკეთე აღარ არის... მეორეც, კარგი ადამიანი ჩანხარ და ვგრძნობ, რომ თითოეულ ჩემს სიტყვას საჭიროებისამებრ გაიგებ და გაიაზრებ. მე გზას გიჩვენებ და ამ გზაზე გაივლი თუ არა, ეს უკვე შენი გადასაწყვეტია...

პეტრეს  მეტი აღარაფერი უკითხავს, მთვარით განათებულ ბილიკს მიჰყვა და ძირს დაეშვა. ნელა მიდიოდა, თითქოს აკლდამებიდან წამოსული მოჩვენებების დალანდვის ეშინოდა, მაგრამ ზურგს მოხრილი მესას უგუგო თვალებიდან გადმოსული მზერა უწვავდა. იცოდა, მესა იდგა და ამ მზერით კაცს სამშვიდობოს აცილებდა.

 

 

8

ერთხელ სკოლაში  მასწავლებელმა უსაყვედურა, უფრო მეტი შეგიძლია და რატომ ზარმაცობო? თავი არ უმართლებია. უბრალოდ, ნაწყენ თვალებზე მოკუმული მუშტები მოისვა და პატარა ბიჭივით ატირდა. მასწავლებელი შეცბა. ამგვარ რეაქციას პეტრესგან არ ელოდა და გაკვირვებული მზერა შეანათა. მერე  მერხების მთელი წყება გაიარა და პეტრესთან ახლოს მივიდა. ხელისგულები პეტრეს ქუთუთოებზე ამოსრესილ მუშტებს დააფარა და თვალები გაუთავისუფლა. უპეები ჩალურჯებული ჰქონდა. ჯერ დააკვირდა, მერე მოულოდნელობისგან უკან დაიხია და დამნაშავესავით ჰკითხა:

-  იჩხუბე?

პეტრემ თავი დახარა. მასწავლებელს თვალი მოარიდა, არ უნდოდა არაფრის თქმა. მერე უკან მჯდარმა მათემ მაინც წამოაყრანტალა:

-  კი მასწ. ამ დილას მეცხრეკლასელებს ეჩხუბა.

პეტრემ მოკუმული მუშტები უფრო დაჭიმა, რა სიამოვნებით მოსდებდა ამ არამკითხე მათეს ყბაში, მაგრამ თავი შეიკავა. მასწავლებელი კი იდგა და თითქოს წასვლას არც აპირებდა. დაკითხვას განაგრძობდა. მაგრამ პეტრესთვის დასმულ შეკითხვებს, ეს აბეზარი მათე სწორედ მის ნერვებისმოსაშლელად პასუხობდა.

-  რატომ იჩხუბე, პეტრე?

პეტრემ თავი კიდევ უფრო ძირს დახარა, თითქოს ლოკოკინასავით საკუთარ მანტიაში გაუჩინარებას ლამობდა. ახლა პეტრესთვის ეს დაკითხვა, მართლაც,  საშიში ზონა იყო და საკუთარ სხეულში ჩაძვრომას ცდილობდა.

-  პეტრეს დედა შეაგინეს მასწ. და მანაც ვეღარ მოითმინა და იმ კაკლის საბერტყელა თაზოს გაარტყა.

-  რატომ შეაგინა, მიზეზი რა იყო?

მასწავლებელი ისევ პეტრეს უყურებდა და პასუხს ისევ მათე აძლევდა. პეტრეს ხელები უკვე ნერვიულად უკანკალებდა, უნდოდა, ბიჭისთვის ხმა ჩაეწყვეტინებინა და საკლასო ოთახიდან შორს, ძალიან შორს გაქცეულიყო.

-  მიზეზი? - მასწავლებელი ისევ იმეორებდა და კლასში არსებული სიჩუმე ბუზის გაფრენის ხმასაც გაგაგონებდათ.

-  მიზეზი?... მიზეზი ის იყო, რომ კაკლის საბერტყელა თაზომ პეტრეს ფეხი დაუდო და წააქცია. პეტრემ უთხრა, რომ ხეპრე იყო, თაზომ სახეში შეაფურთხა და დედა შეაგინა, მერე ხელჩართული ჩხუბი დაიწყო...

-  ეხლა სად არის თაზო?

-  თავი გაუტყდა და მისმა ძმაკაცებმა სახლში წაიყვანეს...

-  გასაგებია! - ამოიოხრა მასწავლებელმა და თავის ადგილას დაჯდა. - მესმის, თაზო არ მოიქცა კარგად, არც ის იყო სწორი, დედა რომ შეგაგინა, მაგრამ როგორ ფიქრობ, დედაშენს მოეწონებოდა შენი საქციელი, პეტრე?

პეტრე აკანკალდა, თითქოს ნიჟარაში ჩაყურსულმა ლოკოკინამ თავი ამოყო და მრისხანება სახეზე მოაწვა:

-  მაშ, რა უნდა მექნა, დედის გინება შემერჩინა, მასწ?

-  არა, მე მაგას არ ვამბობ, მაგრამ მუშტი-კრივით ჯერ არც ერთი საქმე არ გამოსწორებულა, ჩხუბით შეიძლება დაანგრიო, გატეხო, მაგრამ ნამსხვრევებით უფრო დაიჭრები... დამრიგებელთან უნდა მოსულიყავი, თაზოს დავიბარებდით და ყველას თანდასწრებით ბოდიშს მოგიხდიდა.

-  მერედა, ვის სჭირდებოდა, იმ კაკლის საბერტყელას ბოდიში?

-  დედა ხომ მაინც არ გაგიცოცხლდება?

პეტრეს დედის ხსენებაზე თითქოს ცხელი წყალი გადაასხეს, ფეხზე წამოიჭრა და  ხელი ნერვიულად დაარტყა მერხზე:

-  ჰო, მართალია, დედა არასოდეს გამიცოცხლდება, არასოდეს, მაგრამ მის ხსოვნას არავის შევაბილწინებ... დედაჩემი არ მომკვდარა, ის ყოველთვის ჩემთან არის, მე ხშირად ვხედავ მას...

კლასში ჯერ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, მერე თითქოს ზვავი მოწყდაო, ყველას ჯერ ირონიულად გაეცინა და ბოლოს მთელი კლასი ახარხარდა. ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვები ჰაერში გაიფანტა და აბეზარი მწერებივით დაესია პეტრეს:

-  მგონი შეიშალა!

-  ამან მთლად გარეკა!

-  ჭკუიდან გადადგა!

-  საცოდავი, რა დღეში აქვს ნერვები!

-  ამას ფსიქიატრი სჭირდება!

მერე ეს სიტყვები შხამიან მწერებად იქცნენ და პეტრეს უდიდესი სურვილი გაუჩნდა მათი გასრესვისა. აი ისე, ბავშვობაში რომ სრესდა და მეზობლის გოგო ნიაკო აფრთხილებდა:

-  მწერებს, ნუ კლავ, თორემ დედა მოგიკვდება... დედა მოგიკვდება.... დედა...

პეტრემ ხელები აიქნია, ეს აბეზარი ნიაკო რომ მოეშორებინა და მთელი ხმით იყვირა:

-  არა, არა, არა.... დედაჩემი ცოცხალია, მწერები ვერ მოკლავენ დედაჩემს... მე დედას დავიცავ, გესმით ის ცოცხალია, ცოცხალი!

მერე ჩანთას ხელი დაავლო და კლასიდან გაიქცა... იმ ღამეს სიცხე მისცა. კედელზე მცოცავი მწერები ჭერზე შავი ფარდასავით აზუზუნდნენ. პეტრეს ბორგვა დაეწყო. ყელი გაუშრა, მერე ლიმონის ნაჭერმა დახეთქილი ტუჩები აუწვა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. ქუთუთოები ტონიანები გაუხდა, თითქოს უფრო შეუსივდა და ვერც ვეღარაფერს ხედავდა, ლოკოკინა ისევ თავის მანტიაში დაიმალა... სად დაიმალები, სად? - ეს კაკლის საბერტყელა თაზოს სიტყვებია... - მწერებს ნუ სრეს! - ეხვეწება ნიაკო...  - დამრიგებლისთვის უნდა გეთქვა ყველაფერი, და ბოდიშს მოგიხდიდა... - მასწავლებელი მკაცრი მზერით სახაზავს მის თავს ზემოთ აქნევს... ნიაკო ისევ არ ისვენებს - მწერებს თუ გასრეს, დედა მოგიკვდება... - არა, არა... პეტრე მთელი ხმით ყვირის ... - დედა ცოცხალია, ჩემი დედა ცოცხალია...  მერე დედა მართლა მოდის, მის დახეთქილ ტუჩებს ლიმონის ნაჭრებს აცლის, უკვე აღარ ეწვის, ტუჩები მოურჩა... დედა იხრება და ყურის ძირში კოცნის, თან თბილი ხმით სათითაო სიტყვას მის ყურთან დამარცვლით წარმოსთქვამს:

-  მე და მამა მივდივართ, ბებო არ დაღალო, მალე დავბრუნდებით!...

-  არა, დედა, არა, არ წახვიდე!... არა, გთხოვ!  და თუ წახვალ, მეც წამიყვანეთ თქვენთან... არ დამტოვოთ, გთხოვთ, ბებოსთან მარტო არ დამტოვოთ, გთხოვთ!....

რამდენი განთიადი მიცურავს და რამდენ ბინდში ეხვევა დღე, პეტრეს არ ახსოვს... მის მეხსიერებას თითქოს ლიბრი გადაჰკვრია... მაგრამ დედა მასთან არის, წუთითაც არ ტოვებს და გამთბარ თითებს  წებოვან ოფლისაგან დასველებულ თმებში ხლართავს... დედა მასთან არის და პეტრეს უკვე აღარაფრის ეშინია, არა...

 

9

გზა ისეთი ვიწრო და გრძელია, პეტრეს უჭირს გაკვლევა. მხარზე მესას ნაჩუქარი ჩანთა ჰკიდია. ჩანთა მძიმე სულაც არ არის, მაგრამ ზედმეტი ტვირთივით აწვება და ცალი მხარი მეორესთან შედარებით ქვემოთ აქვს დაშვებული. ბილიკი სასაფლაოდან გარეთ გადის. მკრთალი მთვარის სხივები უფრო მეტ ელვარებას იძენს და გზაც უფრო ფართოვდება. მერე წყაროს ხედავს. უცებ ახსენდება მესას სიტყვები, რომ ეს სასაფლაოდან ნაჟური ცრემლების წყალია და მისი დალევა ეკრძალება. წყარო თავდაღმართში ეშვება და სოფლისკენ მიემართება, მერე შუაგზაში ისე იკარგება, თითქოს მიწამ პირი უყოო და თავის ნაკვალევსაც შლის. სოფელი მთვარის ვერცხლისფერ სხივებში გახვეულა. ალაგ-ალაგ საკვამურებიდან თეთრი, ბლანტი კვამლი ამოდის და ცაში წვრილ, კლაკნილ ზოლებად მიიწევს, რომელიც ნელ-ნელა იფლითება და თხელი სიფრიფანა ბადესავით ფარავს მთელ ჰორიზონტს.    ყველაზე განაპირა ქოხს მიუახლოვდა პეტრე. სახლიდან ჩამიჩუმი არ ისმის, მხოლოდ ღამის მდუმარებაში კატამ გადაუჭრა გზა. მერე ცხოველი შედგა და გაკვირვებით მოხედა, თვალები დაუკვესა და ისევ ბინდბუნდში მიიმალა. შუკები და ქოხმახები ერთმანეთს ცვლის. პეტრე მიდის და დამრეცი ფიცრებით შეკრულ ეზოებს ათვალიერებს. სოფლის შემაღლებულ ადგილას მიკარგული წყარო ისევ თავს იჩენს და ისეთი ნაკადით ამოდის ზემოთ, თითქოს პატარა შადრევანი ყოფილიყოს. გზას განაგრძობს, ახლა სიჩუმე უცნაურ ზუზუნსა და ჩურჩულს ირეკლავს. პეტრე წინ მიდის და სოფლის მოედანზე თავშეყრილ უამრავ ადამიანს ხედავს. სოფლის მცხოვრებლები ფიცარნაგის წინ შეკრებილან და შემაღლებულ მიწაყრილზე მდგარ კაცს უსმენენ. კაცის ხმა მთელ სივრცეში იკარგება და პეტრეს აშკარად ესმის მისი სიტყვები, რომელიც რაღაცნაირ ჩოჩქოლსა და ჩურჩულს იწვევს ხალხში. ყველას თითქოს ერთი ფერის - ჭაობისფერი სამოსი აცვია, ყველა თითქოს წელში მოხრილი და იდუმალი სახით დასევდიანებული, მიწაყრილზე მდგარ კაცს მისჩერებია. „რა  თავყრილობაა?“ - გაუელვა პეტრეს და უფრო მიიწია ხალხთან. „მგონი რაღაც სასამართლო მოუწყიათ“.  ახლოს მიდის და მწვანესამოსიანთა თავყრილობას ისიც უერთდება. ადამიანები მას თითქოს ვერც ამჩნევენ, მთელი გულისყური ტრიბუნაზე მდგარი კაცისკენ მიუპყრიათ. პეტრე სულ წინ, მიწაყრილისკენ მიიწევს. ახლა უკვე გარკვევით ესმის ორატორის ხმა:

-  ამ კაცმა, უპატიებელი ცოდვა ჩაიდინა და დღეს სრულ თორმეტ საათზე წარდგება სამსჯავროს წინ. მისი დანაშაული სიბრალულს არ იმსახურებს და წამებით მოკვდება. კოცონზე ცოცხლად დაწვავენ...  მისი ოჯახის წევრებს კი სამუდამოდ კატორღაში მოუწევთ უსასყიდლოდ მუშაობა, მისი ქონება ღატაკებს ჩამოურიგდებათ, ნივთებსა და პირუტყვს ღარიბები გაინაწილებენ....

პეტრეს ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი ჰგონია. ალბათ კინოს თუ იღებენო, ფიქრობს და გვერდით იხედება, რომ ტელეკამერები, რეჟისორი  და ოპერატორი დაინახოს, მაგრამ გარშემო მსგავსი არაფერია. ორატორი გამოსვლას ამთავრებს და მიწაყრილიდან ჩამოდის. იმავე წამს რამდენიმე ახმახი, ფიჩხითა და ნაფოტით დატვირთული, მიწაყრილზე ადის და ფიჩხს ერთ ადგილას საგანგებოდ აწყობს. პეტრე თითქოს სცენას შესცქერის, ყველაფერს  მშვენივრად ხედავს, თუმცა ჯერ მაინც ვერ გარკვეულა, სცენარი როგორ განვითარდება. თვალებს გაფაციცებით ატრიალებს და მიწაყრილის გვერდით ღატაკებს ხედავს, რომლებიც მოღობილ ტერიტორიაზე საცოდავად სხედან. ერთი მოხუცი ქალია, ერთიც - ახალგაზრდა და ორიც -  პატარა ბავშვი. სხეულზე ჩამოკონკილი ტანსაცმელი აცვიათ, ალაგ-ალაგ სიშიშვლეს ხელებით იფარავენ. ქალები თავდახრილნი მიწას ჩასჩერებიან, ბავშვები კი წამდაუწუმ სლუკუნებენ... პეტრეს მათ ყურებაში სცენა სულ გადაავიწყდა, მხოლოდ მაშინ მოიხედა, როდესაც მიწაყრილზე ხელფეხშეკრული კაცი ამოიყვანეს. კაცი ახალგაზრდა და მტკიცე სახის იყო, თვალებში ზიზღი და გესლი ჩასწოლოდა. მის გამოჩენას ხალხში ჩოჩქოლი  მოჰყვა. ტუსაღი მიწაყრილის ცენტრში ბოძზე მიაბეს. ფერხთით კი ის ფიჩხი შემოუწყეს, წეღან ახმახებმა რომ ამოზიდეს.

მისმა გამოჩენამ ქალის ყვირილი გამოიწვია, ახალგაზრდა ქალი გაუჩერებლად და შემზარავად კიოდა. მერე ჯალათმა ხელი მოუქნია და გულშეღონებული ძირს დააგდო. ქალის ხმა შეწყდა და სამარისებურმა სიჩუმემ გადაუარა სოფელს. უცებ ყველაფერი განათდა, პეტრემ ისევ მიწაყრილისკენ მოიხედა. ჯალათები ცეცხლს ანთებდნენ.  ცეცხლის ენებმა კამარა შეკრა. რამდენიმე წამს თვალთაწინ ყველაფერი ალმა და ბოლის სუნმა შთანთქა. კაცის არაადამიანურმა ყვირილმა იქ დამსწრე ხალხს სისხლი გაუყინა. ჰაერში დამწვარი ხორცის სუნი გაიფანტა. პეტრეს შეაჟრჟოლა, ხომ არ მესიზმრებაო, ხელზე იჩქმიტა, მაგრამ ზმანება რომ არ გაქრა, შეძრწუნებული ადგილიდან მოწყდა და მიწაყრილისკენ გაიქცა, თან მთელი ხმით გაჰყვიროდა:

-  გაგიჟდით, ხალხო, რამ შეგშალათ, რას ჩადიხართ?

თვალის დახამხამებაში მიწაყრილზე ავარდა და გამძვინვარებულ ცეცხლში შევარდა. მისდა გასაოცრად, ცეცხლს არ დაუწვავს, და ისევ გაიფიქრა, იქნებ მართლა კინოს იღებენ და მთელი სცენარი გავაფუჭეო, მაგრამ უკან აღარ დაუხევია,  ჩანთიდან ამოღებული დანით თოკები დაჭრა და აყვირებული კაცი ცეცხლმოდებული ბოძიდან მოხსნა, გამოათრია და სამშვიდობოს მიწაზე დააწვინა. საბრალოს ტკივილისგან გული უღონდებოდა, მაგრამ ცეცხლს ჯერ მხოლოდ ტანსაცმლისა  და კანის ოდნავ შებრაწვა მოესწრო. წუთით ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ მხოლოდ ცეცხლის ტკრციალის ხმა ისმოდა, მერე გაოგნებული ხალხი აირია, თითქოს ახლა შეამჩნიეს უცხო ადამიანი და ჩურჩულმა გადაუარა:

-  უცხოა... უცხო.. განგებამ გამოაგზავნა... სასწაული მოხდა...

პეტრეს  ამ ჩურჩულისთვის ყური არ უთხოვებია, გონშეღონებულ კაცს ტანსაცმელი შემოაგლიჯა და დამწვარი ხორცებიდან ქსოვილის ნაღვენთები ფრთხილად ააცალა. საქმეს რომ მორჩა, აბგა გახსნა, მესას მოცემული მალამო ამოიღო და დამწვარ ადგილებზე ფრთხილად წაუსვა. კაცი გონს მოეგო, თვალები გაახილა და თავის მხსნელს მოკრძალებული რიდით შეხედა...

ხალხი უფრო აჩოჩქოლდა, თითქოს ბუნტისთვის ემზადებოდა. აზრი ორად გაიყო. ერთნი დაუყოვნებლად დასჯის გაგრძელებას მოითხოვდნენ, მეორენი კი ამას სასწაულს აწერდნენ. რამდენიმე წუთიანი გაურკვევლობა ორატორის ხმამ გაჰკვეთა. ის შემაღლებულზე ისევ ამძვრალიყო და ხალხს ხელით ანიშნებდა, დაშოშმინებულიყვნენ. ეს კაცი მართლაც დიდ გავლენას ფლობდა მათზე. ცოტა ხანში ისევ შეწყდა ჩოჩქოლი. ყველა გაისუსა, აინტერესებდათ, წინამძღოლი როგორ შეაფასებდა ამ ფაქტს. ორატორმა სიჩუმით ისარგებლა, აწეული ხელი კიდევ ცოტა ხანს გააჩერა ჰაერში, თითქოს მათ მოთმინებას ცდიდა, მერე მორიგი ტალღა რომ აგორდა და ის-ის იყო, ახმაურებას აპირებდა, ხალხისკენ ზურგით შებრუნდა და რამდენიმე წუთს ადგილზე გაიყინა. როცა ისევ შემობრუნდა, სახეზე უცნაური ღიმილი დასთამაშებდა. ნელი სიო დაიძრა და ცეცხლის ჩაფერფლილი ალები ჰაერში გაუჩინარდა. ორატორი იდგა სიცხის ბუღთან წელში გასწორებული, გამარჯვებული სახით:

-  განგებამ ჩვენი განაჩენი შეცვალა. როგორც ჩანს, ამგვარი იოლი სიკვდილისთვის ვერ გაიმეტა, სიცოცხლე შეუნარჩუნა, მაგრამ უფრო მეტად დაიტანჯება, მას სამუდამოდ კატორღაში მუშაობა ემუქრება, მანამდე კი ისიც და მისი ოჯახიც, ამ უცხო კაცთან ერთად დილეგში უნდა ჩავყაროთ.

ორატორი გაჩუმდა. მისი სიტყვები არავის გაუპროტესტებია. წინამძღოლი ისევ გაქრა და რამდენიმე ახმახმა მისი ბრძანება სისრულეში მოიყვანა.

პეტრე არ შეწინააღმდეგებია, მშვიდად გაჰყვა ჯალათებს, იმითაც კმაყოფილი იყო, რომ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. ვერასოდეს იტანდა, ბრბო რომ უიარაღო ადამიანს სჯიდა. მიაჩნდა, რომ ღვთისგან გაჩენილის სიცოცხლის ხელყოფის უფლება ისევ უზენაესს ჰქონდა და სხვას არავის, რაც არ უნდა ცოდვილი და საშინელი ყოფილიყო ეს ადამიანი.

დილეგი მთლიანად ჩაბნელებული და ნესტიანი იყო. რკინის გისოსებში გამომწყვდეული პატიმრების კვნესა მთელ ჯურღმულს ავსებდა. „ალბათ ასეთია ჯოჯოხეთიო?“ - გაიფიქრა პეტრემ და შეეცადა მშვიდად და საღი აზრით შეეფასებინა, რაც მოხდა. დამნაშავე და მისი ოჯახიც მასთან ერთად გამოკეტეს. როგორც კი მარტონი დარჩნენ, ახალგაზრდა ქალი მუხლებზე მოეხვია და ხელები დაუკოცნა:

-  მადლობელი ვარ, ბატონო, მადლობელი, ჩემს ქმარს რომ სიცოცხლე შეუნარჩუნეთ, ეს არასოდეს დამავიწყდება, ღმერთმა დაგლოცოთ!

პეტრეს დიაცების ტირილი და კვნესა ყოველთვის გულს უჩუყებდა და დაუცველს ხდიდა, ამიტომ, რაც შეიძლება, ზრდილობით მოიშორა ქალი და დახავსული კედლის ქვეშ ჩამოჯდა. კედლიდან სინესტე ჟონავდა და შმორის დამანგრეველი სუნი ფილტვებს უვსებდა.  თქმით კი მხოლოდ ეს უთხრა:

-  სამადლობელი არაფერია, გავაკეთე ის, რაც იმ დროს სწორედ მივიჩნიე... მაგრამ ასეთი სისასტიკით რატომ მოგექცნენ, განა რა ჩაიდინეთ ასეთი?

-  ისეთი არაფერი, ბატონო, ჩემს ქმარს ქურდობა დააბრალეს, მაგრამ, ღმერთია მოწამე, ეს მას არ ჩაუდენია, უბრალოდ, დანაშაულის ადგილზე იმ დროს აღმოჩნდა, როცა ეს საშინელება მოხდა.

-  რა მოიპარა?

-  ხომ გითხარით, მას არაფერი მოუპარავს, ის, ვინც იქურდა, თავად წინამძღოლია, ჩემმა ქმარმა ფაქტზე დაიჭირა და მანაც მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა...

-  ორატორმა რა მოიპარა? - ისევ ჩაეკითხა პეტრე. ცნობისმოყვარეობა კლავდა, რა იყო ისეთი, რისი მოპარვაც ასე საშინლად ისჯებოდა?

-  ოქრო! - ხმის კანკალით თქვა ქალმა და დასუსტებულ მეუღლესთან ჩამოჯდა, ქმარს ხელები გადაუსვა, თითქოს ამოწმებდა ისევ სუნთქავდა თუ არა, და რომ დარწმუნდა, რომ მისი საყვარელი ადამიანი ისევ ცოცხალი და საღსალამათი იყო, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა: - აქ ოქროს სიცოცხლის ფასი აქვს, ოქრო მზეა, მზე კი გათენებული დღე. გათენებული დღე კი სიცოცხლეა. ხომ ხედავთ, რომ ამ უკუნეთში ზღვის ფსკერზე მოფარფატე მცენარეებს ვგავართ, სიცოცხლისგან რომ ვიწრიტებით. მხოლოდ იმედი გვასულდგმულებს, რომ დღე ისევ გათენდება, რომ მზე ისევ ამოვა და ამას ბევრი ოქრო სჭირდება.... ოქრო კი ისე ძნელი მოსაპოვებელია... მაღაროებში დღე და ღამ მუშაობენ, პაწაწინა ნამცეცებს აგროვებენ... მაგრამ ეს მაინც ცოტაა.

 

10

ყველაზე მეტად იმის ეშინოდა, რა რეაქცია ექნებოდა მარიას, როცა თავის საიდუმლოს გაუმხელდა. ჰო, ალბათ, გაიკვირვებდა და ეტყოდა: - რას ამბობ, თავად თუ გჯერა, რომ მართლა გიყვარვარო, ხომ არ გეჩვენებაო?... ან კი... - ეს მეორედ აღარ გაიმეორო, ხომ იცი, რომ ეგ შეუძლებელიაო?... ან იქნებ, არც არაფერი ეთქვა და უხმოდ, ღიმილით ჩაევლო გვერდით. ყველაზე მეტად ამ უსიტყვო  სიტყვების ეშინოდა, რომელსაც მარია, მხოლოდ ღიმილით გაახმოვანებდა და გაურკვევლობაში დატოვებდა. გაურკვევლობა ხომ ყოველთვის სტანჯავდა პეტრეს. ბოლოს ისევ ძალა მოიკრიბა და მარიას სამუშაო ოთახის კარზე ფრთხილად დააკაკუნა. პასუხი არავის გაუცია. გული კიდევ უფრო აუთრთოლდა, ფეხები აუკანკალდა. არ იცოდა, რატომ ღელავდა, რა ძალა ჰქონდა ამ გაკნაჭულ გოგოს ისეთი, რომ ამხელა ვაჟკაცს ასე აფორიაქებდა? ხელახლა დააკაკუნა და გაუბედავად შეაღო კარი. მარია კომპიუტერთან იჯდა, ტექსტს ბეჭდავდა. ვერც შენიშნა, უფროსი მენეჯერი როგორ წამოადგა თავზე. თითქოს ახლა სულ სხვა სამყაროში იმყოფებოდა და არავის თანხლებას არ ელოდა. პეტრემ ჩაახველა, უნდოდა, გოგოსთვის ყურადღება გაეფანტა. მერე უფრო ხმამაღლა ჩაახველა და მორიდებით თქვა:

-  მარია!

გოგო შეკრთა, კომპიუტერის ციფერბლატიდან მზერა წინ გადმოიტანა და ფეხზე წამოდგა:

-  მაპატიეთ, ბატონო პეტრე, ისე ვიყავი დაკავებული ბეჭვდით, უცებ ვერ შეგნიშნეთ... ასეთი ჩვევა მაქვს, როცა რაიმე საქმეს ვაკეთებ, მხოლოდ ამ საქმეზე ვარ კონცენტირებული და ჩემ  გარშემო დეტალებს ვეღარ ვამჩნევ...

პეტრეს მარიას აღიარებაზე გაეღიმა. გოგოს დაბნეულობამ სითამამე და თავდაჯერებულობა შესძინა:

-  ასეც უნდა იყოს, მარია, ეს ოფისისთვის ფრიად კარგი და ყურადსაღები ჩვევაა. აი, თქვენსავით გულმოდგინედ რომ სხვებიც მუშაობდნენ, ჩვენი შემოსავლები ერთი ორად გაიზრდებოდა, გაყიდვებიც უფრო წარმატებული იქნებოდა.

უფროსის შექებაზე გაეღიმა. ხვეულ, წაბლისფერ თმაზე ხელი გადაისვა. პეტრეს ეს ჟესტი არ გამოჰპარვია, ქალები, როცა მამაკაცს თავს აწონებდნენ, ყოველთვის თმას იშველიებდნენ, თითქოს თმაში რაღაც უცნაური ენერგია და  მაგიური ძალა ჰქონდათ. პეტრეს სულ აინტერესებდა, რატომ მოსწონდა უფრო გრძელთმიანი გოგონები, იქნებ გრძელი თმის პატრონები ამ ძალას გაორმაგებულად ფლობდნენ? მარიას ხშირი თმა წელამდე სწვდებოდა, ცისფერ თვალებში ყოველთვის უმანკოებისა და სათნოების სხივი დაცურავდა. ეს თვალები კიდეც იზიდავდა და კიდეც აშინებდა პეტრეს და სულ მათგან დამალვას ცდილობდა. მარია, როცა პირდაპირ მზერას ესროდა, ყოველთვის უხერხულად იშმუშნებოდა, თითქოს ქალი მის პიროვნებასა და გარეგნობაში რაიმე ნაკლს ეძებდა. არა, ნაკლის კი არ რცხვენოდა, იცოდა, უნაკლო არავინ იყო, უბრალოდ, მარიას თვალში არ უნდოდა, თავისი სუსტი მხარეები გამოემჟღავნებინა. ეს ხომ მისი უპირატესობის დაკნინება იქნებოდა და დაკნინებულ კაცს მარია როგორ შეიყვარებდა?

გოგოს თეთრი ბლუზა და შავი, მოკლე ქვედაბოლო ეცვა. გამჭვირვალე კაპრონის ხორცისფერი წინდები მის ფეხებს საოცარ მოქნილობასა და სწორ ფორმებს აძლევდა, ხოლო შავი წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი - სიმაღლესა და სიწვრილეს. გადაღეღილი ბლუზიდან პატარა, წამოჩიტებული მკერდი ბორცვებივით ამოზრდოდა და სუნთქვის დროს  მოუსვენრად აუდ-ჩაუდიოდა. პეტრემ თვალი მოარიდა და მზერა შორს გაექცა. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, როგორც იქნა, სიტყვებს თავი მოუყარა და დაიწყო:

-  დღეს მე და ჩემი მეგობარი სპექტაკლზე ვაპირებდით წასვლას, მაგრამ ამ დილას მას გეგმები შეეცვალა, ვერ ახერხებს წამოსვლას - გაჩერდა, მარიას მოხედა, თითქოს დააკვირდა, რა რეაქცია მოახდინა მისმა სიტყვებმა, რატომღაც ელოდა, რომ ამ ორი წინადადებიდან მარია უკვე ყველაფერს უნდა მიმხვდარიყო და მის თვალებში უნდოდა წაეკითხა, შემდეგ რა ეთქვა, მაგრამ მარიას მზერა ისევ ისეთი გაურკვეველი და ფერადოვანი იყო. ვერავინ მიხვდებოდა, ქალი ახლა რაზე ფიქრობდა, იქნებ, წეღან აკრეფილ ტექსტს კრეფდა ისევ გონებაში და პეტრეს სტუმრობა დიდად არც ეპიტნავებოდა? იქნებ, ერთი სული ჰქონდა, კაცი დროზე გასულიყო, რომ თავისი საქმე გაეთავებინა, რათა დროულად წასულიყო სახლში, სადაც ავადმყოფი დედა ელოდა. ჰო, მარიას დედის ავადმყოფობის შესახებ პეტრემ გასულ წელს შემთხვევით გაიგო ჭოროკინა მარეხისგან, როცა მარიამ მთელი თვით ითხოვა უხელფასო შვებულება. მაშინ მარეხიმ უთხრა, რომ დედამისს დიაბეტის მძიმე და პროგრესირებადი ფორმა ჰქონდა და ექიმები განგრენის შესაჩერებლად იძულებულები გახდნენ, ქალისთვის ტერფი მოეკვეთათ. მაშინ ნაკლებად იცოდა პეტრემ მარიას ცხოვრების შესახებ, უბრალოდ, ეს გოგო, რაღაცნაირ დადებით ენერგიას აფრქვევდა ირგვლივ, დადებით აურას ქმნიდა. მის გვერდით ყოფნისას პეტრეს ამოუცნობი და სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა მთელ სხეულში. ეს მანამდე, სანამ გაათვითცნობიერებდა, რომ ძალიან უყვარდა. მარია ავადმყოფ დედას უვლიდა. პეტრეს კი ამის საშუალებაც არ ჰქონდა, რომ დედისთვის მოევლო, მისი ხელებიდან ნაღვენთი სითბო საკუთარი სახით შეეგრძნო, მისი ბაგეებიდან მოსმენილი სიტყვების ძალა ეგრძნო. მარია, ამ მხრივ, ბედნიერი იყო, მას შეეძლო დედისთვის ეზრუნა და მისი თვალებიდან დაღვრილი ტკივილი ეგრძნო. ალბათ, მაშინ შეუყვარდა, ეს ამბავი რომ გაიგო, როცა, ერთთვიანი უხელფასო შვებულებიდან დაბრუნებული პირველად ნახა, თითქოს უფრო გაზრდილი და დაფიქრებული ეჩვენა. ლაპარაკისას ტუჩები უთრთოდა, თითები უკანკალებდა. მერე პეტრე მის ოთახში შევიდა   და მზრუნველად უთხრა, თუ რამე დახმარება დაგჭირდეს, არ მოგერიდოსო და კონვერტით თანხა დაუდო. მაშინ მარიამ იუკადრისა, არ უნდოდა, ვინმესგან დავალებული ყოფილიყო. პეტრემ დაამშვიდა, ეს მცირედია, რისი დახმარებაც შეგვიძლია, თან ეს ფული, შენ კი არა, დედაშენს ეკუთვნის, და მისი მკურნალობისა და წამლების თანხას შეადგენსო. შენ არ გეკუთვნისო... ერთჯერადი დახმარება ისეთი ცრემლიანი თვალებით აიღო, რომ პეტრეს გული მოეწურა, მაგრამ მაინც გაეხარდა, რომ მისი სიჯიუტის დამარცხება შეძლო. მერე, თითქოს ყველაფერი ჩვეული რიტმით გაგრძელდა და დედამისიც შედარებით უკეთ გახდა, ყოველ შემთხვევაში, მისი მარტო დატოვება შეეძლო და სამსახურშიც დროულად მოდიოდა... ღიმილი ისევ გაჩნდა მის ბაგეებზე... რა არის ადამიანი, ყველანაირ სიტუაციას ერგება. ადაპტაციის სუპერშემგუებლური უნარი გააჩნია... ახლაც, მის ცისფერ თვალებში ჩაძირული, ცდილობდა, მისი აზრების ამოცნობას, მაგრამ ეს რატომღაც არ გამოსდიოდა.  სიტყვა ისევ გააგრძელა:

-  თუ დრო გექნება, საღამოს წამოდი, არ მინდა, ბილეთები გავაფუჭო...

-  სიამოვნებით, მაგრამ ბატონო პეტრე, ხომ, იცით, დედა...

მარიამ სათქმელი გაწელა და მოუთმენელმა უხერხულმა ღიმილმა სახე დაუფარა. პეტრეს იმწუთას თითქოს რაღაც ჩასწყდა, დაბნეული სწრაფად მიბრუნდა და კარისკენ წალასლასდა, სიტყვებით:

-  კარგი... კარგი...

მერე სახელურს ხელი მოჰკიდა და ის-ის იყო, გასვლა დააპირა, რომ მარიას სიტყვები დაეწია:

-  ბატონო პეტრე, მოიცადეთ!

გაშეშებული კაცი შემობრუნდა, მარიას თვალებში ჩახედა. ის იდგა და იღიმოდა:

-  წამოვალ!

უცებ მოვარდნილმა სიხარულმა სახე აუჭარხლა:

-  მართლა?

უბრალოდ, თავი დაუქნია და ისევ თავის კომპიუტერთან დაჯდა...

 

11

მეორე დღეს, როცა დილეგის ჩაჟანგული კარი გაიხსნა და მცველი ზღურბლზე გამოჩნდა, თვალები სიბნელეს უკვე შეჩვეოდა პეტრეს. თუმცა ჭერთან სულ ახლოს, დახავსულ, სველ კედელს პატარა სარკმელი ჰქონდა, საიდანაც მთვარის სხივები შემოდიოდა და შუაღამისას ვარსკვლავები ჩანდა. პეტრე ამ სარკმლისკენ იყურებოდა და ცდილობდა, გაერკვია, ახლა დღე იყო თუ ღამე? დღისით მარტო მთვარის შუქი ანათებდა, ღამე კი ცა ვარსკვლავებითაც ივსებოდა. მთვარის სხივები იმ მაცოცხლებელ სუროგატ სხივებს ჰგავდნენ, სიცოცხლეს რომ მხოლოდ აარსებებდნენ და არ კვებავდნენ, არ ასაზრდოებდნენ, არ ათბობდნენ და მარტო  მზის უსუსურ იმიტაციას იძლეოდნენ. სარკმლიდან მთვარის სხივების გარდა ჰაერიც შემოდიოდა. გისოსები მხოლოდ სივრცეს ზღუდავდა, ჰაერის ნაკადს კი ვერ აბრკოლებდა. ვერც გარედან შემოსულ ხმას ახშობდა.

მცველი დაჟანგულ კართან იდგა და სულელურად იკრიჭებოდა. პეტრეს ეგონა, ეს ახმახი ახლახან სულით ავადმყოფთა სახლიდან გამოქცეულაო, ისე ასჩეჩოდა თმა და ვეებერთელა ტორებს ჰაერში იქნევდა. კედელში ცეცხლოვანი კვარი ჩაამაგრა და ჯურღმულიც განათდა. მის დანახვაზე ყველა ფეხზე წამოიჭრა. ახმახმა  ნაბიჯი გადმოდგა და საზეიმო ხმით განაცხადა:

-  ქალები და ბავშვები სოფლის თავმა შეიწყალა, არც ქოხს ჩამოართმევენ და არც პირუტყვს, ბრალდებულსა და მის დამცველს კი სამუდამო კატორღა მიესაჯათ.

მისმა გოლიათურმა ბოხმა ხმამ რეკვიემივით დარეკა პეტრეს ყურში. პატიმარს დედა და ცოლ-შვილი შემოეხვია. კაცი გულში იხუტებდა მათ და ათრთოლებული ხმით ამბობდა:

-  არა უშავს, ესეც შანსია, რომ თქვენ ცოცხლები და ჯანმრთელები იქნებით, ილოცეთ და, ვინ იცის, იქნებ ღმერთმა გუშინდელი სასწაული ისევ გაიმეტოს ჩვენთვის. წადით, ოჯახს მიხედეთ, ეზო-ყურე არ ააოხროთ, ღვთის ნებით, ეს სამყარო ცვალებადია, და ვიცი, რომ ოდესმე დავბრუნდები...

მოხუცმა ქალმა შვილის თავი მკერდზე მიიხუტა და თმებზე სასოებით ეამბორა:

-  ვიცი, შვილო, ღმერთი მოწყალეა, ისიც ვიცი, რომ შენს თავს ვერანაირი ბოროტება ვერ წაგვართმევს და როცა შენს კერას დაუბრუნდები, სახლიც და პირუტყვიც საკადრისად დაგხვდება... უფალმა დაგლოცოს, სამსონ!

შემოსულმა ახმახმა  ქალს სიტყვის გაგრძელება აღარ დააცადა და დიაცები და ბავშვები კარისკენ გარეკა. მერე ჟანგიანი ურდული აჩხაკუნდა და ისევ წყვდიადი ჩამოწვა საკანში.   სამსონი ხელმოცარული დაეშვა მიწაზე და თავზე მკლავები შემოისალტა. თავისიანები სამშვიდობოს იყვნენ და ესეც ერთგვარი გამარჯვება იყო ბოროტებაზე, მაგრამ სამუდამო კატორღა ეს ხომ მარადიულ ტანჯვას უდრიდა? თუმცა, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა, მისიანების სიცოცხლის ფასად ღირდა. კარგა ხანს იჯდა ასე, ახლა არც ცოლი და აღარც დედა არ უყურებდნენ და შეეძლო, საკუთარი თავისთვის მოშვების უფლება მიეცა. მერე პეტრეს  მისი ხმა მოესმა, ეს ტკივილითა და სევდით გაჟღენთილი ჩუმი რუდუნი იყო, მწუხარე ჟღიალა ბგერებს სასოწარკვეთაც და უიმედობაც შეჰპარვოდა. ამ ხმას ეს საბრალო კაცი გამოსცემდა, რომელიც, გამოუვალ მდგომარეობაში ჩაძირული, მხოლოდ ასე, ჩუმად და მოგუდულად, აძლევდა თავს უფლებას, რომ საკუთარი სულის ჩურჩული  გამოეშვა. მერე, ტირილით რომ გული იჯერა, თავიდან შემოსალტული ხელები ჩამოიხსნა და პეტრეს შეხედა, სახე უკვე დამშვიდებოდა. მთვარის სხივები მის თვალებს განსაკუთრებულ ელვარებასა და ძალას აძლევდა. პეტრესკენ მოიწია:

-  არ ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა, კეთილო ადამიანო...

-  პეტრე მქვია! - შეაშველა სიტყვა.

-  მადლობა, პეტრე! თუმცა სინდისის ქენჯნაც მკლავს, რომ ჩემ გამო თავი ამგვარ განსაცდელში ჩაიგდე. მაღაროში ოქროს მოპოვება სახუმარო საქმე არ არის! პატიმრებს კი ყველაზე საშიშსა და მიუვალ შახტებში აგზავნიან. იქ მუშაობა თუ არ მოგვკლავს, შიმშილი და უწყლობა მოგვიღებს ბოლოს.

პეტრეს კაცი შეეცოდა. მიხვდა, ორმაგად გრძნობდა ტკივილს და გამხნევება სცადა:

-  ყველა თავის ჯვარს ატარებს, სამსონ, შენ ჩემს ჯვარს ვერც შეამსუბუქებ და ვერც დაამძიმებ!  ყველას ჩვენ  ჩვენი გვაქვს საზიდი. მაგაზე არ იფიქრო და იმედიც არ დაკარგო! ცხოვრება უცნაურ მოგზაურობასა და თავგადასავლს ჰგავს, რომლის ნახვა და საკუთარ თავზე გამოცდა საკმარისია და აუცილებელიცაა. შიში ახლა ყველაზე ცუდი მეგზურია, რაც შეიძლება, რომ ვინატროთ...  უბრალოდ, მივყვეთ დროს და გზა აუცილებლად გამოჩნდება...

სამსონმა სევდიანად დაუქნია თავი და საბრალომ გაღიმებაც სცადა. ლამაზი და ბრგე ჭაბუკი იყო, შავი კუნაპენტი თვალებითა და თმით. წვერ-ულვაში მის ვაჟკაცობასა და ხასიათის სიმტკიცეს კიდევ უფრო ხაზს უსვამდა. პეტრემ მხარზე მსუბუქად დაარტყა ხელი და ალალად გაუღიმა:

-  ხომ გესმის ჩემი? უბრალოდ, მივენდოთ ღმერთს, ის არასოდეს გაგვწირავს!

-  კი პეტრე, მესმის და დღეიდან შენს ყველაზე ერთგულ ადამიანად მიგულე!

ხელი გაუწოდა და პეტრეს გამოწვდილ მარჯვენას ძლიერად მოუჭირა. პეტრე მიხვდა, რომ იმწუთას ერთგული მეგობარი შეიძინა.

უცებ უცნაურმა ხმამ შეაკრთო ძმობილები. ეს ხმა ფრთების შრიალს ჰგავდა  და მაღლა, სარკმლიდან მოდიოდა. ორივემ მყისიერად აიხედა და მთვარის სხივებით განათებულ გისოსებთან თოვლივით თეთრი მტრედი დაინახა. ფრინველი სარკმლის მომცრო შვეულზე შემომჯდარიყო და ფრთებს ისწორებდა. მერე მტრედმა, თავი გისოსების მიღმაც შემოჰყო და მთელ სიგრძეზე სიარული დაიწყო. სიარული რომ მობეზრდა, ერთ ადგილას გაჩერდა, თავი მაღლა, ცისკენ ასწია და ღუღუნს მოჰყვა. საოცარი სანახავი იყო, მთვარის სხივებით განათებულ სარკმელზე, მოღუღუნე თეთრი მტრედი.  პეტრე და სამსონი მონუსხულებივით შესცქეროდნენ ამ სცენას და  ძარღვებში სისხლი საოცარი მღელვარებით უჩქეფდათ...

 

12

არა, ხომ იცოდა, რომ მარია დასთანხმდებოდა წამოსვლაზე, მაგრამ გულში ეჭვის ჭია მაინც ხრავდა, ვაითუ, ავადმყოფი დედა მოიმიზეზოს და თავის დასაძვრენად კარგი მიზეზიც არისო. ვერც გაამტყუნებდა. მარიას სამსახურის გარდა, სახლშიც ბევრი საზრუნავი ჰქონდა და ახლა გასართობად და მით უფრო, თეატრში სასეირნოდ სულაც არ ეცალა. უარი რომ უთხრა, იცოდა, არ უნდა სტკენოდა, მაგრამ წყენამ თვალებში მაინც გაუელვა. არ უნდოდა, ეს მარიას შეემჩნია და უბრალოდ, ზურგი შეაქცია. კარისკენ მიმავალს, მხოლოდ ის აზრი უელავდა თავში, რომ სულელურად მოიქცა და ეს შეთავაზება თავიდანვე უარისთვის იყო განწირული. ყელში სიმშრალესა და მწარე გემოს გრძნობდა. სახე მიტკალივით გაფითრებოდა და ოფლის წვეთები შუბლს უცვარავდა. თავს არწმუნებდა, რომ არ უნდა სწყენოდა, რომ მსგავსი იმედგაცრუებები უცნობი არ იყო მისთვის და მარტივად უნდა შეგუებოდა რეალობას -  პეტრე არ მოსწონდა მარიას და ამაში არც არაფერი იყო დასაძრახი, გოგომ ძალიან ოსტატურად და დელიკატურად აიცილა თხოვნა - არც ისე, რომ მისთვის შეურაცხყოფა ეგრძნობინებინა და არც ისე, რომ თავის ძირითად ვალდებულებებზე წინ სხვა რამ დაეყენებინა. ვერაფერს იტყოდა...   და როცა გოგოს თანხმობამ გაიჟღერა, პეტრემ ვერ იგრძნო მოულოდნელი აღელვებისგან, როგორ წამოუწითლდა ლოყები და თვალებში სიხარულის სხივი ჩაუდგა. ახლა რას არ გააკეთებდა მარიას გულისთვის, რომ ეთხოვა, თავის უბადრუკ სიცოცხლესაც ფეხქვეშ გაუშლიდა, ოღონდ, მისი უბრალო ღიმილი და კეთილგანწყობა დაემსახურებინა... მარია მშვიდად  განაგრძობდა ბეჭვდას და ვერც კი გრძნობდა, უცებ მეორე ადამიანის სუნთქვად და უკვდავების წყაროდ როგორ იქცა...

 

* * *

სპექტაკლი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი იყო. პეტრეს უკვე რამდენჯერმე ჰქონდა ეს პიესა ნანახი და ამდენად, მისი ყურადღების საგანი პიესა კი არა, სულ სხვა არსება გახლდათ. ეს არსება კი გაფაციცებით უცქერდა სცენას და ვერ გრძნობდა, სიბნელეში როგორ არ აცილებდა პეტრე თვალს. მხოლოდ შესვენების დროს გამოფხიზლდა, კაცს მშვიდი და ნასიამოვნები სახით მოხედა. გაუღიმა:

-  გმადლობ!

-  მადლობა? რისთვის?

-  იცით, იმდენი ხანია, საკუთარი თავისთვის ამის უფლება აღარ მიმიცია... კიდევაც დამავიწყდა, რომ ცხოვრებაში ცუდი ამბების გარდა, არსებობს სიამოვნებებიც და არის ის, რასაც სიმშვიდე ჰქვია... ამ ნახევარმა საათმა იმხელა ენერგია მომცა, მგონია, რომ უკან ყველა წვრილმანი უკვე მეორეხარისხოვანი და პირობითია - ჩაიჩურჩულა გოგომ და პეტრემ იგრძნო, როგორ უნდოდა ახლა მარიას შეხებოდა, უბრალოდ, განეცადა ის, რასაც მისი პატარა და სათუთი გული განიცდიდა, მისი თვალებით დანახული სამყარო დაენახა. მარიამ თავი ჩაჰკიდა. იყო ერთხანს ერთ ადგილას გაქვავებული და მისი ხშირი სუნთქვა კაცს თითქოს გაორმაგებული ხმით ესმოდა. პეტრემ ხელი შეახო მუხლებზე უხერხულად დადებულ ხელს. თითები არ შემკრთალან, თითქოს ელოდნენ კიდეც, მის სივრცეში გაიშალნენ და მოდუნდნენ. პეტრემ ახლა ამ პატარა მაჯას მთლიანი გაშლილი ხელისგული დააფარა. არც ახლა შერხეულან ისინი. პეტრემ მეორე ხელით მარიას ნიკაპი აუწია და მოულოდნელობისგან კინაღამ შეჰყვირა. გოგო ტიროდა, აი ისე, უბრალოდ, მისი ცისფერი, მეტყველი თვალები თითქოს ოკეანის გაშლილ ჰორიზონტზე დანავარდობდა და  აწყლიანებული და მღელვარე საზღვრებიდან გადმოლახვას ლამობდა. თავი რომ აუწია, თითქოს წონასწორობა დაირღვაო, ერთმა ცრემლმა ბარიერი გადალახა და ლოყაზე უმანკო მარგალიტივით დაეკიდა. პეტრეს გააკანკალა. რატომღაც თავი დაიდანაშაულა. აშკარაა, რომ ამ ცრემლების მიზეზი თავად იყო. მოუსვენრად აწრიალდა:

-  მარია!

გოგო სახეში შეაცქერდა.

-  მარია, დავაშავე რამე?

გოგომ თავი უსუსურად გადააქნია.

-  აბა, რა მოხდა?

ვერაფერი უპასუხა, ხელი პეტრეს თითებიდან გაითავისუფლა და წამოსული ცრემლი ხელსახოცით მოიწმინდა. პეტრე კი პასუხს ელოდა.

-  მარია...

გოგომ თავი ისევ ასწია, მის სახეზე ცრემლები დამთბარ ღიმილს შეეცვალა:

-  არაფერი, პეტრე, უბრალოდ, ქალები ძალიან ემოციური არსებები ვართ და ჩვენს გრძნობებს ასე უფრო იოლად გამოვხატავთ. ცრემლები ის საშუალებაა, ყველაზე უგრძნობ ადამიანსაც რომ იარაღს დააყრევინებს. ეს ბედნიერების ცრემლებია, პეტრე, რატომღაც გული ამიჩუყდა, როგორ გითხრა, მომეწონა ის სამყარო, სადაც ახლა ვარ, თავს დაცულად და კომფორულად ვგრძნობ, უბრალოდ, ავღელდი და მადლობა ამისთვის!

პეტრეს გულზე მოეშვა, სკამზე გასწორდა. სინათლე ჩაქრა და მეორე მოქმედებაც დაიწყო... სცენას არც ამჯერად უყურებდა. მარიას გრძნობდა... მისი სუნთქვა, მოულოდნელი შეხება, საოცრად სიამოვნებდა. იცოდა, რომ ის იპოვა - თავისი ცხოვრების მეგზური ქალი...

მერე, მანქანაში რომ ჩასხდნენ, მარიასკენ აღარ გაუხედავს. ლამპიონებით განათებულ, ავტომობილებით სავსე ქუჩას უცქერდა და თავი უბედნიერესი კაცი ეგონა. სახლამდე ისე მიიყვანა, ერთი სიტყვაც არ უთქვამს, სიმღერის ხმა ავსებდა სალონს და ისინიც, მუსიკაში ჩაძირულები, გრძნობდნენ, როგორ დაცურავდნენ მათი ფიქრები, ბადეში მოფართხალე თევზებივით სხლტებოდნენ და დაჭერას ვერც ასწრებდნენ, ისე იშლებოდნენ სივრცეში. მანქანა ნელა მიჰყავდა, არც არსად ეჩქარებოდა, ან კი ვინ ელოდა სახლში? - არავინ! მხოლოდ განმარტოებული, თეთრად შეღებილი კედლები და უგრძესი ღამე... აქ და ახლა უნდოდა ცხოვრება. მისი თანაარსებობა ავსებდა და მთლიანდ იპყრობდა. ბოლოს გზა მაინც დასრულდა და ძრავა უხალისოდ გამორთო. რამდენიმე წუთს ასე უნდოდა მჯდარიყო და მისი თვალებისთვის ეცქირა. ძლივს მოახერხა მარიასკენ გახედვა, თითქოს მთელი გზა უზარმაზარ ცხელ დისკოზე იჯდა და მანქანის გაჩერებასთან ერთად ეს დისკოც გასკდა და სითბო სალონში გადამოიღვარა. მოულოდნელად შეხედა. მარია გზას უყურებდა და რაღაც უცნაურ ძალას დაემუნჯებინა. ქალმა მანქანის სახელური ჩამოსწია და ის-ის იყო, გადასვლა დააპირა, რომ პეტრეს სიტყვებიც მისწვდა:

-  მიყვარხარ მარია, ძალიან მიყვარხარ!

მოულოდნელად შემობრუნა, თითქოს უნდოდა ვაჟის თვალებში ამოეკითხა, რამდენად გულწრფელი იყო. დაჟინებით დააშტერდა. პეტრემ ამ მზერას გაუძლო, თვალი არ მოუშორებია, თითქოს სითამამე კიდევ უფრო მოემატა:

-  მინდა, რომ ცოლად გამომყვე, მარია, თუ შენც...

ახლა კი ენა დაება, შესაფერის სიტყვებს ეძებდა და უკვე უჭირდა მათი თავმოყრა. სათქმელი ვეღარ გააგრძელა, მხოლოდ მისი ხელი იპოვა და სულ ოდნავ, ძალიან სათუთად მოუჭირა. ქალის თითები დაჭერილი თევზებივით აფართხალდნენ, პეტრესგან თავი გაითავისუფლეს. თუმცა მანქანიდან გადასვლას არ ჩქარობდა გოგო, თითქოს უცდიდა, რას ეტყოდა კიდევ პეტრე, თითქოს მისი გამოცდა და ჩაჭრა უნდოდა შეუვალი გამომცდელივით. მერე, ეტყობა, შეეცოდა, მისი წვალება გადაიფიქრა და პეტრესკენ გადაიხარა, ლოყაზე აკოცა და ჩაიჩურჩულა:

-  მეც მიყვარხარ, პეტრე!...

მანქანიდან გალიიდან გამოშვებული ფრინველივით  გადაფრინდა, უკან მოუხედავად გადაკვეთა გზა და კორპუსში გაუჩინარდა. გაოგნებული პეტრე ხმას არ იღებდა. საჭეზე შემოწყობილ საკუთარ ხელებს დასცქეროდა და თავი სიზმარში ეგონა... როდის-როდის მოეგო გონს. მაღლა მარიას სარკმლისკენ აიხედა. ოთახში სინათლე ენთო და გამჭვირვალე, სიფრიფანა ფარდა ნიავის ოდნავი მოძრაობით ნელა ირხეოდა...

13

 

-  სამსონ, ოდესმე თუ გიფიქრია, რომ შეიძლება ჯურღმულშიც არსებობდეს რამე კარგი და სპეტაკი? ეს მტრედი, მართლა ღვთისგან გამოგზავნილ სასწაულს ჰგავს.

პეტრეს მღელვარებისგან ხმა ოდნავ უთრთოდა. სამსონი მოღუღუნე თეთრ საოცრებას თვალს ვერ სწყვეტდა და თავისთვის ღიღინებდა კიდეც. პეტრე არ ცხრებოდა და აგრძელებდა:

-  ერთხელ, დედ-მამის საფლავზე რომ მივედი, ქვის სვეტთან თეთრი მტრედი დამხვდა, მაშინ ბავშვი ვიყავი და სულ ვცდილობდი, ჩემი გონებით შეთხზული სამყარო შემექმნა. ლოკოკინასავით ამ მყიფე მანტიის ქვეშ შევმძვრალიყავი, რომ რეალური ცხოვრება არ გამჭირვებოდა. რეალობა სასტიკი და შემზარავი იყო, ჩემს ბავშვურ გონებას კი ისევ ზღაპრულ სამყაროში ცხოვრება და თამაში უნდოდა... და როცა ის უკვე  აღარ არსებობდა ჩემთვის, რაც მე მინდოდა, ჩემით, ჩემი ფიქრების ძალით, შევქმენი. იქ, იმ სამყაროში, დედაც იყო და მამაც, მხოლოდ სითბო და სიყვარული სახლობდა. იმ სამყაროს დედის თბილი ხელების სურნელი ასდიოდა, მისი თვალებიდან დამდნარი სითბო ანათებდა. იქ, იმ ოცნებაში, დედა ცოცხალი იყო. მისი ჩურჩული ლოცვასავით სიამოვნებდა ჩემს ყურს...  ბებიას სასაფლაოზე დავყავდი, თითქოს უნდოდა, იმ მწარე რეალობას შევგუებოდი, რომელიც ჩემმა გონებამ არ მიიღო. ის, სასაფლაოს ქვასთან წელში ოთხად მოკაკვული, უსიტყვოდ ტიროდა. მე კი ამ ცრემლების დანახვა არ მინდოდა, არ მინდოდა, იმის დაჯერება, რასაც ეს უსასტიკესი რეალობა მთავაზობდა. გაქვავებული ვიდექი და თვალებს შორს, ძალიან შორს მივმართავდი. ჩემი მზერის მიღმა დედისა და მამის ლანდები ცოცხლდებოდნენ, ზეციდან იღიმოდნენ და ხელებს ჩემკენ იშვერდნენ. მერე, ცოტა რომ მოვიზარდე, ეს ჩვენებები გაქრა და ერთხელ სასაფლაოზე მისულთ, თეთრი მტრედი დაგვიხვდა. ბებომ იუცხოვა. მე  კი, არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან გამიხარდა.  თითქოს მაშინ ხელახლა დავიბადე, და იცი, რატომ? ბებომ მითხრა, რომ ეს ნიშანი იყო, რომ ღმერთს ვუყვარდი და არ მტოვებდა. სასწაული ის იყო, რომ მტრედს ჩემი სულაც არ ეშინოდა და ახლოსაც მოვიდა. შარვლის ჯიბეში მზესუმზირა მეგულებოდა. მუჭით ამოვიღე და ხელისგული გავშალე. არც კი იუკადრისა. ჩემკენ  მობაჯბაჯდა და ხელისგულზე მისი ნისკარტის მცირედი ბიძგები ვიგრძენი. ისეთი ბედნიერი ღიმილით შევცქეროდი, თითქოს მთელი მსოფლიოს საგანძური მეპოვოს. ბებო თვალს არ მაშორებდა და უპეებზე ამომშრალი ცრემლების კვალი სახეს უღარავდა. მიყურებდა და თავადაც იცინოდა. რომ წამოვედით, მტრედი მხარზე დამაჯდა და სახლამდე არ მომშორებია. იმ დღიდან ჩვენს სახლში ყველაფერი შეიცვალა. მტრედმა სიმშვიდე და საოცარი სითბო შემოიტანა. თითქმის არასოდეს არ მტოვებდა. სასაფლაოზე მხარზე დამჯდარი დამყვებოდა, სკოლაშიც, მაგრამ კლასში არასოდეს შემოდიოდა. ზუსტად იმ ფანჯრის კიდეზე, გარედან იჯდა, სადაც ჩემი მერხი იდგა. სულ ვგრძნობდი, რომ მათვალიერებდა, მელოდა, გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, ისევ ერთად მოვდიოდით... ასე გრძელდებოდა წლები, სანამ ერთ დღეს არ მომიკლეს...

პეტრე დადუმდა. მოგონებებმა ისეთი ტკივილი აგრძნობინა, რომ თვალებზე ცრემლი მოაწვა... სამსონიც გულაჩვილებული უსმენდა. ვეღარ მოითმინა და ჰკითხა:

-  მოგიკლეს? რატომ?

პეტრემ თავი ასწია და გისოსებს მიღმა მოღუღუნე მტრედს გაჰხედა, მერე დაბალი და ტკივილმოწოლილი ხმით თქვა:

-  აი, ისე, როგორც ხდება ხოლმე ცხოვრებაში, ყოველგვარი მიზეზის და პირობის გარეშე... ცუდმა ბავშვებმა მოკლეს... მისი სიკვდილი ძლივს გადავიტანე, თითქოს, ხელახლა მოვკვდი, იმედი მომიკლეს, გესმის?... ის მტრედი, იმ დროს, ის იმედი იყო, როგორც თქვენთვის ოქროა და მზის ფასია ახლა... იმედი მოკლეს, სამსონ, გესმის, იმედი!

სამსონმა თავი დააქნია, თითქოს ეუბნებოდა, მე თუ არა, ვინ იცის, რა არის იმედის მოკვლაო, სიტყვით კი მხოლოდ ეს უთხრა:

-  მადლობა ღმერთს, რომ სამართალი ყველასთვის თანაბარია და ყველა დაისჯება, ვინც უმსგავსოდ იქცევა.

-  ჰო, ეგ მართალია, სამსონ, იცი, რა მოუვიდა ჩემი მტრედის მკვლელს?

-  არ მიკვირს, დაისჯებოდა, ხო?

-  კი, სამსონ....

პეტრეს სიტყვა ფეხის ნაბიჯების ხმამ შეაწყვეტინა. ტუსაღები მიხვდნენ, მცველი იყო და არც შემცდარან. დაჟანგებული კარი მძიმედ გაიღო და ზღურბლთან ის ახმახი გამოჩნდა, დილით სამსონის ცოლ-შვილი რომ გაათავისუფლა. დოქით წყალი და შავი პური შემოიტანა. როყიოდ ჩაახველა და ბოხი ხმით თქვა:

-  წყალი და საჭმელი მოგიტანეთ, წაიხემსეთ, თქვე საბრალოებო, თორემ ძალა გამოგეცლებათ და მაღაროში მუშაობას კი არა, ფეხზე დგომასაც ვერ შეძლებთ.

ამ სიტყვებით ურდულს ხელი მოჰკიდა და ჟანგიანი კარი მიიხურა. ადგილიდან არც ერთი არ დაძრულა, დიდხანს უგდებდნენ მიმავალი მცველის ფეხის ხმას ყურს, სანამ სრულიად არ მიწყდა. მერე სამსონი კარისკენ გახოხდა და დოქს მისწვდა.

-  არ დალიო! - შეაჩერა პეტრემ - ეს დაწყევლილი აკლდამებიდან გამოწურული ცრემლების წყალია. ასე მითხრა მესამ, ვინც ამას სვამს, უძლურდება და მონური სული წონასწორებას უკარგავს. თქვენ ამიტომ ვერ ხედავთ მომავალს, მუდმივად რომ წარსული ცრემლებით იკვებებით, თქვენი სული ბოთლში ჩამწყვდეული ჯინივით გამათავისუფლებელს ელოდება. არადა, ამ საწამლავით, კიდევ უფრო ჩაიზრდებით და ეწებებით ამ ბოთლს, რომლის სახურავსაც ვერავინ გახსნის. მე სხვა სითხეს შემოგთავაზებ. ერთი წვეთიც საკმარისია, რომ გასაზრდოოს და ენერგიით აგავსოს. მოიწიე, გაგასინჯებ! -  პეტრემ ჩანთიდან სასმისი ამოიღო და საცობი მოხადა. ერთი წვეთი ჯერ სამსონს ჩააყლაპა, ერთიც თავად შესვა.

-  რა უცნაური გემო აქვს! - წამოიძახა სამსონმა -  ბავშობაში, დედის რძე რომ დამილევია, იმაზე გემრიელია. რა არის?

          პეტრემ მხრები აიჩეჩა და გაიღიმა:

-  არ ვიცი, რა შემადგნლობა აქვს, მაგრამ მესას დამზადებულია და როგორც მოგეხსენება, ეგ კაცი სამკურნალო მცენარეებით ათასნაირ მალამოებსა და წამლებს ამზადებს. ნდობა შეგიძლია, აკი თავად გასინჯე დამწვარზე მისი მალამოს ძალა?!

სამსონმა სხეულზე ხელი ჩამოისვა. ის ავბედითი დღე გაახსენდა და რაღაცნაირი ტკივილი იგრძნო, ოჯახი და დედა მოაგონდა - რას იზამდნენ მის გარეშე, როგორ იარსებებდნენ, როგორ შეინახავდნენ პირუტყვს, ან მიწას როგორ დაამუშავებდნენ? გულიანად ამოიოხრა და თვალებში მომდგარი ცრემლი ჩაყლაპა. პეტრეს არაფერი უთქვამს, მხოლოდ მხარზე ხელი დაუტყაპუნა და სარკმელს ახედა. მტრედი გასაფრენად ემზადებოდა და ფრთებს მალიმალ შლიდა. მერე პეტრემ დაინახა, როგორ ასწია თოვლივით თეთრი ფრთები მაღლა, როგორც ზღვაში ჩაძირულმა თოლიამ  და ადგილს მოსწყდა. ცაში რამდენჯერმე კამარა შეკრა და თვალთაგან გაუჩინარდა.

 

14

რატომ ეგონა რომ ის, რაც მის გარშემო ხდებოდა, წინასწარ დაწერილ სცენარს მიჰყვებოდა, ეს არ იცოდა. მარიასთან ასე ადვილად ყველაფრის გამოსვლა თითქოს მირაჟს ჰგავდა. იმ ვარდისფერ ოცნებას ჰგავდა, რომელიც ზეცისკენ მიისწრაფის და არაფრის ეშინია... მაგრამ აღმასვლა და მერე ძირს უეცარი დახეთქება ხომ საშინელ ტკივილსა და მოუშუშებელ ჭრილობებს იწვევს?... პეტრეს სულ ეგონა, რომ მარიაც სამყარომ მის გამოსაცდელად გამოუშვა, რათა ეგრძნო, რა იყო სიყვარული, რა იყო უდიდესი ბედნიერება და მერე მისი წართმევით მიყენებული ტკივილით თავი შეეხსენებინა, რომ, უბრალოდ უსუსური ადამიანი გახლდათ, რომელიც საკუთარ სიყვარულსაც კი ვერ აკონტროლებდა. თითქოს დედისა და მამის სიკვდილი არ ყოფილიყო საკმარისი, რომ ამას მარიას წასვლით გამოწვეული დეპრესიაც დაემატა. იქ, და მით უფრო, იმ ქალაქში ცხოვრება, სადაც მარია აღარ დაიარებოდა, სადაც მისი სული აღარ სუნთქავდა, პეტრესთვის საწამებელ მაგიდას ჰგავდა, რომელზეც ხელფეხშეკრული იწვა და შიშით ადევნებდა მის წინ გაშლილ საწამებელ იარაღებს თვალს. იცოდა, ახალი იარაღის მასზე გამოცდა კიდევ ახალ ტკივილსა და დაძაბუნებას გამოიწვევდა. ლოკოკინას მანტიაში შეყუჟვა და ამ იარაღებისგან თავის დამალვა შვებას არ მოჰგვრიდა, რადგან ეს ტკივილი მისი სულიდან იწყებოდა... საწამებელი იარაღები კი მისი აზრები იყო, რომელთა სიბასრესა და ძალას, როგორც საცდელი ობიექტი, საკუთარ სხეულზე სინჯავდა. ნიჟარაში გამოკეტვა და თავის მოკატუნება მის სულს უკვე ვეღარ იხსნიდა, საჭირო იყო, ყველასა და ყველაფერს გასცლოდა და ახალი ფურცლიდან, მისთვის უცხო სამყაროდან დაეწყო ხელახალი სვლა. კი იცოდა, რომ ეს თითქმის გმირობის ტოლფასი გახლდათ, ყველაფერი ასე ერთი ხელის მოსმით მიეტოვებინა და შორეული სოფლისთვის თავი შეეფარებინა, მაგრამ ამგვარი მოქმედებით, უბრალოდ, იმ რთული ჯაჭვის რგოლს გაწყვეტდა, რომელიც უხილავი ძაფით ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. გაწყვეტდა თავისი ბედის უკვე ჩამოქსოვილ ჯაჭვს და ახალი რგოლის შენებას, ახალი გზის გაყოლას სუფთა სინდისით, მშვიდად შეძლებდა. ამით სულს გადაირჩენდა და საკუთარ აზრებს, რომლებიც დაუნდობელ საწამებელ იარაღად ქცეულიყვნენ და თვითგვემით, ნაწილ-ნაწილ, პატარ-პატარა ნაკუწებად აქცევდნენ მის სხეულს, თავადვე გაანადგურებდა. ქალაქის ხმაურისა და ფაცაფუცისგან გათავისუფლებული,  უკვე სადა, სუფთა გარემოში ადვილად შეძლებდა ცხოვრების ხელახლა დაწყებას. მით უფრო, რომ ჯერ მხოლოდ ოცდაცამეტი წლის იყო და ყველაფერი წინ ელოდა. თუმცა იცოდა, რომ მარიას გარდა უკვე ვეღარავის შეყვარებას შეძლებდა. იცოდა ისიც, რომ ასეთი გრძნობით არასდროს და არავინ შეუყვარდებოდა... მას ხომ მარია ისევ უყვარდა. ჰო, ის უკვე აღარ არსებობდა, მაგრამ დედაც ხომ არ იყო და დედაც ხომ უყვარდა დღემდე? არანაირ სიკვდილს არ შეეძლო დედის სიყვარულის მოსპობა და მარიაც, სანამ არსებობდა და სანამ მისი გული ფეთქავდა, იქნებოდა მასთან. ისიც დედასავით მის მფარველ ანგელოზად იქცეოდა და მის სულიერებას შეერწყმებოდა...

ყველაფერი გაყიდა, არ გასჭირვებია რაიმეს დათმობა, არც მანქანა, არც სახლი, არც ნაცნობ-მეგობრები. შეიძლება ვინმეს ეფიქრა, რომ ის უბრალოდ გაიქცა, მაგრამ საკუთარ თავსა და მტანჯველ ფიქრებს ხომ ვერსად დაემალებოდა? ეს ილუზია გახლდათ, მაგრამ ამ ეტაპზე მიაჩნდა, რომ იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი. მონასტერში წასვლაზეც კი ფიქრობდა, მაგრამ მიხვდა, ის მუდმივი გულისწყრომა და ტკივილი არ მისცემდა უფლებას მის სულიერებას მშვიდად ესუნთქა. უფრო დამძიმდებოდა და დასახიჩრდებოდა. ეს იყო სულის გადარჩენის ერთადერთი ხერხი. მიწისგან შობილი ისევ მიწას უნდა განეკურნა. მისი ტკივილები მიწიერი იყო და ისევ მიწას უნდა ეგრძნო ის ძალა, რასაც ის  განიცდიდა... ამიტომ წავიდა... უბრალოდ, ერთ დღეს, სამსახურში მივიდა, გათავისუფლების განცხადება დაწერა, გაყიდული ნივთების ფულს თავი მოუყარა და ყოველგვარი ამაჩუყებელი გამოთხოვებისა და ახსნა-განმარტების გარეშე ჩაჯდა გამოძახებულ ტაქსიში და მთებისკენ გაეშურა. გზა ძალიან იწელებოდა და ფიქრისთვისაც ბევრი დრო და მიზეზი ჰქონდა. რამდენჯერმე კიდევაც წასთვლიმა, თუმცა მანქანის მცირე ბიძგზეც კი ეღვიძებოდა და მის წინ გადაშლილ მიდამოს ჩამქრალი თვალებით გასცქეროდა. მადლობა ღმერთს, მძღოლი - თენგო მხიარული, უხვსიტყვიანი კაცი გამოდგა, გაუთავებლად ლაპარაკობდა და  მოსალოდნელი კარგი გასამრჯელოს წყალობით, მანქანას თითქოს მიაფრენდა. პეტრე მის ლაპარაკს ცალი ყურით უსმენდა და მხოლოდ შიგადაშიგ თუ უწევდა საკუთარი ემოციების ძუნწად გამოხატვა, ისიც ისეთი მწირი იყო: „ კი“, „მესმის“, „რასაკვირველია“ და ა.შ. თუმცა პეტრეს ემოციები მძღოლს მაინცდამაინც დიდად არ აინტერესებდა, მთავარია, რომ მსმენელი ჰყოლოდა... მისი საუბარიდან პეტრემ ის გაიგო, რომ ცოლი და სამი შვილი ჰყავდა, რომ უფროსი ვაჟი ლექსო ძალიან ნიჭიერი და მათემატიკური აზროვნებით დაჯილდოებული ბავშვი გახლდათ, რომ მრავალ ოლიმპიადაზე წარმატების სიგელებით დაჯილდოებულიყო და მასწავლებლები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. უმცროსი გოგონები კი - თეო და ეთუნა, ერთი ხატვით იყო გატაცებული, მეორე კი - მუსიკით. ცოლი საბავშო ბაღის პედაგოგი გახლდათ, თავად კი მათემატიკის მასწავლებლობისთვის თავი მიენებებინა და ტაქსის მძღოლად დაეწყო მუშაობა. ოჯახს დიდი პირი ჰქონდა და ბავშვებსაც ბევრი სჭირდებოდათ. დღევანდელი თანხით კი, რასაც პეტრე გზის საფასურად იხდიდა, შვილისთვის ძვირადღირებული  ტელეფონის ყიდვას აპირებდა. რამდენი ხანია, დაპირდა და ახლა, მის ოცნებას  აასრულებდა, ახალი თაობის სმარტფონს უყიდდა. პეტრეს  გულში ეამა, თუ ერთი ბავშვის გახარებას მაინც შეძლებდა და შეეცადა წარმოედგინა, ბიჭის გაფართოებული თვალები და სმარტფონის დანახვით განცდილი ბედნიერება...

მძღოლი კი თავისას აგრძელებდა: - განა არ ვიცი, რომ მის ყველა კლასელს აქვს ძვირადღირებული, ხარისხიანი ტელეფონი, ესეც დიდი ბიჭია, მაგრამ რამდენადაც ჭკვიანია, იმდენად მორიდებულია. ხვდება, რომ ოჯახი თვიდან თვემდე ძლივს გადის იოლას და ზედმეტი ხარჯების თავი არ გვაქვს... ძველი ტელეფონით დადის დღემდე, არ გეგონოს, რომ თავად მთხოვა, არა, პატარა გოგოს წამოსცდა, მამიკო ლექსოს სმარტფონი უნდა და სულ ამაზე ოცნებობსო, ყველას ჰქონია, თურმე, მის კლასში, მე კი მობილურის კი არა, მისი მოსამზადებელი ფულიც არ მაქვს, რომ ბავშვს რეპეტიტორი დავუქიროვო... თავისით მეცადინეობს, ყველა წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწია... დღეს კი, რომ დავბრუნდები, არაფერს ვეტყვი, პირდაპირ ახალ ტელეფონს ვუყიდი და მძინარეს ყუთით ტუმბოზე დავუდებ. ხომ ხვდებით, რა მოხდება დილას, რომ გაიღვიძებს და ლექსო ამ საჩუქარს ნახავს?... ბავშვობაში მეც ასე მიხაროდა მოულოდნელი სურპრიზები...

პეტრეს ცხადად წარმოუდგა ბიჭის გაბრწყინებული თვალები და მანქანის მინიდან საღამოს  სევდიანად შეჰღიმა.

 

15

 

ყოველთვის იცოდა, რომ ის ტკივილი, რომელიც განგებამ გამოუგზავნა, იმისთვის იყო საჭირო, რომ მერე უფრო მეტისთვის გაეძლო, თითქოს ტკივილში იწრთობოდა და უფრო ამტანი ხდებოდა. კი, მართალია, ამ სიძლიერეს გრძნობდა და უფრო მეტის ასატანად ემზადებოდა, მაგრამ მარიას წასვლამ ძირს ისევ დაანარცხა და ფეხქვეშ ნიადაგი გამოაცალა. ჰო, სულ ფიქრობდა, რომ რაღაც ზღვარი დაირღვა, წონასწორობა შეწყდა და იმ უფსკრულში ჩაენარცხა, საიდანაც ამოსვლა კი არა, ამოფორთხვაც შეუძლებელი იყო. უბრალოდ, ეჩვენებოდა, რომ ძალა გამოელია, წინ სიარულს უკვე ვერ შეძლებდა. ყველა და ყველაფერი სულერთი და უინტერესო გახდა. ახლა ამ შავ ღამესთან შეჭიდებულ ჯურღმულშიც არ ფიქრობდა არაფერზე. ამაზე უარესი რაღა მოხდებოდა? მარიასთან განშორება შეძლო და ჯურღმული და კატორღა შეაშინებდა? სამსონი მთელი ღამე ისე კვნესოდა, თითქოს იმ კოცონზე კვლავ სწვავდნენ, მაგრამ მას კოცონზე დაწვაზე მეტად ოჯახსა და საყვარელ ადამიანებთან განშორება სტკიოდა. პეტრეს კი დასაკარგი უკვე აღარაფერი ჰქონდა. ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს გაუძლო და იმქვეყნიური ჯოჯოხეთის სულაც არ ეშინოდა. დღეები და ღამეები ერთმანეთში აირია, თითქოს ისე ძლიერად შეერია ერთმანეთს, რომ უბრალოდ     ზღვარი წაიშალა. ჯერ ისედაც მხოლოდ ვარსკვლავების ციმციმით არჩევდა ღამის მოახლოებას, ახლა კი, ისეთმა გულგრილობამ მოიცვა, თითქოს რაც მის გარშემო  ხდებოდა, მას კი არა, სულ სხვა პიროვნებას ემართებოდა, თვითონ კი შორიდან უცქერდა, როგორც ეკრანზე აციმციმებულ კინოფილმს და არხეინა მოწმესავით მისთვის სულერთი იყო ფილმის შემდგომი სიუჟეტი. ღამის ცა მოციმციმე ვარსკვლავებით იკემსებოდა. გამთენიისას კი მოღუღუნე თეთრი სტუმარი გარიჟრაჟის დადგომას ამცნობდა. ეს ერთადერთი იყო, რასაც პეტრეს დახურულ გულში სითბო შემოჰქონდა და რაღაცნაირი ბავშვური სიხარულით ავსებდა. მაღლა  უყურებდა უდარდელად მობაჯბაჯე ფრინველს და სულ ფიქრობდა, ეს სწორედ ისეთი მტრედი იყო, ბავშობაში რომ ჰყავდა. იქნებ ეჩვენებოდა, მაგრამ ბოლომდე არ იყო დარწმუნებული. ხმაც კი იმ მტრედს მიუგავდა. მაგრამ ერთ დღეს ისეთი სასწაული მოხდა, რომ უკვე ეჭვი აღარ შეჰპარვია. საქმე ის იყო, რომ ჩვეულებრივ,  იმ რიჟრაჟზე, როცა მტრედი მოფრინდა და ღუღუნსა და სიარულს მოჰყვა, პეტრე ფეხზე წამოდგა და მთვარის ვერცხლისფერ სხივებზე გისოსებთან ჩამომჯდარ მტრედს ქვემოდან შეხედა. ახსოვს, როგორ არ ახსოვს, ან კი ამას რა დაავიწყებდა, მის „ფიფქას“(ასე ეძახდა მტრედს) ცალ ფეხზე ერთი თითი აკლდა. რომ ერთ დღეს მოხურული ფანჯრის ჩარჩოში ჩაჰყვა და ჩარჩომ თითი მთლიანად წააცალა. ახსოვს, მაშინ რამდენი ინერვიულა, უცებ მოფრენილი მტრედი რომ ვერ დაინახა და სარკმელი მიხურა. ეს ისე სწრაფად მოხდა, პეტრეს ბავშვურმა გონებამ ვერც კი შეაფასა. მხოლოდ მაშინ, როცა „ფიფქას“ სუსტი და მოქნილი სახსრიდან სისხლი წამოუვიდა და მოწყვეტილი თითი ფანჯრის რაფაზე უსუსური ფოთოლივით ჩამოვარდა, პეტრე შეკრთა. დანაშაულის საშინელი შეგრძნება დაეუფლა. იმავე წამს სარკმელი გააღო და დასისხლიანებული მტრედი გულში ჩაიხუტა. უამრავ მოსაფერებელ სიტყვებს ეჩურჩულებოდა და პატიებას სთხოვდა. უნებურად მოხდა, პეტრეს ხომ არ უნდოდა მისი დასახიჩრება? მერე თავისი ხელსახოცით შეუხვია ფეხი და რას არ აკეთებდა, რომ ეს დანაშაული როგორმე გამოესყიდა. სულ სინდისის ქენჯნას გრძნობდა, სულ ეჩვენებოდა, რომ რაღაც ისეთი ჩაიდინა, რისი გაკეთებაც არანაირად არ უნდოდა. ფიფქას ფეხი კი შეუხორცდა, თუმცა სიარულისას მაინც კოჭლობდა და ყოველთვის, როცა მას შეხედავდა, გულში უსიამოდ გაჰკრავდა ხოლმე ის უნებური დანაშაული. ახლაც იდგა და ჯურღმულის კედლებს მიღმა, მაღლა სარკმელში, გისოსთან გაჩერებულ მტრედს უცქერდა. მერე თითქოს შეამჩნია, კიდეც, რომ მასაც ცალ ფეხზე თითი აკლდა და ისიც კოჭლობდა. შეამჩნია, თუ მისმა წარმოსახვითმა გონებამ დახატა? თუ ძალიან მოუნდა, რომ ეს სწორედ მისი ფიფქა ყოფილიყო? თავადაც ვერ იგრძნო, როგორ მივიდა სარკმელის გამჭოლი კედლის მხარეს და სიყვარულით დაუძახა:

-  ფიფქა, შენ ხარ, ფიფქა?

ამ სახელის გაგონებაზე მტრედმა ღუღუნი შეწყვიტა და პეტრეს მოეჩვენა, რომ ძირსაც ჩამოიხედა. რაღაცნაირად აუძგერდა გული. თითქოს მისი სხეულის შიგნით კი არა, მისი გული მთელი ქვეყნის გასაგონად სცემდა. ეს პულსაცია მის ყურებში ირეკლებოდა და თავის ქალისა და საფეთქლებისკენ ეხეთქებოდა.

-  ფიფქა! - დაიძახა ხელახლა პეტრემ და  სუნთქვაც კი შეეკრა.

მტრედი ისევ შეირხა და გისოსებს მიღმა გამოძვრა. ხმას მიჰყვა, ჯურღმულის კედლებს ჩამოჰყვა და ფრთების ფარფატით სიბნელეში დაეშვა. მერე პეტრემ იგრძნო, როგორ ჩამოაჯდა მხარზე და მის თავთან უცნაურ რუკრუკს მოჰყვა. სიხარულისგან გული კინაღამ ამოუვარდა:  - ო, ღმერთო, დაუჯერებელია, ეს სასწაულია, ნუთუ მართლა შენ ხარ, ფიფქა?...

მერე ხელებით მოსინჯა მისი ფეხები, ცალ ფეხზე მართლაც აკლდა ერთი თითი. ეს უკვე საოცრება იყო, ნამდვილი სასწაული. პეტრემ დასველებული უპეები მხრით მოიწმინდა და ბავშვივით უმანკო და ბედნიერი ღიმილით მტრედი გულში ჩაიხუტა.

-  როგორ მაკლდი, როგორ მენატრებოდი, ჩემო გოგო, ჩემო ფიფქა, - აღელვებული უსვამდა ფრთებზე ხელს და ცრემლებს იწმენდდა. მტრედიც მის დიდრონ ხელებზე დაგოგმანებდა და თავით ეხებოდა, აშკარად ბედნიერი ჩანდა პატრონის ნახვით...

გაოგნებული სამსონი იჯდა და ამ სცენას გულაჩვილებული შესცქეროდა. რამდენიმე ხანს უყურა, მერე  ვეღარ მოითმინა და მეგობარს ჩაეკითხა:

-  შენი მტრედია?

-  კი! გახსოვს, რომ გიყვებოდი, ბავშვობისას რომ მომიკლეს, სწორედ ისაა, ჩემი ფიფქა.

-  დაუჯერებელი ამბავია, ძმაო, თუმცა იმდენი რამ მოხდა, უკვე  აღარაფერი აღარ მიკვირს.

16

ოფისში რომ შევიდა, გულმა გამალებით დაუწყო ცემა. წუხანდელი ღამე მოაგონდა და მარიას თვალები მის გონებაში ფერადოვანი ცისარტყელასავით გაკრთა. მასაც უყვარდა, ისიც პეტრესთან ლამაზ მომავალზე ფიქრობდა და ეს იყო ახლა ყველაზე მთავარი. დღეს განსაკუთრებით ადრე მოვიდა, მხოლოდ დამლაგებელი ქალი დაფუსფუსებდა დერეფანში. პეტრე რომ დაინახა, მორიდებით აიტუზა კედელთან და დამნაშავესავით მიესალმა. პეტრემ გაუღიმა,  თავი დაუკრა. ამწუთას ყველა და ყველაფერი უყვარდა, რადგან ბედნიერი იყო, უბრალოდ ძალიან ბედნიერი. მერე, მარიას კარის წინ რომ ჩაიარა, გული ისევ აუჩქარდა, მთელი წინა დღის განცდები თვალწინ ამოუტივტივდა და ისევ გაეღიმა. რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის, არა? ადრე იყო და მარია ჯერ არ მოსულიყო, მაგრამ ამ დახურულ კარს მიღმა, თითქოს ისეთი ხანძარი მძვინვარებდა, რომ კარის გამოგლეჯას ლამობდა, ეს ხანძარი პეტრესაც ედებოდა და სუნთქვა უხშირდებოდა. გრძნობდა, ჰო, გრძნობდა, რომ ამ ხანძრისგან ვეღარასოდეს დააღწევდა თავს, რომ ეს ცეცხლი მის თითოეულ უჯრედს ეკიდებოდა და მთელ მის არსებას ნეტარებისა და სითბოს ალში ახვევდა. დაგიპნოზებული დადიოდა, უნებური მოძრაობები თავისთავად მექანიკური ხდებოდა. პეტრე ვერ აკონტროლებდა, რა ემართებოდა, და არც აპირებდა ამ ცეცხლოვანი დისკოდან თავი გამოეყო, რადგან ეს დისკო, რომელიც მის გულში ფართოვდებოდა და ფართოვდებოდა, მთელ მის სხეულში ფერადოვანი პეპლების სახით იფანტებოდა. თავის კაბინეტამდეც ასეთივე დაბინდული და გაღიმებული მივიდა. კარი შეაღო და, როცა დახურულ კარს მიღმა, კედელს მიეყრდნო და ღრმად ამოისუნთქა, მის ფილტვებს სუნთქვა გაუჭირდა. შუბლზე ხელი მოისვა, ოფლის უმცირესი წვეთები ერთი ხელის მოსმით ჩამოიწმინდა და კვლავ ღრმად ამოისუნთქა. ბედნიერი იყო, უზომოდ ბედნიერი. მერე ჩანთა და მანქანის გასაღები გვერდით მაგიდაზე დააწყო და თავად კომპიუტერს მიუჯდა. სანამ კომპიუტერი იტვირთებოდა, გონებაში უკვე ასჯერ მოასწრო წარმოედგინა, დღეს როგორ შეხვდებოდა მარია, რას ეტყოდა, იქნებ არც არაფერი ეთქვა და უბრალოდ გაეღიმა მისთვის, მაგრამ ამ ღიმილში ის ძლიერი სიყვარული ჩაექსოვა, ამდენი ხანი რომ ელოდა პეტრე. მონიტორი აციმციმდა და ფაილების მთელი დასტა გამოჩნდა. პეტრეს დღეს ბევრი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი, გასაყიდი პროდუქციისთვის რეკლამის ხელმძღვანელობაც მას ევალებოდა, მაგრამ ასეთი ენერგიით ყველაფერს მალე მოათავებდა, შუადღემდეც მორჩებოდა, მერე შესვენებაზე მარიას ოთახშიც შეირბენდა რაღაც მიზეზით და მის სანატრელ სახეს უმანკო კოცნას აჩუქებდა, ისე, რომ არავის დაენახა. ზედმეტი ჭორები და მითქმა-მოქმა ახლა პეტრეს არაფერში სჭირდებოდა... და საერთოდ, არავის საქმეში არ აპირებდა თავად ჩარევას და არც არავის მისცემდა უფლებას, რომ მისი პირადი ცხოვრება ექექათ. დრო საქმესა და ლამაზ წარმოდგენებში მალე გაიპარა. შესვენება დაწყებულიყო უკვე. სამუშაო ფაილი დახურა და გორგოლაჭებიან სავარძელზე გემრიელად გაიზმორა.

ნეტა, რას აკეთებს ახლა მარია? - გაიფიქრა და სარკმელს შეჰღიმა.

უცებ კარი გაიღო და ზღურბლთან მარეხი გამოჩნდა ყავის ფინჯნით და შოკოლადით. მდივანს გასხივოსნებული სახე შეანათა. ქალი გათამამდა, მიხვდა, დღეს უფროსი კარგ ხასიათზე იყო და თავს გაშინაურების უფლება მისცა. ლამბაქი და შოკოლადის ფილა მის წინ დააწყო, კეკლუცად გადაისვა თავზე ხელი და თმები შეისწორა. მერე მოკლე ქვედა ბოლოში გამონაკვთული ფეხები, ერთმანეთთან ნარნარად მიატყუპა და წელში გასწორდა.

-  კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ, ბატონო პეტრე?

-  არა, გმადლობ, არ გინდა, ჩემთან ერთად შენც მიირთვა ყავა, დიდი ხანია, არ გვისაუბრია.

ქალი გამოცოცხლდა. უფროსის ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ელოდა. ერთბაშად მოუნდა მისი ნდობა და პატივისცემა დაემსახურებინა და დაფაცურდა:

-  კარგით, თქვენთან საუბრის სიამოვნებას ნამდვილად ვერ გამოვტოვებ. თანაც იმდენი უცნაური რამ ხდება ამ ჩვენს ოფისში, ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, თუ გეცოდინებათ, ბოლოს და ბოლოს, ადამიანები ხომ ნახევარ დღეს ოფისში ატარებენ და სამსახურში უფრო ხშირად არიან, ვიდრე სახლში. მე პირადად მხოლოდ დასაძინებლად მიწევს მისვლა, მთელი დღე ოფისში ვარ გამოკეტილი და ამ ჰაერით ვცოცხლობ, ხანდახან, მგონია კიდეც, რომ ეს არის ჩემი სახლი, თქვენ კი ჩვენი კეთილი უფროსი, რომელიც მზრუნველი მამასავით თავისი თანამშრომლების კეთილდღეობასა და ფინანსურ გაუმჯობესებაზე ფიქრობს... - ქალი გასასვლელად მოემზადა - ახლავე მოვადუღებ მეორე ფინჯან ყავას და შემოგიერთდებით...

ამ სიტყვებით შებრუნდა და კარისკენ დაიძრა. პეტრეს მოუთმენლობა კლავდა, რა ხდებოდა იქ, სადაც მისი გულის ყველაზე იდუმალი სიყვარული ეგულებოდა და წასულ ქალს მიაძახა:

-  მარეხი, სანამ სამზარეულოში ყავას მოადუღებ, იქნებ მარიასთანაც შეგევლო და ის საბუთები, რომლებიც გუშინ ვთხოვე, ამობეჭდოს და შემომიტანოს!

ქალი უცებ შედგა, პეტრესკენ შემობრუნდა და რაღაცნაირი იდუმალი ხმით თქვა:

-  დღეს მარია არ არის, ბატონო პეტრე, დილას დარეკა და გამაფრთხილა.

-  რატომ?

იგრძნო როგორ შემოეჭდო იმედგაცრუების ტალღა, თითქოს  ის გაბერილი ბუშტი ყოფილიყოს, ნემსის ჩხვლეტისგან რომ უცებ ჩაიფუშა.

-  საქმეც ეგაა, ბატონო პეტრე, რომ თავნება გოგოა და აქაურ წესებსა და კანონებს არ ემორჩილება... - მერე მრავალმნიშვნლოვნად მოპრუწა თვალები, თითქოს დიდ საიდუმლოს ვფლობ მაგ გოგოზე და თქვენ, ჯერ გაგებაშიც არ ხართ, ვისთან მუშაობთო...

-  ალბათ, დედა გაუხდა ცუდად, ვერ გაემტყუნება, განა თავად უნდა, რომ ასეთი ავადმყოფი დედის მოვლა-პატრონობა უხდება? მესმის, საწყალი გოგო რა დღეშია, სამსახური, სნეული დედა და თავისთვის ვეღარ იცლის.

შეეცადა მარეხისგან წამოსული რისხვა შეერბილებინა და თანამშრომელი დაეცვა. მდივანი თითქოს სწორედ ამას ელოდაო, სხეული ავაზასავით დაეჭიმა და ავის მომასწავებელმა ღრუბელმა მისი მთელი სახე დაფარა, სადაცაა იქუხებდა და პეტრეს მოეჩვენა, რომ მარეხის ცბიერმა ღიმილმა ელვასავით გამოანათა მის დამცინავ სახეზე:

-  ოი, საწყალი, როგორ მეცოდება... კარგით რა, ბატონო პეტრე, თითქოს ვერ ხვდებოდეთ, სინამდვილეში ვინ არის... მაგას ვერც სამსახური და ვერც ავადმყოფი შეაკავებს, კაცმა არ იცის, რას აკეთებს და სად დაძვრება... რა კეთილი და მიმნდობი ადამიანი ბრძანდებით, ბატონო პეტრე, გგონიათ, რომ ყველა თქვენნაირი სუფთა და კეთილშობილია.

პეტრეს უსიამოდ გააჟრჟოლა. გულში ავის მომასწავებელმა ნაპერწკალმა გაურბინა. არც მარეხის პირფერობა მოეწონა, სიამოვნებით ეცემოდა ამ ჭორიკანა ქალს და ენას ამოაცლიდა... ახლა რომ ინკვიზიციის პერიოდი ყოფილიყო, ალბათ მარეხის ჯერ ენას მოაჭრიდნენ, თვალებს დასთხრიდნენ და შემდეგ ჯადოქრის იარლიყმიკრულს ცეცხლზე დაწვავდნენ. უცებ ეს სცენაც წარმოიდგინა პეტრემ და უცნაური კმაყოფილება იგრძნო, ერთი ჭორიკანათი ნაკლები ეყოლებოდა ამ სამყაროს. ქალი კი უფრო გათამამდა, მოშინაურებული კატასავით გაიფხორა და საიდუმლო ხმით თქვა:

-  მე მალე დავბრუნდები, ბატონო პეტრე, ყავას მოვადუღებ და ახლავე მოვალ, ვფიქრობ,  უფროსმა უნდა იცოდეს მომსახურე პერსონალის პირადი ცხოვრების ზოგიერთი დეტალი, რადგან მათი წესიერება ფირმის რაპუტაციაზეც ახდენს გავლენას...

თქვა და გაუჩინარდა. გაოგნებული პეტრე ადგილზე აწრიალდა. გული რაღაც ცუდს და საშინელს უქადდა. თითქოს გავარვარებულ ნაკვერჩხალებზე იჯდა და ცოცხლად წვავდნენ. ათასი ნემსით ჩხვლეტდნენ, სისხლი კი არაფრით გამოსდიოდა. მოლოდინი საუკუნესავით გაიწელა, უკვე ადგილზე ცმუკვაც დაიწყო, რომ კარი გაიღო და ფინჯანმომარჯვებული მარეხი გამოჩნდა. დაუკითხავად ჩამოჯდა უფროსის პირდაპირ სკამზე და ყავის ერთი ყლუპი მოსვა. კაცი თვალს არ აცილებდა, მის მელიასავით დაწვრილებულ, შავი ტუშით მოხატულ თვალებს და უკვე მოთმინებას კარგავდა. მარეხი იმ მტაცებელ ცხოველს ჰგავდა, ბოლო გემრიელ ლუკმას შემდგომისთვის რომ ინახავს, ითმენს მაქსიმალურად, რომ ამ ლუკმას მეტი გემო ჩაატანოს და უფრო ტკბილი და სასურველიც ეჩვენოს. მეორე ყლუპიც მოსვა და უკვე ლამის მოთმინებიდან გამოსულ პეტრეს გაუღიმა, თითქოს სახეზე ეწერა, მოიცადე  და მიხვდები, რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვფლობო... პეტრე მართლაც ინტერესით კვდებოდა. ეს ქალი უკვე მის ნერვებზე თამაშობდა. ბოლოს გასკდა მოთმინების  ბუშტი და უხეშადაც კი უთხრა:

-  რა ჩაიდინა ასეთი, აღარ იტყვი, მარეხი?

ქალი მიხვდა, მიზანში მოარტყა, კაცი უკვე ცნობისმოყვარეობის ზენიტში იყო, ახლა დახანება აღარ ივარგებდა, ამით უფროსის გულისწყრომას გამოიწვევდა, ამიტომ მაშინვე დაფაცურდა, ყავის ფინჯანი ლამბაქზე დადო და ისე გადაიწია პეტრესკენ თითქოს სახელმწიფო საიდუმლოს განდობას აპირებსო:

-  თქვენ გგონიათ, რომ დედამისი ავადმყოფი იყო? - ცოტა ხანს ადროვა და რომ იგრძნო, პეტრეს მთელი გულისყური მისკენ ჰქონდა მიმართული, იდუმალი ხმით გააგრძელა: -  არა, სრულიად ჯანმრთელი გახლდათ, ეგ მარიას ბრალია, რომ ქალს ნერვიულობაზე დიაბეტი დაემართა. სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა და რომელი დედა გაუძლებდა ამდენს?...

-  რა ჩაიდინა? - თითქმის იყვირა მთლიანად აკანკალებულმა.

-  ვიღაცას გადაეკიდა, შეუყვარდა. მერე ამ ბიჭმა, მიატოვა, მაშინ ძალიან ცუდად იყო მარია, მგონი, თავის მოკვლაც უცდია, ზუსტად არ ვიცი, დედამისმა ეს რომ გაიგო, იმდენი ინერვიულა, დიაბეტი დაემართა, წარმოგიდგენიათ, განგრენამდე მივიდა საქმე, ჯერ ფეხის თითები მოკვეთეს, მერე მთელი ტერფი...

-  ჩვეულებრივი ამბავია, შეყვარებულს ვინ არ მიუტოვებია, მაგრამ ამაში უჩვეულო არაფერია! - აღელვაბულმა მაინც მარიას დაცვა მოინდომა.

-  ჰო, მართალია, ეგ არც მე არ მიკვირს, სიყვარულის საქმე ასეთია, დღეს გიყვარს, ხვალ უკვე აღარ, მაგის გულისთვის თავს ვინ იკლავს, მაგრამ მარიამ საკუთარი შვილი მოკლა.

-  რაა? - ადგილიდან წამოხტა პეტრე. მთელი სახე გაფითრებული ჰქონდა და ხელები უკანკალებდა.

ქალს მისი რეაქციისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მშვიდად განაგრძო:

-  ჰო, იმ ბიჭმა ფეხმძიმე გოგო მიატოვა, მანაც აბორტი გაიკეთა.

-  ნაძირალა! - კბილებში გამოსცრა პეტრემ და მომუშტული მარჯვენა მაგიდას მთელი ძალით დააბჯინა, თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეყვირა.

-  გეთანხმებით, ის ბიჭი ნამდვილი ნაძირალასავით მოიქცა, მაგრამ მარია? საკუთარი შვილი როგორ მოკლა? სირცხვილისა შეეშინდა, არა?

პეტრე მოწყვეტილი დაეშვა სავარძელზე. ალბათ, ელექტროსაკამზეც რომ დაესვათ, ასე არ ინერვიულებდა, რაც ამ რამდენიმე წუთმა განაცდევინა... გრძნობდა, ყელი უშრებოდა და ფერმკთალ სახეზე ოფლის წვეთები ასხამდა. ბრაზი და გაორება ერთმანეთში არეულიყო. თავადაც უნდოდა, მარიასთვის სახეში შეეხედა და ეკითხა: ეს საშინელება როგორ გააკეთე, საკუთარი შვილი როგორ მოკალიო, შვილი, რომელიც უფლის ნებით იყო ჩასახული, აბორტმეიხერების საწამებელი იარაღების ქვეშ ასაკუწად როგორ გაიმეტეო? უნდოდა, თვალებში ჩაეხედა და პასუხი მოეთხოვა. აი, თურმე ვინ შეუყვარდა, აი, თურმე ვის აღმერთებდა... წმინდანი ეგონა...  ის ქალი ეგონა, ვისთანაც ოჯახს შექმნიდა, შვილებს გააჩენდა და მათზე იზრუნებდა. ახლა  კი, ამის შემდეგ, შეიძლებოდა ამ ქალის ნდობა? რატომ არაფერი უთხრა გუშინ, ხომ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, პეტრე ყველაფერს გაიგებდა? როგორ აპირებდა ამხელა ტყუილის დამალვას?  პეტრე განადგურებული და ძალაგამოლეული იყო. სიტყვებსაც ვეღარ უკრებდა თავს.

-  მოკლედ ასე! - მრავალმნიშვნელოვნად დაასრულა მარეხიმ და ფეხზე წამოდგა. ცარიელი ყავის ფინჯანი ხელში აიღო და პეტრესას გაჰხედა. მას ჯერაც არ დაელია - მისი ყავა ხელუხლებელი იდგა. - კარგით, მოგვიანებით შემოგივლით, თქვენც სამუშაო გაქვთ და მოგაცდინეთ, ბოდიშით, ყავა გაგიცივდათ, მიირთვით, ბატონო პეტრე!

ქალი რომ გავიდა, ძალაგამოლეულმა თავი იდაყვებში ჩარგო და გაყუჩდა. თითქოს შიგნიდან წვავდნენ, გახურებულ შანთებს ურჭობდნენ, მას კი ეს ტკივილი კიდეც სწყუროდა. სხვანაირად როგორ გადაეხარშა ის, რაც დღეს გაიგო, რა უნდა მოემოქმედა? ჯერ არ დაწყებული სიყვარული როგორ მოესპო, შესწევდა კი ძალა, იმ აბორტმეიხერივით დაექუცმაცებინა და გაენადგურებინა ეს გრძნობა? ჰქონდა უფლება ასეთი ქალი შეეყვარებინა, რომელმაც არც საკუთარი დედა დაინდო, არც საკუთარი შვილი და თავიც სასიკვდილოდ გაიმეტა? შეიძლებოდა ამ ქალის ნდობა? ნუთუ გუშინ მთელი დღე თამაშობდა? იმ სპექტაკლს რომ უყურებდა, როგორი უმანკო და უსუსური ჩანდა, თურმე მონსტრის გვერდით მჯდარა. მისი ხელი ეჭირა და მასზე ლოცულობდა, ის კი როგორ თვალთმაქცობდა? იქნებ დღესაც იმიტომ არ გამოჩნდა, რომ თავისი პირის შერცხვა, მიხვდა რომ, ადრე თუ გვიან პეტრე ყველაფერს გაიგებდა და ესეც იმ ბიჭივით მიატოვებდა... არა, ახლავე უნდა წასულიყო და მარია ენახა, მის მატყუარა თვალებში ჩაეხედა და უსიტყვოდ მიეტოვებინა, მასაც უნდა ეგრძნო, პეტრეს ახლა როგორ სტკიოდა, მასაც უნდა გაეგო, რა ტანჯვისთვის გაიმეტა კაცი... არა, მან პასუხი უნდა აგოს, მან უნდა აუხსნას, ეს რატომ დაუმალა? თავი წმინდანად როგორ მოაჩვენა, როცა სულში ბოროტს კვებავდა?

აჯანყებულ ფიქრებს უკვე ვეღარ ერეოდა. პეტრემ თავი ხელისგულებიდან გაითავისუფლა,  ჩანთა და გასაღები აიღო. კარი გამოაღო და გამოვიდა.

-  ბატონო პეტრე, მიდიხართ? - მოესმა მარეხის ხმა. არ შემობრუნებულა ზურგიდანვე უპასუხა:

-  დღეს აღარ მოვალ, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, ყველა შეხვედრა ხვალისთვის გადადე!

ციოდა, მაგრამ სიცივე არ უგვრძნია. მანქანის გასაღები მოიმარჯვა და კარი გააღო. დაჯდა. რამდენიმე წუთს საჭეზე ხელები დააყრდნო და გვერდით გაიხედა. გუშინ ამ ადგილას მარია იჯდა და ისე უმანკოდ იღიმოდა, პეტრეს წმინდანი ეგონა... თურმე... თურმე ის ვინ ყოფილა, უსასტიკესი ადამიანი, საკუთარი შვილისა და მათი სიყვარულის მკვლელი, საკუთარი დედისა და პეტრეს მკვლელიც. არადა, ის უმანკო ცრემლები? როგორ დაიჯერე პეტრე? პატარა ბიჭივით გაგაცურეს...

ძრავა ჩართო. მანქანა ადგილს მოსწყდა. სიჩქარის არასოდეს ეშინოდა, სიჩქარე და ადრენალინი სიამოვნებდა კიდეც. პეტრეს შეეძლო ჩქარი სიარული, მაგრამ ყოველთვის აკონტროლებდა გზას. ყოველთვის უმართლებდა ავტომაგისტრალზე.

არ ახსოვს, როგორ დაფარა მანძილი. როცა გონს მოეგო, მარიას კორპუსის წინ იდგა და ათრთოლებული თითებით, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, საჭეს ჩასჭიდებოდა, თითქოს მთელი ბოღმისა და რისხვის გადმონთხევას სწორედ ამ უსულო საგანზე ცდილობდა. მერე ძრავა გამორთო და თავი საჭეზე ჩამოდო. გაირინდა, ამოწმებდა რამდენად შეეძლო დამშვიდება და საკუთარი თავის ხელში აყვანა. მანქანიდან გადმოვიდა და ნელა აჰყვა საფეხურებს.

მარია მესამე სართულზე ცხოვრობს დედასთან ერთად. დედა, როგორც წესი, ან წევს, ან ზის. აუცილებლად მარია გააღებს კარს, და ამდენად, გარეშე პირებისგან მათი ურთიერთობა გარანტირებულად დაცულია. კარის ღილაკს სწვდება. ზარი უსიამოვნო ჟრუანტელად უვლის სხეულში. სიჩუმეა. არავის ხმა არ ისმის. იქნებ პურზე ან აფთიაქში ჩავიდა? ისევ აჭერს ღილაკს ხელს. კვლავ სიჩუმეა. ალბათ, სააბაზანოშია, ან სამზარეულოში და საქმეში ჩაფლული, ვეღარ ახერხებს კართან მოსვლას? ისევ აჭერს ხელს და თითქოს ხანგრძლივი რეკვა მის თავშიც გადმოდის და ავის მომასწავებლად იწყებს ჟღარუნს. დრო ისე იწელება, მოუთმენლობა იპყრობს და უკვე ცალი ხელით კედელს ეყრდნობა. ღილაკიდან გაჭირვებით იღებს თითს და უცებ სამარისებური სიჩუმე ვარდება და ამ სიჩუმეში ძალიან შორიდან ჯოხის კაკუნი და იატაკის ჭრიალის ხმა უსაშველოდ იწელება. მერე ხმაური სულ უფრო ახლოვდება და კარის უკან დამდგმარი გუბესავით იკრიბება. ურდული იღება და პეტრე გამხდარი ქალის ფერმკთალ და გაოცებულ სახეს ხედავს. ერთბაშად იბნევა, ავადმყოფი, ყავარჯენმომარჯვებული ქალის დანახვაზე კიდევ უფრო იბნევა და დამნაშავე ბავშვივით წითლდება, სახლის პატრონმა ზარის ტყუილად რეკვაში და ხალხის წვალებაში რომ გამოიჭირა. მერე მზერა უნებურად ქალის მარჯვენა უტერფო და დაბინტულ წვივზე გადააქვს და ფიქრობს, რომ ახლა, მის მდგომარეობაში, რა მძიმე და საშინელია სხეულის მობილიზება და კარამდე მოსვლა... უცებ ავიწყდება კიდეც რისთვის მოვიდა, თვალებს დაბლა ხრის და მონუსხულივით შესცქერის ქალის ჰაერში დაკიდებულ ფეხს... ფიქრიდან მასპინძლის ძალიან თბილ და სასიამოვნო ხმას გამოჰყავს, თითქოს მარიას ხმაა, ოღონდ, უფრო დაბალი და მონოტონური...

-  ვინ გნებავთ?

არ იცის, რა თქვას, ისევ ქალის ჰაერში მოქანავე ფეხს შესცქერის:

-  უკაცრავად, ქალბატონო...მე ...მე მარიას ნახვა მინდოდა...

ქალი ყავარჯნის წვალებას იწყებს, როგორც ეტყობა, უჭირს დიდხანს ასე გაჩერება.

-  მარია სახლში არ არის!

-  მალე დაბრუნდება?

-  არაა! - აგრძელებს სიტყვას და პეტრეს ცნობისმოყვარედ აკვირდება.

პეტრე ახლა  თვალებში უყურებს და მის სახეზე მისთვის საყვარელი ქალის ნაკვთებს ეძებს. დედას ძალიან ჰგავს. ასეთივე სევდიანი, დიდრონი ცისფერი თვალები და თხელი ტუჩები აქვს. მერე უნებურად შიში იპყრობს, იქნებ რამე შეემთხვა, აბა სხვაგვარად დედას როგორ მიატოვებდა, ავადმყოფ ქალს ნორმალურად ხომ გადაადგილებაც არ შეუძლია.

-  რა მოხდა? ხომ კარგად არის? - ხმაში შიში და მღელვარება იღვიძებს.

-  კი, კი... რაიონში გაემგზავრა, რამდენიმე დღე იქ დარჩება, ახლობელი გარდაგვეცვალა და რომ არ წასულიყო, არ შეიძლებოდა -  ქალის ხმაში მზრუნველობა ჩნდება - თქვენ?.. თქვენ, ალბათ...

-  მე მისი სამსახურიდან ვარ, მისი უფროსი მენეჯერი.

ქალს სახე ეცვლება, ღიმილიც ჩნდება, მისი მეხსიერება რაღაცის გახსენებას ცდილობს.

-  ანუ თქვენ ხართ ბატონი... პეტრე ხომ?

თვალებში უყურებს და პეტრეც უხმოდ უქნევს თავს. როგორც ჩანს, მარიას დედასთვის უთქვამს, რომ ასეთი უფროსი ჰყავს, ისე მართლა საინტერესოა, რა იცის მასზე და რამდენად ბევრი? ქალი ხვდება მის აზრებს და სიტყვას აგრძელებს:

-  ჰო, მარია სულ გაქებთ  და იძახის, რომ გაუმართლა, რომ ასეთი კეთილი უფროსი ჰყავს და ჩემთვის...  - ქალი იბნევა სწორ და მართებულ სიტყვებს ეძებს - რომ ჩემი დახმარების ფულიც კი თქვენ...

პეტრე დაფაცურდა, შეეცადა უხერხულობიდან თავი დაეღწია.

-  ეს იმდენად მცირე თანხა იყო, სალაპარაკოდაც არ ღირს, კარგით, აღარ შეგაწუხებთ, ბოდიში.

ბრუნდება. ის-ის არის წასვლას აპირებს, რომ ქალის სიტყვები აჩერებს.

-  მარიასთან რამე სასწრაფო საქმე ხომ არ გქონდათ?  რა გადავცე?

პეტრე ქალისკენ ბრუნდება. ახლაღა აგონდება, რომ მარიას, ალბათ, კარგად გალანძღავდა, მიწასთან გაასწორებდა, თუმცა ამის გაკეთება ახლაც შეუძლია, დედამისს პირში მიახლის, ვინც არის მისი შვილი და რა ქალბატონიც ბრძანდება.

-  გადასაცემი არაფერია, უბრალოდ, შეუძლია სამსახურში აღარ მოვიდეს...

-  რაა? - აკანკალებულ ქალს ყავარჯენი ხელიდან უვარდება.

პეტრე მექანიკურად იხრება და აწვდის. ქალი ისევ თრთის და თვალები ცრემლებით ევსება:

-  დააშავა რამე?... მაპატიეთ, ეს ჩემი ბრალია, მე ვაიძულე, რომ რაიონში წასულიყო, მისი მამიდა გარდაიცვალა, ჩემი მული, ხომ გესმით, მე ასეთ მდგომარეობაში წასვლას ვერ შევძლებდი..

ქალმა უმწეოდ გაასავსავა ყავარჯენზე ჩამოდებული ხელი:

-  გთხოვთ, მე მაპატიოთ, გთხოვთ, მარიასთვის სამსახურის დაკარგვა სიკვდილის ტოლფასია, ამას ვერ გადაიტანს, გთხოვთ!

პეტრეს უსუსური ქალის დანახვაზე გააჟრჟოლა. შეეცადა, დაემშვიდებინა, მაგრამ ეს უფრო აღელვებდა ქალს.

-  არა, თქვენ არაფერ შუაში ხართ, ეს პირადი საქმეა, სამსახურს არ ეხება, მან სიმართლე დამიმალა, გესმით... მე კი ყველა თანამშრომელს უნდა ვენდობოდე, ყველა თანამშრომლის წესიერი ქცევა, ჩვენი ფირმის სახელს განაპირობებს, მან კი... - უნდოდა ეთქვა, თავი შემაყვარა და დამიმალა, რომ სხვა კაცთან დაძვრებოდა და ჩემი სიყვარული მიიღოო, მაგრამ დროზე შეიკავა თავი. ბოლოს და ბოლოს, მარია თავისუფალი ადამიანი იყო და ვისაც უნდოდა, იმასთან ივლიდა, ვისგანაც უნდოდა შვილს იმისგან გააჩენდა, ეს პეტრეს საქმე ნამდვილად არ იყო, მაგრამ პეტრე ვერ შეძლებდა ამ ქალისთვის ყოველდღე ეცქირა და მისი წარსული დაევიწყებინა. არა, ამის გაკეთება არ შეეძლო. ისინი სამუდამოდ უნდა დაშორებულიყვნენ ერთმანეთს. ჰოდა, ძალიანაც კარგი, თუ მარიასთვის პირადად არ მოუწევდა ამის თქმა, დედამისი გადასცემდა ყველაფერს და ეს გოგო მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრებოდა...

ქალს ისევ შეხედა. კარგა ხანს იდგა და პეტრეს თვალს არ აცილებდა, მერე ძალიან დაბალი, მშვიდი და მტკიცე ხმით თქვა:

-  მგონი ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, ეს ჭორიკნებმა ენები აამუშავეს, არა? და თქვენც, როგორც ალალმა და სუფთა ადამიანმა, ყველაფერი დაიჯერეთ, ასეა ხომ? - ისე მკაცრად შეხედა, პეტრემ  ისევ დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით თავი დახარა. ხმის ამოღება კი ვეღარ მოახერხა. ქალმა განაგრძო: - ვხვდები, რომ ასეა... კარგით, შემობრძანდით, ეს აქ სალაპარაკო ამბავი არ არის, თან მეც დავიღალე აქ დგომით. დაჯდომა მინდა, ხელებში ძალა გამომელია და მიჭირს ყავარჯენზე დაყრდნობა, შემოდით და კარიც მიხურეთ!

დამჯერი ბავშვივით დაემორჩილა. კარი მიხურა და ოთახში შებრუნებულ ქალს შეჰყვა. დიასახლისი ტახტამდე მივიდა, ყავარჯნები მოხერხებულად დადო დივნის სახელურთან და ჩამოჯდა. ჯანმრთელი ფეხი მოხარა, უტერფო კი მთელ სიგრძეზე გაშალა. მძიმედ სუნთქავდა, როგორც ჩანს, ხანგრძლივ დგომასა და ამდენ საუბარს მიუჩვეველი, დაღლილობას გრძნობდა.

ოთახი არც თუ ისე კომფორტული, მაგრამ მყუდრო და სუფთა იყო. დივანი, ორი სავარძელი, მაგიდა ექვსი სკამით და მომცრო კარადა - ეს გახლდათ მთელი ავლადიდება. შპალერი მოთეთრო-კრემისფერი იყო და რამდენადმე ოთახს ნათელს ჰფენდა, თუმცა უზარმაზარ ფანჯარაზე გადაწეული ფარდიდანაც უხვად შემოდიოდა მზის სინათლე.

-  დაჯექით! - სთხოვა ქალმა, მერე სიტყვა გააგრძელა და მაგიდაზე დადგმულ გრაფინსა და ჭიქებზე მიუთითა - თუ არ შეწუხდებით, წყალი დამალევინეთ, როგორც ვატყობ, თხრობა დიდხანს მომიწევს, მე კი უკვე პირი მიშრება.

პეტრემ წყალი ჩამოასხა და ქალს მიაწოდა. დიასახლისმა მოსვა, ტუჩები ოდნავ უთრთოდა, თითქოს ეშინოდა, ის, რის მოყოლასაც აპირებდა, ჭრილობას თავიდან გაუხსნიდა. ამ ამბავმა ხომ კინაღამ იმსხვერპლა ქალი. ერთი ყლუპი ჩაყლაპა და ნახევრად სავსე ჭიქა მუხლებზე მომრგვალებულ ხელისგულებში ისე გაიჩერა, როგორც ვაზაში ჩარგული ობოლი ვარდი. მერე მშვიდი, მაგრამ მაინც თრთოლარებაშეპარული ხმით დაიწყო:

-  ის, რაც თქვენ გაიგეთ, ნაწილობრივ სიმართლეა, მაგრამ, ადვილია, ადამიანის განსჯა, როცა მის ტყავში არ გიცხოვრია, როცა, მისი ტკივილები არ გიგემია. ლაპარაკი ძალიან ადვილია... - მერე ისევ დადუმდა და სავარძელში მოკალათებულ პეტრეს გამჭოლად შეხედა: - სანამ თხრობას დავიწყებ და თქვენ საშუალება გექნებათ, ეს ორი მოსმენილი ამბავი ერთმანეთს შეადაროთ, სიმართლე უნდა ვიცოდე.

-  რა სიმართლე? - შეკრთა პეტრე - რა გაინტერესებთ?

-  ყველა დედას შვილის ბედნიერება უნდა და ამაში არც არაფერია გასაკვირი, დედა ყოველთვის იბრძოლებს იმისთვის, რომ საკუთარ შვილს ჩირქი ჩამოაცალოს, ეს ქალის ბუნებაა და ვერც გაამტყუნებ, მაგრამ დედის გული იმასაც გრძნობს, რომ თქვენ აქ ტყუილად არ მოხვიდოდით, ასე ახლოს არ მიიტანდით ამ ყველაფერს გულთან, თქვენ სხვა რამ გაწუხებთ და იმიტომ ხართ ასეთი აღელვებული, მაგრამ, სანამ რამეს გეტყოდით, მინდა, ვიცოდე, რატომ ღელავთ ჩემი შვილის წარსულზე ასე, დავიჯერო, წმინდანებით არის თქვენი ოფისი სავსე? ან ის ჭორიკნები, ჩემი შვილის სახელი რომ მიწასთან გაასწორეს, რითი არიან მარიაზე უკეთესები?

პეტრე გაწითლდა, აწრიალდა. თქმა ნამდვილად არ უნდოდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ სხვანაირად ქალის ნდობას ვერ დაიმსახურებდა. ავადმყოფ დედებს ხომ ინტუიცია გაასმაგებული აქვთ და ვერაფერს მოატყუებ, რაც მათ პირმშოებს ეხება. ისინი ხომ მხოლოდ თავანთი ავადმყოფობითა და შვილზე ფიქრებით ცხოვრობენ. დამალვას აზრი არ ჰქონდა, ან კი, რა იყო დასამალი? ამიტომ პირდაპირ, ყოველგვარი შესავლის გარეშე თქვა:

-  მე თქვენს შვილს გუშინ ხელი ვთხოვე, მე ის მიყვარს... მაგრამ...

ქალმა შვებით ამოისუნთქა, თითქოს სწორედ ამას ელოდაო, ჰო, დედის გული პეტრეს პირველივე დანახვისთანავე მიხვდა, რომ ასე მარტივად არ იყო საქმე, მის წინ ეჭვებდაწყვეტილი, გულგატეხილი მიჯნური იდგა.

-  ასეც ვიცოდი, მადლობა ღმერთს, რომ ეს ყველაფერი მარიას არ ყოფნაში მოხდა, თორემ დარწმუნებული ვარ, რა საშინელება მოჰყვებოდა. მარია კი ამას მართლა ვეღარ გადაიტანდა. ჰო, ძლიერი გოგო ჩანს, მე მივლის, ოჯახს ინახავს, მაგრამ გული ფაიფურივით  სიფრიფანა და მყიფე აქვს, ის ერთხელ უკვე დაამცირეს და გატეხეს, მაგრამ ხელახლა... ო, ღმერთო...

ხელები აამოძრავა და ჭიქაში ჩასხმული წყალი ზედა კიდეს მისწვდა, ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და ისევ მოსვა:

-  პეტრე, დამიჯერე შვილო, რაც მოხდა, მარიას არ დაუგეგმავს. არაფერი მნიშვნელოვანი და უჩვეულო არ მომხდარა.  ის ბიჭი შეუყვარდა, ეს იყო ორი წლის წინ. ისეთი გახარებული და ლაღი არასდროს მინახავს, თითქოს დაფრინავდა, ბედნიერებისგან სახე უნათოდა. იმ ბიჭმა თავბრუ დაახვია, სიყვარულში გამოუტყდა, ცოლობაც კი სთხოვა. სულ ელოდებოდა რომ ოჯახს შექმნიდა, შვილები ეყოლებოდა. არც ჩემთვის დაუმალავს, რომ შეყვარებული იყო. ბექა, ასე ერქვა იმ საძაგელ ადამიანს, სახლშიც კი ამოიყვანა, გამაცნო. რა ვიცი, ერთი შეხედვით, ცუდი ბიჭი არ ჩანდა. არც ჩემთან მოსულა ხელცარიელი - ტკბილეული და ყვავილებიც კი მომართვა. სრულიად ვიზიარებდი ჩემი შვილის ბედნიერებას და ერთი სული მქონდა, გახარებული და დაოჯახებული მენახა. არც ერთმანეთის ნახვას ვუშლიდი და არც შეხვედრებს, დრო კი იწელებოდა. ბექა არ ჩქარობდა, ხან რა მიზეზი გამოუჩნდებოდა, ხან - რა. ძირითადად კი უსამსახურობასა და უფულობას უჩიოდა. მარია სულ ელოდა, ეგონა, რომ ბექა ის ადამიანი იყო, ვინც მის ყველა ნატვრასა და ოცნებას აასრულებდა, ვინც მის სურვილებს ფრთებს შეასხამდა. მიზეზები არ ილეოდა, აი, მარტამდე დავიცადოთ, აი, მაისამდე, აი ზაფხულიც მოვიდეს, აი სექტემბერი... და ასე გადიოდა თვეები, არანაირი სიახლე და სიხარული აღარ არსებობდა. მარია კიდევ უფრო გახდა და თვალები ჩაუცვივდა... ელოდა, სულ მის ზარს და მასთან შეხვედრას ელოდა. მერე, როცა იმედი უცრუვდებოდა, ან უბრალოდ ბექა შეხვედრაზე არ მიდიოდა, ტირილისგან ამოღამებული თვალებით დადიოდა, თუმცა ცდილობდა, ამ ტკივილის კვალი სახიდან წაეშალა, მაგრამ განა შეიძლებოდა ამგვარი რამის დამალვა? მერე სულ იშვიათად და იშვიათად ხვდებოდნენ. მარია მუდმივად გაღიზიანებული იყო... სულ ელოდა, იქნებ გონზე მოეგოს და ისევ ძველებური ურთიერთობა აღვიდგინოთო, მაგრამ კარგი პირი უკვე აღარაფერს უჩანდა. თავად თუ არ დაურეკავდა, იმ გარეწარს არც კი ახსოვდა, მაგრამ მთავარს კი მიმალავდა მარია, რომ ბექას ის შეეცდინა და ფეხმძიმედ იყო. ბიჭმა მშვენივრად იცოდა, ან პირობა უნდა შეესრულებინა და ცოლად მოეყვანა, ან არადა, მშიშარა კურდღელივით  გაქცეულიყო და სადმე ჩირგვებში მიმალული, შედეგს დალოდებოდა. მარიამ რამდენჯერმე სცადა მისთვის პირობა შეეხსენებინა, უთხრა, რომ ის მოვალე იყო, პასუხისმგებლობა აეღო, ისე როგორც ნებისმიერ საღად მოაზროვნე მამაკაცს, მაგრამ ბექას არაფრის გაგონება არ უნდოდა, სმა დაიწყო და ბოლოს საერთოდ წავიდა ხელიდან, მზად იყო თავი დაეღუპა და სასმელსა და ნარკოტიკებში ჩაეხრჩო, ვიდრე მარია ცოლად მოეყვანა... იცით, სულ ვფიქრობ, რამ გამოიწვია მისი ასეთი შეცვლა, იქნებ მარია აღარ უყვარდა, ან რატომ ჰპირდებოდა ოჯახსა და ბედნიერებას, როცა ამის მიცემა არ შეეძლო? ჩემთვის ეს დღემდე გამოცანად რჩება, თუმცა რამდენიმე ვაი-კეთილისმსურველისგან გავიგე, რომ დედამისი ყოფილა წინააღმდეგი და ისიც როგორც დედიკოსა და მამიკოს მიკერებული მუქთახორა არსება, წინააღმდეგობას ვერ ბედავდა. თავიც დაღუპა და ჩემი შვილიც. მარიამ საბოლოოდღა სცადა ბექასთვის თავისი მოვალეობა შეეხსენებინა, ისიც კი შესთავაზა, საცხოვრებლად ჩვენთან გადმოსულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, მშობლებისა და დედის გავლენა უფრო ძლიერი იყო, ვიდრე საყვარელი ქალისა და საკუთარი შვილის. უბრალოდ გულგრილად უთხრა, რომ ოჯახის შექმნას არ აპირებდა და არც შვილი და ცოლი არ სჭირდებოდა. ჩემი შვილი ღვთისმოშიში და კეთილი გოგოა, სთხოვა, ამხელა ცოდვას ნუ აიღებ კისერზე, ხომ იცი, რომ ბოროტებას აკეთებ და მე რომც გაპატიო, ამას არც სამყარო და არც უფალი არ გაპატიებსო. ბექას არაფრის გაგონება არ უნდოდა... მარია ძალიან ცუდად იყო. ნერვიულობდა, ან თავის ტკივილსა და სირცხვილს როდემდე დამალავდა, ის ხომ სიყვარულის მსხვერპლი გახლდათ? ენდო ადამიანს, რომელიც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, მან კი იუდასავით გაყიდა. სულ მარტო დარჩა. მეგობარიც კი არ ებადა, რომ თავისი დარდი ვინმესთვის ეთქვა. დარჩა სასტიკ რეალობას შეჭიდებული მარტოსული. გამოსავალი კი ის იპოვა, რომ თვითმკვლელობა სცადა. დღესაც მახსოვს და როცა ვიგონებ, ტანში მზარავს ის ავბედითი დღე. მთელი კოლოფი წნევის მარეგულირებელი დალია, პატარა ბარათზე მხოლოდ ერთი სიტყვა დამიტოვა „მაპატიე“ და ეს იყო... სახლში არ ვიყავი, მაგრამ, საბედნიეროდ, მალე დავბრუნდი და ასეთი სურათი დამხვდა. თუ არ გავგიჟდებოდი, არ მეგონა. ჩემი კივილი მთელ კორპუსს ესმოდა. მერე ვიღაც ღვთისნიერმა მეზობელმა სასწრაფო გამოიძახა... აღარ მინდა იმ წუთების გახსენება, მოკლედ, ექიმების გულმოდგინე ცდით გადარჩა, მაგრამ, როგორც ექიმისგან შევიტყვე (მაშინ არც ვიცოდი, თუ მარია ფეხმძიმედ იყო), ნაყოფი დაზიანდა და აუცილებელი გახდა მისი მოშორება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვი მახინჯი და დღენაკლული დაიბადებოდა, მაინც არ გადარჩებოდა და თუ იცოცხლებდა განვითარების მანკებით და დაავადებებით იქნებოდა გაუბედურებული. ბავშვის მოშორებაზე მარია სასტიკი წინააღმდეგი იყო, ღმერთისგან ჩასახულს ვერ მოვკლავ, თუნდაც ყველაზე მახინჯი და დღენაკლული იყოსო, მაგრამ მე ყველაფერი ჩემს თავზე ავიღე, არ მინდოდა, ავადმყოფი ბავშვით ხელში, ჩემს შვილს მთელი ცხოვრება დაემახინჯებინა. პირდაპირ გამოვუცხადე, თუ ბავშვს არ მოიშორებ, მე მოვიკლავ თავს და ჩემი ცოდვა ზიდე-მეთქი. მაინც ვერ დავითანხმე, მერე ნერვიულობის ნიადაგზე ცუდად გავხდი და ერთხელაც გულწასული დავეცი. სასწრაფო რომ გამოიძახეს, თურმე კომაში ჩავვარდი, შაქრის დონე ისე აწეულიყო სისხლში.... მდგომარეობა გამირთულდა და მერე ტერფიც... - აღელვებისგან ხმა აუკანკალდა, ერთხანს თავის მოკვეთილ ფეხს დასცქეროდა და ხელში დაჭერილი წყლიანი ჭიქა უკანკალებდა, მერე, ერთი ყლუპი კიდევ მოსვა და სველ ტუჩებზე ხელი გადაისვა... ცოტახანს დუმდა, თითქოს ძალას იკრებსო ავადმყოფობის მერე, ისევ გააკანკალა და რაც შეიძლება დამშვიდებული ხმით განაგრძო:

-  ასეთ მდგომარეობაში რომ მნახა, მთლად დაიბნა, დღესაც არ ვიცი, საიდან იპოვა თავისთავში ძალა, რომ ამდენი სტრესისა და უბედურებისთვის გაეძლო. მე ინვალიდი ვიყავი და მეორე ინვალიდის დაბადება ამ სახლში უკვე აღარ  შეიძლებოდა. ძალა არ ეყოფოდა ჩემს შვილს, ეს გადაეტანა, ჯერ ისედაც გამოფიტული და გაუბედურებული იყო... ერთ დღეს, ჩემს ოთახში შემოვიდა, თავი მხარზე დამადო და ატირდა. გული ამომიჯდა, მინდოდა, მეკივლა, მაგრამ მე რომ სუსტი და უსუსური ვენახე, სიცივეში გაყინული ბეღურასავით ჩამოყრიდა ფრთებს, უკან დახევა და სისუსტის გამოჩენის უფლება არ მქონდა. ძალა მოვიკრიბე, თავი ხელში ავიყვანე და გულზე მიკრულ ჩემს გოგოს ვუთხარი:

-  კარგი დედიკო, რაც იყო - იყო, ახლა ხომ ვერ შევცვლით ვერაფერს...

თავი ასწია და ცრემლიანი თვალები მომანათა:

-  სხვა გამოსავალი არ არის, დეე?

-  არა, ჩემო გოგო, ორ ინვალიდს ვერ მოუვლი, მოკვდები და ჩვენც მიწისა და ცის ანაბარა დაგვტოვებ, ხომ გესმის?

-  კი დეეე, მესმის, მაგრამ საკუთარი შვილი როგორ მოვკლა?...

უკან დახევა აღარ შეიძლებოდა, ყველაფერი ჩემს თავზე უნდა ამეღო. ახლაც არ ვიცი, როგორ მოვიკრიბე ძალა და ვუთხარი:

-  მე რომ შენს ადგილას ვყოფილიყავი და ეს ავადმყოფი ბავშვი კი - შენ, მითხარი, ოღონდ მართლა მითხარი, ისურვებდი დაბადებას? გთხოვ, ოღონდ სიმართლე თქვი, ისურვებდი მთელი ცხოვრება ინვალიდის სკამში მჯდარიყავი და საკუთარი თავის მოვლაც არ შეგძლებოდა, მითხარი, ისურვებდი ასეთი რომ გამეჩინე, ოღონდ გულწრფელად?

მარიას თითქოს ცხელი წყალი გადაასხესო, იმავე წამს მომშორდა და დაბნეული თვალებით შემომხედა. მივხვდი, როგორ სტკიოდა სული, როგორ ებრძოდა მის არსებაში ორი - დედის და შვილის ფუნქციებისა და შესაძლებლობების ძალა. მერე მხრები ჩამოყარა. დავინახე, როგორ გაფითრთდა და ფეხზე წამოდგა, კარისკენ წალასლასდა. ზღურბლთან შედგა და მობრუნდა:

-  ალბათ, მართალი ხარ, დეე, ინვალიდობა არც ერთ ადამიანს არ უნდა, ადამიანი ბედნიერებისთვის არის შექმნილი და არა ავადმყოფობისა და ტკივილებისთვის.

მერე ხელი მუცელზე მოისვა, თითქოს საკუთარ სისხლსა და ხორცს ბოდიშს უხდიდა იმ საშინელებისთვის, რის გაკეთებასაც მე ვაიძულებდი. ასე აჯობებდა ყველასთვის. მაპატიე და შემინდე ღმერთო!

იმ დღესვე გაიკეთა აბორტი. სახლში ისეთი დაცარიელებული მოვიდა, თითქოს ეს-ესაა, საწამებელი ოთახიდან ცოცხალი გამოუშვესო. ტკივილისა და შეძრწუნების კვალი სახეზე ეტყობოდა. ნეტა შემძლებოდა მაშინ მისი ადგილი მე დამეკავებინა, ეს ტკივილები მე განმეცადა და მე მეგრძნო, ოღონდაც ჩემი სათუთი გოგო ამ ტანჯვისთვის ამერიდებინა... აი, სულ ეს არის, რისი მოსმენაც გინდოდათ, ბატონო პეტრე, იმედია, ჩემს მონათხრობს და იმ ვაი-კეთილისმსურველების ნათქვამს ერთმანეთს შეადარებთ და დასკვნებს ისე გამოიტანთ. ჩემი საბრალო გოგონას დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ ამგვარი მძიმე ხვედრი ერგო წილად. ოჯახი, სიყვარული, რაც სხვებისთვის ბედნიერებისა და ნეტარების საგანია, ჩემი გოგოსთვის აუსრულებელ ოცნებად იქცა. ესაა მისი დანაშაული, რომ ძლიერი და ნამდვილი სიყვარული შეუძლია...  ხოლო მათ, ვისაც მართლა გულწრფელი სიყვარული შეუძლიათ, არასოდეს აფასებენ, სამწუხაროდ, რეალობაა ასეთი! ახლა, თავად განსაზღვრეთ, შეიძლება თუ არა, ჩემი შვილის ნდობა და შეყვარება, ან ის არის თუ არა, საკუთარი შვილის მკვლელი?

პეტრე გაოგნებული უსმენდა. მის თავში იმდენი აზრი ირეოდა, უკვე აღარ იცოდა, რომელს გაჰყოლოდა. ეჭვისა და მოუთმენლობის ჭია ღრღნიდა. ჰო, შეეძლო მარიასთან ურთიერთობა გაეწყვიტა და ეს მისი პირადი საქმე იყო, მაგრამ მარიას სამსახურიდან დათხოვნა და მისთვის და ამ ავადმყოფი ქალისთვის სახსრის მოსპობა არ იქნებოდა სწორი და კაცური საქციელი. შეეძლო, განეკითხა, რომ როგორ ენდო იმ კაცს, ან ცოლობაზე როგორ დათანხმდა, რატომ ვერ შეაჩნია, რომ გარეწარი იყო, მაგრამ სიყვარულისგან გაბრუებულ ადამიანს განა იმის განსჯისა და შეფასების თავი აქვს,  ხომ არ თამაშობს პარტნიორი და თუ მის თამაშსა და ფარისევლობას ატყობ, მაშინ არც გიყვარს და არც ენდობი. სიყვარული ხომ უპირობო ნდობაა! ნდობის გარეშე იარსებებს კი ნამდვილი სიყვარული? შეუყვარდა და ენდო ბიჭს, რომელმაც ცოლობა და ოჯახი შესთავაზა. ჰო, სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ქორწინება გადაიდო, მაგრამ განა ამის გამო ნდობა უნდა შერყეოდა? ცოლქმრობაში ხომ მოთმენა და ურთიერთგაგებაა მთავარი და მარიაც მშვიდად ელოდა, როდის იქნებოდა ბექა მზად ოჯახის შესაქმნელად. განა, როცა გიყვარს, წინასწარ განჭვრეტ, რომ დედამისი ბარიერი შეიქმნება და ფარად აეფარება საკუთარი შვილის უსაქციელობას, ნამდვილი დედა თავად აიძულებდა შვილს, რომ უმანკო გოგოსთვის მიცემული პირობა შეესრულებინა და შვილისთვის უფლება მიეცა ისე ეცხოვრა, როგორც მას უნდოდა... თურმე არიან ასეთი დედებიც, საკუთარი შვილების სიყვარულის მესაფლავეები რომ ხდებიან და მერე უკვირთ, მათი შვილები რატომ არ არიან ბედნიერნი? იმიტომ, რომ თვითონ მოკლეს საკუთარ ვაჟებში სიცოცხლისა და ბედნიერი მომავლის სურვილი. საკუთარი შვილების დესპოტ მესაფლავეებად იქცნენ. რა უფრო დიდი დანაშაულია, აბორტის გზით მოკლა შვილი, თუ საკუთარი პირმშოს თავისუფლების ჩახშობით ის ცოცხალ მძორად აქციო? რა უფრო დიდი დანაშაულია, მოსპო დაუბადებელი პირმშო, თუ უკვე დაბადებულს, სული ამოართვა?

-  იმ ბიჭს რა დაემართა? - დიდი ხნის დუმილის შემდეგ ჰკითხა პეტრემ.

-  ვინ ბიჭს? - ჯერ ვერ მიხვდა ქალი, მერე თავი გააქნია - ბექაზე მეკითხები? რა დაემართებოდა, რაც დედიკოს კალთაზე მიკერებულ ნაძირალას, გალოთდა და განარკომანდა, მგონი, რომელიღაც დისპანსერში მკურნალობს კიდეც... მაგრამ დედამისს მოეკითხება მისი ცოდვა, არ უნდოდა ოჯახი და ცოლ-შვილი, იჯდეს ახლა გამოსაფხიზლებელ დისპანსერში და გამორეცხილი თვალებით უყუროს ცას... იქიდან გამოსული, ძნელად თუ შეძლებს ფეხზე დადგომას, მაგრამ ჯანდაბამდე გზა ჰქონია, ჩემი შვილი კინაღამ შეიწირეს და იმსხვერპლეს... არ მაინტერესებს და არც ვკითხულობ.

-  მარია? - წამოიკვნესა პეტრემ და თავადაც ვერ იცნო თავის ხმა.

-  რა მარია? მარიასთვის ის ადამიანი მოკვდა, აღარ არსებობს, აორთქლდა, მორჩა. ის, რაც მარიამ გადაიტანა, ამის გამეორება და განცდა ვის ენდომება? ორი წელი გავიდა და მადლობა ღმერთს, გოგომ მოიხედა, იმედები და ოცნებები ისევ გაუცოცხლდა, მეც ბედნიერი ვარ, ასეთს რომ ვხედავ... თქვენ, პეტრე რას ფიქრობთ?

პეტრე მოულოდნელად შეკრთა, ერთბაშად ვერ მიხვდა, რას ეკითხებოდა ქალი.

-  რაზე მეკითხებით, ქალბატონო...

-  ნელი.

-  ქალბატონო ნელი... რას გულისხმობთ?

-  იმას, როგორია თქვენი გეგმები, თუ თქვენც მორიგი დედის მსხვერპლი აღმოჩნდებით და სახელგატეხილ გოგოს ცოლად ვერ მოიყვანთ? - მიხვდა, ცოტა უხეშად მოუვიდა, მაგრამ ამის ცოდნა ქალისთვის აუცილებელი იყო, ის არავის აღარ მისცემდა უფლებას, რომ მისი გოგონასთვის კიდევ გული ეტკინათ. მაინც თვლიდა, რომ ახლა უხეშობაზე კი არა, საკუთარი შვილის ბედზე უნდა ეფიქრა.

-  მე დედა არ მყავს, ქალბატონო ნელი!

ქალს უცებ გულში რაღაც ჩაწყდა, მაშინვე ინანა, რომ ასე უხეშად მოუვიდა და იმავე წამს დაფაცურდა:

-  მომიტევეთ, გთხოვთ, თქვენი წყენინება სულაც არ მინდოდა...

-  კი, მესმის, არა უშავს.

-  და რას ფიქრობთ, პეტრე?

-  იმას, რომ თქვენი შვილი მიყვარს და მის ცოლად მოყვანას ვაპირებ!

პეტრეს ხმა ფოლადივით მტკიცედ ჟღერდა. ქალს ესიამოვნა, ხელები მისკენ გაიშვირა და როცა პეტრეს გამოწვდილ მარჯვენას მისი სუსტი და ავადმყოფური ხელი შეაგება, მისმა ტუჩებმა ღიმილი გამოსცა:

-  დღეიდან შენი დედა მე ვიქნები, პეტრე, თუ ჩემნაირი ხეიბარი ქალის დედობას მიიღებთ და იკადრებთ, შვილო? - ცრემლები უნებურად მოწყდა უპეებს.

-  რას ბრძანებთ, ქალბატონო ნელი, ჩემნაირ შვილს თუ მიიღებთ, დიდად მადლობელი და ბედნიერი დაგრჩებით, ახლა კი, მეტს აღარ შეგაწუხებთ, ამდენი საუბრით გადაგღალეთ და დასვენება გჭირდებათ, თუ რამე დაგჭირდათ, ამ ნომერზე დამირეკეთ, ეს ჩემი სავიზიტო ბარათია, ნებისმიერ წუთსა და საათს, თქვენს სამსახურში მიგულეთ.

პეტრემ ბარათი მიაწოდა და ქალს ხელზე ეამბორა. მარიას დედა იჯდა და ჩუმი, უთქმელი ცრემლებით შესცქეროდა მიმავალ ვაჟს.

 

 

 

17

გარიჟრაჟზე, როგორც იქნა, ჟანგიანი კარი გაიღო და ახმახი მცველის ვეება ლანდი მოჭრილი ტორივით გაწვა მიწაზე. პეტრემ თავი ასწია და მცველს შეაცქერდა. ეს უკანასკნელი ანთებული კვარით ხელში იდგა და ყბებს აცმაცუნებდა, თითქოს კბილებში გაჩხერილ საჭმლის ნამცეცებს ყლაპავდა. მერე ცალი ხელით წყალი და საჭმლიანი ლანგარი ძირს დადო და გაღიმება სცადა, მაგრამ ეს იმდენად საცოდავად და არაბუნებრივად გამოუვიდა, პეტრეს შეებრალა და გულში გაიფიქრა კიდეც, რა მოუხერხებელი და  უსუსურია ამხელა ახმახიო. სამსონს თავი მოხრილ მუხლებზე შემოდებულ იდაყვებზე დაედო და თვალები დაეხუჭა, თითქოს ისევ ეძინა და გამოფხიზლებას არ ცდილობდა. ახმახმა, რამდენადაც შეეძლო, მორიდებით ჩაახველა, მაგრამ ეს ისე ხმამაღლა გამოუვიდა, რომ პეტრემ დაინახა, სარკმელზე მჯდარი მტრედი როგორ შეკრთა და გაფრინდა. მხოლოდ მის გაფრენილ ბოლოს მოჰკრა თვალი და რაღაცნაირი სევდა შემოაწვა. არ იცოდა, აქ, ამ დახავსულ და ვირთხებით სავსე ჯურღმულში, როდემდე მოუწევდა ყოფნა, ან შემდგომ რა ელოდა, ან რისი იმედი უნდა ჰქონოდა? უბრალოდ, ცდილობდა, არაფერზე არ ეფიქრა. მოსახდენს მაინც ვერ შეცვლიდა და არც ცრუ ფიქრი და წუხილი გამოიღებდა ნაყოფს. უნდა მიჰყოლოდა დროს. გზა მხოლოდ დროის დინებას შეეძლო ხილული გაეხადა. ამიტომ ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ყველაფერი ისე მიეღო, როგორც გარდუვალი და სავალდებულოდ მოსახდენი, რომლის შეცვლას მხოლოდ სამყაროს იდუმალი ძალები შეძლებდნენ. ახმახმა ხელახლა ჩაახველა და რამდენადაც შეეძლო, ბოხი და ჩახრინწული ხმით თქვა:

-  ორატორს შენი ნახვა უნდა, უცხო ადამიანო, ახლავე მასთან  უნდა მიგიყვანო!..

ამ სიტყვებზე, სამსონი შეირხა, თვალები გაახილა და ჯერ პეტრეს შეხედა, მერე - მცველს:

-  ალბათ, გათავისუფლებენ, პეტრე! - ჩაილაპარაკა ჩუმად და გაუღიმა.

-  არ ვიცი!  - მხრები აიჩეჩა - თუმცა, რაც არ უნდა მელოდეს წინ, მინდა, გითხრა, რომ მხოლოდ სიკეთესა და ოჯახთან მალე დაბრუნებას გისურვებ!

-  სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები შენი, პეტრე!

პეტრემ ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ახმახს გაჰყვა...

ბნელი დერეფანი  მხრჩოლავი კვარის შუქზე განათდა, ის ისეთი ვიწრო და დაკლაკნილი იყო, როგორც ლაბირინთში გამავალი ბილიკი, რომელიც მუდმივად იხრება ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ და დასასრული არ ჩანს. ბოლოს, როგორც იქნა, უზარმაზარი კარის წინ აღმოჩნდნენ. მცველმა გაჩერება უბრძანა და გასაღებების მთელი შეკვრა მოიმარჯვა. მერე დიდხანს ათვალიერებდა სასურველ გასაღებს და როცა ის აღმოაჩინა, კარს მოარგო. უზარმაზარი ჟანგიანი ურდული შეიძრა და პეტრეს მთვარის შუქმა მოსჭრა თვალი. ხელი სახეზე აიფარა. ერთხანს ხარბად შეისრუტავდა სუფთა ჰაერს და თვალს მთვარის ნათელს აჩვევდა, მერე დაინახა გზის მოპირდაპირედ მდგარი კარეტა და ახმახმაც სწორედ იმ კარეტისკენ უბიძგა. იქ უკვე ორი შეიარაღებული მცველი და მეეტლე უცდიდა. კარეტის კარი უკვე გაეღოთ. პეტრე ჩასვეს. ერთ-ერთმა მათგანმა ხელებზე გრძელი ჯაჭვის ხელბორკილი დაადო და კუთხისკენ უბიძგა. პეტრე დაჯდა და მცველიც გვერდით მიუჯდა. წითური გაჩეჩილი თმა და უსიამოვნო ნაჭრილობევი სახე ჰქონდა. პეტრეს მის დანახვაზე უხალისოდ გააჟრჟოლა, მაგრამ შეეცადა, მისთვის აღარ მიეხედა და თავი ბორკილებდადებულ ხელებში ჩარგო. მეორე მცველი კართან მოთავსდა და ხელში მომუჭული ხელჯოხი ნერვიულად აათამაშა. კარეტა მძიმედ დაიძრა. მეეტლემ წყვილად შებმულ ცხენებს შოლტი მოუქნია და შეეცადა, მოძრაობა უფრო აეჩქარებინა, მაგრამ დაჩაჩანაკებული ცხენები მაინც თავის ნებაზე მიდიოდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ პატრონის მათრახის ტყლაშუნს. როგორც ეტყობა, უკვე ჩვეული იყვნენ ცემასაც და უხამს სიტყვებსაც და მათი გამოცოცხლება და სირბილი ასე ადვილი საქმე სულაც არ გახლდათ. ეტლი ნელი ჩორთით მიუყვებოდა გზას და პეტრეს ეჩვენებოდა, რომ უზარმაზარ ასანთის კოლოფში გამომწყვდეული მწერი იყო, რომელიც უიმედოდ აწყდებოდა კედლებს. არადა, რამდენჯერ დაუტყვევებია ასე საბრალო მწერები. არც ეცოდებოდა, თითქოს სიამოვნებდა კიდეც მათი წვალება, ახლა კი თავად აღმოჩნდა ამ უსინათლო და დახურულ კოლოფში და გაუთავებელი რყევა და მოძრაობა გულისრევის შეგრძნებას უმძაფრებდა. გზა გაიწელა, თითქოს, დასასრული აღარ უჩანდა. თვალები სიბნელეს კი მიეჩვია, მაგრამ გაუთავებელი რყევა თავს ატკიებდა, ცნობიერებას უბინდავდა. მერე ნიაკოს ლანდი დაინახა. გოგო შორიდან უღიმოდა და ასანთის კოლოფში გამოკეტილ ფუტკარზე მიუთითებდა. საბრალო მწერი კოლოფის გვერდებზე ცოცდებოდა და მერე ისევ დაბლა ეცემოდა, ისევ ძალას იკრებდა, ბობღდებოდა და ისევ ფსკერისკენ ეცემოდა. ნიაკო უყურებდა მწერს და თვალებში ცრემლები უბრწყინავდა. პეტრემ დაინახა, რომ ფუტკარს ფრთები არ ჰქონდა, რატომ გაუკვირდა?  ნიაკო კი ისევ ტიროდა და თითს უქნევდა:

-  ეს შენ დააცალე ხომ ფუტკარს ფრთები?... ეს შენ ჩაიდინე, პეტრე?... როგორ შეგეძლო, ხომ იცი, რომ ისიც ცოცხალია, ახლა კი შენ გამო მოკვდება, რა სასტიკი ბიჭი ხარ, პეტრე... რატომ გააკეთე ეს?... ფუტკარი მოკვდება... მოკვდება...

ნიაკომ ასანთის ყუთი გაამოძრავა და პეტრემ მკვდარი ფუტკარი დაინახა, რაღაცნაირი სინანული იგრძნო, გული ამოუჯდა. გოგომ ნაწყენმა შეაქცია ზურგი და წავიდა.

-  მოიცა, ნიაკო, მოიცა... არ მინდოდა, გეფიცები, არ მინდოდა მისი სიკვდილი, მე, უბრალოდ, მეგონა, რომ ახალი ფრთები ამოუვიდოდა, ასე მეგონა, დამიჯერე, გთხოვ!

ნიაკო შეჩერდა. შემობრუნდა და პეტრეს თვალებში შეაცქერდა, გამწყრალი და დამცინავი ღიმილი შეაფრქვია:

-  რა სულელი ხარ, პეტრე, არ იცი, რომ ფრთები მხოლოდ ერთხელ ამოდის?  ფრთები არავის არ უნდა მოაცალო, არავის არ წაართვა ფრენის უფლება, ფრთების გარეშე ის უბრალოდ მოკვდება... არავის არ წაართვა ფრთები... არავის...

ნიაკომ ყუთი მოისროლა და გაქრა... ეტლი ძლიერ შეჯანჯღარდა და პეტრემ კედელს თავი მიარტყა. ახლაღა გამოფხიზლდა და თვალები გაახილა, ნიაკო არსად იყო. მის გვერდით მჯდომი ახმახი ფეხზე ამდგარიყო და გაჩერებული ეტლიდან ძირს ჩადიოდა. მიწაზე რომ ჩახტა, თავი პეტრესკენ მოაბრუნა და ჩახლეჩილი, უსიამო, ზიზღნარევი ხმით უთხრა:

-  გადმოდი!

ბრძანებას დაემორჩილა. თუმცა ხელ-ფეხი ამდენი ხნის რწევა-რხევის შემდეგ ციებცხელებიანივით უკანკალებდა, მაგრამ მაინც მოახერხა ბარბაცით ადგომა და ძირს გადასვლა. წითურამ წინ უბიძგა და პეტრეს უცნაურმა სინათლემ თვალი მოსჭრა. მის თვალწინ დიდი ლამაზი შენობა გადაიშალა. ეს, ეტყობა, ორატორის სახლიაო, გაიფიქრა და არც შემცდარა. სახლის გარშემო თვალწარმტაცი ბაღი იყო  მოკირწყლული, მთვარის სხივებით განათებული, ბილიკებითა და პატარ-პატარა სკულპტურებით. სახლის წინ მოზრდილი შადრევანი  ამოსჩქეფდა და ხვიარა მცენარეებით სავსე ქოთნები ელაგა. პეტრე წითურა მცველს მიჰყავდა, ის კართან შეჩერდა და მოწიწებით დააკაკუნა. პეტრემ შეამჩნია, უცებ როგორ დაიკარგა მისი მოურიდებელი და დამცინავი გამოხედვა და  მხრებში საცოდავად მოიკაკვა. კარი გაიღო და პეტრემ ათასფერად განათებული სანთლის შუქზე მომსახურე კარისკაცის სახე დაინახა. როგორც ეტყობა, ეს უკანასკნელი მათ  უკვე ელოდა. უსიტყვოდ შებრუნდა და წავიდა. წითურამ პეტრეს უბიძგა და ისიც ფეხის ბორძიკით გაჰყვა წინ მიმავალ კაცს. ლაქია ახლა მეორე სართულზე დაკლაკნილ ხის კიბეს აჰყვა. პეტრე მოაჯირს დაეყრდნო და უცებ იგრძნო, როგორ ესიამოვნა, ამდენი ხნის შემდეგ მთელი თავისი სიმძიმე ამ ხის მოაჯირზე რომ გადაიტანა. საფეხურზე შედგა და წუთით გაჩერდა. ლაქიამ უკან მოიხედა, წითურამ კი უკნიდან მუჯლუგუნი წაჰკრა. კიბე აიარეს და დიდი ოთახის  კართან შეჩერდნენ. ლაქიამ ისევ მოიხედა, თვალით ანიშნა, აქ მომიცადეთო და გაუჩინარდა. რამდენიმე წუთში ისევ გამოჩნდა და კარი ფართოდ გააღო. ანიშნა, შედიო... პეტრე შევიდა თუ არა, ლაქიამ კარი მაშინვე მოხურა და კედელთან საცოდავად აწურულ წითურას უსიტყვოდ ჩაუარა გვერდით.

 

თავი მეორე

1

თენგომ ოჯახი რომ შექმნა, დიდი არაფერი ებადა, ელა ცოლად მოიყვანა და თითქოს  მხოლოდ ეს იყო მთელი მისი ავლადიდება. ქალი მუყაითი და მშრომელი გამოდგა. ქმარს ყურადღებას არ აკლებდა, თავადაც მუშაობდა, თუმცა ყველაფერი მუდამ წესრიგში ჰქონდა, სადილიც და სახლიც მილაგებული. მერე, ლექსო და გოგოებიც - ეთო და თეო შეეძინათ და უცებ დაწვრილშვილდნენ. ახლა უკვე თენგოს მოტანილი ხელფასი აღარ კმაროდა ოჯახის შესანახად. თენგომ ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა, მაგრამ  ეს შემონატანი საჭმლის ფულად ძლივს ჰყოფნიდათ.  მანქანაში ჩამჯდარს ისევ საკლასო ოთახი და თავის მოსწავლეები აგონდებოდა. ნოსტალგია, რომ ვთქვათ, ნამდვილად არ იყო და არც ძალიან განიცდიდა, რომ მასწავლებლობისთვის თავის დანებება მოუწია, უბრალოდ, სხვაგვარად ოჯახს ვერ გაუძღვებოდა, მაგრამ ხანდახან სიზმარში ამოტივტივდებოდა საკლასო ოთახი და  ბავშვები, თავადაც, ცარცით ხელში, დაფასთან იდგა და ხან პითაგორას თეორიას ამტკიცებდა, ხან ტრიგონომეტრიულ განტოლებებს ადგენდა, ხანაც უბრალო ამოცანებს ხსნიდა... ასეთ დროს თავის სტიქიაში იყო და მძინარესაც ისეთი სიმშვიდე გადაჰფენოდა სახეზე, თუ შემთხვევით, ბავშვის ტირილზე გამოღვიძებული ელა გადმოხედავდა, ეღიმებოდა, რადგან ხვდებოდა, რომ მისი ქმარი ჯერაც იმ სამყაროში ჩარჩენილიყო, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებდა... ამიტომ გულში სინანულსაც გრძნობდა და ქმრისადმი ღრმა პატივისცემასაც, რადგან ეს მსხვერპლი სწორედ ოჯახის გამო გაეღო თენგოს. დილა გათენდებოდა და კაცს უკვე სიზმარი აღარ ახსოვდა. ახალი დღე ახალ ძალასა და შემართებას მოითხოვდა მისგან. ოჯახი სარჩენი და მოსაწესრიგებელი ჰქონდა, ამიტომ წარსულზე ტირილი და განცდა ახლა ყველაზე უსარგებლოდ ეჩვენებოდა. თუმცა ლაპარაკისა და მოყოლის სურვილს, რომელიც ყველა მასწავლებლის განუყრელ ატრიბუტს შეადგენდა, ამ ახალ პროფესიაში აქსოვდა და თითოეულ მგზავრს მოძღვრავდა, ესაუბრებოდა, ხან ჭკუასაც არიგებდა. იცოდა, ლოგიკა და გადმოცემა ისეთი ჰქონდა, გონებასუსტ ბავშვსაც კი აამეტყველებდა... მგზავრებს რამდენადმე ართობდათ თენგოს შეუჩერებელი საუბარი და ახსნა-განმარტებები, მაგრამ ამას ადამიანთან მონატრებული ლაპარაკის სურვილით ხსნიდნენ, თუმცა, ვინ იცოდა, რომ ეს ახსნა-განმარტებები და საუბრები მისი ყოფილი და აწ უკვე იძულებით მიტოვებული პროფესიის განუყრელი და აუცილებელი ნაწილი იყო. თენგოს პროფესიაში არ გაუმართლა, მაგრამ ცოლ-შვილი კი მართლა ღვთის საჩუქარი გახლდათ. ამიტომ თავს არ ზოგავდა, სისხამ დილით გაჰყავდა, აწ უკვე ტაქსად ქცეული, თავის მანქანა და გვიან ღამით ბრუნდებოდა. ხანდახან დიდ რეისებზეც უწევდა მუშაობა, ზოგჯერ რამოდენიმე დღითაც არ მოდიოდა სახლში, მაგრამ გული მშვიდად ჰქონდა, ამგვარი გრძელი გზა ყოველთვის კარგი შემოსავლით მთავრდებოდა... ასეთ დღეებში შეეძლო უფრო გაენებივრებინა ცოლ-შვილი და მათი სურვილების „ოქროს თევზიც“   გამხდარიყო. ყველაზე მეტად ეს მოსწონდა თენგოს, როცა დაბრუნებულს ცოლ-შვილი გარს ეხვეოდა და ყველას საჩუქრებს ურიგებდა. ამ დროს აჟღურტულებული ბავშვების ხმა საოცარი სითბოთი და სიამით უვლიდა მთელ სხეულში. ამ წუთებს არაფერში გაცვლიდა. გოგოებს ხელში აიტაცებდა. ატიტინებულ პატარებს ლოყებს უკოცნიდა, ლექსოს ქოჩორზე მოქაჩავდა, კედელთან ატუზულ, გაღიმებულ და საოცრად ბედნიერ ცოლს ყელზე კოცნიდა. იცოდა, ბავშვებს დააძინებდნენ და ელაც, საუცხოო და ნოყიერი ვახშმის შემდეგ, დაუვიწყარ ღამეს აჩუქებდა. მისი სიყვარული და თანადგომა ხომ ყველაზე ძლიერ ავსებდა თენგოს... დილით ცოლის კოცნას გრძნობდა დახუჭულ თვალებზე, რომლებსაც სპეციალურად არ ახელდა, რომ ეს ნეტარება, რაც შეიძლება, დიდხანს გაგრძელებულიყო... მერე ბავშვების ჟრიამული მთელ სახლს ავსებდა, თითქოს „ყიზილბაშები“ შემოსეოდნენ. თენგო მაინც არ დგებოდა, თავს უფლებას აძლევდა, რომ წინა დღით დაღლილსა და ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ დაბრუნებულს, დილის ძილით სძინებოდა, მაგრამ, როცა სამზარეულოდან მომზადებული საუზმის უგემრიელესი სუნი ნესტოებს უწიწკნიდა, უკვე ცდუნებას ვეღარ უძლებდა და თვალებს ახელდა, ხალისით იზმორებოდა და ეგრევე, პიჟამოების ამარა, ამ სუნს ისე მიჰყვებოდა, როგორც მეძებარი ძაღლი მწყრის კვალს. რაც უფრო უახლოვდებოდა, უფრო გრძნობდა გონების დაბინდვამდე მადისაღმძვრელი საჭმლის სურნელს და უკვე ნაბიჯს ანელებდა, სამზარეულოს კართან ჩერდებოდა და ცალი თვალით ქურდულად იჭვრიტებოდა. ამ დროს „ყიზილბაშთა“ ლაშქარი ზურგიდან თავს აცხრებოდა თენგოს და ისიც, უკვე ბავშვების ალყაში გარშემორტყმული, საწყალი ღიმილით უღიმოდა გაზქურასთან დანითა და კოვზით შეიარაღებულ ცოლს. ელას ეცინებოდა და ღიმილით იპატიჟებდა „ყიზილბაშებისგან“ დატყვევებულ ქმარს, რომლის ერთი ფეხიც ეთოს დაესაკუთრებინა, მეორე თეოს, ზურგიდან კი ლექსო შემოჰხვეოდა და ასე ხელფეხდაბლოკილი, რის ვაი- ვაგლახით, შედიოდა სამზარეულოში... იქ კი სუნი ისე მძაფრდებოდა, თენგოს უკვე კუჭი ეწვოდა... შებრაწული ძეხვისა და კვერცხის სუნი, ჩაის ფინჯნებთან ახლადგამომცხვარი ფუნთუშები უკვე დაუძლეველ მაცდუნებლებლად ქცეულიყვნენ.

-  გვშია, დედიკოოო... - ყვიროდა თენგო და „ყიზილბაშების“ ლაშქარიც რიხით აძლევდნენ ბანს:

-  გვშია, გვშია...

ელა კოვზს უკვე მოჩვენებითი სიბრაზით ჰაერში იქნევდა და „ყიზილბაშებსა“ და მათ ტყვეს სააბაზანოსკენ ხელ-პირის დასაბანად სულ ქოქოლით ყრიდა... ბავშვები სანამ იბანდნენ, თენგო იცვამდა, მერე, მორჩილი კრავივით, ელოდა თავის რიგს აბაზანაში და უკვე გალამაზებულები, პირდაბანილები და გასუფთავებულები, მორიდებით შედიოდნენ ელასთან სამზარეულოში, სადაც დედიკოს ისეთი სუფრა გაეწყო, თვალს მოგტაცებდათ...

ყველა გემრიელად მიირთმევდა, ხანდახან ეთო ჭირვეულობდა, მაგრამ ელას შეხედვისას უმალ წყნარდებოდა და მოზრდილ ლუკმებს პირში იტენიდა. ტიპიური ოჯახი გახლდათ, უბრალოდ ბედნიერი და მყუდრო...

2

ლექსო გამორჩეული ბავშვი იყო. ამას მშობლებიც გრძნობდნენ და მასწავლებლებიც ხედავდნენ. ხშირად იკეტებოდა ოთახში და ჩხირკედელაობდა. უცნაურ კონსტრუქციებსა და მოწყობილობებს აწყობდა. ეს საქმიანობა ძალიან სიამოვნებდა და მისი გართობის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. მერე ოლიმპიადაშიც საპრიზო ადგილი დაიკავა მისმა გამოგონილმა სათამაშო რობოტმა და ბავშვებიც რაღაცნაირი რიდით ექცეოდნენ. ყველამ იცოდა, რომ მის ნიჭიერებას უსაზღვრო შესაძლებლობები და შედეგები ჰქონდა. ამდენად, მასწავლებლებიც ანებივრებდნენ, სხვებზე მეტს პატიობდნენ და პატივისცემასაც სხვებზე მეტად ამჟღავნებდნენ, როგორც მათი ყოფილი კოლეგის შვილზე. გარდატეხის ასაკში, როცა ლექსომ უბრალოდ გააცნობიერა, ვინ იყო გოგო და ბიჭი, როცა გაიაზრა, რომ გოგონებს, არც ისეთი ძალა ჰქონდათ და არც ისეთი გაბედულება და ბრძოლის უნარი, როგორც ბიჭებს, მათი დაფასება და დახმარება ისწავლა. დედა სულ იმას ჩასჩიჩინებდა, რომ გოგონები სათუთი არსებები იყვნენ და მათ დაცვა და მზრუნველობა სჭირდებოდათ. მით უფრო, როცა თავის ორ გადარეულ დაიკოს უყურებდა, რომლებიც ფანტაზიის არც თუ ისე ცუდი უნარით გამოირჩეოდნენ. ადრე თუ მათ თოჯინებს ართმევდა და   თმებს უწეწავდა, ან ხელ-ფეხს ამტვრევდა და შემდეგ გამარჯვებული ღიმილით უყურებდა, ახლა ყველაფერი შეიცვალა. მიხვდა, რომ ამგვარი საქციელით მხოლოდ ზიზღს იმსახურებდა, არადა, გოგონების გულის მოგება სულ უბრალოდ შეეძლო მათზე მზრუნველობითა და ყურადღებით. ოჯახიდან ეს ჩვევა სკოლაშიც გადაიტანა. სხვა ბიჭები თუ გოგონებს აწვალებდნენ და თმებს სწიწკნიდნენ, სულელურ მეტსახელებს ეძახდნენ, ლექსო შეეცადა, კარდინალურად შეეცვალა თავისი დამოკიდებულება. ყველას ღიმილითა და მოწიწებით პასუხობდა, ყველას, ვინც კი დახმარებას სთხოვდა, ეხმარებოდა. ხან ალგებრის ამოცანებს უხსნიდა, ხან ქართულის თემებს უჩვენებდა და ამავე დროს, აზრების სწორედ წარმართვას ასწავლიდა, რომ თემა უფრო საინტერესო და სხვებისგან განსხვავებული ყოფილიყო. ყოველთვის ეუბნებოდა, რომ ჯერ სათაურს უნდა დაჰკვირვებოდნენ და ისე გაეშალათ თხზულებაც, რომ სხვა მხარეს არ გადაეხვიათ, რომ სათაურისთვის უნდა ეპასუხა თემას და მოქმედებაც, რაც შეიძლება, კონკრეტული ყოფილიყო  და არა გადაჭარბებული პათეტიკით სავსე. უბრალოება ყოველთვის უფრო მეტად იგებდა, ვიდრე, მოჩვენებითობა და მაღალფარდოვნება..  გენიალურობა სიმარტივით გამოიხატებოდა, ყოველგვარი ღირებული უბრალო და მარტივი გახლდათ...

ლექსო კლასში იმ „სასწრაფო დახმარებად“ გადაიქცა, რომელიც ყოველთვის და ყველგან მზად იყო დასახმარებლად. კლასელები აფასებდნენ და უყვარდათ. მოგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო სპორტზე სიარულიც. ძიუდოს ჯგუფში შევიდა და სპორტმა გაიტაცა. ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის მარტო გონებრივი შრომა არ იყო საკმარისი, კუნთების დატვირთვაც აუცილებელი გახლდათ. ეს ცვლილება იმწამსვე იგრძნო, როგორც კი ვარჯიშით დაკავდა. ორგანიზმი უკვე გაძლიერებულად სთხოვდა საკვებს, რომ დაკარგული ენერგია აენაზღაურებინა და გონებაც უფრო აქტიურად ამუშავდა. სწავლა და სპორტი ერთად მართლაც სასწაულებს ახდენდა. გამჭრიახ აზროვნებასა  და მუდმივ ენერგიას გრძნობდა.

სპორტის დარბაზში ძირითადად საღამოობით დადიოდა. ორ-სამ საათიანი ვარჯიში მისთვის სრულიად საკმარისი იყო. ცოტა ხანში შეამჩნია, რომ სხეული უფრო დაეკუნთა და ის კუნთებიც განუვითარდა, რომლებიც მაინცდამაინც დიდად არ ემჩნეოდა. რამდენიმე თვეში ლექსო მართლა ყველასთვის მისაბაძ ბიჭად იქცა. გოგონები მასზე ლეგენდებს თხზავდნენ, მის სიყვარულზე ოცნებობდნენ. ბიჭები მასთან დამეგობრებას ცდილობდნენ. ლექსო, როგორც ყველა ნიჭიერი ადამიანი, ინტროვერტი გახლდათ და მაინცდამაინც ხალხმრავალი თავყრილობები და შეკრებები არ იზიდავდა. რაც არ უნდა მეგობრების წრით ყოფილიყო გარემოცული, მაინც გული მარტოობისკენ უბიძგებდა. ხშირად, ვარჯიშის შემდეგ სახლში მისული, განმარტოვდებოდა და მომავალ მიზნებსა და წარმატებებზე ოცნებობდა. ანდაც უბრალოდ, წყნარ მუსიკას ჩართავდა და მის წიაღში იძირებოდა, ან მხატვრულ ლიტერატურას კითხულობდა და ამით უდიდეს ბედნიერებას პოულობდა...

...მაგრამ ერთ დღისით ყველაფერი აირია, თითქოს საკუთარი სამყაროდან გამოისროლეს და ამ სამყაროს კარი გადაურაზეს. საქმე ის იყო, რომ სპორტულ დარბაზში მწვრთნელმა ყველას ჭიდაობის  შეეწყვიტა სთხოვა. ძიუდოისტები მაშინვე დაემორჩილნენ და ერთრიგად ჩამწკრივდნენ. მწვრთნელი მათ წინ დადგა და მის უკან  მდგარი კაპიშონჩამოფხატული, ჯინსის შარვალსა და ფორთოხლისფერ მაისურში გამოწყობილი პიროვნება წარუდგინა.

-  ახალი წევრი გვყავს! -  თქვა და სტუმარს მკლავზე ხელი მოკიდა.

ეს უკანასკნელი მორიდებით  წინ წამოიწია, მერე თავზე მოგდებული კაპიშონი ხელის ერთი მოძრაობით უკან გადაიგდო და გაშლილი ოქროსფერი თმა მხრებზე ტალღებივით დაეყარა.

თითქმის მთელ დარბაზს ერთბაშად აღმოხდა:

-  გოგო? გოგოოო...

მწვრთნელს გაეცინა და აჩურჩულებული ძიუდოისტები ხელის აწევით დაამშვიდა.

-  რატომ გიკვირთ? დღეს ქალები ვაჟებს ტოლს არაფერში უდებენ. გოგო კი არის, მაგრამ ამან არ მოგატყუოთ, მოხერხებულობა ქალს კაცზე მეტი აქვს... ხომ გაგიგონიათ - „ხერხი სჯობია ღონესაო“ ჰოდა, უფრთხილდით, მისმა სისუსტემ არ მოგატყუოთ.

ბიჭები იდგნენ და თვალს არ აშორებდნენ მათ კბილა, წელში ლერწამივით გადაზნექილ გოგოს, რომელსაც ფორთოხლისფერ მაისურში პატარა წამოჩიტული მკერდი, საკმაოდ წვრილი წელი და ფართო თეძოები უჩანდა. ზოგ-ზოგიერთს ჩაეცინა კიდეც. დამცინავად აიბზუა ტუჩი.

-  მირა, გამოიცვალე და დაგვიბრუნდი, ვნახოთ, რა შეგიძლია! - თქვა მწვრთნელმა და გოგოს მხარზე ნაზად უბიძგა. გოგონა ტანის რხევით გაუჩინარდა და რამდენიმე წუთში ცისფერ კიმანოში გამოწყობილი დაბრუნდა. თმა ამჯერად ცხენის კუდად შეეკრა და ჩაეწნა. მის ყოველ მოძრაობაზე ნაწნავიც ირხეოდა და ჰაერში სასაცილოდ ხტოდა. ამჯერად დიდი თეთრი შუბლი უჩანდა და საოცრად ლამაზი მწვანე-მონაცრისფრო თვალები. ტუჩები პატარა და აბურცული ჰქონდა. ლოყები ოდნავ შეჰფარკვლოდა. მწვრთნელის გვერდით დადგა და თავი დახარა, თითქოს უნდოდა, პირველი შეხვედრით გამოწვეული უხერხულება  როგორმე დაეფარა.

-  კარგით, ყურადღება! - მწვრთნელმა ტაში შემოჰკრა და  მირას ხელი მოჰკიდა, მერე გოგონას გაუღიმა - მირანდა, გვიჩვენე, რა შეგიძლია, კაი? ვიცი, რომ ჭიდაობდი და წარმატებულადაც, ვნახოთ, აბა, ეს როგორ გამოგდის ახლა.

გოგომ თავი ასწია და ოდნავ დაუქნია.

-  ნიკა, გამოდი! - დაიძახა მწრვთნელმა.

გამხდარი, კისერწაგრძელებული ბიჭი გამოვიდა წინ. მირა მის პირდაპირ გაჩერდა და ორთაბრძოლა დაიწყო, ორიოდე წუთში მირამ ნიკა ტატამს გააკრა და გამარჯვებული ღიმილით წამოდგა.

-  შემდეგი... ბადრი! - იყვირა მწვრთნელმა. ახლა უფრო მოზრდილი ბიჭი გამოვიდა. მირამ ისიც მარტივად დაამარცხა.

-  ძალიან მოქნილი და სხარტია, ეს შველის... - ჩაიჩურჩულა ლექსოს გვერდით მდგარმა მოჭიდავემ და ჩაიცინა,- ალქაჯივით სწრაფია.

ტატამზე კიდევ რამდენიმე ძიუდოისტი გავიდა. მირა მათ უპრობლემოდ ყრიდა, ხელიც არ უკანკალებდა. ბოლოს ლექსომ თავის სახელი გაიგონა და მუხლები აუთრთოლდა, არა, კი არ შეეშინდა, უბრალოდ, არ იცოდა, გოგოს როგორ უნდა დასჭიდებოდა, რამე რომ ეტკინა მისთვის, ის ხომ ნაზი არსება იყო და შეიძლება, ეტირა კიდეც? ლექსოს კი ყველაზე მეტად ქალის ცრემლებისა ეშინოდა. არა, კი არ ეშინოდა, უბრალოდ, არ სიამოვნებდა. დედა როცა ტიროდა და შემთხვევით ლექსო ამას შესწრებია, ყოველთვის უსიამოვნოდ ეკუმშებოდა გული...

როგორც იქნა, გავიდა. ახლა ლექსომ მის წინ მდგარ გოგონას თვალებში ჩახედა. უღმერთოდ ლამაზი იყო, ფერიასავით თეთრი კანი და   ვარდისფერი ღაწვები ჰქონდა. შავ წამწამებში ზურმუხტისფერი თვალები ისე უჩანდა, როგორც მთვარე ჩანს ხეების ჩრდილში. მართლა ძალიან ლამაზი და ნაზი იყო, ლექსოს ვერც წარმოედგინა, როგორ უნდა შეხებოდა ამ ფაიფურივით თხელ გოგოს, ხომ შეიძლება დაეზიანებინა?...

მსაჯმა ანიშნა და მიუახლოვდა. თავბრუ დაეხვა, ისეთი საოცარი სურნელი ასდიოდა მირას. მონუსხული ისე შეაცქერდა, როგორც დაგიპნოზებული კობრა, სალამურზე დამკვრელ პატრონს. გოგოს პატარა თითები მის ძლიერ მკლავებს მოეჭიდა და ლექსომ იგრძნო, როგორ შეტორტმანდა მის ქვეშ იატაკი. არც ისეთი ნაზი და უსუსური ჩანდა, როგორც ერთი შეხედვით ეგონა. ლექსო მიხვდა, თუ არ ივაჟკაცებდა, თავისი წინამორბედების ბედს გაიზიარებდა. ეს კი სულაც არ უნდოდა. მირას დამორჩილებას კი შეძლებდა, საამისო ძალა და მოქნილობა ჰქონდა, თუმცა არც ის უნდოდა, რომ სუსტზე გაემარჯვა. მერე უცებ ისე ახლოს მივიდა მირასთან მკერდზე მისი წამოჩიტული ძუძუები შეეხო და ბიჭს გააჟრჟოლა, მირას თვალებში ჩაიხედა და პირველად თავის ცხოვრებაში იგრძნო, რომ ამ გოგოს ვერ დაამარცხებდა, რადგან ეს უკანასკნელი, რაღაც არამიწიერ ძალას ფლობდა, იმ ძალას, რომელსაც შეეძლო ადამიანთა გრძნობები ემართა. მირას თვალებმა, როგორც გადაშლილმა წიგნმა, უამრავი რამ წააკითხა. ლექსო უკვე მართვადი გახდა, დაეცა და გოგო ზემოდან მოექცა. ბიჭი უკვე აშკარად გრძნობდა თავის გულისცემას. ხელები უკანკალებდა, მირა ზემოდან ეწვა და მისი სიმძიმე სულაც არ აწუხებდა, პირიქით, ისეთ შვებასა და სიამეს განიცდიდა. ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რომ ეს გოგო ამ წუთას ყველაფერს ერჩია. უცებ მირას თავი დაიხარა და გაწყვეტილი სამაგრიდან ჩაწნული თმა ჩამოეშალა. მის მკერდზე ხავსივით გაიშალა. ლექსომ ამით ისარგებლა, გოგოს ხელი მოჰკიდა და თავს ზემოთ აიტაცა. რაც შეიძლება მსუბუქად დაახეთქა და მაღლიდან მოექცა. ხელები გაუკოჭა და დააცქერდა. მირა შეკრთა, ახლა ის ჩაიძირა ლექსოს თვალებში და გაისუსა. შეხვედრა ფრედ დამთავრდა. ლექსო წამოდგა, შარვალი და ხალათი შეისწორა და წაქცეულ გოგოს ხელი გაუწოდა. მირამ მოჰკიდა და მსუბუქად წამოხტა. ღიმილით მიაჩერდა ბიჭს. მისი  თითები ლექსოს ჯერ ისევ ხელში ეკავა. მირა არ უცხოობდა. მერე გადაიხარა და ყურში ჩასჩურჩულა:

-  ღირსეული მეტოქე იყავი, ლექსო!

-  შენც, მირა! - გაუცინა ლექსომ და ხელი გაუშვა.

თითქოს რაღაც ძვირფასსა და ძალიან საჭირო საგანს მოაშორესო, ისეთი სიცარიელე შემოესალტა. ეს  შეგრძნება კიდევ უფრო გაუმძაფრდა, როცა მირამ გარშემომყოფებს თავი დაუკრა და დარბაზიდან გავიდა. თითქოს უძვირფასი რამ ხელიდან გაუფრინდაო, ისეთი სიმარტოვე იგრძნო. მერე სახლში მიმავალი სულ ფიქრობდა, რომ ეს გოგო ყველაფერს შეცვლიდა მის ცხოვრებაში, ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა... მასთან ბრძოლა კი არა სიყვარული უნდოდა ლექსოს.

 

თავი მესამე

1

აქ  ჯოჯოხეთის ფსკერზე აღმოჩნდა. თავიდან მაღაროს სველი კედლები სულს უხუთავდა, მაგრამ გახურებული მიწის გულიდან ისეთი ოხშივარი ამოდიოდა, რომ კაცს ოფლს ასხამდა და დაცვარულ შუბლს, უკვე მტვერსა და სიბინძურეში ამოსვრილი ტანსაცმლის კალთით, იწმენდდა. მასთან ერთად რამდენიმე ტუსაღიც მუშაობდა. წერაქვებითა და ნიჩბებით თხრიდნენ და ნესტიან მიწას ღრმულებიდან ეზიდებოდნენ უზარმაზარ გამოქვაბულში, სადაც მიწისქვეშა მდინარე ამოდიოდა. გამოზიდულ ნიადაგს ცხრილებზე ყრიდნენ და მდინარეში რეცხავდნენ. თუ ბედი გაუღიმებდათ და ოქროს ნამცეცებს აღმოაჩენდნენ, პატარა გამჭვირვალე ტოპრაკებში აგროვებდნენ. მაგრამ ეს ბედნიერი წუთები სულ უფრო იშვიათად ხდებოდა. ოქრო თითქოს გამქრალიყო და ისინი საკუთარი ოფლით რეცხავდნენ ნესტიან და ბლანტ მიწას, რომელიც სიღრმეში ჯერ მოყავისფრო, შემდეგ მუქი ყვითელი და ბაცი ყვითელი ხდებოდა. პეტრეც იმ მუშებივით უსუსურ და უსიცოცხლო არსებად გადაიქცა, მისი ცხოვრება ერთფეროვან ბურუსში გაეხვია და ბედს შეურიგდა. დღე და ღამე ერთმანეთში აიზილა, აქ ვერავინ ამჩნევდა დროს. აქ არ იყო დღის კარგი ან ცუდი მონაკვეთები. აქ იყო მხოლოდ უსასრულოდ წელვადი, უსასრულოდ მტანჯველი დრო, რომელიც მხოლოდ ტკივილის გაძლებას ასწავლიდა კატორღელებს. სახეზე ღიმილი დაიკარგა, არც ცრემლები ჩანდა, მხოლოდ უსასრულო ტკივილის შეგრძნება აძლებინებდა და სულ არაფერსა და არავისზე აღარ ფიქრობდა. ან კი ჰქონდა ფიქრის დრო? ან კი შეიძლებოდა ამ ვითარებაში რამეზე ფიქრი? სიტყვებიც გაქრნენ, თითქოს სიტყვების მაგივრად გაურკვეველი ბგერები და წამოკვნესა ჩაიზარდა მის სხეულში, რომელებიც უკვე ამ გამოთხრილ სოროებში მიწისფერად და მიწასავით მძიმედ იქცნენ. ხანმოკლე ძილის შემდეგ, ზედამხედველი მუშებს წამოყრიდა და მაღაროსკენ მიერეკებოდა. ისინიც მორჩილი ცხვრებივით აიღებდნენ წერაქვებსა და ნიჩბებს და მილასლასებდნენ. იქ კი, მიწის სიღრმეში, საკუთარ გამოთხრილ სოროებში ვირთხებივით იმალებოდნენ. ყველა მათგანს თავისი სათხრელი სორო ჰქონდა, ყველა ერთმანეთისგან განცალკევებით თხრიდა საკუთარ გვირაბს. მიწა დაჟანგული ვედროებით გამოჰქონდა და მდინარეზე მიჰქონდა გასარეცხად. ოქროსთან ერთად კიდევ ერთ ლითონს ეძებდნენ, ეს როგორც შემდეგ გაიგო პეტრემ, ვოლფრამი იყო, თუმცა ზოგჯერ სხვა ლითონებიც შეიძლებოდა აღმოეჩინათ, მაგრამ აქ ოქროს სიცოცხლის ფასი, მზის ფასი ჰქონდა. პეტრეს არასოდეს შეხვედრია ოქრო, არც სხვა ლითონი, მიწა წყლის ჭავლით სრულიად ირეცხებოდა და საცერზე არაფერი რჩებოდა. მაინც თავდადებით მუშაობდა, თითქოს მისი სიცოცხლე ამ ოქროზე ყოფილიყოს დამოკიდებული. ტუსაღები ლანდებივით დალასლასებდნენ და ქარისაგან მოცელილი მოჩვენებებივით ეცემოდნენ ძირს, თითქოს ზედამხედველიც ამას უცდიდაო, კინწისკვრით წამოაგდებდა და ისევ თავისი გათხრილი სოროსკენ უბიძგებდა. პეტრე გრძნობდა, რომ ძალა ელეოდა, ასე სადამდე გაგრძელდებოდა, არ იცოდა, მაგრამ იმას კი ხვდებოდა, რომ სამყარო ამ ტანჯვით მას მოთმინებასა და ბრძოლის უნარს ასწავლიდა, იმისიც სჯეროდა, რომ ყოველგვარი დაცემა სწორედ ადგომისთვის იყო საჭირო, რომ ყველა ტკივილი მხოლოდ გამოცდა და გაკვეთილი იყო, რომელიც უნდა ჩაგებარებინა, სხვანაირად ვერ ადგებოდი, ვერ იხილავდი იმას, რასაც ეტრფოდი, რისკენაც მიისწრაფვოდი.

2

ახსოვს, მარიას სიკვდილის შემდეგ, პირველად რომ მივიდა დედამისთან. ავადმყოფი ქალი სულ მარტო დარჩა. ახლა აღარავინ იზრუნებდა მასზე. მეზობლები სამადლოდ თუ მოიკითხავდნენ, თორემ სხვაგვარად ქალი მარტოსული იყო.

კარი მეზობლის ქალმა გაუღო. პეტრე მიესალმა და ქალბატონი ნელის ნახვა მინდაო, - ჩუმად თქვა. ქალმა შეუშვა და ისინი მარტო დატოვა, სახლის საქმე მოიმიზეზა და წავიდა. ოთახში რომ შევიდა პეტრე, მარიას დედა აჩრდილივით იჯდა დივანზე, მზერა შორს გაჰქცეოდა და გაქვავებული სახით სარკმლიდან ამოჭრილ ცის ჰორიზონტს უცქერდა. პეტრეს შესვლა არ გაუგია, არც განძრეულა და ვერც პეტრე დაინახა. ის მივიდა და მის წინ დაიჩოქა, ხელებით მისი თითები მონახა და ძეგლადქცეულ ქალს თვალებში ჩახედა. ღმერთო, როგორ ჰგავდა ამ დროს ის მარიას - თვალები, ტუჩები,  სახის ნაკვთები, მზერა და გამოხედვაც კი მისი ჰქონდა, თითქოს მარიას ხედავდა ოცი წლის შემდეგ. ქალს არ მოუხედავს, არც განძრეულა, უბრალოდ, თვალებმა რაღაც იგრძნეს და გაქვავებული ქუთუთოებიდან ცრემლებმა საზღვარი გადმოლახეს. პეტრემ ისე მოუჭირა ხელი, თითქოს უნდოდა, ამ უსუსური ადამიანისთვის თავისი სული ჩაებერა და გაეცოცხლებინა, მერე ხელებზე ნაზად გადაუსვა თითები და ჩუმად თქვა:

-  ქალბატონო ნელი, ვიცი, ახლა რასაც გრძნობთ... მთელ სამყაროში ალბათ არ მოიძებნება ორი ერთნაირი გრძნობა, ასე რომ ჰგავდეს იმას, რასაც მე და თქვენ განვიცდით.

ქალმა ხელები აასავსავა, მერე პეტრეს თვალებში ჩახედა და ყრუ, დათუთქული ხმით თქვა:

-  რატომ? უბრალოდ, არ ვიცი, რატომ, როცა თითქოს ყველაფერი კარგად იყო, როცა მარიამაც ტკივილებსა და საკუთარ თავს სძლია, როცა თქვენი ქორწილითა და ბედნიერებით მეც უნდა დავმტკბარიყავი, რატომ ახლა, რატომ მაინცდამაინც ახლა?

-  მეც არ ვიცი, ქალბატონო ნელი, განადგურებული ვარ... აუცილებლად უნდა მენახეთ და ყველაფერი გამეგო. რა უნდოდა მარიას იმ ღამით ქუჩაში და უცხო ადამიანთან ქალაქიდან ასე შორს?... პასუხებს ვეძებ, ვიტანჯები, გესმით?

ქალის ხელები აფათურდნენ, პეტრეს თმებზე შეეხნენ და თავი გადაუწიეს, მერე მზერა ისევ შორს გაექცა და ისევ გაქვავებულ ქანდაკებად იქცა.

-  გთხოვთ, მითხარით, რა მოხდა იმ ღამეს? რატომ გავიდა მარია უცხო ადამიანთან  ერათად საღამოს და მაშინ... ჰო, მაშინ, როცა იცოდა, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ უნდა გვექორწინა და სამუდამოდ დაგვეკავშირებინა ჩვენი ბედი ერთმანეთისთვის? ნუღარ მტანჯავთ, გთხოვთ, მითხარით, ვისთან ერთად წავიდა მარია?

პეტრეს მეტი უკვე აღარ შეეძლო. თითქოს გული ამოაცალეს და ტკივილისგან იკლაკნებოდა. მერე ქალს მოშორდა და სწორედ იმ ფანჯარაში ზურგშექცევით აიტუზა, საიდანაც ქალბატონი ნელი იხედებოდა, თითებით მომდგარი ცრემლები სასწრაფოდ მოიწმინდა და თავადაც გაყუჩდა, ელოდა, როდის შეიბრალებდა ქალი და სიმართლეს ეტყოდა. ის კი არ ჩქარობდა, თითქოს პეტრეს მოთმინებას ცდიდა. დრო  გაჩერდა და პეტრემ იგრძნო, როგორ მოაწვა საფეთქლებზე სისხლი, როგორ აუკანკალდა მარჯვენა ხელი და ფეხებში ძალა გამოელია, წინ წაიწია და მუხლებით კედელს მიეყრდნო, ცხვირი გამჭვირვალე ფანჯრის მინას მიაბჯინა. უკვე ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, ღრმად ამოიოხრა და ქალბატონი ნელის ხმაც გაიგონა, ტონი ოდნავ დამშვიდებოდა, მაგრამ მაინც უთრთოდა:

-  იმ საღამოს, მან დაურეკა.... ბექამ დაურეკა!

ამ სახელმა ისე შეაკრთო, თითქოს უზარმაზარი შხამიანი გველი დაენახოს, ერთბაშად შემოტრიალდა.

-  ის ხომ დისპანსერში იწვა და მკურნალობდა, ასე არ მითხარით, რომ ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტეს?...

-  კი ასე იყო და იმ დღემდე არც გამოჩენილა, არ ვიცი, როგორ გაიგო თქვენი ამბავი, ხომ არავინ იცოდა, წარმოდგენა არ მაქვს... დაურეკა... მარიამ რამდენჯერმე გაუთიშა ტელეფონი... შემდეგ სახლში მოვიდა... ეხვეწებოდა, სალაპარაკო მაქვს და აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ არ მომისმენო... მარიას არ უნდოდა, მე მენერვიულა და სურდა, რაც შეიძლება მალე მოეშორებინა სახლიდან, მაგრამ ის არ ცხრებოდა, უნდა მომისმინო სალაპარაკო მაქვს, თორემ თავს არ ვიცოცხლებ და ჩემი სიკვდილი მთელი ცხოვრება დაგტანჯავსო. საბრალო ჩემი შვილი ჩემთან შემოვიდა, მითხრა, დედა დაბლა ჩავაცილებ მანქანაში ჩავსვამ და გავუშვებ, ამან რომ მართლა თავი მოიკლას სინდისი არ მომასვენებსო... ნაძირალა, რის თავის მომკვლელი იყო, ახლაც მშვიდად დაეხეტება და ჩემი შვილი კი... ო, ღმერთო... შვილი მან მომიკლა, მან... არ ვიცი, რა მოხდა, დაბლა რომ ჩავიდნენ, მე ფანჯარასთან მივედი და ძირს გადავიხედე, თითქოს მშვიდად საუბრობდნენ, მერე მარია მანქანაში ჩაუჯდა, ალბათ, იფიქრა, რომ დავამშვიდებ და სახლში გავუშვებო, მაგრამ მანქანა ადგილს მოსწყდა და ქუჩაში გავარდა... ალბათ ეს ავარიაც განგებ მოაწყო იმ ნაძირალამ, როგორც ჩანს, თავიდანვე ის ჩაიფიქრა, რომ ერთად მომკვდარიყვნენ... ჩემი შვილი მოკლა, თვითონ კი საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობით წევს. ო, ღმერთო, რა სინდისით... და როგორც მითხრეს, კარგადაც გრძნობს თავს...  ჩემი საბრალო შვილი, სხვის გადარჩენას ცდილობდა და საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.

პეტრესთვის უკვე ყველაფერი გასაგები იყო. ქალს მიუახლოვდა, დაიჩოქა, ხელები ისევ მოუჭირა:

-  ქალბატონო ნელი, მე მას ვიპოვი, გესმით, მიწიდანაც ამოვთხრი და პასუხს ვაგებინებ, მან მარია მოკლა, არ შევარჩენ, გესმით?

ნელის ხელი აუთრთოლდა:

-  არა, შვილო, იმას თავისი ცოდვაც ეყოფა, ისიც კმარა მის სატანჯველად, რომ ჩემი შვილი მოკლა, დამიჯერე, მაგისთვის ამაზე დიდი სასჯელი არაფერია!

-  არა, ვნახავ და პასუხს მოვთხოვ, არ შერჩება, გესმით, არ შერჩება მაგ გარეწარს...

ხელები ისე აუკანკალდა და დაეკრუნჩხა, რომ მუშტებად შეკრულები რისხვით დაარტყა იატაკს... სიბრაზე ყელში ფანტანივით ასხამდა...

 

 

3

 

საავადმყოფოს თეთრი კედლები ყოველთვის შიშსა და რაღაცნაირ უსიამო განცდას ბადებდა მასში. ამ კედლების მიღმა თითქოს სიკვდილის აჩრდილი იმზირებოდა. ასე იყო მაშინაც, როცა მარიას ავარიის შესახებ გაიგო და მისი ამბის გასაგებად კლინიკაში გაიქცა. მარიას დედამ ტელეფონზე დაურეკა და შვილის შესახებ უთხრა. საავადმყოფოს დერეფანში უამრავი ხალხი ირეოდა, მაგრამ პეტრე ვერავის ხედავდა, მარტო მარიას დაეძებდა. გოგო უკვე აღარ იყო ცოცხალი, მიყვანისთანავე გარდაცვლილიყო, მაშინ არც უკითხავს მიზეზი, არც ქალბატონ ნელის უთქვამს, ან კი რას ეტყოდა, ან სად იყო ამის დრო. არც ის იცოდა, რომ იმ საავადმყოფოში იწვა ის ბიჭიც... ახლა უნდოდა, უბრალოდ მისულიყო, თვალებში ჩაეხედა და ეთქვა, რომ ის მკვლელი იყო, მარიას მკვლელი და წამოსულიყო... ან სხვა რა უნდა ეთქვა, მუშტი-კრივს ხომ არ გაუმართავდა ფეხებდამტვრეულ და კისერმოტეხილ კაცს?

საღამო ხანი შეარჩია, მიმღებში მისი პალატის ნომერი იკითხა და უპრობლემოდ აიპარა  მეოთხე სართულზე. ნომერი იპოვა, კარი ოდნავ შეაღო. ოთახი ჯერ ცარიელი ეგონა, მაგრამ სუსტ სინათლეს თვალი რომ შეაჩვია, პალატაში ფეხაწეული გირებდაკიდებული  სხეული დაინახა. სხვა არავინ იყო. ავადმყოფსაც, როგორც ჩანს, ეძინა. ფეხაკრეფით გაიარა პალატა და მის საწოლთან გაჩერდა. ზემოდან დახედა მძინარეს. უცებ ისეთი ნაცნობი და ამავე დროს ისეთი შორეული მოეჩვენა. კაცს ეძინა, ფერმკთალ სახეზე ტკივილის ნაოჭები გადასწოლოდა. ერთი-ორჯერ უხერხულად შეიშმუშნა, თითქოს მძინარე გრძნობდა, რომ ვიღაც თვალმოუშორებლად აკვირდებოდა. გვერდი იცვალა და პეტრეს აშკარად ენიშნა მის შუბლზე გრძლად გაწოლილი შრამის კვალი, რომელიც წარბზემოდან შუბლის ქიმს მიუყვებოდა. რაღაცნაირად უსიამოდ გააჟრიალა, ამ შრამმა და მისმა სახემ რაღაც ძველი, უკვე კარგახნის მივიწყებული წამოუტივტივა... თავი გააქნია, თითქოს ამ ურჩი და უსიამო მოგონებებისგან თავის დახსნას ცდილობდა, ფეხი იცვალა. არა, უბრალოდ ეჩვენებოდა. პაციენტის სხეული ისე აწრიალდა, როგორც შესაწველად მომზადებული გოჭი მაყალზე. მერე აკანკალდა და თვალები გაახილა. პეტრეს შეანათა მზერა, უცებ ამ თვალებში შიში ჩასახლდა, რაღაცნაირი, გამოუცნობი შიში. თავზე წამომდგარ კუშტად მომზირალ კაცს თვალს არ აშორებდა და შფოთი უბნევდა გონებას. პეტრეს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ეს სწორედ ის იყო, ეს თვალები არასოდეს დაავიწყდებოდა, ეს ზიზღნარევი, ცინიზმში არეული ღიმილიც ბაგეებს რომ უფარავდა, ისეთი ნაცნობი და უსიამო იყო... თუმცა ახლა სხვა რამისთვის მოსულიყო აქ. ძველი ანგარიშწორების დრო არ იყო:

-  ვინ ხარ და აქ რას დამდგარხარ? - წამოიკვნესა ბექამ და პირქუშად შეხედა მასზე ასე დაჟინებით მაცქერალ პეტრეს.

-  ამას მნიშნელობა არ აქვს, მას შემდეგ, რაც მარია წამართვი, ჩემთვის ჩემს პირადობას უკვე აღარ აქვს აზრი.

ავადმყოფს გააჟრჟოლა, ისე მოიბუზა და დაპატარავდა ამხელა კაცი, თითქოს თითისტოლა ბავშვი ყოფილიყოს. ენა  დაება:

-  მარიიიააა მეე მიყვარდაა...

-  ვხვდები, გიყვარდა ისე ძლიერ, რომ იმ ქვეყნდაც სამუდამოდ გაისტუმრე... მართლა გყვარებია, ვერაფერს ვიტყვი... აი, ეს არის ჭეშმარიტი გრძნობა...

-  მეე არ მიფიქრია, თუ ასე მოხდებოდა, მხოლოდ ბოდიშის მოხდა მინდოდა, მისი სიკვდილი არ მდომებია... ვღელავდი, საჭე ვერ შევიმაგრე...

-  უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, აქ მიზეზების გასარკვევად არ მოვსულვარ... მოვედი რომ გითხრა, რომ არაკაცი ხარ... მკვლელი ხარ! შენ ისევე მოსპე ჩემი სიყვარული, როგორც მრავალი წლის წინ ის უმანკო ფრინველი...

ბექას სახეზე მკვდრისფერი დაედო, მაშინვე იცნო... ხმა არ ამოუღია, თვალები დახუჭა და გაირინდა... პეტრე შემობრუნდა, ზიზღით მოარიდა თვალი, გული ლამის ამოვარდნას ჰქონდა.

-  მკვლელი ხარ, მკვლელი, ნაძირალა მკვლელი!

თქვა და კარი მოაჯახუნა. პალატაში შესასვლელად მომზადებული ქალი, ალბათ ბექას დედა, უხეშად მოიცილა და კიბეები ჩაიარა. გასასვლელში მოზარდს შეეჯახა, ბიჭმა გზა დაუთმო და მანაც ბოდიში მოუხადა. ამ უკანასკნელმა გაკვირვებული თვალები შეანათა, რომელიც მერე თანაგრძნობის იერით შეეცვალა და რაღაც ჩაილაპარაკა, თუმცა ეს სიტყვები პეტრეს ძალიან შორიდან მოესმა და არც მიუქცევია ყურადღება... უხალისოდ დატოვა საავადმყოფოს ტერიტორია.

 

4

მაშინაც ისეთი განრისხებული იყო... იმ ბიჭსაც ბექა ერქვა, დედიკოსა და მამიკოსგან გაზულუქებული ბავშვი გახლდათ.

თბილისში ექსკურსიაზე წაიყვანეს მოსწავლეები ბოტანიკურ ბაღში. რადგან ბუნებაში მიდიოდნენ, მასწავლებლის ნებართვით, ფიფქაც თან ახლდა. ბავშვები ცელქობდნენ, დარბოდნენ და არად აგდებდნენ  უფროსების თხოვნას, რომ წესივრად მოქცეულიყვნენ. ფიფქა მხარზე ეჯდა და პეტრესთან ერთად ულამაზეს ბაღს ათვალიერებდა, თითქოს ისიც პეტრესავით გაოცებული და მოხიბლული იყო... მერე ხიდზე უცხო ბიჭები შენიშნა. მოაჯირზე ისხდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. პეტრემ მხარზე მტრედით მშვიდად ჩაუარა გვერდით. გული კი უსიამოდ შეეკუმშა, მაგრამ მიზეზს ვერ მიხვდა. ხიდს რომ გასცდა, ძახილი მოესმა:

-  ეი, შენ, ბიჭო... შენ გეუბნები, მოიხედე!

თავის თავზე არ მიუღია და მშვიდად განაგრძო სიარული. ხმა ისევ მისწვდა, მაგრამ ამჯერად უფრო ახლოს:

-  შენ გეუბნები, ყრუ ხომ არ ხარ, მტრედიანო მაწანწალა.

ახლაღა მიხვდა, რომ ნამდვილად მას მიმართავდნენ და შემობრუნდა. მის წინ სამი ბიჭი იდგა, ერთი მაღალი და გამხდარი, ორიც სრული და დაბალი. ისინი, როგორც ჩანს, გამხდარის ყურმოჭრილი მონები იყვნენ და მის სიტყვას შეუპასუხებლად ასრულებდნენ. მაღალი ცალყბად იცინოდა და პეტრეს თავიდან ფეხებამდე ამოწმებდა. ხელში ბეისბოლის ჯოხს ათამაშებდა. პეტრე გაკვირვებული უყურებდა და ვერ ხვდებოდა, რატომ გააჩერეს. სეირნობისას რომ ხელი შეუშალეს, დიდად მაინცდამაინც არ ესიამოვნა და კბილებში გამოსცრა:

-  რა გინდათ?

-  ხედავ, გვეკითხება კიდეც, თურმე ყრუ არ ყოფილა... - გაიცინა ჯმუხმა, ჩასუქებულმა ბიჭმა. მაღალმა მის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია და პეტრე თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, მერე მზერა მტრედზე გააჩერა და ისე, სხვათაშორის, ჰკითხა:

-  ეს მტრედი გაწვრთნილია?

პეტრეს ხმა არ გაუცია.

-  რას გაჩუმებულხარ, ვერ გაიგე, რას გეკითხებიან?

ახლა მეორე ჩასუქებულმა ბიჭმა ხელით შეარხია პეტრე.

-  დავუშვათ, გაწვრთნილია, თქვენ რა? - კბილებში გამოსცრა პეტრემ. იგრძნო, სისხლმა სახეში როგორ ამოასხა და ჭარხალივით გაწითლდა.

-  ერთი ამას უყურე, რა უხეშია, მაგ კისერს მოგიგრეხ, ბიჭო, რას გვეჯგიმები აქ? - მაღალი აშკარად გაბრაზდა. ხელი გაიშვირა და პეტრეს მხრიდან მტრედი ააცალა - ესეც ასე, კარგად იყავი! ახლა თავისუფალი ხარ!

პეტრეს სიბრაზე უკვე სახეში ასხამდა. წინ წასულ ბიჭს გამოუდგა და შემოაბრუნა:

-  დამიბრუნე ჩემი ფიფქა!

-  ფიფქა? - ააა, სახელიც რქმევია... რომ არ დაგიბრუნო, რას მიზამ?

-  მოგკლავ! - გამოსცრა პეტრემ და ახარხარებული ბიჭებისკენ გაიწია.

-  ვერაფერს ვერ მიზამ! - ჩაიცინა მაღალმა და მტრედის კისერი მუჭში მოიქცია - შენ მე ვერ მომკლავ, მაგრამ შენ ფიფქას ახლავე თავს წავაძრობ და ვნახავ, რას იზამ?

ბეისბოლის ჯოხი მსუქან ბიჭს გადასცა და აფრთხიალებულ მტრედს ფეხები დაუჭირა.

-  გაუშვი!

-  არ გავუშვებ!

სიტუაცია დაიძაბა. ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, პეტრეს გული ლამის ბუდიდან ამოუვარდა. ეტყობა, მისმა სახის გამომეტყველებამ მსუქანა ბიჭზე იმოქმება და ახმახს მიმართა:

-  ბექა გაუშვი, მტრედმა რა დააშავა, ამ ბიჭს კი ჭკუა ვასწავლოთ.

მაღალმა ნერვიულად გაიღიმა და მტრედი ხელში შეათამაშა, საბრალო ფიფქა მხოლოდ ფრთებს აქნევდა

- ახლავე დაიჩოქე და ბოდიში მოიხადე!

- არა!

-  ახლავე, გესმის? თორემ შენს მტრედს დაემშვიდობე!

-  ბექა, არ გინდა - ისევ სცადა იმ მსუქანმა ბიჭმა მეგობრის შეჩერება. ბექამ ის იდაყვით მოიცილა და მტრედს თავზე კიდევ უფრო წაუჭირა ხელი...

-  მიდი, გელოდები?

-  ვერ გამიგია რისთვის? რა გავაკეთე საბოდიშო?

-  ვერ გაგიგია? ახლავე გაიგებ! - ეს თქვა და ძლიერი მოძრაობით მტრედს თავი წააგლიჯა. ამოშხეფილი სისხლი სახეში შეესხა და თვალთ დაუბნელდა.

პეტრეს თითქოს გახურებული შანთი დაადესო, ისე საშინლად იღრიალა და ახმახს ყელში ეცა. ძირს დაგდო და მტვერსა და ფრინველის სისხლში აიზილნენ. უკვე ვეღარ გრძნობდა, რა ხდებოდა. იცოდა მხოლოდ ის, რომ მისი უსაყვარლესი არსება მის თვალწინ მოკლეს და უკვე ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებდა. თანმხლები ბიჭი, ბეისბოლის ჯოხი რომ ეკავა, მივარდა და ზურგში ძლიერად ჩასცხო. პეტრე შემობრუნდა, მსუქანას ჯოხი გამოსტაცა და  მკერდში ძლიერად მოსდო, მეორე მსუქანა შეშინებული გაიქცა, ბექა ძირს ეგდო და ფეხებს იქნევდა. პეტრე თავს  უკვე ვერ აკონტროლებდა და მთელი ძალით ურტყამდა მტრედის მკვლელს, ურტყამდა, სანამ ძალა არ გამოელია და ძირს დავარდნილი ბიჭის შუბლის ნაკვესი ჭრილობიდან სისხლმა არ იფეთქა, ეს ჭრილობა შუბლზე იმდენად დიდი იყო, ალბათ, მთელი ცხოვრება შრამად დარჩებოდა. სისხლის გემო რომ გაიგო, თავადაც თავბრუ დაეხვა და გულწასული დაეცა ზემოდან ბექას... ბლანტ და წებოვან ნისლში გაეხვია...

 

5

სამუშაოს სიმძიმეს ისე არ გრძნობდა, როგორც წარსულთან შეხვედრის ფიქრები აშინებდა. რაც არ უნდა გაეკეთებინა, მის გულში სამუდამოდ ჩასახლებულიყო დიდი თუ პატარა ტკივილები, რომლებიც შიგნიდან ისე წვავდნენ, როგორც გარედან ეს კატორღა. რაღაცნაირად მიეჩვია ამ სოროსაც, თხუნელასავით რომ აიძულებდნენ ეთხარა, ამ მიწის სუნსაც და სიმყრალესაც, რომელიც გვირაბის ვიწრო დერეფნებში, თითქოს მიწის გულიდან ამოჰქონდა ოდნავ  მონაბერ ნიავს და ცხვირის ნესტოებს უწვავდა. ამ მოხრილ და ძლივს მოლასლასე ადამიანებსაც მიეჩვია, სიტყვების მაგივრად ცრემლებით რომ საუბრობდნენ. მიეჩვია მათ დაბერებულ და დაკოჟრილ ხელებს, რომლებიც მათ ოჯახებსა და ცოლ-შვილს კი არ ხმარდებოდა, არამედ ამ მიწას, რომელიც გაუმაძღარი და დაუნდობელი სანსლავდა დასუსტებულ სხეულებს. მიწის წიაღში გამოთხრილი სოროებიდან მათი თავები იმ მოძრავ ჭიაყელებს ჰგავდნენ, უსასრულოდ რომ იკლაკნებოდნენ გამომშრალ ნიადაგზე მოხვედრისას. სახეებიც შავი და მიწისფერი ჰქონდათ, ოფლისა და მტვრისგან დაბინძურებულ სხეულებზე საშინელი სუნი ასდიოდათ. პეტრე ყველაფერს მიეჩვია. თავის სოროს თავდაუზოგავად თხრიდა და ამ სოროს თხრას დასასრული არ უჩანდა... უსასრულო ლაბირინთს ჰგავდა, უგრძესსა და უკუნს... მაგრამ ერთ დღეს, როცა, ჩვეულებისამებრ, წერაქვი დაარტყა მიწას და ნაგროვები ბელტებივით გადმოიყარა უკვე დაშლილი ნიადაგის ფენები, პეტრემ დარტყმისას რაღაცნაირი სიცარიელე იგრძნო, თითქოს ამ ადგილას მიწა თხელი და მეტად მოძრავი მოეჩვენა. წერაქვი ძირს დააგდო და ახლა ნიჩბით დაიწყო მიწის გამოზიდვა, მოეჩვენა, რომ მიწა შეირყა და მის წინ  ყრუ და უდრეკი კედელი გაქრა. ხელით გადაწია, ისე თითქოს დაორთქლილ მინას ასუფთავებდა და მის თითებს მყარი და ბლანტი საგანი მოხვდა... თხრაში გაიწაფა, ხელები უფრო აქტიურად აამუშავა, თითქოს დაფარული განძი იპოვაო, ისე შეუპოვრად ამოქმედდა. გულმოდგინე მუშაობის შემდეგ, რკინის დაჟანგული კარი აღმოაჩინა. უშველებელი ბოქლომი გრძელი ჯაჭვით გველივით შემოხვეოდა კარს. პეტრეს გაჩერება არ უცდია, პირიქით, უფრო გაყოჩაღდა. კარი მთლიანად გაათავისუფლა და წერაქვი მოიმარჯვა, რომ ჩაჟანგებული ბოქლომი გაეხსნა, ორჯერ ძლიერად დაარტყა და ჯაჭვი, თავის კლიტიანად ყრუდ დაეცა ძირს. პეტრემ ნიჩბის ტარი ურდულს გამოსდო და ძლიერად გამოქაჩა, კარმა უსიამოდ გაიჟღრიალა, ისე იყო ჩაჟანგებული, რომ მოძრაობა შეუძლებელი გახლდათ. პეტრემ ნიჩაბი გადააგდო და ისევ წერაქვი მოიმარჯვა, შეეცადა, ძირი უფრო მეტად გამოეთხარა, რომ კარისთვის გაღების მეტი ფართობი მიეცა. არც შემცდარა, როგორც კი კალაპოტი გააფართოვა, უკვე მეტი შესაძლებლობა გამოჩნდა, რომ კარი ადვილად ამოძრავებულიყო. ნელ-ნელა წერაქვის პირით კარსა და კედელს შორის დარჩენილი სივრცე ამოავსო და ძლიერად გამოქაჩა, ორი-სამი ცდის შემდეგ კარმა ისევ გაიჟღრიალა და პეტრეს თვალი მოსჭრა იქიდან გამოვარდნილმა სინათლემ. თითქოს თაკარა მზე ყოფილიყოს ცხრაკლიტულში გამომწყვდეული, სახეში შეანათა, საამო სითბო და სუფთა ჰაერი ეცა. კარი ნახევრად გააღო, შიგნით შეძვრა და ზურგს უკან ისევ მიხურა. პირდაღებული და გაოცებული შეაცქერდა თვალწინ ამოზრდილ უცნაურ და საოცარ სანახაობას....

 

6

ყველაზე მეტად ბავშვობაში ის ახარებდა, როცა წვიმდა. არ იცოდა, რატომ მოქმედებდა მასზე ასე წვიმა, იქნებ ბუნების ტირილს თავისას რომ უერთებდა, ეს აგრძნობინებდა შვებას?       ბებია ჯერ ისევ ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ქალი იყო. სოფელში პატარა ბინა და მეურნეობა ჰქონდა. პეტრემ ცხოველების სიყვარული სწორედ ბებიასგან შეითვისა. ქათმებით შემოჯარული ეზო, კრუხ-წიწილა, ჭუკები, პატარა გოჭები ყოველთვის უდიდეს ბედნიერებას ანიჭებდა ბავშვს, მათი მოვლა-პატრონობაც ისეთივე დიდი საზრუნავი იყო მისთვის, როგორც ყოველდღიურად საშინაო დავალებების მომზადება და სწავლა. ბეჯითად სწავლობდა, მას შემდეგ, რაც ბებომ სოფლის სკოლაში გადმოიყვანა, პეტრეს ცხოვრება ძირეულად შეიცვალა. სწავლაში დიდ დროს არ კარგავდა, ყველაფერს ადვილად და სწრაფად ითვისებდა. ბებოს ყოველთვის ეამაყებოდა, როცა მის შვილიშვილს მშობელთა კრებაზე აქებდნენ. თითქოს თავიდან იბადებოდა, სახეზე სევდანარევი ღიმილი გადაურბენდა და დამშვიდებული მოავლებდა ხოლმე მშობლებს თვალს, რომელთა შვილებიც ცუღლუტობისა და სიზარმაცის მეტს არაფერს აკეთებდნენ. პეტრეს ამ დროს უყვარდა ბებიას ყურება, გული სიამით ევსებოდა, როცა ბებოს  შეეძლო მისით ეამაყა. მის მოკლულ გულს ხომ უკვე აღარაფერი ახარებდა. პეტრესაც უნდოდა, თავი გამოეჩინა და პატარ-პატარა სიხარულები საკუთარი ბებიასთვისაც ეწილადა. მერე მთელი გზა ბებო თავზე ხელს უსვამდა და ფერდში იხუტებდა, ჩემი საამაყო ხარო, ეუბნებოდა, მასაც მეტი რა უნდოდა, ბებოს შეხებაზე ხომ დედის ენერგეტიკას გრძნობდა, ბებოს თვალები ხომ ასე ძლიერ ჰგავდნენ იმ ერთადერთი ქალის თვალებს, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად ენატრებოდა, რომელიც მის სიახლოვეს მხოლოდ სიზმარში და დაბინდებისას მოდიოდა. ხელს შუბლზე ნაზად უსვამდა და სასოებით ეამბორებოდა. რა თქმა უნდა, ამ დროს გაიტრუნებოდა და ცდილობდა, მთლიანად შეეგრძნო დედის ხელების სითბო, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთს რჩებოდა და მერე ისევ მიცურავდა, როგორც ბინდში გაუჩინარებული ფრესკა. ბებოს ღიმილი და შექება მაშინ პეტრეს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იყო. ცდილობდა, სულ ახლოს მიწეულიყო ბებოს კალთისკენ და მის გვერდით მორბენალ აცეტებულ ჯეკას ფეხით იშორებდა. ეს უკანასკნელი, რაც შეეძლო, მაღლა ხტოდა და ცდილობდა, ბავშვის ხელებს მისწვდომოდა. მერე ეზოს მიუახლოვდებოდნენ თუ არა, ძაღლი გაშმაგებული გაირბენდა მინდორს, ქათმებსა და წიწილებს დაერეოდა. არც ისინი ეთამაშებოდნენ. ჯეკასთვის არავის ეცალა. მაგრამ ერთ დღეს პეტრეს მეზობლის გოგომ, ნიაკომ, კნუტი აჩუქა. პატარა და უსუსური კნუტი იყო, სულ მუდამ მზისკენ იწევდა და ეფიცხებოდა. მზისგულზე დაწოლილს თუ მოუსწრებდა ჯეკა, იქ ამბავი ატყდებოდა, მტრისას. მთელი დღე კატა-ლეკვის ღრენა-კნავილის ხმა აბეზრებდათ. მაგრამ ერთხელაც უცნაური რამ მოხდა, მეზობლის მოზრდილი ძაღლი შემოიპარა ეზოში და ჯეკას შეუტია. ჯეკა ისე დაპატარავდა და მოიღუშა, არ იცოდა, რა ექნა. დიდმა ძაღლმა კედლის კუთხეში მიიმწყვდია შეშინებული და ის იყო, კბილები გამოაჩინა, რომ მისთვის ყელში წაეჭირა, რომ მაღლა, ხის ტოტიდან ფისომ ისკუპა და აღრენილ ქოფაკს თავზე დაეცა, ბრჭყალები თვალებსა და ქუთუთოებზე ჩამოუსვა და დაიწივლა. ძაღლი ვერ გაერკვა, რა მოხდა, შეშინებულმა ჯეკას თავი ანება და მინდორი გადაირბინა, თან ცდილობდა, სახეზე ჩაფრენილი კნუტი თავიდან მოეშორებინა. ისეთი სასაცილო სანახავი იყო სახეზე ფისო ჩამოკონწიალებული ქოფაკი და მის უკან უკვე მხიარულად მორბენალი ჯეკა, რომ პეტრემ გულიანად იცინა, მერე ქოფაკმა კნუტის მოშორება მოახერხა და მათი ეზოდან გაიძურწა. პეტრემ კნუტს გულადა დაარქვა. სასწაული ის იყო, რომ იმ დღის მერე, ლეკვი და კატა დამეგობრდნენ. ჯეკა აღარ აწვალებდა. ღამე კი მოზრდილ ყუთში ერთად ეძინათ, როგორც ჩანს, ჯეკას სიამოვნებდა, გულადას თბილ სხეულთან ჩახუტება და უფრო ეკვროდა. დილაობით ერთად ჩახვეულ კატა-ძაღლს რომ ხედავდა პეტრე, სიყვარულით ეღიმებოდა და თავებზე ხელს უსვამდა. ისინიც იზმორებოდნენ და დილის სირბილისა და თამაშისთვის უკვე მზად იყვნენ. ცხოველების დაპურება და ქათმების მოვლა, გოჭების მწყემსვაც ძალზე სიამოვნებდა პეტრეს. მეზობლის ბავშვებთან ერთად ხშირად მწყემსავდა და საღამოს გატიკნულ გოჭებს უკვე სადგომისკენ ერეკებოდა. მერე ერთი ოცნება გაუჩნდა, კვიცი უნდოდა ეყიდა. დილიდან საღამომდე ბებოს ეწუწუნებოდა და ისე ოხრავდა, თითქოს კვიცი რომ არ შეეძინა, ქვეყანა არსებობას შეწყვეტდა. ბებოს ეცინებოდა ამ ონავარი ბიჭის ოცნებებზე და ერთ დღესაც, სწორედ თავის დაბადების დღეს,   სკოლიდან დაბრუნებულ პეტრეს ეზოში პატარა კვიცი დახვდა. ისეთი პატარა და საყვარელი იყო, ეზოში შევარდნილმა პეტრემ ჩანთა მოისროლა და ცხოველს გაბრწყინებული თვალებით კისერზე ჩამოეკიდა. ბებო იდგა დოინჯშემოყრილი და თვალს არ აშორებდა შვილიშვილს, რომელიც საოცრად ბედნიერი იყო. კვიცს არ უუცხოვია, ამაყად ასწია თავი და პეტრეს მთელი ტანით მიეკრა. კანი უბზინავდა და ყოველი შეხებისას თრთოდა. პატარა კუდს სასაცილოდ ფშეკდა ჰაერში და ფეხებს მოუსვენრად ამოძრავებდა. პეტრემ თვალებში ჩამოყრილი ფაფარი გადაუწია და დრუნჩზე აკოცა. მერე ბებოსკენ მობრუნდა:

-  ბებო ჩემია, ხომ?

ცრემლნარევი ღიმილით დაუდასტურა:

-  კი, ჩემო სიხარულო, თვალისჩინივით გაუფრთხილდი და ეგეც შეგიყვარებს... დაბადების დღის საჩუქარია, კარგი სწავლისთვის, ჩემო ბიჭო.

-  რა დავარქვა, ბებო?

ქალს ისევ გაეღიმა:

-  რა ვიცი, მოიფიქრე რამე, ნათლიობაში ბადალი არ გყავს.

ახლა ჯეკა და გულადაც მოსულიყვნენ და ცოტა არ იყოს გაკვირვებულები ისხდნენ და პატრონს და კვიცს შესცქეროდნენ. პეტრემ კიდევ ერთხელ გადაუსვა ზურგზე ხელი, მერე ძუა საკუთარი თითებით ჩამოუვარცხნა და სახელის ძებნა დაიწყო:

-  ბუსუსა, ციცქნა... ცქვიტა... მგონი, ცქვიტა აჯობებს, ნახე, მართლა რა ცქვიტია... ცქვიტა!... ნახე, მომხედა კიდეც, მოეწონა სახელი... მოიცა, ახლავე შაქრის ნატეხებს გამოგიტან!

პეტრე გულგახეთქილი წამოვარდა, სახლში შევარდა და სამზარეულოს მაგიდაზე დადგმული საშაქრიდან რამდენიმე ნატეხი ამოიღო, ისევ დაფეთებული ეცა კვიცს და ხელისგულებზე დაყრილი ნატეხები გაუშალა:

-  ნახე, რა გემრიელია!

კვიცმა ხელებზე დაყნოსა, მერე გაუბედავად აუსვა დრუნჩი და პატარა ენა გამოაჩინა. პეტრეს სიხარულისგან სისხლი სახეში მოაწვა, ლოყები აუღაჟღაჟდა. ისეთი ბედნიერი იყო...

 

7

რატომ ეგონა, რომ ამ აღმოჩენით ყველაფერი ერთი სულის შებერვით  შეიცვლებოდა, არ იცოდა, მაგრამ იმას კი ხვდებოდა, რომ ეს დროებით სხვებისთვის მიუწვდომელი და დაფარული უნდა ყოფილიყო მანამ, სანამ ამის დრო არ მოვიდოდა. კარი სასწრაფოდ მიხურა. თითქოს ეშინოდა, რომ მის საგანძურს კიდევ ვინმესთვის არ მოეჭრა თვალი და მით უფრო ზედამხედველისთვის. მაგრამ აქ, ამ სოროში, მის გარდა არავინ ძვრებოდა და ამდენად დაცული იყო. ერთადერთი საშიშროება ის გახლდათ, რომ მისნაირ მაღაროელს, შემთხვევით გვირაბში შემძვრალს, რაიმე არ აღმოეჩინა. ამიტომ დროებით ისევ უნდა მიეჩქმალა სამალავი, როგორც გაუთხრელი კედელი და თხრა ახლა სხვა მიმართულებით გაეგრძელებინა. ასეც მოიქცა. კარი ისე შენიღბა, ალბათ, რომ არ მოენიშნა, თავადაც გაუჭირდებოდა პოვნა. ამიტომ იმ კარის მიტკეპნილ ნიადაგზე ასო „პ“ ამოჩიჩქნა და გეზი სხვა მხარეს აიღო. გვიანობამდე თხრიდა, ასე რომ, კარგა მანძილზე გაიყვანა გზა და მიწაც ბევრი გამოზიდა. სხვების დასანახად გაიტანა მდინარეზე და ცხრილზე დაუწყო რეცხვა. თუმცა, იცოდა, რომ იქ არაფერი იყო გამომშრალი და გაყავისფრებული ნიდაგის გარდა. გული რაღაცნაირი მოლოდინით უცემდა. ძალაც მოემატა მკლავებში, გაორმაგებული ენერგია იგრძნო. გვიანობამდე თხრიდა. მერე სხვა კატორღელებთან ერთად ჩამოჯდა დასასვენებლად და ფეხსაცმელიდან ჩაცვენილი მიწის კოლტები წამოყარა. სხეული გაოფლოდა, ღრმად და მძიმედ სუნთქავდა, მაგრამ ის იმედი, რომელიც რამდენიმე საათის წინ მის გულში ჩასახლდა, მოსვენების საშუალებას არ აძლევდამ, ე. ი. იყო ხსნა...  ჩანს, არც ისე უიმედოდ გახლდათ საქმე, როგორც ეგონა... მერე ჩანთა გადმოიღო, მაცოცხლებელი სითხის ერთი წვეთი მოსვა და დაკოჟრილი ხელებით თვალები მოისრისა. წვერი უკვე მკერდამდე ჩამოზრდოდა, დასაბანი, ცხიმისგან და ჭუჭყისგან გაქონილი ჰქონდა. სახეც ისეთივე შავი და დალაქული გაუხდა, როგორც ყველა იქ მყოფ კატორღელს... სანამ დასაძინებლად მიწვებოდა, დიდხანს იჯდა, სახე ხელისგულებში მოექცია და ფიქრობდა. ორატორის ცივი თვალებიც წარმოუდგა. რას უშვებოდა ეს კაცი ამ ხალხს, ამგვარი სისასტიკით ცხოვრება როგორ შეეძლო?... მერე ის შეხვედრაც გაახსენდა...

 

* * *

მის უკან კარი რომ მიიხურა. პირველი, რაც ოთახში შესვლისას დაინახა, უზარმაზარი ჭაღი იყო, რომელზეც უამრავი სანთელი მიემაგრებინათ. ამ სინათლემ ერთბაშად თვალი მოსჭრა პეტრეს. გაუბედავად გაჩერდა და ფართო მაგიდასთან მჯდომ კაცს სახეში შეაცქერდა. ის რაღაცას წერდა, დიდი კოტიტა თითები მაგიდაზე შემოეწყო და ფურცელს ასწორებდა. მერე წერას თავი ანება, წარბებზემოდან ახედა შემოსულს და ჩაახველა, პეტრე ფიქრებიდან გამოერკვა და ჯიქურ შეხედა მასპინძელს. ორატორმა თვალი აარიდა, წამოდგა და მიუახლოვდა.

-  გატყობ, აქაური არ ხარ და არც ჩვენს წესებსა და კანონებს იცნობ... - სიტყვებს ტკეპნიდა და აგრძელებდა - მაგრამ ეს სულაც არ გაძლევს უფლებას, რომ შენს ნებაზე მოიქცე. ჩვენთან სხვა ცხოვრებით ცხოვრობს ხალხი, სხვა ადათებს ემორჩილება. დღედაღამ შრომობენ... აქ ბანდიტებსა და ქურდბაცაცებს საგანგებოდ ვსჯით.

პეტრემ ისევ ჯიქურ გადახედა და შეეცადა, მისი მზერა დაეფიქსირებინა. ორატორმა წამით შეხედა თვალებში, მაგრამ ვერ გაუძლო და ისევ გვერდით გაიხედა. მერე  მაგიდას მიუახლოვდა და პირვანდელ ადგილას ჩამოჯდა. აქ უფრო სამშვიდობოს გრძნობდა თავს. წერა ისევ გააგრძელა და დროებით გაყუჩდა. პეტრეს მოეჩვენა, რომ დრო საშინლად გაიწელა, ადგილზე ცმუკვა დაიწყო და ჩამოკიდულმა ბორკილებმა ჟღრიალა ბგერებით აავსო ოთახი. ამ ხმაზე ორატორი გამოერკვა, თითქოს ახლაღა შეამჩნია, რომ პეტრე ისევ ოთახში იდგა და მის განაჩენს ელოდა. ისეთი წყრომით მოხედა, თითქოს ეუბნებოდა, რამდენი საქმე მაქვს და იძულებული ვარ შენ გამო ამ საქმიანობას მოვწყდეო. მერე კალამი გადადო, კოტიტა თითებით შუბლი მოიფშვნიტა და საქმიანი კაცის იერით გააგრძელა:

-  მინდა, ჩემი ქალაქიდან წახვიდე და აღარასოდეს აღარ გამოჩნდე აქ. მე ბუნტისთავები   არ მჭირდება, ხალხი მორჩილებას არის ჩვეული და ამგვარი საქციელით უფლებას არ მოგცემ, ტვინი დაუნაგვიანო.. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ ხარ და სიმართლე გითხრა, არც მაინტერესებს, მთავარია, რომ დროულად მოშორდე აქაურობას... ხალხი ისედაც წელშია გაწყვეტილი ამდენი შრომით, ნამცეცებს აგროვებენ, რომ ოქრო მოიპოვონ, ოქროს ქურდს კი გასამართლებაც არ სჭირდება, სასტიკად უნდა დაისაჯოს... - ორატორის თვალებში მრისხანების ნაპერწკალმა გაირბინა. - ის კაცი ღირსი იყო იმ სასჯელის, მან ეს დაიმსახურა.

დადუმდა და ტუსაღს გამომცდელად შეხედა. პეტრემ რაღაცნაირი ზიზღი და სიძულვილი იგრძნო ამ კაცის მიმართ, რატომღაც ძალიან მოუნდა, რამე მტკივნეული ეთქვა და ჭიაყელასავით გაესრისა, აი ისე, ბავშვობაში მწერებს რომ სრესდა, მაგრამ ახლა, ორთაბრძოლას აზრი არ ჰქონდა, რომ მოენდომებინა კიდეც, კართან მიყურადებული წითურა შემოვარდებოდა და ცემით სულს ამოხდიდა. არც ამ სიგრძე ბორკილები მისცემდა ამის საშუალებას. თვალი არ მოუშორებია, ისე უთხრა და თან ორატორის რეაქციას დააკვირდა:

-  დამნაშავე  უნდა დაისაჯოს, ეს მართალია, მაგრამ უდანაშაულო კაცის ცოცხლად დაწვა, მგონია, რომ არ არის სწორი საქციელი.

ორატორს სახე აუჭარხლდა. გადმოკარკლული თვალები კინაღამ ბუდიდან  გადმოსცვივდა. სკამიდან წამოიჭრა და აკანკალებული ხელებით მაგიდაზე დაეყრდნო.

-  ვინ არის უდანაშაულო? ან შენ ვინ მოგცა უფლება განსაზღვრო, ვინ არის დამნაშავე და ვინ -  არა? ვიღაც შემოხეტებული მგზავრი ხარ და რამხელა უფლებას აძლევ საკუთარ თავს?

პეტრეს უცებ სიმშვიდე დაეუფლა, მიხვდა, რომ ზუსტად მტკივნეულზე დააჭირა ფეხი და უფრო თამამად და დამაჯერებელი ტონით   განაგრძო:

-  სამსონი ისეთივე უდანაშაულოა, როგორც მე და მისი ოჯახი... დამნაშავე კი თავისუფლად დათარეშობს და მეტიც, ყოფნის სითავხედე რომ სხვები დაადანაშაულოს... ჩემზე კარგად თქვენ მოგეხსენებათ, რომ ნამდვილი ქურდი თავისუფალია, სამსონი კი  - ცამდე მართალი და უცოდველი...  უდანაშაულო კაცის მოკვლა   უდიდესი ცოდვაა....

ორატორი უცებ აკანკალდა. კოტიტა თითები სიმწრისგან მომუშტა და მაგიდაზე დაარტყა:

-  ახლავე გაჩუმდი! ვინ ხარ, რომ ამ სისულეებს ლაპარაკობ?  სამსონი ქურდია, და მადლობა უთხრას ღმერთს, რომ სიცოცხლე შევუნარჩუნე, მისი ოჯახიც შევიბრალე... წესით და რიგით, ყველა კოცონზე  უნდა დამეწვა, რომ სხვას მსგავსი რამ აღარ ჩაედინა. სამაგალითოდ დასჯა ყოველთვის საჭიროა, ხალხი  რომ არ გაიხრწნას და ხელიდან არ წავიდეს. ხალხს თუ შიში და მოკრძალება არა აქვს, ის ბრბოდ გადაიქცევა. ბრბო კი ყოველთვის უმართავი და საშიშია. არავის მივცემ უფლებას, რომ განხეთქილება შემოიტანოს... დამნაშავე უნდა დაისაჯოს!

-  გეთანხმებით, დამნაშავე უნდა დაისაჯოს! სრულიად მართალი ბრძანდებით, მაგრამ დამნაშვე ხომ სამსონი არ არის?... ნამდვილი დამნაშავე თავისუფალია!

-  გაჩუმდი ახლავე! - იყვირა ორატორმა და აცახცახებული ხელებით მაგიდაზე დაწყობილი ფურცლები მიმოფანტა. პეტრეს წუთით მოეჩვენა, რომ სიბრაზისგან აწითლებული ორატორი სადაც არის გასკდებოდა და მისი სისხლი ამ ფურცლებივით მიმოისხმებოდა ირგვლივ. წარმოიდგინა კიდეც ფანტანივით როგორ იფეთქებდა, მისი გასიებული და ქონით გაპოხილი სხეულიდან სისხლი, რომელიც წითელიც კი არა, დამპალი ხორცისფერი იქნებოდა და ეს სიმყრალე ჩაძირავდა მთელ ოთახს...

ორატორი კი აგრძელებდა და პატარა სასაცილო კაცუნასავით აქნევდა კოტიტა თითებს...

-  ნადვილი დამნაშავე სამსონია, ის ქურდია!

-  არა, ის უბრალო მოწმეა, უდანაშაულო მოწმე... ნამდვილი ქურდი კი თქვენ ხართ, მაგრამ სასჯელს საკუთარ თავს ხომ არ გამოუტანთ? - მშვიდად თქვა პეტრემ და სიბრაზისგან ალეწილ ორატორს ცალყბად გაუღიმა...

ეს უკვე პიკი იყო. განრისხებული ორატორი მივარდა პეტრეს და გაარტყა. პეტრეს ტკივილი არ უგვრძნია, ხელები ზევით ასწია და ბორკილების გრძელი ჯაჭვი კისერზე შემოახვია. მაგრად მოუჭირა. ამ კაცის სიკვდილი მართლა დიდი საქმე იქნებოდა დამონებული სოფლისთვის და პეტრე სიამოვნებით გასრესდა ამ პარაზიტს, როგორც ბავშვობაში სრესდა ხოჭოებს და მთვარის ქალაქს ამ მტარვლისგან გაათავისუფლებდა. მკლავებში გაბოჭილი ორატორი დაჭერილი გოჭივით აჭყვიტინდა და ისეთი ყვირილი მორთო, ჭაღზე რამდენიმე სანთელი ერთბაშად ჩაქრა. ხმაურზე მიხვდა, მის ზურგს უკან კარის სახელური ამოძრავდა. შორს კი ისევ მეზობლის გოგოს ნიაკოს შეშინებული სახე დაინახა. გოგო ხელს უქნევდა და ეხვეწებოდა, ეგ არ ქნაო. მერე ნიაკო სადღაც გაქრა და თავში ძლიერი ტკივილი იგრძნო. დაეცა. ორატორმა თავი გაითავისუფლა და ძლიერად უთავაზა წიხლი მუცელში... პეტრეს მისი გამწივანი ხმა მანამდე ესმოდა, სანამ გონება მლიანად არ დაებინდა... თუმცა ეს სიტყვა კარგა ხანს ტრიალებდა მის ფსიქიკაში, როგორც გატეხილი ფირფიტა ერთ ადგილას ტრიალის დროს:

-  კატორღა.... კატორღა... კატორღა...

 

 

8

მარიას თვალები გაახსენდა, ისეთივე უძირო და სუფთა, როგორც უღრუბლო ზეცა. არ იცოდა, სოფლიდან რომ ჩამოვიდოდა, როგორ უნდა ეთქვა, რომ ყველაფერი იცოდა მასზეც, ბავშვზეც, ბექაზეც... ერთი კია, კიდევაც უხაროდა, რომ ეს ამბავი ისე გაიგო, რომ მარია აქ არ იყო, თორემ, ვინ იცის, იმ საღამოს ქალბატონი ნელის მაგივრად მარია რომ დახვედროდა, რას მოიმოქმედებდა, იქნებ გამოუსწორებელი შეცდომაც ჩაედინა და მაგრადაც ეჩხუბათ? ალბათ, მარია ამას არასოდეს აპატიებდა. ჯერ ერთი იმიტომ,  რომ ყველა ადამიანს აქვს თავის წარსული და არც მარია იყო ამ მხრივ გამონაკლისი, მეორეც, თუ რამე ცუდი მოხდა, ამაში მარია დამნაშავე სულაც არ იყო, მისი ერთადერთი დანაშაული ის გახლდათ, რომ ბექას ენდო, მისი სიყვარულის დაიჯერა, ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ სიყვარულში შეიძლებოდა ტყუილს ეარსება... თუ დააშავა მარიამ, ამისთვის შესაბამისადაც აგო კიდეც პასუხი და უფრო მეტად, ვიდრე ეს ეკუთვნოდა, მთავარი დამნაშავე კი ის, დედიკოსგან გაზულუქებული და ხელიდან წასული ბიჭი იყო, ადამიანის გრძნობებზე რომ თამაშობდა და სხვის ტკივილებსა და განცდებს არად აგდებდა. რა უფლება ჰქონდა პეტრეს მარიასთვის წარსულის ახსნა-განმარტება მოეთხოვა, როცა გოგო თავადაც ცდილობდა, ეს საშინელი მოგონება და ტკივილი სამუდამოდად დაესამარებინა. ახლა ამის გახსენება და მარიას დადანაშაულება, რომ გამოუსწორებელი შეცდომა ჩაიდინა, არ იქნებოდა სწორი. კიდევ კარგი ქალბატონმა ნელიმ სიმართლე უამბო და იმ ჭოროკინა მარეხის არ დაუჯერა. ჰო, მარია სამსახურიდან წავიდოდა, იქნებ ხელახლა ეცადა თვითმკვლელობა და მერე... განა ამით პეტრე შვებას იგრძნობდა? თუ მართლა უყვარდა, წარსული კი არ უნდა ამოექექა, გვერდით უნდა დასდგომოდა და ამ წარსულის მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ გაქრობაში მიხმარებოდა. დღეიდან ეს წარსული ერთად უნდა მოეკლათ, ერთად უნდა  ამოეშალათ, დაეწყოთ ახალი ცხოვრება, სადაც მხოლოდ აწმყო და ლამაზი მომავალი იარსებებდა. იცოდა პეტრემ და ღმერთს ათასჯერ მადლობას სწირავდა, რომ ასე ცხელ გულზე არ შეეჩეხა მარიას... თან საკმაოდ დროც ჰქონდა, რომ დამშვიდებულიყო და საღ გონებაზე მოეფიქრებინა ყველაფერი....

მარია კვირის თავზე ჩამოვიდა. იქამდე არც პეტრეს დაურეკავს, უნდოდა, ეს დღეები თავადაც მარტო ყოფილიყო და ყველაფერი საღად აეწონ-დაეწონა. უცნაური განცდა გაუჩნდა, მარიაზე საერთოდ აღარ ბრაზობდა, პირიქით, უნდოდა შეეფარა, როგორც უსუსური ფრინველი, რომლის დაცვაც მაშინ ვერ შეძლო, უნდოდა გულში ჩახუტებული ჰყოლოდა მთელი ცხოვრება და ამ სიყვარულით დამტკბარიყო, რომ მისი დაჭრილი გული მარიას დაკოდილ გულს შეერთებოდა და არასოდეს შეეწყვიტათ ერთად  ძგერა და ფეთქვა, რომ ამ გამთლიანებით, საკუთარი სიყვარული და სული ეხსნათ. პეტრემ იცოდა, ამქვეყნად არავის, საერთოდ არავის, აღარ შეეძლო მათი განშორება... წინა დღეს ქალბატონ ნელისთან ავიდა. საკვები და სანოვაგე აუტანა. ქალი მხიარული ღიმილით შეხვდა, თვალები უცინოდა. ახარა, ხვალ მარია ჩამოდისო და პეტრესაც გული აუთრთოლდა. სადგურზე დავხვდებიო, დაპირდა... საღამოს სამსახურის შემდეგ მართლაც ავტოსადგურზე წავიდა. სამარშრუტო ტაქსები კონსერვში ჩაწყობილი თევზებივით ჩამწკრივებულიყვნენ. მარია არსად ჩანდა. რამდენიმე ახალი „მარშუტკა“ ჩამოდგა და ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, ისიც დაინახა. პეტრე მანქანიდან გადმოვიდა, დაუძახა. გოგომ მოიხედა და უცებ გაჩენილმა ღიმილმა ყვრიმალები აუწითლა. ჩანთა ძირს დადო და ადგილზე გაიყინა. პეტრემ ნაბიჯს აუჩქარა, ვიღაცამ მხარი გაჰკრა, მერე ფეხიც გადაუბრუნდა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, მისი სამიზნე ობიექტი გაღიმებული იდგა და ელოდა. თხელი სარაფანი ეცვა, გაშლილი თმა ოქროსფერ ლენტებად დაჰყროდა მხრებზე. მიუახლოვდა. სუნთქვა უკვე გახშირებოდა. ხელები წელზე მოხვია და ჰაერში აიტაცა:

-  მარია... ო, როგორ მომენატრე, ღმერთო!

თვალებში რომ ჩახედა, იმ ცისფერ სილაჟვარდეში ღიმილი დაცურავდა. თავი გადაუწია და ყელში აკოცა. გოგოც მკერდში პატარა უსუსური კნუტივით ეკვროდა და კისკისებდა. პეტრემ რამდენჯერმე ჰაერში შემოაბზრიალა:

-  კარგი, პეტრე, დამსვი... მოვედი, ხომ არ მივდივარ!

პეტრემ ხელი გაუშვა და შუბლზე ეამბორა:

-  როგორ მენატრებოდი, შენ წარმოდგენაც არ გაქვს!

-  მეც! - ჩუმად თქვა და მხარზე მიეკრა.

მერე პეტრემ ჩანთა ხელში აიტაცა, ცალი ხელი მარიას ისე ჩასჭიდა, თითქოს, ვინმე მის წართმევას ემუქრებოდა და მანქანისკენ წაიყვანა.

-  თქვენთან ვიყავი, დედაშენი გავიცანი - უთხრა, როცა ძრავა ჩართო და მანქანების ქარავანს შეერივნენ.

-  ვიცი, დედამ მითხრა!

-  კიდე რა გითხრა დედამ? - აინტერესებდა, იცოდა თუ არა, მათი საუბრის შესახებ რამე.

გოგომ ალალად გაუღიმა, პეტრე მიხვდა, რომ ქალბატონ ნელის არ მოეყოლა მათი დაძაბული შეხვედრის შესახებ.

-  არაფერი!

-  მაინც?

-  ჰო, მითხრა, რომ ძალიან მოეწონე და შენნაირ სასიძოზე ოცნებობდა.

პეტრემ გამომცდელად შეხედა. მარია არ დასცინოდა. ამ საოცარ თვალებს არავის დაცინვა არ შეეძლო. გოგო ისევ უღიმოდა და პეტრე უკვე გრძნობდა, როგორ იტაცებდა ახალი ტალღა და ავსებდა. მარიას სახლთან მანქანა გააჩერა და უცებ ჩამოვარდნილ სიჩუმეში ჩაიძირა. მერე მისკენ გადაიხარა და ნაზად აკოცა:

-  წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ მიყვარხარ, მარიაა!

-  არც შენ! - ისევ გადაიკისკისა გოგომ.

-  არასოდეს მიმატოვო, კაი? ასე გაუფრთხილებლად აღარასოდეს წახვიდე!

-  გპირდები!

მარიამ კოცნითვე უპასუხა და უცებ შედგა, თითქოს სახეზე ტკივილმა გადაურბინა. მერე სავარძელს ზურგით აეკრა და თვალები ხელისგულებში დამალა. იყო ერთხანს ასე, თითქოს წუთებს ითვლიდა, უცებ სახე თითებიდან გაითავისუფლა და სერიოზული ხმით უთხრა:

-  პეტრე, ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ შენ ეს უნდა იცოდე... მე...

კაცმა აწეული თითი ტუჩებზე დააფარა:

-  ჩუუუ....

-  პეტრე...

-  ყველაფერი ვიცი, არ გინდა!

მარია შეკრთა, აცახცახდა, ცრემლიანი თვალებით ჩაეკითხა:

-  ყველაფერი?

-  ყველაფერი! არ გინდა... ამ საღამოს ნუ გავაფუჭებთ!...

-  იცი, მე...

-  არა, მარია, გთხოვ, ნუღარ გააგრძელებ... ეს დღეები ყველაფერი გადავხარშე, იცი, აღმოვაჩინე, რომ ახლა უფრო მიყვარხარ, ვიდრე ოდესმე, მე შენს ცოდვებსა და წარსულს არ განვიკითხავ... მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ, როგორსაც გხედავ და ეს მე აღმაფრთოვანებს... მაბედნიერებს... შენ ჩემი ბედნიერება გქვია...

-  ო, ღმერთო, საოცარი ადამიანი ხარ, პეტრე! მადლობა, რომ გესმის ჩემი... მადლობა...

-  მარი საყვარელო... შენ მე მაბედნიერებ და ეს არის მთავარი!

 

 

თავი მეოთხე

1

ლექსომ თვალები რომ გაახილა, უკვე კარგად ამოწვერილიყო მზე. დღეს რატომღაც დაეძინა, ალბათ, იმიტომ რომ წუხელ გვიან ღამემდე ქუჩაში დახეტიალობდა, ჯერ მირა მიაცილა სახლში, მერე ძალიან დიდხანს უყურებდა, როგორ გაუჩინარდა გოგო ნაცრისფრად შეღებილ კორპუსში და მის ფანჯრებში მოყვითალო შუქი აინთო. ერთხანს კიდევ დადიოდა და ისე შეჰხაროდა მირას სარკმლიდან გადმოფრქვეულ სინათლეს, როგორც მოსე უდაბნოში გაჩენილ უწვად ცეცხლს. მერე დროც ზლაზვნით გაიკრიფა და ჩამუქებულ ცაზე პირველი ვარკვლავიც გამოჩნდა. ლექსო მაინც არ წასულა, მთელი დღის განცდები და მირას ღიმილიანი სახე ენერგიასა და სითბოს ჰმატებდა. მერე ვარსკვლავებით მოჩითულ ცაზე, როცა ნამგალა მთვარე გამოჩნდა და ოდნავ მსუსხავმა ნიავმა სახეში წვრილი მტვრის ნაწილაკები შეაფრქვია, სინათლეც ჩაქრა და ლექსო უკვე მშვიდად გამოუყვა ქუჩას. ტროტუარი ცარიელი და მსუსხავი იყო, მაგრამ ბიჭის გულს სხვა გულიდან ამომავალი შუქი ათბობდა, სიცივეს საერთოდ ვერ გრძნობდა. არც ყინვასა და ქარს გაურბოდა. მშვიდად მიდიოდა და მირაზე ფიქრობდა. რამდენჯერ დააპირა, მაგრამ ყოველთვის რაღაც აბრკოლებდა. გულის კუნჭულში მიმალული ხმა თითქოს ყოველთვის აჩერებდა, რომ ჯერ ადრეა, ამის თქმას ყოველთვის მოასწრებ, ჯერ დაუმტკიცე მირას, რომ ბევრი შეგიძლია, ჯერ გახდი ჩემპიონი, მოიგე მათემატიკის ოლიმპიადა, იყავი ყოველთვის სუფთა და მოწესრიგებული და მირას უბრალოდ უკან დასახევი გზა აღარ დაუტოვო. არ ათქმევინო, რომ შენ წარუმატებელი ბიჭი ხარ და მის სიყვარულს არ იმსახურებ... შენ ჯერ ბევრი რამ გაქვს დასამტკიცებელი და მაგის თქმას ყოველთვის მოასწრებ. მირა კარგ თვალზე გიყურებს, ყველაზე მეტად შენთან მეგობრობს და ამ მეგობრობასა და ნდობას სისულელეებზე ნუ გაცვლი, ჯერ მხოლოდ თხუთმეტი წლის ხარ და ყველაფერი წინ გაქვს, რომ მირაც შენსავით ბავშვია, ჯერ უამრავი დასახული მიზანი გაქვთ მისაღწევი, უამრავი ბარიერი გადასალახავი და დასამსხვრევი, სიყვარულის ახსნას ყოველთვის მოასწრებ. ნაჩქარევმა და ნაუცბათევმა ნაბიჯმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს... მირამ შეიძლება, არც მიიღოს შენი სიყვარული და ერთგული მეგობარიც სამუდამოდ დაკარგო, ასეთ საქმეში აჩქარება არ ივარგებს... დაე, გიყვარდეს, სიყვარულს ვინ გიშლის, დაე იფიქრე, არც შენს ფიქრებს მისწვდება ვინმე, ვერავინ გამოგტყუებს გულის საიდუმლოს, მაგრამ აჩქარებით საქმეს ნუ გააფუჭებ, გოგოს ნუ დააფრთხობ და შეაშინებ, რადგან როცა მეგობრობის სანაცვლოდ სიყვარულს სთავაზობ, თავადაც დარწმუნებული უნდა იყო, რომ საპასუხო გრძნობას მიიღებ, ამით თქვენი მეგობრობაც შენარჩუნდება და სიყვარულიც, ახლად ფეხადგმული ბავშვივით გაიზრდება, მაგრამ თუ ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ, ეს კატასტროფა იქნება, გარდა იმისა, რომ თავს მიტოვებულად და დამცირებულად იგრძნობ, მეგობრობაც ჩარჩოებში მოექცევა და ურთიერთობაც დაიძაბება. ჯერ დარწმუნდი, რომ მირაც იმავეს გრძნობს და თქვენი მეგობრობისთვის ეს სახიფათო ზღვარი არ იარსებებს. დრო ყველაფრის მკურნალია, ყველაფრის სწორად წარმმართველი, ყველაფერს თავისი ვადა და ჟამი აქვს... მოთმინება ამ ეტაპზე  საუკეთესო მეგზურია...

ქურთუკის საყელო წამოიწია, ქარი გაძლიერდა და უფრო მსუსხავი გახდა. სახლამდე როგორ მივიდა, არ ახსოვს. კარი დედამ გაუღო, უბრალოდ მწყრალად მოხედა და ის-ის იყო, კითხვა დააპირა, აქამდე რას დაეხეტებოდიო, რომ თავად დაასწრო:

-  მირა გავაცილე სახლში, ვარჯიშის შემდეგ კარგა გვარიანად  ბნელოდა,  გვიან ავტობუსებიც არ დადიოდა და ფეხით მომიწია მოსვლა, მაპატიე დეე, რომ ჩემ გამო ამდენ ხანს მოგიწია ლოდინი...

ელამ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია, მაგრამ საყვედური არ უთქვამს.

-  კარგი, შემოდი და დაიძინე!

ლექსომ ღიმილით ახედა დედის უძილობისგან შესიებულ ქუთუთოებს და თავი დამნაშავედ იგრძნო. დედას ისედაც ბევრი საქმე ჰქონდა, ბაღში მთელი დღე ბავშვების ყიჟინი, მერე ეთო და თეო, სადილი, სახლი და ახლა ლექსოს ლოდინიც დაემატა. შიგნით შევიდა და თავის ოთახისკენ მიმავალმა, კიდევ ერთხელ მოხედა. ქალი კედელს მიყრდნობოდა და წინ მიმავალ შვილს უცქერდა. ლექსო შეეცადა, რამდენადაც შეეძლო, გაემხნევებინა:

-  ეს აღარ გამეორდება, გპირდები... ბოდიში, დეე..

ელამ გაიღიმა და თავისთვის ჩაილაპარაკა:

-  ჩემი დიდი ბიჭი!

დაწვა თუ არა, მაშინვე ჩაეძინა, მაგრამ ისე ეძინა, ფეხიც არ გაუქნევია... რომ გაიღვიძა, უკვე შუადღე იყო, დიდად არ უნერვიულია, კვირა დღე გახლდათ და სკოლაში არ მიდიოდა, არც დედას გაუღვიძებია, როგორც ჩანს, შეიცოდა, მაგრამ ვარჯიშზე კი დღესაც უწევდა წასვლა. მწვრთნელმა ხუთი საათისთვის დანიშნა შეკრება და დაყოვნება არ ივარგებდა. წამოდგა, ტანსაცმელი გადაიცვა, თავი სასწრაფოდ მოიწესრიგა და დედას შეაკითხა სამზარეულოში. გოგოები წინსაფარაფარებულები იდგნენ და დედასთან ერთად კარტოფილიან და ხორციან ღვეზელებს ტაფაში წვავდნენ. ელას დასვენებული სახე ჰქონდა, გოგონებს თვალს არ აცილებდა და პატარა დიასახლისებს რჩევებს აძლევდა. ისინიც დედის ყველა შენიშვნას ითვალისწინებდნენ და, რამდენადაც შეეძლოთ, ცომში ფარშს ლამაზად ახვევდნენ.

სამზარეულოში ისეთი სუნი იდგა, ლექსოს მუცელმა ჭყრიალი დაუწყო, ნერწყვები მოადგა პირზე და ხარბად დააშტერდა დიდ საინზე დადებულ მადისამღძვრელ ღვეზელებს.

გოგოებმა ძმა რომ დაინახეს, ორივემ ერთდროულად მოინდომა თავის გამოჩენა:

-  ნახე, ლექსო, რა ლამაზი ღვეზელი მოვახვიე? - ეს თეო იყო, რომელსაც ეთომ მალევე შეაწყვეტინა სიტყვა:

-  არაფერიც, ჩემი სჯობია, ასე არ არის, ლექსო?

ბიჭს დების მატრაკვეცობაზე გაეღიმა და შეეცადა არც ერთისთვის არ მოეკლა გული, მით უფრო, რომ ახლა ის იყო მათი ხელოვნების სრულფასოვანი შემფასებელი, რომელიმეს განაწყენება კი არ უნდოდა, ამიტომ საინისკენ გაიშვირა ხელი:

-  ახლავე ორივეს ნამუშევარს გავსინჯავ, და შეგაფასებთ.

-  ეს ჩემია, კარტოფილის ღვეზელი ,- გაიჭიმა თეო.

-  მე ხორცისას ვამზადებ, - ეს ეთოს ხმა იყო.

ლექსომ ჯერ კარტოფილიანი აიღო, შემდეგ ხორცის და სულმოუთქმელად შესანსლა. გოგოები ამაოდ ელოდნენ პასუხს. მერე ვეღარ მოითმინეს და შეჰყვირეს:

-  რომელია უკეთესი, თქვი, ლექსო!

ბიჭმა გაკვირვებულმა მოხედა დებს, თითქოს ეუბნებოდა, მაცალეთ, ჯერ დავაგემოვნოო. მხრები საცოდავად აიწურა:

-  იცით, რა, ორივე ისეთი გემრიელია, შეფასება ვერ მოვასწარი, კიდევ უნდა გავსინჯო!

რამდენიმე ღვეზელი ისევ თვალის დახამხამებაში გადასანსლა და ტუჩები მოილოკა, მერე უკვე მოთმინებაგამოლეულ დებს შეხედა და ამოიოხრა:

-  ერთმანეთზე უკეთესია, ორივე ერთად უფრო გემრიელია, ვიდრე ცალ-ცალკე, ამიტომ ორივეს თანაბარ ქულებს დაგიწერდით. ათიანები ჩემგან.

გაშლილი ხელისგულები რამდენჯერმე ასწია და დედას თვალი ჩაუკრა. ელა ლექსოს საქციელით კმაყოფილი დარჩა. ახლა რომელიმესთვის უპირატესობის მიცემა აშკარა  ბუნტს ჩააგდებდა და დებს ერთმანეთს წაჰკიდებდა, ელას კი  გოგოების დახმარება ჰაერივით სჭირდებოდა, სახლისა და საბავშვო ბაღის საქმეები ისედაც თავზე საყრელად ჰქონდა, ამიტომ ლექსოს თავი დაუქნია და სიყვარულით უთხრა:

-  ჩაიც დაგელია, ლექსო, უკვე ცხელია.

-  არა დეე, საკმარისად მივირთვი, დღეს ვარჯიშზე ვარ წასასვლელი და ასე გამოტენილი მუცლით ბრძოლას ვერ შევძლებ, ისედაც მეტი მომივიდა... წავედი, გოგოებო, დედას მიეხმარეთ და რომ დავბრუნდები, ნუგბარ შოკოლადებს მოგიტანთ...

მერე, დარბაზში წასვლამდე, თავის ოთახში ჩაიკეტა და წიგნს კითხულობდა... საყვარელმა პერსონაჟებმა და უცნაურმა სიუჟეტმა ისე გაიტაცა, ვერც კი შეამჩნია, როდის მოვიდა ხუთი საათი...

 

2

სპორტულ დარბაზში სულ კარს უყურებდა. მირას ელოდა. იცოდა, ან ახლა გაიღება კარი, ან ახლაო და მისი გაღიმებული სახე მზესავით გაანათებს აქაურობასო, მაგრამ იმ დღეს მირა არ გამოჩნდა. გაუკვირდა. მწვრთნელიც რამდენადმე გაოცებული ჩანდა. მერე შესვენებისას, როგორც კი მოახერხა, მობილური მოძებნა და მირას დაურეკა. ტელეფონი გამორთული ჰქონდა და ამან უფრო ააფორიაქა, როგორც წესი, მირა არასოდეს თიშავდა მობილურს, იქნებ დატენვა ვერ მოასწრო, ან გაუტყდა, ხომ შეიძლება ასეთი რამაც მომხდარიყო, მაგრამ ვარჯიშს რატომღა გააცდენდა? ლექსოს წვრილმა ოფლის წვეთებმა დაუცვარა შუბლი. შეჯიბრი დღე-დღეზე ჰქონდათ და მირა არაფრის გამო არ გამოტოვებდა ვარჯიშს... იქნებ ოჯახში ვინმე გაუხდა ცუდად, მაგრამ მაშინ ტელეფონს რატომ გამორთავდა? აბეზარი ბუზებივით დაესივნენ ლექსოს ფიქრები, რომლებიც ისე მწარედ იკბინებოდნენ და გონებას უბინდავდნენ, რომ ბიჭს ხელიდან მობილური გაუვარდა და ბეწვზე გადარჩა, რომ არ დამსხვრეულა. მწვრთნელმაც თითქოს რაღაც იგრძნო, ლექსოს მოხედა და უცებ ჰკითხა:

-  ლექსო, ხომ არ იცი, დღეს მირანდა რატომ არ მოვიდა? გუშინ ერთად გახვედით დარბაზიდან.

ბიჭი დაფაცურდა:

-  არა, ბატონო ნოდარ, არაფერი უთქვამს, დღეს ჩვეულებრივ აპირებდა მოსვლას, მობილურზე ვრეკავ და გამორთული აქვს.

-  ერთ კვირაში საქართველოს ჩემპიონატია და ვარჯიშის გაცდენა უკვე დანაშაულია, კარგით, თქვენ საქმეს მიხედეთ, დედამისს დავურეკავ.

ლექსომ შვებით ამოისუნთქა, მოწინააღმდეგეს ხელები ჩაავლო და ის-ის იყო, მოქნეული ფეხი გამოსდო, რომ მწვრთნელის გაკვირვებული თვალები დალანდა, თავი ვეღარ შეიკავა და დაბარბაცდა, ამით მოწინააღმდეგემ ისარგებლა და ზემოდან მოექცა, თუმცა გაკვირვებული კაცისთვის თვალი არ მოუცილებია, მერე დაინახა, როგორ გათიშა მწვრთვნელმა ტელეფონი და სკამზე გაფითრებული ჩამოჯდა. გულმა უსიამოდ შემოჰკვნესა, მოწინააღმდეგისაგან თავი გაითავისუფლა და მასთან მივიდა:

-  ბატონო ნოდარ, დარეკეთ?

-  კი! - თავი ასწია კაცმა და გაოგნებული შეაცქერდა ბიჭს - დედამისმა მითხრა, რომ უკვე მთელი საათია, რაც სავარჯიშოდ წამოვიდა თავის მოტოციკლით, აქამდე კარგა ხნის მოსული უნდა იყოს...

ლექსოს კიდევ ერთხელ გააჟრჟოლა და მოწყვეტით დაეშვა ძირს:

-  ხომ არაფერი მოხდა, ტელეფონიც გამორთული აქვს?

-  არ ვიცი, დედამისიც შეწუხდა. ცოტახანში კიდევ გადავრეკავ! შენ ივარჯიშე, გამოჩნდება, აბა სად წავა? - ისეთი საცოდავი ხმა ჰქონდა, ლექსოს უფრო შემოეჯაჭვა დარდი. ფერი   დაკარგა, მაგრამ არაფერი უთქვამს, წავიდა და ვარჯიში განაგრძო...

დრო უსასრულოდ გაიწელა, ლექსო ისევ კარისკენ იყურებოდა, ეგონა, ან ახლა შემოვა მირა, ან ახლაო, მაგრამ გოგო არა და არ ჩანდა. მერე,  დაინახა, მწვრთნელმა როგორ აიღო ტელეფონი და ისევ გადარეკა, ლექსომ იცოდა, ისევ იქ რეკავდა... მაგრამ ახლა მას სახე გაფითრებული და უიმედო ჰქონდა. მერე ტელეფონი გათიშა და დაიყვირა:

-  ბავშვებო!

მის ხმაზე ყველამ ჭიდაობა შეწყვიტა და მას მიაჩერდა:

-  მირას.... მირა... - ენა დაება და არ იცოდა, როგორ ეთქვა. ლექსოს ისევ გააჟრჟოლა, ხელები აუკანკალდა და მუჭები შეკრა. მოლოდინში დარბაზი გაიყინა:

-  მირა ავარიაში მოყვა, ძალიან მძიმედ არის... გადარჩენის შანსი თითქმის არ არის.

მწვრთნელმა ვეღარ შეიმაგრა თავი და თვალებიდან გადმოსულმა სისველემ ყვრიმალებზე გზა მონახა.

-  ღმერთო! - ლექსოს მუხლები მოეკვეთა და ძირს დაეცა.

3

საავადმყოფოს თეთრი კედლების დანახვაზე, ლექსო გაიყინა. მწვრთნელთან და რამდენიმე მეგობარ ბიჭთან ერთად მაშინვე წამოვიდა. მთელი გზა უცნაური მოლოდინი კლავდა. მხოლოდ იმას ევედრებოდა ღმერთს, რომ მირა ცოცხალი და საღსალამათი დახვედროდა. რამდენჯერ პირდებოდა საკუთარ გულში უფალს, რომ თუ მირა კარგად იქნებოდა, ის ყველაფერს გააკეთებდა, რასაც ღმერთი მოსთხოვდა. გახდებოდა მეტად მორწმუნე, უფრო კეთილი, დაჩაგრულთა გამკითხავი, ოღონდ ახლა მირა ცოცხალი ყოფილიყო... ოღონდ ახლა მირას მისთვის თვალებში ჩაეხედა და ძველებურად გაეღიმა. სხვა არაფერს აზრი არ ჰქონდა.

-  მირას სიცოცხლე მაჩუქე, ღმერთო და ყველა განსაცდელსა და დაბრკოლებას გადავლახავ, რასაც გამომიგზავნი, ოღონდ, მირა არ წამართვა!

თავის გუნებაში უკვე მერამდენედ იმეორებდა... გზა ფიქრებმა დაამოკლა. ახლა უკვე საავადმყოფოს თეთრი შენობის წინ იდგა და ადამიანებს ათვალიერებდა. რამდენი გაჭირვებული დგას და რამდენი ევედრება ახლა მასავით ღმერთს საყვარელი ადამიანების გადარჩენას. აი თუნდაც ეს კაცი, კარის გვერდით, სკამზე რომ მოკუნტულა და თავი იდაყვებზე დაყრდნობილ, გაშლილ ხელისგულებში ჩაურგავს, ერთიანად კანკალებს და რაღაცას ბუტბუტებს, იქნებ ლოცვებსაც იძახის? ლექსომ თვალი აარიდა, ახლა მოპირდაპირე მხარეს გაიხედა, წელში მოხრილ ქალს ასე 5-ოდე წლის ქალიშვილისთვის ხელი ჩაეკიდა და ყრუდ და გაბმულად ტიროდა. ლექსოს მოეჩვენა, რომ ეს ტირილი გვირაბში შესული მატარებლის გუგუნს ჰგავდა, მოგუდულსა და ხანგრძლივს... გოგონა ცდილობდა, დედისთვის ხელი გამოეგლიჯა და სადმე უფრო მშვიდ ადგილას დამალულიყო.

უკვე კარგად ბნელოდა. კარისკაცი არავის უშვებდა მაღლა და შენობის წინ მომლოდინე მნახველებს სული ხელით ეჭირათ. მწვრთნელი დაფაცურდა, მერე სკამისკენ გაიწია, სადაც ქალი და კაცი ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩახუტულები ისხდნენ. ქალს კაცის მხარში სახე ჩაემალა და სლუკუნებდა. ლექსო გუმანით მიხვდა, რომ ეს იყო მირას დედა და წასულ მწვრთნელს უკან გაჰყვა. ეს უკანასკნელი მათ წინ გაჩერდა და ისეთი ჩუმი ხმით იკითხა, თითქოს ეშინოდა, მისი შეკითხვა სხვა იქ მყოფ ადამიანებსაც არ გაეგოთ. მის ხმაზე ქალმა თავი ასწია, ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა:

-  ძალიან მძიმედ არის, ნოდარ, კომაშია, ექიმები გადარჩენის შანს არ იძლევიან...

-  რა მოხდა, როგორ მოხდა? -  წამოიკვნესა კაცმა.

ახლა მირას მამას შეაცქერდა სახეში. ამ უკანასკნელმა მხრები აიჩეჩა. ცოლისთვის ხელი არ მოუშორებია, უფრო მაგრად მიიკრა მკერდზე, თითქოს ცდილობდა, მისი ტკივილი, რომელიც ქალს ანგრევდა და ანაწევრებდა, საკუთარ სხეულში ჩაეხშო.

-  არ ვიცით, მხოლოდ ის გავიგეთ, რომ შავი ფერის ბეემვე, რომელიც გიჟივით მიჰქროდა, ჩვენს გოგოს დაეჯახა, მანქანაში ორნი მსხდარან ქალი და კაცი, მგონი, ჩხუბობდნენ და მძღოლიც მოტოციკლს შეასკდა, თუმცა მათ არაფერი დაშავებიათ, მანქანა არ გაჩერებულა, გაიქცნენ... გოგო მარტო დამიტოვეს, გამვლელებმა გამოიძახეს სასწრაფო... პატრულის თანამშრომელი იყო, მითხრა, კამერებიდან მანქანის ნომერს დაადგენენო და მძღოლს დავსჯითო...

-  ღმერთო! - გაიფიქრა ლექსომ - მანქანამ დაარტყა და სად გაიქცა, იქნებ რომ გაეჩერებინა და დროულად მოეყვანათ საავადმყოფოში მირა ასე მძიმედ არ ყოფილიყო?  რამდენი უგულო ნაძირალა დადის ამ ქალაქში...

მირას მამა ისევ აგრძელებდა:

-  მე ჩემი შვილის სიცოცხლე მინდა, და არა მკვლელის ნომერი და დასჯა... ჩემს შვილს გამოაკეთებს მისი ციხეში ჩასმა? ეს ხომ აბსურდია, წარმომიდგენია, იმ ნასვამმა მძღოლმა კიდევ რამდენი ადამიანი დაასახიჩრა, ისეთი სისწრაფით მიჰქროდა თურმე... მაგრამ მირას რა ეშველება, ვინ გადაარჩენს?

კაცი გაჩუმდა. მწვრთნელიც მათ გვერდზე ჩამოჯდა და დამწუხრებული ფიქრებში ჩაიძირა. ლექსო ბიჭების გვერდით იდგა, სივრცეს შეჰყინოდა მისი გაქვავებული მზერა. გულში კი აზრების ისეთი ქარიშხალი მძვინვარებდა, კედელს რომ არ მიყრდნობოდა, ალბათ ისევ გრძნობას დაკარგავდა...

...ახლაც არ ახსოვს, უცებ როგორ დაეცა და გონება დაებინდა. ყველაფერს წარმოიდგენდა, მაგრამ მირას ავარიას?.. ამას კი ვერა. მიხვდა, ის, რაც მისთვის ასე მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო იყო, ხელიდან როგორ ეცლებოდა და უქრებოდა... ლექსომ თავი მწვერვალზე დაკიდებულივით იგრძნო, რომელიც თოკს ჩასჭიდებოდა, დაბლა კი თვალუწვდენელი უფსკრული პირდაღებული შესცქეროდა. თოკი ნელ-ნელა მოკლდებოდა, ნელ-ნელა გრეხილი ბოჭკოები წყდებოდა და წვრილდებოდა. ბოლოს ერთი თხელი კონაღა დარჩა და როცა ამანაც იწყო წყდომა, ლექსოს ხელებში ძალა გამოელია, წუთიც და თოკი სრულიად გაწყდა და ისიც შემზარავი კივილით დაეშვა ძირს... უფსკრულისკენ გაექანა... ტკივილი არ უგვრძვნია, რადგან გონებას ლიბრი გადაეფარა და ყველაფერი ნაცრისფერი გახდა... თვალი რომ გაახილა, პირველი რაც დაინახა, მწვრთნელის შეშინებული თვალები იყო, წყლიანი ბოთლით  თავზე რომ ადგა და სახეს სველი ხელებით უსრესდა, მერე გაღიმებაც სცადა, აი ისე ცალყბად და უგერგილოდ.

-  როგორ შეგვაშინე, რა მოგივიდა? მეგონა, ეპილეფსიური გულყრა დაგემართა... ისე იკლაკნებოდი... ახლა როგორ ხარ?

ლექსომ წამოწევა სცადა, არაფერი არ ახსოვდა, არც უფსკრული, არც ის წკიპზე ჩამოკიდული თოკი, ნაწილ-ნაწილ რომ წყდებოდა... უბრალოდ, თავი სტკიოდა. მწვრთნელი ახლა წნევას უსინჯავდა. მერე იმედიანად დახედა ციფერბლატს, თითქოს ამბობდა, ყველაფერი წესრიგშიაო და წამოდგა.

-  დღეს მეცადინეობას ვამთავრებთ, თავისუფლები ხართ, მე მირანდას სანახავად უნდა წავიდე.

-  მეც წამიყვანეთ! - შეევედრა ლექსო. მწვრთნელმა ჯერ მხრები აიჩეჩა, არ იცოდა, რამდენად სწორი იქნებოდა, ახლა ლექსოს სურვილის შესრულება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ იატაკზე გულწასული ეგდო, ვაითუ, ისევ გამეორებოდა შეტევა და თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.

-  ჩვენც გვინდა წამოსვლა! - თქვა ნიკამ და მას კიდევ ორი ბიჭი ამოუდგა მხარში.

-  კარგით წავიდეთ, მაგრამ ლექსო, შენ სახლში მიგიყვანთ, დასვენება გჭირდება, დედა ინერვიულებს...

-  არა, გთხოვთ, ბატონო ნოდარ, ახლა მირა რომ არ ვნახო და მას რამე დაემართოს, ამას ჩემს თავს არასოდეს ვაპატიებ...

-  ის ისე ცუდადაა, მაინც ვერ გაიგებს შენს მისვლას, ლექსო...

-  გთხოვთ, ბატონო ნოდარ, თუნდაც ვერ გაიგოს, იგრძნობს, რომ იქ ვარ... მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, აუცილებლად ვიგრძნობდი მირას მოსვლას და ეს თანადგომა ძალას მომცემდა! -  ისე დამაჯერებლად თქვა ლექსომ მწვრთნელმა გაკვირვებით მოჰხედა, აშკარად ბავშვი არეულიაო, თავისთვის გაიფიქრა, მაგრამ მისი გაღიზიანება აღარ უნდოდა..

ლექსომ მის სახეზე ყოყმანი შეამჩნია და ისევ განაგრძო:

-  გთხოვთ, ბატონო ნოდარ, მე და მირა ხომ სულ ერთად ვჭიდაობთ და მის სხეულს ვგრძნობ, მისი გულისცემა მესმის... ასეთ წუთებში მის გვერდით უნდა ვიყო..  უბრალოდ, მოვალე ვარ... გთხოვთ, წამოვალ!

მწვრთნელმა თავი გააქნია, მერე მოწყვეტით დაიქნია მარჯვენა ხელი, თითქოს ამბობდა, ჯანდაბას, რაც გინდა, ის ქენიო და გავიდა. ბიჭებიც ჩუმად მიჰყვნენ ტრენერს...

... ახლა აქ იყო, კედელს მიყრდნობილი, უკვე მერამდენედ იგონებდა მირასთან შეხვედრებს, საუბრებს, სიტყვებს, ღიმილს... ამ თვალებში მზე ენთო და ამ მზის ჩაქრობას ლექსო ვერ გადაიტანდა. მზის ჩაქრობა ლექსოს სიკვდილს ნიშნავდა, იმ თოკის გაწყვეტას ნიშნავდა, რამდენიმე საათის წინ ასე ცხადად რომ წარმოუდგა თვალწინ, იმ უფსკრულში ჩავარდნას ნიშნავდა, ლექსოს კი ეს არ შეეძლო, რომ დაეშვა. მირას სიკვდილით ლექსოც მოკვდებოდა, მას კი ჯერ სიკვდილი არ უნდოდა, წინ საქართველოს ჩემპიონატი იყო, უნდა გაემარჯვა, ძალები უნდა მოეკრიბა. ჰო, იცოდა, მირა ამ შეჯიბრში ვეღარ მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ ის ორივეს მაგივრად იბრძოლებდა, ორივეს მაგივრად გაიმარჯვებდა... ოღონდაც, მირას ახლა არ ეღალატა, ახლა არ მიეტოვებინა...

ღამე ჩამოწვა. ბლანტი ნიავი ჰაერს შეერია, გაცივდა. მობილურის ზარმა გამოაფხიზლა ლექსო, დედა იყო. ახლაღა გაახსენდა, რომ ამ არეულობაში სახლში დარეკვა დაავიწყდა.

-  დედა, არ ინერვიულო, ცოტა შემაგვიანდება, ბატონ ნოდართან ერთად ვარ, მირას რაღაც შეემთხვა, რომ მოვალ ყველაფერს მოგიყვები... არ ინერვიულო...

-  კარგი... კარგი... ძალიან ნუ შეყოვნდები!

დედის ნაწყვეტი სიტყვები ტელეფონში უცებ გაწყდა. ლექსომ შვებით ამოისუნთქა და კედელთან ჩაიცუცქა. ბიჭები მშვიდად საუბრობდნენ... ლექსო მათ საუბარს ყურს არ უგდებდა... ახლა ფიქრებით მირასთან იყო. მხოლოდ მირას მიმქრალ და სევდიან თვალებს ხედავდა ღამის მრუმე საფარველში. უცებ რაღაც ჩოჩქოლი ატყდა. ლექსო წელში გაიმართა იქითკენ გაიხედა, საიდანაც ხმაური მოდიოდა. სასწრაფო დახმარების მანქანამ საკაცით ორი ადამიანი მოიყვანა.

-  ისევ ავარია! გზა! - დაიძახა ვიღაცამ.

ხალხი გაიწია. შესასვლელის კარი გაიღო და პირქუშსახიანმა მეკარემ ხალხს ანიშნა, ადგილი გაეთავისუფლებინათ.

-  დღეს რა ხდება, დაწყევლილი დღეა, თუ რა ამბავია! - წამოსცდა მირას დედას.

ლექსომ გაიწია და საკაცეზე ფერმკრთალი ქალის სახე დაინახა. ქალს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, თუმცა ისეთი ლამაზი იყო, როგორც ცაში ასრიალებული ფრესკა, რაღაც ღვთიური და სათნო იყო ამ ქალის სახეზე. საკაცე შენობაში გაუჩინარდა... მერე, მეორე საკაცე დაინახა ლექსომ, მასზე მწოლიარე კაცს სახე სიმწრისგან დანაოჭებოდა და კვნესოდა. მოტეხილი ხელი დაბლა გადმოვარდნილიყო და ისე ქანაობდა, როგორც ხის ტოტი ძლიერი ქარის დროს. ტკივილი ეტყობა აუტანელი იყო, რომ კაცი უწმაწურად იგინებოდა და მის უკან მოყოლილ ფერშალს უყვიროდა. კაცი სიმპათიური იყო, მაგრამ გათამამებული და თავნება ჩანდა. ლექსოს გვერდით რომ ჩაუარა, რატომღაც ბიჭს მოხედა, რამდენიმე წამში მათი თვალები შეხვდა ერთმანეთს. ლექსომ მის შუბლზე საკმაოდ მოზრდილი შრამი დაინახა და უსიამოდ გააჟრჟოლა, მერე თვალი მოარიდა და კარიც მიიხურა. ავადმყოფის ხმა გამოქვაბულში გამომწყვდეული ჯინივით კიდევ დიდხანს აწყდებოდა კედლებს და შიგნიდან გამომავალი, მკვეთრ და უსიამო ბგერებად იშლებოდა. მერე ისევ ყველაფერი სიჩუმეში ჩაეფლო. დუმილმა მოიცვა საავადმყოფოს თეთრი შენობა და მრუმე ღამეში ზღვაში დაკარგული გემივით ჩაიძირა. კიდევ ნახევარი საათი გავიდა. კარი გაიღო და შესასვლელთან ჟღალთმიანი ექთანი გამოჩნდა. მირას მშობლებისკენ აიღო გეზი:

-  ექიმს თქვენი ნახვა უნდა, შემოდით!

ცოლ-ქმარი ერთდროულად წამოცვივდა. იმედითა და უიმედობით დაყურსული მზერით შეაცქერდნენ ქალს.

-  როგორ არის? - წამოიკვნესა დედამ...

ჟღალთმიანმა რაღაცნაირი სინანულით მოჰხედა. თავი გააქნია:

-  ექიმი ყველაფერს თავად გეტყვით!...

მშობლები გულის ფანცქალით, ანერვიულებულები, აკანკალებულები მიჰყვნენ ქალს. კარისკაცი გაიწია და ისინი გაატარა. ლექსოც მექანიკურად მიჰყვა, ისეთი სახე ჰქონდა, ეტყობა, კარისკაცს შეეცოდა და არ გაუჩერებია, მოჩვენებასავით შესრიალდა. მისთვის არავის მოუხედავს, არც არავის ეცალა. მეორე სართულზე კიბეები აიარეს. ექიმი კაბინეტის გარეთ იდგა და ელოდა, რომ დაინახა, თითქოს შეცბუნდა. რაღაცნაირად დაიბნა და სათანადო სიტყვებს დაუწყო ძებნა:

-  ძალიან ვწუხვარ, მესმის, რა ძნელია ამის მოსმენა თქვენთვის, მაგრამ...

-  რა მაგრამ? - ვეღარ მოითმინა დედამ - როგორ არის ჩემი გოგო, ცოცხალია?

ექიმს სიტყვები გაეჩხირა ყელში, არ იცოდა, ეს შეშლილი და გაცხარებული ქალი როგორ დაემშვიდებინა. რამდენიმე ხანს, ძალას იკრებდა, თითქოს უნდოდა, ერთბაშად ეთქვა სათქმელი და სასწრაფოდ გასცლოდა ამ ადამიანებს...

-  კი, ცოცხალია!

ლექსომ იგრძნო, რომ შვებით ამოისუნთქა. თუ ცოცხალია, ჯერ არაფერი არ არის დაკარგული, მაშ ისევ არის იმედი...

-  მაგრამ... ღრმა კომაა... ამგვარი კომიდან გამოსვლა, თითქმის შეუძლებელია... ტყუილად ვაწვალებთ, ვერ გადარჩება... აპარატიდან უნდა გამოვრთოთ...

დედა აცახცახდა... ძირს დავარდა და დაჩოქილმა ხელებით სახე ჩამოიხოკა:

-  არა, არა... არა... გთხოვთ, არა, ჩემი გოგო არ მოკვდება, გესმით, მას არ აქვს უფლება რომ მე და მამამისი დაგვტოვოს, ის არის ჩვენი ნებიერა, ჩვენი ერთადერთი, ნანინატრი და გათამამებული გოგო... გთხოვთ, არა, არ გამორთოთ!...

ექიმს შეაჟრჟოლა, ქალს ხელი მოკიდა, ატირებულს ქმარიც მეორე მხრიდან ამოუდგა მხარში და ააყენეს.

-  დამიჯერეთ, ბრძოლას უკვე აზრი არ აქვს, ყველა ორგანო თითქმის მკვდარია...

-  არა, არა, გთხოვთ, თუნდაც რამდენიმე დღე, მხოლოდ რამდენიმე დღე...

ქალი ისე ებღაუჭებოდა, ამ რამდენიმე დღეს თითქოს გრძნობდა, რომ „ამ რამდენიმე დღეს“ მისი შვილის გადარჩენა შეეძლო.

-  ჩემი შვილი მაჩვენეთ, გთხოვთ!

ექიმმა სიბრალურით მოხედა, მერე ქალს ხელი გაუშვა და რაც შეიძლებოდა, მშვიდი ხმით უთხრა:

-  კარგით, ნახეთ, ნებას გაძლევთ, და თავად დარწმუნდით, რომ მისი წვალება და აპარატზე შეერთებულ მდგომარეობაში დარჩენა, უკვე უაზრობაა.

მერე ჟღალთმიანს რაღაც ანიშნა და თავი დაუქნია. ექთანი უსიტყვოდ მიუხვდა და ქალთან მივიდა.

-  გამომყევით, ხალათს ჩაგაცმევთ და შვილთან მიგიყვანთ!

ქალმა უსუსური მზერა მიაპყრო ექთანს, მერე ხელები გულზე შემოიწყო და ლასლასით გაჰყვა ჟღალთმიანს. ლექსო  უყურებდა, როგორ მოცელილი ბალახივით მიჰყვებოდა ექთანს, ნიავი რომ საცოდავად მიაფარფატებს, მერე მირას მამას მოხედა, განადგურებული და წელში მოხრილი რომ მიჰყუდებოდა კედელს და გულმა გამალებით დაუწყო ცემა. თავადაც კაცის გვერდით გაჩერდა და ხელზე ოდნავ შეეხო. მირას მამამ შეხედა და მის სახეზე ცრემლებმა სველი ნაკვალები დატოვა. უღონოდ აიჩეჩა მხრები და თავი გაშლილ ხელისგულებში ჩარგო:

-  ჩემი საბრალო გოგო, ჩემი ნებიერა...

ლექსოს ხელი აუკანკალდა. უფრო მაგრად მოუჭირა კაცს მკლავზე და თავადაც ვერ მიხვდა, რატომ ჩაიჩურჩულა:

-  მირა იცოცხლებს, გესმით, მირა იცოცხლებს, ასე ვერ მიგვატოვებს?

კაცმა თავი ხელებიდან გაითავისუფლა და გაოცებულმა შეანათა ცრემლიანი თვალები ლექსოს. მერე თავი გააქნია და მზერა შორს პალატის სიღრმისკენ გაექცა.

 

4

უცებ მოაგონდა... პატარა იყო მაშინ, ალბათ 7 წლის. დედა საავადმყოფოში იწვა, ეთოს დაბადებას ელოდნენ. მამას სთხოვა, აუცილებლად უნდა გამოგყვე ჩემს დაიკოსთან შესახვედრად, მეც მინდა წამოსვლაო. მამა დიდხანს ყოყმანობდა, მერე თეო მეზობლის ქალს დაუტოვეს და დედიკოს გამოსაყვანად წავიდნენ. ახსოვს ლექსოს, ან კი რა დაავიწყდებოდა... საავადმყოფოს თეთრი შენობიდან ჯერ დედის გაფითრებული სახე დაინახა, მერე დედის უკან ჩასუქებულ თეთრხალათიან ექთანს მოჰკრა თვალი, ხელში პატარა ფუთასავით ეკავა რაღაც. მამა ამ ქალს მიუახლოვდა და ეს შეფუთვნილი არსება გამოართვა. ლექსოს ახსოვს, როგორ გაუცინა დედამ მამას, როგორ გადაწია ამ ფუთას ზემოდან დაფარებული თხელი გამჭვირვალე მაქმანი და ისე სიყვარულით დახედა, თითქოს მთელი სამყაროს თვალმარგალიტი ამ მცირე ფუთაში გაეხვიათ. მამამ გადახდილი მაქმანის ქვეშ დაიხედა და მასაც გაეღიმა. მერე დედისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა. ნელა მოდიოდნენ დედა და მამა მანქანისკენ და ლექსოს გული ისე გამალებით უცემდა, ეგონა, რომ მისი ხმა ახლა საკუთარ ყურებში ზარივით რეკავდა. მანქანის სავარძელზე აწრიალდა. დედამ შორიდანვე დაინახა და გაღიმებულმა ხელი დაუქნია. ლექსომ გულისცემა კიდევ უფრო ახლოდან იგრძნო და ავტომანქანის მინას ცხვირით მიეკრო. სუნთქვა შეეკრა, გაიყურსა. მერე კარი გაიღო, დედა გვერდით მიუჯდა და მონატრებული ჩაიხუტა გულში. ახლა ლექსო უკვე დამშვიდდა, დედა აქ იყო, მასთან და ისევ ნაზად ეფერებოდა. ეს რამდენიმე დღე მის გარეშე ისე საშინლად გაიწელა... ახლა ყველაფერი უკან მოიტოვა და სიხარულის ტალღამ აიტაცა. მამა დაიხარა და დედას თეთრ ქათქათა მაქმანებში შეფუთნული პატარა არსება მკლავებში ჩაუწვინა. ლექსომ სწორედ მაშინ დაინახა ეს პაწაწინა მოცქნაფული გოგო, ტუჩებს რომ სასაცილოდ აცმაცუნებდა და ვარდისფერ სახეზე უკმაყოფილო ნაოჭებს ტალღასავით ამოძრავებდა. შია, ალბათ! - გაიფიქრა თავისთვის და დედამაც თითქოს მისი ნააზრევი გაიგოო, ისე უცებ გაიმეორა:

-  მშიერია, ამ დილას გამოძღომა ვერ მოასწრო ქალბატონმა, ეგონა, მიირთმევდა შემდეგ, მაგრამ წამოსასვლელად მომზადება მოგვიწია და დარჩა მშიერი... მერე ღიმილით მოხედა ლექსოს:

-  დედი, შენ როგორ ხარ, ჩემო ბიჭო, მამიკოს ხომ არ აბრაზებდი?...

ლექსომ მხოლოდ თავი გააქნია. მამამ ძრავა ჩართო და მანქანა ქუჩაში გასრიალდა. რაღაცნაირი ბინდი იყო. ლამპიონები, დაბურულ და გაყუჩებულ გარემოს ნაზი სხივებით ავსებდა. ლექსო ისევ ამოძრავებულ პატარას დაჰყურებდა და უკვირდა, ასეთი პაწაწინა და უსუსური როგორ შეიძლება იყოსო, ან ეს როდის გაიზრდებოდა, რომ მასთან თამაში და გარეთ გასვლა შესძლებოდა?...  პატარა აჭიჭყინდა, ახლა უკვე ხმით გამოთქვა თავისი პროტესტი. ისე შესაბრალისად კნაოდა, ლექსოს მოეჩვენა, რომ ბავშვი კი არა, კატა იყო... ტირილი უფრო გაძლიერდა და დედამ მკერდი მოიშიშვლა, ძუძუ ჩაუდო პირში. პატარამ ტირილი მყისვე შეწყვიტა და დედას ისე ძლიერად გამოქაჩა, თავისთვის გაიფიქრა, დიდი ღორმუცელა ვინმე კი არისო. წოვდა, კარგა ხანს არ აშორებდა დედის ძუძუს ტუჩებს, შემდეგ ის პატარა, ღილებივით ბრიალა თვალები მინაბა და ჩაიძინა. ლექსო მაინც გაოცებული მიშტერებოდა და ღამის ბინდბუნდში მის თეთრ და კმაყოფილ სახეზე საოცარ ღიმილს ხედავდა. ჰო, ეს ღორმუცელა დედის მკლავებში ნებივრობდა და თან მშვიდად სუნთქავდა.

დედა ახლა სულ ეთოს დაესაკუთრებინა. ერთი წლის წინ, თეო რომ მოიყვანეს, მაშინაც ჩაეზიარნენ დედას, ახლა, დედის გაყოფა ამ გაუმაძღარ ვარდისფერ გოჭუნასთანაც მოუხდებოდა. მაშინ ლექსო ამას ძალიან განიცდიდა, უნდოდა, რომ დედა სულ მისი ყოფილიყო, არც თეოსთვის ემეტებოდა და არც ეთოსთვის, დედა მთლიანად უნდოდა, თავის სიყვარულითა და მუდმივი ალერსით. ახლა დედა მისთვის განკუთვნილ ალერსს ამ გოგონებსაც უწილადებდა, ეს კი არ უნდოდა ლექსოს. დედა მის სიმშვიდეს სრულიად ავსებდა, ეს ონავრები კი ამ სიყვარულს ართმევდნენ, უქუცმაცებდნენ. დედა მხოლოდ მისი იყო და გამზიარებლები არ სჭირდებოდა.

ახსოვს  ლექსოს, როგორ შეეცვალა ხასიათი, რაღაცნაირად უსარგებლოდ იგრძნო თავი, რომ მისმა სიყვარულმა სადღაც ბოლო პლანზე გადაინაცვლა და ეს აბრაზებდა, ძალიან თრგუნავდა... იმდენი ინერვიულა, მეორე დღეს სიცხეც კი მისცა, მაშინ არ იცოდა ლექსომ, რომ ეს მისი დაცვითი რეფლექსი გახლდათ, რომ საკუთარი სხეული აუჯანყდა და ამ აჯანყებით შეეცადა დედა ისევ დაებრუნებინა... ბორგავდა, ტიროდა და დედას უხმობდა. ელას უამრავი საქმე ჰქონდა, გაანჩხლებული თეო,  კიდევ ახლადგამოყვანილი ვარდისფერი გოჭუნა, სახლის სამუშაო და ქალი ძლივს ახერხებდა საკუთარი თავისთვის მიეხედა. ლექსოს ავად გახდომა და უკვე სიგიჟის ზღვარზე იყო... ლექსოს მაშინ ეს არ აინტერესებდა, ყველანაირი გზითა და საშუალებით ცდილობდა, ის დაებრუნებინა, რაც წესით და რიგით, მას ეკუთვნოდა. არავის, თუნდაც ამ გაბურთულ ვარდისფერ გოჭს არ მისცემდა უფლებას, რომ მისთვის დედა წაერთმია... საკუთარი სიცოცხლის ფასადაც რომ დასჯდომოდა, დედას დაიბრუნებდა, დედა მისი იყო... სიცხე უწვავდა ლოყებს, მერე შეამცივნა, ისევ დასცხა და ოფლის მსხვილ-მსხვილი წვეთები გაჩნდა მის შუბლზე... თავისი ხმა თითქოს შორიდან ესმოდა:

-  დედა ჩემია, გესმით, არ დაგითმობთ არავის, არც შენ მანჭია მაიმუნო და არც შენ ვარდისფერო გოჭუნავ... არ დაგითმობთ, დედა ჩემია, ჩემი!...

მერე იგრძნო, როგორ მოეხვია დედა, საბანში გახვეული, გულში ჩაიკრა და ძალიან თბილი, გულის სიღრმემდე თბილი ხმით უთხარა:

-  შენი ვარ, ჩემო სიცოცხლე და სიხარულო, ხომ იცი, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ?

ეს სიტყვები ყველა წამალზე უებარი იყო! როგორც ჩანს, ლექსოს ეჭვი შეეპარა, როგორ შეეძლო ეფიქრა, რომ დედას აღარ სჭირდებოდა და აღარ უყვარდა? დედისთვის ის ყოველთვის პირველი სიხარული იყო და დედას ყოველთვის გამორჩეულად ეყვარებოდა, ვიდრე ეს მანჭია მაიმუნი და ვარდისფერი გოჭუნა, როგორ შეეძლო ამის გამო ენერვიულა? დედისთვის ხომ ის ვარსკვლავ ბიჭუნა იყო და ასეთად დარჩებოდა მუდამ...

მის  სულში ისეთი სიმშვიდე ჩამოწვა უცებ, როგორც თეთრ დათოვლილ ტრამალებზე. გაღიმებაც სცადა. როგორ უყვარდა ახლა დედა, როგორ ერწყმოდა მათი გულები ერთმანეთს. მერე საბანში გახვეული ისევ საწოლზე დააწვინა ელამ და ლოყები დაუკოცნა. ლექსოს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ის დედისთვის ყველაზე ძვირფასი იყო, ის იყო მისი სიმშვიდის ნავსაყუდელი. მერე დედამ მისი ნამიანი თავი მუხლებში ჩარგო და გრძელი თითები შეუცურა თმებში:

-  არ დაგავიწყდეს, ჩემო ბიჭო, რომ დედას ყოველთვის ეყვარები და ყოველთვის მოგცემს ენერგიას, რომ ყველა სიძნელეს შეებრძოლო, დედა შენი მფარველი ანგელოზია, რომელიც ღმერთმა გამოგიგზავნა!

ახლა მართლა სჯეროდა, რომ დედა მისთვის მარტო დედა კი არა, მფარველი ანგელოზიც იყო. რომლის ხელებიდან გადმოღვრილი სითბო, საოცარი ძალით ავსებდა მის სხეულს... დედის სიტყვებს სასწაულმოქმედი ძალა ჰქონდა, ის კურნავდა ყველა წამალზე უკეთ, ის ახალი სასიცოცხლო ენერგიით ავსებდა. ლექსო ახლა უკვე მშვიდად იყო, დედის თითებს თავის ხელებს უერთებდა და ამ სასწაულმოქმედ წრედში ერთვებოდა... ასეც იყო, იმავე საღამოს სიცხემ დაუწია. მეორე დღეს უკვე ფეხზე წამოდგა. ის, რისიც ეშინოდა, მართალი არ გამოდგა, დედას ის უყვარდა. მართალია, ამ მანჭია მაიმუნსა და ვარდისფერ გოჭუნას დედა მაინც ესიყვარულებოდა, მაგრამ არა უშავს, დაე, დედას ისინიც მზესავით დაეთბო, ლექსოსთვის ყოველთვის განსაკუთრებით იკაშკაშებდა ეს მზე, რომელსაც დედა ერქვა. დაე, მათაც მიეღოთ სითბო, ლექსო ყოველთვის პირველი დატკბებოდა იმ განთიადით, დედის ღიმილი რომ მოჰქონდა. ლექსოსთვის დედა  მზე იყო და სწორედ ის აძლევდა სიცოცხლის უშრეტ ენერგიას...

 

... სახლში რომ მივიდა, სწორედ ამ ენერგიისგან იყო დაცლილი... დედას ისევ არ ეძინა, ლექსოს ელოდა. ერთი ზარის დარეკვისთანავე გაუღო კარი, თითქოს რაც წავიდა, ამ კარს არ მოისცილებიაო, იდგა და იქ ელოდა. მის უძინარ თვალებში ლექსომ ის მზე დაინახა, შვილის დანახვაზე რომ უეცრად გაცოცხლდა. თვალებით ჰკითხა მხოლოდ, ლექსომ თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. გაოცებულ ელას არაფერი უკითხავს, შვილი მკერდში ჩაიხუტა, როგორც მრავალი წლის წინ საბანში გახვეული და თითები შეუცურა თმებში. თითქოს ეს თითები იმ დაცლილი ენერგიით ავსებდა ლექსოს, მთელი დღის მანძილზე რომ სულ გაისრუტა. ვეღარ მოითმინა და დედის მკერდზე გამომავალი სიტყვები გაახმოვანა:

-  მირა ძალიან მძიმედ არის, დედა, ძალიან მძიმედ, ავარიაში მოყვა და კომაშია... ექიმებმა ვერ გადარჩებაო... მტკივა, დედა, ძალიან მტკივა, ეს გოგო რომ მოკვდეს, მეც მოვკვდები... დეეე...

ელას ხელები მის თმებში გაიყინა. მკერდში ჩაკრული თავი მექანიკურად გადასწია უკან და შვილს თვალებში ჩახედა. თითქოს ყველაფერს მიხვდა, გული უსიამოდ შეეკუმშა. მიხვდა, მის სულში რა ქარიშხალიც ბობოქრობდა და სახეზე სიმკაცრე გადაწვა. მერე შვილის სახე თავის გაშლილ ხელისგულებში მოაქცია და თვალებში ჩახედა:

-  არ გაბედო მასე ფიქრი, გესმის? ის იცოცხლებს, უბრალოდ, მიენდე უფალს, სთხოვე, შეევედრე, ილოცე და ის სასწაულს მოახდენს...  არ გაბედო, მასე ფიქრი! ახლა შენი ფიქრები მირასაც ესმის, გრძნობს. ფიქრებშიც არ გაწირო შენი სიყვარული, იცოდე, რომ შეუძლებლს უფალი შეძლებს, დაიჯერე და გწამდეს!...

უცებ იგრძნო, როგორ გადმოვიდა უშველებელი ნაკადივით ცეცხლოვანი ენერგია... დედამ ის ჩამქრალი მზე ერთ წამში გააცოცხლა და ლექსოს გულში იმედის კოცონი ააგიზგიზა. ცრემლები მოიწმინდა, ახლა სულ სხვა ბიჭი იყო, იმედითა და რწმენით სავსე.

-  ის იცოცხლებს, უბრალოდ, გწამდეს, დაიჯერე, ლექსო!...

-  კარგი, დეე! - დედას ხელი გაუშვა და თავის ოთახში შევიდა.

კარი რომ მიხურა, მაშინ იგრძნო, როგორ გამალებით უცემდა გული. დედის სიტყვები იმედის ნაპერწკლებივით იშლებოდა სივრცეში. იდგა ოთახის შუაგულში ამ ნაპერწკლებით გარემოცული და ადგილიდან არ იძვროდა. შემდეგ მუხლებზე მოწყვეტით დაეცა და  ხელები გულზე მიიბჯინა:

-  თუ ახლა ჩემთან ხარ, უფალო, თუ ახლა გრძნობ, როგორ მჭირდები, თუ გესმის ჩემი სიტყვები და გჯერა ჩემი, მირას სიცოცხლე მაჩუქე, მისი ლამაზი ღიმილი და გამოხედვა გააცოცხლე... ჩემთვის არ გთხოვ, მის მშობლებს მეტი არავინ ჰყავთ, ის ერთადერთია, მისი სიკვდილი მარტო მირას სიკვდილს კი არა, უამრავი ადამიანის სიკვდილს ნიშნავს, დედამისის , მამამისის, ჩემი, დედაჩემის... გთხოვ, ამ სიკვდილით, ნუ მოკლავ ბევრს!... გააცოცხლე, რომ მრავალმა სიცოცხლემ გაიმარჯვოს, სანაცვლოდ, რაც გინდა, მთხოვე, მირას სიცოცხლით გააცოცხლე ადამიანები, გთხოვ უფალო!...

ლექსოს თვალებზე ბინდი გადაეკრა, აი ისე, პირველად რომ გაიგო მირას ავარიის შესახებ და უხილავ განზომილებაში გადაინაცვლა... გონს რომ მოვიდა, თავი დედის კალთაში ედო და დედის ხელები იმ მზიური ენერგიით ავსებდა, რომელიც ახლა, ამწუთას, ასე სჭირდბოდა.

5

ექთანი დაპირდა, საღამოს მირასთან შეგიშვებო. ლექსოსთვის ესეც საკმარისი იყო. უკვე რამდენი დღეა, მირა აპარატიდან არ გამოურთავთ. იმედს არავინ   აძლევდა, მაგრამ ლექსოს სჯეროდა, რომ ამ ერთ კვირაში უფალი მისთვის და მრავალი ადამიანისთვის სასწაულს  მოახდენდა. დღეს აუცილებლად უნდა ენახა, ისე შეჯიბრზე წასვლას ვერ გაბედავდა, მირასთვის ყველაფერი უნდა ეთქვა და გამარჯვებას დაჰპირებოდა.

ბინდში ჩაძირული ხომალდივით იდგა გახამებულზეწრიანი საწოლი. გვერდით  ჟანგბადის აპარატის და კარდიოგრამის ნელი, რიტმული სიგნალები მონოტონურად ვრცელდებოდა მონიტორზე. მირა იწვა, მის ფერმკთალ სახეს სასუნთქი აპარატის ტუმბო ფარავდა. მკერდი სულ ოდნავ, თვალისთვის ძლივს შესამჩნევლად მოძრაობდა. ლექსომ ჯერ ეკრანს შეხედა, კლაკნილი ხაზები მონოტონური სიჩქარით კრთებოდა და სუსტი სიგნალები სიჩუმეს არღვევდა. იგრძნო, ფეხები როგორ აუკანკალდა, საწოლამდე მანძილი უსაზღვროდ შორი მოეჩვენა. თავს ძალა დაატანა და ნაბიჯი წინ გადადგა. მის უკან კარი ფრთხილად მოიხურა... რაც უფრო უახლოვდებოდა საწოლს, უფრო მეტი შიში იპყრობდა, ვაითუ, მირას მისი მისვლა ვერ ეგრძნო, არადა, ლოცვებში თეთრად გათენებულმა ღამემ, ისეთი რწმენა და იმედი ჩაუსახა, ისეთი თავგამოდებით ცდილობდა, ყველა აბეზარი და ავბედითი ფიქრი საკუთარ თავში ჩაეხშო, რომ ახლა ოდნავი ეჭვი და ყოყმანიც კი დანაშაულად ეჩვენებოდა. იმდენად მიუახლოვდა, რომ მირას სახის დანახვა უკვე შეეძლო. სუსტი, განაცრისფრებული შუქი, სარკმლიდან რომ შემოდიოდა, მირას თეთრ სახეს უფრო აფერმკრთალებდა. მისი საყვარელი არსება ახლა უძრავად იწვა და ლექსოს იქ ყოფნას საერთოდ ვერ გრძნობდა. ნაბიჯები ისევ შემცირდა. მანძილი  მათ შორის წაიშალა. ლექსომ არ იცოდა, რა ექნა. გაოგნებული და შემკრთალი დაჰყურებდა გოგოს და თითქოს ეს სიცივე, სუსხი მირას სხეულში გაბატონებასა და დამკვიდრებას რომ ლამობდა, მასშიც გადმოდიოდა, აქვავებდა და ჰყინავდა. დაიხარა, მის წინ მუხლი მოიყარა და მირას თითები მოძებნა. ეს თითები ყინულის ლოლოებივით გაყინულიყვნენ. ისეთი ცივი და უგრძნობი იყო, ლექსოს გააჟრჟოლა და მონიტორს შეხედა. მკრთალი მომწვანო სიგნალები ისევ ჩვეული რიტმით განაგრძობდა სვლას. მირა ცოცხალი იყო, მაგრამ იმდენად უსუსური, რომ მას ლექსოს სიახლოვე არ უგრძნია. მაგრამ იქნებ იქ, იმ შორეულ სამყაროში, სადაც მისი სული გაჭედილიყო და ვერც წინ წასვლა და ვერც უკან დაბრუნება ვერ მოეხერხებინა, გრძნობდა ამას? ლექსომ ხელი მირას ხელის ზურგზე  ნაზად აუსვა და მიაყურა. სიჩუმეს მონიტორის წრიპინი ჰკვეთდა. ლექსომ ღრმად ამოისუნთქა, პირში რაღაცნაირი ჟანგის გემო დააგემოვნა, მერე სისხლის მოტკბო არომატიც შეიგრძნო. ნერვიულობისგან ქვედა ტუჩი მოეკვნიტა და ახლა მცირე წვეთებად პირში გადასდიოდა. ხელი ტუჩებზე მოისვა და შეიმშრალა. მირას ხელებზე მოზრდილი სისხლჩაქცევები უკვე თვალნათლივ დაინახა. ტკივილი იგრძნო, უნდოდა, მირასთვის ის ტკივილიც მოეპარა, რაც მის სხეულს ასე ამუნჯებდა. მირას ხელი გადმოაბრუნა და სახე მის ხელისგულზე დადო. წუთით გაიტრუნა. გული თითქოს შეეკუმშა და ისე გაუსაძლისად მოეწურა, რომ ცრემლები გადმოსცვივდა. ცრემლებმა მირას ხელისგული დაასველა. ლექსოს გული ამოუჯდა, თავს ძლივს იკავებდა, რომ ამ ტანჯვისგან არ ეღრიალა.

-  მირა, შენ ისიც არ იცი, რომ უკვე მთელი კვირა გავიდა, ხვალ შეჯიბრზე მივდივართ. შენ გარეშე მივდივარ, ძალიან მჭირდები და მაკლიხარ, ჩემო გოგო, როგორ ელოდებოდი ამ დღეს, რამდენი ოცნება და იმედი გქონდა, რომ ერთად გავიმარჯვებდით. ახლა  უშენოდ მიწევს ბრძოლა... მე კი არ მინდა, მირა, დამელოდე... დამელოდე, გესმის, გამარჯვებით დავბრუნდები, შენს თავს ვფიცავ, სიტყვას გაძლევ, შენთვის ვიბრძოლებ, მირა... გპირდები, გავიმარჯვებ, ოღონდ, შენც უნდა მომცე პირობა, რომ დამელოდები, რომ არ მიმატოვებ, რომ ჩემს ცხოვრებასა და მიზნებს აზრს არ წაართმევ... მირა, რამდენჯერ დავაპირე თქმა, მაგრამ ყოველთვის უკან ვიხევდი, მეგონა, წინ უსაზღვრო დრო გვქონდა, მაგრამ თურმე, როცა რამის თქმას აპირებ, უნდა მოასწრო, არ შეიძლება სულ გადადო და გადადო, რადგან შეიძლება დროს მობეზრდეს ლოდინი, აღარ დაგიცადოს და დარჩე უთქმელი სიტყვების ამარა... რამდენი რამის თქმა მინდოდა, მირა, სულ ვოცნებობდი, რომ ერთხელაც იქნებოდა, ამის საშუალება მოგვეცემოდა, რომ  სიცოცხლე უსაზღვროდ ვრცელი და დიდი იყო, რომ ყველაფერს მოვასწრებდით... მაგრამ ახლა, როცა წუთებს გვითვლის ეს სამყარო, შენთან განშორებას არ ვაპირებ, არ დაგანებებ სიკვდილს, ხომ გესმის, მირა, შენ ჩემი ცხოვრების აზრი და სიყვარული ხარ... ჰო, ხედავ, სიყვარულიც აგიხსენი, შენ კი პასუხის მოცემაც არ შეგიძლია, არც კი გესმის, რას განვიცდი... უსაზღვროდ მიყვარხარ, შენ ჩემი ტკივილი და სითბო ხარ, მირა, ჩემი სიკვდილი და სიცოცხლე. არ დამტოვო, გთხოვ, იცოცხლე, შენ ამას შეძლებ! ჩემთვის იცოცხლე, გთხოვ! - ლექსომ თავი ასწია, მირას უსუსური ხელისგული ტუჩებთან  მიიტანა და აკოცა. ხელი რომ მოაცილა, მირას ხელისგულზე სისხლიანი ტუჩების კონტური დარჩენილიყო. წაშლა არც უცდია. ხელი უფრო მაგრად მოუჭირა და ჩუმად თქვა:

-  მივდივარ, მაგრამ იცოდე, რომ ისევ დავბრუნდები, გამარჯვებით დავბრუნდები, გპირდები, ოღონდ შენც დამპირდი, რომ იცოცხლებ, ჩემთვის იცოცხლებ, მირა!

მერე ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მონიტორი ისევ გამოსცემდა თანაბარ რიტმულ რხევებს. ლექსო შემობრუნდა და სიტყვებისგან გაძარცულმა პალატა დატოვა.

 

6

რატომ ეგონა, რომ მირა გამოძვრებოდა, არ იცოდა, უბრალოდ, სჯეროდა, რომ არ შეიძლებოდა ჯერ არ დაწყებული ისტორია, ასე ტრაგიკულად დამთავრებულიყო! მაშინ რა აზრი ჰქონდა მათ შეხვედრას? ისიც იცოდა ლექსომ, რომ უშედეგოდ არაფერი არსებობდა, რომ ყველა შეხვედრა, ყველა ქმედება, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდებოდა, რაღაც უფრო დიადსა და მნიშვნელოვანს ემსახურებოდა, რომ ის ტკივილები, რომელსაც ცხოვრება უხვად იფენდა მთელ სხეულზე, ესეც აუცილებელი და საჭირო გახლდათ, რომ ამ ტკივილებით კაჟდებოდი და ძლიერი ხდებოდი. ახლა ლექსოს უკან დახევა აღარ შეეძლო, გამარჯვებისთვის უნდა ებრძოლა.

შეჯიბრისთვის ყველანი მზად იყვნენ. წინა დღეს მწვრთნელმა საჭირო გაფრთხილებები მისცა და ღიმილით მოჭუტა თვალები:

-  მოდით ბიჭებო, ხვალ ყველამ მირასთვის ვიბრძოლოთ, ჩვენი გუნდური გამარჯვებით, მირას კარგი ამბავი ვახაროთ, ვიცი, ეს ახლა ყველაზე მეტად გაეხარდებოდა მირას. ვიბრძოლოთ ჩვენი მეგობარი გოგოსთვის, რომელიც ახლა სიკვდილს ებრძვის და გავიმარჯვოთ!

ბიჭებს ნამიანი თვალები უბრწყინავდათ, ახლა ყველა ერთი იმედითა და ერთი სურვილით შეპყრობილი, მირაზე ფიქრობდა, რადგან მათ სწორედ ამგვარი გამარჯვებით უნდა ებრძოლათ მირასთვის. მათი გამარჯვება მირას გამარჯვება იქნებოდა.

-  დარწმუნებული ვარ, ჩვენ როცა გუნდური გამარჯვებითა და მედლებით დავბრუნდებით, მირაც კომიდან გამოსული დაგვხვდება... უბრალოდ, დავიჯეროთ, ბიჭებო, და ბოლომდე ვიბრძოლოთ!

დილით, გამთენიისას სამარშრუტო ტაქსიში ჩასხდნენ და ხაშურისკენ გასწიეს. მომდევნო დღეს საქართველოს ჩემპიონატი სწორედ ამ ქალაქში იყო დაგეგმილი. ლექსო ფანჯარასთან მოთავსდა. თავისი სპორტული ჩანთა მოხერხებით შემოდო ზედა თაროზე და მძღოლის მიერ ჩართულ მუსიკაში ჩაიძირა. „მარშუტკა“ ჩქარა მიდიოდა. ლექსო ვერც ასწრებდა სარკმლის წინ უცებ წაშლილ სურათებში  ჩაძირულიყო. ჯერ ისევ ბნელოდა, გარიჟრაჟი ბაცად იცრიცებოდა და თეთრი ზოლები მონაცრისფრო ღრუბლებში ირეოდა. ჯერ ისევ ეძინებოდა, ამიტომ დიდად თავი აღარ შეუწუხებია გარემოს უცებ გაელვებული პეიზაჟების თვალიერებით და დამძიმებულ ქუთუთოებს დაემორჩილა. თვალი დახუჭა და ბინდბუნდში ჩაიძირა. მანქანის მოძრაობა და წყნარი მუსიკა თითქოს ერთგვარ ფონს ქმნიდა და ლექსოც სიზმრების ნაკადში ისე გადაეშვა, ვერც შენიშნა. ფიქრებში ისევ მირას სახე გაცოცხლდა...  სპორტულ დარბაზში იყვნენ და მირა მწვრთნელის გვერდით იდგა. ეს ხომ მათი პირველი შეხვედრა იყო. მირა მხრებამდე  გაშლილ თმას ჰაერში აქნევდა და გახელილი მწვანე თვალებიდან ღიმილის ნაკადი იღვრებოდა. მერე კადრი შეიცვალა. მირა ახლა ლექსოს წინ იდგა და მეტოქეს დამცინავი ღიმილით ათვალიერებდა. აი, ისე ახლოს მიუახლოვდა, რომ ბიჭმა მისი სუნთქვა და თმის შეხებაც იგრძნო. დაიძაბა, გოგოს ხელი მოხვია, მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრა. კიდევ დაეჭიდა ლექსო, ახლა უნდა გაემარჯვა, ამდენი მეგობარი ბიჭის თვალწინ გოგოს ვერ გაამარჯვებინებდა. მირა კი უკვე კისკისებდა და მისი ხმა მთელ დარბაზში ზარივით იფანტებოდა. კიდევ სცადა, მაგრამ მირამ გვერდიდან მოიგდო და ტატამზე განართხო, ზემოდან მოექცა, ახლა გოგოს სუნთქვას საკუთარ სახეზე ისე ახლოს გრძნობდა, ლექსოს სული შეეგუბა. მირა კიდევ უფრო დაიხარა და ტუჩები ყურთან მიუტანა:

-  მიჩვენე, რა შეგიძლია, ლექსო, მიდი!

მისმა კისკისმა ისევ გაჰკვეთა სივრცე და ლექსომ იგრძნო, რომ უკვე ძალისგან იცლებოდა, ხელებსა და ფეხებს ვეღარ გრძნობდა, გაშეშებული ტორივით ეგდო იატაკზე.

-  მიჩვენე, რა შეგიძლია, ლექსო, მიდი!

ახლა გოგოს ხმამ უფრო მკაცრი და მბრძანებლური ტონი მიიღო. ლექსოს უნდოდა, ეთქვა, რომ აღარ შეეძლო, რომ სხეულს უკვე ვეღარ მართავდა, მაგრამ მირამ სახეში მაგრად გაარტყა და უყვირა:

-  ადექი ლექსო, იბრძოლე, პირობა მომეცი, ხომ არ დაგავიწყდა? ადექი, მოკვდი და შეასრულე შენი სიტყვა!

ლექსოს ახლაღა გაახსენდა, რომ მირა ცუდად იყო, ძალიან ცუდად, რომ მირას სიცოცხლისთვის უნდა ებრძოლა. ძალა მოიკრიბა და წამოიწია, ახლა მირა კი არა, კუნთმაგარი ბიჭი მოსდგომოდა გვერდით და მის დამარცხებასა და განადგურებას ლამობდა:

-  მირაა... - იყვირა ლექსომ და თვალებით მოძებნა გოგო. ის არსად იყო. ისევ იყვირა და ფეხზე მყარად წამოდგა. მირა არ ჩანდა, მოწინააღმდეგე კი მთელი თავგამოდებით ცდილობდა მის შეკავებას:

-  მირა, შენთვის გავიმარჯვებ გესმის, შენთვის გავხდები ჩემპიონი!

უცებ მოქნეული ხელით მოწინააღმდეგე შებოჭა და ძირს დაახეთქა:

-  ეს გამარჯვება შენია, მირა!

მერე შორს, დარბაზის ყველაზე შემაღლებულ ადგილას მირა დაინახა. იდგა და ღიმილით უქნევდა ხელს. მის მწვანე თვალებში ისეთი სიხარული და სითბო დაცურავდა, ლექსოს გული აუჩვილდა და ორივე ხელი მაღლა ასწია, მერე თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და მოჩვენებასავით სიფრიფანა გოგოს შეჰღიმა... გამოეღვიძა, თავის სიზმარზე გაეღიმა, მიხვდა, რომ ხვალ ყველაფერი ზუსტად ასე მოხდებოდა და არც შემცდარა.

 

7

არ იცოდა, როგორ მისულიყო, როგორ ეხარებინა მირასთვის გამარჯვების ამბავი. საავადმყოფოს თეთრ კედლებს შორიდანვე მოჰკრა თვალი, გულმა უცნაურად დაუწყო ფეთქვა. გამარჯვებით მოდიოდა ლექსო და ოღონდ მირაც კარგად დახვედროდა, ოღონდ მირაც გამოეტაცებინა სიკვდილისთვის და ყველაფერისთვის მზად იყო. კიბეები აიარა და ის-ის იყო, კარის სახელურს მისწვდა, რომ ვიღაც კაცი პირდაპირ შეეჯახა, სახე რისხვითა და ბრაზით ავსებოდა, მაგრამ სიმპათიური და სასიამოვნო გარეგნობის კი იყო. ლექსომ გაოცებით მოხედა უცნობს და ჩამოეცალა. მანაც შეანათა ბიჭს თვალები და დამნაშავესავით ჩაილაპარაკა:

-  ბოდიში, ვერ დაგინახე!

ლექსომ თავი გააქნია:

-  არა უშავს!

თვალი გააყოლა აღელვებულ ვაჟს და თავისთვის გაიფიქრა, ისეთი გაბრაზებულია, ალბათ, ვინმე მოუკვდაო და თავადაც გაიფიქრა, რომ ამგვარი საშიშროების წინაშე იდგა. გულმა უსიამოდ შემოჰკვნესა და შიგნით შევიდა. მეორე სართულის დერეფანში მირას მამას მოჰკრა თვალი. მისკენ წავიდა, კაცმა ვერ შეამჩნია მომავალი და არც შემობრუნებულა. ლექსო, რაც შეიძლება,  მორიდებით მიუახლოვდა და ყრუ, დაბალი ხმით უთხრა:

-  გამარჯობა, როგორ არის მირა?

კაცი მისკენ შემობრუნდა. იცნო. ცალყბად გასწია ბაგეები და მწარე ღიმილმა დაუფარა სახე. ამ რამდენიმე დღეს ათი წლით დაებერებინა. მხრები უსუსურად ასწია:

-  ისევ ისე!

-  ხომ ცოცხალია?

ამოიოხრა:

-  ამას თუ სიცოცხლე ჰქვია, კი!

-  შეიძლება ვნახო?

-  მიდი, შვილო, ახლა დედამისია მასთან.

ლექსო შემობრუნდა და პირდაპირ პალატისკენ გაემართა. კარი რომ გამოაღო, იგრძნო, რომ სხეული დაუდუნდა, თითქოს ფეხებმა შეგრძნების უნარი დაკარგა და კედელთან აისვეტა. მირას დედა სავარძელში იჯდა და ქალიშვილს მისჩერებოდა. ხელში ლოცვების წიგნი ეჭირა და უკვე დაზეპირებულ სიტყვებს ჩუმად იმეორებდა. სტუმარი რომ დაინახა, ფეხზე წამოდგა. ლექსო დაიბნა და ისე საცოდავად მოჰხედა ქალს, რომ ამ უკანასკნელს შეეცოდა კიდეც, მასთან მივიდა და მხარზე ხელი მოუთათუნა:

-  დაბრუნდი, შვილო? ამ შეჯიბრზე მირაც როგორ ოცნებობდა...

-  ჰო! - ძალა მიეცა ლექსოს - დავბრუნდი და მირას დანაპირებიც შევუსრულე, საქართველოს ჩემპიონი ვარ!...

ქალმა გულდასმით შეათვალიერა ბიჭი, მერე თავი დახარა და ჩუმად თქვა:

-  კარგი, მე გავალ, გამარჯვებაზე კი თავად უთხარი მირას, დარწმუნებული ვარ, ამ ამბავს ელოდა...

ქალმა ცრემლები ჩაყლაპა და აღელვებული გავიდა. მიხურულ კარს მიღმა სამყარო დაცარიელდა და გაუცხოვდა. ლექსოს გააჟრჟოლა. ფეხი წინ გადადგა და მირა დაინახა. რამდენადაც შეეძლო, მიუახლოვდა. გოგო გაუნძრევლად იწვა და ისევ მონიტორზე ანთებული წვრილი სიგნალები სიჩუმეს არღვევდა. ახლოს მივიდა და ჩაიჩოქა. ხელზე მოჰკიდა ხელი და მის ხელისგულს დახედა. ის წითელი კვალი რამდენიმე დღის წინ საკუთარი ტუჩებით მის ხელისგულზე რომ მოხაზა, ისევ ეტყობოდა, თითები კი ისევ უმეტყველო და უძრავი ჰქონდა. ლექსომ, რაც შეეძლო, ხელი მოუჭირა და თავისი სახე ისევ მის ხელისგულში ჩარგო:

-  მირა, დანაპირები შევასრულე... ჩემპიონი ვარ, ახლა შენი ჯერია... შენი დროა, გესმის... დამიმტკიცე, რა შეგიძლია, მიდი!

ლექსოს ცივმა ოფლმა დაასხა. ხელები ყინულის ლოლოებივით დაეწრიტა და ეს წვეთები მის სხეულში ისე ჩაიღვარა, როგორც მღვიმეში წვეთავენ სტალაქტიტები. ისევ გააკანკალა, იმედგაცრუებული დასცქეროდა გოგოს და უნდოდა მთელი ხმით ეყვირა, ისე, როგორც იმ სიზმარში მირა უყვიროდა ბიჭს:

-  მიდი, მიჩვენე, რა შეგიძლია, მიდი, მირა, მიდი!...

მაგრამ ეს ხმა მხოლოდ ჩურჩულად ხმოვანდებოდა. ლექსოს უცებ თვალწინ წარმოუდგა ის დაკუნთული მოწინააღმდეგე თეთრი კიმანოთი და გაბურძგნილი თმით, ის-ის იყო დანებება გადაწყვიტა, რომ მირას სახე ამოცურდა მზესავით, მისმა თვალებმა მზერა მოსჭრა და აშკარად გაიგონა, როგორ უყვირა:

-  მიდი, ლექსო, შენ ამას შეძლებ, მიდი!

არ შეეძლო ამ სიტყვებისთვის ეღალატა, არ შეეძლო, უკან დახევა, მირა ამას არ აპატიებდა, ის გოგოს შეპჰირდა და შეასრულებდა კიდეც... და თავადაც ვერ გაიგო, საიდან შემოსრიალდა მასში ის უხილავი ძალა, როგორ აავსო ბიჭის თითოეული უჯრედი და  სასწაულიც მოხდა, ლექსო ჩემპიონი გახდა. მან ეს შეძლო...

-  ეს გამარჯვება შენ მოგიძღვენი, მირა... ახლა შენი ჯერია, ახლა შენ უნდა გამაოცო, ჩემო გოგო!... - თავადაც ვეღარ გრძნობდა, რას ჩურჩულებდა, უბრალოდ მირას თითებს მთელი ძალით ქაჩავდა და ისე ელაპარაკებოდა, თითქოს სალოცავ ხატებთან მდგარიყოს.

-  გთხოვ, ჩემთვის გააკეთე ეს... ხომ იცი, რომ მიყვარხარ და უშენოდ  უაზრობა იქნება ყველაფერი, ხომ გესმის?...

ლექსო ისევ ბინდში ჩაიძირა. გაქრა დროის საზღვარი, უსასრულობაში გადაეშვა. ახლა მწვერვალის ძირში იდგა და მასზე ასვლას ამაოდ ცდილობდა. მირა ზემოდან დაჰყურებდა და ქათქათა ღრუბლებს მისი სახე დაეფარა, ისიც მზესავით ხან გამოანათებდა, ხან იმალებოდა. ლექსო უკვე მერამდენედ ცდილობდა კლდეზე აცოცებას, მაგრამ ყოველი ცდა მარცხით მთავრდებოდა. ბოლოს მიწაზე ჩამოჯდა თავი ამოწეულ მუხლებზე დადო და ხელებით ფეხებს შემოეხვია, სადაცაა ატირდებოდა, გული გამალებით უცემდა. მერე თავზე ხელის შეხება იგრძნო, შეკრთა და ზემოთ აიხედა... ეს გამაყრუებელი მონიტორის რიტმის ხმა შეცვლილად აწრიპინდა, ლექსოს მოეჩვენა, რომ სამაშველო სიგნალი ჩაირთო და ცრემლიანი თვალებით ირგვლივ მიმოიხედა... ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ ეს შეცვლილი ხმა, ყურებში, რომ გასჯდომოდა, თითქოს მის ყურთასმენას ახშობდა და თავს ატკივებდა...

-  კარგად ხარ? - ჩაესმა შორიდან, მაგრამ არაფერი უპასუხია, მხოლოდ მირას თითებს გრძნობდა, რომელიც მის ხელისგულებში უსუსურად ფართხალებდა, უწყლოდ დარჩენილი ოქროს თევზივით.

-  რაღაც მოხდა, ექიმს დაუძახეთ...

ბგერები სივრცეში გახმოვანდა, ისევ შორიდან და სუსტად. მერე მირას მწვანე თვალებმა გაიღიმა ცის კაბადონზე...

-  მირა, დაბრუნდი?

-  ჰო...

-  მირა...

... გონს რომ მოვიდა, იმ სავარძელში იჯდა, სადაც რამდენიმე წუთის წინ მირას დედა  ლოცვებს კითხულობდა. ახლა  ეს უკანასკნელი ღიმილით უსვამდა თავზე ხელს. მერე ქალი დაიხარა და ჰკითხა:

-  როგორ ხარ?

ლექსოს წამოწევა უნდოდა, მაგრამ ამ ხელმა შეაჩერა:

-  იყავი, ჯერ ისევ სუსტად ხარ, გრძნობა გქონდა დაკარგული და უცნაურ სიტყვებს ყვიროდი...

-  მირა?...

-  მირა დაბრუნდა!...

-  რააა?...

-  ჰო...

-  მირა შენ დააბრუნე, ლექსო!...

-  ო, ღმერთო, ვიცოდი, სულ ვგრძნობდი...

თვალები ფართოდ გაახილა და საწოლისკენ გაიხედა... მირა ისევ ისე იწვა და გახელილი თვალებით ლექსოს მიშტერებოდა... გული ლამის სიხარულისგან ამოუვარდა...

-  მირაა....

გოგომ გაღიმება სცადა და ძალიან დაბალი და ყრუ ხმით უთხრა:

-  ყველაფერი მესმოდა, ლექსო, ყველაფერი, რასაც მეუბნებოდი...

-  სულ ყველაფერი?- დაიმორცხვა ბიჭმა.

გოგომ თანხმობის ნიშნად თვალები დახუჭა და გაიღიმა:

-  კი, სულ ყველაფერი... აბა, როგორღა დავრჩებოდი იქ, დავბრუნდი. შენთვის დავბრუნდი!...

 

თავი მეხუთე

1

ერთ დღეს, როცა პეტრე მორიგი სამუშაოს შემდეგ, იქვე დაღლილ-დაქანცული ხვრელში ჩამოჯდა სულის მოსათქმელად, უცნაური ხმა შემოესმა. ხმა მოპირდაპირე მხრიდან მოდიოდა, თითქოს მიწის წიაღში იკარგებოდა, მერე ისევ ცოცხლდებოდა და კაცის ყურამდე აღწევდა. პეტრეს დაღლილობა გადაავიწყდა, რამდენადაც შეეძლო წელში გაიმართა და კედელს მიაყურა. მაღაროს სიღრმიდან ხმა ახლა ისე მკვეთრად გაიგონა, რომ შეკრთა. ფარანი გაასწორა, გათხრილი და ჩამოშლილი მიწა ვედროებში ჩაყარა და გზა უფრო გაათავისუფლა. სულ ახლოს მივიდა და ისევ მიაყურა. აშკარად გაიგონა, როგორ ღიღინებდა ვიღაც დაბალი სევდიანი, ტირილგარეული ხმით და  თან კვნესოდა.

-  ჰეი!

შეუყვირა პეტრემ და მიაყურა. ბგერები მაშინვე გაწყდა და იმდენად დაიკარგა, პეტრემ რამდენიმე წუთს ისიც კი გაიფიქრა, ჰალუცინაცია ხომ არ დამეწყო და ხმები ხომ არ ჩამესმაო? წერაქვი მოიმარჯვა, მის წინ აღმართულ მიწის კედელს ძლიერად დასცხო და მუშაობა განაახლა. ოფლის წვეთები და მტვერი ერთმანეთში აირია, წებოვანი და მკვრივი გახდა, რომელიც სახეზე გაუმტარი ნიღაბივით გადაეკრა. კუნთები ისე მოეჭიმა, რომ პეტრემ ძლიერი ქავილი და სიწითლე იგრძნო. ხელი რამდენჯერმე გადაისვა შუბლზე, მაგრამ ეს შელესილი ჭუჭყი და მტვერი ისე ღრმად ჩასჯდომოდა კანში, ვერაფრით მოიცილა. მერე თვალების წვა იგრძნო და ის-ის იყო, გვირაბიდან გამოსვლა და მდინარეზე სახის დაბანა გადაწყვიტა, რომ ის ხმა ისევ გაიგონა, თავი გააქნია, თითქოს  ნაძალადევად შემოძრომილ მოჩვენებებს საკუთარი თავის ქალიდან განდევნას უპირებდა, მაგრამ ეს ხმა კი არ გაქრა, უფრო გაძლიერდა და ბოლოს ისე ახლოდან  მოესმა, დარწმუნდა, რომ მასა და იმ უსხეულო არსებას შორის მხოლოდ სიფრიფანა მიწის ფარდაღა აშორებდა. პეტრე მიხვდა, რომ ეს ხმოვანი ჰალუცინაციები კი არა, რეალური ბგერები გახლდათ, ამიტომ ისევ გასძახა:

-  ჰეი, ვინ ხარ მანდ?

სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ, რამდენიმე წუთის შემდეგ, პეტრეს ისევ მოესმა, ახლა უხილავი არსება სწორედ მას მიმართავდა:

-  პეტრე, ძმაო, შენ ხარ?

გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა, ყველაფერს ელოდა და თუ ამ ჯურღმულში თავის სახელს გაიგონებდა, ამას კი ნამდვილად არა. აკანკალდა, იქვე კედლის ძირში მუხლებდაუძლურებული დაეშვა და შეეცადა, რამდენადაც შეეძლო თავი დაემშვიდებინა, მერე ძლივსგასაგონად მისი ყელიდან ამოსული ბგერებიც შორიდან ჩაესმა და პასუხის მოლოდინში გაიყინა.

-  ჩემი სახელი საიდან იცი, ვინ ხარ?

ხმამ არ დაახანა და უკვე სითბოსავით მოედო მთელ სხეულში:

-  მე ვარ სამსონი, ძმაო...

მოულოდნელმა სიხარულმა ფეხზე წამოაგდო.

-  სამსონ!

-  ჰო, ძმაო... ისევ შევხვდით, ეტყობა, ერთმანეთის  მიმართულებით ვთხრიდით მიწას.

-  ალბათ. როგორ ხარ სამსონ?

-  როგორც ტუსაღს და მარტოობისთვის განწირულ ადამიანს შეეფერება...   შენთან შეხვედრა ძალიან გამიხარდა...

-  მეც სამსონ, ეს უკვე ბედის ნიშანია...

-  კარგი ძმაო, ახლა გაიწიე, მოშორებით დადექი, კედელი თხელია, ერთი-ორი წერაქვის დარტყმა და ჩამოინგრევა....

პეტრემ უკან დაიხია. რამდენიმე ძლიერმა დარტყმამ კედლის ფარდა დაარღვია და პეტრემ ხვრელში სამსონის ხუჭუჭი თმა დაინახა. კაცი ღონივრად ურტყამდა მიწას და ორიოდე წუთში პეტრესი და სამსონის გვირაბი გაერთიანდა. სამსონმა წერაქვი უკან მოისროლა პეტრესკენ გაიწია და ძლიერად ჩაიხუტა მკერდში, პეტრეს თვალებში ცრემლები მოაწვა. მეგობართან შეხვედრა ახლა მისთვის ყოველგვარ ოქროსა და ძვირფასეულობაზე მეტი ღირდა. მერე ორივე ჩამოჯდა. პეტრემ მეგობარს ჰკითხა:

-  როგორ ხარ, შენზე უკვე დიდი ხანია, არაფერი გამიგია, ისე სხვა კატორღელებს რომ ვუყურებდი, სულ ვფიქრობდი, რომ შენც შეიძლება, სადმე აქვე, ახლომახლო იყავი, მაგრამ ისე გადიოდა დღეები, არ ჩანდი...

-  ჰო, ჩვენ მეზობელ მაღაროში გაგვანაწილეს. აქ რამდენიმე ასეთი მაღაროა... მუშახელი მუდმივად იცვლება, ადამიანები ამ მძიმე პირობებში დიდხანს ვერ ძლებენ და მალე იღუპებიან. დაღუპულ მუშებს კი ახალი ადამიანებით ანაცვლებენ. აქ ადამიანის სიცოცხლეს გროშის ფასიც არ აქვს. მკვდარ მუშებს არც მარხავენ, ეგრევე ყრიან. ამბობენ, ტურები და სვავები მთელი ღამე ხეობებში გადაყრილ გვამებს ხრავენ და წიწკნიანო... ხანდახან ხეობებიდან გახრწნილი გვამების სუნი მაღაროებამდეც აღწევს, ამ სუნით იჟღინთენა ეს ჯოჯოხეთის ხვრელებიც და ჩვენც, ცოცხალ მიცვალებულებს, ცხოველთა საჯიჯგნად გვამზადებს, გვაჩვევს.  ყველა მიჩვეულია და წინასწარ იცის, რა ელის... ხსნის გზა, უბრალოდ, არ არის.

პეტრემ მეგობარს თანაგრძნობით მოხედა, მერე ფარნის შუქს ცოტა ჩაუწია და მისკენ ისე დაიხარა, თითქოს სახელმწიფო საიდუმლოს განდობას აპირებდა:

-  სამსონ, ხსნის გზა  ყოველთვის  არის, უმძიმეს სიტუაციაშიც არ უნდა დაკარგო იმედი. იმედი ის ერთადერთი მაცოცხლებელი ენერგიაა, რომელიც ასულდგმულებს თითოეულ ჩვენგანს...

-  ეჰ, იმედი კარგია, იცოცხლე, მაგრამ ამ ჯურღმულში რა იმედი იარსებებს? ძმაო, ხანდახან მგონია, რომ სწორედ ეს არის ჯოჯოხეთი და ამაზე მეტი უიმედობა არსად არ არის... ან კი, რა იმედი უნდა მქონდეს, ოჯახს, დედას, ცოლსა და შვილებს მოწყვეტილი ამ მაღაროში ვმუშაობ და ველოდები, სული როდის ამომძვრება, რომ ჩემი სხეული სვავებსა და ტურებს მიუგდონ საჯიჯგნად. აქ არანაირი ხსნა არ არსებობს!

-  მოიცა, სამსონ! - გააჩერა მეგობარი პეტრემ - შენ არ იცი, რომ იმედი სანამ არსებობს, კაცი მანამდეა ცოცხალი? როცა იმედი კვდება, ადამიანიც არსებობას წყვეტს. იმედი ასხამს ფრთებს და სიცოცხლისა და მოქმედებისკენ უბიძგებს!..

-  ეგ შეიძლება მაღლა, აქ კი ამ უღმრთო შახტაში, რა იმედზეა საუბარი?

-  არა, სამსონ, ღმერთი ყველგან არის, ყველგან, გესმის? ცაშიც და ამ მაღაროშიც, ღმერთი ტევადი და თავსებადია, ის ყველაფერს მოიცავს, ყველაფერში აღწევს, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვისაც ამისი სჯერა, ღმერთი ჯურღმულშიც ყოვლისშემძლე ღმერთია და ცაშიც, ჰაერშიც და წყალშიც, არ არსებობს წერტილიც კი, ღმერთით რომ არ იყოს გაჟღენთილი და სავსე... ღმერთი ყველგანაა, არ აქვს მნიშვნელობა ადგილსა და სივრცეს, ღმერთი ჩვენს თითოეულ უჯრედს ავსებს და გვიფარავს... საქმე ისაა, რამდენად ვუშვებთ ჩვენ შიგნით უფალს, რამდენად გვწამს და გვჯერა იმის, რაც არასოდეს გვინახავს, არასოდეს შევხებივართ, რამდენად ვითავისებთ ჩვენს განღმერთებას ჩვენივე სხეულში... იმედი ღმერთია, ის რაც ჩვენს სულსა და აზროვნებაში დავამკვიდრეთ, ვიწამეთ... უღმერთოების და უიმედოების სამყარო ისეთივე ცარიელი და მყიფეა, როგორც დაცარიელებული და სიძველისგან დახავსული ქვევრი, რომელიც ფუჭად და უმოქმედოდ გდია სადღაც სარდაფში და საბოლოოდ დაშლასა და განადგურებას ელოდება... უიმედო სამყარო უღმერთო სამყაროა, იმედი კი უფალს მოიცავს. შენი გადასაწყვეტია, გქონდეს იმედი და იყო ღმერთით გაჯერებული და თავსებადი, თუ დახავსული და დაობებული ქვევრივით დაცარიელდე... უფლის სიყვარული, უპირველეს ყოვლისა ჭეშმარიტების აღიარება, იმედის ჩასახვა და რწმენაა, რომელიც სასწაულებს ახდენს. უფლით ტევადი კაცისთვის არასოდეს იქნება სამყარო სასოწარკვეთისა და უიმედობის საფუძველი, უფალი მხოლოდ გასაძლებ გამოცდებსა და დაბრკოლებებს გვიგზავნის, რადგან სულის წვრთნა მხოლოდ დაბრკოლებების გადალახვაა... სასწაულები ყოველთვის ხდება, თუ გვინდა, რომ ეს სასწაულები ვიხილოთ, ვიხილავთ კიდეც, თუ ეჭვი გვეპარება, ისევე ვიწყებთ ჩაძირვას წყალში, როგორც პეტრე ზღვაში, უფლისაკენ ზღვაზე მოარულს ეჭვი რომ შეეპარა. არის რაღაც, რაც ბოლომდე ვერ შეგვიგვნია და არ ვიცით ბევრი რამ, რაც ჩვენს თავს გვემართება, ვერც კი გაგვიცნობიერებია, რატომ ხდება, რა საჭირო იყო? ამას ვერ ავხსნით და ვერც გავაანალიზებთ და არც არის აუცილებელი, რომ ყველა მოვლენა და დეტალი დავაწვრილმანოთ, ჩვენ არ ვიცით, ესა თუ ის მოვლენა რა მისიას ემსახურება. უბრალოდ, მივყვეთ ცხოვრებას და იმედი ჩავისახოთ გულში, ამით ღმერთს აღმოვაჩენთ საკუთარ სხეულში.

-  რა ლამაზად ლაპარაკობ, პეტრე, მინდა, რომ გისმინო და გისმინო... დავიჯერო, ამ სოროში სულის ამოძვრომა არ მიწერია?

-  სწორედაც!.. - გაიცინა პეტრემ - თუ მაგას ირწმუნებ, შენში ღმერთი ჩასახლდება და იმ იმედს მოგცემს, რომ ყველაფერი ცვალებადია ამ სამყაროში, რომ მათთვის, ვისაც სურს, რომ სამყარო შეიცვალოს - შეიცვლება! რომ სურვილი   არის იმედზე ძლიერი, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც უფალს არ შეუძლია, რომ თუ შენ ამის გჯერა, მაშ, შეგძლებია ცხოვრების შეცვლაც.

-  დავუშვათ, დავიჯერე, პეტრე... - სამსონმა რაღაცნაირი გამომცდელი მზერა შეაგება კაცს - დავუშვათ, ვირწმუნე, რომ აქედან ოდესმე თავს დავაღწევ, გგონია, რომ ეს მართლა მოხდება?

-  ურწმუნო თომასავით იქცევი, სამსონ, ნუ გამოსცდი უფალს შენსას, უბრალოდ გჯეროდეს...

-  ჰო, მჯერა, კარგი დავიჯერე, მერე?...

-  მერე არაფერი, მოითმინე და შენს დროს დაელოდე, ყველაფერი დროსა და სივრცეში ლაგდება... მოთმინებას თუ გამოიჩენ და იმედით და რწმენით აღიჭურვები, აუცილებლად მიიღებ ნიშანს... ხომ გესმის, სრულიად არაფრიდან გამოჩნდება ნიშანი...

-  ნიშანი?

-  და როგორ მიხვდები, რომ ეს ნიშანია?

-  მიხვდები, აუცილებლად მიხვდები, ასე შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური ახსნა... აი, თუნდაც ჩვენი შეხვედრა, ესეც ნიშანია...

სამსონს გაეღიმა, ხელები მუხლებზე შემოიწყო და პეტრეს თვალებში ჩახედა:

-  კი, ეს ნიშანია, მჯერა... ანუ ჩვენ შეგვიძლია, ეს ჯურღმული დავტოვოთ და მრავალი ადამიანიც გავათავისუფლოთ, მაგრამ როგორ?

-  მოვლენებს არასოდეს გაასწრო, ყველაფერს თავის დრო და ადგილი აქვს... შენ ეგ მითხარი, ბევრნი ხართ მაღაროში?

-  როგორ გითხრა, პეტრე, საკმაოდ, თუმცა, ახალ-ახალი ადამიანებით ხშირად გვანაცვლებენ, ბევრი ამ პირობებს ვერ უძლებს. ამ ჯურღმულში სიცოცხლე და ღიმილი ისეთი ძნელი სანახავია, როგორც ბრილიანტები თოვლში.

სამსონი გაჩუმდა, შემდეგ პეტრეს ისევ დააკვირდა და თითქოს რაღაც მოაგონდაო, სახე გაუბრწყინდა:

-  თუმცა ერთი ამბავი არ იცი, პეტრე...

-  რა ამბავი?

-  შენი მტრედი, შენი ფიფქა...

პეტრეს გული შეეკუმშა, რაღაცნაირი აღელვებით მოხედა სამსონს. არ იცოდა, ეს კარგს ნიშნავდა, თუ ცუდს და აკანკალდა...

-  რა, ფიფქა, ნახე?

-  კი!

-  საკნიდან რომ წამიყვანეს იმის მერე აღარ მინახავს... მთელი ბავშვობა მენატრებოდა, მასზე ვდარდობდი. არის ცხოვრებაში ასე, რომ ზოგჯერ ცხოველები, უფრო მეტ გავლენას ახდენენ შენზე, ვიდრე ადამიანები...

-  არც მიკვირს, ცხოველებს ხომ უანგარო სიყვარული შეუძლიათ, ისეთი ერთგულება და უბრალო მეგობრობა, რომელიც ზოგიერთ ადამიანს ვერც კი წარმოუდგენია.

-  ეგ მასეა, ასე იყო ფიფქაც, მაგრამ რატომ არ მეუბნები, რა დაემართა? იმ ახმახ მცველს ხომ არ ჩაუვარდა ხელში?

კაცმა თავი გააქნია:

-  არა, არა... შენ რომ წაგიყვანეს, ორი დღე ზედიზედ მოფრინავდა, სარკმლის გისოსებთან იჯდა და რუკრუკებდა, თითქოს გეძახდა, გეძებდა.. საკანში ჩამოფრინდებოდა და კედლებს ეხეთქებოდა... აშკარად გკითხულობდა... მერე მე შემეჩვია, მხარზე მაჯდებოდა, ჩემი ხელისგულიდან გამხმარი პურის ნამცეცებს კრეფდა... ისე დამიახლოვდა, აღარც კი მიდიოდა. დღეები გადიოდა და ძალიან დავმეგობრდით... მაღაროში წამოსვლის წინა დღეს საკანში იყო, ახმახი რომ შემოვიდა, სარკმლისკენ აფრინდა და დავინახე, როგორ გაძვრა გისოსებში. გარეთ რომ გამიყვანეს და მთვარის მკვეთრმა შუქმა თვალი მომჭრა, მტრედი დავინახე,  უკან მომყვებოდა, აი, ისე გაწვრთნილი და ჭკვიანი ცხოველები რომ იქცევიან, ზემოდან თავს დამტრიალებდა, მაღარომდე მდია, მას მარტო მე ვხედავდი, შორიახლო მოფრინავდა და ჩემ გარდა ვერავინ ამჩნევდა თეთრი ღრუბლის ფთილასავით ქათქათა მტრედს.  მერე მაღაროს კარგა ხანს დასტრიალებდა თავს, თითქოს ამოწმებდა, სად ვიყავი, ან იქნებ, იმედი ჰქონდა, რომ ჩემი ადგილსამყოფელის პოვნით, შენს კვალსაც მიაგნებდა? არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ასე იყო.  ვხედავდი, შახტიდან ამოსულებს შორიდან როგორ გვათვალიერებდა, იქნებ ეგონა კიდეც, რომ იმ მაღაროელების გუნდში შენც ერიე და ელოდა, როდის შეამჩნევდი და დაუძახებდი? ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ეს რამდენიმე კვირა, ყოველ დღე ვხედავდი შახტის თავზე მოფარფატე ფრინველს. ხელით შორიდან ვესალმებოდი და ვანიშნებდი, რომ აქ შენ არ იყავი, როგორ გრძნობდა და იგებდა ამას არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცას ხვდებოდა...

-  ახლა, ახლა სად არის? აღარ გინახავს?

-  ბოლოს ორი დღის წინ დავინახე...

-  საოცარი ფრინველია, ძალიან ჭკვიანი და მგრძნობიარე.

-  ვიცი... დარწმუნებული ვარ, კიდევ ვნახავ და შენს ამბავსაც მოვუყვები - სამსონს გაეღიმა. - ახლა, შენზე მითხარი...

-  სალაპარაკო არაფერია, სამსონ, გარდა იმისა, რომ ღმერთმა შენი თავი სწორედაც რომ საჭირო დროს გამომიგზავნა...

-  ჰო, ეგ მართალია, მაგრამ სხვა მხრივ როგორ ხარ?

-  ჩვეულებრივ, აქ, მარტოობაში, უფრო მეტს ვფიქრობ და საკუთარ თავთანაც განცალკევებულს სიღრმისა  და ანალიზისთვის მეტი დრო მაქვს. ვმუშაობ და ვფიქრობ, წარსული დაბინდული ლანდივით შემომხვევია და მოსვენებას არ მაძლევს...

-  ჰო, არის ცხოვრებაში ისეთი ეპიზოდები, რომლებიც არასოდეს იშლება ჩვენი გონებიდან, აი, ისე, ერთხელ რომ ჩაიბეჭდება და ყოველი გახსენებისას ეს ანაბეჭდი სულ უფრო და უფრო ღრმავდება, ძლიერი და ამოუჭრელი ხდება გონების გალერიიდან, სადაც ყველა მოვლენას თავისი შეფასება და ახსნა აქვს.

-  კი, მასეა ზუსტად, უფრო იმ წარსულ მოვლენებს ვიხსენებთ, როცა ძალიან ბედნიერები, ან ძალიან უბედურები ვიყავით, ეს ყველაზე კარგად ახსოვს ჩვენს მეხსიერებას... რა შეიძლებოდა, მაშინ რომ შეგვეცვალა, რა და როგორ მოხდებოდა შეცვლა რომ შეგვძლებოდა? უამრავ ვერსიასა და შესაძლებლობას ვაწყობთ ჩვენს ტვინში, უამრავ კომბინაციას ვაკოწიწებთ და საბოოლოდ, მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ვერაფერსა და არაფერს შევცვლიდით, რადგან შესაძლებლობების ზღვარი ძალიან ფართოა და უმართავი.

-  პეტრე, საოცარი კაცი ხარ, ვერ წარმოიდგენ, როგორ ვიზრდები შენთან ურთიერთობითა და საუბრით. ისეთი ადამიანი ხარ, ყოველთვის ყველაფერზე რომ აქვს პასუხი და ამ პასუხის გავრცობა და გაანალიზებაც შეუძლია.

-  არა, ჩემო სამსონ, ჩვეულებრივი კაცი ვარ, ყოველდღიური ფიქრებით დატვირთული, ვცდილობ, საკუთარი თავი აღმოვაჩინო და ამ აღმოჩენით ჭეშმარიტება შევიმეცნო, გავიგო, რისთვის ვარ ამ სამყაროში წარმოგზავნილი და რა გაკვეთილი შეიძლება აქედან მივიღო?

-  ადამიანის ყოველდღიურობა ქმნის მის ხასიათს და სულიერ სამყაროს... შიგნით რაც  ხარ, გარეთაც ისე ასხივებ....

 

თავი მეექვსე

1

დილით, ლექსომ რომ გაიღვიძა, უცნაური სიხარულით უთრთოდა გული. არა, წინასწარ არ იცოდა, როტომ ცმუკავდა ასე, ან მისი იდუმალი სიხარულის მიზეზი რა იყო, მაგრამ ტუმბოსკენ რომ გადაიხედა და შეფუთულ კოლოფს მოჰკრა თვალი, თითქოს ყველაფერს მიხვდა. მერე კარებთან მოჩურჩულე დების სილუეტებიც დალანდა, რომლებიც შეთქმულებივით საუბრობდნენ და ვერ გადაეწყვიტათ, შესულიყვნენ თუ არა ოთახში, აი მაშინ კი სრულიად დარწმუნდა, ყუთში რა შეიძლება ყოფილიყო. აკანკალებული ხელებით გახსნა კოლოფი, ბრჭყვიალა ლენტები და ბაფთები ფრთხილად შემოაცალა და სანატრელი სმარტფონიც დაინახა. სიხარულისგან შეჰყვირა, იმავე წუთს მისი აბეზარი დების თავებიც გამოჩნდა და თითქმის ერთდროულად წამოიყვირეს:

-  სურპრიიიიზ!

ლექსომ ღიმილით მოხედა დებს, რომლებს უკანაც უკვე ხელგადახვეული დედა და მამა დაინახა. მათაც ღიმილი გადაჰკვროდათ სახეზე და ბედნიერები ჩანდნენ.

-  რა მაგარია, დედა, მამა! სწორედ ასეთი მინდოდა! როგორ მიხვდით?

-  ჩიტმა ამბავი მოგვიტანა! - გააგრძელა სიტყვა მამამ და პატარებს გადახედა. ლექსო მაშინვე მიხვდა, ვინ იყვნენ ეს ჩიტები, გაეცინა. დები ახლოს მივიდნენ და მთელი გულისყურით დააკვირდნენ მობილურ ტელეფონს.

-  მართლა, რა მაგარია!

-  ფერიც ნახე, როგორ ბზინავს!

-  ხომ ჩვენც გვათხოვებ ხოლმე?

ჟრურტულებდნენ პატარები და ლექსოზე მეტად ისინი ხარობდნენ.

-  აბა კი, თქვენ გაგაფუჭებინებთ - მაგაზე არც იოცნებოთ... შორიდან კი ბატონო, მუსიკებსაც მოგასმენინებთ, მაგრამ მეტი არც მთხოვოთ!

უცებ იმედები ჩაუფუშა ლექსომ და ტელეფონი ჩამოართვა. გოგოებს ეს უკვე აღარ მოეწონათ, ნაწყენები შებრუნდნენ და ოთახიდან გავიდნენ. დედას შეეცოდა. ლექსოს ცოტა არ იყოს საყვედურით მოჰხედა და თავი გააქნია, მერე გავიდა და გაბუტული დების დასამშვიდებლად დაიძახა:

-  დღეს ჟოლოს ნამცხვარს ვაცხობთ, აბა ჩემო კუდრაჭებო, წინსაფარები აიფარეთ და დიასახლისობას შევუდგეთ, სად ხართ თეო, ეთო? მოდით სასწრაფოდ... რამდენი ხანია, ამ ნამცხვრის გამოცხობას ვგეგმავთ, დღეს კი სწორედ რომ შესაფერისი დღეა, მამიკომ უამრავი რამ მოგვიტანა გუშინ, თურმე ისეთი ღვთისმიერი მგზავრი შეხვედრია, ორჯერ მეტი გასამრჯელო გადაუხადა. ჰოდა, აღვნიშნოთ.

 

2

ლექსოს ცხოვრებაში, იმ დღის შემდეგ, რაღაც გარდატეხა მოხდა. მირას ხელახალმა დაბრუნებამ ისევ დააფიქრა. ღმერთმა მისი თხოვნა შეისმინა, მისი სიყვარული დააბრუნა, მაგრამ რას მოითხოვდა სანაცვლოდ? სულ ამას ფიქრობდა, რომ სამაგიეროდ რამე უნდა გაეკეთებინა, რაღაც უნდა დაეთმო. ყოველ დილას  ახალი შეგრძნებებით იღვიძებდა, ელოდა, რომ აუცილებლად მოხდებოდა რაღაც, აუცილებლად დაუძახებდა უფალი და ამ სასწაულისთვის მისგან სხვა რამეს მოითხოვდა... რატომ აეკვიატა ასეთი ფიქრები, თავადაც არ იცოდა, მაგრამ უფალი რომ ყოველდღე თავისთან უხმობდა, ამას კი გრძნობდა. ერთ დილას კი, როცა  მთელი ოჯახი საუზმობდა, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის დროც დადგა.

ის-ის იყო, თენგომ ჩაის დალევა დაასრულა, რომ მისმა ვაჟმა ყველას თანდასწრებით გამოაცხადა, ხვალიდან წირვა-ლოცვებზე ვაპირებ სიარულსო. თენგოს ხელში დაკავებული ჩაის ფინჯანი ჰაერში გაუშეშდა. გოგოებმა გაოცებით მოხედეს სერიოზული სახით მოსაუბრე ძმას და მერე ერთმანეთს გაუღიმეს. ელა იდგა, და როგორც ყოველთვის, ოჯახის წევრებს ემსახურებოდა. ლექსომ ისევ გაიმეორა:

-  ხვალიდან  წირვა-ლოცვებზე დავიწყებ სიარულს!...  ასე, უბრალოდ, ვეღარ შევძლებ!

ქალმა შვილს თვალები შეანათა და უხმოდ დაუქნია თავი, მერე გაოცებულ ქმარს შეხედა, რომელსაც ჩაის ფინჯანი ისევ ჰაერში ეჭირა და არ იცოდა, პასუხად რა ეთქვა. მერე ცოლის თბილი ხელი იგრძნო მხარზე და ბურანიდან გამოერკვა. მიხვდა, ლექსო სწორედ მის გადაწყვეტილებას ელოდა. ამიტომ ცარიელი ფინჯანი ლამბაქზე დადო, ცოლს კითხვის თვალებით ახედა, თითქოს ამ მდგომარეობიდან გამოსავალს მხოლოდ მისგან ელოდა. ელამ ხელი უფრო ნაზად დააჭირა და  ამით სიმშვიდისკენ მოუწოდა ქმარს. მერე ლექსოს შეჰღიმა :

-  ჩვენ წინააღმდეგები არ ვიქნებით, ლექსო, ეს შენი გადასაწყვეტია, თავად უნდა უსმინო გულის კარნახს... თუ გრძნობ, რომ უკვე მზად ხარ, უფალთან შესახვედრად და მოძღვართან გასასაუბრებლად, მე წინააღმდეგი არ ვიქნები, პირიქით, შენ უკეთ იცი, ახლა შენთვის რა უკეთესია. სულიერების გაღრმავებით, უფრო მეტ სიბრძნესა და მფარველობას შეიძენ!...

-  ასე გადავწყვიტე! - თქვა ლექსომ მტკიცედ და დედას შეხედა.

თენგო ჯერ ისევ ჩუმად იყო და ვერაფრით მოეფიქრებინა შვილის ამ გადაწყვეტილებაზე რა კომენტარი გაეკეთებინა, მერე ისღა მოახერხა, მის მხარზე დადებულ ცოლის თითებს თავის ძარღვიანი მარჯვნა დააფარა და ტუჩებთან საკოცნელად მიიტანა. ცოლის ხელი ერთხანს თავის ხელში გააჩერა და  ელას სიყვარულით ახედა, თითქოს მისგან კვერის დაკვრას ელოდაო:

-  შენი გადასაწყვეტია, ლექსო, ახლა დამოუკიდებელი კაცი ხარ და როგორც ვხედავ, უკვე შემდგარი პიროვნება.

-  მინდოდა, მაინც მეთქვა, - გამოეპასუხა ლექსო - თუმცა, ვიცი, რომ ეს აქამდეც უნდა გამეკეთებინა.

-  კარგი, ნება შენია! - თქვა თენგომ და წამოდგა. - ელა, მე მივდივარ და საღამოს შემაგვიანდება, უჩემოდ ივახშმეთ!

თითქოს თენგოს გასვლას ელოდნენო, გოგოებიც სიცილ-კისკისით წამოცვივდნენ და მამა კარამდე მიაცილეს. ელა მაგიდასთან ჩამოჯდა და ისევ ლექსოს დააშტერდა:

-  როდიდან მიიღე ეს გადაწყვეტილება?

-  გახსოვს, ლოცვა რომ მირჩიე, ჰოდა, მეც მთელი გულით ვლოცულოვდი, მირას გადარჩენას ვევედრებოდი უფალს... მან გაიგო, დეე, მართლა სასწაული მოახდინა ჩემთვის, ჰოდა, ვფიქრობ, სწორი იქნება თუ მეც ტაძარში დავიწყებ სიარულს, სხვა რით შემიძლია ვასიამოვნო ღმერთს?

ელამ დაფიქრებით მოჰხედა, შვილი უკვე ზრდასრული ადამიანივით საუბრობდა. როგორ თვალსა და ხელს შუა გაზრდილიყო, როგორ დაბრძენებულიყო მისი ბიჭი. სიამაყის ნაპერწკლებით აევსო გული.

-  ჰო, მესმის, სწორედ იქცევი, თუმცა ღმერთისთვის ყოველგვარი კეთილი საქმე სამსახურია, იცხოვრო სუფთად და სიკეთით ეს არის მთავარი. ღმერთი ამას დაინახავს, სამსახური მას არ სჭირდება, ეს შენ გჭირდება, ლექსო!...

-  კარგი დედა, მადლობა, რომ გესმის ჩემი!

ლექსომ ელას ლოყაზე აკოცა და თავის ოთახში გავიდა. სკოლაში უნდა წასულიყო და ტანსაცმლის გამოცვლა და მომზადება უნდა მოესწრო. გოგოები დღეს სკოლას აცდენდნენ. წინა დღეებში ცოტას ავადმყოფობდნენ და ელამ, რახან პარასკევი იყო, მათი ერთი დღით სახლში დატოვება გადაწყვიტა. ასე რომ, ლექსოს ონავრების გარეშე მოუხდა სკოლის გზას დასდგომოდა.

ქუჩა ცარიელი და მეჩხერი იყო, სახლები ერთმანეთის მიჯრით ისე ჩალაგებულიყო თავის პატარა ეზოებით, რომ სიმჭიდროვე უფრო თვალხილული და თვალშისაცემი ჩანდა. გზაჯვარედინთან, ქუჩის კუთხეში, ერთი შუახნის მეზობელი ცხოვრობდა. გურამი ერქვა. ლექსო ხშირად ხედავდა მას. საღამოობით მეზობლის კაცებთან ერთად ლუდს შეექცეოდა და ნარდს თამაშობდა. იყო თავისთვის ჩუმად არც ზედმეტად ბობოქრობდა, არც დაიპარებოდა. იყო ჩვეულებრივი, საშუალო სიმშვიდის ადამიანი. როცა ნასვამი გახლდათ, ენად მაშინ იკრიფებოდა და მეზობლებს სხვადასხვა ამბავს უყვებოდა. რამდენჯერ ლექსოსთანაც უსაუბრია, თუმცა მისი საუბრიდან არც არაფერს იმახსოვრებდა ლექსო, მაგრამ ზრდილობის გამო, ყურს უგდებდა. რამდენადაც იცოდა, კაცს ცოლ-შვილი ჰყავდა, მაგრამ მათგან წამოსული იყო და მარტო ცხოვრობდა, არავინ აკითხავდა. დილაობით, როცა ლექსო სკოლაში მიდიოდა, კაცი აივანთან იჯდა და მეორე სართულიდან ქუჩას გადმოჰყურებდა. სკოლაში მიმავალ ლექსოს თითქოს შორიდან უღიმოდა. ლექსო გოგოებს აშოშმინებდა, აკონტროლებდა, მაღლა არ იხედებოდა. გოგოები ჩანთებს ჰაერში მიაქანავებდნენ და გამწყრალი ძმისკენ არც კი იყურებოდნენ...

დღეს მარტო მიუყვებოდა ლექსო სკოლისკენ მიმავალ გზას. შორიდანვე შენიშნა მეზობელი, აივნის კიდესთან იჯდა, ხელებით რკინის რიკულებს დაყრდნობოდა და ქუჩას გადმოჰყურებდა. ლექსომ თვალი მოჰკრა. მიესალმა. კაცმაც თავი დაუკრა. მერე გაახსენდა, მეზობლის კაცები რომ ამბობდნენ, ნასვამი გურამი ღამღამობით ლექსებს წერსო, ზოგს ეცინებოდა, ზოგიც ჩუმად ქირქილებდა მის პოეტობაზე. ლექსო კი ყოველთვის ფიქრობდა, რომ ლექსების წერა ზოგჯერ უფრო დიდ გმირობას მოითხოვდა, ვიდრე, ყველაზე მძიმე ფიზიკური სამუშაო. ფარულად, რაღაცნაირ რიდს გრძნობდა ამ კაცის მიმართ, თან ეცოდებოდა, რომ ოჯახის გარეშე უხდებოდა ასე მარტოკა შესჭიდებოდა თავის სიმარტოვეს, იძულებული იყო, ოთხკედელს შორის გაჩხერილი სივრცისთვის ემზირა დაბინდულ თვალებში. ამას ბევრი ვერ გადაიტანდა, საღ გონებაზე მყოფი ადამიანისთვის ამის გაძლება ადვილი არ იყო, ალკოჰოლს კი შეეძლო ამ ბლანტი სიმარტოვის ფარდა ფერადოვანი გაეხადა... ისიც იქნებ სწორედ ამიტომ სვამდა?

ლექსომ თვალი მოარიდა და გზა განაგრძო, გულში კი უცნაურმა აზრმა გაუელვა:

-  ეს კაცი ისევ ცოცხალია?

თავადაც გააოგნა ამ აზრმა, ან ასე უცებ საიდან გაჩნდა, საღსალამათ კაცს რა სჭირდა სასიკვდილო?... აზრი მაშინვე უკუაგდო და სკოლისკენ გზა განაგრძო.

 

* * *

შაბათ-კვირა ტაძარში გაატარა. ორშაბათს დასვენების დღე იყო,  არ  სწავლობდნენ, სამშაბათს კი, როცა გოგოებთან ერთად დედამ სკოლაში გაისტუმრა, იმავე ქუჩაზე მოუხდათ გავლა. რატომღაც შორიდანვე გურამის სახლის აივნისკენ გაექცა თვალი, აინტერესებდა ისევ მოაჯირთან იჯდა თუ არა კაცი, მაგრამ კედელზე კუბოს სახურავი აეყუდებინათ, აივანზე კი უცნობები ტრიალებდნენ. გურამი გარდაცვლილიყო. ბიჭს გააკანკალა. უსიამოდ შეიშმუშნა. მერე თითქოს მისი გონება საკუთარ სხეულში ჩაიძირა, რაღაც გაახსენდა. ჰო, ის დღე გაახსენდა გურამის აივნის ქვეშ რომ ჩაიარა და მის ღიმილიან სალამს ღიმილითვე უპასუხა, მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო, რომ იმწამის მეათასედ ნაწილში ერთმა აზრმა გამოაღწია მისი ქვეცნობიერიდან და ეს აზრი მაშინვე უარყო, იმდენად ცივი და საზიზღარი აზრი იყო, მაგრამ ისეთი რეალური და ცხადი... გააჟრიალა, შუბლი პატარა ოფლის წვეთებმა დაუცვარა... ანუ ლექსომ წინასწარ დაინახა ამ კაცის სიკვდილი, არა, კი არ დაინახა, რაღაცამ შიგნიდან, ქვეცნობიერად უჩურჩულა. აი ისე, როგორც ცივ ამინდში სუსხიანი ქარის ნოტიო ენამ, რომელიც თბილ სახეზე ნაჭდევებს ტოვებს. ქარის სუნთქვა უმალ მოიშორა საკუთარი სახიდან, მაგრამ ნაკვალევი კი ისეთი ღრმა და უცნაური დატოვა... ლექსოს გონება დაებინდა, თავისი დებიც უკვე დაიკარგნენ მისი მხედველობის არიდან და მთელი სხეული გაუშეშდა. ერთ ადგილას გაქვავდა, როგორც ზამთრის სუსხიან ღამით იყინება წყალგადასხმული საგნები, ისიც შიგნიდან გაიყინა. თვალები მხოლოდ ყინულის გამჭვირვალე ფენას ხედავდა და მის წინ სამყარო უცებ ჩამოკვეთეს. რამდენ ხანს გაგრძელდა ასე, არ ახსოვს, იდგა ერთ ადგილას გაძეგლებული და დაჭყეტილი თვალების მიღმა სამყაროს სქელი ყინულის ფარდა ეფარა, მერე უცებ მაჯაზე რაღაც ძალიან თბილი შეეხო, ხელი მოჰკიდა და ამ სითბომ ერთბაშად ჩამოღვენთა მრავალშრიანი ყინული, თავი აამოძრავა. დაიხედა, ხელზე ეთოს თითები მოეკიდა და გაკვირვებული ძმას რაღაცას ეუბნებოდა... სიტყვები კარგა ხანს არ ესმოდა... რამდენიმე წამში ცნობიერება აღუდგა და დისთვის გაღიმებაც სცადა. ხელი მოჰკიდა გოგოებს და ქუჩა გადაკვეთა... მთელი გზა კი ტვინს მხოლოდ ის სიტყვები უღრღნიდა, რომელიც პარასკევს დილას, მზა რეცეპტივით, ჩაუდო ვიღაცამ:

-  ეს ისევ ცოცხალია?.... ცოცხალია? ცოცხალია?....

ანუ რა იყო, რა მოხდა? ლექსოს ბავშვურმა გონებამ წინასწარ როგორ განჭვრიტა რომ ის კაცი ცოცხალი აღარ უნდა ყოფილიყო? საიდან მოდიოდა ასეთი აზრები, ნუთუ ლექსოს შეეძლო წინასწარ ევარაუდა, ეს ადამიანი ცოცხალი უნდა ყოფილიყო თუ არა?... ფიქრებმა ისე დაღალეს უკვე არაქათგამოცლილი ძლივსღა მიათრევდა ფეხებს...  მაგრამ  ამბავი ამით არ დამთავრებულა.... კლასში, მერხზე მის გვერდით მჯდარმა ნათიამ, თავისი ოჯახის ფოტოები ამოალაგა და შესვენებაზე ბავშვებს აჩვენა. ლექსომ ისე, მხოლოდ ცნობისმოყვარეობის მიზნით, დახედა და უცებ ფოტოზე ერთმა კაცმა მიიპყრო მისი ყურადღება, თავადაც არ იცოდა რატომ, ხელი ამ კაცისკენ გაიშვირა და ჩუმი, აღელვებული ხმით თქვა:

-  რა ჭირს ამ კაცს? სიმსივნით არის ავად? ვინ არის?

გოგომ გაოცებით მოხედა და ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა:

-  მამაჩემია, რა უნდა ჭირდეს? ჯანმრთელია და საღსალამათი.

ლექსოს შერცხვა და გვერდზე გაიხედა, თავის ენაზე ბრაზობდა, როგორ შეეძლო ასეთი რამ ამ ბავშვების წინაშე წამოეყრანტალებინა? შეცბუნებული წამოდგა,   გარეთ გავიდა.

ერთი კვირის შემდეგ, როცა ნათიას ადგილი ცარიელი დახვდა და მასწავლებელმა იკითხა გოგოს ამბავი, ზურგიდან ნიკას სიტყვები მოესმა:

-  დღეს ნათია არ იქნება, პატივცებულო, მამამისი ძალიან მძიმედ არის, სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.

აი ახლა კი მართლა შეეშინდა ლექსოს, თავისი წინასწარმეტყველების შეეშინდა. ცივმა ოფლმა შუბლი დაუცვარა. ხელები აუკანკალდა, თუმცა იჯდა, მაგრამ მიწა ფეხებიდან გამოეცალა და რომ არა, ეს სკამი, რომელიც ჯერ კიდევ აიძულებდა მის სხეულს სწორი პოზა შეენარჩუნებინა, ალბათ, ძირს მოადენდა ბრაგვანს. სახე მიტკლისფერი გაუხდა, ამჩნევდა, საკუთარი უძლურება როგორ უსახლდებოდა სხეულში და კიდურებს უკვე ვეღარ გრძნობდა. ტვინი კი მუშაობდა, მაგრამ, თითქოს მისი სხეულისგან გამოყოფილი, დამოუკიდებად მოქმედებდა, თითქოს ზემოდან დასცქეროდა, როგორ ეწვეთებოდა დაცვარული ცივი შუბლიდან გადმოსული ოფლის წვეთები ყვრიმალებსა და ლოყებს. ტუჩები მთლად გაულურჯდა და ყელში ისეთი სიცარიელე იგრძნო, ისეთი სიმშრალე...  სისველე მისი სხეულიდან სახეზე მომდგარი ოფლის სახით იფანტებოდა და იფიტებოდა. ბოლოს ისღა მოახერხა, რომ საკუთარ სხეულში ჩაიძირა, ისე ჩაყურყუმელავდა, როგორც ბავშვობისას სოფელში, მდინარის დაგუბებულ სიღრმეში იძირებოდა. მერე ისიც გაახსენდა, მაშინ დახრჩობას ხომ სასწაულად გადაუჩა, რომ არა მეზობლის ბიჭის, თომას გულმოდგინე ცდა, ფსკერზე ისე დაეშვებოდა გონებადაფანტული, სიკვდილს ვერც იგრძნობდა...

* * *

ფილმივით გაცოცხლდა წარსულის ლანდები. ლექსო მხოლოდ იმ კადრს ხედავდა და საკუთარ თავს წლების წინ. ზაფხულში ბებია-ბაბუასთან გაუშვეს მშობლებმა. ელას რაღაცნაირად არ ემეტებოდა მარტო დაეტოვებინა, მაგრამ თენგოს დაჟინებული თხოვნის წინაშე ვერაფერი გააწყო.

-  ბიჭია, ელა, დამოუკიდებლობას ხომ უნდა შეეჩვიოს, ასე როდემდე გეყოლება კალთას მიკერებული? დარჩეს, სოფლის ბავშვებთან ითამაშოს, ირბინოს, ჰაერსაც გამოიცვლის და აი, ნახავ, რამდენ რამეს ისწავლის, გამოცდილებას შეიძენს...

რაღა უნდა ეთქვა, გონების ერთი ნაწილი ქმრის სიტყვებს კიდეც ეთანხმებოდა, მაგრამ მეორე, იმ ამოუცნობ და ქალისთვის ჯერ ვერ გააზრებულ შიშს გაეჟღინთა, ვერანაირად რომ ვერ ხსნიდა. ელამ არ იცოდა, რომ ეს დედის ინტუიცია და წინასწარჭვრეტის გაუაზრებელი და გაუთვითცნობიერებელი ინსტიქტი იყო. წინა ღამით, სანამ ლექსოს ის საშიში ინციდენტი შეემთხვეოდა, უცნაური სიზმარი ნახა. ელა თეოზე ფეხმძიმედ იყო და ხშირად ძილში ვერ ისვენებდა, მაგრამ არეული და საშიში სიზმრები არასოდეს უნახავს. რატომღაც იმ საღამოს ენერგიის დაკარგვა იგრძნო და მალე დაწოლა გადაწყვიტა. თენგო ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო სახლში. დაწვა თუ არა, მაშინვე დაეძინა. ისე ჩაითრია დაღლილმა სხეულმა გონება, რომ არაფერი გაუგია, მერე მოესმა, კარის გაღების ხმა, როგორ შემოვიდა სახლში დაბრუნებული თენგო, გაჩერდა და დიდხანს, ძალიან დიდხანს, აკვირდებოდა მძინარე ცოლს. ელა ამას ისე შეიგრძნობდა, თითქოს მისი კანი ხედავდა ახლა თენგოს, როგორ იდგა და ღიმილით დასცქეროდა მძინარე ქალს. მერე კაცი გავიდა, იცოდა, ახლა ხელ-პირს იბანდა, მერე სამზარეულოში გაზქურაზე დატოვებულ მაწვნის შეჭამადს აცხელებდა, გრძნობდა, ახლა როგორ იჯდა და ხვრეპდა წვნიანს, მერე ისევ საძინებლის კართან გაიგო მისი ფეხის ხმა, რომელიც არც ერთ სხვა ფეხის ხმაში არ აერეოდა, როგორ იდგა და ტანცასმელს იხდიდა. მერე საწოლზე ჩამოჯდა და ელამაც იგრძნო, როგორ დაიწია მისი სიმძიმისგან საწოლის კიდე და აწეული საბნის ქვეშ ქმარი ზურგიდან როგორ ჩაეხუტა. მერე თავზე მისი ამბორი და სხეულზე მისი მკლავები შემოეჭდო და სიამოვნებისგან გაიტრუნა. თავს ისე დაცულად და მშვიდად გრძნობდა. ძილის ზერელე ფაზა უკვე ღრმა ძილმა შეცვალა და დროში განზავდა...

...სოფელში იყო ლექსოსთან ერთად. ყაყაჩოებით აწითლებულ მინდორზე მირბოდა ლექსო. ელაც მისდევდა შვილს, მერე ცაში აიხედა, უშველებელმა, თაკარა მზემ სახეში შემოსცინა და ხელებაწვდილი ყაყაჩოების მორევში ჩაიძირა. უცებ თვალები დახუჭა, დროს გაუყუჩდა... უზარმაზარი ჩრდილი სახეზე ლანდივით გადაეფარა. თვალი რომ გაახილა, მზე აღარ ანათებდა, არც ყაყაჩოები იყო სადმე. სალი კლდის ქვეშ იწვა და მის წინ ზეციდან გადმოვარდნილი ჩანჩქერი შხუილით ეშვებოდა. ისე ახლოს იყო ჩანჩქერი, რომ შხეფები სახეზე ეყრებოდა. თვალი გააყოლა და სწორედ ჩანჩქერის თავზე ლექსო დაინახა. იდგა და დედას ხელს უქნევდა, მისი ხმა ძლივს აღწევდა ელამდე.

გული შიშით აევსო. წამოდგა და ანიშნა: - არ ჩამოვარდე, ლექსო-ო...

ბიჭი იდგა და ისევ ხელს უქნევდა. მერე, საიდანღაც, უზარმაზარი ფრინველის ჩრდილი გადააწვა წყალს. ელამ დაინახა, ეს ფრინველი როგორ მიიწევდა მისი შვილისკენ და შეჰყვირა:

-  ფრთხილად, ლექსოო... და ბიჭმაც ზევით აიხედა, ფეხი დაუცდა და პირდაპირ თავით დაეშვა ძირს. ელა ხედავდა, როგორ დაფარა მისი შვილი ჩანჩქერის ფარდამ, მერე გაუჩინარდა და მძიმედ მოადინა წყალში ზღართანი... წამით ყველაფერი გაჩერდა, წყლის ხმაც შეწყდა და ელას ყვირილმა  შეძრა მთელი სამყარო:

-  ლექსოოოო..... ლექსოოოო....

ოფლში ცურავდა. თენგო პირზე ხელს აფარებდა და სახეს უზელდა.

-  გაიღვიძე, გაიღვიძე, ეს მხოლოდ სიზმარია, გესმის, მხოლოდ სიზმარი...

თვალები ბადეში დაჭერილი თევზივით საცოდავად ააფართხალა, პირი მოკუმა და შეშინებული ქმარს მკერდზე მიეკრა. მეუღლის თბილმა ხელებმა გრძნობაზე მოიყვანა... ასლუკუნდა..

-  ეს მხოლოდ სიზმარია, დამშვიდდი ელა, მხოლოდ სიზმარი...

-  არა თენგო, ჩვენ ბიჭს უჭირს, წავიდეთ, გთხოვ, ლექსოს უნდა მივეხმაროთ, ლექსოს ვჭირდებით, ჩვენ ბიჭს ვჭირდებით, გაიგე...

-  სიზმარია, ელა, ცუდი სიზმარი, რომელიც მალე გაივლის დამიჯერე, ჩვენი ბიჭი ჯანმრთელი და საღსალამათია.

-  ლექსოს უჭირს, თენგო, წამიყვანე, უჭირს, ვგრძნობ...

-  კაი დამშვიდდი, რასაც მეტყვი, იმას გავაკეთებ... წაგიყვან, და თავად დარწმუნდები, რომ კარგად არის და ჯანმრთელად...

 

 

* * *

.... ბავშვებთან მართლაც კარგად ატარებდა  დროს ლექსო. განსაკუთრებით თომას და თემოს დაუმეგობრდა. ესენი მასზე უფროსები იყვნენ, მაგრამ ქალაქიდან ჩამოსულ სტუმარს მაინც რაღაცნაირი პატივისცემით ეპყრობოდნენ. ხან ტყეში დაჰყავდათ კენკრის შესაგროვებლად და ჩიტებზე სანადიროდ, ხანაც მდინარეზე თევზის საჭერად. ლექსო ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა. ორი-სამი დღე უჭირდა, ელას სურნელი და დედის გამზადებული კერძები ენატრებოდა, მაგრამ მალე ბებიის მომზადებულ ხაჭაპურსა და ნიორწყალში ჩადებულ შემწვარ წიწილასაც მადიანად გეახლებოდათ.

ერთხელ  ბიჭებთან ერთად თავიანთი ბადით დაჭერილი თევზიც მოიტანეს და ბებოს შეაწვევინეს. მერე ალუბლისა და მაყვლის საწებელთან გემრიელად მიირთვეს.

დღეები მზიანი და თბილი იყო... იმ დილასაც თემომ გააღვიძა, ეზოში გადმოპარულიყო და გაღებულ ფანჯრიდან თავი შემოეყო.

-  ლექსო, მე და თომა მდინარეზე მივდივათ საბანაოდ, არ წამოხვალ?

ჯერ ისევ ეძინა და ერთბაშად ვერც მიხვდა, რას ეუბნებოდა უკვე ფანჯრის რაფაზე წამოსკუპული ძმაკაცი. მერე, როცა მიხვდა, რაზეც ეპატიჟებოდნენ, თავი დაუკრა და მაშინვე ჩაცმა დაიწყო.

ეზოდან რომ გავიდნენ, მზე უკვე კარგად ამოწვერილიყო. ოდნავი სიო სასიამოვნოდ უღიტინებდა ნესტოებს, რომელსაც გამძაფრებული ვარდის სურნელი მოჰქონდა ბაღიდან. თომა ბილიკის ბოლოს ანკესითა და ვედროთი შეიარაღებული დახვდათ.

ზაფხულის მზე თვალებში შესცინოდა ლექსოს. რაღაცნაირი სიხალისით მიდიოდა, ისე თითქოს, კი არ მიდიოდა, მიფრინავდა. სიმსუბუქე და ჯერ კიდევ ნოტიო დილის ჰაერის სისუფთავე ფილტვებს უვსებდა... თვალებში სიხარული უკრთოდა... მზეს უცინოდა. მერე მდინარეზეც მივიდნენ. ერთ ადგილას პატარა ჩანჩქერი მცირე მანძილიდან დაბლა ეშვებოდა დაგუბებულ წყალში და ბიჭებმაც სწორედ იქიდან გადმოხტომა და ცურვა გადაწყვიტეს. საგუბარის გვერდით უზარმაზარი ლოდები ეყარა, ნაპირში კი - ხეების ნახევრად შიშველი ფესვები - ხვიარა და დაკლაკნილი, მიწის დამრეცი ფერდობიდან უზარმაზარ გველებს რომ წააგავდა. ლოდებს წყლის შხეფებისგან სლიკინა მწვანე ხავსი არშიასავით მოსდებოდა, რომელიც ხალიჩასავით ვრცელდებოდა და თითქოს წყალშიც ზედაპირებიდან ჩაზრდილიყო, ამიტომ დაგუბებული წყალიც მუქი მწვანე და თითქმის მოშავოც კი ჩანდა სიღრმისკენ.   თომა პირველი გადმოეშვა ჩანჩქერიდან, წყალი ძალიან ღრმა არ იყო, მაგრამ არც ძალიან თხელი, ისე რომ ჩახტომისგან ზედაპირზე საკმაოდ ფართო რგოლები გაჩნდა, რომელიც შხეფებთან ერთად უცებვე  წრეებად გაიშალა. თომამ რამდენჯერმე ჩაიყურყუმელავა და ბიჭებს ანიშნა, გადმოხტითო. თემოც მაშინვე გადაეშვა. ლექსო კი იდგა და ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, გადამხტარიყო თუ არა? ბიჭებმა ხელი დაუქნიეს და მანაც მთელი გაბედულება მოიკრიბა. სლიკინა ქვებზე იდგა, წყლის ნაკადი მის ტერფებს გარს უვლიდა, ექაჩებოდა, მერე კი ძირს, მცირე ჩანჩქერში ეშვებოდა. ლექსოს კიდურები უკანკალებდა, მოსალოდნელი ნახტომი, თითქოს მისი სხეულიდან ენერგიას ისრუტავდა. შიშით აევსო თითოეული უჯრედი, კუნთები აუთრთოლდა. ბიჭებს ჩახედა, ისინი უკვე ჭყუმპალაობდნენ და წყალში მორიგეობით ყურყუმელაობდნენ.

-  გადმოხტი, რაღას უცდი? -  დაუძახა თემომ - წყალი ცივია, მაგრამ მერე სხეული ეჩვევა და ახლა უკვე სასიამოვნოდ გათბა.

ლექსომ ისევ გადაიხედა, მანძილი დიდი არ იყო, მაგრამ ეს ნახტომი რაღაცნაირად აშინებდა. ბოლოს თვალები დახუჭა და ხელები ძლიერ აიქნია. გაბედა. ფეხქვეშ უკვე სიცარიელეს გრძნობდა, ჰაერის ნაკადმა უცებვე მოახვედრა წყალში, მაგრამ დაშვებისას სუნთქვა შეეკრა და იგრძნო, რომ ძალიან ცივ და ყინულოვან მასაში აღმოჩნდა. გააჟრიალა. ერთბაშად ვეღარ ამოისუნთქა და პირი გააღო, წამსვე დამდგარი წყლის, თევზისა და ხავსის სუნით გაჟღენთილი სითხით აევსო პირის ღრუ და იგრძნო ეს მასა როგორ გადავიდა მის კუჭში. ამოფურთხება და ამ საზიზღრობის ამონთხევა უნდოდა, მაგრამ ვერანაირად მოახერხა. ხელები ააფართხალა. უკვე დამძიმებულ ფეხებს ვეღარ ფლობდა. მერე თვალები გაახილა და შეშინებულმა გაიფიქრა, რომ მორჩა, ეს დასასრული იყო.  სხეული წყლის სიმძიმემ შთანთქა, ხელები ისევ უმწეოდ აამოძრავა... უცებ თმებში ვიღაცა ჩასწვდა და ძლიერად მოქაჩა. ტკივილს ვერ გრძნობდა. უცხო  ხელის მოძრაობას მისი მთლიანი ტანი დაემორჩილა. თვალები ისევ დახუჭა და ბურანში გაეხვია, თითქოს მისი სული სხეულიდან გამოსრიალდა და ზევიდან დაუწყო ყურება. ხედავდა საკუთარ თავს, როგორ გაიყვანეს ბიჭებმა ნაპირზე და პირქვე დააწვინეს, ზურგზე ხელს ურტყამდნენ და მასაც ამოხველება უჭირდა, მერე დარტყმები გაძლიერდა და თითქოს დაბეგვილი სხეულიდან წყალმა ჟონვა იწყო. ფილტვები და კუჭი დაცარიელდა და ამოაღებინა. ცოტა ხანში შვება იგრძნო, თვალები გაახილა და შეშფოთებულ ბიჭებს უმწეოდ გაუღიმა. მერე დაინახა, თომამ როგორ მოისვა შუბლზე ხელი და ამოისუნთქა:

-  მადლობა ღმერთს!

ხედავდა ამ ყველაფერს და ნელ-ნელა მისი სული დაბლა იწევდა, მერე ამოახველა და ისევ ერთ მთლიანობად იქცა. ახლა უკვე თავისუფლად შეეძლო სუნთქვა...

მოგვიანებით სახლში დაბრუნდა და არავისთვის არაფერი უთქვამს. მაგრამ ის უცნაური განცდა, როცა საკუთარ თავს ზემოდან დასცქეროდა, ხანდახან ისევ უჩნდებოდა. არ იცოდა, როგორ შეეძლო ამ მოვლენის ახსნა და დიდად არც იწუხებდა თავს ამაზე ფიქრით, მაგრამ როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა მის ცხოვრებაში, იცოდა, რომ ეს შეგრძნება ისევ გაჩნდებოდა და ამისთვის მზად იყო.

შუადღისით დედა და მამა  ჩამოვიდნენ და უცნაური შვება დაეუფლა. რა თქმა უნდა, დილანდელი საფრთხის შესახებ კრინტიც არ დაუძრავს, უბრალოდ, დედას მოეხვია, ისე მონატრებით ჩაიკრა გულში, თითქოს წლები იყო, არ ენახა. ელაც  აფორიაქებული ჩანდა, რა თქმა უნდა, არც მას გაუმხელია ჩამოსვლის რეალური მიზეზი, მაგრამ ორივე გასაიდუმლოებულ სამყაროში ჩაძირულები, მშვენივრად კითხულობდნენ ერთმანეთის  აზრებს. მათ შორის ისეთი მენტალური კავშირი იყო, ამ ორ ადამიანს ისეთი ძლიერი ინტუიციური სიმები აკავშირებდა, ამის  დათრგუნვა და უბრალოდ, ჯაჭვის გაწყვეტა ამქვეყნად არაფერს და არავის შეეძლო. უსიტყვოდ მოეხვია დედა-შვილი ერთმანეთს და თითქოს ერთურთის სულიერებაში ჩაიძირნენ, ერთმანეთს ფიქრებით, ქვეცნობიერის დონეზე გაუგეს. არაფერი უკითხავთ, ისედაც ნათელი იყო, რომ საფრთხე უკან მოიტოვეს და ცუდის გახსენებას და ამაზე კონცენტრირებას, უკვე აზრი დაჰკარგოდა.

მერე თენგო მოვიდა და დედა-შვილის იდილია ერთი სიტყვით დაარღვია:

-  ელა, ხომ ხედავ, რომ ყველაფერი კარგად არის, შენ კი არ გჯეროდა.

ელამ, ცოტა არ იყოს, ნაწყენმა ახედა, თითქოს ეუბნებოდა, ახლა ამის თქმა და დილანდელი განცდების გახსენება უადგილო და ზედმეტი იყო. კაცი შვილს ქოჩორზე მისწვდა და მოქაჩა. ლექსო მამას შეაჩერდა. თენგომ გაუღიმა:

-  წამოხვალ სახლში, თუ კიდევ დარჩები სოფელში?

ლექსომ ჯერ დედას შეხედა, მერე, ისევ - მამას. მხრები აიჩეჩა:

-  რა ვიცი, წამოვალ, სახლიც მომენატრა....

 

* * *

როგორ იგრძნო?... ნათიას მამას ხომ საერთოდ არ იცნობდა? ნუთუ, მართლა რაიმე განსაკუთრებულ ძალას ფლობდა?  ჰო, განსხვავებული რომ იყო, ეს თავადაც იცოდა და ამას სხვებიც აღიარებდნენ, მაგრამ თუ ეს უცნაური „სენიც“ შეეყრებოდა, ვერ წარმოიდგენდა. არადა, როდიდან დაიწყო ეს ყველაფერი? იქნებ სულ ჰქონდა და არ უკვირდებოდა, უბრალოდ, ემოციების ფონზე ინტუიცია მკვეთრად გაუმძაფრდა?  მეტად დაკვირვება ისწავლა და ეს უცნაური თვისება, თუ ნიჭი საკუთარ თავში აღმოაჩინა, თავადაც ვერ შენიშნა, ეს როგორ მოხდა?... მაგრამ ახლა, როცა ხვდებოდა, რომ ყველაფერი ისე არ იყო მის სხეულში, როგორც სხვა ადამიანებში, არ ივარგებდა, ამ ნიჭის ასე დაუდევრად გამომზეურება. ადამიანები მას შეიძულებდნენ და არც ჰქონდა უფლება წინასწარ ეთქვა, რომ ვიღაც ცუდად გახდებოდა ან მოკვდებოდა. ის მათი ბედის მტვირთველი სულაც არ იყო. ყველაფერი ეს თავის გულში უნდა შეენახა... დროებით საკუთარი წარმოსახვები ცხრაკლიტულში უნდა გამოემწყვდია, რომ მათ გარეთ გამოსვლა არ შესძლებოდათ და თუ რამეს წინასწარ იგრძნობდა, ყურადღება არ უნდა მიექცია. ის მაინც ვერაფერს შეცვლიდა და ამის თქმით, ადამიანების გულისწყრომასაც დაიმსახურებდა, ისევე როგორც ნათიას ატკინა გული... ასე ფიქრობდა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ნათია სკოლაში დაბრუნდა, ლექსო დაიმარტოხელა და ჩუმად ჰკითხა:

-  როგორ იგრძენი?

მშვენივრად მიხვდა, რასაც ეკითხებოდა, თავი გააქნია და მხრები აიჩეჩა:

-  არ ვიცი, უბრალოდ,  ვთქვი,  არ მიფიქრია. აი, ისე, რაც გავიფიქრე, ის ვთქვი, ბოდიშს გიხდი, უტაქტოდ გამომივიდა...

გოგომ ხელი მოკიდა, შეაჩერა:

-  არა, ლექსო... მაშინ მეც გავბრაზდი, მაგრამ მერე, რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ სწორედ მოიქეცი...

-  როგორ? მართლა ასე ფიქრობ?

-  კი... სახლში რომ მივედი, სულ შენს სიტყვებზე ვფიქრობდი, მოსვენება დავკარგე, მერე დედას მოვუყევი, რაც მოხდა... ქალების ამბავი ხომ მოგეხსენება, ქმარს თუ შეუჩნდა, ვეღარ გადაათქმევინებ და აი, მეორე დღეს ლამის ძალად წაიყვანა მამა ანალიზებზე და მართლაც ასე მოხდა...

-  არ ვიცი, რა ვთქვა, - ისევ მხრები აიჩეჩა ლექსომ - ჩემს სიტყვებზე მეც ძალიან ვინერვიულე და ბოდიშის მოხდაც მინდოდა...

-  არა, პირიქით, მე გიხდი ბოდიშს, მაშინ, რაღაცნაირად, ცუდად და უხეშად გამომივიდა... პირიქით, მადლობა, რომ გამაფრთხილე...

-  ეს თავისთავად მოხდა, არ მიფიქრია, რას ვამბობდი.

-  ჰოდა, ზუსტად მაგას გეუბნები, ფარული ნიჭი გაქვს, ლექსო, ადამიანების მომავალს ხედავ.

-  ასე გგონია? - მხრები აიჩეჩა ისევ.

-  მგონია, კი არა, დარწმუნებული ვარ!

ნათია ადგა და კარისკენ წავიდა, მერე შეჩერდა და ისევ მერხთან მჯდომ ლექსოს მოხედა:

-  ეს ნიჭი არ ჩაკლა შენში, რა იცი, როდის დაგჭირდება!

გოგომ თვალი ჩაუკრა და კლასიდან გავიდა.

დიდხანს იჯდა და ფიქრობდა. მერე წამოდგა და მტკიცედ გადაწყვიტა, შაბათ-კვირას ტაძარში რომ წირვა-ლოცვაზე წავიდოდა, მოძღვრისთვის ყველაფერი მოეყოლა.

 

3

მირა რამდენიმე თვის შემდეგ გამოწერეს. ჯერ ისევ სუსტად იყო, მაგრამ სახლი ენატრებოდა და ექიმს პირადად სთხოვა, დამღალა, ამ გახამებული თეთრი კედლების ცქერამ, ფერადოვნება მომენატრაო. ექიმს გაეცინა და ღიმილით უთხრა:

-  დედაშენს ვეტყვი, რომ ხვალ ფანქრები და სახატავის ფურცლები მოგიტანოს, რომ სამყაროს გაფერადება შეძლო.

მირას დედა  ამ დროს პალატაში შემოდიოდა, ექიმის სიტყვები გაიგონა, თუმცა არ უფიქრია, რა კონტექსტით იყო ეს სიტყვები ნათქვამი. მეორე დილით,  მირა მაინც გაწერეს სახლში, ახლადგამოღვიძებულს, საწოლის გვერდით ფანქრები და სახატავი რვეული დახვდა. თინას მაინც ეყიდა შვილისთვის ექიმის ხუმრობით ნათქვამი სახატავი და ფანქრები. მირას გაეღიმა   და მაშინვე ყველაფერს მიხვდა. მარტოს, თან საწოლში მწოლიარეს, მთელი დღე მაინც რა უნდა ეკეთებინა და სახატავი გადაშალა. გულმა წითელი ფანქრისკენ გაუწია, კოლოფიდან ამოაძვრინა. სულ თორმეტი ფერი იყო, თან ისე წვრილად წათლილი წვერებით ამოეყოთ თავი ყუთიდან, მირას კიდევაც გაუკვირდა, ასე საგანგებოდ და ნატიფად ვინ წაუთალა წვერიო? მერე ფანქარი ხელში შეათამაშა და ფურცელზე წრე მოხაზა. ამ წრეს თვალები და სხივები გაუკეთა და ცეცხლოვანი მზე უკვე ფურცლის კიდეზე აკაშკაშდა... ამას სხვა ფერებიც მოჰყვა და ნელ-ნელა გაივსო ფურცელი ფერადოვანი სამყაროს გაცოცხლებული სიმბოლოებით, წითელი, კაშკაშა, ცეცხლოვანი მზე, ცისფერი, სარკესავით წმინდა ცა, დაბლა ზურმუხტოვანი ხეები და პატარა ბუჩქები, მინდორში გაბნეული გვირილები... გოგოსი და ბიჭის სილუეტები... განაპირას მორაკრაკე მდინარე და მოცურავე პატარები...

გოგოსა და ბიჭის სიყვარულით სავსე თვალები... ეს გოგო თავად არის, ეს კი ლექსოს მიამსგავსა. ისინი ფერდობიდან მდინარისკენ ხელჩაკიდებულები ეშვებიან, მათ თავს ზემოთ კი ულამაზეს მოფარფატე პეპლებს კამარა შეუკრავთ. მირას გაეცინა. ამ ავარიის მერე, მგონი, მის არსებაში, მართლა შეცვლილიყო რაღაც. არადა, ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ხატვის ნიჭი ჰქონდა. ვერც მოისაზრებდა ამას როდისმე. მერე, საღამოს, ლექსომ რომ მოინახულა და მარტონი დარჩნენ, მირამ სახატავი გადმოიღო და  მიაწოდა. ბიჭმა გაკვირვბით მოხედა:

-  ეს რა არის?

-  ვერ მიხვდი?

ლექსომ თავი გააქნია:

-  უბრალოდ ლამაზი ნახატია, ვისი შემოქმედებაა?

მირამ თვალები ეშმაკურად მოჭუტა, მაცდურად გაიღიმა. ლექსოს არ გამოჰპარვია ეს თვითკმაყოფილი ღიმილი და გაოცებულმა წარბები მაღლა აზიდა:

-  ნუთუ? არ მითხრა, რომ ეს შენ...

-  სწორედაც! - ნიშნისმოგებით უთხრა - სწორად იფიქრე!

ლექსოს თვალები გაუბრწყინდა:

-  ძალიან მაგარია, მირა, ნიჭიერი ხარ!... და რატომ არასოდეს გითქვამს ეს ჩემთვის?

-  თავადაც ახლა გავიგე, - გაიცინა გოგომ -  ექიმთან რომ ვჭუჭყუნებდი, მომბეზრდა ეს ერთფეროვანი კედლები-მეთქი, მან სამყაროს გაფერადება შემომთავაზა და როგორც ხედავ, არც თუ აუდგილოდ... მომეწონა ხატვის პროცესი.

 

 

თავი მეშვიდე

1

შებინდებისას, როცა ტუსაღები ერთ ადგილას შეაგროვეს და საკნებისკენ გაუყენეს გზას, პეტრეს უცნაურმა აზრმა გაუელვა თავში. თუმცა მაშინვე უარყო და მიაფუჩეჩა... მერე შუაღამე გადავიდა. იწვა თავის ბნელ საკანში და ჭერს თვალებგაშტერებული შესცქეროდა. ვერაფრით ვერ იძინებდა. აბეზარი მწერებივით შემოსალტვოდნენ ფიქრები. მათგან თავის დაღწევა მართლა შეუძლებელი იყო. ზოგი ისეთ შხამიან ნესტარს უსობდა, მთელ მის ფსიქიკას წამლავდა, ზოგი კი პეპელასავით დანავარდობდა და მზის სხივებზე თბილი მოგონებები შემოჰქონდა. ამ რამდენიმე დღის წინ მომხდარი ფაქტები მართლა აფორიაქებდა, თუმცა გრძნობდა, რომ იმ იდუმალი კარის აღმოჩენა, სამსონთან ხელახალი შეხვედრა, რაღაც ახალსა და ცვლილებებით სავსე მომავალს მოუტანდა, მაგრამ მანამდე უნდა დაეცადა... აზრები მაინც არ ისვენებდნენ.  კრაზანებივით კბენდნენ და ტკივილსაც ცხადად გრძნობდა. რა სიამოვნებით გასრესდა ამ მწარე და მტანჯველ ფიქრებს, როგორც ბავშვობაში სრესდა და არც ნიაკოს ცრემლიანი თვალების აღარ შეეშინდებოდა, რადგან დედა უკვე მკვდარი იყო და მეორედ ვეღარ მოუკვდებოდა, არც მათი განადგურების შეეშინდებოდა, რადგან ეს მწარე მოგონებები სულზე კბენდნენ და მის სხეულს მთლიანად შხამავდნენ... მოგონებები უნდა მოვკლა ჩემში, უნდა დავასამარო, როგორც გახრწნილი გვამი, მზეზე რომ ყროლდება, მოგონებები უნდა გავაქრო ჩემს წარმოსახვაში.... მერე უცებ გაიფიქრა, რომ ეს, რაც მის თავს ხდებოდა, მხოლოდ სიზმარი იყო და ოდესმე, როგორც ყველაფერს, ამ სიზმარსაც ექნებოდა დასასრული. გამოიღვიძებდა და უკან მოიტოვებდა. ეს სიზმარიც გაქრებოდა გამდნარი თოვლივით და ისევ მშვიდად გაიღვიძებდა თავის საწოლში, მზე ისევ თვალებში ჩახედავდა და მის სევდიან სახეს ღიმილს მოჰგვრიდა... მაგრამ ეს ყველაფერი უგრძეს და საშინელ სიზმარს ჰგავდა, ბოლო და დასასრული რომ არ უჩანდა.... აზრმა ისევ გაიკნავლა მის გონებაში და პეტრემ ისევ ჩაახშო. სასაცილოდ ეჩვენებოდა ახლა იმის გაკეთება, რასაც მისი ქვეცნობიერი მზა რეცეპტის სახით აწვდიდა... და თუ მართლა ის მკვდარი იყო და სულების სამყაროში იტანჯებოდა, მით უფრო უტოპია და უაზრობა გახლდათ, ამის გაკეთება, ის ხმა კი - მისი სხეულის სიღრმიდან რომ მოუწოდებდა, იმდენად შემაწუხებელი და დამღლელი იყო, რომ პეტრემ შუბლი დაიზილა, იქნებ ამგვარი გზით, მის თავში გაჭედილი ეს აბეზარი ფიქრი გამოედევნა, მაგრამ მასაჟმა თითქოს პირიქით იმოქმედა, უფრო გაძლიერდა და მომაბეზრებელი გახდა. აღვირაწყვეტილი ცხენივით ბორგავდა და ფლოქვებით მის გონებას თხრიდა. პეტრემ ისღა მოახერხა, რომ ფეხზე წამოდგა და საკანში ბოლთის ცემას მოჰყვა... აზრი კი გასახედნი ცხენივით კვლავ გაჯიუტდა, შიგნიდან მთელი ხმით ეძახდა, თითქმის უყვიროდა:

-  მიდი, რას კარგავ, სცადე, მარტო არ ხარ ამ სამყაროში, ხმა მიაწვდინე, ვინმეს ხმა მიაწვდინე....

პეტრე უკვე დაღლილ-დაქანცული ჩაერთო ამ მოსაბეზრებელ დიალოგში.

-  ვის მივაწვდინო? ვინ მყავს გულშემატკივარი, ვინ გაიგებს, ვინ? ...

ხმა არ ცხრებოდა და აგრძელებდა:

-  მარტო არ ხარ, გყავს მეგობრები, ვინმეს იპოვი, ვისაც შენთვის გული შესტკივა...

-   არავინ მყავს, გაიგე, არავინ...  ან რა აზრი აქვს, სად ვიქნები, ვის ვჭირდები? მარიას მერე აღარავინ დარჩა...

-  მარიას დედა? ამ ქალს ხომ ახსოვხარ, ამ ქალს სჭირდები... - არ ისვენებდა ხმა...

-   კი მართალია, მაგრამ... რა შემიძლია?...

-  ნუ წუწუნებ!... ცდას წინ არაფერი უდგა...

- კარგი, რახან არ იშლი, იყოს შენი ნება, მალე ხომ დარწმუნდები, რომ რასაც მთავაზობ, სრული აბსურდია?

პეტრემ ჩაიჩოქა და ტახტის ქვემოთ შეყო ხელი. იქიდან თავის ჩანთა გამოაცურა და გახსნა. ხელი მოაფათურა. მერე მარიას საფლავიდაან წამოღებული დამჭკნარი ვარდი ამოიღო, დანა, მალამო, სითხით სავსე ბოთლი... თითქოს მეტი არაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ თითებში ის საგანი მოხვდა, რის გამოც ეს ხმა ამ დღეების მანძილზე მოსვენებას უკარგავდა. ეს მობილური ტელეფონი გახლდათ. ტელეფონი ჩართო. ციფერბლატი აცისკროვნდა. მუშაობს - გაიფიქრა გაკვირვებულმა და ისევ დახედა... ხმა კვლავ ჩაიღვარა მის ყურებში: - რაღას უყურებ, დარეკე? პეტრემ ნომრები მოიძია... მარიას დედის ნომერი აკრიფა და ზარი გაუშვა... ზარი გავიდა და მალევე მიწყდა...

-  ასე არაფერი გამოვა, ტელეფონი დაგიჯდება, მესიჯი აკრიფე - გაიგონა ისევ ის ხმა და პეტრემაც ტექსტი აკრიფა:

„მე პეტრე იბერი ვარ, დავიკარგე... თქვენი დახმარება მჭირდება...“

-  კარგია! - ისევ გაიგონა: - ახლა შეგიძლია, უკვე გააგზავნო...

-  სად? - წამოიკვნესა პეტრემ. ჯერ მეგობრების ნომრებზე აგზავნა, შემდეგ, მარიას დედის. მესიჯი არსად არ გაიგზავნა. - აი, ხომ გითხარი, აზრი არ აქვს-მეთქი ამას...

-  დანებება არ გაბედო, ღმერთს შეუპოვარი და მებრძოლი ადამიანები უყვარს,  ,,ცდა ბედის მონახევრეა“...

-  როგორღა ვცადო, დალოცვილო, არსად არ იგზავნება?

-  უბრალოდ, ერთი ციფრი აკრიფე და ალალ ბედზე გაუშვი, უმისამართოდ. ის ვინც უნდა ეს მესიჯი წაიკითხოს, აუცილებლად მიიღებს, დამიჯერე, სამყაროს თავის წესები და კანონზომიერებები აქვს. შენ გააკეთე შენი საქმე, ის კი, ვინც უნდა დაინახოს, ყველა რომ დაბრმავდეს, მაინც დაინახავს. წერილი თავის ადრესატს იპოვის!

-  არ იგზავნება, ხომ გითხარი...

-  შენი საყვარელი ციფრი აკრიფე...

-  საყვარელი ციფრი? ამაზე არასოდეს მიფიქრია, ნუთუ შეიძლება ციფრების შეყვარება?

-  ყველაფრის შეყვარება შეიძლება. ციფრებს თავისი დატვირთვა და ფუნქციები აქვს, როგორ ფიქრობ, ამხელა მეცნიერება, როგორიც მათემატიკაა, რომელიც მთელი სამყაროს მთავარ მამოძრავებელ ღერძს წარმოადგენს, ციფრების გარეშე შეძლებდა განვითარებას? ციფრები უძლიერესი ძალის მატარებელი სიმბოლოოებია, მათ გარეშე წარმოუდგენელია ეკონომიკა, ვაჭრობა, შენ წარმოიდგინე, დაბადება და სიკვდილიც კი. ყველა ჩევენგანს ჩვენი დაბადების ციფრი გვაქვს, ეს ციფრები ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ელემენტია. ციფრებით ისაზღვრება ადამიანის ასაკი, ზომა, წონა, დრო-საათი, კალენდარი, ფული-ხელფასი, სიმდიდრე, დაბადება და სიკვდილიც... ციფრები სამყაროს განუყოფელი ატრიბუტია...

-  არასოდეს მიფიქრია, რომ ციფრებს ასეთი დატვირტვა ჰქონდა.

-  ყველგან ციფრებია, ყველგან... მთავარია 1-დან 9-მდე აირჩიო შენი საყვარელი ციფრი და აკრიფო, თუ ის ნამდვილად შენია, გაიგზავნება...

-  კარგი, დაფიქრების საშუალება მომეცი.

-  ეს სულ მარტივია, გაიხსენე ის ციფრი, ის დღე, როცა ყველაზე ბედნიერი იყავი...

დაფიქრდა, მარიას რომ შეხვდა ის დღე ყველაზე ბედნიერი იყო, 7 სექტემბერი..

-  შვიდი!

-  აკრიფე შვიდი და მესიჯი გააგზავნე...

-  ვკრეფ! - პეტრემ ხელის კანკალით აკრიფა შვიდი და მესიჯი გააგზავნა... უცებ ციფერბლატი აინთო და გაგზავნილიაო, დაიწერა... გაოცებული წამოხტა და ირგვლივ შემოტრიალდა.

-  გაიგზავნა! - შესძახა ხმამაღლა.

ის იდუმალი ხმა აღარ გამოხმაურებია, თითქოს რისი გაკეთებაც უნდოდა, პეტრეს აიძულა რომ გაეკეთებინა და ისევე უცებ გაქრა, როგორც გამოჩნდა. პეტრე აღელვებული დაეშვა ტახტზე. ტელეფონი გვერდით დადო და გათიშა. ახლა უნდა დაელოდოს, ლოდინის მეტი რა დარჩენია...

შუაღამე გადასულიყო, თუმცა პეტრეს ძილი არ მიჰკარებია. განთიადს უცდიდა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი სხეულის ბიოლოგიური რიტმით შეიგრძნობდა. იმ განთიადს, რომელიც ახალ დღესთან ერთად ახალ იმედსაც ჩასახავდა მის გულში, მაგრამ მეორე დღეს დატრიალებულმა ტრაგედიამ გზავნილი მესიჯიც და იმედიანი დილაც დაავიწყა.

 

2

ტრაგედია მაღაროში მოხდა, როცა ერთ-ერთმა მუშამ, საბედნიეროდ თუ მისდა საუბედუროდ, ამოთხრილ მიწაში ოქროს პატარა მარცვლები შეამჩნია. საქმე ის იყო, რომ მის მეზობლად მთხრელი მუშაც ხედავდა, როგორი აღფრთოვანებული გამოვიდა ტუსაღი და ეჭვი აიღო. ჩუმად აედევნა კვალში და როცა მდინარეზე ჩასულს, საწმისზე ოქროს მარცვლები დაულანდა, უკნიდან მიეპარა და ყელში წაუჭირა. აქაურობა დაუნდობელი ვირთხების სოროს ჰგავდა, სადაც საკვებნაპოვნი ვირთხა მეორეს არ ინდობდა. სწორედ ეს იცოდა პეტრემ და თავის საიდუმლოც ამ დრომდე დამალული და დაფარული ჰქონდა, იმედი აქ ყველაზე ძვირად ფასობდა, იმედის გასხვისებით კი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიდა... ახლა კიდევ უფრო დარწმუნებული იყო თავისი საქციელის სისწორეში.

 

 

თავი მერვე

 

1

დილით, ტელეფონი რომ ჩართო ლექსომ, უცნაური მესიჯი დახვდა. ალბათ, ვიღაცას შეეშალაო, გაიფიქრა. მერე  მთელი დღე იმაზე ფიქრობდა, იქნებ არ შეეშალა და დახმარება სწორედ მას - ამ უცნაურ და განსხვავებულ ბავშვს შეეძლო? ან  იქნებ ვინმე ერთობოდა და სპეციალურად გამოუგზავნა მესიჯი, მაგრამ მაშინ ვინაობას რატომღა მიუთითებდა? თითქოს ეს სახელი და გვარი სადღაც გაეგონა, იქნებ შემთხვევით მოესმინა კიდეც ვინმესთან საუბარში, მაგრამ სად? გონება დაძაბა. თუმცა მისი ინტუიცია დუმდა, არაფერს ატყობინებდა. დღემ კი უხალისოდ ჩაიარა, დილით დებთან ერთად სკოლაში წავიდა, მერე შუადღისას - დარბაზში ვარჯიშზე, საღამოს სახლში დაბრუნდა, მირას ტელეფოზე ესაუბრა და თითქოს, მთელი დღეც გაქრა. ელა სამზარეულოში ვახშამს ამზადებდა, გოგოები წინსაფარაფარებულები ისევ იდგნენ თავიანთი შეფ-მზარეულის გვერდით და ახალ-ახალ განკარგულებებს ელოდნენ. ელაც რა გრძნობდა, როგორი ინტერესით ადევდებდნენ გოგოები თვალს, ცდილობდა, ხმამაღლა ელაპარაკა და კერძების შემადგენლობა რამდენჯერმე გაემეორებინა. ასეთ გართულებს წამოადგა თავზე ლექსო. ელამ შვილს მოხედა და გაუღიმა:

-  მოგშივდა? ახლავე ყველაფერი მზად იქნება, მე და ჩემმა კულინარიულმა გუნდმა, თითქმის ყველა კერძის მომზადება დავამთავრეთ.

-  მართლა? - ვითომდა გაიკვირვა ლექსომ და გოგოების ჩუმად ელას თვალი ჩაუკრა: - ისეთი სურნელი იყო, ვიფიქრე, რომ ჩვენი პატარა მზარეულები რაღაც ძალიან გემრიელს ამზადებდნენ, მეძებარი ძაღლივით სუნს გამოვყევი...

გოგოები აკისკისდნენ, აშკარად სიამოვნებდათ ასეთი საუბარი, რადგან თავი უკვე გურმანები ეგონათ და ამ დროს მათთვის უცხო ადამიანის შექება ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო იყო. ლექსო კი ისევ მაცდუნებელი ღიმილით აგრძელებდა:

-  ოღონდ, ის ვერ გავიგე, რა მოამზადეს და რომელმა რა?...

ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ გოგოები სერიოზული შეფ-მზარეულებიდან ჩვეულებრივ ბავშვებად ქცეულიყვნენ და ახმაურდნენ:

-  მე ძეხვი შევწვი და სოუსიც გავამზადე ხახვითა და მწვანილით, - დაიძახა თეომ.

-  მე კი კვერცხიანი პურები დავბრაწე... თან ისე დავაწითლე... - აღარ დააცადა ეთომ.

-  ორივეს სასწრაფოდ გავსინჯავ, მაგრამ დედამ რაღა გააკეთა?

გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს და პასუხის მოლოდინში დედას ახედეს. ელამ ღიმილით მხრები აიჩეჩა:

-  რაღა დარჩა გასაკეთებელი? ჩაი ავადუღე და მურაბა გავხსენი.

-  მართალია, ასეთი მზარეულები რას დატოვებდნენ გასაკეთებელს? - გაიცინა ლექსომ,

შემწვარ კვერცხიან პურზე ძეხვის ნაჭერი დადო და სოუსი მოასხა. მერე გემრიელად ჩაკბიჩა. ცნობისმოყვარედ მოცქირალ გოგოებს ლამის სული დაელიათ, მისი შეფასების ლოდინში, ბოლოს, როცა მიხვდა, რომ უკვე მათმა მოუთმენლობამ კულმინაციას მიაღწია, თითქოს ამოიკნვნესა:

-  მმმმმდდააა... უგემრიელესიაააა... ნამდვილი სასწაულიიიი.

გოგოებმა უკვე თავისუფლად ამოისუნთქეს, ისეთი ხალისითა და სიცილ-კისკისით ჩამოარიგეს მაგიდაზე თეფშები და ჩაის სერვიზი, იფიქრებდით, ეს პატარა ანგელოზები მართლაც გამოცდილი მზარეულები გახლდნენ. ელა სიყვარულით ადევნებდა თვალს და გული სიხარულით ევსებოდა. ყოველთვის თვლიდა და მისი პედაგოგიური გამოცდილებაც ამას კარნახობდა, რომ ბავშვები უკვე შემდგარი პიროვნებები არიან, მათთან ჩხუბით ომს ვერ მოიგებ.  როგორც დიდებს, ისე უნდა დაელაპარაკო, ისევე შეაფასო, როგორც ზრდასრულები, ეს მათი პიროვნების განვითარებაზე ბევრად უფრო კარგად მოქმედებს. ყოველთვის ფიქრობდა, რომ არ უნდა ჩაკლა საკუთარ შვილში ნიჭიერება, ერთხელ წამოსროლილმა როყიო სიტყვამ შეიძლება, მისი ფსიქიკა სერიოზულად დააზიანოს.. აცადე ბავშვს, გახდეს პატარა გენიოსი, აცადე, გამოავლინოს მასში დაფარული გენიალურობა. მართალია, ელა განსხვავებულად ფიქრობდა, მაგრამ სწორედ ასეთი დამოკიდებულება ხდიდა მათ ოჯახს ერთიანსა და მტკიცეს. ოჯახში არავინ არავის უსიტყვო ბრძანებლობის შემსრულებელი არ არის, ოჯახი პატარა დემოკრატიული სახელმწიფოა, თავის მოვალეობებითა და წესრიგით... რასაც აკეთებ, სიყვარულით უნდა აკეთო, თორემ უსიყვარულოდ გაკეთებული საქმე უნდილად ჩარგულ ხეს ჰგავს, რომელიც ამ ახალ ნიადაგში ფესვს ვერ გაიდგამს და არ აღმოცენდება. სიყვარული მართავს საქმეს, ოჯახსა და სამყაროსაც. ელას შეხედულებები ოჯახზე რამდენადმე განსხვავდებოდა, სხვა მისი მეგობარი ქალებისგან, რომლებიც მუდმივად, თავიანთ ქმრებსა და დედამთილებზე ჭორაობდნენ, შვილების უყურადღებობასა და ფეთხუმობაზე ჩიოდნენ. ელას ოჯახში ყველას თავის საქმე ჰქონდა, მაგრამ ამ საქმეს სიყვარულითა და საკუთარი სურვილით ასრულებდნენ. ენერგია კი ელას იმდენი ჰქონდა, მზესავით ათბობდა ყველა კუთხე-კუნჭულს, ყველგან შეაღწევდა და ყველას დარდსა და ვარამს გაიზიარებდა, ყველას პრობლემას განიხილავდა. ფულიც ყველასათვის ნაცნობ ადგილას ინახებოდა, ყველამ იცოდა, რომ ეს მიჩქმალული და დაფარული არ იყო. თენგოც ყოველდღიურ ნაშოვნ თანხას იმ პატარა, საყვარელ წითელ სკივრში დებდა, ელამ ხუმრობით „ოცნებების ასრულება“ რომ წააწერა, ლამაზ თეთრ ფურცელზე და სკივრს გააკრა. იქიდან ფულის ამოღება ყველას შეეძლო, თუ ეს მათ მოთხოვნილებას სჭირდებოდა. აქ აკრძალული და დაფარული არაფერი გახლდათ. ბავშობიდანვე უნდა მიეჩვივნენ ფულის ყადრს და პატივისცემასო, _ ამბობდა ელა. შემომტანი ჯერჯერობით მარტო თენგო იყო, ლექსოს შემდეგ, სანამ გოგოები გაჩნდებოდნენ ელა მუშაობდა, მაგრამ ოჯახმა და პატარებმა ამის საშუალება აღარ მისცეს და დროებით თავი სახლს მიუძღვნა, მოგვიანებით კი ისევ საბავშო ბაღს დაუბრუნდა. მერე ლექსო ჩემპიონი გახდა და გარკვეული თანხით დააჯილდოვეს. ელა ელოდა, როგორ მოიქცეოდა მისი ვაჟი, თუმცა, მაინც აკვირდებოდა, არ უნდოდა, მის შვილს საკუთარი გამარჯვებით ნაშოვნი ფული ოჯახისთვის დანანებოდა. თუმცა ამის შესახებ არც მას და არც თენგოს კრინტი არ დაუძრავთ. ახსოვს ელას, როგორ მოვიდა ხელფასის აღების დღეს ლექსო, დედას ყვავილები და ყველაზე საყვარელი წიგნი უყიდა, რომლის შეძენაზეც უკვე დიდი ხანია ოცნებობდა, ერთხელ თუ ორჯერ წამოსცდა, მაგრამ ლექსოს მაინც მოესწრო დაფიქსირება, ეს დიდი სამზარეულოს ენციკლოპედია გახლდათ, სადაც საუკეთესო კულინარიული შედევრები, ლამაზი ფოტოებითა და დახვეწილი რეცეპტებით იყო გაფორმებული. გოგოებს ტკბილეული და ხილი მოუტანა, მამისთვის საფულე და თავისთვის კი ვერაფერი გაიმეტა. მოვიდა გახარებული და ისე შემოაბიჯა ამაყად, როგორც მამამისი  ბრუნდებოდა სარფიანი დღის შემდეგ. აღებული თანხა სკივრში ჩადო და საჩუქრები ჩამოარიგა. მაშინ ისეთი ბედნიერი იყო ელა... სულ ფიქრობდა, რომ ლექსო გამორჩეული ბავშვი გახლდათ და არც შემცდარა.

მთელი დღე ფიქრებში გაილია. ელა ოცნებიდან ზარის ხმამ გამოიყვანა, ლექსომ კარი გააღო. თენგო სამსახურიდან დაბრუნებულიყო და მასაც მგელივით შიოდა. ვახშამს შემოუსხდნენ. ჩაის სვამდნენ და თენგოს საუბარს ყველანი ჩუმად უსმენდა. ოჯახის უფროსი დღევანდელ დღეზე წუწუნებდა:

-  რაღაც ეს დღეები ჩავარდა მუშაობა, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ მალე გამოსწორდება, ხალხი გაღარიბდა და არც მიკვირს, ტაქსისთვის რომ ვერ იმეტებენ ფულს.

-  მასეა, თენგო, მაგრამ, ღმერთი მოწყალეა, შენ თუ არა, აგერ ბიჭი წამოგვესწრო, თხუთმეტი წლის უკვე ჩემპიონია, პირველი ხელფასიც მოიტანა, გამარჯვებები კიდევ გვექნება, ეგრე არ არის, ლექსო?

-  კი, დეე, მე რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ, მსოფლიო ჩემპიონი, რომ გავხდები, საკუთარ ბიზნესს წამოვიწყებ!

-  ერთი ამას უყურე, მგონი, აღარ ხუმრობს - გაეცინა თენგოს - აბა, რა დრო მოვიდა, შენს ჩემპიონობას რომ ველოდებით?

თვალი ჩაუკრა ცოლს და გოგონებს სიყვარულით თმებზე გადაუსვა ხელი:

-  ჭამეთ, ნუ იტყლარჭებით, მერე კი ძილისთვის მოემზადეთ, საღამოობით, ტელევიზორს არ მინდა, რომ უყუროთ.

-  არა რა, მამიკო, დღეს მულტფილმებისთვის ვერ მოვიცალეთ, იმდენი საქმე გვქონდა სამზარეულოში, ყველაფერი მივალაგეთ, შევწვით, მოვამზადეთ.

-  მართლა? ასეა, დედიკო?

ელამ მხრები აიჩეჩა, თავი ღიმილით დაუქნია:

-  კი, ასეა, მამიკო, ნამდვილად იყოჩაღეს.

-  კარგით, დღეს გამონაკლისი დავუშვათ, მხოლოდ ნახევარი საათი... გესმით, მხოლოდ ნახევარი საათი, სანამ  ჩვენ ვვახშმოთ, შეგიძლიათ, ეს დრო გამოიყენოთ.

გოგოები წამოცვივდნენ და დიდი სიცილ-კისკისით დატოვეს სამზარეულო. ახლა ისინი მულტფილმებისთვის იყვნენ მზად და ეს ნახევარი საათი მაქსიმალურად უნდა გამოეყენებინათ. თენგო ისევ ჩაის სვამდა და მადიანად აყოლებდა კვერციან პურებს ძეხვს. მერე ისევ ალაპარაკდა.

-  ვერ გაიგებ, ხან იმდენი მგზავრია, განსაკუთრებით, როცა წვიმს და ცუდი ამინდია, მზიან დღეებში, კი ხალხი უფრო ფეხით სიარულს ამჯობინებს.

-  ასეა, - კვერი დაუკრა ელამ - დაგავიწყდა ჩვენი ახალგაზრდობა? მზიან დღეებში სულ ფეხით გვინდოდა სიარული, წვიმაშიც კი ფეხით დავდიოდით..

-  მაშინ სხვა დრო იყო, ხალხი შეიცვალა... რაღაცნაირად ფულის ყადრი ისწავლეს, ძნელად თუ იმეტებენ თავიანთი თავისთვის თანხებს...

-  მასეა, მაგრამ დღესაც არიან გამეტებული ადამიანები.

-  კი, მაგრამ ხანდახან ხურდის დაბრუნებამდე სხედან და მელიან, თითოეულ კაპიკს მიითვლიან... სიძუნწე გაჩნდა.

-  არა, დღესაც არიან გამეტებული და ხელგაშლილი ადამიანები.

-  ჰო, მაგრამ თითო-ოროლა, ამდენი წელია ტაქსიზე ვმუშაობ და იშვიათად თუ ვინმეს დაეტოვებინოს ხურდა, არათუ, მეტი ეჩუქებინოს.

-  ნუ განიკითხავ გაჭირვებულ ადამიანებს, რომ ჰქონდეთ, ალბათ, მეტს გაიღებდნენ... თუმცა გახსოვს, ერთი კაცი რომ წაიყვანე მთაში, კარგადაც გადაგიხადა და ჩვენი ბიჭისთვის მობილურის ფულიც გაჩუქა.

თენგომ თავი მოიქექა, თითქოს რაღაცას იხსენებსო, მერე ჩაის უკანასკნელი ყლუპიც მოსვა და კვერცხიანი პურის ბოლო ლუკმაც ჩაყლაპა, ფეხზე წამოდგა, ხელები შეიწმინდა და ცოლს გაეპასუხა:

-  კი, მაგ ღვთისნიერ კაცს რა დამავიწყებს, მაშინ ჩვენი ბიჭი როგორ გავახარეთ.

ლექსო დინჯად და ზარმაცად ჭამდა და ცალი ყურით უსმენდა მშობლების საუბარს.

-  სახელი მაინც გეკითხა, მერე მადლობას ვეტყოდით - შეეპასუხა ცოლი.

-  სახელიც მახსოვს და გვარიც, აბა მთელი გზა რას ვაკეთებდი, ვსაუბრობდით, თორემ იმხელა დღეს რა გალევდა... პეტრე იბერი... კი ასე ერქვა, მის გვარზე კიდევაც გამეღიმა, ძალიან პატრიოტულად ჟღერდა, კაცსაც ეტყობოდა, რომ ნამდვილად ქართული სისხლი უჩქეფდა ძარღვებში... თუმცა ბევრს არ ლაპარაკობდა, რაღაცნაირად, სევდიანი და დათრგუნული ჩანდა, მგონი, ვიღაც გარდაცვლოდა....ჰო, ნამდვილად ასე იყო...

-  კარგადაც ჟღერს - პეტრე იბერი!- გაიმეორა ელამ.

დედის ხმამ ლექსო თითქოს გამოაფხიზლაო, ადგილზე შეხტა და თავადაც გაიმეორა:

-  პეტრე იბერი?

თენგომ ვაჟს მოხედა და თავი დაუკრა:

-  კი, ასე ერქვა ნამდვილად მახსოვს.

ლექსოს დილანდელი მესიჯი გაახსენდა და ფეხზე წამოვარდა:

-  მამა, სად მიიყვანე ის კაცი გახსოვს?

-  როგორ არ მახსოვს, მთაში მიდიოდა, მესაქონლეობისთვის მიეყო ხელი და ამ ბიზნესის გაფართოებას აპირებდა.

-  გასაგებია! - თქვა ლექსომ და სამზარეულოდან გავიდა.

თავის ოთახში რომ შევიდა, კარი ჩაკეტა და მესიჯი კიდევ ერთხელ წაიკითხა. აქ შეცდომა არ არსებობდა, ნამდვილად ის კაცი იყო, განა რამდენი პეტრე იბერია  მის გარდა საქართველოში? არა, ის იყო, სწორედ ის, კაცი რომელმაც ერთი ლამაზი დღე აჩუქა ლექსოს, მისი ოცნება  აასრულა და სანატრელი სმარტფონი სწორედ მისი წყალობით მიიღო. ახლა კი ამ ადამიანს უჭირდა, დახმარებას სთხოვდა, ლექსოს სთხოვდა, სწორედ იმ ბიჭს, რომელიც  მაშინ, იმ დილას მისი თანხით ნაყიდმა ტელეფონმა ასე რომ გააბედნიერა.

 

2

მეორე დღეს, ჩვეულებისამებრ, სკოლაში წავიდა. წინ მოხტუნავე გოგოებს ცალი თვალით აკონტროლებდა, რომ შემთხვევით ტროტუარიდან ქუჩაზე არ გადასულიყვნენ. მანქანები შიდა უბნებში მაინცდამაინც უხვად არ მოძრაობდნენ, მეჩხერად იყვნენ, მით უფრო დილით, მაგრამ ყურადღების მოდუნება მაინც არ ივარგებდა... გურამის სახლს რომ გაუსწორდნენ, ლექსომ ზემოთ აიხედა, რაღაცნაირი სიცარიელე იგრძნო, მოხუცი კაცის თვალები რომ არ აცილებდნენ. შეეცოდა. სევდიანად გაიხედა წინ და თავადაც ვერ მიხვდა, როგორ ამოიოხრა. „რამდენი ადამიანი კვდება მარტოობაში“, - გაიფიქრა თავისთვის - იქნებ პეტრე იბერიც კვდებოდა ახლა, მშველელს უხმობდა და არ იცოდა, როგორ ეხსნა თავი... ის კი აგერ უკვე მეორე დღეა მის მესიჯს კიდევ და კიდევ კითხულობდა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო....

მზე უფორმო, ფუმფულა ღრუბლებიდან გამოძვრა და ლექსოს შესცინა. აპრილი იწურებოდა. ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა.  შეუღებავ, მობრეცილ  ღობეებს გვერდით ჩაუარეს და სკოლის სამსართულიანი შენობაც გამოჩნდა. ლექსომ გოგოები კლასამდე მიაცილა. რადგან მათ შორის განსხვავება მხოლოდ თერთმეტი თვე იყო, ელამ ერთ კლასში მიიყვანა, ტყუპები არ იყვნენ, მაგრამ დებს, რატომღაც ყველა ტყუპებად აღიქვამდა. დები სწავლაში ტოლს არ უდებდნენ არავის და წარჩინებულთა შორის ირიცხებოდნენ. თეო მუსიკით იყო გატაცებული, ეთო - ხატვით, მაგრამ ეს თითქოს კიდევაც ავსებდა ამ ორ პატარა განუყრელ არსებას, დღესასწაულებსა და წვეულებებზეც ერთად დადიოდნენ, გაკვეთილებს ერთმანეთს აბარებდნენ და ერთმანეთის ცოდნას ამგვარად ამოწმებდნენ. კლასში, თუ რომელიმეს  დაფასთან გაიძახებდა მასწავლებელი, მოყოლის დროს, ის დას უყურებდა თვალებში, რომელიც თითქოს მის ნათქვამ თითოეულ სიტყვას ამოწმებდა და თავის დაკვრით დასტურს აძლევდა. ვინიცობაა, თუ დას რამე შეეშლებოდა, ეს უკანასკნელი თავის დაკვრას წყვეტდა და თვალებით ანიშნებდა, ახლა არასწორს ამბობო, თითქოს ერთმანეთს დაზუსტებასა და უკეთესად ქცევაში აწრთობდნენ...

... ლექსო კლასში შევიდა და მერხზე ჩამოჯდა... ისევ იმ უცნაურ მესიჯზე ფიქრობდა. გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიეღო... მერე ზარი დაირეკა და პედაგოგიც შემოვიდა. უცებ მის გვერდით ნათიამ  რაღაც ააშრიალა:

-  ლექსო, - ჩაიჩურჩულა გოგომ და ცელოფნის პარკში გახვეული მცირე ზომის შეკვრა, მერხის ქვემოდან მიაწოდა.

-  რა არის? - გაიკვირვა ბიჭმა.

-  შოკოლადის ფილაა, შენ წამოგიღე.

ლექსო ცოტა არ იყოს, შეკრთა, ამგვარი ყურადღება არ მოეწონა, მაგრამ გოგოსთვის გული რომ არ ეტკინა, მაინც გამოართვა და ჩაეკითხა:

-  რატომ მომიტანე?

-  ისე! - გაუცინა გოგომ და თავდახრილმა ცეცხლოვანი ღიმილით სავსე მზერა შეანათა.

ლექსო უხერხულად შეიშმუშნა:

-  არ იყო საჭირო, მაგრამ მადლობა!

-  არაფერს!

მასწავლებელი რიგებს შორის ამოძრავდა და ლექსომაც სასწრაფოდ ჩააცურა ფილა ჩანთაში. სახეზე ოდნავ კი წამოწითლდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია.

საღამოს, ვარჯიშის მერე, მირასთან შეირბინა, მოიკითხა. გოგო საწოლზე წამომჯდარი დახვდა და ისევ ხატავდა. რამდენიმე ნახატი დაუდო ცხვირწინ. ლექსომ დაკვირვებით შეათვალიერა...

-  რა უცნაური ფიგურებია, აშკარად განსხვავებულ სამყაროს ხატავ.

-  ასეა! - გაეცინა გოგოს.

სარკმლიდან შემოსული ბინდი ძალას იკრებდა.

-  დაისვენე, ძალიან ბევრს ნუ დახატავ, არ მინდა, გადაიღალო, ხომ იცი, ახლახან დიდი ტრავმა გადაიტანე... - ლექსოს უნდოდა ეთქვა, ლამის მოკვდიო, მაგრამ ეს სიტყვები თითქმის ენის წვერზე შეაჩერა და რამდენადმე შეარბილა, ახლა სიკვდილზე ლაპარაკი და მისი ხსენება, უაზრობად ეჩვენა - არ მინდა, რომ დაიღალო...

-  არა, ლექსო, ეს კი არ მღლის, პირიქით, გამოჯანმრთელებაში მეხმარება. ამას წინათ ტელევიზიით ვუყურებდი, არტთერაპიაც ერთ-ერთი დარგია ფსიქოლოგიის, რომელიც ფსიქიკური ტრავმების დაძლევაში გვეხმარება... საკუთარი ფიქრების სწორად მართვას გვასწავლის.

-  ვიცი! - ჩუმად თქვა ლექსომ - ისე გაგაფრთხილე, ხომ იცი, რომ შენ გამო სულ ვნერვიულობ? მაგრამ თუ ეს სიამოვნებას განიჭებს, ხატე, ეს არც თუ ისე ცუდად გამოგდის, ვიტყოდი, შესანიშნავადაც კი!

-  გმადლობ! - მირას ხელი ოდნავ შეეხო ლექსოს, მერე ნახატები მთელ საწოლზე ფარდასავით გადაშალა და ბიჭს ცნობისმოყვარე თვალებით შეაცქერდა. იცოდა, ლექსოსგან შეიძლებოდა მხოლოდ სიმართლე მოესმინა. ამ უკანასკნელმაც დაკვირვებით შეათვალიერა თითოეული ნახატი.

-  ეს რა არის? თითქოს ყველა ერთ სიუჟეტს ასახავს და ერთმანეთს აგრძელებს. პირველი ნახატი ვიცი, გოგო და ბიჭი ფერდობიდან რომ ეშვებიან და მდინარისკენ მიდიან... მეორე რომელია?

მირამ ხელი დაადო შემდეგს. აქაც გოგო და ბიჭი იყო გამოსახული, ახლა ისინი შუა მინდორში ისხდნენ და ჩამავალი მზის დისკოს გაჰყურებდნენ. მართალია, მზე ისეთი კაშკაშა და თბილი აღარ იყო, ცასაც შეჰპარვოდა ფარული ბინდი, მაგრამ მაინც საგრძნობლად ნათელი და მეწამულისფერი ჩანდა. შემდეგ ნახატზე მარტო მთები და ხეობები მოჩანდა, შემდეგზე ისევ  გოგო და ბიჭი, მაგრამ მათ შორის უკვე პატარა გოგონა იდგა და ბავშვი მათთან ხელებჩაკიდებული ცას გაჰყურებდა... შემდეგ სურათზე მდელოზე ჩამომსხდარ წყვილს, რომლებსაც პიკნიკის მოწყობა გადაეწყვიტათ, ერთი პატარა ბიჭიც შეჰმატებოდათ... ლექსო ხარბად აკვირდებოდა, თითქოს მის თვალწინ გარბოდა წლები.

-  დანარჩენები სად არის?- იკითხა ბოლოს... - აქ მგონი, ერთი წყვილის მთელი ცხოვრებაა ასახული.

-  ასეა, წლები გადის და ისინიც იზრდებიან, ჯერ მშობლები ხდებიან, შემდეგ...

-  შემდეგ ბერდებიან და... ბებია-ბაბუა, ხომ?

-  რა გამჭრიახი ბიჭი ხარ! - გაეცინა მირას - არ მითხრა ახლა, რომ მსოფლიო საიდუმლო აღმოაჩინე, ეს ხომ ჩვეული კანონზომიერებაა...

-  ნუ დანცინი, შენ ეგ მითხარი, ეგ წყვილი ჩვენ ვართ, არა?

-  როგორ მიხვდი?

-  და შემდგომ ნახატებს მალე ვიხილავთ? ერთი სული მაქვს, ვნახო როგორი ბაბუა ვიქნები.

-  ეგრე გეჩქარება სიბერე?

-  გარდაუვლობას ვერ გავექცევით.

-  დამშვიდდი, ლექსო, ყველაფერი თავის დროზე მოვა... მოვლენებს რატომ აჩქარებ?

-  იქნებ მართალიც ხარ, ყველაფერი თავის დროზე მოვა... უბრალოდ, მივყვეთ ცხოვრების მდინარეს...

-  ჰო, მასეა!

მირამ უცებ მოიწყინა. ნახატები ისევ ერთად შეაგროვა და საწოლის გვერდით ტუმბოზე მიაწყო. ლექსო თვალს არ აშორებდა და თავისთვის ფიქრობდა, მართლა როგორები იქნებოდნენ წლების მერე ის და მირა, შევერცხლილები და ნაოჭებით დახუნძლულები?  მერე ფიქრი გონებიდან გამოუსხლტა და სულ სხვა თემაზე გადაერთო. უცებ ძალიან მოუნდა მირას აზრი მოესმინა და დაბალი, რაღაცნაირი იდუმალშეპარული ხმით ჰკითხა:

-  მირა, შემთხვევით, დაკარგული წერილი რომ მიიღო, რომ ადამიანს დახმარება სჭირდება, როგორ მოიქცეოდი?

მირამ გაოცებული თვალები შეანათა:

-  უცნობი ადამიანისგან?

-  ჰო, აი ისე, მიიღო, სადაც  ვიღაც დახმარებას გთხოვს, დაიჯერებდი, რომ ამ ადამიანს მართლა შენი დახმარება სჭირდება?

-  დავიჯერებდი!

-  რატომ?

-  იმიტომ რომ ადამიანები დახმარებას არავის სთხოვენ, თუ მართლა არ უჭირთ...   კომაში რომ ვიყავი, უცნაურ რამეებს ვხედავდი...

-  მირა, არ გინდა.... - ხელზე ხელი შეახო ლექსომ - არ მინდა, ისევ ის ამბები გაიხსენო... დამთავრდა, მორჩა, უკვე გამოძვერი, სამშვიდობოს ხარ!...

მირამ სევდიანად მოხედა. თავი გააქნია. ისეთი ჩუმი ხმით თქვა, თითქოს სიცივემ მთელი სხეული გაუყინა, ეს ყინული კი ლექსოს დადებულ ხელშიც გადავიდა და ბიჭმაც დაინახა ის სამყარო, საიდანაც მირა რამდენიმე ხნის წინ წამოვიდა. მირა აგრძელებდა:

-   ერთი გოგო ვნახე, ისიც ჩემსავით ელოდა, გესმის, ელოდა... ისეთი სიფრიფანა და ნაზი, ცასავით კრიალა ცისფერი თვალები ჰქონდა... სულ ტიროდა... უკან დამაბრუნეთო, იხვეწებოდა, იქ სიყვარული დამრჩაო... შემეცოდა, იცი, რატომ? ყველაზე საშინელ დანაშაულად შეყვარებულების სასიკვდილო გაყრა მიმაჩნია და იმიტომ!... მერე ეს გოგო ჩემკენ მობრუნდა და მითხრა, - იმ მანქანაში ვიჯექი, შენ რომ დაგეჯახა, მაგრამ ვინც ჩვენ ასე დაგვასახიჩრა, ის კაცი ცოცხალია, ჩვენ კი ვერასოდეს დავბრუნდებით იქო... შემეშინდა... დღეები თითქოს გაიწელა, ის გოგო სულ ტიროდა და ვიღაცას უხმობდა. მე ვიდექი და მას ვუყურებდი, თითქოს ჩვენს რიგს ველოდით... მერე ის გოგო წაიყვანეს, ახლაც მახსოვს, როგორი სევდიანი თვალებით მომხედა, სიყვარულშეყინული თვალებით და შემეშინდა... სიკვდილზე საშინელი იცი, რა იყო, უსიყვარულოდ სიკვდილი... მას უყვარდა და მოკვდა, მე კი სიყვარული არც კი გამომეცადა და უკვე ვკვდებოდი... მერე დავიჩოქე და უფალს შევევედრე, ისე ნუ წამიყვან, რომ სიყვარული არ გამომაცდევინო-მეთქი... ზურგს უკან ხელის შეხება ვიგრძენი, შემოვბრუნდი და მოხუცი კაცი დავინახე, თეთრი წვერი მკერდამდე დაჰფენოდა, თმაც სპეტაკი და თეთრი ჰქონდა. ხელი მომკიდა მაჯაზე და უმალ გათბა ჩემი სხეული... ჩუმად მითხრა:

-     შენ ისეთ ბიჭს უყვარხარ, აქაც ჩამოვა, რომ მოგძებნოს, მას კი უამრავი საქმე აქვს დასამთავრებელი...

ხელით მიბიძგა და გზაც გამოჩნდა. წამოვედი... მერე ვგრძნობდი, როგორ მეხებოდი, მეჩურჩულებოდი, თითოეული შენი სიტყვა მესმოდა. შენი დაპირება, გამარჯვება, სიყვარული... თითქოს შენი სიყვარული, შენი სიტყვები, ის ჯადოსნური ვარსკვლავები იყვნენ, რომლებიც  აქეთ მომავალს გზას მინათებდნენ... როგორ შემეძლო იქ დარჩენა, როცა შენ ასე გჭირდებოდი?

-  მირაა...

ლექსომ მის გაშლილ ხელისგულებში თავი ჩარგო და გაყუჩდა:

-  ჩემო მირა!

 

3

ბინდი ფეხაკრეფით წამოეპარა ფანჯრებს. ოთახში ჩამობნელდა. მერე კარი გაიღო და მირას დედა შემოვიდა. სინათლე აანთო:

-  დაბნელდა, ბავშვებო, თქვენ კი ისე ჟღურტულებთ, ვერც კი შეამჩნიეთ. ფორთოხლის წვენი და ფუნთუშები მოგიტანეთ.

-  გმადლობთ, თინა დეიდა, - ლექსო ცოტა შემკრთალი და დარცხვენილი წამოდგა, ქალს მორიდებით შეხედა: - რატომ შეწუხდით, უკვე წასვლას ვაპირებდი.

ქალმა გაუღიმა. წვენი და ფუნთუშები ტუმბოზე დადო და ლექსოს სიყვარულით ქოჩორზე გადაუსვა ხელი:

-  ჭამეთ, ეს-ესაა გამოვაცხე, მარწყვის და გარგრის ჯემითაა, იმედი მაქვს, მოგეწონებათ, მე კი ხელს არ შეგიშლით, ისაუბრეთ... მირა როცა მარტოა, სულ ხატავს, ახლა როცა სტუმარი ჰყავს, ცოტას მაინც შეისვენებს, თორემ ასეთი ჩვევა აქვს, რამეს რომ აინიჟებს, იმას აკეთებს, არც დრო და ჭამა აღარ ახსოვს...

ლექსომ ჯერ მირას შეხედა, მერე დედამისს. თინა ამ რამდენიმე კვირას საოცრად შეეცვალა, სახე დაღლილი და დანაოჭებული ჰქონდა, მხოლოდ თვალები უღიმოდა და იმ უსაზღვრო სითბოს ასხივებდა, რომელიც მზესავით არ ქრებოდა მას შემდეგ, რაც მისი შვილი ცოცხლებში დაბრუნდა. რაღაცნაირად ამაში ლექსოს წვლილსაც ხედავდა და მას საოცარი სითბოთი ხვდებოდა, ხანდახან თავის გულშიც ფიქრობდა, ამ ბიჭმა შვილი ისევ დამიბრუნაო...

ქალმა გაღიმებული თვალები მოჭუტა და ოთახიდან გავიდა.

მირა მაშინვე ფუნთუშას დასწვდა. მადიანად ჩაკბიჩა და ლექსოს მიუბრუნდა:

-  გასინჯე, დედა მართლა გემრიელ ფუნთუშებს აცხობს, ეს მარწყვიანია, შენ ალბათ, გარგრის შეგხვდება.

ლექსომ ახლაღა იგრძნო შიმშილი. წვენი მოსვა და ფუნთუშაც აიღო.

-  მეც მარწყვის შემხვდა, - გაიღიმა. - მართლა გემრიელია, დედაჩემიც აცხობს და ნეტა განახა, ჩემი დებიც როგორ მონაწილეობენ ამ პროცესში...

-  წარმომიდგენია! - გაიცინა მირამ, მერე ცარიელი ჭიქა ტუმბოზე დადო და მეორე ფუნთუშას დასწვდა: - შენ რომ აქ ხარ, მადაც კარგი მაქვს და ენერგიაც მეძლევა, თითქოს დადებით სხივებს ასხივებდე, შენ გვერდით თავი ისე უშიშარი მგონია...

-  მართლა? - თვალები მოჭუტა ბიჭმა - ისე პირველი არ ხარ, ამას რომ მეუბნება...

-  ნუ, ეს ეხლა ამპარტავნობაში არ გადაგეზარდოს.

-  სულაც არა, ეს რეალური ფაქტია - გაუღიმა.

-  არ შემიძლია, რომ არ დაგეთანხმო, ჩემზე მართლა კარგად მოქმედებს შენი აურა...

-  როდის აქეთ დაიწყე მინიშნებებით საუბარი?

-  მას შემდეგ, რაც იმ სამყაროდან დამაბრუნე! - მირა უკვე აღარ იღიმოდა, მის სახეს სევდაშეპარული სითბო დაეღვენთა... - მას მერე, სულ ყველაფერს სხვაგვარად ვუყურებ, სამყარო ჩემთვის უფრო ახლობელი და ჩემეული გახდა, ღმერთისა და ბედისწერის დავიჯერე.

-  ღმერთის მეც სულ მჯეროდა, შენ მერე კი - უნდოდა ეთქვა, მას შემდეგ, რაც ღმერთს შენი სიცოცხლე ვთხოვეო, მაგრამ გადაიფიქრა, უბრალოდ, დაამატა - მერე უფრო, როცა დაბრუნდი.

-  რა უცნაურია არა, ლექსო, სამყარო? მანამდე, სანამ გვაქვს, ამ ფასეულობასა და ამ ადამიანების მნიშვნელობას ვერ ვგრძნობთ, როცა ვკარგავთ, მერე ვხვდებით, რომ ხელიდან უძვირფასესი განძი გაგვიშვია, ის, რასაც უნდა მოვფრთხილებოდით, რისთვისაც ცივი ნიავიც არ უნდა მიგვეკარებინა. ხანდახან მგონია, რომ ეს ფასეულობები უნდა დავკარგოთ, რომ უკეთ გავიგოთ მათი ფასი.  სწორედ ამიტომ გვიწყობს ღმერთი გამოცდას, ეს უამრავი ავადმყოფობაც სწორედ იმიტომაა, რომ ამ ადამიანების მნიშვნელობა დავინახოთ და ჩვენი ცხოვრებიდან წასვლის უფლება არ მივცეთ. იბრძოლო იმისთვის, რაც ძვირფასია, ყველაზე გამართლებული ბრძოლაა... ბრძოლაში იწრთობა და იხვეწება სული... მაშინ, როცა ცუდად ვიყავი, ჩემებმა და შენც სწორედ ეს იგრძენით, თუმცა გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა, მაგრამ იმის აღიარებამ, რომ ეს ძვირფასი თუ დაიკარგებოდა, ცხოვრება აზრს დაკარგავდა, საოცარი ენერგიით გავსებდათ ყველას, გებრძოლათ ბოლომდე, გებრძოლათ ყველა ხერხისა და საშუალების გამოყენებით. შენ კი ლექსო, ყველაზე ჭეშმარიტი გზა აირჩიე, უფალს მიმართე, საკუთარ სიცოცხლესა და წარმატებებზეც უარს იტყოდი, თუ დამკარგავდი. ღმერთმა სწორედ ეს დაინახა შენში, ის მებრძოლი და მოსიყვარულე გული დაინახა და შემიბრალა.

ბიჭმა მირას ხელი მოძებნა, თავისი თითები ზემოდან დააფარა და გაყუჩდა:

-  დღემდე არ ვიცი, რა მოხდა, მირა, შენ რომ მიგეტოვებინე, ალბათ, მეც მოვკვდებოდი, შენ მზესავით მათბობდი, მაბედნიერებდი, ჩემპიონობაც შენთვის მინდოდა... ღმერთს უფრო დავუახლოვდი და მივხვდი, რომ მას ყოველთვის ესმის, ყოველთვის ხედავს ჩვენი გულის ტკივილებსა და ფიქრებს, ხვდება რამდენად გულწრფელები და სუფთები ვართ, შენი სიცოცხლით მეც გამაცოცხლა, მირა....

გოგომ გაიღიმა, სევდა ისე გაიპარა მისი სახიდან, როგორც ნისლი იპარება მზის ამოსვლის შემდეგ. მერე, ტუჩები მოიწმინდა და ხელები ხელსახოცზე შეიმშრალა.

-  კიდევ აიღე!

-  აღარ მინდა, საკმარისია! - თავი გააქნია ბიჭმა.

-  როგორც გინდა! - მირამ თეფში ისევ ტუმბოზე დადო და თვალები გაცისკროვნებული ბროლის ჭაღის ბურთულებს გაუშტერა, იყო ერთხანს ჩუმად და ხმას არ იღებდა, თითქოს რაღაცას ფიქრობდა, შემდეგ, მზერა ისევ ბიჭზე გადაიტანა და ჩუმად თქვა:

-  ლექსო, ის წერილი ტელეფონით მიიღე?

-  რა წერილი? - უცებ ვერ მიხვდა ბიჭი.

-  რომ მეუბნებოდი, უცნობი ადამიანისგან მივიღეო?

-  აააა... კი მობილურით მივიღე ...

-  შეგიძლია მაჩვენო?

-  რა თქმა უნდა!

ლექსომ სმარტფონი აიღო და მირას გაუწოდა:

-  დაფარული ნომრით არის, აი, ნახე!

მირამ ტელეფონი გამოართვა, ყურადღებით ათვალიერებდა:

-  როდის არის შემოსული?

-  გუშინ დილას ...

მირამ გაკვრვებით მოხედა:

-  დარწმუნებული ხარ?

-  სრულიად. მომეცი, გაჩვენებ. ლექსომ ტელეფონი ჩამოართვა და წაიკითხა.

-  ერთი წუთით მოიცადე, თავად ვნახავ!

გოგომ ტელეფონი ისევ გამოართვა და დახედა, კიდევ უფრო გაკვირვებული მზერა შეავლო ბიჭს:

-  აქ არანაირი მესიჯი არ არის, სად წაიკითხე?

ლექსოს მოთმინების ფიალა აევსო, ტელეფონი ისევ გამოართვა და დაწერილ ტექსტს ხელი გააყოლა, აი, ნახე: -  დამეხმარეთ, მე პეტრე იბერი ვარ...

-  ლექსო, ამას შენ კითხულობ, მაგრამ აქ გვერდი სუფთაა, რატომ არ გჯერა ჩემი?

ბიჭმა ისევ დახედა ტექსტს, ისევ ისე კითხულობდა, მაგრამ მირა რატომ ვერ ხედავდა? კვლავ გაოგნებით შეხედა გოგოს.

-  არ გჯერა ჩემი, ხომ? ახლავე დაგიმტკიცებ... - მირა ოდნავ წამოიწია და ხმამაღლა დაიძახა: - დედაა, ერთი წუთით შეგიძლია, შემოხვიდე?

რამდენიმე წამში კარი გაიღო და თინას თავი გამოჩნდა:

-  მეძახდი, მირა?

-  კი დეე, ესენი გაიტანე, უკვე ვჭამეთ! ძალიან გემრიელი იყო, როგორც ყოველთვის...

-  გმადლობთ! - ლექსომაც ჩაილაპარაკა - მართლა გემრიელია!

-  შეგერგოთ, შვილებო!

თინამ ის-ის იყო, ჭიქების და თეფშების აკრეფა დაიწყო, რომ მირამ ტელეფონი გაუწოდა:

-  დეე, ერთი წამიკითხე, აქ რა შეტყობინება მოვიდა?

ქალმა  ჭურჭელს თავი ანება და ეკრანს დახედა, მერე გაოცებულმა მოხედა შვილს:

-  ხუმრობ? აქ არაფერი არ არის, ეკრანი სუფთაა.

მირამ სასწრაფოდ დადო ტელეფონი და მერე ლექსოს მრავალმნიშვნელოვნად მოხედა, თითქოს ეუბნებოდა, ახლაც არ გჯერაო? თინამ თეფშები წამოკრიფა და ისე უცებ გაუჩინარდა, როგორც გამოჩნდა. კარი რომ მიიხურა, მირა ლექსოს მიუბრუნდა:

-  ახლა გჯერა?

ბიჭმა დაბნეულმა მოხედა. მერე სმარტფონის ეკრანი გაანათა, შეტყობინება ისევ იქ იყო. მხრები აიჩეჩა და დაიბნა:

-  ისევ წერია, მე ვხედავ!

მირა გამოცოცხლდა:

-  ხვდები, ეს რას ნიშნავს? შეტყობინებას მხოლოდ შენ კითხულობ, ანუ, ეს მხოლოდ შენთვისაა.... შენ ნიჭი გაქვს, ლექსო, ხედავ იმას, რაც სხვებისთვის დაფარულია. შენ რჩეული ხარ! ხომ გაიაზრე?

-  რჩეული? - თავისთვის ჩაიჩურჩულა და უკვე მთლად დაბნეული ისევ ჩამოჯდა - მიჭირს ამის გააზრება, ყველაფერი ერთმანეთში აირია, დავიბენი, აი ისე, ბავშვები გამოცდის ჩაბარებისას რომ იბნევიან, როცა თითქოს ყველაფერი ისწავლეს, იციან მასალა, მაგრამ ვერ გარკვეულან, რა უნდა ქნან?

-  მესმის - ერთ რამეს გირჩევდი, შენს მოძღვარს მოუყევი, როცა ასეთი დაბნეულები ვართ, მხოლოდ ღმერთისგან ვიღებთ ისევ პასუხს...

-  მართალი ხარ, მამაოს ვეტყვი... კარგი, ახლა კი ჩემი წასვლის დროა, მგონი, ემოციები და შთბეჭდილებები დღეისთვის საკმარისია, შენც დაისვენე, და დამპირდი, რომ ამაღამ აღარ დახატავ და დაიძინებ, ხვალ გინახულებ ისევ...

-  გპირდები, კარგი!

ღიმილი ისე გადაეფარა მის სახეს, როგორც წითელი ყაყაჩოები აბიბინებულ მდელოს, ამ ღიმილში მზე დაინახა ლექსომ.

წამოვიდა. საამოდ გრილოდა. აპრილის მშვიდ ბინდბუნდში, საიდანღაც მოტანილი ტყემლებისა და ბლების აყვავებული ყვავილების სურნელი უწვავდა ნესტოებს. თავი დაბინდული ჰქონდა. აზრები აბეზარი პეპლებივით დასტრიალებდნენ ზემოთ...

ანუ კიდევ ახალი რამ აღმოაჩინა საკუთარ თავში, შეეძლო დაენახა ის, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ, შეეძლო ღმერთსა და სამყაროსთან ისე ახლოს მისულიყო, რასაც სხვები ვერ შეძლებდნენ და შეეძლო ეგრძნო და განეცადა, ის, რასაც ვერავინ ვერ გრძნობდა. რჩეული ხარო, უთხრა მირამ და ეს არც უკვირდა, რადგან ყველა ადამიანს გამორჩეულად და უნიკალურად თვლიდა, უბრალოდ, ის რაღაცით უფრო მეტად იყო სხვებისგან განსხვავებული... იქნებ მირას სიცოცხლეც იმიტომ აჩუქა უფალმა, რომ მისთვის ამგვარი ხედვის უნარით, უარის თქმის შესაძლებლობა მოესპო, და ის ეკისრა, რასაც მხოლოდ ლექსო შეძლებდა თავისი გამორჩეული და მგრძნობიარე გულის წყალობით? იქნებ მირას სიცოცხლით, ის უკან დასახევი გზა მოიჭრა, რაც ამ მისიის შესრულებაზე უარს  ვერ ათქმევინებდა. ამ სამყაროში იბადებიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული მისიით მოდიან... არა, ყველა გარკვეული მიზნით იბადება, ყველა ადამიანი სამყაროს გასალამაზებლად და სრულყოფისთვის არის მოვლენილი, მაგრამ არიან მართლაც განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც წარუშლელ კვალს ტოვებენ, რომლებიც საოცარ მუსიკალურ  სიმფონიებსა და სონეტებს ქმნიან, მხატვრები, რომლებიც აცოცხლებენ უსულო საგნებსა და ვითარებას, მწერლები, რომლებიც სულს შეგიძრავენ და აგაფორიაქებენ... ეს მიღებული შთაბეჭდილებები შეიძლება ადამიანს რამდენიმე დღით, კვირით და წლებიც კი გაჰყვეს. ყოველგვარი დიდებული და უცხო აფორიაქებს და სულის სიღრმემდე აღწევს, ეს ყველაფერი უკვდავია და არ არსებობს მათთვის წლები და საზღვრები... თვალუწვდენელი ოკეანესავით გხიბლავს და გაგიპნოზებს... ასეთ რამეებს მხოლოდ გარკვეული მისიით მოვლენილი ადამიანები ქმნიან, რომლებიც თავიანთი ქმნილებებით უკვდავები ხდებიან... ეს გასაგები იყო, მაგრამ ლექსო, ხომ ჩვეულებრივი ბიჭი გახლდათ, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ შეესწავლა სამყარო, უამრავი რამ მისთვის უჩვეულო და უცნობი იყო? სამყარო მას განსხვავებულობას აძლევდა, რომ ამ განსხვავებულობით შეეცვალა, რაღაც არასწორი, დახმარებოდა ადამიანებს... იცოდა ლექსომ, რომ ადამიანის მთავარი მისიაც ეს იყო, რომ სხვებს დახმარებოდა, მათი დახმარებით კი სიმშვიდე და სიმყუდროვე ეგრძნო... ლექსომ იცოდა სიბრალული, იცოდა ფიქრი, იცოდა სიყვარული... მეტი რა იყო საჭირო სიცოცხლისთვის? უყვარდა ღმერთი, უყვარდა ოჯახი, უყვარდა მირა და ეს აცოცხლებდა, ამისთვის სულაც არ იყო საჭირო, რომ განსხვავებული ყოფილიყო. ჩვეულებრივი, უბრალო ბიჭიც შეძლებდა ამას... ისიც იცოდა, რომ ღმერთსაც უყვარდა. ეს ჯერ კიდევ პატარა ბიჭმა იგრძნო, დაგუბებულ მდინარეში ფსკერისკენ რომ დაეშვა. მაშინ ხვდებოდა, რომ კვდებოდა, მაგრამ არ ეშინოდა, ისიც იცოდა, რომ ყველა ადამიანი მოკვდება და როდის მოხდება ეს, რა მნიშვნელობა აქვს? როცა უფალი მიიხმობდა თავისთან, ისიც მივიდოდა. სიცოცხლეს, რომელიც მან შთაბერა, უფალივე წაიღებდა, შეწინააღმდეგებას რა აზრი ჰქონდა? მაგრამ, როგორც ჩანს, ღმერთს გაბედულები უყვარს, ისინი, ვინც ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არ ყრიან ფარ-ხმალს, ვისაც სწამთ, რომ ღვთის გმობასა და წუწუნს კი არ უნდა მოჰყვე, უნდა იბრძოლო და როცა სამყარო ხედავს, რომ შენ იბრძვი, ეცემი და კვლავ დგები, ისევ იბრძვი და წინ მიიწევ, ისიც გეხმარება. მთელი სამყარო გეხმარება, თუ ამის ღირსი ხარ... არ დანებდე უბრძოლველად, ყველას დაანახე, რომ სიცოცხლე გწყურია, რომ ჯერ საჭირო ხარ, რომ ჯერ შენი სიმღერა არ გიმღერია, შენი ნახატი არ დაგიხატავს, შენი ცხოვრება არ დაგიწერია... მაშინ იმ პატარა ბიჭმა, ტალღებს შეჭიდებულმა, სრულიად საღ გონებაზე მყოფმა, შეიგრძნო შიში, სიკვდილს პირველად მაშინ ჩახედა ბოროტ თვალებში, ის ერთხელ უკვე მოკვდა და ათასჯერ კიდევ მოკვდებოდა, თუ ამის საჭიროება იქნებოდა. მაშინ სამყარომ უკან დააბრუნა, დღემდე არც დედამ და მამამ, არც არავინ, იმ ორი ბიჭის გარდა, ამ სახიფათო ინციდენტის შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ იმ დღიდან, როგორც რაღაც თანმხლები დაავადება, ლექსოს უცნაური  შეგრძნებებიც გაუჩნდა, გონება წამიერად ეთიშებოდა, და თითქოს დაბინდული ცნობიერების ფონზე მისთვის უცხო და ამავე დროს უჩვეულო შეგრძნებები და ხმები ესმოდა, თითქოს მის სულში რაღაც უხილავი არსება დაცურავდა, რომელიც უნაპირო ოკეანის სივრცეში იჟღინთებოდა და მთლიანად ისაკუთრებდა. მერე, როცა ეს უცნაური არსება მის სხეულს ტოვებდა, მისი სხეულიდან ამოსრიალდებოდა და ზემოდან დასცქეროდა, ლექსო შვებას გრძნობდა... აუხსნელი და გაუაზრებელი რჩებოდა ეს ყველაფერი... მერე, თითქოს, მიეჩვია თავის ამგვარ მდგომარეობას და ყველაფერი ეს ბუნებრივადაც კი მიიჩნია.

 

 

თავი მეცხრე

1

ტუსაღის სიკვდილმა კიდევ ერთი რამ დაანახა პეტრეს, რომ ადამიანების ნდობა არ შეიძლებოდა. ყოველ წამს, ყოველ წუთს მზად იყვნენ ოდნავ წამოწეულსა და წელში გამართულს თუ დაგინახავდნენ, ჩაგიკლავდნენ, მოგისპობდნენ ცაში აფრენის სურვილს და ფრთებსაც ისე ძირში აგასხეპავდნენ, როგორც ბავშვობაში, ფუტკარს რომ აცლიდა. მაშინ პეტრე ბავშვი იყო და არ უფიქრია, რომ ფუტკრის ფრთების მოკვეთით, ამ პაწაწინა არსების სიცოცხლესაც სპობდა, რომ ფრთამოკვეთილი, ვერასოდეს გაფრინდებოდა და მისი არსებობის მთავარი მიზანიც მის ფრთებთან ერთად ისპობოდა, რომ უფრთოდ დარჩენილი, აღარავისთვის არ იქნებოდა საჭირო, თავის ფუნქციას დაკარგავდა, უფუნქციო და უაზრო ყოფაში დარჩენა კი სიკვდილზე უარესი იყო. იმ ტუსაღმა მარტო იმ კაცს კი არა, ყველას მოჰკვეთა ფრთები, ყველას იმედი დაასამარა. ამიტომ, როგორც ერთმა, ყველა ტუსაღმა მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა. პეტრეს  თვალწინ ედგა ხელებში საწმისშერჩენილი პატიმრის გახელილი და მუდარით სავსე თვალები. თვალები, რომელიც მხოლოდ სიცოცხლესღა შესთხოვდა ღმერთს, თუმცა მისი არავის უკვე აღარ ესმოდა. ჯურღმულში სასჯელმიკუთვნებულს, სიცოცხლეც სამუდამოდ დაუსამარეს. მაგრამ ვინ? სწორედ ისეთივე პატიმრებმა, როგორიც თავად იყო. პეტრეს არც ის ესმოდა, დამნაშავეს რისი იმედი ჰქონდა, ნუთუ არ იცოდა, რომ იმ მახვილით, რითიც სხვას კლავდა, თავადვე მოკვდებოდა? პეტრემ მხოლოდ ახლა დაინახა, ტუსაღების შემღვრეულ თვალებში რისხვა, თითქმის ყველა, როგორც ერთი, დაირაზმა და მკვლელის გარშემო წრე შეკრა. მაშინ მიხვდა, რომ ეს კაცი ის ხორცმეტი იყო, რომელიც მთელ სხეულს მოედებოდა და დაასნებოვნებდა. მთელ სხეულს დაალპობდა მისი ამონასუნთქი ჰაერი, ამიტომ იქვე უნდა ამოესახსრათ, მოესპოთ, როგორც გამხმარ ხეს თხრიან ფესვებიანად და  გაენადგურებინათ. მაშინ ამ წრეშეკრულ ადამიანების სახეზე ისეთი რამ წაიკითხა პეტრემ, ტანში გააჟრჟოლა, არავის უსურვებდა, თვით ყველაზე სასტიკ მტერსაც კი ამ დამნაშავის ადგილზე ყოფნას... მაშინ პირველად დაინახა, რა ძალა ჰქონდა გაერთიანებული ხალხის ბრბოდ გადაქცევას, როგორი დაუნდობელი და სასტიკი ხდებოდა ბრბო. წრე ნელ-ნელა ვიწროვდებოდა და შუაში მოქცეული პატიმარიც ისე დაპატარავდა, ისე დაჩიავდა, რომ ერთ უმნიშვნელო წერტილად იქცა. მუხლებზე დავარდა და შეშინებული მზერა მოავლო შემოსალტულ წრეს, თითქოს გავარვარებულ კასრში ჩარჩენილი ვირთხა ყოფილიყოს. ყელიდან შემაძრძუნებელი ხმა გამოსცა, ეს ხმა არ ჰგავდა, არც იმ ხმას, ბავშობაში დასაკვლელად განწირულ საქონელს რომ ამოსდიოდა, ეს რაღაც უფრო საშინელი და შემზარავი იყო...

 

* * *

სოფელში მარიამობის დღესასწაული ახლოვდებოდა. პეტრე და მეზობლის ბიჭი მინდორში იყვნენ. პეტრეს კვიცი - ცქვიტა გაშლილ მდელოზე უკვე მერამდენე წრეს არტყამდა და გახარებული გვირილების ზღვაში აღარც კი ჩანდა. მეზობლის ბიჭს - ნოდოს, თავისი ხბორები გამოერეკა და ორიოდე ცხვარი. ისინი თავჩაღუნულები სძოვდნენ ბალახს და მათ გარშემო მორბენალ ცქვიტას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდნენ.

შუადღეს, მზე ცაში აიწვერა და ბავშვებმაც ფერდობი ცხოველების წყემსვით ჩაიარეს. ცხელოდა. ნოდომ და პეტრემ საქონელი ჩრდილში, მთელ ფერდობზე ერთადერთ განმარტოებულ და ვარჯგადაშლილ ხის ქვეშ მირეკეს და თავადაც ამ საუკუნუვანი, უზარმაზარი მუხის ქვეშ ჩამოსხდნენ. ისე ცხელოდა, საქონელი ენაგადმოგდებული სუნთქავდა. ნოდომ ჩანთა გახსნა, იქიდან სახლიდან გამოტანებული მცირე საგზალი ამოიღო და  წაიხემსეს. პეტრეს ისე შიოდა, ეს მცირე საზრდო უგემრიელეს საჭმლად მოეჩვენა. მერე ყველსა და პურს წყალიც დააყოლა და მხართეძოზე წამოწვა... ნოდო კარგ ხასიათზე დადგა და ღიღინიც კი წამოიწყო. რომ მოსაღამოვდა, ნოდოს მამა და ბიძა გამოჩნდნენ. საქონელი წაასხეს. პეტრეს კვიცი ბიჭს მიუახლოვდა და მარტო დარჩენილმა ისეთი სევდიანი თვალებით შეხედა, თითქოს რაღაც საშინელებას გრძნობდა. პეტრემ ეზო გადაიარა და ახლაღა დაინახა ნოდოს მოზვერი. ნოდოს მამას ყელზე თოკი გამოება და მოზრდილი თუთის ხისთვის მიებათ. ნოდო თავჩაქინდრული იდგა და ისე უსუსური ჩანდა, პეტრეს შეეცოდა. მერე მოზვერმა დაიბღავლა. ეს ხმა ახლაც ყურში ედგა პეტრეს, ხმა, რომელიც მთელ სხეულში ნემსებივით უვლიდა და თითეულ უჯრედს უყინავდა. დასაკლავად განწირულ საქონელს ეს შემზარავი ხმა საიდან ამოსდიოდა, პეტრემ არ იცოდა. მერე ნოდოს მამაც გამოჩნდა, ცალ ხელში ნაჯახი ეჭირა და მოზვრისაკენ მიდიოდა. საბრალო არსება თითქოს გრძნობდა მოსალოდნელ საშინელებას და ჩლიქებით მიწას თხრიდა, თავს გამეტებით აქნევდა და წრიალებდა. ნოდოს ბიძამ  მოზვერი ზურგიდან გააკავა. პირუტყვმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და ისევ დაიბღავლა, ამჯერად უფრო საბრალოდ, თითქოს მისი გულიდან მთელი ნამდნარი სითბო ამოვიდა, რაღაცნაირი მორჩილება და ბედს დანებება იგრძნობიდა ამ ხმაში, მაგრამ ეს ხმა თავს ზემოთ დაძგერებულმა ნაჯახმა უცებ გაწყვიტა. მოზვერი შემორძიკდა, დაეცა, გახეთქილი შუბლიდან სისხლმა იფეთქა. პეტრემ ნოდოს მიხედა. ბიჭი უკვე მიწაზე დაჩოქილიყო და ყურებზე ხელებაფარებული ჩუმად ტიროდა. პეტრემ ვეღარ გაუძლო, სახლში შევარდა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა. ტირილი არ უნდოდა, მაგრამ ცრემლები მაინც თავისით პულობდნენ გზას. ადამიანთა სისასტიკემ უცებ შეზარა, მერე თავისთავს შეჰფიცა და არასოდეს ქათამიც კი არ დაუკლავს...

 

* * *

ხელებაფარებული ტუსაღი უკვე მორჩილი კრავივით მოიკაკვა. მერე ის შემზარავი ტირილი უსიტყვო ღმუილმა შეცვალა და პეტრეს მოეჩვენა, რომ იმ მოზვრის ხმა ესმოდა, რომელიც ჯერ წინააღმდეგობით, შემდეგ კი სრული მორჩილებით შეეგუა ბედს. პეტრემ დაინახა, ეს მორკალული ტუსაღების ნაცრისფერი ფარდა როგორ იქცა ქაოსურ და სასტიკ მოძრაობად, როგორ გახდა შავი და მრისხანე, მერე ამ სიშავეს სისხლის ლაქები გაუჩნდა და მოძრავი ტუსაღების კედელი დაიშალა. ახლა, თითოეულ მათგანს ჭუჭყიან და დასვრილ სამოსზე წითელი ფერი ჰქონდა, როგორც ნიშანი მოზღვავებული შურისძიებისა, როგორც ნიშანი აღმოფხვრილი ბოროტებისა და სისაძაგლისა... ეს საქციელი იყო მაგალითი იმისა, რომ ყველას, ვინც მსგავს რამეს ჩაიდენდა, ასეთივე ბედი ელოდა. სიმკაცრე კრძალავდა მოზღვავებულ თავაშვებულებას, ყველა ხარბი და იმედის ქურდი ასე გაცამტვერდებოდა.   ბრბო რომ დაიშალა, პეტრემ ის დაპატარავებული ტუსაღი დაინახა, რომელიც ჩანასახის პოზაში იწვა და თითქოს დიდ ლოდად ქცეულიყო, რომელიც გაუნძრევლად იდო მაღაროს შუაგულში, როგორც განტევების ვაცი. ტუსაღები ისევ თავიანთ ყოველდღიურობაში ჩაიძირნენ, თითქოს ვიღაცამ მათი ცხოვრებიდან ეს რამდენიმე წუთიანი ეპიზოდი ამოჭრა და ყველაფერი ძველ რუტინას დაუბრუნდა. ყველამ ერთბაშად დაივიწყა მომხდარი. მერე მცველებმა მკვდარი პატიმრის გვამი მდინარეში მოისრულეს და თითქოს, ყველაფერი მართლა დასიზმრებოდეს პეტრეს, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ისიც თავის სოროში შეძვრა და თხრა განაგრძო.

2

პეტრემ იცოდა, რომ უაზრო ყოფას, ისევ ეს თხრა და მოქმედება სჯობდა. ისიც იცოდა, რომ ოქროს პოვნაზე მთავარი იყო ადამიანში სულიერი სიმტკიცისა და მოთმინების უნარი. ოქროს ეძებდნენ ეს ადამიანები, დღედაღამ თხრიდნენ საკუთარი ოფლისა და ცრემლების ფასად, დღეებს ამცირებდნენ, მაგრამ ამ მოქმედებაში მაინც იყო რაღაც  და ამ რაღაცას იმედი ერქვა. თუნდაც ვერასოდეს ეპოვათ ერთი ნამცეცი ოქრო, თუნდაც ვერასოდეს ეპოვათ ვერც ერთი სხვა ლითონი, ისინი უფრო დიდ რამეს იძენდნენ, ეს შეუპოვრობა და არ დანებების, არ დაცემის უსაზღვრო სურვილი გახლდათ. სურვილი, რომელიც ყოველთვის სდევდა იმედს. პეტრეს უკვირდა ამ ადამიანების თავგამოდება, ებრძოლათ უტოპიური მიზნისთვის, რომელსაც ოქროს პოვნით გამოწვეული თავისუფლება ერქვა. ზოგიერთს მართლაც სჯეროდა, რომ განძს იპოვიდა და ამით მარტო თავს კი არ გადაირჩენდა, ყველა იქ მყოფი ადამიანის ტანჯვა-წვალებასაც დაასრულებდა, ყველასათვის ამოაბრწყინებდა მზეს, რომელიც არასოდეს ჩაქრებოდა ტუსაღების ჩამქრალ, უსიცოცხლო თვალებში. მზე, რომელიც გაანათებდა სამყაროს და გაასხივოსნებდა მათ იმედს. ამ იმედის ჩაქრობას, მზის დასამარებას კი არავის აპატიებდა არც ერთი მათგანი. ამაში უსიტყვოდ თანხმდებოდნენ, ამაში მათი გონება ავტომატურად   ირთვებოდა და ქმედებაზე გადადიოდა. იმედის მკვლელი, საკუთარი თავის მესაფლავედ იქცეოდა. პეტრე ხედავდა ამ ერთსულობას და უკვირდა, თურმე რამხელა ძალა ჰქონდა ერთსულოვნებას, ამ ძალას ისიც შეეძლო ეს რამდენიმე მცველი, რომელიც მათ სდარაჯობდა, ერთი ხელის მოსმით გაენადგურებინათ, იმ უბედური მკვლელივით მოესპოთ, მაგრამ ამას არც ერთი მათგანი არ ფიქრობდა, თითქოს იყო ზღვარი მათ სისასტიკესა და მორჩილებას შორის. სად გადიოდა ეს ზღვარი და რამდენად ზუსტი და მართებული გახლდათ ეს, პეტრემ არ იცოდა, მაგრამ მორჩილებასა და დაუმორჩილებლობას შორის გარკვეული კანონზომიერება არსებობდა. არც ეს იცოდა პეტრემ, როდის ხდებოდა, ან რა გზით ამ ორი საპირისპირო ძალისა და მექანიზმების არევა, მაგრამ ეს რაღაც ძალიან ჭკვიანურად და ზედმიწევნით ზუსტად იმართებოდა.

შეღამებულზე, როცა მიწის თხრას მორჩნენ და პატიმრები ისევ საკნებში შეიყვანეს, პეტრე დიდხანს ვერ იძინებდა. ისევ იმ მკვლელზე, მოკლულსა და ხალხის ბრბოდქცეულ ძლიერებაზე ფიქრობდა. დაღლილს ხელები უბჟუოდა, თითები ეკრუნჩხებოდა წერაქვისა და ნიჩბის დიდხან ჭერისგან, მაგრამ უმოქმედოდ ყოფას მაინც შრომა ერჩივნა. თვალები დახუჭული ჰქონდა და ისევ ფიქრობდა. ფიქრებიდან თავი რომ ვერ გაითავისუფლა, წამოდგა და ტახტის ქვეშიდან ჩანთა გამოაცურა. ჯერ ბოთლი გამოიღო და ის საოცარი ელექსირი მოსვა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ენერგიით რომ ავსებდა და შემდეგ მობილური ტელეფონი მოძებნა. ჩართვისთანავე აციმციმდა ციფერბლატი და მოკლე მესიჯი მოვერცხლისფრო სინათლეზე გაწვა: „ მე ლექსო მინდელი ვარ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?“

 

 

 

თავი მეათე

1

ლექსო საწოლზე იწვა და ფანჯრიდან შემოსულ მთვარის სხივებს უღიმოდა. გაღებული სარკმლიდან აყვავებული ხეების სურნელი ოთახს ჟღენთდა. ლექსო ტელეფონს აწვალებდა, მერე, ვერც კი მიხვდა, როგორ აკრიფა ტექსტი და ასევე უმისამართოდ გააგზავნა. მესიჯი წავიდა. როგორც ჩანს, ადრესატამდე მიაღწია, მაგრამ ჯერ პასუხი არ ჩანდა. არადა, ეგონა, რომ მყისიერად მოვიდოდა მორიგი შეტყობინება. ტელეფონი გამორთო და გვერდით გადადო. ამ დღეებში მოძღვრის მონახულებას ისედაც აპირებდა. უნდოდა, ის, რის გარკვევასა და გააზრებას ვერ ბედავდა, უფლისგან მოძღვრის ენით მოესმინა, მაგრამ მანამდე, საკუთარი გულისთვის უნდა დაეგდო ყური, უნდა დაენახა ყველა მინიშნება და მიმართულება, რაც უბიძგებდა ქმედების სისწორეში. თავი ასტკივდა. გადატრიალდა, მაგრამ ეს ტკივილი არ გაჩერებულა, უფრო გაიზარდა და ლექსომ იგრძნო, თავი ბუშტივით  როგორ გაებერა, უფორმო და ტევადი გაუხდა. ფეხზე წამოდგა და საწოლთან ჩაიჩოქა. წამოდგომისთანავე გაცოცხლდა გამოსახულებები, რომლებიც ჯერ ბლანტად და უსუსურად აციმციმდნენ, როგორც ეკრანზე მუნჯური შავ-თეთრი ფილმები. ისინი ხან ჩდებოდნენ და ხან იშლებოდნენ, შემდეგ კი მთლიანად გაქრნენ გონების ფონზე. ლექსომ თავი საკუთარ ხელისგულებში მოიქცია, თითქოს უნდოდა, ეს უცებ წამოსული ნაკადი შეეჩერებინა, როგორც ჯებირს წყლის უხვი დინება. მართლაც ყველაფერი გაქრა. ბიჭმა შვებით ამოისუნთქა. იფიქრა, როგორც იქნა, თავი გავითავისუფლეო, რომ  ახალი მოციმციმე ფიგურები ისევ ამოტივტივდნენ მისი მხედველობის სპექტრში, მაგრამ უფრო ცხადი და ხილული გამოსახულებებით შეიცვალა სურათი, რომელიც უკვე ფერადოვანი და მკვეთრ კონტურებიანი იყო. თითქოს დრომ უკან სვლა დაიწყო, ლექსომ დაინახა, როგორ გაჩნდა მაღალ სართულიანი თეთრი შენობა და შესასვლელი კარიც ზუსტად გამოჩნდა. თავის ტკივილმა ნელ-ნელა გაუარა. თითქოს უკან წასულმა დრომ ისიც გაფანტა, პირქუში ნისლისგან  გაათავისუფლა. ახლა როგორც ტელეეკრანზე გასულ ფილმს, ისე უყურებდა ამ თეთრ შენობას და უკვე იცოდა, ეს რაც იყო.... საავადმყოფოს თეთრი შენობა და შესასვლელი კარი, მერე საკუთარი თავი დაინახა, კიბეებზე ადიოდა, ის-ის იყო, კარის სახელურს მისწვდა, რომ, იქიდან ვიღაც გამოვიდა, მხარზე ძლიერად დაეჯახა და რამდენიმე წამიანი უხერხული სიჩუმის შემდეგ ბოდიში მოუხადა. ლექსომ უფრო დაკვირვებით შეხედა. ახალგზრდა კაცი იყო, საკმაოდ სიმპათიური და სანდო სახე ჰქონდა. თვალებში სევდა ჩასწოლოდა, ტუჩები უთრთოდა, ხელები უკანკალებდა. „ალბათ ვინმე მოუკვდაო“ - გაიფიქრა. მერე „არა უშავსო“ ჩაილაპარაკა და კიბეზე ჩასულს თვალი გააყოლა. ლექსო კარგად ხედავდა მის ტანს, რომელიც ოდნავ მოხრილი ჰქონდა სიგამხდრისა, თუ უცებ თავს დამტყდარი უბედურებისგან, რაც ამ ადამიანს ანადგურებდა. მერე ისევ გაუცოცხლდა ამ კაცის სევდიანი თვალები და ძირს მიმართული მზერა. უკვე განვლილი და უკან გადასული წუთები ერთ ადგილზე გაჩერდა. ლექსო ისევ დაიძაბა. თავის გონებაში ეს წარმოსახვა რამდენიმე წუთს გააჩერა და თვალები მაგრად დახუჭა... დროის ათვლა ხელახლა დაიწყო... ჩვენება გაქრა და ლექსომ თავისუფლად ამოისუნთქა... „ანუ მე მას უკვე შევხვდი, ის სწორედ ის კაცი იყო, კართან რომ შემეჯახა“.  მაშინ არაფერი უგრძვნია ლექსოს, მაგრამ ახლა, როცა დრო უკან დააბრუნა, როცა მის გონებაში გაცოცხლებულმა წარმოსახვამ ცხადად წარმოუდგინა რეალური სურათი, ლექსომ რაღაცნაირი სიმშვიდე იგრძნო. ახლა უკვე თავისუფლად სუნთქავდა. ბევრი არა, მაგრამ ის მაინც იცოდა, ვინ უხმობდა საშველად, როგორ გამოიყურებოდა ეს კაცი...  წამოდგა. ფანჯრიდან სახე მაცოცხლებელ ნიავს მიუშვირა და რამდენიმე წამს გაიტრუნა. თითქოს ის გზა გამოჩნდა ამდენი ხნის განმავლობაში, რომ დაბურულ ნისლში გამოკეტილს ამყოფებდა, ახლა უკვე იცოდა იმ კაცის სახე, სახელი და სურვილი, რომელიც განგების ნებით, მის დახმარებას საჭიროებდა. საოცარ შვებას გრძნობდა და უკვე თავისუფლად და მშვიდად სუნთქავდა.

 

2

ამ მოვლენების შემდეგ აღარ გადადო და მეორე დღესვე ეწვია მოძღვარს. ხუთშაბათი იყო და ტაძარში ხალხი მეჩხრად მიმოდიოდა. მამა ანდრია შორიდანვე შენიშნა და თავის დაკვრით მიესალმა, შემდეგ სანთლები აანთო და ყველა ხატი მოილოცა, საკუთარი ოჯახის ბედნიერება და სიმშვიდე-ჯანმრთელობა სთხოვა, არც მირა და მისი მშობლები დავიწყებია, არც საკუთარი მეგობრები და ამხანაგები, ყველასთვის ბედნიერება და სიკეთე ითხოვა. მერე, როცა მამა ანდრიას შეჭაღარავებული თავი კვლავ დალანდა, მოკრძალებით მიუახლოვდა და დალაპარაკება სთხოვა... მამაომ თავის დაკვრით სკამისკენ მიუთითა, ლექსო ჩამოჯდა და მოძღვარს დაუწყო ცდა. ცალი თვალი ტაძარს მოავლო. მარიამის ხატთან ახალგაზრდა ქალი დაინახა, წითელმანდილწაფარებული,  გულმხურვალედ ლოცულობდა, ფეხებზე პატარა ბიჭი შემოტმასნოდა და დედის სიტყვებს დიდი ყურადღებით ისმენდა. მერე პატარამ კაბაზე მოქაჩა და დედამ ხელში აიყვანა, სანთელი მიაწოდა და ბავშვმაც აანთო... „ალბათ, ყველაზე მეტად ეს ბავშვები არიან ახლოს ღმერთთან? “ - გაიფიქრა თავისთვის - ჯერ მათი არც გონება და არც სხეული არ შეურყვნია ცოდვას“...

მოძღვრის ხელი იგრძნო მხარზე და თავი ასწია. მამა ანდრია გვერდით ჩამოუჯდა და რაღაცნაირი სითბოჩამდგარი თვალებით შეჰღიმა. ლექსო დაიძაბა, არ იცოდა, საიდან დაეწყო, არადა, ყველაფერი უნდა მოეყოლა, იმ წუთიდან როცა პატარა ბიჭი რაღაც ძლიერმა ხელმა უკან დააბრუნა და მდინარის ნაპირზე ამორიყა, როცა, მირასთვის ლოცულობდა და უფალს მის სიცოცხლეს ევედრებოდა, როცა, გრძნობდა, როგორ მოკვდებოდა გურამი, როგორ იყო ნათიას მამა ცუდად, როცა ეს უცნაური შეტყობინება მიიღო, რომელსაც მარტო ის კითხულობდა, უნდა ეამბა წუხანდელი ჩვენება და ისიც, რომ ეს ხილვა, სულაც არ ყოფილა სიზმარი... ახლა, თითქოს, გზის გასაყართან იდგა და არ იცოდა, საით წასულიყო.... მამა ანდრია მოთმინებითა და გულისყურით უსმენდა, ხანდახან მზერა შორს გაურბოდა და ლექსოს ეჩვენებოდა, რომ ეს კაცი იქ სულაც არ იყო და მისი გულის დარდი მთელ ეკლესიას ესმოდა. უცნაური სიმშვიდე და სითბო, მის გარშემო თეთრი ღრუბელივით ისაზღვრებოდა და ამ ნეტარებაში თავადაც იძირებოდა. ბოლოს, როცა მამაოს ხელი მის თითებს შეეხო, თავი ასწია და ამ დინჯ და თბილ თვალებში ჩაიძირა. მოძღვრის ხმა გაიგონა ყურში:

-  შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი, - ეს ხმა შორიდან ჩაესმა ლექსოს, რომელიც უფრო ახლოს და ახლოს მიდიოდა მის სულთან - ზოგჯერ უფალი უშვებს იმას, რაც წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ჩვენ არ ვიცით, რატომ ხდება ეს, ან რა ამოძრავებს... უბრალოდ, ამ დროს, საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ ღმერთი... ხილვაც, წინასწარმეტყვლებაც, ხმებიც, ეს რეალური ატრიბუტებია, რომლის შეგრძნების განცდა მხოლოდ რჩეულთ ეძლევათ...

-  რის მიხედვით არჩევს უფალი ადამიანებს?...

-  თავისი საქმეების მიხედვით, გულის, ფიქრების, აზრების მიხედვით... სიკეთისა და სიყვარულის უნარის მიხედვით...

-  ანუ ბოროტ და კეთილ ადამიანებად ჰყოფს?

-  თავიდან ბოროტი არავინ არის, ყველა უცოდველი იბადება, ცხოვრება უცვლის მათ სახეს... გარემოება ცვლის...

-  მაგრამ გარემოებას ხომ უფალი ქმნის?...

-  ასეა, მაგრამ ღმერთი ყოველთვის გცდის, ცდის შენს მოთმინებასა და შენს სიყვარულს... გახსოვს იობი? ყველაფერი წაართვა, მაგრამ მისთვის ღვთის სიყვარული უპირველესი და მთავარი აღმოჩნდა...

-  ანუ ყველას გვცდის?

-  ასეა, ყველა ადამიანი იცდება, გამოცდას მხოლოდ რჩეულები აბარებენ. ღმერთს უყვარს სუფთა და მებრძოლი ადამიანები, რომლებიც არ უშინდებიან დაცემას, რადგან უფრო ძლიერები დგებიან, მაგრამ ვინც შიშსა და სასოწარკვეთას მიეცემა, ის ვერ შეიგრძნობს იმ სიკეთეს, რისი მოცემაც უფალს შეუძლია. ილოცე, ითხოვე და იყავი ბედნიერი, ეს არის მთავარი, რაც გჭირდება. გიყვარდეს მოყვასი, ვითარცა თავი შენი, იშრომე და შექმენი... ყველაფერს ხედავს უფალი და იმ დაცემებსაც გპატიობს, რაც ჩაიდინე, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომლის მიტევებაც არ შეიძლება, ყველანი ცოდვის შვილები ვართ...

-  სიკვდილი, მამაო, სიკვდილი რატომღაა?

-  სიკვდილი არ არსებობს, შვილო, ეს გარდაცვალებაა, სიკვდილი არ არსებობს და იესომ ეს მრავალჯერ დაამტკიცა, აღადგინა ლაზარე, გაუცოცხლა დედას შვილი, რომელსაც ნუგეში სცა...

-  მაგრამ ეს გარდაცვალება, ხომ აშინებთ ადამიანებს?

-  კი... მაგრამ სიყვარული შიშზე ძლიერია, სიყვარული სიკვდილსაც ამარცხებს, ამ სიყვარულით აღადგენდა უფალი მიცვალებულებს.

-  სხეული ხომ კვდება...

-  კვდება ის, ვინც არ იწამებს უფალს, უფლის მოშიშნი კი საუკუნე სიცოცხლეში მიდიან...

-  რამდენი ბავშვი იღუპება, ისინი ხომ უცოდველები არიან?

-  უფალთან მისვლა ანუ გარდაცვალება ყოველთვის არ გულისხმობს სასჯელს, ზოგჯერ ეს ჯილდოა...

-  ანუ ბავშვებისთვის გარდაცვალება ჯილდოა? არ მესმის...

-  უფალთან ყოფნაა ჯილდო, მასთან განშორება კი სასჯელი.

-  მე რატომღა გამომარჩია უფალმა?

-  არ ვიცი და ამას ვერც მივხვდებით, მაგრამ ამის გაგება არც არის ჩემთვის საჭირო... ამას თავად უნდა მიხვდე, უბრალოდ, მიენდე უფალს და ხელი ჩასჭიდე... შეიძლება ეკლიანი გზითაც გატაროს, მრავალი ტკივილიც იგრძნო, მაგრამ თავის წიაღში და თავის კალთის ქვეშ ყოველთვის დაგიცავს, ილოცე, მიენდე და გჯეროდეს მისი... რწმენა სასწაულებს ახდენს, შვილო....

-  მკვდრებსაც აცოცხლებს?

-  ზოგი სიცოცხლეშივე კვდება, ზოგი მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ცოცხლდება!

-  ანუ უფლისთვის არ არსებობს შეუძლებელი?

-  ყველანი მის ხელში ვართ, უბრალოდ, უნდა შეგვეძლოს ის, რასაც უფალი გვიგზავნის ღირსეულად მივიღოთ...

-  ის კაცი, პეტრე იბერი, მე რომ დამიკავშირდა, ალბათ, ძალიან უყვარს უფალს?

-  ყველა უყვარს უფალს, ყველას ეხმარება და აძლევს არჩევანის თავისუფლებას... ზოგჯერ გზა მძიმეა, მაგრამ თუ სიმძიმე არ გადალახე, ვერ ახვალ მწვერვალზე, ვისაც ამის ეშინია, იქვე რჩება, სადაც იყო... გზა უფლისგან არის, არჩევანი კი შენზეა...

 

3

მოდიოდა და მოძღვრის სიტყვებზე ფიქრობდა, რატომღაც მთელი გზა მამა ანდრიას ნათქვამი ერთი ფრაზა აეკვიატა - „ზოგი სიცოცხლეშივე კვდება, ზოგი კი სიკვდილის შემდეგ ცოცხლდება!...“ ფრაზა ხან გაბმულად ესმოდა ყურში, ხან მოკლედ და სხარტად. როგორც შემოსეული მწერები, ისე დაეხვივნენ მის გონებას... სიცოცხლეშივე სიკვდილის დანახვა არ გაკვირვებია. აი, მისი მეზობელი გურამი, ის ხომ სიცოცხლეშივე მოკვდა, როცა თავის მარტოობას შეეყურსა, როცა ოჯახმა თავისგან გარიყა. ჰო, მოკვდა. მაშინაც მკვდარი იყო აივანზე რომ იჯდა და გამვლელებს ათვალიერებდა, მის სახეზე ღიმილი შეხიზნულ მსტოვარს ჰგავდა, რომელიც უკვე აღარსად აღარ მიიჩქაროდა, არაფერი აღარ აინტერესებდა. „ადამიანი როცა ინტერესის უნარს კარგავს, განვითარებას წყვეტსო“, ერთხელ ასეთი ფრაზაც თქვა მისმა მასწავლებელმა, მაშინ ლექსომ იფიქრა, რომ მასწავლებელი ზოგადად სწავლასა და ინტელექტის განვითარებას გულისხმობდა, მაგრამ ამ ფრაზაში იყო ფარული აზრიც, რომელიც პედაგოგმა მაშინ მოსწავლეებს არ გაუზიარა, ინტერესის და განვითარების შეწყვეტით ის არსებობას წყვეტდა, მოძრაობას წყვეტდა. სიცოცხლე უშინაარსო და უაზრო ხდებოდა... ასე იყო გურამიც, ის ხომ სიცოცხლეშივე მოკვდა. მოკვდა იმიტომ, რომ უკვე სულერთი გახდა ყველაფერი, აღარც მზის ამოსვლა, აღარც ადამიანები, არც ცხოველები, არც ყვავილები ვერ ავსებდნენ მის მარტოობას... მარტოობაში სიკვდილი დაიბადა, ცოცხლად გარდაცვალების განცდა იშვა. ამ შეგრძნებებს ჰფენდა გარემოშიც, ალბათ, ამ ტალღამ ლექსოს წარმოსახვაში, აბეზარი მწერივით რომ შეიჭრა, ის უცნაური ფრაზა გააჩინა, „ ეს კიდევ ცოცხალიაო?“  გურამი მაშინ უკვე მკვდარი იყო, გამვლელებს რომ შეხიზნული ღიმილით უმზერდა, მაშინაც, როცა მეზობლის კაცებთან ღამღამობით გულის გადასაყოლებლად სვამდა, მაშინაც, ალბათ, როცა სახლში მისული, ღვინისა და დარდისგან დაცარიელებული, მარტო იწვა და საწოლზე პირქვედამხობილი სევდიან ლექსებს თხზავდა. სიკვდილი მრავალი წლის წინ მიეპარა, როცა მარტოობისთვის გაიმეტეს ადამიანებმა... ლექსოს გაახსენდა მისი ღიმილჩამქრალი სახე. მოაჯირს დაყრდნობილი როგორ იჯდა აივანზე და გარემოს გაჰყურებდა, თუმცა ხედავდა კი მის წინ ამოზრდილ სამყაროს, ესმოდა კი ქუჩის მოგუდული და მომაბეზრებელი მონოტონური ხმაური? ბავშვებს უღიმოდა, ხან ხელსაც უქნევდა, თითქოს სამუდამოდ განშორებას აპირებდა, სიკვდილი ნელ-ნელა ეუფლებოდა. ლექსო გრძნობდა, მოსალოდნელი სიკვდილის სუნს, მისი არსებობა შეუცნობლად, გაუაზრებლად აღწევდა მთელ მის არსებამდე... გურამი მანამდე მოკვდა, სანამ ხალხი კაცის გარდაცვალებას აღიარებდა.... ლექსომ არ იცოდა, რატომ იგრძნო გურამის მოსალოდნელი სიკვდილი, ან ნათიას მამის მძიმე ავადმყოფობის შესახებ... საიდან გაჩნდა ეს უცნაური შეგრძნებები, ის რატომ აარჩია სამყარომ, რატომ ხედავდა პეტრე იბერის შეტყობინებას მარტო თვითონ?... რა მიზან-შედეგობრივი კავშირი არსებობდა მასა და ამ გაუცნობიერებელ მოვლენებს შორის?... ლექსომ მხოლოდ ის იცოდა, რომ რაღაც უნდა მოემოქმედებინა, მაგრამ რა და როგორ ამის არც ახსნა და არც განმარტება არ შეეძლო...

ბინდი შეუმჩნევლად წამოეპარა. თითქოს ჰაერი დამძიმდა. ბლანტი და ჩახუთული გახდა. წვიმისთვის ემზადებოდა ბუნება. ლექსოს, თხელი ქურთუკი ეცვა. ნაბიჯს აუჩქარა. სულაც არ უნდოდა აპრილის წვიმას თავის საბურველში გაეხვია. თუმცა მის გონებას იქნებ დასველება არც სწყენოდა? მირასთან წასვლა გადაიფიქრა, ხვალ შევუვლიო და მოძღვართან საუბარსაც მოვუყვებიო, გაიფიქრა. ახლა პირდაპირ სახლში მიდიოდა. უცებ არსაიდან გაჩენილმა ნიავმა დაბერა, ბუნება ყალყზე შედგა და ფაფარაშლილი ცხენივით დაიძაბა. სადღაც ძალიან შორს, ელვამ გაიკნავლა. ლექსო მოიხარა, თავი მხრებში ჩააცურა. ქურთუკი უფრო მაგრად მოიტმასნა მხრებზე და სირბილით წავიდა. ისევ განათდა ცა. ძლიერმა ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა გარემო და ისეთი სისწრაფით დაუშვა წვიმამ, ორიოდე წამში, ბიჭი თავიდან ფეხამდე გაილუმპა. ისევ მორიგი ჭექა-ქუხილი და  ლექსომ აშკარად დაინახა, როგორ მოიკაკვნენ აყვავებული ტყემლის ხეები წელში, გაისუსნენ და შიშისგან აცახცახდნენ...

სახლამდე სრულიად სველმა მიირბინა. ელა შეშფოთებით უყურებდა შვილს, მერე თბილ აბაზანაში შეაგდო და გამოსულს ჟოლოს მურაბიანი ჩაი დაახვედრა. ლექსო ჩაის წრუპავდა და თან თვალს არ აშორებდა სამზარეულოში მოფუსფუსე ონავარ დებს. თენგო ჯერ არ მოსულიყო, როგორც ჩანს, წვიმიან დღეს ტაქსები მეტად სჭირდებოდათ მგზავრებს.

-  დღეს მოძღვართან ვიყავი... - უთხრა დედას, როცა ონავრები დასაძინებლად წავიდნენ.

ელამ დაკვირვებით მოხედა შვილს.

-  ვიცოდი, რომ წახვიდოდი ამ დღეებში, მაგრამ მეგონა, დღეს მირასთან შეივლიდი.

-  მირასთან ხვალ წავალ! ვეღარ მოვახერხე. მამა ანდრია იმდენ რამეზე მესაუბრა, ჩემს აზრებს თავი ჯერაც ვერ მოვუყარე.

-  მიხარია, რომ ტაძარში დაიწყე სიარული, ეს შენი სულიერი განვითარებისთვის საჭირო და დროული იყო.

-  მამა ანდრიას სიტყვებმა ბევრ რამეზე დამაფიქრა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით, რის გაგებასა და შესწავლასაც ადამიანი აპირებს. თითქოს ერთი საკითხის განხილვას მაშინვე მოსდევს ახალი, მერე კიდევ ახალი და ასე დაუსრულებლად, არ წყდება და გეომეტრიული პროგრესით მრავლდება მოსაგვარებელი და ასახსნელი კითხვები... ხან ამ კითხვების სიმრავლე მაგიჟებს, ხან მგონია, რომ ამ ამოუცნობი სამყაროს წინაშე სრულიად მარტო და უმწეო ვარ, მიჭირს გადაწყვეტილების მიღება და სწორი სავალი გზის შერჩევა...

-  ასეა, იდუმალია სამყარო და რაც უფრო ეცდები მის ძიებას, მით უფრო იხლართები და იბნევი.

-  ზუსტად მაგ საფეხურზე ვდგავარ და არ ვიცი, საით წავიდე?

-  ლექსო, დაბნეულობა ცუდი მეგზურია, უბრალოდ მიყევი გულის კარნახს, ის არასოდეს მოგაწვდის მცდარ აზრს, მით უფრო, თუ ამ გულში ღმერთია, გადაწყვეტილება შეუმცდარი იქნება. ეს არის სრული ჭეშმარიტება. უბრალოდ მიყევი იმ გზას, რომელსაც უფალი გიჩვენებს და გულიც გაგიწევს.

-  კარგი! - ბიჭი წამოდგა, დედას შეჰღიმა და თავის ოთახში გავიდა.... მოგვიანებით  გაიგო, როგორ გაიღო კარი და დაღლილი მამა სახლში დაბრუნდა. მერე ის და დედა სამზარეულოში დიდხანს ისხდნენ და მუსაიფობდნენ. ლექსოს უყვარდა ასეთი შეხმატკბილებული მშობლების ნახვა, მათი ერთმანეთისადმი სიყვარული და გატანის უნარი მთელ ოჯახს ენერგიითა და სითბოთი ავსებდა... მერე დედ-მამა დასაძინებლად დაწვა და კედლის საათმაც მძიმედ დაკრა თორმეტჯერ. ლექსო თითოეულ დარტყმას ფიქრებში, ნახევრად ძილბურანში გახვეული, ითვლიდა... მერე ჩამოწვა ღამე, რომელსაც წვიმის სიმფონია უცნაურ სიმშვიდესა და მუსიკალურობას სძენდა.

ძილი ისევ არ მიეკარა. მთელი დღის განცდილსა და გაგონილს ისევ გონებაში მრავალჯერადად ამუშავებდა. იცოდა მხოლოდ ერთი რამ, რომ სწორ გზაზე იდგა და ყველაფერი, რაც მის გონებას აბინდებდა და აბნევდა, მალე გაიფანტებოდა და მოქმედების საგანიც მიეცემოდა...  ფიქრებში ჩათვლიმა. სარკმელზე წვიმა თამაშობდა, თითქოს გიჟური როკვა წყნარმა მონოტონურმა ხმოვანებამ შეცვალა... შუაღამისას მოულოდნელად გაეღვიძა, ისევ წვიმდა, პირი უშრებოდა, მაშინვე ხელით წყლიანი ჭიქა მოძებნა ტუმბოზე და მოსვა. საათს დახედა, ხუთი სრულდებოდა. ხარბად სვამდა წყალს, წვიმის ხმაზე სმის ინსტიქტი გაათმაგებოდა, მერე ჭიქა ისევ ტუმბოზე დადო და ისევ თვალები დახუჭა, ისევ მოულოდნელად ჩაეძინა, მაგრამ სიზმარი, რომელიც იმავე წამს მის წარმოსახვაში დაიბადა, ისე ჰგავდა რეალურს, უცებ ვერ გაარკვია, ეს მართლა სიზმარი იყო, თუ ხილვა. თუმცა, ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან ორივე შემთხვევაში ეს მისი გონების ნაყოფი და შედეგი გახლდათ... წვიმდა და ამ მონოტონურმა ხმოვანებამ უცებ ისეთი სიმშვიდე შვა, ლექსოს მთელი სხეული მოუდუნდა... მერე მონატრებასავით გაჩნდა უზარმაზარი მზის დისკო და გარშემო ყველაფერი გაანათა. ლექსომ დაინახა წელში მოხრილი ადამიანები მზის გულზე როგორ ამუშავებდნენ მიწას. თავზე დიდი ჭილობის ქუდები ეხურათ და თესავდნენ, თოხნიდნენ, მარგლავდნენ. ძირითადად მამაკაცები იყვნენ... მერე სურათი შეიცვალა და ლექსომ მწყემსები დაინახა, თეთრი ფარა მთებზე შეელალათ, ცხვრები ნაბიჯ-ნაბიჯ, ზოზინით იწევდნენ წინ და თითქოს მათი სითეთრე მთებში ღრუბლებს უერთდებოდა... მერე ხელებაკაპიწებული ქალებიც დალანდა, რძეს ამუშავებდნენ და ყველი, ხაჭო, კარაქი და ნადუღი ამოჰყავდათ. იქეთ ვიღაც მატყლს წეწავდა, ძაფს ართავდა, ქსოვდა... ლექსო ხედავდა ერთ მოფუსფუსე სოფელს, სადაც ყველა შრომობდა, მერე მორბენალი ბავშვებიც დაინახა, მდინარეზე მოჭყუმპალავე  გოგო-ბიჭები და გული მათკენ გაუწია... მზე ანათებდა, სიცოცხლე დუღდა, მდინარე მშვიდად მირაკრაკებდა, ადამიანები ფუსფუსებდნენ და ამ ფუსფუსითა და შრომით კმაყოფილები იღიმებოდნენ.... ლექსო უყურებდა და ტკბებოდა ამ სანახაობით... მერე უცებ მოიღრუბლა, მზე ბლანტ ღრუბლებში ჩაიძირა და დღემ გამჭვირვალება დაკარგა. ლექსომ დაინახა უზარმაზარი შავი ჩრდილი, რომელიც მზეს გადაეფარა, ამ ჩრდილს უშველებელი პირი და კონტური ჰქონდა. ვეებერთელა ურჩხულს ჰგავდა, რომელიც მთელ სამყაროს თავისი სიბნელითა და პირქუში მდუმარებით ავსებდა. ადამიანები უცებ შეიცვალნენ. სახეზე ღიმილი გაუქრათ, მუშაობა შეწყვიტეს და ყველამ ცისკენ დაიწყო ყურება. ცის წიაღში კი მზის ნაფლეთები მკრთალ ძაფებად გაკრთა და სიბნელეში განზავდა. მხიარული სიცილ-ყიჟინი, ტირილმა და მოთქმამ შეცვალა... მერე ლექსომ მთაზე ამოზრდილი აკლდამები დაინახა, შავი ჯვრებითა და კიდეებშემობრეცილი ქვებით. მხიარული ფერები ნაცრისფერი და რუხი გახდა. ადამიანები წელში მოიხარნენ. ლექსომ სასაფლაოდან გამონადენი წყაროც დაინახა, რომელიც სოფლისკენ ეშვებოდა, აღარც ბავშვები ჩანდნენ და არც მათი მხიარული ჟივილი ისმოდა, ცელქ სიოს რომ უსაზღვროდ შორ მანძილზე მიჰქონდა... მერე მთვარე ამოვიდა და ლექსომ მთვარის ქალაქიც დალანდა. ადამიანების შევერცხლილ და პირქუშ სახეებზე თვალები ნოტიო ცრემლებით დაინამა... ბინდიანი სამყარო, მოქუფრული, პირქუში ქოხმახები, მდუმარე აკლდამები და გაუსაძლისად გრძელი სევდიანი ხმა, რომელიც როგორც ავისმომასწავებელი ჩურჩული, ისე უვლიდა ქალაქს... მზე აღარ ამოსულა და ადამიანების სახეებსაც ტკივილი და სევდა შეეპარა. მერე ლექსომ დაინახა, როგორ შრომობდნენ ეს ადამიანები, ისევ მუშაობდნენ, ხნავდნენ, თესავდნენ, მაგრამ ნაცრისფერი იყო გარემო და ნაცისფერი იყო ცაც... უცებ ლექსომ ამ ერთფეროვან მონაცრისფრო გარემოში ნაცნობი სახე დალანდა, მას განსხვავებული ფერის ტანსაცმელი ეცვა, მის სახეზეც რაღაცნაირი სინათლე და სითბო დაცურავდა. იცნო, ეს სწორედ ის კაცი იყო, საავადმყოფოს კართან რომ შეეჯახა. დააკვირდა, კაცი თითქმის არ შეცვლილიყო, მაგრამ რაღაცით გამორჩეული და სხვანაირი გახლდათ ამ ადამიანებისგან, თითქოს, რომ დადიოდა, სინათლის მკრთალი ნაკადიც თან დაჰყვებოდა, როგორც მისი სულიდან გამოტყორცნილი შუქურა. დადიოდა და მისი ნაფეხურები მოგრძო, ნათელ კვალს ტოვებდა, ღვთიურ ნათელს, ამას ვერავინ ხედავდა, მაგრამ ლექსომ პირველივე დანახვისთანავე შეიმეცნა ეს, უფრო გონების თვალით დაინახა... შეეცადა, პეტრეს ნაბიჯებს გაჰყოლოდა. როგორც მკრთალი, თეთრი ძაფი ისე ტოვებდა პეტრე ნაკვალევს... ამ ნაკვალებს მიჰყვა ლექსო და უცებ სიბნელეში დაიკარგა. მერე მიხვდა, ეს მანათობელი ძაფი რატომ დაიკარგა, ის მიწის სიღრმეში ჩაეშვა და კადრიც გაწყდა...

..... წვიმის ხმა ისევ შორიდან ესმოდა ლექსოს, თითქოს ეს ხმა აიძულებდა ნახევრად მძინარე მის გონებას, სწორი მიმართულებით ევლო... ამოიოხრა და გვერდი იცვალა, მაშინვე ახალი კადრი გაჩნდა - ღრმა და პირქუში გვირაბი... მიწის სიღრმეში ადამიანების შავ ლანდებს მოჰკრა თვალი. წელში მოხრილები წერაქვებითა და ნიჩბებით მუშაობდნენ. მიწას თხრიდნენ და ვედროებით გამოჰქონდათ. ლექსოს მოეჩვენა, რომ ეს ადამიანი-თხუნელები იყვნენ, რომლებიც მიწის წიაღში სოროებს თხრიდნენ და ნიადაგს ეზიდებოდნენ. გვირაბის სიღრმეში მდინარე გადიოდა, ისინიც მიდიოდნენ და მიწას საწმისებზე რეცხავდნენ, რაღაცას ეძებდნენ, რას? ლექსო ვერ მიხვდა... მერე ის ძაფისებრი კვალი დალანდა და კვალს მიჰყვა, ფერმკთალი ნათება დიდ სოროში იკარგებოდა, იქ შეხედვა მოუნდა ლექსოს... შეიხედა, გაცრეცილი სინათლე, რომელიც წვრილი ძაფივით მიუყვებოდა დაბლა, გვირაბში იკარგებოდა.  უცებ ნათელი მოახლოვდა და ნაცნობი სახე ისევ დალანდა, ჭუჭყიან სამოსში ამოსვრილი კაცი გამოჩნდა, ხელში ვედრო ეკავა და გარეთ წელშიმოხრილი გამოდიოდა. ისიც სხვებივით მიდიოდა მდინარისკენ და მიწის რეცხვას მოჰყვა. გაოცებულმა ლექსომ კიდევ ერთხელ აათვალ-ჩაათვალიერა კაცი, ხომ არ მეშლება, ნამდვილად ისააო? - თავისთვის გაიფიქრა, მაგრამ როცა მისი სხეულიდან გამოსულ ნათებასა და ნაკვალევს შეხედა, მიხვდა, რომ სწორედ პეტრე იბერი იყო... ხმა არ ესმოდა, არც ის, რასაც იქ მყოფი ადამიანები ლაპარაკობდნენ, მაგრამ ხვდებოდა, რომ ყველანი ტუსაღები იყვნენ... მერე კადრები შეიცვალა, პეტრე  გაქრა და ახლა ლექსომ დაინახა, როგორ მიეპარა ერთი პატიმარი მეორეს და დაახრჩო. გააჟრიალა, უნდოდა ეყვირა, მაგრამ ყელში წამოსული ხმა მისივე სხეულში ჩაიკარგა. ვერაფერი შეძლო... თვალები კი აეწვა ცრემლებით... ისიც დაინახა, როგორ დაიძრა პატიმრების მთელი გუნდი და ნაცრისფერმა სიშავემ მკვლელი ალყაში მოაქცია. შავი რგოლივით მოიმწყვდია თავზე ხელებაფარებული დამნაშავე და ეს რგოლი უცებ შეიკუმშა. როცა, რგოლი კვლავ გაიხსნა, სიშავე წითელ ლაქებს შეეცვალა, ტუსაღების სახეებზე კი შურისძიების თვითკმაყოფილი იერი დანავარდობდა. მოკუნტული კაცი უკვე აღარ სუნთქავდა და პატარა კენჭივით ეგდო მიწაზე. შედედებული სისხლი მის სიმრგვალეს არშიად მოსდებოდა, სხეულის ფორმა და სახე წაშლილიყო. ოდესღაც ადამიანის სხეული უსულო ქვად ქცეულიყო. პეტრე იქ არ იყო, მაგრამ ლექსო ხედავდა, რომ ისიც თავის სოროდან გულის კანკალით უყურებდა ამ სცენას და არაფერში ჩარევას არ აპირებდა... ნანახმა შეზარა ლექსო, უსუსურად ამოძრავდა და პირი ფართოდ გააღო, რომ ჰაერი ღრმად შეესუნთქა. დამშრალი ჭასავით დაღაროდა ყელი, ისევ მოსწყურდა, მაგრამ ამჯერად ძილს თავი ვერ დააღწია და ჩვენება განახლდა... ისევ აირია კადრები. შეეცადა, პეტრე ეპოვა, რამდენიმე სოროში შეიჭვრიტა, მაგრამ დიდხანს მოუწია ძებნა, ის ნათელი კვალი გამქრალიყო. ელოდა, იქნებ თავად გამოვიდეს და მიწას რომ გამოიტანს, ისევ დავლანდოო... მაგრამ არა და არ ჩანდა... გონება დაეღალა, უკან მობრუნება გადაწყვიტა, რომ მთვარის ფერმკთალი სხივივით აციმციმდა გვირაბის შიგნიდან სუსტი ნათება. მერე თავისთვის გაიფიქრა, ნუთუ ასეთი სხივი მარტო ამ კაცს დასდევსო, იქნებ სხვაც იყო, მაგრამ იმავე წამს უგულებელყო ეს აზრი, პეტრე აქ გამორჩეული იყო, უცხო იყო, შეცდომით, თუ რაიმე მიზეზით, ამ ხალხთან იძულებით შეხიზნული, ამიტომ მათგან განირჩეოდა, ეს კვალი კი სწორედ იმიტომ დასდევდა თან, რომ შეემჩნიათ... ჰო, ის შეემჩნიათ და ეს ლექსოს უნდა ეცნო. მაშინვე მიჰყვა... გონების თვალმა მყისვე იპოვა... პეტრეს წერაქვი ეჭირა და თხრიდა, მერე ნიჩბით მიწას ვედროებში ყრიდა. ლექსოს ყურადღება ახლა პეტრეს უეცრად შეწყვეტილმა მუშაობამ მიიპყრო... კაცი დაიხარა და ფრთხილად გამოთხარა მიწა. ლექსომ ახლა უცნაური ყავისფერი კარი დაინახა. პეტრემ ჟანგიანი ბოქლომი გატეხა და ძალიან ფრთხილად გააღო. უცებ გამოვარდნილმა სინათლემ თვალი მოსჭრა ლექსოს. თვალები დახუჭა, რომ ამ სინათლეს არ დაებრმავებინა...