ფუად ბეი დემირბაშის არაბული საწოლი
0 ხმა

ავთანდილ ტატო მოდებაძე
სახელი: ავთანდილი (ტატო)
გვარი: მოდებაძე
ასაკი: 41
საცხოვრებელი ადგილი: ქ. რუსთავი, მე-17 მკ-რნი, 1-22
ჩემს ბიოგრაფიაში საინტერესო არაფერია. ეგ არის, რომ დავბადებულვარ, ორ დღეში ბრეჟნევი მომკვდარა და ახლა თუ ხელისუფლება შეიცვალა, ცხრა მთავრობა მეყოლება უკვე გამოცვლილი. 90-იანების ბავშვი ვიყავი, თუმცა არ მიძველბიჭია, ძალიან ძნელი იყო და მაგიტომ. სოფელში რომ ჩავდიოდი, იქ კი ჭკუის საკითხავი კაცი გახლდით, ქალაქელი ხარ, გეცოდინება შენ საქმის გარჩევებიო.
თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაგისტრის ხარისხით. წლებს არ მგონია რამე მნიშვნელობა ჰქონდეს. მუშაობითაც მაგ პროფესიით ვმუშაობ. კერძოდ, აუდიტორად შემოსავლების სამსახურში. მანამდე ფიზიკურად ვმუშაობდი მშენებლობაზე და 15 წლისა მგალობელიც ვიყავი (ხელფასიანი).
ცოლი და შვილი არ მყავს, ისეთი პირი უჩანს, არც მეყოლება. სამაგიეროდ, ჰობი მაქვს უამრავი, ხან რა და ხან რა. პოლიტიკა, ისტორია, მუსიკა, ლიტერატურა, ფეხბურთი, რაგბი, სუმო, ლხინი მეგობრებთან, ... წერაზე ერთმა მეგობარმა შემაგულიანა, ასე 5 წლის წინ, გამოგივა შენ, რაღაც ასე მგონიაო. ვინც წაიკითხა, ყველამ კარგი მითხრა, არ ვიცი, შეიძლება გულს მიკეთებენ. მაგრამ მათ შორის ერთი კრიტიკოსიც იყო, მაგას მაინც რატომ უნდა მოვეტყუებინე?
მანამდეც, 20 წლის ასაკში რაღაცეებს ვცოდვილობდი, ერთხელ ერთ პერსონაჟს სამი დღე არაფერი ვაჭამე და მეც არ ვჭამე, რომ კარგად გამეგო მისი აზრები. სახლში რომ მკითხეს, რატომ არაფერს ჭამო, ვუპასუხე, რანაირად ვჭამო, პერსონაჟი მშიერია თქვა. იმხელა ამბავი ატყდა, რომ ჩემი ფსიქიატრიულში წაყვანაც კი უნდოდათ, მთლად გაგიჟებულა ესო. თუმცა, ბოლოს აღმოვაჩინე, რომ არცერთი მოთხრობა არაფრად ვარგოდა და ყველაფერი დავწვი.
გამოქვეყნებული არსად არაფერი მაქვს, თუ არ ჩავთვლით, wordpress.com - ზე ატვირთვას, იქაც რამდენიმე ნაცნობმა წაიკითხა მხოლოდ, სხვა არავინ.
ამ ორი მოთხრობის გარდა, რომელთაც ახლა გიგზავნით, კიდევ სამი შედარებით მცირე ზომისები მაქვს, მაგრამ პირველ ეტაპზე მგონი სრული კრებული არ გინდათ. ბევრი სიუჟეტი მაქვს გონებაში, თუმცა ასე ნაცნობ-მეგობრებისთვის წაკითხება საკმარისი არაა, გამოვგზავნი თქვენთან უკვე დაწერილებს, თუ მოგეწონათ, ვაქცევ იმ სხვა სიუჟეტებსაც მოთხრობებად.
მექსიკური ვენდეტა
მოქმედება ხდება ამერიკაში, კერძოდ ტეხასში. მკვლელობას იძიებს ორი გამომძიებელი, დენი ო’ჰენლონი და სტივი მაკაუდა. წარსულში ხულიგნები, შემდეგ კი პირველი მსოფლიო ომის ვეტერანები, შიშის ზარს სცემენ მთელს მხარეს. მათი უფროსია შერიფი ვილსონი, უამრავი ომის გმირი, მათ შორის პირველი მსოფლიოსიც. ერთადერთი კაცი, რომლის რიდიც ოჰენლონს და მაკაუდას აქვთ.
მკვლელობა თავიდან ძალიან მარტივად, თუმცა საზარლად მოჩანს: ახალგაზრდა ჰენრი მეისონმა თავისი ახლო მეგობარი, ჯეფრი ტეილორი მოკლა. მოტივი ის იყო, რომ ტეილორმა უთხრა, დედაშენმა ლათინოსი საყვარელი გაიჩინაო. მკვლელობის შემდეგ არც ქალი და არც ლათინოსი აღარავის უნახავს, მაკაუდა ვარაუდობს, რომ მეისონმა ისინიც მოკლა და შავ დღეში აგდებს დაკავებულს, მითხარი სად წაიღე გვამებიო.
ნელ-ნელა საქმეები რთულდება, აღმოჩნდება, რომ მეისონების ოჯახი კარგად დაგეგმილი შეთქმულების მსხვერპლია. ლათინოსი პედრო ალვარესი ოჯახში მიიღეს იმის გამო, რომ განსვენებული ოჯახის უფროსის, რობერტ მეისონის მემკვიდრეობის საქმეები მოეწესრიგებინა, ნაცვლად ამისა, მთელს დოკუმენტებს ხელი მოავლო და მექსიკაში გაიპარა. ბეტი მეისონმა (ვისაც ლათინოსის საყვარლობას აბრალებდნენ) რაღაცნაირად გაიგო მისი ადგილსამყოფელი, მონახა და თავი გაუხვრიტა.
მაგრამ მთავარი ეს არაა. მთელი ამ დახლართული გორგალის თავი ხელში უჭირავს ქალაქში ახალ ჩამოსულ მოხუც მისის ბარნეტს, რომელიც სინამდვილეში ახალგაზრდა ქალი და ამავე დროს პედრო ალვარესის ნახევარდაა დედის მხრიდან, მისი მამა კი თავად რობერტ მეისონია, რომელმაც შვილად არ აღიარა. ამის გამო მისის ბარნეტს ძალიან დიდი გაჭირვება დაატეხა ცხოვრებამ და ნამდვილ ალქაჯად იქცა. ისე, რომ ახლა შურისძიების წყურვილი ამოძრავებს.
რობერტ მეისონი დიდი მექალთანე იყო, მისის ბარნეტმა გადაწყვიტა შურისძიების ყველაზე საშინელი ფორმისთვის მიემართა, უცხო ქალად გაეცნო საკუთარ მამას და ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოსალოდნელი იყო. ბოლოს ფოსტით გაუგზავნა თავისი პატარაობისა და ახალგაზრდობის ფოტოები, რითაც მიახვედრა, რომ საკუთარ შვილთან იწვა სულ ცოტა ხნის წინ.
ამის გამგონე რობერტ მეისონი სამ დღეში გარდაიცვალა. მაგრამ ბარნეტი ამაზეც არ გაჩერდა, საკუთარ ნახევარძმას ჩააგონა, ეგებ მისი ქვრივი დაისაყვარლოო, თუმცა ეს არ გამოუვიდათ, შემდეგ ჯეფრი ტეილორს (რომლის საყვარელიც თვითონ გახდა) ჩააგონა, შენს ძმაკაცს გადაეცი, ეგ ლათინოსი ტყუილად არ გიზით სახლში, დედამისის საყვარელიაო. მაგრამ ეს ამბავიც წინაზე უარესად დამთავრდა, მეისონმა ტეილორი მოკლა.
მაკაუდამ და ო’ჰენლონმა ნელ-ნელა ყველაფერი გამოიძიეს და მისის ბარნეტი დააპატიმრეს, რა თქმა უნდა ის სიკვდილით დაისაჯა, დედა-შვილ მეისონებს 25 წლიანი პატიმრობები მიესაჯათ.
ფუად ბეი დემირბაში არაბული საწოლი
მოქმედება საქართველოში ხდება, ერთი ცოტა უცნაური, გრძელთმიანი, სპორტის, ფილოსოფიისა და ლიტერატურის მოყვარული ბიჭი თეატრში წავა, სადაც ძალიან ლამაზი გოგოს გვერდით აღმოჩნდება, გოგო იმდენად ლამაზია, რომ ბიჭი გაცნობის ცდას ვერ გაუბედავს. თუმცა ეს ბიჭი თავის მეგობართან იმდენად არასტანდარტული ენით საუბრობს, რომ გოგოს თავად აღეძრება ინტერესი და მოახერხებს კიდეც მის პროვოცირებას.
თეატრის გვერდით თურქული კაფეა და ისე მოხდება, რომ იქ შევლენ რამდენჯერმე, ბოლოს აღმოჩნდება, რომ კაფის მეპატრონე, ფუად ბეი დემირბაში, გოგოს მეგობრის ქმარია, რაზეც ეს ბიჭი სულ ცეცხლებს გაყრის, ასეთი ლამაზი გოგო ამ ულვაშიან ჯღანს როგორ გაყვა ცოლადო, თუმცა მალე ძალიან უცნაური ამბავი მოხდება.
საქმე იმაშია, რომ გოგო ძალიან ღარიბია და ფუად ბეი, როგორც ნამდვილი აზიელი, შიშს გამოთქვამს იმის შესახებ, ვაითუ ამ ბიჭმა ეს გოგო უმზითვოდ არც წაიყვანოს ცოლადო, ბიჭს შეხვდება და განუცხადებს, მზითევი ჩემზე იყოსო, ეს ბიჭი ბევრს იცინებს ამ საქმეზე, მზითევზე უარს იტყვის, მაგრამ ფუად ბეის ხელს ჩამოართმევს და რაც კი მასზე ცუდი უთქვამს, ყველაფერს ინანებს.
მაგრამ გოგო ქორწინების წინააღმდეგია, მანამდე ორჯერ იყო გათხოვილი და მესამედ აღარ უნდა. ისე სასიყვარულო ურთიერთობაზე თანახმაა. რომელსაც ვერაფრით მოახერხებენ ერთად, რამოდენიმეჯერ კი ცდიან. თითქოს რაღაც ზე-გრძნობები აქვთ ერთმანეთის მიმართ და ქვენა გრძნობების გააქტიურებას ვერ ახერხებენ.
ჯვრისწერა მაინც შედგება, სახლში მისულს კი სახლი ავეჯით გაწყობილი დახვდება - ფუად ბეისა და მის ცოლს მალულად მაინც გამოეგზავნათ მზითევი. მათ შორის არის არაბული საწოლი, რომელზედაც დაწვებიან და რომელზედაც გამოუვათ ზენადან ქვენა გრძობებამდე ჩამოლაბორანტება. რაც ძალიან საინტერესოდ მოეჩვენება ამ ბიჭს და ეცდება ეს ფილოსოფიურად ახსნას, მაგრამ რაღაც ცუდად გამოუვა და ქორწინების პირველ ღამესვე ცოლთან ჩხუბი მოუვა, თუმცა მალევე შერიგდებიან.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური