კალაბრიული გამბიტი
კალაბრიული გამბიტი
კალაბრიული გამბიტი
-რაც შეეხება სიყვარულს, მე ის მხოლოდ ერთხელ ვნახე - თქვა მიქელანჯელო ანტონიონიმ - ისიც შორიდან და, ცოდვა გამხელილი სჯობს, თავიდან ვერც მივხვდი, რასთან მქონდა საქმე.
-საწყალი ქალები, ისინი თქვენ ალბათ გენდობოდნენ - თქვა პატრიცია ბონფანტემ - ზოგიერთ მათგანს მეც ვიცნობდი.
სინიორ ანტონიონიმ ყურადღებაც არ მიაქცია თანამოსაუბრის დამცინავ შენიშვნას, ისე განაგრძო.
-კალაბრიის ერთ მიყრუებულ სოფელში გახლდით მაშინ სტუმრად, რისორჯიმენტო ის იყო ფეხს იდგამდა და მოსახლეობის განწყობის გასაგებად, გარიბალდი თავის აგენტებს იტალიის ყველა კუთხეში გზავნიდა. ერთ-ერთი ასეთი მზვერავი, გნებავთ აგენტი, ვიყავი მეც.
რასაკვირველია, ყველაფერი საიდუმლოდ ხდებოდა, სოფელ მარანძანოს მცხოვრებლებს ეჭვადაც არა ჰქონდათ, რომ ყველასათვის საყვარელი მოხუცის, სინიორ ანსელმო პალეარისთან სტუმრად მყოფი, მისი შორეული ნათესავი, მიქალანჯელო ანტონიონი, სინამდვილეში გარიბალდის ჯაშუში იყო.
პოლიტიკური დითირამბებით თავი დიდად რომ არ შეგაწყინოთ, მოკლედ მოვჭრი, მარანძანოს მოსახლეობისათვის პოლიტიკა მოსავლის აღება იყო, ხოლო დიდი პოლიტიკა - ნაპოლიში სამუშაოდ წასვლა.
თვითონ სოფელი დიდად არაფრით გამოირჩეოდა, ტიპიური სამხრეთ იტალიური დასახლება იყო, სამასიოდე მაცხოვრებლით, სადაც, რა თქმა უნდა, ყველა ყველას იცნობდა. ღარიბულად ჩაცმული სოფლის ახალგაზრდობა დღისით მესაქონლეობას მისდევდა, საღამოობით ცეცხლის პირას, სოფლის ცენტრში იკრიბებოდა და გიტარაზე ნეაპოლიტანურ სიმღერებს მღეროდა. ყველას ოცნება იყო, როგორმე გაქცეოდა თავისი სოფლის უბადრუკ ყოფას და ნაპოლიში ეცხოვრა, მაგრამ როგორც გითხარით, სოფელი პატარა და მიყრუებული იყო, მარანძანოელების პატრონი ნაპოლიში არავინ იქნებოდა, ამიტომაც საშიში იყო იქ წასვლა, ან შიმშილით უნდა ამოხდომოდათ სული, ანდაც გვიან ღამით, სადმე ბნელ კუთხეში დანას უნდა მოესწრაფებინა მათი სიცოცხლე.
პირველი, ვინც ეს გაბედა, იყო ელა სტორარი, ოციოდე წლის სიფრიფანა, ლამაზი გოგონა. სულ პატარა იყო, მამამ რომ მიატოვა და სადღაც გადაიკარგა, ოცი წლისას დედაც გამოეცალა ხელიდან და ეს იყო ბოლო წვეთი, ყველასათვის უჩუმრად, ერთი ჩანთის ამარა დაადგა გზას დიდი ქალაქისაკენ.
რამდენიმე თვეში მასიმო ვოლტაც გაემგზავრა, ელასაგან განსხვავებით, ის თანასოფლელებს ცენტრალურ მოედანზე გამოემშვიდობა.
-თქვენი არ ვიცი, მე კი აქ ყოფნით უკვე სული შემეხუთა, წავალ ნაპოლიში, ვნახოთ, რა გამოვა, ჯერ ახალგაზრდა ვარ, მხოლოდ ოცდარვა წლის, თუ კარგად მოვეწყე, თქვენც გაგიმართავთ ხელს.
მასიმო დიდი შფოთის ამტეხი ვინმე იყო, ამიტომაც სოფლელები დიდად არ დამწუხრებულან მისი გადაწყვეტილებით, განზრახვა მოუწონეს და ელას ამბავიც შეახსენეს.
-თუ სადმე ვნახე, აუცილებლად გაგაგებინებთ მის ამბავს, მაგრამ ნაპოლი დიდია, თანაც ვინ იცის, იქნებ რომში, ან სულაც მილანშია?
ერთი სიტყვით, მასიმო დიდი იმედებით გაემგზავრა ჩრდილოეთისაკენ, სადმე სამხერხაოში დავიწყებ მუშაობას, ერთი წლის მერე ჩამოვალ და რამდენიმე ახალგაზრდასაც თან წავიყვან, როგორც ბნელში ნათელი, ისე მოვევლინები ჩემს მშობლიურ მარანძანოსო და ა.შ. და ა.შ. მისი ლაქლაქისათვის ყურადღება არავის მიუქცევია, ორ დღეში მიავიწყდათ და როგორც შემდეგში გაირკვა, მართლებიც იყვნენ, მასიმოს არც წერილი გამოუგზავნია და ერთი წლის გასვლის შემდეგ სოფელში გამოჩენა ხომ ფიქრადაც არ მოსვლია.
სამხერხაოში მუშაობა მასიმოს მართლა დაუწყია, თუმცა ორი თვის შემდეგ, როდესაც მეპატრონემ კუთვნილი ჯამაგირის მიცემაზე უარი განუცხადა, მასიმომ ხის მორის ნაცვლად მისი გახერხვა მოინდომა და დაზგისკენ მიათრევდა კიდეც. ბედად, იქ სხვა მუშებიც იყვნენ და სინიორ ვოლტას ამ ფრიად კეთილშობილური განზრახვის სისრულეში მოყვანა არ დაანებეს. მასიმომ საბოლოოდ აიცრუა გული მუშაობაზე და ერთ-ერთ კრიმინალურ დაჯგუფებას შეუერთდა, ასე მრავლად რომ იყვნენ ნაპოლიში. ერთი თვის თავზე წაადგა სამხერხაოს პატრონს, ორი თვის მაგივრად ორი წლის ჯამაგირი გადაახდევინა და თავისი ბანდის ყულაბაში შესატანადაც გვარიანი თანხა დასცინცლა.
ახალ გარემოში მასიმოს თავი დიდად უსახელებია, ბანდის მეთაური მეტად ნასიამოვნები დარჩა ასეთი თავზეხელაღებული კაცის შოვნით და საიდუმლოდ შეპირდა, თუ ჩემი ერთგული იქნები, მემკვიდრედ სწორედ შენ დაგასახელებო. (რა ვუყოთ, რომ არამზადების თავკაცს ეს სიტყვები თითქმის ყველა წევრისთვის ჰქონდა ნათქვამი, თანაც სრულიად საიდუმლოდ)
მასიმო ვოლტას ჯიბეში ფული გაუჩნდა და დროსტარებაც მოესურვა, დუქნებში წოწიალი მისი საქმე არ იყო, სასმელი მაინცადამაინც არ უყვარდა, აი, გარყვნილი დედაკაცები ნამდვილად მისთვის იყვნენ გაჩენილნი, ერთ თვეში აქაც გამოიჩინა თავი და დიდი პატივისცემაც დაიმსახურა მეძავ ქალებში. ვოლტას სახელი ყველა როსკიპს პირზე ეკერა.
ერთხელაც, ვოლტას უთხრეს, რომ ქალაქის განაპირას, გოგირდის საამქროს საწყობის მიმდებარედ, ერთ პატარა სახლში რამდენიმე ახალგაზრდა მეძავი ცხოვრობდა და მუშტრებსაც იქვე იღებდნენ. თავისდა უჩვეულოდ, მასიმო იმ დღეს ცოტა გადაკრულში ბრძანდებოდა, რასაკვირველია, თავის სამ თანამზრახველთან ერთად უმალვე იქით გაეშურა.
რამდენადაც შეზარხოშებული ბრძანდებოდა, ბევრი არ უფიქრია, მოავლო ხელი ერთი შეხედვით ყველაზე ლამაზს და იქვე, გოგირდის კასრებისაკენ წაათრია, კუნაპეტი ღამე იდგა და მასიმო გოგონას სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ იმას კი მიხვდა, რომ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, უკვე საკმაოდ ზნედაცემულ ქალთან ჰქონდა საქმე, ისე აუღელვებლად ეხებოდა უცხო მამაკაცის სხეულის აკრძალულ ადგილებს, თითქოს ცეცხლზე დადგმული სამოვარი ყოფილიყოს და მეტი არაფერი.
მიუხედავად ამისა, მასიმომ მაინც მოისურვა მასთან მთელი ღამის გატარება, ქალიც სიამოვნებით დათანხმდა და გოგირდის კასრებიდან თავისი ოთახისაკენ გაუძღვა, ყველაფერი ჩინებულად მიდიოდა, მანამ, სანამ გოგონამ სანთელი არ აანთო და ერთმანეთს სახეში არ შეხედეს.
ალბათ უკვე მიხვდით, რომ მეძავი გოგონა ელა სტორარი იყო.
მასიმო ვოლტას თავიდან ელდა ეცა, შემდეგ კი გონს მოსულმა სულ ფურთხებითა და გინებით აიკლო იქაურობა, თავისი თავი დაწყევლა სასმელის დალევისათვის და ბედისწერაც არ მოიხსენია ლამაზი სიტყვებით, მისი აზრით, ნეაპოლის უამრავ მეძავს შორის მთვრალი რომ მაინცადამაინც თავის თანასოფლელს გადაეყარა, ამაში ნამდვილად ზეგარდმო ძალები იყვნენ დამნაშავე.
არანაკლებ შეშფოთებული იყო ელაც, რომელიც მუხლებზე დამდგარი ეხვეწებოდა ვოლტას, მარანძანოში არ გაევრცელებინა ეს ამბავი. ვოლტამ დაამშვიდა, რომ სოფელში წასვლას საერთოდ არ აპირებდა და საჩქაროდ ფეხზე წამოაყენა ქალი, შემდეგ კი გამოსავლის ძებნას შეუდგა.
გამოსავალი არც ისე ადვილი საპოვნელი იყო, მასიმომ შესთავაზა ქალს, სხეულით ვაჭრობა მიეტოვებინა და მასთან გადასულიყო, მაგრამ თვითონ კი რას წარმოადგენდა? რით სჯობდა ბოროტმოქმედის ხასად ყოფნა გოგირდის კასრებთან მუშტრების მიღებას? ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გამოუვალი მდგომარეობით გრძნობამორეული მარანძანოელი უძღები შვილები ერთამანეთს გადაეხვივნენ, შემდეგ კი მასიმო ვოლტას მხურვალე სხეულმა განავითარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მამაკაცს ქალის სურვილი აქვს მიუხედავად გეოგრაფიული პრინციპისა.
-დასწყევლოს ეშმაკმა - იმართლებდა მეორე დღეს თავს მასიმო თავის მეგობრებთან - ჩემი სოფლელი კია, მაგრამ... რაც მაგან ამ ერთ წელიწადში მოასწრო, მგონი მთელი იტალიის ნათესავი გახდა და განსაკუთრებული არაფერი ჩამიდენია.
სამწუხარო ის იყო, რომ მასიმო ვოლტა სულაც არ აჭარბებდა - ელა სტორარი უკვე გვარიანად წამხდარიყო.
მარანძანოდან წამოსვლისას გულშიაც კი ვერ გაივლებდა იმას, რაც მომავალში ელოდა. ნაპოლის გზას დანდობილად დაადგა ცხოვრებაში ჯერ კიდევ გამოუცდელი გოგონა, ქალაქში რომ ჩავიდა, უკვე მოსაღამოვებული იყო, გადაწყვიტა, პირველად სამიკიტნოებისათვის ჩამოევლო და თავისი სამსახური შეეთავაზებინა ჭურჭლის მრეცხავად, ანდაც დამლაგებლად.
პირველივე სამიკიტნოში ბედმა გაუღიმა, მეპატრონემ, მსუქანმა და ულვაშებიანმა ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცმა წვრილად გამოკითხა თავისი ამბავი და რომ გაიგო, ელას ღამის გასათევი არსად ჰქონდა, ძალიან შეწუხდა.
-ჩანს, არაფერი გაგეგება ნაპოლისა, შენ ჩვენი ქალაქი მარანძანო ხომ არ გგონია? მართალია ამინდი კარგია, მაგრამ სჯობს ჩრდილოეთ პოლუსზე გაათენო ღამე, ვიდრე ნაპოლიში.
კეთილმა იტალიელმა თავისი სამიკიტნო დაუთმო ღამის გასათევად გზააბნეულ გოგოს, სამუშაოზე ბოდიში მოუხადა, ჭურჭლის მრეცხავი უკვე მყავს, მაგრამ თუ აქ დარჩები და ცოტას იმუშავებ კიდეც, მზად ვარ საჭმელიც გაჭამოო.
-„ეს რა კეთილი ხალხი ყოფილა ნაპოლიში“- გაიფიქრა დაძინების წინ ელამ - „მარანძანოში კი რეებს აღარ ჰყვებოდნენ აქაურობაზე“.
რამდენადაც არ უნდოდა, მუქთამჭამელად დამატებოდა თავის კეთილისმყოფელს, რომელსაც ალბერტო ერქვა და გვარს კი არაფრით ამხელდა, მეორე დღესვე შეუდგა საქმის კეთებას, ჭურჭლის რეცხვასა და დალაგებასაც, შიგადაშიგ მიმტანის პროფესიასაც ითავსებდა და სინიორ ალბერტოს ბაზარშიდაც დაყვებოდა, დღის ბოლოს არაქათი რომ გამოეცლებოდა, სინდისი უმშვიდდებოდა და ფიქრობდა, რომ დაიმსახურა ის საჭმელი, რომელიც დღის განმავლობაში შეუჭამა კეთილ მედუქნეს. ღამით სახელდახელო ჭილოფზე მიეგდებოდა და წამსვე ღრმა ძილი ართმევდა თავს.
ერთ ღამეს რაღაც ფათურმა გამოაღვიძა, თვალი გაახილა და სინიორ ალბერტოს ნოქარი, ჯუზეპე დაინახა, რომელიც მძინარეს თავზე წასდგომოდა.
ჯუზეპე ასე ოცდაათიოდე წლის იყო, უცოლო, ამიტომაც ელა მასთან თითქმის მეგობრობდა, მაინც, მისმა ნაგვიანევმა ვიზიტმა, ცოტა არ იყოს შეაცბუნა, თანაც, როგორც აღმოჩნდა, ჯუზეპეს მის საჯდომზე ჰქონდა ხელი წავლებული.
-რას აკეთებ ჯუზეპე, ღმერთო ჩემო, ან ეს ხელი..... არ გრცხვენია?
-აჰ, ჩემო საყვარელო, აჰ, ჩემო ძვირფასო - მოთქვამდა ჯუზეპე - შენ არ იცი, რარიგ მძიმეა ჩემთვის, გიყურებდე და არ მქონდეს შენზე უფლება...
რაღაც ლექსის მაგვარიც მოახლაფორთა სახელდახელოდ სინიორ ალბერტოს ნოქარმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
როცა ამოვა მზე, თავისი დიდებულებით,
შენს მშვენიერ ბაგეებს დავეწაფები
თითქმის ერთი საათი იჯახირეს როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ, ჯუზეპე ცდილობდა ქალის დაყოლიებას, ქალი კი პირიქით, არწმუნებდა, ხელი აეღო თავის განზრახვაზე. ამ ჭიდაობაში, როგორც მოსალოდნელი იყო, მამაკაცმა გაიმარჯვა, საცოდავ ელას არაქათი გამოელია და უღონოდ მიესვენა თავის ღარიბულ ლოგინზე.
-ჯუზეპე, შენ ხომ კარგი ადამიანი ხარ, განა შეიძლება ასე? გთხოვ, ნუ იზამ ამას - ელამ შენიშნა, რომ როდესაც ჯუზეპეს კაიკაცობაზე გამოთქვამდა აზრს, უკვე სრულიად შიშველი იყვნენ ის და მისი თანამოსაუბრეც, თუკი შეიძლება საუბარი დაერქვას იმას, რაც მაშინ სინიორ ალბერტოს პატივსაცემ დუქანში ხდებოდა.
მეორე დღეს ელამ საშინელ გუნებაზე გაიღვიძა, მაგრამ ჯუზეპეს ხილვამ ცოტათი გაამხიარულა.
-სულელო - უთხრა მან - გგონია რაღაც განსაკუთრებული მოხდა? მთელი ქვეყანას ამას აკეთებს, ასე რომ, მოეშვი გლოვას.
იმ ღამეს ჯუზეპე ისევ მოვიდა და ელამ აღიარა, რომ თუ ის მართალია და მთელი ქვეყანა ასე აკეთებს, ძალიან ბრძნულადაც იქცევა.
ყველაფერი არცთუ ცუდად იქნებოდა, ასე რომ გაგრძელებულიყო, მაგრამ ერთ დღეს ჯუზეპეს მაგიერ სინიორ ალბერტო მოვიდა და იმაზე მოკლე დროში მოახერხა საწადელს სწეოდა, ვიდრე ეს მისმა ნოქარმა.
საშინელება ის იყო, რომ როდესაც ჯუზეპემ ეს ამბავი გაიგო, არც გაუპროტესტებია, მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
-უცნაურია, რატომ უნდა გავბრაზდე, მე და შენ ხომ ცოლ-ქმარი არ ვართ? ეცადე საშენოდ გამოიყენო ეს ამბავი, ალბერტო შენთან დროს ატარებს, ესე იგი, აქაურობის ბატონ-პატრონიც მალე გახდები, თუ ჭკუას მოუხმობ. მეც არ დამივიწყო.
თითქოს შეთანხმებულები იყვნენო, ხან ჯუზეპე მოდიოდა და ხან სინიორ ალბერტო, ერთხელაც არ გადაკვეთილა მათი გზები, შემდეგში ელა მიხვდა, რომ ისინი მართლა გარიგებულები იყვნენ, მაგრამ მანამდე კი ერთი შიშის ფეთება ჰქონდა, ალბერტოს ჯუზეპეს შესახებ არ შეეტყო.
ყველაფერზე თვალი დონა როზეტამ აუხილა, ყოფილმა კურტიზანმა ქალმა, რომელიც ასაკში შესულიყო და კურტიზანობიდან ჩვეულებრივ მეძავად გადაქცეულიყო. დროდადრო მოდიოდა ხოლმე თავის მუშტრებთან ერთად. ელა ცდილობდა მასთან საუბარს გარიდებოდა, არაფრად ეპიტნავებოდა ეს ბებერი ბოზი, როზეტაც ყველაფერს ხვდებოდა და არც ის იდებდა თავს მაინცადამაინც, მაგრამ ერთ დღეს, სრულიად მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა.
-კარგი, მე რაც ვარ და ვინც ვარ, მთელმა ნაპოლიმ იცის, მაგრამ შენხელა ოდნავ უკეთესი გახლდი, ორგზის სინიორავ, სინიორინად რომ მოგაქვს თავი!
ელას თავზარი დაეცა, კიდევ კარგი, როზეტა მარტო იყო, მისი თანამეინახე ამ დროს ალბერტოს ესაუბრებოდა. ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გაეცა მოწინააღმდეგისათვის, ხელი დაუჭირა, თვალებში ჩაციებით შეხედა და ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა:
-მითხარი, როზეტა, ასე გავრცელდა უკვე ეს ამბავი, რომ შენამდეც მოვიდა?
როზეტამ დაამშვიდა, რომ მხოლოდ გამოცდილი თვალის საშუალებით მიხვდა ამას და მისთვის არავის არაფერი უთქვამს, ამასთანავე, შეპირდა, რომ ხვალ მარტოკა შემოივლიდა და რაღაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანზე გაესაუბრებოდა.
-აი, რა, ჩემო სულიკო - თქვა როზეტამ, როდესაც სკამზე მოხერხებულად მოკალათდა - პირველად რომ დაგინახე, მივხვდი, შენს თავს ჯერ ცუდი არაფერი ხდებოდა, ალბერტოცა და ჯუზეპეც მსუნაგი თვალებით შემოგცქეროდნენ, მეორე ვიზიტზე ჯუზეპე ყურადღებას აღარ გაქცევდა, მხოლოდ ალბერტო ოხრავდა საცოდავად, აი მესამედ კი დავასკვენი, რომ ორივეს საჯილდაო ქვად ქცეულხარ. ასე მივხვდი ყველაფერს, ვის ვის, და ამ საკითხში მე ჭკუა ნამდვილად მომეკითხება, ახლა კი პირდაპირ მითხარი, რა მიზნები გაქვს ამ სოროში?
-სასახლის დედოფლობა არ გამომივა, ამიტომაც აქ მინდა ძალაუფლება მქონდეს.
-ცოტათი მაინც წაიწიე წინ?
ელა დაფიქრდა.
-მგონი კი... სინიორ ალბერტო რჩევას მეკითხება დუქნის საქმეებში...
-ბრიყვო! - შესძახა დონა როზეტამ - ალაგებ, ჭურჭელს რეცხავ, ბაზარში დადიხარ, მუშტრებს ემსახურები, არაქათგამოცლილი რაღაც ჭუჭყიან ქვეშაგებში მიეგდები და ღამით კი ხან ნოქარი გიფათურებს თავის ბინძურ ხელებს და ხან ეს დამპალი მედუქნე, და ამ ყველაფრის სანაცვლოდ თვეში ერთ პიასტრსაც არავინ გაძლევს, ეს გგონია წარმატება? იცი, რომ მე ერთ ღამეში უფრო მეტს ვშოულობ, ვიდრე შენ ხარჯავ მთელი თვის მანძილზე? და თუ იმას მეტყვი, რომ რამდენიმე კაცთან წოლა აღვირახსნილობაა და ორთან კი პატიოსნება, პირში წყალს ჩავიგუბებ. ისიც კი ვერ გაიმეტა ამ ქვაწვია ალბერტომ, რომ თავისი საყვარლისათვის ხეირიანი ლოგინი ეყიდა.
თითქოს აკრძალული ხის ნაყოფი ეჭამოს, და კეთილისა და ბოროტის გარჩევა ესწავლოს, ისეთი გრძნობა დაეუფლა ელა სტორარის, ფეხზე წამოდგა და რაღაც სარკასტულად თქვა:
-მართალი ხარ, როზეტა, ორმა ღორმა პატარა, სოფლელი გოგო გამომიჭირეს და მთელი წელი უფასო მონად ვყავდი, ახლა თვალი ამეხილა, გეკითხები, შეგიძლია მასწავლო, როგორ უნდა გავხდე შენნაირი?
დონა როზეტას, რასაკვირველია, სწორედ ეს უნდოდა, მან დაარწმუნა ელა, რომ ქალისთვის ფულის შოვნაზე ადვილი არაფერია, რამდენადაც, ეს სულელი მამაკაცები, მზად არიან უკანასკნელი გროშიც კი გაიღონ, ოღონდ კი ქალმა გაუღიმოთ.
-წარმოიდგინე, ჩემო პატარავ - ამბობდა დონა როზეტა - ამ რეგვენებმა კარგად იციან, მხოლოდ იმისათვის ვნებდებით, რომ ფულს გვიხდიან, და მაინც სიამოვნებთ ჩვენი ღიმილი, საინტერესო არსებები არიან მამაკაცები, მე და ჩემმა ღმერთმა, ძალიან საინტერესო.
დონა როზეტას თავისი ანგარიშები ჰქონდა, უკვე ორმოცდაათს მიუკაკუნა და ცხადია, მუშტრების საქმე უკან-უკან მისდიოდა, ცოტა ხანი კიდევ შეძლებდა თავის გატანას, მაგრამ თუ ახალს არ მოიფიქრებდა რამეს, სიღატაკეში უნდა დაელია სული, ჰოდა, მოიფიქრა კიდეც.
რომელიმე ახალგაზრდა, ლამაზ გოგონასთან ერთად უნდა ემუშავა. მამაკაცების თვისება ასეა, მეძავებთან რამდენიმე ერთად მიდის, თანაც მთვრალები, რასაკვირველია, თუ ელას ხათრით მოვიდოდნენ, მასაც ეყოლებოდა მუშტარი, შემდეგ კი იმაზე უნდა ეზრუნა, რომ რიგიანი სახლი ექირავებინა, და რამოდენიმე ახალგაზრდა ქალი ჰყოლოდა, თვითონ ორგანიზაციულ საკითხებს მოაგვარებდა, გოგოები კი .......
ისიც შეიძლებოდა, ელა ელიტურ მეძავად, კურტიზანად ექცია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თვითონ მშრალზე დარჩებოდა, თანაც, მართალია ელას სასიამოვნო გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ არც ისეთი, რომ არისტოკრატ მამაკაცებს მასზე ჭკუა დაეკარგათ.
ელამ თითქოს თავზე ხელი აიღოო, აღარაფერს ერიდებოდა, მუშტრებს დაყვებოდა რკინიგზის სადგურებზე, პორტებში, ქარხნებში და ყველგან, სადაც ბევრი მამაკაცი ირეოდა, როგორც კი გაიგებდა, გემი ჩამოდგაო, უმალვე იქ ჩნდებოდა და მეზღვაურებს ხეირიანად მიწაზე ფეხის დადგმას არ აცლიდა. ზუსტად იცოდა, როდის იღებდნენ ხელფასს ამა თუ იმ ქარხნის მუშები და რომელ დუქანში იკრიბებოდნენ, სად ჩამოივლიდა ყველაზე მეტი მგზავრი, დღისით ქალაქში დაწანწალებდა და საღამოობით კი სახლში იღებდა მუშტრებს. თვით ბევრის მნახველი, დონა როზეტაც კი გააკვირვა მისმა ასეთმა წრეგადასულობამ.
-ღმერთმანი, ელა, ნამეტანს შვრები მგონია! მართლია, ეს ჯანმრთელობას არ ვნებს, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა, ბევრი ემოცია სახეს ანაოჭებს.
აქ კი ცდებოდა გამოცდილი მეძავი, არანაირ ემოციას ელა სტორარი არ გამოხატავდა, მისთვის ეს სამუშაო იყო, ზუსტად ისეთივე, როგორც ქვანახშირის საბადოში, ანდაც სპილენძის დამამუშავებელ საამქროში გამომუშავებაზე მყოფი დაქირავებული, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, რაც შეიძლება სწრაფად მორჩეს საქმეს და ახალი ხერხები მოიგონოს საიმისოდ, თუ როგორ გაზარდოს საკუთარი შრომის ნაყოფიერება. სწორედ ამგვარად, ელა სტორარი დაეუფლა იმ ხელოვნებას, თუ როგორ ეგრძნობინებინა მამაკაცისათვის, რომ ის საუკეთესოა ყველა იმათ შორის, ვინც მას აქამდე უნახავს, სიტყვები არ სჭირდებოდა, ზუსტად იცოდა, როდის აეჩქარებინა სუნთქვა და როდის შემოჭდობოდა მახრჩობელა გველივით თავის მსხვერპლს. გრძნობები აქ არაფერ შუაში იყო, ყველაფერი დადგმული შოუ გახლდათ.
მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა ელა სტორარის, სადმე შემთხვევით მარანძანოელებს არ გადაყროდა, მართალია ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც ეს უკანასკნელნი ნაპოლიში ჩამოდიოდნენ ხოლმე.
თავზარი დაეცა, როდესაც სანთელი აანთო და თავის კლიენტში მასიმო ვოლტა შეიცნო, დაბნეულობისაგან აღარ იცოდა რა ექნა, შეშინებული ყველაფერზე დათანხმდა თავის თანასოფლელს და ისიც კი ვერ მოიფიქრა, რომ ფული უკანვე შეეძლია, მართალია, მასიმო ალბათ არ გამოართმევდა, მაგრამ ამით მის გულს მოიგებდა.
ვოლტამ კი მასთან ვიზიტებს მოუხშირა, რამდენჯერმე დაიცვა კიდეც ვიღაც ნაძირალებისაგან. ელა მოუყვა თავისი გზას აცდენის შესახებ, მუქ ფერებში დაუხატა სინიორ ალბერტოსა და გაიძვერა ჯუზეპეს პიროვნებები. მასიმომ გადაწყვიტა, სამართლიანობა აღედგინა და დანით ხელში ეწვია სინიორ ალბერტოს, რამაც ეს უკანასკნელი გვარიანად დაზაფრა.
-დამშვიდდით, სინიორ ალბერტო - თქვა მასიმომ - ავაზაკი როდი გახლავართ, მოანგარიშე ვარ და თქვენთან ანგარიშის გასასწორებლად მოვედი.
უკანასკნელმა სიტყვებმა სინიორ ალბერტოს სულ მოუთავა ხელი და წარმოიდგინეთ, საკუთარი გვარიც კი გაამხილა, სინიორ ალბერტო გვარად ფორტუნატო გახლდათ.
-შესანიშნავი გვარია, დიდებული! - შესძახა მასიმომ - და ძალიან მიხარია, რომ მისი გამხელის პატივი სწორედ მე მერგო წილად. თქვენ კი არაფერი გაქვთ სანერვიულო, ძვირფასო სინიორ ალბერტო ფორტუნატო, საერთოდ არაფერი. სულ მცირე გაუგებრობაა ბუღალტერიაში, მოკლედ, თქვენ დაგავიწყდათ ერთი თქვენი მოსამსახურისათვის კუთვნილი ჯამაგირის მიცემა და მე მის შესახსენებლად მოვედი.
როდესაც ალბერტომ გაიგო, თუ რაზე იყო ლაპარაკი, შვებით ამოისუნთქა, მაგრამ იძულებული გახდა აზრი შეეცვალა, როდესაც მასიმომ ერთდროულად მრეცხავის, მიმტანის, დამლაგებლისა და მომმარაგებლის ხელფასები, ასევე ამ ფულის პროცენტებიც ერთბაშად მოსთხოვა.
-ეს ხომ უსამართლობაა, სინიორ ვოლტა? - დაიკვნესა მედუქნემ - ოთხი კაცის საქმეს ერთდროულად ხომ ვერ გააკეთებდა? როდესაც ალაგებდა, მაშინ ხომ არ დადიოდა ბაზარში, და როდესაც მუშტარს ემსახურებოდა, ჭურჭელს ხომ არ რეცხავდა? რატომ უნდა გადავიხადო ოთხი ხელფასი ერთ ადამიანზე?
მაგრამ მთავარი წინ ელოდა წუწურაქ სინიორ ალბერტოს, როდესაც მასიმომ მეძავის დღიური გასამრჯელო შვიდასოცდაათზე გაამრავლა და მედუქნეს მისი გადახდა მოსთხოვა.
-ღმერთმანი, მგონია რომ ჭკუიდან შეიშალეთ სინიორ ვოლტა! - განწირულმა იბღავლა ალბერტო ფორტუნატომ - ან ეს რიცხვი, შვიდასოცდაათი სად ეშმაკებიდან მოიტანეთ?
-აკი ერთი წელი იყო თქვენთან ელა სტორარი, თქვენ და ჯუზეპე, ორნი ხართ, ამიტომაც წელიწადის დღეებს, სამასსამოცდახუთს ორზე ვამრავლებ.
-საკვირველი კაცი ხართ, გეფიცებით სინდისს - თქვა ალბერტო ფორტუნატომ, ის ისე იყო აგზნებული, რომ შიში სულ დავიწყნოდა - თუ იმ ღამეს მე შევდიოდი, ჯუზეპე რაღა შუაშია, და თუ ჯუზეპე მიდიოდა ელასთან, ჩემს დღეებს რაღატომ უმატებთ?
-მართალია, მართალი - ხელი ჩაიქნია მასიმომ - სამასსამოცდახუთი გამოდის და იყოს სამასსამოცდახუთი, ჯანდაბას თქვენი თავი.
-არა, არა, დაიცათ, დასწყევლოს ეშმაკმა - მოუთმენლად დაიძახა სინიორ ფორტუნატომ - ჩემი ხნის კაცი, მოგეხსენებათ, ყოველ ორ დღეში ამას ვერ გააკეთებდა, თანაც ჯუზეპეს ფული უნდა მოსთხოვოთ საკუთრივ ჯუზეპეს და არა მე.
-აჰ, რა სამწუხაროა, ძალზედ სამწუხარო! -დანანებით გადააქნია თავი მასიმომ - წესრიგი არ გვიყვარს სამხრეთელებს, მე ვკითხე ელა სტორარის და საქმე იმაშია, რომ არც მან იცის ზუსტად, რამდენჯერ მოხდა ეს ყველაფერი. აი, ვენეციელი, ანდაც ლომბარდიელი საგანგებო დავთარს აწარმოებდა უეჭველად და თქვენს ყველა ვიზიტს, გამოწვეულს პატიოსანი გრძნობებით, შიგ ჩაინიშნავდა, მაშინ კი ყველაფერი რიგზე იქნებოდა. რა მოხდებოდა, ჩვენ რომ ლომბარდელები ვიყოთ?
-ის მოხდებოდა, რომ თქვენისთანა ავაზაკი ციხეში იჯდებოდა და არა ჩემს დუქანში! - თქვა სინიორ ალბერტომ, რომელსაც უკვე სულ დაეკარგა სიფრთხილე.
-აკი მოგახსენეთ, მოანგარიშე ვარ და არა ავაზაკი, ეს დანაც ფრჩხილების დასაქნელად დამაქვს, მაშ ასე, კვირაში ორი დღე თქვენი, ოთხიც ჯუზეპესი, სულ ექვსი გამოდის, ერთი დღე, ალბათ შეისვენებდით, როგორც ყველა პატიოსანი კათოლიკე, წელიწადში ორმოცდათორმეტი კვირაა, ექვსზე რომ გავამრვალოთ, რა გამოდის? ჰაა, გაამრავლე ბებერო, შენ მე მართლა ბუღალტერი ხომ არ გგგონივარ?
ასეთი უცნაური ანგარიში სინიორ ალბერტოს თავის დღეში არ უწარმოებია, ერთიანად ოფლში ცურავდა და ცდილობდა განემარტა ავაზაკი ვოლტასთვის, რომ თუ ორმოცდაათი წლის ალბერტო ფორტუნატომ თავის სხეულს პატივი დასდო, მით უმეტეს უკმაყოფილო არ დარჩებოდა ოცი წლის ელა სტორარი. ამ ურთიერთობის თანხებში გამოხატვა კი შეურაცხყოფდა პატიოსან გოგოს, მაშასადამე, სინიორ ვოლტა, როგორც ჭეშმარიტი რაინდი, ვალდებული იყო...
-ნუ სულელობ, ბებერო, ელა სტორარი ბოზია და ეს შენც კარგად იცი! - გადაიხარხარა მასიმომ - და გულსაც ნუ მიხეთქ, შენხელა მეც გავხდები და არ მსურს დავიჯერო, რომ ასაკის მატებასთან ერთად იქ, ქვემოთ რაღაცეები უარესობისკენ მიდის.
ბევრი ღრიჯინისა და დავიდარაბის შემდეგ, მასიმო დათანხმდა მეძავის გასამრჯელო ასორმოცდაათზე გაემრავლებინა, სინიორ ფორტუნატოს შეეძლო ჯუზეპეს ფული ხელფასიდან დაექვითა და ისე გაესწორებინა თავისი ანგარიში, ეს მასიმოს არ ეხებოდა, ფული კი თავისი პროცენტებით ერთ კვირაში უნდა მოეტანა.
-რომ არ მოვიტანო, რა მოხდება? - იკითხა მოთმინებადაკარგულმა სინიორ ალბერტომ.
მასიმო ფეხზე წამოდგა, მთელი საუბრის განმავლობაში სახეზე მეგობრული ღიმილი არც ახლა მოუშორებია, ისე თქვა:
-ჰკითხეთ ტომაზო ორლანდის, კლაუდიო ძორატისა და დანილო სპარაცელოს, ისინი გეტყვიან ყველაფერს.
დიახ, მათ ყველაფერი უთხრეს, უფრო სწორედ, არაფერი უთქვამთ, სინიორ ალბერტო ფორტუნატოს ისინი არც კი უნახავს, მხოლოდ მათი დამწვარი დუქნები ნახა, ნახა და ყველაფერს მიხვდა. ყველაფერს თუ არა, ერთ რამეს კი უეჭველად, რომ თავისი ყულაბა უნდა გაეხსნა, იქიდან გვარიანი თანხა ამოეღო და ერთ კვირაში მასიმოსთვის მიეტანა.
მასიმომ მთელი ფული ელას მიუტანა, ეს უკანასკნელი სულ არ ელოდა ამას და ალბათ ცხოვრებაში პირველად, გულწრფელი მადლიერებით სავსემ აკოცა მამაკაცს.
და მაინც, ვოლტა იყო ის ადამიანი, რომელსაც შეეძლო მარანძანოში ელას ამბავი მიეტანა.
ყველაფერი კი თავისით მოგვარდა, ერთ დღეს მასიმო გაქრა და მისი ამბის შეტყობა შეუძლებელი გამოდგა.
ზოგი ამბობდა, მოწინააღმდეგე დაჯგუფებამ გაისტუმრა იმქვეყნადო, ზოგი ამბობდა, კარაბინერებთან შეტაკებისას დაიღუპაო, ბევრი იმასაც ამტკიცებდა, თვითონ თავისმა ბოსმა მოუსწრაფა სიცოცხლე, რადგანაც ბანდაში დიდი სახელი მოიხვეჭა და მისი ასეთი აღმავლობა არაფრად ეპიტნავებოდაო, რამდენიმემ ისიც თქვა, შეიძლება ციხეში უკრეს თავი, სადაც დიდი ხანია უნდა იჯდეს, ქვეყანაზე სამართალი რომ იყოსო.
-ციხის უფროსისათვის თავის შეთავაზება არ გამოვა, ძალიან ბებერია - თქვა დონა როზეტამ - იქიდან ახლად გამოსულებს უნდა დაელოდო, მასიმოსთანა კაცი შეუმჩნეველი არ დარჩებოდათ პატიმრებს.
ასეც მოიქცა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, ნაპოლის ციხეში მასიმო ვოლტა არავის უნახავს, არც შარაგზაზე, არც დუქნებში და არც სხვაგან ხეტიალმა შედეგი არ მოიტანა, სახელგანთქმული ავაზაკი ცამ ჩაყლაპა, თუ მიწამ, არავინ იცოდა. ბოლოს, სადღაც სალერნოს მახლობლად, ზღვას გვამი გამოურიყავს და ერთ-ერთ მეზღვაურს უცვნია მასიმო ვოლტა, გვამი უკვე გვარიანად იყო გახრწნილი, მაგრამ ტანსაცმელი ჯერ კიდევ შენახულიყო.
ელას, რა თქმა უნდა დაენანა მასიმო, მაგრამ გული მაინც მწუხარებანარევი სიხარულით აევსო, როდესაც წარმოიდგინა, რომ თავისი აღვირახსნილობის ერთადერთი მარანძანოელი მოწმე, უკვე ცოცხალი აღარ იყო.
კიდევ რამდენიმე წელი დაჰყო ელამ ნაპოლიში და შემდეგ, რომს გაემგზავრა, იქაც, რასაკვირველია, თერძის პროფესიას არ დაუფლებია, რაც იცოდა, იმას აკეთებდა.
და უნდა შევნიშნოთ, რომ მამაკაცები ჩაცმაზე მეტად გახდას აფასებენ და ელაც ალბათ იმაზე მეტს შოულობდა, ვიდრე ოცდაათი თერძი ერთად აღებული.
სრული ათი წელი იქნებოდა გასული, ელა რომ მარანძანოში დაბრუნდა. დაბრუნდა დიდებითა და პატივით, ექვსცხენიანი ეტლით, სახეზე ინანთეულ წასმული, მიბნედილი არისტოკრატული იერით ამაყად შევიდა კალაბრიის მიყრუებულ სოფელში და მთელი სოფელი აალაპარაკა.
პირველი, რაც გააკეთა, დედის საფლავი მოინახულა, ბალახი და სარეველა მოდებოდა, გაწმინდა გაასუფთავა და მარმარილოთი მოაპირკეთებინა. შემდეგ სახლის გამართვას მიჰყო ხელი, ძველი სულ დაანგრია და ახალი, აგურის სახლი წამოჭიმა, ჭაც გათხარა, არხი გაიყვანა და ნამდვილ ტოსკანურ ბაღს დაამსგავსა იქაურობა.
კითხვაზე, თუ საიდან ჰქონდა ამდენი ფული და ან ეს ათი წელი სად იმყოფებოდა, ელამ მიუგო, რომ ტოსკანაში გახლდათ დედამისის მარტოხელა დეიდასთან, რომელმაც გვარიანი ქონების მემკვირდედ გამოაცხადა. რამდენიმე წლის წინ ეს პატივსაცემი ქალბატონი გარდაცვლილა, მაგრამ ქონების დამტკიცება გაჭიანურებულა, სულ ახლახანს მორჩა მამულის საკითხებს, დაიმტკიცა, გაყიდა და ახლა თავის მშობლიურ სოფელში ჩამოვიდა, რადგანაც კარგია ტოსკანა, მაგრამ მისი სამშობლო მაინც კალაბრიაა.
მასიმოზეც ჰკითხეს, სადმე ხომ არ შეხვედრია, მაგრამ ელამ ისეთი სახე მიიღო, თითქოს აღარც კი ახსოვდა, ვინ იყო მასიმო ვოლტა.
მართალია, ელა სტორარი უკვე მდიდარი ქალბატონი გახლდათ და მარანძანოელები კი ისევ ისეთებად დარჩნენ, რაც ამ ათიოდე წლის წინ იყვნენ, მაინც ნელ-ნელა გაუშინაურდნენ ერთმანეთს. ხნიერმა ქალებმა სიტყვა გადაუკრეს ელას, როგორ აპირებდა ცხოვრების მოწყობას მომავალში, რაზედაც ქალმა უპასუხა, რომ თავისი მომავალი მარანძანოს გარეშე ვერ წარმოუდგენია.
-აქაური ყველაფერი მიყვარს, ქვაც, ხეც, თვით ეს ხრიოკი მინდორიც, ჩვენი სოფელი რომ გადაჰყურებს.
რაკი ასე იყო საქმე, ფედერიკო მანფრედინიმ, სოფელში პატივსაცემმა კაცმა, შუამავალი გაუგზავნა და წინადადებით მიმართა.
მანფრედინი ორმოც წლამდე იყო, ქვრივი, ორი მცირეწლოვანი შვილი მესინაში, გარდაცვლილი ცოლის ნათესავებთან ჰყავდა მიბარებული, რამდენადაც უნდოდა, რიგიანი განათლება მიეღოთ და მარანძანოში კი ამის საშუალება არ იყო. კვირაობით ეკლესიაში თეთრ ფრაკში გამოწყობილი ცხადდებოდა და ეს რასაკვირველია, ერთიორად უმატებდა მნიშვნელობას მის პიროვნებას, სოფლის ცენტრში, ცეცხლის პირას არასოდეს მოდიოდა, მთელ დღეს თავის მამულში, მუშების ზედამხედველობაში ატარებდა და საღამოობით კი წიგნებს კითხულობდა, ამიტომაც მარანძანოელები ცოტა ალმაცერად უყურებდნენ, ის იყო სოფელში ერთადერთი კაცი, რომელსაც საკუთარ მეურნეობაში სამუშაოდ სხვისი დაქირავება შეეძლო.
ელა სტორარიმ ძალიან დააფასა სინიორ ფედერიკოს შემოთავაზება, იმ ასაკში აღარ ვარ, მანჭვა-გრეხას მოვყვე და საქმე გავაჯანჯლო, სინიორ მანფრედინის პიროვნება ჩემთვის სრულიად მისაღებია და მე თანხმობას ვაცხადებო.
მათი პირველი შეხვედრა, რასაკვირველია, სოფლის ეკლესიაში შედგა, ელა სტორარის ეზოში შესასვლელი კარიბჭის კიბეზე „ფეხი დაუცდა“ და სინიორ მანფრედინიმ კი ხელი შეაშველა, მადლიერმა ელამ მას ცხვირსახოცი აჩუქა, რომელზედაც თავისი სახელი იყო ამოქარგული, აღფრთოვანებულმა და მეტისმეტი მღელვარებისაგან გაწითლებულმა დონ ფედერიკომ ქალის წინაშე ცალი მუხლი მოიყარა და ხელზე ეამბორა.
ეს რომ მარანძანოელებმა დაინახეს, ფართოდ დააღეს პირი და მანამ არ დახურეს, სანამ სოფლის მღვდელმა ყველას შესაწირის გაღებისაკენ არ მოუწოდა. მთელ სოფელს მეტი სალაპარაკო აღარ ჰქონდა, მხოლოდ ელა სტორარისა და ფედერიკო მანფრედინის რომანზე საუბრობდნენ.
რომანი კი მართლა გაიბა, თანაც უამრავი მოწმის თანდასწრებით, ქალის დაჟინებული მოთხოვნით, მათი შეხვედრები ყოველთვის საზეიმო ხასიათს ატარებდა, ელა სტორარის სახლი მუდამ სავსე იყო ხალხით, მართალია, ფედერიკომ დასაწყისში ეს გააპროტესტა, მაგრამ ელას საიდუმლო შეხვედრების გაგონებაც არ უნდოდა, როდესაც დაფიქრდა, კაცი პატივისცემით განიმსჭვალა მომავალი მეუღლის პატიოსნების მიმართ.
რასაკვირველია, ელას წარსული რომ სცოდნოდა, ფედერიკოს ისეთი რეტი დაესხმებოდა, კალაბრიიდან შესაძლოა სულ გადაკარგულიყო. ამაზე ქალიც ფიქრობდა, მაგრამ წინასწარი ზომები მას მიღებული ჰქონდა, სინიორ ალბერტოს დუქნიდან წამოსვლის შემდეგ, თავისი ნამდვილი სახელი დამალა და სილვია დაირქვა, სახეზეც ყოველთვის დიდი რაოდენობის ფერუმარილს ისვამდა, თმებსაც ბიჭურად, მოკლეზე შეჭრილს ატარებდა, და ახლა ძალიან ძნელი იყო ამ ფერმკრთალ, საოცრად უბრალო სახის ქალში ნაპოლის უპირველესი როსკიპის შეცნობა. მისი ცნობა შეეძლოთ მხოლოდ მასიმო ვოლტას, სინიორ ალბერტოს, ჯუზეპესა და დონა როზეტას, აქედან პირველი და ბოლო უკვე ცოცხალთა შორის აღარ იყვნენ, მასიმოს სიკვდილის ცნობა უკვე მარანძანოშიც მოსულიყო. რაც შეეხება ალბერტოსა და ჯუზეპეს, მათთვის სასახელო სულაც არ იყო ის ფაქტი, რომ ქალიშვილი გოგონა შეაცდინეს, ამიტომაც ისინი ალბათ კრინტსაც არავისთან დაძრავდნენ. ყოველ შემთხვევაში, ერთხელ, ნაპოლიში, სრულიად შემთხვევით შეხვედრისას, სინიორ ალბერტომ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ელა ვერც კი იცნო.
ელა მომავალს იმედიანად უყურებდა, თვლიდა, რომ მის ცხოვრებაში იმდენჯერ გავარდა მეხი, ამჯერად მაინც, მშვიდი ამინდი უნდა დამდგარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა, მეხი მაინც გავარდა, და გავარდა ისეთი მხრიდან, საიდანაც ის ვერაფრით წარმოიდგენდა.
ერთ კვირა დღეს, სოფლის ეკლესიაში მაღალი და ხმელ-ხმელი, არწივისებური გამოხედვის, ფოლადის სახიანი მამაკაცი შემოვიდა და კუთხეში ჩამოჯდა, რა თქმა უნდა, მაშინათვე მიიპყრო ყველას ყურადღება, მაგრამ პადრეს გაოცება მისმა გულუხვმა შესაწირმა გამოიწვია.
-თქვენი სახელი ბატონო ჩემო, მინდა თქვენი შეწევნის შესახებ ღმერთს განსაკუთრებით ვთხოვო, რაკიღა ასე გყვარებიათ მისი სახლი.
-ჩემი სახელი, პადრე?
-დიახ, დიახ, თქვენი.
-მე მქვია მასიმო ვოლტა.
დიდი არეულობა მოხდა ეკლესიაში, ხალხი ერთმანეთს ახტებოდა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ლეგენდარული ავაზაკი ენახათ, პადრე ეცადა, მასიმოს ჩამოსვლა ღვთის სასწაულად გამოეცხადებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მარანძანოელებმა ლამის თავად ვოლტა გამოაცხადეს წინასწარმეტყველად და ერთი კვირა მოსვენება არ მისცეს, წვრილად გამოჰკითხეს ყველაფერი, რაც თავს გადახდენოდა ამ ათი წლის განმავლობაში.
მაგრამ სულ ტყუილად! მასიმომ ბევრი ილაპარაკა, მართალი კი მხოლოდ ის იყო, რომ მთელი ამ დროის უმეტესი წილი იტალიის საზღვრებს გარეთ ჰქონდა გატარებული. ის მოუთხრობდა შორეულ მოგზაურობებზე, სავაჭრო საქმეებში მონაწილეობაზე, წარმატებებისა და იმედგაცრუებების სერიაზე. მისი განმარტებით, ომებით დაქსელილი ევროპა კომერციულ საქმიანობას დიდად აფერხებს და ამის მსხვერპლი ბევრი მოხერხებული საქმოსანი გამხდარა, მათ შორის ვოლტაც.
შემდეგში გაირკვა, რომ მასიმომ იმდენი ხალხი გადაიკიდა ნაპოლიში, რომ იქ უკვე აღარ დაედგომებოდა, ამიტომაც გაითამაშა სიკვდილის ინსცენირება, გარდაცვლილ მეზღვაურს; რომელიც, თახამად მეზღვაურული წესისა, კოლეგებმა ზღვაში დაასაფლავეს; თავისი ტანსაცმელი გადააცვა და ჩრდილოეთ იტალიას მიაშურა. ის ძარცვავდა სახლებს, სახელმწიფო დაწესებულებებს, ძვირფასეულობის გასაყიდ დუქნებს და ყველაფერს, რისი გაძარცვაც შეიძლებოდა. ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდებოდა, თითქმის მთელი ევროპა შემოიარა და ყველგან სხვადასხვა სახელით იყო ცნობილი. ბოლოს, ეტყობა მობეზრდა ასეთი ცხოვრება და ცოტაოდენი დანაზოგით მარანძანოში დაბრუნდა.
ადვილი წარმოსადგენია, რა დაემართებოდა ელა სტორარის ამ ამბის გაგონებისას, ის მასიმოს ერთხელაც არ შეხვედრია და არც ამ უკანასკნელს გამოუთქვამს სურვილი.
მასიმოს სახეს უშველებელი ნაიარევი აჩნდა, როგორც ამბობდა, ხის კოჭი დაეცა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. ძნელია ერწმუნო მის სიტყვებს, ალბათ უფრო ვინმე თავისნაირთან შეტაკებისას მიიღო ეს ჯილდო, ვიდრე ხის მასალის გემზე დატვირთვისას.
თავის ასაკთან შედარებით მასიმო ბარე თხუთმეტი წლით ასაკოვნად გამოიყურებოდა. ამის მიზეზი ალბათ უძილო ღამეები, უამრავი შემთხვევითი და დროებითი სარეცელი და ის შიში გახდა, რომელიც მუდამ თან ახლავს ცხოვრების ამგვარ ყაიდას.
ზნეობრივი თვალსაზრისითაც მასიმო იმაზე ბევრად უარესი იყო, ვიდრე ნაპოლიში ყოფნისას, ადრე სმით მაინც არ სვამდა, ახლა კი ესეც დაუმატებია. ნასვამი კი ყოველთვის შარით ამთავრებდა. რამდენიმე კვირაში მარანძანოელებს ისე შეაძულა თავი, მასთან მიახლოებაც კი არავის უნდოდა.
მამა უკვე გარდაცვლოდა და მასიმო სახლში მარტოკა ცხოვრობდა. სულ არ უნაღვლია იმაზე, რომ მარანძანოელებმა მასზე გული აიყარეს, მთელ დღეს სახლში ატარებდა და მარტოკა გიახლებოდათ სასმელს. მხოლოდ კვირაობით დადიოდა ეკლესიაში და იქაც ძირითადად დროს ქალების ყურებაში კლავდა.
სოფელს კი ახალი გასართობი გამოუჩნდა, ფედერიკო მანფრედინიმ და ელა სტორარიმ ქორწილის თარიღი დათქვეს, მათი განცხადებით, სამ თვეში დაიწერდნენ ჯვარს და სადღესასწაული სუფრაზე მთელს სოფელს ეპატიჟებოდნენ. როგორც თქვეს, ფედერიკო ამ აზრს მაინცადამაინც არ იზიარებდა, მაგრამ ელამ თავისი ქნა.
-მე მიყვარს მარანძანო და მისი ყველა მაცხოვრებელი, შემდეგში რომელიმე მათგანი შესაძლოა ჩვენი შვილის მეუღლე გახდეს, ანდაც ჩვენი მძახალი, ასე რომ, არავის გამოვტოვებ, ფულზე ნუ ღელავ, ხარჯებს მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ.
მისი ეს სიტყვები მალე მოედო სოფელს და კიდევ ერთხელ აალაპარაკა ღარიბი მარანძანოელები. რომ შესძლებოდათ, ელას სოფლის დედოფლად აირჩევდნენ, თუმცა არაოფიციალურად ისედაც იყო.
ელას ჩამოსვლის შემდეგ მარანძანოს უღიმღამო ცხოვრება თითქოს ცოტათი გამრავალფეროვნდა. როგორც ბიძაჩემმა, ანსელმო პალეარიმ შენიშნა, ელამ განგებ დაასახელა ქორწილის თარიღი ასე ადრე და წინდაწინ დაპატიჟა მთელი სოფელი, რამდენადაც ამ მართლაც კეთილშობილ ადამიანს სურდა სამი თვე სოფელი სასიამოვნო მოლოდინის ქვეშ ემყოფებინა. ანსელმოს სიტყვებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და კიდევ უფრო განდიდდა ყოფილი მეძავი.
აი, ასეთი იყო ელა სტორარი და წარმოიდგინეთ მარანძანოელთა გაოცება, როდესაც ერთ დილას მისი სახლიდან საზარელი კივილის ხმა გაისმა, ცოტა ხანში კი გამოჩნდა თავად ელა, სანახევროდ შიშველი, თმაგაწეწილი, შეშლილი სახით მორბოდა და შველას ითხოვდა.
დილაობით სოფლის ცენტრში ბევრი ხალხი იყრიდა თავს, სამუშაოს დაწყების წინ იქ იკრიბებოდნენ და შემდეგ ყველა თავის საქმეს ეწეოდა. ელას სახლიც მახლობლად იყო, ასე რომ, როდესაც ეს უკანასკნელი იქ მოვარდა, ბარე ორმოცდაათი კაცი მაინც იყო თავმოყრილი.
-მიშველეთ, ხალხო, მიშველეთ! - დაიძახა ელამ და არაქათმილეული მიწაზე დაეცა, მის წამოსაყენებლად წამსვე რამდენიმე მამაკაცი გაქანდა - ძალას ხმარობდნენ, ღმერთო, რა საშინელებაა!
ხალხი თავიდან დაიბნა, მაგრამ მალევე მოეგენ გონს.
-ვინ იყო, ვინ იყო ის არაკაცი, ჩქარა თქვი ელა, ახლავე გავუსწორდებით.
-ვინ გაბედა ასეთი რამე მარანძანოში?
ელამ თვალები აატრიალა და ძლივს წარმოსთქვა.
-მასიმო ვოლტა.
მასიმო ვოლტა! ისედაც ყელში იყო ამოსული ეს არამზადა! აქ შეკრებილთაგან სულ მცირე, ათი მაინც გასილაქებული ჰყავდა და ახლა ელასთანა უმანკო არსების, სოფლის მწყალობელი ქალის გაუპატიურების მცდელობა! ეს უკვე იმაზე მეტი იყო, ვიდრე ყველაზე გულგრილი კაცის მოთმინებაც კი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კალაბრიელებს ყველაფერი შეიძლება დავაბრალოთ, გულგრილობის გარდა.
ხალხის მოთმინების ფიალა აივსო და ანგარიშის გასასწორებლად გაემართნენ. მასიმომ ვერ შეაფასა მდგომარეობის სერიოზულობა და მაინცადამაინც არ უჩქარია დამალულიყო, როდესაც თავზე წაადგნენ, ის ელას ჭიშკრიდან აუღელვებლად გამოდიოდა.
რა თქმა უნდა, არცერთ ქვეყანაში არაა სასახელო ქალზე ძალადობა, მაგრამ იტალიაში, და ისიც სამხრეთში, მე-19 საუკუნის შუაწელში ამისათვის ლინჩის წესით ასამართლებდნენ. მასიმო ვოლტას ხელი დაავლეს და საყოველთაო ღრიანცელში სოფლის ბოლოს, ხრიოკი მინდვრისაკენ წაათრიეს, თავიდან ის ვერც ხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მისი საქმეები ძალიან ცუდად იყო და სწორედ ახლა დგებოდა დრო, პასუხი ეგო ყველა იმ ავკაცობისათვის, რაც ცხოვრებაში ჰქონდა ჩადენილი.
როგორც გითხარით, სწორედ მაშინ გახლდით სტუმრად მარანძანოში და ზუსტად ამ ფაქტს შევესწარი, იქ ბიძაჩემის გარდა მაშინ არავის ვიცნობდი, არც მასიმოსა და ელას შესახებ მსმენოდა რაიმე, მაგრამ ადამიანის გაუსამართლებლად მოკვლის იდეამ ისე შემაშფოთა, გადავწყვიტე, მემოქმედა.
მთელი სოფელი აქ იყო მოსული, უკლებლივ ყველა, ელა სტორარი ფედერიკო მანფრედინის მხარზე იყო დაყრდნობილი, სახეზე მკვდრისფერი ედო და მთელი ტანით ცახცახებდა. მასიმო ვოლტა რამდენიმე ახალგაზრდას ჰყავდა დაჭერილი, ხელები კი თოკით ჰქონდა შეკრული, სახე მასაც გაფითრებოდა და ცდილობდა რაღაცის თქმას, მაგრამ არაფერი ისმოდა ამ აურზაურში. ხალხი უკვე წიხლებს ურტყამდა და სიცოცხლის სულ რამდენიმე წუთი ჰქონდა ალბათ დარჩენილი.
ბრბოში შევვარდი და ვეცადე ხალხი დამერწმუნებინა, ჩაქოლვამდე სულ რამდენიმე კითხვა დაესვათ მასიმო ვოლტასთვის, მაგრამ ვერაფერს გავხდი, მარანძანოელებს კი არა, ჩემი ღრიალი მე არ მესმოდა. უკვე ალბათ ყველაფერი დასრულდებოდა, ერთ კეთილ კაცს რომ მოულოდნელი სამსახური არ გაეწია.
მამა ჯოვანი, სოფლის ეკლესიის პადრე, მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდა ხალხის შეჩერებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა, გაცოფებულ ხალხს ალბათ თვით პაპიც ვერ გადაარწმუნებდა. როდესაც დაატყო, შეგონებით არაფერი გამოდისო, კეთილმა მღვდელმა ხერხს მიმართა, წინა დღეს თავისთან სტუმრად ჩამოსული მცირეწლოვანი დისწული მალულად ეკლესიაში გაგზავნა და ზუსტად მაშინ, როცა მასიმოს ფეხებით შედგნენ, ეკლესიის ზარის ხმა გაისმა, ხალხი წუთით გაჩუმდა.
-ეს ნიშანია, კეთილო ხალხო, ნიშანი! - დაიყვირა მამა ჯოვანიმ - ღმერთი ნიშანს გვაძლევს, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ის გვახსენებს, რომ ადამიანის დაბადებასა და მოკვდინებაზე უფლება მხოლოდ მას აქვს, და ჩვენ დიდ ცოდვას დავიდებთ კისერზე, თუ ახლა მასიმოს სიკვდილს დავაჩქარებთ.
-ეკლესიის ზარები ყოველ კვირას რეკენ, ეს ღვთის ნიშანი ვერ იქნება - თქვა ერთმა ახალგაზრდამ.
-ეგ მართალია - დაეთანხმა მამაო - მაგრამ ყველა მარანძანოელი აქაა და ვინ დარეკა ზარები? ეს სასწაულია ხალხო, თვით უფალი, ის რეკს ზარებს, ის გვაუწყებს, ის მოგვიწოდეს მიტევებისაკენ..
-რასაკვირველია - თქვა იმავე ახალგაზრდამ - ღმერთი ალბათ ამჯერად მამა ჯოვანის დისწულის სახით მოევლინა კაცობრიობას, საინტერესოა, სადაა იუდა ისკარიოტელი? ეს ვაჟბატონი ხომ არაა?
და მან მასიმო ვოლტასკენ მიუთითა.
-რაც უნდა იყოს, იმას ვერ უარვყოფთ, რომ ადამიანის მოკვლა ასე ერთბაშად გადასაწყვეტი საქმე არაა.
ეს სიტყვები რომ ვინმე მარანძანოელს ეთქვა, ალბათ ყურადღებას არავინ მიაქცევდა და ხალხი თავისას მაინც გააკეთებდა, მაგრამ სიტყვები მე მეკუთვნოდა და გაოცებული ბრბო ახლა მე მომაშტერდა, უეჭველად იმ ანგარიშით, რომ რა უფლება მქონდა ვიღაც მოთრეულს მარანძანოში საქმეები მერჩია, მაგრამ გაოცებას დუმილი ახლდა და მეც სწორედ ეს მინდოდა.
- მე გთავაზობთ, სულ რამდენიმე შეკითხვა დავუსვათ ჩაქოლვამდე მასიმო ვოლტას, განა ეს ასე ძნელია? შემდეგში, როდესაც ის ცოცხალთა შორის აღარ იქნება, უფრო დამშვიდებულები ვიქნებით, რომ კაცს თავის მართლების საშუალება მივეცით.
დიდხანს აღარ მიყოყმანია, დროებითი დაბნეულობით ვისარგებლე და მასიმოს მივმართე.
-სინიორ ვოლტა, იცნობთ ამ ადამიანს?
არასოდეს დამავიწყდება ვოლტას თვალები, არასოდეს! მიუხედავად იმისა, რომ იტალიის გაერთიანებაში დიდი წვლილი მაქვს, როდესაც ღმერთთან წარვსდგები და მკითხავს, კარგი რა გაგიკეთებია ამქვეყნადო, პირველად მარანძანოში დატრიალებულ ამბებში ჩემს როლზე შევახსენებ.
-დიახ, ვიცნობ, ეს ელა სტორარია - ძლივს გასაგონი ხმით თქვა მასიმომ.
-მის გაუპატიურებას აპირებდით?
-მასე არ ვიტყვი, მასთან დაწოლა მინდოდა, ქალი კი მსუბუქ წინააღმდეგობას თავიდან ყოველთვის სწევს, ბოლოს კი ყველაფერი იცვლება ხოლმე, საქმე თუ აქამდე მივიდოდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი.
-თქვენ, სინიორა, თქვენ რას იტყვით? - მივუბრუნდი ახლა ქალს.
ელას ხმა არ გაუღია, მხოლოდ კიდევ უფრო გაფითრდა.
-ერთი წუთით - საქმეში ჩაერია მამა ჯოვანი - მარანძანოდან თითქმის ერთსა და იმავე დროს წახვედით, მთელი ამ დროის განმავლობაში ერთმანეთს თუ შეხვედრიხართ? ელა, მესმის რომ ღელავ, მაგრამ აქ ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება, მოიკრიბე ძალები შვილო და გაგვეცი პასუხი.
ელამ თავი აიღო და მასიმოს შეხედა. წუთით მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. შეხვდა და ადგილზე გაიყინა, ყველას შეუმჩნეველი დარჩა მზერათა ეს გადაჯაჭვა, მაგრამ არა მე. ელას სულ უფრო ერეოდა სისუსტე.
-არა, არსად მინახავს - თქვა ბოლოს.
-ცოტა უცნაური კია - ვცადე საუბრის წარმართვა იმ მიმართულებით, საითაც ხელს მაძლევდა - ქალს, რომელსაც არ იცნობ, დილაუთენია სახლში მიადგე, ფანჯრიდან შეიპარო და მასზე ძალადობა სცადო, იქნებ სინიორ ვოლტამ მანამდე ამის უფლება მოიპოვა? თქვენ გეკითხებით, მასიმო, ელა სტორარისთან ოდესმე სასიყვარულო კავშირი გქონიათ?
მასიმო ერთიანად ცახცახს ჰყავდა ატანილი, თავი აიღო და ისევ ელას შეხედა, ელამ თავის შემაგრება ვეღარ შეძლო და ფედერიკოს მკლავებში ჩაესვენა.
-არა - თქვა მასიმომ ბოლოს - რაც მარანძანოდან წავედი, მას მერე თვალით აღარ მინახავს.
-მაშ რატომ გადაწყვიტეთ, რომ ფანჯრიდან შეპარულ კაცს უპრობლემოდ დაგნებდებოდათ?
-ეს იგივეა, კითხვა დაუსვათ მგელს, მარხვაში ხორცის ჭამის ნებართვას ვატიკანიდან რატომ არ იღებს.
-სინიორ ვოლტა, მე მგონი ხვდებით, რომ სახუმაროდ საქმე სულაც არ გაქვთ.
-არც ვხუმრობ, დალახვროს ეშმაკმა! კაცმა შეიძლება ყოველთვის იმასხრო, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ქალი გინდა.
ისევ ელას მივუბრუნდი.
-სინიორინა სტორარი, ეგება ნაპოლიში წასვლამდე გქონდათ ერთმანეთის მიმართ სიყვარული, ანდაც რაიმე მსგავსი.
-არა, არაფერი ყოფილა - თქვა კიდევ უფრო მისუსტებული ხმით ელამ.
-დაიცათ, დაიცათ, რაღაც გამახსენდა - დაიძახა მამა ჯოვანიმ - მიწის ნაკვეთი, რომლის ყიდვაც, როგორც მითხრეს, თქვენ გადაწყვიტეთ, სინიორ ვოლტას ნაკვეთს ემიჯნება, რამდენადაც საზღვრის გავლების საკითხი ყოველთვის საძნელო საქმეა... ეგება მაგ საქმისათვის იყო ვოლტა მოსული და რადგანაც კარი დაკეტილი დახვდა და საქმეც არ ითმენდა....
აქა-იქ სიცილი გაისმა. მსუქანი კეთილი მღვდელი, მართალია, მას ჭამა უყვარდა, მაგრამ დიდებული ადამიანი გახლდათ.
-არა, მამაო, ტყუილი უთქვამთ, მაგ ნაკვეთის ყიდვა აზრადაც არ მომსვლია.
მღვდლის სიტყვებზე ოდნავ გამხიარულებული ხალხი ისევ მოიქუფრა.
-რას ჩაგვაცივდით ბოლოსა და ბოლოს? - იყვირა მოთმინებადაკარგულმა მასიმო ვოლტამ - ქალი მინდოდა და მაგიტომაც მივაკითხე, რაღა მაინცადამაინც ელასთან? ეგ არის ერთადერთი ნორმალურად შესახედი ქალი მარანძანოში და მაგიტომ! ვიფიქრე, მოულოდნელად წავადგები თავს, სოფელში თავის მოჭრას მოერიდება და არ იყვირებს, ასეთი რამ სხვაგანაც ხშირად გამიკეთებია და როგორც ხედავთ, ჯერჯერობით ცოცხალი ვარ.
ასეთმა უკმეხობამ ის მოუტანა მასიმოს, რომ მის ჩაქოლვაში მონაწილეობა ლამის ქალებმაც მიიღეს, ვერც მამა ჯოვანიმ, ვერც ბიძაჩემმა და ვერც მე ვერაფერი გავაწყეთ, გამძვინვარებული ხალხი ყველა მხრიდან მიესია საწყალ ავაზაკს. ის არანაირ წინააღმდეგობას არ სწევდა, თვალები ზეცისკენ მიემართა და გვერდზე საერთოდ არ იყურებოდა. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მისი უსულო სხეული მიწაზე ეგდო. ხალხი კარგა ხანს არ დაშლილა, სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ მასიმო ვოლტა ნამდვილად მკვდარი იყო, თუმცა ეს უკვე გადაჭარბებული იყო, საცოდავს იმდენი ჰქონდა ნარტყამი, მთელს დუჟინ ხალხს ეყოფოდა სასიკვდილოდ.
მისი მარანძანოში დამარხვის უფლებასაც არ იძლეოდნენ, მაგრამ მამა ჯოვანი აქ შეუვალი გამოდგა.
-მისი სიცოცხლე არ მკითხეთ, სიკვდილის შემდეგ მაინც მაცალეთ, პატივი მივაგო და მისი სულის გადასარჩენად ვილოცო.
მე, ძია ანსელმომ და მამა ჯოვანიმ საფლავი გავუთხარეთ და იმავე ადგილას მივაბარეთ მიწას, სადაც ის აწამეს, სოფლიდან ეს ადგილი გვარიანად იყო მოშორებული. ხისგან სახელდახელოდ ჯვარი შევკარით და ის დავადეთ, სოფლელთაგან არავინ ახლოსაც არ მოგვკარებია.
გულდამძიმებულმა დავტოვე მარანძანო და მასთან მთელი სამხრეთი იტალია, საქმის ნამდვილი არსი ჩემთვის მაშინ ცნობილი არ იყო, მაგრამ ისეთი შეგრძება მქონდა, რომ მოხდა რაღაც დიდი და საოცარი, უფრო მეტი, ვიდრე ეს ერთი ჩვეულებრივი ადამიანის სიკვდილი იყო.
X X X
რისორჯიმენტოს შედეგები ყველამ კარგად ვიცით, ჩვენს სათაყვანებელ იტალიას, როგორც იქნა, ეღირსა გაერთიანება და ეს ერთიანობა ადვილი მისაღწევი არ იყო. გაუთავებელმა ომებმა ჩემი ჯანრთელობა და მეხსიერების ნაწილიც შეიწირა, ისე, რომ მარანძანოს ამბები ბოლოს სულაც მიმავიწყდა, ჩემი მაშინდელი განცდები ახალგაზრდულ ასაკს მივაწერე და ჩავთვალე, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, იმ დროს კალაბრიაში სისხლის აღება და ლინჩის წესი სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ.
მხოლოდ 1871 წელს, როდესაც „რკინის კანცლერმა“ ბისმარკმა ევროპაში ფრანგულ დომინაციას ლაგამი ამოსდო და ამან საშუალება მოგვცა, რომი იტალიის დედაქალაქად გამოგვეცხადებინა, მე მომეცა შესაძლებლობა მთელს იტალიაში თავისუფლად მოგზაურობისა. იმხანად სიცილიაში დიდი მღელვარებები იყო მიწების საკითხთან დაკავშირებით, რისორჯიმენტოს დროს ხომ ათასი ჯურის არამზადამ ხელი მოითბო და უკანონოდ მიითვისა სხვისი მიწები, ჯოვანი ლანცას მთავრობამ დამავალა სპეციალური კომისიის შექმნა და ამ საკითხის რაც შეიძლება საჩქაროდ გადაწყვეტა, და მეც სამხრეთისაკენ გავეშურე.
კალაბრიაში შესვლისას თითქოს ახალგაზრდობა დამიდგა თვალწინ, ჩვენი მიღწევები და წარუმატებლობები სიცილიაში, მახსოვს, გარიბალდი მაშინ საშინლად განრისხდა, როდესაც მარანძანოში თავს გადახდენილი სულ წვრილად მოვახსენე.
-იტალია, იტალიაზე რას მეტყვი მეთქი?! რას გამომიჭედე ყურები ამ კალაბრიელი მწყემსების ამბებით?
-რა დროს იტალიაა ჯუზეპე, დამიჯერე, იქ რაღაც ძალიან დიდი მოხდა, მარანძანოში.
-ხალხი, ხალხი თუა ჩვენს მხარეზე?
-ხალხი?... ალბათ არის ... რა მოგახსენო ... ჩვენ მხარეს იქნება, მაშ აბა ვისი? შენ გული არ გაიტეხო, ჯუზეპე, ბურბონებს სულ კინწისკვრით გავაპანღურებთ აქედან.
ჯერ კიდევ სრულიად ბავშვი შევუერთდი არგენტინის წინააღმდეგ მებრძოლ გარიბალდის რაზმებს მონტევიდეოში, ამიტომაც მას გამორჩევით ვუყვარდი, ეს რომ არა, დავალების შეუსრულებლობისათვის ალბათ კარგი დღე არ დამადგებოდა, ჯუზეპემ გვარიანად გამომლანძღა იმის გამო, რომ სენტიმენტებს ავყევი და ქვეყნის ბედი დავივიწყე.
-კიდევ რამდენიმე შენისთანა და იტალია ვერასოდეს გაერთიანდება, გესმის, ვაჟბატონო? ვერასოდეს! რით ვერ გაიგეთ, რომ ჩვენი რელიგია ახლა რისორჯიმენტოა, ქრისტე - მეფე ვიქტორ ემანუელი, ხოლო რომი ჩვენი იერიქონია!
რასაკვირველია, გარიბალდის, რომელმაც არამარტო თავისი, მეუღლის სიცოცხლეც კი იტალიის ერთიანობას შესწირა, მასიმო ვოლტას ტრაგიკული ბედი ვერ ააღელვებდა, ხოლო მე კალაბრიაში გავლისას თითქოს ყველაფერი ხელახლა წარმომიდგა თვალწინ, ჩემს ესკორტს ვუბრძანე გზა გაეგრძელებინათ და მე კი ჩემი ადიუტანტის თანხლებით მარანძანოსკენ გადავუხვიე.
გადაწყვეტილი მქონდა, მასიმო ვოლტას საფლავი მენახა, ბიძაჩემი, ანსელმო პალეარი უკვე გარდაცვლილი გახლდათ და სხვა იქ არაფერი მესაქმებოდა.
რა თქმა უნდა ვვარაუდობდი, რომ საფლავი შესაძლოა ვეღარც მეპოვა, მარანძანოელთა კეთილშობილების იმედი არ მქონდა. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც სოფლის განაპირას, ხრიოკ მინდორზე, იქ, სადაც წესით მასიმო ვოლტას საფლავი უნდა ყოფილიყო, კარმელიტების დედათა მონასტერი დამხვდა.
-უცნაურია - ვუთხარი ჩემს ადიუტანტს - საწყალი ვოლტა ალბათ საფლავიდან ამოთხარეს და სადმე მდინარეში გადაუძახეს.
-ვისი საფლავი, სინიორ?
-მასიმო ვოლტასი.
ადიუტანტი ჩაფიქრდა.
-თქვენი თანამებრძოლი იყო?
ვერაფერი მოვისაზრე, თუ რა უნდა მეპასუხა და ბოლოს ესღა ვთქვი.
-კარბონარი იყო, ძალიან უყვარდა იტალია.
მონასტერი დაკეტილი დამიხვდა, შიგნით აშკარად ვიღაც იყო, მაგრამ შესვლას არანაირი აზრი არ ჰქონდა, ეზოც ძალიან პატარა უნდა ჰქონოდა და სულ არ ჰგავდა იმ მონასტრებს, საფრანგეთში რომ მქონდა ნანახი. შესასვლელ კარიბჭეზე დიდი ასოებით ამოეტვიფრათ შემდეგი სიტყვები:
„ჭეშმმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება, და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს“
-შესანიშნავი საბაბია, ამქვეყნიურ პრობლემებს გაერიდო და თავი მონასტერს შეაფარო - ვუთხარი ჩემს თანამგზავრს - ჩვენ სისხლს ვღვრით სამშობლოს საკეთილდღეოდ და ლამის მკვლელებად გამოგვიყვანეს პაპმა და მისმა დამქაშებმა, ესენი კი გადაიცვამენ შავ ანაფორებს, თავს დამარხულად გამოაცხადებენ, ამ თავიანთ დახურულ მონასტრებში ვინ იცის როგორ ყირაზე გადადიან და მომავალში მრავალი ნაყოფის გამოღების იმედით ასულელებენ ისედაც უტვინო ხალხს.
იტალიის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ვატიკანის შეურიგებელი პოზიციით საშინლად განრისხებული გახლდით მეც და მთელი ჩვენი მოძრაობაც, ამიტომაც მონასტრიდან პირი ვიბრუნე და მამა ჯოვანის საძებრად გავეშურე იმ ანგარიშით, ეგებ მას სცოდნოდა, სად გადაასაფლავეს მასიმო ვოლტა.
მამა ჯოვანიმ თავიდან ვერ მიცნო, მაგრამ როგორც კი თავი შევახსენე, ცრემლები ვერ შეიკავა.
-აჰ, სინიორ ანტონიონი, რომ იცოდეთ, როგორ გამახარეთ თქვენი ვიზიტით. იტალიისათვის თქვენი გაწეული სამსახურის შესახებ ცნობები მარანძანოშიც მოვიდა და გარწმუნებთ, ეს მე არ გამკვირვებია. ბევრი წვალება გადაგხდათ თავს, მაგრამ თქვენ ის კაცი არ ხართ, რომელიც ამას შეუშინდებოდა, თქვენს ღვაწლს შთამომავლობა აუცილებლად დააფასებს. ჩვენი უბადრუკი სოფელი რომ გაგახსენდათ, ამისათვისაც მადლობას მოგახსენებთ. მასიმო ვოლტას საფლავს ეძებთ? დიდი გული გქონიათ, ძვირფასო სინიორ, ძალიან დიდი. მე მოგიყვებით, რა და როგორ მოხდა.
იმ ტრაგიკულ ამბებს აღარ გავიხსენებ, თქვენც კარგად გემახსოვრებათ ყველაფერი. მასიმოს ჩაქოლვის შემდეგ სოფელი ავისმომასწავებლად გაირინდა, ხალხისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, რადგანაც გეცოდინებათ ნაპოლეონის სიტყვები „კოლექტიური დანაშაული არავის არ ბრალდება“, კალაბრიაშიც ადამიანის სისხლი უკვე აღარ გვიკვირს და ჩვენც ნელ-ნელა დავუბრუნდით ცხოვრების ჩვეულ მდინარებას.
ფედერიკო მანფრედინიმ და ელა სტორარიმ ქორწილი ექვსი თვით გადადეს, ცხრა თვის გასვლის შემდეგ კი მასიმო ვოლტა აღარავის ახსოვდა, თუ ვინმე გაიხსენებდა, ისიც სიამაყით, რომ ვერავინ, მიუხედავად თავისი თავზეხელაღებულობისა, შეძლებს დაამციროს კალაბრიელი ქალი მანამ, სანამ კალაბრიელი მამაკაცი თავის ადგილას დგას. ერთი სიტყვით, ქორწილისათვის მარანძანოელები კიდევ უფრო მეტი ხალისით მოემზადნენ, ვიდრე ამას ვოლტას მოკვლამდე აკეთებდნენ.
ნეფემ და პატარძალმა სიტყვა შეასრულეს და მთელი მარანძანო მოიწვიეს დღესასწაულზე, ფედერიკო დიდებული იყო, ელა - მშვენიერი, სუფრა - უხვი და ამინდიც შესანიშნავი.
ჩვენი სოფლის ეკლესიაში მოვიდნენ ჯვრის დასაწერად, როგორც იცით, ფედერიკოს მანამდე ჰყავდა ცოლი და ჯვარს ვერაფრით დავწერდი, მაგრამ ვატიკანიდან ნებართვა მოიტანა და მეც საწინააღმდეგო აღარაფერი მქონდა.
ქორწინების რიტუალმა ბრწყინვალედ ჩაიარა, სინიორ მანფრედინის ვკითხე, თანახმა იყო თუ არა ყოფილიყო ელა სტორარის მეუღლე, რაზეც ღირსეულმა სასიძომ თანხმობა განაცხადა, შემდეგ ელას მივუბრუნდი და იგივე შეკითხვა დავუსვი, ელას ხმა არ გაუღია.
მომეჩვენა, რომ მარცხნივ რაღაცას დაჟინებით მიშტერებოდა. იქით მივიხედე, განსაკუთრებული ვერაფერი შევნიშნე და კითხვა ისევ გავუმეორე, არც ამჯერად გაუცია პასუხი.
-სინიორინა სტორარი, ხართ თუ არა თანახმა გახდეთ ფედერიკო მანფრედინის მეუღლე და იყოთ მასთან ერთად ჭირსა და ლხინში? - გავიმეორე რაც შეიძლება ხმამაღლა.
-მასიმო - დაიჩურჩულა ელამ - მამა ჯოვანი, შეხედეთ, იქ მასიმო ვოლტა დგას.
ყველამ იქით მივიხედეთ, საითაც ელა გვანიშნებდა. რა თქმა უნდა, არანაირი მასიმო ვოლტა იქ არ იდგა. სინიორ მანფრედინი ძალიან შეწუხდა.
-ელა, დამშვიდდი, მასიმო ვოლტა კარგა ხნის მკვდარია და შენ არაფერი გემუქრება...
სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო ფედერიკომ, რომ ელამ საშინელი ხმით იყვირა და ხელი მაცხოვრის ჯვარცმისკენ გაიშვირა.
-ნუთუ ვერ ხედავთ, ნუთუ ჩემს გარდა ყველა დაბრმავდით? შეხედეთ, შეხედეთ, ის მასიმოა, მასიმო ვოლტა, ჯვარცმული ქრისტე, სახეზე დააკვირდით, ზუსტად ასეთივე სახე ჰქონდა, როდესაც კვდებოდა.... როდესაც ჯვარზე ვაკრავდით, არა, არა, თქვენ არა, ის მე ვაცვი ჯვარს, ო, ღმერთო, ჩემი გულისათვის კვდებოდა, მე კი არაფერი ვიღონე მის გადასარჩენად.
სიმართლე მოგახსენოთ, პირადად მე რამდენჯერმე შევხედე ჯვარცმას, ეგების მასიმოს სახესთან რამე საერთო მეპოვა, მაგრამ ვერაფრით შევძელი. ელას ნეაპოლიტანური თავგადასავალი მე მაშინ არ ვიცოდი, ამიტომაც მისი სიტყვების აზრსაც ბოლომდე ვერ ჩავწვდი, ჩემს დღეში იყვნენ სხვებიც. ყველამ ვიფიქრეთ, რომ ქალს დროებითი ნერვული შეტევა ჰქონდა, რომელიც მალე გაივლიდა, ამიტომაც ეკლესიიდან სუფთა ჰაერზე გამოვიყვანეთ და ნაკურთხი წყალიც ვასხურეთ. ცერემონიალი, რასაკვირველია, დროებით შეჩერდა.
ისევ ელამ გამოგვიყვანა გამოუვალი მდგომარეობიდან, როგორც ჩანს თავი ხელში აიყვანა და სრულ ჭკუაზეც იყო, თვალები ისე უციმციმებდა, რომ ალბათ ენერგიის საოცარ მოზღვავებას გრძნობდა. მან უარი განაცხადა ქორწინების განახლებაზე, ეკლესიის წინ, ქვაზე დაჯდა და ხალხს მიმართა:
-მინდა აღსარება ჩაგაბაროთ, მინდა ყველამ გაიგოთ, თუ რა ზნედაცემულ ქალთან გქონდათ საქმე. ვიცი, გული გაგიტყდებათ, დაგწყდებათ კიდეც, თქვენ ყველანი ალალი და პატიოსანი ხალხი ხართ, მაგრამ მე სხვანაირად არ შემიძლია, მეტს ვეღარ გავუძლებ.
აი, სწორედ მაშინ მოყვა ელა სტორარიმ ყველაფერი, თავისი ნეაპოლიტანური და სრულიად იტალიური თავგადასავალი, მასიმოს ამბებიც ნაწილი ელამ, ნაწილიც კი მოგვიანებით მისმა ამხანაგებმა მოუთხრეს მარანძანოელებს.
X X X
სინიორ ანტონიონიმ წყალი მოსვა, ცოტა შეისვენა და შემდეგ ისევ განაგრძო.
-როდესაც საბოლოოდ დაადგა მეძავობის გზას, ელა სტორარიმ დაკვირვებით მიმოიხედა აქეთ-იქით, მისი ინტერესის საგანი იყო ის, თუ რა ელოდა მომავალში, ამიტომაც ხანშიშესული მეძავების ცხოვრებას გადაავლო თვალი.
ერთ შეუსაბამობას მიაქცია ყურადღება, მეძავობა რთული საქმე თითქოს არაა, მამაკაცები ფულსაც გვარიანად იხდიდნენ, მაგრამ თითქმის ყველა როსკიპი არათუ მდიდარი იყო, შეიძლება ითქვას, თავიც ძლივს გაჰქონდათ. ბევრი კვლევა ძიების შემდეგ მიხვდა ელა, რომ თუ მამაკაცებს ჰყავთ ფულის მხარჯავი ქალები, როსკიპი ქალების გარშემოც უამრავი ალფონსი ირევა. რასაკვირველია, ამ უკანასკნელთ ნამუსი საერთოდ არ აქვთ, მაგრამ ტკბილი სიტყვა მუდამ ენის წვერზე ადგათ.
აჰ, საცოდავი მეძავები! განა ვინმე ოდესმე გაიგებს მათს გაჭირვებას? განა ყველა ჯურის მეცნიერებასა თუ ლიტერატურას ისინი მიტოვებული არ ჰყავს? ხელოვნება ცოტას კი პატრონობს, მაგრამ მას უფრო ის აინტერესებს, რას იწვევს მეძავი თავის კლიენტში, და როგორ გამოიყურება ის გარეგნულად.
რა ოცნებას შეიძლება მოელოლიავოს ალფონსის მკერდზე მისვენებული, სიძვით დაღლილი საცოდავი კახპა? იქნებ იმას, რომ ეს მუქთახორა ერთადერთია, ვისაც მისი არამხოლოდ სხეული აინტერესებს? რასაკვირველია, მას კიდევ ფული აინტერესებს, მაგრამ ესეც ხომ რაღაცაა? ის ხომ სხვასავით პირს არ იბრუნებს ხოლმე, თავის საქმეს რომ მორჩება? ის რჩება, და არა აქვს მნიშვნელობა, რისთვის რჩება!
სულელურია ასეთი ფიქრები, და ყველა როსკიპიც ტრაგიკულად ამთავრებს ცხოვრებას, ელა სტორარი ჩასწვდა დემონური ფულის საოცარი წრებრუნვის პრინციპს: მედუქნეებსა და ვაჭრებს ყაჩაღები ძარცვავენ, ყაჩაღებს - მეძავები, მეძავებს - ალფონსები, ალფონსებს - ყომარბაზები, ყომარბაზებს - მევახშეები, მევახშეებს - გარდაცვალების შემდეგ მათი ცოლები, ახლად დაქვრივებულ მდიდარ ქალბატონებს კი ვაჭრები.
ეს წრებრუნვის ზოგადი მოდელია, თუმცა გარკვეული სახეცვლილებებითაც შეიძლება წარმოგვიდგეს, მაგალითად: ვაჭარი - ყაჩაღი - მეძავი - ვაჭარი, ანდაც მეძავი - ალფონსი - ყომარბაზი - მეძავი.
მთავარი მაინც ისაა, რომ ეს ფული თითქოს ყველასთანაა, მაგრამ სინამდვილეში არავისთანაც არ არის! ყომარბაზს მუდამ ვალები აქვს, ალფონსი მუდმივად მეძავს სთხოვს ფულს, ყაჩაღი ხანდახან კვირაობით დაიარება მშიერი, მევახშის ცოლი ფულს მაშინ იღებს, როცა უკვე ბებერია. თითქოს ვაჭარი სხვაზე უკეთეს დღეშია, მაგრამ თუ ის ნამდვილი ვაჭარია, წესით საკუთარი თავისთვის პიასტრსაც ვერ უნდა იმეტებდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მევახშეზე.
ელა მიხვდა, რომ თუ ამ მოჯადოებული წრიდან თავს არ დააღწევდა, მასაც იგივე ბედი ელოდა, რაც დონა როზეტას და სხვებს, ამიტომაც მოუხშირა მეზღვაურებთან და ქარხნის მუშებთან სიარულს, ავაზაკებს ახლოს არ იკარებდა, რადგან სწორედ ავაზაკის სახით მოდიოდნენ ალფონსები. მასიმოს სიკვდილის შემდეგ, როდესაც ერთადერთი მფარველიც კი დაკარგა ნაპოლიში, ჯერ რომში, იქიდან კი ბარსელონას გაემგზავრა.
ბარსელონაში შენიშნა, რომ მის მუქ თმას უფრო მეტი გასავალი ჩრდილოელ მამაკაცებში ჰქონდა, ეს უკანასკნელნი უფრო დახვეწილნი და ასე გასინჯეთ, ხელგაშლილებიც კი იყვნენ ქალებში, ერთი ეგ იყო, სულ მთვრალები მოდიოდნენ მასთან.
ამ მიზეზით ელა გაემგზავრა როტერდამში, იქიდან საუთჰემპტონში, ჰამბურგსა და კოპენჰაგენში, ერთსა და იმავე ადგილას დიდხანს ყოფნას ერიდებოდა, მაგრამ მუშაობით კი გამალებით მუშაობდა, ჩრდილოურ ქვეყნებში მუქკანიან იტალიელს, თვალებიდან ცეცხლს რომ აფრქვევდა, ყველა მამაკაცი ყურადღებას აქცევდა.
ფულის დაგროვებას ესწრაფოდა ელა სტორარი, სხვა მეძავებისგან განსხვავებით. ის ცდილობდა, პატიოსანი გზით ნაშოვნი ფულის მქონე მუშტარი ჰყოლოდა, მეზღვაურები და მუშები საუკეთესო ვარიანტი იყო, მართალია, მეზღვაურებში ხანდახან მეკობრეც გამოერეოდა ხოლმე, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა, და თუ ელა ამის შესახებ შეიტყობდა, მეკობრისგან მიღებულ ფულს რომელიმე მათხოვარს აძლევდა.
მარანძანოში უნდოდა დაბრუნება და სოფლის ცხოვრებით ცხოვრება, ბედნიერებას ამაში ხედავდა. აღარასოდეს გაიხედავდა მამაკაცისკენ, აღარასოდეს! თავის წყნარ სოფელში იცხოვრებდა მშვიდად დაგროვილი ფულით, დიდი და ლამაზი ბაღის გაშენება ჰქონდა ოცნებად, დილაობით, ჯერ კიდევ რომ გრილა, ყვავილებს მორწყავდა და ამომავალ მზეს შეაგებებდა თავის ცოდვით დამძიმებულ თვალებს. მზე, ადამიანებისაგან განსხვავებით, ყველაფერს აპატიებდა და მის საიდუმლოს არ გათქვამდა.
იმისათვის, რომ პატიოსანი ცხოვრების უფლება მოეპოვებინა, ჯერ უნდა ემრუშა. ოჰ, ყველაფერი ძალიან უხამსი იყო, ზოგჯერ ამაზრზენიც. ელას ახსოვს, როგორ წაიყვანა ერთხელ ორმა მთვრალმა მეზღვაურმა თავიანთ კაიუტაში და იქ კი ათი მათი ამხანაგი დახვდა, რიგრიგობით დააცხრა ყველა და სანამ მეთორმეტე მორჩა, პირველს ისევ მოუნდა! ბოლოს კი კაპიტანი მოვიდა და საშინლად აღშფოთებულმა მოისურვა გაეგო, თუ რა ნახეს მისმა ყეყეჩმა მეზღვაურებმა ამ კახპაში ისეთი, რომ თორმეტი კაცი ერთ ქალს მისცვივდა, კაპიტანი ნამდვილი ბელადი გახლდათ და ნაცვლად ზერელე შეთვალიერებისა, სიღრმისეულ გამოკვლევებს მიანიჭა უპირატესობა. ბოლოს კი გემბანიდან ლამის გადმოაგდო ეს „ზნედაცემული, გარყვნილი დედაკაცი“ ისე, რომ პენიც არავის გაუმეტებია მისთვის.
ფულის დაგროვების უცნაური, თუმცა საიმედო ხერხი მონახა. პატარა, მაგრამ ძალზედ ძვირფას ქვას ყიდულობდა, შესანახად და ძველმანებში დასამალად უფრო მოსახერხებელი იყო. ადამიანთაგან არავისთვის გაუმხელია ეს საიდუმლო, აღარავის ენდობოდა, მისი გული საბოლოოდ მაშინ დაიმსხვრა, როდესაც ერთ დღეს თავის ქვეშაგებში ჯუზეპეს მაგივრად თავისი კეთილისმყოფელი, სინიორ ალბერტო აღმოაჩინა უღირსი ვნებით ატანილი.
ასეთი სახის სპეკულაციები, როგორც წესი, საქმეში ჩაუხედავი ხალხისათვის გვარიანი ზარალით სრულდება, მაგრამ ელას აქ კი გაუმართლა, მილანში ჩამოსულმა აღმოაჩინა, რომ მის ძვირფასეულობას იმაზე ორჯერ მეტი ფასი ჰქონდა, ვიდრე თვითონ ფიქრობდა.
მარანძანოში ცოტა სული მოითქვა, გადახედა აქაურ ყოფას და აღმოაჩინა, რომ მისი დაგროვილი ქონება მთელი დარჩენილი სიცოცხლე უზრუნველად ცხოვრების საშუალებას მისცემდა. ამან გაამხნევა და სიცოცხლის ხალისი შემატა, ნეაპოლელი ავაზაკებისა და საუთჰემპტონელი ლოთების ფონზე მარანძანოელებიც ძალიან კეთილშობილ ხალხად მოჩანდნენ.
სრულიად მოულოდნელი იყო ფედერიკო მანფრედინის წინადადება. მას შემდეგ, რაც ორ მამაკაცთან გაიზიარა სარეცელი, გათხოვებაზე ერთხელაც არ დაფიქრებულა, მაშინაც კი, როდესაც თავის ქონებას გადახედა, იმის ღირსად არ ჩაუთვლია თავი, ვინმეს მეუღლე და მითუმეტეს, დედა ყოფილიყო.
მანფრედინის შემოთავაზება საოცრად მაცდური იყო, სამი ღამე არ უძინია და ბოლოს, ვეღარ გაუძლო.
-მეც ხომ მაქვს ბედნიერების უფლება?- გაივლო გულში - ბოლოსა და ბოლოს, ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ? ის კი ცოდვათა მიტევებას გვიქადაგებს. ცხადია, მანფრედინის წინადადება ნიშანია, რომ ღმერთი ჩემი ცოდვების გამოსყიდვის საშუალებას მაძლევს, აბა, მარტოხელა სიცოცხლეში რა ყრია? ბავშვები მეყოლება, ქმრის ერთგული ვიქნები, აკი ქრისტემ მიუტევა მეძავს? ჰოდა, მეც მომიტევებს.
მასიმო ვოლტას სოფელში გამოჩენა მის გეგმებს დიდ საფრთხეში აგდებდა, ამიტომ თავიდან ვერაფერი მოისაზრა, რა უნდა ექნა, მაგრამ რადგან მასიმომ არ მოაკითხა, თვითონაც არ გამოუდია თავი.
ვოლტა დილაბნელზე მოადგა, გაღებული ფანჯრდან უჩუმრად წამოეპარა თავზე და პირდაპირ ლოგინში შეუწვა.
ძნელი იყო მის ფოლადისებურ სხეულთან გამკლავება, მაგრამ მამაკაცთან სიახლოვემ მიახვედრა საცოდავი ელა, თუ როგორ შეზიზღებოდა თავისი ძველი პროფესია, მიუხედავად სამწლიანი პაუზისა და მასიმოს მიმართ სიმპათიისა, არანაირი ლტოლვა ქალს არ უგრძვნია, პირიქით, საშინელი ძალით ჰკრა ხელი მასიმოს და ლოგინიდან წამოვარდა.
ლამპა აანთო და იქით გაიხედა, სადაც მასიმო ეგულებოდა, ის კი იჯდა და ირონიულად იღიმებოდა.
-გაზრდილხარ, დამშვენებულხარ, როგორც ჩანს, დაბრძენებულხარ კიდეც - თქვა მასიმომ - გათხოვებასაც აპირებ, ჩემი აზრით, ეს შესანიშნავია! მხოლოდ ერთი ნაკლი გაქვს, ძველი მეგობრები არ გახსოვს.
-მასიმო - კანკალებდა ქალი - გთხოვ, ძველ ამბებს ნუ მახსენებ, აღარ მინდა, მეყო, რაც ვიტანჯე.
მასიმო წამოდგა და ქალისკენ დაიძრა, ელა მუხლებზე დაეცა და ვოლტას ფეხებში ჩაუვარდა.
-მასიმო, გთხოვ, ნურავის ეტყვი ჩემს ნეაპოლიტანურ ამბებს, შენ ხომ კეთილი გული გაქვს? იცოდე, თუ ეს ამბავი გავრცელდება, საბოლოოდ დავიღუპები.
-არაფრის გავრცელებას არ ვაპირებ - ამის თქმისას მხრებში წაავლო ხელი და ფეხზე წამოაყენა - მაგრამ ცოტა ჩემიც გაიგე, მარანძანოში მგონი შენს გარდა ლამაზი ქალი არავინაა, ვისთან დავწვე? უქალოდ კი მე არ შემიძლია, ეს ხომ იცი?
-ცოლი მოიყვანე, მარტო მარანძანო ხომ არაა, ქვეყნად უამრავი ქალია, თუ საშუალება არ გაქვს, მე დაგეხმარები.
-არა, ოჯახისთვის მზად არ ვარ, ძალიან ბევრი ცოდვა მაწევს კისერზე და არ მინდა ამის გამო ჩემი შვილები დაიტანჯონ. მისმინე, მანფრედინი სუფთა ბრიყვია, ის ვერაფერს გაიგებს, კვირაში ერთხელ სადმე შეგხვდები, იყავი მისი ცოლი, რა მენაღვლება? შენც არა დაგაკლდება, ცხრაასოცდასამი კაცი გეყოლება ნანახი თუ ცხრაასოდაორი, რა მნიშვნელობა აქვს?
მართალია, ელას ამაზე გაცილებით მეტ კაცთან ჰქონდა სარეცელი გაყოფილი, მაგრამ მომავალი მეუღლის ასე გაპამპულების გეგმამ ქალი საშინლად შეაშფოთა, მასიმო კი არ ისვენებდა, მარწუხებივით მოუჭირა ხელები და მკერდზეც მიიკრა, ეტყობოდა, დიდხანს იყო ქალს დანატრებული და მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელი იყო. ერთი ხანობა ქალმა დააპირა, რომ რამდენადაც ვოლტას წინააღმდეგობას ნაპოლის ყველაზე საშიში ბოროტმოქმედებიც ვერ უწევდნენ, ჯობდა ისიც დანებებულიყო.
მაგრამ მასიმოს სხეულმა თითქოს მთელი იმ განვლილი ცხოვრების სიმყრალე მოიტანა, რითაც ეცხოვრა ელა სტორარის ეს ათი წელი, ძუ ვეფხვივით დაიღრინა და მხარში კბილებით ჩააფრინდა მოძალადეს.
მასიმომ გაკვირვებულმა შეხედა და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, ტკივილს, როგორც ჩანს, ისე იყო შეჩვეული, რომ საერთოდ არ უგრძვნია, უბრალოდ გაუკვირდა და მეტი არაფერი, ხელიც კი არ დაუდია ნატკენ ადგილას.
ელას ბევრი აღარ დაუხანებია, შლეგიანივით გამოვარდა წინკარში და სოფლის ცენტრისკენ ისარივით გაიჭრა.
იქ რაც მოხდა, ამის შესახებ უკვე ვიცით. მოსალოდნელი შედეგების შესახებ ელას სულ არ უფიქრია, სანახევროდ გონება ჰქონდა დაბინდული და მისი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ამჯერად მაინც შეენარჩუნებინა ღირსება.
როდესაც მამა ჯოვანიმ და მისთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა განვლილ ცხოვრებაზე კითხვები დააყარეს, ქალს გული შეეკუმშა, ხოლო როდესაც იგივე კითხვებით მასიმოს მიმართეს, ძლივს შეიმაგრა თავი, რომ გული არ წასვლოდა.
-„გთხოვ, მასიმო, არაფერი თქვა, ღმერთო, შენ ხომ ჩემთვის აქამდე შანსი არასოდეს მოგიცია, ამასაც ნუ წამართმევ, მასიმო, გთხოვ, ნურაფერს იტყვი“ - ფიქრობდა გულში სწორედ მაშინ, როდესაც მასიმო ვოლტასა და მისი თვალები ერთამანეთს შეხვდნენ.
და მასიმო ყველაფერს მიხვდა! ავაზაკმა, რომელიც წარსულში საკუთარი კეთილდღეობისათვის სხვის გაუბედურებასაც არ ერიდებოდა, ამჯერად თავისი სიცოცხელე მეძავი ქალის კეთილდღეობას შესწირა! მაგრამ ელა ისე იყო დარეტიანებული, მაშინ ეს ყველაფერი ვერ გააცნობიერა.
შემდეგში ელა სტორარი მიხვდა, რომ ღმერთს არაფერი ესაქმება ყვავილებით მორთულ ლამაზ ბაღში, ერთმანეთში ნაზად მოსაუბრე ცოლ-ქმართან, დახვეწილ და ზრდილობიან ადამიანებთან, ის იქაა, სადაც დიდი ცოდვა-ბრალი ტრიალებს.
რა ძნელი იყო, ამ გასისხლიანებულ ავაზაკში ქრისტეს შეცნობა. ღმერთი კი არა, ადამიანიც კი ვერავინ დაინახა მასში, მხოლოდ ორმა, რომელთაგან ერთი ღვთისმსახური გახლდათ, მეორემ კი მარანძანოს ამბებისა ჯერ არაფერი იცოდა.
მაგრამ ქორწინების რიტუალისას ელამ ქრისტეს ჯვარცმის სცენას შეხედა და თითქოს მის გონებაში რაღაც განათდა. მთელი ეს ცხრა თვე სრულ სიბნელეში გაატარა, ცდილობდა მასიმოს მკვლელობის ამბები საერთოდ არ გაეხსენებინა, მაგრამ ჯვარცმული ქრისტეს ცისკენ მაცქერალმა თვალებმა მხეცურად მოკლული ყაჩაღის თვალები გაახსენა და ისიც ყველაფერს მიხვდა, როგორც ცხრა თვის წინ მასიმო ვოლტა!
X X X
მარანძანოელები ძალიან გააკვირვა ფედერიკო მანფრედინის გადაწყვეტილებამ, მიუხედავად მოსმენილისა, ელა სტორარი მაინც თავის მეუღლეობის ღირსად ეცნო, მაგრამ ქალმა გადაჭრით უარყო ეს შემოთავაზება. მასიმოს მკვლელობის ადგილას მონასტრის დაარსება და იქ მონაზვნად აღკვეცა გადაწყვიტა.
ფედერიკოს აზრით, მონასტრის დაარსება ისეთი საქმეა, რომელსაც ფული სჭირდება, და არა შავი ანაფორა, ამიტომაც ელას შეეძლო თავისი ქონება სრულად შეეწირა ამ საქმისათვის ისე, რომ ამავდროულად სინიორა მანფრედინი გამხდარიყო.
ცხადია, როდესაც ამას ამბობდა, ის ვერ ხვდებოდა, თუ რა ხდებოდა ქალის გულში. ელა სტორარი თითქოს ხელმეორედ დაიბადაო, გაცხოველებული ენერგიით შეუდგა ტაძრის მშენებლობას, რა თქმა უნდა, საკუთარი სახსრებით. ვატიკანშიც გახლდათ, სადაც რომის კარდინალს წინადადებით მიმართა, მასიმო ვოლტა წმინდანად შეერაცხათ, მაგრამ ეს ის პერიოდი იყო, როდესაც პონტიფიკი უფრო იტალიელების წყევლით იყო დაკავებული და წმინდანად თუ ვინმეს შერაცხავდა, ის ალბათ ფრანგი ან ავსტრიელი ჯარისკაცი უნდა ყოფილიყო.
ელა სტორარიმ პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი მონასტერი დააარსა მარანძანოში, თავისი ქონებიდან დარჩენილი ფული კი ღარიბებს დაურიგა, თვითონ მონაზვნად აღიკვეცა და უმეტეს დროს მასიმოს საფლავზე ატარებდა.
საფლავი კი დიდებულად მოეწყოთ! მარმარილოს ქვით, შუაში ჩვეულებრივი ადამიანის ზომის ქრისტეს ქანდაკება იდგა, გარშემო კი უამრავი ყვავილი იყო დარგული, რომელსაც ელა სტორარი ყოველდღე რწყავდა. ჩემმა დანახვამ ის ძალიან გაახარა და რაც უფრო უცნაურია, დანახვისთანავე მიცნო.
-სინიორ ანტონიონი, რა კარგია, რომ მოხვედით, სიმართლე მოგახსენოთ, გელოდებოდით. აი, დასტური იმისა, რომ მასიმო ვოლტა წმინდანია! ისეთ დიდ მოღვაწეს, როგორიც ახლა თქვენ ბრძანდებით, ჩვენს პატარა სოფელში ათი წლის წინ დატრიალებული ამბები რომ გაგახსენდათ, ეს მასიმოს დამსახურებაა! განა თქვენ მკვლელობები გიკვირთ? თქვენ, რომელიც იბრძოდით ყველგან, სადაც კი იტალიის სახელით სისხლი იღვრებოდა, მაგრამ მასიმოსთან მაინც მოხვედით!
ერთხანს ვისაუბრეთ მე და ელა სტორარიმ, მამა ჯოვანიც იქ იყო, წამოსვლისას ელამ საიდუმლოდ მითხრა, მართალია მასიმოს წმინდანად შერაცხვას ვერ მივაღწიე, მაგრამ რამდენჯერაც მას თხოვნით მივმართე, სურვილი შემისრულდაო.
სიტყვა მივეცი, რომ მომავალშიც შევივლიდი მათთან და სიცილიის გზას დავადექი. ორი საათი მდუმარედ მოვდიოდი და მარანძანოზე ვფიქრობდი, ჩემი ადიუტანტიც დუმდა და ხანგამოშვებით გადმომხედავდა ხოლმე.
-სინიორ ანტონიონი - თქვა ბოლოს - თქვენ ალბათ არ იცით, მე ყირიმის ომში მაქვს მონაწილეობა მიღებული.
-იმედი მაქვს, არა რუსეთის სახელით - გამეღიმა მე.
-ფრანგების ჯარს ვახლდი. გარიბალდისა არ იყოს, მეც ხომ ნიცაში ვარ დაბადებული და დღემდე ვერ გავარკვიე, იტალიელი ვარ თუ ფრანგი.
-მაგას რა ენაზე არკვევ?
-რასაკვირველია, იტალიურად.
-მაშინ, იტალიელი ყოფილხარ.
-ბატონი ბრძანდებით, თუმცა იქ ფრანგულ ფლოტში ვიყავი და არა სარდინიის არმიაში. ჰოდა, აი ამ ფლოტში მსახურებისას, სევასტოპოლის ალყის დროს ერთი იქაური ბერი ჩავიგდეთ ტყვედ, რომლის კეთილგანწყობილი ღიმილი თავიდან ძალზედ სულელურად მოგვეჩვენა, თუმცა შემდეგ დავუმეგობრდით და ათასნაირ ამბავზე ველაპარაკებოდით, მამა თეოდოროსი ერქვა და ფრანგული შესანიშნავად იცოდა.
ერთხელ ჩემი საყვარელი ვახსენე მასთან, რასაკვირველია, ვაქე და ვადიდე, მაინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა ბერს, ქალის ხსენებისას.
-მიყვარსო, მგონი ასე თქვი არა? - მკითხა დაფიქრებით.
-ჰო, ძალიან მიყვარს, შეუძლებელია, არ გიყვარდეს, ის ისეთია....
ფეხზე ადგა, ჩემთან მოვიდა და მხარზე ხელი დამადო, თან ისევ ისე იღიმოდა, თავისებურად.
-გახსოვდეს, ლამაზი ქალის სიყვარული არ არსებობს, სიყვარული, ეს თოვლით დაფარული გზაა, რომელსაც მიარღვევ, ნამქერში მოყოლილი შენი მოსისხლე მტრის გადასარჩენად.
ახლა ვხვდები მისი სიტყვების აზრს, სინიორ ანტონიონი, და იმასაც, თუ რატომ გვიღიმოდა მტრის ჯარისკაცებს ასე გულღიად.
ადიუტანტმა სიტყვა დაასრულა და ზღვას გაუშტერა თვალი. გემი დაიძრა და მესინის სრუტეს შეუდგა. უკან მივიხედე, შორს, სადღაც თვალსაწიერის მიღმა, კალაბრიის ცხელ მიწაში მასიმო ვოლტა იწვა, იწვა და ხმას არ იღებდა.
და მაინც ბევრს, ძალიან ბევრს ლაპარაკობდა.
ენრიკო დე ლა პენია
ეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც ჩემი ყოფილი პატრონის შვილს, პაოლა მონტერინის სიყვარულში გამოვუტყდი და ცოლობა ვთხოვე.
პაოლამ იმაზე მეტად გაიოცა, ვიდრე შეიძლება გაიოცოს თხუთმეტი წლის გოგომ, რომელსაც ხელს ორმოცდათხუთმეტი წლის კაცი სთხოვს. პაოლა უკვე ოცის გახლდათ და მეც მასზე მხოლოდ სამი წლით ვიყავი უფროსი.
-არ ვიცი, ენრიკო, ამაზე არასოდეს მიფიქრია, ხომ გესმის, გათხოვება ისეთი საქმეა, კარგად უნდა აწონ-დაწონო..
-სამ დღეს გაძლევ, მოიფიქრე და მითხარი.
-არა, არა, მოდი, ახლავე გავათავოთ ეს საქმე, მე შენ ცოლად ვერ გამოგყვები, რაღაცნაირი ტიპი ხარ, უფერული.
უფერული! ამ სიტყვას მოფიქრება არ უნდა? ნამდვილი გენიოსი იყო პაოლა.
რჩევის საკითხავად ჩვენი ქალაქის მეძავთან, დონა როზეტასთან წავედი.
-რაო? შენ მე მკითხავი ხომ არ გგონივარ, რომ კარტი გავშალო და გიმარჩიელო? მე ფეხებს ვშლი, ვაჟბატონო, გასაგებია?
-ჰო, მაგრამ, როგორი კაცები მოგწონს?
-ვისაც ცოტა ენერგია აქვს და ბევრი ფული.
-ეგ პროფესიის თვალსაზრისით, მე გეკითხები, როგორც ქალს.
დონა როზეტამ დაიმწუხრა.
-ოცდათხუთმეტი წელია, ბოზი ვარ, რა ფასი აქვს ჩემს აზრს?
-ყოველთვის ასე ხომ არ იყო?
ეტყობა გული აუჩუყდა, ალბათ კარგა ხანია მისი გემოვნებით არავინ დაინტერესებულა.
-რა ვიცი, ალბათ... გამბედავი, ვაჟკაცი, თავზეხელაღებული.... ასეთ კაცს ყველაფერს ვაპატიებდი, სიძუნწესაც კი...
წამოვედი და დავფიქრდი, დონა როზეტა მართალს ამბობდა. ქალაქში ჩემზე ცუდს ვერავინ იტყოდა, არ მიქურდია, არც მიჩხუბია, ქალებსაც არ ავტორღიალებივარ, ხელმოკლედ, მაგრამ პატიოსნად ვცხოვრობდი, ჩემს სინდისს ერთი შავი ლაქაც კი არ აჩნდა, არც ერთი!
და აი, ამ ყველაფრის გამო დავიმსახურე ეპითეტი - უფერული!
დაფიქრდი, ენრიკო - ვუთხარი ჩემს თავს - შენ ხომ ძლიერი გონება გაქვს? აქამდე უპირველესი იყავი სინდისის საკითხებში, მაგრამ ეს საკმარისია მხოლოდ მშვიდი ცხოვრებისთვის, ქალის გულის მოსაგებად კი, როგორც ჩანს, სხვა რამეა საჭირო.
მაინც, რა უნდა გავაკეთო? სიმამაცით აღვივსო? მე მგონი, საკმარისია ამაში სხვები დავარწმუნო, თორემ ყველა ადამიანი დიდი ლაჩარია. ნაპოლეონიც ლაჩარი იყო, როდესაც მისი არმია იბრძოდა, სეირს უყურებდა შემაღლებული გორაკიდან. მისი ჯარისკაცებიც ლაჩრები იყვნენ, ეშინოდათ, დავალების შეუსრულებლობისათვის ტყავი არ გაეძროთ, თანაც, პარიზის სალონებში ქალებისთვის თავი ხომ უნდა მოეწონებინათ? ასე მივიდნენ მოსკოვამდე და არა იმიტომ, რომ თავზე ჰქონდათ ხელი აღებული, ვისაც ყველაფერი ფეხზე ჰკიდია, ის ომში კი არ მიდის, ფულს აპროცენტებს!
აი, ეჯისტო მოდის, ეჯისტო დი ნატალე, იგივე ეჯისტო ტრაკგამოხეული, ეს სახელი მე დავარქვი, რადგანაც ძალიან ღარიბულად ეცვა. მოდი, დავაფასოთ და რჩევა ვკითხოთ, არა იმიტომ, რომ მისი აზრი რამედ გვიღირს, ისე, უბრალოდ, გასართობად.
-ყველა ადამიანი მშიშარაა, ასე არაა ეჯისტო?
ტრაკგამოხეულმა სახეზე ხელი ჩამოისვა და თავისებური, ბრიყვული ღიმილით მომიგო.
-მასიმო ვოლტას არაფრის ეშინოდა, სიკვდილსაც კი დიდებულად შეხვდა.
ცოტა არ იყოს, დავფიქრდი.
-ჰო, ვოლტა სხვა იყო, მიჭირს დაჯერება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც მკვდარია.
-ჯუზეპე სალინი კი ცოცხალი!
ჯუზეპე სალინი! ეს რა კარგი რამე მითხრა ამ გამოთაყვანებულმა? გამომშვიდობების ნიშნად ტრაკგამოხეულს ლაზათიანი პანღური ვკარი და ისევ დავფიქრდი.
ოოო, ენრიკო დე ლა პენია, სალინი უნდა გააფუჭო, ბეჭებზე უნდა დასცე, აი რა გჭირდება პაოლას გულის მოსაგებად!
თუ უკნიდან მივეპარებოდი და თავში აგურს ჩავცხებდი, შემდეგ ღონით შეიძლება მეჯობნა კიდეც, მაგრამ რაც დამბაჩა მოიგონეს, აგურის საქმე უკუღმა წავიდა, სალინი სწორედ დამბაჩამ გახადა ჩვენი ქალაქის უგვირგვინო მეფე.
მონტეფერანოშო ორი წლის წინ გამოჩნდა და დიდი არეულობებიც გამოიწვია.
-გთხოვთ, პატივცემულო - ეტყოდა ხოლმე მოპაექრეს - ჩვენი ღირსების დაცვა მხოლოდ ჩვენი ვალია! ხვალ, ამ დროს, ქალაქგარეთ გელოდებით, იარაღის არჩევის პატივი თქვენ გერგებათ.
ვაჭართა ქალაქში დუელის გამართვა ვერაფერი სასახელო საქმეა, მაგრამ სახიფათო კია, ამიტომაც მთელი მონტეფერანო დაიზაფრა, ეცადნენ, საქმე იმგვარად შემოეტრიალებინათ, რომ სისხლისღვრა თავიდან აეცილებინათ.
-ბოდიში მოიხადოს, და აღიაროს, რომ ბრიყვია! - ცივად თქვა სალინიმ - თუ არადა ძაღლივით მოვკლავ.
მონტეფერანოსთვის დიდი სირცხვილი იყო ის, რომ ქალაქში პატივცემულმა ვაჭარმა, რობერტო პარლატიმ ცენტრალურ მოედანზე ვიღაც უცნობს ბოდიში მოუხადა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი შავი ლაბადა მზიანი ამინდისათვის სავსებით შეუფერებლად მიიჩნია.
ჯუზეპე ძალიან გაბრაზდა იმაზე, რომ ამ შემთხვევამ მონტეფერანოელებს ჭკუა ვერ ასწავლა და ანდრეა პალომინომ, ქალაქის უპირველესმა მევახშემ, სესხის მიცემაზე უარი უთხრა სინიორ სალინის იმ თვალსაზრისით, რომ ამ უკანასკნელის ქონებრივი მდგომარეობა ფრიად საეჭვო გახლდათ.
ამჯერად სალინიმ უარი განაცხადა ბოდიშის მოხდით დაკმაყოფილებაზე და გადაჭრით მოითხოვა პალომინოსთან იარაღით ხელში დაპირისპირება.
-როგორც ჩანს, აქ ბოდიშები არავის ენანება, რაკიღა მისთვის ფულის გადახდა არაა საჭირო, ამიტომაც ვეცადოთ, საკითხს ცოტა სხვაგვარად მივუდგეთ.
პალომინო დუელზე არ გამოცხადდა, მაშინ ჯუზეპემ მას სახლში მიაკითხა, მევახშე იძულებული გახდა ფარდულში დამალულიყო, სახლში ჯიქურ შესულ სტუმარს მხოლოდ პალომინოს მეუღლე დაუხვდა, რომელთანაც მას ორსაათიანი, მეტად შინაარსიანი საუბარი ჰქონდა, იმდენად საინტერესო, რომ იქიდან წამოსულ ჯუზეპეს პალომინოსთან დუელზე კრინტიც აღარ დაუძრავს.
შემდეგაც ხშირად მიდიოდა ხოლმე, მასპინძელი, როგორც წესი, ფარდულში იმალებოდა, კარს კი მისი ცოლი აღებდა.
სალინისთან შეხვედრა უკვე სახიფათო გახდა, მონტეფერანოელები მისი დანახვისას კისრისტეხით გარბოდნენ, რაზეც სინიორ ჯუზეპე ძალიან წუხდა.
აი, ასეთი კაცისთვის უნდა მეჯობნა! ამოცანა, რა თქმა უნდა, არ იყო ადვილი, მაგრამ იდეა იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი მშიშარაა, და მათ შორის სალინიც, ფრთებს მასხამდა.
ხუთშაბათობით გაბიძოს დუქანში ხბოს ხორცის წვნიანს მიირთმევდა, ტომატითა და ნიახურით. მისი მოსვლის შემდეგ დუქანი ცარიელდებოდა ხოლმე, მაგრამ დონ გაბიძო არასასურველი სტუმრის მობრძანებას მაინც გულითადი ღიმილით ხვდებოდა ხოლმე.
როდესაც იქ მივედი, იჯდა და აუჩქარებლად ჭამდა, ვერც შეამჩნია ჩემი შემოსვლა.
აქამდე არასოდეს მენახა, მაღალი იყო და ხმელი, ფართო მხრებითა და უზარმაზარი ხელებით, გრძელი, კუპრივით შავი თმა მხრებზე ჩამოშლოდა, სპილენძისფერი კანი ავად უბზინავდა, არწივისებური ცხვირი, დიდი, ნუშისებრი ფორმის, ბრიალა შავი თვალები და გრძელი ულვაშები საშიშ იერს აძლევდა მის სახეს.
რას აღარ ჰყვებოდნენ მასზე? გველი მონუსხაო მზერით, გაფრენილ ჩიტს ტყვიით ბუმბული გააცალაო, რკინის ნაჭერი ხელებით დაღუნაო, დღეში ცხრაჯერ შეუძლია გახდეს მამაო და ა.შ. მაგრამ მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი იმ ქალების მოჩმახული იყო, მასთან რომ კოტრიალობდნენ.
თავი გავიმხნევე და მტკიცე ნაბიჯით მივედი მის მაგიდასთან. არც შემოუხედავს, ჭამას განაგრძობდა.
-ჯუზეპე! -დავუძახე და ჯიქურ მივაშტერდი, გული საშინლად მიცემდა და მთელი ტანი დაჭიმული მქონდა.
თავი აიღო და ბოროტად შემომხედა. აი, თურმე როგორი თვალები ჰქონია! მართალს ამბობდნენ მონტეფერანოელები, მზერით კლდეს ხვრეტდა! მეგონა პირს ვიბრუნებდი და უკანმოუხედავად გავიქცეოდი, მაგრამ საოცარი რამ მოხდა.
ისეთი სიმშვიდე და უდარდელობა ვიგრძენი, ჩემი თავის მე თვითონვე გამიკვირდა. დაუკითხავად გამოვწიე სკამი და დავჯექი, ფეხები კი პირდაპირ მაგიდაზე შემოვაწყე.
-კეთილი იყოს შენი მობრძანება! - თქვა ჯუზეპემ - შემიძლია ხბოს წვნიანზე დაგპატიჟო, დონ გაბიძო შესანიშნავი მზარეულია.
-ეგ უშენოდაც ვიცი - ვუთხარი საკმაოდ მკვახედ - მაგრამ ამჯერად აქ საჭმელად არ მოვსულვარ.
-მაშ, რისთვის მოხვედი?
-შენი გაცნობა მსურდა.
-კეთილი, მაშინ ღვინოს შევუკვეთავ.
-შენს ადგილას ამას არ ვიზამდი.
-რატომ?
-ცუდი სიმთვრალე მაქვს და გირჩევ, ფრთხილად იყო.
მეგონა, ახლა მაინც იტყოდა რამეს ჩემი უხეშობის პასუხად, ის კი ისევ წვნიანს ჩააშტერდა და სცადა ჭამა განეგრძო, მაგრამ არ გამოუვიდა, აშკარად ნერვიულობდა. ხედავთ? არც ისეთი საშინელება ყოფილა.
დუქნის კარები გაიღო და რობერტო პარლატიმ შემოიხედა, შემდეგ მას ანდრეა პალომინოც მოჰყვა, გაკვირვებულები მიყურებდნენ, ბოლოს შიგნით შემოსვლაც გაბედეს, მე კი არ ვცხრებოდი.
-არამზადა ხარ შენ, ჯუზეპე, და ძაღლისშვილი! მოვედი, რომ პასუხი გაგებინო ყველაფრისათვის.
-კალაბრიაში დავიბადე - თქვა ჯუზეპემ - მარანძანოში, იქ ყველა პატივს მცემს, მინდა, რომ აქაც ასე იყოს.
-ვერ მოგართვი! შენისთანა სალახანებს აქ თავს არავინ გაუყადრებს.
ეჰ, რა ადვილი ყოფილა გამბედაობა? აქამდე სად ვიყავი, დასწყევლოს ეშმაკმა? დუქანში ხალხის რაოდენობა ნელ-ნელა იზრდებოდა და უფრო ახლოსაც მოდიოდნენ. გაკვირვებისაგან ყველას თვალები გადმოეკარკლა.
-რა გინდა ჩემგან და რას მერჩი? არც კი გიცნობ.
-სამაგიეროდ მე გიცნობ! სინიორა პალომინოსთან დროს ატარებ, სინიორა ტენტონისთანაც, და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენ პატიოსან ოჯახის ქალს ახადე ნამუსი! და თუ მათი ქმრები პროტესტს გამოთქვამენ, ზოგს ასილაქებ და ზოგსაც დუელში იწვევ.
-ძალას არავის ვატან, თვითონვე უნდათ ეს.
-სტყუი, შე არაკაცო! - მრისხანებისაგან ერთიანად ვდუღდი - მაგრამ დასრულდა შენი პარპაში, შენ მონტეფერანო უპატრონო ხომ არ გგონია?
-უკვე აღარ.
დარბაზი უკვე სულ მთლად გატენილი იყო ხალხით, სადღაც პაოლას სახესაც მოვკარი თვალი, შეშინებული, მაგრამ ამავე დროს ამაყი იყო.
-გაბიძო - დავუძახე მზარეულს - ერთი წვნიანი მოიტანე და ამ მაწანწალას დაუდგი.
-არ მინდა წვნიანი - თქვა ჯუზეპემ - ესეც ვერ შევჭამე, ახალი რაღა ოხრობად მინდა?
-მაგას შენ არავინ გეკითხება! გაბიძო, კარგად აადუღე, გესმის?
მოიღრუბლა და მწყრალად შემომხედა.
-შენ ჩემზე უარესი ხარ! - მითხრა დაჯერებით - მე რამდენიმე ქალთან დავდივარ, შენ კი მთელს ქალაქთან.
-რაებს მიჰქარამ, შე გათახსირებულო? დონა როზეტას გარდა არავისთან ვყოფილვარ.
-იტყუები, ყველასთან ხარ ნამყოფი, ყველასთან, ქალი არ დატოვე მონტეფერანოში - იმეორებდა ჯიუტად - პაოლაც არ გიყვარს, მდიდარი ვაჭრის შვილია და მაგიტომაც ეკურკურები, გგონია რამეს გამომაპარებ?
დონ გაბიძო მოვიდა და ცხელი წვნიანით სავსე თეფში წინ დაუდგა ჯუზეპე სალინის, მაგრამ მას ყურადღებაც არ მიუქცევია, პაოლასკენ იყურებოდა.
-არ გაჰყვე ცოლად, პაოლა, დამიჯერე, ყველაზე საშინელი კაცია მონტეფერანოში.
პაოლას მუდარით სავსე თვალები დავინახე, ჩემში მხსნელს რომ ეძებდა! ასე შესანიშნავად წარმართულ საქმეს დასასრულიც დიდებული უნდა ჰქონოდა. ფეხზე წამოვდექი, სალინის თმებში ხელი ჩავავლე და სანამ გონს მოსვლას მოასწრებდა, აქაფებულ წვნიანში ჩავაყოფინე ის ნისკარტივით ცხვირი.
დარბაზში ჯერ დრტვინვა გაისმა, შემდეგ გულიანი სიცილი, ხოლო როდესაც ჯუზეპემ წვნიანიდან სახე ამოყო, უკვე ისტერიული ხარხარი ატყდა.
სახეც არ მოუწმენდია, იდგა და მდუმარედ ადევნებდა თვალს მოხარხარე დარბაზს, შემდეგ წამოდგა, გარეთ გავიდა, ცხენზე შეჯდა და ისე გაქუსლა, მგონი კალაბრიამდე არსად შეისვენებდა.
ხალხმა ხელში ამიტაცა და ისე გამომიყვანა გარეთ.
-ენრიკო დე ლა პენია, ჩვენი მხსნელი! - ღრიალებდნენ ხმის ჩახლეჩამდე - გაუმარჯოს ენრიკოს, მონტეფერანოს პრინცს, მეფესა და იმპერატორს!
-დღეგრძელი იყოს სიმამაცის მწვერვალის დამპყრობი, ენრიკო დე ლა პენია!
-ყველა კაცის პატივისცემა მას!
-ყველა ქალის გული მას!
-ენრიკო, დიდი ენრიკო!
მთელი ქალაქი შემომატარეს, ჰაერში მისროდნენ და აღტაცებულები გაჰკიოდნენ, პაოლა შორიდან უხერხულად მიღიმოდა
სინიორ მონტერინიც მოვიდა და თავისი ქალიშვილის ხელი შემომთავაზა.
-სამწუხაროა, სინიორ დე ლა პენია, ძალიან სამწუხარო, რომ ჩვენს შორის ასეთი გაუგებრობა მოხდა, მახსოვს, სამი წლის წინ ქურდობის ბრალდებით დუქნიდან გაგაგდეთ, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ თქვენ ამის გამკეთებელი არ იქნებოდით, მიიღეთ ჩემი ბოდიში და ინებეთ პაოლას ხელიც.
ახმახი ანტონიოს მხრებზე ვიჯექი და იქიდან ჩამოვხედე ალბერტო მონტერინის.
-ჰო, ძალიან ცუდია ალბერტო, ცუდია, ის, რომ შენი ოჯახისთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია, სანაცვლოდ კი მხოლოდ შეურაცხყოფა მივიღე. პაოლა, გახსოვს რა მითხარი დღეს? მოდი აქ და გაიმეორე!
ერთიანად ალმურავარდნილი პაოლა მოვიდა და თავი დახარა.
-უთხარი ამ ხალხს, რა მიწოდე დღეს, როდესაც სიყვარულში გამოგიტყდი!
-მე ვთქვი.... ძალიან მორიდებული ხარ მეთქი.
-არა, ასე არ გითქვამს, ზუსტად გაიმეორე ის სიტყვა!
-გთხოვ, ენრიკო..
-გაიმეორე!
-უფერული, ვთქვი, რომ უფერული იყავი, მაგრამ ახლა ვნანობ, მაპატიე, ენრიკო.
-გაიგონეთ? - მივმართე ხალხს - გაიგონეთ რა თქვა?
ხალხში უკმაყოფილების შეძახილები გაისმა.
-სულელი დედაკაცი!
-ენრიკო და უფერული?
-შენ გულთან არ მიიტანო იმპერატორო, თუ ცოლად მოიყვან, გექნება დრო, პასუხი აგებინო მაგ სიტყვებისათვის.
ცოლად მოყვანაო! რასაკვირველია, ეს მოხდება, მაგრამ განსხვავებული პირობებით, ბოლოსა და ბოლოს, მე ის აღარა ვარ, რაც ადრე ვიყავი, უფრო სწორედ, ადრეც ასეთი ვიყავი, მაგრამ შენი შესაძლებლობები რომ ხალხს აჩვენო, ამისათვის დრო უნდა დადგეს, მაკედონელისათვის ეს დრო ადრე დადგა, კეისრისთვის მოგვიანებით, ნაპოლეონისთვის სადღაც შუაში, ჩემთვისაც დადგა და ახლა სხვა პირობებია, რომელიც ყველამ უნდა მიიღოს, არამხოლოდ პაოლამ.
არა, რა თქმა უნდა, მხოლოდ პაოლამ არა! რობერტო პარლატიმ, ანდრეა პალომინომ, მათმა ცოლებმა, სინიორა ტენტონიმაც, და საერთოდ მონტეფერანოში ყველა სინიორამ და სინიორინამ, ყველამ ჩემი პირობა უნდა მიიღოს, პაოლა ჩემი ცოლი იქნება, რომელსაც არაფრით არ შეუძლია დღეში ცხრაჯერ გახდეს დედა, მე კი სალინის ვაჯობე, რომელიც დღეში ცხრაჯერ მამა ხდებოდა. უბრალო არითმეტიკაა, სხვა ხომ არაფერი?
ხალხმა უკვე სამი წრე შემომატარეს ქალაქს, საშინელი დაღლილობა ვიგრძენი.
-დამსვით მიწაზე - ვთქვი - თავბრუ დამეხვა ამდენი ყიალით.
მიწაზე ჩამომსვეს, მაგრამ თავი უკეთ ვერ ვიგრძენი.
-წყალი - ამოვიხრიალე - წყალი დამასხით, ცუდად ვარ, დალახვროს ეშმაკმა!
მთელი სათლი დამაცალეს სახეზე და ერთბაშად უკეთ გავხდი. თვალი რომ გავახილე, შევნიშნე, რომ ჩემს გარშემო მხოლოდ რამდენიმე კაცი ირეოდა, დანარჩენები სადღაც წასულიყვნენ.
პაოლა მონტერინი, დონა როზეტა, დონ გაბიძო და ქალაქის თავი, ანსელმო პალეარი იდგნენ ჩემს წინ და მიყურებდნენ.
და რაც ყველაზე საოცარი იყო, მათ გვერდით იდგა ჯუზეპე სალინი.
-ჩემი ბრალია ყველაფერი - თქვა პაოლამ - სად ეშმაკებიდან მოვიტანე ეს სიტყვა „უფერული?“
-არა - თქვა დონა როზეტამ - მე ავურიე ტვინი - ვუთხარი, რომ თუ სურდა პაოლას გული მოეგო, თავზე ხელი უნდა აეღო და აკი აიღო კიდეც! ეტყობა ამიტომ გადაწყვიტა ჯუზეპესთან ჩხუბი.
-მაინც ვერაფერი გავიგე - თქვა ანსელმომ - ერთმანეთში იჩხუბეთ?
-მსგავსიც კი არაფერი ყოფილა - უპასუხა სალინიმ, მაგრამ პასუხზე მეტად მისი ხმის ტემბრმა გამაოცა - მტკიცედ ლაპარაკობდა და სულ არ ჰგავდა წვნიანით მოთხვრილ მხედარს.
-მაშ რაღა მოხდა?
-ხუთშაბათობით დონ გაბიძოსთნ წვნიანს გეახლებით ხოლმე, ახლაც ასე იყო, ვიჯექი ჩემთვის და ვჭამდი, ეს კაცი, რომელიც აქამდე თვალით არასოდეს მინახავს, შემოვიდა და თავზე დამადგა, ეტყობა მიცნობდა, რაღაი სახელით მომმართა.
-შემდეგ?
-თავი ავიღე და შევხედე, დონ გაბიძო დამემოწმება, რომ სხვა არაფერი მიქნია, მაგრამ უეცრად მოცელილივით დაეცა იატაკზე. ღონეს არ ვუჩივი, სინიორ ანსელმო, არც მე და არც დონ გაბიძო, მაგრამ დიდი წვალება დაგვჭირდა, სანამ გარეთ, სუფთა ჰაერზე გავათრევდით, მთლიანად მოწყვეტილი იყო. დონ გაბიძოს ყვირილზე შემდეგ თქვენც მოხვედით.
პაოლას შევხედე, თანაგრძნობით მიცქერდა და თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. ჩემსკენ დაიხარა.
-მე... ვიფიქრებ ენრიკო... სამი დღის შემდეგ მნახე და... პასუხსაც გეტყვი... შენ ნამდვილად არ ხარ ისეთი, როგორიც მეგონე...
საინტერესოა, საით უნდა წახვიდე, დასავლეთით თუ აღმოსავლეთით, როდესაც ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი ლაჩარი და ამავე დროს, ჯუზეპე სალინიზე უარესი ნაძირალა ყოფილხარ?
პაოლას თვალი მოვარიდე და სალინის მივუბრუნდი.
-შეგიძლიათ ერთი სამსახური კიდევ გამიწიოთ?
-რასაკვირველია, ბრძანეთ.
-ცოტა ხნით აქ დამელოდეთ.
-ბატონი ბრძანდებით.
სახლში წავედი, ცხენი შევკაზმე და ისევ დუქანში დავბრუნდი. იქ მარტო დონ გაბიძო და ჯუზეპე სალინი დამიხვდნენ.
-დონ გაბიძო, ცხელი წვნიანი, ტომატითა და ნიახურით.
სალინი გაკვირვებული მიცქერდა, მაგრამ მე ხმას არ ვიღებდი. როდესაც წვნიანი მოიტანეს, თეფშს ხელი ვტაცე, თავი დავაქნიე და შიგ ჩავყავი, შემდეგ ასე მოთხვრილი გამოვედი გარეთ, ცხენზე შევჯექი და გავქუსლე. საით, მე თვითონაც არ ვიცოდი, მხოლოდ მონტეფერანოში არასოდეს დავბრუნდებოდი.
რაც მთავარია, ტომატი და ნიახური მესვა სახეზე და უფერული ნამდვილად აღარ მეთქმოდა.
რძიანი გზა
თანახმად პროგრესისა, განვითარებისა და თანასწოობისა, მე და ჩემმა საცოლემ, ქორწინების წინ ლიბერალური დემოკრატიის დროშას ვტაცეთ ხელი და გამოკვლევებზე წავედით ექიმთან.
-მამაკაცთა 7%-ს აწუხებს უშვილობა - თქვა ექიმმა - ასევე წყვილთა შორის უშვილობის 40-50% მამაკაცის მიზეზითაა, ამიტომაც ყველაფერი საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს.
მიხვედრა იმისა, რომ ეს ექიმი ქალი იყო, ადვილი საქმეა, მითუმეტეს რომ თამარი ერქვა და კაბაც ეცვა.
ქორწინება გვარიანი საქმეა, გაცემულ რჩევა-დარიგებებში მისკენ მოწოდებაც საპატიო პირველ ადგილს იკავებს. მაინც, ამ ყველაფერს კაცები ზომიერად მძიმედ ვუყურებთ.
გამოკვლევებზე წასვლა კი სულ არ გამოდგა ადვილი საქმე! კიბეებზე ამავალმა ფეხებში სიცივე ვიგრძენი, წუწურაქობისათვის დავწყევლე კლინიკის დირექტორი მამია კალანდაძე, რომელმაც მოაჯირებში ფულის დაზოგვა გადაწყვიტა, რის ვაივაგლახით ავიარე ორი სართული და მოსაცდელში სკამზე დავეთხლიშე. ეკას რომ შევხედე, ისიც ნერვიულობდა.
დერეფანში კიდევ ერთი წყვილი იყო. ჩანდა, ისინიც შვილიერების გამოსაკვლვად მოსულიყვნენ, ერთმანეთს გამოველაპარაკეთ, ნათელი და სასიამოვნო ღიმილი ჰქონდათ.
ეკა ლამაზი გოგოა, ჩემი კალიბრის კაცისთვის ალბათ ორჯერ ლამაზიც, მაგრამ მოპირდაპირე მხარეს ნამდვილი ვენერა მილოსელი აღმოჩნდა. ბიჭიც ალბათ 7.31-ჯერ მჯობდა.
თმებს თუ დავივარცხნიდი, ეს მაჩვენებელი შესაძლოა 6.54-ზე ჩამოსულიყო, ნაკლებზე არაფრით.
მხრები ავიჩეჩე და დერეფანს გავხედე, სამყაროში უამრავი ლამაზი ადამიანია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, საერთოდ არაფერს, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში.
მინახავს შეუხედავი ხალხი, ძალიან შეუხედავები, უგემოვნო და უპასუხისმგებლოც, მაგრამ ისეთი ბედნიერი, ხალისიანი კისკისით, რომ ალბათ მიაგნეს იმას, რისი პოვნაც არც ისე ადვილია.
სამედიცინო პროცედურებმა, ასევე შესანიშნავმა და დიდებულმა სადაზღვევო ბიუროკრატიამ კიდევ რამდენჯერმე შეგვახვედრა ერთმანეთს, რამაც ჩვენს დაახლოებას ხელი შეუწყო. ელენე და ეკა ერთმანეთს „გოგოთი“ მიმართავდნენ.
-ხვედელიძე, იორდანიდი! - დაიძახეს ექიმის კაბინეტიდან.
-იორდანიდი ვინაა? - წავჩურჩულე ეკას.
--ელენე ბერძენია, მხოლოდ არც ბერძნული იცის და არც საბერძნეთი უნახავს ოდესმე.
-ხვედელიძე ის ბიჭია?
-ასე გამოდის, და რა ნახე საოცარი?
-ხვედელიძეები იმერლები არიან.
-კი, იმერლები, მეც იმერელი ვარ, მერე რა?
-ბერძნებზე შურისძიება კოლხების საქმეა, იმერლები რა შუაში ხართ?
-რა კოლხები, რა შურისძიება?
-ოქროს საწმისი ბერძნებმა კოლხებს აღლიტეს, მედეაც მათ გაიტაცეს, ამიტომაც, მათზე შურისძიების თვალსაზრისით, ბერძენ ქალებზე მეგრელებმა იქორწინონ, იმერლები ნუ ეცილებით.
-სად ცოლ-ქმრობა და სად შურისძიება? მაგრამ მე ვიცი რასაც გულისხმობ და მინდა გითხრა, რომ ნამდვილი კახელი ვირი ხარ!
ეკას უნდოდა აღშოთებულიყო, მაგრამ ამ დროს კარი გაიღო და იქიდან ჩვენი ახალი ნაცნობები გამოვიდნენ, მდუმარედ მოაბიჯებდნენ, ჩანდა რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა, ბიჭი შეძრული იყო, ქალი - განადგურებული, სახე გაფითრებოდა და რაღაც ფურცელს ხელში უღონოდ ატრიალებდა, ეკასთან მივიდა და აკანკალებული ხელი გაუწოდა.
-ღმერთს ვთხოვ, რომ დედამიწაზე არცერთმა ქალმა გამოსცადოს, რაც აქ წერია - ხმა უთრთოდა - ღმერთო, იქნებ ისე ქნა, რომ ელენე იორდანიდი იყოს ბოლო ქალი, ვისაც ამას ეტყვიან.
ეკამ სცადა დაემშვიდებინა.
-არა, არა! - გააპროტესტა ელენემ - აი, აქ, ამ ფურცელზე სამედიცინო ენით წერია, რომ მე დედა ვერასოდეს გავხდები - შემდეგ უმწეოდ გაასავსავა ხელები - ეს ალბათ დასასრულია.
ვუყურებდი დერეფანში მიმავალ უბედურ წყვილს, ბიჭს ხელკავით მიჰყავდა ქალი, ისინი კეთილშობილები იყვნენ და ლამაზები, მაგრამ აი ახლა ამას არაფერი ფასი არ ჰქონდა.
-ზაკალაშვილი, ბაციკაძე! - გაისმა ექიმის ხმა.
XXX
საერთოდ, რომელი სჯობს ნეტავ, მჭმუნვარე უროლოგის დანახვა თუ განრისხებული გენერალ-ფელდმარშლის? ალბათ უფრო გემოვნების ამბავია. როდესაც იულიუს კეისარს ჰკითხეს, როგორი სიკვდილი გირჩევნიაო, მოულოდნელიო, არც კი დაფიქრდა, ისე უპასუხა. მის საპირისპიროდ, მერმეცა იპოოს ხალხი, რომელმან სიცოცხლე შეიმკოს, თუნდაც ეს სიცოცხლე რამდენიმე წლიანი გაძაღლებული ყოფა იყოს.
-რეფერალურ საზღვრებთან მნიშვნელოვანი აცილებით, ჰიპოკინეზისი, აკინეზისი, დისკინეზისი, და ნორმოკინეზისი - ამბობს ექიმი გიორგი ჭეიშვილი და ისევ იჭმუხნება.
ჭეიშვილებიც იმერლები არიან.
-ერთი კითხვა, თუ შეიძლება - ჩავეჩარე უშნოდ.
-ბრძანეთ.
-აკინეზისი, დისკინეზისი და ნორმოკინეზისი, გასაგებია, რომ ანბანურადაა დალაგებული, მაგრამ ჰიპოკინეზისი მათ წინ რატომაა? არც ლათინურ და არც ქართულ ანბანში „ჰ“ ასო „ა“-ზე წინ არაა.
სათვალე ჩამოიწია და დაკვირვებით შემომხედა, მეც თვალი გავუსწორე, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მაგრად ვაფრენდი და მხრები აიჩეჩა.
-რიგითობაზე მნიშვნელოვანი მათი თანაფარდობა მგონია, არ მეთანხმებით?
ვეცადე, რაც შეიძლება ენერგიულად დამექნია თავი, რომ ამით ჩემი მისადმი პატივისცემა გამომეხატა.
ფურცელი აიღო და რაღაცის წერას შეუდგა, მერე ეს ფურცელი გამომიწოდა.
-მიმართვა დაგიწერეთ, დამატებითი კვლევებია საჭირო, FSH, LH, ჰორმონალური სპექტრი, ექოსკოპია, ამ ყველაფერს ჩაიტარებთ და მოიტანთ, რაც შეგეხებათ თქვენ, ქალბატონო ეკა, სრულიად ჯანმრთელი ბრძანდებით.
XXX
დერეფანში გამოვედით, სკამზე ჩამოვჯექი, ერთ ხელში ანალიზები დავიკავე, მეორეთი გუგლი გავხსენი ტელეფონში.
აშკარად ემჩნეოდა, რომ საქმე არც ისე კარგად იყო, ჩემი ტესტის შედეგები ნორმას თითქმის ყველგან სცდებოდა.
-ეს გასაგებია, მაგრამ ვნახოთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი! - ვთქვი ჩემთვის-მართალია, განაყოფიერებისათვის საჭირო ჰორმონები ზომაზე ბევრჯერ მცირე მაქვს, მაგრამ კვერცხუჯრედს მაინც ერთი სპერმატოზოიდი ანაყოფიერებს და ორასიათასში ერთი იქნება თუ ორას მილიონში, რა მნიშვნელობა აქვს?
იქვე, დერეფანშივე დავიწყე რაღაცეების კითხვა, ეკას ვეღარც ვამჩნევდი. აღმოჩნდა, რომ სწორ გზაზე ვიდექი, საერთო რაოდენობაზე გაცილებით დიდი მნიშვნელობა ჰქონია პროგრესულად მოძრავი სპერმატოზოიდების პროცენტულ წილს. ანუ, ეს ის ხალხია, თავქუდმოგლეჯილი რომ გარბიან, გინდა თუ არა, მე უნდა შევაღწიო შიგნითო. ერთი, ყველაზე ძლიერი დანარჩენებს აჯობებს და ბავშვიც ჩაისახება. ეს თავქუდმოგლეჯილი სპერმატოზოიდები საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი უნდა იყოს საერთო წილში. რაც მეტი, მით უკეთესი. ჰაჰაჰა, კონკურენცია მუშაობს აქაც - გავმხიარულდი ცოტა - კაპიტალიზმი აქაც ჯაბნის სოციალიზმს, ახლა ვნახოთ, მე რამდენი მაქვს ეს „პროგრესულად მოძრავი სპერმატოზოიდები“.
სამჯერ მაინც ჩავხედე, ხომ არაფერი მეშლება მეთქი. არა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ცხადი იყო, რეფერალური საზღვრების გრაფა - 50-100%, ხოლო ჩემი შედეგების გასწვივ ნოლიანი ეწერა.
ექიმის კონსულტაციის ფურცელი გავშალე, ეგებ იქ რამე სანუგეშო ყოფილიყო, „ოლიგოზოოსპერმია“- მამაკაცის უშვილობა“. ფეხებში სიცივე ვიგრძენი.
ვერ დავემსგავსე პაპაჩემს, მირონა ზაკალაშვილს, რკინის კაცი იყო, რკინის, ნამდვილი სტალინი, მხოლოდ ერთხელ აჩვენა სისუსტე, ბიძაჩემი რომ აფხაზეთის ომიდან დაჭრილი ჩამოიყვანეს.
თემურა ისე იყო დასახიჩრებული, რომ პაპამ თავიდან ვერც იცნო, ბოლოს მიხვდა რაში იყო საქმე, ვაიმე შვილოო, გულზე ხელი იტაცა და იატაკზე დაეცა.
-მე მაპატიეთ, მე მაპატიეთ, კახელი კაცი ვარ, ეს როგორ მომივიდაო - ებოდიშებოდა ექთნებს, რომლებმაც მოასულიერეს.
ბიძაჩემი გადარჩა და ეს ამბავი სასაცილოდ გავიხადეთ.
-მე მაპატიეთ, კახელი კაცი ვარ, ეს რა მამივიდაო - იტყოდა ხოლმე ბიძაჩემი, წალამზე დადებულ მწვადს თუ ცეცხლი აეკიდებოდა.
-მაშ, კახელ კაც ეგ ეკადრებაო? - ვამატებდი მეც და ნაკვერჩხალზე მარილწყალს ვასხამდი.
-არაუშავს შვილო, ქართლა და კახეთს რა ჭკუა აქვს, ყველას შეიძლება დაემართოს.
-ამისმა კახელობამ მომკლა - მომესმა ძალიან ნაცნობი და საყვარელი ხმა - გადაბმულად ერთი კვირა მაინც იყოს იქ ნამყოფი.
თვალი გავახილე და რას ვხედავ? თავს ექიმები მახვევიან, ზოგი წყალს მასხავს, ზოგი საფეთქელს მიზელს, ზოგსაც თავი უჭირავს, რომ კისერი არ მომტყდეს.
-არ დაიწყო ახლა კახელი კაცი ვარ და ეს რა მომივიდაო - მითხრა ეკამ - უკვე ოცდაცხრაჯერ თქვი.
გარეთ გამოვედით.
-ხელი მაინც ვერ შემომაშველე? - ვუსაყვედურე.
-ვერ მოვასწარი, ანალიზებს ჩაჰყურებდი და უცებ სკამიდან ჩაცურდი, მიშველეთო დავიძახე და ექთნებიც მოვიდნენ.
XXX
ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია ეკა. არც დაფიქრებულა, ისე შემომთავაზა, ახლავე წავიდეთ და ჯვარი დავიწეროთ, მე მიყვარხარ და ყველაფრისთვის მზად ვარო, მაგრამ უკანასკნელი ნაძირალა უნდა ვყოფილიყავი, მისი აღტყინებით რომ მესარგებლა.
-ჩემი წინაადება ასეთია! - დავიწყე რიხით - თექვსმეტი დღე ერთმანეთს არ ვხვდებით, დიახ, თექვსმეტი დღე, ეს საკმარისი დროა დავიცალოთ იმ შთაბეჭდილებებისაგან, რასაც შეხვედრისას ვუზიარებთ ერთმანეთს. ვადის გასვლის შემდეგ, ასე ვთქვათ, ნამარხულევზე მიღებული გადაწყვეტილება იქნება ერთდროულად რაციონალურიც, ტრანსცენდენტურიც და იმანენტურიც.
სადღაც წავიკითხე, განშორებისას ორი კვირის განმავლობაში კაცი მეცხრე ცაზეა, ქალი კი დეპრესიაში, შემდეგ კი ყველაფერი პირიქით ხდებაო. მეც ასე ვიანგარიშე, ორ კვირაში თუ გადაუარა გრძნობებმა, ორ კვირაში...
ეჰ, დაე მოხდეს, რაც მოსახდენია.
XXX
თექვსმეტი დღე სრულ გაურკვევლობაში გავატარე, ერთი მხრივ, ეკას ჩემთან ყოფნა მსურდა, მეორეს მხრივ ვერ დავუშვებდი, რომ ჩემისთანა უნაყოფო კაცისთვის დაეკავშირებინა ცხოვრება, ბოლოს გადავწყვიტე, თუ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მოისურვებს ჩემთან ცხოვრებას, არ შევეწინააღმდეგებოდი.
მაგრამ კობამ რომ დამირეკა, უკვე ყველაფერს მივხვდი. მაინც გადავწყვიტე, მენახა.
კობა ეკას ძმაა, საუბარს ყოველთვის პოლიტიკით იწყებს, ნახა ტრამპმა რა თქვა? ხედავ, რა ხდება ამერიკაში? ნავთობის ფასებს თუ ადევნებ თვალს? განსაკუთრებით უყვარს გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტების ციტირება - კობა პრორუსია! საუბარში ხშირად ურთავს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა; „ცოტა იაზროვნეთ“, „ლოგიკა არ გაქვთ“, „ისტორია წაიკითხეთ“. და ა.შ.
ახლაც აპირებდა, გუშინდელ გადაცემას თუ უყურეო, რუსეთი მართლმადიდებელიაო თუ რაღაც მსგავსის ბოდიალს, მაგრამ ძალიან უხეშად გავაწყვეტინე.
-რუსეთის დედაც მოვტყან, შენ ის მითხარი, რისთვის შემხვდი?
რასაკვირველია, ძალიან რთულია რუსეთიდან პირდაპირ ეკაზე გადასვლა, მაგრამ კობა ხომ გენიოსია და მე მისი იმედი მქონდა.
ნამდვილი გენიოსობაა, ერთდროულად აფხაზეთიდან დევნილი და თან პრორუსი იყო.
-შენი ამბავი გავიგე - დაიწყო ენერგიულად - ძნელია ძმაო, ძნელი, მტერს არ ვუსურვებ, მტერს, და შენ როგორ გისურვო? ან ჩემს დას როგორ ვუსურვო? მითხარი, ჩემს ადგილას შენ რას იზამდი?
ასე მარტივად და უპრობლემოდ, ერთ წინადადებაში გადავიდა ძირითად სათქმელზე, თან კითხვა აქეთ დამისვა! ჭეშმარიტად გენიოსია კობა, მაგრამ მე კახელი კაცი ვარ და მაშასადამე, პირდაპირი.
-შენს ადგილას აქ საერთოდ არ მოვიდოდი, მე ეკას პასუხი მაინტერესებს, მასზე ვაპირებ დაქორწინებას და არა შენზე.
მიხვდა, რომ მართალს ვეუბნებოდი, ცოტა ხანს ადგილზე იწრიალა, ტელეფონს ჩასცქეროდა, მერე მითხრა, დამელოდე, მოვალო, ხუთ წუთს დამპირდა და საათნახევარი დასჭირდა. ბოლოს ეკაც გამოჩნდა, კობამაც დააპირა მოსვლა, მაგრამ კახური დელიკატურობით ავუხსენი, რომ მიუხედავად პრორუსობისა, შეყვარებულების საქმეში ჩარევის უფლება არ ჰქონდა.
საცოდავი ეკა ათი წლით მაინც დაბერებულიყო, თუმცა კი ცდილობდა თავი მხნედ დაეჭირა.
-მაპატიე კობას გამო, არც ვიცოდი, თუ შეგხვდებოდა.
ხელი ვტაცე და ლამის მთელი ხმით ვიბღავლე.
-კობას თავი გაანებე, ის მითხარი, განშორების შესახებ გადაწყვეტილბა შენია თუ...
-გგონია, სხვისი გადაწყვეტილებით მიგატოვებდი? - მკითხა სევდანარევი ღიმილით.
ხელი გავუშვი. რამხელა შეღავათია, საკუთარი გადწყვეტილებით თუ გკრავენ პანღურს და არა ოჯახის წევრების დახმარებით.
-გრძნობები ჩაქრება, დარჩება მოცემულობები - განაგრძო გაუბედავად - დრო გავა, დავბერდებით, ვერავინ გაუძლებს იმ აზრს, რომ სიყვარულის გამო... - აქ ის ცოტახანს შეჩერდა - სხვისი სიყვარულის გამო საკუთარ მომავალზე თქვა უარი, ერთადერთი შანსი, რომ მე შენ ისევ მიყვარდე, ესაა განშორება.
რაც უნდა იყოს, გულზე ლოდი მომეხსნა, სხვის უბედურებაში მაინც არ მივიღებ მონაწილეობას, იქიდან მომავალს ცოტა იმაზე დამწყდა გული, ამდენი ხანი ქალს რომ მიატოვებ, ეგებ რა ზეწოლაში იყო, მე კი მის გვერდით არ ვიყავი, ვინ იცის როგორ სჭირდებოდა გამხნევება? ამაზე ფიქრმა ისე ამაფორიაქა, რომ კინაღამ უკან მივტრიალდი, მაგრამ მერე გამახსენდა გრაფაში არსებული ნოლიანი.
ერთი მაინც ყოფილიყო, ან ნული მთელი ერთი.
რაც შეეხება ქალებს, ნამდვილად თავიანი ხალხია, ცხოვრების ავანჩავანი იციან, კაცებისაგან განსხვავებით.
ბაბუაჩემმა (იმ ლეგენდარულმა პაპამ არა, მეორემ) ბებიაჩემი პირველად პაემანზე რომ დაპატიჟა, პოეზიით აღივსო, თავზე ცილინდრი დაიხურა და ამერიკულ ჯაზზე სასაუბროდ მოემზადა. დრამატურგს, რეჟისორსა და ხელოვანს პაემანიც შესაფერისი ეკადრებოდა, იქვე კაფეში შესვლა შესთავაზა, რაზედაც ბებიამ საკმაოდ გულუბრყვილოდ განაცხადა, იქ რა გვინდაო.
-ყავას დავლევთ, ნამცხვარს შევჭამთ ... - იყო პასუხი.
-რაკი ჭამაა, აქვე ვჭამოთო - გახსნა ბებიამ ჩანთა და იქიდან ერთი ცალი მრგვალად მოხარშული დედალი და ორი ცალი გრძლად გამომცხვარი შოთი ამოაცოცა.
სახტად დარჩენილი ბაბუაჩემი მორიგეობით მისჩერებოდა ხან დედალს და ხან ბებიას, ბოლოს გაიმარჯვა ქართველობამ, სწრაფად გადაწყვიტა, რომ ამ უცნაური მოვლენის შინაარსში ჩაღრმავება ყოველთვის მოესწრებოდა, ქათამი კი შეიძლება გაფუჭებულიყო, ჩვეული კეთილსინდისიერებითა და მადით ძვლებამდე გამოხრა დედალი და სახლშიც დიდად გაოცებული დაბრუნდა. თავის ძმას მოუყვა ეს ამბავი, თან დააყოლა, თუ კაცი ხარ, არ გამთქვაო. იმან, როგორც ჭეშმარიტ მესაიდუმლეს შეეფერებოდა, ბევრი იცინა და მთელს სანათესაოს მოსდო.
-ეგ ქალი შენ გაცხოვრებს და დაგასახლებსო - თქვეს სანათესაოს უხუცესმა ქალებმა.
ბაბუას ხუმრობა ყველაფერს ერჩივნა, ამიტომ ხშირად იტყოდა, ადამი გველმა დაღუპა და მე კიდევ ქათამმა, თავი არ გამომეყოფა არსადო.
რა თქმა უნდა, ეკას ეს გადაწყვეტილება პრაქტიკული თვალსაზრისით შესანიშნავია ყოველმხრივ, ბოლოსა და ბოლოს, ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის დანიშნულება ამ ცოდვილ დედამიწაზე შთამომავლობის გაგრძელებაა. ვინც ამ კანონს ანგარიშს არ გაუწევს, ბუნება თუ ღმერთი სასტიკად იძიებს შურს. რასაკვირველია, ჩემი და ეკას ცოლქმრობა რამდენიმე წელიწადში აუტანელი გახდებოდა.
მაგრამ ადამიანი ხომ მაინც სხვაა, ცოტათი სხვა, თუკი მთავარ საქმედ გამრავლებას დავასახელებთ, ჭიანჭველების პოპულაცია ჩვენზე წინ დადგება, ანდაც ლონდონელი ჰულეჰანების დედა უფრო მაგარი ვინმე გამოვა, ვიდრე გოეთეს, ან შექსპირის დედა.
ამასთან დაკავშრებით აზრი ვკითხე დეიდაჩემს. არა იმიტომ, რომ დეიდების აზრი ძალიან მაინტერესებს, უბრალოდ, ერთადერთი მათემატიკოსია ჩემს ახლო გარემოცვაში, ეს ამბავი რომ ჩემს თავს ხდებოდა, ეს ცხადია, არ მითქვამს.
-რას იტყვიან ამაზე ციფრები, აჰ ეს უტყუარი ციფრები!
ცოტას დაფიქრდა, შემდეგ კი მკითხა.
-რაჭული ვიჩინა ჩამოიტანა ჯუმბერიკამ, შეგიწვა თუ მოგიხარშო?
-ჯერ მოხარშე და შემდეგ შეწვი, ზედაც კვერცხი დაახალე, ღვინო გაქვს?
-სადმელის ხვანჭკარა მაჩუქა რაინდუკამ.
-მოიტა, მოიტა.
კახეთში იტყვიან, შავნაწილდეთო, გაძღომის წინარე სტადიას რომ მიაღწევენ, აი, მეც რომ შავნაწილდი, ჩემი კითხვა გავიმეორე. დალი ისევ დაფიქრდა.
-მეეჭვება, აქ რიცხვები რამეში დაგვეხმარონ, რას მოგვცემ თუნდაც ის, რომ ნულის ნულთან შეფარდება იგივეა, რაც ერთისა ნულთან, ასევე ნამრავლიც?
თუ ოდესმე კახელობას რამეში გავცვლი, ეს რაჭველობაა, არა იმიტომ, რომ დედა მყავს რაჭველი, უბრალოდ ვიჩინაზე ვგიჟდები.
-სადაც ნული გაერევა, იქ თვლადი და სასრული სიდიდეები მთავრდება, იწყება სიცარიელე და...
-უსასრულობა - ვთქვი და წითელ ტყემალში ამოვლებული მსუქანი ნაჭერი გავაღლაჭუნე.
-განუსაზღვრელობა! - თქვა დალიმ უკმაყოფილოდ - სვი შენ მაგდენი და ცოტა ხანში აბცისა და ორდინატა აგერევა ერთმანეთში.
შეიძლება მკითხოთ, რაღა ვიჩინა, როდესაც ხვანჭკარა არსებობსო. კი ბატონო, უგემრიელესია ხვანჭკარა, მაგრამ ცოტათი მოტკბო გემო აქვს და კახელობაში ვერაფრით გავცვლი.
იმდენი ვჭამე, რომ ახლა ფილოსოფიაზე დაფიქრება დანაშაული იქნებოდა, მაგრამ მე გამოსავალი მაინც მოვნახე. მიუხედავად უსასრულობასა და განუსაზღვრელობას შორის არსებული იდეურ-შინაარსობრივი სხვაობისა, ნულიდან ერთამდე მაინც იგივე მანძილია, რაც ერთიდან უსასრულობამდე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რამდენი ნოლი დაეტევა ერთში?
მართალია, უსასრულოდ ბევრი.
ასეა აქაც, დემოგრაფიის დიქტატის პირობებში, უსასრულოდ ბევრი ჩემისთანა კაცი იმის ფეხის ფრჩხილად არ ღირს, ვისაც ერთი პატარა დათუნჩა დაუბაჯბაჯებს სახლში.
XXX
ლუდის ბარში შევედი, ბარმენი ჩემი ძმაკაცია, ადრე ავტოშემკეთებელი იყო, მერე რაღაც შარში გაეხვა, სექსუალური შევიწროების ბრალდებით ცოტა ხანს ციხეშიც ბრძანდებოდა, საიდანაც მონდომებით ამტკიცებდა, ნაკანეჩნიკსა და სტუპიცის პაჩებნიკს წამოვკარი ფეხი, თავი ვერ შევიმაგრე და ასე აღმოჩნდა ჩემი პატიოსანი ხელი მის სიმრგვალით აღსავსე უკანალზეო. მოსამართლემ დაუჯერა, ნაცნობ-მეგობრებმა არა. მხოლოდ მე ვერ წარმოვიდგინე ვერაფრით, რომ მაგისთანა დოყლაპია გოგოს ხელის მოფათურებას გაუბედავდა.
მისი სიმამაცის მიმართ ჩემს უნდობლობას ძალიან აფასებს და როდესაც ვამბობ, შეუძლებელია შენისთანა გამოსირებულმა ასეთი სითავხედე შეძლოსო, სიხარულით თვალები უბრწყინავს. გაუფილტრავ პაულანერს დამიდგამს წინ და ეს ჩემი ხარჯითო, დააყოლებს.
ახლაც, ჩემი დანახვა ისე გაუხარდა თითქოს ორი დღის წინ მის თვალწინ არ გავლეშილიყავი.
-ლუდი, შტროხი, ვისკი, რის ხასიათზე ბრძანდება დიდი აუდიტორ-ფინანსისტი?
-იცოდე, თუ დაგიმტკიცე, რომ ჩემთვის ნაჩუქარ ლუდს მერე მომხმარებლებს უტეხავ, ცუდად წავა შენი საქმე. ვისკი დამისხი, ჯეიმსონი, რაო შენმა უფროსმა, გიპოვა დანაკლისი? თუმცა რას გიპოვნიდა ეგ უსაქმური? შენც კაი ჟულიკი ვინმე ხარ. ჰაი დედასა, აბა მე მომანდოს ეგ საქმე, გაჩვენებდი სეირს, შე უნამუსო, ეს რა ჯეიმსონია, გლენფიდიხს ასხამ?
-გლენფიდიხი არ ჯობია?
-სად მაქვს მაგდენი ფული?
გულგრილად აიქნია ხელი.
-დალიე ბოლომდე, კიდევ იქნება, ბარის სპეციფიკას შენ ვერ გაიგებ, მეც გადავკრავ ცოტას, ხომ იცი, არ მიყვარს სამუშაო დროს დალევა, მაგრამ დღეს მკვდარი დღეა, ხუთშაბათი ბარებისთვის არ არსებობს, ყველა პარასკევისთვის ინახავს ფულსაც და ძალებსაც, ბარის მეპატრონეებს რომ ჰკითხო, ამ დღეს საერთოდ ამოიღებდნენ კვირიდან, დღეს არავინ მოვა, აი, ეს ერთი გოგო ზის მარტო მაგიდასთან, მეტი არავინ.
-კაი გოგოა?
-კი, ლამაზია ძალიან, უფრო სწორედ, ასეთი ლამაზი გოგო ფილმშიც არ მინახავს.
-მერე, რაღას ელოდები?
თავი გააქნია.
-არა, არ შეიძლება ... ხანდახან კაცები ადამიანებიც უნდა ვიყოთ.
-ერთი ამ ფილოსოფოსს დამიხედეთ, ღმერთი დაგსჯის ხომ?
მომეჩვენა, რომ ძალიან შეფიქრიანებული იყო.
-მესამე დღეა აქ მოდის ერთი და იგივე მაგიდასთან ჯდება. ერთ კათხა კრომბახერს იღებს და სვამს, ადრეც იყო რამდენჯერმე ვიღაც ბიჭთან ერთად, ვინ იცის, ეგებ მოკვდა კიდეც ის საწყალი, რას გაიგებ ... იმდენი ავტოსაგზაო შემთხვევაა ყოველდღე ... ეს გოგო სულ მთლად მომსპარი კია.
ვიკადრე და თავი მივატრიალე, კუთხეში, ორადგილიან მაგიდასთან ელენე იორდანიდი იჯდა და უაზროდ ჩასცქეროდა სანახევროდ დაცლილ ლუდის კათხას.
XXX
-მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით გიხსენებთ - ნაღვლიანად, მაგრამ მაინც კეთილგანწყობით გამიღიმა.
-ჩვენ ერთად ვიყავით შვილოსნობის ტესტზე იმ სამწუხარო დღეს, მანამდეც რამდენჯერმე შევხვდით.
თავში ხელი შემოირტყა.
-ამის დავიწყება შეიძლებოდა? მაგრამ ჯერ ბედნიერების, შემდეგ კი უბედურებისაგან ისე ვიყავი გაბრუებული, ვერ დაგიმახსოვრეთ.
-საქმროს დაშორდით?
კათხას სტაცა ხელი და ნამდვილი ლოთივით გადაკრა.
-ჰო, ასე მოითხოვა გარემოებამ.
ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა.
-თქვენი საცოლე სადღაა, ეკა, რა კარგი გოგოა.
-დავშორდით, ასე მოითხოვა გარემოებამ.
კიდევ უფრო დაუნაღვლიანდა თვალები.
-საცოდავი გოგო! მასეთები უშვილოები რატომ უნდა იყვნენ?
-ეკას არაფერი უშავს, მე აღმომაჩნდა პრობლემა.
გაკვირვებით დამაცქერდა.
-და ამის გამო დაგშორდათ?
-რა თქმა უნდა, თქვენ რა, სხვაგვარად მოიქცეოდით?
-დიახ, სხვაგვარად! - თქვა გაცხარებით - უფრო სწორად, არ ვიცი ... მაგრამ ეკასგან მაინც გამიკვირდა.
დეპრესიისა არაფერი გამეგება, მაგრამ შევატყვე, რომ საშინელ დღეში იყო.
-მომიყევით თქვენი ამბავი - ვთქვი და სავსე კათხა მივუჩოჩე - მართალია, მეგობრები არ ვართ, მაგრამ მსგავსი გასაჭირი გულახდილობას ხელს შეუწყობს.
თავიდან ყოყმანობდა, მაგრამ შემდეგ გამხნევდა.
-ბექა არაფრის გულისთვის მიმატოვებდა, მაგრამ ოჯახმა ძალა დაატანა, დედამისს ისედაც არ მოვწონდი ... - ცოტა ხანს შეჩერდა, შემდეგ კი აგდებით ჩაიქნია ხელი და განაგრძო - ჩემი უშვილობის მიზეზად ის გამოაცხადა, წარსულში ბევრ კაცთან იქნება ნამყოფიო. მამამისმაც, სიბერეს ნუ გამიმწარებ შვილო, შვილიშვილი ხომ მინდაო? მართალია, შვიდი უკვე მყავს, მაგრამ მერვეც მინდაო.
ეს ისეთი მიამიტი სახით თქვა, რომ თავი ვერ შევიკავე და სიცილი წამსკდა, ცუდი ის იყო, რომ ამ დროს ლუდი მქონდა მოყუდებული. თვითონაც გაეცინა.
-მე თითქმის ყველაფერზე ვიყავი თანახმა, სუროგატ დედაზე, ხელოვნურ განაყოფიერებაზე, იმაზეც კი, სადმე ბუნებრივად ჩაესახა შვილი, სხვის შვილსაც გავზრდიდი, როგორც საკუთარს... მაგრამ არაფერზე წამოვიდნენ, დედაჩემი ამბობდა ხოლმე, რატომ უნდა დაგვთანხმდნენ, როდესაც შეუძლიათ არ დაგვთანხმდნენო.
გადავწყვიტე გამემხნევებინა.
-არც ისე ცუდად მოხდა ყველაფერი, აბა წარმოიდგინეთ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც რომ შესულიყავით მაგათ ოჯახში...
-არ მიყვარს ეგ ტერმინი, მე ბექას მივყვებოდი ცოლად, ოჯახთან არაფერი მესაქმებოდა - ცივი წყალი გადამასხა.
ისევ სიჩუმე.
-გაგაცილებთ - ვუთხარი, როცა ბარიდან გამოვდიოდით.
-არაა საჭირო - მითხრა ყოყმანით.
-საჭირო არა, მაგრამ ხომ არ შეგაწუხებთ?
-შეწუხებით არა.
მდუმარედ მივდიოდით, ან კი რაზე უნდა გველაპარაკა? ერთადერთი ქალი, რომელთანაც სიტყვები საძებარი არ მიხდებოდა, ეკა იყო. ელენეს დღეს პირველად გამოველაპარაკე. ბექას ოჯახზე ჭორაობაც არ იქნებოდა საინტერესო ჩემი აზრით.
ხიდზე რომ გადავდიოდით, მომეჩვენა, რომ რაღაც უცნაურად იყურებოდა მდინარისკენ, ერთი ხანობა ეჭვიც გამიჩნდა, ნეტავ თავის მოკვლა ხომ არ გადაუწყვეტია მეთქი.
-აი, აქ ვცხოვრობ, მადლობა გაცილებისთვის, გამიხარდა თქვენთან შეხვედრა, ამ ერთფეროვან ცხოვრებაში რაღაც განსხვავებული რომ მოხდება, უკვე კარგია.
მთელი ცხოვრება ლუდის ბარებში გავატარე, არასოდეს მინახავს მარტო ქალი მაგიდასთან, ლუდის კათხით, ალბათ ქალებს სტრესის გაქარვების სხვა გზები აქვთ. ამიტომაც ელენეს თავს რაღაც ისე ვერაა, როგორც უნდა იყოს.
-სახლში ვისთან ერთად ცხოვრობთ? - ვკითხე მოურიდელად.
დაიბნა.
-მარტო ვარ.
-მშობლები?
-დედა ახლახანს გარდაიცვალა, მამა... არც მახსოვს, პატარა ვიყავი, რომ წავიდა.
-და-ძმა?
-დედისერთა ვარ.
-ნათესავები?
-მამის მხარეს არ ვიცნობ, დედის ნათესავებთანაც რაღაც ისე ვერ აეწყო ... დედას მძიმე ხასიათი ჰქონდა, უფრო სწორედ, მშვენიერი ხასიათი ჰქონდა, მაგრამ უკანონოდ გამაჩინა და ეს არ აპატიეს, ბოლოს ჩავადნილი იყო, მერე გარდაიცვალა. იმ სახლში ვერ გავჩერდი, გავყიდე და თქვენს ქალაქში ჩამოვედი, მერე ბექა გავიცანი, მაგრამ რატომ გიყვებით ამ ყველაფერს?
ღმერთო, სულ მარტო ყოფილა. არ ვიცი, თავს მოიკლავდა თუ არა, მაგრამ მე რომ ვერაფრით მივატოვებდი, ამას უკვე მივხვდი.
ორიგინალურ, მაგრამ ამავე დროს მარტივ ხერხს მივმართე.
-ელენე, შეგიძლიათ ერთი სამსახური გამიწიოთ?
შეკრთა.
-თუ რამით შევძლებ, რასაკვირველია.
რამე უნდა მომეფიქრებინა თანაც მალე.
-არ ვიცი როგორ გითხრათ, ასე ვთქვათ, საიდან დავიწყო.
დროს ვიგებდი, რომ ამ ჩემს ნაღრძობ ტვინში შესაფერისი იდეა მომსვლოდა.
ის კი აშკარად დაინტრიგდა.
-ისეთი რა უნდა იყოს, ასე რომ უხერხულობთ?
-შეიძლება ასე პირდაპირ არ უნდა ვამბობდე, მაგრამ - მოვიგე კიდევ რამდენიმე წამი - შეგიძლით გურიაში წამყვეთ, მომაკვდავ მამიდასთან?
არა, არა, ხანდახან ნამდვილი გენიოსი ვარ, მაინც საიდან მომაფიქრდა ახლა ეს? თანაც ასე უცებ.
-მამიდა უკანასკნელ დღეშია - განვარგძე დამაჯერებლად - მითხრა, ისე ნუ მომკლავ შვილო, შენი რჩეული არ მანახოო, ეკას წაყვანას ვაპირებდი, მაგრამ ხომ გესმით, ახლა ეს აღარ გამოვა.
ძალიან დაბნეული იყო, გაოცებული მიყურებდა.
-სიმართლე ვთქვა, ასეთ რაღაცას არაფრით ველოდი, არც ვიცი რა გიპასუხოთ.
-მამიდას ძალიან გაეხარდება, მშვიდად წავა საფლავში, - ხმაში ბზარი შევურიე - სულ მიმეორებდა, საუკეთესო გოგო უნდა მოიყვანო ცოლადო, რა მოხდება თუ სიკვდილის წინ ცოტას მოვატყუებთ, ვითომ ღმერთი ძალიან გაჯავრდება?
-პირიქით, მგონი კარგი საქმე გამოვა, ორი უშვილო, მიტოვებული ადამიანი რომ ვიღაცას აქეთ გაუწევს სამსახურს, მაგას რა სჯობია? - მგონი გულწრფელად გაიღიმა
-მაშ, შევთანხმდით?
-ასე იყოს.
-ხვალ დაგირეკავთ და მოგზაურობა დავგეგმოთ.
-მამიდასთან.
-მომაკვდავ მამიდასთან.
XXX
მამიდაჩემი ისეთ ჯანზეა, კონორ მაკ-გრეგორს გაუერთიანებს თავ-პირს. გურიაში სამ ჰექტარ მიწას მარტო ამუშავებს და ორი მეზობელი თუ არ „დააჩათლახა“, იმ დღეს დაკარგულად თვლის.
ახალგაზრდობაში პინფლოიდებსა და ლედზეპელინებს უსმენდა, რასაც პაპაჩემი, მირონა ზაკალაშვილი დიდად ეწინააღმდეგებოდა, მერე ეროვნულ მოძრაობაში წავიდა და ამაზე პაპა სულ გადაირია, ძმაკაცებმა ურჩიეს, დროა უკვე მის გათხოვებაზე იფიქრო, უღელს რომ დაიდგამს, მერე მიტინგებზე სასიარულო დრო აღარ ექნებაო. პაპაც დატრიალდა, კაი მშრომელი, ჩუმლაყელი ბიჭი იშოვა სასიძოდ, რომელიც გასვენებებში დოლზე უკრავდა, ეგეც შენი მუსიკაო, დააყოლა კმაყოფილმა. მაგრამ მამიდა სრულიად მოულოდნელად სამტრედიაში გათხოვდა. პაპამ: „აშუღი იყავ და აშუღად დარჩებიო“ შეუთვალა და ქორწილშიც არ წასულა.
მაგრამ როდესაც თამარამ ორი ქმარი ისე გაისტუმრა მიწაში, რომ არცერთს შვილი არ გაუჩინა, მირონა მის მიმართ პატივისცემით განიმსჭვალა. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, რამდენადაც სასიკვდილო სარეცელზე მყოფ პაპას მოსანახულებლად მისული მამიდასთვის მკვდარი და ცოცხალი არ უგინებია.
მეორე ქმრის დეიდამ გურიაში პატარა სამოსახლო დაუტოვა და მამიდა ახლა იქ ცხოვრობს, რამდენჯერაც უნდა ჩავიდე, სულ იმის გამო მლანძღავს, იშვიათად მნახულობო.
-აჰ, როგორ დაბერებულხარ მამიდა, რას იზამ წლებს თავისი მოაქვს - ვცდილობ საუბრის იქითკენ წარმართვას, რისთვისაც ამჯერად ვარ ჩამოსული - ახლა შენ ცოტა თავსაც უნდა მიხედო, წამოწვე ხოლმე რაღა.
ჩვეულებრივ მამიდა უაქცენტოდ ლაპარაკობს, კარგ ხასიათზე მყოფი გურულ-იმერულად უქცევს, გაბრაზებული კი კახურად ჩხუბობს.
-დედიშენისამ, რახან შენ იტყვი! მირონა ზაკალაშვილის გოგოს წამოწოლილ ვერავინ ნახავს, განა ქალაქში ვარ?
-რაღაც ამინდებიც ვერაა კარგად, რომ ჩამოვალ, იცოდე, საწოლში დამხვდი, არ ადგე, მაგნიტური დღეებიაო, ასტროლოგებს უნდა დავუჯეროთ.
აი, არსად გაიშვა ჩემი ნაწარმოები დიპლომატია, რომელი ჰენრი კისინჯერი მე ვარ?
-მამიდა, საცოლე მინდა გაგაცნო, ხომ მიიღებ?
აღტაცებულმა ტაში შემოკრა.
-წავალ, ბაზარში ხაშს ვიყიდი და მოგიხარშავ.
-დაიცა, არ მინდა ხაში, თუმცა როგორ არ მინდა? მაგრამ გეხვეწები, საწოლში ჩაწექი და ისე დაგვხვდი.
-აღარ იტყვი რატომ?
-საქმე იმაშია რომ... თავისი მამიდა რომ გამაცნო, საწოლში იწვა ის, ელენეს ძალიან შერცხვა და მე დავამშვიდე, მამიდაჩემიც წევს მეთქი, ახლა ტყუილში გავიხლართე, მოვიდეს და ფეხზე დახვდე? რა ვუთხრა? ერთი ვარიანტი რჩება, საერთოდ არ ჩამოვიყვანო.
აკი ვთქვი, ხანდახან გენიალური აზრები მომდის, შეშინებული მამიდა, უჩემოდ არ მოიყვანოს ცოლიო, დამთანხმდა.
XXX
მე მესმის, რომ ქალები ხანდახან უცნაურად იქცევიან, ჩაცმის ორგანიზებაც რომ რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესია, კულუარულად ამის შესახებაც მსმენია სალონურ საუბრებში, მაგრამ სამი საათი განათების ბოძივით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ყურყუტი მაინც გადაჭარბებული მგონია.
ბოლოს მოთმინება გამომელია, ჯიქურ მივადექი მის კარს და სამჯერ დავრეკე ზარი.
-რომელი ხართ?
-იოჰან ერვინ რომელი, შესანიშნავი მეთაური იყო, მაგრამ მე მაინც ჰაინც გუდერიანს ვამჯობინებ, გემოვნების და ფილოსოფიის საკითხია.
კარი სანახევროდ გააღო და შეშინებული შემომაცქერდა.
-ვინმე გყავს? - არც ვაციე, ისე მივახალე.
-არა, არა ღმერთო, ვინ უნდა მყავდეს? შემოდი, შემოდი.
-რაღაც არეული სახე გაქვს, ხომ ყველაფერი კარგადაა?
-არ ვიცი, უფრო სწორედ, შემოდი და თავად ნახავ.
ოთახში შევედი და რას ვხედავ, იატაკი, დივანი, სავარძლები, სავსეა უამრავი ტანსაცმლით, შუაში ელენე ჩამდგარა ბურიდანის ვირივით და ირგვლივ სასოწარკვეთილი იყურება.
როგორც ვიცით, ბერძენ ბურიდანს ჰყავდა ვირი, რომელსაც თანაბრად შიოდა და სწყუროდა, ამიტომ ვერ გადაეწყვიტა, ეჭამა ჯერ თუ წყალია დაელია, ამ ორჭოფობაში კი საქმე ისე იყო, რომ არც ჭამდა და არც სვამდა.
სხვა ამბავიც აქვთ ბერძნებს, ტანტალოსის ტანჯვა ჰქვია, ეს კაცი წელამდე წყალში დგას და საშინლად სწყურია, მაგრამ როგორც კი დასალევად დაიხრება, წყალი შრება. გადავწყვიტე, ეს ამბავი მისთვის მეთქვა, იქნებ არჩევანი გაიოლებოდა.
-ისიც კარგია, რომ ბურიდანის ვირს არ შემადარე - თქვა გაცხარებით - მაგრამ ხომ გესმის, რომ აქ რამის ამორჩევა შეუძლებელია, შენ რა ჰქენი?
-მეც ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი - დავიწყე დინჯად - ბოლოს კი ის ტანსაცმელი ჩავიცვი, რომელიც გარეცხილი იყო.
-საშინელებაა სწორედ, რა მეშველება? - თავი უმწეოდ ჩაჰკიდა.
-ასე და ამგვარად - ვთქვი ენერგიულად - დღევანდელ დღეს ჩაცმულობაში ვარდისა და ზღვის კომბინაციას უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, რადგანაც ახლა ვარდობისთვეა და ზოდიაქოც წყლის სტიქიაშია.
-კი მაგრმ, ახლა კუროს ზოდიაქოა და სულ არაა წყლის ნიშანი.
ყველა ლამაზმა ქალმა ზეპირად რატომ იცის ზოდიაქო?
-ეგ სულ ერთია, მაინც წყლისა და ვარდის კომბინაცია გვინდა, აი ეს წითელი კოფთა თუ ფუფაიკა, ჩაიცვი, ჩაიცვი - მივაჩეჩე ხელში - და აი ეს ლურჯი შარვალი.
-აჰ, არა, ეს შარვალი ძალიან ადრე მეცვა, ბავშვი რომ ვიყავი, მას მერე ცოტა გავიზარდე.
-არაფერია, მშვენივრად გექნება, ენდე ჩემი თვალის სიმახვილეს, ათ მეტრში შემიძლია გავარჩიო მამალი და დედა კოღო.
-მართლა?
-რასაკვირველია, თურმე მხოლოდ დედალი კოღო წივის.
ჩაიცვა და უნდობლად ჩაიხედა სარკეში.
-ხომ ვთქვი, პატარა მაქვს.
სხეულზე ოდნავ მჭიდროდ ეკვროდა, მაგრამ ისეთი ლამაზი ტანი ჰქონდა, პირიქით, უხდებოდა კიდეც, ეს რომ ვუთხარი, გაეხარდა და თვალები აუციმციმდა.
-თუ მოძრაობაში ხელს არ გიშლის...
-მაგ მხრივ ყველაფერი რიგზეა.
ცოტა ხანს კიდევ იწრიალა სარკის წინ, მაგრამ მე მაგრად დავდექი, ძალიან ლამაზად გაქვს, ჩემს დღეში არ მინახავს ქალს ტანსაცმელი ასე უხდებოდეს მეთქი.
სამტრედიის გადასახვევს რომ გავცდით, მითხრა, ტყუილები არ გეხერხება, თორემ რაც ყველაზე ახლოს ელაგა, ზუსტად იმ ტანსაცმელს არ მომაწვდიდი, თავიდანვე მივხვდი, რომ არანაირი ვარდისა და ზღვის კომბინაცია შენ არ გაღელვებდა, წამოსვლა გეჩქარებოდაო.
-რა გითხრა ელენე, წითელი ზედა და ლურჯი შარვალი კი არა, ჯვალოს ტომარაც სხვაზე მეტად მოგიხდება, მე ასე მგონია.
არის განსაკუთრებული წუთები, როდესაც გულწრფელობა დახვეწილობას ჯობნის.
XXX
მამიდამ ისეთი სიურპრიზი მომიწყო, კარდინალ რიშელიეს შეშურდებოდა - შესანიშნავი ვახშამი გაგვიწყო, საგანგებოდ მოიკაზმა და ალაყაფის კარებთან გამოგვეგება.
ძალიან, ძალიან არ ჰგავდა სულთმობრძავ ადამიანს.
-ეგღა მაკლია თამარა ზაკალაშვილს, ძმისშვილს ზღურბლზე არ გამოვეგებოო.
XXX
მაისის წვიმა, ღამე, ლამპიონების ბაცი სინათლე და უკაცრიელი ქუჩა.
გვერდიგვერდ მივდიოდით, ხანდახან გავხედავდი, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა.
-რატომ გააკეთე ეს ყველაფერი? - მკითხა და ისევ გაიღიმა.
-მამიდა რაღაც ვერ იყო, თურმე გამოკეთებულა ...
-არა არა, სიმართლე მინდა გავიგო - მიწაზე ფეხი დააბაკუნა.
უფრო სწორად, ასფალტზე, სადღაა ქალაქში მიწა.
სიმართლით შემაშინოს ახლა ვიღაცამ, მაგაზე ადვილი რა არის?
-მინდოდა ცოტა გამერთე, მომეჩვენა, რომ დეპრესიაში იყავი.
-გგონია, ახლა აღარ ვარ?
-ალბათ ხარ, ერთდღიანი ექსკურსია დეპრესიას ვერ განკურნავს...
-არანაირი დეპრესია მე არ მაქვს, უშვილობას ვჯავრობ, სრულიად ნორმალური რეაქციია, არ მეთანხმები?
-ნამდვილად საშინელებაა, მე რაც შემეხება, სახლში არც მითქვამს, მარტო მამიდას რეაქცია... ხომ ნახე, მამიდა რა ტიპია? თვითონაც უშვილოა.
-ძალიან კარი ადამიანია, მიყვარს მასეთი ხალხი, სინდისი სუფთა აქვს და არაფრის ეშინია, ამიტომაც თამამად ჩხუბობს, დარდი არ აქვს, რომ რამეს წამოაძახებენ.
ცოტა არ იყოს, უცნაური ახსნა იყო, მაგრამ ვატყობდი, რომ ნელნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა, გამოხედვაც ისეთი ნაღვლიანი აღარ ჰქონდა.
ყველა ნახევრად იდიოტი, რომელსაც სამი ფრთიანი ფრაზა წაუკითხავს და ორი ლოთის აღსარება მოუსმენია, თავს დიდ ფსიქოლოგად ასაღებს. მიუხედავად იმისა, ან შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ ფროიდიც, ადლერიცა და იუნგიც წაკითხული მაქვს, ვაღიარებ, რომ ეს სფერო საერთოდ არ გამეგება.
მაინც თავს უფლება მივეცი მოქმედებისა. სხვა გზა უბრალოდ არ იყო. მაშ ასე, ზედმეტი გართულებების გარეშე, ვდგებით კარგად გატკეპნილ გზაზე, ექსპერიმენტების დრო ახლა არაა. ელენემ უნდა იგრძნოს, რომ მისი არსებობა ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია.
-ხვალ რაღაც საკითხთან დაკავშირებით შენი რჩევა დამჭირდება - განვაგრძე გამხნევებულმა - ერთ ჩემს მეგობარს საცოლე დაშორდა, მისდა საუბედუროდ, ეს გოგო ლამაზია და განშორების ტკივილიც უზარმაზარია, ჰაჰაჰა, ამ ბოთეს გაგონებაც არ უნდა, რომ გოგო სამუდამოდ დაკარგა, იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან, თავის სატრფოს დაიბრუნებს, მას უნდა, რომ რჩევა მისცე, რანაირად მოიქცეს, მაგ სულელს ჰგონია, ყველა ლამაზ ქალს ერთნაირი აზრები აქვთ, გუშინ შენთან ერთად დამინახა და...
-მორჩი ახლა სისულელეების მოგონებას - თქვა სიცილით - ხვალ ლუდის ბარში გპატიჟებ.
-შენ მპატიჟებ?
-ჰო, მე, წამოხვალ?
-რასაკვირველია.
XXX
ყორანი მყავს, დიდი, შავი ყორანი, მახვილგონიერი და არამზადა, ნამდვილი უნამუსო.
როდესაც კარგ ხასიათზე ვარ, ცდილობს გუნება მომიშხამოს თუ უხასიათოდ მნახა, გახარებული ფრთებს ატყლაშუნებს და იმედს გამოთქვამს, რომ ჩემი ეს მდგომარეობა უსასრულოდ გაგრძელდება.
რაშიც ბრალს ვერ დასდებ, უყურადღებობაა - ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან დროს ჩემს გვერდითაა, არასოდეს აგვიანებს, პირიქით, უმეტესად ადრე მოდის და როგორც თვითონ აცხადებს, კარგ რჩევებსაც მაძლევს, იმას კი არას დაგიდევთ, რომ სანაცვლოდ ჩემგან მხოლოდ ლანძღვა-გინებას იღებს.
ალბათ მიხვდით, რომ ეს ყორანი წარმოსახვითია და მხოლოდ ჩემს გონებაში არსებობს.
პირველად მაშინ გამომეცხადა, ჩემს კლასელ გოგოს რომ დავადგი თვალი, გულთბილად მივიღე, ბავშვური მიამიტობით.
-მაშ, ვაჟბატონს გოგო მოეწონა, ასეა? - მკითხა მკაცრად.
-ყველას მოსწონს ვიღაც, მეც გავბედე - ვთქვი ოდნავ დარცხვენილმა.
-მერე, შე ოჯახაშენებულო, ყველაზე ლამაზს რომ ეცი, სარკეში არ იყურები?
ჩავიხედე სარკეში და იქ საგულისხმო ვერაფერო აღმოვაჩინე, თუმცა თვითონ დამეხმარა, დიდსულოვნად და უანგაროდ, ტერმინიც მასწავლა „კრიტიკული ანალიზი“, მადლობა გადავუხადე და ისე გავისტუმრე.
მეორედ უკვე აბიტურიენტობისას, გეოგრაფიის რეპეტიტორთან ერთი ლამაზი გოგო დადიოდა, ორჯერ მივაცილე სახლამდე და მესამედაც იგივე რომ დავაპირე, მაშინ მობრძანდა.
-ვაჰ, ვაჰ, რა გოგო უშოვია ჯიგარს - მითხრა შინაურულად და მხარზე ფრთა დამკრა - რაღაც ნამეტანს იმორცხვებს, მგონი რომ მოსწონხარ, ალბათ ის მოეწონაერთი მოყოლით რომ იმახსოვრებ ყველაფერს, ის კი აღარ იცის მაგ ჩერჩეტმა, რომ ცარიელი ჭურჭელი უფრო მეტ სითხეს იტევს.
-რას იტყვი, ხომ მშვენიერია? - ვკითხე გახარებულმა.
-ნამდვილი მზეთუნახავია - მერე ხმას დაუწია - ზუსტად ვიცი, ნაყინი უყვარს ძალიან, დაპატიჟე, გაეხარდება.
გაივლის სამი წელი და საჯარო ბიბლიოთეკაში ასეთ დისერტაციას აღმოვაჩენ: „გაუსის მარტინგალით შეშფოთებული ფინანსური ბაზარი და საშუალო კვადრატული აზრით ოპტიმალური სტრატეგია“
შეშფოთებული ფინანსური ბაზარიო, გაუსის მარტინგალითო.
იმის თქმა მინდა, რომ ნაყინის ფული აბიტურიენტობისას არ მქონდა.
ამ ყორანმა კი ნელნელა თავი მომაბეზრა, ერთხელ მთვრალს გამომეცხადა და სულ ფურთხებითა და ლანძღვა-გინებით გავაგდე, აქ აღარ მოეთრე, შენ ნისკარტიანო ნაბიჭვარო მეთქი.
მაგრამ მაინც მოდიოდა. მოდიოდა და დამჩხაოდა.
უნივერსიტეტში უფასოზე რომ ჩავაბარე, ბუმბული სულ ღერა-ღერა დაიგლიჯა.
-რა ეშმაკად გინდა ეს განათლება? ტყუილად უნდა იწანწალო ოთხი წელი, დაიწყება მერე ომი, მამაშენისთანა შერეკილის შვილი წაეთრევი მოხალისედ, იქ ვიღაც რუსი სნაიპერი შუბლში ტყვიას გრეკავს და მორჩება საქმე, ესეც რომ არა, შენისთანა ნირიახას სამუშაოს ვინ მიაშავებს?
ეკასთან რომანი რომ გავაჩაღე, ყორანმა ასე მითხრა, იქ, ზევით საქმეებს ვაგვარებ, რომ თქვენს სიყვარულს ხელი შევუშალოო.
უკვე აღარ ვბრაზობდი, მეცინებოდა კიდეც, ხანდახან მახვილგონივრულ რაღაცეებსაც იტყოდა.
ელენე რომ სახლამდე მივაცილე და ფიქრებში გართული ქუჩას გავუყევი, სწორედ მაშინ მობრძანდა და მარჯვენა მხარზე დამაჯდა.
-შენი ადგილი იცოდე - ვუთხარი მკაცრად - გადადი მარცხნივ.
-რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ეშმაკთან არაფერი მესაქმება? ყარაჩოხელი კაცი ვარ და ღმერთმა გამომგზავნა შენთან, სწორ გზაზე რომ დაგაყენო.
-მადლობა მოახსენე ღმერთს და ასე გადაეცი, ყორანის გამოგზავნას ერთი ათიოდე პროგრესულად მოძრავი სპერმატოზოიდი გაგემეტებინა, შენს ღვთაებრივ დიდებულებას არაფერი მოაკლდებოდა თქო.
-რაც თითქმის არავის აქვს, ის მოგცა ღმერთმა, ყველაფრის ფეხზე დაკიდების უნარი, ამიტომ ნუ ხარ უმადური.
-რაო, რაო?
-რა იყო ძმაკაც, რა მალე დაივიწყე შეყვარებული? ერთი კვირა მაინც გეცლია, მაშინვე შემცვლელი რომ მოუძებნე.
ელდა მეცა და ერთხანს ვერაფერი მოვისაზრე.
ეკა ახლა მართლა აღარ მახსოვდა, არ ვფიქრობდი მასზე, არა, მხოლოდ ელენეზე ვფიქრობდი.
მაგრამ მაინც, ეკა არ დამვიწყნია, ის ჩემთან იყო, სადღაც გულსა და ფილტვებს შორის, ზუსტად არ ვიცი.
ზოგი კაცი მთელი ცხოვრება იდეალური ქალის ძებნაშია, მე კი ჩემი წლები იმის მტკიცებულების ძიებაში გავატარე, რომ არცერთი ქალი არ შემეფერებოდა, კარგებს მე არ მოვწონდი, ცუდები მე არ მინდოდა. მაგრამ ერთგან ეკა გავიცანი, არათუ კარგი, არამედ ძალიან კარგიც. ჩვეულებისამებრ, თავაზიანად ვაქციე ზურგი და წასვლა დავაპირე.
უცბად ვიღაცამ მაისურზე უკნიდად მომქაჩა.
-ასეთ რაღაცეებს დაჩვეული არ ვარ, სად მიიპარებით?
ამას რომ ამბობდა, ისეთი საყვარელი იყო, რომ გაპარვა კიდევ ვცადე.
მაგრამ მხოლოდ ვცადე და არაფერი გამომივიდა, ამიტომაც დავრჩი.
ერთ დღესაც, ჩემი ორსაათიანი ლაქლაქის პასუხად მკითხა, ფელდმარშალი ფონ ბოხის განკარგულებაში ორი სატანკო არმია რატომ იყო, როდესაც ფონ ლეებსა და ფონ რუნშტედტს თითო ჰყავდათო.
ფეხზე წამოვდექი და აღელვებულმა ვთქვი.
-იმიტომ, რომ ზუსტად 75 წლის შემდეგ სამყაროს საუკეთესო ქალი ერთ არაფრით გამორჩეულ კაცს შეყვარებოდა! რაც შეეხება ფონ ბოხის არმიათა ჯგუფს, ის პირდაპირ მოსკოვს უტევდა, გუდერიანის მეორე სატანკო არმიაც მანდ იყო.
ერთ წინდადებაში სიტყვები „მიყვარხარ“ „ფონ ბოხი“ და „გუდერიანი“ მხოლოდ მე, ფონ ბოხისა და გუდერიანის ცოლებს გვქონდა ნათქვამი. თუმცა დაიცათ, ფონ ბოხის ცოლი გუდერიანს არ იტყოდა, და არც პირიქით. ამ საქმეშიც მარტო აღმოვჩნდი, ისევე როგორც ყველაფერში. ეს იყო სამყაროში ყველაზე ახირებული სიყვარულში გამოტყდომა. თვით ვერმახტის და ვაფენ ესესის ტვინნაღრძობი ჯარისკაციც ვერ მოიფიქრებდა მსგავს სისულელეს.
-თუ მასეა, ყველა სატანკო არმია მოსკოვისკენ გადაესროლათ.
-შეტევის ტემპი ძალიან არათანაბარი იქნებოდა, სამხრეთისა და ჩრდილოეთი ფრონტი ჩამორჩებოდა და ცენტრის ჯგუფი სტრატეგიულ ალყაში მოყვებოდა.
-ჰო, ეგეც მართალია - თქვა და გამიღიმა.
-ცოლად გამომყვები?
-ალბათ გამოგყვები, მაგრამ ჯერ მოსკოვი გაქვთ ასაღები შენ და ერიხ ფონ მანშტაინს - მითხრა სიცილით.
ეჰ, მაშინ ვერაფრით ვიფიქრებდი, თუ ჩვენი სიყვარული ოდესმე დასრულდებოდა.
XXX
ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ შემემთხვა და მოსაყოლად ნამდვილად ღირს.
როდესაც 33 წელი შემისრულდა, ეკლესიაში გამოვცხადდი და ღმერთს შთაგონებული სახით მივმართე.
-„უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, მაპატიე ის ურიცხვი იდიოტობები, რაც აქამდე ჩამიდენია, რასაკვირველია, აწი უფრო მეტს ჩავიდენ, მხოლოდ ხარისხობრივად გაცილებით აღმატებულთ. ამწამს შემისრულდა ფილოსოფიური ასაკი, ასაკი, რომლის იქითაც კაცობრიობის საუკეთესო ნაწილმა ჩვეული სიბრძნით გადაწყვიტა, რომ ღმერთს კაცთა შორის ყოფნის უფლება აღარ ჰქონდა. ფილოსოფოსი კაცი ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ყურადღების გარეშე ვერ დატოვებს. ამას იქით ჯანმრთელობისა და სიცოცხლის თხოვნა შენთვის უსინდისო საქმე მგონია, მაგიერად კი ვიტოვებ უფლებას, შიგადაშიგ საქართველოს მტრების ჩაძაღლებები გთხოვო, რაზეც იმედი მაქვს, დიდხანს არ მალოდინებ.
ეტყობა ძალიან აგზნებული ვიყავი და ხმამაღლა მომივიდა, მოხუცმა მესანთლემ, სახელოზე მომქაჩა და თვალები დამიბრიალა.
-რას მკრეხელობ, ერთი ვიცოდე? ბავშვობიდან ეკლესიაში იზრდები, შენი სამასხარაოა უფალი?
-არ ვმასხარაობ, მართლა 33 წლის გავხდი.
-ცამეტი წლისას მეტი ტვინი გქონდა! - მომიჭრა მოკლედ - შენ დაინახე, თუ ცხვირში ძმრად არ ამოგდინდეს ეს მაიმუნობა, თანაც მალე!
რამდენიმე თვე იქნებოდა გასული, ვიგრძენი, რომ ვერ ვიყავი მთლად კარგად, დეტალების მოყოლას არ დავიწყებ, მაგრამ სიმსივნის ეჭვი გამიჩნდა, მითუმეტეს, რომ აღმავალი შტოს ნათესავები, კახელების მხრიდან, თითქმის ყველა ამ დაავადებას შეეწირა, (მამაჩემმა უბრალოდ ვერ მოასწრო, რუსის ტყვიამ იმსხვერპლა ტამიშთან).
დიაგნოზის წასაღებად რომ მივედი, ექიმიც ვერ დამხვდა კარგ გუნებაზე.
-ძალიან გვიანია, უკვე, მეოთხე სტადიაა... რას ვიზამთ, უფრო ახალგაზრდებიც მიდიან, გეცოდინებათ ალბათ, რომ ამ მხრივ მთლად სახარბიელო მდგომარეობა არაა, უკანასკნელი სურვილები შეუსრულეთ, სამწუხაროდ, უკეთესს ვერაფერს გეტყვით...
რაღა აზრი ჰქონდა იმის თქმას, რომ პაციენტი თავად ვიყავი? ცხადია, ჭირისუფალი ვეგონე, ასეთ ადგილებში მხოლოდ ჩემისთანა ჭკუაგადაბრუნებულები დადიან მარტოკა.
ანკეტას ჩავხედე იმ იმედით, რომ ეგება სხვისი ყოფილიყო, მაგრამ ამაოდ.
ძლივს წამოვლასლასდი იქიდან, გამწარებულმა სიგარეტის კოლოფი ასფალტზე მოვისროლე და ოთხ მანქანას ვაიძულე მუხრუჭი ეხმარათ, ერთი მათგანი საპატრულოს ეკიპაჟი იყო, რომელმაც ჯარიმები ჯარიმებად დამიწერა, დამატებით კი გამოთქვა იმედი, რომ ამრევები ბევრი არ დარჩა ჩვენს კანონის პატივისმცემელ საზოგადოებაში და ჩემისთანები სულ მალე გადავშენდებოდით.
სახლში მოვედი და იმაზე დავფიქრდი, როგორ მეთქვა ეს ყველაფერი ნათესავებისთვის, მერე კი გადავწყვიტე, რომ არაფერსაც არ ვიტყვი, რომ მოვკვდები, მერე ხო გაიგებდნენ?
სამი დღე და ღამე დანა პირს არ მიხსნიდა, მერე კი დავფიქრდი.
-იმდენ უბედურებას გადარჩები, შე გამოსირებულო ერეკლე ზაკალაშვილო! - ვუთხარი ჩემს თავს - მეგობრების, ნათესავების სიკვდილი, იქით რუსეთიც არ დაგვავიწყდეს. ძალიანაც კარგია, თუ წაეთრევი, ბოლოს ხომ მაინც იქ უნდა ამოყო თავი? შვილი შენ არ გყავს, ცოლი არა, სიბერეში მიმხედი არავინ გეყოლება, უნდა ჩაკვდე საწოლში და მეზობლებს სუნი რომ შეაწუხებთ, მერეღა გაიგებენ შენს სიკვდილს. ასე კი პატივით წახვალ.
გამახსენდა პაპაჩემი, მირონა ზაკალაშვილი, ეზოში იყო და ვაზს ფურჩქნიდა, ძალიან, ძალიან ცუდად იყო, მაგრამ მაინც იდგა ფეხზე, უცბად წაიქცა და გათავდა, ბოლომდე თავის თავს თვითონ უვლიდა. მეც ასე ვიზამ.
ნამეტანი პატივი დამდო ბედისწერამ!
გავმხნევდი და რა გავმხნევდი? სასიკვდილო თადარიგის დაჭერაც დავიწყე, რატომაც არა? ხაშლამა ბლომად უნდა იყოს, ჩადგმით და არა ჩამოტარებით, სხვანაირად როგორ შეიძლება? ღვინოც განსაკუთრებული, დანარჩენი წვრილმანია.
თამადად ვინ დავაყენო? არავისაც არ დავაყენებ, მე თვითონ დავდგები, აი ასე!
ავიღე სმარტფონი, ჩავრთე ვიდეო გადაღება, ჩავწერე სადღეგრძელოები, რიგითობის მიხედვით დავნომრე და შევინახე, დრო რომ მოვა, რომელიმე ძმაკაცს გავუგზავნი, დარბაზში მონიტორი შეიტანონ და ...
ძალიან სასეირო იქნება, ძალიან, ჰაჰა.
სიგელიც მეკუთვნის, პროგრესისა და ქართული ტრადიციების საუკეთესოდ შეხამებისათვის.
ახლა ის უნდა მოვიფიქრო, ეს ორი თვე როგორ გავატარო? სასოებით შევიმოსო და ვილოცო? რა ფასი აქვს სიკვდილის შიშით ნათქვამ ლოცვას, რით გასხვავდება ის სავაჭრო კონტრაქტისაგან?
ისა სჯობია, თუ დავტკბები იმ ყოველგვარის სიამით, რაც ღმერთს კაცთა სასარგებლოდ შეუქმნია, ასე უფრო გავახარებ. როგორც ხელოვანს გულწრფელი ტაში, ისე ღმერთსაც უნდა მოსწონდეს მისი ნახელავით აღტაცება, ასე მგონია მე.
მაშ ასე, თამამად გავწიოთ წინ! დილით ადრე, გაზაფხულის მაცოცხლებელი ჰაერი, არასოდეს რომ არ ვაფასებთ ახალგაზრდები, განსაკუთრებით ქალაქელები. ღმერთის, უფრო სწორედ, მაშინდელი რაიკომის მდივნის, სოსო ერემეევიჩის წყალობით, ქალაქში ტბაც გვაქვს, ხეებიც გარშემო, ჩიტებიც დილის ხუთ საათზე კარგ ხასიათზე არიან, შვიდ საათზე კი ჯანიკო გაგნიძე საუცხოო ხაშს ამზადებს ძველ ბაზარში.
-ურძეო ხაში! - დამინახავს თუ არა, მაშინვე დაიძახებს.
-ორასი გრამი არაყიც - დავაყოლებ მეც - დილით ხაში, ზედ ლავაში, საქეიფოდ ძველ ბაზარში, როგორ ხართ ჯანიკო ბაბუა, შქმერში როდის მიდიხართ?
-წავალ, როცა იქნება - მპასუხობს და ხაშს ასხამს - შენხელა ვიყო, ქე წევიდოდი, მარა, რა გინდა რო ქნა?
„მალენკოვის“ ჭიქით მოაქვთ არაყი, რომელსაც სამად ვანაწილებ.
1. ვისაც უყვარდა, აღარ არიან
2. ჩვენ საქართველოს გაუმარჯოს, ალთასა და ბალთასა (ანუ ნიკოფსიიდან დარუბანდამდე)
3. ცოცხლებსაც გაგვიმარჯოს, იქამდე ვიყოთ, სანამ ვართ.
ვერ ვარ დიდი მსმელი, ორასი გრამი არაყი გვარიანად მაზარხოშებს, სამსახურში მისული უკვე კაი გამოწყობილი ვარ, ლექსების ხასიათზე.
-საზანდარმა ღამე ააცახცახა, ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა, ცა ატმებით მსხმოიარე, ჩახჩახა, და გაზაფხულს რძის სუნი ასდიოდა - ამ სიტყვებით შევდივარ გოგოებთან, რომელთაც მთვრალი ზაკალაშვილის დანახვა არ უკვირთ, მაგრამ ყოველ დღე ნივრის ოხშივარი ცოტა ეზედმეტათ და გააპროტესტეს.
-მოგვშორდი თავიდან, ამ ლოთს უყურე?
-მაშ თქვენ ლეონიძის პოეზია არ მოგწონთ? კეთილი, ომარ ხაიამი იყოს:
„შეეშვი ლოცვას, დაეხსენი რწმენის მარწუხებს,
იყავ კეთილი და შენს მოძმეს ნუ შეაწუხებ,
მომეცი ღვინო და იმქვეყნად როცა წარვსდგებით,
იქ, სამსჯავროზე შენს მაგივრად მე ვუპასუხებ“
მაინც სრულიად უბოდიშოდ გამომაპანღურეს ოთახიდან, ღამისა არ ვიცით და ეგ შენი საზანდარი ჩვენს ცხვირებს აცახცახებს სრულიად აღმაშფოთებლადო.
საღამოს გართობებიც მშვენიერია, ლუდის ბარი, როკ-მუსიკა, ფეხბურთი, ღამით კი ვისკი და სპარსული პოეზია.
ძალიან, ძალიან უხდება ერთმნეთს, თქვენც გირჩევთ სცადოთ.
შენ ცისკარი ხარ, მე - მიმქრალი სანთლის მუდარა,
მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა-რა.
სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი,
შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა.
სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა
ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა.
ჰ ა ფ ე ზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს,
შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა.
ამ ყველაფერს ადრეც ვაკეთებდი, მაგრამ ყოველდღე არა, თანაც სიკვდილის სიახლოვემ განსაკუთრებული სანელებელი მისცა ცხოვრების სიამეთა შეჭამანდს.
ბოლოს გამახსენდა, რომ იმ დიად სიშლეგეთა მიუხედავად, რომლითაც აღსავსე იყო ჩემი ცხოვრება, ბოზებისათვის რომანსი არასოდეს მემღერა. გიტარით მივადექი ერთ არაოფიციალურ საროსკიპოს და რადგანაც რომანსები საერთოდ არ ვიცი, დილამდე ვმღეროდი ბობ დილანისა და როლინგ სტოუნზის სიმღერებს, დილას კი პოლიცია მოვიდა, მიწოდა ხულიგანი, დაწერა ოქმი და ნივთმტკიცების სახით ამოიღო გიტარა, მერე მე ამ ოქმის ტექსტზე ექსპრომტად ბლუზი შევთხზე და ბექ ვოკალის გაკეთება კაპიტან მაღლაკელიძეს ვთხოვე. ამან ის მოიტანა, რომ ხელი წამავლეს და განყოფილებაში სულ კინწისკვრით წამახუსხუსეს, რომლის უფროსიც ჩემი ბავშვობის ძმაკაცია. დამინახა თუ არა, თქვა, ოქმი ხომ დაუწერეთ, ახლა კი ერთი მაგრად სცემეთ, ეგება ჭკუა ისწავლოსო.
ასეთ სასეირო ამბებში ისე გავიდა ორი თვე, ვერც კი მივხვდი. რამდენიმე დღე გადაცდა კიდეც.
დავჯექი და მაგრად დავფიქრდი.
ფაქტია, ცოცხალი ვიყავი, უნდა ვაღიარო, უფრო ჯანმრთელიც, თუმცა, შესაძლოა ალკოჰოლის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის დამსახურებაც ყოფილიყო ეს ყველაფერი.
გადიოდა დღეები, კვირები, თვეებიც... არაფერი ახალი.
ერთი დღე იყო და სამსახურში მისულს სილიბისტრო დამხვდა, რაღაც ფურცლები გამომიწოდა.
-ჩემს ქსეროქსზე დაგიდია, საწყალი კაცი, შენი ნათესავია?
დავხედე და პირკატა მეცა, ჩემი დიაგნოზი იყო. მაგრამ ვინ საწყალ კაცზე ლაპარაკობდა ეს ზომიერად მსუქანი?
-ნათესავი არა და ... რაზე მეუბნები?
-ვასილ ქობლიანიძე, შენი ვინაა?
-ვასილ ქობლიანიძე?
-ჰო, რა იყო?
-არ ვიცი ვინაა, ან რამ გაასაწყლა?
-მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს და არ მგონია კიდევ სხვა მიზეზიც იყოს საჭირო.
-რას მიჰქარამ სილიბისტრო? ეს ჩემი ანალიზებია, წერილი მიმაქვს და მგონი გეშველებათ შენცა და ნახევარ სამსახურს.
სილიბისტრომ გულიანად გადაიხარხარა.
-კაცმა რომ გკითხოს, დიდი პროფესიონალი ხარ და დოკუმენტის წაკითხვა კი არ იცი, დახედე, ეს სხვა ადამიანის ანალიზებია და არა შენი.
დასწყევლოს ეშმაკმა, მგონი მართლა ვასილ ქობლიანიძე აწერია ანალიზებს, ზემოდან კი ჩემი ანკეტა ადევს, შეიძლება ასეთი რამე?
მაგრამ სილიბისტროს შევეცოდე კიდეც.
-აქამდე გეგონა, რომ კვდებოდი?
-არც ახლა მგონია სხვაგვარად, შესაძლოა სხვა სახელი აწერია, მაგრამ სიკვდილით მაინც მე ვკვდები, უნდა წავიდე და გავარკვიო. ყოველ შემთხვევაში, უფროსს მაინც ნურაფერს ეტყვი, ტყუილად იმედი მიეცეს და მერე ცოცხალი დავრჩე, ხომ გესმის?
-რა თქმა უნდა.
XXX
-კი მაგრამ ასეთი რაღაცის არევა როგორ შეიძლება? ეს იგივეა, გუდერიანსა და რომელს პარიზის მაგივრად პრაღა აეღოთ, რომელიც, ალბათ გახსოვთ, უკვე აღებული იყო.
-ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ბატონო, როგორც მოგახსენეთ, რეგისტრატურაში აირია თქვენი მონაცემები, გვითხარით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ და გვიმსახურეთ, სრულად გვესმის თქვენი მდგომარეობა, თუ რა ჯოჯოხეთი გამოიარეთ...
-არანაირი ჯოჯოხეთი მე არ გამომივლია, მაგრამ რადგან გამოსწორების სურვილი გაქვთ, უარს ვერაფრით გეტყვით.
-ბრძანეთ, ბრძანეთ - გამოცოცხლდა შუახანს გადასული, ჭაღარა ექიმი.
-ახლა რა საქმეზე მიდიხართ?
-სახლში ვაპირებდი წასვლას, მაგრამ თუ თქვენ რაიმე გჭირდებათ...
-დიდხანს არ მოგაცდენთ და ბარემ მეორე კითხვაზეც მიპასუხეთ, აი ის ვისკი, იქ რამდენი ხანია დევს?
-აჰა, ღმერთო, უარს როგორ გეტყვით, მიიღეთ ჩემგან საჩუქრად...
ძალიან მტკიცედ გავაქნიე თავი უარის ნიშნად.
-არა, მიპასუხეთ, როდის გაჩუქეს?
-ასე ორი წელი იქნება.
-პაციენტის იმ ქვეყანას გასტუმრებაში ხელი მოგეცარათ და მაგის სამახსოვროა?
-დაახლოებით - გაეღიმა.
-მაშინ ჩამოიღეთ და ერთად დავლიოთ, თუ მაინცადამაინც სუვენირად გინდათ გედოთ, ჩამოსასხმელი კონიაკი ჩაასხით დაცარიელებულ ბოთლში, ფერი იგივეა.
ასე გავსინჯე ცხოვრებაში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად ჯონი ვოქერის ბლუ ლეიბელი, ექიმმა ისიც მითხრა, რომ ჩემი ანალიზებით გახარებული ვასილ ქობლიანიძე ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა.
XXX
ამერიკელები ტორნადოებს და ცუნამებს ძალიან ხშირად არქმევენ ქალის სახელებს, მამიდაჩემის შესახებ რომ სცოდნოდათ, იქნებ ბევრი აღარ ეწვალათ და თამარა-1, თამარა-2 და ა.შ. სახელები დაამშვენებდნენ მსოფლიო მეტეოროლოგიას.
გრიგალივით მოიჭრა მამიდა ჩემთან სახლში სწორედ მაშინ, როდესაც იმ ფიქრში ვიყავი, გარდაცვალება თუ ერთი კაი ძილია, ძალიანაც არ უნდა გვეშინოდეს მისი მეთქი.
-სად აგდია ის შენი დარდაკი შვილი? - გამარჯობის მაგივრად მიახალა დედაჩემს.
-სად უნდა იყოს, წევს და ძინავს, რამე დააშავა? სერიოზულს ეგ არაფერს იზამდა და...
-რაღა სერიოზული არა, რძალო, ერთი განახა ვინ მამითრია სახლში, ვინ იყო ის ბოზანდარა...
-რას ამბობ თამარა?
-გურიაში ჩამამიყვანა ვიღაც ბერძნის ბოზი, ცოლად მამყავსო, ერთი გენახა რეები ეცვა... -მამიდამ მუშტი მოუღერა ცას, მაგრამ შუაში ჭერი ჩაუდგა - აბანოდან ახალ გამოთრეულსაი ჰგავდა, იქნება კიდეც აბანოდან წამაიყვანა, ვინ გაიგებს? ამისგან ვინმეს რამე უკვირს?
-ამის საცოლე ეკაა, შენც იცნობ...
-მაშ ეკა, გეგონოს! - იყვირა მამიდამ - დაშორდა ეტყობა ვაჟბატონი, ან ის დაშორდა, მიხვდა, რა სარსაღთანაცაი ჰქონდა საქმე.
როგორც აღვნიშნე, მამიდა როცა გაცეცხლებულია, კახურად უქცევს.
-დაჯექი თამარა, დაჯექი, ადგება და გამოვა, ვნახოთ რას იტყვის, შენ როგორ ხარ, ის თქვი.
-ეჰ, რძალო, ჩემი ამბავი რა საკითხავია, ქმარი მე არა მყავ და შვილი, აღარც დედა და მამა, ერთი ძმა მიწაში, მეორე რუსეთში, თქვენ ორის გარდა აღარავინ დამრჩა და ესეც აეგრე მანერვიულებს.
მერე ცოტა სული მოითქვა და დინჯად განაგრძო.
-მაი, მაგი ღირსი იყო ჩემი ძმა, ავთო ზაკალაშვილი, რო ეგეთი აკარაკი გამოისვლოდა? აჰა, აი მოდის კიდეც...
-ვააჰ, მამიდა, როგორ ხარ, ის ხილის არაყი, წამოგიღებო, რომ შემპირდი, ჩამოიტანე? - ისეთი სახე მივიღე, ვითომც მამიდა ჩვეულებივ, დაგეგმილად იყო ჩამოსული და არა ასეთი მნიშვნელოვანი, გადაუდებელი ვიზიტით.
-თხილის ჯოხი ჩამოგიტანე, გვერდები რომ აგიჭრელო, აბა, მოჰყევ ეხლა, რა ხდება შენს თავს, სადაა ეკა და ვინაა ეს ბოზის მსგავსი არსება, გურიაში, სახლში რომ მომითრიე?
-მართლა ასე ცუდი შთაბეჭდილება დაგრჩა? - ვითომ ძალიან მიამიტი სახით ვიკითხე - უცნაურია, ძალიან უცნაური.
-რა არის უცნაური?
-ის, რომ... იმას ძალიან მოეწონე, ასე თქვა, მიყვარს მასეთი ნამუსიანი და ალალი ხალხი, სუფთა სინდისი აძლევთ საშუალებას, ყველა დატუქსონ და მაგიერის მოზღვისა არ ეშინოდეთო, რომ იცოდეს, ბერძნის ბოზად იხსენიებ, წამომიდგენია, როგორ ეწყინებოდა...
მამიდა გვარიანად შეცბა, მაგრამ მალევე გამოერკვა.
-მახეს მიგებ ხომ, გული გინდა ამიჩუყო? მე ვინ მამატყუებს, მირონა ზაკალაშვილის გოგოს...
უცბად ამ ყველაფრისგან ძალიან დავიღალე.
-მამიდა, არასოდეს მიკითხავს თქვენთვის არაფერი, შვიდი წლისას გაკვეთილების მომზადებაში არ მითხოვია დახმარება, ორმოცი წლისა ცოლის მოყვანის საქმესაც როგორმე უთქვენოდ გადავწყვეტ, თუ არ მიიღებთ და ბერძნის ბოზად მოხსენიებას განაგრძობთ, ცხოვრებაში თვალით ვეღარ მნახავთ, ჩემი რჩეულის ლანძღვის უფლება არავის აქვს, ასე მესმის მე ქალისა და კაცის ამბავი და თქვენი ქმრები თუ სხვანაირად იქცეოდნენ, თავი ყველაყისა უჭამნიათ...
ოთახში შევედი და ტანსაცმლის ჩაცმა შევუდექი, მესმოდა, როგორ იმსჯელეს დედაჩემმა და მამიდაჩემმა საკითხზე და ჩვეული სიბრძნით გამოიტანეს დასკვნა, რომ ჩემი ეს ამბავი უზიარებლობის ბრალი იყო, ამიტომაც საჭირო იყო ლოცვა „გაეძლიერებინათ“, ამასთანავე, რამდენადაც საქმე საშური იყო, ისეთი ლოცვა უნდა მოეძებნათ, მყისიერი ეფექტი რომ ჰქონოდა, ამ თვალსაზრისით შეარჩიეს წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელი, მსწრაფლშემსმენელი და ისეთი გატაცებით დაიწყეს ლოცვა, რომ შემეშინდა, ელენე მკვდარი არ დამხვედროდა და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი სახლიდან.
XXX
-რაღაც წვრილმან საკითხებს ხომ აგვარებ შენ? - ვკითხე ყორანს - მაგალითად, საქეიფოდ წასვლა თუ მაქვს დაგეგმილი ერთი კვირით ადრე, უმეტეს შემთხვევაში ისე ხდება, რომ ვერ ვახერხებ, უპირატესად სამსახურის გამო, ეს ხომ შენი ნახელავია?
-ეგეთები ზემოთ წყდება, თქვენსა და ჩვენს ხელმძღვანელობას პირდაპირი მემორანდუმი აქვთ ინფორმაციის ურთიერთგაცვლაზე და პროცესებიც იქიდან იმართება, მე არაფერ შუაში ვარ. მაგრამ ქართველებიც კაი ჟულიკები ხართ, უკვე წინასწარ აღარაფერს გეგმავთ.
-მაშ, უცხოეთში წარმატებები გაქვთ?
-ქვეყნებს გააჩნია, უმეტესად ჩვენთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, აღარ უნდა ხალხს ეს შენი ნიჰილიზმი.
-თანამშრომლობა როგორღა ხდება? გამარჯობათ, მე ამა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ, გთხოვთ ჯოჯოხეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დამაკავშიროთო, ასე ხომ არ იქნება?
-არა, არა - შეწუხდა ყორანი- ასე ადვილადაც არაა საქმე და ჯოჯოხეთი საერთოდ რა შუაშია? ბევრი შრომაა საჭირო, მრავალწლიანი შრომა, პრინციპი კი მარტივია, კარგსა და ცუდს, იმედსა და სასოწარკვეთას შორის არჩევანი ყოველთვის მეორის სასარგებლოდ უნდა აკეთო, რაც დაგიფასდება, აუცილებლად დაგიფასდება, ნელნელა არხები გაიხსნება და რეალობაც თავად შემოვა შენში.
-უმჯობესია ვისკი შემოვიდეს ჩემში! - ვთქვი რიხით და ბოთლს დავწვდი - ეს შენ გაგიმარჯოს ჩემო ყორანო, კისერი გიტეხია და მოსკოვამდის გზა გქონია.
-ოღონდ ვისკი არა, ოღონდ ვისკი არა! - აჩხავლდა საცოდავად - ცოტა ხანს ვიქნები კიდევ, რა დაშავდება?
საქმე იმაშია, რომ ვისკისა და ზოგადად, ალკოჰოლზე ცუდად ხდება, როგორც კი ერთ ჭიქას გადავკრავ, იძულებული ხდება წაეთრეს.
-აბა, მოუსვი ახლა აქედან და კარგა ხანს აღარ მოხვიდე, თორემ თოკს ავიღებ, ერთ ბოლოს ნისკარტზე მოგაბავ და მეორეს ფეხზე, და კარგად დავჭიმავ, მერე ნახავ შენ სეირს.
-რამდენადაც შენ თანამშრომლობა არ გინდა, იყოს დაპირისპირება - თქვა და წასასვლელად მოემზადა - ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს.
წიხლი მოვუქნიე, მაგრამ ვერ მოვარტყი, გაფრენა მოასწრო.
XXX
ბაბუაჩემმა რეზო ტომარაძემ ონში თეატრი რომ გახსნა, დრამატურგიც თვითონ იყო, რეჟისორიც, მთავარი როლის შემსრულებელი და სუფლიორიც. დიდად მოინდომა და შრომა დაუფასდა, პირთამდე სავსე დარბაზი ფეხზე წამოუდგა და კარგა ხანი მხურვალედ უკრავდა ტაშს.
ჭუჭია აბაიშვილი, კოლმეურნეობის მოედანზე სახინკლის დირექტორი, სხვაზე მეტად რომ გულშემატკივრობდა ბავშვობის მეგობარს, სპექტაკლის დასრულების შემდეგ ბაბუაჩემთან მივიდა და უთხრა:
-გეყოფა ახლა რეზიკუნა ტინკიცობა, წამოდი ჩემთან სახინკლეში, საჭმლის გაკეთება შენ არ იცი, მარა ტილოთი მაგიდას გადაწმენდ, სინით ხინკალს დაუდგამ, ჯამაგირი გექნება, კაცი იქნებიო.
ტილოთი მაგიდასო, სინით ხინკალსო, აი, დალახვროს ეშმაკმა!
გადაწმენდ და დაუდგამო!
აქედან ორი დასკვნა შეიძლება გამოიტანო, 1. რაჭველებს ყველაფრის გაუბრალოება უყვართ და 2. რესტორატორები ხელოვანებზე უკეთ ცხოვრობდნენ, კომუნისტების დროსაც.
თუმცა მე ეს ყველაფერი სულ სხვა რამის გამო გამახსენდა, კარგია პოეზია, მაინც კუჭის საკითხის უგულებელყოფა არაფრით გამოვა. უნდა გამერკვია, რითი ცხოვრობდა ელენე. არსად მუშაობდა, არავინ ჰყავდა და არც მემკვიდრეობის მქონეს ჩამოჰგავდა, დაზუსტებით ვერა, მაგრამ რატომღაც გუმანით ვგრძნობდი, რომ იმ უამრავი ტანსაცმლიდან ნაწილი დედის ნაქონი, ნაწილი კი ძალიან ძველი იყო.
დიდად იუხერხულა ჩემი ეს შეკითხვა, ეს შენ არ გეხება, მე არაფერი მიშავსო, მაგრამ გასაქანი არ მივეცი და მანაც ნელ-ნელა, თუმცა უხალისოდ, მაინც გამიმხილა სიმართლე.
-ჯერ მეყოფა რაც მაქვს.. თბილისში კარგ ადგილას გვქონდა სახლი, დედა ძველი და ახალი ბერძნულის სპეციალისტი იყო... თარჯიმნად მუშაობდა... მერე მე ის სახლი გავყიდე და აქ ვიყიდე... რაღაც თანხა მორჩა, რომ აღარ იქნება, სამუშაოს ვიშოვი, თუ ჩემი პროფესიით ვერა, სადმე კონსულტანტად... ლამაზი გოგოები სჭირდებათ მასეთ საქმეზე, ხშირად უთქვამთ ჩემთვის ლამაზი ხარო, ბექა სულ ამას მიმეორებდა, მგონი ერთხელ შენც თქვი...
მუშაობაზე უკვე ვიწყებდი ფიქრს, მაგრამ მერე ბექას შევხვდი, იმან გადამაფიქრებინა, არ მეკადრებაო, მამაჩემსაც ეწყინებაო, შემდეგ, შემდეგ აღარ მახსოვს, რა იყო...
ეჰ, ღმერთო, ჩემისთანა მათხოვარმა შენ რა უნდა დაგიშავოს? ძალა შენს ხელშია და სულ შენ მაწვალებ, ერთ დღეს კი მაინც შენ უნდა გამასამართლო, მაგრამ მე რომ ვყოფილიყავი შენი მსაჯული, მარტო ამის გამო გაპატიებდი ყველაფერს, ამ კარგი საქმის გამო, ამ საცოდავ გოგოს ასეთ დროს რომ შემახვედრე.
იდგა და გულთბილად, საოცარი კეთილგანწყობით მიღიმოდა. ყელში ბურთი მომაწვა.
-მეგობრებიც არსებობენ, რომელნიც მზად არიან დაგეხმარონ...
-მათ კი ბევრი აქვთ? - მკითხა ღიმილით.
-ჩემი ჩაცმულობა ნუ მოგატყუებს, რამდენიც დამჭირდება იმდენი შემიძლია ვიშოვო, ვიცი ფინანსები, მათემატიკა, ბუღალტერია, ცოტა პროგრამირება, ხარჯთაღრიცხვები, საგადასახადო საქმეც... შემკვეთი ბევრი მყავს, უფრო მეტი კი მწყერები თავში... ერთადერთი მტერი სასმელია, მაგრამ შენ რომ გიყურებ, ისედაც მთვრალი ვარ ხოლმე, ასე რომ გვარიანი ფული დამეზოგება, მოგებაშიც კი დავრჩები...
ვარდები, ტიტები, გვირილები... სანთლები, სიბნელე, ზღვა, მზის ჩასვლა, რა საჭიროა ამის მოყოლა? ყველაფერი ხომ ისედაც ცხადია?
ადამიანი იყო ისიც და ადამიანად ვგრძნობდი მეც თავს, არც სინდისის ქენჯნას გავიკარებ ახლოს და არც იმ ყოვლად აღმაშფოთებელ აზრს მივცემ განვითარების საშუალებას, რომ მე და ელენეს, წარსული სიყვარულით ჯერ კიდევ გაბრუებულთ, ერთმანეთი კი არა, ისევ ჩვენი ძველი სიყვარულები გვიყვარდა.
XXX
ქუჩაში მომავლებს ნიკო შემხვდა, ნიკო ომანაშვილი, „ნაცხოვრები“ კაცი.
-როგორ ხარ ნიკო ძიავ, ჯანმრთელობის ამბავი როგორაა?
-მაგრად ვარ მაგრად, ბოზების ჯინაზე! - თავისებურად, გულიანად ჩამომართვა ხელი.
რა თქმა უნდა, თუ ნაცხოვრები ხარ, ისე ჩვეულებრივად ვერ იქნები კარგად, აუცილებლად ბოზების ჯინაზე უნდა იყო, მერე თავისი თანამოსაუბრე გამაცნო.
-როლანდა ფურცხვანიძე, „პრისტუპნიკი“ კაცი, რუსეთები, ევროპები რამე, ახლა აქაა... უწესიერესი კაცი, ჩვენი ძმა, ერეკლე ზაკალაშვილი.
-მე ჩემი ცხოვრებით ყველა წესიერის და პარიადაჩნი კაცის პატივისმცემელი ვარ, ჩემო ძმაო - თქვა როლანდამ.
ეს წესიერება, სხვათა შორის იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმემ რამე მოიპარა, „მომპარავს“ ვუწოდებ და არა ქურდს, ასევე, თუ შფოთსა და აყალმაყალში გავეხვიე, პოლიციას არ მივმართავ, აი თუ მივმართე, ჩემზე არასოდეს, არასოდეს იტყვიან, წესიერიაო.
-დიდი ხანია გამოხვედით? გავიგე, უკრაინაში იჯექით.
-საიდან მიცნობ, ჩემო ძმაო?
-ქალაქიდან.
უფრო ზუსტი ვიქნებოდი მეთქვა, რომ მისი დეიდაშვილი ჩემი მეზობელია და ყოველ საღამოს „ბესედკაში“ თავის შავი გაგების ნათესავზე ლაპარაკით ტვინი წაგვაჭამა. მაინც „ქალაქიდან ცნობა“ უფრო პატივია, როლანდის სახეზე კი ნატანჯი კაცის უბედურება ამოვიკითხე და გადავწყვიტე, მისი ოდნავი გამხნევება ჩემს კახელობას არაფერს დააკლებდა.
-ორი თვე იქნება, გაიხარე, მადლობა ძმაო, კაი ხალხის ნახვა ყოველთვის მიხარია.
მაგრამ ნიკოს ჩემს შესამკობად გაცილებით მნიშვნელოვანი არგუმენტი აღმოაჩნდა.
-ეს იცი ვინაა, როლანდ? აჩიკო მანოშვილის ძმისშვილია! - მერე იქ მყოფ ახალგაზრდობას მიუტრიალდა, რომელნიც მოკრძალებით უყურებდნენ მორიგეობით ხან როლანდას, ხან ნიკოს - იცით ბიჭებო, ვინ იყო აჩიკო მანოშვილი?
ახალგაზრდებს ძალიან უნდოდათ რომ სცოდნოდათ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ. სახეზე ეტყობოდათ, რომ ოღონდაც გაეგოთ და აწი არასოდეს დაივიწყებდნენ.
-ბიძაშვილის შვილი - შევუსწორე ნიკოს - ძმისშვილი არა.
-აჩიკო მანოშვილი იყო ის კაცი, რომელმაც ჩვენს ქალაქში „ქურდული ცივილიზაცია“ შემოიტანა - დინჯად თქვა ნიკომ, ისე რომ ყურადღებაც არ მიუქცევია ჩემი შენიშვნისთვის.
-აჩიკო იყო ლეგენდა! - დაამატა როლანდა ფურცხვანიძემ - 70-იან წლებში ზეპელინების ყველა კასეტა ჰქონდა, ჰიპურად ეცვა... ეგ რო ლაპარაკს იწყებდა, ქარხნები მუშაობას აჩერებდნენ, მაგარი ბიძა გყავდა ძმაო.
ახალგაზრდებმა აღტაცებით შემომხედეს, ალბათ ჩემს ერთ მკვდარ ბიძაში ნახევარ სანათესაოს გამიცვლიდნენ, მაგრამ მე ელენე მელოდებოდა, საჩქაროდ გამოვემშვიდობე ყველას და მასთან დავბრუნდი.
XXX
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ხალხია, ქალაქის ტბა ჩემი საყვარელი ადგილია. აქ ვსეირნობდით ხოლმე ხშირად და ათას სისულელეზე ვსაუბრობდით.
-ყოველთვის ვვარაუდობდი, რომ დედამიწაზე არსებულ იმ უამრავ შესანიშნავ ნივთთა შორის, რომელიც კაცობრიობას გამოუგონია, ქალის ჩანთა ყველაზე ამაღელვებელი რამაა, თითქოს მთელს ქალურობას აქ მოუყრიაო თავი - ვუთხარი ერთხელ ელენეს, ტბის პირას სეირნობისას - თუ ნებას მომცემ, შიგნით ჩავიხედავ.
-არა, ეს არაფრით გამოვა, ჩანთა ძალიან პირადი და ინტიმურია...
-პირადი და ინტიმური, განა შიგნით პრეზერვატივებია?
-აჰა ღმერთო, ეს საიდანღა მოიტანე, აი ჩაიხედე, მსგავსი არაფერია, ჩახედე, ჩახედე. იცინი, მამასხარავებ, ხომ?
ყველაფერთან ერთად, ელენე ძალიან მიამიტი და ბავშვური იყო, არ ვიცი, როგორ მოახერხა, მაგრამ ასე იყო.
ეკა ნამდვილი საყრდენი იყო, მტკიცე ნებისყოფით, კარგად ჩამოყალიბებული პრინციპებით, რკინისებური ლოგიკით. ყველა საგანს, მოვლენას, ნივთს და ადამიანს მის სამყაროში მკაცრად განსაზღვრული ადგილი ეკავათ. ზუსტად იცოდა, რა უნდოდა, ასევე ისიც, რა ენდომებოდა ხვალ. მას ენდობოდნენ, საიდუმლოს უმხელდნენ და რჩევას ეკითხებოდნენ. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც ყველაფერი პირიქით იყო, ეს მე გახლდით.
ელენე იორდანიდი კოსმოსს ჰგავდა, ყოველ წუთს სხვადასხვაგვარი. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მე მას ბოლომდე ვერასოდეს გავიცნობდი, თუმცა ეს ამბავი მახალისებდა კიდეც.
აღარ იყო უწინდებურად დარდიანი, ჩემს ყველა ხუმრობაზე, მათ შორის უკბილოზეც, გულიანად კისკისებდა, ყოველ დღე სხვადასხვა ტანსაცმლით გამოდიოდა სახლიდან და თუ ჩაცმულობას სულ მცირე ცხრაჯერ არ შევუქებდი, სახლში გარბოდა გამოსაცვლელად.
და ერთ დღესაც მე მის თვალებში ის ბედნიერების ცისკარი შევნიშნე, რომელიც მაშინ, ჩვენი პირველი შეხვედრისას ჰქონდა, კლინიკის მოსაცდელში.
აღარ ახსენებდა თავის ძველ სიყვარულს, აღარც ის და აღარც მე, თუმცა კი ძალიან ცოტა დრო იყო გასული, სულ რამდენიმე კვირა.
ერთად კარგად ვგრძნონდით თავს, მგონი ბედნიერადაც კი. ამის და ალბათ კიდევ სხვა მიზეზების გამოც, ძალიან ხშირად ვიყავით ერთად.
ტბის გარშემო, წრეზე, უამრავი წყვილი სეირნობს, ძირითადად, ძაღლი და ადამიანი, მაგრამ ადამიანების წყვილიც გამოერევა ხოლმე. ამაში საოცარი არაფერია, მაგრამ ერთი წყვილი მაინც...
სამჯერ მოვიფშვნიტე თვალები, რამე ხომ არ მეჩვენება მეთქი.
ჩვენს წინ, ასიოდე მეტრში, ხელიხელგაყრილი მოსეირნობდნენ ეკა ბაციკაძე და ბექა ხვედელიძე.
XXX
ერთხანს ოთხივე გახევებული ვიდექით, ბოლოს ისევ მე გამოვერკვიე.
-როგორც ჩანს, ჩვენ ოთხი, სირთულეებს არ ვუშინდებით და მოწყენასაც არ ვაპირებთ.
-ჰო, მცირეოდენი გადანაცვლებებია, სულ ოდნავი - ამოიღო ხმა ბექამაც, მხოლოდ ძალიან ღელავდა, საქმე იმაში იყო, რომ ძალიან გვიან დაგვინახა და ჩემგან განსხვავებით, გამორკვევა ვერ მოასწრო - ცვლილებებია ჩვენ ოთხში.
-ძალიან უმნიშვნელო ცვლილებები. სახსენებლადაც არ ღირს - რაღაცნაირად მოვახერხე მშვიდად ყოფნა.
-სულ მცირე, სულ ოდნავი ... გადანაცვლებებია ... მაინცადამაინც ჩვენ ოთხში...
-იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს გადანაცვლებები ბოლოა! - ვთქვი მტკიცედ - თორემ, მიუხედავად ანტიდისკრიმინაციული კანონის მუშაობისა, გადანაცვლების შემდეგი შედეგი ვერაფრით წარმომიდგენია.
-მე და ეკა ვმეგობრობთ, მხოლოდ ვმეგობრობთ.
-თავი და თავი ამ უცნაური ამბისა რითმებში ძევს, ჩვენ კი ეს არ გავითვალისწინეთ - შევნიშნე მე - თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავით, რომ რამდენადაც ერეკლე და ელენე ერთმანეთს ერითმება, ისევე როგორც ბექა და ეკა, ამ თვალსაზრისით...
-თქვენი ნებართვით, დაგემშვიდობებით - შემაწყვეტინა ეკამ ცივად - კარგად ბრძანდებოდეთ.
-მშვიდობიან დღეს გისურვებთ.
XXX
-რძიანი გზა - თქვა ელენემ - ძველი ბერძნები ჩვენს გალაქტიკას რძიან გზას უწოდებდნენ.
ეს ვიცოდი, მაგრამ ახლა რა შუაში იყო, ამას ვერ მივხვდი.
-მართლა რძეს ჰგავს ჩვენი ცხოვრება, თუ მაგრად და დიდხანს შეანჯღრევ, კარგი და ცუდი განცალკევდება. აი, ასე შეგვანჯღრია ჩვენ ოთხი ცხოვრებამ.
-ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია! - გავაპროტესტე მე - რაკი ბერძნებს მივადექით, უნდა გვახსოვდეს მეფე კრეზი, რომელსაც სოლონ ათენელმა უთხრა, აბა რა ვიცი ბედნიერი ხარ თუ არა, ჯერ ხომ არ მომკვდარხარო? კრეზი ამაზე სიცილით დაიხრჩო, რამდენიმე წელიწადში კი ტყვედ ჩაუვარდა იმ წყეულ კიროს აქემენიანს.
-რატომ წყეული?
-აბა რა ვიცი, ჩემი აზრით, ყველა სპარსი წყეულია.
-ყველა?
არა, რასაკვირველია, ყველა არა, ჰაფეზი, რუდაქი, ანსარი, ომარ ხაიამი, დიდებული ხალხი იყვნენ, რუმი და ფირდოუსი, ნიზამი გენჯევიც, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამეებს? ჯანდაბას წარსული, თანაც სხვისი! საკუთარ აწმყოზე გვაქვს საფიქრალი, რომელიც ძალიან საინტერესოა, თითქმის სასაცილოც, აი დალახვროს ეშმაკმა!
ვინმე იფიქრებდა?
ელენე კი მიაბიჯებდა და გაუთავებლად იმას იმეორებდა, კარგი ცალკე წავიდა და ნაგავი კი ცალკეო.
-საკუთარი თავი თუ არ გებრალება, მე რაღა დავაშავე? რატომ ვარ ნაგავი?
თავისებურად, ალალად, ბავშვურად შემომხედა.
-მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა, ჩემს თავზე ვთქვი, მხოლოდ ჩემს თავზე, მაგრამ ხომ გესმის, რომ მათ მიგვატოვეს, ჩვენ უარყოფილები ვართ, ზედმეტი და უსარგებლო ნივთები, რომელიც უნდა მოიცილო და მერე ცხოვრება უკეთესი ხდება, აკი გახდა კიდეც მათთვის, ერთმანეთი მონახეს და მშვიდად დასეირნობენ, ისე თითქოს სულ ერთი თვის წინ მათთვის ძვირფასები ადამიანები სასიკვდილოდ არ გაემეტებინათ.
-ჩვენც ხომ დავსეირნობთ? ერთმანეთი ჩვენც ხომ მოვნახეთ?
-ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა.
-ერთი ნობელიანტი მწერალი ამბობდა, გაჭირვებულ კაცს ჰგონია, თავისი გაჭირვება ყველაფრის უფლებას აძლევსო, ცხადია ეს ასე არაა და ამის მიხვედრას ნობელის პრემია არ სჭირდება. არაფერს მოგვცემს მათი ლანძღვა, ჩვენ არ ვიცით ისინი რას გრძნობდნენ და არც ის, რას იგრძნობენ მომავალში! შესაძლოა სიცოცხლის ბოლომდე გაყვეთ სინდისის ქენჯნა, ყველა თავიანთი უბედურების მიზეზად ღვთისგან მოწეული სასჯელი დაინახონ.
-ისინი ბედნიერები არიან, ჩვენ არა!
-როგორ შეგიძლია ასეთი აზრები გქონდეს, მაშინ როდესაც... როდესაც ჩვენ... ერთმანეთი გვყავს?
შედგა და გაკვირვებული დამაცქერდა.
-როგორ თუ ერთმანეთი გვყავს, ჩვენ ხომ მხოლოდ ვმეგობრობთ?
-არა, ჩვენ ერთმანეთი გვყავს, თუ, რა თქმა უნდა, ისევ ბექა არ გიყვარს.
კვლავ გაოცებულმა შემომხედა.
-ბექა მიყვარს? არა, რა თქმა უნდა არა, ოდესმე მიყვარდა თუ არა, ახლა მაგაშიც ეჭვი მეპარება. ალბათ მასაც არ ვუყვარდი, სრულიად მარტო ვიყავი და შესაძლოა, სავარაუდოა, რომ შევებრალე. შენც თანაგრძნობა გაქვს, განადგურებული დამინახე და შეგეცოდე, ესაა და ეს, ახლა ვეღარ მტოვებ. მეც, ალბათ მფარველს ვეძებ... თავს ნუ მოიტყუებ, შენ უბრალოდ სხვა გზა არ გქონდა, როგორც კარგ, უფრო სწორად, ძალიან კარგ ადამიანს. რაღაცნაირად დავალაგებ ჩემს ცხოვრებას, წავალ ჩემი გზით, და შენც მიხვდები, რომ არაფერი ყოფილა ჩვენს შორის გარდა სიბრალულისა...
უცბად გაჩერდა და ცრემლები წასკდა.
-სისულელე იყო ყველაფერი, რაც გელაპარაკე, ვერსადაც ვერ წავალ, იმიტომ რომ მიყვარხარ!
პირველად თვითონ მითხრა, მიყვარხარო.
ცოტა ხანს მდუმარედ მივაბიჯებდით.
-შენ ჩემს გამო არავისთან შეგრცხვება - თქვა ჩუმად - აი, ნიკოსთან და როლანდისთან, ყველგან თამამად იყავი.
მივხვდი, რასაც გულისხმობდა.
შორს, მტკვრის ხეობაში თოლიები დაფრინავდნენ, ოთხნი იყვნენ, ორი მაღლა და ორიც დაბლა, ქარი არხევდა მათ პატარა სხეულებს, მაგრამ მე არ ვიცოდი რომელიც იყო ცუდი და რომელი კარგი.
XXX
-გამარჯობა, მე ელენე იორდანიდი ვარ, ერეკლეს მეგობარი, მომწერა, მაღალი სიცხე მაქვსო, შეიძლება ვინახულო?
-ძალიან მაღალი სიცხე აქვს, გუშინ სახლიდან ახალი ნაბანავები გავიდა - თქვა დედაჩემმა.
-ალბათ სადმე ეჩქარებოდა.
-ძალიან, ძალიან ეჩქარებოდა, ლექსომ დაურეკა, ხაში ვჭამოთო, თმებიც არ გაუშრია, ისეთი კისრისტეხით გაიქცა - ამ სიტყვებზე დედაჩემი ელენეს ჩემს ოთახში შემოუძღვა.
მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ არაფერი მომჩვენებია, ელენეს რომ შევხედე, სადღაც გამქრალიყო ის სუსტი და აცახცახებული მზეთუნახავი, შარაზე რომ გამოსულა და არ კი იცის, საით წავიდეს.
ძუ ვეფხვი იცქირებოდა მისი თვალებიდან. რატომ ვეფხვი? ყველაზე ლამაზი ცხოველია, ელენეც ძალიან ლამაზი იყო.
ახლაც ლამაზია.
-თქვენი ნებართვით, ავადმყოფს მე მოვუვლი, თუ თვითონ არ იქნება წინააღმდეგი - ხმაც რაღაცნაირად მტკიცე და შეუვალი ჰქონდა, ასეთს ვერასოდეს წარმოვიდგენდი. დედაჩემს გაეღიმა.
-მორიგეობით მომიარეთ - ამოვიხრიალე ძლივს - ან ფუნქციები გადაინაწილეთ, თუმცა დაიცა, ძირს კოლაბორაცია, გაუმარჯოს კონკურენციას! ე.ი. იმის თქმა მინდა, რომ ერთმანეთს შეეჯიბრეთ, ვინ უფრო კარგად მომხედავთ.
-არანაირი შეჯიბრი არ იქნება! - თქვა დედაჩემმა - ჩემი ამას აღარაფერი სჯერა და სრულად გადმოგცემთ ყველანაირ უფლებას, რაც მასზე გამაჩნდა.
-ზედნადების გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ასევე საგადასახადო ანგარიშფაქტურისაც - ვცადე გახუმრება - საქონლის დასახელება - ერეკლე ზაკალაშვილი, წონა - ოთხმოცი კგ, მდგომარეობა - სავალალო, ორმოცი სიცხით, რეკომენდებულია საავადმყოფოში, ანდაც პირდაპირ დამკრძალავ ბიუროში დარეკვა.
ექვსი დღე ვებრძოდი მაღალ სიცხეებს, ხან გონებასაც ვკარგავდი. ექვსი დღე მეჯდა სასთუმალთან ელენე და არ მომშორებია, ექვსი დღე ედო თავისი გრილი ხელი ჩემს გახურებულ შუბლზე და არ აუღია. არაფერი მშველოდა, არც ინექცია, არ წამალი, მხოლოდ ელენე იორდანიდის ანგელოზზე ლამაზი სახე მზის სხივებით ამოქარგულიყო ჩემს მიმქრალ მეხსიერებაში და ამქვეყნიდან წასვლის უფლებას არ მაძლევდა.
შემდეგში გაირკვა, რომ ლექსო და ხაში არაფერ შუაში იყვნენ, სამყაროს ახალი პანდემია წვეოდა და პირველი სტუმრობის პატივი ჩემთვის დაედო.
მეშვიდე დღეს გავახილე თვალი და ფეხზეც გავიარე, ახალფეხადგმული ბავშვივით ვიყავი. მწოლიარე კაცს ექვს დღეში ცხრა კილოგრამი დამეკლო. ელენეს შევხედე და თექვსმეტი წლით დაბერებული მეჩვენა.
-წავალ სახლში - მითხრა უსიცოცხლო ხმით - ცოტას დავისვენებ, შენ უკვე კარგად ხარ.
არა, არსადაც არ წავა, ვთხოვ, რომ დარჩეს, ძალიან, ძალიან ვთხოვ, ავადმყოფ კაცს უარს ხომ არ მეტყვის? რაც შეეხება გამოძინებას, ამისათვის ჩემი სახლიც გამოდგება, რომელსაც რაც მალე ჩათვლის თავისად, მით უკეთესი. დედაჩემიც დამბაჩის ყიდვას აპირებს, რომ თამარა მამიდას პასუხი აგებინოს ამ „ანგელოზივით გოგოს ბერძნის ბოზად მოხსენიებისათვის“, აი ასე!
ჩემი ქორწილი დიდებული იყო ყოველმხრივ, მეჯვარედ პოლიციის მოქმედი უფროსი, ბატონი ირაკლი გვაზავა მყავდა, თამადად - გადამდგარი ძველი ბიჭი ვაჟა ჭიჭიკოშვილი, რომელიც ახლა ღვთისმოსაობაშია ჩაფლული. ირაკლიმ, როგორც გახსოვთ, ერთხელ ჩემი გალახვის ბრძანება გასცა, რომელიც მისმა ხელქვეითებმა არ შეასრულეს, თუმცა ის იმედს იტოვებს, რომ შემდეგში მისი თანამშრომლები უფრო დამჯერები გამოდგებიან. რაც შეეხება ვაჟას, წინა დღეს თავის მეზობელს ღვთის შეწევნით თავპირი გაუერთიანა და ახლა მხარი სტკივა, შიშობს ამან თამადობაში ხელი არ შეუშალოს, თუმცა აქაც უფლის იმედი აქვს, რომელთან შუამავლობაც წმინდა ნიკოლოზს სთხოვა.
ქორწილში ყორანიც მობრძანდა, მჭმუნვარე და გრაციოზული სახით. ხელი ვტაცე და შამპანურის ჭიქაში თავი სამჯერ ჩავაყოფინე.
-მეტი პატივისცემა უფროსებისა! - სცადა სახის შენარჩუნება - ისიც გეყოს, ქორწილში რომ არ დამპატიჟე, ასე გახსოვს ძველი მეგობრები?
ახლა ფეხში წავავლე ხელი და ხუთჯერ დავატრიალე, შემდეგ მაგიდაზე დავსვი, თუმცა რეტდასხმულმა თავი ვერ შეიმაგრა და ძირს მოადინა ზღართანი.
-შენი ხმა არ გავიგო! - ვუთხარი მკაცრად - ელენეზე კრინტი არ დაძრა, თორემ ცოცხალი ვერ გადამირჩები!
-ნება მომეცი მხოლოდ დაგლოცოთ, ჰოჰოჰო, რა ღვინოა, გაიხაროს ამის დამწურმა, ერთი ეგ ხაშლამაც მომაწოდე, დიდებულია. მწვადი და ხაჭაპური? არა, მაგდენს ვერ შევჭამ. ე.ი. მე მინდა ბედნიერება გისურვოთ, რომელიც, როგორც იცი, არც ისე ადვილი საქმე იქნება.
-ასეა - დავეთანხმე მეც - მაგრამ ელენესთან უფრო ადვილი იქნება, ვიდრე მის გარეშე, თუმცა შენ ხომ პირიქით, ჩემი უბედურებისათვის იღწვი?
-რას იზამ, მეგობრობა მეგობრობაა, მაგრამ საქმეც საქმეა. ეჰ, კარგი იქნებოდა სხვა სამუშაო მქონოდა, მაგრამ რა გაეწყობა? მამაჩემის სული რომ აძაღლდა, შავ პიარს მიაწექი შვილო, ნაღდი საქმეა, პურს გაჭმევსო.
-რაო შენმა უფროსმა, სამსახურიდან ხომ არ გაგდებს?
-შეიძლება მასეც მოხდეს, მაგრამ დიდად არ ვინაღვლებ, საქართველოში ამ საქმეში ფული არ იშოვება, აი რუსეთი სხვა საქმეა.
-აბა, აბა, რუსეთის ქება არ დაიწყო ახლა, გინდა კიდევ დაგისხამ?
-სულ კილონახევარი ვარ, ორ ჭიქა როგორ დავლიო? მისმინე, შენთან საქმეზე ვარ მოსული.
-მიდი ამოშაქრე, რა გინდა.
-მე შევატყე, რომ სტანდარტული გაჭირვებებით ვერაფერს გიხერხებ, დიდი გაიძვერა ვინმე ხარ, რას იტყვი, თუ რამე უცნაურს მოვიფიქრებ, საინტერესოს?
ბოლო სიტყვას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.
-რა მოგახსენო ჩემო ყორანო, თავგადასავალი მოსაყოლად და წასაკითხადაა კარგი, თორემ საკუთარ თავზე გადამხდარი რა ბედენაა? თანაც, ახლა უკვე ელენე მყავს.
წასვლისას ყორანმა ბრჭყალი გამომიწოდა და დასძინა, მე ისეთ რამეს მოვიფიქრებ, შენც კმაყოფილი დარჩები და იქ, ზევითაც გაეხარდებათო.
XXX
ვიცოდი, რომ მე და ელენეს იმაზე მეტი დრო გვექნებოდა, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ამიტომაც თადარიგი უნდა დაგვეჭირა, რომ მოწყენას არ შევეწუხებინეთ.
თეატრი, კინო, სტადიონი, მეგობრები, სალონური საუბრები - მაინც ყველაფერს შიშის სურნელი დაჰკრავდა, შიში იმისა, რომ ერთ დღეს მათ ფასი დაეკარგებოდათ.
თეატრის წლიური აბონემენტი - დოკუმენტი, რომელიც უპირატესად ბედნიერ ადამიანებზე გაიცემა, მაგრამ ჩვენთან ეს სხვაგვარად იყო, ჩვენ ვიცოდით, რომ სპექტაკლზე წასასვლელი დრო ყოველთვის გვექნებოდა.
რატომაა ქორწინება ამბის დასასრული? და რაც მთავარია, უფერული დასასრული? მთავრდება ბოჰემა და იწყება რუტინა? ეგებ ტოლსტოი დაგვეხმაროს, ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყველა უბედური უბედურია თავისებურადო? მის მსგავსად, იქნებ ყველა ცოლ-ქმარი ცოლქმრობას ერთნაირად ეწევა და შეყვარებული კი ყველა თავისებურადაა?
ამბავი მთავრდება ქორწინებისას და იწყება ერთფეროვანი ცხოვრება, რომლისა აღწერაც აღარ ღირს, მაგრამ ჩვენთან სხვაგვარად მოხდა.
XXX
ექიმმა სოსო დოლაბერიძემ სათვალე ჩამოიწია და რიგ-რიგობით დაგვაცქერდა ჯერ მე, შემდეგ ელენეს, თან ხელში იმ ფურცელს ატრიალებდა, რომელიც ჩვენ თვითონვე გადავეცით.
-ჩვენს კლინიკას ფსიქიატრიული განყოფილება ჰქონდა, ახლა სამწუხაროდ აღარ აქვს, ამიტომ ვერაფრით დაგეხმარებით, სხვაგან უნდა წახვიდეთ.
-არა, არა ექიმო, ჩვენ შვილიერების ტესტზე ვართ მოსული, საგიჟეთი რა ეშმაკად გვინდა?
-თავად განსაზღვრეთ, ბატონო ერეკლე, თქვენ გსურთ შვილიერების ტესტი ჩავუტარო თქვენს მეუღლეს, რომელიც... ისედაც ორსულადაა. ეს დასტურდება როგორც ქორიონული გონადოტროპინის, ასევე ჭავლური და ელექტრონული ტესტებით, მენსტრუალური ციკლი კარგა ხნის შეწყვეტილია, ყველა სიმპტომი სახეზეა, მათ შორის ვიზუალურიც... განა ვერ ხედავთ, რომ მუცელი უკვე წამოზრდილია?
მართალს ამბობდა ეს კაცი, ნამდვილად საგიჟეთის მუშტარი ვიყავი. ისევ ელენემ მიშველა.
-ნუ დაგვძრახავთ სოსო ექიმო, თქვენ არ იცით რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ - დაიწყო თბილი, გულში ჩამწვდომი ხმით - მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი სწორედ შვილიერების შემოწმებაზე გავიცანით, პასუხები ორივეს უარყოფითი გვქონდა, თანაც ისეთი, რომ მკურნალობას არ ექვემდებარებოდა. ამ ტრაგიკულმა მოვლენამ ერთმანეთთან დაახლოება გაგვიადვილა.
ორსულობის გაგება ყველა წყვილისთვის უბედნიერესი წუთებია, ჩვენ კი გაოცებისაგან ერთი თვე გონს ვერ მოვედით. თავად განსაჯეთ, განა შეიძლება ასეთი დამთხვევები არსებობდეს? ტესტი შესაძლოა ჩემს შემთხვევაში შეცდა, შესაძლოა კი არა, უეჭველად შეცდა, მაგრამ ერეკლე... ის მე მენდობა და მე ვიცი, რომ სწორედ მისგან ვარ ფეხმძიმედ, მაგრამ იმდენად აფორიაქებული გახლდით, კარგა ხანი ვერ შევძელი მისთვის ამის თქმა...
ექიმი მდუმარედ გვისმენდა, თან მაგიდაზე თითებს ნერვულად აკაკუნებდა, ეტყობა, ჩვენმა ამბავმა მასზე გვარიანად იმოქმედა.
-სტაჟიორი! - გასძახა დერეფანში მდგომ ახალგაზრდას - მამრიკიშვილი! ჩადი ლაბორატორიაში და ზაკალაშვილის ტესტის პასუხები გამოართვი, ხვალისთვის ჰყავთ დაბარებული, მაგრამ უკვე ექნებათ მზად - შემდეგ ჩვენ მოგვიბრუნდა - ტელეფონით დარეკვაც შემეძლო და ტესტის ელფოსტაზე მიღებაც, მაგრამ ეს პატივცემული იქ ერთ გოგოს თვალებს უნაბავს და დღეში ცხრაჯერ ვგზავნი ათას სისულელეზე, ახლაც, ნახევარი საათი ამის მოსვლის იმედი არ უნდა გვქონდეს.
ექიმმა გულდასმით შეისწავლა ის ანალიზები და დასკვნები, რომელიც მამია კალანდაძის კლინიკაში მოგვცეს.
-უშვილობაა ორივეგან, წყალი არ გაუვა! - თქვა გადაჭრით - მაგრამ ამათ რა ვუყოთ? - ხელი გაიშვირა ჯერ ელენეს მუცლის, შემდეგ კი თვალებისაკენ - ასეთი თვალები არასოდეს ტყუიან, სამოცდაათი წლის ექიმ კაცს ცხოვრებისა რაღაც გამეგება, მას თქვენ უყვარხართ, ძალიან უყვარხართ და ისედაც, შინაგანად ძალიან პატიოსანი ადამიანია, სოსო დოლაბერიძე ამ სიტყვებს ყოველ დღე არ ამბობს!
ამასობაში სტაჟიორიც მოვიდა და ჩემი ახალი ანალიზები მოიტანა. სანამ ექიმი მას წაიკითხავდა, ცხრაჯერ მოვკვდი და ისევ აღვსდექი მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ყივჩაღივით.
-ასეც ვიცოდი, ყველაფერი რიგზეა! - თქვა ექიმმა - ხარივით ჯანმრთელი ხართ, ერეკლე ზაკალაშვილო, ელენეც თუ შეგიწყობთ ხელს, კახთბატონ ირაკლისაც გაეჯიბრებით, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, სულ მცირე, თვრამეტი შვილი ჰყოლია ჩვენს საყვარელ მეფეს.
მივხვდი, რომ ძალა მელეოდა, ელენეს ხელზე ხელი მოვუჭირე, წამოდგა და თავზე ხელი გადამისვა.
-გამაგრდი ბიჭო, რა დაგემართა? - თქვა ღიმილით - აი, ასეთი მყავს სოსო ექიმო, ვითომ კახელია, ვითომ არაფერი აღელვებს და სინამდვილეში ისეთი მგრძნობიარეა, ბალზაკს რომ ეს ენახა, ერთ დიდ რომანს მიუძღვნიდა.
თავი ხელში ავიყვანე, ფეხზე წამოვდექი, გამომშვიდობების ნიშნად ექიმს ხელი მაგრად ჩამოვართვი და მხნედ განვაცხადე.
-დიდი მადლობა ყველაფრისათვის, თქვენისთანა გულისხმიერ ხალხზე დგას სამყარო, ეს უეჭველად ვიცი! და არა მამია კალანდაძის სალახანა ექიმებზე! მეც მივქარე, იქ რომ მივედი, თუმცა დაიცათ, კიდევ კარგი იქ მივედი, სხვაგვარად ხომ ელენეს ვერ შევხვდებოდი?
-საწყალი მამია - თქვა სოსომ - მისი პრაქტიკანტი ვიყავი, ათი წლითაა ჩემზე უფროსი, მაგრამ დაბერდა და სრული ანარქიაა მის საავადმყოფოში, კულუარულად მითხრეს, არავინ არაფერს ეკითხება, ყველაფერს მისი მოადგილე, მანანა ფანჩულიძე წყვეტსო, რომელიც ოფიციალურად მგონი მოადგილეც არაა. ზოგი რას უჩივის მაგ საავადმყოფოს და ზოგი რას, მაგრამ ასეთი აქამდე არაფერი ყოფილა, ერთბაშად ორი ტესტი შეცდომით, არც კი ვიცი რა ვიფიქრო.
-„ტალისკერი“ ჩემზე იყოს - ვუთხარი კაბინეტიდან გამოსვლისას - კვამლის ეფექტითაა და დიდებული დასალევია.
XXX
-მანანა ფანჩულიძეო, მგონი ასე თქვა, შენც ხომ გაიგონე? - მკითხა ელენემ.
-კი, ზუსტად მასე თქვა, იცი ვინცაა?
-რა თქმა უნდა, და მგონია რომ ჩვენი უცნაური ამბის ძაღლის თავი სწორედ მანდაა დამარხული.
-ოჰო, მაინც ვინაა ასეთი, საავადმყოფოს რუხი კარდინალი, შარლ მორის დე ტალეირანი თუ ფრანსუა ლეკლერკ დუ ტრემბლე? ან იქნებ თავად არმან ჟან დიუ პლესსი, ჰერცოგი რიშელიე?
-მორჩი ლაზღანდარობას, მანანა ფანჩულიძე ბექა ხვედელიძის დედაა.
XXX
სამასიოდე მეტრი მდუმარედ გავიარეთ.
-როგორ ფიქრობ, ვითომ ყველაფერი მათი მოწყობილია?
-არ ვიცი ელენე, ადამიანს ასეთ რაღაცას თუ აბრალებ, ათასჯერ შემოწმებული ფაქტები უნდა გქონდეს, ჩვენ კი ეჭვების მეტი არაფერი გვაქვს, კარგი, ვთქვათ შენი თავიდან მოშორება უნდოდათ და ეს გზა მონახეს, მაგრამ მე რაღას მერჩოდნენ?
-წარმოდგენაც არ მქონდა, დედამისი თუ იქ ამხელა გავლენებით სარგებლობდა, ვიცოდი, რომ უბრალოდ ექიმი იყო, სად, ეს არც მიკითხავს, ბექამ სადაც წამიყვანა, მეც იქ მივედი.
-როგორ გგონია, ბექა გარეული იქნებოდა ამ ამბავში?
-ვერ გეტყვი, მაგრამ თუ ეს ასეა, სადმე რომ შემხვდება, ერთ კარგ მადლობას გადავუხდი.
გამეცინა და ისევ ხელზე ხელი მოვუჭირე.
-მადლობა მე ეკასთვისაც მაქვს სათქმელი, ასევე დასაფასებელია მისი შესანიშნავი ძმის ღვაწლიც, შესაძლოა ის პირველი პრორუსია, რომელმაც კარგი საქმე გამიკეთა.
ელენემ ამოიოხრა.
-მასეთ ღვაწლს კაცობრიობა კიდევ განაგრძობს, უფრო მეტი მონდომებით.
-უცნაური რომანი კი გამოგვივიდა - ვთქვი სიცილით - ერთმანეთი რომ ვნახეთ, ორივე სხვაზე ვიყავით შეყვარებული, მერე ჩვენმა რჩეულებმა პანღურები გვკრეს, ლუდის ბარში შევხვდით და იქიდან გურიაში ამოვყავით თავი, ტბაზე სეირნობისას ჩვენს ყოფილებს გადავაწყდით და მერე სიყვარულში გამომიტყდი, შენ გამომიტყდი პირველად, ფეხმძიმედ დარჩი და მთელი სანათესაო ზეიმობდა, მხოლოდ ჩვენ ვიჯექით სამი თვე გაშტერებულები და არ ვიცოდით რა გვექნა.
-ჰო, ეს ყველაფერი ასეა, ოღონდ ღვთის გულისათვის, ამის შემდეგ აღარ თქვა, რომ ორივე სხვაზე ვიყავით შეყვარებულები.
XXX
ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ბოლოს ისევ ლუდის ბარში მივედი.
-დაასხი შე უსაქმურო - ვუთხარი ბარმენს - რას ჩაშტერებიხარ მაგ ტელეფონს?
-აჰა, აი შენც მოხვედი! - გაუხარდა ჩემს მეგობარს - როგორც იქნა მიხვდა შენი ზეინტელექტუალური გონება, რომ სასმლის გარეშე მაინც არაფერი გამოვა.
-უბედურება მეწია, ელენე დავკარგე, დაიცა ბიჭო, რა ფერი დაგედო, კარგადაა, არაფერი მოსვლია, და ისევ ჩემთანაა, მაგრამ...
-ჯანდაბა შენ და შენს ქარაგმებს - თქვა ზურამ და ლუდის დასხმა დაიწყო - აღარ იტყვი რა მოხდა?
-საქმე იმაშია, რომ იმ ლაწირაკის გამოჩენის შემდეგ... ე.ი. მე მინდოდა მეთქვა, რომ ჩემი შვილის დაბადების შემდეგ, ელენე იორდანიდისთვის ერეკლე ზაკალაშვილი საერთოდ აღარ არსებობს.
ზურას გაეცინა.
-საწყალმა გოგომ იმხელა სტრესი გადაიტანა, ბავშვს, ალბათ როგორც ღვთის სასწაულს, ისე უყურებს, არაფერია, გაუვლის. შენც მაგარი ვინმე ხარ, სამი თვის ბავშვი მიატოვოს და შენ დაგიწყოს ფეხის გულების ფხანა?
-ქმრისადმი გამოჩენილი სულ ოდნავი ყურადღება არ წარწყმედს შვილთან ურთიერთობის კოსმიურ გრძნობას, რაც შეეხება ფეხის გულებს, ბავშვი მაგაშიც ვიმსგავსე, რაც უნდა აღნავლებული იყოს, მოუცაცუნებს ელენე თითებს, ეს ნაბიჭვარიც გაიყურსება, თვალებს მილულავს და ცოტა ხანში იძინებს. თუმცა რაებს ვბოდიალობ, დაასხი კიდევ ერთი.
-ნახე შენთვის რა მაქვს - მითხრა ზურამ და კარადიდან სანახევროდ დაცლილი ვისკის ბოთლი გამოიღო - მაკალანია, სამოცწლიანი დაძველებით, გინახავდი.
მივხვდი, რომ მპატიჟებდა, მაგრამ მაინც შევიშმუშნე.
-დალიე, დალიე - გამამხნევა ჩემმა მეგობარმა - ორ ჭიქას მეც გადავკრავ.
-რაღაც უცნაური სუნი ასდის - ვთქვი მე, როცა პირველი ყლუპი გადავკარი.
-ეს ხომ იცი, ხერესის კასრებშია დაძველებული...
-ხერესი არაფერ შუაშია, რაღაც სხვა სუნია.
-სხვა სუნი?
-ჰო, თითქოსდა... თაღლითობის სუნი.
ზურას გაეღიმა.
-ამა წინათ ვიღაც ორი ტიპი იყო მოსული, ჩაცმულობაზე ეტყობოდათ, ფული ჩეჩქივით უნდა ჰქონოდათ, რვა ჭიქა დალიეს და მთელი ბოთლის საფასური კი გამოუვიდათ, მეც ავდექი და ბოთლით გაყიდვა გავატარე.
-უჰ, შე ყალთაბანდო, ასე ამართლებ ნდობას, რომელიც გამოგიცხადეს?
-სანამ მეგონა, რომ მენდობოდნენ, მსგავსი რამ ფიქრადაც არ გამივლია, მაგრამ ერთხელ ყური მოვკარი, პატიოსან კაცს ბარში რა უნდა, ნაძირალა უნდა გყავდეს, მხოლოდ კარგად უნდა გააკონტროლოო. რასაკვირველია, მხედველობაში ჩემი ციხეში ყოფნის ამბავი ჰქონდათ.
-აღარ დამთავრდა ეგ ამბავი შენს ცხოვრებაში, რა გახდა ასეთი უსაშველო?
-იმ დღეს ლადო იყო მოსული - განაგრძო ზურამ მწუხარედ - თავის მეგობრებთან ერთად, აი ის, მაღალი წრის სამეგობრო რომ ჰყავს, შენ რომ „მოოჯახიშვილოებს“ ეძახი, თავი ისე დაიჭირა, თითქოს არც მიცნობდა.
-ბრიყვი!
-იქ მაინც არ ყოფილიყო, იმ კახპამ მამაჩემს ოცი ათასი დოლარი რომ სთხოვა სარჩელის უკან გატანის სანაცვლოდ.
-რაო, რაო, რა ოცი ათასი დოლარი? მე რატომ არ ვიცოდი?
-არ გითხარი, რადგან მიხაროდა, რომ მიუხედავად ამ ამბის არცოდნისა, შენ ჩემი ისედაც გჯეროდა.
-შენთვის ორი დრო არსებობს, მაგ წყეულ პროცესამდე და პროცესის შემდეგ, ადამიანებიც ორად იყოფიან - ვისაც შენი სჯერა და ვისაც არა, გამოდი ერთხელ და სამუდამოდ მაგ დაწყევლილი ამბის ტყვეობიდან.
-გახსოვს, ერთხელ მითხარი, ელიას კანეტმა თქვა, ინგლისელი ზღვაში გასული გემის კაპიტანია, გერმანელი მარშით მავალი ტყე და საფრანგეთი კი 1789 წლის რევოლუციაო, აი მეც ჩემი ორი წლის წინანდელი სასამართლო პროცესი ვარ. ადამიანებს რაც შეეხება, ისინი ორად საკუთარი ინიციატივით გაიყვნენ, ჩემი დახმარების გარეშე.
-გარდა სუბიექტურისა, იყო ობიექტური გარემოებებიც - ამ სიტყვებზე მესამე ჭიქა გადავკარი - ის რომ აქამდე მსგავს რამეში შემჩნეული არასოდეს ყოფილხარ, ასევე ისიც, რომ დღისით, მზისით, ხალხისა და კამერების დასანახად ქალებს ხელებს არავინ უფათურებს, მანიაკებიც კი, შენი თავდაპირველი ჩვენებაც იუველირის სიზუსტით დაემთხვა კამერების ჩანაწერს, მაგ ბოზანდარასაც თავიდან არაფერი უთქვამს, შემდეგ ეტყობა ვიღაცამ ტვინი აურია,
-სუბიექტური რაღაა? - მკითხა გულუბრყვილოდ.
-მთელი სასამართლო პროცესი ვაკვირდებოდი მაგ ძუკნას და ტრაკი საით ჰქონდა, ვერ დავინახე, ან სახე რას უგავდა, ან ხმა? რატომ უნდა დაიჯერო, რომ მასეთ ქალზე კაცს ტვინი აერიოს?
-ხომ იცი, მასეთები უფრო სახიფათონი არიან, ქალისთვის რაც ყველაზე უარესია, ყურადღების არქონაა, მერე ალბათ ბოროტდება... მაგრამ მე მაინც უფრო იოლი ფულის შოვნის სურვილი მგონია აქ მთავარი. მე ჩემიანებზე უფრო მებრაზება, რატომაა, რომ ადამიანებს ერთმანეთისა არ გვჯერა?
-სხვისთვის ტალახის სროლა საკუთარი სიგლახეების დაფარვის ყველაზე მოკლე გზაა, მაგრამ ამით საქმე არ კეთდება. მოვლენა, რომლის შესახებაც შეიტყვე, არსად მიდის და როგორადაც აღიქვამ, ისეთადვე რჩება შენში. ამას წინათ წავიკითხე, ფერები სინამდვილეში არ არსებობს, ეს ადამიანის ტვინი გარდაქმნის სამყაროში არსებულ რაღაც ნაწილაკებს ფერებადო, ფსიქოლოგები ალბათ იტყვიან, რომ სხვა დანარჩენიც მასეა. თუ ზურა ტატიშვილს მოძალადედ ჩათვლი, ეს ძალადობის აქტი შენში შემოვა და ცხოვრებას გაგიუარესებს, ეს უნდა იცოდე.
ზიზღისა და სიყვარულის ცენტრები სადღაც ჩვენი შესაძლებლობების მიღმაა და რაც მთავარია, ობიექტური საფუძველი არ გააჩნია. მე შვილს დანიელი დავარქვი, ახალზელანდიელი მორაგბის, დენიელ კარტერის საპატივსაცემოდ, ვინმეს შეუძლია გამოთვალოს, ეს რატომ გავაკეთე?
ტიტულოვანია ახალი ზელანდია, მაგრამ უფრო მეტი ტიტული სამხრეთ აფრიკას აქვს, უდიდესი მორაგბეა დენ კარტერი და სიმპათიურიცაა, მაგრამ არც სამხრეთაფრიკელი ანდრე პოლარდია ვინმეზე ნაკლები და გარეგნობაც ალბათ უკეთესი აქვს. ზელანდია თამაშის წინ იქაური მაორების საბრძოლო რიტუალს, ჰაკას აკეთებს, მოწინააღმდეგეს მუშტებს უღერებენ, სახეს მანჭავენ და ენას გარეთ ყოფენ, რითაც მოქიშპეს აგრძნობინებენ, შენი საქმე ცუდადააო. მრავალფეროვნების მხრივ ეს ძალიან კარგი რამაა, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით - უბრალოდ სასაცილო. სასაცილოა ამის გამო მათი გულშემატკივრობაც.
ჯორჯ ბესტმა თქვა ერთხელ, ყველაფერს გამოცვლი ცხოვრებაში, მათ შორის ცოლსაც, აი საყვარელ კლუბს ვერასდროსო, დენის ბერგკამპმა დაამატა, იმ კლუბში შენ სადღაც შენი თავი ნახე, ამიტომაც ხარ ერთგულიო.
ქრისტემ მაგიტომაც თქვა, გიყვარდეს შენი მტერიო, სიძულვილის ფუნქციას ობიექტური არგუმენტი არ გააჩნია.
ზურას ცოტა ხანი ხმა არ გაუღია, შემდეგ ჭიქას მოკიდა ხელი.
-ეს თქვენ გაგიმარჯოთ, შენ, ელენეს და პატარა დანიელს, რაც კარგია ამ სამყაროში, ყველაფერი თქვენთვის იყოს და იქიდან რომ საინტერესოს ამოარჩევ და არა ყველაზე დიდს, ამაში დარწმუნებული ვარ.
XXX
როგორც ყორანს განვუცხადე, თავგადასავლები და საინტერესო ამბები ოდენ წასაკითხადაა და ჯონ რემბოს, ანდაც გულივერის ადგილას ყოფნას არცერთი ჭკუათმყოფელი ინატრებდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ გამონაკლისებიც.
ერთფეროვნებაც არც ისე მოსაწყენია, როდესაც კარგი ცოლი გყავს. ელენე ნელ-ნელა გამოვიდა იმ გაოცებიდან, შვილის დაბადებას რომ მოჰყვა და ცოტათი დარცხვენილმა განმიცხადა, ამას იქით ჩემგან მზრუნველობა არ მოაგაკლდება, სულ რომ ცხრა შვილი მყავდეს მოსავლელიო.
მაინც, მე კი მივატოვე თავგადასავლები, მაგრამ როგორც ჩანს, თავგადასავლები ჩემს მიტოვებას არ ჩქარობდნენ. ერთ დღეს, როდესაც რიგ-რიგობით ვკოცნიდი ხან ბავშვს და ხან ელენეს, კარზე მსუბუქი დაკაკუნების ხმა გაისმა.
კარი გამოვაღე და ვიღაც სულ მთლად თეთრებში გამოწყობილი, მაღალი, გამხდარი, შავგვრემანი, ძალიან სიმპათიური გარეგნობის კაცი დავინახე. ყელზე დიდი ოქროს ჯაჭვით და ხელში ვარდების უზარმაზარი თაიგულით, სწორი, შავი თმები უკან გადაევარცხნა, ცხოვრებაში პირველად ვხედავდი, მაგრამ ძალიან, ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა.
-მოგესალმებით ბატონო ირაკლი - მომმართა გატეხილი ქართულით - მე გახლავართ ანგელოს იორდანისი, ელენა იორდანიდის მამა.
საშინლად აღელვებული იყო, ხმა უთრთოდა და სხეულითაც ერთიანად ცახცახებდა, სანამ ერთ წინადადებას იტყოდა, სამჯერ მოიკიდა გულზე ხელი.
სტუმარს საჩქაროდ ხელი ჩამოვართვი და სახლში შემოვიპატიჟე, თან იმაზე დავფიქრდი, როგორ შეხვდებოდა ამ ამბავს ელენე.
-ძვირფასო, საყვარელო, მზეთუნახავო, კიდევ რა სახელებს გიძახი? ერთი სიტყვით, ჩემო მეუღლევ, ნახე რა სიურპრიზი მოგვიმზადა ცხოვრებამ, ნახე ვინ გვეწვია.
ერთის მხრივ ელენე უნდა შემემზადებინა, მეორე მხრივ კი მამამისი გამემხნევებინა, რომელიც ძლივს მოლასლასებდა, ისე იყო აღელვებული.
-ამბობენ, მდინარე იორდანე წელიწადში ერთხელ აღმა მიდისო, რისაც სიმართლე გითხრათ, არ მჯერა - ამ სიტყვებზე სასტუმრო ოთახის კარი შევაღე - არც ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლისა მჯერა აღდგომა დღეს იერუსალიმში, სამაგიეროდ მჯერა ადამიანებისა, რომელთაც ხანდახან კარგი საქმეების გაკეთებაც შეუძლიათ.
ორი წუთი სამარისებური სიჩუმე იდგა, ელენე და მამამისი გახევებულები უყურებდნენ ერთმანეთს, მხოლოდ მათი მძიმე სუნთქვა ისმოდა, გადავწყვიტე ისევ ჩავრეულიყავი.
-სამყარო უკეთესი ხდება, როდესაც გარშემო ბევრი კარგი ადამიანია, თუმცა მე ვიცნობ ხალხს, რომელიც ფიქრობს, რომ ცხოვრება უკეთესია იქ, სადაც ბევრი სოსისია, მხოლოდ ჯერ წყალი უნდა აადუღო და მერე ჩაყარო...
-უჰ, შე ნაძირალა, შე გველო! - იკივლა უცებ ელენემ - ცივსისხლიანო მკვლელო, შენი მიზეზით მოკვდა დედაჩემი, აქ მოსვლა როგორ გაბედე შე არაკაცო!
ამ სიტყვებზე მამამისს მიეჭრა და გულმკერდში მუშტები დაუშინა, ურტყამდა გამეტებით, რის საშუალებასაც თავისი სუსტი ხელები აძლევდა. ანგელოს იორდანისი კი იდგა უძრავად, თავჩაქინდრული, ხელში ვარდების თაიგულით და თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა.
მაგრამ მოულოდნელად ელენე შედგა, მამამისის ნაღველით სავსე სახეს შეხედა და წყნარად თქვა.
-არა, არაა ეს მართალი, დედაჩემი თავის სიკვდილით წავიდა, შენ არაფერ შუაში ხარ.
და იმავე გაშმაგებით, რა გაშმაგებითაც რამდენიმე წამის წინ საცემრად ეცა, ახლა კისერზე ჩამოეკიდა და თვითონ დაიწყო ტირილი.
მე კი ვიდექი და გასულელებული ვუყურებდი ამ ძალიან უცნაურ სცენას, უნიჭო რეჟისორის უხეიროდ დადგმულ სპექტაკლს რომ ჰგავდა.
-მდინარე იორდანეს ეთერული სხეული ალბათ სინანულის ცრემლისაგან შედგება - ვცადე გახუმრება - რუდოლფ შტაინერი ამაში უთუოდ დამეთანხმებოდა.
მაგრამ საწყალმა კაცმა ამდენ ცვალებად ემოციას ვეღარ გაუძლო, თაიგული ხელიდან გაუვარდა, სახეზე ფერი წაუვიდა და ხელი რომ არ შემეშველებინა, ალბათ ძირსაც გაიშხლართებოდა. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი იყო და მალევე მოვიდა გონს.
XXX
-შენ ხომ არ ბრაზობ, რომ ყველაფერი ასე მოხდა? - მკითხა ელენემ დაძინების წინ - სისულელეა ეს, მაგრამ რაღაც ძალიან მშობლიური ვიგრძენი, არც კი ვიცი როგორ ვთქვა.
-გასაოცარი ამბავია, საკუთარი მამის მიმართ მშობლიური გრძნობის შესახებ პირველად მესმის.
-შენ იხუმრე და მართლა მასე იყო. დედის სიკვდილის შემდეგ მშობლის ადგილი გამოცარიელდა ჩემში და აი, სწორედ ეგ ცარიელი ადგილი შეავსო მაგ სალახანამ, მისთვის ყველაზე ხელსაყრელ დროს მობრძანდა, უჰ, ეგ გაიძვერა ბერძენი.
-ანგელოს ხარისტეასი - ვუთხარი ელენეს - სამჯერ დაარტყა ბურთს და ოქროს ასოებითაა შესული მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, რას იზამ, ცხოვრება ასეთია, ბერძნებმა მაშინ ევროპის ჩემპიონატი მოიგეს.
-ვიცი, მე და დედა ვგულშემატკივრობდით, დღესაც მახსოვს ეგ ბიჭები, ანტონიოს ნიკოპოლიდისი, გეორგიოს კარაგუნისი, სტელიოს იანაკოპულოსი, თეოდოროს ზაგორაკისი, ტრაიანოს დელასი და ანგელოს ხარისტეასი .
შევატყე, რომ გვარების ჩამოთვლისას ელენეს ხმა აუცახცახდა. მისი ლამაზი სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში შევხედე.
-ელენე, ეს შენთან ადრეც უნდა გამერკვია, მაგრამ რამდენჯერაც ამაზე საუბარი დავიწყე, შენს სახეზე იმდენჯერ საშინელი დაბნეულობა ამოვიკითხე, მგონი დროა ვიცოდე, ჩემს საყვარელ მეუღლეს თავის წარმომავლობის მიმართ რა დამოკიდებულება აქვს.
ჩემი ხელებისაგან თავი გაითავისუფლა, თმები გაიშალა, ღამის პერანგიც გაიძრო და გულგრილად მოისროლა კუთხეში, საწოლზე წამოჯდა და ამაყად თქვა.
-მე ბერძენი ვარ!
ეს ყველაფერი ენით აღუწერელი გრაციით გააკეთა, გრძელი თმები ჩამოშლოდა მხრებსა და მკერდზე, ოლიმპიური ცეცხლი უელავდა თვალებში და მე მივხვდი, რომ ცოლად ქალღმერთი მყავდა, თუმცა, ეჭვი მანამდეც მქონდა.
-ბერძნული დედამ მასწავლა - განაგრძო მშვიდად - ის ჩემთვის მშობლიური ენაა, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცის. დედასთვის ბერძნული სამყარო ყველაფერი იყო, გულწრფელად უყვარდა მამა, მაგრამ სისუსტე ვერ აპატია. ამ უბედურმა რამდენჯერმე შერიგებაც სცადა, მაგრამ დედა შეუვალი იყო. ცოტა ხანს საპატრიაქოსთან თანამშრომლობდა, როგორც თარჯიმანი, მაგრამ შემდეგ ურთიერთობა გაუფუჭდა, მიხვდნენ, რომ საბერძნეთი მართლა უყვარდა.
-რასაკვირველია, საპატრიარქოში ყველაფერს გაპატიებენ, გარდა გულწრფელი სიყვარულისა.
-არც მთლად მასეა საქმე, ცოტას დედაც ტყუოდა, მსურს ბაგრატიონების ბერძნობა მეცნიერულად დავასაბუთო და ამისათვის შესაბამისი თანხებია საჭიროო, სრულიად უბოდიშოდ განუცხადა, აი, მაგის მერე აირია მონასტერი.
-და ღირსი მამები მრისხანების ცოდვაში ჩავარდნენ, ასეა?
-სამწუხაროდ, ჩვენს სასულიერო პირებში ბევრი ელინოფობია.
-რუსები არ დაეკარგოთ არსად მაგ მაწანწალებს.
-დაიცა, ასე ნუ ილანძღები. არის გარემოებები, რომელთა გვერდის ავლა რთულია, იერუსალიმის ჯვრის და ათონის მონასტრები, რომლებიც ახლა ბერძნების ხელშია, ადრე კი ქართველების იყო.
-იერუსალიმში გადასახადი იყო, რომლის გადახდაც ქართველებმა ვეღარ შევძელით, მადლობა ღმერთს, გადახდა ბერძნებმა გააგრძელეს, თორემ მონასტერი შესაძლოა საერტოდ საქრისტიანოსათვის დაკარგულიყო.
-დედა ამბობდა, ქართველები რაღაცნაირად ვეჯიბრებით ბერძნებს, ვინ უკეთესი მართლმადიდებელია, მაშინ როდესაც შესაჯიბრებელი არაფერია, ბერძნების უპირატესობა ძალიან აშკარაა, მარტო ის რად ღირს, რომ ჩვენ სახარება მეათე საუკუნეში ვთარგმნეთ ბერძნებისაგან, კაცმა არ იცის, მანამდე რას ველოდითო.
-მართალი უთქვამს, უმცროსი ძმის წოდება სავსებით შეგვეფერება და ამაში საძრახისს ვერაფერს ვხედავ, ქრისტიანობა, სხვათაშორის, თავმდაბლობისკენაც მოგვიწოდებს.
-მართლა ასე ფიქრობ?
-რასაკვირველია. საიდან დაიწყო ქართული რენესანსი? ათონელებისა და გრიგოლ ხანძთელისაგან, ორივე ზომაზე მეტად იყო დაკავშირებული ბიზანტიასთან. სვეტიცხოველიც, რომლითაც ასე ვიწონებთ თავს, ბერძნული ფულით აშენდა. რაღაცაზე ვიჩხუბეთ, ბერძნები ჯარის გამოგზავნას აპირებდნენ და და სანაცვლოდ ფული გამოგზავნეს. გორგასლის ანდერძი, „მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდექით და ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსაო“, ყველას პირზე აკერია, მაგრამ იქვე რომ ამბობს, „ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასაო“, ეს აღარავის ახსოვს.
-ეს წარსულია მხოლოდ - თქვა ელენემ მწუხარედ - დღევანდელ ბერძნებზე არ მესმის მაინცადამაინც კარგი.
-გვარიანი ზარმაცები არიან, და შესაბამისად, ღარიბებიც, მაგრამ რაც აქვთ, იმ ლუკმას გვინაწილებენ, ყველაზე მეტი ქართველი სწორედ საბერძნეთში ცხოვრობს და რომ არა ჩვენი დანაშაულისაკენ მიდრეკილი ბუნება, კიდევ მეტი ვიქნებოდით იქ.
აღტაცებულმა შემოკრა ტაში და ქალღმერთობოდან ისე ადამიანობამდე დაეშვა.
-აჰ, რომ იცოდე, როგორ მეშინოდა შენთან ამ თემაზე ლაპარაკი, რა კარგია, რომ ასე ფიქრობ.
XXX
-მე ცოლად კოლხი მედეა მყავდა - თქვა ანგელოს იორდანისმა და ისევ გულზე წაივლო ხელი.
ჭიქაში წყალი დავუსხი და მივუჩოჩე.
-თავიდან დაიწყეთ - შევთავაზე - ნაკლებს ინერვიულებთ და უფრო გასაგებიც იქნება.
-ბერძენი კაცი ვარ - განაგრძო ოდნავ დამშვიდებულმა - საბერძნეთში კი ცხელა, ამიტომ გადარჩენისათვის დამატებით ოფლის ღვრა საჭირო არაა, მეც გადავწყვიტე ისეთი პროფესია მქონოდა, ზედმეტი თავის ტკივილი რომ არ ახლავს და ამავდროულად საინტერესოცაა.
ენებს ვითვისებ ძალიან ადვილად, თხუთმეტი წლის ასაკში ინგლისური და ესპანური სრულყოფილად ვიცოდი, ხურდაში რუსულიც მივაყოლე, მაშინ ბევრს საუბრობდნენ სოციალისტურ და კაპიტალისტურ სამყაროს შერიგებაზე და ვიფიქრე, რომ თუ საბჭოთა ტურისტები საბერძნეთს მოაწყდებოდნენ, რუსულის მცოდნე ხალხი დასჭირდებოდათ.
საბერძნეთში მაშინ რუსები კანტი-კუნტად, მაგრამ მაინც იყვნენ, ერთხელ ორი მათგანის საუბარს შევესწარი, რა დროსაც ერთმა ძალიან საინტერესო რაღაც თქვა: „Грузины и Греки - Братья навеки“.
მან ეს ძალიან გაღიზიანებულმა თქვა და მეც, ჩემი ყმაწვილურ გონებით დავასკვენი, რომ სადღაც რომელიღაც ბერძენმა კონფლიქტში ქართველის მხარე დაიჭირა, თუმცა შეიძლება პირიქითაც ყოფილიყო.
მოსვენება დამიკარგა ამ ამბავმა, მაშ, ძმებიც გვყოლია, გავივლე გულში, რომელთა შესახებაც აუცილებლად მეტი უნდა ვიცოდე.
ბიბლიოთეკებს ვეცი და იქ რაც საქართველოს შესახებ წიგნი ჰქონდათ, ყველა წავიკითხე, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ ანტიკურობიდან მოყოლებული, ჩვენ ერთმანეთთან კავშირი სულ გვქონდა, ანტიკურობის შემდეგ იყო რომის იმპერია, შემდეგ ქრისტიანობა, ცოტას ვჩხუბობდით ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთად ვიყავით.
საქართველოდან რეპატრირებული ბერძნებიც ვნახე, მითხრეს, გულკეთილი, და ამავე დროს შფოთისთავი ხალხია, ღვინის კულტი ლამის რელიგიის დონეზე აქვთ, ბოროტება მალე ავიწყდებათ, გვარიანი ნაციონალისტები არიან, თუმცა ბერძნებზე ეს ყველაზე ნაკლებად ვრცელდებაო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ქართული ვისწავლე და ათენის უცხო ენათა ინსტიტუტიდან გაცვლითი პროგრამით თბილისში მოვხვდი, სადაც მარიკა გავიცანი, რომელიც ელინისტიკაზე სწავლობდა.
აჰ, რა ლამაზი იყო, რა ლამაზი, ღმერთო! აი ელენას ხომ ხედავთ? მასზე ლამაზი იყო!
ჩემი გარდაცვლილი სიდედრის სურათები ნანახი მქონდა, ელენესთან ის ახლოსაც ვერ მოვიდოდა, მაგრამ რაღაი ანგელოს იორდანისს ამბავი ჯერ არ დაუსრულებია და ამასთანავე, გულიც აწუხებს, სჯობს ნუ შევეკამათებით.
-ფაკულტეტზე ყველა ბიჭს უყვარდა - განაგრძო ღირსეულმა პოლიგლოტმა - მარიკამ კი მე ამირჩია, თანაც ძალიან მალე, მითხრა, ცხრა მთას იქით გამოგყვებიო, როგორც შემდეგში გაირკვა, ამაში მხოლოდ საბერძნეთი იგულისხმებოდა.
როგორც წესი და რიგია, მისი მშობლების გაცნობაც მოვისურვე, მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, სჯობს იმათ საერთოდ არაფერი იცოდნენო. საემიგრაციო საკითხები რაღაცნაირად მოვაგვარეთ და ათენში წავედით, იქ ელენე გაჩნდა.
-მე ათენში გავჩნდი? - გაიოცა ელენემ - პირველად მესმის.
-არათუ გაჩნდი, ორ წლამდე იქ იზრდებოდი.
და ანგელოს იორდანისმა ჯიბიდან შეკვრა ამოიღო და მაგიდაზე დადო.
-ვიცოდი, რომ არ დამიჯერებდით, ეს ჩვენი საოჯახო ალბომია, შეგიძლიათ დაათვალიეროთ.
ცოტა ხანს სიჩუმე დადგა, მე და ელენემ ყურადღებით გავსინჯეთ ყველა ფოტო, შეცდომა გამორიცხული იყო, ჩვენი სტუმარი მართალს ამბობდა.
-მაგრამ მე დაბადების მოწმობა მაქვს - თქვა ელენემ - სადაც წერია, რომ საქართველოში, კერძოდ კი თბილისში დავიბადე.
-თქვენს ქვეყანაში მაშინ ძალიან რთული დრო იდგა, დაბადების მოწმობას კი არა, საბჭოთა კავშირის გმირის ორდენს იყიდდი, მარიკამაც ძალიან იოლად მოახერხა ეს.
-კი მაგრამ, რაში დასჭირდა ეს ყველაფერი?
-ის მედეა იყო! კოლხი მედეა! თავიდან ვფიქრობდი, რომ მე ვუყვარდი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი საშუალებით მან მედეას გზა გაიარა და მგონია, რომ თავიდანვე მხოლოდ ეს უნდოდა, სხვა არაფერი.
-ბატონო ანგელოს, თუ მამავ ანგელოს - ვთქვი წარბშეკრულმა - ასე არ გამოვა, ელენესთვის დედა ყველაფერი იყო და ის ახლა ცოცხალი აღარაა, მისი ლანძღვის უფლებას ვერ მოგცემთ.
-ილაპარაკოს - შემაწყვეტინა ელენემ - ყველაფერი სწორედ მასე იყო, დედამ ბოლოს აღიარა, რომ საშინლად მოიქცა. მამაშენი ძალიან თბილი, გულკეთილი და მხიარული ადამიანი იყო, ყავასა და ნამცხვარს ისე შეექცეოდა, ნამდვილი დღესასწაული გეგონებოდაო, სადაც ის იყო, მოწყენა იქ არ არსებობდა, ნებისმიერი ქალი მასთან სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ მე ეს ვერ შევძელიო.
-ყველაფერი იმ წყეული ევრიპიდეს ბრალია - თქვა ანგელოს იორდანისმა - მარიკა მთელი არსებით ცდილობდა მედეას თავგადასავალი თავის თავზე გამოეცადა, ჩასვლის დღიდანვე ეჭვიანობა დაიწყო, არადა მე, ღმერთია მოწამე, ღალატი გულშიაც არ გამივლია, ჩემს მშობლებს სუვენირების მაღაზია ჰქონდათ და მე იქ ვმუშაობდი, ალბათ გესმით, რომ ჩვენი მუშტარი ძირითადად ტურისტი იყო და უმეტესად კი ქალები - ჩვენმა სტუმარმა წყალი მოსვა - კაცისთვის ერთი სუვენირია სამყაროში - ქალი და და ის ჩვენს მაღაზიაში არ იყიდებოდა.
-მართალი სიტყვაა - დავეთანხმე ჩემს ახალგამომცხვარ სიმამრს - თქვენი შვილიც გვარიანად მაწვალებს მაგ საკითხში, ფულს როგორმე შეველეოდი, მაგრამ ერთი საათი მაყურყუტებს და ეს ვერ ამიტანია.
-აი, სწორედ მაგან დამღუპა! - განწირულმა თქვა ანგელოს იორდანისმა - ეგ ქალები იმიტომ აჯანჯლებენ შენს მაღაზიაში ყოფნას, რომ რაღაც ხდება თქვენს შორისო.
ელენემ ვერ მოითმინა და სიცილი წასკდა, მეც გამეცინა, ამან ჩვენი სტუმარი ცოტათი გაამხიარულა.
-ეს ბერძნული მითები მე პირადად გვარიანი მიქარვა მგონია, მარიკა კი მათით ცხოვრობდა, მე იასონას მეძახდა, რაც საერთოდ არ მომწონდა, მშვენიერი სახელი მაქვს, იასონას კი არა, ბევრ სხვას სჯობია!
-მართალია - დაეთანხმა ელენე და ისევ გადაიკისკისა - მამაშენი იასონაო, ასე მოგიხსენიებდა - აი, თურმე რატომ მიადვილდებოდა ბერძნული, მე კი მეგონა, გენები მეხმარებოდნენ.
-ეჰ, სჯობს ჩემი მაღაზიის მუშტარი ქალებივით არ გავაჭიანურო და დასასრულისკენ წავიდე, სამი წლის შემდეგ ჩვენი ყოფა აუტანელი გახდა, მარიკამ მოკიდა ბავშვს ხელი და საქართველოში დაბრუნდა, თან დამემუქრა, არც გაბედო ბავშვის მოკითხვა, საერთოდ ამოვშანთავ შენს სახელს მისი მეხსიერებიდანო.
რამდენჯერმე ჩამოვაკითხე, მაგრამ ახლოს არ გამიკარა, საბერძნეთშიც ამერია საქმეები, კონტრაბანდისტობისა და გადასახადების დამალვის ბრალდებით ორჯერ ციხეშიც ამოვყავი თავი, ვერც ჯანმრთელობამ მიერთგულა - ორჯერ მაქვს ინფარქტი გადატანილი.
მაინც საქართველოში ხშირად ჩამოვდიოდი, ელენეს შორიდან ვუყურებდი, ახლოს მისვლას ვერ ვბედავდი, ბოლო ჩამოსვლაზე ამაოდ ვუდარაჯე სახლს ორი დღე, შემდეგ კი მეზობლებისგან გავიგე მარიკას გარდაცვალებისა და ელენეს სხვაგან გადაცხოვრების ამბავი, ჩამოვედი თქვენს ქალაქში და რადგანაც არ ვიცოდი ელენე სად მეძებნა, გადავწყვიტე, ჩემს შვილს წყალი აუცილებლად ეყვარება მეთქი, ამიტომ ტბაზე მოვედი და პირველივე დღეს დაგინახეთ, მერე აგედევნეთ და სახლიც ასე დავადგინე.
-ცოლ-შვილი თუ გყავთ? - ვკითხე მე.
-არა, არ მყავს, მარიკას ამბავმა ისე იმოქმედა, რომ ამაზე ფიქრიც ვეღარ შევძელი, რამდენიმე წლის წინ მშობლებიც გარდამეცვალა და ახლა სულ მარტო ვარ.
ელენე მამამისს მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო.
-ნუ ღელავ მამა, აწი შვილიც გყავს, შვილიშვილიც და სიძეც, აღარ მივცემ ცხოვრებას შენი დაჩაგვრის უფლებას.
საწყალმა კაცმა აღელვებით დაუკოცნა ელენეს ხელები, მე კი მაგრად ჩამომართვა ხელი.
XXX
ანგელოს იორდანისმა საბერძნეთში დაგვპატიჟა, რაღაც პატარა სასტუმროსავით მაქვს, აუცილებლად ჩამოდითო. მე, როგორც ყოველთვის დამეზარა, მაგრამ ელენემ გამოიჩინა ფხა და ცხოვრებაში პირველად, ღვთაებრივი ელადის დედაქალაქს ვესტუმრეთ.
„რაღაც პატარა სასტუმრო“ სინამდვილეში უშველებელი, თორმეტ სართულიანი შენობა გამოდგა.
-სიურპრიზი მოგიწყეთ - გვითხრა ჩვენმა მასპინძელმა - ეს სასტუმრო მამიდამ დამიტოვა, რომელმაც ნაციხარი კაცი შემიფარა, სანამ ცოცხალი იყო, ხელფასის გარდა არაფერი გაუმეტებია, სასტუმროს ყველა სამუშაოზე მამუშავა, სიკვდილის წინ კი თავის მემკვიდრედ გამომაცხადა. ახლა ამ სასტუმროს მფლობელი ვარ და თან მისი ყველაფერი ვიცი.
ფეხბურთის გულშემატკივარიც გამოდგა, ამაყად მიჩვენა თემურ ქეცბაიასთან გადაღებული ფოტო და მისი ავტოგრაფი.
-ჰოჰოჰო, რა ფეხბურთელი იყო, ნამდვილი ქარიშხალი, მასეთები ახლა სადღა არიან?
თავისთან დარჩენაც შემოგვთავაზა.
-თქვენთვის აქ ყველაფერია, სახლი, სასტუმრო, სამუშაო ... გართობა, ყოველ საღამოს კონცერტებს ვაწყობთ, დღეს დესპინა იმღერებს, დესპინა მავრომატისი, ალბათ იცი.
არა, დესპინა არ ვიცი, სამაგიეროდ ვიცი ანგუს და მალკოლმ იანგები, ბონ სკოტი და კიდევ ბევრი სხვა.
ჩემს ნათქვამზე გაეცინა.
-შესანიშნავად მღერის და ძალიან კარგი ადამიანიცაა, კონცერტის შემდეგ ვახშამზე გაგაცნობთ... - აქ პირი გაამწლაკუნა და გულზე ხელი მოიკიდა.
ელინებს გართობას მართლა ვერავინ ასწავლის, ქართველს თუ ხასიათზე მოსასვლელად აუცილებლად ღვინო სჭირდება, ბერძენს ამისათვის ყავაც ჰყოფნის, მაგრამ მე ჩემს წარმომავლობას არსად და არასოდეს ვუღალატებ, ამიტომ პატივცემული ანგელოსის სასტუმროს ბარი რამდენიმე ჭიქა ვისკით მაინც შევამსუბუქე ისე, რომ სცენისაკენ საერთოდ არც გამიხედავს. ელენემ მხარზე მომქაჩა.
-კარგი ახლა, არ გამოთვრე შენებურად, ვერ გაიგონე, ვახშმად დესპინა უნდა გაგაცნოთო.
-შენ რა, იცი ვინაა დესპინა?
-რა თქმა უნდა, ძალიან პოპულარული მომღერალია.
დესპინა ორმოცდაათს აცილებული, საკმაოდ ლამაზი ქალი იყო, იმდენად ლამაზი, რომ ანგელოს იორდანისმა გაცნობის ცერემონიალისას სამჯერ წაივლო გულზე ხელი.
ტანზე ძალიან მჭიდროდ შემოტმასნილი, თეთრი, გამჭვირვალე შარვალი, მოშიშვლებული წელი და ძალიან ღრმა დეკოლტე - დესპინას ისე თამამად ეცვა, რომ მხოლოდ იმას ვფიქრობდი, თვალები სად წამეღო,
-რაღაც ხდება მათ შორის - მითხრა ელენემ ვახშმის დასასრულს - არც ისეთი უბიწოა, როგორადაც რუსთავში წარმოგვიდგინა თავი.
-კარგი ახლა, ასკეტიზმს ნუ მოსთხოვ, თანაც, მშვენიერი ქალია, ოცი წლის ბიჭს არ დატოვებს გულგრილს.
-არ მინდა მაგ უბედურს კიდევ ერთხელ ეტკინოს გული, დესპინა მაღალი წრეა, მასეთი ქალი მამაჩემისთანა კაცთან დიდხანს არ გაჩერდება.
-არც მთლად მასეა საქმე, თავს კი ისაწყლებს, მაგრამ მაინც კაი გაცვეთილი სჩანს, ვერ გაიგონე რა თქვა? კონტრაბანდისა და გადასახადების დამალვისათვის ვიჯექი ციხეშიო, ალ კაპონეა ფაქტიურად. დესპინაც უკვე ასაკშია, გარეგნულად ცეცხლს აფრქვევს, მაგრამ შინაგანად მშვიდი ცხოვრება მოუნდა, დაჯდება სასტუმროს ვერანდაზე, ნაყინს შეჭამს, მამაშენს ხელზე ხელს მოუჭერს და საღამოობით ხანდახან იმღერებს, არცთუ ცუდი პერსპექტივაა.
-ყოველ შემთხვევაში, მსურს ამის შესახებ მას დაველაპარაკო, მხოლოდ ხელსაყრელ დროს დაველოდები.
ანგელოს იორდანისმა ამაზე საუბარი თვითონ წამოიწყო, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარსო, მაგრამ ეს სიყვარული ოდნავადაც არ აკნინებს იმ გრძნობას, რომლითაც მე მარიკა მიყვარდაო, ათას რამეს მიედო, ბოლოს თავის ხლართებში თვითონ გაება, საიდანაც გამოსავალი ვეღარ მონახა და ისევ გულზე წაივლო ხელი.
-ყველაფერი რიგზეა - ვუთხარი ღირსეულ სასიძოს - დესპინა ძალიან კარგი ადამიანია, მთავარია ერთმანეთს გაუგოთ.
ანგელოს იორდანისი აწრიალდა.
-ხომ გესმით, ეს დელიკატური საკითხია, დესპინაც ძალიან ღელავს, მისი შვილები ჩვენს გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდნენ... ახლა მთავარია რას იტყვის ელენე...
-როგორ თუ ელენე?
-მისი ერთი სიტყვა ყველაფერს გადაწყვეტს, ოოო, ელენეზეა დამოკიდებული ჩვენი ბედნიერება! - თქვა და საცოდავი თვალებით შეხედა თავის შვილს.
მეც შევხედე ელენეს, რომელსაც წარბი შეეკრა და ფიქრობდა, მართლა ფიქრობდა!
აი დალახვროს ეშმაკმა!
ამდენს ვეღარ გავუძელი და ისეთი ხარხარი ავტეხე, რომ სკამიდან გადავვარდი და პირდაპირ აუზში მოვადინე ზღართანი, რამაც სცენა კიდევ უფრო სასაცილო გახადა.
-მოწყალე მსაჯული იყავი ელენე - დავუძახე ჩემს ცოლს - ბერძნების განრისხება არ ეგების, გაიხსენე ტროას ომი.
აუზიდან ამოვედი და ერთიანად გალუმპული ელენეს მივუახლოვდი, რომელიც ისევ ფიქრობდა.
-ძვირფასო, მგონი უფალმა ცხოვრებაში პირველად გარგუნა მსაჯულის როლი და აბა შენ იცი, როგორც დონ კიხოტ ლამანჩელი ეტყოდა გუბერნატორად დანიშნულ სანჩო პანსას, სასჯელსა და მოწყალებას შორის ყოველთვის ამ უკანასკნელისაკენ გადაიხარე.
ამაზე სასეირო სცენის წარმოდგენა შეუძლებელი იყო, მჭმუნვარე ელენე, განაჩენის მომლოდინე მამამისი და მე, რომელიც მათ შორის ვიდექი და წყალი წურწურით ჩამომდიოდა.
ჩვენს შორის ყველაზე საქმიანი პატარა დანიელი იყო, რომლის კბილები ამოსვლას იწყებდა და დედამისის მხარს ჩაფრენოდა, ქავილის გრძნობა რომ მოეკლა.
-თანახმა ვარ - თქვა ბოლოს ელენემ და თვითონაც სიცილი წასკდა - შედგეს ქორწილი ანგელოს იორდანისის და დესპინა მავრომატისისა - შემდეგ ცოტა დასერიოზულდა - დაფიქრდი მამა, შენი ასაკისა და გულის პატრონი იმედგაცრუებებს ვეღარ გადაიტან, არის დესპინა ის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შენთან იქნება?
-არის! - მტკიცედ განაცხადა ჩემმა სიმამრმა - მისი ცხოვრების სტილი და ჩაცმულობა ნუ მოგატყუებთ, ადამიანის ცნობა ციხემ მასწავლა, დესპინა ერთი საბრალო, ცხოვრებით დაღლილი ქალია.
XXX
-როგორ ფიქრობ, რომ არ დავთანხმებულიყავი, დესპინაზე ვითომ უარს იტყოდა?
-არ მგონია, უბრალოდ პატივი დაგდო და გაგრძნობინა, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს შენი სიტყვაო, შვილის, ასე ვთქვათ, მოპოვების პროცესშია.
-წინასწარ იცოდა რაც მოხდებოდა, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლა, მართალს ამბობდა დედაჩემი, დიდი გაიძვერა ვინმეა ეს ჩვენი იასონა.
-აცალე კაცს იყოს თავაზიანი, თანაც ქორწილში დაგვპატიჟა, ნეტავ როგორია ბერძნული ქორწილი? იმედი მაქვს, ფრანგულს არ ჰგავს, სადაც ერთხელ მოვხვდი და კვერცხის ცილაში ამოვლებული მსხლის გარდა ვერაფერი ვჭამე, ნეტავ თარიღი ისეთ დროს დანიშნონ, რომ ჩამოსვლა შევძლოთ.
ელენე უხერხულად შეიშმუშნა.
-ჩამოსვლა? განა სადმე ვაპირებთ წასვლას?
ისე გაოცებულმა შევხედე, რომ კიდევ უფრო დაიბნა.
-იქ იმდენს მუშაობ - სცადა გამოსწორება - აქ ცოტას დაისვენებ, მამამ მითხრა, შენ ადმინისტრატორი იქნები, ერეკლე კი ფინანსური დირექტორიო, უამრავი ქართველია საბერძნეთში, შენ ვისზე ნაკლებად გეკუთვნის? ცოლი გყავს ბერძენი, შვილიც...
-არა ელენე, არა - გავაწყვეტინე თითქმის უხეშად - არც ჩემი შვილია ბერძენი და შენ წარმოიდგინე, არც ცოლი, შენ ახლა განცდებში ხარ, შენს ცხოვრებაში ძალიან მოულოდნელად მამა გამოჩნდა, მაგრამ იცოდე, რომ აქ, ამ დიად საბერძნეთში ჩვენი არაფერია, მეც, შენც და დანიელსაც ჩვენი სამშობლო, საქართველო გველოდება. საბერძნეთს არაფერში აინტერესებს არც მარიკა-მედეა და არც ანგელოს-იასონა, ის უამრავ წინააღმდეგობას შეგახვედრებს, თუ მისი მოქალაქეობა მოისურვე, ბევრ შეკითხვას დასვამს და ბოლოს შეიძლება უარიც გითხრას. სამშობლოს ამბავი ასეა, ის შენს ვინაობას არ კითხულობს, სხვა გზა არ აქვს, თუ არა მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ და ასეთი ქვეყანა ჩვენთვის საქართველოა.
ელენეს არაფერი უპასუხია, მხოლოდ მძიმე სუნთქვა მიუთითებდა იმ დიდ შინაგან მღელვარებაზე, რომელსაც ახლა ამ ლამაზ სხეულში დაესადგურებინა.
XXX
დესპინამ და ანგელოსმა გამოგვაცილეს.
-აუცილებლად ჩამოდით ჩვენს ქორწილში - თქვა დესპინამ - რაც შეგვეხება ჩვენ, საქორწინო მოგზაურობას საფრანგეთში გავატარებთ.
საქორწინო მოგზაურობასო, ორმოცდათხუთმეტი წლის ხალხი საქორწინო მოგზაურობას გეგმავდნენ.
-ბოდიში უნდა მოგიხადო შვილო - უთხრა ანგელოსმა ელენეს - როცა გითხარი, მარიკა შენზე ლამაზი იყოო, არ ვიყავი გულწრფელი, შენზე ლამაზი დედამიწაზე არავინაა.
ეს სიტყვები ქართულად უთხრა, მის საცოლეს რომ არ გაეგო. ისინი ერთმანეთს გადაეხვივნენ და მანამ არ გაუშვიათ ხელი, სანამ არ ვუთხარი, ნებას თუ მოგვცემთ, ერთმანეთს მე და დესპინაც ჩავეხუტებითო.
XXX
ამას წინებზე ერთმა კაცმა მითხრა, ნოსტალგია ჩვეულებრივი ავადმყოფობაა, რომლის პატივი ყველას არ ერგებაო.
ჩვენ ალბათ ძალიან ძველი ხალხი ვართ და იმაზე დიდხანს ვცხოვრობთ აქ, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია. მეცხრე საუკუნეში ინგლისში ჩასული ვიკინგის შთამომავალმა მეთვრამეტე საუკუნეში გულგრილად მიატოვა თავისი საცხოვრისი და ავსტრალიასა და ამერიკაში გადაბარგდა, ჩემი წინაპარი, რომელიც აქ ნოედან მოყოლებული ცხოვრობდა, ამის უფლებას მე ვერ მომცემს.
მე მეცნიერებს ვერაფერს ვასწავლი, მაგრამ ერი, რომელსაც ნოსტალგია არ აქვს, აბორიგენობაზე პრეტენზიას არ უნდა აცხადებდეს.
არ ვიცი რა აქვს ამ ჩემს ქალაქს მოსანატრელი, ყარაიას უდაბნოსა და იაღლუჯის მთას შორის რომ გაწოლილა, მაგრამ სამდღიანი განშორების შემდეგ აქ მოსული რაღაც სხვანაირად ვსუნთქავ, და მე ამ საქმეში მარტო არ ვარ.
აი ახლაც, თეთრ-ლურჯი ღვთაებრივი ატიკადან ჩემს გადამხმარ ქალაქში ისე შემოვედი, როგორც ხანგრძლივი მოგზაურობიდან დაბრუნებული ოდისევსი თავის მშობლიურ ითაკაში.
ცოტა ხანს ქალაქში ვისეირნეთ, მერე ტბისკენ გადავუხვიეთ, ცუდი ამინდი იდგა და ხალხი ცოტა იყო, უფრო სწორად, ჩვენს გარდა არავინაც არ იყო, მხოლოდ შორს, მეორე ნაპირზე დავლანდე ქალი პატარა ბავშვთან ერთად.
ბავშვს, ჩანდა ფეხი ახლახანს აედგა და დედა ავარჯიშებდა, ჯერ ფეხზე დააყენებდა, შემდეგ მოშორებით გადიოდა და უხმობდა. პატარაც მიბაჯბაჯებდა დედამისისკენ, ხან გზაში ეცემოდა.
-რა საყვარლები არიან - თქვა ელენემ - მოდი მივიდეთ და ახლოდან ვნახოთ.
მაგრამ მე რატომღაც ამის სურვილი არ გამიჩნდა.
-ელენე, იქნებ სახლში წავსულიყავით, გული რაღაც ცუდს მიგრძნობს.
-გაგიჟდი, ერეკლე? ცუდი რა უნდა იყოს, ახალგაზრდა ქალია პატარა ბავშვთან ერთად.
რაც უფრო ვუახლოვდებოდით, ჩემი მღელვარება უფრო მატულობდა, ტელეპატიისა და წინასწარ რაღაცეების განჭვრეტისა არ მწამს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო.
ეს გოგო ეკა იყო, ამაში დარწმუნებული ვიყავი, ბავშვიც ალბათ შეეძინა, რა არის ამაში საოცარი? ან მე რა მაღელვებს?
XXX
სერჯო ლეონეს ფილმში კარგი, ცუდი და ბოროტი რომ ბოლოს მექსიკურ სამკუთხედში დგებიან, ისე ვიდექით ერთხანს მე ელენე, და ეკა, მხოლოდ იარაღები, რა თქმა უნდა არ გვქონდა და არც ერთმანეთის დახოცვას ვაპირებდით.
ეკა გულთბილად გვიღიმოდა, ბავშვი კი ფეხზე ეჭიდებიდა და შეშინებული გვიცქერდა.
ჩემი პატარაობა გვიცქერდა მორიგეობით ხან მე და ხან ელენეს, ელენეს, რომელსაც ჩემი ბავშვობის სურათები ბევრჯერ ჰქონდა დათვალიერებული და ისიც ყველაფერს მიხვდა. ის იმაზე მეტად მგავდა, ვიდრე შეიძლება ჰგავდეს ერთი ადამიანი მეორეს, მაგრამ მოულოდნელობა ჩვენ კიდევ გველოდა.
-დანიელ, მიესალმე უფროსებს - მიმართა ეკამ თავის შვილს ღიმილით და მერე ჩვენ შემოგვხედა.
-დანიელი? ღმერთო მიშველე, დანიელი დაარქვი? - ძლივს ამოვიხრიალე.
-ჰო, ახალ ზელანდიელი მორაგბის, დენ კარტერის საპატივსაცემოდ - თქვა და ისევ გამიღიმა - მხოლოდ ჩვენს გარდა ეს არავინ იცის.
ელენეს შევხედე და ჩემდა გასაოცრად, ძალიან მშვიდად ეჭირა თავი.
-მე და დანიელ მეორე ცოტა ხნით დაგტოვებთ - თქვა მომღიმარმა - თქვენ ისაუბრეთ.
-არა, არა - გააპროტესტა ეკამ - ამისი ამბავი რომ ვიცი, შეიძლება თავბრუ დაეხვეს და მე მარტოკა ვერ მივხედავ, თანაც, სიმართლე ვთქვა, შენთვის დასამალი არაფერი მაქვს, ამიტომ დარჩი.
-შენთვის არა, მაგრამ ერეკლესთვის იქნება მძიმე ჩემი აქ ყოფნა, შორს არ წავალ, აქვე ვიდგები, ოდნავ მოშორებით.
ელენე რომ გაგვშორდა, ძალები მოვიკრიბე და ეკას ვუსაყვედურე.
-დანიელს მაინც რატომ არქმევდი? ასე საპამპულოა შვილის სახელი?
-ეს დანიელ ხვედელიძეა.
-ერთი მე ვარ ოლივერ კრომველი და მეორე ეგაა ხვედელიძე.
ეკამ ძალიან ხმამაღლა გაიცინა.
-შენ არაფერი გამოგცვლის, შოკშიც რომ იყო, გუდერიანები, მონტგომერები და ბერნადოტები მაინც არ დაგავიწყდება.
-მოყევი რაც მოხდა - ვთხოვე სერიოზულად - რაღაცეებს მეც ვხვდები, მაგრამ შენი ამბავი რომ ვიცი, უკვე ყველაფერი დაზუსტებული გექნება.
მწუხარედ გადააქნია თავი.
-ის მოხდა, რაც წესით უნდა მომხდარიყო, გახსოვს, ჩერჩილის სიტყვებს რომ ამბობდი, „თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის, თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და მიიღებთ ომსო“, ასე დამემართა მეც, მაგრამ ჩემზე უარეს დღეში ჩემი ქმარია.
-იცის სიმართლე?
-გაგიჟდი? წარმოდგენაც არ აქვს, არც მას და არც არავის, მხოლოდ დედამთილი ხვდებოდა რაღაცას, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს, ისე, გამოხედვით ვგრძნობდი, ბავშვსაც არ ეფერებოდა.
-გარდაიცვალა?
-ჰო, მაგრამ ეს ამბავი არაფერ შუაშია, ავადმყოფობდა ბოლოს.
-მოდი, ეგებ თავიდან მოყვე ყველაფერს, დალაგებულად.
-შენ არ ამბობდი, ამბის მოყოლა შუიდან უნდა დაიწყო, ინტრიგა რომ იყოსო?
-შუიდან უკვე დაწყებული გვაქვს და ინტრიგაც გაგიხარია, საკმაოზე მეტია.
-მანანას ელენე არ მოეწონა - დაიწყო ეკამ - შენ წარმოიდგინე, გარეგნობითაც, თავის ნათესავებს საყვედურობდა, ერთი ვიცოდე, რამ გადაგრიათ მაგ გოგოზე, მაგაზე უკეთესები ყოველი ფეხის ნაბიჯზეაო, ისიც გავიგე, შვილს ურჩევდა, ცოტა ხანი იყავი მასთან და მერე მიატოვე, პატრონი მაგას არ ჰყავს, რომ პასუხი მოგთხოვონ და რა გენაღვლებაო, ნუ, სიტყვები შეიძლება სხვა იყო, მაგრამ აზრი სწორედ ასეთი გახლდათ.
კიდევ კარგი, ფრჩხილები დაჭრილი მქონდა, მაინც, ისე ჩავაჭირე მკლავზე, რომ სისხლი წამომივიდა. ეკას ჩემი ეს მოქმედება არ გამოპარვია.
-მანანა იყო სატანა! - თქვა მშვიდად - და ის მიიღო, რასაც იმსახურებდა, უნდა ნახო, ანზორი რა კარგადაა, თითქოს ხელახლა დაიბადაო.
-ანზორი ბექას მამაა?
-კი, ცნობილი ბიზნესმენია, კომუნისტების დროს ცეხავიკი იყო, ციხეშიც იჯდა, ცოლის სიკვდილის შემდეგ ორ კვირაში ვიღაც ძალიან სიმპატიურ ქალთან დავინახე სრულიად შემთხვევით.
ეს სახელი და გვარი ვიცოდი, მაგრამ მაინც საქმეზე გადასვლისკენ მოვუწოდე ეკას.
-ბექა არ იყო წინააღმდეგი დედამისის რჩევა გაეთვალისწინებინა და საერთოდაც, გამოუსწორებელი მექალთანეა ახლაც, მაგრამ ელენე დიდი კერკეტი კაკალი გამოდგა, საწოლში შეთრევა კი არა, პატივცემულმა დონ ჟუანმა კოცნაც კი ვერ მოახერხა, ამან ინტერესი ისე გაუმძაფრა, რომ მზად იყო ფეხებზე დაეკიდებინა საყვარელი მშობელის რჩევა და ელენე ცოლად მოეყვანა, აი აქ ჩართო მანანამ ინტრიგები.
ის საავადმყოფო სააქციო საზოგადოებაა და კარგა ხანია საკონტროლო პაკეტს ბექას ოჯახი ფლობს, მამია კალანდაძის მხოლოდ სახელია, ექიმები ჩვეულებრივი ნაძირალები არიან და უპრობლემოდ დათანხმდნენ მანანას, რომ ელენეს შვილიერების ტესტში ეს საშინელება ჩაეწერათ, ამით მანანას უნდოდა ბექასთვის მისი ცოლად მოყვანა გადაეთქმევინებინა და ეს მოახერხა კიდეც.
ბექა თავიდან გაჯიუტებულა, მაგრამ დედამისმა მთელი სანათესაო ფეხზე დააყენა, ისტერიკები, გულყრები მოაწყო და ბოლოს ეს უბედური დაითანხმეს.
მაგრამ მთავარი მაინც წინაა, უშვილობა ბექას დაუდგინდა, რომლის თქმა ექიმებმა ვერ გაბედეს, მანანასი შეეშინდათ! თავზარდაცემულებმა აღარ იცოდნენ რა ექნათ, რომ ამ დროს მშველელად ჩვენ მოვევლინეთ, მე და შენ.
-და ბექას ტესტის პასუხები მე შემომაჩეჩეს? კი მაგრამ რა ეშმაკად უნდოდათ ასეთი რამე? ორივეზე დადებითი ეთქვათ და მორჩებოდა საქმე.
-არ ვიცი, ლაბორატორიაში ალბათ ყველა ერთმანეთს არ ენდობა, ერთი რომ უარყოფითი იყო, ეს შეიძლება არ დამალულიყო, ტექნიკურად როგორ მოხდა, ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რომ მდომოდა, ამასაც დავადგენდი, მაგრამ მთავარი შედეგია და არა დეტალები.
-შენი ფეხმძიმობა როდისღა გაიგე, რატომ არ მითხარი ამის შესახებ?
-ჩვენი დაშორებიდან რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ საქმე ისე ვერ იყო, როგორც... მოკლედ, ალბათ გესმის რასაც ვგულისხმობ. საშინელ დღეში ჩავვარდი, რა პირით მოვსულიყავი შენთან, არ ვიცოდი. ცოტა ხანს ვიწრიალე, დარეკვა ვერ გავბედე, მერე კი გადავწყვიტე, რომ ბარში მოვსულიყავი და რადგანაც სიმთვრალე კარგი გაქვს, იქ რამენაირად შემეპარებინა ეს ამბავი, პარასკევ საღამოობით ვიცი, რომ სულ ზურასთან ხარ. ამჯერადაც იქ დამხვდი, მაგრამ გოგოსთან ერთად, და ეს გოგო ელენე იყო.
შეგატყეთ, რომ თქვენ უკვე ერთმანეთისა იყავით. დამდუღრულივით გავვარდი გარეთ, თავი საშინლად მიხურდა, არ ვიცოდი რა მექნა, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რა მეთქვა სახლში? მე და ერეკლეს ერთმანეთში ყველაფერი გვქონდა, თავიდან ვფრთხილობდით, მაგრამ ტესტის პასუხი რომ გავიგეთ, ისეთი აფორიაქებული ვიყავით, ჩამოფორიაქებისას თავი აღარ დავიცავით, ახლა ერეკლეს სხვა გოგო უყვარს, მე კი არ მინდა მათ შორის ჩავდგე, შვილი უკანონოდ უნდა გავაჩინო და უმამოდ გავზარდოო?
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ვიღაცამ მანქანა გამიჩერა, შევხედე, ბექა იყო. დაინტერესდა, მარტო რატომ მივდიოდი და შენ სად იყავი. მისი დონ ჟუანობის ამბავი მანამდეც გაგონილი მქონდა, მოკლედ ავუხსენი, ერთმანეთს დავშორდით, ამის გამო თავს საშინლად ვგრძნობ და თუ შეიძლება მარტო დამტოვეთქო.
მაგრამ შენც არ მომიკვდე! ფეხი არ მოიცვალა, დაჟინებით ითხოვდა მანქანაში ჩაჯდომას და აი, აქ, უცბად შესანიშნავმა აზრმა გამინათა გონება.
„ეს უეჭველად საწოლში მიპირებს შეთრევას, კეთილი, ქალების გულთამპყრობელო ჭაბუკო ნარცისო, ამჯერად ეს ძალიან ძვირი დაგიჯდება, ყველა მოტყუებული ქალის სახელით მე ვიძიებ შენზე შურს“.
იმის იმედი, რომ ცოლად მომიყვანდა, ძალიან ნაკლებად მქონდა, თუმცა ანკესი მაინც ვისროლე, ძალიან მოკლედ და ცივად ვაცნობე, იმდღევანდელი ღამის ნაყოფი მუცელში მიზის, შენისთანა არაკაცის ცოლობის სურვილი არ მაქვს, უბრალოდ ჩემმა ადვოკატმა მითხრა, რომ როგორც ბიოლოგიურ მამას, ვალდებული ვარ ამის შესახებ გაცნობო და აი, მეც გაცნობე. შენგან მხოლოდ ერთი რამე მსურს, ის აკეთო, რასაც აქამდე აკეთებდი, ანუ თვალით აღარ დამენახოთქო.
-იმ ღამის შემდეგ მიგატოვა და წავიდა?
-ალბათ მეასე ვიყავი მის სიაში, ან მეორასე, მას მერეც სია ყოველდღიურად ახლდება და მომავალში კიდევ უფრო დაგრძელდება.
-შემდეგ რა მოხდა?
-მე მგონი ჩემმა გამომწვევმა ტონმა დააინტრიგა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ დიდი როლი შვილის ყოლის სურვილსაც ეთამაშა, უკვე ასაკშია. შეიძლება ადვოკატის ხსენებამაც დააფრთხო. ასეა თუ ისე, თავქუდმოგლეჯილი მეორე დღესვე მოვარდა და მკითხა, რას ვაპირებდი.
საკმაოდ მშვიდად ავუხსენი, რომ ბავშვს აუცილებლად გავაჩენდი, ხოლო თუ მამობის სურვილი ჰქონდა, ცოტა ხნით მაინც, ცოლად უნდა მოვეყვანე, ამით მე სირცხვილს ავირიდებდი, თვითონ კი ბავშვზე მოიპოვებდა უფლებას.
დაფიქრდა და მკითხა, ცოლად მოყვანაში რას ვგულისხმობდი. მივხვდი, რომ ქონების საკითხი ადარდებდა, ამიტომ ვუპასუხე, არც ჯვრისწერის, არც საჯარო რეესტრში ხელის მოწერის ცერემონიალი არ მაღელვებს, იმას ვდარდობ, ჩემს საწყალ ძმას გული არ გაუსკდეს. თუმცა, თუ უარს მეტყვი, გამოსავალი მაინც მაქვს, წავალ საზღვარგარეთ და ბავშვს იქ გავაჩენ, მერე კი რამეს მოვიფიქრებ თქო.
ამან ძალიან გაახარა, მოვალ ოჯახში, ხელს ვითხოვ, წაგიყვან ჩემთან, მერე კი, ვითომ ვერ შევეწყეთ ერთმანეთსო, მამობის უფლებაც მექნებაო. ასეც მოვიქეცით.
-ძალიან საინტერესო იქნებოდა მისი და პრორუსი კობას შეხვედრა, ნეტავ იქ ვყოფილიყავი.
-ბექას პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებს, თუნდ სპარსეთი დაბრუნდეს აქ, მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, ერთი სიტყვით, შენ რომ დაგესესხო, ხვედელიძეების ოჯახში, როგორც გუდერიანი სმოლენსკში, ისე შევედი.
-სმოლენსკიდან გუდერიანს წასვლა მალევე მოუწია, შენ კი ისევ იქ ხარ, ეს როგორღა მოახერხე, ან მანანას როგორ გაუმკლავდი?
-მანანას მზე ჩადიოდა, ჩემი კი მხოლოდ ახლა ამოდის, გახსოვს, რა მიუგო გნეუს პომპეუსმა კორნელიუს სულას? „ადამიანები ამომავალ მზეს ეთაყვანებიან და არა ჩამავალსო“.
ჩემგან ისწავლა და ახლა მე მეკითხება, გახსოვსო? რომელი მანანა ფანჩულიძე, ესაა რაცაა.
-ბექა სახლში ყველაფერს მოყვა, ჩვენს შეთანხმებასაც, ფეხმძიმე სახლიდან არ გამომიშვეს, ანზორიმ იუკადრისა, ბავშვი რომ დაიბადა, ცოტა მერეც მადროვეს, შემდეგ მანანა გახდა ცუდად, ლოგინად ჩავარდა და დიასახლისობა მე ვითავე. მერე ბექამ დაკრა ფეხი და სახლიდან გადაიკარგა, თბილისში ცხოვრობს, სად, არც ვიცი და არც მაინტერესებს, ათასში ერთხელ თუ ჩამოვა, ვსხედვართ მე, ანზორი და დანიელი ოთხსართულიან სახლში და შეღავათი ის გვაქვს, რომ ნათესავები ძალიან ხშირად მოდიან, მანანას დროს ასე არ იყო, ანზორი ამით აღტაცებულია.
-ნათესავები რომ მოვლენ, რაღაცეები შეწვი ხოლმე, შეწვა ოჯახში სადღესასწაულო განწყობას ქმნის, ეს ალბათ გამოქვაბულიდან წამოყოლილი ინსტიქტია.
-ზუსტად მასე ვაკეთებ.
-ტოლმაც გაამზადე შიგადაშიგ და სომხური ქადა, რასაკვირველია, შეგიძლია საჭმელები შეუკვეთო, მაგრამ სამზარეულოს ფუსფუსს თავისი გრავიტაცია აქვს, თან ცოტას გაერთობი, მუშაობით, ალბათ არ მუშაობ.
-არა.
-ფული თუ დაგჭირდა, არ მოგერიდოს, კი არადა, აუცილებლად, ჩემი შვილი...
-არა, რას ამბობ, ფული საერთოდ არ გვიჭირს, ანზორი ძალიან ხელგაშლილი კაცია.
თავში ხელები წავიშინე.
-ღმერთო, ეს რა დღეში ჩამაგდე, ჩემი შვილი ვიღაც კომუნისტი ცეხავიკის კმაყოფაზეა.
-ასე ნუ ლაპარაკობ, ის მართლა კარგი ადამიანია, თანაც, სხვა რა გზა გვაქვს?
-მხარი დაუჭირე მაგის ცოლის მოყვანას, ამით მის გულს მოიგებ, ორ კვირაში ქალებს ვერ იცნობენ, როგორც ჩანს, ეგ ქალი დიდი ხანია მისი საყვარელია და ყველაფერი უშენოდაც, ისედაც გადაწყვეტილია.
-დავფიქრდები აუცილებლად, შენ ყოველთვის კარგ რჩევას იძლევი.
-იქნებ სჯობდეს, რაც მალე აიბარგები მაგათი სახლიდან, ბავშვის გაზრდაში მე მოგეხმარები.
-არ გამოვა მასე, უკვე ძალიან გვიანია, ბავშვს მათი სახელი ჰქვია.
-რაც უნდა იყოს, საფრთხის ქვეშ მაინც ხარ, ბექამ ნებისმიერ დროს შეიძლება გენეტიკური ანალიზი ჩაიტაროს, სულ მარტივად დადგინდება, რომ მისი შვილი არაა.
გულგრილად აიქნია ხელი.
-მოხდეს რაც მოსახდენია, აწი მაინც ვეღარაფერს შევცვლი, შენ და ელენესაც, შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ეს ამბავი არსად მოსაყოლი არაა.
-დაორსულების თარიღი როგორღა მოატყუე?
-სულ სამი კვირა იყო სხვაობა, ამ პაწუკამაც ცოტახანს დააგვიანა, ისე რომ, ვერავინ ვერაფერი გაიგო.
-საერთოდ რა გეგმები გაქვს, რას აპირებ?
-ამას გავზრდი და რა ვიცი, მივხედავთ მერე ჩვენს თავს.
-უნდა მანახო ხოლმე - ვუთხარი ეკას - თან ხშირად, მომეცი, ცოტა ხანს დავიჭერ, რას შვები შე მამაძაღლო, მირტყავ? ესეც კაი ვირია, ჩემი არ იყოს - ამ სიტყვებზე ბავშვი უკან გადავეცი.
-ეს უარესია - მითხრა ეკამ და გამიღიმა.
XXX
-ყველაფერი კარგად მოხდა - მითხრა ელენემ - ბავშვი დაიბადა, ლამაზი, ჯანმრთელი და კახელი.
-ნეტაი შენ, რომ სასაცილოდ გეჩვენება ეს საქმე.
-ყველამ საკადრისი მიიღო, ბექას იმდენი ქალი გაუმწარებია, კიდევ ცხრა სხვისი შვილი რომ გაზარდოს, ცოდვების გამოსყიდვისთვის მაინც არ ეყოფა, მანანასაც, იმედი ვიქონიოთ, რომ ეშმაკი მაინც დაუფასებს სამსახურს და ჯოჯოხეთში კარგ თანამდებობას მიიღებს, ანზორი ალბათ მალე მამა გახდება, ეკამ სიყვარულს უღალატა და ახლა უკანონო შვილი ჰყავს, ჩვენ არავისთვის გვიღალატია და კანონიერი გვყავს, თუმცა შენ ხომ უკანონოც გყავს, დაიცა, რაღაც ვერ გამოდის კარგად.
-როგორც ჩვენი ელინოფობი მამები იტყოდნენ, შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი, მაგრამ ახლა რას ვაპირებთ?
-თამარა მამიდაა ჩამოსული, დამირეკა, მეიყვანე გოგო ბოვში, მანახე პაწა ხანიო, მაგის „ბლატნოი“ დაქალებიც იქ არიან, შენ რომ ძალიან გიყვარს და „აჩაიანებს“ ეძახი, გამჯაშვილი, ემნაძე, გიგაური და აბზიანიძე, წავალ ცოტას გულს გადავაყოლებ.
-გამჯაშვილმა ერთხელ პოლიციის უფროსი და ქალაქის ვიცე-მერი ისე გამოლანძღა, სად გავპარულიყავი, არ ვიცოდი, მაგრამ დაიცა, მარტო რატომ მიდიხარ, ჩემზე ხელი აიღე თუ?
-წადი შენ ზურასთან ბარში, ხომ ვიცი, გული იქით მიგიწევს.
ელენე მივაცილე და ლუდის ბარის გზას დავადექი.
XXX
-აბა რას იტყვი, როგორი ნამუშევარია? ხომ ზორბად შევასრულე? - მომესმა ხმა.
ყორანი იყო.
-რას გულისხმობ?
-ორი დანიელი, ორი დენ კარტერი, როგორი ამბავია?
-მაშ, ეს შენი შემოქმედებაა?
-მე ხომ დაგპირდი, რომ საინტერესო ამბებს შემოგთავაზებდი?
-ნამუსი არ გაქვს ყორანო შენ, არც შენ და არც იმ შენს უფროსს, ნამდვილი ძაღლიშვილები ხართ.
ეწყინა ნიჰილიზმის ღირსეულ წარმომადგენელს.
-ერთი ჩვენ გვკითხე, შენ ვინღა ხარ? ძარღვი ვერ შეგიტოკეთ, ნერვი ვერ აგითამაშეთ, ვერაფერი დაგაკელით, ერთს შეგაქანებს და ჰაიდა, მორჩენილია ამბავი, იწყება ისევ კრომველებზე, ვალენშტაინებზე, ველინგტონებსა და მიურატებზე ლაქლაქი. მორჩა, ჩემი ფეხი აღარ იქნება შენთან, ისიც მეყო, რაც დრო ვკარგე და შენს გამო საყვედურები მივიღე.
-მაშ, უფროსი გეჩხუბა?
-კაცი რომ შვილს ახალ ზელანდიელი მორაგბის სახელს დაარქმევს, იმისგან კარგს რას უნდა ელოდოო? ან წინაპარი არავინ ჰყავდა, ან მეფე არავინ უყვარდა, მწერალი და წმინდანი არავინ იცოდაო? აღარ დაგინახო მაგასთან მისული, ამაო გარჯაა მაგისთანებთან მუშაობაო.
-მაინც რა გინდათ თქვენ, რისთვის იღწვით?
-გვსურს დაგარწმუნოთ, რომ ცხოვრებაში არაფერს აზრი არ აქვს, მაინც ყველაფერი ერთ დღეს დასრულდება.
-რაკი ასეა, ბარემ შევირგოთ ის, რაც გვაქვს?
-შორს მიმავალ გეგმებს ნუ სახავთ, პროგრამა იტვირთება, ცხრაათასშვიდასთხუთმეტ კაცს რომ ერთდროულად უნდა ოლიმპიური ჩემპიონობა, ჩვენ რა გავაკეთოთ?
-აი, ჯანდაბა თქვენცა და თქვენს პროგრამასაც, უკეთესი ალგორითმის დაწერის ნაცვლად ყორნებს აშხუილებთ აქეთ-იქით.
-რაც უნდა იყოს, ზრდილობას წინ არაფერი უდგას - თქვა ყორანმა - ამიტომ ერთმანეთს თავაზიანად გამოვემშვიდობოთ, დახვეწილად, ინგლისურად.
-ეს შეიძლება - ვუთხარი და ხელი გავუწოდე, მანაც ჩამომართვა.
-მშვიდობას გისურვებ - მითხრა ალალად - და ერთმანეთს ნუღარასოდეს გავიხსენებთ.
-ასე იყოს - დავეთანხმე მე და გზა განვაგრძე, მერე ცოტახანს შევჩერდი და ცაში ვარსკვლავებს ავხედე.
წადი ყორანო, წადი, და აღარასოდეს დაბრუნდე, შენ უფროსს კი გადაეცი, ისედაც შავ დღეში ვართ ადამიანები, ყორნების გამოგზავნა საჭირო არაა. ჯერ მარტო სიკვდილის შიში რად ღირს - რომ არ ვიცით წინ რა გველის.
ასე გადაეცი, რომ ადამიანები იქნებ ცუდები ვართ, მაგრამ განკითხვის დღე ჯერ ადრეა, პირში ლაგამი ამოსდონ იმ ხალხს, მეორედ მოსვლით რომ გვზაფრავენ.
ვიცით, რომ ღმერთისგან იჯარით აღებული სამყარო ქვე-იჯარით ეშმაკს გადავეცით, რისი უფლებაც, თანახმად ხელშეკრულებისა, არ გვქონდა, ვიცით და ვნანობთ.
წადი უთხარი, იქ ზევით, რომ სოდომ-გომორში ათი მართალი თუ ვერ მოიძებნა, აქ, ქვემოთ მილიონობითაა. აი, ერთი მათგანი ჩემს წინ მილასლასებს გულდამძიმებული, ზურას ბავშვობის ძმაკაცი, ლადო. მე ვერც კი დამინახა.
მე ხომ ვიცი, სადაც მიდის? ბარში, იქ, სადაც მე. შეუკვეთავს ორ კათხა ლუდს და თხილს, დაჯდება მოშორებით, პირისახით ზურასკენ, ერთი საათი იჯდება, მის მონატრებას მოიკლავს და წავა მერე სახლში, ასე გაუთავებლივ.
ლადოს ზურა ძალიან უყვარს, მე რომ ვერც წარმოვიდგენ, ისე. ერთსადაიმავე პალატაში დაიბადნენ, ორდღიანი ინტერვალით, ბაღშიც ერთად იყვნენ, სკოლაშიც და უბანშიც.
ვერ შეძლო ლადომ ზურას სიმართლის დაჯერება, იმიტომ რომ ჩემზე დიდი და სქელტრაკა ყორანი ჰყავს. მძიმედ აზის მხარზე და აღარსად მიდის.
-ჩვენს ურთიერთობაში ნურავინ ჩაერევა! - მოღუშულად თქვა და ეს ალბათ, ყორანმა უკარნახა.
მაგრამ მორჩა, დამთავრდა ყორნებო თქვენი პარპაში, ერეკლე ზაკალაშვილი სადაც მოგწვდებათ, ყველგან დედას გიტირებთ. აი ახლაც, გავყვები ამ გამოყეყეჩებულს უკან და იმ შეკვეთილ ლუდს პირდაპირ კისერში ჩავასხამ, მის გავაგასიებულ ყორანსაც ყველა ბუმბულს დავაგლეჯ და მასე გაღლეტილსა და შერცხვენილს გავისტუმრებ თავის უფროსობასთან. მერე ზურას დავუძახებ და სამი წლის შემდეგ, ჩვენ სამი ისევ შევატყუპებთ ლუდის კათხებს და ვიტყვით... თუმცა დაიცათ, რას ვიტყვით? აჰ, მომაფიქრდა.
-მშვიდობით, ყორნებო! სილაღეს, სიცოცხლესა და სინათლეს გაუმარჯოს!
აი, სწორედ ასე ვიტყვით.