ფუად ბეი დემირბაშის არაბული საწოლი
ფუად ბეი დემირბაშის არაბული საწოლი
ფუად ბეი დემირბაშის არაბული საწოლი ეს ამბავი ზუსტად იმ დღეს დაიწყო, როდესაც ბატონმა ჯიმშერ ქერქაძემ თავისთან დაგვპატიჟა შემდეგი სიტყვებით: „მოდით, დავაფუძნოთ ქართული სუმოს ქომაგთა ასოციაცია“.მანამდე ერთი საუკუნით ადრე კი გალაქტიონი მჯდარა თეატრში, ვიღაც უცნობი ქალი მიეტმასნა და ჯიბეში ხელიც ჩაუყო. გადაირია კაცი, მსგავსი რამ აქამდე არც გაეგონა და არც ენახა.თავის ბიძაშვილთან, ტიციან ტაბიძესთან წავიდა.-რომ იცოდე, ტიტე, ასეთი და ასეთი ამბავი დამემართაო.-რა დიდიც ამბავი ეგ არის, ჩემო გალა, ბოზი იქნებოდა ის ქალიო.არაო, თავისთვის თქვა შინისაკენ მიმავალმა გალაქტიონმა, სახლში მისულმა კი დაწერა ლექსი: „სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“.აი, სხვაობა გენიოსებსა და არაგენიოსებს შორისო, დასძენს ლევან ბერძენიშვილი.სინამდვილეში ის ქალი მართლა ბოზი იყო, დიახ, სხვაობა დიდ ადამიანებსა და ჩვეულებრივ მოკვდავებთ შორის ნათელია - გენიოსები ყოველთვის მაგრად მიჰქარამენ. X X Xთეატრი ის ადგილია, რომელსაც ყოველთვის ქებით მოვიხსენიებდი, მაგრამ არასოდეს დავდიოდი იქ. ამას წინათ, ჩემი მეგობარი, პოსეიდონ ჭინჭარაული ქუჩაში შემხვდა.-ბილეთები შევიძინე, დღეს, რვა საათზე დარისპანის გასაჭირს დგამენ, წინა რიგები რვა ლარი ღირს, ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გაყიდული, მე ცოლთან ერთად ვიქნები, შენ რას იზამ?”მუნიციპალიტეტის დაფინანსებზე მყოფი პროვინციული ქალაქის თეატრი” - გავივლე გუნებაში და გული ამიჩუყდა - “რას შეიძლება ელოდოს ის, თანაქალაქელთა სოლიდარობის გარდა?”-ნაკაბი - ვეუბნები პოსეიდონს - ნაკაბიში არის რაღაც მისტიური, საკრალურიც კი, მამა ნუ წამიწყდება.-რას მიედ-მოედები?-ნაკაბი, მერვე დღეა დიდი სუმოს ტურნირზე, რამდენადაც ეს უკანასკნელი თხუთმეტ დღეს გრძელდება, ჩემპიონატის შუაგული მერვე დღე გამოდის, ასე არაა? აი, ახლაც, თეატრი რვა საათზე და ბილეთიც რვა ლარი ღირს, ორი რვიანი მქონდა და ერთბაშად კიდევ ორი გამოჩნდა!პოსეიდონმა საჩვენებელი თითი ენით დაისველა და შუბლზე მომადო.-უცნაურია - თქვა ეჭვით - არ შიშხინებს.-დაიცა, იუსტიციის სახლში მივდივარ, „ქართული სუმოს ასოციაცია“ უნდა დავაფუძნოთ, დამფუძნებლებში მერვე ნომრად ვწერივარ.-მშვენიერია, მაგრამ თეატრში თუ მოხვალ?-მოვალ, თუნდაც იმის გასაგებად, ოცდამეერთე საუკუნის კაროჟნა ქალია თუ კაცი.სუმოს ასოციაცია ერთის ყოფით დავაფუძნეთ, სულაც არ გვინაღვლია იმაზე, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომლებს გიჟები ვეგონეთ. X X X-მეშვიდეს, ანდაც მერვე რიგს გირჩევდით - ამბობს თეატრის მოლარე - ძალიან კარგი ადგილია, ბილეთებიც არის.-არა, მეორე რიგი მინდა! - ვეუბნები მტკიცედ.-მაინც რატომ? - ინტერესდება.-პოსეიდონი ამბობს, თეატრს ახლოდან უნდა უყურო, კინოს კი შორიდანო.-მაშინ, იქნებ პირველი რიგი აგეღოთ?-სიამოვნებით, მაგრამ პოსეიდონმა მეორე აიღო და მეც მასე ვიზამ.მოლარემ ბილეთთან ერთად სალარო აპარატის ჩეკიც გამომიწოდა და გაკვირვებით შემომხედა, თითქოს ამბობდა, რაკიღა ამას თვით პოსეიდონი ამბობს, რა გაეწყობაო.ვიგრძენი, რომ დღეს უკვე მესამედ ჩამთვალეს გიჟად.გარეთ გამოვედი და სიგარეტს მოვუკიდე, ხალხი ირეოდა, ძირითადად, ბავშვები და მათი მშობლები. ბავშვობა გამახსენდა, დედას მეც დავყავდი ხოლმე თეატრში, მაგრამ შემდეგ ოთხმოცდაათიანი წლები დადგა და მსახიობების ადგილი პოლიტიკოსებმა დაიკავეს. ვერ გამოდგნენ კარგი გამრთობები, ჩაქრა, ჩაინავლა თეატრიც და სხვა ყველაფერიც, ნაადრევად დამთავრდა ბავშვობა ჩემი თაობის უამრავი ადამიანისათვის.ახლა ესენიც აქ არიან, ზუსტად იმას გრძნობენ ალბათ, რასაც მე მაშინ, ნეტავ, ამათ არაფერი დაუშავდეთ, ჩემსას რაღას დავეძებ.ფიქრებიდან ერთმა გოგომ გამომიყვანა, გვერდით ჩამიარა და შემომხედა. ამას დაჩვეული ვარ, გოგოები ყველანი მიყურებენ, გამონაკლისის გარეშე, არა, არა, ლამაზი არ ვარ და არც განსაკუთრებულად მაცვია, უბრალოდ გრძელი თმები და თავზე შავი ბენდენა პროვინციულ ქალაქში არც ისე ხშირია, ქალებს ალბათ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელი ვგონივარ, მათ ასეთი რაღაცეები ძალიან აინტერესებთ.სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი კაცი ვარ, და ისინიც, ვინც მიყურებენ, ჩვეულებრივები არიან, მაგრამ ეს გოგო, ამჯერად არ გამოდგა ჩვეულებრივი.რა ჰქონდა განსაკუთრებული? აჰა, ღმერთო, თქვენ მე ვინ გგონივართ? ფემინისტი? თუ ლიბერალი? რა უნდა ჰქონდეს ქალს განსაკუთრებული, გარდა ერთისა?მართალი ბრძანდებით, ლამაზი იყო, საოცრად ლამაზი.იმდენად ლამაზი, რომ მეორედ აღარც შემიხედავს, ისევ სიგარეტს და ჩემს ბავშვობას დავუბრუნდი. მერე სუმოც გამახსენდა. შევეცადე გამერკვია, ამინიშიკისა და ჰარუმაფუჯის შეხვედრაში მსაჯმა ჰიკიოტოში რატომ დააფიქსირა, როდესაც ჰატაკიკომს უფრო ჰგავდა. XXXჩემი მეგობრის და მისი მეუღლის ბილეთები თხუთმეტი და თექვსმეტი ნომრებია, ჩემი - ცხრამეტი, პოსეიდონი ამბობს, ჩემს გვერდით დაჯექი, ჩვიდმეტ ნომერზე და დაიკიდეო, მე კი ვავითარებ მოსაზრებას, რომ ოცდათხუთმეტი წელი ის ასაკია, რომ იქ, ქვემოთ, ზედმეტი რამეების ჩამოკიდებას უნდა მოერიდო, თუ გსურს კიდევ დიდხანს იგრძნო თავი მედგრად. ამიტომაც ცხრამეტ ნომერ სკამზე ვჯდები და ველოდები წარმოდგენის დაწყებას.დარბაზი ნელ-ნელა შეივსო და რასაკვირველია, ჩვიდმეტი და თვრამეტი ნომერი სკამებიც, მაგრამ....არა, არ მეჩვენებოდა, სწორედ ის ლამაზი გოგო მოვიდა, გარეთ რომ ვნახე. ამჯერად მარტო არ იყო, მეგობარი ახლდა და ის მეგობარი, ოდნავ მეტი, ანდაც ოდნავ ნაკლები იყო სილამაზით.ეს მეგობარი ჩემს გვერდით დაჯდა, თვითონ კი პოსეიდონის გვერდით მოთავსდა.საქმეში ხარ? ეს მინდოდა ახლა მე?აქამდე ლამაზი გოგო არასოდეს დამჯდომია გვერდით, არც ტრანსპორტში. რა გამეკეთებინა, არ ვიცოდი. ვიფიქრე, ხომ არ ავდგე და აქედან მოვუსვა მეთქი? მაგრამ პოსეიდონს რას გამოვაპარებდი? ჩემს ამბავს კაკო ბუბუტეიშვილს ეტყოდა, იმის ხელში კი ჩემი მტერი ჩავარდა.წარმოდგენა დაიწყო და იმაზე დავფიქრდი, დარისპანს რომ ჩემი გასაჭირი დაანახა, თავისი საერთოდ თუ გაახსენდებოდა მეთქი. ანტრაქტის დროს გარეთ გამოვედი, ისევ მოვუკიდე და ოდნავ გამეცინა კიდეც ჩემს თავზე, რამდენი რამეა გასაკეთებელი? სუმოს ფედერაციაში ახლა არჩევნები იწყება და პრეზიდენტად კოკაის გასვლა ჰაერივით სჭირდება ქართულ სუმოს, ლამაზი ქალებით აღფრთოვანების დროა?მეორე ნაწილი დაიწყო, მთლიანად გადავიტანე ყურადღება სპექტაკლზე, მსახიობები შესანიშნავად ასრულებდნენ, მაგრამ მე მაინც ჩემებური სიუჟეტი ავაგე, დარისპანი ცდილობს გაათხოვოს შვილი, მაგრამ ეს შვილი ბიჭია, რასაკვირველია, ოსიკო უარს ამბობს მის ცოლად შერთვაზე, გაბრაზებული დარისპანი სასამართლოში მიდის და უმცირესობების დისკრიმინაციაში სდებს ბრალს. სასამართლოც აკმაყოფილებს საჩივარს და დაქორწინებას კანონით აიძულებს, ამასთანავე, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის დარღვევისათვის სასიძოს ოცდაათი ათასი ლარით აჯარიმებს, რამდენადაც მას ეს ფული არ აქვს, დარისპანს მოუწევს სახლის გაყიდვა, შვილისა და სიძის ვალების დასაფარავად, რომელსაც, რა თქმა უნდა არ დაუბრუნებენ ...საინტერესოა ხომ? არ არის საინტერესო? მართალი ბრძანებაა, მეც სულ მაგას გავიძახი, ჰომოსექსუალების შესახებ თემა საერთოდ არაა საინტერესო მეთქი.რაღაც ქლასუნივით ვიგრძენი და მგონი, არაფერი მომჩვენებია, ქლასუნი გვერდიდან მოდიოდა, მივიხედე და რას ვხედავ?ადგილები გაუცვლიათ, ჩემს გვერდით ახლა თვითონ დაბრძანებულა, ჟაკეტი გაუხდია და ის ჟაკეტი გამექლასუნა. უნდა ვაღიარო, რომ შევცდი მისი პირველი შეფასებისას - თავის მეგობარზე ბევრად ლამაზი იყო.თუ კოკაი პრეზიდენტად გავიდა, იაპონიასთან კავშირი გაღრმავდება, მაშინ იქნებ ამირან წიქორიძის გაგზავნა მოვახერხოთ ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანში? მაეძუმოში უცებ მოიგებს ყველაფერს, ჯურიომდე ისე ამოვა, კაცი ვერ იქნება მისი გამჩერებელი.დიდი მაღვალაკი ვინმეა ეს ქალი! თუ დაატყო, კაცი სხვა რამეზე ფიქრობსო, ბარე ათასი საშუალება აქვს ყურადღების მიქცევისა, მაგრამ რა ეშმაკად უნდა ახლა ამას ჩემი ყურადღება? სამჯერ ჩაიცვა და გაიხადა ის ჟაკეტი, მაინც რომ არ გავიხედე მისკენ, თავისი მეგობრის მხარს მიეყრდნო, აქაოდა, დავიღალე და დასვენება მესაჭიროებაო.არ ვიხედებოდი, მაგრამ მივხვდი, ისეთი ნაზი და დახვეწილი მიხვრა-მოხვრა ჰქონდა, მე კი არა, ესესის ობერგრუპენფიურერს აუბნევდა თავგზას.ნეტავ, საბჭოთა კავშირისთვის რომ ეღალატა, სტალინი თუ დახვრეტდა მეთქი, გავიფიქრე.ის ისეთი იყო, მე მგონი მაინც დახვრეტდა.წარმოდგენა დამთავრდა და წამოვედი, ფოიეში შეხვდა ბოლოს ერთამენთს ჩვენი თვალები, ეგ იყო და ეგ, მეტი არაფერი. XXX-ხომ გითხარით ბატონო, რომ მეორე რიგში ცხრამეტი ნომერი ბილეთი გაყიდულია?-დალახვროს ეშმაკმა! ბილეთების გაყიდვა ხომ ცხრა საათზე დაიწყო?-რასაკვირველია, როგორც გამოცხადებული იყო.-მაშინ იქნებ ამიხსნათ, ცხრის ნახევრიდან აქ ვდგავარ და როგორც კი სალარო გაიხსნა, პირველი მე მოვედი, როგორ გაიყიდა?-ჩვენი თეატრი სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, ბილეთები შესაძლოა კორპორატიული წესით გაიყიდა.-გასაგებია, კიდევ რომელი ბილეთებია გაყიდული?როგორც ჩანს, მისი მოთმინების ფიალა აივსო.-ბატონო ჩემო, თეატრი თავად გადაწყვეტს, როდის გაყიდოს ბილეთები და ვისზე, და სულ არ არის ვალდებული, თქვენ ანგარიშები გაბაროთ. ცამდე მართალი იყო ეს ქალი, მაგრამ ეტყობა, ისეთი საცოდავი სახე მქონდა, რომ გული მოულბა. თან რაღაცას მიხვდა კიდეც.-თვრამეტ ნომერს მოგცემთ, ან ოცს - მითხრა და თანაგრძნობით შემომხედა.-არა, თვრამეტ ნომერს ნუ შეეხებით, თექვსმეტი და ჩვიდმეტი მომეცით, და - ამ სიტყვებზე ჯიბიდან ორმოცდაათლარიანი კუპიურა ამოვიღე - თუ შეიძლება თვრამეტი ნომერი კაცს არ მიჰყიდოთ, პრინციპში არც ქალს....-თეატრში ცხოველების შემოსვლა აკრძალულია - მითხრა სრულიად სერიოზულად - ასეც რომ არ იყოს, მეეჭვება ბილეთის საყიდლად თვითონ გამოცხადდნენ.-მოკლედ, ეს თანხა საჩუქრად აიღეთ და ბილეთს ნუ მიჰყიდით დაბალს, ნურც ქერა, ულამაზო ან ლამაზ ქალს, ნურც მოხუცს და ბავშვს, მიჰყიდეთ მხოლოდ მაღალ, შავთმიან, ძალიან ლამაზ ქალს, ოცდაათიდან ოცდათხუთმეტ წლამდე.დიდხანს მიყურა, ძალიან დიდხანს, ბოლოს თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.-მისი სურათი ხომ არ გაქვთ?-არა, არ მაქვს.-სახელი და გვარი? იქნებ ინტერნეტში მოგვეძებნა?-არც ერთი ვიცი, არც მეორე.-ცუდია, მე კი მინდა მთელი გულით დაგეხმაროთ.-მხოლოდ ის გააკეთეთ, რასაც გეუბნებით, თვრამეტი ნომერი ისეთ ქალს მიჰყიდეთ, მისი სილამაზის დანახვისას სული რომ შეგიგუბდებათ.ბილეთები მომცა და ჩემი ორმოცდაათლარიანი უკან დამიბრუნა.-ეს ზედმეტია, ისედაც დაგეხმარებით.რისი იმედი მქონდა, არ ვიცი, ან საიდან მოვიტანე, რომ თუ დარისპანის გასაჭირზე მოვიდა, ჰამლეტზეც მოვიდოდა?და მაინცადამაინც მეორე რიგის თვრამეტ ნომერს აიღებდა?!შეხვედრისათვის საგულდაგულოდ კი მოვემზადე, წვერი გავიპარსე, გარეცხილი ტანსაცმელი ჩავიცვი, თმები სალონში გავასწორებინე, ფეხსაცმელებიც გავწმინდე და კბილებიც გამოვიხეხე, ასე გასინჯეთ, ფრჩხილებიც კი დავიჭერი.სუნამოს დაპკურებაც დავაპირე, მაგრამ გადავიფიქრე, ბოლოსა და ბოლოს, კახელი კაცი ვარ!თეატრში მიმავალს დალი შემხვდა, დეიდაჩემი. დეიდა კია, მაგრამ ჩემზე მხოლოდ თორმეტი წლითაა უფროსი. ორმოცდაშვიდი წლისაა და გაოცებას ჯერ კიდე „ვაუთი“ გამოხატავს.-ვაუ, ეს რა დღეში ხარ, რა კარგად გამოიყურები, შენ და დაჭრილი ფრჩხილები? პაემანზე ხომ არ მიდიხარ?-დაახლოებით, რამე რჩევას ხომ არ მომცემდი?-ნიცშე გაიხსენე და „ქალთან მიმავალმა როზგი დაიჭირე ხელში“.წარმოდგენის დაწყებამდე ათი წუთით ადრე მივედი და ჩვიდმეტ ნომერ სკამზე ჩამოვჯექი. ცოტა ხანში დარბაზი შეივსო და ჩემს გვერდითაც დაიკავეს ადგილები, ვიღაც ბავშვები ისხდნენ, ასე თორმეტი-ცამეტი წლისები.ნაღველი შემომაწვა, ვეღარც ჰამლეტს დავუდე გული და არც სუმოზე ფიქრი გამომდიოდა. ვიჯექი ჩაბნელებულ დარბაზში და არც წინ ვიყურებოდი, არც უკან.ოცი წუთის შემდეგ ჩემს გვერდით რაღაც ამოძრავდა, „ოჰ, ეს ბავშვები, წუთით რომ ვერ ისვენებენ“ გავიფიქრე გულში და მარჯვნივ გავიხედე.რომელი ბავშვები? ჩემს გვერდით სწორედ ისინი ისხდნენ, ერთი ის, ვისთვისაც მოვედი და მეორე, მისი მეგობარი.ჩემსკენ არც იხედებოდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ გულში დამცინოდა, გვერდით მეგობარი დამისვა, თვითონ კი მოშორებით დაჯდა.როდესაც ტოჩინოშინმა იმპერატორის თასი აღმართა, მეგონა, ბედნიერება სწორედ ეს იყო, მაგრამ ახლა მივხვდი, რა მაგრად ვცდებოდი.იმასაც მივხვდი, რომ გვარიანად გამაპამპულა, მოლარე სავარაუდოდ მისი ნაცნობი იყო და სულ წვრილად იცოდა ყველაფერი, რაც მე მასთან ვილაპარაკე, ბავშვებიც ალბათ მეგობარს ეთხოვა.თომას მანის „პატარა ბატონი ფრიდემანი“ გამახსენდა, ქალაქში პოპულარულ ქალს, მხოლოდ ერთი, საწყალი ვაჭარი, ფრიდემანი არ აქცევს ყურადღებას, იმ მოტივით, რომ მასთან შანსი მაინც არ ექნება, ეს პოპულარული ქალი ზედ ევლება, ოღონდ რამენაირად მოიგოს ფრიდემანის გული, საცოდავი ვაჭარიც ბოლოს ვეღარ გაუძლებს და სიყვარულში გამოუტყდება, ქალი ზიზღით ჰკრავს ხელს და გაეცლება.ეს მოთხრობა რომ წავიკითხე, ჯერ კიდევ ბოთე ვიყავი და ვერაფერი გავიგე, აბა მაშინ რა ვიცოდი ქალების ამბავი? სამაგიეროდ ახლა მივხვდი, როდესაც ფრიდემანის როლში ჩემდაუნებურად აღმოვჩნდი.ცხადია, თავისი მისია შეასრულა, ვინ იცის, მერამდენე ვიყავი მის სიაში? აწი ალბათ, თეატრში აღარც მოვა, თავის მეგობარს გამოგზავნის, რომელიც დამაკვირდება, მეორე რიგის ცხრამეტ ნომერ სკამზე მჯდომი როგორ ვაცეცებ თვალებს და საღამოს, ყავის სმისას, ორივენი სიცილით დაიხრჩობიან.ანტრაქტის დრო დადგა, მაგრამ მე ვერაფერი გავიგე, უაზროდ მივშტერებოდი სცენას.-აჰა, შენც აქა ხარ, ძალიან შემოეჩვიე თეატრს - მომესმა ნაცნობი ხმა.სილიბისტრო იყო, ჩემი ძმაკაცი.რა კარგია, როდესაც გაჭირვების ჟამს მეგობარს ნახავ! ჩემთვის რა უნდა ეშველა? მაგრამ მისმა დანახვამ ისე გამახარა, როგორც საბჭოთა მოქალაქეები ფელდმარშალ კაიტელის ხელმოწერამ გერმანიის კაპიტულაციაზე.-რომ იცოდე, თეატრი მაგარი რამეა - ვუთხარი სილიბისტროს.-მე მომწონს თეატრი და აქ ყოველთვის დავდივარ - თქვა ღიმილით - შენ კი მეორედ გხედავ, გსურს დამარწმუნო, რომ ჩემზე მეტი იცი?სილიბისტროსთან კაცი არ მოიწყენ, მსუქანია, ოღონდ მოქნილი მსუქანი, სუმოში ასეთებს დიდი პატივისცემა აქვთ.ტაკეკაძეს ჰგავს, ტაკეკაძე აკირას, არადა მაისურაძეა.-თუ პირველი ბორბალი ჩინეთში დაატრიალეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაგან ვერ დატრიალდებოდა - დავიწყე ფილოსოფოსობა - მის მსგავსად, რაკიღა პირველი მწვადი შუამდინარეთში შეიწვა, იმაზე მიუთითებს, რომ იქაურებმა უბრალოდ სხვებს დაასწრეს, მაგრამ აი თეატრი და სპორტი, ეს ისეთი რამეებია, რომლებიც ძველი საბერძნეთის გარდა ვერსად დაიბადებოდა.სპორტის მთელი არსი ღია კონკურენციაშია, მთავარ როლს აქ მოულოდნელობა, გაურკვევლობა თამაშობს, არ იცი, ვინ გაიმარჯვებს და ამაშია აზარტი. ფეხბურთი ულამაზესი სპორტია, მაგრამ თუ შედეგი წინასწარ იცი და ჩანაწერს უყურებ, ინტერესი, რასაკვირველია, ასმაგად მცირეა.თეატრი მისი საპირისპიროა, აქ სიუჟეტი წინასწარ ცნობილია შენთვის, იცი, რომ რომეო აუცილებლად მოკვდება, ლანცელოტი დრაკონს დაამარცხებს, ბარონ ოსეპა ორას თუმანს გაიღებს შვილის ვალების დასაფარავად, მიუხედავად იმისა, რომ არც შარმეტოვია და არც მანთაშოვი, დარისპანიც ვერ გაათხოვებს კაროჟნას.მაშ, თუ ყველაფერი წინასწარ ვიცით, რაღას მოვდივართ, რატომ არ დავეტევით სახლებში? მართალი ხარ, ჩვენ გვაინტერესებს მსახიობები, მათი ვნებები, განცდები და ემოციები, გარდასახვა თუ რა ვიცი კიდევ რა! ერთი და იგივე სიტყვებს ამბობენ, მაგრამ სხვადასხვაგვარი ტემპერამენტით. კარგ მსახიობს რატომ ასჯერ არ მოუსმენ.სპორტის ყურებისას ჩვენ ადამიანები ვართ, ყველაზე ჩვეულებრივი ადამიანები, თეატრში კი ღმერთები! წინასწარ ვიცით რა მოხდება, მაგრამ გვაინტერესებს, თუ როგორ შეასრულებს ადამიანი თავის როლს. ასევეა ღმერთიც, მისთვის ცნობილია მომავალი, მაგრამ მნიშვნელობა აქვს ამ ცხოვრების დრამაში ჩვენ რა მონაწილეობას მივიღებთ.ფორმითაც ყველაფერი დაცულია, თეატრში მაყურებლები სხედან, მსახიობები კი მოქმედებენ. ხომ გაგიგია ძველბერძნული ანდაზა: „ღმერთი ზის, ადამიანი დგას“ (სილიბისტროს არაფერიც არ გაუგია, მაგრამ თავს მიქნევს)მხოლოდ კარგი შესრულებისას, სპექტაკლის ბოლოს წამოუდგებიან ღმერთები ადამიანებს და ტაშს დაუკრავენ, ნიშნად იმისა, რომ კარგი შესრულება ადამიანებს ღმერთებთან ატოლებს.”როგორ შევასრულეო, მე ჩემი როლი, ამ ცხოვრების კომედიაში?“- იკითხავს ოქტავიანე კეისარი სიცოცხლის დასასრულს, დიდებულად, დიდებულადო, ეტყვიან მხლებლები, მაშ, ტაში დამიკარით და ისე გამაცილეთო. აი, ასეთი ამბებია, სილიბისტრო ჩემო!ქადაგად დავარდაო, რომ იტყვიან, ჩემზე იყო ნათქვამი, სულ არ შემრცხვენია იმისა, რომ ნახევარზე მეტი ლევან ბერძენიშვილს მოვპარე, სილიბისტრო აღფრთოვანებული დამირჩა და გვერდიდანაც რამდენჯერმე ვიგრძენი ქლასუნი, ისე ვიყავი გატაცებული, ყურადღებაც არ მიმიქცევია ამისთვის.-პასუხი ურთულეს კითხვაზე - რატომ უშვებს ღმერთი ამდენ უსამართლობას - თეატრში დევს, მას შეუძლია მოგცეს საუკეთესო როლი შესასრულებლად, მაგრამ მაყურებლის ტაში მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.აი, ეს კი აღარ მომიპარავს ბერძენიშვილისთვის და გვერდიდანაც ქლასუნი კი არა, ისეთი მუჯლუგუნი ვიგრძენი, სილიბისტროს კინაღამ თავზე გადავემხე.-უკაცრავად - მითხრა ნაძალადევი შეცბუნებით (სილიბისტრომ არა, იმ ლამაზმა გოგომ)-არაფერია - ვუპასუხე მეც, ნაძალადევი სიმშვიდით.-გაიგე, ეკა, თურმე ღმერთები ვყოფილვართ - ვითომ ხმადაბლა, მაგრამ ჩემს გასაგონად გადაულაპარაკა თავის მეგობარს.ხმა არ გამიღია, სპექტაკლი განახლდა და ყურადღება მისკენ გადავიტანე, მაგრამ კიდევ სამჯერ ვიგრძენი ხელის კვრა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე.-ბოდიში მომითხოვია, მაგრამ თქვენ, მგონი მართლა ღმერთი გგონიათ საკუთარი თავი!-რას გულისხმობთ?-ჩემი ნეკნებისგან ევას შექმნას თუ ცდილობთ, გაითვალისწინეთ, რომ ჯერ უნდა დამაძინოთ.ეტყობა ნამეტანი განწირული სახე მქონდა. საქმე იმაშია, რომ სამჯერ ზედიზედ ერთსა და იმავე ადგილას ჩამარტყა.ქვეყნად ორ რამეს არ აქვს ბოლო, კაპიტალის წრებრუნვას და ორი უქმრო ქალის ატეხილ სიცილს. საჭირო გახდა თეატრის წარმომადგენლის ჩარევა, რომ როგორმე სპექტაკლი არ ჩაშლილიყო.თუ ჩიოტაიკაი ბრძოლების უმეტესობას ცუპარებით იგებდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუპარებს გამართლება აქვს ჩემთვის, მითუმეტეს ახლა, როდესაც ოთხი ცუპარი ზედიზედ მივიღე ნეკნში.თეატრიდან ერთად გამოვედით, მალულად აპარებდნენ ჩემსკენ თვალს და ჩუმად იცინოდნენ.-წამალი გვაქვს - მითხრა ეკამ - უცბად მოგირჩენთ ნატკენ ნეკნს.აი, ასე უბრალოდ მოხდა ჩვენი გაცნობა, მგონი მართალი იყო ლადო ნაცვლიშვილი, რას ერჩი ცუპარებსო, რომ მსაყვედურობდა.რასაკვირველია, არანაირი წამალი მათ არ ჰქონიათ, იქვე, მახლობელ თურქულ კაფეში დამპატიჟეს ყავის დასალევად, მეპატრონემ, ინდ. მეწარმე ფუად ბეი დემირბაშმა (სახელი და გვარი სალარო აპარატის ჩეკზე ეწერა) რვა ლარად ვედრონახევარი ჩაი მოგვიტანა და კეთილგანწყობითაც გაგვიღიმა.ჩაი მოვსვი და მივხვდი, რომ ძალიან კარგ ხასიათზე გახლდით, მთლად ისეთზეც არა, როგორც სუმომანთა კლუბის შეხვედრებზე, მაგრამ მაინც გვარიანად ვიყავი აღტაცებული. ფუად ბეის, მე მგონია, ორივე ჩემი ცოლი ეგონა და ისეთი კრძალვით დამტრიალებდა თავს, თითქოს ყირიმის ომში ნახიმოვისა და კორნილოვის ფლოტი მე დამემარცხებინოს.ტკბილეული შევუკვეთე და მასპინძლის პატივისცემა ხელად გავიორმაგე.-მიუხედავად ტაკაკეიშოსთან მარცხისა, ტოჩინოშინი მაინც ყველაზე მძლავრი სუმოტორია მსოფლიოში, რასაკვირველია, ჰაკუჰოს შემდეგ, ასე არაა ფუად ეფენდი?ფუად ბეიმ ქართული არ იცის, მაგრამ სახეზე ვატყობ, რომ თუ ჩილიმსაც შევუკვეთავ, არც ჰაკუჰოს დაერიდება მაინცადამაინც, თან თვალებს გოგოებისკენ აპარებს მალულად.-აბა, აბა, ეგეთები არ იყოს ფუად ეფენდი, ესენი ჩემი ცოლები არიან, ახლავე მოუსვი აქედან და სანამ ანგარიშს არ მოვითხოვ, აქეთ გამოხედვა არც იფიქრო.აყალმაყალი გვიყვარს ქართველ კაცებს, მაგრამ ქალებთან მოქცევა კი არ ვიცით, აი, ახლაც, კიდევ კარგი ნეკნი მატკინა, თორემ რაზე უნდა მელაპარაკა? ფერდიშჩენკო გამახსენდა, დოსტოევსკის პერსონაჟი, იუმორი არ მაქვს, ამიტომაც იძულებული ვარ სიმართლე ვილაპარაკოო, ასე ამბობდა. წელში გამოყვანილი ჩაის ჭიქა დიდი ყლუპით გამოვცალე, თვალები ჭერს გავუშტერე და რიხით დავიწყე:-ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, მშვენიერო ქალბატონებო, მე ვილჰელმ კაიტელი ვარ. ლიქოკს გადაღმა არის პატარა სოფელი კაიტი, იქიდან მოდის ჩემი გვარიც, კაიტელი, პაპაჩემი ამბობდა, ჩვენ და ლიქოკელებს ერთი წინაპარი გვყავდაო, ესე იგი, მე მინდა ვთქვა, რომ თქვენნაირ ლამაზ გოგოებთან არასოდეს ვმჯდარვარ, საშინლად დაბნეული ვარ, ამიტომაც სასაუბრო თემის შერჩევა თქვენთვის მომინდვია, რამე მოიფიქრეთ, თორემ მოგიწევთ ნაპოლეონის კონტინენტურ ბლოკადაზე, ანდაც ჰელმუტ ფონ მოლტკეს გენშტაბის იდეაზე ლექციების მოსმენა.აი, ასე მარტივად, საუბარი ნელ-ნელა აეწყო.ოჰ, როგორ მეზარება ახლა ამ ყველაფრის აღწერა! არა, არაფერსაც არ აღვწერ, რომელი სტენდალი და მოპასანი მე ვარ? ამგვარი დითირამბები საჩემო საქმე არაა, თანაც, არა მგონია, თუ ქალი მართლა გიყვარს, მის შესახებ რაიმეს მოყოლას თავი მოაბა.ჰო, მე უკვე დარწმუნებული გახლდით, რომ ცხოვრებაში პირველად, სიყვარული მეწვია, ეს მინდოდა ახლა მე, ამ კახელ კაცს?რას აღარ ვეცადე, ხან ღვინით დავთვერი, ხან კონიაკით, ხაში ვჭამე, ხინკალი და ქაბაბი, მწვადი და ხაშლამაც, ზედაც ბლომად ნიორი მივაყოლე, მაგრამ საქმეში ხარ? არაფერმა მიშველა, ისევ მიყვარდა!ჩემს მოძღვართან, მამა მიქაელ ჭაბაშვილთან მივედი.-მიშველე მამაო!- შევჩივლე საცოდავი სახით - უბედურება მეწვია.მამა მიქაელს კაცი ვერაფერს გამოაპარებს, ეჭვით შემომხედა და ყურზე მომქაჩა.-თქვი, რა ხდება შენს თავს?-ქალი შემიყვარდა.დაფიქრდა, მერე ხელი აიღო და ფართოდ გადამსახა ჯვარი.-ლოცვა-კურთხევას გაძლევ, სიყვარულზე უარი არ თქვა.როდესაც ადამიანები გაგწირავენ, ზეგარდმო ძალების იმედად ხარ, მაგრამ რა უნდა ქნა მაშინ, თუ კოსმოსიც შენს წინააღმდეგაა?თეატრის სალაროში მივედი.-ცხრამეტი ნომერი ბილეთი მეთქი!მოლარემ ეშმაკურად გამიღიმა.-თან ჩვიდმეტი და თვრამეტიც გაიყიდა უკვე.სპექტაკლამდე ორი დღე იყო დარჩენილი და ორივე თეთრად გავათენე.„ჯანდაბას ეს სიყვარული“ - ვფიქრობდი გულში - „ისედაც არ მეძინა რიგიანად, ესღა მაკლდა?“„მეფე ლირს“ დგამდნენ, მაგრამ ლირი კი არა, ერეკლე რომ წამომდგარიყო და ყიზილბაშებს დარეოდა, იქით გამხედი არ ვიყავი, ჩვიდმეტ ნომერ სკამზე ის იჯდა.მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ თვრამეტ ნომერზე ეკას მაგივრად ვიღაც კაცი დაბრძანებულიყო. უფრო სწორედ, კაცი კი არა, ნამდვილი ლაწირაკი, ასე ჩვიდმეტი-თვრამეტი წლისა. და ესეც, ეს ქალბატონიც, ხან თმებს გაუსწორებდა, ხან საყელოს, ხანაც ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა, ჩემსკენ არც იხედებოდა, ბოლოს მხარზე თავი დაადო.ოოო, არარაობავ, რას გერჩოდა შექსპირი, დედაკაცს რომ შეგადარა? ჯერ იყო და გვერდები დამილურჯა, სანამ თავი არ შემაყვარა, ახლა კი თავისი კურო მოათრია და ამხელა ქალი უსირცხვილოდ ეალერსება. X X Xსტუ-ს მეორე კორპუსის კიბეებზე ავდივარ, ქიმიური მრეწველობის კათედრაზე ხუთშაბათ საღამოობით სუმომანთა შეკრებები იმართება, კათედრის გამგე, პროფესორი ჯიმშერ ქერქაძე სუმოს დიდი მოყვარულია.სუმომანთა კლუბი წინა საუკუნეში ალბათ არასოდეს შეიქმნებოდა. რომ არა ინტერნეტი, ჩვენი მცირერიცხოვანი ქვეყნის ასევე მცირერიცხოვანი სუმომანები ვერასოდეს გავერთიანდებოდით. მიზეზი მარტივია - ყველა ჩვენგანი ვიჯექით სახლებში და გვეგონა, რომ ერთადერთნი ვიყავით საქართველოში, ვისაც სუმო აინტერესებდა. არცთუ ცუდი პერსპექტივაა, იყო ერთადერთი, მაგრამ გამოჩნდა ამირან ურუშაძე და დაამსხვრია ეს ილუზია, ჯერ სოციალურ ქსელში შექმნა ქართული სუმოს ქომაგების გვერდი, შემდეგ იქ ვინც კვალიფიციურ კომენტარებს დებდა, ახალ, დახურულ გვერდში „სუმომანთა კლუბში“ გაგვაწევრიანა. ბოლოს კი არასამთავრობო ორგანიზაცია „სუმომანთა საზოგადოებაც“ დარეგისტრირდა.თავისი არსებობის არცთუ გრძელვადიან პერიოდში ჩვენმა კლუბმა მსოფლიოს შვიდი ქვეყნის სხვადასხვა ტელევიზიასა და გაზეთს მისცა ინტერვიუ, გამოვდიოდით სპორტულ არხებზე, მიგვყავდა რეპორტაჟები, ვიღებდით სტუმრებს, შევქმენით საიტი, სუმოს ტერმინთა განმარტებებით, ფედერაციის არჩევნებში მხარი დავუჭირეთ პირველ ევროპელ სეკიტორს, ლევან ცაგურიას, იგივე კოკაი ფუტოშს.ფართო საზოგადოება ჩვენით მაშინ დაინტერესდა, როდესაც ქართველმა ლევან გორგაძემ, იაპონური მეტსახელით ტოჩინოშინ ცუიოში, იაპონიაში იმპერატორის თასი აღმართა.წარუმატებლობით გულგატეხილი, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ქართველი ხალხის ერთფეროვან ცხოვრებაში ეს ბევრს ნიშნავდა. „თურმე ჩვენც შეგვძლებია რაღაც“ გაიფიქრა ალბათ სპორტის მოყვარულმა. სუმოს მიმართ დაინტერესება გაჩნდა, უკვე აღარ ხუმრობდნენ, „ტიტველი, მსუქანი კაცების ბღლარძუნს“ აღარ ეძახდნენ.ავდივარ კიბეებზე და ვფიქრობ, სიყვარულში ხელი მომეცარა, არ ყოფილა ეგ საჩემო საქმე, მაგრამ სუმომანები ხელს არასოდეს მკრავენ, მუდამ დააინტერესებთ ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, მომავალი იოკოძუნა მიტაკეუმი იქნება თუ იჩინოჯო.ლადო ნაცვლიშვილსაც ყოველთვის მოვუშლი ნერვებს იმის მტკიცებით, ასაშორიუ სჯობდა ჰაკუჰოსო. დავით მგალობლიშვილიც მხარს ამიბავს.ოთახში შევედი, რაღაც უჩვეულოდ ბევრი ხალხი იყო, სხდომა უკვე დაწყებულიყო და თავმჯდომარის ადგილი ვიღაც ჩემთვის უცნობ ახალგაზრდას დაეკავებინა.-ვინ ბრძანდებით და აქ რას აკეთებთ? - მკითხა საკმაოდ მკვახედ.გაოცებისაგან პირი კინაღამ დავაღე.-მე, სუმომანთა შეკრებაზე მოვედი...-საშვი გაქვთ?-არანაირი საშვი არ მაქვს, რა ეშმაკად მინდა? ბრიტანეთის დედოფალთან კი არ მივდივარ?ეჭვით შემათვალიერა.-კარგით, ამჯერად შეგიძლიათ სხდომას დაესწროთ, მაგრამ იცოდეთ, საშვის საქმე აუცილებლად მოაგვარეთ.დავჯექი და დავფიქრდი, ეს რა უბედურებაა, რა საშვებს თხოულობენ? ან ამირანი სადაა, პაატაც არ ჩანს, არც ლაშა შოშიტაშვილი, ბატონი თამაზ რურუა? რა ხდება კი მაგრამ? დაიცა, რა საკითხს იხილავენ? მომესმა თუ? კენჭისყრით უნდა გამოავლინონ იოკოძუნა უფრო მაღალი რანგია თუ ოძეკი?ერიჰააა!