ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სხვა ამბავი

0 ხმა

ანა ჩაჩიბაია

ბიოგრაფია

მოგესალმებით,

თქვენთვის ჩვეულებრივი დღეა... რიგითი, ჩვეულებრივი მეილი მიიღეთ და ჩვეულებრივად გახსნით, ვინმე ანა ჩაჩიბაიასგან გამოგზავნილ შეტყობინებას, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად უჩვეულო დღეა, უჩვეულო გრძნობები მეუფლება, უჩვეულოდ განვიცდი ამას რომ ვწერ და გიგზავნით.

მე გახლავართ ანა ჩაჩიბაია, 32 წლის, დავიბადე და გავიზარდე დასავლეთ საქართველოში, ამჟამად ვცხოვრობ დედაქალაქში. დავამთავრე „საქართველოს უნივერსიტეტი“ (2007-2011 წ.წ.) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ამ ფაკულტეტზე გააზრებულად ჩავაბარე, რადგანაც ბავშვური გულუბრყვილობით მჯეროდა, რომ „რაღაცების“ უკეთესობისკენ შეცვლას შევძლებდი, თუმცა არჩევანის გადაფასებაში დამეხმარა მცირე პრაქტიკული გამოცდილებები, რომლებიც მივიღე ბაკალავრიატზე სწავლის პარალელურად (აშშ საელჩო, საქართველოს პარლამენტი, ადამიანის უფლებათა ცენტრი). ბოლო შვიდი წელია ვარ ადამიანური რესურსების მენეჯერი. ეს სწორედ ის საქმეა, რაც პიროვნული თვისებებისა და უნარების გათვალისწინებით იდეალურად თავსებადია ჩემთან.

რაც შეეხება წერას, სკოლის ასაკში ჩემმა პედაგოგმა შეამჩნია, რომ წერის ასე თუ ისე კარგი უნარი მქონდა. გარდა სხვადასხვა სახის ესსეებისა, მიყვარდა ჩანახატების გაკეთება, შთაბეჭდილებების ფურცელზე გადმოტანა. კითხვა ბავშვობიდან მიყვარს, არის რამდენიმე კონკრეტული წიგნი, რომელიც დამეხმარა ღირებულებების დახვეწაში, ასევე, არის ერთი წიგნი, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩემთან მთავარი პერსონაჟის პიროვნული განვითარების გზის გამო. თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ სადებიუტო წიგნსაც დავწერდი. ეს მოხდა პანდემიის დროს, სრულიად დაუგეგმავად. მხოლოდ რამდენიმე უახლოეს ადამიანს გავუზიარე შემდეგ ამის შესახებ, ახლა კი - თქვენ.

მოუთმენლად ველოდები თქვენგან ნებისმიერ უკუკავშირს. უდიდეს მადლობას გიხდით ამ კონკურსის იდეის ავტორსა და განმხორციელებელ პირებს! თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ბევრ შთამბეჭდავ გამარჯვებას, რომელიც აგავსებთ ბედნიერებით!

მუდამ საუკეთესო სურვილებით,

ანა

სინოპსისი

ამ პატარა ამბავში, სიუჟეტი ვითარდება 1990-2000-იან წლებში. ერთ-ერთ რეგიონში უცხო მამაკაცი ქუჩიდან იტაცებს გოგოს, რომელსაც საქმრო ჰყავს. ქალი დიდი წვალებითა და ვაი-ვაგლახით გამოიპარება, სახლამდე მოაღწევს, ჰგონია სამშვიდობოსაა, შვებას გრძნობს, მაგრამ როგორც კი მოყვება რაც გადახდა, გარშემომყოფებისგან მხარდაჭერის ნაცვლად გაკიცხვას გადააწყდება. შეყვარებულიც უარს იტყვის მასზე. მხოლოდ საკუთარი ოჯახი უდგას მხარში. გადმოსახლდება თბილისში, ერთ-ერთ ახლობელთან, რომელიც შეიფარებს და ეხმარება ამ რთული პერიოდის გადალახვაში. საბოლოოდ პროფესიას შეიძენს, ქალაქში ცხოვრებასთან ადაპტაციის რთულ გზასაც დაძლევს, მეწარმე გახდება, საერთაშორისო გამოცდილებასაც შეიძენს და ბევრ კარგ საქმესაც ჩაუყრის საფუძველს.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური