სხვა ამბავი
სხვა ამბავი
ეიპრილის ბავშვობის ოცნება ბევრი მოგზაურობა იყო. პირველ რიგში ლონდონში უნდოდა წასვლა, მერე იტალიაში. ინგლისურს კარგად სწავლობდა სკოლაში, იტალიურს კი - თვითონ, საკუთარი ძალებით. ცალკე რვეული აიღო იტალიურისთვის და სიტყვებს აგროვებდა. წლების განმავლობაში სულდგმულობდა ამ ოცნებებით... ცას ახედავდა დაჟინებით და უკვე ხედავდა საკუთარ თავს თვითმფრინავში, მზის სხივების ძალით აელვარებულ ქათქათა ღრუბლებში, ლურჯი ცის კამარაზე, დედამიწიდან რამდენიმე ათასი კილომეტრით მაღლა...
ეს ილუზიური თვითმფრინავი წამებში კი ქრებოდა, მაგრამ სინანული არ იპყრობდა. თითქოს ზუსტად იცოდა, რომ ოდესმე აუცილებლად დადგებოდა დრო, როცა ესტუმრებოდა დედოფლის სასახლეს, ბიგ ბენს, ტემზაზე გაისეირნებდა ბორნით, ნახავდა შერლოკს, ფოტოსაც კი გადაიღებდი მასთან ერთად, წითელ ავტობუსებს, სატელეფონო ჯიხურებს, ნაირ-ნარ ხალხს ქუჩაში მთელი სამყაროდან... ამ ყველაფერზე ოცნების დრო გრძნობდა, რომ თვითონაც მთელი ამ სამყაროს უპაწაწუნესი ნაწილი იყო, პაწაწუნა პონიკი, რომელსაც უნდა ხან ლონდონში დახტეს, ხან პარიზში, ხან ამსტერდამში და ასე უსასრულოდ ხან სად და ხან სად...
მომავალ პროფესიაზე როცა დაფიქრდებოდა, თავს ასევე ძალიან ცხადად წარმოიდგენდა მსოფლიოს მშვიდობისმყოფელ დიპლომატად ან საერთაშორისო რეპორტიორად, რომელიც ერთი ადგილიდან მეორეზე დადის და ფეხის ჩადგმაც კი საკმარისია რომ ყველგან პრობლემები გვარდება და რასაც აქამდე კაცობრიობა ვერ მიხვდა და ვერ მოაგვარა, თვითონ მიხვდებოდა და თვითონ მოაგვარებდა. აღარ იქნებოდა ომები და კრიმინალი, მსოფლიო ფულს გადაანაწილებდა თანაბრად ისე, რომ ყველას საცხოვრებლად საკმარისი ჰქონოდა, გაჭირვებაში ბავშვები აღარ იქნებოდნენ, აღარც არავინ იშიმშილებდა, სნეულებების დასამარცხებლად, ლაბორატორიების შესაქმნელად გამოიყოფოდა დიდი თანხები და ა.შ.
ამ ყველაფრის მიღწევადობის გულით სჯეროდა. მერე ნიკას შეხვდა და მისმა ოცნებებმა ბოლოში გადაინაცვლა. ახლა ეს ყველაფერი რომ ახსენდებოდა, თან ბრაზდებოდა თავისი უტოპიური მეამიტობის, თან უბრალოდ ეცოდებოდა თავისი თავი გამოუსწორებელი გულუბრყვილობის გამო. მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ ასე არ ხდება რელურ სამყაროში. სტანდარტულ შემთხვევებში, იმაზე უნდა იზრუნოს ადამიანმა, რომ ჰქონდეს პროფესია, სამსახური, სადაც მისვლა გაუხარდება, მინიმუმ არ შესძულდება მაინც და ჰქონდეს საშუალო შემოსავალი პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მაინც - ეს არის პირველადი.
ფულის ხარჯვა კი უყვარდა, ოღონდ განა, მხოლოდ თავისთვის, ან განა, რამდენი ჰქონდა რომ „უმოწყალოდ“ გაეფლანგა. შეიძლებოდა თავისთვის არაფერი გაემეტებინა, მხოლოდ თავისი საყვარელი ადამიანებისთვის და ამით ყველაზე მეტად თვითონ ბედნიერობდა. ბევრი ფული არასდროს უნატრია, იცოდა რომ სიხარბეს მხოლოდ პრობლემები მოაქვს. „ფული დასახარჯად არსებობსო“ - მთელი თავდაჯერებულობითა და ხმაში ქარიზმის გაჟღერებით იმეორებდა ხოლმე ეპი. მის ამ ფრაზაზე გულიანად გადაიხარხარებდნენ ხოლმე ოჯახის წევრები. გულმოცემული ეპი აგრძელებდა: -ფულს როგორ მივცემს უფლბას დამიმონოს? - ის ხომ უბრალოდ ქაღალდის ნაგლეჯია, ადამიანებისთვის სიხარულის მისანიჭებლად საჭირო საშუალებაა და იქ მთავრდება მისი ღირებულება. მითუმეტეს რა ესაქმება მას ყულაბაში?!“ სამწუხაროდ, ასე მარტივად რომ არ იყო საქმე, დიდობაში გააანალიზა. მოუწია, გაეანალიზებინა. მხოლოდ იმდენი უნდოდა, აუცილებელი მოთხოვნილებები დაეკმაყოფილებინა და ცოტა მეტი რომ ემოგზაურა. ოღონდ უკვე მოგზაურობაც თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად. წარმოიდგენდა ნაირ-ნაირ ქვეყანაში როგორ შეიძენდა ნაირ-ნაირ ფეხსაცმლებს, ჩანთებსა და მოვლის საშუალებებს. სამოსში - ნაკლებად დახარჯავდა. არანორმალურად მოსწონდა ფერად-ფერადი ქუსლიანი, დახვეწილი ფეხსაცმელები და მათთან სტილსა და ფერში შეხამებული ჩანთები.
ეპის „საუკეთესო ოთხეულში“ დათია, მართა, ბლუმი და თვითონ შედიოდნენ. მშობლების მიმართ ბავშვობიდანვე უდიდეს პატივისცემას ავლენდა. მისთვის დათიას ყოველი სიტყვა, შემოხედვა, გადაწყვეტილებაა განსაკუთრებული იყო. მამის ყოველ ჟერტიკულაციაში რაღაც გაუთქმელის ამოკითხვას ცდილობდა, მამის საზომით ზომავდა ბევრ რამეს. ეპის მიმართ დათიას არც ერთხელ არ გამოუხატავს უპატივისცემლობა, უნდობლობა ან რამე სხვა შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, არასდროს გადასულა იმ ზღვარს, როდესაც მშობლები არად აგდებენ შვილის, როგორც ცალკე მდგომი, დაოუკიდებელი ინდივიდის პირად სივრცეს ან გრძნობებს.
მართამ თავის სოციალურ სტატუსებს შორის უპირველეს ადგილზე დედობა დააყენა. ოცდაოთხი წლის გახდა და რამდენიმე კვირაში ექიმმა ბაფთასავით დააბნია გულზე პაწაწუნა არსება. ლამის მეორე ცხრა თვედ გაწელილი ათ საათიანი მოლოდინის მერე, ერთ-ერთ სამშობიაროში გაისმა ჩვეულებრივი ბავშვის ჩვეულებრივი ტირილის ხმა, თუმცა დედას არაჩვეულებრივი ბავშვის არაჩვეულებრივ ხმად ჩაესმა...
ულამაზესი, მრგვალსახიან-სავსელოყებიანი ბავშვი ჰაერში ატატებული დაანახა ექიმმა და "გილოცავო" - მოაყოლა ბედნიერი ღიმილით! მისი პირველად დანახვა იყო უდიდესი და უმძაფრესი შთაბეჭდილება, რამაც ოცდაოთხი წლის ახალგაზრდა დედის ცხოვრება მთლიანად შეცვალა...
ნელ-ნელა ისწავლა მასთან ურთიერთობა, მოპყრობა, ჩახუტება, კისრის გემრიელ, ღუნღულიკა, სურნელოვან ნაკეცებში ჩაკოცნა, მთელი მისი სურნელის შეგრძნობა და მისი სიყვარული... დიახ, ნელ-ნელა ისწავლა მისი სიყვარული! წამიდან წამამდე... რაც დრო გადიოდა, ის რომ ტიროდა მართას უფრო ეტირებოდა, ის რომ იცინოდა, მართა ბედნიერებისგან დაკრეჭილი შეჰხაროდა. სახელი ეიპრილი მართამ თავად შეურჩია. მას უნდოდა რომ თავის განსაკუთრებულ გოგონას განსაკუთრებული სახელი რქმეოდა, რამე ისეთი, რომელიც მის პიროვნულობასაც განსაზღვრავდა, ლამაზი და შინაარსიანი იქნებოდა. გაზაფხულის, სიცოცხლისა და მრავალფეროვნების ხარბად მოყვარულმა მართამ „ეიპრილი“ შეარჩია. გარშემომყოფებს გაუჭირდათ შეგუება უცხოურ სახელთან, თან ზოგიერთი თავხედური ნიშნისმოგებით აღნიშნავდა, რომ ტრადიციულ ქართულ სახელებს არაფერი შეედრებოდა, მაგრამ ეგ ნაკლებადმნიშვნელოვანი იყო მისთვის.
ეიპრილთან და თავისი ცხოვრების მეორე უდიდეს შთაბეჭდილებასთან - ბლუმთან ერთად გაიზარდა. "ბოთლიდან" "კოვზზე" რომ გადავიდნენ, ისიც მათთან ერთად აღებდა პირს შოშიასავით როცა ბავშვებს კვებავდა. რამდენჯერმე გამოიჭირა საკუთარი თავი ღია პირით და ბევრი იხალისა ამაზე. მართაც მათთან ერთად დახოხავდა, სანამ მყარად დადგებოდნენ ფეხზე, მათთან ერთად უყურებდა მულტფილმებს, ერთად თამაშობდნენ ყველაფერს... რაც დრო გადიოდა და უფრო იზრდებოდნენ ბავშვები, მართაც თავიდან სწავლობდა მათთან ურთიერთობასა და მათ სიყვარულს.
მართა ალტრუისტი დედა იყო. დედობა უალტერნატივო ინსტინქტია. შვილები ყველაზე დიდი დისკრიმინატორები და უზურპატორები არიან - სიამოვნებით გაკეთებინებენ იმას რაც თვითონ სურთ და შენ რომ შენი ნებით არასდროს მოგინდებოდა. ამ პარადოქსშია შეუწონელი სიყვარულის საიდუმლო შენახული.
მართა ძალიან მეოჯახე აღმოჩნდა. წინსვლაზე ორიენტირებული ამბიციური და შრომისმოყვარე მეოჯახე. დათიას მეტნაკლებად აკმაყოფილებდა რაც ჰქონდათ, მაგრამ მართას მეტი უნდოდა. კაპიკს კაპიკზე ამატებდა და ცდილობდა სახლი უკეთესად მოეწყო.
ეიპრილის დედა კაცი რომ ყოფილიყო იტყოდნენ - მილენიუმში ერთი თუ გაჩნდება ასეთიო! ასეთი ჭკვვიანი და გონებამახვილიო! შორს რომ იხედება და სულ წინ არის ორი ნაბიჯითო. მაგრამ ქალი იყო. ქალად გააჩინა ღმერთმა. ასეთ ქალთან ნამდვილი მამაკაცი ნამდვილ და ღირსეულ ცხოვრებას ააშენებს და საბედნიეროდ ასეთი იყო ეპის მამა. იდიოტური კომპლექსებისგან და პატარა კაცობის სინდრომისგან სრულიად თავისუფალი. ესმოდა რომ ოჯახი ერთი მთლიანობაა, მას ქალი და კაცი თანაბრად შეადგენენ და ზოგიერთ საკითხში სწორედ ქალის განსწავლულობა, ინტუიცია, წინდახედულობა და გამჭრიახობა აუცილებელია. სჯობს ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს და ყველას თავისი შეცდომიანი თუ უშეცდომო, ბედნიერი თუ უბედური, შეძლებული თუ გაჭირვევბული, ჰარმონიული თუ დისჰარმონიული ცხოვრებისეული წყობა ჰქონდეს. ეპის დედას ამ ნაწილში უჭირდა მოეზომა. ის არ იყო იმ ყაიდის ადამიანი, რომელიც თავის თავზე ფიქრობს და გულში იმეორებს ჩემს მერე ქვას უწვიმიაო. გულგრილად ვერ უყურებდა თუ ახლობელს, მისთვის ძვირფას ადამიანს შეეძლო უკეთესი ცხოვრება მოეწყო და ამას არ აკეთებდა. ელაპარაკებოდა, ეჩიჩინებოდა, არწმუნებდა. როგორი კეთილშობილურიც უნდა იყოს სხვისთვის დახმარების გაწევის მიზანი, ბევრი უარყოფით გვერდითი მოვლენა ახლავს. როდესაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანს დახმარების ხელს ისე უწვდის, რომ ამ უკანასკნელს ეს არ უთხოვია, პირველი ბევრ ნეგატიურ რეაქციას უნდა ელოდეს. თუ ადამიანი აცნობიერებს, „დახმარების მიუღებლობის“ შემთხვევაში რომ არ ეყოფა გულისხმიერება გაგებით მოეკიდოს უარყოფას, მაშინ სჯობს თავი შეიკავოს ყოველგვარი ინიციატივისგან. სხვა შემთხვევაში საბოლოოდ უბრალოდ ურთიერთობა გაუფუჭდებათ ადამიანებს. არავინ დარჩება მადლიერი, ბედნიერი ან კმაყოფილი.
რადიკალური იყო მართა უმადურობისა და უსამართლობის მიმართ. მთელი სულით, გულითა და ენერგიით გვერდში დაუდგებოდა ადამიანს, არ დაიშურებდა არაფერს, მაგრამ მერე თუ ის ადამიანი ზურგს აქცევდა, ან უსამართლოდ მოექცეოდა, მოჰკვეთავდა თავისი ცხოვრებიდან. „მოყვარეს პირში უზრახე, მტერს პირს უკანაო“ ანდაზის გამტარებელი იყო. ზურგს უკან არასდროს არავის გაკიცხავდა და გაჭორავდა.
შვილებს დედის გავლენა ეტყობოდათ. მერეც ეიპრილის ყოველ წარმატებულ ნაბიჯს დედამისის რუდუნების ანარეკლი გაჰყვებოდა. შვილებისთვის ყველაფერზე წამსვლელი დედა იყო. დედა რომ გახდა, თავის თავს პირობა მისცა, რომ ქვეყნად არაფერი იქნებოდა ისეთი, რის გამოც შვილებს მოშორდებოდა ან მხარში არ დაუდგებოდა მათ, რაც უნდა ჩაედინათ, რაც უნდა მომხდარიყო. ამ პირობას წარმატებით ასრულებდა.
ის იყო დედა, რომელმაც როგორც ქალმა თითქოს არსებობა შეწყვიტა შვილების გაჩენის მერე. ეიპრილის მშობლები თითქმის ერთი ასაკისანი იყვნენ. პიროვნულად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ ცხოვრებისეული კრედო აერთიანებდათ, ძირითადი ღირებულებები. ამიტომ კარგად აუწყვეს ფეხი ერთად ცხოვრებას. პირველი წლები ორივესთვის ძალიან რთული იყო, როგორც ხდება ხოლმე უმეტესად. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. მაშინ ასეთი ფრთიანი ფრაზა იყო გავრცელებული: „სიკვდილის გარდა ყველაფერი კარგია ნაადრევიო.“ კარგი ცოლ-ქმრობა ჰქონდათ. ერთმანეთისთვის შეურაცხმყოფელი სიტყვა არასოდეს გაუმეტებიათ. გლეხი ვარო გაიძახოდა ხოლმე დათია, მაგრამ თოხსა და ბარზე მეტი გაეგებოდა. თანდაყოლილი ინტელექტი, ჰუმანურობა და შეგნება არასდროს ღალატობდა. სულით ლიბერალი იყო, მისთვის ადამიანი იყო უპირველესი ღირებულება, ძალით არასდროს არავის ატკენდა გულს, დაჩაგრავდა ან შეარცხვენდა. შვილებსაც ჰუმანურ ღირებულებებზე ზრდიდა. მართამ დაოჯახების მერე, სხვისგან გაიგო რომ დათიას დედაქალაქში სწავლის დროს, შეყვარებული ჰყოლია. მისი სახელიც იცოდა. ისიც გაიგო, რომ დათიას მასთან დაშორება მძიმედ გადაუტანია. გულში სიცოდილი [1] იგრძნო მის მიმართ. დაენანა ასეთი მძაფრი გრძნობის გაცრუებისთვის. როგორც ამბობენ, პირველ შეყვარებულთან დაშორების ტკივილი სიმძაფრით საყვარელი ადამიანის გარდაცვალების დონეს უტოლდება.
სულ რამდენიმე წელი იყო გასული მათი შეუღლებიდან, რომ თბილისში ჩამოსვლამ მოუწიათ ახლობლის ქორწილში. ორიოდე დღე თავისთვის მოიტოვეს. ქალაქის მთავარ გამზირზე გავიდნენ სასეირნოდ. ხელის ჩაკიდებითა და წყვილური სიყვარულის მადემონსტრირებელი სხვა რომანტიკული ნიუანსებით მათი ურთიერთობა განებივრებული არასდროს ყოფილა. ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდნენ გზას, ცოტას საუბრობდნენ... ერთმანეთისგან დამოუკიდებელ მოგონებებში იყვნენ გართულნი, როდესაც დათიამ ნაცნობი სილუეტი დალანდა რამდენიმე მეტრის მოშორებით, მისკენ მომავალი. მართამ ქცევაში ცვლილება შეამჩნია ქმარს - ნაბიჯები მკვეთრად შეანელა, თვალები გაუშტერდა. მართას არასდროს არაფერი გამოეპარებოდა, ძალიან დაკვირვებული და ჭკვიანი ქალი იყო. ეს იყო და რამდენიმე წამში პირისპირ გადაეყარნენ მეის. დათიამ ერთმანეთი გააცნო აწ უკვე თავის ყოფილ შეყვარებულსა და მეუღლეს. სახელის ხსენებაზე მართა მაშინვე მიხვდა ვინც იყო. მითუმეტეს ქმრის რეაქცია ადასტურებდა მის მოსაზრებას. არაფერი შეიმჩნია.
დათიამ და მეიმ ძაან ზოგადად მოიკითხეს ერთმანეთი, როგორც ზრდილობისთვის მოიკითხავდა ნებისმიერი ნაცნობი ერთმანეთს და მალევე გაშორდნენ. წლები იყო გასული რაც ერთმანეთი არ ენახათ და დათიას მხოლოდ ყურმოკვრით, საერთო ნაცნობისგან მოსდიოდა ცნობები მის შესახებ.
მართამ შენიშნა რომ დათიას ყურადღება გაიფანტა, სხვაგან იყო მისი გონება, თვალებში სევდა ჩაუდგა, გაურკვეველი გამომეტყველება დაეუფლა მის სახეს.
უცებ, მიუბრუნდა ქმარს:
- ჩემო ქმარო, ჩემო ქმაროოო!.. და მხიარულად შესციცინა თვალებში. უნდოდა გამოეყვანა ფიქრებიდან. როგორც კი მიიქცია მეუღლის ყურადღება, გააგრძელა:
- დათი, იცი რაზე ვფიქრობ, ძალიან სწრაფად და ზერელედ გავშორდით შენს მეგობარს. შენ კი დიდი ხანია არ ყოფილხარ მეგობრებთან ერთად. სულ მგონია, რომ ეს გაკლია. მოდი, დაედევნე, სადმე დასხედით, გაისეირნეთ და ილაპარაკეთ. მე ძაან დამეღალა ფეხები, თორემ სიამოვნებით შემოგიერთდებოდით. უარი არ მიიღება, იცოდე! - და ისევ მხიარულად გადაიკისკისა. ჩემს ნაცვლად კი ბოდიში მოუხადე.
- რაა? - სიტყვა გაეწელა დათიას. ამას არ ელოდა. ვერც კი წარმოიდგენდა. მითუმეტეს ეჭვობდა, რომ მართა მიხვდა მეის ვინაობას.
- ხოო, არ მოგესმა. მიდი, შორს არ იქნება ჯერ. გული გადააყოლე და არაფერზე იდარდო. შენს გულს რაც გაუხარდება ის გააკეთე. ჩემზე არ იდარდო, მივალ, გადავივლებ, წამოვწვები და ან წიგნს წავიკითხავ ან რამე ფილმს ჩავრთავ.
ამით თითქოს მიანიშნა, თუ გული მისკენ გაგიწევს მე ყველაფერს გავიგებო. ამ ყველაფერს რომ ეუბნებოდა ქმარს, დათია აკვირდებოდა ცოლის სხეულის ენას. არც გამომცდელი სახის გამაომეტყველება შეუნიშნავს, არც რამე ირონია ტონში. სრულიად გულწრფელად ეუბნებოდა იმას, რასაც ეუბნებოდა.
- კარგი... ამოილუღლუღა ბოლოს. ცოლს ბოლოჯერ ჩახედა თვალებში, ისე ღრმად, თითქოს მასში გაიარა, თითქოს უნდოდა ამოეცნო რა მიზანი ჰქონდა მართას. ვერაფერს მიაკვლია მუხთლურს და ძალამოცემული გავარდა.
მართა გაჰყურებდა ქმარს მანამ, სანამ თვალს არ მიეფარა. დათიამ ერთხელ მოიხედა უკან. მართა ისევ მომღიმარი გამომეტყველებით იდგა. მეტი აღარ მოუხედავს. როგორც კი დარწმუნდა, დათია შორს იყო, მართას მხიარულება ერთბაშად სადღაც გაქრა. იქვე ჩამოჯდა ერთ-ერთ სკამზე და ჩაიძირა ფიქრებში. მშვენივრად იცოდა, რომ შეიძლებოდა დათია ისევ გაეტაცა პირველ სიყვარულს და გაჰყროდა ქმარი, მაგრამ არ უყოყმანია. „ან რატომ მოიხედა უკან? ნუთუ, ეს დამშვიდობება იყო?!“ - კითხვები უპასუხოდ წრიალებდნენ მის გონებაში, შტურმით ცდილობდნენ მისი ცნობიერების აღებას.
განა, იმიტომ გააკეთა ეს რომ საკმარისად არ უყვარდა მეუღლე, პირიქით, მთელი გული მიუძღვნა მას და სწორედ ეს იყო უპირველესი მიზეზი. როცა ადამიანი ჭეშმარიტად გიყვარს, გინდა, ის ბედნიერი იყოს. არ აქვს მნიშვნელობა შენთან თუ სხვასთან - ასე იყო დარწმუნებული მართა, გულს არ ემეტებოდა, მაგრამ ასეა სწორიო - უდასტურებდა გონება. გარდა ამისა, იცოდა როგორი გრძნობაა პირველი სიყვარული სიყმაწვილის ასაკში. ეს არის ყველაზე ემოციური მდგომარეობა, როცა მთელი არსების, ყოველი უჯრედი, მთელი გრძნობითაა მიჯაჭვული კონკრეტულ ადამიანს. მეორე და შემდეგი, ან ზრდასრულ ასაკში სიყვარულიც ძლიერია, თუმცა უფრო გონებისმიერი გრძნობაა, ვიდრე გულისმიერი. ასევე, არც ერთ ფასად და არც ერთ შემთხვევაში არ უნდოდა გვერდით ჰყოლოდა მამაკაცი, რომელიც თუნდაც ქვეცნობიერში სხვა ქალზე ოცნებობდა. ეს მისთვის, როგორც ქალისთვის შეურაცხმყოფელი იყო.
ამ არგუმენტებმა წამებში მოიყარა თავი მის გონებაში და უკომპრომისოდ გადაწყვიტა, რომ დათიას და მეის უნდა ელაპარაკათ განცალკევებით. დათიას საქციელმა კიდევ უფრო დაარწმუნა, რომ მართალი იყო.
[1] მეგრ. სიბრალული