ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სხვა ამბავი

სხვა ამბავი

განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ! რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ განიკითხნეთ და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოთ თქვენ!

(მათე, თავი 7)

 

 

  მადლობა

 

ჩემო მეგობარო,

ყველა წიგნს აქვს რაღაც, რის გამოც ნებისმიერი მათგანის წაკითხვა ღირს. მჯერა, რომ არ არსებობს ცუდი წიგნი. ამიტომ გადავწყვიტე გავბედო და გაგიზიარო ჩემიც...

ვერც კი წარმოიდგენ როგორი შერეული გრძნობებია ჩემს გულში და შერეული ფიქრები ჩემს გონებაში. ერთი მხრივ, ვუფრთხი იმის წარმოდგენას, მოლოდინგაცრუებული დარჩე, ვერაფერი აღმოაჩინო სასიკეთო მასში და უფრო მეტიც, იფიქრო რომ ტყუილად დაკარგე დრო. მეორე მხრივ კი, მადლიერი და ბედნიერი ვარ, რომ ამბავი, რომელიც თეთრზე შავით მოგითხრე, შენს ხელში აღმოჩნდა, შენი ყურადღება მიიპყრო და შესაძლებელია, თითოეული პერსონაჟი, ვისაც გაიცნობ, შენთვისაც ისეთივე ნამდვილები და ახლობლები გახდნენ, როგორებიც არიან ჩემთვის... 

„იყო და არა იყოსავით“ დავიწყე ამ ამბის წერა. ეს არის ის, რაც მთელი ბავშვობა-მოზარდობის პერიოდში ჩემ გარშემო ხდებოდა და მაწუხებდა, მაშინებდა, მაცოდებდა გოგონებს, ვინც აქ აღწერილის მსგავსი გამოიარეს...

შენ გაიცნობ ეიპრილს, რომელიც კრებსითი სახელია ყველა გოგონასი, რომელიც მსხვერპლი გახდა ძალად დაოჯახების, ძალად ქმრის, ძალად რძლობის. ეიპრილის ოჯახი კრებსითი სახეა ყველა ოჯახის, რომლებსაც ჭეშმარიტად უყვართ, ერთგულობენ და უალტერნატივოდ უჭერენ მხარს ერთმანეთს. ლილი კრებსითი სახეა ყველა ადამიანის, რომელსაც სხვა ადამიანი ჭეშმარიტად ანაღვლებს და არ იშურებს ძალებს ჩაგრულის უანგაროდ დასახმარებლად.

განსაკუთრებული მადლობა ჩემს ირაკლის...

ამ ყველაფერს კი ვუძღვნი ჩემს მშობლებს, ალვის და ანზოს, იმისთვის რომ ყოველთვის უპირობოდ სჯეროდათ ჩემი...

 


მთელი ორმოცი წუთი ელოდებოდა ავტობუსს გაჩერებაზე. შემოდგომისფერი, სადა, მაგრამ მოხდენილი კაბა ეცვა, დაბალ ქუსლზე ნახევრად ღია ფეხსაცმელი, ჯვარედინად კი მეწამული პატარა ჩანთა გადაეკიდებინა. თავისი საყვარელი ტკბილეულის პარკი, ყოველკვირეული ჟურნალები და კროსვორდები ჩაეხუტებინა. სიხარულის საოცარ გრძნობას აეტანა. ერთი სული ჰქონდა როდის მოკალათდებოდა თავის მყუდრო ოთახში, ბოლოდან დაიწყებდა ჟურნალის დათვალიერებას, მერე მიადგებოდა ყოველკვირეულ ჰოროსკოპს, თავს ჩარგავდა კროსვორდებში, მრავალფერი კალმით გადააცისარტყელებდა კროსვორდების ჟურნალის გვერდებს, მერე სიამაყით დახედავდა თავის ნამოქმედარს და თან შოკოლადით ჩაიტკბარუნებდა პირს და „ასიამოვნებდა“ ტვინსაც.

***

თხუთმეტი წლის იყო ალმურად რომ მოედო პირველი სიყვარულის პირველი ახსნა... თან როგორი... უსიტყვოდ, ნუ თითქმის უსიტყვოდ. უთქმელად გრძნობდნენ ერთმანეთს. ბიჭმა უთხრა: შენ ჩემთვის განსაკუთრებული ხარო! ვერ იქნება ეს მეგობრობა ნამდვილი და წმინდა, რადგანაც სხვა გრძნობა შემომპარვია გულში, რომელმაც დამიკარგა მოსვენებაო. ეიპრილმა ცალი თვალი გააპარა მისკენ, ისე რომ თავი არ მიუბრუნებია. ბიჭს მთელი სახე დაცვარული ჰქონდა. მთელი არსებით ცდილობდა თავი ხელში აეყვანა, ზედმეტი ნერვუილობა დაეფარა, მაგრამ ორ დიდრონ თვალსა და შეყვარებული ქალის მეექვსე გრძნობას რა დაემალება. ცხადი იყო დიდხანს ემზადებოდა ამ დიალოგისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში უმოკლესი მონოლოგი აღმოჩნდა. ის ერთი, ჯადოსნური სიტყვა მაინც ვერ ამოთქვა, მაგრამ რაც მოახერხა უკვე საქმის წინ წაწევას ნიშნავდა. ეიპრილმა სრული დუმილის უფლებით ისარგებლა და ერთი სიტყვაც კი არ და ვერ უთხრა საპასუხოდ იმ საღამოს. სამაგიეროდ ორ გულს ერთდროულად გაჰქონდა ბაგაბუგი მღელვარებისგან. ასე ისხდნენ საკმაო ხანს უხვად და ბარაქიანად აყვავილებული აკაციების რიგებში, მხოლოდ ორნი, ერთმანეთისთვის რომ უფეთქავდათ გულები ლურჯი ცის ქვეშ გირლიანდებად მოქსოვილი აკაციის ყვავილებით მორთულ, სურნელოვან ხეივანში. გაზაფხული ამძაფრებს გრძნობებს. „გაზაფხულზე მარტივია შეყვარებაო“ - დაამატა სათქმელს, ეიპრილის სიჩუმით გულმოცემულმა ნიკამ და გოგონას მარჯვენა ლოყას ბიჭის პირველი ამბორი ეახლა.

გული არის სიცოცხლის მასტიმულირებელი მუსიკალური ყუთი. სულ ერთსა და იმავე მუსიკას უკრავს, მხოლოდ ტემპს ცვლის ხოლმე, ხან აჩქარდება, ხან - შენელდება. ამის მიუხედავად სულ არ არის მოსაწყენი. მაინც ყველაზე მძლავრ, ყველაზე სანატრელ და ქარიზმატულ მუსიკას ის უკრავს.

***

ეიპრილს იმ ღამეს რა დააძინებდა. ტრიალებდა და წრიალებდა საწოლში. ხან წამოჯდებოდა თავისდაუნებურად. სიბნელეში უმისამართოდ აბრიალებდა ზურმუხტისფერ თვალებს. ეს ჯადოსნური მომენტი რამდენჯერმე გადაახვია გონებაში. ბედნიერებისგან თავბრუდახვეულს ვერ დაეჯერებინა რომ რეალურად მოხდა ის, რაც მოხდა. ხომ არაფერი ეშლებოდა? იქნებ რამე არასწორად გაიგო ან წარმოიდგინა? ოხ, ეს უსაზღვრო წარმოსახვა!.. ზოგჯერ როგოგრ უშლიდა ნორმალურ ცხოვრებაში ხელს. სიყვარულზე შეყვარებული ვერც წარმოიდგენდა სიყვარულის მომნუსხველ საცეცებში თუ ამოყოფდა თავს, თან ასე სრულყოფილად. ნიკას მიმართ სიმპათიებში ხომ ამდენი ხანია საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა. ეშინოდა გულისტკენის.. რცხვენოდა გრძნობების... საკუთარ ნაჭუჭში შეუმჩნევლად ყოფნას არჩევდა... ახლა კი უნდოდა თავის ქცევებზე წინასწარ ეფიქრა, ანუ ნიკას კიდევ რომ შეხვდებოდა როგორ უნდა მოქცეულიყო? იქნებ არც უნდა შეემჩია რაც მოხდა გასულ საღამოს? არა, ასე არ ივარგებდა. ნიკა გულგრილობაში ჩაუთვლიდა, შესაბამისად, დაასკვნიდა რომ ეიპრილის გრძნობები არ ემთხვეოდა მისას და არც-კი-დაწყებული ურთიერთობა დასრულდებოდა. მამაკაცებს ხომ ძალიან უჭირთ ქალის რეალური გრძნობების გაგება. რომ „არა“ ხანდახან ნიშნავს „კი“-ს და პირიქით. ასეთ დროს სიტუაცია, ტონი, კონტექსტი ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს მამაკაცმა და იმის საპირისპიროდ მოიქცეს, როგორც თავად მოიქცეოდა. განა, ამას ძალით აკეთებენ, უბრალოდ ასე არიან მოწყობილები.

ამასთანავე, არც ზედმეტად გამოხატული, თამამი ან გამომწვევი ქცევები და ინიციატივები იქნებოდა ლამაზი. ვერც მოახერხებდა. ის ხომ ეიპრილი იყო. გაზაფხულის იასავით - უნაზესი, უწყინარი, კეთილი და საფერებლად გაჩენილი.

საბოლოოდ, გადაწყვიტა მოიქცეოდა ისე, როგორც ყოველთვის. არაფერს შეიმჩნევდა განსაკუთრებულს. თუმცა თუ მომენტი მისცემდა საშუალებას, ნიკას მიანიშნებდა თავისი გრძნობების შესახებ. თუმცა პრობლემამაც მაშინვე იჩინა თავი. მუდამ ოკეანესავით მღელვარე ადამიანი, როგორ მოახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას და „შესაფერისი მომენტისთვის“ ოლიმპიური სიმშვიდით დაცდას ასეთ სიტუაციაში?! ...

როგორც ვახსენეთ, საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდა ნიკას მიმართ თავის გრძნობებში, შესაბამისად არც მისმა ერთგულმა მეგობარმა იცოდა რამე ამ გრძნობების შესახებ. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეიპრილმა არ იცოდა, თუ მელი მიხვდა რამეს. ერთხელ კი უხსენა მელმა ნიკასთან დაკავშირებით, მგონი რაღაც ხდება და როდის უნდა მომიყვეო, მაგრამ ეიპრილმა ტყვია ქიგიფუნუ[1], რას ლაპარაკობო. ან შენ როგორ დაგიმალავდიო. ახლა კი მოუწევდა ყველაფერი მოეყოლა მელისთვის, რადგან ვეღარც თავის თავში იტევდა და მეგობრისგან რჩევებიც უნდოდა მოესმინდა.

მეორე დღეს სანამ ნიკას შეხვდებოდა, მელთან დალაპარაკება უკვე მოასწრო და ცოტა დამშვიდდა. თუმცა კი, ნიკას რომ შეხვდა სხვა მეგობრებთან ერთად, ერთბაშად გაუქრა კოგნიტური ჰორიზონტიდან თავისი წუხანდელი გეგმები. თავს ძალა დაატანა და გულისთქმას აჰყვა - ხელი ჩაჰკიდა და თვალი გაუსწორა. ეშმაკურად უღიმოდა გამომეტყველება, „სირიუსივით“ კაშკაშებდა მისი თვალების ლურჯ-მწვანე შუქი... სამეგობროსთვის, რომლებმაც ისედაც იცოდნენ მათი გაუმხელელი გრძნობების შესახებ ერთმანეთის მიმართ. ყველაფერი ცხადი შეიქმნა, მაგრამ არ გაამძაფრეს სიტუაცია ზედმეტი რეპლიკებით.

ეს იყო და ხელი არასდროს გაუშვიათ ერთმანეთისთვის... „სიყვარულსა მალვა უნდაო...“ - ორივე იზიარებდა ამ აზრს და ცდილობდნენ გრძნობა ძალიან თვალშისაცემი არ ყოფილიყო ყველასთვის.

სკოლის დამთავრების მერე, ერთად ყოფნას გეგმავდნენ. საღვთო და საერო წესით შეუღლებას, შვილების გაჩენას. ეიპრილი რომ წარმოიდგენდა მათი სიყვარულის ნაყოფს, პატარა არსებას, თითქოს უკვე უყვარდებოდა ბუნებაში ჯერაც არ არსებული ბავშვიკები. სახელებზეც კი ფიქრობდა ხოლმე. ასე სჯეროდა, რომ გოგონაც ეყოლებოდა და ბიჭიც.

 

 

***

უმძიმეს 90-იანებში ყველა სხვა საშინელებასთან ერთად, რაც მთელ ქვეყანაში ხდებოდა, როგორც ძერა წიწილებს, ისე იტაცებდნენ გოგონებს ქუჩიდან. სრულიად უცნობ, უცხო ქალს ერთი ხელის მოსმით „შეაგდებდნენ“ მანქანაში ნივთივით. მხოლოდ იმიტომ რომ ფიზიკურად მოეწონა „სასიძოს“. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, რომ 3 შვილის დედა გაუტაციათ ქუჩიდან და მერე გაურკვევიათ, რომ ოჯახი ჰყავდა უბედურს. ცხადია, მისი ოჯახური ცხოვრება შელახული რჩებოდა ე.წ. „საზოგადოებისთვის“, რომელსაც მუდმივად სჭირდება დამნაშავე გასაკიცხად. ისეც ხდებოდა, რომ გოგოს დედა ურიგდბოდა „სასიძოს“. გამოიტყუებდა თავის გოგონას სახლიდან და მონა-პოვრად გადასცემდა მომავალ „მოყვრებს“, ისე რომ სადიასახლისოდ გამზადებულ, ზოგჯერ არასრულწლოვან გოგონას წარმოდგენაც არ ჰქონდა. განა, ვინმე დაიჯერებდა რომ მან არ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ?! რა თქმა უნდა, არავინ. საკუთარი ოჯახის წევრის, მითუმეტეს დედის ღალატის ფაქტის წინაშე რომ დადგება ადამიანი, მერე ხვდება რომ ამაზე მეტს ვერც ვერავინ დაუშავებს. ვერც ის უცხო მამაკაცი, „ქმრის“ სტატუსით რომ დაუყენეს მარჯვენით.

„მოტაცებულის“ სახელი ნიშნავდა, რომ ან მომტაცებლებთან რჩებოდა ოჯახის წევრად, ან - შინაბერად, სახელგატეხილად, ნამუსშერცხვენილად, არასასურველად. „საცოლედ“ და „სარძლოდ“ აღარ მოიაზრებოდა.

მოტაცებას, სჯობს გატაცება ვუწოდოთ. მოტაცება რომანტიკულად ჟღერს. რომანტიკული, ჰუმანური და სასარგებლო კი საერთოდ არაფერი იყო ამ სასტიკ დანაშაულში! საზოგადოდ მიღებულ დანაშაულში. რამდენი ოჯახი ასეთ გამომპალ ძირზეა აშენებული, რამდენი გოგო იხრჩობოდა ცრემლებში, როცა მარტოდმარტო რჩებოდა ზოგჯერ სრულიად უცხო მამრთან, მის მეუღლეს რომ უწოდებდნენ სხვები, თვითონ კი არც გონებით არც გულით „ესმოდა“, რატომ, ვინ, როდის, რა უფლებით აირჩია ის მის მეუღლედ, რომელთანაც უნდა გაატაროს მთელი ცხოვრება. მხარდამჭერი და გამზიარებელი კი არავინ ეგულებოდა. მთავარი ის იყო, რომ წირსპალი [2] მორიგდა. მამებმა ყანწებით ვახტანგური შესვეს, უფლის, ადამიანობისა და მანდილოსნების სადღეგრძელო დაცალეს „როგორც მტერი“ და სადღა არსებობდა პრობლემა? პატივცცემული დედამთილი, წეღან გული რომ „წაუვიდა“ ორ გვარს შორის გაწევ-გამოწევისას, ახლა ისეთი ხალისითა და ენერგიით ემსახურებოდა სუფრას, შეშურდებოდა ჯან-ღონიან ადამიანსაც კი. არადა სულ რამდენიმე წუთის წინ „გული რომ წაუვიდა“, აჩოჩქოლდა ხალხი, ბრბო, მასა, არიქა, ადამიანს ხომ არ შეიწირავთ, გოგო რომ წაიყვანოთ და ნერვიულობისგან ამ ქალბატონს რამე დაემართოს, ვერავინ მოვინელებთ მერე ამ ტრაგედიასო ... ხბოს თვალებით შეაჩერდნენ ერთმანეთს - აბა, ვინ რას იტყოდა! მართალია, მართალიო! - წამოიძახა ერთი-ორმა და მორჩა, საკმარისი იყო საერთო აზრის დასადასტურებლად. ერთი „გულის წასვლით“ მოგვარდა საქმის პირველი ეტაპი. მოაყარეს ოქროს სამკაულები ძალად პატარძალს. ეგ რაც შეიძლება ბევრი უნდა ყოფილიყო, თუნდაც რამდენიმე საათით ნათხოვნი მეზობლისგან ან ნათესავისგან. ბევრი ოქროს გამომზეურება ოჯახის მატერიალურ სიმყარეზე მიუთითებდა და გადამწყვეტ შთაბეჭდილებას ახდენდა პოტენციურ მოყვრებზე. გოგოსთვის ჩასაცმელი და ფეხსაცმელიც თუ უკვე ნაყიდი და გამზადებული ჰქონდათ, აღარავინ ჩიოდა გოგოს უნდოდა-არ უნდოდა, იცნობდა-არ იცნობდა, სრულწლოვანი იყო-არასრულწლოვანი?! მთავარი იყო, ყველა ცოცხალი იყო. ცოცხალ მკვდრებზე არაფერი სმენიათ. გოგო გათხოვდეს უნდა, საკუთარი(!) ოჯახი შექმნას!

ადამიანად შეუმდგარი კაციც და ქალიც საცოდავი სანახავია. გოგოს მოტაცების ცივილური ალტერნატივა, ადამიანურად, გნებავთ ვაჟკაცურად, გნებავთ შეგნებულად მისი გაცნობა უნდა ყოფილიყო, მისი მოხიბვლა და მასში სურვილის აღძვრა, რომ ამ მშვენიერს თავად ესურვა მის გვერდით მყოფი მამაკაცი შეყვარებულად, მეუღლედ, შვილების მამად, მამამისის სიძედ და ა.შ. და არა ავაზაკად, მისი სულის, სხეულისა და ფსიქიკის ავაზაკად. შეუმდგარი ადამიანის არსებობა კომპლექსური პრობლემების შედეგია აღზრდის პროცესში. არსებობს ავაზაკობით ქმრად-ყოფილი კაცების 2 კატეგორია: ვისაც ადამიანურად ენანება „ის“ გოგო ასეთი ხვედრისთვის და დაოჯახების მერე ცდილობს, რამდენადაც შეუძლია, ან საზოგადოებრივი სტიგმა აძლევს საშუალებას, შეუმსუბუქოს ადაპტაციის პროცესი. და ისეთები, უბრალოდ 2 კიდურზე რომ დგანან, მაგრამ „ჯაყოებად“ რჩებიან მთელი ცხოვრება. ტრადიციულობის ყველაზე საზიზღარი გამოხატულებები. ცხოვრებაში რომ არაფერი გაუაზრებიათ, გადაუფასებიათ და ტრადიციების ნიღაბს ისე უნიჭოდ ამოფარებიან, ამ უკანასკნელის კარგ ნაწილსაც საშინლად ამახინჯებენ და საძულველად აქცევენ.

ეიპრილს ბავშობიდან იმდენი საზარელი ისტორია გაეგო მსგავსი გატაცებით, უნდო-უსურველად დაოჯახებულების, წარმოდგენაც ზარავდა გათხოვებაზე. ბავშვობაშივე გადაწყვიტა არასოდეს დაქორწინდებოდა. ერთი პერიოდი იმდენად დამძიმდა მდგომარეობა ასეთი შემთხვევების, მისი შიშები გამძაფრდა და ღმერთს ეხვეწებოდა არასოდეს გაზრდილიყო. ნიკასთან სიყვარულის გაზიარების მერე მსგავსი შიშები დაეხსნა. უმეტესად ადამიანებს უბედურება ჩვენგან შორსს გვგონია, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, სანამ სასტიკი რეალობის პირდაღებულ უფსკრულთან არ აღმოვჩნდებით პირისპირ - დაჭრილი ფრთებითა და წართმეული იმედით.

ახლა კი სწორედ მის წარმოსახვით რეალობასთან შეუთავსებელ ობიექტურ რეალობაში აღმოჩნდა. მისი კაშკაშა მწვანე თვალები მხოლოდ პანიკას, გაურკვეველ შიშსა და უსაზღვრო ტკივილს გამოხატავდნენ. ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს. შიშისგან, მოულოდნელობისგან თუ რაღაც გაურკვეველი უარყოფითი განცდისგან მეტყველების უნარი წაერთვა თითქოს. ნელ-ნელა აცნობიერებდა რა მოხდა ბოლო წუთებში მის თავს: გაჩერებაზე მარტო იდგა. გარშემო მაღაზიებში თითო-ოროლა მყიდველიღა დასეირნობდა. უკვე ნაშუადღევს რაიონი იცლებოდა ხალხისგან, ჩვეულებისამებრ. ავტობუსმა ძალიან დაიგვიანა. ფიქრებში გაერთო. შორიდან მოესმა მანქანის მძიმედ დამუხრუჭების ხმა. იქიდან სამნი გადმოვიდნენ, ერთი საჭესთან დარჩა. ხელები შეუბორკეს, მოძრაობა მთლიანად შეუზღუდეს და შესვეს მანქანაში. დაყვირება ვერ მოასწრო, იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი.

ტკბილეული, კროსვორდები და ჟურნალები უპატრონოდ მიმოიფანტნენ დანაშაულის ადგილას.

ხელ-ფეხს ურტყამდა მანქანაში მსხდარ მომხდურებს, ფანჯრის ჩალეწვას ცდილობდა, რომ ხმას გარეთ გაეღწია და ვინმეს მიექცია ყურადღება, მაგრამ არავინ იყო გარშემო. მანქანა სადღაც მიჰქროდა. ვერ გაარკვია მიმართულება. მხედველობა დაბინდული ჰქონდა. შველა სჭირდებოდა... წამების განმავლობაში თითქოს მოზღვავებული ენერგიისგან წამებშივე დაიცალა, ხელ-ფეხი წაერთვა, გული მისდიოდა... ნუ დამღუპავთ, ოჯახს ნუ დამიღუპავთო ამოიხრიალა ღონემიხდილმა და გონება დაკარგა... ცნობიერ-არაცნობიერის ბურუსში ჩაესმოდა უსიამოვნო ტემბრით ფრაზები: - მოეწონე საცოლედ, ხომ არ გკლავთ, არა? იცი რა კარგი ბიჭია? რა განერვიულებს? შენებსაც შევატყობინებთ და მოგვარდება რა ამბავი...

მოაგონდა ნიკა, სიყრმის შეყვარებული, რომლის თვალებსაც შესციცინებდა თავისი შეგნებული ცხოვრების ბოლო 5 წელი და სირცხვილისა და დანაშაულის ნაზავმა, აქამდე უცხო გრძნობამ გონი წაართვა... წარმოიდგინა თავის ოჯახს როგორ ალმაცერად, სარკასტულად და ზემოდან დაუწყებდნენ ცქერას, ზურგს უკან გაკიცხვას - და მრავალბალიანმა ტკივილმა გაუარა გულში... ამ ყველაფერში კი ერთადერთი დამნაშავე თვითონ იყო, მისდა უნებურად, მისგან დამოუკიდებლად. ყინვისგან სიცოცხლეწართმეული იასავით მიესვენა...

გონს რომ მოვიდა ვიღაცის სახლში გაეღვიძა... ინატრა, რაც მახსოვს მწარე სიზმარი იყოსო, მაგრამ საუბედუროდ ასე არ ხდება... ლაზათიანად ჩაცმული, მეტისმეტად გამხდარი, საშუალო სიმაღლის, სტანდარტული გარეგნობის, არაფრით გამორჩეული ტიპი იქვე იჯდა და ელოდებოდა მის გონზე მოსვლას. ეცნო, მანქანაში მსხომთაგან ერთ-ერთი იყო. ახლა კარგად შეათვალიერა. ნამდვილად არ ჰყავდა აქამდე ნანახი და მითუმეტეს არ იცნობდა. სიგარეტს ახრჩოლებდა და ყარდა მთელი ოთახი... საკუთარი სხეული შეათვალიერა და დამშვიდდა. ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყო. იფიქრა, მშვიდად ავუხსნი რომ ვიღაცაში შევეშალეთო. ოღონდ მშვიდობიანად გაეღწია, მიეღწია სახლამდე და სამუდამოდ დაივიწყებდა რაც მოხდა - იმ წამს ასე ფიქრობდა. 

-        რა გქვია? ქალაქური ტემბრით, რბილი ტონით იკითხა უცნობმა.

... შეეშინდა. სანამ ეიპრილი ძალებს მოიკრეფდა და ხმას ამოიღებდა კითხვა მეორედ, მაგრამ სიმკაცრე თუ სიმტკიცე შერეული ხმით გაისმა ოთახში. თუმცა კი ისევ თავის ადგილას იჯდა. ეიპრილთან მოახლოებას არ ცდილობდა.

-        მე... თქვენ გეშლებათ, ვიღაცაში შეგეშალეთ, მე დანიშნული ვარ! ნუ დამღუპავთ, თქვენი ჭირიმე, გამიშვით აქედან... - მიაყარა სათქმელი ვედრებით.

-        ნუ მატყუებ! კარგად შეგათვალიერე, სანამ ჩემს მანქანაში აღმოჩნდებოდი. ნიშნობის ბეჭედი არ გიკეთია. მომეწონე რა...

ეიპრილისგან სამარისებური, გამყინავი სიჩუმე წამოვიდა მხოლოდ.

-        მოდი, თავიდან დავიწყოთ. გავიცნოთ ერთმანეთი. მე ნოდო მქვია. სასიამოვნოა...

ეიპრილი ისევ ჩუმად იყო. უფრო სწორად გონება გამალებით მუშაობდა გამოსავლის მოსაძებნად და პასუხის გაცემას ვერ ახერხებდა. ნელ-ნელა კარგავდა იმედს, რომ რამეს შეასმენდა და მარტივად დააღწევდა თავს, როგორც თავიდან ეჩვენებოდა.

-        გავიცნობთ ნელ-ნელა ერთმანეთს რა... ცოტა დრო დაგჭირდება და დალაგდება თავისით ყველაფერი რა... გამოცდილი მაქვს ეგეთი ამბები და ვიცი რა... ჩემი მეგობრები სულ ასე დაოჯახდნენ ანგელოზივით გოგოებზე, გაგაცნობ მერე ყველას. შენს თავს ვფიცავარ, არაფერი მოგვაკლდება. ახლა გარეთ ხალხი გველოდება. შენებსაც დავურეკავთ, მოვლენ და დაგვლოცავენ რა!

თან მედიდური, განებივრებული ბავშვის, თან ცოტა ლმობიერი და მომთმენი ჰქონდა ტონი...

როცა დამშვიდდები, მაშინ მოვძებნით შენიანებსო დაუბარა ნოდარმა და ოთახიდან გავიდა. თან დაუბარა გასამხნევებლად გოგოებს გამოგიგზავნიო. მისი გასვლა და შემოვიდა შავგრემანი, ლამაზი აღნაგობის გოგო. აღმოჩნდა, რომ კირა ერქვა. მეც 2 წლის წინ შენსავით გავხდი ამ ოჯახის რძალიო, თავი წარუდგინა კირამ. ცდილობდა ღიმილიანი და თბილი ყოფილიყო. ეიპრილი მიხვდა, რომ ზემოთ ხსენებული „ანგელოზებიდან“ ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო. ეს უნდა გამოეყენებინა. როლში შევიდა. კირასთან აღარ დაუწყია თავის საქმროზე საუბარი, პირიქით დაარწმუნა რომ ეს ტყუილი იმიტომ მოიფიქრა რომ შეეშინდა თავიდან ნოდოსი და მისი მეგობრების. კირა მოუყვა, რომ ნოდო მათი სტუმარი იყო ქალაქიდან, რომელიც მანქანით ჩამოსულიყო მეგობრებთან ერთად. შეძლებული ოჯახის შვილი. დედისერთა. თავისი კაპრიზების ასრულებას ბავშვობიდან ჩვეული. მართალია ცოტა ნარცისი იყო, მაგრამ საერთო ჯამში არ იყო ცუდი საბედო. კირას თავი კმაყოფილად მოაჩვენა და უთხრა, მოვწესრიგდები, ცოტაც მადროვეთ და გამოვალო. ხომ გამოგიცდია როგორი მნიშვნელოვანია ცოტა ხანს მარტო დავრჩე, გადავხარშო ყველაფერი და კარგად წარვსდგე ახალ მოყვრებთანო. გახარებული კირა მაშინვე გავიდა ოთახიდან და დაჰპირდა, სანამ შენ არ მოისურვებ, არავინ შეგაწუხებსო.

 

ეიპრილი მიხვდა, სხვა გამოსავალი უნდა მოეძებნა, დრო კი მის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. მისი ამ სახლში დიდხანს ყოფნა არ შეიძლებოდა, რამე გამოუსწორებელი რომ არ მომხდარიყო. უარესის წარმოდგენაზე თითქოს ძალა მოეცა. ოთახი კარგად შეათვალიერა. ერთი ფანჯარა და ერთი კარი ჰქონდა. კომფორტულად იყო მოწყობილი, კარგი ხის ავეჯი, თეთრეული, მდიდრული ფარდები, გრძელი ჭერი, ფერადი ხალიჩა. მუხის იატაკი სარკესავით ბზინავდა, ჭერი სამდონიანი იყო, ჭაღი ნაირფრად ელვარებდა შუქზე... ფანჯარასთან ჩუმად მივიდა. ნახა მეორე სართულზე იყო. ფანჯარა სახლის უკანა ეზოს გადაჰყურებდა. ამ ნაწილის გარდა, მთელ ეზოში ხალხი ირეოდა. სერიალებიდან მრავლად ნანახი სცენარი უნდა განესახიერებინა. ზეწრები ერთმანეთზე გადაება, ნელ-ნელა ჩამოსულიყო და სასიმინდეს გავლით გაპარულიყო. ერთიანად გაყინული ჰქონდა ხელები. ნერვიულობის დროს სისხლი ფეხებში გადადის, გაქცევის ფსიქოლოგიურ-ფიზიოლოგიური გამოვლინება. პირველი ხელები ცივდება. უკვე ღამდებოდა. ამიტომ უნდა ეჩქარა. ისიც კი არ იცოდა სად იმყოფებოდა. ოთახის კარი ფრთხილად ჩაკეტა და მოქმედებაზე გადავიდა.

სწრაფად გახსნა ოთახში მდგარი გარდერობის კარები, გადმოყარა ზეწრები, თითქმის ყველა თეთრი იყო, კარტოფილის სახამებელში ამოვლებულები და შესაბამისად ისეთი მყარები, უთო ძლივს მორეოდა. კიდევ ერთხელ შესჯავრდა „გაკრახმალებული“ თეთრეული. სიმწრით კუჭავდა, რომ მერე ერთმანეთზე გადაბმა მოეხერხებინა როგორმე. სახლი მაღალჭერიანი იყო, მინიმუმ 4-5 ზეწარი უნდა გადაება ერთმანეთზე. უცებ ნაბიჯების მოახლოება იგრძნო გარედან. ლამის გასკდომამდე გაუხშირდა გულისცემა, მოუდუნდა ხელ-ფეხი, გაუფართოვდა თვალები, საფრთხის შიში მთლიანად დაეუფლა მის სხეულსა და გონებას. გადაწყვიტა ნებით არაფრის დიდებით არ გახსნიდა კარს. საბედნიეროდ, ნაბიჯების ხმამ იკლო, გაშორდა, დარწმუნდა რომ საფრთხემ ჩაიარა. წამებში ისევ ტონუსი მოემატა. საქმეს დაუბრუნდა. ზეწრები გაამზადა. მოსინჯა სიმყარე და წესით, მის წონას გაუძლებდნენ კვანძები. ახლა მძიმე საგანი სჭირდებოდა, რომელიც მყარად დაიჭერდა ერთ ბოლოს. ასეთი სარკეებიანი მაგიდა იყო, რომელიც ფანჯარასთან ახლოს უნდა მიეჩოჩებინა. მისი სიმძმე იმდენად არ აშინებდა, რამდენადაც ის, რომ ხმაური არ გამოეწვია. მისდა საბედნიროდ, ქეჩა ჰქონია დატანებული ავეჯის ძირებს და უხმაუროდ, მიწოლით გადააადგილა სასურველი მიმართულებით. ცალი მხრიდან ასწია, მერე ზურგით მიუდგა ისეთნაირად, ხელები ავეჯის ქვეშ ზეწრის გამოსატარებლად რომ გამოეყენებინა, კიდევ ერთხელ გადანასკვა და მოსინჯა კვლავ, თავის წონას თუ გაუძლებდა. წესით, ყველაფერი რიგზე იყო. ერთი წამით იქვე ჩამოჯდა იატაკზე, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ფანჯარაში ფრთხილად გამოიხედა. ამ მხარეს არავინ ჩანდა, ფარდა ფრთხილად გადასწია. ხის ჩარჩო ძალიან ნელა გამოაღო, რომ არ გაჭრიალებულიყო და კიდევ გამოიხედა. ამ ფანჯრის ზუსტად გასწვრივ, ქვედა სართულზე ასევე ფანჯარა იყო, რაც ზრდიდა იმის ალბათობას, რომ გამოეჭირათ. ჩამოშვებული ზეწრის ლანდისთვის შეიძლება შიგნიდან მოეკრათ თვალი და შეემოწმებინათ. ამიტომ ზეწარი ბოლომდე არ ჩამოუშვა. მხარზე გადმოიდო, ფანჯარაზე აძვრა, სახით კედლისკენ შეტრიალდა და ნელ-ნელა ჩამოდგა ერთი ნაბიჯი. ღმერთს მადლობა გადაუხადა, სიმაღლის შიშით რომ არ დაიბადა და მკლავებშიც გრძნობდა ძალას. ნელ-ნელა უშვებდა ზეწარს და სულგანაბული მოჰყვებოდა თავის ერთადერთ მაშველს. ფეხის წვერი რომ მიწას დასწვდა შვებით ამოისუნთქა. სიმინდის ყანას შეერია. საკუთართავს ჩახუტებულივით მიდიოდა სწრაფი ნაბიჯებით, ცდილობდა მკლავები რაღაცნაირად დაეცვა სიმინდის მჭრელი ფოთლებისგან. შარიშური რომ არ გამოეწვია, არ გარბოდა. ნერვიულად, მაგრამ უხმაუროდ იკვლევდა გზას. რამდენიმე წუთში ასფალტის შარაზე გამოაღწია. მალევე გადააწყდა ტრაფარეტს. აღმოჩნდა რომ თავისი სახლიდან მხოლოდ თორმეტ კილომეტრში იყო. დაახლოებით ორი საათი დასჭირდებოდა სახლამდე. მთავარი იყო იქ რაც შეიძლება გვიან მიმხვდარიყვნენ რომ გაიპარა და გზაზე შეუმჩნევლად ევლო. მერე გააცნობიერა, რომ სწორედ ის პერიოდი იყო საღამოსი, როცა სოფელში საქონელს აბინავებენ. ცოტა უნდა მოეცადა, სანამ ხალხი სახლში შევიდოდა და მერე გასულიყო გზაზე. სიმინდის ყანის ბოლოს დიდი რცხილა იპოვა, საუკუნის მაინც იქნებოდა, გადაფოთლილი, მერქანდანაოჭებული მედიდურად იდგა. მანდ დაიმალა. გულისცემა ყურში ესმოდა. ცივი ოფლი ასხამდა ერთიანად და თვალებს ნერვიულად აქეთ-იქით აცეცებდა, აყურადებდა ვინმე ხომ არ უახლოვდებოდა, ან ხომ არ ახმაურდნენ იმ სახლში. ეს ცუდის ნიშანი იქნებოდა.

როგორც კი გარშემო ხალხი ქუჩას მოშორდა, ბეღურასავით დამფრთხალი გამოვიდა და ნელ-ნელა დაიძრა სახლისკენ. შიშისგან ერთიანად კანკალებდა. ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ იცოდა მაინც სად იმყოფებოდა და სახლისკენ შეეძლო წასულიყო. გამოუსწორებელ ოპტიმისტს, გული იმედით აევსო.

რაც უფრო უახლოვდებოდა თავის კარ-მიდამოს გული უფრო მოეცემოდა, სიჩქარეს უმატებდა, დაცემის საშუალებას არ აძლევდა თავს. სახლი რომ ახლოს დაიგულა ენით აღუწერელი სიხარული იგრძნო, ჯოჯოხეთიდან გამოპარული სულივით ელოდებოდა შველას. დაახლოებით საღამოს ათი საათი იქნებოდა სახლამდე რომ მიაღწია. ეზოს რომ მიუახლოვდა, ნახა მეზობლებს მოეყარათ თავი. ეგონა უარესი გამოიარა, თუმცა მთავარი წინ ელოდა.

თავისი სახლის ეზოს სწორედ მაშინ მიუახლოვდა, როდესაც ნიკა, მათი სამეგობრო და ახლობლები მანქანებით იყვნენ მობილიზებულები და უნდა გასულიყვნენ ეიპრილის მოსაძებნად.

მანამდე რომ იმედიანად მოიწევდა სახლისკენ, „სამშვიდობოს“ მოღწეულს რაღაცნაირმა ავის მომასწავებელმა ინტუიციურმა გრძნობამ დაუარა სხეულში. მეზობლები მიეჭრნენ ამბის გასაგებად. ცნობისმოყვარედ ანთებული იმდენი წყვილი თვალი დაჟინებით იმზირებოდა და მოემართებოდა ეიპრილისკენ, უხერხულობისგან, უსიამოვნებისგან და შოკისგან ერთიანად დაპატარავდა და მოიკუნტა. ლიფსიტა თევზივით იყო ზვიგენების გარემოცვაში, ერთიანად ჩასაყლაპად რომ აულესიათ კბილები. როგორც იქნა დედამ გაარღვია ბრბო და ჩაიხუტა შვილი. დათია და ნიკაც დარდისგან ამღვრეული თვალებით, ჯერ კიდევ შეშლილი მზერითა და თან დამშვიდებულ-მადლიერი გამომეტყველებით ელოდებოდნენ ეიპრილის მათკენ მობრუნებას. ეიპრილს მთელი უარყოფითი განცდა მაშინვე გაუქრა, თითქოს არც ყოფილა. თითქოს უსიამოვნო სიზმარი იყო ის დღე, რომელიც რეალობაში არც არასდროს მომხდარა. ყველა მისთვის მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანი კვლავ მის გვერდით იყო.

მაგრამ მალევე დააბრუნეს „რეალობაში“. ელოდებოდნენ ამბავს. სახლში შევიდნენ, წყალი დაალევინეს, დასვეს და შემოუსხდნენ. ეიპრილი დეტალურად მოყვა რაც გადახდა. სანამ ყვებოდა თავი მაღლა არ აუწევია. შინაგანად მაინც საკუთარ თავს იდანაშაულებდა. ყველაფერს ერჩივნა მხოლოდ თავისი ოჯახისთვის მოეყოლა, ეს ხომ რეალურად მხოლოდ მათ ეხებოდათ, არავის სხვას! მაგრამ ასეთია სოფლის წესი. ყველამ ყველას შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს! მოზომილად დაიწყო მოყოლა, ემოციების გაკონტროლებას ცდილობდა, მაგრამ თანდათან უმძაფრდებოდა განცდები, თითქოს თავიდან განიცდიდა ყველაფერს, მაგრამ არ წყვეტდა მოყოლას.

 ამბის დასასრულს ჩოჩქოლი ატყდა. აქედან და იქიდან, სასიკვდილო ტყვიებად ჰაერში გაისმა ფრაზები:

-        შეხედე, შეხედე თურმე პატარა გოგოსავით მოუტაციათ და ეს მაინც დაბრუნდა სახლში. სირცხვილისგან როგორ არ მოიკლა თავი? როგორ არ გადახტა მდინარეში?

-        იქნებ, იმ ბიჭმა იმიტომ მოიტაცა, რომ საბაბი ამან მისცა?

-        ვინ იცის, იქნებ ტელეფონით ემესიჯებოდა იმ გადამთიელს, გადაიყვანა ჭკუიდან და ქნა იმანაც საქნარი! კაცია და რა ქნას!

-        გაჩერებაზე რომ იდგა, თან მარტო აბა რა ეგონა?

-        სულ წავიდნენ ხელიდან ახლანდელი გოგოები!

ამას დაემატა ბიჭების მუქარები:

-        ვინ იყო, ჩვენ მაგას ვაჩვენებთ! ვინ გაბედა ნიკას შეყვარებულისთვის ხელის ხლება?! (!)

-        ისე გავუერთიანებთ ძვალ-რბილს, მთელი ცხოვრება „ტრუპკით“ მოუწევს საჭმლის წრუპვა!

-        მთელი გვარის სახსენებელს გავაქრობთ!

 

გონება ისევ დაებინდა. ისევ ვეღარ გარკვეულიყო ცხადში იყო თუ სიზმარში. ნუთუ, ეს კოშმარი მის თავს ხდებოდა? გუშინ რომ სიყვარულს ეფიცებოდნენ, სოფლის თვალს ეძახდნენ ის ხალხი