დაბადებით ამაღლებულნი
0 ხმა

თორნიკე ხატიაშვილი
ხატიაშვილი თორნიკე, 30 წლის (15/12/1990) თბილისი, ვფიქრობ, უკეთესია ჩემი ბიოგრაფია მოგიყვეთ ისე, როგორც მახსოვს და ვუყურებ საგნებს, და არა როგორც მშრალი ფაქტები ამბობს. ბავშვობაზე მოკლედ ვიტყვი - მქონდა ბედნიერი, ლაღი და უდარდელი ბავშვობა; ერთი სიტყვით, ყველა მისი სიკეთით ვისარგებლე. შემდეგ მოხდა ის, რომ სკოლა, და მასთან ერთად ბავშვობაც, დამთავრდა და უნივერსიტეტში ჩავაბარე იქ, სადაც არაფერი მესაქმებოდა - ბიზნესის ადმინისტრირებაზე; თუმცა ამას ვერავის დავაბრალებ, რადგან არც მაშინ და არც მომდევნო რამდენიმე წელი არ ვიცოდი ცხოვრებაში რა მინდოდა. უკვე მეოთხე კურსიდან დაიწყო პერიოდი, რომელსაც ვუწოდებ ხეტიალის პერიოდს, ანუ სამსახურიდან სამსახურში, პოზიციიდან პოზიციაზე მოგზაურობის ხანა. ჯერ ერთ ბანკში ვიყავი გაყიდვების აგენტი, შემდეგ მეორე კომპანიაში ბუღალტერი, მესამეში ფინანსისტი, მეოთხეში შუამავალი და კოორდინატორი ლოკალურ და საერთაშორისო კომპანიებს შორის, შემდეგ ისევ ბანკში მოლარე-ოპერატორი, შემდეგ კონსულტანტი ბიზნეს საკონსულტაციო ფირმაში, ბოლოს მარკეტერი სამშენებლო კომპანიაში. მთელი ამ ხეტიალის განმავლობაში თან მდევდა ერთი შეგრძნება, კერძოდ კი ის მტკივნეული განცდა, რომ - მე არ ვეკუთვნი აქაურობას. პარალელურად, 22 წლის ასაკიდან იყო რომ აღმოცენდა სიყვარული ჩემსა და წიგნს შორის, რაც დღემდე მგზნებარედ გრძელდება (მართალია ბავშვობაშიც ვკითხულობდი, თუმცა როგორც აღვნიშნე, მაშინ ბავშვობის სიკეთეებით უფრო მეტად ვტკბებოდი, ამიტომ იმ დროინდელი წიგნებიდან არაფერი მახსოვს). 26 წლისას, უკვე თავადაც გამიჩნდა სურვილი რაიმეს დაწერის. რა თქმა უნდა, არაფერი გამომივიდა, ამიტომ სურვილი გადაიქცა უბრალო ოცნებად. და აი, დაახლოებით ერთი წლის წინ, ერთი წიგნის ერთ გვერდზე წავაწყდი ერთ წინადადებას, რომელსაც საიდუმლოდ შევინახავ, რამაც ჩემში გარდატეხა მოახდინა და დამაჯერა, რომ - მე შემიძლია წერა! ამას მოჰყვა რამდენიმე სახელმძღვანელო წერის შესახებ (თვით სწავლების კურსი) და ბოლოს - პირველი საკუთარი რომანიც. ამჟამად, რაკიღა უკვე ვიპოვე საქმე, რომლის კეთებაც მსიამოვნებს და რომელშიც მთელი არსებით ვარ ჩართული, ჩემი სურვილია მარტივი - ვწერო, და ვიყო მწერალი.
ნიკა არის კრეატიული სააგენტოს საუკეთესო ლოგო დიზაინერი და მას აქვს სურვილი - ხელში ჩაიგდოს გენერალური დირექტორის, დეას ადგილი. პასუხად დეამ თავის მეგობარი ქეთი მიიწვია ფირმაში სამუშაოდ და ნიკას მიმდინარე პროექტიც მას გადააბარა. ამაზე ნიკამ ქეთის სახლიდან ლეპტოპი მოიპარა, სადაც ინახებოდა მიმდინარე პროექტის მთელი ინფორმაცია, ანუ ბრიფი. დეამ დახმარება ფსიქიატრ გიგის, ქეთის მამას სთხოვა. გიგი გადაწყვეტს ნიკა მოტყუებით მიიყვანოს თავის საავადმყოფოში და მისი ლეპტოპიდან მალულად ამოიღოს ბრიფის ასლი, თუმცა ნიკამ დაინახა, თუ როგორ ჩხრეკდნენ მის ლეპტოპს. ამაზე გიგიმ ბრძანება გასცა ბიჭი გაეკოჭათ და დაემწყვდიათ პაციენტის ოთახში. შემდეგ თავის მეგობარ ბექას დაურეკა და დახმარება სთხოვა. ბექამ ნიკას სიჩუმის სანაცვლოდ თანხა შესთავაზა, რომელსაც გიგი გადაიხდიდა. ნიკამ მოითხოვა 100,000 დოლარი. სანაცვლოდ გიგიმ პოლიცია გამოიძახა და უთხრა, რომ ბექა და ნიკა, როგორც შეთანხმებული გუნდი, ცდილობდნენ მისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას. ნიკა და ბექა დაიჭირეს. შემდეგ ნიკა გაანთავისუფლეს, რადგან ბექამ თავის თავზე დაიბრალა. ამაზე ნიკამ მოიფიქრა გეგმა - ის შევა გიგის სახლში, მაგიდაზე დადებს ქეთის მოპარულ ნივთებს და მოუყვება ტყუილს, რომ ვითომ ქურდობა ქეთისთან შეთანხმებით მოხდა, რათა შემდეგ დეა ჩამოეშორებინათ სააგენტოდან. გაოგნებული გიგი აღიარებს, რომ ბექას მიმართ ცრუ დასმენა ჩაიდინა. ნიკას ტელეფონზე ჩამწერი ჰქონდა ჩართული და სწორედ ამას ელოდა. ამით ის შეძლებს გიგის მხილებას და ბექას დახსნას. ამ დროს პოლიციამ გიგის სახლს ალყა შემოარტყა. ნიკა მზად იყო თავისი წილი დანაშაულიც - სახლის ქურდობა - ეღიარებინა, მარა უკანასკნელ წუთს უკან დაიხია, ამიტომ გიგის გარიგება შესთავაზა - ვითომ შვილის სახლი გიგიმ გაქურდა, რადგან უნდოდა, რომ ქეთის მამამისის სახლში ეცხოვრა და სიბერეში მისთვის ნუგეში ეცა, სამაგიეროდ ნიკა არ ეტყვის პოლიციას ჩანაწერზე არაფერს და გიგის მოუწევს მხოლოდ ერთი წლით ციხეში ჯდომა ნაცვლად ათი ან უფრო მეტისა. გიგი დათანხმდა.
ნიკა არის კრეატიული სააგენტოს საუკეთესო ლოგო დიზაინერი. მას, ისევე როგორც ყველას, ერთი მარტივი სურვილი აქვს - ადამიანებს იგი უყვარდეთ და მასთან იმეგობრონ. თუმცა ბავშვობაში ბაბუისგან მიღებულმა არაჯანსაღმა რჩევამ, რომელიც კრიმინალური დაჯგუფების ბოსი იყო, შვილიშვილს ჩამოუყალიბა ცრურწმენა, რომ სიყვარულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს, თუ ყველას დაუმტკიცებს თავის ძლიერებას და პირველ რიგში, სწორედ მეგობრებმა უნდა იცოდნენ ეს. დროთა განმავლობაში ამ მორალმა გავლენა იქონია მის პირვანდელ სურვილზეც და გადასხვაფერდა შემდეგში - ყველას დაუმტკიცოს, რომ ის არის საუკეთესო. სწორედ ამიტომ, მას აქვს სურვილი - ხელში ჩაიგდოს თავის უფროსის, დეას ადგილი და გახდეს სააგენტოს გენერალური დირექტორი. დეა ძალიან კარგად ხედავს ამას, მაგრამ აქამდე ვერ პასუხობდა, რადგან ნიკას კომპანიისთვის დიდი შემოსავალი მოჰქონდა. ახლა კი, როცა გაიგო, რომ მისი მეგობარი ქეთი, ასევე ლოგო დიზაინერი, ჩამოდის ნიუ იორკიდან უკან, ქალაქში, გადაწყვიტა ნიკა ჩაანაცვლოს ქეთით. მიიწვია ქეთი ფირმაში სამუშაოდ და ნიკას მიმდინარე პროექტიც გადააბარა მას. ნიკა მიხვდა, რომ თუ არ იმოქმედებს, წააგებს, ამიტომ ქეთის სახლიდან მოიპარა მისი ლეპტოპი, სადაც ინახებოდა მიმდინარე პროექტის მთელი ინფორმაცია, ანუ ბრიფი. დეამ იცის, რომ პროექტის დასამთავრებლად ერთადერთი გზა ნიკასთან მიდის, თავიდან ხომ სწორედ ის მუშაობდა მასზე, მაგრამ ვინაიდან ნიკასთან თხოვნით მისვლა მარცხის აღიარება იქნება, გადაწყვიტა რჩევის საკითხავად მისულიყო ქეთის მამასთან, რადგან ის ფსიქიატრია და ადამიანის ბუნებას კარგად იცნობს.
გიგი, ქეთის მამა, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორია და გარეგნულად ძალიანაც წარმატებული ჩანს, შინაგანად მას ბევრი რამ აწუხებს. პირველ რიგში ისიც ნიკასავით ნარცისია. დედამისი მთელი ბავშვობა ეუბნებოდა, რომ ის იყო მთელს მსოფლიოში საუკეთესო, რამაც სამუდამო დამღა დაასვა. როგორც ფსიქიატრმა, მან კარგად იცის თავისი პრობლემის შესახებ, მაგრამ თავს ვერ ერევა, თუ აღელდა, ის აუცილებლად იბრძოლებს პირველობისთვის და გზად ყველას გაანადგურებს. ასევე, გიგი მუდამ დედის გავლენის ქვეშ იყო, ყოველთვის უსაფრთხო გეგმას მიჰყვებოდა, ამიტომ უნდა რომ ერთხელაც აფეთქდეს, რაღაც დააშავოს, უნდა რომ მის მეგობარ ბექასავით იყოს, რომელიც ნიკას ბაბუის მარჯვენა ხელი იყო წარსულში და შემდეგ ყველაფერი მოინანია. ამიტომ, როცა გაიგებს, რომ მისი შვილის კარიერას შეიძლება ვიღაცამ საფრთხე შეუქმნას, ის გადაწყვეტს ნიკა მოტყუებით მიიყვანოს თავის საავადმყოფოში, თავის კაბინეტში დასვას მოსაცდელად, თვითონ გამოვიდეს, მისი ლეპტოპიდან, რომელსაც წინასწარ დაატოვებინებს დაცვასთან, ჩუმად ამოიღოს ბრიფის ასლი და ამით შვილიც გადაარჩინოს და თან თვითონაც აისრულოს ოცნება.
ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდოდა, ნიკა რომ შემთხვევით არ გამოსულიყო გიგის კაბინეტიდან და არ დაენახა, რომ მის ლეპტოპს ჩხრეკენ. გიგის სხვა გზა აღარ ჰქონდა, მან თანამშრომლებს დაუძახა, ნიკა ფსიქიკურად დაავადებულად მოიხსენია და ბრძანება გასცა გაეკოჭათ, ტრანკვილიზატორი გაეკეთებინათ და წაეყვანათ პაციენტის ოთახში. შემდეგ ბექას დაურეკა და დახმარება სთხოვა. ბექამ, რომელსაც ცხოვრებაში ყველაფერი უნახავს და ამჟამად თავმდაბალი ცხოვრებით ცხოვრობს, ერთადერთი სწორი გზა დაინახა - ის იკისრებს შუამავლობას და ნიკას შესთავაზებს თანხას სიჩუმის სანაცვლოდ, რომელსაც გადაიხდის გიგი. ეს უკანასკნელიც დათანხმდა. ნიკამ მოითხოვა 100,000 დოლარი.
ამ გარიგების პარალელურად, ვინაიდან ნიკა დილიდან არ მისულა სამსახურში და ტელეფონსაც არ პასუხობს, დეამ ეჭვი აიღო, რომ შეიძლება გიგიმ რამე დაუშავა. ეს აზრი ქეთისაც გაანდო, რომელმაც თავისმხრივ იეჭვა, რომ შეიძლება სწორედ იმ კრიმინალმა ბექამ ჩაადენინა მამამისს რაიმე ცუდი, ამიტომ დაურეკა გიგის სიმართლის დასადგენად. გიგის ამ აზრმა ერთი იდეა დაუბადა. მან დაადასტურა შვილის ეჭვი და სთხოვა დეტექტივების გამოძახება, ხოლო მოსულ ეკიპაჟს უთხრა, რომ ბექა და ნიკა, როგორც შეთანხმებული გუნდი, ცდილობდნენ მისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას. ნიკა და ბექა დაიჭირეს. ბექა მიხვდა გიგის ჩანაფიქრს და გადაწყვიტა მიეღო სასჯელი, მას ხომ წარსულში მართლა აქვს ჩადენილი ბევრი ცუდი საქმე და ამ ქმედებით, ის შეძლებს საბოლოოდ განიწმინდოს ცოდვებისგან, თან გიგისაც გადაარჩენს, რომელსაც ადამიანისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა დაედებოდა ბრალად, რომ არ ეკადრა ის, რაც იკადრა. შედეგად ბექა აღიარებს დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია, თუმცა ის სთხოვს გიგის შეცვალოს ჩვენება ისე, რომ ნიკა გაათავისუფლონ. გიგი დათანხმდა ბექას წინადადებას და ნიკაზე შეცვალა ჩვენება.
განრისხებული ნიკა ვერ ეგუება იმ აზრს, რომ ბექამ დანაშაული დაიბრალა. მან გაახსენა ბაბუა, მათი დიდების ეპოქა და შეარცხვინა ბექა ასე მარტივად დანებების გამო. თვითონ ხომ ზედმიწევნით კარგად იცავდა ბაბუის რჩევას და ყველას უმტკიცებდა, რომ ის იყო საუკეთესო. ბექამ პასუხად უთხრა, რომ ეგ რჩევა იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც ბაბუამისმა ჩაიდინა, რომ ამით ნიკაც თავისნაირი გახადა, რომ სინამდვილეში ადამიანებს ეყვარები და შენთან იმეგობრებენ იმ შემთხვევაში, თუ შენც მზად იქნები მათთვის რამე დათმო, რაიმე ღირებული გასცე სანაცვლოდ, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად საუკეთესოა და საჭირო არაა ძლიერების დამტკიცება. ნიკა გაოცებული გამოვიდა განყოფილებიდან. მისი მთელი ცხოვრება არაჯანსაღ საძირკველზე მდგარა. გარეთ მას დეა დახვდა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მასზე ნერვიულობდა, რადგან იგი რომ გიგისთან არ მისულიყო რჩევისთვის, არც არაფერი მოხდებოდა. ნიკამ იგრძნო, რომ მისი პირველი მტერი, მის მიმართ თანაგრძნობით იყო განმსჭვალული და მასაც გაუჩნდა დეას მიმართ სითბო. ის ამ წამს მთლიანად შეიცვალა. ახლა მზადაა, სხვისთვის დათმოს რაღაც, რაც მისთვის ძვირფასია. ყველაფრის პირველმიზეზი თვითონაა. ბექა ციხეში მის გამო მიდის, ამიტომ უნდა დაიხსნას და შემდეგ აღიაროს დანაშული - ქეთის სახლის ქურდობა. ამისთვის მას დეას დახმარება სჭირდება. მან ქეთი უნდა გამოიყვანოს გიგის სახლიდან, რათა ნიკამ შეძლოს თავისი გეგმის შესრულება. დეა უარზეა, რადგან მან არ იცის გეგმის დეტალები და ვარაუდობს, რომ შეიძლება რაიმე უკანონო მოხდეს, რის მონაწილეც თვითონ არ გახდება. ნიკა დაემუქრა - თუ არ დაეხმარება, ვერ მიიღებს ბრიფს. მართალია აზროვნება შეიცვალა, მაგრამ ქმედებებით ჯერ ისევ ძველი ნიკაა და სანამ გამოსწორდება ჯერ დიდი გზაა გასავლელი. დეა დათანხმდება და ქეთის მოიყვანს ოფისში. ნიკა შევა გიგის სახლში, მაგიდაზე დადებს ქეთის მოპარულ ნივთებს და მოუყვება ტყუილს, რომ ვითომ ყველაფერი ქეთიმ და მან დაგეგმეს, რათა დეა ჩამოეშორებინათ სააგენტოდან, ხოლო გიგიმ ყველაფერი გააფუჭა. გიგი აღიარებს დანაშაულს და ეტყვის, რომ არ იცოდა არაფერი. ნიკას ტელეფონზე ჩამწერი ჰქონდა ჩართული და სწორედ ამას ელოდა. ამით ის შეძლებს გიგის დასჯას და ბექას დახსნას. პარალელურად დეამ ვეღარ მოითმინა, დეტექტივებს დაურეკა და სავარაუდო უკანონობაზე მოუყვა. პოლიციამ გიგის სახლს ალყა შემოარტყა. ნიკა მზად იყო თავისი წილი სასჯელი მიეღო, მარა უკანასკნელ წუთს შიშმა შეიპყრო, მას აღარ უნდა ციხეში წასვლა, ამიტომ გიგის გარიგება შესთავაზა - ვითომ შვილის სახლი გიგიმ გაქურდა, რადგან უნდოდა, რომ ქეთის მის სახლში ეცხოვრა და სიბერეში მისთვის ნუგეში ეცა, სამაგიეროდ ნიკა არ ეტყვის პოლიციას ჩანაწერზე არაფერს და გიგის მოუწევს მხოლოდ ერთი წლით ციხეში ჯდომა ნაცვლად ათი ან უფრო მეტისა.
ვერც ბექა დაიხსნა და ვერც სასჯელი მიიღო, რადგან ნარცისიზმი არ არის რაღაც, რომელსაც ერთხელ დაამარცხებ და მორჩა, ის ყველა ჩვენგანშია, რომელიც დაბადებიდან მოგვყვება და მისი მხოლოდ კონტროლის ჩარჩოებში მოქცევაა შესაძლებელი და ეს პროცესიც ცხოვრების ბოლომდე გრძელდება. ამიტომ ნიკას წინ მთელი ცხოვრება აქვს, რათა შესძლოს და ყოველდღე, საქმით ნელ-ნელა გამოასწოროს ის, რაც გონებაში უკვე გამოასწორა, ხოლო ეს სიმხდალე იქნება მისი მუდმივი მოტივატორი.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური