ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დაბადებით ამაღლებულნი

დაბადებით ამაღლებულნი




1. ეს ვის უბედავს?!

დაუძაბავად ჩასვენებული ზის რჩეული ნიკა ფიქრის სავარძელში და ნათლად წარმოიდგენს დამარცხებულ დეას, რომელიც იძულებული გახდება, შეწყალების სანაცვლოდ, შესაბამისი საფასური გადაიხადოს, მაგრამ ჯერ არაფერი იცის იმაზე, რომ რამდენიმე დღეში, მსოფლმხედველობრივად სრულიად გაჯანსაღებული, ახლა უკვე თავად იდგება მეტოქის პირისპირ და შესაძლებლობა მიეცემა საქმით დაამტკიცოს სიბრძნის შეცნობა, ანუ გამოთქვას სასჯელის ღირსეულად მიღების მზაობა.

ყველაფერი გუშინ, ხუთშაბათს დაიწყო. ტანსაცმლის სარეცხი საშუალებების საწარმოა ასეთი - „Purful” - „ფურფულ“, რომელიც მთელს მსოფლიოში ჰყიდის პროდუქტს და მან ცოტა ხნის წინ შეუკვეთა ლოგოს განახლება ქალაქში საუკეთესო კრეატიულ სააგენტოს. მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი 30 წლის დეაა: შრომისმოყვარე, მიზანდასახული, მებრძოლი. კომპანია ხუთი წლის წინ დაარსა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად და საკუთარი მოხერხებისა და ნებისყოფის წყალობით, დღეს უკვე 50 კაციან გუნდს მართავს. მარკეტინგის ყველა მიმართულება მოიცვეს. მათ შორის ერთი განყოფილება მთლიანად ლოგო დიზაინერებს ეკუთვნით. სულ რვანი არიან, საიდანაც ერთი მუშაობს ვეშაპებზე (ვისი წლიური შემოსავალიც 100 მლნ აშშ დოლარზე მაღალია), ორი - ზვიგენებზე (ვისი წლიური შემოსავალიც 10-100 მლნ აშშ დოლარია), ხოლო დანარჩენი ხუთი - თევზებზე (ვისი წლიური შემოსავალიც 10 მლნ აშშ დოლარზე დაბალია). ნიკა, როგორც ოთახში საუკეთესო, სწორედ ის ერთია, ვეშაპებზე რომ მუშაობს. კლიენტების ასე დაყოფაც მისი მოფიქრებულია. იგი სააგენტოს ოთხი წლის წინ შემოუერთდა. „ფურფულ“-ის პროექტიც მას ებარა. დილით, თავის კუთხის ოთახში იყო, ბიზნეს ცენტრის მე-19 სართულზე, გუნდის წევრებს რჩევებს აძლევდა და მათი ბოჩოლა თვალებიდან წამოსული შიშნარევი პატივით ტკბებოდა, თან ფიქრობდა „რა ეშველებოდათ ამ საცოდავებს ჩემს გარეშე“-ო, რომ ამ დროს ვიღაცამ თქვა: გარეთ ვინმე რატია მოსული და ნიკას კითხულობს-ო. „ეს ხომ იმ ფხვნილების მარკეტინგის დირექტორია, - გაიფიქრა ადრესატმა, - მარა წინასწარ რატომ არ დამირეკა? რამე არ მოეწონა თუ რა? ამას მე ვინ ვგონივარ ასე რომ მადგება პირდაპირ?! ღირსი არაა ვალოდინო ახლა ერთი სამი საათი მაგ უტიფრობისთვის? აი აქამდე მიიყვანა დეამ საქმე. აზრზე არაა არაფრის! მაგის ბრალია ეს ვეშაპები თავის ჭკუაზე რომ მოდიან და მიდიან, ვითომ არ ეკადრებათ წინასწარ შეგვითანხმდნენ შეხვედრაზე. მარა არაუშავს, მალე ჩამოვაშორებ მაგას მმართველობას. არა, ოფიციალურად ისევ თვითონ იქნება, მაინც მისი შექმნილია, ასე ვერ გავაგდებ, ჯერჯერობით მაინც, მარა მე ვიქნები რუხი კარდინალი, ყველა გადაწყვეტილების რეალური მიმღები და მერე ვნახოთ, შეიძლება გენერალური დირექტორიც კი.“ შემდეგ წამოდგა და შესახვედრად გავიდა.

- გამარჯობა ბატონო რატი, როგორ ბრძანდებით? - მიესალმა ნიკა და დაელოდა, რომ პირველი სიტყვა მოპასუხის ყოფილიყო, რადგან იცოდა - ვინც პირველი დაიწყებს ლაპარაკს, უკვე წაგებულია. თან თავის სამუშაო ოთახს გახედავდა ხოლმე, თითქოს საერთოდ არ აპირებდა მასთან დიდხანს გაჩერებას.

- გამარჯობა ნიკა, მადლობა, კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? - უპასუხა რატიმ. - აქვე ვიყავი და ვიფიქრე, ბარემ შევირბენ, რაღაც შესწორებებს გავაკეთებთ-მეთქი. - თან ხელებს ნერვიულად უსვამდა ერთმანეთზე.

„ოჰო, თურმე აქვე ყოფილა ბიჭი. შესწორებებს განახებ მე შენ!“ - გაიფიქრა, მაგრამ თქმით კი ეს უთხრა: - კი ბატონო, არაა პრობლემა. სად გირჩევნიათ? ჩემს მაგიდასთან, თუ საკონფერენციო დარბაზში?

- არა, არა, ცალკე მირჩევნია მაინც. - და შევიდნენ საკონფერენციო დარბაზში.

- აბა გისმენთ? - დაიწყო ლოგო დიზაინერმა. - რა შესწორებები გნებავთ რომ შევიტანოთ პროექტში?

- საქმე იმაშია, ბატონო ნიკა, რომ თქვენი ნამუშევარი არ მოგვწონს. - აღელვებით და სწრაფად ლაპარაკობდა, თან თვალებსაც ვერ აჩერებდა ერთ ადგილზე. - თქვენ გამოგვიგზავნეთ მხოლოდ ორი ვარიანტი, მაშინ როცა ჩვენ ბევრად მეტს ველოდით. თან რატომ არის ასეთი მარტივი ფორმები? ამხელა საწარმო ვართ და ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, თითქოს რაღაც ზედმეტად მარტივია ეს ლოგოები. ძველ ლოგოს შეხედეთ როგორი იყო, როგორი კომპლექსური. რაღაც უნდა შევცვალოთ რა, ასე არ გამოვა!

„რანაირი სახე აქვს? - გაუელვა თავში, - ფსონს დავდებ კონფლიქტურ სიტუაციაში პირველადაა, ისე ნერვიულობს.“ და შემდეგ მშვიდად უპასუხა: - ბატონო რატი, ლოგოს განახლება ხომ სწორედ იმას ნიშნავს, ძველი ჩავანაცვლოთ ახლით, შესაბამისად...

- მოკლედ, ჩვენ ვიფიქრეთ, - სიტყვა გააწყვეტინა დამკვეთმა და ტონსაც აუწია, ისე, მშიშარა ადამიანებმა რომ იციან, რათა როგორმე შიში გადაფარონ, - და გადავწყვიტეთ, რომ ათი დღის ვადაში, ანუ შემდეგ ორშაბათამდე უნდა წარმოგვიდგინოთ უფრო დახვეწილი, კომპლექსური და საინტერესო ლოგოები, თან არა ორი ცალი, არამედ უფრო მეტი, ათამდე ვარიანტი, რომ ჩვენ შევძლოთ და ავარჩიოთ ისეთი, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება ჩვენს ბრენდის იდენტობას!

- ახლა მომისმინე რატი, - ამას არ ელოდა ნიკა, „ეს ვის უბედავს ტონის აწევას?!“ - გაიფიქრა, აგრესია თვალებსა და შუბლზე მოაწვა და თავის შეკავება ვეღარ შეძლო, - თქვენ იფიქრეთ კი არა, ის რაც მე მოგაწოდეთ, არის სწორედ ის, რაც თქვენს კომპანიას სჭირდება! რა კომპლექსური, რის უბრალო ფორმები, კი, ხო, სწორედ ეგ უბრალო ფორმები უნდა იყოს, ლოგო უნდა იყოს მინიმალისტური, დახვეწილი, შენ რა თვალს არ ადევნებ სხვა კომპანიის ლოგო განახლებებს?! რაც უფრო კომპლექსურია, მით უფრო ძნელად აღსაქმელია. ეგ დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. ორი „ცალი“ რომ გამოგიგზავნეთ, ეგ იმიტომ, რომ მეტი არ გჭირდებათ. თქვენ თუ ლოგოების კოლექციას აგროვებთ, მაშინ აგერ ჩვენს სტაჟიორებს დაუკვეთე და რამდენსაც გინდა იმდენს გაგიკეთებენ... - აქ უკვე პირველმა ტალღამ გადაუარა და მიხვდა ზედმეტი მოუვიდა. თანამოსაუბრის ფართოდ გახელილ და შეშინებულ თვალებს უყურებდა და აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ორ წამიანი უხერხული სიჩუმის მერე, რატი ადგა და საჩქაროდ გავიდა დარბაზიდან. ჩხუბისთავმა ერთი ამოისუნთქა, გაიარ გამოიარა, მიხვდა ამას შედეგები მოყვებოდა და მზადება დაიწყო, თან წინასწარ განიცდიდა სიამოვნებას, დირექტორთან ყოველი კამათი ხომ ნელ-ნელა აახლოებდა მას თავის დიად მიზანთან - ჩაიგდოს სააგენტოს მმართველობა ხელში.

- ნიკა შენ ხომ არ გაგიჟდი?! რას აკეთებ?! - ეგრევე უსაყვედურა დეამ, როცა სასწრაფოდ დაიბარა თავისთან და ბიჭიც შევიდა. - როგორ ელაპარაკებოდი ჩვენს კლიენტს?! გარეთ ყველას ესმოდა შენი ყვირილი. რას ნიშნავს ეს?! მითხარი ერთი, კარგად ამიხსენი! - გარდა იმისა, რომ ამ თანამშრომელმა დიდი ხანია თავი მოაბეზრა, ახლა უკვე მის რეპუტაციასაც პირდაპირ შეეხო, მაგრამ არაუშავს, სამზადისი უკვე დაწყებულია და დაუცხრომლის დიდების მზეც მალე ჩაესვენება.

- აზრზე ხარ ტიპმა რა მითხრა? კომპლექსური ლოგო მინდაო, ჰა, ჰა... ვინაა საერთოდ? ეგ ვინ დანიშნა მარკეტინგის დირექტორად? - უფროსის შენიშვნას არასდროს იღებდა სერიოზულად, რადგან კარგად იცოდა თავისი ფასი, ის ხომ რჩეული კადრია, კომპანიისთვის დიდი შემოსავლის მომტანი, ვერავინ შეეხება. იგი სჭირდებათ და როცა იცი რომ ვიღაცას სჭირდები, საჭირო არაა მას ისე მოექცე, როგორც თანასწორს. - თან ტონსაც რომ აუწია? არა, უნდა გენახა როგორ დამიყვირა პირველმა. მერე მეც ავყევი რა...

- არა მოიცა რა, ეგრე არ გამოვა ჩემო კარგო! აქ საჭორაოდ კი არ დაგიძახე. შენ იცი რა მოხდება ეს კლიენტი რომ დავკარგოთ?! არა, ხვდები საერთოდ?! შენ თავი ვინ გგონია?! არა რა, ამ ბოლო დროს ძალიან ზედმეტები მოგდის და მკაცრად გირჩევ კარგად გაიაზრო შენი როლი სააგენტოს საქმიანობაში! - გოგო წინასწარ აღნიშნავდა გამარჯვებას გონებაში და ამის გამო ეს ბოლო სიტყვები ნაადრევად წამოსცდა.

- მოიცა, მოიცა, რაო, რა თქვი? ამ ბოლო დროს ზედმეტები მომდის? ვითომ ეს რას ნიშნავს? რომელ ბოლო დროს? რა ზედმეტები აბა, ერთი კარგად გამარკვიე? რაღაც ვერ მივხვდი? ჩემი თავი ვინ მგონია? მე გეტყვი ვინც მგონია. მე კი არა, თქვენ ყველანი იტყვით ამას, რომ მე ვარ სააგენტოს საუკეთესო ლოგო დიზაინერი. აი, ვინ მგონია ჩემი თავი. ახლა მითხარი ერთი რა ზედმეტები მომდის? - ეს კამათი არ გავდა არც ერთ წინა კამათს და ნიკა მიხვდა რაღაცაში იყო საქმე, რაც სასწრაფოდ უნდა გამოერკვია.

- საუბარი დამთავრებულია! ახლა დაუბრუნდი შენს მაგიდას და როცა დამშვიდდები, შემდეგ განვაგრძობთ! - უპასუხა და თავის ლეპტოპს ჩახედა, ვითომ მუშაობა განაგრძო.

ბიჭიც დაბრუნდა თავის ოთახში, ფანჯარასთან მივიდა, მთელ ქალაქს გადახედა და ეს კამათი რაღაც უზუსტობას მიაწერა. ამ დროს კოლეგების ლაპარაკი მოესმა, რომლებიც ვინმე ქეთიზე საუბრობდნენ.

- ვინაა ქეთი? სად ჩამოვიდა? თქვენ რატომ გიხარიათ ასე? - იკითხა რჩეულმა.

- ქეთიც ჩვენსავით ლოგო დიზაინერია, - უპასუხა ერთმა. - ნიუ იორკში ისწავლა და მოღვაწეობდა, დღეს დილით კი დაბრუნდა და ხვალიდან აქ იმუშავებს. დეას მეგობარია და ჩამოსვლამდე შესთავაზა სამსახური. ისიც დათანხმდა.

„არა ხომ ვთქვი აქ რაღაცაშია საქმე-მეთქი? ვინაა ეს ქეთი? რა უნდა ჩვენს კომპანიაში? აქ უკვე რვა ლოგო დიზაინერი ვართ? კიდევ ერთი რაღად გვინდა? ეგ კი არა, რამდენიმე გასაგდებიც კია და ესენი კიდევ ამატებენ.“ - ამ ფიქრებით გამოეყო გუნდს ნიკა და ცოტა ხნით დერეფანში გავიდა. რაც აქ დაიწყო მუშაობა, თავის ძლიერება ყველას დაუმტკიცა, ეს იმ სიყვარულსა და აღტაცებაშიც ვლინდება, რასაც მის მიმართ ამჟღავნებენ. ყველა მას აქებს, ყველა მასთან მოდის რჩევის საკითხავად, ყველას უნდა მასთან მეგობრობა. ამ დროს ბაბუას რჩევა გაახსენდა: „თუ გინდა, რომ შეგიყვარონ და გემეგობრონ, ბაბუ, იცოდე ყველას უნდა დაუმტკიცო, რომ მათზე ძლიერი ხარ!“ ასეც იქცევა.

უკან რომ დაბრუნდა, კიდევ ერთი ახალი ამბავი დაახვედრეს: თურმე ამ ქეთის საღამოს წვეულება ჰქონია და ლოგო დიზაინერების მთელი განყოფილებაც დაუპატიჟია გაცნობის მიზნით. დაუდგრომელს ეს კარგად ენიშნა და გაიფიქრა - „აჰა, ესე იგი საღამოს გავარკვევ რატომ დაირღვა ჩემი კომფორტი დღეს დილიდან?“

- ქეთი, ეს კიდევ ჩვენი სააგენტოს საუკეთესო ლოგო დიზაინერია, ნიკა, - წარადგინა დეამ, როცა ნიკა მივიდა და მივიდა, რა თქმა უნდა, ყველაზე ბოლოს, როგორც შეეფერებოდა. - და მხოლოდ ვეშაპებზე მუშაობს. ოთხი წელია ჩვენი გუნდის წევრია და დიდი წვლილიც აქვს შეტანილი მის წარმატებაში.

„კარგი წარდგენა იყო, - გაიფიქრა განგებ დაგვიანებით მისულმა. - მარა უკეთაც შეიძლებოდა.“

- ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, - გაეცნო ქეთი და ხელი გაუწოდა. - ალბათ უკვე გეცოდინებათ, რომ თქვენი ახალი თანამშრომელი ვარ და იმედი მაქვს ერთმანეთისგან ბევრს ვისწავლით.

„ჩემო კარგო, შენ შესძლებ ჩემგან ბევრი რამის სწავლას, აი მე კი, არც შენგან და არც არავისგან არ მჭირდება გაკვეთილები!“ - გაიფიქრა, თქმით კი ეს უპასუხა: - აი თურმე როგორ გამოიყურებიან ნიუ იორკში ნასწავლი ლოგო დიზაინერები. ვნახოთ, ვნახოთ, რა სარგებელს ნახავს ჩვენი სააგენტო კადრების დამატებით. - და ხელი ზემოდან გაუწოდა, ისე რომ ჩამორთმევის დროს, გოგოს ხელი ქვემოთ მოექცა. ეს იყო პირველი გზავნილი იმისა, რომ იცოდეს თუ ვინაა აქ ბოსი. ამ დროს ვიღაც კაცი შემოვიდა სახლში.

- გაიცანით, ეს მამაჩემია, გიგი, - თქვა მასპინძელმა და მისკენ წავიდა, - ფსიქიატრიული საავადმყოფოს შეუცვლელი დირექტორი და მთავარი ფსიქიატრი. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ თუ შემთხვევით თქვენთან მოვიდა და საუბარი გაგიბათ, იცოდეთ, ეს კარგს არაფერს მოასწავებს და დროზე გაერიდეთ. - გაიცინა და თბილად მოხვია ხელი მამას.

- მოგესალმებით მეგობრებო, - გაეცნო გიგიც ღიმილით, - არც ეგეთი საშიში ვარ, როგორც დამახასიათეს, მაგრამ რადგან ცუდი ხმები უკვე დამიყარეს, ამიტომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტკბები თქვენთან საუბრით, თუ თქვენ მოხვალთ ჩემთან ამისთვის. ახლა კი აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ ორი წუთით შემოგირბინეთ, რათა მენახა, ხომ ყველაფერი რიგზეა-მეთქი და წავალ უკვე. თუ რამე დაგჭირდებათ, ეგრევე დამირეკეთ. - შვილს თავზე აკოცა, შემდეგ ყველას სათითაოდ ჩამოართვა ხელი და წავიდა.

როგორც გაირკვა, ქეთი ამ ქალაქში დაბადებული და გაზრდილი ყოფილა. 28 წლის - მხიარული, განებივრებული და თან შრომისმოყვარე; აი ისეთი, აწმყოთი ტკბობა რომ შეუძლიათ. დეა ერთ პროექტში გაიცნო, ექვსი წლის წინ. დეა იყო პროექტის მენეჯერი, ხოლო თვითონ გრაფიკული დიზაინერი. გუნდში გოგოები მარტო ეს ორნი იყვნენ, ამიტომ ეგრევე დამეგობრდნენ. ამის შემდეგ, მალევე წავიდა ნიუ იორკში სასწავლებლად. იქვე დაიწყო მუშაობა ლოგო დიზაინერადაც გარკვეული პერიოდით და ახლა უკან დაბრუნდა, რათა დაგროვილი გამოცდილებით უკვე საქართველოში გააგრძელოს მოღვაწეობა. ეს სახლი მამამისმა უყიდა. ორი სართულია გაერთიანებული, მაგრამ მეორე სართულზე მხოლოდ საძინებელია, სტუდიოს ტიპის სამზარეულოს თავზე. კედლები გახსნილია, ბინა ერთ მთლიან სივრცეშია მოქცეული რვა მეტრის სიმაღლის ჭერით. თანამედროვე სტილშია გაკეთებული, მინიმალისტურად, შუაში გრძელი დივნით და სავარძლებით. სტუმრებიც სწორედ აქ ისხდნენ და სიამოვნებით ისმენდნენ მასპინძლის ამერიკულ ისტორიებს. მხოლოდ ჩხუბისთავს არ ეტყობოდა კეთილგანწყობა. პირიქით, მისი თვალები შავი იყო და ბოღმა იყო მასში. ო, როგორ სძულს, როცა ოთახში სადაც თვითონაა, სხვაზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე მასზე. ის არაა ამას მიჩვეული. არასდროს დადის ისეთ ადგილებში, სადაც პირველი ვერ იქნება. „ნახე ერთი, რა თვალებით უყურებენ ამ გოგოს. - ფიქრობდა თავისთვის, - ვითომ რა დიდი ამბავია ერთი ამ ამერიკაში სწავლა. ნამდვილი ცხოვრება ამერიკაში კი არ ისწავლება. თქვენ ჩემი ისტორიები უნდა მოისმინოთ და მიხვდებით რა როგორაა.“ ამ დროს გადაწყვიტა ყურადღების ცენტრი თავის თავზე გადმოეტანა. შეარჩია მომენტი, როცა ნებიერმა ერთი ამბის მოყოლა დაასრულა და ეგრევე ჩაერთო:

- საინტერესოა ქეთი, მაგრამ შენ იცი სააგენტოში რომ მოვედი პირველად, რა სიტუაცია დამხვდა და მე როგორ შევცვალე? მოიცა, ახლა მოგიყვები... მოკლედ...

- კარგი რა ნიკა, - გააწყვეტინა დეამ. - გოგო რამდენი წელია არ მინახავს. შენი ამბები ხომ ისედაც ყველამ ვიცით. მოდი, დღეს ქეთის დღე იყოს. შენს საგმირო საქმეებს ხვალიდანაც საკმარისად მოისმენს.

ძლივს შეძლო გარიყულმა ყალბი ღიმილის შენარჩუნება მთელი საღამოს განმავლობაში. ხმა საერთოდ აღარ ამოუღია. ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო და კარგად დაფიქრებულიყო მომხდარზე, რადგან ეს დღე საერთოდ არ ჰგავდა წინა დღეებს.


2. ახლა ნახე რაც მოხდება

დღევანდელი დღე, ანუ პარასკევი, კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა, ვიდრე გუშინდელი. დილით, მივიდა თუ არ ნიკა ოფისში, დეამ დაიბარა თავის ოთახში და უთხრა:

- ნიკა, ვიფიქრე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ „ფურფულ“-ის პროექტი გადავაბარო ქეთის. მესმის, რომ გაბრაზდები, შევდივარ შენს მდგომარეობაში, თან ამჟამად მხოლოდ ეს ერთი კლიენტი გყავდა, ვიცი, მაგრამ შენც უნდა შეხვიდე ჩემს მდგომარეობაში, შენ მხოლოდ ლოგოზე მუშაობ, მე კი მთელი კომპანიის რეპუტაციაზე უნდა ვიზრუნო. ის რაც შენ გუშინ გააკეთე, როგორც უყვიროდი იმ ბიჭს, ამის შემდეგ ჯობია იმათთან სხვამ გააგრძელოს ურთიერთობა. ჯერ დანამდვილებით არც ვიცი რა განწყობაზე არიან. მერე უნდა დავურეკო და როგორმე შემოვირიგო.

- შენ რა მეხუმრები?! - უპასუხა მრისხანემ, სკამიდან წამოხტა და აქეთ იქით დაიწყო სიარული. - რას ჰქვია პროექტი გადააბარო?! კი, ნამდვილად გავბრაზდი! აქ ყველამ კარგად იცის, რომ ვეშაპებზე მარტო მე ვმუშაობ. რატომ უნდა გადააბარო ვერ გავიგე? საქმე არც გამოგირკვევია და უკვე „გადაწყვეტილება მიიღე“. ტიპს უნდა მეოცე საუკუნის მოდის ლოგო და იმის მაგივრად, ჩემი მხარე დაიჭირო და დაარწმუნო, რომ დღეს სხვა ტენდენციაა, შენ ადექი და საქმეს ჩამომაშორე. ეგეთი მიდგომა როდის მერე შეიმუშავე? გუშინ შენ მითხარი „ამ ბოლო დროს ძალიან ზედმეტები მოგდის“-ო და დღეს მე გეტყვი, რომ შენ სულ სხვანაირად დაიწყე ჩემთან ლაპარაკი. რა მოხდა? რამე შეიცვალა? რა, მე აღარ ვარ ყველაზე შემოსავლიანი თანამშრომელი? მითხარი! აღარ ვარ საუკეთესო კადრი? ჩემი ჩამნაცვლებელი ხომ არ იპოვე სადმე, ჰა?!

- არა ნიკა, შენ ისევ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, - მშვიდად, თუმცა მკაცრად უპასუხა, - მაგრამ როგორც იცი ჩვენ ქეთიც დაგვემატა, რომელიც ნიუ ორკში და არა მხოლოდ, საკმაოდ წარმატებული ლოგო დიზაინერია და დღეიდან ისიც მხოლოდ ვეშაპებზე იმუშავებს. ასე, რომ მოდი, მე შენ მხარეს დავიჭერ თუ სხვა მხარეს, საქმეს ასე გამოვარკვევ, თუ ისე და ვისთან როგორ შევცვლი ლაპარაკის სტილს, ეგ მე მომანდე, ხოლო ჩვენ, ყველამ ერთად, ჯობია იმაზე ვიზრუნოთ, თუ როგორ ავიყვანოთ კომპანიის წარმატება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე. ახლა კი, ქეთი უკვე აქაა და თავის პირველ შეკვეთას ელოდება, ანუ „ფურფულ“-ის ბრიფს[1], რომელიც შენთანაა და უნდა გადააბარო მას. - და ლეპტოპში განაგრძო ვითომ მუშაობა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საუბარი დამთავრებული იყო.

ნიკაც წამოვიდა თავის მაგიდასთან, დაჯდა და ესკიზების რვეულში დაიწყო ხატვა, ვითომ რაღაც საქმეს აკეთებდა, სინამდვილეში კი გონებაში ათასი აზრი უტრიალებდა. გაახსენდა მთელი გუშინდელი დღე, რომელიც დილით უკვე დავიწყებული ჰქონდა და ის შეგრძნება, რომ აქ რაღაც ხდება, ბევრად უფრო გაუმძაფრდა. ის საქმეს ჩამოაშორეს. მას შემდეგ, რაც თბილისიდან გადმოვიდა ამ ქალაქში ექვსი წლის წინ, ასეთი მარცხი პირველად განიცადა. უფრო სწორად, საერთოდ ცხოვრებაში პირველად აღმოჩნდა წაგებულის სკამზე, თუ არ ჩავთვლით იმ ამბავს, რვა წლის ასაკში რომ შეემთხვა ვაკის პარკში, თუმცა მაშინაც შესძლო მდგომარეობის სათავისოდ შემობრუნება ბაბუის სწორი რჩევის წყალობით. ვითომ აქ მთავრდება ამათი იერიში? თუ, იქნებ კიდევ უმზადებენ რამეს?

- ნიკა შენ გაქვს ხომ ბრიფი? - ფიქრებიდან გამოარკვია ქეთიმ. - თუ მომცემდი, უკვე დავიწყებდი მუშაობას.

- კი, კი, მოიცა ფლეშ მეხსიერებაზე გადავიტან და მოგცემ.

- კარგი. ისე, შეგეძლო პირდაპირ მეილზე გამოგეგზავნა.

- ისე, შემეძლო საერთოდ არ გამომეგზავნა. - ცინიკურად გაუღიმა, - მე რა ვიცი შენს მელზე რამდენ კაცს აქვს წვდომა და შემთხვევით, ამ კონფიდენციალურმა ინფორმაციამ რომ გარეთ გაჟონოს „შენ იცი რა მოხდება? არა, ხვდები საერთოდ?“ - ამ ბოლო სიტყვებით უფროსი გამოაჯავრა.

- ჰო, ჰო, კაი. აუ რა დაძაბა ბიჭმა? - ცინიკურადვე მიუგო. - ზუსტად, ჰაკერები მაზიან და ერთი სული აქვთ რაიმე ხელმოსაჭიდი მივცე, რომ დამაშანტაჟონ.

ბრიფის გადაცემის შემდეგ, ბიჭმა ისევ ჩანახატების კეთება განაგრძო, თან მაინცდამაინც აღარც არაფერზე ფიქრობდა, თუმცა ცოტა ხანში მისი ყურადღება ერთმა გარემოებამ მაინც მიიქცია, კერძოდ იმან, რომ მისი კოლეგები სხვანაირად გამხიარულებულები ჩანდნენ, ყველა რატომღაც ნიუ იორკელთან იყრიდა თავს, რაღაცებს ეკითხებოდნენ, შემდეგ ისევ იშლებოდნენ. ნეტავ რაში იყო საქმე? აი ერთი მათგანი ისევ მივიდა და ჰკითხა: - გოგო, აი შენი რჩევები გავითვალისწინე და ასეთი რაღაც გამომივიდა. შეხედე აბა, რომელი ლოგო უფრო მოგწონს? რომელი დავტოვო? – „ერთი ამას შეხედე, - გაიფიქრა პირველობის მოტრფიალემ. - ეს არ იყო ჯერ კიდევ გუშინ რომ დამდევდა კუდში „ეს როგორ გავაკეთო, ის როგორ გავაკეთო“-ო? ახლა აღარ გჭირდება ნიკა? რაო, ქეთი გყავს უკვე? მეც არ გამიკვირდა რა სიწყნარეა ჩემს მაგიდასთან დღეს-მეთქი? ახლა ვხვდები რაშიცაა საქმე. თურმე გუნდს აღარ ვჭირდები. რაც მე ამათთვის მაქვს გაკეთებული... რა ანგარებიანები ყოფილან. მარა ჯერ სად ხართ? მე ისევ აქ ვარ და ისეთ ამბებს მოვაწყობ, თქვენი ფეხით დამიბრუნდებით მე, ისე, როგორც უძღები შვილი, მამას.“ - ცოტა ხანში ვეღარ აიტანა უყურადღებობა, ამიტომ ადგა და ოფისის მეორე ბოლოში გავიდა, სადაც სამზარეულო, სასადილო და მოსასვენებელი იყო. თავის საყვარელ პუფში ჩაჯდა და გარეთ, სადღაც მიმავალ ღრუბლებს მიაპყრო მზერა. რამდენიმე წუთში ნაბიჯების ხმა გაიგო, მისი თანამშრომლები იყვნენ, ალბათ შესვენებაზე გამოვიდნენ, სასადილოში ერთ მაგიდასთან დასხდნენ, საიდანაც მოსასვენებელი სივრცე თითქმის არ ჩანდა და საუბარი გააბეს:

- გოგო, ეს ქეთი რა მაგარი ტიპია, - თქვა ერთმა. - ყველაფერი იცის რაც ვკითხე. თან ეგრევე გპასუხობს, ნიკას კი არ ჰგავს, ერთ სიტყვას რომ მოგიგდებს და იმასაც დაგამადლის მერე.

- კი, კი, მეც ძალიან მომწონს, - უპასუხა მეორემ. - რაღაც სიმხიარულე შემოიტანა, თორემ იმ ნიკასი ძალიან მეშინია. არ ვიცი რატომ, მარა სულ დაძაბული ვარ, როცა ახლოსაა. დეასაც როგორ ელაპარაკება, თავის ტოლივით. ბიჭებიც ვერაფერს უბედავენ. მე ცოტა ხანია რაც აქ დავიწყე მუშაობა და ვინაა ეგეთი? ასეთი რა აქვს გაკეთებული?

- ვინაა და ერთი ნარცისი ვინმეა. თავისი თავი ჰგონია სამყაროს ცენტრი. არა, საქმე კი იცის, ამას ვერ დაუკარგავ, მარა მის გვერდით, შენ არასდროს არაფერი იცი. რასაც იტყვის, ეგაა კანონი და მორჩა. და შემთხვევით რომ რამე შენიშვნა მისცე... ხუმრობ? შეიძლება... არ ვიცი, ჯობია ეგეთი რამე არ წამოგცდეს. ვერ იტანს ჭკუის სწავლებას. ეგ კი არა, მაგას დირექტორის ადგილის დაკავებაც უნდა. შენ არ იცი და, აქ ისეთები ხდება ხოლმე ხანდახან... აი სულ ეკამათება. რაც არ უნდა თქვას დეამ, ეს სულ საწინააღმდეგოს უმტკიცებს და ეუბნება „შენი გადაწყვეტილებები გრძელვადიან პერიოდში წამგებიანია“-ო. მარა ჩვენი უფროსი მაგას არ შეარჩენს. ნულიდან ააშენა ეს სააგენტო და შვილივით უყვარს. მაგას დაუთმობს ვინმეს? ახლა ნახე რაც მოხდება. ქეთის მოყვანა უბრალო დამთხვევა კი არაა. შემდეგი ნაბიჯი იქნება ნიკას გაშვება სამსახურიდან.

- კაი არ მჯერა. მოიცა შენ რა იცი? დეამ გითხრა?

- ვიცი რაა, შენ რა გინდა. აი ნახავ, ნიკას თუ არ გაისვრიან გარეთ. აბა მაგას რა ეგონა? დედამიწაზე სხვა ადამიანებიც არსებობენ. ყველა გზა მარტო მასთან კი არ მიდის.

ეს იყო ზენიტი. ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა. ეს იყო შეთქმულება. „აი თურმე რაში ყოფილა საქმე, - ფიქრობდა მთლიანად ყურად ქცეული, რომელმაც ყველა სიტყვა კარგად გაიგო, - თავიდან მიშორებენ. გუშინვე უნდა მივმხვდარიყავი. ეს როგორ გამომეპარა. აქამდე ჩემი შემცვლელი არ ჰყავდათ და ამიტომ იყო, რომ ვერაფერს მიბედავდნენ. ახლა კი ქეთი გამოუჩნდათ და ხედავ რა ხდება? ვითომ მარტო დეამ დაგეგმა ყველაფერი? თუ იქნებ მთელმა გუნდმა ერთად? დავიჯერო გაბედავენ და მართლა გამიშვებენ სამსახურიდან? მაგრამ ფაქტები სწორედ ამას მეტყველებს. გუშინ ჩამოვიდა ეს ქეთი და გუშინ დაიწყო ყველაფერი. კი, ნამდვილად მასეა. დეამ ჩემი გადამტერება მოინდომა. ძალიანაც კარგი, გამოწვევა მიღებულია. ცოტა ხანში მიხვდება ვისთან არ ღირდა თამაშის დაწყება. თქვენი გზავნილი გასაგებია, მან მე კანი გამიკაწრა. ახლა მოემზადეთ პასუხისთვის და ის იქნება დამანგრეველი!“ მთელი დანარჩენი დღე მან შეუმჩნევლად დარჩენა არჩია, ცდილობდა თვალში არავის მოხვედროდა, „იქნებ კიდევ მოვკრა ყური რამეს“-ო, თუმცა ახალი აღარაფერი შეუტყვია. რამდენჯერმე ის მომენტიც გაახსენდა, ნარცისად რომ მოიხსენიეს და უკვირდა, ის ხომ ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ კატეგორიას, საათობით რომ უყურებენ ხოლმე საკუთარ სახეს სარკეში, ვერ გაერკვია მასზე ასე რატომ თქვეს, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა „ალბათ ამათმა ტერმინის განმარტება კარგად ვერ გაიგეს“-ო. საღამოს, სამსახურის შემდეგ კი სასწრაფოდ სახლში წავიდა, რათა სამოქმედო გეგმები დაესახა.