დროის მიღმა
0 ხმა

გიორგი მიქაძე
მიქაძე გიორგი, 48 წლის, თბილისი.
განათლებით ეკონომისტი, პროფესიით ტელეჟურნალისტი, მოწოდებით კინორეჟისორი.
15 წელი ვიმუშავე სხვადასხვა ქართულ არხზე. ბოლო 5 წლის განმავლობაში, რომლის ნაწილი უცხოეთში გავატარე, თავი ბევრ განსხვავებულ სფეროსა თუ ამპლუაში გამოვცადე. ახლა ფრილანსერი ვარ და სხვადასხვა სახის შეკვეთებზე ვმუშაობ, მათ შორის ტექსტებზეც.
წერით, რაც თავი მახსოვს, სულ ვწერ. ბავშვობაში წერილების და თავისუფალი თემების წერა მიყვარდა. 22 წლის ასაკში მოთხრობების წერა დავიწყე და მალევე მივიღე ყველაზე ძვირფასი ლიტერატურული ჯილდო, რომელზეც შემეძლო მეოცნება - წერილი ჩემი აწგანსვენებული კუმირის, გურამ დოჩანაშვილისგან. თვალებს არ ვუჯერებდი, ყველაზე მეტად იმის წარმოდგენა გამიჭირდა, როგორ მოხვდა ჩემი ხელნაწერები, რომელიც მეგობარს გავუგზავნე, გურამ დოჩანაშვილთან... ის წერილი ახლაც ზეპირად მახსოვს - სულ ორი აბზაცი იყო, სამაგიეროდ, ჩემთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტისგან... მისი შექება და დალოცვა უდიდესი სტიმული იყო წერისთვის და მეც გავაგრძელე. ჩემმა საყვარელმა მწერალმა კიდევ ერთხელ გამახარა - ჩემი ახალი მოთხრობები, რომლებიც მას უკვე პირადად გავუგზავნე, თავისი ხელით მიიტანა ჟურნალ „ცისკარში“, სადაც დაიბეჭდა კიდეც, მისი თბილი წინასიტყვაობით, 4 მოთხრობა. ეს იყო 2000 წლის მარტში. 2001- ში კიდევ ერთი მოთხრობა დაიბეჭდა „ცისკარში“, 2003 წელს ერთი მოთხრობა ლიტერატურულ გაზეთ„ქომაგში“ და ერთიც (ბოლო), ჟურნალ „შთაბეჭდილებაში“.
ახლა არ ვიცი, მაგრამ მაშინ, 90-ანების ბოლოს, მწერლობით კაცი თავს ვერ ირჩენდა საქართველოში და ხელობად ის პროფესია ავირჩიე, რომელიც თითქოს ყველაზე ახლოს იყო ჩემს მოწოდებასთან. მაგრამ მალევე დავრწმუნდი, რომ ვცდებოდი და რომ მოთხრობა და რეპორტაჟი ორი განსხვავებული პოლუსია. საბოლოოდ, ჟურნალისტიკამ ნელ-ნელა დამაშორა პროზას, ერთმა ჩემთვის ავადსახსენებელმა ლიტერატურულმა კონკურსმა კი, საერთოდ წამართვა (ზედიზედ 3 წელი იმუშავა ამ საკითხზე) წერის სურვილი და სანამ შემოქმედებითი კრიზისი მომიკაკუნებდა, ბოლო მოთხრობით ოფიციალურად დავემშვიდობე კალამს, როგორც მაშინ მეგონა, სამუდამოდ.
მას შემდეგ 17 წელი გავიდა... ამ დროის განმავლობაში მხატვრულ ლიტერატურასთან კავშირი მხოლოდ მკითხველის სტატუსით მქონდა და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისევ დავწერდი რაიმე მხატვრულს, და მითუმეტეს, საბავშვო წიგნს. მაგრამ ცხოვრება ხომ იმითაა საინტერესო, რომ ზოგჯერ წარმოუდგენელი რამეები ხდება...
ამ ნაწარმოების წარმოშობის და შექმნის ისტორია არანაკლედ ფანტასტიკურია, ვიდრე მასში აღწერილი ამბები... მაგრამ, ეს ცალკე ისტორიაა, სიტყვა კი ისედაც გამიგრძელდა... უბრალოდ ვიტყვი, რომ მე სამყაროს მივენდე, მან კი კალამი მომაწოდა...
და ბოლოს... წარმატებას ვუსურვებ ყველა კონკურსანტს, თქვენ კი მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომელსაც დამწყებ ავტორებს აძლევთ.
„მაგიური პორტალი“ პირველი წიგნია საბავშვო ფენტეზის ჟანრის ნაწარმოებისა, რომელსაც „დროის მიღმა“ ეწოდება. ამბავი მოგვითხრობს 13 წლის ინგლისელ გოგონაზე. ალისა სთოუნს ბედმა არგუნა, კეროლის ალისას სულიერი მემკვიდრე გამხდარიყო და მასავით დაუჯერებელი თავგადასავლები გადახდენოდა თავს. ალისა პორტალს აღმოაჩენს და მისი მეშვეობით სხვადასხვა პლანეტებზე მოგზაურობს. აღსანიშნავია, რომ პორტალის ჯადოსნური კანონებით, დედამიწაზე ალისას არყოფნისას, დრო ჩერდება (ეს საკვანძო დეტალი, რომელიც სახელწოდებაშიც აისახა, გმირსაც და ავტორსაც, დამატებით შესაძლებლობებს აძლევს).
ავტორი შეეცადა, ამბავი საინტერესო და დინამიკური გამოსულიყო, თუმცა, სიუჟეტის სიმძაფრეზე მეტად, აქცენტები ადამიანურ (და ჰუმანოიდურ) ემოციებზე და ზოგად სულიერ ფასეულობებზე კეთდება. შესაბამისად, ალისა, მისაბაძი მაგალითია პირველ რიგში მისი ადამიანური ღირსებების და არა მხოლოდ შეუპოვრობის ან მოსაზრებულობის გამო.
ნაწარმოებთან დაკავშირებით ასევე ვიტყვი (იმედია, ძალიან ხმამაღლა არ გამომივა), რომ „დროის მიღმა“, გარკვეულ წილად, ეზოთერიკული ზღაპარია, რადგან მასში ჩადებულია ეზოთერიკული ცოდნა სამყაროს ზოგადი მოწყობის შესახებ. გმირი განუწყვეტლივ იყენებს ე.წ. „მიზიდულობის კანონს“ და ცდილობს, რაც შეიძლება ხშირად იგრძნოს ყველაზე მაღალი ვიბრაცია - მადლიერება.
მარკეტინგული მოსაზრებით, ნაწარმოები წიგნებად დაყოფილია ე.წ. „სერიალის პრინციპით“ ანუ, კი არ სრულდება ამბავთან ერთად, არამედ წყდება ყველაზე საინტერესო ადგილას, რათა განახლდეს შემდეგ წიგნში. პირველ წიგნში აღწერილია ალისას მოგზაურობა პირველ ორ პლანეტაზე, მესამე პლანეტაზე ამბავი წყდება.
წიგნის სამიზნე აუდიტორიის ასაკი - საშუალოდ, 8-15 წელი.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური