ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დროის მიღმა

დროის მიღმა

ვუძღვნი ჩემს შვილებს - ნატალის და ნიკოლოზს,

                                                                                                   ვისურვებდი, ისევე იამაყოთ ჩემით, როგორც მე თქვენით...

 

 

წიგნი I

 მაგიური პორტალი

თავი I

დაბადების დღე კარანტინში

 

ჩვენი ისტორია, 2020 წლის 31 მაისს, გვიან საღამოს, ლონდონში იწყება. ჩვეულზე მოწყენილი ნისლი ეფინა ქალაქს, თან ცრიდა - წვრილად, უხალისოდ. კაცის ჭაჭანება არ იყო ქუჩებში, კოვენტ-გარდენიც კი ჩამკვდარიყო, ასეთ ხალვათობას ლონდონი საუკუნეზე მეტია არ მოსწრებია - ჯეკ-მფატრავზე საშიში ვინმე დაწანწალებდა ქუჩებში... კოვიდ 19 ერქვა ამ უბედურებას და მისი შიშით მთელი პლანეტა ისევე იყო ტერორიზებული, როგორც გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი.

კანტი-კუნტად განათებული ფანჯრების მიღმაც, მასზე ბჭობდნენ და დავობდნენ, სისხლისმსმელ მონსტრზე, რომელმაც უკვე მილიონობით ადამიანი შეიწირა... სთოუნების სამზარეულოში საგანგებო თათბირი მიმდინარეობდა. ხუმრობა საქმეა?! 1 ივნისი ბავშვთა საერთაშორისო დღესთან ერთად, მათი ქალიშვილის, ალისას დაბადების დღეც იყო... თანაც, ის, არც მეტი და არც ნაკლები, 13 წლის ხდებოდა! იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ალისა - ერთადერთი და საამაყო ქალიშვილი - ხასიათით ჭირვეული პრინცესა იყო, მკითხველისთვის, ალბათ, გასაგები გახდება წყვილის ნერვიულობის მიზეზი, რაც, ძირითადად, ჰარის ბოლთის ცემაში და ხმამაღლა ფიქრში გამოიხატებოდა. ჯეინი არანაკლებ აქტიურად ფიქრობდა, ოღონდ თავისთვის, თან ჰარის მონოლოგს უგდებდა ყურს.

- ყველაფერს ბედი არ უნდა?! რამდენ რამეს ვგეგმავდით, რამდენ წელიწადს ვაპირებდით პიკნიკს მთელს კლასთან ერთად?! ფრანის გაშვებას, ცხენით ჯირითს?- ეშმაკმა დასწყევლოს ეს კოვიდიც და მისი მომგონ-გამომგონებელიც! - ჰარი გაცხარდა, წამოწითლდა კიდეც სახეზე.

 - დამშვიდდი საყვარელო, არა მგონია, წყევლამ რამეს უშველოს. მოდი, უბრალოდ მოვიკრიბოთ ყველა რესურსი, ყველაფერი, რითაც შეიძლება ჩვენი გოგონა გავახაროთ. ნივთებით ან ტანსაცმლით რომ შეიძლებოდეს ამ საქმის მოგვარება, ბუნებრივია, საქმე გაგვიადვილდებოდა, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ ალისა განსაკუთრებულია და მისი გახარება მხოლოდ განსაკუთრებული საჩუქრებით შეიძლება.

- გამარჯობა შენი! საქმე სწორედ მაგაშია, რომ არანაირი განსაკუთრებული საჩუქრები არ გვაქვს! ერთადერთი და ყველაზე ორიგინალური რაც მოვიფიქრე ესაა... ვფიქრობ, მოეწონება, მაგრამ აღფრთოვანების იმედი ნამდვილად არ მაქვს - ჰარიმ სიყვარულით გაიღიმა - ის ხომ პრინცესაა... იყო ანუ, დაბადებამდე...

- აირწინაღი? - ჯეინმა სიცილით ტაში შემოკრა.

 - ბრავო ჰარი! არ გეწყინოს, მაგრამ შენგან არ ველოდი ასეთ კრეატივს... დარწმუნებული ვარ, ალისას მოეწონება და აუცილებლად გამოიყენებს. სად პირბადე ან რესპირატორი და სად აირწინაღი! სულ სხვა სტატუსია!

წყვილმა გაიცინა. კმაყოფილი ჰარი, ცოტა დამშვიდდა და უკვე კმაყოფილი ათვალიერებდა აირწინაღს.

- პატარა ზომა შევუკვეთე, მგონი კარგად ექნება - მერე ცოლს შეხედა ინტერესით - შენ რა საჩუქარი გაქვს, ასე მშვიდად რომ ხარ?

ჯეინმა გაიღიმა - არ გეწყინოს ჰარი, შენი საჩუქარი მართლა ორიგინალურია და იქნებ პრაქტიკულიც, მაგრამ ჩემი საჩუქარი უბრალოდ ჯადოსნურია...

- წიგნი, არა? როგორ დამავიწყდა?! - ჰარის მოულოდნელად სახე შეეცვალა და ისევ შფოთი შეერია ხმაში - მუხლუხო დაგავიწყდა? მაგის შიშით საერთოდ რომ არ წაიკითხოს? ხომ იცი, მისი და მუხლუხოების ურთიერთობის ამბავი?

- მაგაზე არ იდარდო,როგორც სენსეიმ ასწავლა, ყველა სხვა შიშთან ერთად, მუხლუხოების შიშიც დაძლია, - ჯეინს ეღიმება - ალისა „სთოუნია“, როგორც თვითონ ამბობს და არა „ქეიქი“... ვამაყობ ჩვენი გოგოთი, მართლა მაგარი ვინმეა.

- გეთანხმები - ჰარიც იღიმება, მერე ფიქრიანად ამატებს - ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, წარმოიდგინე 5 წლის შემდეგ რას იზამს...

- ზოგჯერ წარმოდგენაც მეშინია - კისკისებს ჯეინი - მართლა, ტორტზე რა ვქნათ, შევუტანოთ თორმეტზე?

- ჰო აბა? ეს ხომ ტრადიციაა?! -ჰარი აღელდა კიდეც.

- ვიცი ძვირფასო, მაგრამ მომეჩვენა, რომ საღამოს ალისა ვერ იყო თითქოს სადღესასწაულო განწყობაზე... ვახშმის შემდეგ არც გამოსულა თავის ოთახიდან, იქნებ არ არის მილოცვების მიღების ხასიათზე?

- იქნებ დაიძინა 12 საათამდე?

- კარგი რა ჰარი, არ იცნობ საკუთარ ქალიშვილს?! საკუთარი დაბადების დღის დადგომას არაფრით გააცდენს. უბრალოდ, თუ ვერ იქნა ხასიათზე და მარტოობა ურჩევნია, არ გამოვა კონტაქტზე.

- იცი რას ვფიქრობ გამუდმებით? ვის ჰგავს ასეთი უცნაური? საიდან აქვს ეს მოწოდებები და მისიები? ან ყველა ბავშვის დამცველი როგორ შეიძლება იყოს პატარა გოგონა? მხოლოდ იმიტომ, რომ 1 ივნისს დაიბადა?

- რა თქმა უნდა, არა, ის, უბრალოდ სიკეთის ფარია, ბავშვების დაცვა კი მისი ერთ-ერთი კარმული დავალება... 

- ვიცი ჰო... კიდევ, პრინცესა იყო წარსულ ცხოვრებაში, თანაც სულ სხვა პლანეტაზე - ჰარიმ სიყვარულით გაიღიმა - რა მდიდარი ფანტაზია აქვს.

- ისეთ საოცარ დეტალებს იხსენებს ხოლმე, შიგადაშიგ მჯერა კიდეც - გაიცინა ჯეინმა.

- გინდა სიმართლე? მეც! - აჰყვა ჰარიც სიცილით, მერე საათს შეხედა და ისევ დაიძაბა.

- აბა, რას ვაპირებთ? 12 ხდება.

- მოდი, უბრალოდ მივიდეთ კარებთან, თუ ღვიძავს გაიგებს და ჩვენც გაგვაგებინებს... თუ არადა, გაიტრუნება-ჯეინს გაეღიმა,- რაც იმას ნიშნავს, რომ ურჩევნია, ხვალ მივულოცოთ.

- რაციონალიზმის დედა ხარ ჩემს თვალში- გაუღიმა ცოლს ჰარიმ - შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა ამ ცხოვრებაში?

ამასობაში ალისას კარს მიუახლოვდნენ...

- ეხლა ჩვენ უნდა გავისუსოთ - ჩურჩულზე გადავიდა ჯეინი - თუ ღვიძავს და ჩვენ ნახვასაც ინებებს, გვანიშნებს რაიმე ხმაურით.

წყვილი დაძაბული ღიმილით ერთმანეთს მიაჩერდა. ჰარიმ ყურიც მიადო კარს, მერე მოშორდა და ჩურჩულით დაამატა - პრინცესა მნახველებს არ ღებულობს...

- იმედი ვიქონიოთ - უკვე ხმამაღლა უპასუხა ჯეინმა, როცა საძინებელში დაბრუნდნენ - ჩვენს პრინცესას მართლა ჩაეძინა და ხვალ ბედნიერი გაიღვიძებს - მერე ღიმილით დაამატა - სენსეიმ უკვე ასწავლა თურმე, როგორ მართოს საკუთარი განწყობა... იცოდი?

- კი, მეც მითხრა, აფირმაცია ქვიაო, მგონი - გაიღიმა ჰარიმ.

- ყოჩაღ მამა! ვამაყობ შენით! - ჯეინმა ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ქმარს.

 მას შემდეგ, რაც სთოუნების ფეხის ხმა მიწყდა, კიდევ კარგა ხანი გავიდა, ვიდრე ალისა გაინძრეოდა. მაგრამ მას არ ეძინა - ხალიჩაზე იჯდა ლოტოსის პოზაში, თვალდახუჭული. გრძელი ქერა თმა ჰქონდა, ოდნავ ტალღოვანი. საკუთარი განწყობისთვის ვარცხნილობის შეხამება, მისი ნამდვილი ჰობი იყო. ჩაცმულობას დაუდევრად ეკიდებოდა - მთავარია მოხერხებულად ყოფილიყო - აი, ვარცხნილობა კი, მისი თვითგამოხატვის საშუალება იყო და ვინც ალისას კარგად იცნობდა, შორიდანვე შეეძლო მიმხვდარიყო, რა გუნებაზე იყო.

მოცემულ მომენტში, თმები კეფაზე ჩხირით ჰქონდა შეკრული, რასაც ფიქრის და კონცენტრირების დროს აკეთებდა. თვალები (გარდამავალი ფერის ჰქონდა - ქამელეონიო, თვითონ ასე ეძახდა) გაახილა თუ არა, პირველი, კედელზე ჩამოკიდებული საათი მოძებნა მზერით - 00:03 იყო.

- დაბადების დღეს გილოცავ ალისა! - წარმოთქვა ხმამაღლა - შენ 13 წლის გახდი, უკვე მართლა დიდი გოგო ხარ... დროა, ყველა ბავშვური სისუსტე, ყველა შიში - სიბნელის იქნება ეს თუ მუხლუხოების, წარსულში დატოვო... სულ გახსოვდეს, რომ შენ სთოუნი ხარ გვარად და არა ქეიქი... შენ საკუთარი განწყობის მართვაც შეგიძლია, გაიხსენე სენსეი - რასაც უმეორეობ საკუთარ თავს, მარტო შენ კი არა, მთელი სამყაროც იჯერებსო... მე მჯერა, რომ ჩემი მეცამეტე დაბადების დღე ყველაზე განსაკუთრებული და ბედნიერი იქნება, მათ შორის რაც აქამდე მქონია, შარშანდელის ჩათვლით - აქ ალისამ მის წინ მდგარ მრგვალ აკვარიუმში ზღვის ცხენები მოძებნა მზერით - მაპატიე ტინკი, შენც მაპატიე ვინკი... მართლა ძალიან დიდი ბედნიერება მაჩუქეთ და მჩუქნით ყოველ დღე. მომწონს თქვენზე ზრუნვა, მიყვარს თქვენი ყურება... მაგრამ, რაღაც ახალი მჭირდება, უფრო უჩვეულო და საინტერესო... მოიცა, კარგად ჩამოვაყალიბო საკუთარი სურვილი, რომ სამყაროში მკაფიო გზავნილი წავიდეს... მოკლედ, მინდა... ბედნიერი დაბადების დღე, ჯადოსნური საჩუქრებით... რატომაც არა? მე ხომ მჯერა სასწაულების ? - ტინკი! ვინკი! გესმით? მე მჯერა სასწაულების და ხვალ ბედნიერი დღე უნდა გავითენო... სულ ფეხებზე მკიდია კარანტინიც და ამინდიც... ხვალ, ბედნიერი დღე იქნება... ხვალ, ჯადოსნურ საჩუქრებს მივიღებ... ხვალ, ბედნიერი დღე იქნება... ხვალ, ჯადოსნურ საჩუქრებს მივიღებ... ხვალ...

 

თავი II

ჯადოსნური საჩუქრები

 

მეორე დილით, ყველაზე ადრე ოჯახში სწორედ იუბილარმა გაიღვიძა. თვალები გაახილა თუ არა, სანამ გამოფხიზლდებოდა, ისევ გაუმეორა თავს, რომ დღეს განსაკუთრებული დღე იყო. მერე წამოდგა და ხმაურით გაეშურა საპირფარეშოსკენ, რითაც თან მშობლები გააღვიძა, თან დრო მისცა მათ, მოლოცვისთვის მომზადებულიყვნენ. გამოუფხიზლებელზე ჰარი მართლა ფეთიანობდა, ჯერ სანთებელა ვერ მოძებნა, ტორტზე სანთლის ასანთებლად, მერე თითები დაიწვა...

ჯეინი თავის ამპლუაში იყო - სიმშვიდეს არ კარგავდა და საქმიან რჩევებს აძლევდა ჰარის, რომელიც ამას ნამდვილად საჭიროებდა. ამ დილით საკუთარი საჩუქარი განსაკუთრებით უბადრუკი ეჩვენა.

- წიგნის იმედი მაქვს ძვირფასო, თორემ ტორტმა და აირწინაღმა არა მგონია საქმეს უშველოს - გადაუჩურჩულა ცოლს, თან საპირფარეშოს კარს არ აცილებდა თვალს.

- ნუ ღელავ, წიგნმა თუ არ გაჭრა, კიდევ ერთი საჩუქარი მოვიფიქრე, ასე ვთქვათ, გეგმა „ბე“.

- როდის მოასწარი?

- დაძინებამდე - გაუღიმა ჯეინმა.

- გენიოსი ხარ, სულ ვაღიარებდი - გაუღიმა ჰარიმ, მერე ხმაში თვითკმაყოფილება შეერია - შენსავით საზრიანი არ ვარ, მაგრამ ამ წუთას მუზა მეწვია, თანაც ისეთი წარმატებული, ლამის ვიყვირო - „ევრიკა“!

- გილოცავ, ახლა შეგიძლია ცოტა მოეშვა და გაიღიმო კიდეც...

სანთლები უკვე სანახევროდ ჩაიწვა და ჰარიც ისევ ანერვიულდა, როცა სააბაზანოს კარი გაიღო და იუბილარი გამოჩნდა. მშობლები გაიბადრნენ - ალისას თმები გაშლილი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კარგ განწყობაზე იყო. ჰარის კიდევ ერთი, მიზეზი ჰქონდა სიხარულისთვის, ალისას მისი ნაჩუქარი შავ-თეთრი კიმონო ეცვა, ზურგზე ინისა და იანის სიმბოლოთი. თავისი ასაკისთვის მაღალი ეთქმოდა ალისას, დედასავით მოხდენილი სხეული ჰქონდა, მაგრამ მასავით ნაზი და სიფრიფანა არ იყო - სხეულს ფიზიკური ვარჯიშის კვალი ეტყობოდა. მშობლების სადღესასწაულო სიმღერას ღიმილით მოუსმინა, მერე ღონიერი ამოსუნთქვით ჩააქრო ცამეტივე სანთელი.

- გილოცავ ალის, ჩემო ტკბილო გოგო, არც კი მჯერა, რომ უკვე ცამეტის ხარ - ჰარის გულიც კი აუჩვილდა - რა სწრაფად გადის დრო- ოხვრით დააყოლა შემდეგ.

- მგონი, ყველაზე ნაკლებად შესაფერისი დროა ნოსტალგიური შენიშვნებისთვის - გაუღიმა მეუღლეს ჯეინმა.

- გილოცავ, პრინცესა! ჩემთვის ბავშვი, კარგა ხანია აღარ გქვია, მაგრამ ახლა ოფიციალურად გახდი მოზარდი. მეტი უფლებები და შესაძლებლობები გექნება, თუმცა, პასუხისმგებლობა და მოვალეობებიც გაიზრდება, შესაბამისად... მინდა, რომ დატკბე შენი ბედნიერი ასაკით... გახსოვდეს, დღეს შენი დღეა, მიუხედავად იმისა, რაც ხდება პლანეტა დედამიწაზე...

- დედაშენი მართალია, ალის... ძალიან რთული პერიოდი დაემთხვა შენს დაბადების დღეს, კარანტინის პირობებში, ვიწრო ოჯახურ წრეში უნდა აღვნიშნოთ დღესასწაული, მაგრამ გულს ნუ გავიტეხთ და ოპტიმიზმით შევხედოთ მომავალს... გპირდები, რომ ყველა ღონისძიება, რომელსაც ვგეგმავდით, შენს მომავალ დაბადების დღეზე შესრულდება - ჰარიმ ალისას თვალი მოარიდა და დაფაცურდა - მანამდე კი, მიიღე საჩუქრები, რომელიც მე და დედაშენმა მოგიმზადეთ, გვაპატიე, თუ ისინი ძალიან მოკრძალებულად მოგეჩვენება. ჰარიმ ნაძალადევად გაიღიმა და ალისას სასაჩუქრედ შეფუთული აირწინაღი გაუწოდა. ალისამ აუჩქარებლად გახსნა საჩუქარი, მერე ხმამაღლა გადაიკისკისა.

- აიწინაღი?! წარმომიდგენია, რა სახეები ექნებათ ბავშვებს ჩემს დანახვაზე... ისედაც თეთრ ყვავს მეძახიან - ალისამ აირწინაღის მოსაზომებლად სარკისკენ გასწია... ჰარის ყბა მოენგრა, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია და საცოდავად გაიღიმა. ჯეინმა სწრაფად აუღო ალღო სიტუაციას, ჯერ ჰარი გაამხნევა ღიმილით და თავის საჩუქარზე ანიშნა თვალით, რომელიც ხელში ეჭირა, შემდეგ იუბილარისკენ გაემართა - ამ უკანაკნელს უკვე მოერგო აირწინაღი და საკუთარ ორეულს სარკეში ათვალიერებდა.

- გიხდება-მეთქი, არ გეტყვი - გაუღიმა სარკეში ქალიშვილს - მაგრამ ჩემი აზრით, ნამდვილად ეფექტურია, არა მარტო დანიშნულებისამებრ, არამედ ვიზუალურადაც... და, რაც მთავარია, ორიგინალურია... არა?

- კი, ორიგინალური ნამდვილად არის - უხალისოდ უპასუხა ალისამ და აირწინაღი მოიხსნა - ვიზუალურ ეფექტურობაშიც გეთანხმები, თუმცა ვისაც საჭიროა, უკვე ეშინია ჩემი - უკვე გულიანად გაიღიმა და დედას თვალი ჩაუკრა.

- რას ამბობ შვილო, რისთვის არის საჭირო, რომ შენი ეშინოდეთ? - გამოერკვა ჰარი და შვილს შეშფოთებული დააცქერდა.

- იმისთვის, რომ ჩემი პირადი სივრცე და თავისუფლება დავიცვა... ამიტომაც მოვინდომე თაი-ჩიზე სიარული და არა ჩოგბურთზე ან ციგურაობაზე, როგორც თქვენ მირჩევდით.

- პირადი სივრცისა და თავისუფლების დაცვა ვისგან გიხდება? - ფრთხილად ჩაეკითხა ჰარი შვილს და სკამზე უღონოდ დაეშვა.

- ზოგ-ზოგიერთი სუბიექტისგან, ძირითადად ბიჭებისგან... თუმცა გამონაკლისებიც არსებობს - გაიღიმა ალისამ.

- ვაი, ვაი! რეები მესმის! - ჯეინ, შენ იცოდი ამ ყველაფრის შესახებ?

- დამშვიდდი ჰარი, არ ღირს ბუზისგან აქლემის შექმნა, მსგავს სირთულეებს, რაღაც ასაკიდან ყველა გოგონა აწყდება, თუ ის გარეგნულად მომხიბვლელია... მთავარია, საკადრისი პასუხის გაცემა გეხერხებოდეს - ახლა ჯეინმა ჩაუკრა თვალი ქალიშვილს.

- იცი ალის, რა მაინტერესებს - გამოერკვა ჰარი და შვილს თვალებში ჩააცქერდა ღიმილით - რატომ თაი-ჩი და არა, ბოქსი ან კარატე? ისინი უფრო ეფექტურად არ ალეწენ თავ-პირს მეტოქეებს?

მიუხედავად მამის ხუმრობანარევი ტონისა, ალისამ სრული სერიოზულობით უპასუხა, ისე დალაგებულად, ეტყობა ან საკითხზე ბევრი ჰქონდა ნაფიქრი.

- ძლიერება სიმშვიდეშია... როცა ბრაზდები, შენ უკვე დამარცხებული ხარ... სენ-სეისგან, პირველ რიგში, საკუთარი ემოციების კონტროლს ვსწავლობ. თითქმის ყველა საბრძოლო ხელოვნება, ძალისმიერი, ხისტი და აგრესიულია, თაი-ჩი სულ სხვაა, ჰარმონიისა და სირბილისკენ ისწრაფვის, სიმშვიდეს მასწავლის... და კიდევ, ერთი დიდი პლიუსი თაი-ჩის სასარგებლოდ, ის არა მარტო ფიზიკური სხეულის, არამედ სხვა ენერგეტიკული სხეულების განვითარების შესაძლებლობასაც იძლევა... მედიტაცია, ასტრალურ სამყაროში მიმავალი გზაა... ამ ეტაპზე, მე მხოლოდ კარიბჭესთან ვდგავარ... - ბოლო წინადადება ალისამ, თვალდახუჭულმა წარმოსთქვა. შემდეგ თვალები გაახილა და მშობლებს მომღიმარე სახით დააცქერდა. ქალიშვილის მონოლოგის შემდეგ, ეს უკანასკნელნი, მართლაც ღირდნენ სანახავად - ჯეინსაც კი ეტყობოდა გაოცება, ჰარი კი უბრალოდ შოკში იყო - უმწეო, შეშინებული მზერით, ხან ცოლს უყურებდა ხან ქალიშვილს. პირველი, ისევ ჯეინი გამოერკვა.

- ბრავო, ალის! ვამაყობ შენით - და ქალიშვილს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.

- მე საერთოდ ფანი ვარ, დიდი ხანია - როგორც იქნა, ჰარისაც დაუბრუნდა მეტყველების უნარი - მაგრამ წეღან მომეჩვენა რომ ჩემთვის უცნობ, ზრდასრულ გოგონას ვუსმენდი.

- ალისა უკვე დიდი გოგოა და სწორედ ამიტომ, დროა, ჯადოსნური საჩუქარი მიიღოს.

    ჯეინმა იდუმალი ღიმილით გაუწოდა ქალიშვილს სასაჩუქრე ფუთა. „ჯადოსნური საჩუქრის“ გაგონებაზე ალისას სხეულში ბედნიერების ჟრუანტელმა დაუარა... მაგრამ როგორც კი საჩუქარი აიღო ხელში, ფორმით და წონით მიხვდა, რომ წიგნი იყო. თავის თანატოლებისგან განსხვავებით, ალისასკითხვა უყვარდა, ოღონდ წიგნის სიყვარული არ ჰქონია - მეტი მოხერხებულობისთვის ინტერნეტ-სივრცეში ეძებდა მისთვის საინტერესო ლიტერატურას. ამიტომ, საჩუქრის გახსნა უკვე გულდაწყვეტილმა დაიწყო, თუმცა ყოველნაირად შეეცადა, რომ დედას იმედგაცრუება არ შეემჩნია. ჯეინი გამომცდელად აკვირდებოდა ქალიშვილს, როგორც ყველა დედა, ის ყველაზე უკეთ იცნობდა თავის პირმშოს.

- „ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“?! სახელი თითქოს მეცნობა, მაგრამ ისტორია საერთოდ არ მახსოვს... არადა, ჩემი სეხნიას ამბავი როგორ დამავიწყდებოდა?!

- მინდა გითხრა, რომ ეგ გოგონა მარტო სეხნია არ არის შენი... ბევრად უფრო შინაურია - გაუღიმა ჯეინმა ქალიშვილს.

- ბევრად შინაური? - ალისას მართლა ძალიან გაუკვირდა და დედას მიაპყრო დაბნეული მზერა. ჯეინი მალულად ტკბებოდა ეფექტით

- დიახ, ბევრად შინაური... სულ მცირე, სულიერი და - იდუმალი ღიმილით გაუსწორა დაბნეულ შვილს მზერა. „რა ლამაზი თვალები აქვს, ჩემს სიხარულს - როგორი სუფთა და ღრმა“...

- სულიერი და?! რაღაცას მასულელებ ხო? - ალისამ ისეთი გამომეტყველება მიიღო თითქოს გაბრაზდა, არადა სული ელეოდა ინტერესისგან.

- არა, არ გასულელებ, ჩემო კარგო - გაუღიმა ჯეინმა ქალიშვილს - აი, როგორ იყო ეს ამბავი... ზუსტად შენს ასაკში ვიყავი, როცა დედაჩემმა ეს წიგნი დაბადების დღეზე მაჩუქა... 25 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ დღევანდელი დღესავით მახსოვს, როცა ამ წიგნს პირველად შევეხე, რაღაც უჩვეულო ვიგრძენი - ალბათ, იმ სიტყვების გამო, რომლებიც დედამ მითხრა მაშინ „ჯეინ, ეს ოთხკუთხა საგანი, მხოლოდ ერთი შეხედვით ჰგავს ჩვეულებრივ წიგნს, სინამდვილეში კი ჯადოსნური ნივთია - ზღაპრული სამყარო, რომელშიც შეგიძლია იმოგზაურო“, არ ვიცი, დედის სიტყვების გავლენა იყო, თუ საკუთარი მოლოდინის მატერიალიზაცია, მაგრამ მე ამ ზღაპარში მართლა ვიცხოვრე - რამდენიმე დღე - ბედნიერი საათები და წუთები, რომლებიც მინდოდა არასდროს დასრულებულიყო... ბოლოს უკვე შეგნებულად ნელა ვკითხულობდი და ვიზოგავდი ბედნიერების წუთებს - ნოსტალგიური ღიმილით დაასრულა მოგონება ჯეინმა და მზერით წარსულიდან აწმყოში დაბრუნდა.

- მერე? - ალისას ხმაში აშკარა დაინტერესება იგრძნობოდა.

- მერე, ისე შევედი ზღაპარში და ისე მომინდა ალისას ადგილზე ყოფნა, ისე... რომ მაშინვე გადავწყვიტე, რომ თუ გოგო მეყოლებოდა, აუცილებლად ალისას დავარქმევდი - სიყვარულით გაუღიმა ჯეინმა ქალიშვილს - და ახლა, ჩემს გოგოს ალისა ჰქვია და მსოფლიოში ყველა ალისაზე უშიშარი, საზრიანი და შეუპოვარია...

ალისამაც გაუღიმა, მაგრამ იქვე რაღაც გაახსენდა და კოპები შეკრა - და აქამდე რატომ მიმალავდი, ჯადოსნურ წიგნს და დაიკოს? პანდემიის და შავი დღისთვის გქონდა გადანახული?

- მართალი გითხრა, შარშანდელ დაბადების დღემდე შეგნებულად გიმალავდი ამ წიგნს, ჯერ ერთი, მზად არ არ იყავი ყველაფრის ბოლომდე აღსაქმელად და მეორეც, ჯერ კიდევ გეშინოდა მუხლუხოების...

- მუხლუხო რა შუაშია - უსიამოვნოდ შეიშმუშნა ალისა, მერე მიხვდა და ფრთხილად დაეკითხა დედას - ამ წიგნში მუხლუხო ცხოვრობს?

- კი... მართალია, ცოტა უკმეხი ვინმე ბრძანდება, მაგრამ საშიში საერთოდ არ არის, უფრო სასაცილო ეთქმის... ჩემი აზრით, სიმპათიურიც კია.

- „სიმპათიური მუხლუხო“ დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც „საყვარელი ვირუსი“ - დედა -შვილთან ერთად ჰარიმაც გაიცინა, აქამდე ცოლ-შვილის დიალოგს გაფაციცებით უგდებდა ყურს.

- გეთანხმები, რომ ზღაპრულისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი მუხლუხოები არც ისე სიმპათიურები არიან, ისევე როგორც ჭიები, მატლები და ასე შემდეგ. მწერები იშვიათად არიან სიმპათიურები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი საშიშები არიან. პრობლემა მათ მიმართ შიშშია და არა თავად მათში.

- ვიცი დედა... მე უკვე ვსწავლობ სათითაოდ გავუშვა ყველა შიში, იმიტომ რომ ყოველი მათგანი ბორკილია, რომელიც თავისუფლებას მართმევს.

- იცი, რა მაინტერესებს, ალის? არ გეწყინოს ოღონდ, კაი? ალისამ თავი დაუქნია ღიმილით. - თამამად მამა, სიტყვის თავისუფლება კონსტიტუციით გაქვს მონიჭებული - სამივემ გაიცინა.

- კარგი, მაშინ გავკადნიერდები და ვიკითხავ, ეს ჭკვიანი ფრაზები საიდან მოგაქვს, შენით იგონებ თუ? - ჰარი უხერხულად დადუმდა.

- რადგან გულწრფელად დაინტერესდი, მეც გულწრფელად გიპასუხებ - მშვიდად დაიწყო ალისამ, ცოდნის დიდი ნაწილი სენ-სეისგან მივიღე, ნაწილი ინტერნეტ რესურსებიდან, უბრალოდ ინფორმაციის ინტეგრირება მოვახდინე - ღიმილით დაასრულა ალისამ და დედას თვალი ჩაუკრა.

- რადგან ასეთი კარგი გოგო ხარ, ჩემგან ბონუსად ერთი საჩუქარი კიდევ გერგება - ჰარიმ სიყვარულით გაუღიმა ალისას - მით უმეტეს, რომ აირწინაღით, აღფრთოვანებული არ დარჩი.

- არა, რატომ? მართლა ორიგინალურია...

- შეიძლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს საჩუქარი ბევრად ორიგინალური იქნება - ჰარიმ მეუღლეზე გადაიტანა მზერა, ჯეინი მაშინვე მიუხვდა და მოწონების ნიშნად თავი დაუქნია.

- და რა საჩუქარია ეს, ბონუსური და აიწინაღზე ორიგინალური? - კმაყოფილი ღიმილით იკითხა ალისამ და მამას მოლოდინით დააშტერდა.

- შენ თვითონ გადაწყვიტე... ნებისმიერი საგანი თუ ნივთი, რომელსაც ინებებ, პრინცესა...

- ნებისმიერი რამ? - ჩაეკითხა ალისა.

- რასაც კი ჩემი საფულე გაწვდება - თვალი ჩაუკრა ჰარიმ, მერე სიცილით დაამატა - მწამს და მჯერა, რომ არ გააკოტრებ მშობელ მამას...

- და... ფასი რომ მისაღები იყოს, შენი საფულისთვის - ეშმაკურად გაუღიმა ალისამ მამას - სხვა არანაირი დაბრკოლება არ იარსებებს საჩუქრის მისაღებად?

- სხვა რა დაბრკოლება უნდა იყოს, ფინანსების და ამ წყეული ვირუსის გარდა? - გაუკვირდა ჰარის.

- მაგალითად, შენი კეთილი ნება...

- მინდა შეგახსენო, ჩემო საყვარელო - ჰარი ოდნავ ნაწყენი ჩანდა - რომ ეს ბონუსური საჩუქარი, სწორედაც რომ ჩემი კეთილი ნების გამოხატულებაა და უკან რატომ დავიხევ?!

- რატომ და... იქნებ იმის გამო, რასაც სტერეოტიპულ დოგმებს ეძახიან - გაიღიმა ალისამ და დედას შეხედა. ჯეინი საუბარში შეგნებულად არ ჩარეულა, ყურადღებით უსმენდა მამა შვილის დიალოგს.

- რაო, სტერეოტიპული დოგმებიო? ანუ რა გამოდის? სტერეოტიპების ტყვეობაში ვარ?! ასეა, ჯეინ? - აღშფოთების ზღვარზე მისულმა, ჰარიმ საშველად ისევ მეუღლეს უხმო.

- დამშვიდდი ძვირფასო, რა თქმა უნდა, არა... და ამას დაამტკიცებ კიდეც...

- დიახაც, დავამტკიცებ, თან ახლავე... მერე ნახევრად ხუმრობით, ცერემონიულად დაამატა - გაახმოვანეთ თქვენი სურვილი, პრინცესა...

- მპირდები, რომ ნებისმიერ სურვილს შემისრულებ, თუ ეს მხოლოდ შენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული? -ჩაეკითხა ალისა.

- კეთილშობილი კაცის პატიოსანი სიტყვა, თქვენო ბრწყინვალებავ...

ალისამ თვალები დახუჭა და ხმადაბლა, მაგრამ მკაფიოდ გააჟღერა სურვილი, რომლის ასრულების იმედი სრულწლოვნებამდე არ ჰქონდა.

- ტატუ...

- რაო?! - ჰარის მორჩილი ქვეშევრდომის ნიღაბი, რომელიც წეღან არტისტულად დაიმაგრა, ერთბაშად ჩამოუვარდა, დაფეთებული აცეცებდა თვალებს - რა ტატუ?!

- ინის და იანის სიმბოლო, მარცხენა ხელისგულზე...

- ღმერთო დიდებულო! ეს რა თქვა?! ტატუო! რისთვის? რატომ? რაში გჭირდება?!

ალისა მზად იყო ემოციების ქარბუქისთვის, ამიტომ სიმშვიდე არ დაუკარგავს, ის, უბრალოდ ჩააცქერდა ჰარის და წყნარად, მაგრამ მტკიცედ წარმოთქვა.

- შენ შემპირდი მამა... და კეთილშობილი გვარიც რომ არ გვქონდეს, პატიოსან სიტყვას არ გატეხავ, ვიცი...

ეს ჰარიმაც იცოდა, უღონოდ ჩამოყრილი მხრები ნათლად მოწმობდა ამას. უკანაკნელ იმედს ჩაებღაუჭა.

- კარგი, ვთქვათ თანახმა ვარ, მაგრამ ტატუს სალონები ხომ დაკეტილია კარანტინის გამო?

ალისას გამარჯვების ღიმილმა გაუნათა სახე და მხოლოდ ტუჩებით წარმოსთვა „YES“.

- მაგაზე არ იდარდო მამა, ინტერნეტში სავსეა ტატუს ოსტატები, რომლებიც სახლში დადიან გამოძახებაზე.

ჰარიმ კაპიტულაციის ნიშნად ორივე ხელი ასწია, მართლა საწყალობელი სანახავი იყო, დამარცხებული და დათრგუნული. მაგრამ ალისამ ისეთი გულითადი მადლობა უთხრა და ისეთი მადლიერებით ჩაეხუტა, რომ ჰარის მაშინვე გულზე მოეშვა. თავისთვის კი გაიფიქრა - „აირწინაღზე ორიგინალური იყო, ვაღიარებ... კიდევ კარგი, ხელისგულზე იკეთებს და არა კისერზე...“

მოგვიანებით, როცა მისთვის მტანჯველი, ჯეინისთვის საპასუხისმგებლო, ალისასთვის კი მაგიური პროცედურა დასრულდა და ტატუს ოსტატიც გაისტუმრა, ჰარი ოთახში დაბრუნდა და მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში. ჯეინი ფაციფუცით აწყობდა სადღესასწაულო სუფრას, ვახშმის დრო იყო თითქმის, სთოუნებს კი ჯერ არც ესადილათ - ჭამა ვის გაახსენდებოდა?! ალისა მოჯადოებულივით დასცქეროდა თავის ტატუს. პროცედურის დროს შეკრული თმები, გაეშალა და სახეზე ბედნიერი ღიმილი ეფინა. ქალიშვილის შემხედვარე ჰარიმ, მთლიანად გაუშვა პროტესტი და სინანულის ნაცვლად, კმაყოფილება იგრძნო, რომ ბონუს საჩუქრის იდეა დაებადა - „ღირდა, რა-თქმა უნდა - უპასუხა საკუთარ თავს - ამ ბედნიერებად, ფულიც ღირდა, რისკებიც და ვიღაცების ქილიკიც... და საერთოდ, ძირს სტერეოტიპები, 21-ე საუკუნეა, ბოლოს და ბოლოს...“

- ალის, იცი რა მაინტერესებს? რატომ აირჩიე ხელისგული და არა მაჯა? ან სულაც კეფა ან კისერი? მოკლედ, ნებისმიერი თვალშისაცემი ადგილი... მაგაზე დაყოლიების იმედი არ გქონდა თუ?.. რატომღაც მგონია, რომ უფრო ორიგინალური მიზეზი გექნება - ჩაიცინა ჰარიმ კეთილად.

- რა თქმა უნდა, მაქვს - ტატუსთვის თვალი არ მოუცილებია, ისე უპასუხა ალისამ.

- გამიმხელ? ვკვდები ისე მაინტერესებს - გაიღიმა ჰარიმ და შეეტყო, მართლა ძალიან აინტერესებდა.

- პირველ რიგში, სწორედ თვალში საცემ ადგილას არ მინდოდა ტატუს გაკეთება, იმიტომ, რომ ეს ტატუ სამკაული არ არის ჩემთვის... არც თვითგამოხატვის საშუალება - ის ბევრად მეტია, ბევრად პერსონალური, ინტიმურიც კი... ამიტომ ისეთი ადგილი ავარჩიე, რომელიც ყველაზე ნაკლებად ხვდება თვალში ყველას, ჩემი ჩათვლით... როცა მუშტებს შევკრავ მრისხანებისგან, ტატუ გამახსენებს თავს, მუშტს გავშლი, დავხედავ და ჩემში სიმშვიდე და ჰარმონია შემოვა...

საოცარი სურათი იყო - თვალდახუჭული ალისა, გაოცებისგან გაქვავებული ჰარი და ჯეინი, ბექგრაუნდზე, თეფშებით ხელში, გარინდული. ალისამ თვალები გაახილა და მშობლებს გაუღიმა.

პირველი ისევ ჯეინი გამოერკვა, თეფშები მაგიდაზე დადო, ალისასთან მივიდა შუბლზე აკოცა და გაუღიმა.

 - მგონი, დღეს, ერთის ნაცვლად, ათი წლით გაიზარდე.

- ათით კი არა, მინიმუმ 25-ით - ჩაიბუტბუტა ჰარიმ, ჯერ კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ იყო - ჩემზე უფროსი მგონია უკვე...

- ახლა კი, ნამდვილად დროა, შემოვუსხდეთ სუფრას, ის ხომ დღეს სადღესასწაულოა! - ჯეინი ისევ დაფაცურდა.

ბუნებრივია, სადღესასწაულო მენიუ ალისას საყვარელი კერძებითა და სასუსნავებით იყო შედგენილი.

 ჰარიმ დიდის ამბით გამოიტანა ბოთლი

- უმაღლესი ხარისხის სიდრია, პრინცესას შესაფერი.

- რაო? - ალისამ სიხარულისგან ტაში შემოკრა - მეც მეკუთვნის?!

ჰარიმ ჯეინს თვალი მოარიდა.

- დღესასწაულის ხათრით, დავუშვად გამონაკლისი იუბილარისათვის... ოღონდ მხოლოდ ერთი ჭიქა, ცოტ-ცოტა წრუპე - და მერე ღიმილით დააყოლა - არ დათვრე იცოდე, თორემ დედაშენს რა გადაურჩება?!

სიდრი მართლაც შესანიშნავი გამოდგა, სთოუნებმა მაგრად მოილხინეს. ჯეინიც კი შეზარხოშდა და დიდსულოვნად დაუმატა ალისას ნახევარი ჭიქა.

ალისას ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა. ალკოჰოლისგან ღაწვებიც შეფაკლოდა. მან ჭიქა ასწია და წკრიალა ხმით შემოსძახა სადღეგრძელო.