ლილუელები
0 ხმა
სანდრო აბრალავა
სანდრო აბრალავა, 23 წლის. დავიბადე 2001 წლის 1-ელ ივნისს ზუგდიდში. ამჟამად ვცხოვრობ თბილისში. 2019 წელს ოქროს მედლით დავამთავრე ზუგდიდის #2 საჯარო სკოლა, ამავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე, სადაც დღემდე ვსწავლობ. ვარ დამამთავრებელი, მე-6 კურსის სტუდენტი. ვგეგმავ, სწავლა ფსიქიატრიის მიმართულებით განვაგრძო და კარიერა მენტალურ ჯანმრთელობასა და მის პოპულარიზაციას მივუძღვნა.
სწავლის პარალელურად, მიმუშავია სხვადასხვა პროფილის კლინიკაში განსხვავებულ პოზიციებზე, ამასთან ერთად არც ისე ცოტა დროს ვუთმობ შემოქმედებითობას. პროზასთან ერთად მიტაცებს ხატვა, მუსიკა და პოეზია, ვარ რამდენიმე ასეული ლექსის ავტორი. დღესდღეისობით ჩემი არც ერთი ნაწარმოები გამოქვეყნებულა (აქამდე მსგავსი ინტერესი არ გამაჩნდა). მოხარული ვიქნები თუ შევძლებ საკონკურსო მარათონში ჩართვას.
რომანი „ლილუელები“ მთავარი გმირის თვალით ქალაქ თბილისის ყოველდღიურობას გადმოსცემს. პრობლემები, რომელიც ტექსტში იჩენს თავს, მათი გადაჭრის გზებითურთ, ძირითადად, მთხრობელის ფიქრებში ისახება. თავისუფალ დროს ქუჩის მომღერალი სტუდენტი მეგობართან ხშირად მღერის რუსთაველის გამზირზე. ერთხელაც, შინისაკენ მიმავალ გზაზე რიგითი ბუკინისტისგან წიგნს შეიძენს, სახლში მისული კი მის საკითხავად კომფორტულად მოკალათდება. მკითხველი შენაძენით კმაყოფილი არ არის და მისი და წიგნის ურთიერთობა ნაწარმოების დასასრულამდე მთავრდება. ახალგაზრდის მიერ ამოკითხული პერსონაჟების, ადგილების სახელები („ლილუა“, „რატი“, „აფარა“) და მთავარი სათქმელი კი მისი ფიქრების მუდამ თანმიმდევარი რამ ხდება. მთავარი გმირი ხშირად ფიქრობს ფილოსოფიურ საკითხებზე, ძირითადად ისეთზე, რომელიც მთელი არსებითაა რუტინასთან დაკავშირებული. მსგავსი თემები მონოლოგებადაა წარმოჩენილი. მათ „სიმძიმეს“ კი მსუბუქი სამეტყველო ენით შექმნილი დიალოგები აწონასწორებს. ეპიზოდურად ასახულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური მდგომარეობა და ახალგაზრდების მისადმი დამოკიდებულებები.
რომანი შეგვიძლია შევადაროთ ჩონჩხს, რომელზეც აგებულია მთელი ორგანიზმი მისი სისტემებითურთ, ზუსტად ასე, ერთი სტუდენტის ყოველდღიურობა ეხება და წარმოაჩენს რეალობას, რომელშიც საქართველოს ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს. თქვენ შეგხვდებათ საუბრები გრძნობებზე, ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, პოლიტიკოსთა დამოკიდებულებაზე, ახალგაზრდათშორის ურთიერთობებზე, მომსახურების სფეროს სისასტიკესა და ხელოვანის ხელმოცარულობაზე, რა თქმა უნდა სხვა დეტალებთან ერთად. ამ ყველაფერზე ფიქრის პარალელურად მთავარ გმირს თავს აზრთა კორიანტელი ახვევია იმ დაწუნებული წიგნის გამო, რომელიც ბოლომდეც არ წაუკითხავს. თუმცა, ერთხელაც, კვლავ რუსთაველის გამზირზე სეირნობისას უპრეცენდენტო შემთხვევითობის გამო უცნაური გრძნობ ეუფლება, ეს კი პატარ-პატარა კითხვის ნიშნებს ნათელს ჰფენს და პერსონაჟის სახელზე ღიმილსაც ოდიოზურად გამოკვეთს.
რომანში დართულია რამდენიმე ჩანახატი და პოეტური ტექსტიც, რომელიც ძირითადად მთავარი პერსონაჟის კალმითაა დაწერილი. ახალგაზრდა სტუდენტების ცხოვრება ხშირად სირთულეებთანაა დაკავშირებული და ამ უკანასკნელს პირადი ცხოვრების ინტრიგები უფრო ართულებს. მთავარი გმირი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტია, თუმცა ნაწარმოებში ყურადღება მის გატაცებას ექცევა. დეტალურადაა აღწერილი გარემო, რომელშიც სუბიექტი იმყოფება, პეიზაჟი, რომელიც მის წინ იშლება და მასთან ერთად ფიქრი უამრავ საჭირბოროტო საკითხზე. პირადი ცხოვრების პრობლემები საქვეყნო რანგის საკითხებს ანაცვლებს და პირიქით. რომანში ნაჩვენებია სამეგობროს ეპიზოდები და დიალოგის ფორმით გადმოცემული უბრალო თანამედროვეობა, რომლის მეშვეობით ავტორი ყოველდღიურობას მეტად მკაფიოდ წარმოაჩენს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური