ლილუელები
ლილუელები
*** იქნებ არ უნდათ გაზრდა ნეკერჩხლებს, და უფრო მეტად მოშორდნენ ფესვებს. *** ალბათ, ოცნებებს ვუსაყვედურებ, რომ შემაყვარეს მოგონებები. დღეს უნივერსიტეტში დიდ ხანს არ დავრჩი, სახლშიც ადრე მოვედი, მინდოდა, რუსთაველზე მალე გავსულიყავი და იმ ადგილისთვის მიმესწრო, სადაც გუშინ საკმაოდ გამოვიმუშავე. თიკა გამომყვება, მეტროსთან შევხვდები, იქიდან გიტარას მე წავიღებ. უკვე გაჩერებაზე ვარ, ავტობუსი არ აგვიანებს და მიხარია. ჩავჯექი, მუსიკას ხმას დაბლა ვუწევ - ვინმემ რომ დამიძახოს, ბარათის დაფიქსირება მთხოვოს და ვერ გავიგო არ მინდა (იქნებ, იფიქროს რომ საკმარისად თავაზიანი არ ვარ და თავხედობაც მყოფნის, რომ მისი თხოვნა არაფრად ჩავაგდო). მალე მივედი მეტრომდე, თიკა უკვე მოსულა. ბაქანზე შევხვდი, გამოვართვი გიტარა, ცოტახანი უაზროდ ვუყურე. უცნაური სახით მიმანიშნა, რომ წარმატებით გაუჩნდა ეჭვი ჩემი გამოუძინებლობის შესახებ. მეტრო მოვიდა. შევწუხდით არასასიამოვნო სიგნალის გამო, მაგრამ თიკას გაყინულ მზერას რომ თავი ამარიდა - გამიხარდა. „რუსთაველამდე“ უამრავი ადამიანი ჩავიდა და ამოვიდა. სადგურზე ბევრი ხალხი ირევა, პატარა ციგნებიც შეგვხვდნენ, გვერდით დავისვით (ჩვენთვის დიდად არც უკითხავთ აზრი), ფული არ გვქონდა და საღეჭი რეზინი დაგვიწუნეს, სამაგიეროდ, მცდელობა ჰქონდათ გიტარით შეესრულებინათ რამდენიმე ოსტატური მანევრი, უფროსი ციგნები ცნობილ ქარხნებში რომ მიმართავენ წარმატებით, მაგრამ რას გახდებოდნენ, ჩვენ მთელი გულით ვიცავდით შესაძლო მსხვერპლს. ბოლოს, ხელი ჩაიქნიეს. იმ ციგნებმაც თიკასავით შემომხედეს, თვითონ თიკას ჩაეხუტნენ და სასწრაფოდ გაეცალნენ ჩვენ ვაგონს. მარჯანიშვილზე ხურდა ვიპოვე, რა თქმა უნდა, არც ეს სადგური უჩივის ბენეფიციართა სიმწირეს: ავადმყოფი, ობოლი, სოც.დაუცველი, ზოგი მართლა, ზოგიც მათი როლის შემსრულებელი. არ ვიცოდი ვისთვის გადამელოცა მთელი „ოცი თეთრი“, ბოლოს ციფრი ჩავიფიქრე და რიგით მის შესაბამის მათხოვარს ერგო მეტროს ნადავლი. ამოვედით, უკვე საღამოვდება, ჩავიარეთ ტროტუარი, გავცდით უამრავ დაკავებულ ადგილს, უამრავი სხვა გიტარითა და დინამიკით (რამდენიმე მუსიკოსს სამშვიდობო სალამი ერგო ჩემგან, გიტარის კორპუსებზე საყვარელი ჯგუფების სტიკერების გამო). ვიარეთ მე და თიკამ, უკან მოვიტოვეთ მრავალი კაფე, სადაც უგემური ყავები კომფორტული გარემოს ხარჯზე წარმატებით იყიდება. ჩავიარეთ წიგნებთან, ორიოდ ლარად რომ ჰყიდიან პატრონები, ფაქტობრივად, დღიური საკვების თანხაში ცვლიან ნიცშეს, დოსტოევსკის, რემარკს, ტოლსტოის, ბულგაკოვს, ბაირონს, პუშკინს, უცხო ენათა ლექსიკონს და იშვიათად რუსთაველს. რამდენჯერ შემხვდება დღეში ეს უიმედო ბუკინისტი და მისი წიგნები უცვლელი წყობით: წვრილყუიანები ქვემოთ, ჩასუქებულები - საპატიო ადგილას. ქუჩის ბაზარზე მოთხოვნადი არ არის კლასიკა. ხოლო ვისაც ის აინტერესებს - საკვების ბიზნესშია, მასლოუს პირამიდის ფუძეზე. ჯერ ფინანსების მოსახვეტად მათხოვრობს პირველ გიმნაზიასთან. მათ კი, ვისაც ფასიანი სეირნობა მოსწონთ, წიგნებისთვის არ სცხელათ. ამიტომ ვუკრავ და არა ვყიდი ჩემს ნაწერებს. თიკა თუ ხასიათზეა მღერის და თანხას ვიყოფთ, უფრო მეტს ვუტოვებ, ოღონდ არ იცის. თან, ბოჰემიით ვიმუხტებით ორივე. ხშირად არ გამოვდივართ, მხოლოდ მაშინ, როცა დრო გვაქვს და, სამწუხაროდ, ეს არც თუ ისე ხშირად ხდება. პრიორიტეტული მაინც დიპლომის პერსპექტივა და უზრუნველყოფილი ადგილია საზოგადოებაში, სადაც ექიმი და იურისტი ფასდება, - მომავალი მე და თიკა. უფრო მეტად პარასკევს ვაკითხავთ გამზირზე ჩვენს ადგილს; მოვთავსდებით და გამვლელებს სიცივის ვახშამზე დესერტად, ჩვენი აზრით, კარგ მუსიკას ვთავაზობთ. ხანდახან სარფიანია ხელოვნება, თითქმის ყოველთვის კი, არც ისე მომგებიანი, უფრო მაინც ჩვენი ემოციებისთვის ვმოქმედებთ. ყოველი გასვლა ახალი თავგადასავალი და ისტორიაა. დღეს ამინდი არც ისეთი თავდაჯერებულობით იძლეოდა სიმშრალის გარანტიას, ნახევარ საათში მსუბუქად გაწვიმდა, ამან თავისი მუხტი შემმატა, თითქოს გრიფზე აკორდებს მთელი სხეულით ვიღებდი, კისერზე ძარღვების ბარელიეფი გამოჩნდა, თვალებს ვეღარ ვახელდი, რიტმის პაუზისას სასწრაფოდ გადავიძრე კაპიუშონი, არ ვიცი ეს საყვარელი მუსიკის მიმართ ფსევდო-თავდადება იყო თუ მართლა ვიგრძენი ნოტი. წვეთები მაახლებდნენ, დამავიწყდა სად ვიყავი, ვისთან ერთად ან რატომ, ახლა მარტო სიმღერა მახსოვდა. ცოტა ხანში თიკას ხმა ჩემსას მოეხვია, მივხვდი, რომ ჩემკენ იყურებოდა და ინსტიქტურად გავჩერდი. ვერ ვხსნიდი თუ მის საპასუხოდ რატომ ვიქცეოდი ყოველ ჯერზე ასე. გიტარისა და მისი ხმა ისმოდა მხოლოდ, წვიმა ყველაფერს მაგიურს ხდიდა, აჩქარებული ხალხი ჩვენთან უნებლიედ ანელებდა ნაბიჯს, ახალგაზრდებს მოსწონთ Radiohead - Creep, რთულია მიწაში არ ჩაგიტანოს ამ მელოდიამ, თუ ოდნავ მაინც სტრესული დღე გქონდა. გადაჭრილი ხელთათმანები სიცივეში დაკვრისას შრომას მიმსუბუქებს, ახლა სულ დამისველდა და ჩანთაში ჩავაგდე, თმა გადავიწიე, ჯვარი გავისწორე, ყველა სახსარი ერთდროულად გავშალე და ახალი სიმღერის არჩევა დავიწყე, თიკამ ყავა მოიტანა, ძალიან არ დავსველებულვართ. უკვე დაღამდა, ქუჩის პეიზაჟი ახლა ჩემს საყვარელ ფორმას იღებდა: სველი ასფალტი, მასზე ლამპიონის შუქის ანარეკლი, სიყვითლეშეპარული სუსხი, გათოშილი ხელები, ორთქლის ნისლი, სხვადასხვა ცხელი სასმლის არომატით გაჯერებული ჰაერი და სითბოსთან მიყუჟული ძაღლები. იმ დღეს სახლში წასვლამდე მინდოდა წიგნებისთვის დამეხედა. თიკამ მეგობარი ნახა, მივესალმე და მათ მალევე დავემშვიდობე, გზა მარტომ გავაგრძელე. ბუკინისტი ჩვეულ ადგილას შემხვდა, გამჭირვალე რეზინის გადასაფარებელი გადაეფარებინა ქაღალდებისათვის, წასასვლელად ემზადებოდა და ჩემ გამო ახლახან გაკვანძული ფუთა გახსნა კიდეც, ახლა კი აუცილებლად უნდა შემეძინა რამე. მიმზიდველი და თან ქართული ვერაფერი ვნახე, ამიტომ, შერჩევა თავად მივანდე, მან კი საშუალო ზომის, შეძლებისდაგვარად შენახული ვარიანტი შემომთავაზა, თქვა, რომ ეს წიგნი მასთან შემდეგი ვიზიტის გარანტი გახდებოდა. ხუთი ლარი დამიჯდა, თანხა ხურდებად მივაწოდე და დავემშვიდობე. ყურსასმენები მოვირგე, შავყდიანი შენაძენი გულის ჯიბეში შევინახე და მეტროში ჩავედი. ცარიელი იყო ვაგონი, სადაც ადგილი დავიკავე, უბის წიგნაკიც თან მქონდა, გზაც საკმაოდ იყო და ჩანაწერების კეთება დავიწყე. ძირითადად თიკაზე ვფიქრობდი, მის მეგობარზეც, ჩემზეც. „მე წამოვედი ხელცარიელი, გრძელია გზა და შორია აზრი, დამძიმებული სევდად ვიშლები, მიმოვიფანტე მომღიმარ ხალხში.“ - ეს წარწერა შერჩა ჩემს ბლოკნოტს, რომელიც უკვე ვრცელ ჯიბეში წიგნთან ერთად იყო მიყუჟული. ავედი მეტროდან, აღარ წვიმდა, ყველაფერი ატალახებულიყო ჩემი ფეხსაცმლების თაოსნობით. მივასწარი ავტობუსს და გავემართე სახლისკენ ნელი სვლით, მძღოლის ნებაზე. გაჩერებიდან ბინამდე გზა ყველაზე მეტად გრძელდება, ზანტად დავფარე ეს მანძილი და ფრთხილად შევედი სახლში. მიყვარს, როცა საკუთარ თავს ფიქრში ხელს არ ვუშლი. ამასობაში, აზრებით გართულმა ვერ ვიგრძენი თუ როგორ გავამზადე ყავა, სინათლე მხოლოდ ერთგან დავტოვე, ჩავრთე დაბალ ხმაზე მოცარტი და გავემზადე ახალი წიგნის გადასაფურცლად. წინასიტყვაობა - “Credo in iniustitiam, sed etiam in statera.” - გასაგებად დახმარება დამჭირდა, ჯერ ვერ მივხვდი რას უნდა ნიშნავდეს და უკავშირდებოდეს. მეტად მყუდრო გარემო დამჭირდება. ამის გაფიქრება და ფიქრებში თიკას შემოჭრა თითქმის ერთდროული იყო: მინდა იცოდეს, რომ მომწონს ჩვენი საზიარო მოგონებები, მაგრამ დროის მასთან გატარების სურვილში გამოტეხა ჩემთვის უკვე წლებია, რაც შეუსრულებელი მისიაა. ყოველი გაშვებული შანსი ერთდროულად მაშორებდა და მაახლოებდა თიკასთან. ვიცოდი, რომ ყურადღების მოკრება გამიჭირდებოდა, თითქოს, უკიდეგანო სიცარიელე დამიტოვა უღიმღამო გამომშვიდობებამ. მგონია, თიკას წარმოდგენაზე ჩემთვის განკუთვნილი ადგილი სხვამ დაიკავა და ჩემს ნაცვლად აპლოდისმენტებიც არ დაიშურა, სცენაზე მდგარმა ადრესანტმაც სამადლობელო, თბილი ღიმილი სწორ მისამართზე, უბრალოდ, სხვა ადამიანთან გაგზავნა. რთულია ახლოს გყავდეს ადამიანი და ამავდროულად იმდენად შორი იყოს, რომ გულში ღრმადჩაფლულ და იქიდან ამობობღებულ ხმას ძლივს აწვდიდე. ალბათ, სუსტი ვარ ადამიანობისთვის, მუხტისა და ემოციებისთვის. ყველაფერს სიმშვიდის სურვილით ვამართლებ და რისკებზე არც კი ვსაუბრობ, თან სიმარტოვის რომანტიკას ვუმუღამებ და თავს ვარწმუნებ, რომ ასე შემოქმედებითი მე-სთვის ბევრად უკეთესია. მეგობრის დაკარგვის მეშინია. მისით შეპყრობილი ვარ და მგონია ჩემს მუზას თიკას სახე აქვს, თიკას ტანი და ხმა. ეს ჩემთვის ეთიკურია, მეტიც, ბოჰემა ასე ვისწავლე, ხელოვანის ბასრი აზრებიც ასეთი მგონია და ის დაუმორჩილებლობა, მარტო ფურცელმა რომ იცის წერისას, სწორედ რომ მომწონს, მაგრამ აფერუმ ეგოს, რომელიც ასე თოკავს მღელვარებას. ნეტავ, ცალმხრივია ეს დანაშაულებრივი გრძნობები? ან, რატომ არის დანაშაულებრივი?! იქნებ, უნდა გავარკვიო, - წამით ამ აზრს ვუღრმავდები, მაგრამ ვხვდები, რომ პარალელურად უკვე ვსაყვედურობ ჩემს თავს,- მხოლოდ მე თუ შემიძლია ვიყო მორალის ერთგული ჯარისკაცი და მასთან ერთად ის, ვისაც ეს უკანასკნელი სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძვის. არასდროს ნაქონი პასუხები უფრო მეკარგება, მეტად ვშორდები კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხეს. ვიცი, რომ ამ გრძნობის მრცხვენია, ოღონდ, მაშინ არა, როცა ჩემს გვერდითაა. ყველაზე მეტად ჩემი სურვილები მაწვალებენ - ამრიეს, ამრიეს ისე, როგორც შაფლერი ბანქოს ბარათებს ხლართავს ერთმანეთში. საკუთარი თვალით ვხედავ, როგორ ეცვლებიან ერთმანეთს ორფერა და ოთხსახა სიმბოლოები, ქალბატონები და ბატონები, ლუწი და კენტი ციფრები, თიკასა და მისი მეგობრის სახეები. წარმოდგენებით ვცხოვრობ, მაგრამ რეალობას არ ვშორდები, ოქროს შუალედს ვერ ვპოულობ, მის ძებნაში თიკას ბევრი მეგობარი გავიცანი, მივესალმე და დავემშვიდობე, როცა სახლში კვლავ მარტო დავბრუნდი. უკვე დაწნულ მეგობრობის ხიდს ვარიდებ გრძნობების მო-ზღვა-ვებას, იქნებ, ნაპირის მეორე მხარეს თიკას არ უჭირავს ჩემგან გაწვდილი „ბონდის“ ბოლო. ამიტომ, დღესაც ყველაფერს ისე ვტოვებ, როგორც აქამდე იყო. ყურადღება საკმაოდ ნაცნობი მიზეზით გამეფანტა, დროა წიგნს დავუბრუნდე. საკმარისი პატივი არ ვეცი სტუმარს. ვხვდები, რომ მასზე უფრო ვღელავ ხოლმე, ვისგანაც საპასუხოდ რაიმეს მოველი. წიგნზე თუ არ ვიდარდე, საყვედურად რა უნდა მივიღო, კულმინაციის ოპტიმუმში ამოხეული გვერდი?! -ალბათ, არა. ახლა კი დროა შევუდგე ყოველი სიტყვის გულისყურით ამოკითხვას. იმედია, ჟრუანტელიც დამივლის და თუ ეს მოხდება, გამიხარდება, ან შეიძლება ვიფიქრო, რომ გავცივდი და ამიტომ დამაჟრჟოლა. ისევ ფიქრებში, ისევ წინასწარ, ისევ ჩემ თავს ვესაუბრები. გადავშალე წინასიტყვაობა, პირველი თავი იწყება. ტექსტი იმ ლეგენდებს ჰგავს, საქართველოს კუთხეებმა რომ შემოგვინახეს ისტორიის ნაწილებად. თავსატეხის ნაწილებს მომაგონებს, პერსპექტივის კანონების გათვალისწინებით, მთავარი სცენის უკან მკრთალ ფერებში რომაა დახატული და უდიდესი ძალისხმევით ცდილობ რაიმეს ნაწილად აღიქვა მერე კი შესაბამისი ადგილი მოუძებნო. თუ ეს არ გააკეთე ამ ნაწილების გარეშე ვერასოდეს მიიღებ სრულ, ერთიან გამოსახულებას. ისტორიას უხდება ლეგენდარული თქმულებები, ჰეროიკული დატვირთვითურთ; წიგნის პირველ თავში კავკასიონი მცირედი იდუმალებითაა აღწერილი: მთიანი მხარის ერთ-ერთი სოფლის მინდვრები, მის ბოლოში, კლდეებისაკენ ტყე, რომლის შუაგულში მინოტავრივით ლაბირინთში გამომწყვდეული, შესაბამისად, მისაღწევად რთული, მაგრამ საგულდაგულოდ მოწყობილი თავშესაფარია. ერთ დროს ტყის სულებს ხალხთან ურთიერთობა და რიგიანი საუბარი სჩვეოდათ. ადგილობრივები, რომლებიც ფლობდნენ სოფლის საიდუმლოს, ამ ბუნკერისმაგვარ ნაგებობაში ინახავდნენ წიგნებს, ჩანახატებს და ნივთებს, ყველაფერს, რაც ზეციერებასთან აკავშირებდათ. მეექვსე გვერდის ქვემო-მარჯვენა კუთხეში ნამდვილად საინტერესო წარწერაა დართული დახვეული პერგამენტის გრაფიკულ გამოსახულებაზე რუბრიკაში - „ეს საინტერესოა“, მის თანახმად, ჩვენ ვზომავთ ჩვენსავე ასაკობრივ სიგრძეს. უხეში ნათქვამია, თუმცა დაუყოვნებლივ მოსდევს ახსნა. უცებ ვიფიქრე, წერისას ავტორმა ჩემი დაბნეული სახე წინასწარ ხომ არ იხილათქო, რადგან კომენტარი არ დააყოვნა ცნებაზე -„ასაკობრივი სიგრძე“, - ეს ყოფილა დრო, რომლის მანძილზეც ვცხოვრობთ. რა გამოდის, საკუთარი სიცოცხლის ხანგრძლივობას განვსაზღვრავ ?! როგორ ?! მეღიმება, მალე მძიმე მოგონება მეკიდება და ტუჩის კუთხეს დაბლა მიქაჩავს. მეგობრის გარდაცვლილი დედა მახსენდება, დარწმუნებული ვარ, მას არ ჰქონია ნაადრევად სიკვდილი ჩაფიქრებული. ბანალურობისა და დაუდევრობის გამო კითხვის ინტერესი მიქრება და ვცდილობ წიგნზე გული არ ამიცრუვდეს. უამრავი სისულელე მიქრის თავში, ამის გარეშეც საკმაოდ მერყევია ჩემი აზრები. არასერიოზულად ვეკიდები წაკითხულს და უკვე სკეპტიკური განწყობილებით ვაგრძელებ შემდეგი გვერდების კითხვას. აღსანიშნავია, თიკა გადამავიწყდა. ყავა მოვსვი, მუსიკა გამოვცვალე, ქრომის ახალ ფანჯარაში ვივალდის დაეთმო ადგილი. გმადლობ, გენიოსო, ამ ჰანგებისთვის. სიცოცხლის მცდელობის უღონო გაბრძოლება ძალიან ჰგავს მძიმე ჩამომჭკნარ სახეზე გრიმს. მაკიაჟს თუ ატარებ, არ უნდა იტირო, ასე ყველაფერს გააფუჭებ! თუ გადაწყვიტე, - იყო ლამაზი, თავმომწონე და მომხიბლავი, მაშინ არ უნდა გძლიოს სიწრფელემ, რათა ცრემლებით არ ჩამოგედღაბნოს ფერმკრთალი ღაწვებიდან ხელოვნური სიწითლე. ასე შენ ისევ ნამდვილ მეს შეეფეთები და მიხვდები, რომ სასოწარკვეთილი ხარ და თავს ვერ აკონტროლებ. ზედმიწევნით ფაქიზად მოკირწყლული თვალები სულ გაგიქვესკნელისფერდება. წარმოიდგენ კი თუ როგორ შემზარავი იქნება შენთვის საკუთარი თავის ასე დანახვა. ახლა თიკაზე ვფიქრობ, ეს ფიქრები მასზე გადამაქვს, ვადარებ და მინდა ინანოს, რადგან ახლოს არ ვეყოლები რომ ვუთხრა: „ ... არ გჭირდება გრიმი, არ იბრძოლო სიყალბით, არ მოატყუო თავი, რომ ისევ ახალგაზრდა და ლამაზი ხარ, არ გჭირდება, რა საჭიროა ცბიერება, რა საჭიროა თავის გაცურება, როცა ყოველგვარი მცდელობის გარეშეც ჯანსაღი, წრფელი და წმიდად გამჭირვალე შეგიძლია იყო. ცხოვრება არ მოტყუვდება. შენვე გაგიტყდება გული, როცა მიხვდები, რომ ემოციებს უარყოფდი, მხოლოდ იმის გამო, რომ მაკიაჟი არ გაგფუჭებოდა. გრიმი მაინც გაჯერდება ცრემლით, ოღონდ იმ წყენის გამო, რომ გრძნობის ღრმად ჩამარხვა მოგიწია.“ ახლა კი სხვაგვარად წუჰხარ საკუთარ თავზე, ნანობ და გინდა შეცვალო წარსული. ცდილობ, იტირო ემოციების და არა უსუსურობის გამო! საბოლოოდ, ხვდები, რომ მაკიაჟი, რითაც ცხოვრებას ატყუებ, მხოლოდ დროებითი და უფუნქციო რამაა, ის „ასაკობრივ სიგრძეს“ ვერც აკლებს და ვერც ჰმატებს რამეს. ნეტავ შენს მეგობარს თუ მოსწონხარ მაკიაჟით. ტექსტი არ მხიბლავს, მაგრამ დაწყებულის ნებისმიერ ფასად დასრულება ჩვევად მაქვს. ხანდახან წარმოუდგენლად მეცვლება დამოკიდებულებები. მიუხედავად იმისა, რომ უღონო სტარტის გამო ოვაციები ვერ დავიმსახურე, ფინიშის ხაზთან ძალიან კმაყოფილიც კი ვიჯგიმები. იქნებ ეს წიგნი შემიყვარდეს კიდეც. აფარა იყო პირველი, ვინც ტყეში დაკარგულს დაელაპარაკა და მისსა და ადამიანების სამყაროს შორის გადაკვეთა საზღვარი. სწორედ მაშინ, როცა აფარა გამოჩნდა, ბნელ ტყეში ახალგაზრდა მონადირე დაიკარგა. იმ დღეს სოფლელებმა უჩვეულო ნათება იხილეს. ეს იყო დრო, როცა ტყე გასხივოსნდა და წმინდა ადგილად იქცა. რატი- აფარასთან მოსაუბრე ადამიანი გახდა, პირველყოფილი სულთა სამყაროს ზღვარზე, დაკარგული, რომელმაც იპოვა გზა შინისაკენ, თუმცა სახლ-კარისაგან მოშორებით, სწორედ ამ ტყეში დარჩენა გადაწყვიტა. ბევრჯერ მნდომებია რაიმე ადგილიდან, ან სიტუაციისგან გაქცევა. რამის ან ვინმეს თავიდან მოშორება, მაგრამ მომხდარა ის, რასაც ერთ წამს ზედმეტი რამ, თვალის დახამხამებაში მაგიურად აუცილებელი გაუხდია. რატიმ აფარას სწავლებით თავშესაფარი შექმნა და უწოდა მას „ლილუა.“ ადამიანი სულიერ სამყაროში მოგზაურობით იხიბლებოდა, მგზავრი მეგზურისგან ოკეანისებურ ცოდნას იღებდა და ხედავდა, თუ როგორ წვრილდებოდა ის ძაფი, მიწიერებას ადამიანურ გულთან რომ აკავშირებდა. სამაგიეროდ, მის სულსა და აფარას სამყაროს შორის იბმებოდა სიმები, სიმტკიცით ფოლადის და ამავდროულად სინაზით ბამბის ქულის სადარი. დიალოგები ბრტყელ-ბრტყელი სიბრძნეებით იყო გაძეძგილი და ეგ ნაწილი მსუბუქად ჩავიკითხე. რატი „ლილუაში„ დაბერდა. ტყემ სიკვდილამდე უპატრონა, უბოძა საკვები, თავშესაფარი და გახდა მივიწყებული კაცის მესაიდუმლე. ყავა მოვსვი და ტელეფონს დავხედე - არც ერთი შეტყობინება, კარგი რა! ვინმეს ვახსოვარ საერთოდ?! - რატი თუ საუკუნეების წინ სადღაც ტყეში დაიკარგა და მერე ლილუაში იცხოვრა, მე აქ თბილისში ვარ დაკარგული, ხმის გამცემებს დავავიწყდი და სანზონაში ვცხოვრობ. ქრენბერის „ზომბი“ რატომ მოჰყვა ვივალდის არ ვიცი, მაგრამ მესიამოვნა. წიგნში პარალელის სახით ყველასათვის ცნობილი ბუდიზმი შემოდის, ან ინდუიზმი, ან რელიგიის კიდევ უფრო ძველი, აღმოსავლური ფორმა. ვერ ვერკვევი ისე კარგად, რომ გავარჩიო ერთმანეთისგან, მაგრამ ბუდიზმში ბუდა და ამ ლეგენდაში რატი, მგონი ერთნაირი წონის ხალხია. გადახვევა ზუსტად მაშინ ჩნდება, როცა რატის გონება ნათდება და იაზრებს, რომ ადამიანმა ჭეშმარიტებისაკენ თავისი გზა უნდა იპოვოს - ატმან, ამ სიტყვით უკვე ქართულ მოტივებს, ინდური ანაცვლებს და ავტორი თქმულებებს გვიყვება ადამიანთა შესახებ, რომელთაც მიიჩნიეს სამყაროს აღქმის ინდივიდუალური ფორმა ყველაზე სწორად - საერთო, ბალანსირებულ აღქმასთან ერთად. ჰერმან ჰესეს „ზიდჰარტა“ იყო ჩემთვის ინდოევროპული წარმოდგენის შემოქმედი და არა რომელიმე ხელნაწერი, ისტორიულ წყაროთა PDF ან საბჭოთა კვლევები, ამიტომ ამ ნაწილის კითხვისას ასოციაციები ჰესეს ვაზიდინე. ყოველი ფიქრი ზიდჰარტას გზაზე ისევ თბილისის ცენტრალურ გამზირს მახსენებდა, ისიც სავსე იყო უამრავი მაძიებლით, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნიდან მოეყარათ თავი, თუ რას ეძებდნენ ეს მხოლოდ მათ იცოდნენ. ახლა გაურკვეველი შინაარსისა და ულამაზესი მელოდიის მქონე ეგზოტიკური სიმღერაღა თუ გამოჩნდებოდა იუთუბის მივიწყებულ ფანჯარაში. ამ უკანასკნელმა საკუთარ ნირვანასთან ისე დამაახლოვა, რომ მეგონა კურტ კობეინი ჩემი ახლო მეგობარი იყო და ამერიკაც ერთად მოვიარეთ, ნირვანას სახელიც აქედან წარმოიშვა და იქაური თინეიჯერებიც სამოთხის პალმის რტოებით ხელში გვიმსუბუქებდნენ ივნისის ცხელ შარმს. „ნირვანას“ ვუსმენ, თუ ვერ მივაღწევ, მილიონჯერ მაინც მექნება მოსმენილი. ჩვენ დროში ეს ფენომენი, სხვანაირად უნდა გავიგოთ, ვიდრე შაბლონი. ვფიქრობ, არაა აუცილებელი მზეზე კანი იმ დონემდე დავიჭკნო, რომ ჩემი ლექტორის მზერამ იგი მესამე ხარისხის დამწვრობად შეაფასოს. უფრო მართებული თანამედროვეობაში სისწორის ინტეგრაცია მგონია, ხომ შეიძლება სტაფილოსფერი მოსასხამისა და საყრდენი ჯოხის გარეშე, მეტიც, რომელიმე ბრენდის ტარებასთან ერთად ვიყო სწორი გზით მოსიარულე. ყოველდღიური საქმეების მოთავების შემდეგ თუ სახლში ვაპირებ დაბრუნებას, ესე იგი, ასკეტიზმზეც მითქვამს უარი, რაც არ მგონია ჯოჯოხეთისკენ მიმათრევდეს, თუ, რა თქმა უნდა, მისი მისამართი გურამიშვილის გამზირი არ არის. კიდევ რამდენიმე პარალელი „ლილუაელი“ რატის ცხოვრების მართებულობის დასამტკიცებლად და პირველი თავიც სრულდება, საბოლოო წერტილამდე რამდენიმე გვერდი მაშორებს და ვხედავ აბზაცით გამოყოფილ ვერდიქტს: „იცხოვრე მართებულად. არ გაოგნდები, როცა სიბნელეში ჩაძინებულს ვერცხლისფერ სინათლეში გაგაღვიძებს უნაზეს ფრთათა ფაქიზი რხევა, აღსდგები უწონო და ფასეული, სიმძიმითა და დაუფასებლობით ნაცხოვრები, ტანჯვით განწმენდილი, ხმელეთს განსჯილი და აწ უკვე თავად განმსჯელი ზეცის ბინადარი, თეთრით შემოსილი შენ“ – stairway to heaven თუ ჩაირთვება ახლა, შეიძლება დავიჯერო, ღმერთო. იუთუბის „აუტოფლეი“ სასწაულია, „ედბლოქერთან“ ერთად საყვარელი სიმღერები ისე ენაცვლებიან ერთმანეთს, თითქოს, ერთი დიდი კომპოზიცია იყოს. ვკითხულობ და ვაცნობიერებ, რომ ჩემეული ნირვანასკენ გზა არა ლეგენდების კითხვა, არამედ შორიდან მომზირალი კერძო ნევროლოგიის სახელმძღვანელოს გახსნა და შემდეგი მასალის მომზადებაა, მაგრამ სანამ სწორ გზას დავადგები, ამას მაინც ჩავიკთხავ ბოლომდე, ხვალ თან, შაბათია. კითხვას ვაგრძელებ, საღამოვდება, მისტიკა მატულობს, სანზონის იდუმალი მთვარე ჩნდება, აბა, მთაწმინდა კარის მეზობლის მხრიდან ჩანს. მე ვერც მას და ვერც მის ანძას ვხედავ და ამიტომ ეს მთვარე სანზონისაა. სად სანზონა და სად მთვარე, რომანტიკას ყველაფერში ვეძებ და ხშირად ეს პროცესი ისე მომეწონება ხოლმე, რომ მაბედნიერებს. ჩემთვის სანზონის მთვარე ახლა უკვე მხატვრული განსაზღვრებაა. მახსოვს, როგორ გაუკვირდა, ან უარესი რამ იგრძნო ანამ, როცა მისი ანგელოზისდარი სიკარგის გამო, პრიუსის კატალიზატორს შევადარე. მას მერე ამგვარ აღმოჩენებს „ევრიკას“ ძახილით არ აღვნიშნავ. შეიძლება იმიტომ არ მოვწონდი ადამიანებს, რომ ჩემს ხუმრობებსა და კომპლიმენტებს არასწორად იღებდნენ. არაა გამორიცხული, დასანანი კია, კი. გრძელდება ამბები ლილუაში დატრიალებულ აურაზე, წმინდა კვამლზე, თამბაქოს მსგავსი მცენარის გამხმარი კონსისტენციის წვისას რომ ჩერდებოდა მიწურის ჭერზე. სულებთან საუბარი, აფარას მოძღვრება, რატისეული გაგება და ბოლო აბზაცი, ვერდიქტს რომ ჰგავდა, ერთ რამეს მკაფიოდ გვიხსნიდა - ჩვენვე ვსაზღვრავთ ასაკობრივ სიგრძეს. ამ ტერმინს ბოლოსკენ უკვე სხვანაირად აღვიქვამდი. თითქოს ავაწყე ფაზლი, პერსპექტივის კანონებით რომ დაუხატავთ და მიხაროდა, რომ უკან ფონზე, მკრთალი კონტურები, ფერები და კიდევ უფრო მკრთალი ფერები სწორად შევუსაბამე ერთმანეთს. ჩემს გონებაში უამრავნაწილიანი თავსატეხი შედგა როგორც მთლიანი, მაგრამ მგონი ეს ახლადგამთლიანებული რაღაც თვითონვეა ერთ-ერთი ელემენტი იმ უკიდეგანო ფაზლისა, რასაც ცნობიერება ჰქვია. კარგი, ეს ძალიან ბანალურია, მაგრამ სწორი. უღიმღამო სიმართლე რომ დასჩემდება ადამიანს, მაშინ ვერ ვგრძნობ სისხლის ტურბულენტობას, არ მიჩქეფს, მასში არ არის პროვოკაციული ცბიერება და მგონია პენსიაზე გასული ფილოსოფოსი საუბრობს, რომელსაც ყელში აქვს მტვერი, რომელიც თვითონვეა ამ სამყაროში და სიბერეში ალერგიის დიაგნოზიც დაუსვეს. სამყარო უსასრულო თავსატეხია, ააწყობ და აწყობილი - ნაწილია ასაწყობის. სკორპიონსი თავისი still loving you- თი ვის გამახსენებდა თუ არა მას. ვაბრუნებ ლედ ზეპელინს და ვაგრძელებ ჩაღრმავებას. ზიდჰარტას არ შევედრები ამ საქმეში და ჩემთვის ვუღრმავდები. ეს სიტყვა მიმზიდველია, ყველაფრის სიღრმე სასიამოვნო სანახავი და შესაცნობია: ოკეანის, ფიქრის, ამოცანის, კლინიკური შემთხვევის, ნოტის, თქმულების, სიმაღლის სიღრმე. ვაგრძელებ პროცესს ჩამოთვლის ნაცვლად, სანამ ფსევდო-ფილოსოფია ისევ გამიტაცებს (სხვებსაც მოგიწოდებთ მის მოშორებას). ასაკობრივი სიგრძე განისაზღვრება ჩვენს მიერ, - როგორ უნდა გავიგო? - ეს კითხვა მაშინ დამებადა, როცა პირველად შევეჯახე ამ ტერმინს. ახლა თითქოს პასუხისათვის მინიშნებები მაქვს. წიგნში რამდენიმე ადგილას ჩანაწერები დავტოვე. წერა ისე არ გამომდის, როგორც ფიქრი. კეთილი იყოს მობრძანება ჩემს გონებაში. თავი ისე იგრძენით, თითქოს მეც ჩვეულებრივი აზრები მიკრთოდეს თავში, ან თქვენც ჩემსავით მოგწონდეთ სანზონის მთვარე. მივდივარ აზრამდე, რომ ასაკობრივ სიგრძეს თუ ჩვენ განვსაზღვრავთ, ეს ჩვენდაუნებურად ხდება. პარადოქსია, ხომ ?! - არის, მაგრამ იმედია მოიძებნება ფილოსოფიაში ცნება, რომელიც გამოხატავს პარადოქსის არსებობის და ამასთანავე ურთიერთგამომრიცხავი ფენომენების თანაარსებობის შესაძლებლობას, თუ ვინმემ იცით მსგავსი რამ, გონების სტუმრებო, ამ აბზაცთან შეგიძლიათ ფანქრით აღნიშნოთ (სკოლაში ინგლისურის გაკვეთილზე რაღაც-რაღაცებს ამგვარად ვნიშნავდი). ადამიანმა არ იცის, როგორ განსაზღვროს ასაკობრივი სიგრძე, მაგრამ ამას მაინც თავადვე აკეთებს. რა შეიძლება იყოს ის, რაც ჩვენგან დამოუკიდებლად გვასაზღვრინებს ჩვენსავე სულდგმულობის საკითხს. ახლა თავი მარიონეტი მგონია, მარიონეტამდე მაკნატუნა გამახსენდა და იძულებული ვარ losing my religion გამოვრთო და ჩაიკოვსკის დავუთმო იუთუბ ასპარეზი. იქნებ ცხოვრებისადმი მიდგომა განსაზღვრავს და ადგენს ვინ ახალგაზრდა, ვინ ბებერი და ვინ გადამწიფებული დაემშვიდობება მზის ქვემოდან ცქერის ბედნიერებას. ცხოვრებას ვაძულებთ თავს თუ პირიქით? იგი ლაკმუსის ქაღალდია და სხვადასხვაგვარად შევფერავთ. სანამ ყველა არ გაიცრება ლაკმუსი არ დაიხევა, - ცხოვრება არ დამთავრდება, სანამ ადამიანი იარსებებს და ადამიანის არსებობა უსასრულოა. ეს ყველაფერი „ფეის კონტროლს“ გავს, თითქოს, მიწიერება გამოცდას გვიწყობს, თუ ჩავაბარებთ, სამარადისო კლუბში ჩავალთ ბანალური სახელით -„ფერედაის“ ?! შეგვიშვებს დაცვა თავისი ცხრა ფრთით?! თუ მიწიერ ყოფას გამოცდად ჩავთვლით, რომლის ბარიერის გადალახვის შემდეგ უკეთეს სამყაროში ვხვდებით, მაშინ გამოდის, რომ ასაკობრივ სიგრძეს ამგვარად ვსაზღვრავთ, რადგან ზოგი თავსატეხს მალევე ხსნის, ზოგიც გვიან, ზოგი ვერ და ასე შემდეგ. ოღონდ, რა არის სწორი პასუხი ცხოვრებისეულ კითხვებზე? როგორ მივიღებთ დადებით შედეგებს ? როგორ უნდა ჩავაბაროთ გამოცდა და თუ ასე მოხდა კიდეც, ჯილდოდ რა, სიკვდილი გვერგება? - აბა, სხვაგვარად როგორი იქნება ჩვენი ყოფა თუ გავცდებით სიცოცხლის საზღვრებს? სხვა რა უნდა ეწეროს წარმატების სიგელში? გაცემის ადგილი - დედამიწა, სერთიფიკატის ასაღებად მიმართეთ ზეციერებას ათ სამუშაო დღეში? არ მომწონს ეს ჯილდო, არ მსურს ჩავაბარო ეს გამოცდა. ფინქ ფლოიდი - another brick in the wall. მე და ჩემი მეგობრები უნივერსიტეტის წინ ვუსმენდით გამოცდამდე 1-2 საათით ადრე, კარგად ჩავაბარეთ ეგ ფინალური. გამოცდების გახსენება არ მომწონს, საამაყოდ ვერ ვარ მაგ პერიოდში. უხეშად ჩავკეცე წიგნის ფურცელი, საიდანაც ოდესმე გავაგრძელებ კითხვას, თუმცა ეს ნაწილი ისე რიხიანად დავასრულე, შესაძლოა ამ მაკულატურას ქაღალდები ისე შეუხორცდეს, რომ აფარას ბოდვამაც ვერ გამახსნევინოს. ისევ ცარიელია საფოსტო ყუთი, მხოლოდ სუპერმარკეტების წერილები იკავებენ ადგილებს დაბლოკილი ეკრანის წინა რიგებში, უკან მათ რამდენიმე პროვაიდერიც მიუსხდათ, მაგრამ არა-რობოტული წარმოშობის შეტყობინებებს ისევ არ უნებიათ მობრძანება. ნეტავ თიკა თუ მივიდა სახლში, რატომ არ მეხმიანება, არ მინდა მე დავუკავშირდე, ზოგჯერ საკუთარი თავი საკმაოდ აბეზარი მგონია და უკვე ჩადენილ სოციალურ სიახლოვის პროპაგანდულ ღონისძიებებსაც ვნანობ. ხშირად ვფიქრობ რომ ადამიანებს, თუ თავს მათზე ყოველი გაფიქრების პარალელურად შევახსენებ ფეხებში გამოვედები. სამწუხაროდ, თიკასთან სიახლოვის სურვილს ჩემს გონებაში არსებული მისი ჰოლოგრამა აქარვებს. რა შეიძლება იყოს ამ ოთახში იმდენად მიმზიდველი, რომ დაუყოვნებლივ შევწყვიტო უგონო მოზარდივით აზროვნება და რამით დავკავდე, რამით, რაც არ მანანებინებს პარასკევის გაფლანგვას ძილის წინა სასამართლოზე, ყველა რომ ვმართავთ ხოლმე საკუთარი თავებისათვის. ჰარმონიკა ზედმეტად ხმაურიანი იქნება, მოდი ასე გავამართლებ დაკვრის არცოდნას. მიხარია რომ ამას ხშირად არ ვაკეთებ (თავის მართლებას ვგულისხმობ). საყვედურებს კი ვიღებ,ზედმეტად გულახდილობის გამო. საყვედურს იმიტომ, რომ მოსარჩელე მხარის აზრით, ჩემს იმიჯზე მოქმედებს და ზოგჯერ მრგვალჩარჩოიანი მხედველობის სათვალის მორგებაა საჭირო, წვერზე ხელის მოსმა და მჭევრმეტყველური მზერის თანხლებით აბსურდული, მაგრამ საკითხთან მიახლოებული „ჭეშმარიტების“ ყბედობა. მე კი მგონია, რომ თავჭერსმირტყმული ქადაგებისას ბევრად სასაცილოები ვჩანვართ, ცოტათი საწყლებიც და რაც მთავარია უღირსები. დავწერ. ნოუთებში ციფრული ლექსები იწერება, პიქსელურ ქაოსზე და ქსელის მაგიებზე. ახლა სანზონის მთვარე მახსენდება და სამუშაოდ ტრადიციულ „დაზგას“ ვირჩევ. უფრო სიბნელეში ვინაცვლებ (შუქს მაინც არ ვაქრობ, დიდად კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს უკუნითში უკუნისამდე), სადაც ნათურიდან ოდნავ ბჟუტავს კინკილა სხივი. იქმნება განწყობა და იწერება ბევრი უადგილო სიტყვა, მელნის ფლანგვა და თაბახის საწამებელი კაწვრის რიტუალი უღიმღამოდ სრულდება, ქირდვა დამცდება და ისაა გემრიელად შეკურთხებაღა მრჩება უშედეგო მცდელობის გამო, რომ ნაპერწკალივით ღვივდება მომხიბლავი სიტყვა გონებაში, სასწრაფოდ ვინიშნავ და ჩონჩხზე ორგანიზმს ვაგებ - „ თეთრ ღამეებს ჩემო წრფელო ღონეს ართმევს გათენება, დასჩვევია იმ თვეს ღამით ცხოველ მთვარეს გახელება, უნატრიათ ვარსკვლავებსაც ნაზი სიოს წამღერება, მათზე ნამშობ ფიქრთა ქროლვით სიზმრებისკენ წასვენება“ - მერე არ მომწონს და სადმე მივაგდებ. იძულებული ვარ ისევ იმ წიგნით გავწელო საათის მყარი ისრები. სალვადორ დალის აზრით ფიზიკა მაპატიებს ამ მკრეხელობას მყარ ნივთიერებათა თვისებების შესახებ. მშვიდი განწყობით ვუდგები საქმეს, ვუახლოვდები ნარატივს და ვაგრძელებ ფილოსოფოსის როლის თამაშს. კარგი რა, ამ ყველაფრის მიმართ ისედაც ლოდად ჰქონდა გამობმული კთხვის ნიშანი ჩემს ინტერესს, ახლა ამ პირობებში უნდა ვარჩიო სიტყვები? - საკმაო რაოდენობის გვერდზე პრინტი მთლიანად გადაშლილი დამხვდა, ზოგი ადგილი ამოხეულიც კი არის და უაზრო მინაწერები დედანს ისე ფარავენ, როგორც ჩემი ერუდირების სურვილს უქმად გდების რომანტიკა. უცნაური კია, ამ ფორმაში გვერდების ნახვა ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ თითქოს, ასე სპეციალურად დაბეჭდა სტაბმამ. მაშინ არ იყო დიზაინის კურსები? ყოველთვის მომწონდა ჩვეულებრივი ადამიანის ნაწერებში ქექვა, ჩვეულებრივში არც პოეტსა და არც ბასრკალმიან მწერალს ვგულისხმობ. მეგობრების ნაწერები მიპყრობს. მათი ფიქრები, დამოკიდებულება და გადმოცემის ფორმა საკმაოდ საინტერესო და ინტიმურია, ვგონებ, ყველა დამეთანხმება. ახლა უცნობი ავტორის (რომელიც მხოლოდ გამომცემლობას ამოჰფარვოდა) ნარკვევებზე კიდევ უფრო უცნობი ადამიანის „ავტოგრაფი“ უნდა ვიკითხო. ყოფილი მკითხველი გარჩევადი მოყვანილობის ასოებით გვიტოვებს ნააზრევს, მისი კომენტარები ჩემდა სამწუხაროდ (ან პირიქით) თურმე უამრავ სპოილერს მოიცავდა და გაუჩინარებული გვერდების საკომპენსაციო ნაწერებთან ერთად, საღად შენახული თავების მიმოხილვაც უნებურად, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. არ გვშორდება ასაკობრივი სიგრძე და „ნახევარსისხლა პრინცის“ აზრები მასზე, მადლობა, ჯოან, „ჰარი პოტერისათვის,“ სნეიპი მაშინებდა, მაგრამ ალბათ ახლა ყველაზე მეტად მას ვგავარ. სწორად ვიქცევი, როცა ვითმენ. თუ თავი უსარგებლოდ მხოლოდ იმიტომ მიგაჩნია, რომ ღმერთმა რაღაცები ვერ დაგამადლა, ნიჭიერების უმარტივესი ფორმა შეგიძლია იარლიყად აიკრა. ისმინე მოთმინებით და ბოლომდე, ასე ვინმეზე არც მცდარ აზრს შეიქმნი და მეტიც, მეტად სწორ შთაბეჭდილებასაც ააგებ. ნიჭიერი ხარ მეგობარო, რადგან უსმენ და მოსმენა ნიჭია. ნიჭზე მეტად კი იგი ხშირად ხსნა და უებარი წამალია. ჰო, გავაგრძელე კითხვა, მადლობელიც კი ვარ უცნობის, რადგან საკმაოდ შემიმსუბუქა იმ ტვირთის წონა, რასაც უღიმღამოდ, თვალთა თრევით კითხვა ჰქვია და ლაკონურად შემომთავაზა მთელი დარჩენილი გვერდები. გეტყვით რომ აღმატებული და ფენომენალური ასაკობრივი სიგრძე ჩვენ მიერ ჩვენივე ქმედებებით განისაზღვრება და ეს უკანასკნელი, პრიმიტიულად რომ ვთქვათ, შესაძლოა იყოს კარგი და ცუდი, კეთილი და ბოროტი, ინი და იანი, მე და თიკას მეგობარი ან თიკას მეგობარი და მე. აბარებ ცხოვრების გამოცდას, იღებ ჯილდოს და ახლა წესით უნდა ვთქვა რომ ასაკობრივი სიგრძე იზრდება, მაგრამ ყურადღებით, დრამების ხმა ისმის, ბუკი და ნაღარა ხელებში გვადნება, ცხვრისტყავგადაჭიმული დოლი ბღავის და - და,და,და,დამ - სტადიონის დიქტორის ტონით გაცნობებთ, რომ ასაკობრივი სიგრძე მცირდება - წყდება - კვდები - ქვესკნელდები ან ზესკნელდები, რა მნიშვნელობა აქვს, ნირვანას ვერ მოუსმენ, ვანილის ნაყინს ვერ შეჭამ, ჯანდაბა, ბერნაბეუზეც ვერ წავალ და ესაა არსი ? - ვინ არის გამომცდელი?- კითხვა არაკორექტულია, ვასაჩივრებ, აპელაციისთვის ვის მივმართო?! როგორ შეიძლება ვიმარჯვებდე და გამარჯვების თასი საწამლავით იყოს სავსე. თავს ვაწონებ განგებას და თუ სრულ ჭკუაზე ვარ, არ მსურს მოვხიბლო იგი, რომ მაშინვე არ მომშთოს - თვალები ავატრიალე, რაღაც ბგერა აღმომხდა და წიგნი ვისროლე. ისე გამოვიდა, რომ ღია ფანჯარაში გაიფრინა ვითარცა სხივმან მზისამან და კონდინციონერის გარეთა ყუთს ქაუბოივით მოახტა, თითქოს ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები, როცა გადავიხედე მესიამოვნა, რომ მეზობელი არ შევაწუხე და თან მთელი არსებით ვამბობ ამას, ეგ გადაყრილი ხუთი ლარიც მოვიშორე. საპასუხო სიჩუმეზე ხმამაღალი რამ თუ გახსენდებათ?! - ყველაზე მეტად ძილს ის ხმა მიფრთხობს, რომელიც სინამდვილეში არც გაჟღერებულა. სხვადასხვა მოცემულობაში ურთიერთობის ერთნაირი გამბედაობით დაწყება ძნელია. გააჩნია რის პასუხად ვიღებთ არაფერს. ზოგჯერ საკმარისად ჩურჩული მიგვაჩნია და ამ დროს მინისგამბზარავი ძახილია საჭირო. გასაკვირი არაა რომ მომშივდა. თბილისი-ზუგდიდის ჩქაროსნული მატარებელი ავითარებს ნეტავ ამ სიჩქარეს, რითაც მაღაზიაში ჩასასვლელად თითქმის მოვემზადე?! - საბოლოო შტრიხი - ხურდა ლიფტისთვის. პერფექციონისტებიც კი ვერ დამიწუნებენ ეკიპირებას. ლიფტს არასდროს ვაქცევდი ყურადღებას, ერთხელ დავფიქრდი და როგორი მესაიდუმლეა იგი: უსიტყვო, ერთგული, ბრძენი, დინჯი, თბილი ხან ცივი, სარკიანი, - როცა ესაუბრები შენ თვალებშიც ჩაგახედებს, რომ ნახო რამდენად მართალი და გულახდილი ხარ, ასე ლიფტი ეგრევე აგაწითლებს, მერე მორცხვობ და ფართე გუგებითა და გულუბრყვილობით პატარა ბავშვის მსგავსად იწყებ ლაქლაქს. „ ლიფტი არ მითმენს წუწუნს, ვოლფრამი ბჟუტავს სუსტად, რომ მოესმინა ყრუ-მუნჯს გადავუხადე ხურდა.“ ლიფტს არ უყვარს ყბედობა, როცა სიტყვებს ხარახურებად აქცევ უმალვ კარს გაგიღებს და მასში გაკრულ რეკლამას ვინდოუსის გადაყენების თაობაზე დღის სინათლე ეფინება, შენ დაბნეული სადარბაზოში აღმოჩნდები და ტელეპორტაციის გჯერა, ან უბრალო ფიზიკის და აგრძელებ გზას, ჩემს შემთხვევაში, ახლა, პარასკევ საღამოს მარკეტისაკენ. უბრალოო ვთქვი და კატაც შემხვდა ბრენდული ჯიშისაგან დაახლოებით იმ დისტანციის მქონე, როგორც მე და ბაგრატიონების საგვარეულოს გვაქვს ერთმანეთთან. უბრალოებაზე სანამ გადავერთვები, ლიფტის პორტრეტს იმას დავუმატებ, რომ ვერაგია. ვერაგია ეგ ბებრუხანა, საძულველი რამაა. ამას ორი გაგებაც კი შეიძლება მოვუძებნოთ, ერთი ისეთია, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს რომ უყვართ, მეორე -საწყენი და საშინელი. პირველი, ლიფტი ცუდია იმიტომ რომ გვაზარმაცებს როგორც ფიზიკურად ასევე მორალურად, ეს ყველაფერი ჰორმონების ხელოვნური გზით შეყვანას ჰგავს. როცა ორგანიზმი ნივთიერებას გარედან იღებს, ზარმაცდება და წყვეტს მის შინაგან პროდუცირებას, შემდეგ გარე-საჩუქრებს რომ ვერ მიიღებს ხვდება რომ შარშია, მთელი არსებით ცდილობს ახლა უკვე თვითონ შექმნას, დაასინთეზოს, ეს კი ცოტა არ იყოს, უშედეგოა და გამომმუშავებელი ჯირკვალი ზომაში ტყუილუბრალოდ მატულობს. კუნთივით! (ჩიყვი თუ გაგიგიათ, ახლა მასზე ცოტა მეტი რამ იცით). ლიფტი განა ასე არ გვექცევა? სადარბაზოში შესულებს გვხვდება კიბე - ჩვენი ჯირკვალი, რომელსაც არ ვამუშავებთ რადგან ვირჩევთ ლიფტს ანუ - ეგზოგენურად მიღებულ ნივთიერებას. რუტინულად ამგვარი არჩევანი იმდენად გვაზარმაცებს რომ სულ არ ვფიქრობთ რა არის კარგი ჩვენთვის. აი, როცა ლიფტი არ მუშაობს, კიბეზე ქოშინის გარეშე ასვლას სულ ტყუილად დავისახავთ ხოლმე მიზნად. გაგვაზანტა, დაგვაბლაგვა, დაგვასუსტა და დაგვაჩაჩანაკა! დამოკიდებულები გაგვხადა. ამგვარ ღრმა წვდომას რომ გავცდეთ და მეორენაირი გაგებითაც გავიგოთ, უნდა ვთქვათ, რომ ლიფტი მკვლელია. ლიფტები განაახლეთ, ამხანაგებო! დაეხმარეთ ამაში ხალხს უწყებებო. ლიფტებმა ოჯახებში ფერადი ფარდები ჩამოხსნეს, საუკუნის ტროსები ვერ იკავებს ამდენ საიდუმლოებიან ლიფტს, ადამიანებო. ასე დავტოვე კაბინა და სადარბაზო, ცოტა ხანში კორპუსის პატარა ეზო, ახლა დაღმართს დავადექი, თასმა გამეხსნა და რეფლექსურად შევკარი პეპლის მსგავსად. როცა არ მეზარება, ან როცა არ მაწვიმს, ჯანელიძის კვანძს ვაკეთებ გასართობად, ეს უნივერსიტეტის ცოდნის საგანძურიდან გადმოვარდნილი ოქროა, ან ოქროსფერი რკინა. დაღმართის დახრილობა და ჩემი წონა ისე სინერგისტულად იწყებენ ფიზიკის კანონების მტკიცებას, რომ ასე მგონია, სიარულისას ყვრიმალზე მარჯვენა და მარცხენა მხარის ლოყები ერთმანეთს ენაცვლებიან, ხელები ერთიმეორეს მარშის პრინციპით ცვლიან და ფეხსაცმლის წვიმიან ამინდში ასფალტთან შეგებება შარვლის ტოტებს ლაქებთან ამბორად უჯდებათ. ფაქტი, რომ შარვალი მესვრება, თავს ბედნიერად არ მაგრძნობინებს. საფირმო თვალთა ტრიალი ქვემოდან ზემოთ ქუთუთოთა მოდუნებითურთ და გზა კვლავ გრძელდება. ეს პოეტურად, თორემ, არც შემისვენია. ეზოს ფისოს უბრალო რომ ვუწოდე, მერე ამ სიტყვაზე დავფიქრდი. უბრალო თუ ბრალეულობისგან თავისუფალს ნიშნავს, ბედნიერი ვიქნები თუ ასე მომიხსენიებენ. რიგით, ჩვეულ საგნებს ვუწოდებთ უბრალოს, არაფრით რომ გვაკვირვებენ, მაგრამ ადამიანების უბრალოება მე მაკვირვებს, მაოცებს და მიტაცებს კიდეც. უბრალოები არ მებრალებიან, მე მათ პატივს ვცემ. უბრალოებას ამოფარებული უღიმღამო არსებები კი მძაგს, არ მევასებიან. ამასობაში, მომისხამს მოსამართლის მანტია და ისე ვურახუნებ მრგვალ რაღაცას ჩაქუჩს, თითქოს მე არ ვიყო ცოდვის ტალახში ნაბანავები და მაგასთან ერთად აგერ უბრალო ტალახშიც. არც უბრალო ტალახი მევასება და არც ეს ჟარგონი მეხამუშა ამ ჯერზე. ქართველებს ბარბარიზმები გვიტაცებს, ვაი რომ მშობლიური ენისგან ეს სიბინძურე მართლა გვიტაცებს. უნდა მოვუფრთხილდეთ ფასეულობებს, რომლებსაც ფასი არც ერთ მატერიალურ ვალუტაში აქვთ, არც კრიპტოში. კაროჩე, ფასდაუდებელია. ყველაზე ცუდი და სანანებელი თვისება რაც მაქვს ისაა, რაც წეღან მოგხვდათ თვალში - საშუალო დონის სალექციო კურსის შემდეგ იგივე მძღნერში ჩავრგე თავი. რამდენიმე მეტრი ჩავიარე. სკვერს გავცდი. ღმერთი როდის გახსენდებათ? ამ კითხვაზე ჯვარს ვამოწმებ ხომ ადგილზეა. ვრწმუნდები და თან ვიცი, რომ მასზე საუბრისას ხელს არ გავუშვებ. გონებაში სამება მაშინ მიტრიალებს, როცა ვაცნობიერებ, რომ ძალ-ღონე და ნერვული იმპულსების გადაცემის სიჩქარე საკმარისი არაა იმისათვის, რომ მომდევნო დღის სასემინარო მასალა თავის ტვინმა შეითვისოს. კიდევ ლიფტის შესაწირში უკანასკნელი ხურდის ჩაგდებისას, რომ არ ჩაყლაპოს ამ ვერაგმა და ყოველ ღამე სანამ ძილის მცდელობა მექნება მე მახსოვს ღმერთი. ალბათ, იშვიათთაგანი მორწმუნე ექიმი ვიქნები, ან ქართულ რეალობაში, უმრავლესობის სახელით ვიასპარეზებ ქრისტიან თეთრხალათიანთა ლიგაში. ღმერთო, იმ წიგნის გამო, დღეს რომ ჩავიკითხე და ახლა ილუმპება, ისევ ჩავფიქრდი. სანამ ეჭვი გამიჩნდება, რომ სწორად ცხოვრება კარგს არაფერს მომიტანს, ნაბიჯს უნდა ავუჩქარო რათა საფიქრალი მხოლოდ პურის მწარმოებლის არჩევა გამიხდეს, მარკეტში, პურის სექციის წინ. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა, მეტყველი მზერით არჩევს თეთრს რუხისგან და ქართულს სომხურისაგან. ეს სანახაობა ნამდვილად არ მოგაგონებთ როდენის მოაზროვნეს, მაგრამ იმედი მაქვს, არც ისეთი მომაბეზრებელი ვიქნები, რომ კონსულტანტი თავს ამარიდებს და ცხელი პურის ახალ პარტიას სადმე შორიახლოს დააწყობს რათა არ გადამეკვეთოს, რამეთუ, სახეზე მეწერება რომ პასუხგაუცემელ კითხვებს ვსვამ ან კი უბრალოდ იმიტომ არ მიახლოვდება, რომ პურების ყუთიდან დახლზე გადმოტანა ეზარება. ასე გავფანტე ფიქრები აწ უკვე სველ წიგნზე და ამ კომენტარით ისევ წაკითხული მახსენდება, მაგრამ მე უკვე მარკეტში ვარ. ეს მომენტი ეპიზოდს მაგონებს ბავშვობიდან. საძინებელში შუქის ჩამრთველის გამორთვის შემდეგ, ბნელ ოთახში საწოლისაკენ რომ მთელი ძალით მივიწევდი, თითქოს რაღაც მომსდევდა. როცა საბანს დავიფარებდი უკვე სამშვიდობოს ვიყავი და მეგონა ანგელოზთა დასი მიცავდა, არადა თბილი საბანი იყო. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, ახლაც მასე მივრბივარ საწოლისკენ. მარკეტში პურის დახლთან ცოტა ხანს ვიდექი, ორი თეთრი ავიღე და ამ ხნის მანძილზე არ მოუტანიათ ცხელი პური, შესაბამისად არც კონსულტანტს მოუწია საქმისათვის თავის არიდება. პურთან ერთად შევიძინე რძის ნაწარმი და რამდენიმე ხელოვნური ხორცეული. პეპსიც. სალაროსთან პარკიც ვითხოვე, ბარათი დემონსტრაციულად გავამზადე და ამით მივანიშნე მოლარეს თუ რომელ ბანკს ვიყენებ, ასე დრო მოვიგეთ და სამი წამით რიგში ჩემს უკან კაცს ლოდინის დრო შეუმცირდა. ის დაღმართი ხომ გახსოვთ, რომ ჩამოვიარე, ახლა უნდა ავიარო. არ მოგაწყენთ იმაზე საუბრით, თუ როგორ ავრიე დაღმართის ყველა ფიქრი და ფსევდო-სამოთხის სამსჯავროს შესასვლელთან არსებულ ყოვლადუღირს განმსჯელ მოკვდავთა საფონდო ბირჟაზე შევუცვალე მოტივი თუ მორალური ღირებულება. ბინაში ვარ და რაც მარკეტიდან მისაღებამდე არსებული დროისა და მანძილის მონაკვეთში გამიჭირდა, სიბნელეში საკეტისა და გასაღების ურთიერთშეთანხმებული მოქმედება და დიპლომატიური ენის გამონახვა იყო და ფორცა იტალია, სპაგეტი მალე გალღვება ყველაზე დიდი კამფორის წნეხის ქვეშ. გემრიელი იყო ცხიმიანი ვახშამი, ყავაც ტკბილი და მძიმე, ასეთს ვსვამ. წიგნიც ნორმალური, ეს საკმაო ხანგრძლივობის დღეც არ უჩიოდა ბედს. ცოტა ხანში დავიძინებ, ალბათ. ისევ პარასკევია. იურიდიულად და იმ კალენდრით რომელსაც ვაღიარებთ, უკვე შაბათი, მაგრამ დღეების ცვლილებას გამოძინების გარეშე ვერ აღვიქვამ, თან ჯერ მხოლოდ შაბათ დილის პირველი საათი სრულდება. ძილისწინა სასამართლო რომ ვახსენე, რაღაც მსგავსი მქონდა და მსაჯულებმა მცირეხნიანი უძილობა შემიფარდეს. მართალია მაიკლ სკოფილდის პროტესტის მუხტი და სიმართლისკენ სწრაფვა მომწონს, მაგრამ მასთან შედარებით მორჩილი ვინმე ვარ და სასჯელს ვიხდი - არ მძინავს. როგორც პატიმარს ჩაითრევს ღრმა აზრები, ახლა ჩემი ცხოვრებაც და მის მანძილზე ნაფიქრი რაღაცები მატარებელივით დაგრიალებს საკუთარი წარმოსახვის რელსებზე. ვერ უარყოფთ, იცით რასაც ვგულისხმობ. თუ უარყოფთ, ამაზეც მაქვს აზრი, თქვენ რა, განსაკუთრებულობა მოგნდომებიათ? - ადამიანი ბრძანდებით, როგორ არ გიფიქრიათ დაძინებამდე საკუთარ თავზე, შეცდომებზე, მომავალზე... ვფიქრობ, რომ ვინც რიხიანი ტონით ამბობს: „უკაცრავად, მე ყველა არ ვარ!“, - ის, ყველაზე მეტად არის ყველა. ჩვენ ყველა ვართ, ჩვენ ადამიანები ვართ და ვფიქრობთ ძილის წინ. კარგი რა, ვინმე მართლა ითვლის ცხვრებს ჩაძინებამდე?! ზოგჯერ, აღარ ვიცი საით გავიხედო, საით წავიდე, რა გზით ვიარო, ისეთ გარემოში რომ აღმოვჩნდე, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობ. „რეალობაში თუ მოვძებნი მე ჩემს სამყაროს, პრობანდს ვუწოდებ საკუთარ თავს - სხვამ არ დამასწროს.“ - ნაღდად, შენს პატარა დედამიწაზე, შენს პატარა გარემოში, შენს კომფორტულ საზღვრებში რომ სხვა დაიწყებს ნორმების დაწესებას, ალბათ, არ გესიამოვნება და ამაზე თავიდანვე იზრუნე. დაარქვი საკუთარ თავს მნიშვნელოვანი, იცხოვრე შენი წესებით. ვიცი, ზოგჯერ რთულია მივყვეთ იმას, რაც სწორად მიგვაჩნია, ვიცი ზოგჯერ ყველაფერი კარგად გვესმის, თითქოს ტვინი გაიდლაინებით გვაქვს გამოტენილი, მაგრამ მათი შესრულება მაინც ასეთი რთულია ხოლმე. ჩემი წესებით ვიცხოვრო? - დიახ ბატონო, შევძლებ, შევძლებ მანამ, სანამ ისევ თიკა გამახსენდება და ჩემს დაწესებულ ძილის დროს რამდენიმე საათით გადამიწევს. ოთახში მივედ-მოვედები, იქნებ ჰაერმა გამომაცოცხლოს. ინერტული ფერები, ვიხედები ფანჯრიდან და ვამჩნევ, რომ ცა, ისევ მინორში უკრავს ღამის სერენადას. სანზონის მთვარე არც ისე საამაყოდ ბჟუტავს. მგონია, ეს სევდიანი ბგერები ადრესატის უყურადღებობის ბრალია, უსუსური კვაზიმოდო ვარ და უიმედოდ შევციცინებ ესმერალდას. ველოდები გაყინულ დროში, რომ ზეცა დილის პარტიას არ დააყოვნებს ცოტაოდენ იმედთან ერთად, მაგრამ ამავდროულად, ვამჩნევ, ეს ყველაფერი თავის მოტყუებაა. ფანჯარა დავკეტე, კიდევ ერთხელ გავიხედე გარეთ და უკვე შორიდან უაზროდ ვუყურებ წელში მოხრილ ჯუჯას, - ჩემი ანარეკლი შემრჩა ხელში. 2 ისე უაზროდ ჩამეძინა, დილით ცოტათი შემეშინდა კიდეც, რადგან გასული ღამიდან არაფერი მახსოვდა, მხოლოდ სიბრაზე უძილობის გამო. ტელეფონს ძებნა დავუწყე, უკოორდინატო ადგილას ვნახე და რომ არ ჩაირთო საშინლად გავიფხორე, ვერ ვიტან, როცა ელემენტი დაუმუხტავი მრჩება, დამტენიც არაა ადგილზე, დილა საშინლად იწყება. ფარდები ჩამოფარებულია და არ ვიცი გარეთ როგორი ამინდია. ამიტომაც, ახლა,ჩვენ ყველა, ვისაც დილა გეგმის მიხედვით მიგვდის ან არა - ფარდას გადავწევთ და.. ერთი წუთით, ნუთუ მართლა მგონია, შევამჩნევ, პეიზაჟს თბილ და სათნო ფერში, გრძნობით მონათლულს, ამის გამო კი, არსად გავამხელ, რომ ოდესღაც ეს ჰარმონია ავად შევრაცხე, წვიმა რომ ვინატრე. ფეიქარს ვკიცხავთ, რატომ არ კემსავს კოცნით-მოქარგულ ლამაზ ხეივანს ძველებური მონდომებით, რომელსაც დღეს ისევ გავივლით, სამსახურებში, უნივერსიტეტში ან რაიმე კანტორაში მისვლამდე, არსად გვესმის ხმა, რითაც მღერის ახალგაზრდა აისი, ნუთუ ისევ დავიმალებით ამ ოთახში მძინარე მტვერად. - თქვენ ახლა მოისმინეთ ახალგაღვიძებული ადამიანის ბოდვა. როცა ვახსენე, მზე ვლანძღე, რადგან წვიმა მინდოდათქო, ამან დამაფიქრა. უცნაური რამეა. აი, მაგალითად, ჩაისეირნებ თებერვლის თვის ქუჩებში. გადათოვლილ ეზოს სკამზე გათოშილი ხელებით მიმოფანტავ სითეთრეს, დაჯდები და იტყვი, ო, როგორ ცივა! ინატრებ გაზაფხულს და გაგახსენდება, რომ გაზაფხულზე ზამთარი ისურვე. ამის შემდეგ შეეგუები ბედს და სხეულს ფიფქის ტემპერატურას შეჭმუხნული სახით მიაჩვევ. იტყვი, რომ უკვე აღარ ცივა! წამები თამაშობენ და შენი ჯერი არა და არ დგება. მოთმინების ფიალა გეწურება და მარცხენა მაჯაზე საათისაკენ მიმართული გამჭოლი მზერით მათ სიმყუდროვეს არღვევ. მეგობარო, ციფერბლატისკენ მწველი მზერა არ ააჩქარებს დროს. იაზრებ, რომ ლოდინი საკმაო ხანს გიწევს. ასე ეგუები შენს ცხოვრებაში თითქმის ყველაფერს, მეორე ლოყის პრინციპით, აი, დარტყმის მერე რომ უშვერ, რადგან შენ ძალადობას გმობ და ჰუმანური ხარ. ჯერ საწოლიდან არ ვდგები, უქმე დღეა, ტელეფონი იტენება და საკუთარ თავთან კვლავ მარტო ვარ. გუშინ შუა ღამემდე, სანზონის მთვარე სავსე და ზედმეტად მკვეთრი იყო, მერე ღრუბლებმა ჩაფარცხეს და სანამ ასე მოხდებოდა კარგა ხანს ვუყურე.ღამის სინათლის წყაროს სისავსემ, შემასისხლხორცა მარადისობის დაუწერელ კანონთან, ვუყურებდი და ვფიქრდებოდი. გონებაში მიჯდებოდა აზრი რომ მთვარეს და ადამიანის სულს ღმერთმა ერთნაირი ფერი არგუნა. ყველაფერი წმინდა ვერცხლისფერი მგონია. მარადისობის კანონი კი არის ასე, - სიკვდილი არ ნიშნავს დასასრულს, პირველ რიგში ეს დავიმახსოვროთ. სიცოცხლის შემდეგ იწყება ნაღდი არსებობა, ჩვენთვის ჯერ შეუცნობელი. ისე ვლაპარაკობ ახლა, როგორც ქართველები ევროპასა და მის პერსპექტივებზე, მაგრამ მართლები ვართ მეც და სხვა ქართველებიც, აბა, როგორ?! ორივე მსგავსი რაღაცაა, ერთი სამყაროს შეცნობის პრეტენზიის მატარებელია, მეორე - ადამიანური ხელფასის და ნორმალური ცხოვრების სურვილით ნაღაღადარი. რაღაც რომ წამოგცდება და რამდენიმე წამიანი დაგვიანების შემდეგ თვალების უეცარი გაშტერებით, აწეული წარბებით, დანაოჭებული შუბლითა და გაოგნებული გამომეტყველებით შენი სახე ამაზე უკვე გასაგებად რომ მეტყველებს - ეგრეა ჩემიც ახლა. რაო, რა მაფიქრა სანზონის მთვარემო? - სიცოცხლის მერე იწყება ნაღდი ცხოვრება? - ეს მთვარემ თუ იმ წიგნმა, ნეტავ. ახლა ამაზე დავფიქრდი. წამით ვუშვებ ფაქტს რომ არც ისე ცუდია, თუ დავტოვებ ხმელ და ყავისფერ ხმელეთს... ნუ, ფრენებს არ ვგულისხმობ, აქ სამარადჟამო რეისზეა საუბარი. მცირე ხნით ვეთანხმები იმას, რასაც ვაკრიტიკებდი უწინ. მაგრამ, თიკა, ეს განცდები. სიშორე, სიახლოვე, ცოტა ბედნიერება, ცოტა წვალება და ბევრი, გაურკვევლობა რომ ასე მიზიდავს, მე მეშინია, რომ საეჭვოდ ემთხვევა უამრავი დაუწერელი კანონი ერთმანეთს. მაფიქრებს ფაქტი, რომ შესაძლოა სიკარგე ვიზა იყოს პასპორტში, არა შენგენის, არამედ სამარადჟამო ვიზა, და ამიტომაც ხომ არ ჩამოვაგდო ლარნაკი მაგიდიდან, განვარისხო საქსოვი ჯოხებით ეკიპირებული მესაზღვრე ბებო და ამ წყრომის გამო მან არ გამატაროს საზღვარზე, არა ევროპის, არამედ სამარადჟამო. ამ წამს ვიფიქრე, რომ თუ სიკეთეს საწოლქვეშ შევაგდებ, იქ, სადაც მას არასდროს დავუწყებ ძებნას, ადგილს გავინაღდებ დედამიწაზე, თიკასთან და სხვა კეთილდღეობებთან ერთად?! - რამეთუ (თუ) მართლაც კეთილი საქმე ჯილდოდ უწონობას გვიბოძებს, ცუდი - მარადიულ, მაგრამ არა საყოველთაოდ ცნობილ მარადიულ, არამედ ფზიკურ, დედამიწურ არსებობას გვიძღვნის. სად არის ყავა? - ყავა მჭირდება, თორემ ჯერ ვერ გამოვფხიზლდი, მგონი. საქართველოში, როგორც წესი, ყველაფერი ქართველურად როდი ხდება. ზოგჯერ, განვითარების მხრივ, ზედმეტად გადავხნიერედებით და ზოგჯერ გავახალგაზრდავდებით -ტრადიციების თვალსაზრისით. დღეს პირველი, რაც სოციალურ ქსელში მხვდება, შეშფოთებული მოსახლეობის ერთიანად აღტკინება და სამოქმედოდ გამოსვლის სურვილია, სად თუ არა რუსთაველზე. იქნებ დღესაც შევმატო ფინანსები ქუჩის მუსიკოსის გარღვეულ ჯიბეს. ჯერ ვნახოთ, რამ აღაგზნო საქართველო. იმედები მიცრუვდება, რადგან აუდიტორია საჩემო არაა: ფსევდო-პატრიოტები შავ ფონზე თეთრი ჯვრით გაწყობილი დროშებითა და ყალბი რწმენით ნამდვილად არ მოუსმენენ გიტარისა და მუსიკოსის ჰარმონიულ წვალებას, ან ვერ მოუსმენენ, იმდენს ღრიალებენ ხოლმე. ზოგჯერ მათ მეტყველებას ბრუტალურს თავიანთი ფიზიონომია ხდის, ვიდრე შინაარსი. მოუწესრიგებელი იერ-სახე მშრომელი ტიპის იმიჯს სძენს და მოზვერული აღნაგობა მეომრისას. ამას ხშირად სათვალეებითა და მოკრძალებული კონსტიტუციის სქელდიპლომიანი ვიღაც უპირისპირდება და ჯერ-ჯერობით ჩვენს საზოგადოებას პირველი პროტოტიპი უფრო მოსწონს. მეორეს აგინებენ. ამ ჯერზე რა სახის არეულობას გვთავაზობენ? - მათი აზრით, მიუღებელია ეკლესიის პასიურობა ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში, ითხოვენ პარლამენტში დეპუტატებად შევიდნენ სასულიერო პირები, რომლებიც იმსჯელებენ და სხდომების მიწურულს ცალი თვალით ეკრანმიბჯენილები საჩქაროდ გამოსახავენ ჯვარს თავმჯდომარის მიმართულებით. რწმენის ავთენტურობის კოეფიციენტი უფრო მეტია თუ დოლარის კურსი ჯერ ვერ გავიგე, ან ეს ორი როგორ შევადარო ერთმანეთს. მთლად ჯანსაღი არც მოპასუხე მხარეა. თუ ფსიქიატრი ვიქნები და მეც ავადმყოფად არ შემრაცხავს ერი, წესით კარგ გამოცდილებას მოვაგროვებ - ამას ხშირად მიწინასწარმეტყველებენ ახლობლები, მაგრამ არასწორად მიმაჩნია ასე საუბარი. მოკლედ, მოწინააღმდეგე მხარეს ძირითადად თანამედროვე საზოგადოება აღმოჩნდა, თანამედროვე არა გეგმებით, აზრებით, განათლებით, არამედ უბრალოდ ასაკით. ჰო, უფრო ახალგაზრდები ეწინააღმდეგებიან ფსევდო-პატრიოტებს. ოღონდ, ესენიც ფსევდოები არიან, ფსევდო-პროგრესულები, ფსევდო-ლიბერალები და ღირსეულად მატარებელნი უღირსთა წოდებისა, ქართულ მიწასა ზედა. ეს კატეგორია მეცოდება, ცივილიზებულობის დასამტკიცებლად მარტო „თრეშ თოქი,“ უხამსი მონოლოგები და პროვოკაციული, ჭკუანაკლული დემონსტრაციული პერფორმანსები აქვთ მარაგში. ამაზრზენია ორივე პოლუსი, უყურებ და ხვდები, რას ნიშნავს შავი და თეთრი, რაოდენ კონტრასტულია ეს ორი. პატივისცემა გვაკლია. ქსენოფობები ვერ ეგუებიან განათლებისა და აზრის გამოხატვის თანამედროვე სტანდარტებს, სიახლეებს, ფართო ასპარეზს მომავლისა. თავის მხრივ, ახლადგამოსხმული, ჯერაც უმწიფარი და ამავდროულად უკვე დამპალი ვაშლები დანარჩენებს უბღალავენ რეპუტაციას უაზრო ყოჩობით; უპრინციპოები არიან, ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ რომ სამაგალითო ობიექტისაგან მხოლოდ დადებითის ათვისებაა მიზანშეწონილი. ტრადიციებიდან მხოლოდ ცხვრების სისხლით მორწყული ლომისობა ახსოვთ, მაგრამ მთელი ძალისხმევით ივიწყებენ რიდს, თავაზიანობას, სტუმარ-მასპინძლობას, მეგობრობას, დედა-შვილობას, მამა-შვილობას, და-ძმობას, აღმზრდელის სიყვარულს, ზოგადად სიყვარულს. ახლა ჩამონათვალს კონსერვატორების მხრიდან გავაგრძელებ, - კონსერვატორები ივიწყებენ მრევლის სიყვარულს, შვილის სიყვარულს, მოსწავლის სიყვარულს, აღსაზრდელის სიყვარულს, დათმობას. ახლა ორივეს მხრიდან - კონსერვატორები და მოდერნისტები ივიწყებენ ქვეყნის სიყვარულს, ენის სიყვარულს, რწმენას. ენა მამული და სარწმუნოება, მგონი მარტო მათი მანქანების უკანა მინებზე სტიკერებადაა გაკრული. ერთხელ ასეთი სტიკერი რუსული ასოებით გვაუწყებდა ილიას სიტყვებს (ена, мамули, сарцмуноеба!). შევაგინე პატრონს. დღეს არ მინდა გასვლა, ქვეყანა შემეცოდა უცებ. შემეცოდა პირველი პრეზიდენტი და სამფეროვანი დროშა. ნეტავ, დასცლოდა ამ ადამიანს, ადამიანის აღზრდილს და ჩემთვის გმირს, რომელსაც სასცენო სახელი არ ჰქონია და არც სპეციალური მოსასხამი უტარებია. გმირი, გმირი მეგობრებით. იქნებ, მანაც ნაადრევად ჩააბარა ცხოვრების გამოცდა, „ჟიურის“ თავი. ამ ფორმით ნამდვილად არ შეეფერებოდა წუთისოფლიდან წასვლა, ახლა კი, ვერ ვაკადრებდი თხოვნას, გაცოცხლებულიყო. არა მაქვს ჩვენი, ქართველების იმედი, ჯერ უნდა განვვითარდეთ და ჩამოვყალიბდეთ ადამიანებად... უბის წიგნაკო: „არც კი ვინატრებ, არც გავივლებ აზრად, რომ დამცდეს, გამიცოცხლეთქო, ღმერთო ჩემო, გმირის არსება, რადგან მალევე, გული მიგრძნობს, ვიღაც კვლავ გაგცემს, ქართველს სისხლში აქვს იუდათა სიტყვით ანთება..“ დამამახსოვრებელი კი აღმოჩნდა, თუმცა კარგი იქნება ნაკლებად გვახსოვდეს ძმის მიერ ძმისთვისვე მოდებული ყისტი. როდემდე გაგაღიმებთ ამგვარი „ბედნიერება“ დიპლომატიურ ფოტოებში, პრემიერებო?! მეუფეებო?! როგორი გრძნობაა, ხელებს რომ გიკოცნიან?! მე არ მესიამოვნებოდა, სილის გაწნას ვამჯობინებ. რატომ ამცირებთ ხალხს ყოველ ნაბიჯზე. დილა ასე გათენდა. გავბობღდი სამზარეულოში და ჩემი ყავა მივიღე, უცებ დამავიწყდა ქვეყანა და საუზმის შემდეგ მთვარის ადგილზე მზის ბრწყინვალების მნახველი, მაინც ვერ გავბრწყინდი და გავბედნიერდი. რაიმე ხომ არ ვთქვა, დავწერო, შევქმნა, ხმა გაგაგონოთ - ამისთვის ბევრ რამეს არ ვაკეთებ, მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც წერენ ბლოგებს, გვხვდებიან ეკრანებზე და აი, ერთ-ერთი მათგანის შაბათის პუბლიკაცია ინსტაგრამზე: „მხოლოდ ფიქრებში აღბეჭდილი მოგონებები გვახსენებენ დროს, რომელსაც ჰქვია წარსული.“ - ისეთი იდიოტობაა, სისწორეს ვერ შეეწინააღმდეგები მაგრამ ნათელია, რომ სიბრძნის თხელი ქაღალდითაა შეფუთული, აი შემდეგი: „ხშირად ველოდები, რაიმე ნიშანს, ემოციას ან გრძნობას, რომელიც მაიძულებს ან მომანდომებს წერას. ახლა ასე არაა. ახლა არაფერზე მინდა საუბარი, იმიტომ, რომ, ვფიქრობ, არ იქნება ბუნებრივი სიტყვები, რომლებიც განცდის გარეშე მიიღებს შინაარსს, მაგრამ ვცდები. ასე წერა მეტად რეალური იქნება, თუმცა ნაკლებემოციური. მსგავს სიტუაციაში, ალბათ, განურჩევლად ყველაფერზე საღი აზრი იბადება. თითქოს, პიროვნულად არაფერი მაწუხებს, მაგრამ ამაზე მეტი რა უნდა იყოს საფიქრალი, როცა ადამიანს სადარდებელი არ გაქვს?! როგორ არ მაქვს - ცხოვრება დაბრკოლებებს ყოველ ნაბიჯზე გვახვედრებს, დაბრკოლებებს, რომელიც რეალურად მნიშვნელოვან ბარიკადებს გვავიწყებს და ორიენტირებულნი მხოლოდ პირველმათგანთა გადალახვაზე ვხდებით, - რაც არასწორია. პრიორიტეტებზე ვსაუბრობ, რომელსაც იქამდე ვერ ვიგებთ, სანამ მნიშვნელოვანს არ დავკარგავთ ან ვერ მივწვდებით. ამიტომ, მინდა შეგახსენოთ, რომ არ მოიწყინოთ ერთი შეხედვით მნიშვნელოვან, მაგრამ ფარდობითად უმნიშვნელო საკითხების გამო და იყავით ბედნიერები, იმიტომ, რომ ჯერაც გაქვთ იმის ბედნიერება, ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენებით, ადამიანებით და ცხოვრებით იბედნიეროთ. შეეცადეთ მაინც. მინიმუმ, დროებით გუნებას გამოგიკეთებთ. წარმატებები თქვენს მინი პრობლემებთან.“ - იშვიათია, როცა სკეპტიკოსი არ ვარ და ვეთანხმები. ბოლო დროს, არ ვცდილობ წერისთვის რაიმე აღმატებულის პოვნას. რეალობის გადმოცემა უფრო მომწონს, ხშირად ვქმნი მას, რასაც ფიზიკურად ვერ ვეჭიდები, ვერ ვხედავ, ვერ ვგრძნობ. გული მწყდება, რადგან ხელთ არ მაქვს ის, რაც გამაბედნიერებს. ერთ დღესაც ასეთ მოღრუბლულ ხასიათზე მყოფმა გადავწყვიტე, შემექმნა სამყარო, სადაც ჩემი რეალური დანაკლისების ქონით გავბედნიერდებოდი და დავწერე ბედნიერებაზე, დავხატე გაზაფხული, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გავექეცი. ცარიელ ხელებს რომ დავხედავ, მაშინ ვიაზრებ სიტყვების მისტიკას- როგორ შეუძლიათ წარმოსახვითი ძალა შეჰმატონ ხელებს, რომელთაც უკვე ვერაფერი აჩერებთ. მოდი, ახლა, სცადონ ვერლიბრი. უფორმო, ისეთი, ვერავინ რომ მოგცემს შენიშვნას. შენს სამყაროში ხარ, შენი წესებით - ეს კი ლექსია და არ გეკითხებით აზრს, მოგწონთ თუ არა. პროტესტი, ფეხქვეშგაფენილი იმედი, ძალის წყურვილი და ხელმოცარულობა თუ არევდა რითმებს თეთრ ლექსში. სული სხეულსაა ამოფარებული და მის სიღრმეში მგონია კიდევ არის საიდუმლო, რომელიც მიბიძგებს არაფრისგან შევქმნა რამე, რამე ან ღირებული, ან ჩემთვის ღირებული. გრძნობას, რომელიც გალეულ პატრუქს ჰგავს - ჯერაც შერჩენია საღი, დაუმწვარი ბოლო. ეს უკანასკნელი იჩენს ხოლმე თავს, მახსენებს, რომ შემიძლია კიდევ ავანთო - ცოტახნით მაინც. მახსენებს თავს, რომ ისევ სასარგებლოა, ჯერ არ გამქრალა, უნდა, ცდილობს, თუმცა, არ აქვს ძალა რომ იყვიროს, ხმა მომაწვდინოს და ასე ყველაფერს ნათელი მოჰფინოს. უდაბნოში ბედუინს დაკარგული მოგზაურის ქანცგაცლილი, მილეული, მისავათებული, ქვიშადდაშლილი და უდაბნოდ გაფანტული, განწირული ყვირილი საშველად ქარის ხმა და ჩვეული ზუზუნი რომ ჰგონია - ასეა პატრუქის ვედრებაც, მცდელობა ან, უბრალოდ, ქარის ზუზუნი. ყურს მოვკრავ, დავიბერტყავ, არად ჩავაგდებ - ან ჩავაგდებ. ვცდი და გამოვა, ვცდი და არ გამოვა, თავს მოვიტყუებ, რომ შევეცადე სათქმელი გადმომეცა, გრძნობები ან უბრალოდ, შემექმნა პატარა სამყარო, ლამაზი, უსაზღვრო შესაძლებლობებით, რომანტიზმით, გატაცებული ქეთოს ფიქრებით, კიტას ნარკვევებზე აგებული ამბებით. ზოგჯერ, როგორც ვთქვი, შედგება და პატრუქიც გაანათებს - კიდევ უფრო დაიხარჯება, მაგრამ გაანათებს-მეთქი, - შედეგიანად გაილევა, მერე მეტად დასუსტდება და მისი ხმა უფრო იწრიტება. დავწერე რაღაცთქო და შექმნის სურვილი მოკვდება კმაყოფილების მაუზერით. თუ არ გამოვა და, ცოტახანი დადუმდება, - მცდელობა დაადუმებს. შექმნის მცდელობის მაჩეტე აკუწავს ქმედების ნდომას. თუ საერთოდ არ მივაქცევ ყურადღებას, ყვირილ-ყვირილში ძლივსმადევარი ძალა ბოლომდე გამოელევა, ისე მიჩუმდება, სულ ვერ ვიგებ. ახლაც, გონებაში მილიონი სიტყვაა, ბევრი ფიქრი და ფურცელზე რამდენიმეღა გადმოდის. ახლაც ვატყუებ თავს, ეგეც დაოკდება და მშვიდად განვაგრძობ უაზროდ, ჰაერშიგამოკიდებულ, არგონულ ცხოვრებას - გაბრუებული. ეს სამზარეულოს მაგიდაზე შემთხვევით ნაპოვნ თაბახზე დავწერე და კიდევ ერთი ფინჯანი ყავა მოვიმზადე, რადგან ძალიან უხდება დილის სურათს ხალათში გამოწყობილი, თმააბურდული, თვალებმოფშვნეტილი პიროვნება დაბოხებული ხმითა და ყავით ხელში წარმოდგენილი ვიწრო სამზარეულოში, სადაც დილის მზის გამბედავი სვლა შეინიშნება ფანჯრიდან პირდაპირ ხის მაგიდაზე. სხივებქვეშ ფურცელი მეტად თეთრდება და მომენტებში თვალსაც მჭრის, ამიტომ აღარ ვაცდი ალიონის პეიზაჟის დასრულებას წარმოსახვით მხატვარს და ყავასთან ერთად მისაღებში გავდივარ. გითხარით თუ რატომ ვწერ. ამასთან, წერისას პიროვნებას იმ თვისებებით ვამარაგებ, რაც ყველაზე მეტად მაკლია ხოლმე. ზოგჯერ თავს იმის უფლებასაც ვაძლევ, რომ გარკვეული ფორმებით ბნელი მხარეები გამოვსახო, ის ნაკლოვანებები, რომლებზეც არ ვსაუბრობთ, მაგრამ ყველამ ვიცით რომ ჩვენ ფორმირებაში იღებენ მონაწილეობას. ახლა საკუთარ თავს დავხატავდი როგორც უსახოს, სილუეტს, რომლის წინაც უამრავი გზა გაშლილა, მაგრამ თვითონ მათთან (გზებთან) მისასვლელად ვერ მოუნახავს გამოსავალი და ამავდროულად ნაბიჯის გადადგმაც კი არ უცდია. ახლობლები სხვანაირად გამომსახავდნენ ცხოვრებისეულ ტილოზე: მომცრო შტრიხებით დასერილი ოქროს ფერები, - ასე. გმადლობთ დასაწყისისთვის, აქედან ისევ მე გავაგრძელებ - „სარკეში მოსჩანს ახალგაზრდა,პერსპექტიული მომავლით და გარანტიით,რომ ის იქნება წარმატებული და ბედნიერი,მაგრამ ახლა მხოლოდ ლექსებს წერს თავისივე ალტერნატიულ ლირიკულ მეზე,გაცხარებული. წვერზე, მწვერვალზე, სათავეშიმიმომწყვდეული კარიერული კიბის ბოლოს,ყველა ნიშანს დაელოდება,რომ ან აწონოს ან დაწონოს მოცემულობა,ასე მის ხელში კვლავ დარჩება ჰქონდეს უფლება,მართოს ცხოვრება ყველა ფინანსდამოკიდებული კაცის, გარდა ერთისა,ერთი, რომელიც გაჰქცევია და ვერ ეწევა,დიდი ხნის წინათ დაკარგულითავის თავისა. სარკის სურათი ერთდროულად სამ დროს მოიცავს: აწმყოში ხედავს, წარსული ახსოვს, მომავალს ძერწავს. სარკე ხალხისა დეფექტური და მატყუარა, მასში ჩახედვა არის სულის ის სატყუარა, რომლითაც ბევრი მოხიბლული, გაცურებული, არსებობს ქვეყნად მოდულებში გაბრუებული- ერთმანეთისგან ვეღარ არჩევს პლუსსა და მინუსს. გრძნობის სანაცვლოდ გულში ამწყვდევს მოგებას დღიურს.“ - დღიური მოგება სასიამოვნო ჩასაკეტი იქნება გულში, ან ბანკის ანგარიშზე, მე თანახმა ვარ. მომავალზე ვსაუბრობდი და წიგნაკში მინი ანდერძი ჩავწერე, თან დილის „ნიუსმა“ ცოტა არ იყოს, პროტესტანტულ გუნებაზე დამაყენა, არ გეგონოთ ვინმეზე ვბრაზობდე, ახლა სიმართლისათვის გატრაკება მინდა. ანდერძი: „მე რომ მოვკვდები, დამწვან უცრემლოდ, ფერფლი კულონში დაინაწილონ და ჩაკეტვამდე დანამონ გრძნობის ობოლი წვეთით, შემდეგ დალუქონ. დაე, მატარონ გულებთან ახლოს და არასოდეს არ მივატოვო ის ხალხი, ვისაც უნდა, რომ ვნახო, როგორ ირეკლავს პულსი სამყაროს.“ - აზრზე არ ვარ ვინ ჩამომიკიდებს ხელზე, ანდაც დაიკიდებს ყელზე. თიკა რომ არ იქნება ეს ვიცი, ამას წინათ მომავალზე ვსაუბრობდით, გავუზიარე ჩემი სურვილი დავბრუნებოდი დასავლეთს. ძალიან მიყვარს მშობლიური მხარე -ნესტის სუნია შენთან. - მითხრა თიკამ, რაზეც დაუყოვნებლივ ვუპასუხე: -არ ვიცი რომელი ჯობია, კედლები დალპეს, ოფლმაც დაგასხას, ნესტის გამო სული შეგეხუთოს, თუ, როგორც შენთანაა ყველა ეს რიგზე, მაგრამ, მაინც რაღაც გაჟრჟოლებდეს ძვლებში. ლხვება ხოლმე, ლბილდება, იჟღინთება, გაძვრება ადამიანს კანი, ჩამოეფრცქვნება, სანამ მყრალი, ჭუჭყისგან შეღებილი, ყავისფერი სული გამოჩნდება და შენ მყუდროდ ხარ, კომფორტულად. სახლში ხარ, მიჩვეული სიბინძურეს, მაგრამ, მთავარია, ნესტი არ გაწუხებს. - ხვდებით, ალბათ, როგორ ვერ ვიტან მნიშვნელოვანი საუბრების დროს ზედაპირულ პასუხებს, რა თქმა უნდა, ეს სიტყვები ახლა მომაფიქრდა და თიკასთვის მსგავსი არაფერი მითქვამს, - ორი სიტყვით დავეთანხმე და საუბარი განვაგრძეთ. მახსოვს ვიფიქრე, რომ მის მიმართ ზედმეტად დამთმობი ვიყავი, მაკლდა გამბედაობა თითქმის ყველაფერში და ზოგჯერ უღიმღამო ვჩანდი. ამიტომ დავემუქრე, დავემუქრე ქარიზმითა და თავდაჯერებულობით, ნეტავ მაშინვე მეთქვა, ხმამაღლადაც კი შევძლებდი საუბარს, შესაძლოა მიმზიდველიც გამოვჩენილიყავი, მაგრამ, არა. ხომ არ ვეტყოდი, ფიქრებში მრავალჯერ აწყობილ ტექსტს: -იდეალურის ძიებაში საუკეთესო ეტალონად გყავს. ზოგჯერ ქცევით, საუბრით აღიარებ, მაგრამ ვერ გაგირკვევია ეს შემთხვევით ხდება თუ უბრალოდ მოგეჩვენა; თუ კი მომენტი გეცნო - გაიღიმებ, რადგან ეს ქარიზმაა და შინაგანად მოგწონს. - ჩემს წარმოდგენაში ახლა ტონს მაღლა ვწევ და მეტი დამაჯერებლობით ვაგრძელებ: - არ გაგიკვირდეს, სრულ ჭკუაზე ვარ, არც გეჩვენება, არც რაიმე ხმა ჩაგესმის, ახლა დავტრიალდები და წაგლეკავ, მერე მეც გავიღიმებ, ვითომ არაფერი მომხდარა. მას, რის გამოც გული ფეთქავს და ჩერდება უგულებელვყოფ და მნიშვნელობას მივანიჭებ მარკეტინგზე საუბარს. სრულიად ქვეყნის მასშტაბით საქილიკო საკითხს სერიოზულობით წარმოვაჩენ და ვიხუმრებ კლასიკაზე. ამას მხოლოდ იმიტომ გავაკეთებ, რომ შენს სახეზე დაბნეული გამომეტყველება დავიჭირო და ისევ გავიცინო, ეგოისტურად. მგონი კარგია რომ დუმილი ვარჩიე, ჩემს საკოლექციო თაროზე იდიოტის კიდევ ერთი სამკერდე ნიშანი აღარც დაეტეოდა, აქ თქვენ შეამჩნევდით ჯილდოებს წარწერებით: „იდიოტი დუმილისთვის“ , „იდიოტი საუბრისთვის.“ უფრო ხშირად კი, - სიჩუმეს ვირჩევ ხალხთა შორის მშვიდობისათვის, მაგრამ თუ ოდნავ შეეცადეთ, მაგნიტოფონის დამტვერილ FM-ს ისევ გადავრთავ პროვოკაციულ სიხშირეზე, ჰერმეტულად ვუსმენ, რადგან ვფანტავ ჯანსაღ „ნიუსებს,“ – უჯრედისით გამაცოცხლებელს, მე მათ ვამჯობინებ კონსერვების თუნუქის გემოს, ბოლოს, ალბათ, სათვალეს მოვიძიებ „გულის პერანგთან“, მერე კროსვორდის ბოლო შვეულს გავურკვევ ეთნოსს, - ამოვხსნი და საბოლოოდ, მთავარი სიტყვა „ ესკალატორი “ აღმოჩნდება. კროსვორდი გუშინდლიდან ჩამრჩა გონებაში, როცა ერთ-ერთ მიუსაფარს ჩავუარე გვერდი. ხურდების ჯამი გაზეთზე ედო, ზედ კროსვორდების გვერდზე. სულ ორიოდ წამით შევხედე მოხუც ქალბატონს და მახსოვს გონებაში როგორ დამილაგდა დრამატული სიუჟეტი, თითქოს ერქვა ლიანა. -ლიანას არ მოსწონს ლიბერტანგო, ალბათ, მეორე მოქმედება ერჩივნა. იქნებ, ამის გამო აქვს ჩახრილი თავი. იქნებ, დახმარება უნდა, - ჰო, ამიტომაც შევხვდი იქ, ამ მოხუცს. სადად დაძონძილი, შიშველ, მეტალის ხიდზე უსახოდ, უსუსურად დაღვენთილი იყო, ყველაფრის სურვილის გარეშე. მარჯვენა ყვრიმალი მუხლებს შესახსრებოდა. მუხლები, თავისმხრივ, მარჯვენა ყვრიმალს და ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, ხელები ქამარივით ფეხებზეიყო შემოჭდობილი, კოჭებს განუყრელი წყვილი შეუქმნიათ, ერთმანეთში გადაგრეხილი გრძელი თითები არ ტოვებდნენ პარტნიორებს; ეტაპობრივად ქარი აფრიალებდა თმას, რომელსაც უნორმოდ აშლის ნებას არ აძლევდა თავშლის ამპლუაში მოვლენილი მატერია, გვირგვინივით უხდებოდა; -მათხოვარს დედოფლად აჩენდა და დედოფალს- მათხოვრად. ვფიქრობ, ეს ნივთი ბევრს არ მოგვხიბლავდა. ალბათ, მიზეზიც იგივე ჰქონდა ქალბატონის ჯამის სიცარიელეს. ფსევდოპრინციპულ ხალხს არ მოსწონს მდაბიო, მდაბიო, რომელიც შემწყნარებელი მზერით უღიმის ყველას, იმიტომ, რომ ადამიანთა ვერაგობას აზიარეს. გამოცდილებამ, სიბრძნემ, ღვინომ, ტუჩის კუთხე ასწია და მასთან ერთად ზიდა წარბიც, მიმართულებით: შიგნიდან-მაღლა! დღეს და ხვალაც იქ იქნება, ალბათ. ან იქნებ უპასუხისმგებლოდ იცხოვრა და ყველაფერი ქარს გაატანა. გააჩნია როგორ ხასიათზე ხარ, როცა მათხოვარს უყურებ, როცა მისი პორტრეტიდან აზრის გამოტანას სცდილობ, სწორედ ამის გამო ზოგს აფიორისტად აფასებ, ზოგიც შენგან მონეტებს იმსახურებს თავისი ტრაგიკული ისტორიის გამო, რომელიც აგერ, ახლა თავად არ შექმენი წამის წინ?! მე ისინი აწმყოზე მეტად მომავლის გამო მებრალებიან, ვინ იცის, როდის და სად გაყინავს ზამთარი მათ სისხლს ძარღვებში ქუჩის გუბურებთან ერთად. ვინ უწყის ვინ იქნება მესაფლავე მრავალჯერ გარდაცვლილებისთვის, ცხოვრებაში მათ უკვე ნახეს დაცემა, გაუძლეს სანამ დღისით მზე ატანდათ სითბოს ცივი ღამეებისათვის, მაგრამ სხივებიც წაერთვათ და ვინ იცის, ახლა, იქ სადაც არიან, იქნებ ისე ძალიან არ სცივათ?! ვინ ზრუნავს მათზე ?! არსებობენ რაინდები, ქალბატონები და ბატონები, გმირები. ქალაქის მცველები, მეეზოვეები, დარაჯები, მოსამართლეები, მქადაგებლები. ვფიქრობ ისინი მისტიურები არიან. „ვიღაცებს ძაღლების ცხედრები გააქვთ გზატკეცილებიდან.“ - @suntoberz არ ჩანან, არაფერი ვიცით მათ შესახებ, მაგრამ მათ ეს არ სჭირდებათ, ადამიანები არიან, საოცარი ადამიანები. საძინებელში შევედი და ყოველდღიური ტანსაცმლით აღვიჭურვე, ხალათი იქვე ჩამოვკიდე კართან, საწოლის გასწორება დამვიწყნია და ეს შეუსრულებელი მისიაც ფინიშამდე მივაგორე. გამოღებული ფანჯრიდან საკმაო სიცივე შემოსულიყო უკვე და ისიც დავხურე. ფარდა ჩამოშვებულია. დღეს შაბათია. მარტო ვარ, დილაა და სანზონის მთვარეც არ ჩანს. მშობლებს დავურეკე, მივესალმე და რიგიანად ვისაუბრეთ. საღამომდე შაბათის სიზარმაცემ დრო ფუჭად გამატანინა და უკვე უსაქმობით შეწუხებულმა მეგობრები მოვიძიე. იქამდე, სოციალური ქსელებიდან ნაკუწ-ნაკუწ მოგროვებული ინფორმაციები შევაჯამე და იმაზე დავფიქრდი რომ საქართველოში არაფერი იცვლება. გაჭირვებით დატენიანებულია ჰაერი, რომელსაც ყოველ დღე ვსუნთქავთ. ბინძური და ყავისფერია აირი, რომელიც უფერული და წმინდა უნდა იყოს (ერთი შეხედვით), სხვა გზა არ გვაქვს და ვსუნთქავთ, ვყლაპავთ. ზოგს აირწინაღები აქვთ, მაგათ არ აინტერესებთ დიდად რაიმე. სამეგობროსგან პასუხები არეულად მივიღე, ზოგი რით იყო დაკავებული და ზოგი რით, ამ შაბათ დღეს. დღეს რომლის შემდგომ ღმერთმა დაისვენა და ესენი მას საკმარის პატივსაც კი არ სცემენ. ერთ-ერთის „სთორი“ ვნახე. რომელიღაც სამთავრობო შენობასთან ხალხმრავლობა იყო. საზოგადოებაში აჰარმონიულობას არ ვუჩივით და რიგით გაფართხალებად მივიჩნიე ეს თავყრილობაც, თანაც სკეპტიკურად ვუყურებდი სასულიერო პირების საკანონმდებლო ორგანოში დასაქმების საკითხს, არ მქონდა იმედი რომ პოპულისტ კონსერვატორებს ვინმე გადააფიქრებინებდა ასეთ ახირებას. იმ დროისათვის ხმა იყო გავარდნილი, მმართველი გუნდის უმრავლესობა ეთანხმებოდა ინიციატივას და ახლო მომავალში სისრულეშიც მოყვანდნენ. მარტო დარჩენილმა ისევ სქროლვა გავაგრძელე და წეღან ნანახი სთორი ბევრი მეგობრის პროფილზე შევნიშნე. ახლა საჭიროდ ჩავთვალე გამერკვია რა ხდებოდა. ვიფიქრე, თიკას გავესაუბრებოდი თან რაიმეს გავიგებდი საქართველოსა და თბილისის ყოველდღიურობიდან. მივწერე და სანამ პასუხი დამიბრუნა თავად მივხვდი, რომ ჩემდა გასაკვირად, სკეპტიკოსებზე მეტად ამ ინიციატივის სარეაქციო ჯგუფი გულანთებული და პროგრესული ხალხით იყო დაკომპლექტებული, მტკიცედ გადაეწყვიტათ რუსთაველზე ძალის გამოცლამდე დგომა. ნოეს მივწერე, ნოე ისაა ვის გვერდზეც ყველაზე ადრე ვნახე პროტესტის კადრი. მოკლედ ამიხსნა რა და რატომ ხდებოდა. არანაირი კავშირი იყო პროტესტსა და კონსერვატორების უაზრო მოთხოვნას შორის. საქმე იმაში იყო, რომ პარლამენტი მუშაობდა საგარეო ურთიერთობების გაძლიერების საკითხზე, რაც მათი ინტერპრეტირებით გულისხმობდა ქვეყნის მოსაზღვრე სახელმწიფოების წარმომადგენლების დასწრებას გარკვეულ სხდომებზე, საქართველოში, თბილისში. რამაც, ლოგიკური რეაქცია გამოიწვია საზოგადოების მხრიდან. არავის სურდა რუსი ღორის კათედრაზე წამოჯდომა. ნეტავ, ახლა ვფლობდე იმ ძალას, სამასხარაო წიგნში აღნიშნულს, რაღაცების შეცვლა რომ შეგიძლია, სასიკეთოდ. ნოე ერთი საათში გიმნაზიასთან ვნახე, რუსთაველზე. ხალხი ნელ-ნელა ათეულ ათასს აღწევდა. 9 აპრილის მემორიალთან გადავედით. ოპოზიციური პარტიების დანახვაზე რეფლექსურად იქაურობისგან შორს გაცლა მომინდა, მაგრამ უამრავ ადამიანში მყისიერად სისრულეში სურვილი ვერ მოვიყვანე. ნოე მეგობრებთან იყო, მათ ვიცნობ, კარგი ხალხია. ჩემი სამეგობროც მალე შეიკრა. უნივერსიტეტიდან ბევრნი ვიყავით. ხალხის ერთობა ისეთი მიმზიდველი იყო, მახარებდა ატმოსფერო, მაცოცხლებდა. კონსერვატორების აღტკინებაზე ხომ გითხარით, პოპულისტურად მართლმადიდებლური კოზირით რომ იმოქმედეს?! - სინამდვილეში ეს ხალხი ცოდვილი ბრბოა. ქრისტიანები, რომლებიც თითქოს ბანქოს გვეთამაშებიან, ქრისტიანები, რომლებიც დამცინავ სანახაობებს დგამენ და მსუყე გრიმით გვეცხადებიან, ქრისტიანები, რომლებიც მართულნი არიან ურწმუნოთაგან და რიგითი მოქალაქეების გაბრიყვებას სცდილობენ. რუსთაველზე გიტარის გარეშე მგონი პირველად გავედი, თან თიკას გარეშე. ახლა საერთო მიზნით გაძლიერებული საზოგადოება ვიყავით, თითქოს ერთი მთლიანი ორგანიზმი. ეპიზოდურად ვხვდებოდი რას გრძნობდნენ ისტორიის სხვადასხვა ფურცლიდან გაცოცხლებული ადამიანები მაშინ, როცა თავიანთი ქვეყნის ბედი წყდებოდა და ეპიცენტრში თავადვე იყვნენ. „ჟინი, მარა რა ჟინი...“ ჟრუანტელი დაგივლიდა ბებოს და შვილიშვილს ერთად რომ ნახავდი თავ-თავიანთი დროისათვის ტრენდულ სამოსებში გამოწყობილებს. ერთად რომ იდგა საქართველო ქართული ჯანსაღი არსებობისათვის... ქვეყნის გადასარჩენად ვიდექი და ნელ-ნელა უფრო ვიაზრებდი, რომ ეს მართლა ასე იყო და არც ერთი წარმოდგენა რომელიც გამჩენია გონებაში ამ მოვლენებზე არ გახლდათ ზედმეტი. კიდევ უფრო გვიან საღამომდე ერთმანეთთან საუბარში გავატარეთ დრო, ადამიანების შემყურენი ბედნიერები ვიყავით. თან ისიც გვმუხტავდა, რომ ჩვენი საქმის იმედი გვქონდა სამწუხარო და ალოგიკური დასასრულის შემთხვევაში- თუ მომიტინგეებს დაარბევდა მოძალადე ბრძანება და შემსრულებელი, ფიზიკურ ზიანს შევუმსუბუქებდით, მომავალი ექიმები. რაღაცები მობილიზებული გვქონდა და ემპათიით სავსეები ყველაფერს სიამაყით დავუხვდებოდით. ვისმენდი სიტყვებს, პარლამენტის წინ რომ ჟღერდებოდა და ამაზე მეტად ათასობით ქართული მზერა მაძლიერებდა, ეგ სიტყვები სულ არ მესმოდა უკვე, მესმოდა ხალხის თვალები და ვხედავდი მათ სულს. მიყვარდა ყველა უცნობი. ყველა კუთხის შვილი ერთი საქართველოს მონაგარი ვიყავით და შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ერთმანეთთან წლების ურთიერთობა გვაკავშირებდა. - რა მუხტია, საოცარია არა? - კი, მუხტი მერე ნახე, ამათმა ისევ თუ მიქარეს, კბილები მიწაკწაკებს ნერვიულობისგან, ბიჭო. - კაი რა იყო ასე შეგაშინა 1-2-მა კაფსულამ ? - აუ, შენ რა, მაშინ იყავი საერთოდ? მაგ წელს ვაბშე შენ თბილისში არ იყავი, შეჩემა. - ჰო, მაგრამ ახლა არ მიწაკწაკებს კბილები - დავცინე ნოეს, რომელმაც როგორც აქციებზე გაზრდილმა თბილისელმა ახალგაზრდამ დაუფარავად გვიჩვენა მღელვარება, რასაც ჩვენ ჯერ ვერ ვგრძნობდით, ჩვენ ჯერ იქაური შეგრძნებებით ვერთობოდით, ჩვენ ჯერ მხოლოდ ნათელ ფერებს ვამჩნევდით და ვერ ვიაზრებდით, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. იმ დღეს ადრე წამოვედი გამზირიდან, მეგობართან შევყვოვნდით FIFA-ს სათამაშოდ, ბიჭები ვიყავით მარტო, თიკას არ იცნობენ ჩემი მეგობრები, მხოლოდ გადმოცემით და ვიდეოებიდან, უცხოები რომ გვიღებენ სიმღერის დროს. მხოლოდ ნიკუშა იცნობს თიკას და თან მისი დაქალი მოსწონს, მაია. - რა ამბები დღეს „ბრაწიშკ“ აქციაზე ? - ეჰ, რანაირად ფიქრობს ეს ხალხი! ბიჭო, იაზრებ რო გამოდიან და ითხოვენ, არაკომპეტენტურმა ტიპმა მიდგინოს კანონებიო. თეოლოგიურ წყობაზე გადავდივართ მგონი, თუ როგორცაა. თან, თავიდან არ მჯეროდა და მაგრად ვიღადავე, აუ , საწყლებითქო, მაგრამ პირი დამრჩა, ძმაო, ღია სახელმწიფომ რო „დაუპადერშკა“ - ეგრევე დააყენეს საკითხი განხილვის თემაში. თან ესენიც მსახიობები არიან, არ მჯერა სამღვდელოების. არადა ბავშობაში, როგორ მწამდა და მეგონა, რომ მართლა ღმერთთან შუამავლები იყვნენ მღვდლები. ფულს აკეთებნ ახლა მარტო. ოჯახს ხომ უნდა რჩენა. უფრო დიდრანგიანები ბიზნესზე ზრუნავენ. ეგ მოთელვა იყო, დიდი ვერაფერი, მთავარ საკითხზე არაფერს ვამბობ. რა საგარეო საქმეებზე ყურადღების დათმობა და რა აბსურდის თეატრი კიდევ. - ჰეე, ქართულად იბაზრე ძმაო, რა აზრი აქვს მანდ დგომას თუ არ დაეტყო შენი საუბრით და საქმით საქართველოს და ქართულს რამე - გაცხარდა ნიკუშა, მარა გაგვეცინა იბაზრე-ზე. - მეწყინა, რომ ნიკუშა ამას სერიოზულობით არ ამბობდა და სარკასტული დამოკიდებულება გამოამჟღავნა მომიტინგეების მიმართ. ჩემი მეგობარი ვერ იაზრებდა საფრთხეს, რომ ბრბო გვიპირებდა ჩათრევას, ასე უტიფრად. - რავი, არაფერი, ისე ვიყავით რა - აქ მე ჩავერთე და ლუკას კითხვაზე პასუხის გაცემა დავაპირე, როდესაც გიგიმ წამოიყვირა: „ბიჭო დაუშლიათ მგონი ეგენი!“ ყველამ ვიშიშვლეთ ტელეფონები და „ფეისბუკზე“ რადიო „ქართული ყოველდღიურობის“ სტატია წავიკითხეთ საშინელი ფოტოებით. ხალხის დასაშლელად ჭავლი და გაზი გამოიყენეს თურმე. წიხლზე დაიკიდეს საქართველო. ერთობ დაგვამძიმა ამ ამბავმა და გადავწყვიტეთ ხვალ ბოლოებს დაგვეტოვებინა აქცია, რომელიც უკვე დაანონსებული იყო. იმ ღამეს ბევრი ვისაუბრეთ და ვგეგმეთ რაღაცები, „ჩატებში“ ვწერდით და მეორე დღეს იგივე ადგილას რომ გავედით, იგივენაირად მივაღწიეთ საღამომდე, როცა ჩოჩქოლი ატყდა და ჩვენ უკვე სხვა განწყობით დავუხვდით არეულობას. ახლა ყველას აუწაკწაკდა კბილები. მე და ნოე ერთად ვიდექით და ასე ორ-ორად, სამ-სამად გავიყავით სამედიცინოელი მეგობრები, გუშინდელივით რომ მომხდარიყო, ხალხს ასე უკეთ დავეხმარებოდით. მოხდა ყველაფერი ისე, როგორც გუშინ და დღეს ჩვენ ჩვენი წილი აგური დავდეთ ხალხის კეთილდღეობის შენებისათვის, კეთილდღეობისთვის რომლისთვისაც ვიბრძოდით ყველა განურჩევლად სქესისა, ასაკისა თუ საქმისა. როცა ვნახე, უკან არავინ იხევდა, ისე გავიმართე წელში, მეგონა მთებს გადავდგამდი. კაფსულები გვესროლეს, გაზს უშვებდა და თვალებს გვიწვავდა, სუნთქვა გვიჭირდა, ჭავლიც არ დაიშურეს. საველე გასვლამდე, ერთგვარ შეკრების ადგილას უცებ რამდენიმე ლიდერად ჩამოგვიყალიბდა, ერთმანეთს მითითებები მივეცით, რაც მე მასწავლეს ის სხვას ვასწავლე და ამგვარად გავავრცელეთ მოქმედების გეგმა. საკმაოდ ორგანიზებულები ვიყავით. დავდიოდით წყვილებად და პირველად დახმარებას ვუწევდით თანამემამულეებს. მომენტში, ვფიქრობდი, სად მიდიხარ, ვის უვარდები ფეხებში, ნოეს გავხედავდი, ისიც შემომხედავდა, მივაშტერდებოდით ერთმანეთის ჩაწითლებულ თვალებს და გვერდზე ხალხს, ადამიანებს, რომ ბღაოდნენ თავგანწირვით და საბრძოლო ჟინით, ამის შემყურეებს გვეწურებოდა ყოყმანის დრო და განახლებული სიმტკიცით მივედ-მოვედებოდით იქაურობას. ბევრი გვარბენინეს, ბევრი გვაყვირეს, ბევრი გვატკინეს და ბევრიც გვაგინებინეს, მაგრამ ვერც ერთი გაგვტეხეს. ბოლოს ხალხი რომ აღარ იყო, ერთმანეთი შეგვრჩა ხელში და მისავათებულებმა უკვე კოლეგიალურად გავუწიეთ დახმარება ერთიმეორეს, ამაზე მერე ბევრი ვიცინეთ. ვერ ვგრძნობდით მაშინ სისუსტეს, მერე დავიღალეთ. სახლში დილით მივედით. „ფარს უკან ლაჩრები არიან, ჩაფხუტს ქვეშ ცრემლი მათ თვალზე მოკვლის წყურვილით გაწურული ოფლია. -დედი, დღეს შენს სამსახურთან გავიარე, გარეთ ვერ გნახე, ვილოცე შენთვის. მობილიზებულია, უცნობო დედა. და ნუ იკითხავ, რისთვის. ეკლესიაში საკმეველი არ იკლაკნება სარკმლებიდან, ..რწმენა მოგაკლდათ, აქვითინდით, ცრემლებით ილოცეთო, - ასე გვითხრეს და ქრისტიანობის სახელით ქაშუეთში გაზის კაფსულა გასკდა. -ავტირდით სიმწრით, სიმძაფრით. თქვენ გვძულდით, ქართველებო, იმიტომ რომ მსხვერპლები ხართ. უღმერთოების. თქვენს ნაცვლად თქვენს დედებზე ვღელავთ. ნეტავ, იციან რომ ქალბატონებს ყავილების ნაცვლად ზიზღის ჭავლს უძღვნით, მათსავე დღეს. თქვენს გვერდით როგორ იგრძნობდა თავს გოგონა, რომელსაც, იქნებ, ოდესმე შეჰყვარებოდით? ან თავად როგორ დაგსცდებათ სიტყვა „..მიყვარხარ.“ თქვენთან ერთად ვწუხვარ, სამარცხვინო ჯარის ახალწვეულებო, ვწუხვარ, რომ ძალდატანებით გვდევნით, გაუგებრობის შვილებო, - ასეთები ცოტანი ხართ. ვწუხვარ, რომ ბრძანება მიიღეთ, მაგრამ ზოგიერთი თქვენგანი ხომ არ ასრულებდით სკოლაში საშინაო დავალებებს. ალბათ, ვერ განვიცდი იმას, რასაც თქვენ ახლა. ალბათ, კანში ვეღარ ეტევით, და ვინც ეტევით, ძალიან კარგი, აღარ გვჭირდებით მას გარეთ. ჩალპით ფარსუკან.“ 08.03.