ნიღბით გზაზე
0 ხმა
თათა ზანდუკელი
მე ვარ თათა ზანდუკელი, 21 წლის. ვცხოვრობ თბილისში. ვსწავლობ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე.
ლიტერატურის სიყვარულისთვის ჩემს ოჯახს უნდა ვუმადლოდე - დედამ ასტრიდ ლინდგრენის წიგნებით შემაყვარა კითხვა, ბებო ლექსებს მასწავლიდა, ბაბუ კი თავის შეთხზულ ზღაპრებს მიყვებოდა. ასე შევხვდი ამბებსა და მათი თხრობის ყოვლისშემძლე მაგიას.
დაახლოებით 8-9 წლის ვიყავი, წერა რომ დავიწყე. იმდროინდელი ნაწერების უმრავლესობა თინეიჯერობის ასაკში გავანადგურე, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ რატომღაც რამდენიმე შემომრჩა და, მგონი, მართლა გავიზარდე, რადგან მათი გახსენებისას უხერხულობას კი აღარ ვგრძნობ, უბრალოდ მეცინება.
გზადაგზა ხელოვნების სხვა დარგებიც შემიყვარდა და მათში საკუთარი თავისა და მისწრაფებების ძიებას შევუდექი, არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული კუთხითაც. გაგიკვირდებათ და, კინო ერთ-ერთი მათგანია. მათ რიგებს მიეკუთვნება ფოტოგრაფია და მუსიკაც.
მგონია, რომ ადამიანები დაბადებიდანვე ამბებს ვაგროვებთ. ეს ამბები ჩვენში ძაფის გორგალივითაა განთავსებული და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რას, როგორ, რომელი დარგის წესებით ან თუ მოვქსოვთ საერთოდ.
და თუმცა შექმნის პროცესი ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ჩემი პირველი რომანის გაზიარების მცდელობა საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, რომ ჩემში ამ საქმის სრულფასოვნად კეთების სურვილი უფრო დიდია, ვიდრე მისი შიში.
პ.ს. ლიტერატურული ნაშრომი არასდროს გამომიქვეყნებია, თუმცა შემიძლია, ონლაინ-გამოცემა „ინდიგოსთვის“ დაწერილი სტატიები და „ქართული კინოს მიმოხილვისთვის“ დაწერილი რეცენზიები გაგიზიაროთ.
როცა უღიმღამო გარემოს კლანჭები თვითშეცნობისა და შთაგონების უკანასკნელ წვეთსაც აშრობენ, ბორკილებად ქცეული მოლოდინები კი ახალგაზრდა კანს ნაოჭებით ამკობენ, დოლიონი საბოლოოდ აცნობიერებს, რომ რადიკალური ქმედების დროა. ახალი წლის ღამეს მიღებული წერილი პირველი ნაბიჯია, თუმცა მთავარი სირთულე მომდევნო ნაბიჯების გადადგმასა და შედეგებთან ეულად გამკლავებაში მდგომარეობს.
მზადაა დოლიონი ყველაფრის უკან მოსატოვებლად, რათა უშველებელ სამყაროში საკუთარი თავი და დაკარგული შთაგონება იპოვოს?
შორეული სიო დიდი ბაბუას ხმით ეჩურჩულება, რომ არჩევანი არ აქვს, მზად უნდა იყოს.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური