ნიღბით გზაზე
ნიღბით გზაზე
ნაწილი პირველი ნ ი ღ ბ ი თ თავი პირველი ფანჯრიდან ელვის მოლურჯო ნათება შემოიჭრა და სიბნელეში ჩაძირულ ობგადაკრულ ყუთებს ვერცხლისფერი კოცნით დააკვდა. დეკემბრის ქარის სუსხიანი სისინი ჭექამ გადაფარა, თუმცა ქარის კუპრისფერმა თვალებმა სამჯერ დახამხამებაც ვერ მოასწრეს, რომ მათი ხმა კვლავ დიქტატორის სიმკაცრით მოევლინა ახალი წლის ღამისთვის შეუფერებლად მიმკვდარ გარემოს. სავსე მთვარემდე რამდენიმე ღამე დარჩენილიყო. მნათობის მელნისფერი შუქი ამაოდ ეძებდა მსმენელს, თუმცა ჩარაზულ კარს მიღმა ყველას თავისი მთხრობელი ჰყავდა. არავინ იწუხებდა თავს, მოხუცისთვის ყური დაეგდო, არადა მას სათქმელი ბევრი ჰქონდა, საუკუნობით ნაგროვები და უტყვ ტუჩებს მიღმა საიმედოდ შენახული. სიახლეების მქადაგებელი ღამის სუსხით დაშინებულ ბინადრებს დაჟანგული ლუქის გახსნა აზრადაც არ მოსდიოდათ. ალბათ, სიძველით ხელის გასვრას უფრთხოდნენ ამ ჯადოსნურ ღამეს. სილუეტმა სხვენის ჭრაჭუნა სივრცე მოჩვენებისებრი სიმსუბუქით გადაკვეთა და ხის მაგიდასთან მივიდა, დანესტილ ფანჯარასთან რომ იდგა. ფანჯრიდან შიშველი ტოტების სპექტაკლი მოჩანდა, ქარი კი მელოდია იყო, მომაკვდავი გედის უკანასკნელი სიმღერა, რომელიც წლების წინ ჩასმულ მინას სასოწარკვეთით ეტმასნებოდა, თუმცა პასუხი მხოლოდ ხელის კვრა იყო, ჰოდა ისიც მღეროდა განწირული ხმით და მორჩილად ელოდა უფსკრულის ბოლოს. მორიგმა ელვამ მაგიდა გაანათა და ჩაფიქრებული სილუეტის ყურადღება მიიპყრო. ჩრჩილების მიერ გაღრღნილი ნაჭრის მიღმა მტვერგადაკრული საბეჭდი მანქანა მოჩანდა და ფერწართმეულ ადამიანს თვალს არ უსწორებდა. ელვისა და მთვარის შუქების შერწყმული ნათება სრულყოფილად დრამატულსა და ცოცხალს ხდიდა მის ბრაზს. მაინც გაბედა შეხება, თუმცა წუთის წინ მიღებული, გულის ჯიბეში ჩაკუჭული წერილი სიფრიფანა ხელს უკანკალებდა. საბეჭდ მანქანას ხელი გადაუსვა თუ არა, თითქოს ლოლოდ ქცეული ცეცხლის ალი ჩაესოო, წამიერად მოუდუნდა თითები, დამფრთხალ სხეულს გამოეყო და სწრაფ რიტმში დაიწყო ცეკვა ასოებზე, რომლებსაც შემაშფოთებლად ნაცნობი სიტყვები გამოჰყავდათ. უცებ იგრძნო, როგორ შეტოკდა წერილი მის აჩქარებულ გულთან ძალიან ახლოს, როგორ გააჟრჟოლა სიამოვნებისგან და თვითკმაყოფილი გაინაბა სხეულზე, რომელსაც აღსასრულს ასე უდარდელად სთავაზობდა. ვეღარ გაუძლო ამ ოთახის ავ ატმოსფეროს. მანქანის მტვერმა გუნება უფრო მეტად წაუხდინა. თითებს დახედა და იქაც მტვერი დახვდა. არც დაფიქრებულა, ისე ჩაიდო პირში, უმოქმედობის ნაკვალევი დააგემოვნა. გემოს ნაცნობობამ ტკივილი ვერ დაფარა, უფრო გაამძაფრა კიდეც და ამ სიმძაფრის ბუყბუყა მორევში ზიზღი ყველაზე დიდ ბურთულად გამოიკვეთა. ყველაფერთან ერთად, მისმა მოსალოდნელმა გასკდომამაც შეაშინა, რადგან იცოდა, ყველაფერს წალეკავდა დაუფიქრებლად. სუნთქვაშეკრულმა კიდევ ერთხელ დახედა საბეჭდ მანქანას და ოთახიდან დამძიმებული გავიდა. ეძახდნენ, მაგრამ არ გააგონა. ვიწრო კიბეზე ჩამოჯდა. წერილი ამოიღო და ხელში ისე ატრიალებდა, თითქოს ჯადოსნური ცეცხლი ეკიდა, რომელიც მის შიგთავსს გააქრობდა. „დოლიონს. გახსენი 31 დეკემბერს, შუაღამემდე“. შუაღამემდე საათზე ოდნავ მეტი დარჩენილიყო. წერილი წაკითხვას ითხოვდა, დოლიონი კი თხოვნის არარსებობას, რადგან იცოდა, რა იმალებოდა ნაჩქარევად გამოყვანილ, წახნაგოვან ასოებს მიღმა და არ იყო მზად, შინდისფრად აშუშხუნებული მითითებები შეესრულებინა. წამოდგა და კიბე გველნაკბენივით ჩაირბინა. დამფრთხალ ტვინს სისხლი მოაწვა. ხედვის არეალი შევიწროვდა და დოლიონს ყელში მოუჭირა. სისხლით პირმოსვრილი გველი გაბუჟებული ხელით ჩაიბრუნა ჯიბეში. ახლა კვლავ ორი გულისცემა ესმოდა. მისაღებ ოთახში მოფუსფუსეთა ჩრდილები დერეფნის განათებულ იატაკზე დასრიალებდნენ. სანამ დოლიონი მათ ფეხს გადააბიჯებდა და ოჯახის წევრებს შეუერთდებოდა, ერთი ჩრდილიც შენიშნა, რომლის პატრონიც გაუნძრევლად იდგა, სხვების ჩრდილებისგან წლებით დაშორებული. ის კვლავ ისეთი ამაყი იყო, როგორიც დოლიონს ახსოვდა და ეს სიამაყე გულის სიღრმეში რაღაცას უღრღნიდა. იქნებ, იმიტომ რომ მას არასდროს შეეძლო სარკეში იმავე გამბედაობით ჩაეხედა. როგორც არ უნდა დაეძალებინა საკუთარი თავისთვის, რამდენ ხანსაც არ უნდა ჩაშტერებოდა საკუთარ სულს, ბოლოს მაინც დამფრთხალ თაფლისფერ თვალებს ხედავდა, თითქოს მათ მიღმა სული სულაც არ იყო და არც არასდროს იქნებოდა. ოთახში შესვლამდე კიდევ ერთხელ შეყოვნდა. იატაკზე დაცემულ სინათლეზე ერთ-ერთმა ჩრდილმა გაიქროლა და სწრაფადვე გაქრა. დოლიონმა დედა ამოიცნო. ცალყბად ჩაიღიმა, თუმცა ვერ გაიგო ვისთვის, ღიმილი მის თვალებს არც მისწვდომია. იატაკზე უფრო დიდი ჩრდილი გამოჩნდა, მამამისის ჩრდილი, ტელეფონით ხელში. იქვე ნახევრად ჩანდა უფროსი ძმაც. მხოლოდ ბებიას ვერ ხედავდა დოლიონი. მისი ჩრდილიც კი იმალებოდა, თითქოს სინათლეზე გამოჩენის ღირსადაც არ თვლიდა საკუთარ თავს. დოლიონს მათზე ფეხის დაჭერა მოუნდა. ოთახში მყოფი თითოეული ადამიანის ჩრდილის გასრესვის მოულოდნელმა სურვილმა სახეზე ძარღვები დაუჭიმა და სიამოვნებით წარმოიდგინა, როგორ გაუსკდებოდა ყველა ვენა, ყველა არტერია, როგორ მოსვრიდა ხმაურის უცაბედობით შემცბარ ჩრდილებს მისი სისხლი. იგრძნო, როგორ შეირხა უსხეულო მასა, რომლის პატრონიც დერეფნის ბოლოს, ჩაბნელებულ კუთხეში, კვლავ გაუნძრევლად იდგა. თავი გააქნია, იმედგაცრუებით თუ ირონიით, დოლიონი ვერ მიხვდა, მაგრამ შორეულ კუთხეში მდგარ სილუეტს შიშნარევი რისხვით გახედა. იმ ქაოსში შესვლის არანაირი სურვილი არ ჰქონდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ხასიათზე. დიდი სიამოვნებით შევიდოდა თავის ოთახში და დაიძინებდა. იქნებ მაშინ მაინც აღარ ეფიქრა იმ არჩევანზე, რომლის წინაშეც საკუთარი თავის წყალობით იდგა. ეზიზღებოდა ახალი წელი, განსაკუთრებით - ეს ახალი წელი. ამ სულელურ დღესასწაულს არაფერი მოჰქონდა იმედგაცრუების გარდა. ეს წელი კი ჯერ არ დამდგარიყო და დოლიონი მისგან მხოლოდ სასოწარკვეთას ელოდა, რადგან მისი ვარდისფერი სათვალე, ერთ ჩვეულებრივ დღეში სასწაულის დანახვის შეუცვლელ ინგრედიენტად რომ საუკუნეებია რჩებოდა, უკვე წლებია უგზოუკვლოდ დაკარგულიყო. დოლიონს ეჭვი ჰქონდა, რომ ის დიდ ბაბუასთან ინახებოდა. - დოლიონ! აქ რას დამდგარხარ! - ოთახიდან ისე მოულოდნელად გამოვიდა ჭურჭლით დატვირთული მუქთმიანი ქალი, დოლიონმა გაცლა ძლივს მოასწრო, თორემ ხმაურიანი ინციდენტით შეხვდებოდნენ შუაღამეს. - ბოდიში, დედა, - ჩაილაპარაკა და ქალისკენ ნაბიჯი გადადგა, - დაგეხმარო რამეში? - მე არა, მამაშენს დაეხმარე, შენს ძმას ხომ ვერაფერში გამოიყენებს კაცი. - მესმის! - ოთახის სიღრმიდან უფროსი ძმის ირონიული წაღიღინება მოესმა დოლიონს და დედის იმედგაცრუებულ გამომეტყველებას უხერხული ღიმილით შეხვდა. ნიკოლასი უდარდელად წამოწოლილიყო ძველებურ დივანზე. ხელში ტელეფონი ეჭირა. დოლიონს წამით ახედა, თვალი ჩაუკრა და კვლავ ეკრანს მიაპყრო ყურადღება. ვიღაცას წერდა, ალბათ, ბენდის რომელიმე წევრს და აქა-იქ ჩვეულ მხეცურ სიცილს უშვებდა, რომელიც, დოლიონის აზრით, ტირილს უფრო ჰგავდა და ან საერთოდ არ შეეფერებოდა ნიკოლასის ბუნებას, ან ზედმეტად მისეული იყო და სწორედ ამიტომ აღიზიანებდა ასე გამეტებით. დოლიონს დიდი ხანი დასჭირდა საკუთარ თავთან ეღიარებინა, რომ ძმასთან ყოველთვის უცნაურად გრძნობდა თავს. თითქოს რაღაც იცვლებოდა დოლიონის არსში მასთან ერთ ოთახში ყოფნისას, განსაკუთრებით, თუ მარტონი იყვნენ. ნიკოლასი ბევრს არაფერს ეუბნებოდა უმცროს ძმას, შეფარულ სარკასტულ კომენტარებს თუ არ ჩავთვლით, თუმცა უკვე წლებია მათდამი დოლიონს იმუნიტეტი ჰქონდა გამომუშავებული. მაშინ რა იყო ეს გრძნობა? მიუხედავად იმისა, რომ ერთი სიმაღლისანი იყვნენ, ძმასთან სიახლოვისას დოლიონი სახეზე მიწის შეხებას გრძნობდა, თითქოს ნიკოლასი ხელსახოცივით კეცავდა მას და ჯიბეში ჩადებამდე მიწის მოსაწმენდად იყენებდა, რათა თავად ფეხი არ გასვროდა, ხანდახან კი ჯიბეში ჩადებაც კი ავიწყდებოდა და ფეხსაცმლის ძირით მიწაზე უმცროსი ძმის სახის ანაბეჭდს ტოვებდა. დოლიონი დარწმუნებული იყო, რომ თავქარიან ნიკოლასს ეს უყურადღებობისგან მოსდიოდა, სანამ ძმამ ერთ დღეს საპირისპირო არ დაუმტკიცა და მათ შორის გაჩენილი ორმოს კედლები ხელით მანამ არ გასწია, სანამ უფსკრულად იქცა. იმ დღისთვის თვეები ემზადებოდა დოლიონი. ნიკოლასმა სადილზე ახსენა, რომ გიტარისტმა ბენდი დატოვა და ახლის ძიებაში იყვნენ, თუმცა არც ისე საჩქარო იყო, რადგან თავადაც შეეძლო სიმღერის დროს დაკვრა. დოლიონს შეეტყო, რომ სახე გაუბრწყინდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლასის მუსიკოსობა ოჯახს სერიოზულად არასდროს აღუქვამს, დოლიონი ყოველთვის ნატრობდა უფროსი ძმის ბენდში ყოფნას. პირველმა დიდმა ბაბუამ ამოიკითხა მის თვალებში აღტაცება.- დოლიონ, - შვილიშვილს გამომცდელად შეხედა და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა, - გინდა? დოლიონმა თავი გაუბედავად დაუქნია და თვალი ძმისკენ გააპარა. ნიკოლასს ბრაზი დაეტყო, თუმცა, როგორც წესი, ოჯახთან გამოხატვა ვერ გაბედა, ამიტომ უღიმღამო ღიმილით გადაფარა და კბილებში გამოცრა: - ვერ ვხვდები, რანაირად მოახერხებ. ელექტრო გიტარა არც გაქვს და აკუსტიკურზე ძლივს უკრავ... მოკლედ, ერთი თვე გაქვს მოსამზადებლად. იცოდე, ჩემი ძმა რომ ხარ, ეგ ვერ გიშველის, შესარჩევ ტურზე უნდა გამოხვიდე. უი, და თუ შერჩევამდე ვინმე მაგარი ტიპი გამოჩნდა, უეჭველი ავიყვანთ, ამიტომ დიდი იმედი ნუ გექნება, - დოლიონი მაშინ ვერ მიხვდა, მაგრამ ძმის თვალები ბევრად უფრო გესლიან სიტყვებს ამბობდნენ. დიდმა ბაბუამ მეორე დღესვე უყიდა ელექტრო გიტარა. მდიდარი არ იყო, მაგრამ პენსიის ფულს აგროვებდა ხოლმე, ძირითადად, დოლიონისთვის. დოლიონმაც აქტიურად დაიწყო დაკვრაში ვარჯიში. ინტერნეტიდან ახალ-ახალ რიტმებს სწავლობდა და შემდეგ დიდ ბაბუას აჩვენებდა, რადგან ნიკოლასი ყველანაირად თავს არიდებდა ძმის სამზადისის პროცესს.