ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

,ღირსებააყრილი საუკუნე

0 ხმა

სიმონ მამულაშვილი

ბიოგრაფია

სიმონ მამულაშვილი, დაბ.1957 წლის 6 მარტი, ქ.თბილისი. დაოჯახებული. 1974 წელს დავამთავრე ქ.რუსთავის #15 საშ.სკოლა. 1985 წელს დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი სოციალური ფსიქოლოგიის განხრით. მაქვს მრავალწლიანი სამუშაო სტაჟი, მიმუშავია როგორც არასამთავრობო, ისე სხვა და სხვა სახელმწიფო სამსახურში ამა თუ იმ პოზიციაზე. ამჟამად ვმუშაობ იუსტიციის სამინისტროს პრობაციის სააგენტოში ფსიქოლოგად.

  2006 წელს გამოვაქვეყნე მოთხრობებისა და ლექსების კრებული სათაურით ,,თუ გადავრჩი.“ (დაიბეჭდა გამომცემლობა ,,მერიდიანში.“)

სინოპსისი

ქართული საზოგადოების ფართო ფენების ინტერესების გათვალისწინებით, არაერთი წელი ვიმუშავე რომანზე, რომელიც წარმოადგენს მცდელობას ბოლო ათწლეულების სოციალ–პოლიტუკური ვითარების ანალიზის ფონზე, (საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენისა და პრობლემის წარმოჩინებით.) გასაბჭოების შემდგომ პერიოდში მაცხოვრებელი სამი თაობის ქართველთა ყოფის ასახვისა.

    რომანის სიუჟეტი ერთი შეხედვით ცოტა არ იყოს ბანალურია: მთავარი გმირი, მთის შორეულ ტყიან-სოფლად მაცხოვრებელ ,,ჰომო სოვეტიკუსთა" ერთ-ერთი ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენელი, სულიერი მარტოობით გათანგული, თუმცა, ყველა ცოცხალი არსების მეოხი და მარად დიდი სიყვარულის მძებნელი, ერთი ტლუ და მეოცნებე მენაგვე ,,მინდიაა,“ რომელიც, უამრავი მოულოდნელობებით აღსავსე დედაქალაქში ჩასვლამდე, ლამის ნახევარი საუკუნის მანძილზე იდილიურ პასტორალურ სამყაროში გამოკეტილი, (სადაც, მცენარესა თუ ცხოველს თავისსავე ენაზე ებაასება.) ყოველთვის მხოლოდ წარმოსახვით უერთდებოდა ქვეყანაში მიმდინარე მჩქეფარე პოლიტიკურ მოვლენებს. იგი, ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად მოულოდნელად აღმოაჩენს საკუთარ თავში თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირს და ბოლომდე გაასიგრძეგანებს რა საუკონოვანი კლანური მმართველობით დაბეჩავებული მშობლიური ქვეყნის მომავალს, თამამად აიღებს საკუთარ თავზე წინაპართა მიერ ჩადენილ ცოდვებს, ამავე დროს, შეძლებისდაგვარად გააცნობიერებს ყველა თაობის კოლაბორაციონისტ ხელისუფალთა მოღალატეობრივი ზრახვების გენეზიზს, და ამის შემდეგ, უკვე მზად არის რომ თავიც კი გასწიროს სამშობლოს კეთილდღეობისათვის, თუმცა, საბოლოო ჯამში. . .

   ,,ცხენშეუკაზმავად მოყვასისადმი პირში მძრახველობა," აი, რას გადაეჩვია დიადი საბჭოეთის სამთაობა ნაშიერი ქართველი, (რომელიც, მისი დროის უმაღლეს ხელისუფალთან იდენტიფიცირებით ახერხებდა სოციუმში საკუარი თავის დამკვიდრებას, მხოლოდ.) თორემ, ქურდ-ბაცაცობის, ფარისევლობისა თუ მუცელღორობის ჩვევაზე უკვე აღარ ღირს საუბარი იმდენად ორგანული გახდა ჩვენი ეროვნული ხასიათისათვის ეს თვისებები. თავისუფლებას მოკლებულმა საზოგადოებამ წარმოშვა სწორედ ამდენი ტაბუირებული თემა, _ პიროვნებათაშორისი ყოფითი ურთიერთობებითა თუ პოლიტიკით დაწყებული და .სექსუალური სფეროთი დამთავრებული.

    ნაწილობრივ, ყოველივე ამანაც განაპირობა ნაწარმოების პათოსი, _ თავი მოგვეყარა, და ბოლოს და ბოლოს ხმამაღლა გეთქვა ყველაფერი იმის შესახებ, რაზედაც მხოლოდ სამზარეულოში საუბრობს მავანი ,,ობივატელი” ქართველი. რომანში ბუნებრივი ჰარმონიულობით ერწყმის ერთმანეთს გმირების რეალური და ირეალური სამყარო. მის ვრცელ ფურცლებზე ფართოდ არის წარმოჩენილი ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი, საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში მაცხოვრებელ ადამიანთა (მათ შორის ეროვნული უმცირესობის) ეთნოგრაფია, მითოსი, ტრადიციები. გმირების ძირითადი ნაწილი მეტყველებს მისთვის ბუნებრივი კუთხური კილო-კავებით, რაც ჩემი აზრით ტექსტის ენას უფრო ,,ძარღვიანსა” ხდის. აღსანიშნავია, რომ პერსონაჟთა უმრავლესობა რეალური ცხოვრებიდან გამოსული ადამიანები არიან. ისინი იშვიათი გულახდილობით ყვებიან თავს გადახდენილ ინტიმურ ისტორიებს, რომლებიც ავტორის მიერ განიხილება ღრმა ფსიქოანალიტიკური კუთხით, როგორც ზოგად-ეროვნული, მწვავე პრობლემა. (ისტორიები მოიცავს თითქმის ყველა სახის ბიბლიურ ცოდვას.) ამასთანავე, ავტორი ცდილობს, რომ შეძლებისდაგვარად უხვად წარმოაჩინოს როგორც სხვა და სხვა ეპოქის გამორჩეული ისტორიული პირები, ისე ფართოდ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეები და დიდი ხელოვანნი.

    აქვე, ერთ მომენტსაც მინდა გავუსვა ხაზი: სხვა და სხვა სტერეოტიპების წნეხის ქვეშ მოქცეულმა ქართული საზოგადოების ნაწილმა შესაძლოა მტკივნეულად აღიქვას მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის ბინადართა ამქვეყნიური წარსული საქმიანობის ჩემეული ლუსტრირების მცდელობა, (ან, თუნდაც, ჩვენი დროის სხვა და სხვა სახის სამოქალაქო სისხლიან დაპირისპირებაში ჩართულ, ძირითადად განზოგადოებული სახით წარმოჩენილ ანტიგმირთა დაუფარავი მხილება.) მაგრამ, ვფიქრობ, რომ მწერალს უფლება აქვს მხატვრული შემოქმედების ფარგლებში, დელიკატური ფორმით ნებისმიერი თემის ირგვლივ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა, მით უმეტეს, თუკი დოკუმენტური ფაქტებითაც არის იგი გამყარებული. (მაგალითად, როგორიცაა რუსეთთან ომის დროს ბორჯომის ტყეების ხანძრის ხელისშემწყობი ადამიანების მფარველობაში ცალკეულ ჩინოსანთა მონაწილეობის მიღება, ანდა, მაშინდელი ციხის ცალკეული მწვავე სიუჟეტი, და სხვა.)

    წარმოდგენილ ნაწარმოებში, საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენებისათვის არცთუ ძირეულად ნაცნობ, თანამედროვე ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენათა მხატვრული ასახვა პერიოდულად მიმდინარეობს იმიტირებული ბიბლიური სიუჟეტებისა თუ ცინცხლად მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ფონზე. სამწუხაროდ, დღევანდელმა საზოგადოებრივმა აზროვნებამაც ხომ ე.წ ,,იმიტირებული" სახე მიიღო. ერის სულიერ ცხოვრებაში ფსევდო ფასეულობათა ჩანერგვით განუკითხაობის მთესველ, თანამედროვე კოსმოპოლიტ დიქტატორთა უპირველესი საზრუნავიც ხომ სწორედ ძირითად ღირებულებათა სიტემაში კარდინალური ცვლილებების შეტანა (რომელთა შეთვისებასაც თაობები დასჭირდა.) და ამის საფუძველზე, რეჟიმს დამორჩილებული ,,ახალი ადამიანის" გამოყვანაა?! ყველაფერი კი, როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საზოგადოების ფსევდო–ევროპიზაციის მოტივით. . .

    ამასთანავე, ავტორი ქართული სინამდვილისათვის უჩვეულო გულახდილობითა და დაუფარავი მინიშნებით აღწერს ,,ფრონტის ხაზის” საპირისპირო მხარეს მდგომ სხვა და სხვა დროის პოლიტიკოსთა თუ მათ მეხოტბეთა რეალურ სახეს, ნათლად წარმოაჩენს უღირსი გზებით აღზევებულ ლიდერთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, ძალაუფლების დამღუპველ ხიბლსა და საკუთარი ნებით მონებად ქცეულ უბირ ადამიანთა უგუნურობას. იგი განსხვავებული რაკურსით გვიჩვენებს ე.წ დახურულ ინსტიტუციებში გამომწყვდეულ პატიმარ-პაციენტთა თუ მათ ზედამხედველთა მენტალურ ტრანსფორმაციას, დაწესებულებებში, სადაც ზოგად-ადამიანური ცოდვების ჭრილში, საკუთარ წარმოსახვებში ,,საოცნებო საქართველოს” მშენებელ, აჯანყების მოთავე სულით ავადმყოფთათვის დამახასიათებელი შეუნიღბავი სითამამით განიხილება ქართული ლიტერატურული სივრცისათვის დღემდე ტაბუირებული თემები.

    რომანში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თანამედროვე საქართველოში არსებულ ეთნოკონფლიქტთა ძირეულ ანალიზს, ასევე, ადამიანური ცხოვრების საზრისისა და ჭეშმარიტ ფასეულობათა მარადიული ძიების თემას. ავტორი შეეცადა შეძლებისდაგვარად გაეანალიზებინა ქართული ხასიათის რაობა, მის უძირო წიაღში ეგზისტენციალური წვდომით ამოეხსნა სულიერი დეგრადაციის ზღვარზე მდგარ ადამიანთა დუხჭირი ყოფის მიზეზები და ზოგადად ყველაფერი ის, თუ რა გვიშლის ხელს მსოფლიოს ცივილიზებულ ხალხთა დიდ ოჯახში უმტკივნეულოდ თავის დამკვიდრებისათვის.

P.S უინტერესო არ იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ კულტურის სამინისტროს ლიტ.ბორდმა რომანის ავტორი შეიყვანა ყველა დროის იმ 30 ქართველ ავტორს შორის, რომლის შემოქმედებაც უნდა თარგმნილიყო რიგ უცხოურ ენაზე 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის მსოფლიო ბაზრობაზე წარსადგენად, მაგრამ უსახსრობის გამო, რომანის ქართულ ენაზე გამოცემა ვერ მოხერხდა. 


მიმდინარე ტური არ არის აქტიური