ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

,ღირსებააყრილი საუკუნე

,ღირსებააყრილი საუკუნე

                                                                                                         

თავი XXX. მესამე სასწაული

 

,,ვიტყვი, რაც იქნება _ იქნება. დაე მლანძღონ,

                     ისევ მოქალაქეობრივ სიმამაცის გამოჩენა სჯობიან გაჩუმებას,

                     რადგან ესაა ერთადერთი გზა ქვეყნის ხსნისა.”

                                                       ვაჟა ფშაველა.

                                                                                                                   ,,ნურც ერთ ხელოვანს ნუ დააბრალებთ ავადმყოფურ ტედენციებს.                                 ხელოვანს უფლება აქვს ყოველივე ასახოს.” 

                                   ოსკარ უაილდი.                                                                                    

 

                             ,,ბოლშევიზმი ხრწნის შინაგანად ხალხს და ამყარებს   

                                       ფსევდოკულტურას.”

                                                  გრიგოლ რობაქიძე.                             

 

               ,,ყველა მწერალი ჩამშვებია, ყველა ლიტერატურა დამბეზღებელია.”

                                                   ფრედერიკ ბრეგბედერი.                                                

           

N                     ნაწილი I. (შინ)

                                თავი I                             

_ ,, ო, ო, ო, excellently!”

. . .

_ ,,რაიო, გოგო, მაინც რა მინდაო მაგ ,,ფრანცუზმა?!”

          ორი გაჩერება ხომ ჩუმად იყო ყველა, მხოლოდ იქედნური ცნობისწადილით თუ შეავლებდნენ შიგა და შიგ თვალს უცხოელ ხანშიშესულ წყვილს. ეხლა კი, როგორღაც, თითოეულ მათგანს ერთდროულად მოეძალა დაუოკებელი ინტერსი და თითქმის მთელმა ვაგონმა ერთ ხმაში მოითხოვა ერთი გაწრიპული, შავტუხა თარჯიმანი გოგონასაგან ამ ერთმნიშვნელოვან ჯიქურ შეკითხვაზე ერთად-ერთი ზუსტი პასუხი.

_ ,,აღფრთოვანებულია, სამოთხეში გიცხოვრიათო, ამბობს!”

_ ,,ე, ე, ეჰ . . . ” _ არ კი უთქვამთ რაიმე ამის მეტი, მხოლოდ გაიფიქრეს ისე, კოლექტიურად: ,,აბა, ამათა ჰყოლიათ ოფოფები, თუ ჰყოლიათა!“-ო. . . და ისევ ისე, თავისთვის, ჩვეული გულმოდგინებით ჩაჰყვინთა თითოეულმა მათგანმა ერთფერი პრობლემებით გაზიზინებულ ფიქრთა მორევში.

      .  .  .

  როდესაც სოფლის ვიწრო ბაქანზე ჩამოსვლის ყველა მსურველი გადმობარგდა, ბორჯომი_ბაკურიანის ,,კუკუშკა” მატარებელმა ერთი ჯიქურ ამოიქშინა, დარჩენილი მგზავრების ყურადღების მისაპყრობად მორცხვი სიფრთხილით გვერდზე შექანდა და ომახიანი, რიტმული ყმუილით შეუყვა ადრიანი შემოდგომის ფერმკრთალი ჯანღით გაცრეცილ, ფიჭვ_ნაძვის მწკლარტე სურნელის მფრქვეველ ტყიან ფერდობებს.

_ ,, excellently!”_ მაინც, ,,რაფრად” მიმზიდველ ტონალობაში უნდა ყოფილიყო უცხოენოვან ბაგიდან წარმოთქმული ეს ერთი სიტყვა, რომ წამის უსწრაფესად ყურებდაცქვეტილი გამოეფხიზლებინა ძნელად მოსაგვარებელი ურიცხვი ყოფითი საჭიროებებით გონებადახშული ეს მილეთის ხალხი. უცნაურია, ყოველივე ამის მიუხედავად, გაცნობიერების ჟამს რატომ უნდა ჰქონოდა ასეთი უმნიშვნელო დატვირთვა კეთილმოსურნე სტუმრის აზრს: – ,,ეს ხომ სამოთხეა! “ _ ,,შეიძლება ვიღაცისთვის მართლაც არის, მაგრამ მაგით მაინც ვერ გავძღები და. . .”

                                             *  *  *

 

_ ,,ვაა, რიპო კაცო, ისევ აქა ხარა შე ძველლო?!”

  სადგურის გადაღმა მდებარე სოფლის ,,ბირჟაზე” პიკის საათი იდგა, ტევა არ იყო.

_ ,,ააბა, სად უნდა ვიკო გეენცო, ლოო?”

_ ,,რაფერ თუ სადა, შენ არ ამბობდი ბარანკუილში უნდა წევიდეიო, წინე კვირეშია?! . . უა, ჰა, ჰა, ჰა! . .”

  მართალია რიპომაც ჩაიხითხითა აქ, ისე, ნამეტანსულელურად, როგორც სჩვეოდა ხოლმე მოყვასის სულის გასახარად ხანდისხანობით, მაგრამ, ამჯერად, ბევრად სერიოზულად იყო საქმე, რადგან ამგვარად დაუფარავი ირონიით საჯაროდ განხილული თემის მნიშვნელობას უკვე წლოვან ასაკში წვეული მისი პირველი დიდი სიყვარული განსაზღვრავდა.

  ,,რა აცინებთ მაინცა ამ კაი დედ-მამის შვილებსა, ვიცოდე ნეტაი? . . ბარანკილია ჯერ ერთი და მე რიპო კი არა, უნფრო ზუსტად თუ გინდათ, რიპოლი ვარა, რო იცოდეთ თქვენე ეგა, მაშასადამე!”

 აბა, როგორ შეჰკადრებდა ხმამაღალ პასუხს ლამის ბავშვობიდან მისი პიროვნების უტიფრად ამწიაწებელ სოფლის ჯილა ბიჭებს, უბრალოდ, თავისთვის გაიფიქრა ერთხელ, ისე, _ მტკივნეულად გამჭოლი აზრთადინებით, რის შემდეგაც ჩაჟანგებული ჭიშკრისა და საღეჭი კბილების ნერვული ღრჭიალის ფონზე, დაუმსახურებელი დამცირებითა და ფარული ბოღმით სულდატვირთულმა ჯიქურ შეაბიჯა საკუთარ ეზოში, თუმცა, მისდაუნებურად, ცალი ყურით მაინც გაიყოლა ხილის არყით შემთვრალი ,,ბირჟავიკების” ირონიული ქილიკით წარმოთქმული ,,ბრძნული” სიტყვები: ,,შეეშვი რა სიმნ, ხო ხედამ დღეს ვერ არი უდარზედა, მაგას თავისი გაჭირებაც ეყოფა ჩემი დედა მოვტ. . . ალალი გულითაი! . , არა ვარ პრაავი ძმააო?!”

   რიპო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შერეკილი იყო ხეობის სოფლებში, ანუ ბლუჟუნ-ბლუწუნა, როგორც ადგილობრივებს სჩვევიათ გამოაჯავრონ ცოტათი დოყლაპია, ენაბრგვილი ადამიანი. (ზოგიერთები კი, ,,ბრიყვის” შესაფერადაც მოიხსენიებდნენ თანამედროვე ყოფისათვის შეუსაბამო მის წესიერებასა და პატიოსნებას.) თუმცა, ზუსტად არავინ არ იცოდა და ვერც ვერავინ ხვდებოდა თუ ვინ, როდის და რის საფუძველზე შეუქმნა ამგვარი იმიჯი რაღაცით მართლაც ყველასაგან განსხვავებულ, უკვე საკმაოდ მოწიფულ მამაკაცს, და ვერც ვერავინ გეტყოდათ თუ ხასიათის არაორდინალურობას სიგიჟე რატომ ერქვა. იქნებ, ამის მიზეზი მხოლოდ ენის მოჩლექით საუბრის მანერა, მიამიტური, ალალი გამომეტყველება და ხშირად ყველასათვის გაუგებარი, უანგარო სიკეთით გაჯერებული ქმედებები გახლდათ?! . . თვითონ კი, ჩვენი გმირი, მთელი ქვეყნის დამხმარედ და მეოხედ თვლიდა საკუთარ თავს, დაუზარელი იყო ნებისმიერი თხოვნის შესრულებაში, რასაც ხშირად ზღვარგადასული თავხედობითაც იყენებდა მავანი და მავანი. თუმცა, კიდევ ერთი სახასიათო ნიშანი გამოარჩევდა თანასოფლელებისაგან: მთელი დღე სულ მოძრაობაში იყო, დამჯდარს ვერა ნახავდით. როგორც წესი თვალებდახრილი უყვარდა სიარული, ისეთი გზნებით ჩააშტერდებოდა მიწას თითქოს რაღაც საკრალურს ეძებდა მის იდუმალ წიაღში. . .აი, ასე, უსასრულოდ მიმოდიოდა, ზენა ქარივით უმისამართოდ დაპინტრიშებდა აღმა-დაღმა ქვა-ღორღით მოხრეშილ სოფლის ფართო შარაზე, თითქოსდა ყოველივე ამქვეყნიურზე გულაყრილი, ბიცინკელა ჯორივით მორჩილთავჩახრით-მხრებმოკაკვული. ამასთანავე, უმეტესწილად გაცხარებული ესაუბრებოდა ხოლმე სხვა და სხვა თემაზე საკუთარ თავს და თუკი ვინმე რაიმეს ჰკითხავდა ამ დროს, პატარძალივით წითლდებოდა, რის შემდეგაც, უგულო, მორცხვი ღიმილით გაგცემდა სულ მოკლედ პასუხს. . . მაგრამ, რა დასამალია და როცა მისი გონება საამქვეყნოდ მოექცეოდა, უკვე გაკონტროლებაც შეეძლო საკუთარი ემოციების, თუ კი საჭიროდ ჩასთვლიდა ამ ყოველივეს, რაღა თქმა უნდა. 

. . .

_ ,,მოხვეელ ძამიკო, ლა მომიტანეეე?” _ ჩვეულად წამღერებულ ტონალობაში, პატარა ბავშვივით ენის ჩლიფინით დაეკითხა ყრმობაში დაობლებულ რიპოს ერთად-ერთი დედ-მამისშვილი, რომელიც არაფრის დიდებით არ გამოდიოდა უფროსი, გამზრდელი დის როლიდან.

_ ,,იისევ კალტოფილის მოხალშვა მოგიწევსა დაიკო, სოკო აალ გამოგვიგზავნა დღეს უუფალმა და ლა ვქნათა?” _ საღამოს გაფერმკრთალებული მზის სხივისგან თვალის მოჭრის შიშით, ცერად აიხედა სარის ჯოხივით უტყვი-სიურჩით ასვინტრულმა, ერთი თვალის შევლებით, უპატრონო მწევარივით საწყლად გამოწლაწულმა პირხმელა რიპომ მეორე სართულის რიკულებმორყეული აივნისაკენ, და უმალ ისევ მორცხვად დახარა ბაკებთან ჭაღარაშერეული, გრუზახუჭუჭთმიანი თავი. სეზონისათვის შეუფერებელი თხელი ხალათი მკვეთრად ლანდავდა ჭროღათვალება, ტანწერწეტა ქალის იშხვარივით მკვრივად ჩამოქნილ, სამი-ოთხი კვირის გაუპარსავ, დაკუნთულ ბარძაყებს.

                                           *  *  *

 ,,შენ არ გეგონოს, რო მე მართლა მიყვარხარა, ყველაფერი ხო ჩვენი ხუმარა ბირჟავიკების მოგონილია . . . ეს, ისე, უბრალოდ, თვალს უხარია როცა სასტუმრო ოთახის ცარელა კედელზე, დიდ მუქ ჩარჩოშით ჩასმულ შენს სურათს ვუცქერ ხოლმეი. Mმაგ ჩარჩოში ხო თავის დროზე სონფლიოს ხალხების დიდი ბელადის, სტალინის პორტრეტი იწონებდა თავსა. ახლა კი შენი ლამაზი სახე, დატალღურ-ონქროსფრად მოელვარე თმები და ნარნარი ტანი ანათებს მთელს ოთახს დღეცა და ღამეიცა. . .Hჰოდა, თუ რამე გეიგევი მაგნეირი, არ დეიჯერო, მე არ მი-ყვარ-ხაარ!

მისამართი: კოლუმბია, ქ. ბარანკილი, შაკირა რიპოლის, პირადათ.”

 აი, ეს იყო და ეს. Dდაწერდა ყოველ კვირა დღეს შეღამებულზე ამის მგავს წერილს, დააკრავდა ნამგალითა და უროთი დამშვენებულ რომელიმე ძველ მარკას და გააქანებდა სოფლის გამგეობის შენობის სარდაფის კარებზე ჩამოკიდებულ ფოსტის ლურჯად გადაღებილ ყუთში ჩასაგდებად. ამ ჟანგმოკიდებულ, ძველი დროების ადამიანურ სულიერ ლტოლვათა დროებით თავშესაფარსაც რა ენაღვლებოდა რა, ალალად შეირგებდა, თუნდაც სულ წამით, დიდი ხნის წინათ დაკარგული ფუნქციის დაბრუნებით გამოწვეულ კმაყოფილების განცას და საბჭოურად მოჩვენებითი ნათელსიამით გაებადრებოდა თეთრი საღებავით მიწერილი რუსულენოვანი მკვეთრი წარწერა: _ ,,ПОЧТА”.

.  .  .

  რიპოს მამისეული სახლი კი მართლაც შთამბეჭდავი მასშტაბისა იყო: ზემოთ ცხრა ოთახი, ქვემოთ ოთხით ნაკლები, მათ შორის დიდი სარდაფი მარანითურთ, (რაღა თქმა უნდა, საუკუნოვანი ხისა და ქვის საწნახელით, საქაჯავით, ნაირ-ნაირი ზომის ქვევრებითა და სარცხით გაწყობილი.) ასევე, ძველებური ავეჯითა და უვარგისი საყოფაცხოვრებო ნივთებით გამოტენილი მაღალჭერიანი სხვენი. კომუნისტების დროს, ზაფხულობით, ქალაქის საბავშვო ბაღებზე აქირავებდნენ სახლის მეორე სართულს მშობლები, ხოლო, რაც ქვეყანა აირია, უკვე აღარავინ ჩამოდიოდა, დედ-მამაც უდროოდ ჩაიბარა უფალმა და გავერანდა იქაურობა: შუშები ჩაიმტვრა, კარ-ფანჯარა დალპა და სინდიოფალებმა თუ თრითინას მსგავსმა რაღაც ხმაურიანმა ცხოველებმა დაიბუდეს სახლის სხვენსა და ზედა ოთახებში. (სიბნელისა და დახურული სივრცის ცოტა არ იყოს მოშიში ციცოსთვის რომ გეკითხათ, მოჩვენება და ავსულიც ქარიან ამინდში ხშირ-ხშირად დაიარებოდა მათი უზარმაზარი სახლის მრავალხმოვნად აზრიალებულ, გაყინულ დერეფნებშია.) ჰოდა, შუქიც დიდი შეფერხებით მიეწოდებოდა მოსახლეობას სამოქალაქო ომის შემდეგ წლებში, თუ გახსოვთ, (მავანმა, სწორედ აღნიშნული მიზეზით დაამშვენა სოფლის ზემო უბნის ერთად-ერთი, ელექტრო ტენებზე მომუშავე აბანოს ფასადი გამაფრთხილებელი წარწერით: ,,გეითვალისწინეით, ბანვის პროცესი კანტროლს არ ექვემდებარება, ელდენი უცუმ ტოკაობს ხომე!”) ზამთრობით კი, უკვე ორიოდე ოთახის გათბობაც წარმოუდგენელი ფუფუნება გახდა და ამ მიზეზით, შენობის ფასადის უკანა მხარეს, პირველი სართულის ერთ მომცრო ოთახში შესახლდა ყოველ ღამე ავტომატის კაკანით საკმაოდ შიშნაჭამი დედ-მამიშვილი. მაშინ რიპო ოცდაექვსი წლისა იქნებოდა, და კი მასზე შვიდი წლით უფროსი, მაგრამ, მიზეზთა გამო, ჯერ არც ერთს არ განეცადა საპირისპირო სქესთან ურთიერთობით გამოწვეული ვნების სიამე.

  დღისით, მამაკაცს, ძირითადი საქმიანობიდან თავისუფალი დრო ისევ მუხლჩაუხრელ შრომაში გაჰყავდა, როგორც თანასოფლელთა უმეტესობა მთელს სულსა და გულს სდებდა საკუთარი ბაღ-ბოსტნისა თუ ყანის მოვლაში. M(რა დასამალია და, ყოველ გაზაფხულზე, მთელი ცხოვრება მათსავით მოთმინებით მოელოდა, ოდეს ყოვლისშემძლე უზენაესი მეხთამტყორცნელ ცის ქუხილთა ღმერთს ამოანთხევდა საკუთარი ყოვლისმომცველი წიაღიდან და შხაპუნა წვიმის წვეთთა უშურველი გაღებით, კიდევ ერთხელ იხსნიდა გამოფშუტვისაგან ხორბლის ოქროსფრად დახუნძლულ თავთავსა თუ ჩამიჩად დაშრეტვისაგან ყურძნის გიშრისთვალება მტევნებს.) ამავდროულად, ბუნებით ბეჯითი რიპო საკუთარ უბანში გამართულ არც ერთ ნადს არ გამოაკლდებოდა არასდროს. ის კი არადა, ამ კოლექტიური შრომითი ფერხულის მესვეურიც ყოფილა ხშირად და სიმინდის ფოჩებისგან დაწნული ,,მკის ჯვარი” საკუთარი ხელით მიურთმევია ყანის პატრონისათვის, რომელთა უმეტესობა სოფლის ქვრივ-ოხერ, ავადმყოფ-ბოგანოთა წრეს მიეკუთვნებოდა როგორც წესი. თან, იმაშიაც დარწმუნებული იყო ყოველთვის, რომ ნებისმიერ მათგანს სიბრალულის კი არა, სიყვარულის გამო ეხმარებოდა, _ მოყვასისათვის ხელის გამართვა ხომ დედის რძესთან ერთად ჰქონდა შეწოვილი ჯერ კიდევ სულით სუფთა და მცონარობის არმცოდნე სოფლის ,,მასხარას.“ არადა, ცოტა არ იყოს უცნაურადაც შეიძლებოდა მოგჩვენებოდა კაცს, რომ ეს, უანგაროდ გულისხმიერი, უპრეტენზიო და ყურადღებიანი ადამიანი, მისდაუნებურად, განწყობისდა მიხედვით, პერიოდულად შინაგან პროტესტს უცხადებდა იმ რუტინულ და მისთვის უინტერესო პირობითობებს, რომელიც მეტწილად განსაზღვრავს კიდეც თაობების მიერ ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთხმად დათქმულ წესსა და რიგს. აი, თუნდაც, სხვათა მიერ ,,იძულებით“ თავს მოხვეული ისეთი აუცილებელი სოციალური ვალდევბულებების ჯეროვნად აღსრულებას, როგორიცაა: ნებისმიერი შემხვედრი თანასოფლელისათვის ყოველდღიურად კაი გამარჯობის თქმა და გულითადი მოკითხვა, ახლადდათქმული საბჭოური თუ საუკუნოვანი რელიგიური დღესასწაულების რეგულარულად მილოცვა ახლობლებისთვის და გარდაცვლილთა ბოლო გზაზე გაცილების რიტუალის აღასრულების შემდეგ, თუნდაც მომცრო, უპრეტენზიო სუფრაზე ,,ჭიქის წაქცევა“ და წახემსება რიგ შემთხვევაში არცთუ მცირე სულიერ ძალისხმევას მოითხოვდა ამ ჩვენი მარად მარტოობის მძებნელი, მეოცნებე ტყიელისაგან.

   საღამოობით, ვახშმობის შემდეგ, დაჯდებოდა ხოლმე ამ საზიარო ოთახის ერთად-ერთი ფანჯრის წინ თბილწყლიან ვარცლში მცირედ კოჩიალა, კოჟრებით გაბიჟვინებულთითებიან-ფეხჩაწყობილი, ამოიყენებდა გვერდით ოჯახის ერთად-ერთ წევრს და უზომო ნეტარებას განიცდიდა მათი ცხოვრების მუდამ თანმსდევი, სიმშვიდისფერი სიმწვანისა და წიწვნარის დამათრობელი სურნელის შეგრძნებით გაბრუებული. . . ხოლო ციცო კი, ამ დროს, უმნიშვნელოდ აკანკალებული, ნაზი სევდით განათებული ნარნარი ხმით ღიღინებდა ყოველთვის შორით მოფარფატე ციცინათელაზე შექმნილ სიმღერას, და ძმის გრუზა თმებში შეცურებული მისი გრძელი, ხეშეშკანიანი თბილი თითები ნელსაცხებელივით დამაამებელ განცდას ბადებდა ქალის ალერსს მონატრებული მამაკაცის სევდიან სულში.  

                                             *  *  *

_ ,,გიჟია, აბა ვინ არის! (ასე იტყოდა ხოლმე რიპოს კარის მეზობლის, მურა დათვივით უზომოდ თმიანი და ზომიერად ჩლუნგი, ((ელიზბარ მასწავლებლის შეფასებით.)) ამ სოფლის თავის, გურგენას გემრიელად ჩათქვირებული, მსუყედ გაფუებულ ოვალურ სახეზე ვარსკვლავიანღამისფრადმოჟუჟუნე თვალებით პირმოცინარი, ეგრეთწოდებული მეორე ნახევარი _ ტურფა თამარი და მუდმივად გარსშემოხვეული, მასსავით ტანსრული ხუთიოდე კატის თნახლებით, მუქ-ლურჯად გადმომსკდარი ვენებით გაბაწრულ, კოჟრიან კუნძივით დაბრგვილულ ქვედა კიდურებს სულ ხვნეშა-ხვნეშით ჩაატარებდა წაბლის ხის რიკულებით გაწყობილ ფართო აივანზე) _ აბა, რომელი ჭკუათამყოფელი ეიტანდა იმას, რომე, თან მთელს სოფელს ნაგვისაგან ათავისუფლებდეს და თანაც თვითონ ყელამდე ჭუჭყში ცხოვრობდესა? . . რამეს ეტყვი და თავის ჭკუაზე მორგებული პასუხიც უმალ მზად აქვენ: ,,რა უჭირს მერეი, ჩვენს სოფელში ნაგავიც კი ნაძვნარის სურნელებას აფრქვევსა!“-ო, გიპასუხებს. აბა, რა უნდა ელაპარიკო ტვინგადაბრუნებულსა. . . ი, მაგისი დაი, ციცოი, ისიც კაი ხვითოა, _ გოდმოუშვებს აივნიდანა ნახმარი ბამპერსებით გაძეძგილ ცელოფნის პარკსა და ცოტა ხანში, ძაღლი და კატაი სულ სათითაოდ ძიძგნის მთელს ეზოში ამ სისხლისლაქებიან სიბინძურეებს!”

   და, ვინ აქცევდა ყურადღებას რო კეკლუცი თამარას ამგვარად ცალმხრივ დებატებს: (მხოლოდ ფისუნიები წამოიკნავლებდნენ ხოლმე მისი გულის მოსაგებად, პერიოდული რიგითობითა და პატრონივით გრძნეულ გამოხედვას შეზავებული პრეტენზიული ინტონაციით.) ყოველდილაუთენია, ლოთკაცურად ხრინწიანი ხმით განმეორებით იყივლებდა თუ არა კარის მეორე მეზობლის, ახვიხვინებული, დაუკოდავი ვაყა ცხენივით ცერის სიმსხო კბილებდაკრეჭილი კორკიმელას კისერმოშიშვლებული, ჟღალადაქოჩრილი ბებერი მამალი, ჩაავლებდა ხარის ჩლიქივით გარქოვანებულ ხელის მტევნებს მეზობლების ნაჩუქარი ძველმანებით შემოსილი რიპო იმ თავის მუდამ განუყრელ, უსაშველოდ დიდი ზომის ურიკის სახელურს და მიზანდასახული, ჩქარი ნაბიჯით გააჯაყჯაყებდა სოფლის ორღობეში: _ ,, აბააჰ, მოოიდა ნააგავიიი! ”. . ამ დროს იგი არც მაწანწალა ძაღლების დაპურებას ივიწყებდა, რომლებიც სრულიად დაუკითხავად აეწოწიალებოდნენ საკუთარ თავთან საქმიანი რიხით მოუბარ თანასოფლელს და სამაგიერო სიკეთის მიღების მიზნით, ცდილობდნენ მთელი დღის განმავლობაში უტყვი მორჩილებით სულ თან ხლებოდნენ მათზე ერთადერთ მზრუნველს ადამიანთა შორის.

  საქმეში კი, მართლაც პრინციპული კაცი იყო რიპო, _ მაშ, ამ დალოცვილ ,,საკურორტო ზონის” ხევ-ხუვებს საკუთარ სახლში დაგროვილი გამოუსადეგარი ნივთებით როგორ აავსებდა. Aამიტომ, სხვა და სხვა სახის პირადი ნარჩენებისათვის თავისივე უზარმაზარ ეზოში ჰქონდა ცალკე ერთი კუთხე მიჩენილი, სხვისას კი არ გააჭაჭანებდა არსად თუნდაც ერთ მისხალს. ამის გამო იყო, რომ ბოლომდე გაძეძგილ ურიკას დღეში რამდენიმეჯერ მიაყენებდა სოფლის განაპირა ხევის ნაგავსაყრელს, და თუკი ადრე მხოლოდ ცარიელი სივრცე ეგებებოდა, ეხლა შაკირა გოგოს ჯადოსნური ღიმილი მიუძღოდა ხოლმე წინა. ,,აბა, მოოიდა თქვე ტუულტლიანებო, თქვენეე!” _ ძველი ტანსაცმლისა თუ რაიმე ნუგბარის მოლოდინში, კიდევ ერთხელ შემოსძახებს ომახიანად რომელიმე მეზობლის ყრუდ დახშულ ჭიშკარს. . . ჰოოდა, თუკი უქმად ყოფნის ამ მოკლე შუალედში, სადმე შარაზე თვალსაც ჰკიდებდა ტყისაკენ მიმავალ, ხალხით დატვირთულ ,,ურალი“-ს მარკის სამხიდიან საბარგო მანქანას, თავს მოვალედ თვლიდა, რომ ყველა სხვა საფიქრალი დროებით დაევიწყებინა და ერთი-ორი გამაფრთხილებელი შეძახილით დიდაქტიკურად დაემოძღვრა ტყის მჭრელი თანასოფლელები: _ ,,გამოხშილვითა ბიჭებო, გამოხშილვითაი! . . ფიიჩხსაც ნუ მიაყლით პაატალა ნელგებსა!” და როგორც წესი, ყურს კი უგდებდნენ, მაგრამ შესრულებით თითქმის არავინ არ ასრულებდა მის თხოვნას, თითქოს ეს ტყე მარტო რიპოსი ყოფილიყოს და სხვა არც არავისი მეტი.

 

                                             II                                                    

 დათვლით კი სულ ბოლოს დაითვალა, ხის კენწეროზე დედიშობილა თავდაღმა ჩამოკონწიალებულმა და სიკვდილისათვის, უფრო ზუსტად, თავისი მარადიული საცხოვრებლისაკენ, მაღლა, ცაში გასაფრენად გამზადებულმა. (ეს მომზადება იმაში გამოიხატებოდა, რომ მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა ყოველგვარი მიწიერი ურვა-დარდისაგან თავისუფალი მისი გონება: ვცხონდები თუ წარვწყმდებიო?”) იმდროისთვის რიპო მეხუთე ათწლეულს ,,აყომარებდა” (როგორც ,,ქუჩის ბიჭები” იტყოდნენ ხოლმე) და გულისფანცქალით მოელოდა ამქვეყნიური ცხოვრების დამაგვირგვინებელ, ბოლო, მესამე სასწაულს. სულ პირველი კი მაშინ განიცადა, როდესაც თორმეტი წლისა ის ის იყო შესრულდა: უხვთოვლიანი ზამთარი პრანჭია ქალივით ტკბებოდა ახლადმორგებული, თეთრად გაფითქინებული საკუთარი სამოსით. პარასკევი დღე იწურებოდა, შუა ღამე ჯერაც არ გადასულიყო, ერთი-ორი საათის ჩაძინებული იქნებოდა ალბათ ჩვენი გმირი. ძილის წინ რატომღაც საიქიოს ბინადარ შორეულ წინაპრებზე ფიქრობდა დიდხანს. . . საოცარია, თურმე, ამქვეყნიურ საწუთროში არსებობის უკანასკნელ დღემდე, დაუჯერებელი სიცხადით ახსოვდა იმ ყოვლისმომცველი სინათლის მაგიური მიმზიდველობა, რომელიც ასე მძაფრად შეიგრძნო ჯერ კიდევ ადრეულ სიჭაბუკეში, სიზმრადყოფნის დროს. ეხლაც კი თვალწინ უდგას ბოლომდე დაუჯერებელი სურათი თუ როგორ გახევებულიყო ფაფუკი ღრუბლებით შალითად შემოსილ უწონადობის სამყაროში მუხლმოყრილი და სრულიად დაუფიქრებლად, ალალი განცდით მინდობოდა თვალისმომჭრელად-სხივისმფრქვეველ ღვთაებას. თუმცა, ძალიანაც ბევრ ფიქრს რა აზრი ჰქონდა, გონებით მაინც ვერ ირწმუნებდა რომ ის, თეთრად მოსილი ჰაეროვანი წვივები, რომელსაც ასეთი მშობლიური თავდავიწყებით მიტმასნოდა მისი ბავშვურად მიამიტი, გულგაცქნაფული პროფილი, თვით მამა ღმერთისა იქნებოდა! . .Mმხოლოდ ერთხელ შეიგრძნო აქამდე ამისდა მსგავსი თვალისჩინის წამგვრელი ძლიერი განცდა, როდესაც სამი სამას ვოლტიანი ნათურით გაბრდღვიალებულ, ბრეზენტით გადახურულ საქელეხო სეფაში, სავსე მთვარის დისკოზე გადაფარებული ღრუბელივით თეთრადგამჭვირვალე, ახლადგარდაცვლილი ბაბუის სული წარმოუდგა თვალწინ. . . მაგრამ, ამჯერად, იმდენად დაუჯერებელი იყო ყმაწვილი რიპოსათვის ღმერთის გამოცხადება, რომ იმწამსვე აიძულა საკუთარი თავი რათა სასწრაფოდ გამოფხიზლებულიყო და ამ უცნაური ,,მზიანი ღამის” ნუსხისგან თავდახსნილს, ბოლომდე გაეცნობიერებინა თავსგადახდენილი ეს დაუჯერებელი ამბავი.                                                                                      

  ჰოდა, დააპირა თუ არა გაღვიძება, პირველად, ტკივილამდე დაბუჟებული მარცხენა ლოყა შეიგრძნო, _ ტალახშეუშრობელი, უხეში ლანჩით გაწყობილი უშველებელი ზომის ტყავის ბათინკი არც თუ ისე წარმატებით ასრულებდა ბალიშის ფუნქციას. . . თუმცა, ამგვარი დისკომფორტი ვერანაირად ვერ ჩრდილავდა არაამქვეყნიური სინათლით გაციაგებული სიზმრისაგან გამოწვეულ დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.

_ ,,დედა, რა მოხდა?!” _ ხმამაღლა იკითხა ჯერაც რომ ბოლომდე შეუცნობელი ღვთიური მადლით სულშეძრულმა ყმაწვილმა.

_ ,,მამა უკვე სამოთხეშია, დეიძინე შვილო!” _ მშვიდი, რულის მომგვრელი თბილი ხმით შეეპასუხა მშობელი, რომელმაც ამ საოცარი სიზმრის შესახებ, იმ წამს, ბუნებრივია არც არაფერი იცოდა.

  სოფელში ბევრს უკვირდა კიდეც, _ სიტყვაძუნწი ჩვენი პატარა გმირი ხომ არასდროს არ ლაპარაკობდა არავისთან თავის განცდებზე, არც მანამდე და მით უმეტეს იმის შემდეგ, როდესაც ეს ახალი სახელი თითქმის თავადვე შეირქვა. Aან კი რა იყო სალაპარაკო, _ სხვა, მის ასაკში უფრო სხვანაირად განიცდიდა ამგვარი მოულოდნელობით თავს დამტყდარ ტრაგედიას, თუ რა?

E ამ უბედურ შემთხვევას კი გარკვეული წინაპირობა ნამდვილად ჰქონდა: გაგანია კომუნისტების მმართველობის წლები იდგა და თქვენც მოგეხსენებათ, რომ შობის დღესასწაულსაც (ისევე, როგორც სხვა რომელიმე რელიგიურ თუ ძველ-ხალხური ტრადიციით დამკვიდრებულ თარიღს) დიდი ზარ-ზეიმით არავინ არ აღნიშნავდა, მით უმეტეს რაიონული პარტიული ორგანიზაციის ისეთი გამორჩეული ლიდერი, როგორიც რიპოს მამა იყო. (ინფორმაციისთვის: მამა სწორედ იმ წელს იყო დაბადებული, როდესაც ,,ნაძვის ხის,” როგორც დრომოჭმული საახალწლო ტრადიციის ერთ-ერთი უცვლელი ატრიბუტის გაყიდვა მთელს საბჭოეთში მკაცრად აიკრძალა.) რა ექნა, ღვთისმოსავი წინაპრების ოჯახში კი იზრდებოდა, მაგრამ, უკვე ადრეულ ბავშვობაში ისე მოექცა ეს ქვეყანა, რომ ყოველივე ამის გამხელა ლამის დიდ დანაშაულად ითვლებოდა. და, სხვა თუ არაფერი, მატერიალურ კეთილდღეობასა თუ კარიერულ წინსვლას იმ გარემო პირობებთან შესაბამისი ადაპტაციის გარეშე ვერც ვერავინ მიაღწევდა მაშინ. Eეს კი დიდი ცდუნებაა ჩვეულებრივი ადამიანისათვის. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ მხრივ არც მამა არა ყოფილა სხვებისგან ნამეტნავად გამორჩეული, და, თუკი 1 მაისსა თუ 7 ნოემბრობას იგი მოჩვენებითი საზეიმო რიხითა და პომპეზურობით აღნიშნავდა, შობის ღამეს ყველას ერიდებოდა, დღისით ზედმეტად ხმას არავის არა სცემდა, საღამოდან მოყოლებული დილამდე კი სადღაც გადაიკარგებოდა ხოლმე. . . რიჟრაჟზე, ეშმაკური თვალისპაჭუნით ვიწრო სარკმელში შემოჭრილი ნელთბილი მზის სხივები იმგვარი ჯიქურ-ვნებით ელამუნებოდნენ ყმაწვილი რიპოს თვალის უპეებს, რომ ღრმა ძილ-ბურანში მყოფსაც მარჯვენა ლოყაზე მძაფრად განაცდევინებდნენ მამის ყინულის ნამცვრევებად აჭარხლებული,  ულვაშებჩამოფოცხილი პირ-ტუჩიდან გადმოღვრილ მჩხვლეტავი სითბოთი შებურვილ ნეტარებას. Aაი, ეხლა კი, შობის ამ მოქუფრულ დილას, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი ის ჩვეულად საამური ემოცია ისე გაქრა, თითქოს არც დაბადებულაო არასდროს. . . ხოლო, ეს, პირველად განცდილი, სისხლიანი მიწით გაჟღენთილი ტყავის სურნელების შეგრძნება, ნახევრად მთვლემარე მდგომარეობაში მყოფი ბავშვისათვის, ისეთივე არაბუნებრივი და გულისამრევი იყო, როგორც მაშინდელი საბჭოური დღესასწაულები გულმართალი კაცისათვის.

 მამის ფეხსაცმელჩახუტებული მძინარე რიპო სისხამ დილით პირველმა დედამ შეამჩნია. მერე გაახსენდა საძინებლის Fფანჯრიდან დანახული მურა ძაღლის სისხლიან თოვლში აზელილი სველი ცხვირი და გულმა რეჩხი უყო, _ ქმარი ასე ადრიანად არ უნდა დაბრუნებულიყო შინ. . . საღამოთი კი, როდესაც დამშეული მგლებისაგან დანაწევრებული რიპოს მამის სხეული დაასვენეს სახლის სადარბაზო ოთახში, შობის წინა ბრავაწობა დღეს სპეციალურად წიფლის შეშით აპირტყნიალებული ბუხრის სევდიანად მინავლებულ ცეცხლს ჩაშტერებული ბავშვი ვერაფრით ვერ იხსენებდა, დილაუთენია თუ როდის გავიდა ნიფხავ-პერანგის ამარა გარეთ ამ მსუსხავი ყინულით გაპოხილ წკვარამში ძაღლის გაუთავებელი ყმუილისაგან თავგაბეზრებული, რა ხერხით გამოაძრო მურიას ტალახიანთოვლშემხმარი პირიდან ნახევრადლანჩამძვრალი სისხლიანი ბათინკი, როგორ მიიკრა სათუთად ლოყაზე და ისევ ისე, უშფოთველად გააგრძელა ძილი.

  ყველაფერი Eკი შობა ღამეს მოხდა, სიზმრად უფლის გამოცხადებამდე ორიოდე საათით ადრე. ჰო, ეს ხომ იცით უკვე. და არც რიპო ოყო მაშინ რიპო, ალბათ შაკირაც არ იქნებოდა დაბადებული და რა გასაკვირია, რომ ,,არშემდგარი” რიპოც ვერაფრით ვერ მოახერხებდა ამქვეყნად ჯერ კიდევ მოუვლენელი, საოცნებო უცხო არსების აგრერიგად შეყვარებასა.

                                            *  *  *

   სოფელი გაყიდულა, სადაც ჩვენი გმირი ცხოვრობდ