ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

90

0 ხმა

ნატალია ჩიქოვანი

ბიოგრაფია

საიდან მოვედი...

 

მე ნატალია ჩიქოვანი ვარ, 34 წლის, ქალაქ რუსთავიდან. დავიბადე 1989 წლის 22 იანვარს. გავიზარდე ქალაქ რუსთავის გარეუბანში, მეტალურგთა საერთო საცხოვრებელში, სადაც 2000 წლამდე ვიცხოვრე მშობლებთნ და პატარა ძმასთან ერთად. შესაბამისად, ჩემი აზროვნება და სამყაროს ჩემეული შეცნობა დიდწილადაა გადაჯაჭვული იმ მნიშვნელოვან 10 წელზე, რომელიც იქ გავატარე და რომელმაც გარკვეულწილად განმსაზღვრა კიდეც, როგორც პიროვნება.  2006 წელს დავამთავრე ქ. რუსთავის მე-13 საჯარო სკოლა და იმავე წელსვე ჩავირიცხე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მოწოდებით მოსე-მწერალი, რომელსაც ჩანთაში ძველმოდურად სულ უდევს ბლოკნოტი და კალამი მოფრენილი მუზების ფურცელზე დასატყვევებლად.

2010 წელს დავოჯახდი. მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. დედობა საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის, ცხოვრების ახალი ეტაპი, რომელზეც ფაზლის ნაწილებივით ვაწყობდი კარიერასა და პირად ცხოვრებას, რადგან როგორც მაქსიმალისტს, არ მსურდა რომელიმე დამეთმო. არ ვიცი, რამდენად გამომივიდა, მაგრამ ვიცი, რომ ყოველ დღეს მივყავდი ჩემს ოცნებამდე - დამეწერა წიგნი. და აი, ერთი წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება დროებით დამესვენა და წიგნზე მემუშავა. როგორც იქნა, ოჯახის თანდგომით დავძლიე გადადების მავნე ჩვევა და წერას შევუდექი, ასე მოვედი ამ ავტობიოგრაფიამდეც...

სხვადასხვა დროს ვმუშაობდი ქვემო ქართლის რეგიონულ ჟურნალში „TIMER“, ასევე ქვემო ქართლის სამხარეო დაცვის პოლიციაში და კომპანიაში „დეკორ+“, ბოლო 6 წელი ვმუშაობდი იმტერნეტმედიაში „ქრისტიანული არხი“, რომელიც ქრისტიანული უმცირესობების გაშუქებას ემსახურება. მონაწილეობა მივიღე ამერიკული ანიმაციის „Superbook“ ქართულ ენაზე დუბლირებაში, სადაც გახმოვანების გარდა, ხმის რეჟისურაც ვხელმძღვანელობდი. ამჟამად ვმუშაობ კომპანიაში „რონის“ და პარალელურად ვარ ახალგაზრდული ორგანიზაცია „აღიჭურვე • Aghitchurve“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამოტივაციო გვერდის ადმინი.

ყოველი ახალი გამოცდილება ჩემთვის ახალი ადამიანების გაცნობასთან ასოცირდება, ადამიანები კი ამქვეყნად ყველაზე მეტად მაინტერესებს - მათი ემოციები, მათი შინაგანი ბრძოლები, მათი განცდები და ქმედებები.

ვწერ ბლოგებს. მიყვარს წიგნების კითხვა, დოკუმენტური ფილმები, ბუნებაში ყოფნა და კულიანარია. კლასიკური ამბივერტი ვარ, ერთი შეხედვით, მხიარული, კომუნიკაბელური, ხმაურიანი, თუმცა შინაგანად გულჩათხრობილი და ზედმეტად ფიქრიანი გახლავართ. ვივსები და „ვიტენები“ მაშინ, როცა მარტო ვარ, ფარდებჩამოშვებულ, ოდნავგანათებულ ოთახში, სადაც თავს მყუდროდ ვგრძნობ და ვფიქრობ. ფიქრი ჩემი საყვარელი „საქმიანობაა“, ხანდახან დამღლელი, მაგრამ საინტერესო. საოცარია როგორ გადაჰყავხარ ერთ ფიქრს მეორესთან და საბოლოოდ, შენი ინტელექტუალური განვითარების გრძელ ჯაჭვს ჭედავ, ასე ყალიბდება მსოფლმხედველობა და ალბათ, სწორედ ასე დაიბადნენ ჩემი პერსონაჟებიც, რომლებიც ჩემსავით ეგზისტენციალურ კითხვებზე დაეძებენ პასუხებს.

ვისურვებდი წერა ჩემი მთავარი საქმიანობა გახდეს და მომავალში, როცა ავტობიოგრაფიას დავწერ, ასე დავიწყო: „მე, ნატალია ჩიქოვანი, მწერალი....“

სინოპსისი

„1990 წელს მსოფლიოში ბევრი რამ მოხდა: პიზის დახრილი კოშკი საზოგადოებისთვის დაიხურა ავარიული მდგომარეობის გამო; დუგლას უაილდერი გახდა შტატის (ვირჯინია) მთავრობის პირველი აფროამერიკელი მმართველი აშშ-ის ისტორიაში; პირველი „მაკდონალდსი“ გაიხსნა მოსკოვში; მოლდოვამ და ნამიბიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს; საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა; ნელსონ მანდელა პატიმრობიდან გათავისუფლდა; რობერტ ტაპპან მორისს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ინტერნეტვირუსის გამოშვებისთვის; იემენი გაერთიანდა; ერაყის ჯარი კუვეიტში შეიჭრა; გორბაჩოვი დაჯილდოვდა ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში; მარგარეტ ტეტჩერი გადადგა, და კიდევ უამრავი უცნაური თუ საცნაური რამ მოხდა ჩვენს ლურჯ პლანეტაზე. გამორჩეული წელი, ალბათ, იმიტომაც იყო, რომ მე დავიბადე. იმ დროს უკეთესი ადგილის არჩევაც შეიძლებოდა, არჩევანის საშუალება რომ მქონოდა დასაბადებლად, მაგრამ ინება განგებამ და ასე გავხდი მე, 90 წელს, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული „არა უშავს, ბიჭიც გეყოლებათ“ გოგო საბჭოთა საერთო საცხოვრებლის ჭრელი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, თუმცა ჯობია, ყველაფერი თავიდან დავიწყო. მაშ, ასე...“

ეს 90 წელს დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული გოგოს, მართა ავალიანის ამბავია, რომელიც ზრდის პროცესში საკუთარ დემონებთან ერთად, საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ სტრეოტიპებსაც ებრძვის.

წიგნს „90“ ჰქვია და ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანს წარმოადგენს. ერთი მხრივ ეს ჩემი, ანუ რუსთავის განაპირა უბანში, საერთო საცხოვრებელში მცხოვრები გოგონას ისტორია გახლავთ; მეორე მხრივ ეს რიგითი ადამიანის თვალით დანახული 90- იანების საქართველოს მძიმე გზაა ისტორიის ბილიკებზე; ამავდროულად საერთო საცხოვრებლის ბინადრების მრავალფეროვანი, ზოგჯერ მხიარული და უფრო ხშირად სევდიანი თავგადასავლების კრებული. ყოველი თავი ახალ ისტორიას ჰყვება და სიუჟეტი დინამიკურად ვითარდება. წიგნში ყურადღება გამახვილებულია ქალთა ყოფაზე, საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ქალების პირადი მაგალითების მეშვეობით. ყველა პროტოტიპის სახელი შეცვლილია. სიუჟეტები ნამდვილ ამბებზეა აგებული და ფანტაზიით შებათქაშებული.

წიგნის თხრობა 2000 წელზე წყდება, რადგან როგორც მკითხველი თავადაც მიხვდება წიგნის ერთ-ერთი მთავარი „პერსონაჟი“ არა მართა, არამედ 90-იანი წლებია, რომელსაც ჩვენი გმირი ფიზიკურად გადაურჩება, თუმცა სინათლის სიჩქარით მრბოლავ მომავალში უამრავი კომპლექსით და დამღით აგრძელებს გზას... 

p.s. წიგნის ტექსტი რედაქტიებულია ფილოლოგ მანანა ტვინიკაძის მიერ.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური