90
90
ნატალია ჩიქოვანი
90
1
1990 წელს მსოფლიოში ბევრი რამ მოხდა: პიზის დახრილი კოშკი საზოგადოებისთვის დაიხურა ავარიული მდგომარეობის გამო; დუგლას უაილდერი გახდა შტატის (ვირჯინია) მთავრობის პირველი აფროამერიკელი მმართველი აშშ-ის ისტორიაში; პირველი „მაკდონალდსი“ გაიხსნა მოსკოვში; მოლდოვამ და ნამიბიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს; საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა; ნელსონ მანდელა პატიმრობიდან გათავისუფლდა; რობერტ ტაპპან მორისს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ინტერნეტვირუსის გამოშვებისთვის; იემენი გაერთიანდა; ერაყის ჯარი კუვეიტში შეიჭრა; გორბაჩოვი დაჯილდოვდა ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში; მარგარეტ ტეტჩერი გადადგა, და კიდევ უამრავი უცნაური თუ საცნაური რამ მოხდა ჩვენს ლურჯ პლანეტაზე. გამორჩეული წელი, ალბათ, იმიტომაც იყო, რომ მე დავიბადე. იმ დროს უკეთესი ადგილის არჩევაც შეიძლებოდა, არჩევანის საშუალება რომ მქონოდა დასაბადებლად, მაგრამ ასე ინება განგებამ და მეც 90-იანი წლების საქართველოს მოვევლინე. სულ ერთი წლით ადრე რომ დავბადებულიყავი, მომაკვდავ საბჭოეთში ამოვყოფდი თავს, მაგრამ წილად დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეობა მხვდა. ოჯახში პირველი ბავშვი ვიყავი. ქართული მენტალიტეტის მიხედვით, „არა უშავს, ბიჭიც გეყოლებათ“ სქესისა დავიბადე, ანუ გოგო, და ამ ფრაზის მოსმენა მთელი 5 წელი მიწევდა, ჩემი ძმის დაბადებამდე.
მშობლები სახლის მიღებას ელოდებოდნენ და მთავრობამ დროებით საერთო საცხოვრებელში შეგვასახლა. ორი უზარმაზარი კორპუსი ქალაქის ბოლოში, ტყის პირას იდგა. ეს შენობები რაღაცით დევებს მაგონებდნენ ბევრი, წვრილი თვალით. გადაფცქვნილი საღებავიდან ჩანდა, რომ შენობა ერთ დროს თეთრი უნდა ყოფილიყო, ახლა კი უღიმღამო ნაცრისფერი დასდებოდა. ყველა სახლი ერთნაირი იყო, ყველა ფანჯარა ერთმანეთს ჰგავდა, არსად ისე არ იგრძნობოდა საბჭოთა კავშირის სოციალური „თანასწორობა“, როგორც ჩვენს საერთო საცხოვრებელში. ერთნაირი წითელი, პრიალა სამზარეულო გვქონდა ყველას, მოცუცქნული აბაზანა, სადაც თაგვი კუდს ვერ მოიქნევდა და კიდევ ერთი ოთახი, რომელიც საძინებელიც გახლდათ და მისაღებიც. კარს რომ გამოაღებდით, გრძელ კორიდორს დაინახავდით, სადაც 8 ერთნაირი კარი იყო. ეს კორიდორი კიდევ ორ თავისნაირ კორიდორს უერთდებოდა და შუაში მოედანივით სივრცეს ქმნიდა შუშაბანდით, სადაც მეზობლები ხშირად იკრიბებოდნენ. სამსაცეციან კორპუსში 200-ზე მეტ ოჯახზე ორი ლიფტი იყო გათვლილი, აქაც იგრძნობოდა საბჭოური ეკონომი(კ)ა. ლიფტები დიდი ხნის გაფუჭებული გახლდათ და ეგეც რომ არ ყოფილიყო, 90-იან წლებში შუქიც არასდროს გვქონდა, ასე რომ, გული დიდად არ გვწყდებოდა.
ვინაიდან, როგორც ძველები ამბობდნენ, ცხოვრება აირია, კუთვნილი სახლების დროებით მომლოდინე ოჯახები სამუდამო მცხოვრებლებად ვიქეცით ამ კორპუსებში. იმ ნაცრისფერ დროებაში კი მრავალფეროვნება აქ იყო, თუ იყო. ნახავდით საქართველოს ყველა კუთხის, ეროვნების და რელიგიის წარმომადგენელს, სოციალური ფენა კი ყველას ერთი და იგივე ჰქონდათ – მუშათა კლასი, რომელთაგანაც უმრავლესობა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში იყო დასაქმებული და ვინაიდან ეს უკანასკნელიც დამოუკიდებელ საქართველოში მალევე გაჩერდა, კორპუსში უმუშევარი, მრავალფეროვანი სოციუმი ერთად, ერთ ბედქვეშ აღმოვჩნდით.
ახლა რომ ვიხსენებ, არც ისე მოსაწყენი ბავშვობა მქონდა: ცოცხალი ურთიერთობები, ბევრი ფიზიკური აქტივობა, უამრავი განსხვავებული ადამიანი სათვალიერებლად... ჰო, ადამიანების თვალიერება ჩემი ჰობი იყო, შერლოკ ჰოლმსივით ვუთვალთვალებდი მეზობლებს მესამე სართულის სადარბაზოს სარკმლიდან, რომელშიც ერთ დროს შუშა უნდა ყოფილიყო, ახლა კი მშვენიერი მოსაკალათებელი თარო გახლდათ. შევძვრებოდი, ფეხებს მოვკეცავდი და მოჭუტული თვალებით ვიყურებოდი; იქიდან სამსაცეციანი კორპუსის მეორე ფლიგელის ფანჯრები შესანიშნავად ჩანდა, ასევე ეზოც. სტრატეგიული ადგილი იყო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ უშუქობის ხანაში ფარდების გადაწევა არავის უყვარდა. პირველი სამი სართული მთლიანად მქონდა შესწავლილი, ზედა სართულები კი ჩემთვის ჯერ დაუპყრობელ სიმაღლეს წარმოადგენდა.
ქალაქს მოწყვეტილი, არაპოპულარული დასახლების მცხოვრებელი გახლდით, სადაც ტრანსპორტი არ დადიოდა და როგორც ქალაქის მკვიდრი მოსახლეობა ამბობდა, ჭრელი ხალხი ვცხოვრობდით. მაშინ ზუსტად არ ვიცოდი, რა იგულისხმებოდა სიტყვაში „ჭრელი“, მაგრამ ვხვდებოდი, რომ კარგი არაფერი.
ასე გავხდი მე, 90 წელს, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული „არა უშავს, ბიჭიც გეყოლებათ“ გოგო საბჭოთა საერთო საცხოვრებლის ჭრელი საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, თუმცა ჯობია, ყველაფერი თავიდან დავიწყო. მაშ, ასე...
2
მაშინ, როცა მე დავიბადე, კომპიუტერები გამომთვლელი მანქანები უფრო გახლდათ, ახლანდელ დროში კი ისინი შესაძლებლობების და მეხსიერების დიდ რესურსს ფლობენ. შეგიძლიათ, მთელი თქვენი ცხოვრების ამსახველი მასალა ერთ მეხსიერების ბარათზე მოათავსოთ, ან სადმე „ქლაუდზე“ შეინახოთ საიმედოდ, თუმცა ნებისმიერ კომპიუტერს აქვს ლიმიტი. მიუხედავად უდიდესი პროგრესისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა, ადამიანი მაინც ერთადერთი ცოცხალი „კომპიუტერია“, რომელიც მეხსიერების უზომო და უსაზღვრო საცავებს ფლობს თავის კილო-ნახევრიან ტვინში. ჩვენ ვიმახსოვრებთ არა მარტო ფაქტებს, არამედ სუნს, გემოს, განწყობას, ემოციას, მელოდიას... საოცარია, როგორ შეგვიძლია წარსულის შენახვა არამატერიალური ფორმით, რომელსაც მოგონებები ჰქვია. ახლაც, როცა თვალებს ვხუჭავ და მოგონებების ზღვაში გადავეშვები, ცხადად ვხედავ პატარა გოგოს, ფანჯარასთან მიმჯდარს, თითით რომ ხატავს დაორთქლილ მინაზე, ვგრძნობ დედას გამომცხვარი „ზებრა“ ნამცხვრის მსუყე სუნს და ღუმლის სიმხურვალეს, რომელიც ტკაცუნით წვავს ტყიდან ჩემი და მამას მიერ მოტანილ ხმელ ტოტებს.
გასაოცარია, მაგრამ მოგონებები წლინახევრიდან მაქვს, უფრო ფოტოგრაფიული მოგონებები, განცდების გარეშე, ადამიანები და კადრები, მაგრამ ფაქტია, 1992 წლის ზაფხულიდან მომხდარი აბების მოყოლა შემიძლია. მახსოვს, 1992 წელს, ზაფხულში, სოფელში როგორ შემსვა მამამ წაბლისფერ ცხენზე, იღლიებში ეკიდა ხელი, რომ არ გადმოვვარდნილიყავი. მე სიხარულისგან ვჭყლოპინებდი, იქვე მდგომი დედა და ბაბუა მოღიმარი თვალებით შემომცქეროდნენ... ესაა პირველი ჩემს მოგონებათაგან, ესაა ათვლის წერტილი, საიდანაც ჩემი ცხოვრება იწყება, რადგან მგონია, რომ ცხოვრება ისაა, რაც გახსოვს, დანარჩენი ყველაფერი ყოფითი წვრილმანი და არსებობაა.
1991 წლის გაზაფხულზე, როცა ჯერ კიდევ აინუნშიც არ ვიყავი, მხოლოდ ჭამა და ძილი იყო ჩემი საქმე, საბჭოთა 70-წლიანმმართველობა- და 9 აპრილგადატანილ ქვეყანაში, უზენაესმა საბჭომ შემოიღო რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა. პირველი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 1991 წლის 26 მაისს, რომელშიც ზვიად გამსახურდიამ დიდი უპირატესობით, ხმათა 86%-ით გაიმარჯვა.
როგორც ოდითგანვე გვჩვეოდა, ქვეყანაში ადამიანები დაიყვნენ ვიღაცისტებად. ეს, დაახლოებით, იმას ჰგავდა, როცა წრეში ბურთის სათამაშოდ ორი ბავშვი აცხადებდა, რომ ერთი „არჩევანი“ იყო, ხოლო მეორე – „არადანი“, შემდეგ კი თამაშის მსურველი ბავშვებიდან გუნდის წევრების არჩევას იწყებდნენ. „არჩევანს“ უპირატესობა ჰქონდა, პირველს მას შეეძლო აერჩია ძლიერი მოთამაშეები, ხოლო „არადანი“ იმას სჯერდებოდა, რაც რჩებოდა. თუ არადანი გაბრაზდებოდა და ჩხუბს ატეხდა, ამას ჭინჭყლობას ვეძახდით და ჭინჭყლი არცთუ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა ბავშვებში, მასთან თამაშს ყველა ერიდებოდა, მაგრამ თუ ჭინჭყლი მხარდამჭერებს აიყოლიებდა, ეს ყველაფერი ორი გუნდის დაპირისპირებით, ვიღაცის გატეხილი წარბით და ჩალურჯებული თვალით სრულდებოდა. სწორედ ასე, ოპოზიციურმა ძალებმა გამსახურდიას წინააღმდეგ „ჭინჭყლობა“ დაიწყეს და რამდენიმე თვეში სამოქალაქო ომი პირდაპირ თბილისის ქუჩებში გაჩაღდა. ძალიან ცუდი პერიოდი დაუდგა ქვეყანას; სრული გაურკვევლობა, განუკითხაობა და უიმედობა სუფევდა ხალხში. სროლის ხმა ისმოდა დედაქალაქში... მგონია, სწორედ იმ წლებში გაქრა ღიმილი ქართველების სახეზე.
ამ პერიოდში ხალხი ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა გაჭირვების მთელ სიმძიმეს, რადგან ჯერ კიდევ არ დაეწყო განუკითხავად ყველაფრის გაყიდვა, რაც ჰქონდა. ადამიანები არსებული დანაზოგის და მთელი ცხოვრების განმავლობაში შექმნილი დოვლათის ხარჯზე არსებობდნენ, თუმცა, მოგეხსენებათ, ხარჯვა შემოსავლის გარეშე რა სწრაფად და უკონტროლოდ მიმდინარეობს, და ასე ნელ-ნელა დაყიდეს, დააგირავეს და დაალომბარდეს ადამიანებმა სახლები, მიწები, ოქრო-ვერცხლი, ძვირფასი ნივთები, მოქარგული სამზითვო თეთრეული, ავეჯი და სხვა ბევრი რამ, რომლის შეძენისთვისაც მრავალი წელი იშრომეს. ყველაზე საცოდავ სიტუაციაში კი ისინი აღმოჩნდნენ, ვისაც გასაყიდი ისედაც არაფერი ებადა. ჩვენ, საერთო საცხოვრებლის მთელი მოსახლეობა კი ამ ბოლო კატეგორიას მივეკუთვნებოდით.
ჩვენი ჭრელი საზოგადოება რაღაცით ჰგავდა ქვეყანას – ყველა ერთ ბედქვეშ ვიყავით და მაინც, ვიღაც ყოყლოჩინობას ცდილობდა. იყვნენ ოჯახები, რომლებიც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ არ უჭირდათ, რომ საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სხვა ოჯახებზე რამეთი უკეთესნი იყვნენ; თუმცა იყვნენ ადამიანებიც, რომლებიც ერთ გუნდად შეკრული სიმბიოზივით ცხოვრობდნენ და ასე შეძლეს ერთმანეთის გადარჩენა. ჩვენი სართული სწორედ ასეთი იყო. ახლაც ვფიქრობ, რომ ძალიან გამიმართლა, ამ სართულზე რომ ვცხოვრობდი.
3
სახელმწიფო გადატრიალებას გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა მოჰყვა. 1991 წლის დეკემბერში ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტზე მიიტანა იერიში, სადაც პრეზიდენტი იმყოფებოდა. ბრძოლა თბილისის ქუჩებში 1992 წლის 6 იანვრამდე გაგრძელდა და ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 6 იანვარს გამსახურდიამ და მისი მთავრობის წევრებმა ალყაშემორტყმული შენობიდან გააღწიეს და თავშესაფარი აზერბაიჯანს სთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს. გამსახურდია სომხეთმა დროებით შეიფარა და საშუალება მისცა, ჩეჩნეთში გადასულიყო, სადაც ის ჯოხარ დუდაევის მთავრობამ თავშესაფრით უზრუნველყო.
უთავკაცოდ დარჩენილ ქვეყანაში უწყვეტად მიმდინარეობდა უკონტროლო ცვლილებები, რომელთათვისაც ფეხის აწყობას მოსახლეობა ვერ ახერხებდა. პოლარიზებულ პოლიტიკურ ძალებს შორის ისეთი სახეებით ვიდექით, როგორც მაყურებლები ჩოგბურთის მატჩის ყურებისას. გადატრიალების შემდეგ სათავეში მოქცეული „მხედრიონის“ ლიდერის, ჯაბა იოსელიანის, ინიციატივით რუსეთიდან საქართველოში ედუარდ შევარდნაძე ჩამოიყვანეს, რომელიც მოგვიანებით ქვეყნის მეორე პრეზიდენტი გახდა. ცეკას ყოფილი მდივანი და ათეისტური საბჭოეთის გამოზრდილი ედუარდი, 64 წლის ასაკში მოინათლა მართლმადიდებლურად. ასეა, დრონი იცვლებიან და მეფენიც იცვლებიან. რეჟიმები იცვლებიან და ადამიანებიც იცვლიან შეხედულებებს. ედუარდის ჩამოყვანამდე კონსტიტუციური მონარქიის იდეაც აქტიურად განიხილებოდა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც საპარლამენტო სისტემაზე შეჯერდნენ.
„მხედრიონი“ ის ქართული სიტყვაა, რომელიც მთელი ბავშვობა უარყოფით კონტექსტში მესმოდა და ასეც იყო. იარაღით დარბოდნენ ქალაქის ქუჩებში; მათთვის აკრძალული არაფერი გახლდათ, მაგალითად, როცა იმ შავ-ბნელ წლებში ვერავინ ბედავდა ოქროს სამკაულებით ქუჩაში გავლას, მხედრიონელის ცოლს აუცილებლად იცნობდით, ისინი თამამად დააბიჯებდნენ ბრილიანტის სამეულებით და ოქროს გრეხილი ძეწკვებით, ჩვენ კი შევცქეროდით და ვჩურჩულებდით: „მხედრიონელის ცოლია, შვილია, ოჯახის წევრია, მეგობარია...“ ასე ჩაიძირა ქვეყანა ანარქიის ჭაობში, სადაც რაღაცის მისაღწევად ვიღაცის რაღაც უნდა ყოფილიყავი, ხოლო გადასარჩენად უბრალოდ უნდა გაგმართლებოდა…
ალბათ იცით, ტალონი რაც არის, სასაჩუქრე ტალონებიც გექნებათ ნანახი, ფასდაკლების ტალონებიც, საწვავისაც, ალბათ, თუ ვინმეს კომპანია აძლევს საწვავის განსაზღვრულ რაოდენობას; პურის ტალონები, ალბათ, არ გექნებათ გაგონილი, თუ ჩემზე უფროსი ან ჩემი ტოლი არ ხართ, რა თქმა უნდა. ახლაც მახსოვს პურის გრძელი რიგები გვერდითა კორპუსის პირველი სართულის მაღაზიასთან. პურის მანქანას თვალს მოჰკრავდნენ თუ არა, ქალები თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ, რადგან ტალონის მიუხედავად, შესაძლოა, აღარც შეგხვედროდათ, თუ დააგვიანებდით. რიგი სწრაფად დგებოდა კვადრატული სარკმლის წინ, საიდანაც ტალონს და ფულს ვაწოდებდით, ისინი კი კუთვნილ პურს გვაძლევდნენ. მაგალითად, ჩვენს ოჯახში სამნი ვიყავით და თითოს 200 გრამი პური გვერგებოდა, პურ-ნახევარი გამოდიოდა, ამიტომ გამყიდველი დიდი, ხერხიანი დანით ლამაზ, მობრაწულ, მრგვალ პურს შუაზე სასიკვდილო ფოკუსის მონაწილესავით გახერხავდა და ისე გვატანდა; მაშინ ვერ ვიგებდი, რატომ…
პურის რიგში პატარა ბავშვი მოგებიანი ბილეთი გახლდათ, ამიტომ დედა დილაუთენია პლედში გადამახვევდა და თან მივყავდი. ბავშვიანებს ურიგოდ უშვებდნენ წინ, თუმცა იმდენი ბავშვიანი იყო, მაინც კარგა ხანს გვიწევდა იქ დგომა. პურის რიგი ახალი ამბების გავრცელების შესანიშნავი საშუალება იყო 90-იან წლებში, დაახლოებით ისე, როგორც ლუდის პაბები მე-17 საუკუნის ინგლისში. რას არ გაიგებდით აქ: მზიურის გოგო მოუტაცებიათ წუხელ; ვინმე ანზორის ბინა გაუქურდავთ მეზობელ უბანში; ანზორი დაუუთოებიათ, რომ გაეგოთ, ოქრო სად ჰქონდა; ვიღაც მთვრალ „მხედრიონელს“ ქუჩაში უმისამართოდ გადაუტარებია ავტომატის ჯერი, თბილისი ნაფრონტალს დამსგავსებია... მოკლედ, თავი ჰიჩკოკის საშინელებათა ფილმში გეგონებოდათ, დღე ნეგატივით და ცხელი პურის იმედისმომცემი სურნელით იწყებოდა, თუმცა იმედიანი დასასრული ჯერ შორს იყო.
1992 წელს აფხაზეთის ომი დაიწყო და 13 თვეს გასტანა. ყოველმხრივ დაუძლურებულ ქვეყანას ომის საშინელება შავი, სამგლოვიარო თავსაბურავივით მოეხვია თავზე. გადმოცემა-გადმოცემით ვიგებდით ამბებს ომში გაპარულ პირტიტველა ბიჭებზე, განადგურებულ ოჯახებზე, დაცემულ სოხუმზე, ლტოლვილად ქცეულ ათასობით ადამიანზე, რომელთაც აფხაზეთის დატოვება და სამშვიდობოზე ფეხით მოუხდათ გამოსვლა სვანეთის გზით, თუკი სამშვიდობო ერქვა იმდროინდელ ჩვენს ყოფას.
ჩვენს საერთო საცხოვრებელსაც შემოემატნენ ლტოლვილები და მალე იქცნენ ჩვენი საზოგადოების ღირსეულ წევრებად. როგორც ვიცით ხოლმე ხშირად ქართულ რეალობაში, ადამიანის სოციალურ სტატუსს მის იდენტობას მახინჯი საკერებელივით ვაკერებთ, მაგ.: ტატრას მძღოლ გიას „ტატრა“ გიას ეძახდნენ, მეწაღე გივის – „საპოჟნიკ“ გივიას, მზესუმზირას გამყიდველ ნუნუს – „მესემიჩკე“ ნუნუს... ადამიანებს ისე ვაკრავდით იარლიყებს, თითქოს ამ საქმის საკეთებლად იყვნენ მოვლენილნი, თითქოს ქვეყნად მეტი, სხვა ფუნქცია არ გააჩნდათ. ომის შემდეგ კი სწორედ ასე გაჩნდნენ ჩვენს კორპუსში ლტოლვილი ნანა, ლტოლვილი გია, ლტოლვილი ვახტანგი და სხვები. რაც ყველაზე სამწუხაროა, ლტოლვილებად დარჩნენ ცხოვრების ბოლომდე, ზოგიერთი გარდაიცვალა კიდეც…
4
აფხაზეთის ომის პარალელურად გრძელდებოდა შიდა დაპირისპირება სამთავრობო ძალებსა და პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერებს შორის. 1993 წლის აგვისტოს ბოლოს, ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა მნიშვნელოვნად განიმტკიცეს პოზიციები. ეროვნული გვარდიის ნაწილებმა აიღეს ხობი, სენაკი და აბაშა. 31 აგვისტოს ზუგდიდში შეიკრიბა გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს მოქმედი უზენაესი საბჭოს 62 დეპუტატი. მათ განიხილეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ბრძოლის მექანიზმები. 15 სექტემბერს გამსახურდიას მომხრე ძალები კვლავ შეტევაზე გადავიდნენ და შევიდნენ გურიაში. 24 სექტემბერს საქართველოში ჩეჩნეთიდან დაბრუნდა ზვიად გამსახურდია და ზუგდიდში აღადგინა დევნილი მთავრობა. ზვიადის მხარდასაჭერი საპროტესტო აქციები მოეწყო სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდსა და გალში. გამსახურდიას მომხრე ფორმირებების ხელში გადავიდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი და სატრანსპორტო კვანძი.
აჯანყებულების მიერ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ფოთის პორტის დაკავებამ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ინტერესები ჩააგდო საფრთხეში. ამ სიტუაციაში სამივე ქვეყანამ შევარდნაძის მთავრობას დაუჭირა მხარი. სომხეთის და აზერბაიჯანის მხარდაჭერა მხოლოდ პოლიტიკური იყო; რუსეთმა კი, დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი გამოგზავნა საქართველოში, რომლებმაც სამთავრობო ჯარები იარაღით მოამარაგეს.
რუსეთის დახმარების შედეგად, აჯანყების ჩახშობა სწრაფად მოხერხდა. სამთავრობო ჯარებმა აიღეს ზუგდიდი, სადაც განლაგებული იყო დევნილი მთავრობის შტაბ-ბინა. პრეზიდენტმა გამსახურდიამ და მისმა რამდენიმე მხარდამჭერმა თავი სამეგრელოს მთიან ნაწილს შეაფარეს.
ამ დროისათვის სოხუმი უკვე დაცემული იყო. სოხუმის დაცემის შემდეგ, აფხაზეთის დევნილი მოსახლეობა სვანეთის გზით წამოვიდა საქართველოსკენ. თვითმხილველების მონათხრობით, საკენ-ჭუბერის უღელტეხილი 100 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიარა. იყო სხვა გზაც, შეიძლებოდა სამეგრელოს გავლით გადმოსვლა, სამშვიდობო დერეფნის მოთხოვნა ქართული მხარის მიერ მოსახლეობის გამოსაყვანად, რაც არ მომხდარა. ამბობენ, რომ ხალხის გადმოყვანა ამ გზით ხელს არ აძლევდათ სამთავრობო ძალებს, რომლებიც შიშობდნენ, რომ სამეგრელოში ჩასული დევნილები აჯანყებულებს შეუერთდებოდნენ და გამსახურდიას დაუჭერდნენ მხარს. ასე იყო თუ ისე, ჭუბერის გზა იქცა ერთ-ერთ საშინელ გზად საქართველოს ისტორიაში.
მოგვიანებით, ლტოლვილი ნანა ქალებთან ყავის დასალევად ჩამომჯდარი, თვალცრემლიანი ჰყვებოდა ჭუბერის გზაზე მომხდარ ამბებს:
– სოხუმიდან მანქანით წავედით მაჭარის ხიდამდე, მერე გავიარეთ მერხეული, წებელდა, აჟარა და საკენს მივადექით. აქ ხალხმა მანქანები დატოვა და მთებს ფეხით შევუდექით. დაიწყო საკენ-ჭუბერის მძიმე გზა. ამინდი გაფუჭდა, აცივდა. ერთი ხელი ტანსაცმლით ვიყავი წამოსული. – თქვა ნანამ და გაჩუმდა. ხელები მხრებზე შემოიჭდო და ერთხანს წინ და უკან რიტმულად ირხეოდა. ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, ქალები უხმოდ შესცქეროდნენ თვალებდახუჭულ ნანას, რომელმაც გამშრალი ტუჩები მოილოკა და განაგრძო, – გზა ციცაბო, ტალახიანი და ოღროჩოღრო იყო. მოვდიოდით უხმოდ, გახევებულები, ყველაფერდაკარგულები, ცხოვრებაწართმეულები და გული უკან გვრჩებოდა. ბავშვებს გულში ვიკრავდით და ასე ვცდილობდით მათ გათბობას. ბევრი გაიყინა იმ გზაზე… ბავშვები, ქალები, მოხუცები. განა მხოლოდ იმიტომ იყო საზარელი ეს გზა, რომ მშობლიური სახლი უკან გვრჩებოდა, განა იმიტომ, რომ ომის საშინელებას გავურბოდით, ეს გზა საზარელი იყო იმიტომაც, რომ მხეცურმა ბუნებამ გაიღვიძა ჩვენში, გადარჩენის შიშველმა ინსტინქტმა. ყოველ წუთს ვდგებოდით მორალური დილემის წინაშე, სადაც ჩვენი კარგად დასწავლილი ზრდილობა, სიყვარული და პასუხისმგებლობა სადღაც ქრებოდა და წინ მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენის სურვილი მოდიოდა. ეს იყო ბრძოლა საკუთარ თავთან ადამიანობის შესანარჩუნებლად. ბევრჯერ ვიმარჯვებდით ამ ბრძოლაში, მაგრამ ისიც კი ზიზღის მომგვრელი იყო, რომ სხვაგვარი ფიქრები გვაწუხებდა. ბევრჯერ ვმარცხდებოდით კიდეც… მახსოვს, ახალგაზრდა გოგომ როგორ დატოვა მოხუცი მამა, რომელიც ვეღარ აგრძელებდა სიარულს; მამამ უთხრა, წადი, დავისვენებ და დაგეწევიო, და ისიც წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ტყუილი იყო მამის დაპირება. ეს გზა არავის აპატიებდა ჩამორჩენას, გაჩერებას, მოდუნებას… იქ არასდროს იცი, რა არის სწორი იმ მომენტში: სიკვდილი შენიანებთან, თუ გადარჩენის შანსის გამოყენება. ახლა ვიცი, რომ სიკვდილი უმჯობესია სინდისის ქენჯნით გაგრძელებულ სიცოცხლეზე, რომელშიც გამუდმებით ჭუბერის უღელტეხილზე ხარ გაჭედილი…
მახსოვს, სამოქალაქო ვერტმფრენები გვეხმარებოდნენ ბავშვების და ქალების გაყვანაში, როგორც შეეძლოთ. თავიდან ვერ მივხვდით, რა ხდებოდა, მტრის ავიაცია გვეგონა და მიწაზე გავწექით, ზოგმა ტყეს შეაფარა თავი; რომ დავრწმუნდით, ჩვენები იყვნენ, შვებით ამოვისუნთქეთ. ხალხი ბევრი იყო, ადგილი – ცოტა. დაჯდა თუ არა ვერტმფრენი, მისცვივდა ხალხი, რამდენიმე ახალგაზრდა ილუმინატორიდან ძვრებოდა თავის გადასარჩენად. პილოტმა რამდენჯერმე ისროლა ჰაერში და იყვირა, მხოლოდ ქალები და ბავშვები გამოუშვითო. წვიმდა იმ დღეს, გარშემო ნისლი იდგა. ჩემი ხელით ჩავსვი ჩემი უმცროსი და, 5 წლის დისშვილი და საკუთარი 9 წლის გოგონა ვერტმფრენში, მე კი 16 წლის ძმასთან ერთად დავრჩი. აფრენიდან რამდენიმე წუთში აფეთქების ხმა გავიგონეთ, კლდეს შეასკდა თურმე. არავინ გადარჩენილა... ნეტავ, არც მე გადავრჩენილიყავი. – დაასრულა თხრობა ნანამ და გაჩუმდა, სახეზე ფერი არ ედო, დედას დადგმული ვალერიანი სულმოუთქმელად გადაკრა და ერთ წერტილს გაუშტერა მზერა.
ეს იყო ქალების ყველაზე მდუმარე შეკრება ჩვენს სახლში. არავის ამოუღია ხმა. მე დედას კალთაში ვიჯექი და ვერ გამეგო, რა ხდებოდა. კედელზე დაკიდებული ლამპა ხრჩოლავდა, ღუმელში ტკაცუნით იწვოდა ხმელი შეშა და ზამთრის ამ ღამეს სუსტად განათებულ ოთახში შეკრებილი, შვიდი მდუმარე ქალი საოცრად ჰგავდა საქართველოს ჭირისუფალს. და ახლა, როცა ამ მომენტს ვიხსენებ, ვხვდები, რომ ზოგჯერ დიდი უბედურებისას ადამიანები ვერ ტირიან, უბრალოდ დუმდებიან და ეს შინაგანი დუღილი მათ აქვავებს. ალბათ, ამიტომ ამბობდა ხოლმე დედა, ქვა და რკინაა ადამიანი, ყველაფრის გადატანა შეუძლიაო…
5
1994 წლის 5 იანვარი იდგა. ახალი წლის დღეებს საერთოდ არ ეტყობოდა საახალწლო განწყობა. დედა მოწყენილი იყო, რადგან რამდენიმე დღეში ოთხის ვხდებოდი, მაგრამ დაბადების დღის გადასახდელად ფული არ გვქონდა. ამბობდა, ერთ „ზებრა“ ნამცხვარს გამოვუცხობ ბავშვს და სანთლებს ჩავაქრობინებო.
კარგად მახსოვს, იმ დღეს ბანაობის დღე გვქონდა. დედა უხმოდ დადიოდა სახლში და საჭირო ნივთებს ამზადებდა. ოთახის შუაგულში უზარმაზარი რკინის ტაშტი დადგა. შიგნით პატარა ჯორკო ჩადგა ჩემთვის. ტაშტის გვერდით სკამზე, ჭინჭრის შამპუნი, სარეცხის 72-პროცენტიანი საპონი და სახეხი ღრუბელი დადო. ალუმინის სათლით ღუმელზე დილიდან შემოდგმული წყალი დუღდა. ბანაობის რუტინა მეზიზღებოდა, ასე მეგონა, რაღაც მოსჯილი უბედურება იყო, რომელიც უნდა გადამეტანა. თავის მხრივ, დედა ამბობდა, ამის დაბანას საცრით წყლის ზიდვა მირჩევნია ეზოდანო, თევზივით ვხტოდი და ვსხმარტალებდი ტაშტში. გასაპნულ ტანზე დედას ხელი უსხლტებოდა და იყო ერთი ორომტრიალი. ამიტომაც, ბოლო დროს დედა მეზობლის ქალს ეძახდა ჩემი ბანაობისას. ლამარა მაღალი, ჩასხმული ქალი იყო, რომელსაც ქალები მოფერებით ლამროს ეძახდნენ. ლამრო ლაჯებშუა ამომიდებდა, თავს ტაშტზე დამახრევინებდა და ასე გაკავებულს გამიქაფავდნენ თმას. ვეღარ ვიძვროდი და ვერაფერს ვხდებოდი. ერთი კი იყო, ღრიალით ვანგრევდი იქაურობას, გეგონებოდათ, საახალწლო გოჭს კლავდნენ. ბანაობის შემდეგ მე ცალკე მქონდა არაქათი გამოცლილი და ცალკე დედა იძახდა, ქალად აღარ ვვარგივარო. ჰოდა, იმ დღესაც ერთი ასეთი რიგითი დღე იყო. წინასწარ ვემზადებოდი საძულველი პროცედურისთვის და მაგიდასთან მჯდომ ლამარას ვუბღვერდი. ცოტა ხანში დედამ წყალი მეორე სათლში გაანელა, წყალში ხელის ზურგი ჩაყო და ტემპერატურა კარგიაო, თქვა. მერე ელვის სისწრაფით გამაშიშვლეს და ისე აღმოვჩნდი ლამროს ფეხებს შორის, აზრზეც ვერ მოვასწარი მოსვლა. თავზე ჭინჭრის შამპუნი წამისვეს და კარგად გამქაფეს. მე ისევ განწირული ვღრიალებდი, ის იყო, დედას წყალი უნდა გადაევლო, რომ გაფითრებული ნინო დეიდა დაუკაკუნებლად შემოვიდა.
- რა მოხდა, ნინო? - ჰკითხა ლამრომ.
- ზვიადი მოკლეს. - თქვა ნინომ და სკამის კიდეზე გაქვავებული ჩამოჯდა.
მერე მახსოვს, რომ მართლა ვღრიალებდი, არა პროტესტის ნიშნად, არამედ იმიტომ, რომ თვალებს შამპუნი მიწვავდა, დედა კი იდგა, ხელში ჩემთვის განკუთვნილი წყალი ეჭირა და ვერ მოეფიქრებინა, რომ დაესხა.
ახლაც, როცა ტელევიზორში ზვიადის სიკვდილს იხსენებენ, უნებლიეთ თვალებს ვჭუტავ, თითქოს ისევ მეწვის თვალებში ჩასული შამპუნი და ისევ მგუდავს ოთახში გამეფებული ზაფრა.
იმ დღეს დიდი გაურკვევლობა ჩამოვარდა ხალხში. პირველ ვნებათაღელვას მითქმა-მოთქმა მოჰყვა: ტყუილიაო, ცოცხალი იქნება ნამდვილადო; „სტეჩკინის“ პისტოლეტით დაუხლია ტყვიაო; არ მოიკლავდა თავს ქრისტიანი კაცი, ისეთი, როგორიც ზვიადი იყოო, თავისიანებმა გაწირესო; „მხედრიონმა“ მოიშორაო; ლოთი ქობალიასთან დაპირისპირებას გადაჰყვაო; გროზნოშიაო; სამეგრელოს მთებშია გახიზნულიო. მოკლედ, ათასი ტყუილ-მართალი გადადიოდა ყურიდან ყურში.
მის სიკვდილს ბოლომდე არ იჯერებდნენ მისი მომხრეები, მათ შორის მამაც, რომელიც გულმხურვალე ზვიადისტი გახლდათ. მახსოვს, გამსახურდიას გარდაცვალებამდე, მამა სკამზე დამაყენებდა და ერთად ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით შევძახოდით: ზვი-ა-დი, ზვი-ა-დი, სა-ქარ-თვე-ლო, სა-ქარ-თვე-ლო! საჯაროდ აღარავინ ამბობდა, რომ გამსახურდიას ემხრობოდა, რადგან 1992 წლის 4 იანვრის დადგენილებით, მისი მიმდევრების დევნა ღიად დაიწყო. გადატრიალების შემდგომ, ორგანიზაცია „მხედრიონი“ და ეროვნული გვარდია გამსახურდიას მომხრე რეგიონებს განსაკუთრებით არბევდა. ამბობდნენ, რომ იყო წამების და დახვრეტის ფაქტებიც.
1992 წლის ზაფხულში გამსახურდიას შეიარაღებულმა მხარდამჭერებმა სახელმწიფო ტელევიზიის ცენტრი აიღეს და შეძლეს შეტყობინების გაშვება შემდეგი ტექსტით: „ლეგიტიმური მთავრობა აღდგენილია, წითელი ხუნტას აღსასრული ახლოვდება.“ ეს იყო ზვიადისტების წამიერი, ჩუმი სიხარული, რადგან იცოდნენ, თუ ყველაფერი გამოვიდოდა, შევარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი ამბოხი ატყდებოდა, თუმცა ეროვნულმა გვარდიამ ტელევიზიის შენობიდან ზვიადის მომხრეები რამდენიმე საათში გამოდევნა.
მიუხედავად მარცხისა, მამას სჯეროდა ამ დევნილი კაცის, მისი ეროვნული სულისკვეთების, მისი იდეების. სჯეროდა, რომ ერთ დღეს იბერია კვლავ გაბრწყინდებოდა. იმ დღეს, როცა სახლში მო