სულ-განაპირა
0 ხმა

თეო ნოზაძე
წარმოშობა? მგონი ფიქრის გორიდან ვარ, იმდენს ვფიქრობ, ან ის სულაც მე შევქმენი. იმ დრომდე, ვიდრე საკუთარი თავის თქვენთვის გაცნობა გადავწყვიტე, ბევრი ვიფიქრე, როგორ მომეწოდებინა ინფორმაცია ერთ ჩვეულებრივ გოგოზე, რომელსაც ცხოვრების უამრავი ინტერესი აქვს. წერის მოყვარული ცხადია, ჯერ უნდა ფიქრობდეს, აბა ისე რა გამოვა? მაგრამ მინდა ვირწმუნო, რომ ის ყოველთვის კარგი არაა. იქნებ შევეშვა. ხშირად მაბრკოლებს, მაშორებს მიზანს. ხშირად წინსვლას უკუსვლით მაცვლევინებს. ხოდა ვიდრე შევჩერებულვარ და კონკურსში მონაწილეობა გადამიფიქრებია, შევწყვეტ ფიქრს და უბრალოდ მოგიყვებით ჩემზე.
მე თეო ვარ ნოზაძე, სამი ათეულისა და ექვსი ერთეული წლის ,, ციფრებით გამოსახული ასაკი მეტად თვალსაჩინოა, მისი დამალვის მწველი სურვილით შეპყრობილმა კი, იგი ბგერებში გამოვსახე. იმედით, რომ მკითხველს დავაბნევ და შემდეგი წინადადებისკენ ვუბიძგებ, Ან კი, რად მინდა განვლილი წლების დამალვა, რისი მეშინია? ვეკითხები საკუთარ თავს.
დავიბადე იქ, სადაც საქართველოს თითოეული ქვეყნის შვილი, თითქოსდა ახალი ცხოვრების დაწყების იმედით მიდის, ანუ თბილისში და მგონი მაშინვე დავიწყე ცხოვრება ახალ რელსებზე, მე ასე მგონია. მას მერე ვიბრძვი იმისთვის, რომ ვიცხოვრო, საინტერესოდ.
დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, მივიღე საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი, გავიარე კავკასიის პოლიტიკის ერთწლიანი კურსი, თუმცა ყველას გასაკვირად და ჩემდა საბედნიეროდ, ვარ ფოტოგრაფი. ეს საშუალებას მაძლევს, მწველი სურვილი, დავინახო ადამიანში ადამიანობა, საყვარელ საქმედ ვაქციო, შესაბამისად გადავიღო შეუწყვეტლივ. ვუმზერ ობიექტივის ლინზიდან და ვაკვირდები. ვაჩერებ წამს, რომელიც კიდევ უფრო მაახლოვებს მასთან, ადამიანთან და ზოგადად სამყაროსთან. მიყვარს ხელოვნება. არსებობას ყველაზე მძაფრად ამ სფეროთი დაკავებასა და წერაში ვგრძნობ. მგონია, ყველაზე საამოდ ამ დროს ვსუნთქავ. მეუფლება მადლიერება არსებობისა და ამის აღქმა ყველა განცდაზე აღმატებულია.
და აი ახლაც, ადამიანის ხუთივე გრძნობას დაუპყრია ჩემი არსება.
ვხედავ, როგორ ვაწკაპუნებ თითებს კლავიატურაზე, საკუთარი თავის თქვენთვის გასაცნობად და ვაანალიზებ, რომ ჩემი წარმატების სადავეები გარკვეულწილად ხელთ გიპყრიათ.
ვგრძნობ, მადლიერებას ამ შესაძლებლობისთვის, რაც მახარებს.
მესმის, მკითხველის სურვილები. მჯერა ის ჩემის თანხვედრაშია, მიიღოს საუკეთესო ნაწარმოები და კითხვის პროცესით ისიამოვნოს.
ყნოსვა მიმძაფრდება და თითქოს ახლად გამომცხვარი წიგნის სუნსაც ვგრძნობ, ეს სიხარულით მაფორიაქებს. ვეხები მას და ვეტრფი, როგორც ყველაზე ძვირფას საგანძურს. და ამ განცდის დაუფლებაც ისევ და ისევ თქვენს ხელშია, ჩვენო ძვირფასო მკითხველნო.
ნაწარმოები აღწერს ორი ქალის, დედისა და შვილის ცხოვრებას. დედის, როგორც ემიგრანტი ქალის და შვილის, როგორც მშობლის სიშორით გამოწვეული გაურკვევლობის მძევლის.
ინა თხრობას ბავშვობის აღწერით იწყებს. იხსენებს იმ ძვირფას მომენტებს, როდესაც დედა მის გვერდით იყო. ჰყვება დედის იძულებითი მოგზაურობის გამო განცდილ შეგრძნებებზე. გოგონას მონათხრობით იგრძნობთ, რაოდენ მძიმეა ემიგრანტობა, რამდენად დამაბრკოლებელია აღნიშნული ვითარება, იმისთვის, რომ ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი, საკუთარი თავი იპოვოს. თითქოს უდედობა მის ცხოვრებას უშინაარსოს ხდის. მუდმივად გზააბნეულია, ეძიებს შინაგან არსებას, უფრთხის სამყაროს და ფიქრობს, რომ გამოსავალი მხოლოდ უძვირფასესი დედის სუნის შეგრძნებასა და მისი შეხების კვლავ განცდაშია.
ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზით მიგრირებული ქალი, სულის დამშვიდებას ფურცლებთან კომუნიკაციით ცდილობს.
წერილები მოგვიანებით შვილისთვის გაგზავნილ ამანათში იყრის თავს. ინა კი მისი წაკითხვის შემდგომ, კვლავ ამოუცნობ სამყაროს უბრუნდება, სადაც დედის გარეშე ყველაფერი უცხო და ულამაზოა. ცხოვრება ოჯახს მძიმე განსაცდელს ახვედრებს, რაც მას კიდევ ერთხელ არწმუნებს განცალკევებული მშობლებისა და ემიგრანტობით გამოწვეული სიმძიმის აუტანლობასა და მიუჩვევლობაში. მისთვის დრო ვერ აღმოჩნდა მკურნალი. ყოველ წამს ბედნიერების ძიებაშია და ეს ბედნიერება სულ განაპირა დარჩენილი დედის ოჯახში დაბრუნებაა. ხელახლა შობა სურს. ეს კი მონატრებული დედის გარეშე ყოვლად წარმოუდგენლად ეჩვენება.
მიმდინარე ტური არ არის აქტიური