ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

სულ-განაპირა

სულ-განაპირა

შორს იყო... ისე შორს, არც კი ვიცი, იქამდე მისაღწევად რამდენ საფეხურიანი კიბე დასჭირდა. კიბე სიღრმეში ჩაუშვა, ფსკერს მყარად მოარგო და სვლას შეუდგა. რატომ, რა უნდოდა, რას ეძებდა იქ? იქნებ საკუთარ თავს, ქვეცნობიერისა და ცნობიერის ბრძოლაში დამარცხებულს. სადღაც, სიბნელეში უმწეოდ გაწოლილ ეგოს, თითქოს უუნაროს, თითქოს უსახელოს. ყველაზე მეტად ეს უჭირდა, ეს მდგომარეობა ინდივიდუალიზმს, თვითმყოფადობას აკარგვინებდა. დაეცა, ადგა, კვლავ დაეცა... ჯერ ისევ იქ არის, გონების სიღრმეში ფსკერზე გაწოლილი, ქვეცნობიერისადმი მტრად განწყობილი, ხმალ მომარჯვებული. თითქოს განცდილი უსუსურობა მისი ბრალია. ისეა აზრდაკარგული, საკუთარ თავთან ბრძოლაში ყოფნას, ვერც კი აცნობიერებს. ვერ გაუგია არსი მისი არსებობისა ორი აბსტრაქტიზმისგან, ქვეცნობიერისა და ცნობიერისგან რომ შემდგარა. ეგო მტრად უცვნია, ესაა სწორედ მისი პიროვნების პრობლემა. არსებული გარემოება სულს უშფოთავს, გულს უფორიაქებს, საღ აზრს აკარგვინებს. გამუდმებით დაეძებს საკუთარ თავს. გიდი ხანია, მასში ეს მტანჯველი პროცესი მიმდინარეობს.

ტკივილი ხშირად მწარედ ანარცხებს მიწაზე. მიწისგან შექმნილს მისი სხეულის ნაწილაკები კვლავ ინდობს და ზურგიდან ხელს კრავს, ცდილობს ფეხზე წამოაყენოს. დგება... ძალა არ აქვს, თავბრუ ესხმის, ისევ ეცემა. თავს ძალას ატანს. გონებას გააზრებას აიძულებს. კვლავ დგება, სურს იქამდე მისვლა, სადაც ლოცულობენ. ხსნას თითქოს ამაში ხედავს. სურს შემქმნელს მიმართოს. გონებაში სიტყვების ფორიაქია, აზრები ირევა. თითქოს ალაგებს, მაგრამ მაინც არ იცის, საიდან დაიწყოს სათქმელი, ან ვის უთხრას. დალაგებულის წარმოთქმასაც ვერ ასწრებს, ისე უცაბედად, მარგალიტის მძივებივით ეფანტება სიტყვები. ეს სიტყვები ხომ მართლაც მარგალიტებია, მისი დაცარიელებული, სიამეს მოკლეული სულისთვის. მარგალიტებია მისი გზადაკარგული, ლაბირინთებში გახლართული გონებისთვის. მხოლოდ ეს ბაგეს დაცდენილი სიტყვებია სულის ხსნა. შემქმნელიც მისგან სწორედ ამას ელის. ბაგეს დაცდენილი ხსნა, სიბნელესა და სიჩუმეში იფანტება ფრაზად - მიშველე ღმერთო... იქნებ აქედან იწყება პიროვნების კვლავ დაბადება, შერწყმა სულისა და გონების ნებისა, დასრულება ცნობიერ-არაცნობიერის ბრძოლისა. იქნებ სწორედ ეს წინდადებაა გონების ფსკერზე თეთრ სინათლედ, მარგალიტებად გაბნეული სიმდიდრე, რომლის ამოთქმამდეც, საუკუნეებად გაწელილ წამებში ცხოვრობს. სიბნელედ მოცულ მიწისქვეშეთში ფეხს, ხან რას წამოკრავს, ხან რას.ყველაფრის აღქმა დაკარგულს, გონებაში იმედად ჩარჩენილი სიტყვა- დამეხმარე, უნათებს სამყაროს, სადაც სიცოცხლის გაგრძელება სურს.

უცაბედად რაღაც თვალებს სჭრის. ვერ ახელს. მუჭადქცეულ თითთა კონას სახისკენ იტაცებს და თვალებს ისრესს. გახელას ცდილობს. სინათლის სიკაშკაშე აყოვნებს. სიხარულის ჰორმონები ელვის სისწრაფით იწყებენ სვლას და ხვდება, რომ გადარჩა. ახლაც გადარჩა. გულს ფრთები ესხმის, ცის ჰორიზონტის გაკვეთას, ელვისებური სისწრაფით ლამობს. სიხარულის შეგრძნებები თანდათან მრავლდებიან. ყველა მათგანი ნიავივით მსუბუქია. და ის დაიბადა... მუცლადმყოფობის შეგრძნებებს გაუძელო და ახლაც დაიბადა... უკვე მერამდენედ. ხელახლა იწყებს ფსკერიდან წამოდგომას. ახალი ცხოვრების დაწყება სურს. ვგონებ, გამოუვა. შეძლებს, იცხოვრებს.

 

                                                                        1

მრგვალ თაღად უქცევიათ ერთმანეთს მიწებებულ წითელ აგურთა არმია. იმხნად ასე იყო. მასზედ მიყრილ ქვიშისა და ცემენტის თანაფარდობა სიძველისა და სოფლისეული სილამაზის ელფერს ქმნიდა. ჯერ აგურისფრად შეუღებავთ. დროთა სვლამ თაღს სიძველის იერსახე მოჰფინა. უდროობას დატყვევებულმა პაპამ უცებ მოიფიქრა გამოსავალი და აგურის ფერის, ცის მუქ ფერად გადაღებვის იდეა სისრულეში მოიყვანა. შვილიშვილები საქმეს არ ვაცდიდით. გამუდმებით ფეხებში ვედებოდით. ჩვენი სიცელქის მიუხედავად, თეთრად თმაგადაპენტილი ბებო მხოლოდ დუმდა და ღიმილნარევი სახით შემოგვცქეროდა. მისი ყვირილი არასდროს გაეგო ვინმეს. მეზობლები მდუმარე თინას ეძახდნენ. თოვლისფრად მოპენტილი მხრებამდე თმა, კოხტად გადავარცხნილი, უკან კიკინად შეკრული დაჰქონდა. ბებოსგან სრულიად განსხვავებული იყო პაპა. ახლაც მჯერა მის ყვირილზე შეცბუნებული ცის შუაზე გაყოფა.

ისინი შრომობდნენ. საცხოვრებელი ადგილიდან ასეულ კილომეტრებად მოშორებულ სოფელში, მთავრობისგან მიღებულ ჰექტრებს სეზონურად ამუშავებდნენ. მათი სარჩო-საბადებელი ეს იყო. საჭირო დროს ურემს შემომჯდარნი და მასზედ შემოწყობილ იარაღებს ხელჩაბღაუჭებულნი, რიყიან გზას მოთმინებით მიუყვებოდნენ. საკუთარი ფიქრებით დატყვევებულები, მდუმარედ აყოლებდნენ თვალს, ურმის რბოლისგან უკან მოტოვებულ ხეებსა და ბუჩქებს. პაპა დროდადრო სახედარს მათრახს შემოჰკრავდა ხოლმე. მისი შეძახილი და მათრახის სახედრის სხეულზე გადალაწუნება ბებოს ფიქრებისგან ატავისუფლებდა და რეალობაში, ისევ იმ რიყიან გზაზე აბრუნებადა. ნეტავ რას ფიქრობდა?! იქნებ მოწეულ მოსავალს სამ შვილსა და ხუთ შვილიშვილს უნაწილებდა. მისი საფიქრალი მხოლოდ მონაგარი იყო. ძველები რომ იტყვიან მზე და მთვარე ამოსდიოდა მათზე. უყვარდათ შემოდგომა. დამღლელი შრომის მიუხედავად, სეზონის ამ დროს სიხარულით ელოდნენ. მშრომელი ხალხისთვის წელიწადის ეს ხანა, ყველაზე საყვარელია, შრომატევადი, მაგრამ სასიამოვნო. უხარიათ მიწად ჩადებული ნაღვაწის სამზეოზე ხილვა. მოხუცების ზოლებად დასერილი ხელების კანი, ხომ მათი ცხოვრების ფირია. იქ კარგად ჩანს ყოველი შრომის კვალი, სიამითა თუ დაღლით მიღწეული შედეგი, თუ უშედეგობა. ცხოვრების ამ ფირზე ნათლადაა ასახული ზოლების სიშავეში ჩაკარგული წლები და ენერგია. დაკოჟრილ ხელთა სიუხეშე ჩვენთვის, შვილიშვილებისთვის კი ყველაზე რბილია. მათი უხეში ხელის თავზე გადასმა ყოველთვის სიამედ გვედება. ტკბილია ბებოს კალთა და ჩვენს სხეულზე მისი სხეულისა და გულიდან გადმოღვრილი სითბო მეტად საამო.

ახლა ის დროა დიდ, მზემომდგარ აივანზე გაფენილ ცელოფნებზე გორებად ახუნძლული, უკვე კარგად გამომშრალი მცენარიდან ლობიოს ბურთულები რომ უნდა გამოარჩიონ. ეს საქმე ჩვენც გვევალება, მე და ჩემს დას. ხან გვეზარება. გარეთ სირბილი გვირჩევნია, მაგრამ აბა თაკარა მზეზე ვინ გაგვიშვებს, ამიტომაც პაპის ხელით შეკრულ ხის სკამებს ზლაზვნით მივაგრიხინებთ აივანზე მოსაკალათებლად და ლობიოს სარჩევად. თანაც ვერთობით, შეჯიბრს ვიწყებთ, ვინ მეტს გამოარჩევს. აქეთ-იქით გაგორებული მარცვლები გამარჯვებულის გამოვლენაში ხელს გვიშლის. პაპა პერიოდულად ისე შემოგვიბღვერს, გული ლამის გაგვისკდეს. გაჩუმება მხოლოდ წუთით შეგვიძლია, მერე ისევ ვიწყებთ. აბა რა გაგვაჩერებს, როგორც ბებო და პაპა იტყვიან, ყველაზე ცელქი და ონავრები ვართ, ვინც კი ოდესმე უნახავთ. ეს ცელქი ვიცი, რასაც ნიშნავს, მაგრამ ონავარი მაინც ვერ გამიგია, ალბათ უარესია. თამაშ-მუშაობით ვიღლებით და ოთახში სირბილს ვიწყებთ. ერთ-ერთ საწოლქვეშ გაშლილ ბრეზენტის ნაჭერზე, მწვანე ხავსმოკიდებულ ბურთულები დასახლებულან. ხელებს წენგონარევი სიმწვანე თავის კვალს ამჩნევს. ამაზე არ ვდარდობთ. გვიყვარს სიცელქე და სულაც არ ვუფრთხით პაპის ყვირილსა და ბებოს შეწუხებულ სახეს, ჩვენი მწვანე ხელების დანახვაზე. კაკალთა ამალა, ისე ჩუმად მიუმალავთ ფიცარნაგებიანი საწოლის ქვეშ, თვალიც ვერ მოვკარით, მაგრამ ჩვენ რა გამოგვეპარება, თაგვებივით ყველგან ვართ. ბებო ისევ დუმს, ახლა უკვე ჟანგმორეულ ღუმელთან აგრძელებს თავის საქმეს. ცომში გასვრილი დაკოჟრილი ხელებით კეცზე მის დაკვრას ცდილობს. ცომის შუაში საჩვენებელი თითით ჩაღრმავებული რკალიდან კარგად ჩანს კეცის ზედაპირი. თავში უკვე ახალი თამაშის იდეამ გამიელვა. ერთი სული მაქვს ორი პური მალე გამოცხვეს, ერთი ჩემთვის, მეორე ჩემი დისთვის. ბებოს თითით ამოჭრილ რკალში გავიხედები, ისე როგორც დურბინდში იმზირებიან. მაინტერესებს, რას დავინახავ, ასეთი თამაში არასდროს მითამაშია. მართლაც რანაირი ონავრები ვართ. პურის გამოცხობამდე წენგონარევი კაკლები ზედისგან გაკეთებულ ორმოში მოვათავსეთ და ის შვიდი საფეხური ჩავირბინეთ, ახლაც რომ ძალიან მიყვარს, ისტორიას მიცოცხლებს. პაპის ყვირილი ყურთან ჯერაც მიზმუის, მაშინ ცა ორად რომ გაჰკვეთა. ჩვენ კი უკვე ქვა მომარჯვებულები კაკალს ვტეხდით. მიყვარს ბავშვობა და იქ თავს გადახდენილი ცელქობები. Ბავშვობაში მოვლენებს მზისფერი სათვალიდან უყურებ და გგონია, ყველაფერი სიყვარულითაა გაცისკროვნებული.

  დედას არ უყვარდა ჩვენი სოფელში წაყვანა. პაპა-ბებიის თქმით კი, ხალხი მსგავს დაბა-კურორტზე ცხოვრებას ნატრობდა. ჩვენ მხოლოდ წლის ორ სეზონზე ვსტუმრობდით მათ. ზაფხულშო ორი ან სამი კვირით, ზამთარში რამდენიმე დღით თბილისს ვტოვებდით და ლიანდაგზე შემდგარი ერთ-ერთი ვაგონის ფანჯრიდან თვალებგაფაციცებულნი სივრცეში ვიმზირებდით. პაპა-ბებია მშობლებს კატეგორიულად შემოუთვლიდნენ, ჰაერის გამოსაცველად დროულად ჩავეყვანეთ, ისეთ გაჩხიკულებს, რომ არ გვევლო, როგორებიც მათი შეხედულებით ვიყავით. დედას ჩემი ჭირვეულობის გამო, არ უყვარდა იქ ჩასვლა. მაღალი ჰაერი მწყენდა და იქ ყოფნის მანძილზე, საწოლზე უუნაროდ ვიყავი მისავათებული. მამა მშობლებისა და ძმის ხათრით ძუნძულით მიგვარბენინებდა მათთან. მოკლედ, ოთხ ოჯახიან საერთო შენობის ეზოში ვატარებდი ზაფხულის, ხანაც ზამთრის არდადეგებს და უკვე თინეიჯერობის ასაკში ბედნიერი ვიყავი ამით. იქ ყოფნისას, ყველას საკუთარი საქმე გვქონდა. ხშირად ვზარმაცობდით. ჩემს დას, ანეს ყოველთვის ეზარებოდა ოჯახის წყლით მომარაგება, მე კი ეს საქმე გასართობად მიმაჩნდა. აბა იმ დროს წყალი ონკანებში სად მორაკრაკებდა. ეს უკანასკნელნი მხოლოდ ფორმალურად მოთავსებულიყვნენ ნიჟარის თავზე. ზოგ ოჯახს სულაც არ ჰქონდა წყლის ასაღებად საჭირო ეს უცხო ობიექტი. მის ქონას საჭიროდაც არ თვლიდნენ, რადგან სახლში მოსული წყალი სასწაულის მოხდენას უტოლდებოდა. მითუმეტეს სოფლის მოსახლეობა, წყლით ნაკლებად იყო განებივრებული. სოფლად მისით მომარაგების ორგვარი გზა გვქონდა. ვისაც, არ ეზარებოდა წყაროზე არაყივით მორაკრაკე წყლის მოსატანად, ასეულ მეტრებს გადიოდა. ზოგიც ეზოში ღრმად ამოჭრილ და ქვით მოვარაყებულ ჭას მიაშურებდა. რკინის რგოლებად აკინძულ ჯაჭვზე ჩამოკიდებული რკინისსავე სათლი, სიმსუბუქით გამოწვეული ქვებზე რახუნით, გზას ფსკერისკენ მიიკვლევდა. ძალიან მიკვირდა, რა უნდოდა მიწაში წყალს, რანაირად ამოდიოდა და რატომ უნდა დაგველია ასეთი წყალი. ვაითუ რამე ჭია, ან სხვა სიბინძურე შეგვყოლოდა. მაგრამ ყველა ასე იქცეოდა და მეც მივხვდი, ამ წყლის სმით ნამდვილად არ მოვკვდებოდი. ჭის ფსკერამდე მსუბუქად ჩასული სათლი, იქიდან უკვე მძიმედ ამოდიოდა. თუ მოხდებოდა და მამოძრავებელი მექანიზმ-სახელურისთვის ხელი გაგეშვებოდა, ისეთი სისწრაფით დაბზრიალდებოდა, თავის გატეხვა არ აგვცდებოდა. სათლიც მოწყვეტით დაეშვებოდა ფსკერზე, ამიტომ ჭასთან ბავშვებს თითქმის არ გვიშვებდნენ. ჩვენ კი აკრძალულისკენ ლტოლვა ყოველთვის საინტერესოდ მიგვაჩნდა. ხოდა წყლის მოსატანად უამრავჯერ გავპარულვართ. თავს იმით ვიმართლებდით, რომ ბებოს არ ეცალა და ჩვენი დახმარება სჭირდებოდა. ერთხელაც, ასე დახმარების სურვილით გაპარული, სახლში დიდ კოპიანი შუბლით დავბრუნდი. შეშინებულს არ ვიცოდი, რა მექნა, სად დავმალულიყავი. რა გაუძლებდა, ჯერ პაპის და მერე მეზობლების რისხვას ფსკერზე ჩაძირული სათლის გამო. მრისხანე პაპის შემოტევა უხმოდ ავიტანე, ვიცოდი, ისედაც არ ამცდებოდა. ჩემ გამო, ვალადდადებული სათლი იყიდეს და კუთვნილ ადგილს დაუბრუნეს, თუმცა ინციდენტის შემდეგ ჭასთან სიახლოვე კატეგორიულად ამეკრძალა. ხანდახან მაინც მივიპარებოდი და ხის ჭუჭრუტანიანი სახურავიდან სიღრმეში ჩაჭყეტვით ბავშვურ ჟინსა და ინტერესს ვიკლავდი. ვფიქრობდი, რანაირად შეეძლო წყალს, ყოველდღე ერთი და იგივე დონეზე მდგარიყო. ოთხი ოჯახის წყურვილი დაეკმაყოფილებინა და ყოველ დილით, ისევ შუამდე ამოსულიყო. რა საოცარია ბუნების კანონზომიერება. ოდნავ დიდი, უკვე იმას ვნატრობდი გეოლოგი მაინც ვყოფილიყავი, და ეს ცხადი ფაქტი გამომეკვლია. ასე იყო თუ ისე, გეოლოგიისადმი ჩემი გატაცება ნორა ბებოს ხასიათისგან განსხვავებით, მალევე დაცხრა და მისუსტდა. სამაგიეროდ, ამ ქალის რისხვა ეზოს ბავშვებისადმი ვერასოდეს დაოკდა. ჩვენც სახლების მიმდებარედ მუდამ შიშნარევი დავაბიჯებდით. მაგრამ რისი ნორა იყო, თუნდაც ეს მდუმარე ნაბიჯები გამოჰპარვოდა. გამხდარ, ამაყ სახიან, პრანჭია ნორას, მუდამ ფარდის უკან მდგომსა და ტყლაპების მკეთებელს, საქმედ ჩვენი კონტროლიც ემატებოდა. ხანდახან ისეც ხდებოდა, სტუმრად მიწვეულებს მჟავე ტყემლის ტყლაპით გვიმასპინძლებდა, ეს მხოლოდ ავეჯის გადადგმის, დალაგების, ან ლობიოს ლებნებიდან მარცვლების გამორჩევის საფასურად. ჩვენთვის არც წკეპლას იშურებდა. კარგად მახსოვს დღე, ნორას წყევლა-კრულვამ ელვასავით რომ დაიქუხა და ჩვენს თავზე მეხად ჩამოვარდა. გაბრაზებისას მისი მზერა გულს შუაზე გვიპობდა.

მწვანედ აკიაფებული ტოტების სახურავქვეშ რკინის ნაცრისფერ ჭიშკარს, გაღება-დახურვისას მუდმივად ჭრიალი გაჰქონდა. ეს ხმა სულაც არ იყო მოსაბეზრებელი. პირიქით, ეს ჟღერადობა ყველაზე სანატრელ ხანას მახსენებს.

ნაცრისფერ ჭიშკარს სახლამდე ათეულ მეტრებად გაწოლილი ასფალტი მიუყვებოდა. გზა, რომელზეც პატარა გულაფანცქალებულ გოგონებს ქათქათა მუხლები ათასჯერ გადაგვქლეტია. ხან მშიერს სახლში მიგვეჩქარებოდა, ხან პაპა-ბებიის დაძახება მიგვარბენინებდა, ხანაც ნორა ბებოს წყევლით შეშინებულები თავის შესაფარად სახლს მივაშურებდით. ერთ მზიან დღეს, მე და ჩემი მეგობარი მაშო, თამაშით დაქანცულები პირის გასასველებლად მეზობლის ეზოდან, საკუთარ ეზოში გადმოყრილ, მიწაზე მოფენილ წითელგვერდა ვაშლებს დავწვდით. რაც შეგვეძლო ვჭამეთ, დანარჩენი კალთად ქცეულ, ამოწეულ მაისურში მოვათავსეთ და სახლისკენ გავეშურეთ. ბავშვური სიცელქე შეპარული ქმედება, ფარდას ამოფარებულმა მქუხარე ნორა ბებომ, მის შეურაცხყოფად მიიჩნია და მთელი სახლის შემოგარენი წყევლით აიკლო. ქურდი, ქურდი, ექოსავით გაისმოდა მთელს არემარეში. საწოლქვეშ შემალულ-შერცხვენილი ალბათ მთელ ღამეს იქ გავათენებდი, ოღონდაც ამ ქალის რისხვას გადავრჩენოდი. ინა, ინა გაწიწმატებული გაჰკიოდა, მე კი გული მისკდებოდა, ვაითუ მოეგნო და ჩემთვის თმები გაეწიწკნა. ამ დროს ვინატრე ანედ გადავქცეულიყავი. მას ბედი ჰქონია. დედამ წინა დღეს თბილისში წაიყვანა. ვფიქრობდი, ნუთუ ისეთი სამარცხვინო ქმედება ჩავიდინე, პატიება არ შეიძლებოდა?! არადა, რა გემრიელად შევექცეოდით ლოყა აწითლებულ ვაშლებს. მაშინ ყველა ემოცია ერთდროულად დამატყდა თავს. სირცხვილისგან მოქმედების უნარი დავკარგე. მაშოს არაფერი აღელვებდა, ეს ხომ ჩემს ეზოში გადმოყრილი ვაშლი იყო, ბრალიც მე მიმიძღვოდა. თანაც ნორა და მაშოს ბებია დიდი ხნის მეგობრები იყვნენ. მას ვინ გაუბრაზდებოდა. ისიც ყელმოღერებული და იმედიანი სახლისკენ გაიქცა. მე კი შეშინებული და გულნატკენი საწოლქვეშ შემალული დამტოვა. იმ დღის განცდები დღესაც სიმძაფრით მახსენდება. ვერ მივმხვდარიყავი, ჩემი ეს ქცევა, ამ ქალის რისხვის მიზეზად რატომ იქცა. დიდსაც კი მიფიქრია, როგორ შეეძლო წლებგამოვლილ, ასაკ შეპარულ, უამრავი შვილიშვილის პატრონს, პატარა გოგონა საკუტარ ეზოში გადმოწოლილი ტოტებიდან ძირს გადმონატყორცნი ნაყოფის გამო დაეწყევლა. თვალზე ცრემლმომდგარმა დიდი დრო გავატარე საწოლქვეშ, შეწუხებული ბებო ეზოში მეძებდა. ტირილში ჩამეძინა. დილას მაშოს ძახილმა გამაღვიძა. აღარც თამაში მეხალისებოდა. საწოლიდან ზლაზვნით წამოვდექი და ზრდილობიანად გავისტუმრე, ავადობა მოვიმიზეზე. თითქოს ჩემში გარდატეხა მოხდა, მისგან მიტოვებულს, მასთან ურთიერთობის სურვილიც აღარ მქონდა. მსგავს სიტუაციაში პირველად ვიყავი. პირველად მეტკინა გული, საყვარელი მეგობრისგან და მეზობელი ბებოსგან.

                                                                  

2

ბავშვობას ნამდვილად სდევს თან განსაკუთრებული ხიბლი, მაგრამ ყველას ბავშვობას სამწუხაროდ, ვერა. ზღაპრად წოდებული ეს ხანა, ხან ტკვილიანი, ხან კი სასიამოვნოა. ასეთია ცხოვრების კანონზომიერება. ამ ხანისეული განცდები, რაღაცნაირად მეტად მძაფრია, მაგრამ ბავშვებისთვის ყველაფერი მაინც ვარდისფერი და სიყვარულით სავსე ჩანს. უკვირთ, როცა დიდისთვის, რაღაც მიუღწეველია, როცა ისინი რაღაცას ზედმეტად მტკივნეულად აღიქვამენ, განიცდიან, ბჭობენ. მათ არ ესმით სიმძაფრე, ან უკუაგდებენ და გამუდმებით ვარდისფერი პრიზმიდან მზერას ცდილობენ. მეც ასე, ბავშვურად, სულ მიკვირდა დიდების, რა ხებოდა მათთვის, ისეთი მიუღებელი და არასასიამოვნო, ასე რომ განიცდიდნენ. ეს მოგვიანებით, როცა დიდი გავიზარდე, მაშინ გავიაზრე. ჩემს ბავშვობას საერთო მატერიალური სიდუხჭირე თან ახლდა. საყოველთაო უდენობას და მსგავს ყოფით პრობლემებს თუ არ ჩავთვლით, სხვა რამ საბედნიეროდ, ჩემს ოჯახს დიდად არ შეხებია. უდენობასა და ლამფის მბჟუტავ სინათლესაც კი თავისებური ხიბლი ჰქონდა. დღეს ყველაფერია, რაც მაშინ არ იყო. დღეს, ოთხმოცდაათიანებისთვის დამახასიათებელი თითქმის ყველაფერი გაქრა. იქ, შორს, უკან დაბრუნდა. დროთა სვლამ და მისით გამოწვეულმა განვითარებამ ძველიდან მონარჩენი თითქმის ყველაფერი უკუაგდო.

მაშინ ვთამაშობდით ხუთქვაობანას, რეზინობანას, წრეში ბურთს და ველოდებოდით, ხან არც ველოდებოდით დენის მოსვლას. ეზოში ჩვენი უბნის ბავშვები დისკოტეკას ელექტრო ძრავზე მუსიკალურ ცენტრის მიერთებით ვმართავდით. ეს აღუწერელი ბედნიერება იყო. სხვა სიხალისე, სხვანაირი განცდები ახლდა იმ პერიოდს. ალბათ ფრაზამ „ჩვენს დროს სულ სხვა იყო“, მყარად ამიტომაც დაიმკვიდრა თავისი ადგილი შემდეგი დროის ერის ისტორიაში. უცაბედად, თუ შენობებიდან სინათლე გამოკრთებოდა, საერთო ურა-ურას ბგერებით შემდგარ აღმაფრენის, გაოცების, ბედნიერების გამოხატულების შეძახილებს ავტეხდით და სინათლის სიხარულის შესაგრძნობად, სახლებისკენ თავდადებით გავრბოდით. გავრბოდით, რომ მიგვესწრო. ასე იყო იმხნად. ეს დიდ პრობლემას არ გვიქმნიდა. თბილისში ყოფნის დროს მსგავსი, ბევრი დღე გვქონდა. სოფლად დენი თითქმის არ იყო. იქ ოჯახები, ნავთით მარაგდებოდნენ, ლამფის სინათლის გარეშე რომ არ დარჩენილიყვნენ.

მამა მუშაობდა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. დედა მეზობელ ქალებთან ერთად თურქეთში დადიოდა, საკუთარი პატარა ბიზნესი ჰქონდა. ორ კვირაში ერთხელ აუცილებლად უწევდა წასვლა-წამოსვლა. მე და ჩემი და მის სახლში დაბრუნებას მუდამ დარდიანები ველოდით. მონატრება ჩვენს მუდმივ მეგზურად იქცა. ქვეყანაში არსებული არასაკმარისი სამუშაო ადგილები, უალტერნატივო ცხოვრების რიტმი დედას და არა მარტო, იძულებულს ხდიდა, ოჯახის სარჩენად საჭირო შემოსავლის საშოვნელად ქვეყნიდან გასულიყო. ეს იყო უდედოდ დარჩენილი შვილების უზადო ტკივილის მიზეზი. მეც და ანეც, ბავშვობიდან დედის კალთას მიწებებულნი ვიყავით. მისი მონატრების გამო კი, მუდმივად სევდიანები.

ყოველდღიურად ახალ-ახალი თამაშების გამოგონებით ვიქცევდით თავს. თამაშების, სადაც მთავარი პერსონაჟი, მონატრებული დედა იყო. რიტუალი მაშინ რომ მქონდა, დღესაც სულს მიკრთობს. მაფიქრებს ჯერ კიდევ აუხდენელ ოცნებებზე. დღესაც ძალიან მიყვარს ის უწყინარი წითელ სამოსიანი დაკოპლილი არსება, სურვილის ჩაფიქრებისა და მასზედ, სულის შებერვის საშუალებით, სასურველ ადრესატთან რომ ვგზავნიდი. ჯონათანის თოლიისმაგვარი სისწრაფით, ჭიამაიას ცაში ვაფრენდი და მეგონა, დედასთან დანაბარების გადასაცემად, ზღვასა და ოკეანეებს, თოლიის მსგავსად გადაიფრენდა. მჯეროდა გადასცემდა დანაბარებს, მშობელს მონატრებული შვილები რომ ატანდნენ. მსგავსი დამჯერი მწერი ჯერ არ მენახა. თითქოს გონება ჰქონოდეს, ისე მოთმინებით ჯდებოდა ჩემს თითებზე, სანამ სურვილის თქმას დავასრულებდი. მერე ეს ულამაზესი შავკოპლებიანი არსება, პატარა ტანს ფრთებს შემოჰკრავდა და ფარფატით აიწევდა ცისკენ. თვალს ვაყოლებდი, თითქოს ვაკვირდებოდი სწორ მიმართულებას თუ ირჩევდა. თვალსაწიერის ბოლო მონაკვეთამდე სიხარულის შეგრძნებით ვუმზერდი და მჯეროდა, დანაბარებს აუცილებლად გადასცემდა. ჩვენთან დედის უეცარი დაბრუნებები, მისი წყალობა გვეგონა. ბავშვური ფიქრებით, თავს ვაჯერებდი, რომ ჩვენი გახარებული გულების ბაგაბუგი უწყინარი ჭიამაიის დამსახურება იყო. მჯეროდა ამ არსების გულკეთილობისა და უანგარობის. მახარებდა მისი ეს თავდადება. მეხსიერების ქვაფენილის მკვიდრად მისი არსებობა, სწორედ ჩემი მისდამი სიყვარულის დასტურია. დღესაც კი, ამ ჰაერში მოფარფატე არსების დანახვა, საუკეთესო და თან ტკივილით დაღლილ ხანას აბრუნებს ჩემი ცხოვრების ჯებირთან. მეხსიერების მუდმივობად ქცეული საბადოდან წამოშლილი ეპიზოდები, არსებული ჯებირის გარღვევას ხშირად ცდილობენ. სად წასასვლელად, ჯერაც გაურკვეველია, მაგრამ ცხადია, ტკბილი ხანის ეს ფირები, მუდმივად სიხარულის ჰორმონებზე აბიჯებენ.

ჩემი გონების პლატფორმაზე ერთი ასეთი სუბიექტი კიდევ სახლობს. მცენარეთა სამყაროს ეს ქმნილება, იმდენად სახალისო ფუნქციის მატარებელია, მასთან ურთიერთობისას წარმოუდგენელია, ასეთივე განცდების რამდენიმე მათგანმა ერთად არ მოიყაროს თავი. ბუნების ქმნილებები ყოველთვის დედის მონატრებასთან მაბრუნებს.

ბაბუაწვერას ჰაეროვანი ბუსუსები ჩემს სულსა და გონებაში საოცარ განცდებს ბადებს. მიყვარს მისი სეზონი. მიყვარს ის „რიტუალი“ სულის შებერვისას სურვილს რომ გავივლებ გონებაში. ეს ქმედება ხომ ყოველთვის რაღაცნაირი შეფარულია, საიდუმლო ნარევი, აღმაშფოთებელი, ასეთივე იყო ბავშვობის შეგრძნებები, რიტუალისას დაუფლებული. მიყვარს, მისი შებერვისას ცისკენ მიპყრობილ თვალთა მეხსიერება. ცისფერ ფონზე წარწერად გავლებული ჩემი ოცნებები, რაღაცნაირად მაფორიაქებს. ეს ოცნებები სულში ისადგურებდა და ზუსტად ვიცოდი, უმოკლეს მომავალში რეალობად იქცეოდა. ასე მჯეროდა. მწვანე ღეროდან ხალასით მოწყვეტილ ბუსუსთა ფრენა, სიამოვნებას დღესაც მანიჭებს. მის თითოეულ არსებაში ჩასახული, მისიის შესასრულებლად ცისკენ მიმართული ნატვრათა კოლონა, საოცარი სანახავია. მასში ჩემი ყველაზე ტკბილი ოცნება იყო ჩაკირული. იქ ემოცია სუფევდა, მუდმივი მოლოდინით გაჯერებული. ეს იყო ჩემი არსებობის ძალა და იმედი. არსი ცხოვრებისა. ეს იყო და ახლაც არის, სურვილი, მისი დაბრუნებისა ჩემთან. მაგრამ ვგრძნობ, რატომღაც ყველა ბაბუაწვერას ერთხმად შეუკრავს პირი. გაჯიუტებულან, სურვილს არ მისრულებენ. არ მეპუებიან. უკვე მერამდენედ გამიცრუეს იმედი. უკვე მერამდენედ მაწყენინეს. და მაინც, დღესაც კი, მისი ხილვა ჩემი ბავშვობაა დედის სიყვარულისკენ მიდრეკილი. დაუფიქრებლად, გაუაზრებლად, უკვე სურვილის ჩაუთქმელად, ბუსუსთა ამალა, დღესაც მიემართება იქ, შორს ცის კამარაზე. ისე, უბრალოდ. ჩვევის მსხვერპლად ქცეული. ჩემი გონების მძევლად ქცეული. მაგრამ ხალასი, საამო, გიჟური.

 

3

თავდახრილმა იცის სიარული. ეს მისი ხასიათის იოლად შესაცნობი ჟესტია. შემოდგომა და გაზაფხული ხიბლავს, დანარჩენ ორთან შედარებით. მის შინაგან სამყაროს ამ უკანასკნელებისადმი სიყვარულიც ცხადს ხდის. ადამიანებთან იოლად პოულობს საერთოს. საპირისპიროდ, გაგიკვირდებათ და მათთან ურთიერთობისას, ხშირად ჩუმად ყოფნას ამჯობინებს. საუბარში იშვიათად ერთვება. დუმილი უყვარს, ან სხვადასხვა მიზეზთა გამო დასჩემდა მისდამი სიყვარული, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ყვითელ და მოწითალო ფოთლებით მოფენილ და წვიმით დანამულ გზას გაუყვა. ბუნების საჩუქარი ყველაფერი ხიბლავს, ხანდახან ეს ყველაფერი ზედმეტად აღიზიანებს. მისი სულის გარდასახვას მრავალი რამ იწვევს: გარემო, ადამიანები, ფუჭად ქცეული იმედები და კიდევ სხვა უამრავი ცხოვრებისეული ფაქტორი. მისი ჯერ ისევ ვერ განხორციელებული ოცნებები დროდადრო იმედით აღიჭურვება ხოლმე. სწორედ ახლა აქვს ეს პერიოდი. ფიქრები ელვასავით იწყებენ სვლას. ხანდახან ცისარტყელის ფერად იმოსებიან და რეგენერაცია განცდილები ოცნების კვლავ მიღწევადობის მიზანს ისახავენ.

უყვარს იმ ვიწრო ბილიკზე გავლა, გაზაფხულზე გაყვავებული ტყემლის ციცქნა ფოთლებით მოთეთრება რომ სჩვევია და სურნელებას აფრქვევს. განწყობა მაშინვე ეცვლება. სხეულის ყველა სისხლძარღვში წითელი ნაწილაკები მჩქეფარედ იწყებენ ცირკულაციას. მისთვის მარტო ყოფნა სულში წვდომის ცერემონიალია, კალმისა და ფურცლის ზეიმად ქცეული. უყვარს წერა, მაგრამ ამ ბოლო დროს, ამასაც გაურბის. სული დასტყვევებია და არ იცის რისგან, ჯერაც ვერ გარკვეულა. ოცნებები და მიზნები, მისი ზეიმის მუდმივ მონაწილეებად წარმოდგენილი სუბიექტები არიან. ცნობილი მსახიობების არ იყოს, მინიჭებულ როლს წარმატებით თამაშობენ. თითქოსდა ათწლეულებია მათ მსგავსად, სცენაზე დგანან. ოცნებები გულნატკენი, დაუფასებელი მსახიობების არ იყოს, თავს დაუღალავად იწონებენ. იმედების ხშირად მიძინების გამო, გულგატეხილები კულისებში დროზე ადრე იწყებენ რიგ-რიგობით გასვლას. მთავარ პერსონაჟს არ სურს ასე ხდებოდეს. მაგრამ რას იზამს, გარემო, საზოგადოება, ვითარებები ქმნიან ყოველივეს.

წვიმაც უყვარს. მისდამი სიყვარულის მიზეზი, მისთვის ფუჭი ფიქრების გატანების მცდელობაა. ჰგონია, ყველა იმ ნეგატიურ ემოციას, რაც მასში ადამიანებს უშენებიათ, წვიმა ჩამორეცხავს. რანაირია მაინც ცხოვრება?! შენთვის ვერ ცხოვრობ, შენებურად, სურვილისამებრ, სასურველს ვერ ქმნი. გინდა და არ გამოგდის. თითქოს ვიღაც გადგას თავზე და ის ცდილობს ცხოვრება დაგიწეროს. ის სხვა, მუდმივ მცდელობაშია, შექმნას შენი ცხოვრება, მასში უნებართვოდ ჩარევით. ყველაზე მეტად ეს აწუხებს, უხეში არაა. არ შეუძლია ყველა არამკითხეს, თუნდაც ზრდილობიანად სათანადო ადგილი მიუჩინოს და ეს ანგრევს, შლის, მიწაზე ანარცხებს. იმედები ათასგზის უცრუვდება. მაშინაც კი, როდესაც თავსხმა წვიმაა. არც ამ უკანასკნელს ძალუძს, გულზე ქვის ლოდებად მწოლიარე დარდი ჩამორეცხოს. წვიმას ყოველთვის სურს მისი დახმარება, მაგრამ თავისებური მეთოდებით. საკუთარი ინსტიქტებით ბრძოლისკენ უბიძგებს. მის გამოძერწვას დარვინიჩისეული მონდომებით ლამობს. ამ ყველაფერსაც აცნობიერებს. ახალი ენერგიით იმსჭვალება. ახალი გზის, ახალი შემართებით გაკვალვა სურს. ასე უსასრულოდ ებმის დღეები და მიუხედავად ყველაფრისა, მისთვის ესაა ცხოვრებით ტკბობა. ასეთ დროს ნამდვილად შეუძლია ამაყად თქმა, რომ არათუ ცოცხლობს, არამედ ცხოვრობს და ეს ახარებს. მის ყოველ შებრძოლებას ამაოებასთან, ახალი გამოცდილება და შეძენილი უნარით დაჯილდოვება მოჰყვება. ეს მისთვის ყველაფერია.

დღეს ასეა, უკვე თვალდახუჭული ახერხებს გულსა და გონებაში ჩაკირულ ფიქრებთან ბრძოლას. ცუდის განდევნისა და ახლის, სასიამვნოს დაბადების იმედით. ხანდახან გულიდან ამომსკდარი განცდები გონებას, ისე ბუმბერაზივით ეხეთქება, ემოციების კონტროლი უჭირს. ეს მასში არაადეკვატურ ქმედებას იწვევს. რაც ბნელ ოთახში გამოკეტვით, ტირილითა და საკუთარი თავის გაკიცხვით სრულდება. წამიერად გულსმომსკდარი ემოცია-განცდები თრგუნავს, ახრჩობს მანამდე, ვიდრე საკითხის სიმძაფრეს გააცნობიერებს. მანამ, სანამ მიხვდება, რომ მარტო არაა. მასში სიყვარულია, როგორც ყველა ადამიანში. სიყვარულია, რომელიც უფალმა თითოეულში შვა. ამის გაცნობიერება, მისი სულის ზეაღმატებული განცდაა. მასში უეცრად წარმოდგენილი ზეიმი კი სულის მშფოთვარების მტერია.

   უცაბედად შფოთი სადღაც ქრება. ბოლო გაბრძოლებაც აღარ ძალუძს. მის სულში ზეიმია, რადგან გონებისა, თუ სხეულის ყველა უჯრედი სიყვარულითაა გაჟღ&