ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ჯადოსნური პირამიდა

0 ხმა

ვლადიმერ ნადირაძე

ბიოგრაფია


დავიბადე ქუთაისში, 1956 წლის 7 იანვარს. ბავშვობაში, რა თქმა უნდა, მეამაყებოდა, რომ ქრისტეშობის დღეს მოვევლინე ქვეყნიერებას, მაგრამ მოგვიანებით გაჩენილმა ლოგიკურმა კითხვამ, აბა, ოცდახუთსა დეკემბერსა ვინღა იშვა ბეთლემსა-მეთქი, ჩემი სიამაყე საგრძნობლად გააფერმკრთალა, მითუმეტეს, რომ ამ შეუსაბამობის მიზეზის მართლმადიდებლური ვერსია დიდად არასოდეს მხიბლავდა. 1973 წელს დავამთავრე ქუთაისის მე-9 საშუალო რუსული სკოლა (ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში) და როგორც იმდროინდელი მოდა მოითხოვდა, სწავლის გასაგრძელებლად გავემგზავრე დიდ (მხოლოდ პირდაპირი გაგებით) რუსეთში. 1982 წელს დავამთავრე ვორონეჟის ტექნოლოგიური ინსტიტუტი იდა ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით შიარაღებული დავუბრუნდი მშობლიურ ქალაქს. საბედნიეროდ, მალევე გავაცნობიერე, რომ მიტროფანე ლაღიძე ჩემგან არ დადგებოდა და სპეციალობით მუშაობის პერსპექტივაზე უარი ვთქვი. მითუმეტეს, ასეთი პერსპექტივა არსად ჩანდა. 1984 წელს მუშაობა დავიწყე ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის პოლიტენიკური ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით სექტორში. საკმაოდ ბუნდოვან, მაგრამ სოლიდური ჟღერადობის, წამყვანი ინჟინრის თანამდებობაზე. რა მიმყავდა, სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით, რადგან რამდენიმე წელი ბალახტარობით ვიყავი დაკავებული. ამასობაში გიჟნაჭამი ოთხმოცდაათიანებიც დადგა და, როდესაც განვითარებული სოციალიზმის შენობა შეირყა, ნელ-ნელა ნგრევა დაიწყო და ყველაფერი აირია და აილუღხა, დელიკატურად მთხოვეს სამსახური დამეტოვებინა. იქიდან მოყოლებული უმუშევრობა ჩემი ცხოვრების წესად იქცა. დრო გადიოდა უმუშევრის სტატუსი დამსახურებული უმუშევრის სტატუსით შეიცვალა. სწორედ ამ დროს გაჭიანურებულმა უსაქმურობამ, რატომღაც, რაღაცის კეთების დაუოკებელი სურვილი აღმიძრა. რადგან მდიდარი არჩევანი არ მქონდა, მახათსა და კალამს შორის, ფსონი ამ უკანასკნელზე დავდე (ალბათ, იმიტომ, რომ ჯანმრთელობისათვის ნაკლებად საზიანოდ მეჩვენა). და აი, 63 წლის ასაკში დავწერე ჩემი პირველი რომანი “რეციდივი”, რომლითაც 2019 წელს წარვსდექი თქვენს კონკურსში. მაშინ, სამწუხაროდ, ფორტუნამ ზურგი მაქცია (სხვათა შორის, სულაც არ იყო აუცილებელი თქვენც მისთვის მიგებაძათ). ამჯერად, თქვენს სამსჯავროზე მეორე რომანი “ჯადოსნური პირამიდა” გამომაქვს.


სინოპსისი

აბელი ობოლია, ბავშვთა სახლის აღზრდილია. ჯერ სრულიად ახალგაზრდა მოხვდება ცუდ წრეში. კრიმინალური საქმიანობა საბოლოოდ ციხით სრულდება. ციხეში აბელი დაუახლოვდება ადამიანს, რომელიც მას სულ სხვა მსოფლმხედველობის მქონე ადამიანად ჩამოაყალიბებს.

ციხიდან გამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე აბელს საოცარი სიზმარი ესიზმრება. ის თავს დაარწმუნებს, რომ ეს უბრალო სიზმარი არ იყო, არამედ ზეგარდმო ძალების რაღაც მინიშნება და, როგორც კი თავისუფლებაზე აღმოჩნდება, იმ უჩვეულოდ მაცდურ სიზმრისეულ ცთავგადასავლის ძიებაში, გადაწყვეტს ზუსტად გაიმეოროს ცხადში ის გზა, რომელიც სიზმარში იხილა.


მიმდინარე ტური არ არის აქტიური