ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

ჯადოსნური პირამიდა

ჯადოსნური პირამიდა

თვალწარმტაცია შემოდგომის ფერებში მოხატული ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი, განსაკუთრებით მზიან ამინდში. დღეს სწორედ ასეთი ნათელი, თბილი დღეა. პარკში მოსული ადამიანები დაუფარავად ტკბებიან ირგვლივ გადაშლილი მომაჯადოებელი პეიზაჟით. მერხზე, პარკის მყუდრო ნაწილში ორნი სხედან, ხანშიშესული მამაკაცი, რომლის ცოტა დაღლილი იერი, იმაზე მეტყველებს, რომ ცხოვრებაში ბევრი უნახავს და არანაკლები გადაუტანია და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა, ჭკვიანი, ანთებული თვალებით. კაცები თბილად მუსაიფობენ, როგორც ძველი მეგობრები, რომლებსაც დიდი ხანია არ უნახავთ ერთმანეთი და მოსაყოლი უამრავი დაუგროვდათ.

- ... სიმართლე გითხრა, ჩემამდე ერთი რამ არ დადის. შენს საძებნელად აგენტები რომ სოფელში ამოვიდოდნენ, ამაში, დარწმუნებული ვარ, ეჭვი არც შენ შეგპარვია, ისინი ხომ ლოგიკურად ივარაუდებქდნენ, დედაქალაქის დატოვების შემდეგ, ჩემი ძმის ოჯახს შეაფარებდი თავს. მაგრამ, როგორც ჩემთვის ცნობილია, იქიდან ფეხი არ მოგიცვლია. მითხარი, ასეთ ადგილას სად დაიმალე, რომ ვერ გიპოვეს, მიუხედავად თავდაუზოგავი მცდელობისა.

ახალგაზრდას სახეზე იდუმალი ღიმილი ეხატება და მოკლე შეყოვნების შემდეგ პასუხობს:

- მაგ კითხვაზე პასუხი რომ გაგცეთ, ცოტა შორიდან უნდა დავიწყო. რამდენიმე წლის წინ, ერთი არაჩვეულებრივი წიგნი წავიკითხე, ორთაბრძოლების წარმოშობის ისტორიაზე და ფილოსოფიაზე, ბრძოლების ტექნიკაზე და ტაქტიკაზე, მებრძოლების გაწვრთნის ტრადიციებზეI მათ აღჭურვილობაზე და სხვა. წიგნში უაღრესად საინტერესოდ არის აღწერილი ბევრი ნამდვილი ისტორია, რეალური პერსონაჟებით. ერთ-ერთმა ასეთმა ისტორიამ ჩემზე ისეთი ძლიერი და წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ხშირად ვუბრუნდებოდი. იმდენჯერ მაქვს გადაკითხული, ფურცლების კიდეები იმ ადგილას გაშავებული და გაცრეცილია. მინდა ეს ისტორია თქვენც გაგიზიაროთ. იაპონიის ძლევამოსილი ფეოდალი, უესიგი კენსინი, უმაღლეს ძალაუფლების მოპოვებაში ეცილებოდა არანაკლელბ ძლევამოსილ ფეოდალს ოდა ნობუნაგას. ამ უკანასკნელმა კენსინის გზიდან ჩამოშორება განიზრახა და დაქირავებული მკვლელები მიუგზავნა. მკვლელობის მცდელობა უშედეგო გამოდგა, კენსინის ფხიზელმა დაცვამ საფრთხე დროულად იგრძნო, ბოროტმოქმედებს მომზადებული დახვდა და ყველანი დახოცა. ფეოდალის განეირტალების მორიგი მცდელობა ერთმა ახალგაზრდა ნინძამ ითავა. ტანმორჩილი უკუფუნე დზინაი მრავალი წლის მანძილზე წვრთნიდა საკუთარ თავს ამდაგვარი დელიკატური მისიების შესასრულებლად. ღამით ნინძა ფეოდალის ციხე-სიმაგრეში შეუმჩნევლად შეიპარა და ფეოდალის ფეხისალაგში დაიმალა. მას თან ჰქონდა შუბი და სასუნთქი მილი. დილით, როდესაც ფეოდალი ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საპირფარეშოში შევიდა და იატაკში გაკეთებული მრგვალი ნახვრეტის თავზე ჩაიცუცქა, ნიძამ გულისამრევი ლაფიდან ამოყვინთა, მსხვერპლს ქვემოდან შუბი ატაკა და ყელამდე გაუყარა. შემდეგ ისეთ სფრეკზე ჩაყვინთა. ხმაურზე მოცვენილმა მცველებმა ვერავინ იპოვეს. ნინძა ხელსაყრელ მომენტს დაელოდა, საძაგელი სამალავი და ცი-ესიმაგრე დატოვა და მდინარეში განიბანა. ცოტა ხნის შემდეგ, ის თავის უჩვეულო თავგადასავლის შესახებ, მეტად კმაყოფილ ოდა ნობუნაგას უყვებოდა.

თხრობის დასრულებისას ახალგაზრდა აღფრთოვანებით წარმოთქვამს:

- ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაუოკებელი ნებისყოფა და მიზანსწრაფვა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი გაუგონარი საქციელი ჩაიდინოს! მუდმივად ვეკითხებოდი საკუთარ თავს, ექსტრემალურ პირობებში რომ აღმოვჩენილიყავი და თავის გადარჩენის სხვა გამოსავალი არ მქონოდა, ასეთი გიჟობის ჩადენას თუ შევძლებდი.

ხანშიშესულს გაოგნებისაგან თვალები უფართოვდება, პირს აღებს და ძლივსგასაგებად ლუღლუღებს:

- ნუთუ შენც... საპირფარეშოში...?!

ახალგაზრდას მისი თანამოსაბურის რეაქციის შემხვედვარე, სიცილი უვარდება, თუმცა უმალ იღებს სერიოზულ სახეს და დამამშვიდებელი კილობითი ამბობს:

- არა, ეს, რა თქმა უნდა, არ გამიკეთებია, მაგრამ ხომ ირწმუნეთ, რომ მეც ისეთივე სამალავი გამოვიყენე, როგორც იმ ნინძამ, ჰოდა, ჩემი მდევრებიც დავაჯერე.

კაცი ახალგაზრდას იჭვნეულ მზერას აპყრობს და ეკთხება:

- სხვისი გონების მანიპულირების უხადო ოსტატი რომ ხარ, ეს, ჩემზე უკეთ ვინ იცის, მაგრამ, ჩემს დასარწმუნებლად, ამ დაუჯერებელი ისტორიის მოყოლა დაგჭირდა, ხოლო ისინი როგორ დაარწმუნე, მათთვის ხომ ხსენებული ისტორია არ მოგიყოლია?

- მართალი ბრძანდებით, არ მომიყოლია, სამაგიეროდ, - ახალგაზრდა მოკლე პაუზას აკეთებს, რომ ბოლო სიტყვამ სათანადო ეფექტი მოახდინოს მის თანამოსაუბრეზე, და პათოსით წარმოთქვამს,

- წავაკითხე.

- კი მაგრამ, როგორ?!

- ახლავე გიამბობთ, - კმაყოფილი აგრძელებს, როდესაც აგენტები სახლში შემოსცვივდნენ, შინ მხოლოდ თქვენი რძალი მართა დახვდათ. ოჯახის სხვა წევრები რაიონის ცენტრში ბაზრობაზე იყვნენ წასული. აქვე გეტყვით, ქალბატონ მართას წინასწარ მოველაპარაკე, როგორ უნდა მოქცეულიყო და როდის რა ეთქვა. უნდა ვაღიარო, იმდენად კარგი მსახიობი აღმოჩნდა, ბრწყინვალედ გაართვა თავი მასზედ დაკისრებულ მისიას. აგენტების დანახვაზე, ჯერ შეშინებული ქალის როლი ითამაშა, შემდეგ დაბნეულის და ბოლოს, როდესაც აგენტების მოსვლის მიზეზი გაიგო, თითქოს გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა, მათ უნდობლად იმ ოთახისკენ გაუძღვა, სადაც მე ვცხოვრობდი ბოლო რამდენიმე დღე. რაღა თქმა უნდა, იქაურობას აგენტების მოსვლამდე გავეცალე, მაგრამ ოთახში ყველაფერი ისე მოვაწყვე, თითქოს ძალიან ვჩქარობდი[1] (რა თქმა უნდა, ჩემი ნივთები ადგილზე დავტოვე). განსაკუთრებით წიგნზე ვიზრუნე, ის წიგნების თაროზე უკუღმა შევაკვეხე, რომ ეფიქრათ, სიჩქარეში მიუტევებელი შეცდომა დაავუშვი. ოთახი ცარიელი რომ დახვდა, ქალბატონმა მართამ შეიცხადა, ათი წუთის წინ სადილზე მისაწვევად მოვაკითხე და წიგნს კითხულობდაო. წიგნის ხსენებაზე კაცს, რომელიც განკარგულებებს იძლეოდა, ინსტიქტურად წიგნების თაროსკენ გაექცა მზერა და უცებ მოხვდა თვალში “უდიერად” შეკვეხებული ჩემი წიგნი. ის თაროდან ჩამოიღო და ქალბატონ მართას ჰკითხა, ამასო? ქალმაც თავის დაქნევით დაუდასტურა, თუმცა, დამაჯერებლობას მოკლებული გამომეტყველებით. უფროსმა აგენტმა წიგნი გაშავებული ზოლის ადგილას გადახსნა და რამდენიმე ფურცელი გადაშალა. იმ გვერდს, სადაც ისტორია ნინძას შესახებ არის მოთხრობილი, უცებ წააწყდა, რადგან, თავის დროზე, როდესაც ეს ისტორია წავიკითხე, გვერდის კიდე ზუსტად იმ სიტყვებით დავამშვენე, რომლებიც თქვენ წინაშე წარმოვთქვი, ისტორიის მოყოლის შემდეგ. ჩემი სიტყვები რომ წაიკითხა, ბუნებრივია ისტორიამაც დააინტერესა. შემდეგ წიგნი საწოლზე დააგდო, ირონიული ჩაღიმების თანხლებით, თქვენს რძალს ჰკითხა, საპირფარეშო სად არისო, ოთახი დატოვა და სწრაფი ნაბიჯებით ტუალეტისაკენ გაემართა. დაბნეული ხელქვეითები აედევნენ. კაცმა ტუალეტის კარები გააღო და იატაკს დააკვირად.

- ჯანდაბა! ნახვრეტში რომ ზრდასრული ადამიანი ვერ გაეტეოდა, ამას ვერ მიხვდა?! - გაბრაზებული კითხულობს ხანშიშესული.

- რა თქმა უნდა, მიხვდა, იდიოტი კი არ იყო, მაგრამ სწორედ აქ დავახვედრე მორიგი ხრიკი, რომელსაც მისი ვარაუდი უნდა გაემყარებინა. წინა ღამით საპირფარეშოს იატაკიდან ფართო ფიცარი ავაძვრე, შემდეგ ლურსმნებს ქვედა, წვეტიანი მხარეები მოვაჭერი (თავები ხეში, როგორც იყო ისე ჩავტოვე) და თავის ადგილას დავაბრუნე. ზემოდან ისე გამოიყურებოდა, თითქოს ყველა ფიცარი ლურსმნებით მკვიდრად იყო დაჭედილი, მაგრამ, როდესაც კაცმა, რამდენიმეს სათითაოდ მიუბაკუნა ფეხი, დაუმაგრებელი ადვილად აღაომჩინა. მართალია, ევრიკაო, არ წამოუძახებია, მაგრამ, მისი გაბრწყინებული სიფათის შემხედვარე, ეს ზედმეტიც კი იქნებოდა. კაცმა ფიცარი ფრთხილად აიღო (ალბათ რომ არ დავეფრთხე და გავქცეულიყავი?!), ირგვლივ მიმოიხედა და ეზოში სარეცხის ჩამოსაკიდებელი თოკის ასაწევ ჭოკს მოჰკრა თვალი. როდესაც ჭოკი მოუტანეს, გაშეშებული და გაოგნებული აგენტების და ქალბატონი მართას თვალწინ, სქელი ლაფის მორევა დაიწყო. დიდხანს და გულმოდგინედ ურევდა. ბოლოს მიხვდა რომ გააცურეს, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა და მკაცრი იერით დასჭექა, სოფლის ყველა კარ-მიდამო გაჩხრიკეთო. ეს ყველაფერი ქალბატონმა მართამ სიცილ-ხარხარით მიამბო მოგვიანებით.

ხანშიშესულსაც გემრიელად გაეცინა. შემდეგ, როდესაც სიცილისაგან მხოლოდ ღიმილიღა დარჩა, იკითხა:

- ამ დროს შენ სად იყავი?

- თქვენი ძმის სახლში. - თვითკმაყოფილებით წარმოთქვა ახალგაზრდამ.

ხანშიშესული ისეთ იერს იჭერს, თითქოს ყურებს არ უჯერებსო და გაკვირვებული კითხულობს:

- სახლი არ გაუჩხრეკიათ?!

- როგორ არა, მაგრამ ტუატეტის ეპოპეის შემდეგ, ყველანი დარმუნებულები იყვნენ, რომ მე უკვე სადღაც შორს ვიყავი და ენთუზიაზმი არ ეყოთ.

ხანშიშესული დუმ. მისი გონება ახლა სულ სხვაგან იმყოფება. აშკარად თავისი ძმის სახლშია და გულდასმით ეძებს იმ ადგილს, სადაც შესაძლებელი იყო მისი შეგირდი ისე დამალულიყო, რომ აგენტებს, თუნდაც ზერელე ჩჯრეკის დროს, გამოპარვოდათ.

ახალგაზრდა წვდება მის აზრებს და ხალისიანად ეუბნება:

- ტყუილად ცდილობთ, მაინც ვერ გამოიცნობთ. უმჯობესია გაგიმხელთ. ხომ გახსოვთ, უკანა ეზოში თქვენი ნახმარი ძველი, დამტვრეული ჯიპი აგდია, მას შემორჩენილი უსაფრთხოების ღვედი მოვხსენი, შუაში გავჭერი და მეორე სართულზე, მთავარი ოთახის ცენტრში მდგომ მაგიდას, ქვემოდან მივამაგრე ისე, რომ ცალ მხარეს ღვედს ბეჭებით დავყრდნობოდი, მეორე მხარეს მუხლებში მოხრილი ფეხებით (მაგიდის სიგრძე საკმარისი არ იყო ფეხების გასაშლელად). თავიდან მიჭირდა ქვემოდან, მაგიდასა და ღვედებს შორის გაძვრომა და ამ პოზის მიღება, მაგრამ ცოტა ვივარჯიშე და მალევე დავამუღამე. ერთადერთი, რაც მომეთხოვებოდა, წელი ზემო ამეზიდა, რომ ჩემი უკანალი თვალში არ გასჩხეროდათ ოთახში შემოსვლისას. მაგიდის კიდეებიდან ზომიერ სიგრძეზე ჩამოშვებული სუფრა, თავისუფლად მთარავდა, ხოლო, მაგიდის ქვემოთ ოთხივე მხრიდან შედგმული სკამები, სიცარიელის ილუზიას ჰქმნიდა. საბედნიეროდ, არავის მოსვლია აზრად, რომელიმე სკამი გამოეწია და მაგიდან ქვემოდან შეემოწმებინა.

ხაგშიშესული გამკიცხავად აქნევს თავს. ახალგაზრდა ცბიერად ეკითხება:

- გინდათ მითხრათ, რომ გაუმართლებელი რისკი იყო?

- კი, მაგგამ, არ გეტყვი, შენ ხომ მზად ხარ კონტრარგუმენტი დამახვედრო, თუ გაამართლა, გაუმართლებელი როგორ იყოო.

ორთავეს ეცინება.

მამაკაცები კიდევ დიდხანს საუბრობენ თავიანთი ცხოვრების ამ ბოლო, მაგრამ მეტად უსიამო და ხიფათით აღსავსე, მოკლე მონაკვეთზე. მომავალზე კრინტი არ დაუძრავთ. არადა, ახალგაზრდას ახლა ყველაზე მეტად ეს საკითხი აინტერესებს. როდესაც ხანში შესული ზანტი მოძრაობებით სიგარეტს აბოლებს, ის პაუზით სარგებლობს და ოდნავ გაუბედავად, პესიმისტური პასუხის მოლოდინის გამო, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას სვამს:

- ახლა რა უნდა ვქნათ?

ხანშიშესული ცოტა აყოვნებს და შემდეგ სიტყვების გაწელვით, მაგრამ საკმაოდ დამაჯერებელი ტონით, პასუხობს:

- რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სამშობლოს მტრებთან ბრძოლა. გეთანხმები, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რთული იქნება, მაგრამ, როგორც პროფესიონალი ოპტიმისტები იტყვიან, შეუძლებელი ამ ქვეყნად არაფერია.

თავი პირველი

 

მშვიდი საღამოა. თბილ კენჭებზე ვზივარ და თვალს ვერ ვწყვეტ ნარინჯისფერი სხივების კიაფს ზღვის მოლივლივე ზედაპირზე. ბავშვობაში არაერთხელ მსმენია ზღვის სილამაზის შესახებ, განსაკუთრებით მზის ჩასვლისას, მაგრამ რთულად წარმოსადგენი იყო, თუ ეს ასეთი თვალწარმტაცი სანახაობა იქნებოდა. მხოლოდ მზერა როდია მონუსხული, ყურს ნაზად ელამუნება მორცხვი ტალღების ნაპირზე მორიდებული თქაფუნის ხმა. ასეთ იდილიას მიუჩვეველი ჩემი სული და სხეული, ისეთ სიგნალებს უგზავნიან ჩემ გონებას, რომ ეს უკანასკნელი, დაბნეული და გაოგნებული, მხოლოდ მსუბუქი თავბრუსხვევით პასუხობს.

ზღაპრულ პეიზაჟს დროებით მზერას ვაშორებ და ირგვლივ ვიხედები. მზე ჯერ არ ჩასულა, მაგრამ პლიაჟი უკვე თითქმის ცარიელია. ეს ალბათ იმის დამსახურებაა, რომ საკურორტო სეზონი დასრულდა და დამსვენებლების უმრავლესობა თავის საცხოვრებელ ადგილს დაუბრუნდა, თუმცა ვინც შემორჩა, არაფერი წაუგია. რადგან ისეთი მშვენიერი დღეები დაიჭირა ჩვენთან, რომ იცის სექტემბერში და თუ ამინდის პროგნოზს ვენდობით. ამ სიამოვნებას უახლოეს დღეებში, წესით არაფერი უნდა დაემუქროს. ყურადღებას ჩემს მახლობლად მყოფი ახალგაზრდა ოჯახი, მოხდენილი წყვილი და პატარა, დაახლოებით ორი-ორნახევარ წლის ლამაზი, ოქროსკულულებიანი გოგონა იპყრობს. წყვილი შინ წასასვლელად ემზადება და ირგვლივ მიმოფანტულ ნივთებს აგროვებს, გოგონა კი მონდომებით დახტის მშობლების ირგვლივ, დროდადრო ძირიდან კენჭებს იღებს და მხიარული კისკისით ზღვაში ისვრის.

ჩემი მზერა ქალზე ჩერდება და იქიდან ჯიუტად ფეხს არ იცვლის. მას სველი საცურაო კოსტუმი არ გამოუცვლია, მხოლოდ ჰაეროვანი ფერადი ნაჭერი შემოუხვეუვია თეძოებზე და, წელზე, გვერდით გაუნასხვავს. ქალის უზადო, ჯიშიანი სხეული, უაღრესად მიმზიდველი სახე და გრაციოზული მოძრაობები ისე მაჯადოვებს, რომ ირგვლივ ყველაფერი ქრება, მის გვერდით მყოფი მამაკაცის ჩათვლით. ამ უკანაკსკნელის არსებობა მაშინღა მახსენდება, როდესაც მკვეთრი მოძრაობით ფეხზე დგება და ბრაზიან სახეს ჩემსკენ მომართავს. მზერა უცებ მზისკენ გადამაქვს, უფრო ზუსტად, რაც მისგან დარჩა. არ მშველის, კაცი ნელი, ძალუმი ნაბიჯებით ჩემსკენ მოიწევს. ჩემს ახლოს ჩერდება და საკმაოდ უხეშად მახლის:

- ხომ არ გეჩვენება, რომ უცნობ ქალზე ასე დაჟინებით მიშტერდება, მითუმეტეს, თუ მას მამაკაცი თან ახლავს, გამომწვევი საქციელია!

თავს კაცისკენ გამაღიზიანებლად ნელა ვაბრუნებ და თხემით ტერფამდე ვათვალიერებ. ქერა, წარმოსადეგი ტიპია, გრძელი, მუხლებამდე ნაცრისფერი შორტი და ქათქათა მაისური აცვია. განსაკუთრებული დაკვირვების უნარი არ არის საჭირო, რომ მისი ნავარჯიშები, სპორტული სხეული შენიშნო. ფეხზე ზანტად ვდგები, წელში ვიმართები და თვალს თვალში ვუყრი, თუმცა ისეთ ნეიტრალურ, არაფრისმთქმელ გმომეტყველებას ვიჭერ, წესით იმის მიხვედრა არ უნდა გაუჭირდეს, რომ მისმა აგრესიულმა ტონმა ჩემზე ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ვერ გეტყვით, საკუთარი ძალები შეაფასა გადაჭარბებით, თუ ჩემმა მჯდომარე მდგომარეობამ შეიყვანა შეცდომაში და ვიზუალურად სათანადოდ ვერ შემაფასა, მაგრამ ვამჩნევ, აშკარად წახდა. უდავოა, რომ მისი ტვინი ახლა გაცხარებით მუშაობს და ისეთი გამოსავლის ძიებაშია, რომ კბილებიც შეინარჩუნოს და რაც ყველაზე მთავარია, ღირსებაც. ამასობაში ქალიც გვიახლოვდება, ქმარს მკლავში ხელს ავლებს და სიტყვებით შეეშვი წავიდეთო, მისკენ ექაჩება. ამჯერად, ალბათ კაცი ცოლის შეთავაზების მიღების მიზანშეწონ ილობას აფასებს. იმის ფონზე, თუ რა რიხიანად მეძგერა. მთლად მისაღები გამოსავალი არ უნდა იყოს, მაგრამ სულ არაფერს ხომ ჯობია. მის წვალებას წერტილს ვუსვამ და გამგმირავი სიმშვიდით ვპასუხობ:

- ბოდოში, მეგობარო. ისე მოვიხიბლე თქვენი ქალების სილამაზით (სიტყვა “ქალს” განგებ ვსვამ მრავლობითში, რადგან იფიქროს, რომ ჩემ ხიბლს ესთეტიკის სფეროში ქონდა ფესვები გადგმული და არა სექსუალურის), რომ ცქერისას იმაზე მეტი დაჟინება გამოვიჩინე, ვიდრე ზრდილობის ნორმებით არის დაშვებული და, თუ ჩემდა უნებურად, მოგაყენეთ შეურაცხყოფა, კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას.

კაცი ეშვება, ძლივსგასაგებად ლუღლუღებს, ბოდიში მიღებულიაო, ცოლს ხელს კიდებს და ორთავე ბავშვისკენ მიემართებიან. ცოტა ხანი წყვილს შურით თვალს ვაყოლებ. მზერა კვლავ ქალის მშვენიერ, მადისაღმძვრელ გავისკენ გამირბის (იმედია ქმარს უკანა ხედვის სარკე სადმე არა აქვს დამალული). მოთენთილი კენჭებზე ისევ ვჯდები და ჰორიზონტს გავყურებ. იქ სადაც რამდენიმე წუთის წინ გავარვარებული სფერო ეკიდა, მუქ ღრუბელში გაყრილი ნარინჯიფერი სხივები მოჩანს. ცოტაც და სხივები ქრება. ზღვის არომატით გაჯერებული სიო, ჩემს სახეს ეალერსება და ნესტოებს უღიტინებს. ვგრძნობ, როგორ აწრიალდა შიმშილისაგან კუჭი. სასტუმროში დაბრუნების დროა.

 

საოჯახო სასტუმროდან გამოვდივარ და პატარა ეზოში ვხვდები. ჩანს ეზო ადრე დიდი ყოფილა, მაგრამ ახლა მისი საგრძნობი ნაწილი კაფეს უჭირავს. დიდი კაფე არ არის, თუმცა სასტუმროს ზომებიდან გამომდინარე, მის მოთხოვნებს სრულად უნდა აკმაყოფილებდეს. კაფეში ეზოს მხრიდან შევდივარ, ოჯახის დიასახლისს და მზარეულს ვესალმები და სიღრმეში კუთხის მაგიდასთან ვჯდები. კაფე ჯერ ცარიელია. დანარჩენი ხუთი მაგიდიდან მხოლოდ ერთია დაკავებული. აჭარულ ხაჭაპურს და კოკა-კოლას ვუკვეთავ. სანამ შეკვეთა მზადდება, სუფრის უჩვეულო ორნამენტს ვათვალიერებ. სიმართლე გითხრათ, მასში არაფერია საინტერესო, უბრალოდ, ასეთ მარტივ ხრიკს ხშირად მივმართავ აბეზარი ფიქრების მოსაგერიებლად. მოულოდნელად ცარიელი სკამი ხმაურით მოძრაობს და მაგიდასთან, ჩემ წინ ვიღაც უბოდიშოდ ჯდება. თავს ზემოთ ვწევ. ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმე მოციქულის ხილვას გავეოცებინე ისე, როგორც იმის, ვინც ახლა ჩემ წინ ზის. ჩემ წინ გუშინდელი ინციდენტის მონაწილე ქალია.

ჯანდაბა! ახლოში კიდევ უფრო საოცარია. სუფთა, გარუჯული კანი, კოხტა, სწორი ცხვირი, სავსე, ვნებიანი ტუჩები და იშვიათი სილამაზის დიდი, თაფლისფერი თვალები, ოდნავშესამჩნევად აზიდული საფეთქლებისკენ. უფრო ევროპული ქალის იერის მქონე იაპონელს წააგავს, ვიდრე ქართველს. ერთმანეთს დაჟინებით ვუცქერით. სახის ისეთი გამომეტყველება აქვს, ვერაფერს რომ ვერ ამოიკითხავ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თვალებს ჩემსავით არ ახამხამებს. დღესავით ნათელია, იმის ახსნას არ აპირებს, თუ რა მიზნით დაარღვია ჩემი სიმშვიდე, თანაც ასე უცერემონიოდ. ბოლოს მისი ზღვარგადასული კადნიერება ყელში ამომდის და ირონიულად ვეუბნები:

- რაღაც ეჭვი მეპარება, თქვენმა ქმარმა მოგიწონოთ ასეთი საქციელი.

- ჯერ ერთი ჩემი ქმარი უკვე თბილისშია, - მკვახედ მიჭრის, - და მეორე, აქ სწორედ მის გამო ვარ.

- ვერ გავიგე?! - გაოცებას ვერ ვმალავ.

მოკლე პაუზას იჭერს და შემდეგ საქმიანი კილოთი მპასუხობს:

- ჩემს ქმარს, შესაძლოა ბევრი რამ დასწამო, ოღონდ არა სიმხდალე. ძალიან მაინტერესებს, გუშინ რამ დააფრთხო ასე თქვენი ხილვისას. 

გაკვირვებული ქალს თვალს არ ვაშორებ. ხანმოკლე ურთიერთობის მიუხედავად, ვცდილობ ჩამოვაყალიბო მისი პიროვნების შეფასებითი ანალიზი (ეჭვგარეშეა, ჩემი ვიზავიც იგივე საქმიანობით არის დაკავებული). უდავოდ ლამაზია, სავარაუდოდ არც ჭკუის დეფიციტს უნდა განიცდიდეს, მიზანდასახული, თამამი, ალაგ-ალაგ თავხედი და როგორც ირკვევა, დაკვირვებული. დამეთანხმებით, საშიში ნაერთია.

პაუზა უხერხულად იწელება. ნეტა ახლა რა უნდა მოხდეს? ვშიშობ წამოდგება და ისე მოულოდნელად და უსიტყვოდ გაქრება ჩემი ცხოვრებიდან, როგორც გამოჩნდა. ნამდვილად არ მსურს, რომ ეს უჩვეულო ეპიზოდი, არა, სასიამოვნოდ უჩვეულო ეპიზოდი, ასე უხეიროდ და გაურკვევლად დასრულდეს. ჩემი ტვინი გამალებით ეძებს შესაფერის თემას, საუბრის გასაბმელად, თუმცა ამაოდ. შველა დიასახლისის სახით მევლინება. მას მოზრდილი ლანგრით ჩემი შეკვეთა მოაქვს. ჩემდა გასაკვირად, არა მხოლოდ ჩემი. სასიამოვნო სიურპრიზია! ნაკლებად სავარაუდოა, ქალი ადგეს და თავის საუზმიანად ã(ფინჯანი ყავა და კრუასანი) სხვა მაგიდაზე გადაჯდეს. დიასახლისს მადლობას ვუხდით და ის, სიტყვებით გაამოთო, სამზარეულოსკენ მიდის. ქალს ფინჯანი ტუჩებთან მიაქვს და ნაზად მოსვამს. რთული შესამჩნევი არ არიას, თითებიც რა ლამაზი აქვს, გრძელი და თლილი. ჩვენი თვალები ისევ ხვდება ერთმანეთს. ამჯერად ვუთმობ და მზერა ქვემოდ, ხაღაპურისკენ გადამაქვს. გაუბედავად დავცქერი გამდნარ ყველს, კვერცხის გულს და კარაქის ნაჭერს. უცერად გონება მინათდება, შესაფერისი სასაუბრო თემა ეს ესაა ლანგრით მომართვეს! ქალს თვალს ვუსწორებ და ისეთი სერიოზულობით, რომელიც ყოველგვარ თვალთმაქცობას პირწმინდად გამორიცხავს, ვეკითხები:

- ვერ მეტყვით, ეს როგორ უნდა ვჭამო?

გამჭოლ მზერას არ მაშორებს.

გაკვირვების (შესაძლოა გაოცებისაც) საბაბი სწორედაც რომ აქვს, თუმცა არ იმჩნევს, რადგან, როგორც ჭკვიან, წინდახედულ ადამიანებს ახასიათებას, სანამ, სულის სიღრმეში აღმოცენებულ გრძნობას გარეთ გამოჟონვის საშუალებას მისცემს, უნდა დარწმუნდეს ჩემ გულწრფელობაში, რომ სულელურ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს. საგულდაგულო დაკვირვების შედეგად ხვდება, რომ არ ვხუმრობ. საქმიანად, ყოველგვარი კომენტარის გარეშე თავის საუზმეს გვერდზე წევს და ხაჭაპურიან თეფშს მისკენ აჩოჩებს. ჩემს დანას და ჩანგალს იღებს და დანით იწყებს ათუხთუხებული ყველის, კვერცხის გულის და თითქმის გამდნარი კარაქის ნაჭრის ნაზად არევას. ბოლოს, როდესაც ყველი ერთგვაროვან ყვითელ მასად იქცევა, ჩანგლის დახმარებით ყველის ირგვლივ შემოყოლებულ შედარებით სქელ გამომცხვარ ცომს შუაში ჩილავს და ყვითელ მასას შიგ ტენის. შემდეგ ხაჭაპურიან თეფშს, დანას და ჩანგალს მიბრუნებს და დამარიგებლური კილოთი მეუბნება:

- ხაჭაპურს ერთი ყური მოატეხეთ, ყველში ჩაუწეთ და გასინჯეთ.

უსიტყვოდ ვემორჩილები. ლუკმას ნელა, გურმანის პროფესიონალიზმით ვღეჭავ. ჩემს ნეტარებით აღსავსე იერის შემხედვარეს ეღიმება და ამატებს:

- ახლა შეგიძლით ხაჭაპური გლეხურად ხელში დაიჭიროთ და ჭამოთ, ან გოიმივით, დანა და ჩანგალი გამოიყენოთ.

ხანმოკლე ორჭოფობის შემდეგ პირველს ვირჩევ. უხმოდ მივირთმევთ. დროდადრო თვალს მისკენ ვაპარებ. რაღაცაზე ფიქრობს. დარწმუნებული ვარ, ძალიან აინტერესებს, თუ როგორ მოხდა, რომ ჩემი ასაკის კაცს აჭარული ხაჭაპური არ გაუსინჯავს. უდავოა, საკმაოდ მომგებიანი თემაა საუბრის გასაგრძელებლად, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, ღირს თუ არა, მისი ცნობისწადილის დაკმაყოფილება. არადა იმის გათვალისწინებით, თუ რა ერთუზიაზმით გამომიწოდა დახმარების ხელი, ამის არ გაკეთება, ჩემი მხრიდან, დიდი უსამართლობა იქნებოდა. საუზმობას თითქმის ერთდროულად ვასრულებთ. ახლა უთუოდ დამისვამს კითხვას, მაგრამ აზრების ჩამოყალიბებას არ ვაცლი:

- არ დაგიმალავთ, ბოლო შვიდი წIელი ჯერ არასრულწლოვნების კოლონიაში და შემდეგ ციხეში გავატარე. ხვდებით ალბათ, იქ აჭარული ხაჭაპურით არ გამიმასპინძლდებოდნენ.

ამ გულისამაჩუყებლად ან თავზარდამცემ (გააჩნია რომელი მხრიდან მივუდგებით) აღიარებას მყისიერ მოყვება ლოგიკური კითხვა:

- კოლონიაში მოხვედრამდე?!

- კოლონიაში მოხვედრამდე ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი. ბავშვისთვის ეს მეტად არასტანდარტული (საღოლ! საინტერესო ზედსართავი სახელი მომივიდა თავში, ნეიტრალური, ყოველგვარ უარყოფით ემოციებს მოკლებული) პერიოდი ავადსახსენებელ ოთხმოცდააცთიანებს დაემთხვა და, შეგიძლიათ მენდოთ, აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნების ალბათობა, ციხეზე კიდევ უფრო ნაკლები იყო.

ფრაზა “უხერხულმა სიჩუმემ დაისადგურა”, ძალიან შორს არის იმ ვითარების შეფასებისაგან, რაც სინამდვილეში ჩემს სიტყვებს მოჰყვება. ქალს თვალს შეპარვით ვუსწორებ. გაოგნებული მიყურებს. ვგრძნობ, როგორ ივსება ახლა მისი სული ჩემდამი სიბრალულით და შეშფოთებით ველი გრძნობების გარეთ გადმოღვრას. მალევე ვხვდები ჩემი შიშის უსაფუძვლობას. აშკარაა, მისი გონებრივი შესაძლებლობები გადაჭარბებით არ შემიფასებია. ვითარების ზუსტად აფასებს და უხერხული სიტუაციის გასანეიტრალებლად ყურადღება მორიგ შეკითხვაზე გადააქვს:

- ციხეში რისთვის იჯექით?

ჩემი პასუხი არ აყოვნებს:

- ორი უიშვიათესი ნაბიჭვარის მკვლელობისათვის.

სწორედ ამაზეა ნათქვამი, ვაის გავეყარე და უის შევეყარეო. მისი მდგომარეობის შემხედვარე ღიმილს ძლივს ვიკავებ. ქალი თვალს მარიდებს, ყავის ფინჯანს ხელში ნერვიულად ათამაშებს და შიგ იხედება. ასეთი რეაქციის მიზეზი რთული გამოსაცნობი არ არის, ის უდავოდ დარწმუნებული იყო, რომ ციხეში ქურდობის ან უარეს შემთხვევაში ყაჩაღობისათვის ამოვყავი თავი, მაგრამ ხელში ორმაგი მკვლელობისათვის ნასამართლები თანამესაუბრე შერჩა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მალევე აყავს თავი ხელში და გამოსავალსაც პოულობს. ფინჯანს თავს ანებებს მზერას ჩემსკენ აპყრობს და ლოგიკის ჩარჩოებში მოქცეულ და რაც მთავარია, ვითარების შესაფერის კითხვას სვამს:

- რაიმე ისეთი გაქვთ, რაც თქვენ ციხეში ყოფნაზე მიუთითებდეს, მაგალითად, სვირინგი, ან კიდევ სხვა რამ, არ ვიცი...?

ჭკვიანური სვლაა, ყურადღება თავის ქმრისკენ გადააქვს. სავსებით ბუნებრივია, ქალმა ჩემთან საუბარი მისი ქმრით დაიწყო და, ისეთი პირი უჩანს, მისით დაასრულებს.

- არაფერი მაგდაგვარი. ჩემი აზრით გუმანით მიხვდა, რას წარმოვადგენ.

- შესაძლოა. - უმისამართოდ, სხვათა შორის წარმოთქვამს.

ისევ სიჩუმე. ამჯერად მის დარღვევას არცერთი არ ვცდილობთ. მე იმიტომ, რომ ბევრი ისეთი რამ ვთქვი, რაც წესით არ უნდა უთხრა ქალს პირველი, თუნდაც თავზე მოხვეული ურთიერთობისას. ის იმიტომ, რომ ბევრი ისეთი რამ გაიგონა, რაც წესით არ უნდა გაგიმხილოს მამაკაცმა, პირველი, თუნდაც გაუთვალისწინებელ შეხვედრისას. როგორც ჩანს, საუბარი დასრულდა, მაგრამ აშკარაა, ადგომას არ ჩქარობს. მისი ასეთი ქცევა არ არის რთული ასახსნელი, მას არ სურლს ვიფიქრო, რომ ბოლო ინფორმაციამ ისე დააფრთხო, თავს უკანმოუხედავად გაქცევით უშველა. მაგიდასთან უსიტყვო ჯდომას რაღაც გამართლება რომ ქონდეს, ისევ ყავის ფინჯანში იხედება და შესაფერის მომენტს ელის, რომ აქაურობას ლამაზად გაეცალოს. ისიც არ აყოვნებს. სწორედ ამ დროს ისმის გარკვევით ქუჩიდან:

- მაკა, აი ჩვენც მოვედით!

ქალი თავს ზემოთ წევს და კაფეს შემოსასვლელისაკენ იხედება. უცებ სახე უბრწყინდება, სკამიდან დგება და სიტყვებით, მაპატიეთ, ჩემი წასვლის დროაო, მემშვიდოდება. ფეხზე ვდგები, თავს ვუქნევ და მზერით ვაცილებ. უეცრად ჩერდება, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდაო, თავს ჩემსკენ აბრუნებს, რაც მისი ყელის გრაციოზულობას ზედმეტად თვალში საცემს ხდის და მეუბნება:

- რადგან ჩემი სახელი უკვე გაიგეთ, ეგებ თქვენი სახელიც გამიმხილოთ.

- აბელი. - მოულოდნელობისაგან დაბნეული, ვპასუხობ.

რამდენიმე წამი გაურკვევლად მიყურებს, ცხადია, სახელი ეუცხოვა, თუმცა არაფერს ამბობს, იძვრის და გასასვლელისაკენ მიემართება. სკამზე ვჯდები და თვალს ვადევნებ. კაფეს წინ, ტროტუარზე ორნი დგანან. დაახლოებით ორმოცდაათი წლის სანდომიანი ქალბატონი და პატარა გოგონა, გუშინ რომ სიცილ-კისკისით ნებივრობდა პლიაჟზე. გოგონა მაკას შვილია, რაც შეეხება ქალბატონს, ის, ეჭვი არაა მაკას დედაა, რაზეც უტყუარად მეტყველებს მისი და მისი ქალიშვილის სახის ნაკვთების მსგავსება. დედას შვილი ხელში აჰყავს, მხურვალედ კოცნის და გულში იკრავს. გოგონა დედას საპასუხოდ კოცნის და ორივე ხელით მის მოკლედ შეკრეჭილ წაყლისფერ თმებს ებღაუჭება.

ცოტა ხანი ვტკბები სამი თაობის ქალების იდილიით და, როდესაც ისინი თვალსაწიერიდან ქრებიან, საკუთარ ფიქრებს ვუბრუნდები. ჩემი გონება იმის გადახარშვას ცდილობს, რაც ახლახანს თავს დამატყდა, თუმცა, ფაქტია უშედეგოდ. ბოლოს, ფულს ვიხდი და კაფეს ვტოვებ.

ქობულეთის მთავარ ქუჩას მივუყვები. გონება ისევ ლამობს, თავს მეტად უჩვეულო ვითარებაში გაცნობილ ქალზე ფიქრები მომახვიოს, მაგრამ ამჯერად ამის გაკეთების საშუალებას არ ვაძლევ - ყურადღებით ვათვალიერებ მაღაზიებს და ქუჩაში საგულდაგულოდ მოწყობილ დახლებს, ჩემი ზომის და გემოვნების საცურაო ტრუსების საპოვნელად.