ლიტერატურული კონკურსი

ლიტერატურული კონკურსი

დაშრეტილი ფშა

0 ხმა

გოგი მაისურაძე

ბიოგრაფია

    მე, გოგი ევგენის ძე მაისურაძე დავიბადე 1948 წლის 9 მარტს აბაშის რაიონის სოფელ კვათანაში. 1949 წლის გაზაფხულზე ჩემი მშობლები საცხოვრებლად გადასახლდნენ აფხაზეთში, კერძოდ, გუდაუთის რაიონის სოფელ ახალსოფელში. 1955 წელს მშობლებმა შემიყვანეს ადგილობრივ შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლაში რომლის სრული კურსი წარჩინებით დავამთავრე 1966 წელს.

1967-1972 წლებში ვსწავლობდი რუსეთის ფედერაციის შორეული აღმოსავლეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ. ვლადივოსტოკი) იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ, 1972-1975 წლებში განაწილებით ვმუშაობდი იმავე რეგიონში სამხარეო პროკურატურის გამომძიებლად. 1975 წელს დავბრუნდი აფხაზეთში და მუშაობა დავიწყე ქ. სოხუმის კომკავშირული ორგანიზაციის (ა ლ კ კ) იდეოლოგიური განყოფილების ინსტრუქტორად.

1976 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ქ. მინსკის ოპერატიულ მუშაკთა მომზადების უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ, 1977-1999 წლებში ვმსახურობდი ჯერ საკავშირო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს უშიშროების კომიტეტის ორგანოებში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

სხვადასხვა დროს ვიყავი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მე-5 განყოფილების ოპერატიული მუშაკი; საქართველოს უშიშროების კომიტეტის საგამოძიებო განყოფილების განსაკუთრებულ საქმეთა მნიშვნელობის უფროსი გამომძიებელი; იმავე განყოფილებაში მე-2 ქვეგანყოფილების უფროსი; გენერალური ინსპექციის უფროსი ინსპექტორი (შიდა უსაფრთხოების სამსახურის უფროსი); საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი იურისტ-კონსულტანტი; სარეჟიმო ობიექტ „მოდულის“ დირექტორის მოადგილე; სამთავრობო დაცვის ოპერატიული განყოფილების უფროსის მოადგილე; მოქმედი რეზერვის ოფიცერი (1995-1999 წ წ.) საქართველოს კონტროლის პალატაში.

1987 წელს დავამთავრე საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა.

1999-2001 წლებში ვიყავი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; აფხაზეთში სამშვიდობო ძალების სარდლის მოადგილე (საქართველოს წარმომადგენელი); 2001-2005 წ წ. - საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შიდა ინსპექციის უფროსი (მთავარი სამმართველოს უფროსის სტატუსით); 2006-2008 წ წ. ვმსახურობდი „სახალხო ბანკში“ კონსულტანტად სამართლისა და უსაფრთხოების საკითხებში; 2008-2012 წ წ. ვიყავი „მიწვეული სპეციალისტი“ საქართველოს პარლამენტში „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში. 2009 წლიდან ვიყავი შპს „აბჯართან“ არსებული არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია „ექსპერტთა კლუბის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ექსპერტი.

2014 წლიდან 2020 წლამდე ვმუშაობდი შპს „ფოპტნეტში“-(ოფტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი) კონსულტანტად სამართლებრივ და უსაფრთხოების საკითხებში. ხოლო 2020 წლიდან დღემდე ვმსახურობ შპს „ახალი ქსელები“-ს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურში უფროს სპეციალისტად.

გახლავართ უპარტიო. არც მე და არც ჩემი ახლო ნათესავები რაიმე სამართალდარღვევის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემული არ ყოფილან და არ არიან ნასამართლევი.

2005 წელს თსუ-ში გავლილი მაქვს აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული სპეციალური მომზადების კურსები „სანაპირო დაცვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, მსოფლიოში უკანონო მიგრაციისა და ტრეფიკინგის პრობლემებზე“. 2004 წელს მონაწილეობა მივიღე ქ. ვაშინგტონის „კორუფციის შესწავლისა და გამოკვლევის ცენტრის“ მიერ მოწყობილ სწავლებაში. იმავე წელს, ცენტრის დაფინანსებით მივლინებულ ვიქენი ექსპერტად ქ. ვლადივოსტოკში გამართულ „უკანონო მიგრაციისა და ტრეფიკინგის“ პრობლემებზე საზაფხულო სწავლებებში მონაწილეობისათვის. მონიჭებული მაქვს შესაბამისი მიმართულებების საერთაშორისო ექსპერტის კვალიფიკაცია.

მყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.

 

გოგი მაისურაძე

ქ. თბილისი

6.11.2003 წ.

 


სინოპსისი

მასალებს ამ ნაშრომისათვის წლების განმავლობაში ზედმიწევნით კეთილსინდისიერად ვაგროვებდი. ერთ მშვენიერ დღეს სოხუმის უნივერსიტეტში ისტორიის კათედრაზე ვესტუმრე პროფესორ მასწავლებლებს: ზურაბ პაპასკირი, დაზმირ ჯოჯუა, ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა და შევთავაზე მათ ჩემი მასალების გარკვეული ნაწილის სალექციო კურსში და სემინარებზე შესაძლო გამოყენება.

ცოტა მოგვიანებით, საქართველოს პარლამენტში მუშაობის დროს ვეწვიე ისტორიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებას (ხელმძღვანელი, ცნობილი მეცნიერი ავთანდილ სონღულაშვილი) და იმავე მასალების საფუძველზე ჩემი სოფლის-გუდაუთის რაიონის ახალსოფლის ისტორიაზე და იქ 1991-1992 წლებში დატრიალებულ ტრაგედიაზე ნაშრომის შექმნის თაობაზე ვესაუბრე...

შედეგად, ორივე დაწესებულებაში მომიგეს, რომ ჩემზე უკეთ იმ საკითხებს რაზეც მათ ვესაუბრებოდი, ისინი დაწერას ვერ შეძლებდნენ.

ამის შემდეგ, ბევრი აღარ მიფიქრია, როგორც იტყვიან, კალამი მოვიმარჯვე და თეთრ ფურცელზე გადატანას შევუდექი ჩემგან ნანახ-განცდილის და ჩემი უახლესი გარემოცვის: (მეზობლები, მეგობრები, ნათესავები, თანასოფლელების და თვით ქ. გუდაუთის და ამავე რაიონის ქართული მოსახლეობის მიერ განცდილი მოვლენები ავსახე.

მე პირადად, დიდ უსამართლობად მივიჩნევდი იმას, რომ რაიმე სახის ნაშრომში არ ასახულიყო აფხაზეთის მიწა-წყალზე საუკუნეობით მიგედებული ყამირი მიწების ათვისების ისტორია. ქართველი კაცის მარჯვენით გაკაფული ტყე-ბარდების, ამოშრობილი ჭაობების, და მის ადგილზე: კულტურული ვენახის, ჩაის, ციტრუსების, ვაშლისა და ატმის ბაღების გაშენებისათვის ჩემი მშობლებისა და ჩემი თანასოფლელების მუხლჩაუხრელი, დაუღალავი შრომა და ასეთი მძიმე შრომის შედეგად მიღწეული წარმატებები! საგანგებოდ უნდა ავღნიშნო, რომ ამ მიღწევებში დიდია წვლილი მცირეწლოვანი გოგო ბიჭების, რომლებიც ომის წლებში ფრონტზე საომრად გაწვეულ მამებს ჩაენაცვლნენ და ბებია-ბაბუებთან ერთად დაუღალავად შრომობდნენ კოლმეურნეობის გეგმების შესრულებისათვის.

აფერუმ, მათ თავდადებას!...

ბავშვობიდან ძალიან მგრძნობიარე ვიყავი და ჩემს თანატოლებს შურდულით ჩიტებზე და შაშვზე ნადირობას ვუშლიდი. ვერ ვეგუებოდი იმას, რომ ზოგიერთი მათგანი, ნაძვის ხეზე ამძვრალი ჩიტებს ბუდეებს უნგრევდა და ეს ვაჟკაცობად მიაჩნდა... თუმცა, ბევრმა მათგანმა აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში თავი გამოიჩინა და უთანასწორო ბრძოლაში სამსხვერპლოზე დაუფიქრებლად თავიც კი დადო!

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სიხარბისადმი მიდრეკილებამ ზოგიერთ მეზობელ აფხაზს(აფსუა) თავგზა აუბნია და ქართველი მეზობლების უძრავ-მოძრავ ქონებას უცერემონიოდ დაეპატრონა. ზოგიერთმა (სეპარატისტულ იდეოლოგიაზე გაზრდილმა ახალგაზრდობამ) მშობლების კარნახით სასიკვდილოდ გაიმეტა თანასოფლელი ქართველები...

მაგონდება 1980 წელს, ჩემი აფხაზეთში უშიშროების სამინისტროს აპარატში უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე მუშაობის დროს როგორ ვცდილობდი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით ჩამეცხრო ადგილობრივი კომუნისტური ნომენკლატურის მიერ ფარულად მხარ დაჭრილი სეპარატისტი ლიდერების ქმედებები (მხედველობაში მაქვს ჩემს მიერ გამოძიებული ზაურ გინდიას საქმე რომელიც პასუხისმგებლობის ქვეშ იქნა მიცემული ეროვნებათა შორის შუღლის გაღვივებისათვის. ვაგლახ, რომ მიზეზთა გამო ამ მცდელობამ მაშინ გაგრძელება ვერ ჰპოვა...

როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, გენოციდზე და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ ნებისმიერ დანაშაულზე ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. ამდენად, ჩემს ნაშრომში მოყვანილ ფაქტებზე საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს ჯერაც არ მოუხდენიათ რეაგირება და როდესაც ნაშრომი დღის სინათლეს იხილავს, გადაწყვეტილი მაქვს შესაბამისი შუამდგომლობით მივმართო მათ მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებული ზომების მიღების თაობაზე. არც ერთი დამნაშავე, მათი წამქეზებლები, სეპარატისტული მოძრაობის ლიდერები დამქაშები ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან, დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ!

და ბოლოს, ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს იმ აფხაზების, ჩეჩნების, რუსების, სომხების და სხვათა ვინაობის შესახებ რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ სეპარატისტებს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეხმარებოდნენ განსაცდელში ჩავარდნილ ქართველ მეზობლებს და სახიფათო ზონიდან თავის დაღწევაში ეხმარებოდნენ...

აი, ყოველივე ის რის თქმაც ერთი ამოსუნთქვით მოვახერხე.

მიმდინარე ტური არ არის აქტიური